суббота, 1 октября 2016 г.

ავღანეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და სსრკ. 1973-1978 (კ. კვაშილავა)

1973წ. 17 ივლისს (ჰიჯრით 1352წ. 26 სარატანი) ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა: დაემხო მონარქია და შეიქმნა რესპუბლიკა. ეს იყო პირველი რესპუბლიკა ამ ქვეყნის ისტორიაში. მისი მეთაური გახდა დამხობილი მეფის – მუჰამედ ზაჰირ-შაჰის (დაიბ. 15.10.1914; მეფობდა 1933 წლიდან) ბიძაშვილი გენერალი მუჰამედ დაუდი (1909-1978), რომელმაც ერთდროულად ოთხი მნიშვნელოვანი პოსტი (სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი) შეითავსა.
ზაჰირ-შაჰის ხელისუფლება მთელი თავისი არსებობის (1933-1973) მანძილზე რამდენადმე წარმატებულად უძღვებოდა საგარეო პოლიტიკას. ითვალიწინებდა რა ქვეყნის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა „ცივი ომის“ მკაცრი რეალიების ფონზე, ის ახერხებდა რეალისტური, პრაგმატული დიპლომატიის წარმართვას და, ამგვარად, ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
აღმოსავლეთ-დასავლეთის გლობალური დაპირისპირების ფონზე, ავღანეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა მართლაც ურთულესი იყო: ჩრდილოეთის საზღვრის მთელს პერიმეტრზე იგი სსრკ-ს ესაზღვრებოდა; ირანსა და პაკისტანთან მეზობლობით, ქაბულს საქმე ჰქონდა აშშ-ს გავლენის სფეროსთან1; ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ავღანეთი ესაზღვრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც აზიაში „მესამე ძალის“ როლზე აცხადებდა პრეტენზიას2. ამდენად, ქაბული მოსკოვ-ვაშინგტონ-პეკინის ურთიერთჭიდილის მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფებოდა.
ქაბულმა „ცივი ომის“ დაწყებისთანავე მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება და მასზე კონტროლის დასამყარებლად მოსკოვსა და დასავლეთს შორის ბრძოლა დაიწყო. 1949წ. აპრილში ბრიტანული გამოცემა „კონტემპორარყ რევიეწ“ აღნიშნავდა, რომ დასავლეთი ავღანეთს ანიჭებს ისეთივე მნიშვნელობას, როგორიც „რკინის ფარდის“ მოსაზღვრე ევროპულ სახელმწიფოებს3. მოგვიანებით, 1955წ. „ნიუ იორკ ჰერალდ თრიბუნე“ ავღანეთის შესახებ წერდა, რომ „დღეს დედამიწაზე ძალზე მცირეა იმ რაიონთა რიცხვი, რომელიც ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტების უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებდნენ“.4
40-50-იანი წლების მიჯნაზე აშშ აქტიურად ცდილობდა ქაბულის ჩართვას ანტისაბჭოთა ბლოკში. ე. აჰმადი და რ. ჯ. ბარნეტი მიიჩნევენ, რომ შუა აღმოსავლეთიდან ბრიტანელების წასვლის შემდეგ (1947წ.) აშშ-ს არ გამოუვლენია დაინტერესება ავღანეთში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად5. ვფიქრობთ, რომ ეს მთლად ასე არ იყო. პირიქით, იმ პერიოდში რეგიონში სსრკ-ს გავლენის აღსაკვეთად მიმართულ ვაშინგტონის გეგმებში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქაბულსაც6. 1950წ. „კურრენტ Hისტორი“ (აშშ) ავღანეთის შესახებ წერდა, რომ აშშ-ს გააჩნდა კონკრეტული ინტერესები ამ ქვეყანაში და მას განიხილავდა, „როგორც შესაძლებელ პლაცდარმს რუსეთზე თავდასასხმელად“.7 მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ისლამაბადი მიიმხრო და ირანშიც მოსინჯა ნიადაგი, ავღანეთმა აშშ-ს სტრატეგიაში უკანა პლანზე გადაიწია. თანდათან ქაბულ-ვაშინგტონის ურთიერთობებში ბზარი ჩნდება, რაც უკავშირდება ავღანეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში აშშ-ს მხრიდან ისლამაბადის სასარგებლოდ (საქმე ეხებოდა „პუშტუნისტანის პრობლემას“) ქაბულზე განხორციელებულ ზეწოლას8. 1954წ. კი დ. ეიზენჰაუერის ადმინისტრაციამ (ამ დროს უკიდურესად იყო დაძაბული ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობები) უარი უთხრა ავღანეთის პრემიერ-მინისტრ დაუდს სამხედრო დახმარებაზე. ქაბულმა ანალოგიური თხოვნით მოსკოვს მიმართა და დახმარებამაც არ დააყოვნა.
პროპაკისტანურად განწყობილი აშშ-საგან ავღანეთი სსრკ-სკენ იწყებს შებრუნებას და თანდათან კრემლის გავლენის ქვეშ ექცევა. 1955წ. ქაბულმა უარი თქვა „ბაღდადის პაქტში“ გაწევრიანებაზე, რომლის წევრი პაკისტანიც იყო9. იმ პერიოდში კი ქაბული ისლამაბადთან ყოველგვარი მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას კატეგორიულად გამორიცხავდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლა მოსკოვმა, რომელმაც „პუშტუნისტანის საკითხში“ ავღანეთის მხარე დაიჭირა. 1955 წელსვე სსრკ-სა და ავღანეთს შორის რიგი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა. აშკარად გამოიკვეთა ქაბულის მოსკოვის „ფრთებქვეშ“ მოქცევა. სწორედ ასეთი პერიპეტიების შემდეგ, უკვე 50-იანი წლების ბოლოს, ვაშინგტონში აღიარეს, რომ მათთვის ავღანეთი „არავითარ სტრატეგიულ ფასეულობას არ წარმოადგენდა“.10
მიუხედავად ამისა, აშშ-ს მაინც არ მოუდუნებია ყურადღება ქაბულის მიმართ. ითვალისწინებდა რა ასეთ რთულ საერთაშორისო ვითარებას რეგიონში, ავღანეთის სამეფო ძალთა დაბალანსების პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. მაგრამ კრემლი მაინც უპირატესობით სარგებლობდა. იგი გაცილებით მნიშვნელოვან ეკონომიკურ დახმარებას (ყოველწლიურად 500 მლნ აშშ დოლარი) უწევდა ქაბულს, ვიდრე ამ უკანასკნელის დანარჩენი პარტნიორები – მათ შორის აშშ-ც.11 სსრკ ძალას არ იშურებდა, რომ არ დაეშვა ავღანეთზე გავლენის დაკარგვა და მისი შესაძლო მიმხრობა დასავლეთისადმი12. მოსკოვ-ქაბულის ურთიერთობები იმდენად თბილი იყო, რომ ვაშინგტონს ავღანეთის პროსაბჭოურობაში დაეჭვების საფუძველს აძლევდა13. ე. აჰმადისა და რ. ბარნეტის სამართლიანი შენიშვნით, ავღანეთი სსრკ-სთვის ფინეთის სამხრეთაზიურ ექვივალენტად იქცა14. საშინაო პოლიტიკის გატარებაში დამოუკიდებლობის შენარჩუნებით ქაბული ხელ-ფეხშეკრული იყო საგარეო პოლიტიკაში, ვინაიდან უწევდა მოსკოვის ინტერესებისათვის ანგარიშის გაწევა.
ზოგადად ასეთი იყო ავღანეთის საერთაშორისო მდგომარეობა „26 სარატანის რევოლუციის“ წინ. ხელისუფლებაში მოსვლისას, როგორც ჩანს, დაუდი მიზნად ისახავდა ავღანეთისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საგარეოპოლიტიკური პრობლემის გადაჭრას: 1) მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების მოძებნა; 2) „პუშტუნისტანის პრობლემის“ გადაჭრა; 3) სსრკ-ს გავლენისაგან ავღანეთის ჩამოშორება. თუმცა ეს არ გულისხმობდა ახალი „პატრონის“ მოძებნას. დაუდი არ იყო ანტისაბჭოთა ისტერიით შეპყრობილი პოლიტიკოსი, მაგრამ, ამასთანავე, იგი წინააღმდეგი იყო რომელიმე სახელმწიფოს მიმართ ავღანეთის „ყმობისა“. 1973-1978 წლებში დაუდი ცდილობდა იმ ვითარების გამოსწორებას, რომელსაც თვითონ მისცა დასაბამი 1953-1963 წლებში პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს. აღსანიშნავია, რომ იგი ასეთივე შემართებით იბრძოდა ავღანეთზე ინგლისის დომინანტობის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მიზნის მიღწევას ფაშისტური ბლოკის სახელმწიფოთა გამოყენებით ცდილობდა15.
