აღწერა ქართლის სამეფოს კუთხეთა
ვიწყოთ თვითოეულთა წარმოთქმად ქართლის მთათა, ველთა და წყალთა. ვინაიდან არის ყოველთა აქაურთა მდინარეებიდან მტკვარი უდიდესი, რომელიც გაივლის საშუალ ქვეყანასა ამას, პირველად ვახსენოთ მდინარე იგი, რომელიც გამოსდის კოლას ყალნუ-მთას, გამოივლის სამცხეს, ქართლს, ჰერეთსა, რანს შორის, გაივლის მოვაკანს, მიერთვის რახსს, ჯავათს და სალიანს ქვევით ერთვის კასპიის ზღვას.
ხოლო ქართლსა შინა არის განით მტკვარი ჲ (60), ო (70) და პ (80) მხარი და ადგილს უმეტესიცა, და სიღრმით ადგილ-ადგილ გაისლვება ფონად. სადაცა უმეტეს გავრცელდება, იქ დის ჩქარადცა და, სადაც დამდორდება, არის ფრიად ღრმა. კიდეთა მტკვარისათა ამიერ და იმიერ კლდენი ქარაფოვანნი, უმეტეს ადგილთა ჭალიანი, ბალახიანი, ჩალიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. ზის მას შინა თევზნი მრავალნი და გემოიანნი, რომელსაც იპყრობენ ბადით, კონით, ფაცრით, ნემსკავით, საფიჩხულითა და ოჩხითა. ჟამად იპყრობა ზუთხი, რამეთუ განჯას ქვემორ არის ამ მდინარესა შინა ურიცხვი და აქა სიჩქარისაგან მდინარისა მიერ ამოდის. და ხეობასა შინა მტკვრისასა უმეტეს ჩქარი არის, ვიდრე დვირამდე, და დვირს ზევით ეგრეთვე, როგორც ქართლსა შინა.
ამ მტკვარს ერთვიან ყოველნი მდინარენი კოლისა, არტანისა, ჯავახეთისა, სამცხისა, ქართლისა, კახეთისა, ჰერეთისა, რანისა, მოვაკანისა და თვით არაზიცა. არის მტკვარი სასმელად გემოიანი და შემრგო, უმეტეს ქართლსა და სამცხესა შინა.
ბერდუჯი
ვინაიდან საზღვარი ქართლისა ბერდუჯის მდინარე არის, ვიწყოთ იქიდან წერად. რამეთუ მდინარე ესე ბერდუჯი გამოსდის მთასა აბოცისასა და დის აღმოსავლეთით ჭოჭოკანამდე, მერე მოიქცევა და დის ჩრდილოეთით კერძ და მიერთვის ქციის მდინარეს. სახელითა იწოდება სამითა: პირველად ბერდუჯი, მეორედ საგიმი, მესამედ დებედა. ხოლო ბერდუჯი დაბისაგან ბერდიკისა ეწოდა, ხოლო საგიმს ვგონებ ინჯას ან აღისტევს.
არის ესე მდინარე სარგებლიანი იქ, სადაცა იწყებს დინებასა ჩრდილოეთით კერძ, თევზთა სიმრავლითა, ხოლო სახელდობრ ორაგული, ლოქო, ჭანარი, გოჭა, კაპოეტი და წვრილი თევზი სხვადასხვა გვარნი მრავალნი. და სადაც აღმოსავლეთად დის, იქ არის კალმახთა სიმრავლე დიდთა და წვრილთა. მაგრამ თევზნი ამისნი არა ეგოდენ გემოიანნი, როგორც სხვათა მდინარეთანი.
კვლავ ამოიღებენ რუთა, და ირწყვიან ამიერ და იმიერ ველნი, სადაცა ნაყოფიერებენ ყოველთა მარცვალთა თესლნი: ბრინჯი, ხორბალი, ქრთილი, ფეტვი, ბამბა, თამბაქო, სელი, ხოლო კანაფი უმუშაკოთ, ნესვი, მელსაპეპონი, კიტრი, ბადრიჯანი, პუმპულა. ხოლო მტილოვანნი ყოველნი და წალკოტთა ხეთანი. ამისთვის იწოდა: „დაბადა ამ მდინარემ ნაყოფნი“, ხოლო აწ დებედა. აბრეშუმს აკეთებენ და არა მრავლად. ჰავით არის ზაფხულ ცხელი, გაუძლისი, ზამთარ კეთილმშვენი, რამეთუ არა დაადგება თოვლი დღე ორი. ფრინველნი მრავალნი: ხოხობი, კაკაბი, იხვი ურიცხვნი და სხვანიცა ზემოწერილნი მრავალნი.
ხოლო ძველად ადგილისა ამის სახელი იყო ქურდვაჭრის ხევი, და აწ უწოდებენ აღჯაყალას თეთრციხე, იაყუბ ყაენისაგან წოდებულს, რომელმაც პირველად ააშენა ციხე ესე და შემდგომად, როდესაც წაართვა შაზაბაზმა პე (85) მეფეს გიორგის, მან მოიყვანა ელნი ბორჩალუ და დასხნა აქა, და ამით ეწოდა ბორჩალუ. ხოლო სადაც აღმოსავლეთით დის ბერდუჯი, არის ფრიად მაგარი ტყითა და კლდითა, შეუვალი კაცთაგან. თუმცა მოდის იქ ყოველნი მარცვალნი, ბრინჯ-ბამბისაგან კიდე ვენახნი, ბროწეულ, ლეღვი და სხვანი ხილნი მრავალნი. მაგრამ ლორის-ციხეს ზევით ცივი, თუმცა ზაფხულს მშვენიერი, მრავალყვავილიანი, ცივნი და ტკბილნი წყარონი; და ბამბაკის ხევს არარა, გარდა ხორბლისა, ქრთილისა, სელისა. და თივითა ნაყოფიერებს, ცხვარი, ძროხა, კამბეჩი, ცხენი, ვირი, თხა. მრავალნი იშობიან ნადირნი: კლდეთა - თხა და არჩვი, (ფსიტი და არჩვი იგივე არის); ტყეთა - ირემი, შველი, დათვი, მგელი, ფოცხვერი, მელა, კურდღელი მრავალნი. აქა თევზნი და ხორცნი გემოიანნი. ლორის-ციხეს ქვემოთი ცხელი და ზაფხულს გაუძლისი, და ზამთარს, სივიწროეს გარდა, მშვენიერი.
ხოლო არის ახპატი და სანაინი მეფეთა ქართველთათა აშენებულნი, ეკლესიანი გუმბათიანნი, კეთილნაშენნი, საეპისკოპოზო. აწ სხედან სომეხნი, მაგრამ მეფე ქართლისა დასვამს ეპისკოპოზსა მიწერითა ოქივარტერისათა, ვინაიდან რამდენნი სომეხნი ქართლს მსახლობელნი არიან, სამწყსონი მისნი არიან. აქა იხდება გვარჯილათა სიმრავლე არა მიწიდან, არამედ კლდის ნოტიობიდან.
ამას ზემოთ არის მონასტერი მცირე, თუმცა დიდშენი, ქობერისა, უპყრავთ სომეხთა.
კვლავ დასავლეთით ამისა არის მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა მშვენიერი, ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთავე. აქა არის მაღალს კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი, და მას ქვაბსა შინა მდებარებენ წიგნნი მრავალნი ძველნი, მაგრამ კაცთა აუსვლელობით უხმარ არიან.
დასავლეთით ამისსა არის ციხე ლორისა და ქალაქი მცირე, ზაფხულს მშვენიერი, ზამთარი გაუძლისი, ორს მდინარეს შუა, კლდესა ქარაფოვანსა ზედა; დასავლეთით აქვს მინდორი კლდოვანი, იქიდან მრავალჯერ აღებულ არის. აწ უპყრავთ სპარსთა.
ბამბაკი
ხოლო ხევი ბამბაკისა არის მთებრი და მშვენიერი, ნაყოფიერი. ნაყოფიერებს ხორბალნი, ქრთილი, სელი, შვრივა, სხვა არარა. თვით ბამბაკი არის მცირე ქალაქი, და პირუტყვთა სიმრავლე არის, გარდა აქლემისა; თივათა სიმრავლე, თაფლი მრავალი. სომხითისა, ერევნისა და ამისი გამყოფელი არის მთა დიდი, მაღალი და მარადის თოვლიანი, და კალთათა ტყიანი, ნადირიანი, რომელიც გაივლის დასავლეთით არტანამდე, ხოლო აღმოსავლეთით რანსა და გელაქუნს შუა გაივლის და ვიდრე რახსადმდე მივა.
მთისა ამის სამხრეთით კერძი სომხით-ერევნისა არის, ხოლო ჩრდილოეთით კერძი ბერდუჯისა და რანისა. ბერდუჯის მდინარის აღმოსავლეთი კიდე უპყრავთ ბორჩალუთა, და დასავლეთის კიდის კერძი უპყრავს მეფესა ქართლისასა ვიდრე ხუნანამდე. ხოლო მთა მცირე ბერდუჯისა ძევს ჩრდილოეთით და სამხრეთით, და მიადგება წინთქმულს ერევნის მთას. აღმოსავლეთის კერძი მთისა ამისი არის რანისა, და დასავლეთით კერძი არის ბურდუჯისა. და არის ძველად საერისთაო ხუნანისა. შემდგომად ქონდა თვისი ერისთავი რომელსაც იტყვიან აწინდელსა ხანსა, რამეთუ, როდესაც წაიღო შაჰაბაზ, ამისის განზრახვით წაიღო, რამეთუ: გექმნებისო შესავალ-გამოსავალი ადვილად ქართლსა შინა.
სომხითი
ხოლო ახპატს ქვევით არის ხეობა ჭოჭოკანისა ლელვარის მთის ქვეშ, ვენახიანი, ხილიანი, ნაყოფიერებითა და ჰავითა შემკული. მის ქვემოთ, ჩრდილოეთით არის ეკლესია აგარაკისა გუმბათიანი, დიდშენი რომელსა შინა დასვა გორგასალმა ეპისკოპოზი, შემდგომად იქმნა მიტროპოლიტი და მეტოქე სომხითისა, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუჯის მდინარე. აწ უწოდებენ ახტალას, და აწ ხუცის ამარა არის. პირისპირ ახტალისა, აღმოსავლეთით, ბერდუჯის მთასა შინა არის მონასტერი ორი, რომელიც ერთი ხელს კვლავ ჭკვიან ჰყოფს, და მეორეს შინა დის წყარო და უკეთუ ასვას ბრაზიან-ცოფიანსა მ (40) დღის წინათვე, ვეღარას ავნებს ბრაზი კბენილსა კაცსა. ხოლო ქვემოთ ახტალისა არის ხეობა ხოჟორნიისა. არის ხოჟორნიას ეკლესია გუმბათიანი, ხოლო წოფას ციხე მცირე. ხეობა ესე არის ვენახოვანი, ხილიანი, ყოვლისა თესლისა მოსავლიანი. მას ქვემოთ სახლობენ ელნი ქციამდე ველსა ზედა, და სთესენ ყოველსა მარცვალსა, და თესლთა ზევით წერილთა, და მტილოვანთა, სავსენი პირუტყვითა. ხოლო აწ უწოდებენ ალაღაჯს.
კვლავ ქციის პირს, სადაც ერთვის წყალი შულავრისა, იქ არიან ელნი ყულარად წოდებული, ეგრეთისავე მოქმედნი, და აღმოსავლეთით ბერდუჯის კერძოთა მოსახლენი ელნი ბორჩალონი, ეგრეთვე მოქმედნი, ვიდრე ხუნანადმდე. ხოლო ხეობა შულავრისა არის ლელვარის მთისწაკვრით, იმიერ და ამიერ დაბები. შულავერი არის დაბა დიდი. ქვემოთ მისსა ნაქალაქევი არის, შენობა დიდი, და წყარო ფრიად დიდი დის, ზევით მცირე ციხე. შულავრის სამხრეთით კერძ არის გორულის ხევი, ეყრება შულავრის ხევს. ამას ზევით ოფრეთი, მცირე ქალაქი და ციხე მისი.
ხოლო კვლავ, შულავრის დასავლეთით, არის მანხუტის-ხევი და ამის დასავლეთით ტალავრის ხევი. ამ ხევის ბოლოს ჭაპალა და ციხე მისი და ამას სწერენ გაჩიანად. ჭაპალის ჩრდილოეთით, ქციის კბოდეზე, არის არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადაცა არის დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესევე არის გაჩიანი. და ჭაპალისა დასავლეთით არის ხევი სარკინეთისა. სარკინეთს ითხრება ლითონი რკინისა და სპილენძისა, და იპოვება მცირე ლაჟვარდიცა.
ამის დასავლეთით დის მდინარე ფოლადაური, გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არის მცირე ქალაქი ბოლნისი. მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო, ბოლნისისა, რომელიც ააშენა კთ (29) მეფემან ფარსმან, და გორგასალმა დასვა ეპისკოპოზი. შემდგომად შემუსრვილი ააშენა პთ (89) დედოფალმან მარიამ. აწცა ზის ეპისკოპოზი მწყემსი აწინდელის ქართლის სომხითისა. პირისპირ ამ ეკლესიისა არის მონასტერი წუღრუღაშენს, გუმბათიანი, მშვენიერად ნაშენი მშვენიერს ადგილს და აწ უქმი არის. ამას ზევით ციხე ბერდიკისა მაღალს კლდესა ზედა, ფრიად მაგარი. აქა ერთვის დასავლეთიდან ხევი ფოლადაურს, რომელიც გამოსდის ლოქის მთასა და დაბებით შენებული არის. ამას ზევით არის მონასტერი ჰუჯაბისა, გუმბათიანი, კეთილს ადგილსა, და აწ ცარიელ არის. ხოლო განჰყოფს ამ ადგილთა და ბერდუჯის მდინარეს მთა ლელვარი, რომელიც მდებარებს აღმოსავლეთიდან დასავლეთად, და ამის მთისაგანვე გამოსული მცირე მთა, ჩრდილოეთისკენ მდებარე ბოლნისისა. ხოლო ლელვარი არის მთა მაღალი, თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, და ნადირითა სავსე. ლოქამდე სამხრეთის კერძი ბერდუჯისა და ჩრდილოთ კერძი სომხითისა. კვლავ ლოქის მთა განჰყოფს ტაშირსა და კაზრეთს, ბალიჭსა და დმანისის ხევსა, და არის იგიცა, როგორც მთა ლელვარისა, და მიადგება აბოცის მთასა, რომელიც არის ირჯანისა. ამ ადგილთა დებედიდან ბოლნისის დასავლეთით მცირე მთამდე და ქციის მდინარიდან ლელვარ-ლოქის მთამდე უწოდებენ აწ სომხითს, ძველად აიყო საერისთაო ხუნანისა. და არის შემკობილი ყოვლითა, ვენახნი და ხილნი მრავალნი, მაგრამ მთის კერძოდ არ არის. თესლნი ყოველნი ნაყოფიერებენ. მროწლენი, არვენი, კოლტნი ღორთა, ჯოგნი მრავალნი, ღვინო მრავალი, მთათა ნადირნი ურიცხვნი და ფრინველნი, რომელნიც აღვწერეთ, უთვალავნი. ჰაერი ქცია-ბერდუჯის მდინარეთ კიდესა ცხელი, უმშვენი, გაუძლისი, სხვათა ადგილთა კეთილი. ტყენი ბევრნი, წყარონი ცივნი და მშვენნი უამრავნი. და ქციის სამხრეთით ველი იყო უწყლო. გაიყვანა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ (VI, ვახუშტის მამა) ძველი რუ, და აწ ირწყვის მით და ნაყოფიერებს ფრიად. ამ ადგილთა შინა მოსახლენი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მცირედად ქართლის სარწმუნოებისა, მაგრამ ქცევა-ზნითა ქართულითა. სახლობენ თავადნი, ხოლო აზნაურნი მრავალნი.
ტაშირი
ხოლო ლოქის მთის სამხრეთით კერძოს მდინარენი, რომელნიც დიან და მიერთვიან ტაშირის წყალსა, იგი ერთვის ლორის ციხესთან მდინარეს დებედას. ლორეს ზევით და ლოქის სამხრეთით, ვიდრე დებედამდე და არჯანის მთამდე, ეწოდება ამ ადგილს ტაშირი სივაკისათვის, და არის ნაყოფიერი ხორბლით, ქრთილით, სელით, შვრივით, პირუტყვის სიმრავლით; ზაფხულს ფრიად მშვენიერი, ბალახოვან-ყვავილიანი, წყარონი მრავალნი მშვენნი, ფრინველნი, გარდა ხოხბისა და კაკბისა, მრავალნი; მდინარენი კალმახითა სავსენი, მაგრამ სხვა თევზნი მცირედ. ხილნი და მტილ-წალკოტოვანნი არარა იპოვება, თაფლი მრავალი და სპეტაკი, როგორც თოვლი, და უწყინარი. სელისაგან ხდიან ზეთსა მრავალსა, იხმევენ, სწვავენ და ჰყიდიან. ზამთარი ცივი და თოვლიანი, ვითარ ორს ადლად, და ყინვანი, მაგრამ სცხოვრებენ უღუმელოდ. არ არის ტყე, არცა ხე, და ზიდავენ ლოქ-ლელვარიდან. უმეტეს ხმარობენ თივათა საზრდელისა და სითბოსთვის. აქ მისხანას ითხრება ლითონი სპილენძისა მრავალი. კვლავ ითხრება ქვა მიწიდან წითელი და ფრიად მაგარი, ელვარე და წმინდა. მსახლობელნი არიან სარწმუნოებით სომეხნი. მაგრამ სამწყსონი არიან დმანისისა, და მოსილნი არიან ბინძურად და გაზეთილნი, გრძელჩოხიანნი, ავფერუშვერად, თუმცა არიან ჰაეროვანნი და ტანოვანნი, შემძლენი, ლაშქრობათა შინა გამოუცდელნი, უხმარნი.
აბოცი ანუ ყაიყული
ხოლო ტაშირს, აბოცსა და ბერდუჯ-ბამბაკსა ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. და არის მარადის თოვლიანი, და უტყეო, და კალთათა ბალახოვანი, ყვავილიანი, წყარონი მრავალნი კეთილნი. მდებარეობს სამხრეთიდან ჩრდილოეთით. აქა ითხრება თეთრი ქვა, მსგავსი მარმარილოსი. ამ მთის დასავლეთით არის აბოცი, აწ ყაიყულად წოდებული, გარმოხვეული სრულიად მთითა და შუაში ვაკე, და მთის კერძად გორიანი, მოსავალ-მოუცდენელი: ხორბალი, ქრთილი, სელი, შვრია, სხვა არარა, არცა ხილნი და მტილოვანნი. პირუტყვთა სიმრავლე არის თივის სიბევრის გამო. თევზი მცირედ, და იგიცა კალმახი. ყაზანჩი იყო ქალაქი მცირე. პალაკაციოსა და აბოცს შორის არის მთა აღბაბასი, და იგი მთა არის საზღვარი ქართლისა და ყარსისა, ვიდრე თეთრ ციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა. ხოლო აბოცი აოხრებული აღაშენა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ, და აწ ტყვე ჰყო შაჰნადირმა. სარწმუნოებით იყვნენ სომეხნი, კაცნი ჰაეროვანნი და ტანოვანნი, მაგრამ უშვერად მოსილნი, როგორც ტაშირელნი, თუმცა ბრძოლასა გამოსადეგნი, და ესენიცა მხდელნი ზეთისანი.
დმანისის ხევი (დბანისის ხევი = დმანისის და ბოლნისის რაიონებს)
ხოლო ყარაღაჯისა და ტაშირის მთის ჩრდილოეთ კერძი არის დმანისის ხეობა, და მდინარე მაშავერი, მიმდინარე მის შორის. ხოლო იწოდა ქციის რთვისათვის: „მა, შავერიე ქციას“, და აწ მაშავრად წოდებული. გამოსდის კეჩუთის მთასა, და მიდის აღმოსავლეთით, და მიერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს. ხოლო განჰყოფს ხეობასა ამას სამხრეთით მთა ყარაღაჯი და ლოქისა, აღმოსავლეთით მცირე მთა ბოლნისისა, ჩრდილოწთით მთა ლუკუნისა, წავლილი აღმოსავლეთად, ვიდრე ნახიდურამდე, დასავლეთით მთა კეჩუთისა და ბოლოლისა.
მთა კეჩუთისა და ბოლოლისა არიან უტყეონი, და ხევთა შინა არის არყნალნი და მთა ბალახოვანნი, შამბნარიანნი, ყვავილოვანნი და წყაროიანნი. აქა არის ყვავილი სუმბული, ფერით სპეტაკი მგზავსი ნარისა, და მიწასა ზედა განრთხმული, სურნელი, როგორც ამბარი, და უმეტეს ფშოსანი და ეკლოვანი. ჟდ (94) მეფემან ვახტანგ მოიტანა სავარდესა შინა, მაგრამ არა ჰყო ნაყოფი. ხოლო კეჩუთის მთასა შინა არის ირემთა სიმრავლე და ნადირთა. აქა არის უდაბნო კლდისა გამოკვეთილი, ეკლესია-სენაკნი წმიდის დავით გარეჯელისაგან ქმნილი და აწ ცარიელი.
არის ტბა ორმოზანისა, არადიდი და უთევზო. ხოლო დმანისამდე, მდინარის იმიერ და ამიერ, მთასა შინა დაბნებიანი და როგრც ტაშირისა დავწერეთ, ნაყოფიერი და პირუტყვითაცა ეგრეთი, მაგრამ სარწმუნოებით უმეტესნი ქართველთანი.
ხოლო დმანისს უდის ჩრდილოეთით მაშავერი, სამხრეთით ფინეზაური, და ეწოდა სახელი ესე დაბნებთა გამო: „დაბანი ისი“. აქ დასხა ბუღა თურქმან ოსნი. მიერ ჟამიდან იყო ციხე ქალაქი მის ჟამამდე არა ხსენებელი პგ (83) მეფის სვიმონისამდე და ამან წაართვა ოსმალთა, და ამიერიდან მოოხრდა. არის ეკლესია დიდი, უგუმბათო, კეთილმშვენიერი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ტაშირისა და დმანისის ხევისა. ჰავით არის მშვენიერ, მაგრამ ზამთარს ცივი, ზაფხულს ცხელი, უვენახო, უხილო, შენობა-მრავალი, მაგრამ შემუსრვილი. არის აქა წყარო, რომელიც ჰკურნავს მუწუკთა. აქავ არის წყარო, რომელიც დაამსხვრევს ქვასა შირიმისასა და დააყრევინებს სმითა. აწ შეაშენეს ყაფლანიანთა ციხე სიმაგრისათვის. ხოლო სამხრეთით ფინეზაურის ხევი არის მომდინარე ლოქის მთიდან ეგრეთითავე ნაყოფიერებითა, როგორც ტაშირი და დმანისის ხეობა.
