среда, 20 сентября 2017 г.

ჩხეიძეთა სათავადო

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობების მიხედვით თავად ჩხეიძეთა გვარი - „მთავართა შორის უწარჩინებულესი და შემძლებელია“. თავადი ჩხეიძეები „...არიან ძველადვე თავადნი იმერეთისა“.
ქართულ ისტორიულ წყაროებში თავად ჩხეიძეების ანუ ჩხეტიძეების გვარის შესახებ ცნობები გვხვდება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში, რომელიც თარიღდება XIV საუკუნის დასაწყისით, სადაც მოიხსენიება რუსი ჩხეტიძე. მაგრამ ის ამ დროს ცოცხალი არ არის. მისი მოღვაწეობა XIII საუკუნის მეორე ნახევარზე მოდის. რუსი ჩხეტიძის შემდეგ, 1325 წელს, გვხვდება ჩხეიძეთა საგვარეულოს წევრი გოგატი, რომელსაც მეაბჯრეთუხუცესის სახელო უკავია. გოგატი მეაბჯრეთუხუცესის შემდეგ, ჩხეიძეთა გვარის შესახებ ქართულ ისტორიულ წყაროებში დიდხანს არაფერი ჩანს. მხოლოდ 1412-1442 წლებში იხსენიება ყელგრძელ ჩხეტიძე, რომელსაც საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდი (1412-1442) მოწმედ ასახელებს თავისკარის ვაზირთა შორის“. მოგვიანებით, 1486-1488 წლების შუალედში, ამილახორის თანამდებობა ივანე ჩხეტიძეს უკავია. ამავე დროს იმერეთის მეფემ ალექსანდრე II- ივანე ჩხეტიძე რაჭის ერისთავად დასვა, ხოლო ამილახორის სახელო მის სახლიკაცს - სანასარს გადასცა. 1488 წელს იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ გაცემულ ფალავანდიშვილთა სასისხლო სიგელში მოწმეთა შორის დასახელებულნი არიან რაჭის ერისთავი ივანე ჩხეტიძე და მისი სახლიკაცი სანასარ ამილახორი. ამავე სიგელში დასახელებულნი არიან ასევე ივანე რაჭის ერისთავის ძმები - კახაბერი და აბესალომი და ჩხეტიძეთა გვარის სხვა წევრებიც - ვახტანგი და აბესალომი.
1686 წლის ამაღლებისა და ჯვარცმის ხატის წარწერა გვამცნობს: „. ბრძანებითა ღმრთისათა, ძალითა და შეწევნითა ხატისა ამაღლებისათა მე, ჩხეიძემ ბოქაულთუხუცესმა ბატონმა თეიმურაზ, ჟამთ გამოცულილობით ძველთაგან ჩვენის სახლის დანაკარგი შორაპნის ციხე და ქალაქი, მეფის ბაგრატის ბრძანებითა, ძალად ჩემის ხრმლით დავიჭირე. რადგან ჩემმა მოწყალემ ამდენი ხელი მომიმართა, ვიგულე და გულსმოდგინეთ ჩვენ ფრიად ცოდვილმა და ყოველთა კაცთა უცოდვილესმა მე, თეიმურაზ და თანამეცხედრმა ჩემმა ჩხეიძის ასულმა ბატონმა თამარ, ძველთაგან თათართა მიერ დალეწილი ხატი ესე ამაღლებისა შევამკევით მურასთ თვალითა მარგალიტითა. ჩვენად სადღეგრძელოთ, ძეთა და ასულთა ჩვენთა, აღსაზრდელათ და ცოდვათა ჩვენთა საოხად დღეს მას საშინელსა. განკითხვისას ჩემსას. ამინ. ქორონიკონსა ტოდ (1686 .).
ამ ცნობის საფუძველზე ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბდა მოსაზრება რომ ჩხეიძეთა გვარი ჩიხას ერისთავებიდან წარმოიშვა. მატიანე ქართლისაგვა,ცნობს რომ გაძლიერებულმა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფემ გიორგი I-მა (861-873) „დაიპყრა ქართლიდა მანდაუტევა ერისთავად ჩიხასთავისი ძმისშვილი ბაგრატი დემეტრეს ძე. ისტორიული წყაროდან ჩანს, რომ ჩიხას საერისთავო აღნიშნულ ფაქტამდე არსებობდა და ერისთავად აქ, მანამდე, სანამ მეფე გიორგი I-ის ძმისწული, მეფე დემეტრე I-ის (825-861) ვაჟი ბაგრატი გახდებოდა, ვიღაც სხვა იჯდა ერისთავად. აფხაზთა მეფის გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, მის მიერ დანიშნული ჩიხას ერისთავიცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერისთავი ჩიხისა“. როგორც ირკვევა ჩიხას საერისთავო (სახელი წამოვიდა მის ცენტრ - სოფელ ჩიხასგან, რომელიც დღეს საჩხერის რაიონში მდებარეობს) ყოფილი არგვეთის საერისთავოა, რომელსაც საქართველოს გაერთიანების შემდეგ ძველი სახცელი დაუბრუნდა, ხოლო XIV საუკუნიდან კი უკვე შორაპნის საერისთავო ეწოდა. ასე ჩამოყალიბდა თეორია ჩიხას ერისთავებიდან გვარიდან ჩხეტიძე-ჩხეიძის წარმოშობის შესახებ, რაც შესაძლოა მართალიც კი იყოს, თუმცა ცნობების უქონლობის გამო მისი უეჭველად მიღება არ შეიძლება.