დაუდი აქტიურად შეუდგა დიპლომატიურ საქმიანობას. ახალი რეჟიმი აცხადებდა საერთაშორისო ურთიერთობებში ნეიტრალიტეტის კურსის გაგრძელებას. დაუდი, ეძებდა რა დასავლეთთან დაახლოების გზებს, ამასთანავე, უფრთხილდებოდა სსრკ-სთან ურთიერთობებს. მოსკოვის გავლენისაგან თავდაღწევა ტოლფასი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალის დაბალანსებით ესახებოდა. ეს მიზანი შენიშნეს აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ექსპერტებმა, რომლებმაც ავღანეთის ლიდერი ასე დაახასიათეს: „დაუდი განსაკუთრებით ბედნიერია, როდესაც შეუძლია საკუთარ ამერიკულ სიგარეტს რუსული ასანთით წაუკიდოს ცეცხლი“.16
17 ივლისის აქტი მუჰამედ დაუდმა მემარცხენე ორიენტაციის სამხედროების მეშვეობით განახორციელა17. ამ დროისთვის სოციალისტური და კომუნისტური იდეოლოგია გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობდა ავღანელი სამხედროებისა და ინტელიგენციის ნაწილში. არალეგალურ ვითარებაში მოქმედებდა ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტია (ასდპ; დაარსდა 1.01.1965), რომელიც 1973 წლისთვის ერთმანეთზე გადამტერებულ ფრაქციებად იყო დაშლილი18. დაუდისათვის ნათელი იყო, თუ რა ძალა იდგა მათ უკან. ამიტომ მან ხელისუფლებაში შეიყვანა რამდენიმე აქტივისტი მემარცხენე სამხედრო, რითაც, გარკვეულწილად, მათ მადლობა გადაუხადა და ასევე ერთგვარი ნდობის ვოტუმიც მოუპოვა თავის ხელისუფლებას სსრკ-ს თვალში. ამასთან, დაუდს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მათი მხარდაჭერა რადიკალური მემარჯვენე (ისლამისტები) და მონარქისტული ოპოზიციის წინააღმდეგ. მემარცხენეებთან კავშირს იგი დროებით მოვლენად განიხილავდა და ეს „ალიანსი“ მაშინვე დაიშლებოდა, როგორც კი ახალი ხელისუფალი საკუთარ პოზიციებს გაიმყარებდა ქვეყანაში. ვიდრე გრძელდებოდა ეს კავშირი, დაუდიც არ ცვლიდა ძველ საგარეოპოლიტიკურ კურსს. აქედან გამომდინარე, მისი დიპლომატიური მოღვაწეობა შეგვიძლია ორ ეტაპად დავყოთ: 1) 1973-1975წწ. – ძველი საგარეოპოლიტიკური კურსი; 2) 1976-1978წწ. – შემობრუნება დასავლეთისაკენ. დაუდის მოღვაწეობის საწყის ეტაპზე საუბრისას, ბ. ქარმალი ერთ-ერთ ინტერვიუში (1990წ.) აღნიშნავდა, რომ იგი „აშკარა პროსაბჭოურ კურსს ატარებდა“.19 რა თქმა უნდა, ხდებოდა ძველი კურსის გაგრძელება, რაც პოლიტიკური საჭიროებით იყო გამოწვეული, მაგრამ, ამასთან, დაუდი დასავლეთთან აქტიური ურთიერთობის გზებსაც ეძებდა, რისი დადასტურებაცაა ირანთან კონტაქტების დამყარება.
1975წ. მიწურულისათვის დაუდმა შეძლო მისთვის არასასურველი პარტნიორების ჩამოშორება20. კრემლი შეეცადა ავღანელი თანამოაზრეების დაცვას, მაგრამ, ამასთანავე, იძულებულიც იყო დაუდთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზეც ეზრუნა21. ავღანეთის ლიდერმაც ამ მდგომარეობით ისარგებლა. 1975წ. ბოლოსათვის განვითარებულმა მოვლენებმა მოსკოვი შეაშფოთა, მაგრამ კრემლმა ამ ეტაპზე დაუდზე აქტიური ზეწოლისაგან თავშეკავება არჩია. ჩანს, რომ ამის მიზეზები შემდგომში მდგომარეობდა: 1) საბჭოთა ხელმძღვანელობა დაუდს ჯერ კიდევ არ განიხილავდა პროდასავლურ პოლიტიკოსად22; 2) დაუდისა და ასდპ-ს ალიანსმა ახალი ხელისუფლებისადმი მოსკოვის ნდობა გამოიწვია; 3) კრემლში, როგორც ჩანს, მიიჩნევდნენ, რომ მტრული გარემოცვა (ირანთან ისტორიული მტრობა, პაკისტანთან ტერიტორიული უთანხმოებანი) საკმარისი მიზეზი იყო იმისათვის,  რომ ქაბულს უარი არ ეთქვა წინამორბედთა მიერ არჩეულ საგარეოპოლიტიკურ კურსზე. სსრკ-ში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვება არჩიეს, რათა გაერკვიათ, რა დონეს მიაღწევდა დაუდის პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და რამდენად იქნებოდა იგი მოსკოვისათვის მისაღები. მაგრამ, ამასთანავე, კრემლი დაუდის დასასჯელ „მათრახსაც“ ამზადებდა. ამისთვის კი აუცილებელი იყო ასდპ-ს გაერთიანება.
მემარცხენეების ჩამოცილების შემდეგ დაუდმა აქტიურად დაიწყო პროდასავლურ სახელმწიფოებთან (ირანი, საუდის არაბეთი და სხვ.) კონტაქტების დამყარება-გაღრმავება. იგი ირანის შაჰის – მუჰამედ-რეზა ფეჰლევის (1941-1979) ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ პერიოდში შაჰმა აქტიური მოღვაწეობა დაიწყო ირანისათვის რეგიონალური მასშტაბის ზესახელმწიფოს ფუნქციის შესასრულებლად, რაც გულისხმობდა მეზობლებზე კონტროლის გაძლიერებას და რეგიონში სსრკ-ს გავლენის შესუსტებას. გეგმის განხორციელებას ირანის მონარქი მოიაზრებდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და უშიშროების რეგიონალური სისტემის შექმნით, რომელშიც შევიდოდნენ ირანი, ინდოეთი, პაკისტანი, ავღანეთი და სპარსეთის ყურის არაბული მონარქიები.
პროფ. ს. ჰარისონის სამართლიანი შენიშვნით, ეს იყო „ძველი სპარსეთის იმპერიის თანამედროვე ვერსია“.23 ვფიქრობთ, რომ ეს გეგმა იდეალისტური და პრაქტიკულად განუხორციელებელი იყო, თუნდაც ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობებიდან გამომდინარე. თავისი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ირანი აშშ-სათვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო. იქიდან ადვილი იყო მახლობელი და შუა აღმოსავლეთის რთული რეგიონის გაკონტროლება; შესაძლებელი იყო სპარსეთის ყურის ჩაკეტვა და ასეთი გზით არაბული ნავთობის ექსპორტის შეფერხება; ირანი უშუალოდ ემეზობლებოდა სსრკ-ს, კერძოდ კი – მის ურთულეს რეგიონებს – კავკასიასა და შუა აზიას. ამასთან, თეირანი ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორიც იყო.