დმანისს ქვევით არის ჩრდილოეთ კერძ ხინწის ხევი. მას ქვევით დაბა აბულმუგი. აქ ითხრება ლითონი რკინისა, სპილენძისა და ლაჟვარდისა. ამას ქვევით სამხრეთიდან მაშავერს ერთვის ბალიჭის ხევი, ლოქიდან გამომდინარე, არის ვენახოვანი, ხილიანი და ყოვლითა ნაყოფიერი, და ლოქის კერძოდ როგორც დმანის ხევი. მას ქვევით ერთვის გეტის ხევი და ქვეშის ხევი; გამოსდის ლუკუნს, ერთვის ჩრდილოეთიდან მაშავერს, ეგრეთითავე ნაყოფიერებითა.
ქვეშის ციხე არის მაღალს კლდესა ზედა მდგომი, ჰავითა და თვალთათვის მშვენიერი, წყარო კეთილი. მას ქვემოთ ხეობა კაზრეთისა, სამხრეთიდან მოერთვის მაშავერს, გამომდინარე ლოქისავე, ესეცა ეგრეთივე, როგორც ხეობა ბალიჭისა.
ყორანთას არის ეკლესია, სასვენი ატოცის წმიდის გიორგის ჯვარისა. სატრედოს, მაშავერზე, შენებული არის ხიდი ქვიტკირისა ზ (7) - თვალი, წყალდიდობისათვის. აქა არის ჭალა. ამას ზევით არის დისველის მინდორი უწყლო, მაგრამ ნაყოფიერი, ქცია-მაშავერს შუა და მოუცადი მარცვალთა, ბრინჯ-ბამბას გარდა. ხოლო აკაურთას და ტანძიას ქვიტკირის შენებულებანი მრავალნი.
მთასა ლუკუნისასა ეწოდა სახელი ესე ლუკა მახარებლის ეკლესიისათვის, რომელიც აშენებული არის თხემსა ზედა მის მთისასა; და მის ქვემოთ არის სამხრეთით მონასტერი წითელ-ეკლესია, ქვის წითლით შენებულობისათვის, მშვენიერი, გარემო შენობანი მრავალნი წითლითა ქვითავე, მაგრამ აწ ცარიელ არის. ჯანდირს არის მონასტერი ეგრეთივე და აწ ცარიელი. არის მთა ესე ტყიანი, ნადირიანი. და მდინარე მაშავერი თევზითა არადიდითა სავსე და მთის კერძად კალმახითა. ხოლო დმანისს ქვევით ქციამდე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითავე, ვენახ-ხილითა, თესლ-მრაცვალთათა, ფრინველნი მრავალნი გარეულნი და შინაურნი, ზამთარს თბილი და მშვენი, ზაფხულს შეზავებული, წყარონი ცივნი, მშვენნი, ჭალა-ტყენი, ბალახნი და ყვავილნი მრავალნი.
ზურტაკეტი
ლუკუნის მთის ჩრდილოეთით არის მდინარე ზურტაკეტისა; გამოსდის შამბიანის მთას და მიერთვის ქციას მდინარეს. ხოლო გაჰყოფს ხეობასა ამას: აღმოსავლეთით ქციის ხრამი, სამხრეთით მთა ლუკუნისა, ჩრდილოეთით მთა კვირიკეთისა და დასავლეთით მთა შამბიანისა. მთასა ამას შამბიანი ეწოდება შამბბალახ სიმაღლისაგან, რამეთუ ცხენოსანი კაცი და რქოსანი ირემი არა გამოჩნდება. არის მთა ესე მაღალი და ვრცელი, ჩრდილოეთიდან სამხრეთით, და დევს მარადის თოვლი. თუმცა ყვავილებითა მრავალფერ მშვენვარითა და მფშვენითა, და წყაროთა შემკული არის; უტყეო, მაგრამ ხევთა არყნალნი. აქა არის ფუნდუკი თამარ მეფისაგან აშენებული ზამთარ მოგზაურთათვის. ხოლო სხვა არის ხევი ფუნდუკისა, სხვა შამბიანისა, სხვა არყნარისა (არყის ტყე). არყნარშამბიანის ხევს შუა არის წყარო მშვენიერი, რომელიც მარმარილოთი ააშენა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ. - ამ მთასა შინა არის ირემთა სიმრავლე ჯოგ-ჯოგად და ხროდ, და სხვათა ნადირთაცა. მოინადირა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ, და მოკლეს დღესა ერთსა რპ (180).
ხოლო არის დაბა ველსა ზედა შავი-წყარო - ყარაბულახი, ამიერ და იმიერ უდის წყაროსაგან მდინარენი სავსე კალმახითა, მაგრამ სამხრეთის კალმახი არის შავი და ჩრდილოსი თეთრი და უკეთუ ჩასვა ჩრდილოსი სამხრეთით, გაშავდება და სამხრეთისა ჩრდილოთ ჩასმული განსპეტაკდება (ე.ი. გათეთრდება). და ამის სამხრით არის ციხე მაღალი, კლდის ზღუდით მოზღუდვილი, წოდებული მუსის ციხეყალა; შიგან სდის წყარო, და ზურტაკეტა ამას ქვევრით დის ჩრდილოთ-აღმოსავლეთს შუა. ხოლო ამას ეწოდა ადარბრაგანი. და ყარაბულახს ქვევით ზურტაკეტას ერთვის საფიქლის-ხევი, გამოსდის ქარვასლის-ხევსა, მოერთვის აქ ზურტაკეტას. შესაყარს ერთვის მეორე საფიქლის-ხევი. აქა არის დაბა დიდი გომარეთი, როგორც მცირე ქალაქი. ზურტაკეტასა შინა არ არის თევზი, გარდა კალმახისა, და იგი მრავალი. კვირიკეთის მთას უწოდებენ ეკლესიისთვის, რომელიც შენებულ არის თხემსა მთისასა, წმიდა კვირიკესი. და მთა ესე არის ტყიანი და ნადირიანი, მაგრამ არ არის ხეობასა ამას შინა ვენახნი, ხილნი გარდა მთის ხილთაგან კიდე, და ნაყოფითაცა ეგრეთვე, როგორც სხვანი მთის ადგილნი.
თრიალეთი
ხოლო ზურტაკეტის ჩრდილოეთით არის თრიალეთი. და გაჰყოფს თრიალეთს აღმოსავლეთით კლდე-კარიდან გამოკიდებული მცირე მთა ლაკვისა და მიდგმით ბენდერის მთისა; სამხრეთით მთა ბენდერი და გამოკიდებული მის მთისა, რომელიც მოადგება ქციის მდინარეს კლდეისის დასავლეთით, გამომართებით კვირიკეთის მთისა, ვიდრე ქარვასლის-ხევის მთამდე; ჩრდილოეთით მთა კლდე-კარისა და ერჯევნისა ვიდრე თორის მთამდე და ბაკულიანამდე; დასავლეთით მთა შავრაშეთი და ტბის-ყურის გამჭრელი ხაზი, მთა ბარძიმისა და ფარავნის გამჭრელი ხაზი ბოლოლის მთამდე.
ხოლო ამ თრიალეთის საშუალსა დის მდინარე ქცია, წოდებული ან დაბის გამო, ან ვინაიდან აქცევს ხიდთა, რამდენცა მტკიცე ქვიტკირისა იყოს, მის გამო იწოდა. ესე გამოსდის შავრაშეთის მთასა, გამოვლის ნარიანს, თრიალეთს, ქციის ხრამსა და მიერთვის ხუნანს მტკვარსა, და მარადის დის აღმოსავლეთად და თრიალეთს მოდის მდორედ, ხოლო ეძანს დახრამდება. და არის იმიერ და ამიერ კლდე ქარაფი და მაღალი, მხარი რ (100) მეტი, სიგანით რპ (180) მხარი და მეტიცა. ეძანს ქვევით და ახალქალაქს ზევით გადმოდის ქცია მაღლის კლდიდან, როგორც ღარიდან. ძირს აქვს ტბა დიდი. ამას ზემოთ ვერ ადის ორაგული და დიდნი თევზნი, მაგრამ არის მას ზემორ კალმახი, დიდნი და მცირენი, მრავალნი და გემოიანნი.
ჟდ (94) მეფემან ვახტანგ მოინადირა ტბა ესე კირსაგლითა. და იპყრეს ორაგული, გარდა კალმახისა და სხვა თევზთა, მას ერთს დღესა შ (900).
ხოლო ესე თრიალეთი არის ზაფხულს ფრიად მშვენიერი, ბალახოვანი, ყვავილოვანი, წყაროიანი, სანადირონი მრავალნი დიდთა ნადირთა, ფრინველთა და თევზთა. არ არის აქა ტყე, არამედ ზიდავენ ერჯევნიდან და ხმარობენ უმეტეს თივასა; მოსავლით, როგორც ტაშირი, თუმცა ესე უმჯობესი მისა. გარდა აქლემისა პირუტყვნი მრავალნი. ვენახი, ხილნი და მტილოვანნი არარა არის აქა და მთის ხილნი მრავალნი. ტკბილს მოიტანენ ბარიდან, ჩაასხმენ აქა და დადგება ღვინო კეთილი და გემოიანი.
ეძანს ზევით ერთვის ქციას ბეშკენაშენის-ხევი ჩრდილოეთიდან. გამოსდის ერჯევნისა და კლდე-კრის მთასა. აღმოსავლეთით ბეშკენაშენისა არის ტბა ბარეთისა, მცირე, უთევზო. გარემო მისა დაბები ლაკვის მთამდე. მას ზევით ერთვის ქციას ხევი ერან-თურანისა, გამოსდის ერჯევნის მთასა, მოერთვის ჩრდილოეთიდან, საბატეს, ქციას. მას ზევით ქციის კიდეზე არის ეკლესია გუმბათიანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი თრიალეთისა. მას ზევით კოხტა-ცრიცის-ხევი, სდისვე ერჯევანსა და თორის მთასა, მიერთვის ქციას.
არწივანს, თეზის ხრამსა შინა, არის მონასტერი, კლდესა შინა წმიდის აბიბოს ნეკრესელის ქმნული, და აწ არის ცარიელი. მას ზემორ საპონაურისა და ცხურისის-ხევი, გამოსდის თორის მთას, მოერთვის ქციას თეზის ხრამსა შინა, პირისპირ კოხაჯის-ხევის ქვემოთ, სამხრეთიდან ერთვის ქციას ავლადის-ხევი, გამოსდის ხევ-ღრმის ხრამსა, ესე არის ცივი ანუ მყინვარი. მას ქვემორ ერთვის ქციას, ხევ-ღრმისა და ანდრაპოლთისის ხევი. ხოლო ახალქალაქს ქვევით ერთვის ქციას ხევი აბანოსი ჩრდილოეთიდან. მას ქვევით ერთვის ქციას ხევი კარწახისა, გამოსდის უზნარიანს, მოდის აღმოსავლეთად. კარწახის-ხევის შესართავს ქვევით არის ციხე მოდამნახისა, კვირიკეთის მთის ძირში, ჩრდილოეთით კერძ, ქციის მდინარის პირს. ამას ზევით არის თრიალეთი მოსავლით, როგორც ტაშირი და დმანის-ხევი დავწერეთ თაფლითურთ. ხდიან ესენიცა სელისაგან ზეთსა.
ხოლო ტბა ფარავანისა არის დიდი და თევზით სავსე, მაგრამ არა გემოიანი, რამეთუ ზაფხულს დგება გარემოს მისსა მრავალნი არვენი, ჯოგნი, მროწლენი, ხვასტანგნი ქართლისა და კახეთისანი, და ნეხვი მისი გამდნარისაგან თოვლისა შესდის ტბასა მას, და იტყვიან მის გამო უგემურობასა. აქა არის წყარო, რომლისა სმით, უკეთუ იყოს ვინმე მაძღარ ფრიად ანუ დაცომვილ, მოადნობს სმითა, როგორც ქონს ცეცხლი.
კვლავ ამ ტბას ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარე კლდიდან, და სავსე არის კალმახითა. ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი. არის კვლავ მთა თავკვეთილი, ხევ-ღრმა, და საშუალ ფარავნისა და ტბის-ყურისა ბარძიმი და ჭიქიანი.
კვლავ არის შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა. არ არის მთათა ამათ ზედა ტყე ან ხე, მხოლოდ ხევთა მცირე არყნარი (არყის ტყე), ნადირნი მრავალნი, ირემი და არჩვი ჯოგად, შველი, დათვი. აქა არის კლდე ფიქალ-ფიქალად დაწყობილი, როგორც კაცთა ხელითა დაწყობილი და ნაშენი მთის ძირიდან თხემამდე. რა შედგება კაცი, ნადირი თუ პირუტყვი, თრთის და იძრვის დაბლიდან მაღლამდე, და არა დაირღვევა. ესეთი კლდე შამბიანსა ზედაცა არის მრავალი, მაგრამ აქა უმეტეს უცხო; უწოდებენ კარკნალსა.
ტბა ტბის-ყურისა არის წყალი ანკარა, სასმელად ტკბილი და შემრგო, გარემო ნაძვოვანი, ტყიანი, ბალახ-ყვავილიანი წყაროიანი და კალმახითა სავსე, დიდწვრილითა და ფრიად გემრიელითა. ხოლო არიან კაცნი თრიალელნი მოსილნი, როგორც დმანისხეველნი სიმხნე-ჰაეროვნებითაცა ეგრეთნი, თუმცა ესენი უმჯობესნი ყოვლითა.
ქციის ხრამი
ხოლო მოდამნახეს ციხის ქვევით არის ხრამი ქციისა, ვიდრე ნახიდურამდე, მაღალი და განიერი, როგორც დავწერეთ ეძან ახალქალაქს შუათი. ესე არის უმეტესად მაღალი და განიერი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი, ვენახოვანი, ხილიანი. ახალქალაქიდან დის ქცია სამხრეთიდან დაბის ქციისამდე. მოდამნახეს ქვევით არის ვარდისუბანს მონასტერი უგუმბათო, მშვენიერს ადგილს. მას ქვევით ერთვის ქციას ხევი კლდეისისა, გამოსდის ბენდერის გამოკიდებულს მთასა. ხორხებს არის ქვაბი კლდისა, რომელიც არის ზამთარ თბილი, როგორც აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდან; მას წყაროს ჰყინავს და არის ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდავენ ზაფხულს მეფისათვის. ამის დასავლით არის ციხე, და არ არის აქაცა ვენახნი და ხილნი. ამ ხევს ქვევით ქციაზე არის ლიპარიტისუბანს მონასტერი მცირე, კეთილშენი. და აწ არიან ესე ორნი მონასტერნი ცარიელნი. აქ ერთვის ქციას ხევი ძველ-გომარეთისა, გამოსდის კვირიკეთის მთას. ესეცა არს უვენახო, უხილო. მის ქვემორ არს დაბა ქცია მდინარის ქციის პირს. აქა არს მონასტერი კეთილი და აწ ხუცის სამარად.
ქვემორ მის არის მონასტერი ფიტარეთს, მშვენიერნაშენი; გუმბათიანი, მშვენიერს ადგილს, ზის წინამძღვარი. მის ქვევით ერთვის ქციას ფოცხვერიანის-ხევი, ვენახიანი, ხილიანი, ქვევით მისა, ქციის კიდესა ზედა, ციხე ხულუტისა. მის ქვევით, სამხრეთით, არის ციხე ბერიქალისა, კლდესა ზედა, კლდითავე მოზღუდვილი, შეუვალსა და მაგარს ადგილს. ქვემორ მისა ერთვის ქციას ხევი ტორნე, ირაგის ხეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამხრეთით. ხეობა ესე არის ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი, და ბენდერის მთის კერძოდ, როგორც სხვა მთის ალაგნი. ამ ხევზე სამღერეთს ზევით, გვიანას, არის მონასტერი მცირე, აწ ხუცის ამარა. მას ქვემორ მონასტერი ქციის ხრამსა შინა პირღებულს, კლდე გამოკვეთილი, დიდითა შენობითა და ყოვლით შემკული. ზის არქიმანდრიტი. იტყვიან თამარ მეფის ქმნილსა.
მის ქვემოთ არის ციხე ორბეთი, აწ წოდებული სამშვილდე. ააშენა ქართლოსმა, და პირველმა მეფე ფარნაოზმა ჰყო საერისთაოდ და ქალაქად. და იყო პგ (83) მეფის სვიმონისამდე ქალაქი. არის ფრიად მაგარი, სამხრეთით უდის ქცია, ჩრდილოეთით უდის ჭივჭივა; საშორისსა ზედა არის გადავლებული ხრამით ხრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი. კვლავ გარე მის ქალაქისა ზღუდე გადავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა. ციხესა შინა ააშენა ეკლესია გუმბათიანი ლბ (33) მეფემან მირდატ, შემუსრა ლანგ-თემურმა, მერე ოსმალთა. ზაფხული არის ცხელი, ზამთარი ცივი, მაგრამ მშვენიერი და კეთილ-ჰაოვანი. ამის ძირს, ქციის პირს, არის მონასტერი მცირე, აწ ხუცის ამარა. ხოლო ქციის ხრამი აქა არის სიმაღლით ს (200) მხარი და მეტიცა, და განით ფჲ (560) მხარი, და ჭივჭივის ხრამი ს (200) მხარი. აქ ჭივჭივასა ზედა არის კლდე თეთრი და მისგან სცვივა ბროლი გათლილი კუთხედ, მწვეტი ორკერძოვე. ჭივჭივის-წყალი სდის ბენდერის მთასა და მოდის სამხრეთით; არის ვენახოვანი, ხილიანი, ოღონდ მთისაკენ არა. ამის სადინს არის ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი. აქა არის ტბა მცირე, ლულუფრისაგან კიდე მას შინა არარა.
ხოლო სამშვილდეს ქვევით ქციის ხრამი ნახიდურამდე უმეტეს განიერი. აქ ნაყოფიერებს სხვათა ადგილთაგან მეტად ბროწეული, ლეღვი, ზეთისხილი და სხვანი ხილნი. გაღანამცა ზამთარი არის თბილი და ზაფხულ ფრიად ცხელი, რამეთუ ზამთარს შეშა არა უხმს. ნხიდურს ქვევით დის ქცია გაშლით მინდორსა ზედა, გარნა კბოდე-ფლატონსა იმიერ და ამიერ.
ხრამთა ამათ შინა არიან მრავალნი ქვაბნი, კლდეთა მაღალთა შინა გამოკვეთილნი სახიზრად; ვიეთნი აწ კაცთაგან მიუსვლელნი არიან, და მას შინა ფუტკარნი მრავალნი, რომლისაგან გადმოედინებიან თაფლნი. კვლავ არის ქციასა შინა თევზთა სიმრავლე ფრიად და გემოიანნი, პირუტყვნი უამრავნი, ამიერ და იმიერ დაბებიანი. ხოლო ხრამის კიდესა ზედა რომელნიც დაბები არიან, არ არის იქ ვენახნი და ხილნი. ჩრდილოეთ კერძ ხრამსა შინა აკეთებენ მცირედ აბრეშუმს. არის აქა ფრინველთა სიმრავლე, შინაურ-გარეულთა, და უფროს კაკაბთა. ნახიდურს ქვევით, ქციის ამიერ და იმიერ კიდესა, სახლობენ ელნი მოჰმადიანნი, მოხარკენი და მოლაშქრენი მეფისა, ბაიდრის სულთანი, რომელი დასხა შაჰსეფიმ ავლაბარს, ქვევით ნაჯბადინამდე და ეკლესია ნაზარა-სოფლამდე. ხოლო ადგილსა ამას პირველად ეწოდებოდა წყალთაშუა და აწ ბაიდარი. არის ფრიად ნაყოფიერი ადგილი ესე. ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი თესლთა, ხილნი წალკოტთა და მტილთა უცთური და მრავალი. აბრეშუმი, ბამბა მრავალ. პირუტყვნი აქლემიდან თხამდე ყოველნი, ფრინველნი გარეულ-შინაურნი ყოველნი აურაცხელნი, და ფრინვლით სანადირო წარჩინებული ყოველთაგან.
ხოლო ნაჯბადინს ქვევით არის ხუნანი; აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით უდის მტკვარი, სამხრეთით ქცია; ააშენა ციხე-ქალაქი ქართლოსმა, პირველად ეწოდა მტვერის ციხე, შემდგომად ხუნანი, და აწ მოჰმადიანნი უძახიან ქალის-ციხე-ყიზყალას, დაბის გამო. ა (1) მეფემან ფარნაოზმა ჰყო საერისთაოდ, ვინაიდან იყო ქალაქი და ნაპირის ადგილი. შემდგომად ყრუსა მოოხრდა ქალაქი, და ციხე იყო აქამომდე. აქა არის ნახიდვარი. ამის გამო ააშენა პთ (89) მეფემან როსტომ ხიდი ქვიტკირისა, დიდ-მშვენიერი, რომლისა სვეტსა შინა არის სახლი მშვენიერი, მჭვრეტი ამიერ და იმიერ მდინარისა. სივრცე ხიდისა ი (10) მხარი. აქათ და იქით ქციის კიდესა ზედა ფუნდუკნი დიდნი და კეთილნი, თლილის ქვისანი. ხუნანის ველსა შინა არა იყო ნაყოფი უწყლოობით. ჟდ (94) მეფემან ვახტანგ გაიტანა რუ ქციისა ნახიდურის ბოლოდან და ააშენა დაბები, და ნაყოფიერებს ფრიად.