XV საუკუნის მეორე ნახევარში შორაპნის საერისთავოში შემავალი სხვადასხვა თავადური საგვარეულოების დამოუკიდებლობისათვის სწრაფვის მიზეზით და ძალისხმევით შორაპნის საერისთავო იშლება. მის ტერიტორიას იმკვიდრებენ იმერეთის სხვადასხვა თავადური საგვარეულოები. შორაპნის საერისთაოს მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელები რჩებიან ჩხეიძეები, რომლებიც აყალიბებენ ჩხეიძეთა სათავადოს. ეს იყო არგვეთის სამხრეთი ნაწილი, რომელიცპირველად არგვეთადვე წოდებული... შემდგომად პყრობითა მთავართა ჩხეიძეთაგან საჩხეიძოდ ისახელა“. მათი ციხე-ქალაქი და სათავადოს უფროსის რეზიდენცია კვლავ შორაპანი დარჩა, რაც ისტორიკოს . ცქიტიშვილის მიხედვით ლოგიკურად გამოიყურება, რადგან მისი გამოკვლევებით ჩხეიძეთა გვარი წარმოშობით არგვეთიდან ლომსიათხევის სოფელ ბორიდან, შორაპნის სანახებიდანაა, რომელიც უძველეს დროიდან დაწინაურებულა. შორაპნის ახლო მდებარე სოფელ ტაბაკინში ჩხეიძეებს ჰქონდათ საგვარეულო ეკლესია, რომელიც ისტორიული ცნობების მიხედვით აშენდა VI-VII საუკუნეებში, მისი განახლება მოხდა X-XIII საუკუნეებში, ხოლო ფრესკული მოხატვა XVI საუკუნეში. ფრესკებზე ბევრი ისტორიული პირია გამოსახული, მათ შორის ქუთაისის ეპისკოპოსი გერასიმე ჩხეტიძე (ჩხეიძე), რომელიც მოღვაწეობდა XVI . 20-იან წლებში, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის დროს. გერასიმე ჩხეიძემ, როგორც მონასტრის კედელზე წარწერით ირკვევა, საფუძვლიანად შეაკეთა მონასტერი, რომელიც ძლიერ იყო დაზიანებული. მასთან ერთად ეკლესიის აღდგენა-განახლებაში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვა ჩხეიძეებიც. იქვეა გამოსახული ქუთათელი ეპისკოპოსის სიმონის (ჩხეიძის) ფრესკაც. ტაბაკინის მონასტერს თავისი ღირსეული საქმიანობით ერთ-ერთი უპირატესი ადგილი ეჭირა ქვეყანაში.
სათავადო, თავადური გვარის წევრთა გაერთიანებულ, ერთ ფეოდალურ ერთეულად ორგანიზებულ სამფლობელოს ერქვა. სათავადოს მოთავედიდებული თავადისაგვარეულო მიწაწყლის, სათავადოს საერთო საქმეებისა და სამოხელეო აპარატის ერთპიროვნული გამგებელი იყო. ადმინისრტაციულ და სასამართლო ფუნქციებს სათავადოს უფროსი ახორციელებდა. ასევე, სათავადოს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა. ეს ჩანს, როგორც სოლომონ I-ის მიერ 1766 წელს ბაანა ჩხეიძის შვილებისათვის (როსტომი, გიორგი, დავითი, ბეჟია) ბოძებულ წყალობის სიგელიდან, ისე გვიანდელი (1810 .) ცნობიდანაც. სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ ჩხეიძეთა სამფლობელოს საზღვრებს ვახუშტი ბატონიშვილი ასე მოხაზავს: „აღმოსავლეთით - „ფერსათიდან ჩამოსული მცირე მთა, დასავლეთით - საჩინო-სალომინაოს საზღვრის ხაზი რიონიდან ფერსათამდე, სამხრეთით - მთა ფერსათისა ანუ ღადოთ ანუ ლომსიათ წოდებული და ჩრდილოეთით - მდინარეები ჩხერიმელა, ძირულა, ყვირილა და რიონი“.
ჩხეიძეთა სათავადო ციხე-ქალაქ შორაპნის გარდა ფლობდა: ჩიხას, ჩიხორს, ფუთს, თრვინს, წიფას, ტაბაკინს, ალავერდს, ზედა დიმს, კიკნაველეთს, ქარჩხაბს, ფერსათს, გვიანდელი ცნობის მიხედვით სოფელ დიდ ჯიხაიშს. ადგილ-მამულები ჰქონდათ ჩხეიძეებს ჭყვიშს, ობჩას, ბაღდადს, ზეგანს, ჩირგუთს, წყალთაშუას, უხუთს, ფარცხანაყანევს, როხსა და ზეინდარს.
ჩხეიძეების ყმათა საერთო რაოდენობა ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ რომ მათი ყმა გლეხები იყვნენ: არჯევანიძეები, ბაკურაძეები, გიგაშვილები, გიორგობიანები, გოცირიძეები, გუმბერიძეები, დიონისაშვილები, ებანოიძეები, ერთგულიძეები, ვაშაკიძეები, ვაშაყმაძეები, ვერულაშვილები, ზირაქაძეები, თედორაძეები, კარანაძეები, კვირიკაძეები, კოპაძეები, კოხოძეები, ლილუაშვილები, ლიპარისშვილები, მეტრეველები, მშვიდობაძეები, ნერგაძეები, ნოზაძეები, ოქროპირაშვილები, ფულარიანები, ფურცელაძეები, შავლაძეები, შენგელიები, ჩაჩანიძეები, ჩუბინიძეები, ცერცვაძეები, წივწივაძეები, ჭაუტიძეები, ჭრილაშვილები, ხიზანიშვილები, ჯანელიძეები და სხვ. ჩხეიძეთა აზნაურები იყვნენ: გაბეხაძეები, გოგორიშვილები, დიდიძეები, მაჭავარიანები, მიქაბაძეები, ნემსაძეები, საყვარელიძეები, ჩხეიძეები, ყიფიანები, ჯღერიები.