„ნავთობდოლარებმა“ მნიშვნელოვნად განაპირობა ირანის ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა. 70-იან წლებში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 20%-ით გაიზარდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპით ირანი აზიაში მეორე ადგილზე გავიდა (იაპონიის შემდეგ)24. 1976 წლისთვის 1 სულ მოსახლეზე წლიურმა შემოსავალმა 2500 აშშ დოლ. გადააჭარბა და გაუტოლდა იმ პერიოდის ესპანეთის მონაცემებს25. მნიშვნელოვანი იყო ირანის სამხედრო პოტენციალი. ირანს რეგიონში ერთ-ერთი უძლიერესი და მრავალრიცხოვანი (400ათ.) არმია ჰყავდა, რომელიც ნატო-ს ექსპერტების შეფასებით (1977წ.), 1981 წლისათვის თვით ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების (აშშ-ს გამოკლებით) შეიარაღებულ ძალებზე უფრო ძლიერიც კი იქნებოდა26. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ირანს ზესახელმწიფოს (თუნდაც რეგიონალურის) სტატუსის მოპოვების სურვილი გასჩენოდა. ამაში კი მისი მხარდამჭერი აშშ იყო, რომელმაც, ბ. რუბინის მართებული შენიშვნით, მუჰამედ-რეზას მთელი რეგიონი „ანდო“.27 აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საირუს ვენსის (1977-1980) თანაშემწე ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის საკითხებში ს. სობერი ოფიციალურად აცხადებდა, რომ „აშშ ირანისაგან მოელის საკუთარი როლის აქტივიზაციას არა მარტო სპარსეთის ყურის რაიონში, არამედ სხვა რეგიონშიც, სადაც კი საფრთხე ექმნება მშვიდობასა და სტაბილიზაციას... და აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას საერთო მიზნების მისაღწევად“.28
როგორც ვხედავთ, თეთრი სახლი აქტიურად უწყობდა ხელს ირანს და ერთგვარად აქეზებდა კიდეც ამ მიმართულებით, რომელშიც მოიაზრებოდა რეგიონში სსრკ-ს გავლენის შესუსტება, არაბული სამყაროს დაშოშმინება და ჩინეთისთვის დაპირისპირება. აშშ ამგვარად ცდილობდა რეგიონში მისი ინტერესებისათვის შესაბამის ძალთა ბალანსის შექმნას. ამისთვის კი ვაშინგტონს ძალზედ სჭირდებოდა სრულყოფილი კონტროლი შუა აღმოსავლეთზე, სადაც, ბუნებრივია, ავღანეთიც მოიაზრებოდა. მუჰამედ დაუდის მიერ ხელისუფლებიდან მემარცხენეების ჩამოცილებამ აშშ-ს ავღანეთში შეღწევის იმედი გაუჩინა.
ირანისა და ავღანეთის ინტერესების დამთხვევამ მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გამოიწვია. თეირანმა ქაბულს 1975წ. 10-წლიანი ვადით 2 მლრდ აშშ დოლარი ასესხა და, ამასთანავე, 400 მლნ აშშ დოლარი შეღავათიანი პირობებით იმავე წლის დასაწყისში29. ირანი ასეთ გრანდიოზულ თანხას საკმაოდ კონკრეტული გათვლებით იძლეოდა, კერძოდ, „ფეჰლევის გეგმის“ განხორციელებაში თანამშრომლობისათვის.
მკვლევართა ერთი ნაწილი (ნ. გურევიჩი, ს. ჰარისონი, რ. ბარნეტი და ე. აჰმადი) სავსებით სწორად მიუთითებს, რომ ირანული დახმარების მიზანი „საბჭოთა-ავღანური თანამშრომლობის შესუსტება“ იყო30. დაუდი საკითხს პრაქტიკულად უდგებოდა და ხედავდა, რომ ირანის ეკონომიკურმა და სამხედრო პოტენციალმა რეგიონში ახალ რეალობებს ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც შეეძლო სსრკ-ს გავლენის შესუსტება. სწორედ ამიტომ ესწრაფოდა იგი ავღანეთ-ირანის ურთიერთობების გაღრმავებას. „ფეჰლევის გეგმის“ განსახორციელებლად საკმარისი არ იყო მხოლოდ თეირან-ქაბულის თანამშრომლობა. აუცილებელი იყო ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობათა ნორმალიზაციაც. ეს კი დაუდისათვის ძალზე მტკივნეული საკითხი იყო. ირანში ეს იცოდნენ, მაგრამ ვინც 2 მლრდ დოლარს იძლევა, მას გარკვეული საკუთარი მოთხოვნების წამოყენებაც შეუძლია31.
ისლამაბად-ქაბულის ურთიერთობებს ამწვავებდა ე.წ. „პუშტუნისტანის საკითხი“. პრობლემას სათავე 1893წ. 12 ნოემბერს დაედო, როცა ლონდონმა აიძულა ავღანეთის იმდროინდელი მმართველი ემირი აბდურაჰმან-ხანი (1880-1901), ხელი მოეწერა მძიმე შეთანხმებისათვის, რომელმაც პუშტუნები ორ ნაწილად გაჰყო32: ნაწილი საკუთრივ ავღანეთში დარჩა, ნაწილი კი – ბრიტანეთის ინდოეთის (1947წ. პაკისტანის) შემადგენლობაში აღმოჩნდა. ინგლისელმა კოლონიზატორებმა ასე სცადეს მათთვის დაუმორჩილებელი ავღანელების დაჩოქება. აღნიშნული პრობლემის გამო, ქაბულს თავიდანვე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა ისლამაბადთან. 50-იანი წლების დასაწყისში მუსირებდა იდეა ავღანეთ-პაკისტანის კონფედერაციის შექმნით ამ საკითხის გადაჭრისა33. ამ იდეის უკან, როგორც ჩანს, დასავლეთი იდგა, ვინაიდან პაკისტანი იმთავითვე პროდასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
ამასთანავე, ზემოთ აღვნიშნეთ, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დასავლეთი ქაბულს „ცივი ომის“ საწყის ეტაპზე. დაუდი ძალიან მკაცრად უდგებოდა ამ საკითხის გადაჭრას. ჯერ კიდევ 1953-1963 წლებში მან წამოაყენა მოსაზრება პრობლემის რეფერენდუმის გზით მოეგვარებისა. ეს მიუღებელი იყო ისლამაბადისათვის, რადგან პუშტუნები აუცილებლად ავღანეთთან გაერთიანებას დაუჭერდნენ მხარს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაში დაუდის მოსვლა პაკისტანისათვის სასიამოვნო არ იყო. ამიტომ იყო, რომ 17 ივლისის გადატრიალების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა მათ შორის ურთიერთობა, რომელიც „26 სარატანის რევოლუციის“ წინ ისედაც დაძაბული იყო34. 1974წ.დაუდმა არაერთხელ გააკრიტიკა ზულფიკარ ალი ბჰუტოს მთავრობა პუშტუნებისა და ბელუჯების უფლებათა დარღვევების გამო. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა პაკისტანის პუშტუნებისათვის თვითგამორკვევის უფლების მიცემა. გაღიზიანებული ისლამაბადი ქაბულს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა35.
პაკისტანმა გადაწყვიტა, „ჭკუა ესწავლებინა“ ამ „პუშტუნი ნაციონალისტისათვის“. ამ მიზნით ბჰუტომ სცადა ქაბულიდან გამოქცეული ისლამისტების გამოყენება. დაუდი უარყოფითად ეკიდებოდა ფუნდამენტალისტებს, რომლებმაც 60-იანი წლების შუახანებიდან ორგანიზაციებად ჩამოყალიბება დაიწყეს. ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ, ავღანეთი დაეტოვებინათ. ისლამაბადი თავიდანვე შეუდგა მათ სახმედრო მომზადებას. 1975წ. ივლისში მოჯაჰედებმა („სარწმუნოებისთვის მებრძოლნი“) პანჯშერის ხეობაში აჯანყება მოაწყვეს, თუმცა ხელისუფლებამ მალევე შეძლო არმიისა და მოსახლეობისაგან ზურგგაუმაგრებელი ამბოხებულების დამარცხება36. ამდენად, პაკისტანის მიერ ინსპირირებული და ეს აქცია ისლამისტებისა და ისლამაბადის მარცხით დასრულდა.
ფუნდამენტალისტების მარცხი მრავლისმეტყველი იყო: ახალი ხელისუფლება, რომელიც ზომიერ, მაგრამ პროგრესულ რეფორმებს ატარებდა, მოსახლეობის უკმაყოფილებას ჯერ კიდევ არ იწვევდა. ამასთან, ავღანელები დაუდსა და მის რეჟიმში წინა ხელისუფლებისაგან დიდ სხვაობას ვერ ხედავდნენ, ვინაიდან ქვეყნის სათავეში ისევ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იდგა, ხოლო მონარქია კი მათთვის ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის სიმბოლო იყო. ამდენად, მუჰამედ დაუდს ჯერ კიდევ გააჩნდა ნდობის ვოტუმი, რაც მას წაადგა კიდევაც აჯანყებულთა დასამარცხებლად. იგი სასტიკად გაუსწორდა ისლამისტებს, მაგრამ 1975წ. აჯანყებამ ქაბულს მთელი სისრულით დაანახა ის სავალალო შედეგი, რაც მოჰყვებოდა პაკისტანთან მოუწესრიგებელ ურთიერთობებს37.