ალგეთის მდინარე
ხუნანის ჩრდილოეთ კერძოდ ერთვის მტკვარს დასავლეთიდან მდინარე ალგეთი; გამოსდის კლდე-კარს და მოდის აღმოსავლეთად. ხოლო ისაზღვრება მდინარე ესე: აღმოსავლეთიდან მტკვრით, სამხრეთიდან ლომთა-გორით და აწ მარნეულის გორის აღმოსავლეთად გულთაფამდე, დასავლეთიდან ამისივ გორის წასული, წრაუთის თავამდე, მიწევნილი სამებამდე, და მისული ბენდერის მთამდე. და ბენდერი-ლაკვის გორამდე; ჩრდილოეთიდან გორაკუმისისა, მტკვრიდან მიყოლით კოჟრამდე, გაივლის სამადლოს და სხალნარს, მიადგება დიდგორს, და მერე მთა დიდგორი და ერიქალისა, და მიადგება კლდეკარს; დასავლეთიდან კლდე-კრის გამოკიდებული ლაკვის გორა, მიდგმით ბენდერისა.
ხოლო კლდე-კარი ააშენა ლიპარიტ ბაღვაშმა, და არის მაღალს მთის კლდესა ზედა ციხე. ამ მთას გამოსდის ალგეთი. არ არის უწყებული, რის გამო ეწოდა ალგეთი. ამას ქვევით ერთვის ალგეთს საყავრის-ხევი ჩრდილოეთიდან. ამას ქვევით ერთვის ალგეთს მჟავის-ხევი, გამოსდიან კლდეკარს. ამათ უწოდებენ კლდეკრის სოფლებად. ამას ქვევით არის მანგლისი, ეკლესია გუმბათიანი, ააშენა დიდმან კოსტანტინემ მირიან მეფის ჟამს და დაასვენა აქა ფერხის ფიცარი უფლისა; არასოდეს შემუსრვილი არის. სამხრეთით გუმბათსა შინა არის მაჰმად, ლომსა ზედა მჯდომარე დახატული. იტყვიან მის გამო მოჰმადიანთა არა შეუმუსრავთ. ზის დასმული გორგასლისაგან ეპისკოპოზი, მწყემსი ალგეთის ხეობისა და ქციის ზემოთისა თრიალეთამდე.
მანგლისს ქვევით ერთვის ალგეთს ხევი კველთეთისა, გამომდინარე დიდგორის მთისა. ამას ქვევით ერთვის ალგეთს ლაკვის-წყალი. დის ლაკვას ერთს წყაროს ერთი საწისქვილო. ადგილი ლაკვისა არის მშვენიერი, როგორც თრიალეთი. ამას ქვევით ერთვის ალგეთს დვალთა-ღოლოვნის-ხევი. თუმცა პატივანს ზევით კლდეკარ-დიდგორამდე არ არის ვენახნი და ხილნი, როგორც მთის ადგილნი აღვწერეთ მოსავლითა. არის ტყიანი, ნადირიანი. პატივანს ქვევით ვაკეს არის ლოდი, რომელიც გვალვასა თუ გარდააბრუნო და შენამო, მოვა წვიმა, ხოლო წვიმიანობასა შინა თუ შეაყარო ნაცარი და გადააბრუნო, იქმნება უწვიმრობა.
ამას ქვევით დის ალგეთი ჩრდილოეთიდან სამხრეთით და ერთვის საშუალს გუდარეხის-ხევი. ხოლო გუდარეხს არის მონასტერი უგუმბათო, ბენდერის მთის ძირს, ფრიად მშვენიერი, მშვენიერს ადგილს, მრავალნი შენობანი; ზის წინამძღვარი. მას ზევით, ბენდერის მთისაკენ, არის ციხე და ადგილი კლდოვანი, კლდითავე მაგარნი. ქვევით ამისა ალგეთს ერთვის ამლივის-წყალი თაკვიდან, დის სამხრეთით.
ხოლო ბუჟღულეთს ქვევით იწყებს ალგეთი აღმოსავლეთით დინებასა, და ტბისის უკან, ჩრდილოეთ კერძ, არის ციხე ბირთვისი, კლდესა ზედა შენი და გარემო კლდითა მოზღუდვილი, ეჯ-ნახევარ ოდენ და შეუვალი, და დიან მის შორის წყარონი.
ჩხიკვთის სამხრეთით არის ეკლესია სამება, წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, და საკვირველი, რამეთუ დიდროვანითა ლოდითა შენი, რომელიც კაცთაგან არა შესაძლებელ არის მისი ქმნა, რომელიც აკრავს ზღუდედ. ძირს მისსა არის წყარო დიდი და ფრიად კარგი. ძველად იწოდა გმირთ-ნაკვეთი, და იყო ციხე, ხოლო აწ ეკლესია.
ამას ქვევით ერთვის ალგეთს ხევი საღირაშენისა, გამოსდის სხალნარს და მოდის სამხრეთით. ამას ერთვის ხევი ზრბითოშეთისა. მასზე არის მონასტერი საძელისი. მას ზევით, ზრბითის ხევზე, მაღალს კლდეზე არის ეკლესია ორბეთი, ხოლო სადაც ერთვის ალგეთს ხევი ესე, იქ არის ციხე ფარცხისი - ფარი ბირთვისის ციხისა, აწ შემუსრვილი.
ამის გამომართებით, სამხრეთით არის წინწყარო, ქალაქი მცირე, მოსავლიანი, კეთილ-ჰაეროვანი, მაღალ ადგილზე მდგომი. აქა არის წყარო: უკეთუ მით მოხარშო მარცვალნი რომელნიმე და დღეთა შენთა ხარშო, ვერაოდეს მოხარშავს, თუმცა სასმელად და სახმარად კეთილი. ფარცხის ქვევით ერთვის ალგეთს ხევი ბოგვისა, გამოსდის სხალნარს, მოდის სამხრეთით. მას ქვევით ერთვის ალგეთს ხევი ასურეთისა, გამოსდის სამადლოს. სამადლო იწოდება იქ ფუნდუკისათვის. მოდის ხევი ესე სამხრეთით.
კიკეთს ქვევით, ხევსა შინა, არის მონასტერი კაბენისა. ყოფილ არის დედათა, გუმბათიანი, მშვენიერი, აწ არის ხუცის ამარა. ააშენა მეფემან თამარ. სამხრეთით, მას ზემოთ, არის ციხე აზეულასი და აწ კოჟრისა, თხემსა ზედა კლდისასა. ამ ციხის სამხრეთით არის სასახლე მეფისა კოჟორი. ააშენა პთ (89) მეფემან როსტომ უმეტეს ჟა (91) მეფემან გიორგი და ჟდ (94) მეფემან ვახტანგ. იქ დგებოდნენ ზაფხულს მეფენი.
ღოუბნის-ხევი გამოსდის კოჟრის ციხის გორას და ერთვის ასურეთის-ხევს. ასურეთის ხევს ქვევით, სამხრეთით, არის დურნუკი. აქა არის კარკნალი და დარანნი დიდ-დიდნი. ეგრეთვე მარნეულს, სადაცა არის აფთარნი მრავალნი. მარნეულს არის ნაციხვარი, მის გამო იწოდა ძველადვე ლომთა-გორა. მის სამხრეთით არის დაბა ეკლესია, და სიცხისათვის, ჯოჯოხეთად წოდებული. აქ ითხრება მიწა და ხდიან გვარჯილასა, ეგრეთვე იაღლუჯის მთასა შინაცა მიწისაგან ხდიან გვარჯილასა.
ხოლო ალგეთის მსახლობლის ბარათიანთაგან ეწოდება ამ ადგილთა საბარათიანო აწინდელს ჟამსა, გარდა დმანის-ხევისა, თრიალეთისა, ტაშირისა და სომხითისა, ჟამთა ამათ.
ხოლო ალგეთის შესართავის ჩრდილოეთით, იაღლუჯამდე, მტკვრის პირს, სახლობენ ელნი მოჰმადიანნი, მთესველნი ბრინჯისა, ბამბისა და ყოვლისა თესლ-მარცვლისა. აკეთებენ აბრეშუმსა. მოხარკენი არიან მეფისა. სავსენი ყოვლითა პირუტყვითა. საყალტუთნის დასავლეთით არის იაღლუჯის მთა უტყეო და უწყლო, და სადაცა სდის წყარო მცირე, იგიცა მწარე და მლაშე. არის ფრიად ბალახოვანი, ზამთარ-ზაფხულს მოუკლებელი, რომელსა ზედა იზრდებიან არვენი, მროწლენი, ჯოგნი და აქლემნი. იპოვება მგზავსი იამანის ქვისა, დიდი და მცირე, მრავალფერნი. აქა არის ბალახი კალია, რომლის ძირს წვავენ, და ნაცრითა მისითა ადუღებენ საპონს უმჯობესსა, კვლავ ხმარობენ სხვაფერცა.
ამის მთის დასავლეთით, ხოშაგერმას იქით, არის ობის-ციხე ველსა ზედა, და აწ შემუსვრილი, და ამის ჩრდილოეთ კერძ არის ტბა კუმისისა, მლაშე, შესდის წყარო კოდისა: კვლავ ერთვის კოჟრისა და გუდელისის-ხევის წყალი. ამ ტბის დასავლეთით არის კუმისი, დაბა დიდი, ვენახოვანი, ლეღვიანი, ბროწეულიანი, ხილიანი. ამის მინდორსა შინა მოდის ყოველნი თესლნი ბრინჯ-ბამბას გარდა; კანაფი უმუშაკოდ სცენდება. კუმისის თამს, კლდესა შინა, არის გამოკვეთილნი ქვაბნი.
კუმისის აღმოსავლეთით, მტკვრისაკენ, არის თელეთები და ეკლესია წმიდის გიორგისა სასწაულთმოქმედი. მტკვრის კიდეზე არის ჭალა ყურყუთა, და აწ სონღალუღად წოდებული, ნაყოფიერი ყოვლითავე. ამ ჭალიდან იაღლუჯამდე, და კუმისის ტბამდე, და მტკვრამდე არის მინდორი დიდი, აწ წოდებული სარვანისა, მეფეთ აქლემთა დგომისათვის, უწყლოობით უნაყოფო.
სკვირეთის მდინარე
ხოლო კოჟრის ჩრდილოეთით არის სკვირეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლეთით, ერთვის მტკვარს დასავლეთიდან, ტფილისის ჩრდილოეთით. შესართავსა ზედა არის ლურჯი მონასტერი. და ხეობა ესე დიდგორის მთის კერძო არის უვენახო, უხილო ვანათამდე, მას ქვევით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. ვანათს ქვევით არის ციხე წვერისა, სამხრეთით, აქავ არის ხევი გელიყარისა; მის ქვევით, წყდულეთს, ერთვის ვერეს ხევი და ამ ხევის თავს, მთაში, ჩრდილოეთისკენ, არის ციხე ლასტისა. ამას ქვევით, სამხრეთით, ყოვლად წმიდის მონასტერი ბეთენია, გუმბათიანი, მაგარს ადგილს თამარ მეფის აშენებული, აწ ხუცის ამარა. იქ ერთვის ხევი ვერეს სამადლოდან. ამასზე არის რკინის-ციხე, უქვიტკირო, კლდისაგან მოზღუდვილი. ამას ქვევით არის ახალდაბა და მის დასავლეთით არის ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალ გორასა ზედა, მჭვრეტი კოჟრისა და ტფილისისა.
არის ხეობა ესე ფრიად მაგარი და მოსავლით და პირუტყვით შემკული, მაგრამ იცის სეტყვა ხშირად, რამეთუ მოადგს დიდგორი. ხოლო მთა დიდგორისა არის მაღალი და თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი, ბალახ-ყვავილითა და წყაროებითა შემკული, ნადირნი მრავალნი. აქა არის წყარო - ცივებით გაყვითლებულმან უკეთუ სვას და დაიბანოს პირი, წამს განკურნებს. იყო ძველად მეფეთა სადგური ზაფხულს, აწ არის მეფეთა ცხენთა საბმური ზაფხულს. არის მრავალთა ადგილთა მჭვრეტელი. ამისი ჩრდილოეთ კერძი მეოთხე სადროშოსი, ხოლო სამხრეთით კერძი ამის სადროშოსი. ამის პირისპირ, სამხრეთით, მთა ბენდერისა, ეგრეთვე ტყიანი და ბალახ-ყვავილოვან-წყაროიანი, და თხემთა უტყეო, და თრიალეთისაკენ სრულიად უტყეო. ხოლო ესენი, რომელნიცა აღვწერეთ, ძველიდან იყო ორ საერისათოდ.
გარდაბანისა და გაჩიანის საერისთაონი
გარდაბანი არის საზღვრებით: აღმოსავლეთით მტკვარი და, ხუნანის გამართებით, ბერდუჯის აღმოსავლეთის მცირე მთა; სამხრეთით შულავრისა, ჭაპალისა და ბოლნისის გორაკები; ჩრდილოეთით მტკვრიდან ტფილისის გორაკები ტაგნაგეთამდე; დასავლეთით ხევი ასურეთისა, წინწყაროს გამომართებით ნახიდურამდე და ბოლნისის მცირეს მთამდე. იწოდება ქართლოსის ძის გარდაბანის გამო, რომელსაც მისცა დედამან თვისმან ხუნანი და ესენი, და მან უწოდა სახელი თვისი. ამასვე უწოდეს შემდგომად აგარანი. მაგრამ შემდგომად განდგომისა გრიგოლი მთავრისა, ამას დაედვა გრდანი, ლილო და მარტყოფი, და იწოდებოდა ესენი გარდაბანად. და არის საერისთაო ხუნანისა: წინთქმული გარდაბანი, სომხითი, ბერდუჯის მდინარე, ტაშირი და ბამბაკი.
ხოლო მეორე საერისთაო - სამშვილდისა - არის საბარათიანო, დმანის-ხევი, სკვირეთი, თრიალეთი, რომელიც იყო წილი გაჩიოსი, გარდაბანს ზევით. ამან ააშენა ქალაქი გაჩიანი. იყო ესე ძე ქართლოსისა, რომელსაც მისცა დედამან ობის-ციხე, და სკვირეთიდან ვიდრე ფარავნამდე და აბოცის თავამდე. და განყოფილებამდე იყო ესეთ საერისთაოდ, მაგრამ უწოდებდნენ დღემდე სომხითსაცა, გარდა თრიალეთისა, ორთა საერისთაოთა, რამეთუ, ვინაიდან ხოსროვანთა შემდგომად დაიპყრეს ბაგრატ მეფისამდე სომხითის მეფეთა ადგილნი ესენი, როგორც მოგვითხრობს ცხოვრება, ამისთვის უწოდეს სომხითი. ხოლო აწინდელს ჟამსა იყო ერთ სასპასპეტოდ, რომელნი შეიცვალებოდნენ სპასპეტნი.
ბოსტან-ქალაქი და გარეჯის მთა
კვლავ იაღლუჯის აღმოსავლეთით და მტკვრის გაღმართ არის ბოსტან-ქალაქი, რომელიც არის რუსთავი, ხოლო აწ ნაგები. ესე ააშენა ცოლმან ქართლოსისამან ციხე-ქალაქი. შემდგომად კჱ (28) მეფემან თრდატმა ააშენა ეკლესია კეთილი. გორგასალმა დასვა აქა ეპისკოპოზი, და იყო ჲდ (64) მეფის დავითისამდე. გამოსლვასა ბერქა ყაენისასა მოოხრდა, და აწცა არის ოხერ. ამ ჟამთა ქმნა სასახლე ჟბ (92) მეფემან ერეკლემ (I), მერე შემუსრა ჟდ (94) მეფემან ვახტანგმა (VI). ხოლო საზღვარი ამისი არის: დასავლეთიდან მტკვარი, ჩრდილოეთიდან ხევი ლოჭინისა, აღმოსავლეთიდან მთა გარეჯისა, ვიდრე მწარე წყლადმდე, სამხრეთიდან მწარე-წყალი.
ნაგების აღმოსავლეთით და სამხრეთით არის ველი დიდი ყარაიისა, სავსე ქურციკითა, რომელსაც მოინადირებდენ მეფენი წლითი წლად. ხოლო მტკვრის კიდეთა ჭალა დიდი, სავსე ეშვითა, შვლითა, დათვითა, მგლითა და წვრილი ნადირითა. ირემი იმყოფება ჟამად, და ხოხობნი მრავალნი. გარეჯის მთას არის მონასტერნი, კლდესა შინა გამოკვეთილნი სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულს გრილი.
ნათლის მცემელს ზის არქიმანდრიტი, ჩიჩხიტურს ზის წინამძღვარი, დავით გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. ყოფილან მონასტერნი მრავალნი, ვიდრე მწარე-წყლამდე, და მოწესეთა სავსენი, ხოლო აწ არის ხუთი მოწესითა მყოფი. არ არის აქა წყალი, და იპყრობენ წვიმისაგან კლდის ჭათა შინა და სვამენ მას. არა არის ტყე, არამედ ძეძვი, მით ხარშვენ და აცხობენ. არის ეკლესიანი, შემკულნი და დახატულნი ძველითგანვე. მონასტერად ქმნილი არის იგ (13) მამათაგანისა დავითისაგან, მერე შემკული, მომატებული მეფეთაგან. ნავებიდან გამოიყვანა ჟდ (94) მეფემან ვახტანგმა რუ მტკვრისაგან, და ამიერ ჟამიდან ნაყოფიერებს ჭალებს ქვევითი მინდორნი.
ყარაიის ჭალას ქვევით, მტკვრის კიდეს ესახლნენ ელნი დემურჩიასალნუ: სავსენი პირუტყვითა, რამეთუ ზამთარ სითბოთი და ტყითა და ბალახითა მოუკლებელი არის ადგილი ესე, და პირუტყვნი მათნი დგებოდნენ გარეჯის მთასა ზედა, რამეთუ რამდენნი წყარონი სდიან მთასა მას, მლაშენი არიან და პირუტყვთა შემრგონი.
არის მთასა ამას ზედა თუთუბო, კაპარი მრავალი. ხოლო რამდენნი ელნი დავწერენით ქართლს, ზამთარ არიან ამ ადგილებთა შინა და ზაფხულს ავლენ ყაიყულისა და პალაკაციოს მთასა ზედა. აჰყარა შაჰნადირმა დასხა ხორასანს. და არის ესეცა სასპასპეტო საბარათიანოსი. ნაგების ჩრდილოეთით, მტკვრის კიდეზე, არის ჭალა ყარაღაჯისა, ეგრეთვე ნადირიანი და ხოხობფრინვლითა სავსე. იდგა ჯოგი მეფეთა, და უწოდებდნენ საჯოგის ჭალას.
ესე ადგილნი ნაგებს ზევით არის ძველად კუხეთისა, რომელიც მისცა დედამან კუხოსს. ხოლო ნაგებს ქვევითი ჰერეთისა არის, და აწ უწოდებენ ყარაიას, და გარეჯის მთას მასვე ძველს სახელს. ხოლო მსახლობელნი არიან სომხით-საბარათიანოს მთავარნი და აზნაურნი, როგორც ნიშანი გვიდვია რუკასა ამას. არიან მშვიდნი, მორჩილნი, ბრძოლასა შემმართებელნი, მშვენიერ-ჰაეროვანნი, ეგრეთვე ქალნიცა უმეტეს ნაზნი.
ხოლო თათარნი, რომელნიცა დავწერეთ, არიან სუნიტნი, ქცევითა როგორც მშვენის პირუტყვთა მწყემსთა, თუმცა მხნენი, შემმართებელნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი; უწოდებენ თარაქამად, ვინაიდან ბრიყვნი, უცოდინარნი არიან, ქალნიცა ეგრეთნივე, მოშავგვრემონი, მხნენი და მბრძოლნი უფროს კაცთა, ცხენითა თუ ქვეითად.
მეოთხე სასპასპეტო
ხოლო არის მეოთხე სასპასპეტო ტფილისიდან, ვიდრე ტაშისკარამდე, მეფისა თანა მყოფნი, და ისაზღვრება: აღმოსავლეთიდან ლილოს საზღვრით, რომელიც გაივლის ხაზი შარობის ლილოსასა აღმოსავლეთ-სამხრეთისკენ ლოჭინამდე, რომელსაც ეწოდება ომანის-ხევი, იქიდან გაივლის სამგორსა და ჩადივარს შუა, და მრავალწყაროსა და სართი-ჭალასა შუა, და მიადგება ბერთუბნის ღელესა, ხოლო ლილოდან იდილოთკენ მიადგება ხევ-ძმარს, და ხევ-ძმარი მტკვარს მიადგება, და მტკვრის კიდე მცხეთამდე. სამხრეთიდან ლოჭინის-ხევი და გამოღმართ კრწანისის გორა, შინდისისა და წავკისის გორა, და წყნეთის გორა, და სკვირეთის ჩრდილოეთ კერძი სხალ-დიდამდე, და სხალ-დიდიდან დიდგორის მთამდე მიყოლით: ერიქალის მთა, კლდე-კარი, ერჯევანი, თორის მთა და გაყოლით ნარიანის ხაზი ტბის-ყურამდე; ჩრდილოეთიდან მტკვარი და დასავლეთით, დამჩხერალოდან სადგურსა და თორს შუა, ბაკულიანის მთამდე და ტბის-ყურამდე. ხოლო ტფილისის სამხრეთით ერთვის მტკვარს კრწანისის-ხევი, დასავლეთიდან, კუმისისა და შინდისის მცირე მთებიდან გამომდინარე.
ტფილისი
ხოლო ტფილისი არის სამი ქალაქი - ტფილისი, კალა და ისანი. ჰყოფს მტკვარი კალას, ტფილისს და ისანს: კალას უდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტფილის - ჩრდილოეთით და ისანს - დასავლეთით და სამხრეთით. ხოლო კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელიც გამოსდის წავკისისა და კოჟრის მთებსა, სამხრეთით და აღმოსავლეთით უდის კალას და დასავლეთით ტფილისს.
პირველად იყო დაბა. კზ (27) მეფის ვარაზ-ბაკურის ჟამსა შინა ააშენა შურის-ციხე მცხეთისათვის ერისთავმან სპარსთამან. შემდგომად გორგასალმა დადვა საფუძველი, დაჩიმ, ლდ (34) მეფემან, ქმნა ქალაქად და ტახტად მეფეთა, და მურვან ყრუს შემდგომად შემუსრეს ხაზართა, და ააშენა ამირ აგარიანმა. შემდგომად შემცირებისა მცხეთისასა და აოხრებისა მისისასა, უმეტეს ტახტი იქმნა ბაგრატოვანთა.
ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდან. არის მით აბანონი ექვსნი და დიდშენნი, ავაზიანნი. მარადის მომდინარე ცხელი წყალი. აქ, თაბორს, ყოფილა ციხე. აწ შემუსრვილი არის. აქ დასხა შაჰსეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს. ყოფილან ეკლესიანი დიდშენნი, მაგრამ აწ შემუსრვილნი არიან.