ჩხეიძეთა სათავადოს თავის სამოხელეო აპარატი ჰქავდა. ისტორიულ საბუთებში იხსენიება: სახლთუხუცესი (1751 წ.), ნაცვალი (1817 წ.) და ხელოსანი (1682 წ.). ტაბაკინის წმ. გიორგის მონასტრის ხედი შორაპნის საერისთავოს რეორგანიზაციის შედეგად ჩხეიძეთა სათავადოს ჩამოყალიბებიდან მოკლე ხანში იმერეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1484-1510) ჩხეიძეთა სათავადოს წარმომადგენელი ივანე ჩხეიძე 1488 წელს დასვა რაჭის ერისთავად. 1497 წელს მის ადგილს მისი ძმა კახაბერი იჭერს. ამიერიდან რაჭის ერისთავის ტიტული მემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე უფროსობის მიხედვით. არგვეთელი სახლიკაცებისაგან ტერიტორიულად განცალკევებულ რაჭის ერისთავებს დროთა ვითარებაში ძველი საგვარეულო სახელი ჩამოსცილდათ და თავიანთი თანამდებობის აღმნიშვნელი „ერისთავი“ გაუგვარდათ. რაჭის ერისთავის რეზიდენცია სოფ. წესში იყო, სასახლე, კარის ეკლესია და საძვალე - ბარაკონში.
რაჭის საერისთავოს ტერიტორია, რომელიც ჩხეიძეებმა ჩაიბარეს ძალზე შეკვეცილი იყო, იგი რაჭის მხოლოდ რამდენიმე სოფელს მოიცავდა და თანაც მასში თაკვერი აღარ შედიოდა, მაგრამ მათ თანდათან იწყეს ყმა-მამულის შემოკრება და XVIII საუკუნის ნახევრისთვის რაჭის თითქმის მთელ ტერიტორიას ფლობდნენ. გაფართოვდა ერისთავთა არა მარტო სამფლობელო, არამედ უფლებებიც, გაიზარდა მათი ძლიერება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაც. რაჭის ერისთავები შოშიტა II (1661-1684), პაპუნა II (1684-1696), შოშიტა III (1696-1732), გრიგოლ (1732-1743), ვახტანგ (1743-1750), როსტომ (1750-1769) დიდი გავლენით სარგებლობდნენ ლიხთ-იმერეთში და ლიხთ-ამერეთშიც. მათ ანგარიშს უწევდნენ, იცნობდნენ და აფასებდნენ მეზობელ ქვეყნებშიც. ნიშანდობლივია, რომ 1651 წელს იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის მიერ რუსთა ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნზე ხელის მოწერისას გამართულ დარბაზობას პაპუნა I რაჭის ერისთავი არ დასწრებია. ამ წიგნზე მას იმერეთიდან რუსეთისაკენ მიმავალმა ელჩებმა რაჭაში, საკუთარ რეზიდენციაში მოაწერინეს ხელი მისთვის საგანგებოდ დატოვებულ პირველ ადგილზე, მეფე ალექსანდრე III-ის საერო კარისკაცთაგან. რაჭის ერისთავთა განსაკუთრებულ მდგომარეობას გამოხატავდა მათი ტიტულატურაც, რომელიც XVIII საუკუნეში გაჩნდა: „ლიხთ იმერისა და ამერის მთავრად და მსაჯულად დადგინებული, მპყრობელი რაჭისა“. ან კიდევ „ლიხთ იმერთა სარდალი... მპყრობელი რაჭისა“. იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784) დასავლეთ საქართველოს 1759 წლის საეკლესიო და საერო კრების დადგენილებაში რაჭის ერისთავს როსტომს ასეთი ტიტულით ამკობს: „კაცთაგან მოწმე ამისი... სპასპეტ-სპასალარი, სტრატილატი და ვიპატოსი...“. რაჭის ერისთავთა აზნაურები იყვნენ: „ბაქრაძეები, ბუბაშვილები, გამრეკელიძეები, გამყრელიძეები, გოცირიძეები, დარახველიძეები, დემეტრაძეები, იაშვილები, ლაჭყეპიები, ლომინაძეები, ლორთქიფანიძეები, საკანდელიძეები და ჯაფარიძეები“. რაჭის ერისთავთა ყმა გლეხები: „არაბიძეები, არველაძეები, არჩვაძეები, ბოჭორიშვილები, ბრეგვაძეები, ბურძენაძეები, გაგნიძეები, გელაშვილები, გოგილაშვილები, გოგობერიშვილები, დაუშვილები, დემეტრაშვილები, კაშიები, კერესელიძეები, კობერიძეები, კრიხელები, კუხიანიძეები, ლილუაშვილები, ლობჟანიძეები, მაისაშვილები, მაკარიძეები, მერკვილაძეები, მეტრეველები, მჭედლიძეები, ნავროზაშვილები, პატარიძეები, რობაქიძეები, საბანიძეები, სვანიძეები, სირაძეები, ტოროშელიძეები, ფოჩხიძეები, ფხაკაძეები, ქრისტესიაშვილები, ხმიადაშვილები, ჩხობაძეები, ხურციძეები და სხვ. რაჭის ერისთავების ყმები სამეფო გადასახადებს არ იხდიდნენ. ეს გადასახადები XVII ს. 60-იანი წლებიდან ფაქტიურად ერისთავებს ჰქონდათ მითვისებული.
XV საუკუნეში თავად ჩხეიძეთა მფლობელობაში იყო იმერეთში ყოფილი შორაპნის საერისთავო და რაჭაში მათი განაყოფი - რაჭის საერისთავო. მოგვიანებით, XVII საუკუნეში, რაჭის ერისთავების ნაწილი ქართლში გადავიდა, რის შესახებაც იოანე ბატონიშვილი თავის თხზულებაში „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“ გვაუწყებს: „ესენი არიან ძველთადვე თავადნი იმერეთისა საერისთავოსა ჩიხორად წოდებულისა... და რომელ უკანასკნელ ამათნი სახლის შვილნი იწოდნენ ერისთავად რაჭისა, ხოლო შემდგომად ამისა ამა ერისთავთაგან დამდაბლებულნი სახლიკაცნი თვისნი მოვიდნენ ქართლსა შინა და მეფემან ვახტანგმან მიუბოძა ადგილნი სურამის კერძოდ და დაასახლა იქ წელსა 1668, და არიან იქიდან მოსულნი ქართლში და აგრეთვე იმერეთში დარჩენილნი ჩხეიძენი“.