ამდენად, აღნიშნული პრობლემა აუცილებლად საჭიროებდა მოგვარებას. დაუდი მიხვდა, პუშტუნისტანის საკითხში მას კომპრომისებზე წასვლა მოუწევდა. ამ ეტაპზე ამ საკითხში არდათმობას შეეძლო ჩაეშალა მისთვის უმთავრესი მიზნის (სსრკ-ს გავლენისაგან ავღანეთის გამოსვლა) მიღწევა. თავის დროზე, სწორედ „პუშტუნისტანის პრობლემის“ გადაწყვეტის გამო მიმართა დასახმარებლად დაუდმა ნ. ხრუშჩოვს, მაგრამ ამით ქაბულმა ვერაფერი მოიგო. „ცივი ომის“ ისედაც დაძაბულ პერიოდში საბჭოთა პოლიტიკოსები იმდენს მაინც ხვდებოდნენ, რომ პუშტუნების ერთიანობის გამო არ დაპირისპირებოდნენ აშშ-ს, რომელიც ამ საკითხში პაკისტანის პოზიციებს იცავდა. ამასთან, პრობლემის ღიად დატოვება სსრკ-ს ქაბულზე კონტროლისთვისაც აწყობდა: სანამ დღის წესრიგში იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება, ავღანეთიც არ ჩამოშორდებოდა მოსკოვს.
ავღანეთ-პაკისტანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებით დაინტერესებულნი იყვნენ ირანი და აშშ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გართულდებოდა „ფეჰლევის გეგმის“ რეალიზაცია. ირანი და საუდის არაბეთი დაუდისაგან მოითხოვდნენ ისლამაბადთან მოლაპარაკებების დაწყებას ორ სახელმწიფოს შორის არსებული37 „პუშტუნისტანის პრობლემიდან“ გამომდინარე, პაკისტანის ინტერესებში შედის ავღანეთში არასტაბილურობის შენარჩუნება, რათა ქაბულს პუშტუნისტანზე ყურადღების გადატანის საშუალება არ მიეცეს და, ამდენად, საფრთხე არ შეუქმნას პაკისტანის შიდასტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. პაკისტანი ეთნიკურად არამტკიცე სახელმწიფოა. იქ მოსახლე ეროვნული ჯგუფები თავიანთი ენებით, ადათებით, ისტორიული წარსულით უფრო ახლოს არიან ავღანეთისა და ინდოეთის მოსახლეობასთან, ვიდრე ერთმანეთთან. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებს, არის ისლამი. ამიტომ პაკისტანის ერთიანობა და შინაგანი სიძლიერე პირდაპირ უკავშირდება სარწმუნოების სიმტკიცეს.
პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი ქაბულს ურჩევდნენ თავი დაენებებინა პაკისტანის პუშტუნებისა და ბელუჯების სეპარატიზმის მხარდაჭერისათვის. როგორც ჩანს, დაუდს უკვე 1975წ. ბოლოსათვის გადაწყვეტილი ჰქონდა ასეთი არასასიამოვნო და არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა. ძნელი სათქმელია, როდის დაიწყო მან ამ ქმედებისათვის მზადება. ცხადია, რომ პანჯშერის აჯანყება გარკვეულ როლს ითამაშებდა ამ საქმეში. ყოველ შემთხვევაში, 1975წ. ბოლოსათვის დაუდი, როგორც ჩანს, უკვე ამ ზემოდასახელებული გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობდა. ამაზე მიანიშნებდა ბ. ქარმალი „ფარჩომის“ III პარტიულ კონფერენციაზე (1975წ. დეკემბერი).38 იგი იძულებული შეიქნა პაკისტანთან დათმობებზე წასულიყო.
1975-1976წწ. მიჯნაზე დაიწყო ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობათა დათბობა. პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 1978წ. მარტში დასრულდა, როცა ხელი მოეწერა საბოლოო შეთანხმებას: ავღანეთი უარს ამბობდა პაკისტანის პუშტუნებისათვის მხარდაჭერასა და პაკისტანელი პუშტუნი და ბელუჯი პარტიზანებისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ისლამაბადი, თავის მხრივ, წყვეტდა ავღანელი ისლამისტებისათვის მხარდაჭერას და მზადყოფნას აცხადებდა ავღანელი სამხედროების მომზადებაზე39.
ამდენად, ავღანეთის საშინაო და საგარეო მდგომარეობიდან გამომდინარე, დაუდი დათმობაზე წავიდა პაკისტანის პუშტუნების საკითხში, ვინაიდან მან ვერ შეძლო ამ პრობლემის გარშემო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება, თუმცა ამ მოლაპარაკებებზე არ გადაწყვეტილა „დიურანდის ხაზის“ ბედი. პაკისტანელი პუშტუნებისა და ბელუჯებისათვის მხარდაჭერაზე უარის თქმა არ ნიშნავდა ქაბულის მხრიდან ამ ხაზის ლეგიტიმაციას. ამ მხრივ, ეს საკითხი პაკისტანისათვის ღიად დარჩა, მაგრამ ამ ეტაპზე დაუდის მხრიდან მიღებული დათმობებით ისლამაბადი მაინც კმაყოფილი იყო.
აღნიშნულმა შეთანხმებებმა ზურგი მოუშალა ავღანელ ისლამისტებს, რომლებიც, 1975წ. ზაფხულში განცდილი მარცხის მიუხედავად, მაინც არ იყვნენ უგულებელსაყოფნი: 1973-1977 წლებში პაკისტანში სამხედრო წვრთნა გაიარა 6000-ზე მეტმა ავღანელმა ფუნდამენტალისტმა40. ამდენად, მათი განეიტრალება დაუდის დიპლომატიის წარმატება იყო. როგორც ლ. მლეჩინი მიიჩნევს, რომ არა კომუნისტური ძალების მოსვლა ავღანეთის სათავეში (27.04.1978), ისლამისტები საერთოდ გაქრებოდნენ
პოლიტიკური სცენიდან, ვინაიდან პაკისტანის მიერ მათ მხარდაჭერაზე უარის თქმამ ისინი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და ამის შემდეგ მათ სერიოზულ ძალად არავინ განიხილავდა41. ისლამური ფუნდამენტალიზმი, როგორც რელიგიურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ეტაპზე მყოფი მაჰმადიანური საზოგადოების ნაყოფია და მისი გაქრობა უფრო დამოკიდებულია საზოგადოების შემდგომ პროგრესზე და არა კონკრეტული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე. ეს უკანასკნელი ფაქტორი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. რა თქმა უნდა, პაკისტანური მატერიალურ-ფინანსური მხარდაჭერა მათთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საკუთრივ ავღანეთში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება ფუნდამენტალისტთა მოძღვრებისათვის საარსებო ნიადაგს ჯერ კიდევ ქმნიდა. დაუდმა შეძლო მათი დამარცხება 1975წ., მაგრამ ფესვები მაინც დარჩა. მათ აღმოფხვრას კი შედარებით ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა. ამასთან ერთად, ამ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდნენ თავად პაკისტანელი ისლამისტები.
1975-1978წწ. ავღანეთმა აქტიური ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის პარტნიორ არაბულ სახელმწიფოებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი, გაერთიანებული არაბული საამიროები, ეგვიპტე) და ჩინეთთან, თუმცა ამ უკანასკნელთან ურთიერთობები ამ რეგიონში ჩვეულებრივი კეთილმეზობლობის დონეს არ გასცილებია. ქაბულმა პეკინს დაუდასტურა, რომ ჩსრ-სსრკ-ს დაპირისპირებაში ნეიტრალური იქნებოდა (1974წ. დეკემბერი), ხოლო 1978წ. მარტში ხელი მოეწერა ჩინეთ-ავღანეთის ეკონომიკურ შეთანხმებას42. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, დაუდი რიგ სახელმწიფოებთან (ინდოეთი, ეგვიპტე, პაკისტანი, აშშ) შეთანხმდა ავღანეთის სამხედრო კადრების მომზადების თაობაზე, ხოლო სსრკ-ში სამხედრო განათლებამიღებულ ოფიცრებს თადარიგში ითხოვდა43. ეს ფაქტი აშკარად გამოხატავდა მოსკოვის მიმართ მის უნდობლობას და ამგვარად ცდილობდა კრემლისათვის ქაბულზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი გამოეცალა.