კალას არის ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა, და ჩამოზღუდვილი სალალაკის-ხევი მტკვრამდე. სალალაკის-ხევის კარს უწოდებენ განჯის კარად. მაღალს ციხეში არის ეკლესია გუმბათიანი წმიდის ნიკოლაოზისა და სასახლე მეფისა, პალატნი დიდ-დიდნი და მშვენიერნი. დაუტევა პთ (89) მეფემან როსტომ, ჩამოზღუდა კალა ციხიდან ხიდის ყურამდე და მისცა სპარსთა; ამიერიდან უპყრავთ მათ. და თავისა თვისისათვის სამეფოდ ააშენა სიონსა და ანჩისხატს შუა სასახლე, მტკვრის გადაკიდებით, ყიზილბაშთა რიგისა. ჟდ (94) მეფემან ვახტანგმა ააშენა სახლი მშვენიერი, სრულიად სარკითა და მოოქროვილი, დიდმხატვრობითა ლაჟვარდითა და მარმარილოს კედლითა, შემუსრეს ოსმალთა.
არის კალას ეკლესია გუმბათიანი, დიდი, დიდად მშვენიერი, სიონი წოდებული, ღვთისმშობლისა, რომლისა საფუძველი დასდვა ლთ (39) მეფემან გურამ: შემდგომად დაასრულა ქვრივმან ვინმე და მოქალაქეთა, და მა (41) მთავარმან ადარნასემ, ხოლო აწ დარღვევასა ზედა მიხდილი, განაახლა და ააშენა ძირიდან გუმბათითურთ ჟდ (94) მეფემან ვახტანგმა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ტფილისის სამხრეთით ქციისამდე. არის კვლავ ეკლესია ჯვარისა, გუმბათიანი, მშვენიერი. განაახლა აწ იმერლისშვილმა. არის კვლავ ანჩისხატი დიდი, უგუმბათო, კათალიკოზისა; შემუსრვილი ააშენა კათალიკოზმა დომეტიმ, ძემან ქაიხოსროსამან, არის ნათლისმცემლის. გუმბათი მოარღვია პთ (89) მეფემან როსტომ. სხვით განაახლა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ.
არის კვლავ დაბალს ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანი და აწ ცარიელი, და სხვანი გუმბათიანნი არიან. გ (3) უპყრავთ სომეხთა. უგუმბათო ააშენა კარის საყდრად პთ (89) დედოფალმან მარიამ. კვლავ ააშენა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ ორი უგუმბათო. ჟ (90) დედოფალმან როდამ ააშენა ერთი უგუმბათო, კვლავ უგუმბათო ოთხი აწ უპყრავთ სომეხთა. ხოლო ხიდის ყურს ააშენა მეჩეთი შაჰისმაილმა. პთ (89) მეფემან როსტომ ააშენა ციხეს გარეთ ერთი, სასახლესა შინა თვისსა ერთი და განჯის-კართან ერთი. ურუმთ ქრისტესა ჩღკზ (1727) ააშენეს სამი, მაგრამ შემუსრა შაჰნადირმა.
ისანს არის, კიდესა მტკვრისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი, დიდმშვენიერნაშენი, საარქიმანდრიტო; შემუსრვილი ააშენა ჲვ (66) მეფემან დიმიტრიმ. ჟბ (92) მეფემან ერეკლემ მისცა სპარსთა, და არის უქმად. აქ გადის ხიდი კალიდან ისანს, ციხიდან ციხესა. ხოლო ხიდის ყურის სამხრეთით არის საფლავი წმიდის აბოსი, რომელიც იწამა სპარსთაგან ტფილისს. ხოლო ისნის ციხე ყოფილ არის დიდი, რომელსაც განაახლებდნენ ოსმალნი ქრისტესსა ჩღკჱ (1728) და დარჩათ უსრულნი. ისანს არის ეკლესია ერთი უგუმბათო და გუმბათიანი ორი, და უგუმბათო ერთი უპყრავთ სომეხთა. ყოფილან ძველად მრავალნი ეკლესიანი ტფილის, კალასა და ისანს, მაგრამ აწ შემუსრვილნი არიან.
კალა მოზღუდა მეორე შაჰაბაზმა, პირველი შემუსრვილი. სამხრეთიდან მოავლო სალალაკის კლდეზე; დასავლეთით ქმნეს ორი კარი, ჩრდილოეთით ორი კარი. ზღუდეს გარეთ უძახიან აწ გარეთ-უბანს, სადაც არის ასპარეზი. აქა არის ეკლესია გუმბათიანი ბ (2), უგუმბათო ბ (2) და უპყრავთ სომეხთა, ხოლო უგუმბათო ბ (2) უპყრავთ ქართველთა. კალას არის რომაელთა ეკლესია ერთი და მონოზონნი. ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს და ისანს-ავლაბარს, და გარეთ-უბანი არის ტფილისისა. მსახლობელნი არიან ციხესა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი, ხოლო ციხეს გარეთ უფროს სომეხნი და მცირედ ქართველნი, ქცევა-ზნით ქართულითა. სახლნი ნაშენნი არიან ქვა-ტალახითა და გალესილი გაჯითა, ზოგთა სპარსთ რიგისა, ზოგთა ქართული. ციხე, ეკლესიანი და ზღუდენი ქვიტკირისანი არიან. ჰავითა არის მშვენიერ და მხიარული, ერნი მშვენიერნი და მშვიდნი, ქალნი ფრიად კეკლუცნი. გარემო ქალაქისა წალკოტნი და სავარდენი მრავალნი, ყოვლის ხილითა და ყვავილითა სავსე. თუმცა ქალაქი ვიწრო, ფოლორცნი უშვერნი, ზაფხულს ცხელი და არა გაუძლისი, ზამთარს ცივი. გაზაფხულ-შემოდგომა მშვენი და სატრფო. სანადირონი მრავალნი ახლოს, ფრინველთა და ნადირთა. ხოლო კვლავ დასავლეთით, იშიტუტრუქის კლდესა შინა, არის მონასტერი მთაწმიდისა და აწ ცარიელი.
ხოლო ტფილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის ნავთლუღი. იქ დის ნავთი კიდესა მტკვრისასა, მაგრამ წყლის სიახლოვით მრავალი არ აიღება. აღმოსავლეთით ტფილისისა არის ლილო. არ არის იქ ვენახნი და ხილნი მთებისაგან, და არის უმდინარო წყაროებითა, და ნაყოფიერებს მთიურად. ტბანი არიან მცირენი და უთევზონი, მყურითა სავსე; სხდება წერო და ბატი მრავალი.
ტფილისის ჩრდილოეთთ არის მინდორი დიდუბისა, რომელსაც პირველად ეწოდა ცხენის-ტერფი. ტფილისიდან მცხეთადმდე უწყლო, მაგრამ მოსავლიანი. კვლავ ტფილისის ჩრდილოეთით არის ლურჯი მონასტერი, ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო, დიდი, აწ ხუცის ამარა. ვერესა ზედა არის ხიდი დიდი ქვიტკირისა. ვერე წყნეთამდე წალკოტითა შემკული და მრავალნი.
მის სამხრეთით არის ველი საბურთალისა. ამას შინა ყოფილა რუ, ვერიდან მოტანილი, და აწ უმისოდ უნაყოფო არის.
მას ზევით არის ტბა ლისისა, და მის დასავლეთით მთა სხალდიდისა, კეთილი აგარაკი და მშვენიერი ყოვლითა. ამის სამხრეთით ხეობა დიღმისა. გამოსდის ამისი წყალი სხალდიდსა და სათოვლიას მთას და დის აღმოსავლეთით, მიერთვის მტკვარს დასავლეთიდან. არის წოდორეთამდე ვენახოვან-ხილიანი და მას ზევით მთებრი.
სამხრეთით არის ველი დიდი დიღმისა, უნაყოფო, მაგრამ ბალახოვანი, და ზამთარს იზრდება ცხვართა და ძროხათა სიმრავლენი. ნაქულბაქევს ზევით არის დევის-ნამუხლი - კლდე, გაჭრილი გზად. მას ზევით მუხათ-გვერდი. მას ზევით, მცხეთის ხიდის სამხრეთით, არის მონასტერი ახალ ქალაქური, ყოვლადწმიდისა, უგუმბათო, კეთილს ადგილს; იდგნენ მოწესენი. მის დასავლეთით მცირე ხევი ქართლისა, სდის მისსავე მთას და მოდის ჩრდილოეთით. აქა არის ციხე, რომელიც ააშენა ქართლოსმა და უწოდა სახელი თვისი, არასოდეს შემუსრვილი მტერთაგან, რომელი დაუდგა ყრუს მოსლვასაცა. ამ ადგილის გამო ეწოდა ამ ქვეყანათა ქართლი. ა (1) მეფემან ფარნაოზმა აღმართა აქა კერპი არმაზ, სახელისა თვისისა, და მის გამო ეწოდა არმაზი ადგილსა ამას. და დაეფლა ქართლოს აქავე, და ფარნაოზცა წინაშე კერპისა თვისისა. კერპისა ამის მსახურნი რომელნიც იყვნენ, იგინი იყვნენ საქართველო. ხოლო შემდგომად შემუსრა კერპი ესე წმიდამან ნინო. იყო ქალაქი არმაზი აქიდან ვიდრე ნაქულბაქევამდე, და ყრუსაგან და შემდგომად მისა მოოხრდა, ხოლო აწ არის დაბები.
დასავლეთით არმაზისა არის ციხე-დიდი. მის დასავლეთით ხევი ძეგვისა. სდიან სხალდიდს, მიერთვიან მტკვარს სამხრეთიდან. არის ღვინო და მბალი იქაური კეთილი. კვლავ ამის დასავლეთით ხევი ნიჩბისისა, გამოსდის დიდგორს, დის ჩრდილოეთით, ერთვის მტკვარს სამხრეთიდან.
ნიჩბისი
ნიჩბისს არის შენობა დიდი და მონასტერი მცირე, აწ ხუცის ამარ. ამ ნიჩბისის-წყლის შესართავზე, მტკვარზე არის კოწახურას ფონი, მუხრანს გამსვლელი.
კავთისხევი
ნიჩბისის დასავლეთით არის ხევი კავთისა. გამოსდის დიდგორს, დის ჩრდილოეთით, ერთვის მტკვარს სამხრეთიდან, ქვათახევამდე ვენახოვანი, ხილიანი. ქვათახევს არის მონასტერი ყოვლადწმიდისა, გუმბათიანი, მშვენიერნაშენი. ზის არქიმანდრიტი. და არის ადგილი შემკული, ზაფხულს გრილი, წყაროიანი; ზამთარს თბილი; გარემოს მთა ტყიანი, შენობა მრავალი. ამას შინა შეჰყარა ლანგთემურმა მოწესენი და შეასხა ეჟვანნი რომელნიც იტყოდენ: „ვაი ჩვენს დედაბრობასა, ეს რა გვეჟღარუნებიან!“, და გამოწვა ყოველნი ეკლესიასა შინა, და ჩანს დღესაც იატაკსა ზედა ხელნი ფეხნი, თავნი და გვამნი. არავინ შედის ფეხცმული, არამედ ფეხშიშველნი, სიწმიდისათვის. ამას ზევით, დიდგორის კალთას, არის ციხე კავთისა. მაღალ კლდესა ზედა შენებული. კავთას ქვევით ერთვის ამ ხევს ხევი ბოტისისა. ქვათახევ-წინარეხს ქვევით ერთვის ამავ ხევს ხევი გუდარეხისა. წინარეხის აღმოსავლეთით და გომიჯვრის ზევით არის მონასტერი ლავრა, გუმბათიანი, მშვენიერ ადგილს და აწ უქმად. გუდარეხის ხევზე არის თვალივს სასახლე მეფეთა, ნაშენობა დიდი.
თეძმი
ხოლო დასავლეთით კავთისხევისა დის მდინარე თეძმისა, გამოსდის ჭვარებსა და თორის საშუალს მთასა, და დედაციხემდე დის ადმოსავლეთით, მერე დის ჩრდილოთისკენ და მიერთვის მტკვარს სამხრეთიდან. აქ მტკვრის კიდეს არის მონასტერი ყოვლადწმიდისა. გუმბათიანი, დიდი მეტეხი კეთილშენი გორგასლისაგან, საარქიმანდრიტო. ამას ზევით არის სხერტის ჭალა. ამის სამხრეთით არის თეძამზე ახალქალაქი. ამის ზევით ეკლესია გუმბათიანი, ერთაწმიდისა, სასწაულთ-მოქმედი. ამის აღმოსავლეთით არის ციხე ცხირეთისა, ნასასახლევი მეფეთა. ერთაწმიდის დასავლეთით არის ციხე დრისა, მაღალს კლდესა ზედა, მაგარი, მდინარესა ზედა თეძმისასა.
აკრკონი
ამის სამხრეთით, ზემოთ თეძმის მდინარესა ზედა, არის კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუვალს ადგილს. აქა არის ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვიან ვერცხლსაცა. ზის წინამძღვარი. აქამდე არის თეძამი ვენახ-ხილითა ნაყოფიერი. ამას ზევით, როგორც თრიალეთი ჭვარებითურთ. კრკონს ზევით, ხევეღრმას, არის მონასტერი.
დედაციხე
მას ზევით, ერიქალის მთის ქვეშ არის დედაციხე, კლდით მოზღუდვილი, ფრიად მაგარი. და მდინარესა ამას შინა არ არის თევზი, გარდა კალმახისა, და იგი მრავალი და წყალდიდობას შემოდის კაპოეტნი და ჟამად ორაგულნიცა. გომიდან მეტეხამდე არის ჭალა სხერტისა, და არის ხოხობი მრავალნი.
ხოვლე
თეზმის დასავლეთით არის ხევი ხოვლესი, გამოსდის რაზმითის მთას, მოდის ჩრდილოეთიდან, ერთვის მტკვარს სამხრეთიდან; არის ვენახოვანი, ხილიანი და ნაყოფიერი. თეზმიდან ატენის წყლამდე მინდორი დოესისა, რომელცი ირწყვება თეზის რუთი, და არის ფრიად მოსავლიანი, გარდა ბრინჯ-ბამბისა.
ატენი
ამის დასავლეთით არის ხეობა ატენის მდინარისა. ტანა გამოსდის ჯამჯამს და საცხენისის მთას, დრის-ხევამდე დის აღმოსავლეთით, მერე დის ჩრდილოეთით, ერთვის მტკვარს სამხრეთიდან. მტკვრის სამხრეთ-დასავლეთიდან ერთვის ატენის-წყალს წედისის-ხევი. წედისს არის ციხე მცირე, და არის ხეობა ესე ვენახოვანი, ხილიანი, კვლავ ატენის-წყალს მოერთვის აღმოსავლეთიდან ვერის ხევი. აქა არის ციხე მაღალს კლდესა ზედა. და ხეობა ესე არის ვენახოვან-ხილიანი; ვერის დაბის დასავლეთით არის, დანახვისის მთის ძირს, მონასტერი კეთილმშვენიერი ყოვლადწმიდისა. ამას ზევით ატენი, მცირე ქალაქი. მოსახლენი ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არის ციხე მაღალს კლდესა ზედა, ნაშენი დიდი, და ციხის გორის სამხრეთით არის საცივი, როგორც მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული; ჩრდილოეთ კერძ სდის თბილი წყალი, მკურნალი ბუგრისა, და სდის სხვაცა ცივი წყარო.
ატენის სამხრეთით არის მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და აწ სვამენ გადამდგარ ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაიდან იგი უქმი არის, და აწ არის ნიში მისი. სიონის პირისპირ, დანახვისის ძირში, არის მონასტერი ნათლისმცემელისა. დანახვისი დგას მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭვრეტი ქართლისა. ამას ზევით, მოერთვის ტანას ხევი დრისა, გამომდინარე რაზმითის მთისა; და არის მთა კალთათა ტყიანი, თხემთა უტყეო. აქა არის საფლავი ჯაფირისა, რომლისა სიგრძე ხუთი ადლი, და ცოცხლობდა ჟამსა როსტომ მეფისასა.
ხოლო ბობნავს ზევით ერთვის ტანას ღუის-ხევი, გამომდინარე საცხენისის მთისა. და ბობნავამდე ხეობა ესე არის ვენახოვანი, ხილიანი; მას ზევით მთიური, ვიწრო და მაგარი, კლდიანი, ტყიანი და ცხელი. კოწახური არის ტყედ. ბობნავს ზევით, ჩრდილოეთ კერძ, არის ციხე კიკანათ-ბერი, კლდით ორმხრივ მოზღუდვილი, და წყარო შიგ გამომდინარე, და ფრიად მაგარი. ამ ციხის დასავლეთით, მთასა შინა, არის ეკლესია წმიდის გიორგისა ახალი-ჯვარი, სასწაულთმყოფი, რამეთუ არის მარადის კარნი დაუხშველნი და მცველნი არაოდეს. ვერ შედის მპარავნი და ვერცა ნადირნი. ხოლო მდინარესა შინა ატენისასა ზის კალმახნი გემოიანნი, მრავალნი, და სხვა თევზნი არა. წედისის ჩრდილოეთით და გორის პირისპირ არის ეკლესია წმიდის გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულთმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარებს ჯვარსა შინა, უწოდებენ გორიჯვარს. არა იყო იქ წყალი, ჟდ (94) დედოფალმან რუსუდანმა მოიტანა ბურეთის მთიდან.
საციციანო, ხვედურეთ ზევით, დამჩხერალომდე
დასავლეთით გორიჯვრისა არის ხევი სკრისა, და მიერთვის სამხრეთიდან მტკვარს. ამ ხეობის დასავლეთით არის ხვედურეთის ხეობა. გამოსდის საცხენისის მთას და მიერთვის სამხრეთიდან მტკვარს. და არიან ესე ორნი ხეობანი ვენახოვანნი, ხილიანნი.
ხვედურეთის დასავლეთით არის მონასტერი ყინწვისს წმიდის ნიკოლაოზისა, გუმბათიანი, დიდმშვენიერად ნაშენი, მაღალს ადგილსა ზედა; ზის წინამძღვარი. ამის სამხრეთით, მთასა შინა, არის სარკეს მონასტერი უგუმბათო, ფრიად კეთილნაშენი და აწ უქმი. ყინწვისის დასავლეთით არის ძამის ხეობა. გამოსდის თორის მთასა, მოდის საგლონის ჭალამდე აღმოსავლეთით, მას ქვევით დის ჩრდილოეთით, მიერთვის მტკვარს სამხრეთიდან. მტკვრის კიდესა ზედა არის ციხე სამწევრისს, დიდი, შიგ ეკლესია კეთილშენი. სამწევრისის სამხრეთით მოერთვის ძამას იმერხევის-ხევი, გამოსდის საცხენისის მთას. აქა არის მონასტერი ძამისა, და აწ ხუცის ამარა. იმერხევის დასავლეთით, ძამაზე არის მძორეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი სომეხნი, ურიანი, ციხე არის მაღალ კლდესა ზედა ნაშენი. ესე არის ძამის-ციხე. ამ ციხის ქვეშ სასახლე ციციანთა. მძორეთის დასავლეთს, გვეძინეთს, ერთვის ძამას ხევი მუხალეთისა. აქა არის ციხე. გვეძინეთის დასავლეთით მოერთვის ხევი აბუხალოსი. აქა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი მაღალ კლდესა შინა მრავალნი. მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქიდან გადადის გზა გუჯარეთს. ამ გზის დასავლეთით და ქოზიფას ზევით არის კლდე ფრიად მშვენიერი, ყვითელი და ბრწყინვალე, როგორც ოქრო, და მის ქვევით არის მონასტერი ქოზიფას, უგუმბათო კეთილშენი, მთასა შინა, და აწ უქმი. გვეძინეთამდე არის ხეობა ესე ვენახოვანი, ხილოვანი და მას ზევით მთიური. მძორეთის ჩრდილოეთით, გორას იქით და სამწევრის ზევით, არის მონასტერი ყოვლადწმიდისა წრომს, გუმბათიანი მშვენიერი, სოფიის კენჭი ჩაწყობილ-დახატული, და ხუცის ამარა. ხოლო ამას ქვევით მინდორს რწყავს რუ ძამისა და ნაყოფიერებს. წრომის დასავლეთით არის ხევი მიწობისა. მის დასავლეთით არის კრისისხევი, ამის დასავლეთით ხცისის-ხევი. და არიან ხევნი ესენი ვენახოვანნი, ხილიანნი.
ხოლო დამჩხერალოდან ტფილისამდე, მტკვრის კერძო მთამდე, არის ნაყოფიერი, ბრინჯ-ბამბას გარდა ყოველნი მარცვალნი, რომელნიც აღვწერეთ, ხილნი და ვენახნი მრავალნი; ღვინო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა; პირუტყვთა სიმრავლე ყოველთავე, გარდა აქლემისა. ჰაერი კეთილი და შემკული და მთათა დაბები ეგრეთნი, როგორც მთისანი დავწერეთ, ნაყოფითა და პირუტყვითა. ტყიანი, ნაძოვან-ფიჭოვანი და ნადირიანნი. მთა დიდგორისა და ერიქალისა ჩრდილოეთ კერძი არის ამ ადგილისა, და ნადირიანნი არიან, და ერიქალის მთასა შინა არის მეტი სხვათა თხა. კლდე-კარის დასავლეთით არის მთა ერჯევნისა, მაღალი და თხემთა უტყეო, ჭვარების კერძოსაკენ ტყიანი. არის დიდნი და მცირენი ნადირნი მრავალნი. აქ, მთის თხემსა ზედა, არის წყარო თუცა სვას დაცომილმა, ჰგონებს სამ დღე უჭმელობასა. და შემკულნი არიან მთანი ესენი მშვენიერებითა. ხოლო კვლავ წრომის ჩრდილოეთით, მტკვრის კიდესა ზედა, არის დაღალულა მინდორი, და ნაშენი და ფრიად ნაყოფიერი. ზამთარს პირუტყვთა ბალახნი მოუკლებელი, და ფრინვლითა სხვადასხვითა სავსე, თუმცა ზაფხულს გაუძლისი. ტფილისიდან გორამდე მტკვრის კიდე აქათ და იქით არის ჭალიანი, კლდიანი; ნადირნი და ხოხობნი მრავალნი. გორიდან დამჩხერალომდე ფლატოიანი და ჭალიანი, როგორც დადაღულა.
თორი და აწ გუჯარეთი
ხოლო ჭვარების დასავლეთით და მძოვრეთის სამხრეთით არის მდინარე და ხეობა თორისა, რომელიც გამოსდის ჭვარებსა და ამას შუათს მთასა და მიდის დასავლეთით, მერე მომგრგვალდება ჩრდილოეთით სადგერს ზევით და მიერთვის მტკვარს სამხრეთიდან, და აწ გაყოფილი არის სადგერად და გუჯარეთად. ამ ადგილის კაცნი ყოფილან მებრძოლნი ძლიერნი, აწცა არიან მხნენი; გომარეთს ზევით ჭვარებამდე არის ხეობა გუჯარეთისა, და იყო ადრე მრავალი შენობანი და ეკლესიანი, თუმცა აწ შემუსრვილნი. გუჯარეთის სოფელს ქვვეით კიმოთისმანამდე, თორის წყალზე, აქათ და იქით, არის კლდე, რომელზეც აიყრება დიდ-დიდი ფიცარი ფიქალ-ფიქალი შავი, და ბურავენ მით სახლებსა.
არის გუჯარეთის ჩრდილოეთით, მაღალს მთის თხემსა ზედა, ციხე თოთხამი, მჭვრეტელი ქართლ-იმერეთისა. ამას ქვევით არის ციხე მომწვარას, და ეკლესია მცირე, და შენობანი დიდნი.
არის კვლავ, სარბიელას ზევით, ციხე, სარბიელას-ხევის თავს, მაღალს მთის წვერზე, არის ციხე ალეწისა, მაგარი და მჭვრეტი ქართლ-იმერეთისა.
ხოლო ადგილნი ესენი იყო უშენი, მცირეთაგან კიდე. ააშენა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ. არ არის აქა ვენახნი და ხილნი, გარდა მთის ხილთა, და სხვით ნაყოფიერი მთისებრ, ბალახ-ყვავილითა, ტყითა და წყაროებითა შემკული; ნადირნი მრავალნი, წყალი კალმახით სავსე. მოერთვიან სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ხევნი თორის წყალსა. აწ იყო ნარიანიცა ამისი, სადაცა დგება ზაფხულს ცხვართა და პირუტყვთა სიმრავლე, ვიდრე ტბის-ყურამდე, ადგილსა ვაკესა და მშვენიერსა. დის ქცია საშუალს ნარიანისა, კალმახით სავსე, იტყვიან ტბის-ყურისას თამარ მეფემან ჰყო ტბად, ვინაიდან ჩანს ნარუალი, რომელიც გაიტანაო ქციიდან და აწ უქმი არის.
ხოლო არის სასპასპეტო ესე შემკული მთითა, ბარითა, პირუტყვითა, ნადირ-ფრინველითა. მოსავალნი, რომელნიცა აღვწერეთ, მრავალნი ნაყოფიერებს. კაცნი და ქალნი მშვენიერნი, მშვიდნი, მორჩილნი და ზოგეთნი შფოთის მოყვარენი, მებრძოლნი ძლიერნი. სამწყსონი კათალიკოზისანი. სახლობენ მთავარნი ოთხნი და აზნაურნი მრავალნი. აწ ვიწყებთ სხვასა.
მესამე სასპასპეტო
მესამე სასპასპეტო არის, რომელიც იწყება მცხეთიდან. ხოლო კათალიკოზი, ვინაიდან მეფისა თანა მყოფი არის, და არის მეოთხე სასპასპეტოსი, მაგრამ მუხრანი, ორი არაგვი, ქსნის-ხევი და მამული მისი მესამე სასპასპეტო არის.
ხოლო მუხრანმა მიიღო სახელი ესე მუხათაგან, სადაცა არის ადგილთა ამათ შინა ტყე უმეტეს მუხანი. საზღვარი მუხრანისა არის ძეგვის-წყლიდან დიღმის ვიწრომდე. აწ აღმოსავლეთიდან საზღვრის არაგვი, სამხრეთიდან მტკვარი, ჩრდილოეთიდან ციხე ბოდავისა და ტინის მთა, დასავლეთიდან გორა ოკამისა, სამხრეთისკენ გარდაჭრილი ხაზი შავ-ტყესა და წლევისა კასპის ბოლომდე.
მცხეთა
ხოლო მცხეთა არის ორს მდინარეს შორის: სამხრით უდის მტკვარი, აღმოსავლეთით არაგვი, და იქ შეიკრიბებიან. ააშენა მცხეთოსმა, ძემან ქართლოსისამან, და უწოდა სახელითა თვისითა. შემდგომად იქმნა ქალაქი დიდი, რომელსაც უწოდებდნენ დედა-ქალაქსა. მერე მოზღუდა არდამმა, ერისთავმა სპარსთამან; მანვე ააშენა ხიდსა ზედა ციხე და ჩრდილოეთით ციხე. არმაზიდან წარმოზღუდა მტკვრადმდე. ამის გამო ისწავლეს ქართველთა ქვიტკირი. და იმყოფებოდა ქალაქსა ამას შინა უხუცესი ყოველთა საქართველოსი, და მორჩილებდენ ამას. შემდგომ აზონმა მოარღვია ზღუდე, ა (1) მეფემან ფარნაოზ კვლავ მოზღუდა, და მეფენი ჟამითი-ჟამად ამაგრებდნენ. ხოლო მირიანმა ააშენა ეკლესია მოციქულთა, ხისა, სამოთხესა შინა თვისსა, სადაც არის კვრთი უფლისა, რომელიც მოიტანა ელიოზ, და ხალენი (მატყლის მოსასხამი) ელიასი. და კვ (26) მეფე მირდატმა ააშენა მონაკვეთსა სვეტისასა გარემო ქვიტკირის სვეტი, და ამისგან ეწოდა სვეტი ცხოველი ეკლესიასა ამას, და აღმართა მას ზედა ჯვარი, რომელსაც სდიოდა მირონი სამკურნალო, და აწ უწოდებენ სამირონესა.
და ჩრდილოეთით ამისა მირიანვე ააშენა ეკლესია მაცხოვრისა ღვთაებისა, სამთავრო, ქვიტკირისა, გუმბათიანი, დიდმშვენიერი, და დაეფლა მირიან იქ, და მგ (43) მეფე მირ. ამას შინა დასვა გორგასალმა ეპისკოპოზი, და აწცა ზის მთავარეპისკოპოზი, მწყემსი რეხულას ზევით დიდ ლიახვამდე ვახტანგ გორგასალმა ააშენა მცხეთა ქვიტკირითა და შეამკო დიდად. მანვე დასვა კათალიკოზი. შემდგომად, მიწისძრვით დარღვეული, ააშენა ოა (71) მეფემან გიორგი (V), მერე შემუსრა ლანგთემურმა, ააშენა ოვ (76) მეფემან ალექსანდრემ (I). არსი სიგრძით ..ადლი და განით..., ფრიად მაღალი. შემდგომად ჩამოვარდა გუმბათი და მოაშენა პთ (89) მეფემან როსტომ. ჟდ (94) მეფემან ვახტანგ შეამკო კარი სამირონესი ოქროთა, მინითა და ვერცხლითა, და ჰყო მოფენილმოფარდაგულ ზეზით კერილითა. დაფლულ არიან მეფენი გორგასალ, დავით ლაშას ძე, დიმიტრი თავდადებული, დიდი ლუარსაბ, სვიმონ და გიორგი აწცა ეფლვიან, თუმცა მშვენიერება მოკლებულ არის.
აქავ ლა (31) მეფემან არჩილმა ააშენა ეკლესია სტეფანწმიდისა. აღმოსავლეთით, არაგვის კარსა ზედა, ყოფილან ეკლესიანი მრავალნი, მაგრამ შემუსრვილნი არიან. არიან შენობანი დიდნი, პალატნი დიდდიდნი. ხოლო აწ აღარა არის ქალაქი, არამედ დაბა, რამეთუ შემდგომად ყრუსა მოოხრდა. იტყვიან მძლავრებისათვის მოჰმადიანთა აღარა ჰყვეს ქალაქი, რათა არა მათ იპყრან, და შეიგინოს სიწმიდე. ხოლო არის ზამთარს ცივი, ქარიანი, ზაფხული ცხელი, მაგრამ ჰავით მშვენი, მთებთა შორის მდგომი, რამეთუ აღმოსავლეთით აქვს მთა ჯვარ-ზედაზნისა, დასავლეთით მთა სარკინეთისა, სამხრეთით მთა ქართლისა და კარსნისა.
მუხრანი
ხოლო სარკინეთი არის მცხეთის დასავლეთით, სადაც ააშენეს ქალაქი ძლიერი თურქთა და, მოსლვასა ალექსანდრე მაკედონელისასა, გახვრიტეს მთა ესე სხალტბისაკენ და ივლტოდნენ კავკასეთად. მერე შემუსრა ალექსანდრემ. და არიან ქვაბნი გამოკვეთილნი კლდისაგან, მრავალნი, და კლდე ესე არის, როგორც ნაშენი ქვიტკირისა. არის აქა მონასტერი დიდი, გუმბათიანი და მღვიმე მას შინა, რომელსაც შინა ცხოვრობდა წმიდა შიო, იგ (13) მამათაგანი. ზის აწ არქიმანდრიტი. არის მღვიმესა შინა საფლავი წმიდისა შიოსი სასწაულთმოქმედი, რომლისა გარემოს მისა ვერ იკადრებს მხეცნი შეჭმად პირუტყვთა მონასტრისათა. არის აქა კვლავ ეკლესია დიდი, უგუმბათო, კეთილნაშენი. ხოლო იტყვიან, ძველად იდგა ჭ (5000) მონაზონნი ამათ ადგილთა შინა. მთა ესე არის ტყიანი, ღელე-ღრატოიანი, უწყლო, ნადირიანი, გარდა ირმისა ყოველნი. სამხრეთით კერძი მტკვრისა უმოსავლოიანი, ხოლო ჩრდილოეთ კერძი მოსავლიანი, ვენახ-ხილიანი და იწყების მთა ესე მცხეთიდან და მივალს გორამდე, და ვიდრე ალამდე.
ხოლო მცხეთას განკვეთს არაგვი, თუმცა მოებმის ზედაზნის მთა და მიდის ქისიყამდე. ხოლო მდინარე არაგვი განყოფს ქართლსა და კახეთსა. და ეწოდა სახელი ესე ამ მდინარეს თვისითავე, ვინაიდან დის ჩქარად, მოგვის და იმღვრევა შავად: „ხედავ, არა გვის ეს წყალი ამ ხევთა!“ არის მდინარე ურგები, თევზი გარდა ორაგულისა არარა, და იგიცა ჟამად. გამოსდის მაღრან-დვალეთის ქნოღოს კავკასის მთიდან, და ციკარიდან დის აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა, ვიდრე გუდამაყრის ხევამდე და იქიდან სამხრეთით დის მტკვრამდე. ამიერ და იმიერ ჭალანი ჯღარდლოვანნი, ეკლოვანნი, ნადირითა, ეშვითა და ხოხბითა სავსე.
ხოლო მცხეთის ჩრდილოეთით არის ციხე ბელტისა, ააშენა არდამ ერისთავმა. ამის ჩრდილოეთით არის ღართისკარი, ხევი ღრმა და მშრალი. მის ჩრდილოეთით არის მდინარე ნარეკვავისა, რომელიც გამოსდის ალევის მთასა და დის სამხრეთით ტყვილიანამდე, მერე აღმოსავლეთით და მიერთვის არაგვს დასავლეთიდან. ესე გამოვლის შორის მუხრანსა. არაგვის დასავლეთით, ნარეკვავსა ზედა, არის ჭალა ნარეკვავისავე, ნადირითა და ხოხბით სავსე. და არის მდინარე ესე უჟანამდე ვენახითა და ხილითა ნაყოფიერი. ხოლო ნარეკვავის ჩრდილოეთით, არაგვის პირს, არის საფურცლე და საფურცლის ჩრდილოეთით მისაქციელი, მთის ძირს. ამის დასავლეთით, ამ მთის ძირს, არის ეკლესია წილკანს, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და მშვენიერი. აღაშენა კე (25) მეფემან ბაქარმა (ბაკურ მირიანის ძე), ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორისავე არაგვისა და ბაზალეთისა. ტყვილიანიდან ისო წილკანელმა, იგ (13) მამათაგანმან, წამოიღო ყავარჯნის თრევით რუ, რომელსაც მოსდევდა უმუშაკოთ წყარო და მოიტანა წალკანს და დის დღემდე. დაფლულ არის წმიდა ისო იქ. ხოლო ირწყვის მინდორი ამისი რუითა მით და ნაყოფიერებს ფრიად. ტყვილიანის ჩრდილოეთით არის მონასტერი მჭადის-ჯვარისა, საბურდიანოსა შინა, გუმბათიანი და აწ უქმი. კვლავ ნარეკვავის შესართავის დასავლეთით, სარკინეთის მთის ჩრდილოეთის გვერდი, ვიდრე ქანდა-ციხის ძირამდე, არის ვენახოვანი, ხილიანი, ბალახიანი და ტყიანი, ხოლო ციხისძირს ჩამოუდის ქსანი. ოძისამდე არის მუხრანისა, ოძისის ჩრდილოეთ კერძი ქსნის ხევისა. ციხის-ძირის სამხრეთით არის ციხე მტკვრისა, სარკინეთის მთასავე ზედა, რომელიც ააშენა ოთ (79) მეფის კოსტანტინეს (II) ძემან ბაგრატ. ამ ციხის სამხრეთით, მტკვრამდე და ნასპარსევამდე, არის მინდორი ნასპარსევისა წოდებული. როდეს დაისხნენ თურქთა მოსლვასა სპარსნი, და ამოსწყვიდა ალექსანდრე დიდმა, მათ გამო ისახელა. არის უწყლოობით უნაყოფო, მაგრამ ზამთარს ბალახიანი, და იზრდებიან ცხვართა და ჯოგთა სიმრავლე.
ხოლო ქსანი მდინარე ერთვის მტკვარსა ჩრდილოეთიდან, ციხეს ქვევით. ციხის-ძირს ზევით ერთვის ქსანს შიოს-უბნის წყაროს-წყალი აღმოსავლეთიდან. შიოს-უბანს არის შენობა დიდი სასახლეთა. ხოლო ოსმალთა ააშენეს ციხე ქრისტესა ჩღლ (1730). აწ არის სახიზრად. ამის ჩრდილოეთით ქსორისი. იქ არის აღებული რუ, და რწყავს ორთა ამათ მთათა შორისთა მინდორთა, სარკინეთისა და ციხე-ბოდავის მთათა შორისსა, და ნაყოფიერებს მით ფრიად. მას ზევით ოძისი და, დასავლეთით ქსნისა, ირტო-თეზ-ოკმის მინდორი და ჩანგილარ-ბეგთათავისა; ირწყვის ქსნის რუთივე და ნაყოფიერებს. ხოლო ციხის-ძირის დასავლეთით, ქსანს იქით, ასტყდება მთა თხოთისა, რომელსაც ზედამოიქცა მეფე მირიან ქრისტეანედ. აწცა არის იქ ნიში ჯვარისა, რომელიც აღმართა წმიდამან ნინომ, სვეტისაგან გამოკვეთილი. ამ მთის მობმით მთა წლევისა წავალს გორამდე. ამ მთათა სამხრეთით არის, მტკვრამდე და კასპამდე ქსნიდან, მინდორი აღაიანისა, უწყლო, უნაყოფო, ოღონდ ბალახიანი და ზამთარს მზრდელი ცხვართა და ჯოგთა. ხოლო მდინარემან ქსანმა მიიღო სახელი ესეთ, რამეთუ მდინარე ესე არის სხვათა მდინარეთა ერთი ქსანი. და არის სარგებლიანი მდინარე და თევზიანი, ხოლო ესე მუხრანი ფრიად შემკული არის ზამთარ სითბოთი, და მეფეთა სადგური, ბალახ-ჩალიან-ლერწმოვანი, ზაფხულს მშვენი. კეთილ-აგარაკოვანი, ცივნი წყარონი, ჰავით მშვენი. მოსავალნი მტილთა, წალკოტთა, ვენახთა, თესლ-მარცვალთა მრავლად ნაყოფიერებს. პირუტყვნი, აქლემს გარდა, ყოველნი მრავალნი, რამეთუ ზამთარს ბალახთა მძოვარნი არიან. ფრინველნი გარეულნი და შინაურნი მრავალნი, სანადირონი მოუკლებელნი. სახლობენ გვარიანნი აზნაურნი და კაცნი მხნენი და მებრძოლნი, მაგრამ მპარავნი. პირველად იყო მეფეთა სადგური; აწ უპყრავთ, შემდგომად ბაგრატისა, მუხრანის-ბატონსა, ამასვე აქვს დროშა სასპასპეტე არაგვ-ქსნისა.
არაგვის-პირი და ბაზალეთი
არაგვის პირს არის ოხერ-ხიდა, რომელსაც ეწოდა პირველად ხიდარი, სადაც ააშენა ვარაზ-ბაქარმა ციხე და უკუჯდა ხევსა კახეთისასა და არაგვის პირს. მისაქციელიდან და ოხერხიდიდან ანანურამდე არის ვენახოვანი, ხილიანი, და ოხერ-ხიდის ჩრდილოეთით არის ბოდორნას ქვაბნი გამოკვეთილნი და ციხე მაგარი. ამის ჩრდილოეთით ურია, მოსახლენი ვაჭარნი. ჩრდილოეთიდ მისა, არანისთან, ზანდუკლის ხევი, მას ზევით ვეძათხევისხევი. ამ ხევისა და არაგვის კიდეზე არის ანანური. ძველად იყო ეკლესია მცირე, მაგრამ წელსა ქრისტესა ჩღდ (1704) ააშენა გიორგი ერისთავმა ეკლესია გუმბათიანი, დიდი. გარემო მოავლო ზღუდე ქვიტკირისა, და მაღალს კლდესა ზედა ქმნა კოშკი და ციხე. ჰგონებდა სიმაგრედ თვისად და მომავალთა თვისთა, მაგრამ ექმნა მახედ და მომწყვედელ ძეთა და ნათესავთა მისთა. ვეძათხევის დასავლეთით არის საფერშეთი და ალევი, მთასა ზედა; და ალევი არის მთა მაღალი, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი. ესე წაივლის სამხრეთით ოძისამდე და ჩრდილოეთით ლომისამდე. ესე მთა ჰყოფს ქსნის-ხევსა და ბაზალეთსა. ამ ალევის მთის თხემსა არის ეკლესია უგუმბათო, მჭვრეტი ქართლ-კახეთისა. ამას შინა არის სიმრავლე ხატთა და ჯვართა ოქროსა და ვერცხლისათა, და სამსახურებელნი ეკლესიისანი მრავალნი. კარნი აქვს ოქროსი, რომელიც უქმნეს სპარსთა, რაჟამს წაიღეს ხატი მისი, იქ სასწაულის მხილველთა, უქმნეს კარნი ოქროსანი და დასდვეს ურემსა ხარბმულსა, და მოიტანა იქ. ამ მთას გასდის ნარეკვავი.
ხეობასა ამას ბენის-ჭილუტამდე ეწოდება გრემის ხევი. არ არის გრემის ხევს ვენახნი და ხილნი, სხვითა ყოვლითა მოსავლიანი. და ამ სიმგრგვალვეს შორის არის ბაზალეთი, რომელსაც ეწოდა დაბის გამო. აქვს ბაზალეთს აღმოსავლეთით არაგვი, სამხრეთით ციხე ბოდავისა და ტინის მთა, დასავლეთით გრემის ხევი და ალევის მთა, ჩრდილოეთით ჭართალის მთა. არის აქა ტბა ბაზალეთისა დუშეთის წინარე მდებარე, და არის ურგები და უთევზო, და წურბელი მრავალი. სხდებიან ფრინველნი მრავალნი. არიან ტბის გარემოს, მუხრანის კერძ, არაგვისკენ, გრემის კერძ და ანანურის კერძოდ, დაბები ვენახოვანნი, ხილიანი, მოსავლიანი და უწყლოობით არა მრავალნაყოფიერნი. არიან მცირე წყარონი დაბებთა. ჰავითა მშვენი და კეთილი. კაცნი მბრძოლნი და მპარავ-ავაზაკნი და უშიშნი ღვთისა. წილკნის მთის ზევით, ვიდრე ანანურამდე, უმეტეს ტყიანი, ღელოვან-ვირამოვანი. ხოლო ანანურს ზევით ერთვის არაგვს დასავლეთიდან ჭართალის-ვევი. მის ჩრდილოეთით არის მთიულთ-კარი, სიმაგრე მტკიცე; მას ზევით ნასასახლევი მეფეთა და ხანდოს-ხევი, რომელიც გამოსდის ლომისის მთას, ერთვის არაგვს დასავლეთიდან.
გუდამაყარი
მის ზევით ერთვის ხევი გუდამაყრისა არაგვს ჩრდილოეთიდან; გამოსდის კავკასს გუდამაყარსა, ხევსა და ძურძუკს შორისსა. და არის გუდამაყრის ხეობა მაგარი, მოსავლით როგორც სხვა მთის ალაგნი და უფროს მწირი. კაცნი და ქალნი მგზავსნი მთიულთა, ხელოსანნი, მშვილდთ-მოქმედნი, აკეთებენ რქისაგან ჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან.
მთიულეთი
ხოლო გუდამაყრის-ხევის შესართავს ზევით, დასავლეთ-ჩრდილოეთს შუა, არის მთიულეთი. ამ მთიულეთსა და ქსანის-ხევს განჰყოფს ცხრაზმასა და ხანდოს ლომისის მთა, გუდამაყრის ხევს ზევით, სამხრეთიდან, მოერთვის არაგვს ამირთ-ხევი: კვლავ მოერთვის სამხრეთიდანვე ჩოხელთ-ხევი. ამას ზევით მოერთვის არაგვს ცეცხლის-ჯვარიდან ხარხელთ-ხევი. ამას ზევით არის ნაღვარევი, მეფეთა ნასასახლევი, შენებულება დიდი. მას ზევით მოერთვის არაგვს ღუდოს-ხევი. ამას ზევით არის მონასტერი ყოვლადწმიდისა და აწ უქმი. და ეს ხევნი გამოსდიან ლომისის მთას. მონასტრის სამხრეთით, მთის თხემსა ზედა, არის ეკლესია წმიდის გიორგისა, წოდებული ლომისა და ამის გამო ეწოდა მთასა ამას სახელი ესე, მაგრამ უგუმბათო არის და არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვეცხლისანი, დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრეთით ქსანსა, ჩრდილოეთით მთიულეთს. მთა ესე უტყეო არის და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი. ხოლო ღუდოს-ხევის ჩრდილოეთით, არაგვს გაღმა, არის დაბა ხადა, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილი კლდითავე. მის ჩრდილოეთით არის ციკარა, ადგილი კლდოვანი და ჲ (60) კოშკოვანი გარემოს, და არის იქ ეკლესია მცირე. ამ ციკარას დასავლეთით გადადის გზა ხევსა შინა. ხოლო ციკარის აღმოსავლეთით არის ნასახლევი მეფეთა, ნაშენი დიდი, და ამას ქვევით იყოფის ციკარას წყალი ორად და მიერთვის არაგვს ხარხელის ზევით და ქვევით ჩრდილოეთიდან.
ხოლო ჩრდილოეთით წამოივლის კავკასი და განყოფს მთიულეთს გუდამაყრისა და ხევისაგან. და არის მოზღუდვილი მთიულეთი მთითა; ამის გამო მაგარი და შეუვალი არის, უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი. მოიღებენ ბარიდან ტკბილსა, ჩაასხმენ აქა და ლომისას, და დადგება ღვინო კეთილი, თეთრი და ტკბილი. არ არის აქა აქლემი, კამბეჩი და ვირი; არის ცხვარი უდუმო-კუდიანი, ძროხა და ცხენიცა არა მრავალ, სივიწროვის გამო. ჰავითა არის ფრიად კეთილი და მშვენიერი წყარო-წყლითა და მწვანითა. წყალთა შინა კალმახი, მრავალნი, ხორცნი, თევზნი და ფრინველნი გემოიანნი, პური ნოყიერი, ეგრეთვე ქრთილიცა. კაცნი ჰაეროვანნი, მხნენი და მებრძოლნი, ერთგულნი, ბრიყვ-უსაქციელონი, საჭურველთ-მოყვარენი, სამოსელთა და იარაღთა გამწყონი. ქალნიცა მშვენიერნი, მაგრამ უგბილად (თავის ჭკუაზე, ცუდად) მოსილნი. აქა არის ქვა, რომელიც აიყრება კლდისაგან ფიქალ-ფიქალად, და ასხედს მას ქვასა სიბრტყეზედ ხშირად მუწუკთაებრ, როგორც ოქრო და ვერცხლი, ანუ ნარევი და მბრწყინავი ფრიად, ივლებენ ამას ზღუდეს გარემოთ, და არის პატიოსნება მათ შინა ესე.
ხევი
ხოლო მთიულეთის ჩრდილოეთით არის ხევი. გადადის გზა ხევს, ხადის დასავლეთიდან, კავკასსა ზედა. არის დაბალი და უტყეო; ზამთარს ვერა დადის ამას ზედა ცხენი თოვლის სიდიდითა; ზაფხული არის ბალახიანი, ყვავილიანი. ამას უწოდებენ ყელს. ხოლო ჩრდილოთისკენ ერთვის ხევის მდინარეს ხევი, და უწოდებენ ჩასავალს. აქა არის წყარო თეთრი, როგორც თოვლი, და ჰყრია ბროლი მრავალი, მგზავსი გათლილისა, და სცვივა კლდესა. აქა იპოვება ბროლი და ბწყინავს წითლად, და გასტეხო - არის შიგ წითელი ბროლი. მდინარესა ხევისასა ეწოდება არაგვივე ჩერქეზამდე და იქ ლომეკის-მდინარე ძვლადვე, და აწ უწოდებენ თერგსა; გამოსდის ქურთაულისა, ზახისა და მაღრან-დვალეთისა შუა, აღმოსავლეთიდან, კავკასის მხრიდან, დის აღმოსავლეთად ჩასავალამდე.
ამ ჩასავალს ზევით არის თრუსო სამ ხევად. აღმოსავლეთით აქვს ხევი, დასავლეთით ზახა და მაღრან-დვალეთი, სამხრეთით მთიულეთი, ჩრდილოეთით ქურთაული და მოზღუდვილ არის კავკასით, გარდა ხევიდან. მოსახლენი არიან ოსნი, დვალნი. ჩასავალს ქვევით მოდრკება არაგვი და დის ჩრდილოეთით, ვიდრე ქისტის-წყლამდე, და მიდის ფრიად სწრაფად. ამ დინების გამო არ არის თევზი მდინარესა ამას შინა, გარდა კალმახისა. და არის ხეობა ესე მოზღუდვილი კავკასითა, რამეთუ დასავლეთით აქვს მყინვარი, უმაღლეს ყოველთა კავკასთა, და მარადის ყინულით შეკვერცხილი. და გაჰყოფს მთა ესე თაგაურს, ჩიმსა და ხევსა. აღმოსავლეთით უძევს კვლავ კავკასი, იგიცა მარადის თოვლიანი. გაჰყოფს მთა ესე ქისტს, ძურძუკს და ხევსა. სამხრეთით აქვს კვლავ კავკასი, და გაჰყოფს ესე გუდამაყარს, მთიულეთს და ხევს.
ხოლო ჩასავალს ქვევით არის, ჩრდილოეთ კერძ, არაგვის დასავლეთით, ციხე არშისა, გარეშე კაცთა ხელთაგან ქმნული, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილი კლდითავე და შეუვალი კაცთა, მყინვარის კალთასა ზედა.
აღმოსავლეთიდან არაგვს ერთვის, არშას ქვევით, აჩხოტის ხევი. აქა არის ციხე ღუდუშაურისა მცირე, მაგრამ ფრიად მაგარი. ამ ხევიდან გადადის გზა გუდამაყარს. ამის ჩრდილოეთით არის სტეფან-წმიდა, დაბა კარგი. ამის დასავლეთით არის გერგეთი, არაგვს იქით კიდესა. ზევით ამისსა არის, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი, მშვენიერნაშენი, მშვენიერს ადგილს.
მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, თუმცა საჭირო ასავალი არის, რამეთუ არის ჯაჭვი რკინისა, გადმოკიდებული ქვაბიდან, და იმით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა იქ და აბრაჰამის კარავსა, მდგომსა უსვეტოდ, უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველთა, მაგრამ მე ვდუმებ.
კვლავ ძირსა მისსა არის მონასტერი, კლდესა შინა გამოკვეთილი უდაბნოდ, და აწ ცარიელი. გერგეთს ქვევით, ჩრდილოთისკენ, დასავლეთიდან ერთვის ხევი გელათისა, ძველად ესეთ წოდებული დაბისა ამის სახელი, ხოლო აწ უწოდებენ გველეთს.
ამ გველეთს ქვევით ერთვის არაგვსვე ხევი, სამხრ-აღმოსავლეთიდან, გამოსდის გუდამაყარისა და ძურძუკის კავკასსა, მოდის დასავლეთ-ჩრდილოეთ შუა და არის უშენი. გადადის ამ ხევიდან გზა ძურძუკსა და ქისტეთს, ძნელი, საჭირო. კვლავ გადადის გზა გუდამაყარსაცა. ამ ხევს ქვევით დავიწროვდება ხევი ესე კლდითა, და აქა არის ციხე დავითისა, არაგვის აღმოსავლეთით კიდესა ზედა, აღმაშენებელის აშენებული. ამას ქვევით არის დარიალი არაგვის აღმოსავლეთით, კიდესა ზედა, გ (3) მეფის მირვანის მიერ. შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოვსთათვის, რათა უმისოდ ვეღარა დადოდნენ და არის სახელი ესე მომრევი. ამას ქვევით ნასასახლევი მეფეთ: როდესაც გაილაშქრებდნენ ოვსეთად, იქ დადგებოდნენ.
ხოლო ხეობა ხევისა არის მოსავლიანი ხორბლისა, ქრთილისა, სელისა, შვრივისა ჩასავლით გველეთამდე. არ არის აქა ხილნი, გარდა მთის ხილთა; არის კოწახური, მოცხარი, კლდის მერსენი და სხვანიცა ბალახთა ხილნი. არის ვარდი ჭალათა მრავალფურცლოვანი და წითელი მრავალი, და სხვანიცა ყვავილნი მთისანი მრავალნი. პირუტყვნი, რაც ოდენ ეტევის, მრავალნი. ცხვარი უკუდო. არის აქა მჯიხვი მრავალი ჯოგად და არჩვი. არის ფრინველი შურთხი, გნოლი და ზაფხულს მწყერი ურიცხვნი. იტყვიან ლითონს ოქროსასა და ვერცხლისასა. არ არის ტყე აქა, არამედ ზიდვაენ გველეთის ქვემოდან. ჰავით არის კეთილმშვენი. კაცნი არიან მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი, როგორც მთიულნი, თუმცა ესენი უმჯობესნი ყოვლითა. სარწმუნოებით ქართველთა თანა, მაგრამ მისიცა უმეცარნი.
ქსნის-ხევი და მამული მისი
ხოლო მდინარე ქსნისა ოძის ზევით, ბაზალეთისა და ალევის მთის დასავლეთით, დის და გამოსდის ქნოღოს ჟმურის საშუალს კავკასს. ქარჩოხამდე დის აღმოსავლეთად, ქარჩოხს ქვევით სამხრეთით გაივლის მუხრანს და მიერთვის მტკვარს. ხოლო ოძის ზევით არის მონასტერი ხოფა, უგუმბათო, დიდშენი კეთილად და აწ ცარიელი. მის ჩრდილოეთით არის მცირე ქალაქი ახალგორი. მსახლობელნი არიან სომეხნი, და სასახლე ქსნის ერისთვისა. მას ზევით, ქსნის დასავლეთით კიდესა ზედა, არის ციხე დაბასა წირქვალს. ამის სამხრეთით, ბოლსა და ახალდაბას შუა, არის ახალდაბის ციხე ამილახორისა. წირქვალს ზევით, ჩრდილოეთით, არის მონასტერი კაბენი, გუმბათიანი, ყანჩიეთს, კეთილად ნაშენი, მშვენიერს ადგილს და აწ ხუცის ამარა. ჩრდილოეთით ყანჩიეთისა, ზებეყურის მთის ძირს, არის ხადის ციხე, მაგარი. ზებეყურის მთა არის თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი. ეს მთა ჩამოადგება ცხვირად ქსანს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ალევის მთის ცხვირი, და დაავიწროვებს ქსანსა კლდითა.
ამ კლდეს ქვევით მტკვრამდე ქსანი არის ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, როგორც სხვანი აღვწერეთ, და ამ კლდეს ზევით ვიწრო და მჭიდრო, უვენახო, უხილო, მწირი, როგორც სხვანი მთის ალაგნი მოსავლითა, ტყიან-კლდიანობითა. ამავ კლდის ჩრდილოეთით, საძეგურს, ერთვის ქსანსა აღმოსავლეთიდან ხევი, ალევის მთის გამომდინარე. საძეგურის ჩრდილოეთით არის მონასტერი ლარგვისი, წმიდის თევდორესი. აღმოსავლეთით უდის ქსანი, სამხრეთით ჭურთის წყალი, უგუმბათო, შემკული ყოვლითა, აწ ხუცის ამარა; აქა ჰყო შანშემ ციხე, მაგრამ ურგებად თვისად. ამის ჩრდილოეთით ერთვის ქსანს აღმოსავლეთიდან ცხრაზმის ხევი, გამოსდის ლომისას. და არის ადგილი ესე მოსავლიანი, მთის ალაგთაებრი. და ამ ხევს ზევით, ჩრდილოთისკენ, არის ციხე ქარჩოხისა, ქსნის პირსა ზედა, ლომისიდან ჩამოსულს კლდესა ზედა. უდის სამხრეთით ქსანი და აღმოსავლეთით ხევი, ლომისის მთის გამომდინარე, და ადის აქედან გზა ლომისის ეკლესიისა თანა და ჩადის მთიულეთს. ხოლო ქარჩოხის დასავლეთით არის ქსანსა ზედა ჟამური. აწ მსახლობელნი არიან ოსნი. საშუალს ჟამურისა არის ციხე, ბერციხედ წოდებული, ქსანსა ზედა და კლდესა ზედა მდგომარე. მთიულეთსა და ამას შუა არის მთა მარადის თოვლიანი, უტყეო, კალთათა მცირე არყის ხენი. ჟამურის მხარეს ამ მთასა ზედა არის კოშკნი წარიგებულნი მრავალნი მაღალნი და კეთილნაშენნი. მოსავლით როგორც სხვანი მთის ადგილნი. ცხვარი აქაცა უკუდო, პირუტყვნი არა ეგოდენ მრავალნი.
ხოლო სამხრეთით ჟამურისა არის მთა, გამყოფელი ჭურთისა და ჟამურისა, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი და ნადირიანი. ამ მთის სამხრეთით არის ჭურთის-ხევი, რომლისა წყალი გასდის ამავ მთასა, და სად ერთვის ამ წყალს ცხრაწყაროს-წყალი, იქ, ამ ორთა წყალთ შუა, არის ციხე წინკიბე, ფრიად მაგარი. ამ ორთა ხევთა უწოდებენ ჭურთას, და მიდის აღმოსავლეთად და მიერთვის მონასტერს ქსანსა. ამას შინა მოსახლენი არიან სარწმუნოებით ქართველნი, ეგრეთვე ქსნის-ხევისა და ცხრაზმისა. მოსავლით არის ჭურთა, როგორც სხვანი მთის ალაგნი. კაცნი და ქალნი ამ სამთა ხეობათანი არიან, როგორც დავწერეთ მთიულნი, მათნი მიმგზავსებულნი, და ისინი ყოვლითა უმჯობესნი, ხოლო ესენი ქურდნი, მპარავნი, მძარცველნი, უსირცხონი.
ქოლოთქვიტკირი
კვლავ ცხრაწყაროს სამხრეთით არის მთა, ქსნიდან ისროლის-ხევის მთამდე მდებარე, აღმოსავლეთიდან დასავლეთად, თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი. ამ მთას გაზდის სამხრეთ რეხულა, და არის აქა ციხე მცირე, და მას ციხეს ქვევით ქოლოთქვიტკირი. ესეცა არის მთის ალაგთაებრ, ვიდრე ზახორამდე.
ისროლის-ხევი
ხოლო კვლავ ჭურთისა, ცხრაწყაროსა და ქოლოთქვიტკირის დასავლეთით არის ისროლის-ხევი. ბიყარის-ხევს ზევით არის მამული ქსნისა. ეს მდინარე არის მეჯუდა. გამოსდის ჟამურის მთასა, დის სამხრეთით დაბის მეჯუდამდე. ჟამურის მთის კალთასა არის აშატურთ-კარი და ციხე. ხოლო გაჰყოფს ამ ხეობასა ქოლოთქვიტკირს და ჟამურს მთა ხარულისა, მდებარე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ტყიანი და ნადირიანი. აშატურთ-კარს ქვემოთ ერთვის მეჯუდას დასავლეთიდან მერის-ხევი. გამოდის ბენდერის მთას. ხოლო ამ ხევის სამხრეთით, მახისიდან, გაივლის მთა ტყიანი და ნადირიანი ორბოძლის მთამდე. ხოლო ორბოძალი არის თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. ამ ორბოძალსა ზედა არის ბალახი. უკუეთუ მოძოვოს არა იქაურმა ცხენმა, მასვე წამს მოჰკლავს, ეგრეთვე თივაცა მისი მოაკვდინებს! და არის ესე ბალახი ამ მთებთა ზედა ყოველგან მრავალი. და მიდის ესე ორბოძალი, ვიდრე ბენდერის მთამდე. მერეს-ხევს ქვეით ერთვის მეჯუდას ბიყრის-ხევი აღმოსავლეთიდან, გამოსდის უსანეთს. და ამ ბიყარს ზევით არის ისროლის-ხევი, როგორც სხვანი ამ მხრის მთის ადგილნი, ვიწრო, ტყიანი და მწირი. ხოლო კვლავ ორბოძლის მთის სამხრეთით არის, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი.
გვერდის-ძირი
ამ მთის სამხრეთით კერძს, ჯარიაშენიდან ვანათამდე, უწოდებენ გვერდის-ძირს, და არის ადგილი ესე ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი. ბრინჯ-ბამბას გარდა ყოველნი სცენდება ნაყოფიერად, როგორც დავწერეთ ქართლისასა, ღვინო აქაური თხელი და მომჟავო, თუმცა საამო სასმელად.
პატარა ლიახვის ხეობა
ხოლო ისროლის-ხევის და ჟამურის დასავლეთით არის პატარა ლიახვის ხეობა. ამათ გაჰყოფს მთა ბენდერისა, წიფორისა და ქნოღოსი. მდებარებენ მთანი ესენი ჩრდილოეთიდან სამხრეთით კავკასიიდან. ამ მთებს უძევს აღმოსავლეთით ისროლის-ხევი, ჭურთა და ჟამური, დასავლეთით - პატარა ლიახვი. გამოსდის პატარა ლიახვი ქნოღოს ზევით მცირეს ტბას და მოდის ფოტორისამდე სამხრეთად, მერე საცხენის ქვემოთამდე დასავლეთად, მერე კიდევ სამხრეთით. ხოლო ვანათს ერთვის დასავლეთიდან ლიახვს ხევი გერისა. გამოსდის მშხლების მთას და დის სამხრეთით. ამას ზედა მსახლობელნი არიან ოსნი. უწოდებენ ვანათითურთ სავახტანგოს. ხოლო ვანათსა, საცხენისსა და ბელოთს ზევით ერთვის ფოტრისის-ხევი, ღრმა და კლდიანი, ძნელად გასავალი. გამოსდის გერისა და შუა-ცხვირის მთას. შუაცხვირს მსახლობელნი არიან ოსნი. ამ ფოტრისას-ხევს ზევით არის აწერის-ხევი. აქ ააშენა შანშემ ციხე-სიმაგრედ თვისად, მაგრამ ექმნა გალიად, რამეთუ გამოიყვანეს ცოლი და დედაწული მისი იქიდან. მას ზევით მოერთვის ხევი შამბიანისა ლიახვს აღმოსავლეთიდან. გამოსდის ჟამურის მთას და დის დასავლეთად. ამ ხევს ზევით ერთვის ლიახვს ხევი ჩაბარუხეთისა. გამოსდის გერის მთას, დის აღმოსავლეთით, ერთვის ლიახვს დასავლეთიდან. ამ ლიახვის შესართავს, ორსავ წყალს შუა, არის ციხე ბეყჩოსი. ამ ციხეს ზევით არის ქნოღო სამ ხეობად, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთ-ჩრდილოოეთ შუადან. ხოლო ტბა ქნოღოსი არის მცირე, რომელსა სდის ლიახვი. ამ ტბიდან ვანათამდე არის ლიახვის ხეობა უვენახო, უხილო, როგორც დავწერეთ მთის ხევნი, და სივიწროვით ესე უფროს მწირი, აწერის-ხევს ზევით არიან მოსახლენი ოსნი სრულიად.
მაღრან-დვალეთი
ქნოღოს ჩრდილოეთით არის მთა დიდი კავკასი. ამ კავკასის ჩრდილოთისკენ არის მაღრან-დვალეთი. და ისაზღვრების ესე მაღრან-დვალეთი აღმოსავლეთით კავკასით, მთიულეთსა და მაღრან-დვალეთს შუათითა; სამხრეთით კავკასით, ქნოღო მაღრან-დვალეთის შორისით; ჩრდილოეთით კავკასით და მთათა უმდაბლესითა, თრუსო-ზახასა და მაღრან-დვალეთს შორისით; დასავლეთით მთით, ჩამოსულით კავკასიდან, ჟბასა და მაღრან-დვალეთს შორისით. აქ მაღრან-დვალეთს გამოსდის დიდი ლიახვი თრუსოსა და ზახის კავკასსა, და დის სამხრეთ-დასავლეთს შუა. და არის მაღრან-დვალეთი სამი-ხეობა, მოსავლით, როგორც ამ მხრის მთის ადგილნი დავწერეთ. მსახლობელნი არიან ოსნი. ხოლო ქსნის მამულნი, რომელნიც დავსწერეთ, არიან მაგარნი მთითა, კლდითა და ტყითა. არის მთანი შემკობილნი ყვავილითა და ბალახითა. კაცნი ვგონებ, როგორც არაგვისანი, მაგრამ ისინი უმჯობესნი. ამ მთის ადგილებთა შინა, რომელნიც აღვწერეთ, დიან წყარონი ფრიად ანკარანი, მომლაშონი, მაგრამ საჭმლის მომდნობნი და მომნელებელნი, და სვამენ იქაურნი; უწოდებენ ვეძას, პირუტყვისთვის შემრგო, გამასუქებელი. ხოლო რამდენი ოსნი დავწერეთ ამ ადგილებთა შინა, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გარდმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაიდან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან. ჩვეულებასა ამ ოსთასა დავწერთ მის ადგილს, ოსეთის აღწერასა შინა.
მეორე სასპასპეტო და საამილახვარო
ვიწყებთ მეორეს სასპასპეტოს, მემარჯვენეს, შიდა ქართლის ნაკვეთსა, რომელიც არის აწის ზემო-ქართლი. ხოლო საზღვარი ამისი არის: აღმოსავლეთიდან, რომელიც დავწერეთ ხაზი კასპიდან წასული ჩრდილოეთს, გამჭრელი წლევისა, შავტყისა და მისული ქსნის კიდემდე და ბოლამდე; სამხრეთიდან მდინარე მტკვარი; ჩრდილოეთიდან, რომელიც აღვწერეთ ქსნის მამულის საზღვარი, და მერე კავკასი; დასავლეთიდან ძირულას იქითი მთა კოლბეურისა, მცირე, რომელიც მიჰყვება ჩრდილოეთ კერძ პერანგამდე, იქიდან ერწო-კუდარამდე და ესევ მთა კოლბეურისა, ხეფინისხევსა და ამაშუკეთს შუა, მიჰყვება სამხრეთით ვერტყვილამდე; ვერტყვილიდან ხაზი ჩხერიმელის დაბის ქვაბამდე, და იქიდან მახვილოს მთის განმჭრელი დვირამდე დაბაკულიანის მთამდე. ხოლო მუხრანს თხოთის მთიდან მოსდევს მთა, დასავლეთად, მტკვრის კიდესა, გორის ქალაქამდე, და ეწოდება მთაწლევისა, მერე კვერნაქი. არის ამ მთისა ჩრდილოეთ კერძო ტყიანი, ვიდრე ზეგანამდე, მას ზევით კვერნაქი უტყეო გორამდე, და სამხრეთით კერძი სრულიად უტყეო, თუმცა ბალახიანი ზამთარცა და თბილი. კლდენი მაღალნი და ქვაბნი გამოკვეთილნი მრავალნი. კლდე ესე აშურიანამდე, როგორც სარკინეთისა, მერე თირი.