XVI-XVII საუკუნეებში ეს საგვარეულო თავისი ინტელექტის გაფურჩქვნისა და ძლიერების ზენიტს აღწევს და იმერეთის სამეფოში (ნაწილობრივ ქართლშიც), როგორც სასულიერო, ისე საერო სფეროშიც დომინირებს. თავად ჩხეიძეებს უჭირავთ ისეთი მნიშვნელოვანი სახელოები, როგორიცაა: კათალიკოსი, მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი, მეფის კარზე: ამილახორი, მანდათურთუხუცესი, სახლთუხუცესი, მსაჯულთუხუცესი, მოლარეთუხუცესი. ამ დროს იმერეთის სამეფოში მოღვაწეობდა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი ევდემონი (1557-1578). XVI საუკუნის მეორე ნახევარში კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის ზეობაში მოხდა საკათალიკოსო ტახტის მუდმივად ბიჭვინთიდან გელათში გადმოტანა. კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძე ცნობილი პიროვნება იყო დასავლეთ საქართველოს ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებულია მრავალი ხელნაწერის გადაწერა, გელათის სამონასტრო კომპლექსის საამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები, მოკვის საყდრისა და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის „შემკობა“ და სხვ. კათალიკოს ევდემონის ფრესკული გამოსახულება შემორჩენილია გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლისა და იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის შორის. კათალიკოს ევდემონი დაკრძალულია გელათში „საფლავსა შინა მეფეთასა“, წმინდა გიორგის ეკლესიაში.
სწორედ ამ პერიოდში, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) მეფობის დროს ხდება დანგრეული ეკლესია მონასტრების აღდგენა და ახალი საეპისკოპოსოების დაარსება. საეპისკოპოსო კათედრებზე მეფე თავის ერთგულ ფეოდალებს ნიშნავს. კერძოდ, ხუთ საეპისკოპოსო კათედრას ჩხეტიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებენ. ამ დროს მოღვაწეობდნენ: ქუთათელი ეპისკოპოსი გერმანე, ასევე მისი მომდევნო ქუთათელი - სვიმონი, ხონელი ეპისკოპოსები მანოელ და ზაქარია, ბედიელი მიტროპოლიტი გერმანე, ჯუმათელი ეპისკოპოსი სიმონი, მოქველი მთავარეპისკოპოსი ფილიპე და თავადი ხოფილანდრე ჩხეიძეები. ხოფილანდრე ჩხეიძე ცნობილია იმითი, რომ მან „გამოაპარა“ გელათის სამრეკლოდან ლევან I დადიანი 1546 წელს, რომელიც იმერთა მეფე ბაგრატ III-ის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იქ იყო ჩაკეტილი. მე-XVI საუკუნის ბოლოს თავადი ჩხეიძეები თავადთა იმ ჯგუფში არიან, რომელიც იმერეთის მეფეებს, ლევანს (1584-1590) და როსტომს (1590-1605), განუდგნენ და იმერეთში მოლაშქრე ქართლის მეფე სიმონ I-ის (1556-1600) მხარეზე გადავიდნენ. თავად ჩხეიძეების როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად თვალსაჩინო ხდება და ზენიტს აღწევს XVII საუკუნის 30-იანი წლებიდან. ამ დროს იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639) „იმერეთის ბოქაულთუხუცესს“ თეიმურაზ ჩხეიძეს დიპლომატიური მისიით აგზავნის ირანის შაჰის სეფი II-ის (1629-1642) კარზე და 1633 წელს ქართლის მმართველად გამოგზავნილ როსტომს (1633-1658) მოჰყვება საქართველოში სხვა ქართველ თავადებთან ერთად.64 იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის (1639-1660) 1651 წლის ცნობილი ფიცის წიგნში, იმერეთის ყველა თავადური გვარის წარმომადგენლებთან ერთად ხელს აწერს ლევან ჩხეიძე. თავად ჩხეიძეთა გავლენის ზრდას ხელს უწყობდა ის ფართო ნათესაური კავშირები, რომლებიც მათ ჰქონდათ იმერეთისა და ქართლის მეფე-თავადებთან. თავად ქექაოზ ჩხეიძის თანამეცხედრე იყო ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის (1527-1556) ასული, რომლის სახელი უცნობია. ეს ირკვევა ქართლის მეფის ბაგრატ VII-ის (1616-1619), თანამეცხედრის, დედოფალ ანას და მისი ვაჟის - მეფე სიმონ II-ის წყალობის წიგნიდან, რომელიც გაცემული იყო 1619 წელს: „ჩვენ, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ანამან და ძემან ჩვენმან პატრონმან მეფემან სვიმონ თქვენ ჩვენს მამიდაშვილსა ჩხეიძესა პატრონსა გორგასალს და შვილთა თქვენთა ბეჟანს, ქაიხოსროს და დავითს... გიბოძეთ კალეთი ვახტანგ ციციშვილის კერძო“. ამასვე ადასტურებს მეფე როსტომის წყალობის სიგელიც, რომელიც გაცემულია 1633 წელს. გორგასალ ჩხეიძის ალალი ბიძები იყვნენ ქართლის მეფეები: სიმონ I, დავით XI (დაუდ-ხანი), ბიძაშვილები: გიორგი X, ბაგრატ VII და როსტომი. თავად ჩხეიძეთა ნათესაური კავშირი აღნიშნულ მეფეებთან და მათ შთამომავლებთან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მათ პოლიტიკურ ორიენტაციასა და ცხოვრებაზე. ზიგიერთი გამონაკლისის გარდა ჩხეიძეები მხარში ედგნენ ქართველ მეფეებს ერთიანობისათვის ბრძოლაში და მათი ერგულებისათვის „იქნევდნენ ხმალს“. თავად ქექაოზ ჩხეიძის შვილის - გორგასალის მეუღლე იყო ცნობილი მხედართმთავრის და პოლიტიკური მოღვაწის - გიორგი სააკაძის ასული, რომლის სახელი უცნობია. გიორგი სააკაძისა და თავად ჩხეიძეთა მოყვრობის შესახებ ცნობებს გვაწვდის მეფე ვახტანგ VI-ის სიგელი, რომელიც გაცემულია მოლარეთუხუცეს სეხნია ჩხეიძის სახელზე: „ჩვენ... ერანის სპასალარმან და ადრებეჟანის ბეგლარბეგმა ვახტანგ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ-დედოფალმან ჩერქეზეთის ბატონის ასულმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან... მეფეთ-მეფემან და თვითხელმწიფემან პატრონმან შაჰნავაზმან (იგულისხმება ვახტანგ VI ვაჟი ბაქარი) შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შენ ჩვენსა ერთგულსა და წესისაებრ თავდადებით ნამსახურსა კარისა ჩვენისა მოლარეთუხუცეს სეხნიასა და შვილსა შენსა გიორგის ასე და ამა პირსა ზედა... ვითარცა ნამსახური იყავი ყადარსე ქირმანს და ისპანს და ორი შენი ძმაც ყანდაარს ჩვენს ძმას სპასალარს ქაიხოსროსათვის დაიხოცნენ. მისის სამუქფოთ ჩვენს ეს წყალობა გიყავით, ვითაცა უწინ ბედნიერს პაპაჩვენს მეფეს შანავაზს თავისი დეიდაშვილის პაპაშენის ბეჟანისათვის ქვემო ბოლნისი წყალობა ექნა და ჟამთა ვითარებით ჩვენის საქმისთვის ერეკლე მეფეს წაურთმია, ახლა რადგან პაპა-მამათა ნაქონი იყო, ჩვენც თქვენთვის გვიბოძებია ქვემო ბოლნისი“. გორგასალ ჩხეიძე, გიორგი სააკაძესთან ნათესაობის გამო, მას მხარს უჭერდა და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. გორგასალ ჩხეიძე ბაზალეთის ტბასთან დამარცხებულ გიორგი სააკაძეს თურქეთში თან გაჰყვა. თურქეთში ის ცნობილი იყო ფარად-ფაშის სახელით. ეს ჩანს იოსებ თბილელის პოემიდან „დიდმოურავი“, სადაც დასახელებულია ფარად-ფაშა: „ფარად-ფაშა ხომ სიძედ მყვა, თავდადებ ჩემთვის მკვდარია“. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, როცა გიორგი სააკაძე და მისი თანხლები პირები თურქეთში ჩავიდნენ, „სამი-ოთხი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს, დიდნი პატივი დასდვეს“. ერთ-ერთი საფაშოს ფაშად, როგორც ჩანს, გორგასალ ჩხეიძე უნდა ვივარაუდოდ. გორგასალ ჩხეიძის ერთ-ერთი ვაჟი, ბეჟანი თავის პაპას - გიორგი სააკაძეს ახლდა თურქეთში, როდესაც თურქმა ჯალათებმა მუხანათურად უღალატეს მას. დიდი ვეზირის - აზამის ბრძანებით გიორგი სააკაძე და მისი თანხლები პირები დაუტყვევებიათ. გორგასალ ჩხეიძე სრულიად შემთხვევით ასცდა დაპატიმრებას.
თურქმა ჯალათებმა დატყვევებულები თვლით ჩაიბარეს და შესაბამისი რიცხვით მათი მოკვეთილი თავები უნდა წარედგინათ დიდი ვეზირ აზამისათვის. თავად გორგასალ ჩხეიძემ უმაგალითო თავგანწირვა გამოიჩინა და თავისი ვაჟი ბეჟანი სიკვდილს გადაარჩინა. ბერი ეგნატაშვილი გვაუწყებს: „აზამ ვეზირს ხონთქრის და ჰყავანდა ცოლად, და რა ესე ამბავი მოუვიდა ხონთქარსა, იამა დიდად და დიდი სახელი და ხმა დაუვარდა მოურავს. მაშინ იწყინა ხონთქრის დამან, რომელი ედგა ვეზირსა, და მისწერა წიგნი: „როგორი საქმე არის და ან როგორ გეკადრებაო, სულ მოურავის სახელი მოდის და შენი არაო“. მაშინ უღალატა ვეზირმან; დაჰპატიჟა და ღალატით მოკლა მოურავიცა და შვილებიცა და გამგებელი ქაიხოსრო და, რაცა ჰყავანდა, ყოველივე ამოუწყვიტა. ერთი შვილი ახლდა თანა ავთანდილი, მოუკლეს იგიცა. მაშინ თან ახლდა გორგასალ და შვილი მისი ბეჟან, და წააყენეს ბეჟან სასიკვდილოდ. მაშინ შეეხვეწა და ქრთამი მისცა იასაულს, რომ მაგ ჩემს შვილს კი ნუ მოკლავ და მე მომკალი, ჩემი თავი ანგარიშში გაგეთელებაო და მაგას ნუ მომიკლავო. მაშინ ისმინა მტარვალმან და არღარა მოუკლა შვილი, თვით გორგასალ მოკლა; თავი მოსჭრა, მიიტანა და ანგარიშში გააროინა. ბეჟან მორჩა და წარმოვიდა“. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „განრისხმა ვეზირ-აზამი, შეიპყრა ქაიხოსრო, მოურავი და ყოველნი ქართველნი მათ-თანანი და წარკუეთნა ყოველთა თავნი. რამედ გორგასლის შვილს ბეჟანს რა ჰკუეთდენ თავსა, ეტყოდა მამა-მისი მტარვალსა მას ნიჭის მიცემითა: „მე მომკუეთე თავი და განუტევე ძე ჩემი. რამეთუ იგი განტევებულ იყო ნიჭისა მისთვს. განუტევა ბეჟან და წარკვეთა თავი გორგასალს“. ბეჟან ჩხეიძე ქართლს დაბრუნდა და მალე როსტომ მეფის მფარველობის ქვეშ აღმოჩდა. შემდგომში ბეჟან ჩხეიძე იმერეთში მოღვაწეობს, სადაც სახლთუხუცესის სახელოს ღებულობს. (შემდგომში ბეჟან ჩხეიძის ასული, იმერეთის მეფის გიორგი III-ის ვაჟიშვილის - მამუკას თანამეცხედრე ხდება). XVII საუკუნის 30-60-იანი წლების ისტორიულ საბუთებში გვხვდება ცნობები თავად ხუცია, გიორგი, ბანანა (ბაანა), სახლთუხუცეს ბეჟია (ბეჟან) და მისი ვაჟის ოტია ჩხეიძეების შესახებ,75 სასულიერო სფეროდან - ქუთათელი ეპისკოპოსი ბასილი. XVII საუკუნის 30-50-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-სა და სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანის (1611-1657) შორის ატყდა ბრძოლა დასავლეთ საქართველოში გაბატონებისათვის. ამ ბრძოლაში თავად ჩხეიძეები მხარს მეფე ალექსანდრე III-ს უჭერდნენ, ხოლო ლევან II დადიანს ეხმარებოდა ქართლის მეფე როსტომი და ირანის შაჰი სეფი II. ასეთი მოკავშირეებით ზურგგამაგრებული ლევან II დადიანი, “ნამეტნავად გაძლიერებულიყო და იმერეთი დაეჩაგრა“. ამიტომ მეფის მომხრეები ბეჟან (ბეჟია) და სხვა ჩხეიძეები „დადიანის ძალით იმერეთით გაყრილნი იყვნენ და ლევან II დადიანისაგანვე დევნილი იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის ძმასთან - მამუკა ბატონიშვილთან ერთად ახალციხის ფაშასთან - იუსუფთან (1635-1647) აფარებდნენ თავს. ბეჟან ჩხეიძე ასევე ნათესაობითაც იყო დაკავშირებული მამუკა ბატონიშვილთან. ბეჟან ჩხეიძის ასული, რომლის სახელი უცნობია, მამუკა ბატონიშვილის თანამეცხედრე იყო. მამუკა ბატონიშვილი და მისი მომხრე თავადი ჩხეიძეები ახალციხიდან ქართლში გადავიდნენ და „სომანეთის ჭალაში“ დადგნენ. თავად ჩხეიძეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს იმ შეთქმულებაში, რომელიც ქართლის მეფის როსტომის (1633-1658) წინააღმდეგ მოეწყო ნოდარ ციციშვილისა და სხვა თავადების თაოსნობით. შეთქმულებს ქართლში იმერეთის ბატონიშვილის - მამუკას გამეფება უნდოდათ. მაგრამ შეთქმულები დამარცხდნენ. მამუკა ბატონიშვილი იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. მისი მომხრე თავადი ჩხეიძეები ქართლში დარჩნენ და მეფე თეიმურაზ I-ის მხარეზე იბრძოდნენ, მაგრამ თეიმურაზ I-ის მომხრე თავადთა ჯგუფი როსტომ მეფესთან ბრძოლაში დამარცხდა. თავადი ჩხეიძეები მეფე როსტომს ტყვედ ჩაუვარდნენ და მან ისინი ირანს გაგზავნა. რამდენიმე წლის შემდგომ მეფე როსტომმა თავადები გიორგი და ოტია ჩხეიძეები ირანიდან „მოაყვანინა“, ხოლო თავადები ბეჟან და ხუცია ჩხეიძეები „ყაენის კარს დარჩნენ“.
იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებში, რომელნიც XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ მეფისა და თეიმურაზ I-ის ირგვლივ შეიქმნა, თავადი ჩხეიძეები და თავად აბაშიძეების უმეტესი ნაწილი ქართველობისათვის მებრძოლი თეიმურაზისა და მისი მოკავშირე იმერეთის მეფის - ალექსანდრე III-ის მხარეზე იდგნენ. ასეთ ვითარებაში თავადმა ღონენა აბაშიძემ იმერეთის მეფის ვასალობა აღარ ინება, „გათათრებულ“ როსტომ ქართლის მეფეს ეყმო და მისი ერთგული გახდა. ღალატისათვის ღონენა მოაკვლევინა მისივე ძმამ პაატამ (აბაშიძეთა საგვარეულოს მეთაურმა). მეფე როსტომმა „იწყინა“, რომ მის საბრძანებელში სხვა ქვეყნიდან (იმერეთიდან) ამ რიგი საქმე კადრეს და პაატას სახლკარის და მამულის ასაოხრებლად, 1638 წელს ზემო ქართლის სარდალი იოთამ ამილახვარი ლაშქრით გაგზავნა. პაატას მამული დაარბიეს, ხოლო აბაშიძეთა მაშველ მეზობელ თავად ბანანა ჩხეიძეს „თავი მოკვეთეს“. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიულ სარბიელზე მოღვაწეობდნენ: ჭყონდიდელი ევდემოს, სახლთუხუცესი სეხნია, სუფრაჯი ოტია, ქვითირის მოურავი ოტია და მისი შვილი ბეჟან, იმერეთის დედოფლის სახლთუხუცესი როსტომ და ბოქაულთუხუცესი თეიმურაზ ჩხეიძეები. 1660-1666 წლებში აფხაზთა კათალიკოსად იჯდა სვიმონ ჩხეტიძე, რომელმაც ქუთათელობაც შეინარჩუნა. ისტორიულ საბუთებში ის იხსენიება „ქუთათელ-კათალიკოსად“.მის მიერ უნდა იყოს აშენებული სოფელ თხილთაწყაროს ეკლესია, რომლის საკურთხეველში შემორჩენილი ნუსხური წარწერა გვაუწყებს: „ქ. მხ~სნე ორ ს~სფვლსა შინა ამის ეკლესიის აღმშენებელი ჩხეიძე სიმეონ“. საყურადღებოა ის, რომ XVII საუკუნეში ქუთათელ ეპისკოპოსად ძირითადად მხოლოდ ჩხეიძეთა საგვარეულოს წევრები სხედან. ამ საუკუნეში იხსენებიან აგრეთვე საერო სფეროში: შედან, სვიმონ, მამუკა, ხოსია, პაატა, ქაიხოსრო და გიორგი ჩხეიძეები.