თეირანისა და ერ-რიადის გააქტიურებული დიპლომატიის უკან, როგორც აღვნიშნეთ, აშშ იდგა, რომელსაც ავღანეთის მიმართ კონკრეტული დაინტერესება ჰქონდა: იქ შესაძლებელი იყო დაზვერვის ელექტრონული სადგურების განლაგება. ამასთან, როგორც ირკვევა, სსრკ-ავღანეთის საზღვარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრივ ფაქტობრივად ღია იყო. პაუერსის მიერ განხორციელებული ცნობილი გაფრენის (1960წ.) შემდგომ საბჭოთა საზღვრის ამ მონაკვეთზე არაფერი შეცვლილა44. ამასთან ერთად, დაუდის დროს ამერიკელი გეოლოგები ურანის საბადოებს ეძებდნენ45.
ჩანს, ავღანეთში ნამდვილად ივარაუდება რადიაქტიური წიაღისეულის არსებობა. ამის შესახებ საინტერესო ცნობას ვაწყდებით ქაბულში საბჭოთა ელჩის ა. პუზანოვის საანგარიშო მოხსენებაში (22.11.1978): ნ. მ. თარაკი სსრკ-ს გეოლოგიის მინისტრთან კოზლოვსკისთან საუბრისას დაინტერესებულა ჰაშინინის რაიონში გამოვლენილი ურანის პრაქტიკული მნიშვნელობით46.
დასავლეთისკენ დაუდის შემობრუნების შემდეგ აშშ კიდევ უფრო გააქტიურდა. ავღანეთის ახალი მთავრობის მოღვაწეობის ორნახევარ წლისთავზე ვაშინგტონი უკვე კმაყოფილი იყო მისით, რასაც ადასტურებს აშშ-ს ელჩის ტ. ელიოტის საანგარიშო მოხსენება (30.01.1978), სადაც იგი წერდა, რომ ავღანეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად წაადგა აშშ-ს ინტერესებს რეგიონში47. სხვადასხვა დონის ამერიკელმა ჩინოსნებმა მოუხშირეს სტუმრობებს ქაბულში. აშშ-ავღანეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ვიზიტი ქაბულში (1976წ.). მან დაუდს პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის მხარდაჭერა დაუდასტურა48. ეს იყო ავღანეთის ახალი ხელისუფლების მნიშვნელოვანი აღიარება და დაწყებული პოლიტიკის შემდგომი გაღრმავებისათვის წაქეზება.
მოსკოვი ყურადღებით აკვირდებოდა დაუდის ესოდენ აქტიურ დიპლომატიას. ავღანეთი როგორც დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მიუმხრობელი სახელმწიფო, ბუნებრივია, თავისუფალი იყო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობებში. კრემლში ამ გარემოებას ითვალისწინებდნენ და ქაბულისათვის „თითის დაქნევას“ ვერ ბედავდნენ, მაგრამ ვერც მასზე (როგორც მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შემავალ სახელმწიფოზე49) კონტროლის დაკარგვას შეურიგდებოდნენ. თუმცა დაუდი არ უპირისპირდებოდა მოსკოვს, პირიქით, აგრძელებდა მასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს (დაიდო არაერთი ხელშეკრულება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ).50 სსრკ ჯერ კიდევ რჩებოდა ავღანეთისათვის უდიდეს ეკონომიკურ დონორად51.
მართალია, მოსკოვმა თავი შეიკავა რაიმე ზომების გატარებისაგან 1975წ., მაგრამ იგი ნამდვილად გააღიზიანა ქაბულის შემდგომმა ნაბიჯებმა. სსრკ შეშფოთებული იყო. საჭირო იყო სასწრაფო პრევენტული ზომების მიღება. პირველ ეტაპზე, კრემლმა პრობლემის მოსაგვარებლად „ეთილი რჩევების“ მიცემა არჩია და ამისთვის ისარგებლა დაუდის ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში (1977წ. აპრილი). ლ. ბრეჟნევმა სცადა, „აეხსნა“ ავღანელი კოლეგისათვის, რომ ამ უკანასკნელის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთელი რიგი ასპექტები მოსკოვისათვის მთლად მოსაწონი არ იყო. დაუდი, რომელიც უკვე ზურგს უკან დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერას გრძნობდა, აღშფოთდა და თანამოსაუბრეს, თავის მხრივ, აუხსნა, რომ ავღანეთი „ვარშავის ხელშეკრულების წევრი“ არ იყო.
ამით მიანიშნა, რომ მისი ქვეყანა სსრკ-ს სატელიტების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, დაუდისათვის მის მრჩეველს უთქვამს: „თქვენსავე თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეთ“. კრემლი უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მის ინტერესებს ავღანეთში საფრთხე ემუქრებოდა. ამუშავდა მეორე ვარიანტი: დაუდის დამხობა.
კრემლის კატეგორიული მოთხოვნით, „ფარჩომი“ და „ხალყი“ იძულებული გახდნენ გაერთიანებულიყვნენ (4.07.1977),52 რომელთა ლიდერებს მოსკოვი მუდმივად საქმის კურსში აყენებდა სსრკ-ავღანეთის მთავრობათა ურთიერთობების საკითხებში. აქედან გამომდინარე, ბ. ქარმალმა და ნ. მ. თარაკიმ იცოდნენ მოსკოვში დაუდის უკანასკნელი ვიზიტის შედეგების შესახებაც53. გაერთიანებული ასდპ-ს ცკ-ის პლენუმმა (1977წ. ივლისი) სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის დამხობისათვის მზადების დაწყების შესახებ54. ასე გაფორმდა მოსკოვიდან მიღებული „შეკვეთა“. დაიწყო მუშაობა აჯანყების გეგმის შესამუშავებლად55.
1977წ. ავღანეთში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რასაც მოსახლეობის ფართო ფენების სოციალური მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. ასეთ მძიმე ვითარებაში ახალი კონსტიტუცია კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას, ვინაიდან აკანონებდა დაუდის ერთპიროვნულ მმართველობას. ამასთანავე, ერთადერთ ლეგალურ პოლიტიკურ გაერთიანებად ცხადდებოდა სამთავრობო „ეროვნული რევოლუციის პარტია“. ხელისუფლებას ჩაეშალა აგრარული რეფორმა, რომელიც მისი მთავარი პრიორიტეტი იყო საშინაო პოლიტიკაში, რამეთუ მის წარმატებით დასრულებას უნდა გაეუმჯობესებინა მასების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამდენად, შიდაარეულობებისათვის რეალური საფუძვლები შეიქმნა, რითაც სარგებლობდა მემარცხენე და მემარჯვენე ოპოზიცია.
ამ პრობლემებით დაიწყო 1978 წელი. როგორც ვნახეთ, ამ წლის დასაწყისშივე დაუდმა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადება მოახერხა, მაგრამ იგი უფრო დიდ იმედებს ამყარებდა წლის მეორე ნახევარზე: ივნისში დაგეგმილი იყო ირანის შაჰის ვიზიტი ქაბულში, სექტემბერში კი დაუდი ვაშინგტონში უნდა ჩასულიყო. ამასთანავე, სექტემბერში დაგეგმილ მიუმხრობელ სახელმწიფოთა ჰავანის (კუბა) კონფერენციაზე ავღანეთი აპირებდა „ჭეშმარიტი მიუმხრობელის“ პოზიციის დაკავებას56. მაგრამ, 1978წ. 27 აპრილს (ჰიჯრით 1357წ. 7 საური) ავღანეთში პროკომუნისტურმა სახელმწიფო გადატრიალებამ დაამხო დაუდის ხელისუფლება. ქვეყნის სათავეში ასდპ მოვიდა. ასე დასრულდა „26 სარატანის რევოლუციის“ ერა.
დაუდის მცდელობა, გამოეყვანა ავღანეთი სსრკ-ს კონტროლიდან, მარცხით დასრულდა. სწორედ საგარეო ფაქტორმა განაპირობა მისი რეჟიმის დამხობა, ხოლო გამძაფრებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ მხოლოდ ხელი შეუწყო ამ პროცესს.
საინტერესოა, რომ დაუდის საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას პროფ. რ. ფერელი „პროსაბჭოურად“ განსაზღვრავს57. სამწუხაროდ, იგი არ განმარტავს, თუ რის საფუძველზე აკეთებს ამგვარ დასკვნას. ჩვენ ვერ ვხედავთ მუჰამედ დაუდის 1973-1978წწ. მოღვაწეობაში ასეთი დასკვნისათვის საჭირო არგუმენტებს. მან შეძლო დასახულ საგარეოპოლიტიკურ ამოცანებში, გარკვეულწილად, წარმატებების მიღწევა (მეზობლებთან მოაწესრიგა ურთიერთობები, სსრკ-ს გამაწონასწორებელი ეკონომიკური დონორი მოძებნა). ავღანეთის მთავრობის დამხობამ დაადასტურა, რომ დაუდს ჰქონდა რეალური შანსი სსრკ-ს გავლენის შესუსტებისა. მოსკოვს იმავე 70-იან წლებში უკვე ჰქონდა არასასიამოვნო პრეცედენტი, როდესაც ეგვიპტის სათავეში ანვარ სადათის მოსვლის შემდგომ ამ ქვეყანაში უპირატესობა აშშ-მ მოიპოვა. თუმცა პრაქტიკულად დაუდისთვის შეუძლებელი იყო ქაბულზე მოსკოვის გავლენის შესუსტების მიღწევა. სსრკ არაფრით დაუშვებდა ავღანეთის დაკარგვას, მით უფრო, რომ ქაბული საბჭოთა შუა აზიას ესაზღვრებოდა. ამდენად, ის, რაც ეპატია კაიროს, არ ეპატიებოდა ავღანეთს. რ. ვიაიურიუნენი სამართლიანად მიიჩნევს, რომ სსრკ ბოლო პერიოდში აღარ იყო დაინტერესებული დაუდის ხელისუფლების შენარჩუნებით, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეყრდნობოდა მოსკოვს58. საბჭოთა პრესაც, 27 აპრილის მოვლენებიდან სულ მოკლე ხანში ამტკიცებდა, რომ დაუდის მთავრობის მოღვაწეობა ძირს უთხრიდა სსრკ-ავღანეთის მეგობრობას59. რ. ბარნეტი, ე. აჰმადი, ს. ჰარისონი და კ. ცაგოლოვი მიიჩნევენ, რომ საგარეოპოლიტიკური კურსის რევიზიის მცდელობა ავღანეთმა ირანის (აშშ-ს მხარდაჭერით) გავლენით დაიწყო60. ჩვენს მიერ შესწავლილ პროცესებში ამგვარი რამ არ ჩანს. პირიქით, ეს იყო თავად დაუდის ინიციატივა, ხოლო ამ საკითხში ქაბულთან თეირან-ვაშინგტონის ინტერესთა თანხვედრის გამო, მათ კატალიზატორის როლი შეასრულეს. სწორედ ამან შეაშფოთა მოსკოვი, რომელიც ავღანეთის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა. ამდენად, ამ ეტაპზე, სსრკ-მ „საჭადრაკო დაფის“61 ამ ფლანგზე დასავლეთის შეღწევის მცდელობის აღკვეთა მოახერხა და საკუთარი პოზიციები დაიცვა. დაუდიც და მთელი ავღანეთიც „ცივი ომის“ მკაცრი რეალიების მსხვერპლი გახდნენ.
შენიშვნები
1. ირანი და პაკისტანი, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, სენტო-ში (ჩENთO _ ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია) შედიოდნენ (1958-1980).
2. სსრკ-ს დაპირისპირებული ჩინეთი და დასავლეთი (პირველ რიგში, აშშ) 70-იანი წლების დასაწყისიდან ურთიერთობების მოგვარებას იწყებენ, რასაც კრემლში შეშფოთებით აღიქვამდნენ. ავღანეთი, ამასთანავე, დე-იურე ესაზღვრება ინდოეთს, თუმცა კი დე-ფაქტო ჯამუ და ქაშმირის შტატის (ინდოეთი) ავღანეთთან მოსაზღვრე ტერიტორიას პაკისტანი აკონტროლებს.
3. Правда об Афганистане: документы, факты, свидетельства, М., 1980, გვ. 80.
4. იქვე, გვ. 30.
5. E. Aჰმად, ღ. ჟ. Bარნეტტ. Bლოოდყ Gამეს, – „თჰე Nეწ Yორკერ“, Aპრილ 11, 1988; Э. Ахмад, Р. Барнетт. Кровавые игры (реферативное изложение). – „США – экономика, политика, история“ (შემდგომში: „США – ЭПИ“), №6, 1989, გვ. 58.
6. Н. Иванов. Ограниченный контингент. – „Советский Войн“ (შემდგომ-ში: „СВ“), №13, 1991, გვ. 20.
7. А. Афанасьев. Афганистан: почему это произошло. – „Коммунист вооруженных сил“ (შემდგომში: „КВС“), №12, 1991, გვ. 73.
8 Н. Иванов. Ограниченный контингент, გვ. 20.
9 „ბაღდადის პაქტი“ შეიქმნა 1955წ. მისი წევრები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პაკისტანი, ირანი და ერაყი. 1958წ. ბაღდადმა ორგანიზაცია დატოვა, რის შემდეგაც იგი სენტო-დ გარდაიქმნა.
10. Л. Млечин. Исламский фактор. – „Новое время“, №47, 1990, გვ. 17.
11. Ю. Буллах. Советско-афганская внешняя торговля на новом этапе. – „Внешняя торговля“, №6, 1979, გვ. 17; В. Снегирёв. Узник Серебрянного Бора. – „Огонёк“, №43, 2001, გვ. 14.
12. Н. С. Хрущёв. Мемуары. – „Вопросы истории“ (შემდგომში: „ВИ“),  №10, 1994, გვ. 77; П. Аллан, Д. Клей. Афганский капкан (Правда о со- ветском вторжении), М., 1999, გვ. 51; თ. შტრობე. Kჰრუსჰცჰევ ღემემბერს: თჰე Lასტ თესტამენტ, Bოსტონ, Mასს., 1974, გვ. 298, 300; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ: Aმერიცა–შოვიეტ ღელატიონს ფრომ Nიხონ ტო ღეაგან, ჭასჰ., 1985, გვ. 932.
13. К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война (взгляд из сегодняшнего дня). – „Восток (Афро-Азиатские общества: история и современность)“ (შემდგომში: „Восток-ААОИС“), №2, 1991, გვ. 48, 49.
14. E. Aჰმად, ღ. ჟ. Bარნეტტ. Bლოოდყ Gამეს; Э. Ахмад, Р. Барнетт. Кровавые игры, გვ. 58.
15. Ю. Н. Тихонов. Новые документы о деятельности разведок стран „Оси“ в Афганистане в годы Второй мировой войны. – „Новая и Новейшая история“, №5, 2001, გვ. 92,93.
16. Л. Млечин. Исламский фактор, გვ. 17.
17. ამის გამო დასავლეთი, პირველ ხანებში, უნდობლად ეკიდებოდა მუჰამედ დაუდს, რომელსაც „წითელ პრინცად“ მოიხსენიებდნენ. იქ მიიჩნევდნენ, რომ 17 ივლისის მოვლენები სსრკ-ს ორგანიზებული იყო (Л. Б. Теплинский. Афганистан – наш южный сосед, М., 1978, გვ. 61.).
18. ძირითადი ფრაქციები იყო: „ხალყი“ („ხალხი“), რომლის ლიდერი იყო ნურ მუჰამედ თარაკი – ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური 1978-1979 წლებში, და „ფარჩომი“ („ალამი“) – ლიდერი ბაბრაქ ქარმალი – ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაური 1979-1986 წლებში.
19. В. Снегирёв. Узник Серебрянного Бора, გვ. 14.
20. ამის შემდეგ დაუდმა ვაკანტურ პოსტებზე მემარჯვენე ორიენტაციისა და დასავლეთში განათლებამიღებული კადრები დანიშნა. ამ პროცესებმა მოსკოვს საზრუნავი გაუჩინა, ვინაიდან მისთვის ნათელი გახდა, რომ ავღანეთში სსრკ-სთვის არასასურველი პროცესები
ვითარდებოდა.
