пятница, 15 сентября 2017 г.

გივი ამილახვარის პოლიტიკური მოღვაწეობის დოკუმენტები

          1735 წლის მიწურულიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამთავრდა ოსმალთა ბატონობა. ირანის დამპყრობლური ზრახვები ვერ ეგუებოდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს თავისუფლებისაკენ. ამის შედეგად მივირეთ ყიზილბაშობა, რომელიც 1749 წლამდე გაგრძელდა.
          ნადირ შაჰის პოლიტიკამ, ქართველი ხალხის ამოგდების გეგმამ, მძიმე გადასახადებმა, გამუდმებულმა ომებმა და მოლაშქრეობამ აღმოსავლეთ საქართველოში არაერთი აჯანყება გამოიწვია.
          1742 წელს შანშე ერისთავის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ქართლის სამეფოში ახალმა აჯანყებამ იფეთქა გივი ამილახორის მეთაურობით.
გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი (1689-1754/7) საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშის სარდალი და გორის მოურავი იყო. იგი პოლიტიკურ ასპარეზზე 1722 წლიდან გამოჩნდა. ხშირად იცვლიდა საგარეო ორიენტაციას და ბრძოლის მეთოდებს. ებრძოდა ოსმალობას (1723-1735), თუმცა ხშირად დათმობაზეც მიდიოდა. 1726 წელს ოსმალებს ააღებინა ხელი სიონის მეჩეთად გადაკეთების განზრახვაზე.
1727 წელს ქართლის ფორმალური მეფის იესეს გარდაცვალების შემდეგ ოსმალებმა ქართლი რამდენიმე საგამგეო ერთეულად (სანჯაყად) დაყვეს. ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად დაინიშნა. იგი ოსმალებთან ერთად იბრძოდა მოთარეშე ლეკ ფეოდალთა წინააღმდეგ. ამასთან ერთად იძულებული იყო მონაწილეობდა მიეღო ოსმალების ექსპედიციებში კახელთა წინააღმდეგ, თუმცა კი ფარულად აჯანყებულ კახელებს ეხმარებოდა.
თამაზ-ყული-ხანის (შემდეგში ნადირშაჰი) ამიერკავკასიაში მოსვლის შემდეგ 1734 წელს ამილახვარმა ყიზილბაშებთან ერთად დაიწყო ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. 1735 წელს მოულოდნელი დარტყმით აიღო გორი და მონაწილეობდა თბილისიდან ოსმალების განდევნაში. თუმცა ქართველთა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ხელს უწყობდა ირანელთა წარმატებებს, ნადირ-შაჰს არ მოსწონდა, რომ ქართველებში ფეხს იკიდებდა ქრისტიანული საქართველოს აღდგენის იდეა. ამიტომ მან დააპატიმრა ამილახვარი და სხვა ქართველი პატრიოტები (თეიმურაზ II, აბელ ანდრონიკაშვილი, მამუკა მუხრანბატონი, ქაიხოსრო ავალიშვილი, ვახუშტი აბაშიძე). მალე ისინი ტყვეობიდან გაიქცნენ. 1736 ამილახვარი შანშე ქსნის ერისთავსა და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას ქართლში. მალე ირანელებმა ვერაგობით შეიპყრეს ამილახვარი, ბრძოლას შანშე ქსნის ერისთავი განაგრძობდა.
1737 ნადირ-შაჰმა ამილახვარი და სხვა დაპატიმრებული ქართველები ავღანეთის ლაშქრობაში წაიყვანა. აქ მათ თავი გამოიჩინეს და შაჰმა გადაწყვიტა ქართველი ტყვეები სამშობლოში დაებრუნებინა და შანშე ერისთავის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამ დროისათვის შანშე ერისთავის ბრძოლის მეთოდები (დაღესტნელთა გამოყენება) მიუღებელი გახდა ქართველობისათვის, ამიტომ ირანელებმა ადვილად დაიმორჩილეს ქსნის საერისთავო და ამილახვარს გადასცეს.
1741 შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა, დაუმტკიცა ამილახორობა და ქსნის ერისთავობა.
ინდოეთისა და შუა აზიის დაპყრობის შემდეგ 1741 წელს ნადირ შაჰმა ომი განაახლა დაღესტნის წინააღმდეგ (1741-43). დაღესტნის დამორჩილების შემდეგ ნადირი მიზნად ისახავდა რუსეთზე თავდასხმას, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე-სიმაგრის ასტრახანის ხელში ჩაგდებას და კასპიის ზღვაზე ირანის სრული ბატონობის დამყარებას, სპარსეთის ყურიდან ოსმალეთის განდევნასა და აზიის უზარმაზარი მაჰმადიანური სახელმწიფოს შექმნას. თავისი მიზნების განსახორციელებლად ნადირმა კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეში ფლოტის მშენებლობა დაიწყო.
შემდეგ ამილახვარი მონაწილეობდა ნადირ-შაჰის დაღესტნის ლაშქრობაში. მაგრამ მისი ირანოფილური პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი უკმაყოფილება გამოიწვია, ერთი მხრით, ბაგრატიონთა კახური შტოს (თეიმურაზ II) დაწინაურებამ ქართლში, მეორე მხრით, ნადირ-შაჰის მძიმე საგადასახადო პოლიტიკამ, და 1742 იგი სათავეში ჩაუდგა ქართლის აჯანყებას ირანელთა უღლის წინააღმდეგ.
რუსეთის მთავრობა ნადირ შაჰის წინააღმდეგ იღებს კონტრღონისძიებებს. კერძოდ, რუსეთის ციხესიმაგრეების შემოწმებისა და კავკასიის ხალხებთან კავშირის დამყარებისათვის 1736 წლიდან ჩრდილო კავკასიაში აგზავნის ქართლის ყოფილ მეფეს ბაქარ ვატხანგის ძე ბაგრატიონს, რომელიც 1729 წლიდან რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩადგა გენერალ-ლეიტენანტის ჩინით. პარალელურად საქართველოში გამომზავნილი იქნა ქართული ესკადრონის პორუჩიკი ერემეი დავიდოვი (დავითიშვილ-ბაგრატიონი). მზვერავი დავიდოვი გივი ამილახვართან იმყოფებოდა და ქართლში დაწყებული აჯანყების უშუალო მომსწრე იყო. ამის გარდა რუსეთი ფარულ დახმარებას უწევდა დაღესტანს.
ამით რუსეთის მთავრობა აფრთხილებდა ნადირს, რომ ირან-რუსეთის კონფქლიქტის შემთხვევაში მას შეეძლო აქტიურად გამოსვლა არამარტო საქართველოში, არამედ ზოგადად კავკასიაში.
1741 წელს ნადირ შაჰი 100000-იანი არმიით დაიძრა დაღესტნისკენ. ომის სიმძიმე და მრავალრიცხოვანი არმიის სენახვა ადგილობრივი ხალხების ზურგზე გადადიოდა. 1741 წელს შაჰის ბრძანებით ქართლი აღწერეს და ისეთი ხარჯი დაადვეს, რომ მოსახლეობისთვის მისი გადახდა შეუძლებელი იყო.
მოუსავლიანობის წლებში მძიმე გახდა ხარკის მოთხოვნა პურის სახით: „ებრძანა ხელმწიფეს, რაც ქართლის ქვეყანას ჩემი ხარჯი აძევსო, იმის სულ ლიტრა ერთ ბისტად პური მომეცითო. ქართლში პური ასე ძვირად იყო რომ, თქვენმა მზემა, ბევრჯერ ვნახეთ ბალახის კურკას გაახმობდნენ, დაფქვავდნენ და იმას ჭამდნენ. დაუწყეს თხოვნა პურისა, ეკიდა მამაკაცი და დედაკაცი, მრავალი სული ჯოხით მოკვდა. თუ პურს გასაყიდს იშოვიდნენ, თავის ხელით შვილებს აძლევდნენ. მრავალი სული აიყარა ამ ქვეყნიდან და უცხო ალაგთა გარდაიხვეწა. ურუმუს ქვეყანა ქართლის კაცით აივსო“.



Комментариев нет:

Отправить комментарий