XVII საუკუნის 50-60-იან წლებში მეტად მნიშვნელოვან ფიგურას იმერეთის სამეფოში წარმოადგენდა სვიმონ კათალიკოსის (1660-1666) ძმა - სეხნია სახლთუხუცესი. სეხნია ჩხეიძე ჯერ კიდევ იმერთა მეფის ალექსანდრე III-ის (1639-1660) მეფობის დროს წინაურდება. მეფე ალექსანდრე III-ის 1660 წლის სიგელებში სეხნია ჩხეიძეს უკვე სახლთუხუცესის სახელო უჭირავს. სახლთუხუცესი სეხნია ჩხეიძე უფრო „განდიდნა“ ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ. ბაგრატ IV მეფობაში (1660-1681) სეხნია ჩხეიძე პირველი კაცია. ბაგრატ IV მას თავის „დიდ ბოიართაგან“ პირველ რიგში ასახელებს. სეხნია ჩხეიძე, თავის ძმის, სვიმონ კათალიკოსისა და სხვათა „დიდის ცდითა“, ბაგრატ IV-ს 1663 წელს დაეხმარა იმერეთის ტახტის დაბრუნებაში. ბაგრატ IV მეფობის პერიოდში, როცა იმერეთში ცენტრალური ხელისუფლება ძალზე შესუსტებულია, თავადები „მიიტაცებდიან თავის თვისთა მხარეთა... აღრევა იყო მორჩილება ეგდენი მეფითა“, იყო ტყვითა სყიდვა და ქვეუნის ციხე-სიმაგრეებს თურქები იპყრობდნენ. ასეთ პირობებში სეხნია ჩხეიძე განუდგა მეფე ბაგრატ IV-ს - „იწყო... ერთგულება ფაშისა“ და 1666 წელს მოიყვანა თურქები და მათ ქუთაისის ციხე ჩააბარა. სამეფო სატახტო ქალაქის ციხის თურქების მიერ დაკავებამ „ყოველივე იმერი“ შეაშფოთა. მხოლოდ 1667 წელს მოხერხდა ბეჟან ლორთქიფანიძის თაოსნობით, თურქებისაგან ქუთაისის ციხის განთავისუფლება, მაგრამ ისიც მოკლე ხნით. 1669 წელს სეხნია ჩხეიძე კვლავ განუდგა იმერთა მეფეს ბაგრატ IV-ს და ქუთაისის ციხე „ზაკვით“ აიღო და ხელმეორედ თურქებს ჩააბარა. ამიერიდან ქუთაისის ციხე თურქების ხელში იყო 1770 წლის 6 აგვისტომდე, როდესაც მეფე სოლომონ I-მა რუსთა ჯარის დახმარებით კვლავ დაიბრუნა ქუთაისი. სეხნია ჩხეიძეს მიემხრო იმერეთის თავადების დიდი ნაწილი და ასევე სამეგრელოს მთავარი ლევან III დადიანი (1660-1681). ჩხართან მომხდარ ბრძოლაში ბაგრატ IV-მ გაიმარჯვა. სეხნია ჩხეიძე დაიღუპა ამ ბრძოლაში, ხოლო ლევან III დადიანი გაიქცა სამეგრელოში. ჩხარის ბრძოლის შემდეგ, ბაგრატ IV-მ კვლავ „დაიპყრა... უმეტესად იმერეთი“. მიუხედავათ სეხნია ჩხეიძის ორგულობისა, ბაგრატ IV-ს ჩხეიძეები მკაცრად არ დაუსჯია. მეფემ მხოლოდ სახლთუხუცესობა ჩამოართვა მათ და საზვერელ ჩიჯავაძეს გადასცა. თავად ჩხეიძეებთან დამოკიდებულების გამწვავებას ბაგრატ IV მაშინ მოერიდა. ახლო ხანშიც მდგომარეობა შეიცვალა. თავად ჩხეიძეთა საგვარეულოს წევრმა - როსტომმა დიდად უერთგულა ბაგრატ IV-ს, აცნობა მას მის სამტროდ მომავალ ახალციხის ფაშისა და გიორგი III გურიელის (1664-1683) გეგმა და ამ საქციელით თავისი გვარის დანაშაული ნაწილობრივ გამოისყიდა. მოგვიანებით როსტომ ჩხეიძემ 1685 წელს მიიღო დედოფლის სახლთუხუცესის სახელო. ამასობაში საზვერელ ჩიჯავაძე ბაგრატ IV-ის მეტოქეებთან 1679 წლის ბრძოლაში დაიღუპა და მისი სიკვდილის შემდეგ ბაგრატ IV-მ სახლთუხუცესის სახელო თავად ჩხეიძეთა საგვარეულოს წევრს - გიორგის გადასცა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, ისტორიულ დოკუმენტებში ჩანს თავადი გაბრიელ ეგორის ძე ჩხეიძე, რომელიც 1699 წელს მოსკოვში გამგზავრებულა და იქ საცხოვრებლად დარჩენილ იმერეთის მეფე არჩილ II-ის „სახლში გაზრდილი და დაბერებულია“. მან რუსეთში გაატარა დარჩენილი სიცოცხლე ვაჟიშვილებთან (მატვეი, ალექსანდრე, ივანე) ერთად (მათ შესახებ იხილეთ ქვემოთ) და მოღვაწეობდა როგორც მწიგნობარი და მთარგმნელი.