21. ამას ადასტურებს უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული სკკპ ცკ-ს არქივებში დაცული დოკუმენტები: იხ.: В. Пластун, В. Андриянов. Наджибулла. Афганистан в тисках геополитики, М., 1998, გვ. 130-143.
22. გარკვეული ცნობები დაუდის შესაძლო პროდასავლურობაზე მოსკოვში უკვე 17 ივლისის მოვლენებიდან მოკლე ხანში ჰქონდათ (იხ.: Л. Млечин. Исламский фактор, გვ. 17), თუმცა კი სსრკ-მ დაუყოვნებლივ აღიარა ავღანეთის ახალი ხელისუფლება. კრემლში კარგად ახსოვდათ მუჰამედ დაუდი ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროიდან. ა. ალექსანდროვ-იგნატოვი (სკკპ ცკ-ს უკანასკნელი 4 გენერალური მდივნის: ლ. ბრეჟნევის, ი. ანდროპოვის, კ. ჩერნენკოსა და მ. გორბაჩოვის – მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში) აღნიშნავს: „ჩვენ მას კარგად ვიცნობდით“ (Д. Гай, В. Снегирёв. Вторжение. Опыт журналистского расследования. – „Знамя“, №4, 1991, გვ. 225).
23. К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 48, 49.
24. Советский Союз и Организация Объединенных Наций (1976-1980), М., 1989, გვ. 130-131; Ю. М. Чернецовский. Средний Восток в современных международных отношениях, М., 1985, გვ. 5-6; Проблемы развития стран Ближнего и Среднего Востока (Иран, Пакистан, Турция). – Отв. ред. Ю. В. Ганковский, М., 1981, გვ. 48-52.
25. Е. Трифонов. Горе от умма. – „Новое Время“, №8, 1998, გვ. 26.
26. ირანის არმიის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა ნატო-მ, განსაკუთრებით კი – აშშ-მ. იხ.: К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 48, 49; Ю. М. Чернецовский. Средний Восток.., გვ. 6; Е. Трифонов. Горе от умма, გვ. 26.
27. B. ღუბინ. Pავედ წიტჰ Gოოდ Iნტენტიონს: თჰე Aმერიცან Eხპერიენცე ანდ Iრან, Nეწ Yორკ, 1980, გვ. 204; А. М. Бининашвили. Влияние внешнего фактора на развитие ситуации в Иране. – Иранская революция, 1978-1979гг. Причины и уроки, под ред. А. З. Арабаджяна, М., 1989, გვ. 140.
28. „Kეყჰან Iნტერნატიონალ“, Oცტობერ 6, 1977; А. М. Бининашвили. Влияние внешнего фактора.., გვ. 139.
29. К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 48, 49; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 893, 894; Ежегодник БСЭ. Вып. 19,
М., 1975, გვ. 218; Ежегодник БСЭ. Вып. 20, М., 1976, გვ. 214.
30. Н. М. Гуревич. Социально-экономические предпосылки революции в 1978г. в Афганистане. – „ВИ“, №7, 1982, გვ. 70; К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 48, 49; E. Aჰმად, ღ. ჟ. Bარნეტტ. Bლოოდყ Gამეს; Э. Ахмад, Р. Барнетт. Кровавые игры, გვ. 66.
31. Актуальные проблемы Афганской революции, М., 1984, გვ. 142; Н. М. Гуревич. Предреволюционный кризис в Афганистане. – „Народы Азии и Африки“, №4, 1982, გვ. 37.
32. ამ ხელშეკრულებით დაფიქსირებული საზღვარი (დღეს ავღანეთ-პაკისტანის) „დიურანდის ხაზითაა“ ცნობილი მოლაპარაკებებზე ლონდონის წარმომადგენლის მორტიმერ დიურანდის სახელის მიხედვით. აბდურაჰმან-ხანის შემდეგ არცერთ ავღანელ ხელისუფალს ეს საზღვარი საჯაროდ და ოფიციალურად არ უცვნია. მისი ცნობის შემთხვევაში იგი დაკარგავდა ქვეყნის ეთნიკური ბირთვის – პუშტუნების მხარდაჭერას და, შესაბამისად, ხელისუფლებასაც. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება 100 წლის ვადით დაიდო. 1993წ. 12 ნოემბერს მისი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ამდენად, დეიურე ავღანეთ-პაკისტანის სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, მაგრამ ვინაიდან ისლამაბადმა, ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში, აქტიური როლი ითამაშა თალიბების რეჟიმის დამხობაში, ამიტომ, სავარაუდოა, ავღანეთის ახალი ხელისუფლება იძულებული გახდეს, ცნოს დე-ფაქტო არსებული საზღვარი.
33 В. Я. Белокреницкий, В. Н. Москаленко. Новая геополитическая ситуация: афгано-пакистанский аспект. – „Восток-ААОИС“, №6, 1993, გვ. 95.
34 Ø. áÀÑÀËÉÀ. ეროვნული უმცირესობანი და ეროვნული საკითხი თანამედროვე პაკისტანში. – ÀÆÉÉÓÀ ÃÀ À×ÒÉÊÉÓ ØÅÄÚÍÄÁÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÓÀÊÉÈáÄÁÉ, პროფ. À. ÌÄÍÈÄÛÀÛÅÉËÉÓ რედაქციით, ტ. II, თბ., 1996, გვ. 12.
35. В. Н. Москаленко. Внешняя политика Пакистана (формирование и основные этапы эволюции), М., 1984, გვ. 215; Ежегодник БСЭ. Вып. 19, გვ. 218; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 893, 894. „პუშტუნისტანის პრობლემა“ დაუდის „აქილევსის ქუსლი“ იყო. დასავლეთელი მკვლევარები დადებითად აფასებენ მის მოღვაწეობას 1953-1963 წლებში და ერთადერთ მარცხად ამ პერიოდში ზემოაღნიშნული პრობლემის გამო პაკისტანთან ურთიერთობების გაუარესებას მიიჩნევენ, რამაც კიდევაც საბოლოოდ შეიწირა მისი პოსტი (იხ.: Aფგჰანისტან ინ ტჰე 70’ს, Nეწ Yორკ, 1974, გვ. 54; Н. М. Гуревич. Социально-экономические предпосылки.., გვ. 67.).
36. Актуальные проблемы.., გვ. 113; В. Н. Спольников. Афганистан: исламская оппозиция. Истоки и цели, М., 1990, გვ. 22, 23. ამბოხების უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ 23-29 წლის ახალგაზრდა ისლამისტები. ამჟამად არცერთი მათგანი ცოცხალი აღარაა. ამ დროს შედგა ცნობილი სამხედრო მოღვაწის, „პანჯშერის ლომად“ წოდებული აჰმად შაჰ მასუდის (1953-2001) სამხედრო დებიუტი (Т. Бараев. Ахмад Шах Масуд. – „Эхо планеты“, №14, 1992, გვ. 17.).
38. Актуальные проблемы.., გვ. 136.
39. К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 48, 49; Ежегодник БСЭ. Вып. 21, М., 1977, გვ. 209, 210; Ежегодник БСЭ. Вып. 22, М., 1978, გვ. 204; А. А. Проханов. Афганистан. – „Международная жизнь“, №7, 1988, გვ. 27; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 893, 894; თ. Aმინ. Aფგჰან ღესისტანცე: Pასტ, Pრესენტ ანდ Fუტურე. – „Aსიან შურვეყ“, 1984, ვოლ. 24, №4, გვ. 375-379; В. Н. Москаленко. Внешняя политика Пакистана, გვ. 215.
40. К. М. Цаголов. Не всё так просто (открытое письмо Ричарду Барнетту и Экбалю Ахмаду). – „США-ЭПИ“, №6, 1989, გვ. 64.
41. Л. Млечин. Исламский фактор, გვ. 17.
42. Ежегодник БСЭ. Вып. 19, გვ. 217, 218; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 894.
43. К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 48, 49; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 894.
44. Н. Иванов. Ограниченный контингент, გვ. 21; Л. Н. Корнев. Афганистан: домыслы и реальность. Уроки необъявленной войны. – „Вестник границы“, №4, 1991, გვ. 44.
45. Н. Иванов. Ограниченный контингент, გვ. 13.
46. იქვე.
47. Н. Иванов. Ограниченный контингент. – „СВ“, №10, 1991, გვ. 20.
48. Л. Н. Корнев. Афганистан: домыслы и реальность, გვ. 43; А. Ляховский, В. Забродин. Тайны Афганской войны. – „Армия“, №3-4, 1992, გვ. 73; П. Аллан, Д. Клей. Афганский капкан, გვ. 58.
49. А. А. Кредер. Новейшая история. XX Век. Учебник для основной школы, М., 1997, გვ. 276; Б. Амирахмадиан. Пути, связывающие проблемы и перспектива дальнейшего сотрудничества. – „Аму-Дарья“ (Иранский журнал по изученью Центральной Азии и Кавказа), Тегеран, №2, 1999, გვ. 83.
50. 1975წ. დეკემბერში ქაბულში ხელი მოეწერა ოქმს, რომელმაც ვადა გაუგრძელა ავღანეთ-სსრკ-ს შორის ხელშეკრულებას ურთიერთთავდაუსხმელობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ. იხ.: Ежегодник БСЭ. Вып. 19, გვ. 218; Вып. 20, გვ. 214; Вып. 21, გვ. 210; Вып. 22, გვ. 204; Л. Б. Теплинский. Афганистан – наш южный сосед, М., 1978, გვ. 61; Л. Б. Теплинский. История советско-афганских отношений. 1919- 1987, М., 1988, გვ. 42-52; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 894.
51. მართალია, არსებობდა ირანი თავისი 2 მილიარდიანი სესხით, მაგრამ ამ თანხის ათვისება 1977წ. II ნახევრამდე გაჭირდა: ფულის მიღებას ქაბული მხოლოდ მას შემდეგ შეძლებდა, როდესაც ლეგალიზდებოდა დაუდის ხელისუფლება, გაუქმდებოდა 1973წ. 17 ივლისს გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა, ქვეყანას ექნებოდა ახალი კონსტიტუცია. ეს პირობები აფერხებდა არა მარტო ირანული სესხის მიღებას, არამედ სხვა სახელმწიფოებთან უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარებას. მართალია, აშშ-სთვის დაუდი უკვე მისაღები იყო და მათ შორის ურთიერთობებიც მყარდებოდა, მაგრამ ვაშინგტონი მაინც ფრთხილობდა ამ მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ქაბულმა მიიღო კონსტიტუცია (24.02.1977) და დაუდიც ოფიციალურად იქნა არჩეული პრეზიდენტად (14.02.1977), აშშ-მ „არებიც“ გააღო: 1977წ. 1 ოქტომბერს სახელმწიფო მდივანმა ს. ვენსმა მუჰამედ დაუდი, პრეზიდენტ ჯეიმს კარტერის სახელით, ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვია, რომელიც 1978წ. სექტემბერში უნდა შემდგარიყო.
52. П. Демченко. Афганистан: на страже завоеваний народа. – „Коммунист“, №5, 1980, გვ. 74; П. Аллан, Д. Клей. Афганский капкан, გვ. 61; Д. Гай, В. Снегирёв. Вторжение. Опыт журналистского расследования. – „Знамя“, №3, 1991, გვ. 198; В. Пластун, В. Андриянов. Наджибулла, გვ. 130-143; Актуальные проблемы.., გვ. 150-151; А. Ляховский. На афганской выжженной земле (непредвзятый анализ событий, вооружённой борьбы до и после Афганской революции). – „КВС“, №18, 1990, გვ. 52; Афганистан: а завтра была война. – „Родина“, №4, 1989, გვ. 32. ასდპ-ს გაერთიანება რომ იძულებითი აქტი იყო, ეს დასტურდება შემდეგი გარემოებებით: 1) ძალაში რჩებოდა „ფარჩომსა“ და „ხალყს“ შორის არსებული უთანხმოებანი; 2) არ მომხდარა მათი სამხედრო ორგანიზაციებისა და სალაროების გაერთიანება; 3) კვლავ ცალცალკე ხდებოდა ახალი წევრების მიღებაც.
53. П. Аллан, Д. Клей. Афганский капкан, გვ. 59.
54. В. Коргун. Бабрак Кармаль. – „Азия и Африка Сегодня“, №4, 1998, გვ. 32; Актуальные проблемы.., გვ. 151.
55. ჩვენთვის უცნობია, ვინ მონაწილეობდა ამ გეგმის შემუშავებაში და როდის დასრულდა ეს პროცესი. ერთ-ერთ ინტერვიუში (1990წ. ზაფხული) ბ. ქარმალმა უარყო ასეთი გეგმის არსებობა (იხ.: В. Снегирёв. Узник Серебрянного Бора, გვ. 14; В. Снегирёв. Он был заложником Кремля. – „Труд“, 24.10.1991), მაგრამ ფაქტები მისი განცხადების წინააღმდეგ მეტყველებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ პ. ალანსა და დ. კლეის ეეჭვებათ, რომ „საურის რევოლუცია“ „დეტალურად დაგეგმილი ღონისძიება ყოფილიყო“ (П. Аллан, Д. Клей. Афганский капкан, გვ. 68). ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მათ დავუპირისპიროთ ჩვენი არგუმენტები: 1) ასდპ-ს ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე დასტაგირ პანჯშერი ამტკიცებს, რომ პარტიას 1978წ. 27 აპრილამდე შემუშავებული ჰქონდა ანტისამთავრობო აჯანყების გეგმა (Л. Миронов. Афганистану нужен мир. – „Азия и Африка Сегодня“, №4, 1988, გვ. 19.); 2) ამბოხების დაწყებას მხოლოდ მოკლე ბრძანების მიცემა დასჭირდა; 3) აჯანყების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ასდპ-ს ხელმძღვანელობისაგან წინასწარ ჰქონდათ მიღებული მითითებები პარტიის ლიდერთა დაპატიმრების შემთხვევაში შეიარაღებული გამოსვლის დაწყების შესახებ (А. Ляховский, В. Забродин. Тайны Афганской войны, გვ. 75.); 4) ქაბულში აჯანყების დაწყებისთანავე, ხალყისტებმა პროვინციებში სასიცოცხლო ობიექტების დაკავებას მიჰყვეს ხელი (А. Ляховский, В. Забродин. Тайны Афганской войны, გვ. 74.); 5) ამბოხებულთა მიერ შესრულებული ყოველი მოქმედება ადასტურებს სამოქმედო გეგმის არსებობას.
56. К. М. Цаголов, С. Харрисон. Афганская война, გვ. 47, 49; ღ. Gარტჰოფფ. Déტენტე ანდ ჩონფრონტატიონ, გვ. 894.
57. ღ. Fერრელლ. Aმერიცან Dიპლომაცყ. თჰე თწენტიეტჰ ჩენტურყ, Nეწ Yორკ-Lონდონ, 1988, გვ. 382.
58. ღ. Väყრყნენ. Fოცუს ონ Aფგჰანისტან. – „ჟოურნალ ოფ Pეაცე ღესეარცჰ“, ვოლ. 17, №2, 1980, გვ. 95; П. Аллан, Д. Клей. Афганский капкан, გვ. 58.
59. А. Ахмедзянов, В. Байков. Афганистан начинает новую жизнь. – „За рубежом“, 2-8 мая, 1978.
60. E. Aჰმად, ღ. ჟ. Bარნეტტ. Bლოოდყ Gამეს; Э. Ахмад, Р. Барнетт. Кровавые игры, გვ. 59; К. М. Цаголов. Не всё так просто, გვ. 66.
61. ცნობილი პოლიტოლოგი, აშშ-ს პრეზიდენტის ჯ. კარტერის (1977-1981) მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ზ. ბჟეზინსკი დედამიწას განიხილავს, როგორც „საჭადრაკო დაფას“, სადაც ზესახელმწიფოთა დაპირისპირება ვითარდება. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა „პირველ სვლას“ და მიიჩნევდა, რომ აშშ-ს სსრკ-სთვის უნდა დაესწრო საკუთარი ფიგურის დასმა: „ვინც პირველი მივა, მდგომარეობასაც ის აკონტროლებს“ (А. А. Кокошин, С. М. Рогов. Кардиналы Белого дома, М., 1986, გვ. 258.). ბჟეზინსკი დღესაც ამ თვალსაზრისით მსჯელობს, რასაც მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ნაშრომიც ადასტურებს (იხ.: З. Бжезинский. Великая Шахматная доска. Господство Америки и его геостратегические императивы, М., 1999.).

Комментариев нет:

Отправить комментарий