ხოლო წლევის მთას გასჭრის მდინარე რეხულა, ქოლოთქვიტკირის ქვევით დის ლეხურა სამხრეთით, ერთვის კასპს მტკვარს ჩრდილოეთიდან. კასპი ააშენა პირველად ქალაქი უფლოს, მცხეთოსის ძემან, და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არის დაბა დიდი. კასპს ზევით, წლევის მთაში, არის მონასტერი მამებას, სტეფანწმიდისა, თათესაგან, იგ (13) მამათაგანის, ქმნილი. დაფლულია წმიდა თათე იქ. იტყვიან ამის ნაწილის აღმოსლვასა, როგორც წმიდის შიოსას, მაგრამ აწ დეკანოზის მიზეზით დაყენებული. და აწ არის ხუცის ამარა. მას ზევით არის ციხე, საიდანაც გამოიყვანეს ოვსთა გორგასლის და. ამის ზევით, ხორხებთან, ერთვის რეხულას ხევი უსისტყისა და გამოსდის მხურვალეთის მთას. ამის ზევით არის, რეხულას აღმოსავლეთით, სამთავისი, ეკლესია დიდი, გუმბათიანი, დიდმშვენიერად შენებული. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა, ქმნილი არს იგ (13) მამათაგანისა ისიდორესგან, და დაფლული არის იგი იქვე. ხოლო სამთავისის ჩრდილოეთით, ჭალას, შენობა დიდი სასახლეთა. ჭალის აღმოსავლეთით არის ციხე ცხვილოსისა, მთის ძირსა ზედა. და გაივლის მთა ესე ჩრდილოეთით ზებეყურამდე და დასავლეთით უსანეთამდე, და არის ტყიანი და ნადირიანი. ჭალას ზევით არის დაბა რეხი, რომლისა გამო იწოდა მდინარე ესე. ამ რეხის აღმოსავლეთით არის მონასტერი ქვაბისმანი. ზის წინამძღვარი.
აქამდე არის რეხის ხეობა ხილიან-ვენახიანი და ნაყოფიერი. ამას ზევით ქოლოთქვიტკირითურთ, როგორც სხვა მთის ალაგნი. რეხის დაბის ზევით ერთვის რეხულას ხევი წოლდისა, და გაჰყოფს ამას მთა წინხსენებული ცხვილოსისა. ჩრდილოეთით ამ მთისა არის წოლდი, სამხრეთით ბერშოეთ-კირბალი და სხვანი. წოლდის-ხევი გამოსდის უსანეთის მთას. უსანეთის მთის თხემს არის ეკლესია წმიდის გიორგისა, უგუმბათო. ამის გამო ეწოდა მთასა ამას სახელი ესე. ამის აღმოსავლეთით, ზემოთ, არის ზახორი, ზახორს ზევით ციხე კაბერი, და ამ ციხეს ზევით ქოლოთქვიტკირი, ხოლო კვლავ ჭალასა და რეხის დასავლეთად, მხურვალეთს ზევით, არის მთაში მონასტერი კეთილნაშენი, აწ უქმი.
ამ მთის მიყოლვით, დასავლეთისაკენ მეჯუდამდე და ვიდრე დიდ ლიახვამდე და კვერნაქის მთის შორისი მინდორი დიდი და უტყეო, თუმცა დაბებთა არის წალკოტნი, ნიგვზნარნი და ვენახნი მრავალნი; და ირწყვის მინდორი ესე მეჯუდის აღმოსავლეთისა მეჯუდის რუთი. მოდის ყოველნი მარცვალნი, გარდა ბრინჯ-ბამბისა. მთის ძირის დაბები ეგრეთვე ვენახოვანნი და ხილიანნი, პირუტყვითა სიმრავლე, გარდა აქლემისა, არის ყოვლისავე. ამ ადგილს აწ უწოდებენ საამილახოროსა. კვლავ კასპის დასავლეთით მინდორი მტკვარსა და კვერნაქს შუა არის აშურიანი, უწყლოობით უნაყოფო, უფლისციხემდე, მაგრამ ზამთარს ბალახიანი, და იზრდება ცხვართა, ირემათა და მროწლეთა სიმრავლე, და ტფილი ზამთარი. აშურიანს ზევით არის უფლის-ციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკვრის კიდესა, რომელიც ააშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისამდე; აწ არის შემუსრვილი. შენობა არის უცხო, კლდისაგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი ქანდაკებულნი კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკვრამდე, დიდი. დასავლეთით აქვს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკვეთილნი ქვაბნი მრავალ-დიდნი, თუმცა აწ შეუვალ არის, აქა არის ბუზნი. გამოსული იხილვება სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.
გორის ქალაქი
ამის დასავლეთით არის ქალაქი გორი. ამან სახელი მიიღო გორისაგან, რომელიც ამოსულ არის იქ დიდი, ლიახვის მდინარის კიდესა ზედა. და მოსდგამს ამ გორას აღმოსავლეთით კვერნაქი, ჩრდილოეთით მთა რუისისა, ლიახვის დასავლეთად, რომელიც იწოდება კვერნაქადვე, სამხრეთით მთა ბურეთისა და გორიჯვრისა. და ამ მთის ძირს, გორსა და მთას შუა, დის მდინარე მტკვარი. ხოლო ქალაქს გორს ჩაუდის დასავლეთით მდინარე ლიახვი, და მიერთვის ლიახვი მტკვარსა ჩრდილოეთიდან. არაარის უწყებული, ვისით აშენდა პირველად, თუმცა ცხოვრებასა წერილ არის: „ჰერეკლე კეისარმან უწოდა ტონთიო (რომელიც არის ოქროს მთა) და ჰყო საფლველად საგანძურთა“. არის გორასა ზედა ციხე დიდი. დასავლეთით არის გვრაბი, ჩატანილი ლიახვამდე, ქვიტკირისა. ამის გარმოხვეული ლიახვიდან ლიახვამდე ქალაქი პგ (83) მეფემან სვიმონმა წაართვა ოსმალთა და შემუსრა ციხე. პთ (89) მეფის როსტომის მეფობას ააშენა შაჰსეფიმ კვლავ ციხე, და ამიერიდან ეპყრათ ყიზილბაშთა. ჟდ (94) მეფის ვახტანგის ჟამსა იყო ცარიელი, შემდგომად დაიპყრეს ურუმთა, მერე შაჰნადირმა დაარღვია ციხე; და ძალყოფილი ოსმალთა, და ლეკთა, და ყიზილბაშთაგან შემცირდა ქალაქიცა. და არის შენობა უმეტესად ქვიტკირისა, ეკლესიანი კეთილმშვენიერნი ჱ (8), თუმცა ერთი შემუსრეს ოსმალთა სომხისა. აქა პთ (89) მეფემან როსტომ ქმნა სასახლე ყიზილბაშთა რიგისა, წალკოტ-სავარდითა, დიდი, ავაზანი წყლიანნი დიდ-დიდნი მშვენიერნი. ჟდ (94) მეფემან ვახტანგმა განაახლა; შემუსრეს ოსმალთა. არის ადგილი ჰავითა მშვენიერი, წყალი კარგი, გარემოს აქვან ვენახნი და წალკოტნი მრავალნი ზაფხულ კეთილი, ზამთარს ცივი, ქარიანი; სანადირო მოუკლებელი ფრინველითა, თევზითა და სხვითაცა. ხილნი და საზრდელნი მრავალნი, გემოიანნი. მსახლობელნი არიან ქართველნი და სომეხნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მშვენიერნი, ამაყნი და დიდის მთქმელნი.
მეჯუდის მდინარე ბიყრამდე
აქ ციხის ძირს, ერთვის ლიახვს მეჯუდის მდინარე. არის ბიყრამდე მეჯუდა ვენახოვანი, ხილიანი. ამიერ და იმიერ დაბები მრავალნი; თესლთა, მარცვალთა მოსავლით ნაყოფიერი. გორს ზევით ბერბუკს, ერთვის მეჯუდას სველნეთის ფშანი. არის მეჯუდაზე, იკორთისა და კირბალის მთის ძირს, დაბა მეჯუდა, რომლისაგან ისახელა მდინარე ესე. გორიდან ჩრდილოეთისკენ მეჯუდას ზევით არის, უსანეთის მთის ძირში, მონასტერი წმიდის თევდორესი, აწ ხუცის ამარა. ამას ზევით არის მონასტერი მეჯუდის მდინარის დასავლეთად, მთის ძირში, ბიეთს, მონასტერი კეთილს მშვენიერს ადგილს. ამას უდის ხევი, გამომდინარე მერის მთისა. და მიერთვის მეჯუდას დასავლეთიდან. უზის ბიეთს წინამძღვარი. ბიეთს ზევით არის ხევი მახისისა. აქამდე ხეობა მეჯუდა ვენახოვან-ხილოვანი, მოსავლიანი. ამას ზევით არის ბიყარი და ისროლის-ხევი, როგორც აღვწერეთ.
დიდის ლიახვი და პატარა ლიახვი ვანათამდე
ხოლო გორიდან ლიახვის მდინარის სიგრძე არის მაღრან-დვალეთამდე და დის მაღრან-დვალეთიდან, აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მუგუთამდე; მუგუთიდან დის სამხრეთით გორამდე, და გორს მცირეთ ქვემოთ მიერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდან. არის მდინარე ლიახვი სარგებლიანი, მრწყველი ველთა იმიერ და ამიერ ლიახვისათა, ჩქარად მომდინარე და რიყიანი, და ხმოვანი, სასმელად შემრგო და გემოიანი, მარადის ცივი, თუმცა ვერ გაყინავს ზამთარს სიჩქარისათვის. თევზნი მრავალნი. რომელი ველნი ირწყვიან ლიახვითა, პური მისი არის ყოველთა ქართლისათა უმჯობესი, და გემოიანი, და თეთრი. გორს ზევით ლიახვს ერთვის გორისავე ჭალისა და ნაჭარმაგევის წყალნი. ნაჭარმაგევი იყო სადგური მეფეთა და კეთილსანადირო, და აწ კარალეთად წოდებული, ადგილი ტურფა, ჭალიან-მინდვრიანი, ნადირიანი, ფრინველიანი. ამ გორს ზევით აღარა არის კაკაბი, თუმცა მცირედთა ადგილებთა თუ მოიპოვება. გორს ზევით, კარალეთის პირისპირს, ლიახვის დასავლეთით, რუისის მთის ძირს, არის თედოწმინდა. მცირედ მას ზევით ერთვის დასავლეთიდან ლიახვს ვარიანის ფშანი და ახალდაბისა. ამ ფშანსა შინა იპყრობა კალმახი ყვითელი და ფრიად კარგი.
ვარიანს ზევით ერთვის ლიახვს აღმოსავლეთიდან პატარა ლიახვი. ამის გამო ეწოდა დაბასა ამას შერთული. ვანათამდე არის ვენახიანი, ხილიანი, დაბებიანი და მრწყველი ველთა გორს ზევითისა, მეჯუდის მდინარისა და პატარას ლიახვს შუათთა, გვერდის-ძირამდე. შერთულს ზევით არის ეკლესია არბო-წმიდისა, სასწაულთმოქმედი, პატარა ლიახვის კიდეზე, დასავლეთით. ამ არბო-წმიდის ზევით ერთვის პატარა ლიახვს აღმოსავლეთიდან მერის-ხევი. ამ ხევზე აღმოსავლეთით არის, ორბოძლის მთის კალთასა ზედა, კულბითის ციხე. კულბითს ქვევით მოერთვის ამ ხევს ლაფაჩების-ხევი. გამოსდის ორბოძალს. ამ ხევს ერთვის სნეკვის-ხევი, დიდი და ღრმაკეთილი შემრგო, რომელიცა გამოსდის სნეკვსავე. და არის სნეკვი, და ლაფაჩები, და მერე ქსნისავე. ამ მერის-ხევს ზევით, ჩრდილოეთ კერძ, არის ვანათი, პატარა ლიახვის კიდესა. მაღლა გორასა ზედა არის ციხე, სნეკვიდან წამოსულს მცირეს მთასა ზედა. ეს მთა გაჰყოფს კულბითს-ვანათამდე სოფლებსა და საცხენისსა, და ბელოთს, და პატარა ლიახვს, და მიადგება ორბოძალს. ჩრდილოეთით უდის პატარა ლიახვი, სამხრეთით აქვს კულბითი და ვანათი. ვანათის ციხე შემუსრვილი განაახლა შანშემ. შემუსრეს კვლავ ყიზილბაშთა. ციხის უკან, ჩრდილოეთით, არის კლდე მაღალი, ქარაფოვანი, მჭვრეტი ლიახვისა, და მას შინა ქვაბნი გამოკვეთილნი მრავალნი.
ხოლო კვლავ შერთულს ზევით, დიდ ლიახვზე, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათოი უზის წინამძღვარიი დასავლეთით მეღვრეკისისა, ლიახვს გაღმა, არის ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა დიდი, გუმბათიანიი ააშენა გორგასალმა და დადვა მას შინა გვამი წმიდისა რაჟდენისა. მანვე გორგასალმა ჰყო საეპისკოპოზოდ და დასვა ეპისკოპოზი; ზის დღესაც მწყემსი კავკასიანთა, დვალთა და აწ ოსეთად წოდებულისა, გლოლა-ღებითურთ. და არის ეკლესია დიდშენი, კეთილს ადგილს, მშვენიერი. ამ ნიქოზის ჩრდილოეთით, დიდის ლიახვის კიდეზე, არის მცირე ქალაქი ქრცხინვალი, კეთილ-ჰაოვანი. მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი. გარემოს წალკოტოვან-ვენახოვანი, საზრდელით მაძღარი. ლიახვს გაღმა, აღმოსავლეთით ქრცხინვალისა, ასტყდება მთა ტყიანი, და ეს მთა მიჰყვება ჩრდილოეთისკენ მშხლებამდე. ამ მთის ძირს, ქრცხინვალის აღმოსავლეთით, პატარა ლიახვისაკენ, არის ერედვს ციხე და ეკლესია მას შინა, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი, მის ჩრდილოეთით, მთის კალთას, არის ციხე მცირე სხვა. ამ ერედვის ჩრდილოეთით გაჰყოფს მთა ესე ვანათ-გერის-ხევსა და დიდს ლიახვსა. კვლავ ერედვის ჩრდილოეთით, ამავე მთასა შინა, არის, ქრცხინვალისაკენ, მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, კარგს ადგილსა და მშვენიერსა, საბაწმიდა, დიდნაშენი და აწ ხუცის ამარა. მის ზევით, ამავე მთაში, არის აღმოსავლისკენ, უდაბნო, მაღალს კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი ეკლესიით; ძევს მოწესე მკვდარი, დღემდე დაუშლელი, კუბოსა შინა კლდისასა, ანაფორითა. აქა არის კარკალი, სადაცა ზამთარს დნება თოვლი, ხოლო ზაფხულს ჰყინავს და ხმარობენ ზაფხულ ყინულად.
კვლავ ქრცხინვალს ზევით არის, ლიახვის დასავლეთით, თამარაშენი, მცირე ქალაქი. მსახლობელნი სომეხნი, ურიანი და ქართველნი. თამარაშენს ზევით ერთვის თირის მონასტრის-ხევი. ამ ხევზე, გორის ძირს, არის აჩაბეთი, სასახლე და ციხე მეფეთა. ამის დასავლეთით არის, მთაში, თირის მონასტერი, უგუმბათო, მაგრამ ფრიად კეთილშენი, კეთილს ადგილს. ზის წინამძღვარი. აჩაბეთს ზევით, კეხვს, არის, მთის კალთას, ციხე კეხვისა. და მთა ესე ასტყდება დასავლეთის კერძოდ ქრცხინვალიდამ, და გამოივლის ჩრდილოეთით, და კეხვს ზევით მოვიწროვდება კლდითა, და მერე მიდის დასავლეთით, და მიადგება პერანგის წამოსულს, წონისა და ფაწას შორისს, მთასა. და კვლავ ქრცხინვალიდან მიდის დასავლეთით, და მიდის ბეყმარამდე. ხოლო კეხვს ზევით, მოვიწროებულსა ზედა, არის ხიდი სვერისაკენ გამსლველი, და ამ ხიდს ქვევით ხიდთა მუსრავს ლიახვი მტკიცესაცა. და გორიდან სვერამდე არიან ლიახვის იმიერ და ამიერ დაბები ხილიან-ვენახიანნი. არის ღვინო თხელი და მომჟავო, სასმელად მშვენიერი.
კეხვის აღმოსავლეთიდან ლიახვს ერთვის ხევი სვერსა და ქემერტს შუა; ჩამოვარდება ჩრდილოეთიდან. გამოსდის ამასა და გერის შორისს მთას. ამ მთის თხემზე არის ეკლესია სპარსის წმიდის გიორგისა, და არის ხატი დიდი ოქროსი, სპარსთაგან ქმნილი, სასწაულისათვის მის მიერ ქმნულისა, და აწცა არის სასწაულიანი. კვლავ სვერიდან გაივლის მთა ტყიანი ჩრდილოეთით, და სადაც მოდრკება ლიახვი, მოდრკებს მთა ესეცა, და გაივლის აღმოსავლეთით, და მიადგება გერის მთასა. სვერის ხიდს ზევით ჩამოვარდება ითრაფულა დასავლეთიდან და მიერთვის ლიახვს. ამას ზევით, გუფთას, არის ნაციხვარი. გუფთას ზევით მოერთვის ლიახვს მდინარე ფაწა. გამოსდის ერწოსა და ამას შუათს მთას, მიდის აღმოსავლეთად. და ამ ხევს მოერთვის სხვა ხევი სამხრეთიდან, გამოსდის მასვე მთას, მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევის შესართავს ზევით ერთვის ფაწას პატარა-ჯავის ხევი, გამოსდის დვალთ-გორასა. ამას ზევით ერთვის ფაშას სოხოს-ხევი. სოხოს-ხევს ზევით ფაწასვე მოერთვის ქეშელთის-ხევი და სდიან ეს ხევნი დვალთ-გორასა.
ხოლო პატარა ჯავასა და ხწვეს შუა არის მთა ტყიანი, დვალთგორიდან ფაწამდე სამხრეთით მდებარე. ფაწის შესართავს. ზევით არის სხლები და ჯავა. ჯავას ზევით ერთვის ლიახვს დასავლეთიდან ხწვის-ხევი, სდის დვალთ-გორასა. ხწვის პირისპირ, ლიახვს გაღმა კიდურს არის მიწა სასვენებელი, და უდის სუნი ფრიად ძნელი, მაგრამ ჰკურნებს ქარსა, სევდასა და ინთილას სუნებითა, თუმცა მსუნებელი შებინდება სუნითა. ხწვეს ზევით ერთვის ხევი მუგუთისა ლიახვს, დასავლეთიდან, და გამოსდის დვალთ გორასა. აქ ააშენა ციხე მაჩაბელმა, შეუმუსრეს ურუმთა, რომელიც იყო მაღალს კლდესა ზედა. მცირედ ამ მუგუთს ზევით მოდრკება ლიახვი, და მიერთვის იქ ხევი კოშკისა. მას ზევით მიერთვის ლიახვს როკის-ხევი. როკას ზევით მიერთვის ლიახვსვე ბჟის-ხევი. და სდიან ეს ხევნი დვალთ-გორასა და დიან სამხრეთად. ხოლო ბჟის-ხევი სადაცა სდის კავკასსა, იქ დამდაბლდება ზეკარის კავკასი, და გადადის გზა ზამთრისა და ზაფხულისა ზახას და დვალეთს. კვლავ ლიახვს ერთვის ბჟას ზევით, სამხრეთიდან, მშხლების-ხევი და გამოსდის გერის მთას. და ამას ზევით არის მაღრან-დვალეთი, როგორც აღვწერეთ. სვერის ზევით რომელიც ლიახვის ხეობა აღვწერეთ, არის უვენახო, უსილო; მსახლობელნი არიან ოსნი, დვალნი; მოსავლით მთის ალაგებრი და პირუტყვითაცა ეგრეთი, ხოლო ქრცხინვალის დასავლეთით არის, წინხსენებულის მთის ძირს, თიხრევის-ხევი, გამოდის ძარს, დის სამხრეთით, მაგრამ მინდორად ვეღარა დის. ტბეთს ზევით არის ნაციხარი. ამას ზევით ითხრება ქვა შავი დუდეთს. ამ ქვით ბურავენ ეკლესიებთა, სიბრტყისა და სიმსუბუქისათვის. არიან ქრცხინვალის ხეობის კაცნი მშვენიერ-ჰაეროვანნი, მებრძოლნი, სირცხვილის მდევარნი, ამაყნი, ერთგულნი. სახლობენ თავადნი და აზნაურნი, და ქალნიცა ეგრეთვე რიცხვი.
გორისა და ლიახვის ზევითი
ხოლო კვლავ გორის დასავლეთით არის მთა რუისისა, ტინის ხიდით, თედო-წმიდით სასირეთამდე და მტკვრამდე, მცირე ადგილს ტყიანი, სახნავი და მოსავლიანი ნაყოფიერად, უწყლო, და ადგილ-ადგილს დის წყარონი მცირენი. მტკვრის პირად ღრატოიან-კლდიანი. და ამ მთის დასავლეთით, მტკვრის კიდესა ზედა, არის ურბნისი. ააშენა ქალაქი უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არის ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახვისა, და რომელიც ირწყვის ლიახვითა მით. შემუსრვილი ააშენა და განაახლა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ და შეამკო ხატი მისი წმიდის სტეფანე პირველმოწამისა. მოზღუდა ქვიტკირითა. ურბნისის დასავლეთით, დუდეს, დის წყარო ფრიად დიდი კიდესა მტკვრისასა, რომლით ბრუნავენ დიდნი წისქვილნი ზამთარსა, ვინაიდან ვერ გაყინავს.
სამხრეთით ურბნისისა არის რუისის მთის ძირს, დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, გუმბათიანი, დიდი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისისა ზევითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე, და აწ ესევე მწყსის ხეობასა და სადგერს, ვინაიდან მაწყვერელი აღარა არის. შემუსრა ლანგთემურმა; ააშენა ეკლესია ესე ოვ (76) მეფემან ალექსანდრემ. შემდგომად კვლად განაახლა და შეამკო პთ (89) დედოფალმან მარიამ. და ამ რუისის მთის სამხრეთის მინდორი ნიქოზამდე და ლიახვით დვანის-წყლამდე ირწყვის ორის ლიახვის რუთი, თამარ მეფის ქმნულითა, და ნაყოფიერებენ დაბები ყოვლითავე მრავალნი. ხოლო სალთვისის რუ განაახლა ჟდ (94) მეფემან ვახტანგმა, მაგრამ აწ უქმი იყო. ხოლო რუისი არის უწყლო, გარდა წყაროსა ერთისა, რომელიც არის ეკლესიისა თანა. სცხოვრებენ ამ რუთი, და ირწყვის მინდორი ურბნისამდე ამითვე.
დვანის წყალი
რუისის დასავლეთით არის დვანის-წყალი. ეს გამოსდის თირის მონასტრიდან წასულს მთას, დის ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდან. მტკვრის ჩრდილოეთით, ამ მდინარის აღმოსავლეთით, არის ბრეთს მონასტერი უგუმბათო, რომელიც ჰქმნა პიროსმა, იგ (13) მამათაგანმან, და დაფლული არის იგიცა იქვე. არის აწ ხუცის ამარა. ბრეთის დასავლეთით, წვერიდან, ასტყდება მთა კვერნაქი და მიდის ფცის-წყლამდე, რომელსაც უწოდა ცეცხლის-ჯვარი. წვერს ქვევით, არადეთს, არის ჭია მარიამული, რომელიც ჰკურნავს ბრაზიანის ნაკბენს სმითა. ამის ჩრდილოეთით და ამ წყლის დასავლეთით კიდესა არის დირბს მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვარის მონასტრისა. მაგრამ მეფენი ქართლისანი დასვამენ ქართველთა, და ყოველსა საქართველოსა შინა არის მამული მისი, და ჰფლობს ესე, და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალემს. ამას ზევით, დვანს, ამ წყალს ერთვის ხევი ჭოლიბურისა. ამ ხევს ზევით ერთვის ამ წყალს ხევი წუნარისა. წუნარს არის ეკლესია გუმბათიანი, აწ უქმი. წუნარის-ხევს ზევით არის ეკლესია ერკნეთს; დგანან მთაწმიდის მონაზონნი ბერძენნი. აქ ამ წყალს მოერთვის დასავლეთიდან ნულის-ხევი. არის ნულს ციხე. ამ ხევს ზევით მოერთვის აღმოსავლეთიდან ყორნისის-ხევი, გამოსდის ძარის მთას. ყორნისს არის ქვაბნი კლდისანი და კოშკოვანი, თუმცა ზევით, ამ წყალზე, მთასა შინა, არის ციხე საქართლისა, მაგარი. ხეობა დვანისა არის ვენახოვანი, ხილიანი, მარცვლითა ყოვლითა ნაყოფიერი.
ფცის-წყალი
დვანის-წყლის დასავლეთით არის ფცის-წყალი და დის ლოხოისა-პერანგას მთათაგან, მოდის სამხრეთით და მიერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდან. კიდესა მტკვრისასა არის ქვენა-ტკოცა, მას ზევით ბერძენაული. ამას ზევით მოერთვის ამ წყალს ტკოცის-ხევი დასავლეთიდან. ამას ზევით, ფცის ზემოთ, ამ წყალს მოერთვის აღმოსავლეთიდან ღოღეთის-ხევი, სდის ლებეურის მთას. ამას ზევით, ავლევს, მოერთვის ამ წყალს დასავლეთიდან ბრეძის-წყალი. არის ბრეძას მცირე ციხე. გამოსდის ეს წყალი პერანგას, მოდის სამხრეთით ბრეძამდე, მერე აღმოსავლეთით. აბანოს ერთვის ამ წყალს წაღვლის-წყალი, და ბრეძას მოერთვის აბანოს-წყალი. ეს გამოსდის მშვილდაურის მთას, მოერთვიან ორნივ ბრეძის-წყალს დასავლეთიდან. აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნავს ქარით დახუთვილსა და ბუგრსა-მუწუკსა. ბრეძის ჩრდილოეთით არის ეკლესია ატოცს, წმიდის გიორგისა, სასწაულიანი. ავლევს ზევით, ფცის წყლის აღმოსავლეთით, არის ოქონას მონასტერი დიდი, გუმბათიანი, მაგრამ უცხო არის, რამეთუ მიწისძრვისაგან წახრით მდგომარებს ჩრდილოთიკენ და არა დაირღვევა, ადგილსა მშვენიერს, წყაროიანსა. აქა არის ნიგოზი; გასტეხო რა, ნებალი მისი არის ნახევარი ნიგოზი და ნახევარი თხილი.
დასავლეთით მეტეხისა და ფცის-წყლისა არის თიღვას ჯვარის მონასტერი, რომელიც ააშენა ასულმა აღმაშენებლისა თამარ, გუმბათიანი, დიდმშვენიერი, კეთილად ნაშენი. შენობანი გარემოს მრავალნი, და აწ ხუცის ამარა. ამის ჩრდილოეთით არის ძაღინა. აქა არის ლითონი ვერცხლისა, მაგრამ უსარგებლობისათვის დატოვეს. აქავ, მდინარის კიდეს, არის მუხაური; მოსახლენი არიან ურიანი და სომეხნი ვაჭარნი. მუხაურის ბოლოს ეყრება ფცის-წყალს ხტანის-პევი. ძაღინას არის ციხე და სასახლე. ხოლო ფცისა და დვანის-წყალს ჰყოფს მთა ლებეური, რომელიც ასტყდება დაბის ფციდან და მდებარეობს ხტანამდე სამხრეთიდან ჩრდილოეთით, ტყიანი და ნადირიანი. მუხაურს ზევით არის მონასტერი ფცისა და ოჟორის-წყალთა შუა, წოდებული ოჟორისა, უგუმბათო, შემკობილს ადგილს, და აწ ხუცის ამარად. ხტანის ზევით არის ეკლესია მთასა შინა, წოდებული გომართა, აწ ცარიელი. იქიდან მიდის გზა ლოხოისის მთასა ზედა, და პერანგის მთასა ზედა გადადის იმერეთის ჭალასა შინა.
ალის-წყალი
ხოლო ფცის-წყლის დასავლეთით არის ალის-წყალი. გამოსდის ლიხის მთას, მოდის სამხრეთით, ერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდან. ამის შესართავთან არის დაღალულა. ამ მტკვრის კიდეზე, სამხრეთით, არის სომანეთი. ამ სომანეთის სამხრეთით არის ვაყა. ვაყას ზევით არის ნაბახტევი და ნაციხვარი. სომანეთსა და ქვენა-ტკოცას შუა არის მოხისი, დაბა დიდი, ცეცხლი-ჯვრის მთის ძირს; და ამისი მინდორი მტკვრამდე უწყლო, მაგრამ მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა. ნაბახტევს ზევით ერთვის ალისწყალს ბრილის-წყალი; დის ბრილს ერთის წყაროდან და აბრუნებს წისქვილს. აქ, ბრილს, ითხრება კაჟი ფრიად კეთილი, მოსპეტაკო, ჩახმახისათვის. ბრილის-წყლის შესართავს ზევით არის ალის-წყალზედ, დასავლეთით, კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე, მსახლობელნი არიან სომეხნი და ურიანი, მცირედ ქართველნი. გაზაფსულ-შემოდგომას ჭყვაპიან-ტალახიანი, ზამთარს ცივი, ზაფხულს ცხელი, მაგრამ ჰავით კეთილი, მხიარული. ალის ზევით არის, ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა. ციხეს უკან არის სოფელი უწლევი, მთაში. აქ აკეთებენ ჭურსა ღვინისასა კეთილსა, ყოველთა უმჯობესსა. ამავ ციხეს ზევით ერთვის აღმოსავლეთიდან ალის-წყალს ჭერათხევის-ხევი, მაგრამ უშენობო. ამ ხევს ზევით არის მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ (13) მამათაგანის ქმნილი, და დაფლული არის მიქელ იქვე. ზის წინამძღვარი.
სურამის წყალი
ალის-წყლის დასავლეთით არის წყალი სურამისა. გამოსდის ლიხის მთას, მიერთვის ჩრდილოეთიდან მტკვარს, ოსიაურს ზევით. აქა არის ჭალა სურამისა, მტკვრის კიდესა, დაღალულადან შოლამდე. გაჰკაფა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ და ქმნა დაბები. ოსიაურს ზევით, ხაშურს, ერთვის სურამის-წყალს ქემერტის-წყალი, აღმოსავლეთიდან. გამოსდის ლიხის მთას. ამ ხეჰჟის შესართავის დასავლეთით, შინდარას დასავლეთით, არის სურამი, მცირე ქალაქი, მოსახლენი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არის საშუალს ციხე მაღალს კლდესა ზედა, მტკიცე. არის ჰავითა მშვენი და მხიარული. სურამს ზევით, სამხრეთიდან, მოერთვის ამ წყალს უთხვის-ხევი. მას ზევით არის იტრიას მონასტერი ყოვლადწმიდისა, უგუმბათო, დიდშენი აწ ხუცის ამარად. სურამის ბეკმიდან ასტყდება მაღალი ბორა, მდებარეობს დასავლეთით წიფამდე და ლიხამდე. ამ მთის სამხრეთით არის ბეკამი, ტეძერი, ვიდრე შოლამდე; ჩრდილოეთით სურამის ხეობა. შოლის მდინარე გამოსდის ლისის მთას, მიდის აღმოსავლეთად, მიერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდან. შოლის პირიდან გაიყვანა ჟდ (94) მეფემან ვახტანგ რუ, რამეთუ იყო მინდორი ესე უწყლო, და ჰყო წისქვილნი, და სვამენ პირუტყვნი. შოლის პირის დასავლეთით, შოლისავ კიდეზე, არის ქვიშხეთი, ზაფხულს ჰავითა საამო, მშვენიერი, ზამთარი ცივი, ქარიანი, საჭირო. ქვიშხეთს ზევით, შოლაზე არის ციხისძირს ციხე. ქვიშხეთის სამხრეთით არის, მთის ძირს, მტკვრის ახლოს, დაბა ტაშისკარი.
და ლიახვის მდინარეს აქათ ტაშისკარამდე, რომელნიცა მდინარე-ხევნი აღვწერეთ, უწოდებენ, გარდა შოლისა, ფრონეთა. ამ ფრონეთა შინა შემოდის წყალდიდობას მრავალნი კაპოეტნი, იქმნება ჟამად ორაგულნიცა, და წყალცოტაობას არის მათ შინა წვრილნი თევზნი მრავალნი, და მთის კერძოდ კალმახნი ფრიადნი და გემოიანნი. გორს ზევითნი ადგილნი ესენი არიან მოსავლიანი, გარდა ბრინჯ-ბამბისა, ვენახითა, ხილითა და ყოვლითა მარცვლითა. აკეთებენ მცირედს აბრეშუმსაცა. პირუტყვნი მრავალნი, აქლემს გარდა ყოველნი, მაგრამ არა ეგოდენ, როგორც აღვწერეთ სომხით-საბარათიანოსი, ზამთრისათვის, რამეთუ არის სამი თვე თოვლი, და ზაფხულს ვერ თიბვენ თივას, სახნავთ გამო მიწათა და მთათა შინა მცირეთა არა საკმაოთა. ჰავითა მშვენი და საამო. სასმელი და საჭმელი აქაური უმეტეს გემოიანი სხვათა ადგილთაგან. კაცნი არიან ჰაეროვანნი, ამაყნი, მხნენი, შემმართებელნი, მხიარულნი, უხვნი, სტუმართმოყვარენი. ქალნი ეგრეთვე, როგორც სხვანი დავწერეთ. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი მრავალნი.
მთას-იქითი
ხოლო კვლავ სურამის დასავლეთით, ლიხის მთის საშუალსა შინა, არის დაბა ფონა. ამ ფონას გასდის ჩხერიმელის მდინარე და მიდის დასავლეთ-სამხრეთს შუა მებოძირის ზევითამდე. მას ქვევით დაბის ქვაბამდე არის ქართლისა. მებოძირს ზევით ამ ჩხერიმელას ერთვის ხევი ჩრდილისა. ამ ჩდილის-ხევს ერთვის ხევი ნუნისისა სამხრეთიდან, ამისა და ხეობის შუას მთის გამომდინარე. ჩრდილის-ხევი გამოსდის მცირეს ლიხის მთას, სადაც გასდის იქით შოლა. ნუნისს არის ეკლესია-მონასტერი, მშვენიერი, მშვენირს ადგილს. უზის წინამძღვარი. ხოლო ხევნი ესენი არიან ვენახოვანნი, ხილიანნი.
ხეფინის-ხევი
ფონას ზევით და სურამის დასავლეთით ლიხის მთას გასდის ხეფინის-ხევის წყალი და მიერთვის ძირულას აღმოსავლეთიდან, ხოლო ძირულა გამოსდის მთასა პერანგას და დის ღოდორამდე სამხრეთით და იქიდან მომგრგვალვით დასავლეთად. არის ვერტყვილამდე ქართლისა, და უწოდებენ ვერტყვილიდან ნადაბურამდე ხეფინის-ხევსა. და მას ზევით არის ულუმბის მონასტრისა, აწ წართმეული აქვს იმერთაგან, თუმცა აძლევენ ცვილისა, ზეთისა და საკმლის ფასსა აწცა. ვერტყვილას მოერთვის სამხრეთიდან ვერტყვილისავე ხევი. ხოლო ვერტყვილას და ამაშუკეთს შუა არს მცირე მთა, მისული კოლბეურის მთამდე, და ესე არის საზღვარი ქართლ-იმერთა აწინდელი. ამ ვერტყვილის ხევს ზევით ერთვის ძირულას ბჟინევის-ხევი. აქა არის, სამხრეთით, მონასტერი გეთსამანია, გუმბათიანი, კეთილშენი, საწინამძღვრო. მას ზევით ხევი გრიგალეთისა, ერთვის ძირულას; მას ზევით ხეფინის-ხევის წყალს ერთვის ხევისჯვრის-ხევი. მას ზევით ამასვე ერთვის ხევი წაქვისა. და ხევნი ესენი ყოველნი სამხრეთიდან ერთვიან, გამომდინარე ფონის გამდინარის ჩხერიმელისა და ხეფინის-ხევის შუა მთიდან. და არის ხეობა ესე ხეფინის-ხევი მოსავლიანი, ვენახოვანი, ხილიანი. ქართლისაგან მეტი არის აქა ღომი, ხურმა, წაბლი. რომელიც მთას იქითი დავწერეთ, ქვიშხეთის დასავლეთით, იგინიცა ესეთვე ვფიქრობ. არის ცხვარი უკუდო, სთესვენ სიმინდსა მრავალსა. ხოლო ადგილები ესენი, რომელნიც აღვწერეთ, ლიხის მთის შორისი, ეგრეთვე ვფიქრობ, როგორც აღვწერეთ იმერეთი.
მტკვრის ხეობა
ხოლო ტაშისკარის სამხრეთით ჩამოდის დასავლეთიდან მთა მახვილოსი ცხვირ-ცხვირად, და აღმოსავლეთიდან ყერძენის მთის წვერი, და მოავიწროებს მტკვარს კლდითა. აქ, მოვიწროებულსა შინა, არის გასავალი კარი და კოშკი მას ზედა, ქართლიდან ხეობასა შინა სავალი. ამის მიერ ეწოდა ტაშისკარი (ესე არს ქვისკარი). და ამის პირისპირ, სამხრეთიდან, ერთვის მტკვარს სარმანიშვილის-ხევი, გამოსდის ყერძენსა და ამას შუას მთასა. ამის დასავლეთით არის ახალდაბა, მცირე ქალაქი, მტკვრის იმიერ-ამიერ მოსახლენი ქართველნი და ურიანი. აქა არის ხიდი მტკიცე. ახალდაბის სამხრეთით არის ციხე მაღალ კლდესა ზედა, დიდნაშენი და მაგარი. ახალდაბას ქვევით მტკვარს მოერთვის ჩრდილოეთიდან ხევი ნეძვისა, გამოსდის ამასა და მთას იქითს შუას მთას. ახალდაბას ზევით ერთვის მტკვარს სამხრეთიდან ხევი ქიმერეთისა. გამოსდის ყერძენის მთას, ქიმერეთის ხევს ზევით ერთვის მტკვარს სამხრეთიდანვე ხევი კორტანეთისა. გამოსდის მასვე მთას. ჩრდილოეთიდან მოერთვის მტკვარს ზანავ-რვილის ხევი, ამასა და მთას იქითის შუას მთიდან გამომდინარე.
სადგერის ხეობა
ამ ხევს ზევით ერთვის მტკვარს თორის-წყალი სამხრეთიდან. ამ შესართავის სამხრეთით არის სადგერს ეკლესია წმიდის გიორგისა. ამას უდის აღმოსავლეთით თორი მდინარე, დასავლეთით შავწყალი; და შავწყალი გამოსდის ბაკულიანისა და კოდიანის მთასა, და მიერთვის მტკვარს სამხრეთიდამ. გომარეთამდე შავწყალსა და თორისწყალს უწოდებენ აწ სადგერის ხეობას. სადგერი არის მაგარი და შეუვალი, ეკლესია შემუსრვილი ააშენა და შეამკო ხატი მისი ჟდ (94) მეფემან ვახტანგ. ამ სადგერს ზევით, დასავლეთით, არის დაბა თორი, მას ზევით ციხის-ჯვარი, და ციხე მისი შავს-წყალსა ზედა, დასავლეთისაკენ. კვლავ სადგერს ზევით მოერთვის თორისწყალს სამხრეთიდან ბაკულიანის-წყალი, გამომდინარე ბაკულიანის მთისავე. აქა, თორის-წყლის აღმოსავლეთით, არის კიმოთისმანს მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს. ზის წინამძღვარი. ხოლო ეს სადგერის ხეობა არის უვენახო და მოსავლით, როგორც აღვწერეთ გუჯარეთის ხეობა, ესეცა სცან, ეგრეთვე ნაყოფიერი, მთითა, ნადირითა და პირუტყვითა. კიმოთისმანს ქვევით არის ციხე, თორის-წყლის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, უზნარიანისა, ფრიად მაგარი.
კვლავ ხეობა
ხოლო კვლავ ჩრდილოეთიდან ხეობაში მტკვარს ერთვის ეშმაკთუბნის ხევი, გამომდინარე ამასა და მთას იქეთის მთის შუადამ. ამას ზევით, ნუას, მოერთვის შავწყალი. ნუას ზევით, ჭალის პირისპირ, სამხრეთიდან, ერთვის მტკვარს დღვაშის-ხევი. გამოსდის კოდიანის მთას. მას ზევით არის, მტკვრის კიდესა ზედა, სამხრეთით, პეტრეს-ციხე, ფრიად მაგარი და შეუვალი მტრისაგან ციხეს დასავლეთით უდის ყვერბილის-ხევი, მოერთვის სამხრეთიდან მტკვარსა, გამოსდის კოდიანსა. პირისპირ ციხისა მოერთვის მტკვარს ჩრდილოეთიდან ლიკანის-ხევი, გამოსდის მახვილოფერსათს. ამ ხევთ ზევით არის ჭობის-ხევი. და არის დვირამდე ქართლისა. არის ესე მტკვრის ხეობა ვენახიანი, ხილიანი, ვიწრო და მწირი, მაგარი და შეუვალი მტრისაგან. კაცნი ჰაეროვანნი, ტანოვანნი. მთანი ნადირიანნი, ნაძოვან-ფიჭოვანნი. ირემი, თხა, არჩვი და სხვა ნადირნი მრავალნი. ჩრდილოთ მთა აქვს ღადოსი და მახვილოს წამოსული აღმოსავლეთით ვიდრე ტაშისკარამდე, სამხრეთით კოდიანიდან წამოსული აღმოსავლეთ-ჩრდილოეთს შუა მთა, ამასა და სადგერის ხეობას შუათი.
საერისთაოსა, სასპასპეტოსა და სადროშოსი, როგორც არის და იყო
ხოლო ტაშისკარსა და ლიხის მთას ქვეითი არაგვ-ტფილისამდე არიან სამნი ესე სასპასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯვენე ქართლისა, მეფისთანა მყოფი, ტფილისს ზევით, მტკვრის სამხრეთისა და თრიალეთი-ფარავნამდე, არიან წილნი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა; და უფლოსისაგან ეწოდა ზენა-სოფლები შიდა-ქართლს. და ესენი პირველად იყო ერთი სასპასპეტო, და ყოველთა ერისთავთა და სპასპეტთა ზედამხედველი. შემდგომად თამარ მეფისა ქართლისა ერისთავი სხვა, ქსნისა სხვა. და შემდგომად გაყოფისა ესეთ სამ სადროშოდ იქმნა. რამდენი ეკლესიანი ან მონასტერნი აღვწერეთ, ან პალატნი, არ არის არცა ერთი, რომელნიც არა იყოს თლილის ქვითა ნაშენი, რამეთუ ყოველნივე თლილის ქვითა არიან აშენებულნი. არ არიან დაბანი ან აგარაკნი, რომელსა შინა არა იდგეს ეკლესია თლილის ქვისა, უგუმბათონი, მცირენი და დიდნი, და მით იცნობება ნასოფლარნი, სადაცა დგას ეკლესია. ხოლო მონასტერნი, რომელნიც ცარიელნი დავწერეთ, აწ ხუცის ამარად, მამულნი მათნი წაურთმევიათ აწ მთავართა ან აზნაურთა, მათნი შეწირულობანი, ან მეფეთა ხიზრად მოსულნი დაუსადგურებიათ იქ, და ჟამთა ცვლილობითა შერჩენიათ მათ, აღარა დაუსვამთ წინამძღვარი და უსაზრდელობითა მონაზონთათა აწ ცარიელნი არიან. კვლავ რომელნი ეკლესიათა აღმაშენებელნი არა მოვიხსენიეთ, ვინაიდან დავწერეთ მეფენი ეკლესიათა მაშენებელნი, მათ მიერ არიან აღშენებულნი ყოველნი, ხოლო ზოგნი მთავართა და ხუროთმოძღვართაგან, როგორც ზედვე ეკლესიათა წერილნი აჩენენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий