წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელიც იყო მეფე ქართლისა
როდესაც გავიდა მურვან ყრუს ლაშქრობიდან წელიწადი ოცდახუთი, მოვიდა ჭიჭნაომ, ძე მოჰმადისი. მოაოხრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა და მიჰმართა შესლვად კახეთად, რათამცა მოაოხრა და ყოვლითურთ უმკვიდრო ჰყო. და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა და არა შემძლებელ იყვნენ წინა-აღდგომად, რადგან განერყვნა ქვეყანა ესე ყრუსა, მართალია გაიარა ჟამმა მრავალმა მშვიდობით, აღარა მორგებულ იყო კვალსა თვისსა.
ხოლო წმიდა არჩილმა განიზრახა გულსა თვისსა სიმხნითა გულისა მისისათა, რათა მივიდეს და იხილოს და ითხოვოს მისგან მშვიდობა ქვეყანისა და დაცვა შეურყეველად ეკლესიათა და დაპატიჟება დატევებისათვის რჯულისა. მინდობითა ღმრთისათა აირჩია თავისა თვისისა და სულისა დადება სახსნელად ქრისტიანეთა. ადგა და მივიდა ჭიჭანაუმს თანა, რომელსაც ეწოდა ასიმ.
ხოლო მან როცა ცნა მისლვა მისი, მიეგება წინა სიხარულით, და მოიკითხა დიდითა დიდებითა. და დაყვეს დღე იგი ერთობით. აქო სიკეთე მისი, შეუყვარდა სისრულე ასაკისა მისისა და უმეტესად მშვენიერება პირისა მისისა. და შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო სიტყვად ლიქნითა, აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა და აწვევდა დატევებასა ქრისტეს რჯულისასა და მიქცევად სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლადვე არა თავს-იდვა ცბიერება მისი და მტკიცითა გონებითა მიუგო და უთხრა: „ნუ იყოფინ, თუმცა სიტყვათა შენთა ვისმინე, ანუ-მცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი, რომელმაც ხსნისათვის ჩვენისა ხორცითა სიკვდილი დაითმინა, - და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რათა მოვკვდე სიკვდილითა, რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ. უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე როგორცა ღმერთი ჩემი და მის თანაცა ვიდიდო“.
ესმა რა ესე ყოველი ურჯულოსა მას, და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, გაუკვირდა ფრიად. და უბრძანა შეპყრობა მისი და შეყენება საპყრობილესა, რათა ღონისძიებითა მოაქციოს იგი, რამეთუ არა სურდა სიკვდილი მისი სიმშვენიერისათვის ხატისა და სიმაღლისათვის ასაკისა მისისა. როდესაც შეაყენეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა მის-მიერსა შეწევნასა, რათა მოწყალებითა მისითა ღირს ყოს თავი თვისი მიმთხვევად და მკვიდრ ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა წმიდათა, რომელთაც ღმრთისათვის სიკვდილითა უკუდავება მიიღეს.
მაშინ უკვე წამოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული სარკინოზად, რომლისა მამისძმა მოეკლა წანართა და მკლველნი მისნი განერიდნენ მშვიდობით პაპასა არჩილისსა, ადარნასე მეფესა. ამისთვის უკვე შური იგო გარდაბანელმა და უთხრა ასიმს: „არა უწყი-ა, თუ ვინ არის ესე არჩილ? ესე არის ძე სტეფანოზისი, ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელიც იყო ნათესავისაგან მირიანისა. და ესე იყო მამისა თვისისა თანა, რაჟამს-იგი დაჰფლვიდენ საგანძურთა სამეფოთა ქართლისათა, და იგიცა იცის, რომელიც ჰერაკლე მეფემან დაჰფლა საგანძურნი თვისი, რამეთუ ჰერაკლეცა უჩვენებდა, სადაც იგი დაჰფლა.
ესმა რა ესე ასიმს, მოუწოდა კვლავ არჩილს და უთხრა: „უწინ თვალ-გარიდე ქმნულ-კეთილობისა შენისათვის, რამეთუ ფრიად ქმნულ-კეთილ ხარ, ხოლო აწ მითხრეს შენთვის, რამეთუ შვილ ხარ დიდთა მეფეთა ხოსროანთა, მაგრამ აწ უფროსად განდიდდე წინაშე ჩემსა, უკვეთუ ისმინო ჩემი და იყოს სამეფო შენი შენდავე და საგანძურნიცა მამათა შენთანი მიგანიჭნე შენვე. პირველად მიჩვენე საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც რჯულსა ჩემსა. იქმენ სარკინოზ და სპასალარ გყო შენ ქვეყანასა ზედა ქართლისასა, მეფე და უფალ ერთა ზედა ქართლისათა“.
მაშინ მიუგო წმიდამან არჩილ: „უწყოდე მტკიცედ, რამეთუ მცირე ვიყავ ჰასაკითა, როდესაც განვლო ქვეყანა ესე ჰერაკლე მეფემან. ხოლო მამამან ჩემმან და ძმამან ჩემმან დაფლეს ყოველნი საგანძურნი მათნი ციხესა მას, სადაც შეიქცა ყრუ ამირა. და აწ აქვს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტევო უფალი ღმერთი ჩემი, არცა განვყიდო წარუვალი იგი დიდება მსწრაფლ წარმავალისა ამისთვის“.
მიუგო და უთხრა ასიმ: „შენ უკვე იყავ დაცემასა მას აფხაზეთს შინა?“
-
უთხრა წმიდამან არჩილ: „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცა იგინი ღმერთმან“.
- უთხრა ასიმ: „რომელმა ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“
-
მიუგო წმიდამან არჩილ და უთხრა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელიც არის შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, და რომელიც მოვიდა ზეცით ქვეყანად ხსნისათვის ნათესავისა
კაცთასა, და სიკვდილითა თვისითა აღგვადგინა და უკვდავება მოგვანიჭა. მან უკვე დასცა და დაამდაბლა იგინი“.
მაშინ უთხრა ასიმმა წმიდასა არჩილს: „რომლისა ღმერთი უკვე მოკვდავი არის და სასოება ცხორებისა მოკვდავისა მიმართ გაქვს, ჯერ-არს მისიცა სიკვდილი“. და უბრძანა თავისა მოკვეთით აღსრულება წმიდისა არჩილისი. და არა მოერიდა სიკეთესა მისსა, არცა შერცხვა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. გაიყვანეს გარე და მოჰკვეთეს თავი მისი მახვილითა თვესა მირკანისსა, რომელიც არის მარტი, ოცსა მის თვისასა. და შეავედრა სული თვისი ხელთა შინა დამბადებელისათა, აირჩია სიკვდილი უკვდავებისა მომატყუებელი. შესცვალა მცირედ ჟამისა ესე მეფობა საწუთროსა სიხარულად საუკუნოდ, ღირს იქმნა განწყობილსა შორის წმიდათასა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა და მათ თანა გვირგვინოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმიდისა.
როდესაც აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, მივიდნენ ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხვანიცა აზნაურნი მამეანნი და მოიპარეს გვამი წმიდისა მოწამისა არჩილისი. წამოიღეს და შემურეს დიდითა პატივითა და დამარხეს ნოტკორას, მას მიერ აღშენებულსა ეკლესიასა. ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები მათ, რომელთაც მოიტანეს გვამი წმიდისა მოწამისა არჩილისა კახეთს შინა სამკვიდრებელად.
წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა სულ-მცირედ აღწერილი, რომელიც ჟამთა შლილობითა ჯერისამებრ ვერავის აღეწერა.
Комментариев нет:
Отправить комментарий