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან თავად ჩხეიძეები თანდათან ქვეითდებიან. გაძლიერებულ თავად აბაშიძეთა სახით მათ უჩნდებათ სასტიკი მეტოქეები. იმ ბრძოლაში, რომელიც გაჩაღებულია დასავლეთ საქართველოში პირველობისათვის, თავადი ჩხეიძეები იმერეთის მეფის მხარეზე იბრძვიან. იმერეთის მეფის - გიორგი VI-ის (1703-1720) წინააღმდეგ გამოსულ გიორგი-მალაქია აბაშიძის და მისი მომხრეების - გიორგი ლიპარტიანის და რაჭის ერისთავ შოშიტა III-თან ბრძოლაში 1709-1711 წლებს შორის დაიღუპა სახლთუხუცესი გიორგი ჩხეიძე. მას შემდეგ, რაც გიორგი VI-ს დაუახლოვდა ზურაბ აბაშიძე, ჩხეიძეთა გვარის წარმომადგენლები - ოტია და სახლთუხუცეს სეხნიას შვილიშვილი პაატა მეფის მეტოქე მამია III გურიელის (1689-1714) მხარეზე გადავიდნენ და მასთან ერთად იბრძოდნენ ჩხარის ომში 1712 წელს გიორგი VI-ის წინააღმდეგ. მოგვიანებით, როგორც კი გიორგი VI-ის მემკვიდრე ალექსანდრე V-მ (1720-1752) ზურაბ აბაშიძისა და მის მოკავშირე სამეგრელოს მთავარ ბეჟან დადიანთან (1714-1728) ბრძოლა დაიწყო, ოტია ჩხეიძე მეფისა და მის მომხრე რაჭის ერისთავ შოშიტა III-ს დაუკავშირდა და ამ ბრძოლას შეეწირა 1720-1721 წლებს შორის. რაჭის ერისთავი შოშიტა III „ქრთამს“ პირდებოდა ახალციხის ისაყ ფაშას, თუ ახალგაზრდა ალექსანდრე V-ის „მეურვეობას“ მისცემდა. მაგრამ, სამეგრელოს მთავარმა ბეჟან დადიანმა, დაასწრო „ქრთამის“ მიცემაში. ისაყ ფაშამ იგი მიუჩინა მეფეს „მოურვედ“, ხოლო შოშიტა III-ის თავდებ ოტია ჩხეიძეს თავი მოჰკვეთა. თავად აბაშიძეებსა და თავად ჩხეიძეებს შორის ბრძოლა იმერეთის სამეფოში პირველობისათვის, ამ უკანასკნელთა დამარცხებით დამთავრდა. ჩხეიძეთა ციხე-ქალაქის შორაპნის ჯერ კიდევ „ძველთაგან“ მიმტაცებლად, სავარაუდოა, ვიგულისხმოთ თავად აბაშიძეთა საგვარეულო. ამ „დანაკარგს“ (შორაპნის ციხე) 1660-1681 წლებში ბოქაულთუხუცესი – თეიმურაზ ჩხეიძე „ხმლით“ იბრუნებს, მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით, მაგრამ მცირე ხნით. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნიდან მოყოლებული, თავად ჩხეიძეები სამუდამოდ კარგავენ შორაპანს. იგი ჯერ კიდევ გიორგი აბაშიძის მიერაა მიტაცებული, ხოლო ამ უკანასკნელის ქართლში გაქცევის შემდეგ (1711 წ.) შორაპანს მისი შვილი ლევანი ფლობს. 1726 წელს კი ის ზურაბ აბაშიძემ მიიტაცა, რომელმაც 1730 წელს ეს ციხე თურქებს გადასცა. 1757 წელს შორაპნის ციხე სოლომონ I-მა თურქი ოკუპანტებისაგან გაანთავისუფლა, თავად ჩხეიძეების მოქიშპე აბაშიძეებმა მოახერხეს რა დიპლომატიური შეთანხმება იმერეთის მეფესთან, ეს ერთგვარი „დაზავება“ მათ ჩხეიძეების წინააღმდეგ გამოიყენეს: ზურაბ აბაშიძემ „მოსწყვიდნა ბანაშვილნი ჩხეიძენი...“ და „დაიპყრა მამული მათნი“. ადგილმამულთან ერთად ჩხეიძეებმა დაკარგეს თავიანთი სამკვიდრო სახელოები, ესეც აბაშიძეებმა და სხვა თავადებმა „იქრთამეს“. თავადმა ჩხეიძეებმა საგვარეულო რეზიდენცია გადაიტანეს დიმში, „სადაც ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე“. ამიერიდან აქ ჰქონდათ მათ სასახლე, ციხე-სიმაგრე, საგვარეულო ეკლესია და სასაფლაოც. მანამდე საგვარეულო საძვალე ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო. ამგვარად, XVIII საუკუნის დასაწყისი იყო თავად ჩხეიძეთა საგვარეულოს ძლიერების დასასრული. აღიშნული პერიოდიდან მათი სამფლობელო განისაზღვრება ზედა დიმით და მისგან განცალკევებით, კიდევ ჯიხაიშს, ბაღდადს და სხვაგან მხოლოდ ზოგიერთი ადგილ-მამული აქვთ შერჩენილი. ასევე თავად ჩხეიძეთა ქართლის შტოს ეკუთვნოდა სოფელი იტრია, სურამის მახლობლად.
XVIII საუკუნის 30-იან წლებში რაჭის ერისთავის ძმას (?) გედეონ ეპისკოპოსს (ჩხეიძეს) მეფე ალექსანდრე V-მ უბოძა „საერისთო მამული“ იმერეთში და უწოდა „ბარის ერისთავი“, აქედან გაჩნდა იმერეთში გვარი „ერისთავი“ გენით ჩხეიძეთა შთამომავალი. „ბარის ერისთავთა“ ინსტიტუტი რაჭის ერისთავთა დასაპირისპირებლად, მათ ზომაზე მეტი სიძლიერის დასათრგუნავად იყო. ფრთხილი მეფის მიერ დაწესებული, მაგრამ ამ ღონისძიებას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ (1720-1752) კვლავ წამოსწია თავად ჩხეიძეთა საგვარეულო. მან 1740 წელს ბაანა ჩხეიძეს და მის შვილებს როსტომს, გიორგისა და დავითს უბოძა „მკვიდრად“ ქვიტირის მოურავობასთან ერთად სვირის მოურავობაც. მაგრამ იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (1752-1784) დროს (დაახ. 1766 წელს) ჩხეიძეებმა დაკარგეს ქვიტირის მოურავობა, რომელიც ქაიხოსრო აბაშიძის ხელში გადავიდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий