четверг, 27 октября 2016 г.

მარგარეტ ტეტჩერი

        მარგარეტ რობერტსი 1925 წ. 13 ოქტომბერს ლონდონის ჩრდილოეთით, პატარა ქ. გრანტჰემში მცხოვრები მკერავისა და დახლიდარის სახლში დაიბადა, სადაც მამამისი ჩაისა და შაქარს ყიდდა. ალფრედ რობერტსი ვაჟზე ოცნებობდა (პირველი შვილიც გოგო ჰყავდა), თუმცა მარგარეტის აღზრდაში დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის და მის ხასიათში მამაკაცური თვისებების სიჭარბეც მისი წყალობაა. „არასდროს შეწყვიტო მუშაობა! მუდმივად უნდა იმუშაო, რომ ცხოვრება უზრუნველყოფილი გქონდეს", - მამის ამ სიტყვებს მარგარეტი ყოველთვის იხსენებდა, როცა სევდა ეპარებოდა და ეჩვენებოდა, რომ მიწა ფეხქვეშ ეცლებოდა. მარგარეტი ხშირად იმეორებდა: „ყველაფერი რასაც მივაღწიე, მხოლოდ მამაჩემის დამსახურებაა, მისი აღზრდისა და შეგონებების". შეგონებები კი ასე გამოიყურებოდა: არასდროს შეწყვიტო მუშაობა, არასდროს დაკარგო კონტროლი საკუთარ თავზე, არასდროს ილაპარაკო ხმამაღლა საკუთარ წარუმატებლობებზე და არასდროს აყვე ბრბოს - ჯობია, შენ გამოგყვნენ ისინი. მარგარეტი დამჯერი შვილი იყო და მუდამ ითვალისწინებდა ამ რჩევებს. სხვაგვარად არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ოჯახში მიღებული იყო მამის მორჩილება, ეკლესიაში ხშირად სიარული (ისინი ქრისტიან-მეთოდისტები იყვნენ) და ხელმომჭირნეობა.
     გოგონა ფულს აგროვებდა, ამის გამო სკოლის საუზმეზეც უარს ამბობდა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია, ახალი კაბა ეყიდა ან კინოში წასულიყო. მთელ თავისუფალ დროს სწავლას უთმობდა. ასაკისათვის შეუფერებლად ამბიციური იყო და  ბავშვობიდანვე მტკიცედ გადაწყვიტა, გავლენიანი ადამიანი გახდარიყო. იგი თანატოლებს შორის ყოველთვის პირველობას ესწრაფვოდა. ერთხელ ლექსების კონკურსზე გაიმარჯვა. მასწავლებელმა პრიზის გადაცემისას უთხრა: „როგორ გაგიმართლა მარგარეტ!", რაზეც მარგარეტმა მტკიცედ უპასუხა: „რას ნიშნავს გამიმართლა? მე ეს დავიმსახურე!"
    სკოლის შემდეგ ოქსფორდის ქალთა უმაღლეს კოლეჯ სამერვილში ქიმიას სწავლობდა. მოგვიანებით იგი აღნიშნავდა: „კარგია, რომ მთელი ცხოვრება ქალთა სასწავლო დაწესებულებებში ვსწავლობდი, ბავშვობისას არ ვიყავი მიჩვეული ბიჭების კომპანიაში ყოფნას. მათ წინაშე კომპლექსები არ მქონია და ვერც ის ვისწავლე, რაიმე დამეთმო მათთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭები იყვნენ. ხოლო როცა გავიზარდე, მაპატიეთ, ჯელმტმენებო, მაგრამ უკვე გვიანი იყო!"
         პირველ სიყვარულში მარგარეტს არ გაუმართლა ახლგაზრდა გრაფი შეუყვარდა, რომლის დედამ ვაჭრის ქალიშვილის მიღებაზე კატეგორიული უარი თქვა. მარგარეტმა გული არ გაიტეხა და პოლიტიკაში გადაერთო. 1951 წელს ლონდონის ინდუსტრიულ ოლქ დარტფორდში საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა კონსერვატორული პარტიიდან. მართალია 26 წლის გოგონა დამარცხდა, მაგრამ ამ არჩევნების დროს მან თავისი ცხოვრების საყრდენი და თანამგზავრი დენის ტეტჩერი გაიცნო, რომელიც მისი თანაპარტიელი იყო. 
     ერთ-ერთ პარტიულ შეკრებაზე, რომელიც გვიან დამთავრდა, მარგარეტს ახალგაზრდა სიმპათიური თანაპარტიელი მამაკაცი მიუახლოვდა და ქალიშვილს თავისი „იაგუარით“ შინ მიყვანა შესთავაზა. ასე გაიცნო მარგარეტმა მდიდარი ბიზნესმენი დენის ტეტჩერი, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ამის მიუხედავად მარგარეტი მალევე მოიხიბლა წყნარი და დახვეწილი ჯელტმენით და ისინი ცოტა ხანში დაქორწინდნენ. მათი 3 კვირიანი საქორწინო მოგზაურობა ერთადერთი ერთობლივი დროის ტარება აღმოჩნდა. შემდგომში თითოეული მათგანი მხოლოდ საკუთარი პრობლემით იყო დაკავებული და სავსებით კმაყოფილი იყო იმით, რომ პარტნიორი მის საქმეებში არ ერეოდა. ტეტჩერის ბიოგრაფები საერთოდ არ ეხებიან იმ საკითხს უყვარდა თუ არა ტეტჩერს მეუღლე. ფაქტები კი ასეთია. მათ ერთნაირი შეხედულებები ჰქონდათ, როგორც პოლიტიკაში ისე ცხოვრებაში; დენისის ფული გახდა კარგი საშუალება მარგარეტისათვის დიდი პოლიტიკის ასაწყობად, დენისი განქორწინებული ანგლიკანი იყო, მარგარეტი კი მეთოდისტური ეკლესიის მრევლი გახლდათ, რომელიც მკაცრად კრძალავდა განქორწინებას. ამ წინაღობის მიუხედავად მარგარეტი დენისს გაჰყვა და არც უნანია. დენისს და და დედა უფრო არისტოკრატიული წრის ქალბატონის შერთვას ურჩევდნენ, მაგრამ მას მარგარეტის პატივმოყვარეობა და პირველობისაკენ სწრაფვა იზიდავდა და სხვა ქალის გაგონებაც აღარ სურდა. ამასთან დენისს თავისუფალი ცხოვრება მოსწონდა, რაც პოლიტიკაზე გადარეული მარგარეტისგან გარანტირებული ჰქონდა. 
         მარგარეტის პრემიერ-მინისტრობის დროს (1979-1990) პროტოკოლის თანახმად, დენისი ყოველთვის ცოლისგან 3 ნაბიჯით უკან უნდა მდგარიყო, მოკლედ ეპასუხა შეკითხვებისთვის და არ ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში. ის არც ერეოდა, მაგრამ ტყუილად როდი უწოდებდა საკუთარ თავს „მუხრუჭზე დადგმულ ფეხს“ - სწორედ მასთან საუბრით იწყებდა და ამთავრებდა თავის დღეს მარგარეტი. დენისი ტიპიური ინგლისელი იყო - ცოტას ლაპარაკობდა, მცირეოდენ ვისკის სვამდა, ხშირად თამაშობდა გოლფს და არანაირ ემოციას არ ავლენდა. მარგარეტი მას აღმერთებდა და ხშირად იმეორებდა: „ჩემი გამოსვლებისას ის არასოდეს თვლემს და ყოველთვის საჭირო ადგილას უკრავს ტაშს“. „შინ ბრუნდები და იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს იმ დღეს, შინ სიყვარული და ერთგულება გელოდება. აი, ის რასაც დენისი მაძლევს და რის მიცემასაც მე ვცდილობ მისთვის“ - ამბობდა ტეტჩერი.
       სიმართლე რომ ვთქვათ, დენისის ფულის გარეშე მარგარეტი პოლიტიკაში ასე შორს ალბათ ვერ წავიდოდა, რადგან არჩევნებს მარტო ტკბილი სიტყვებით ვერ მოიგებ. მისტერ ტეტჩერი ნამდვილი ინგლისური იუმორით იგერიებდა აბეზარ ჟურნალისტებს, რომლებიც მუდამ ეკითხებოდნენ: „მაინც ვის აცვია თქვენს ოჯახში შარვალი?“ დენისი მშვიდად პასუხობდა: „მე და სხვათა შორის, მას თვითონვე ვირეცხავ და ვიუთოვებ“. შეკითხვაზე, რამდენად რთული იყო მისთვის „რკინის ლედისთან“ ერთად ცხოვრება? დენისი ღიმილით პასუხობდა: „მსოფლიო და ოჯახი მარგარეტს სრულიად სხავდასხვა თვალით უყურებენ. მსოფლიო მას რკინის ლედის უწოდებს, ბავშვები „დეს“ ეძახიან, მე კი სხვა მეტსახელი შევარქვი“. რა თქმა უნდა ჭეშმარიტ ინგლისელ ჯელტმენს არასდროს წამოსცდენია ეს სახელი. დენისს შეეძლო ჯინი ტონიკით დილის 11 საათზე შეეკვეთა და ცოლის ალერსიან  შენიშვნაზე, რომ ეს მეტიმსეტად ადრე იყო, პასუხობდა: „ძვირფასო, ჯინისთვის არ არსებობს ცნება „ადრეა“.
            როცა 2003 წ. 88 წლის ასაკში დენისი გარდაიცვალა, მისის ტეტჩერმა პირველად იგრძნო, რომ 3 ნაბიჯით უკან აღარავინ იდგა და ცხოვრებაში პირველად ხალხის თვალწინ ატირდა.
        1953 წ. ტეტჩერებს ტყუპი ქალ-ვაჟი მარკი და კეროლი შეეძინათ. მარგარეტი მოგვიანებით წერდა : „მე ჩემს შვილებს ზუსტად 9 თვე მივუძღვენი - ანუ ის დრო, როცა მუცლით ვატარებდი“. მას გაცილებით მეტად გამოცდების ჩაბარება და ადვოკატის დიპლომის მიღება ადარდებდა, რაც მშობიარობიდან 4 თვეში წარმატებით განახორციელა. რეფორმებსა და გადასახადებზე გადარეულ ქალბატონს ოჯახი მეორე ხარისხოვნად მიაჩნდა. „სახლი ის ადგილია სადაც იმ დროს მიდიხარ, როცა სხვა ადგილას არ შეგიძლია რაიმე საქმით დაკავდე“. დენისმა  კი, როცა საკუთარი შვილები პირველად დაინახა, მხოლოდ ეს აღმოხდა: „ღმერთო ჩემო, კურდღლებს ჰგვანან. უკან შეიყვანეთ!“. ბუნებრივია ასეთი დამოკიდებულების გამო ტყუპებს მშობლები არ უყვარდათ.
      როგორც კი პრემიერი გახდა, ტეტჩერმა ქალიშვილი ავსტრალიის სკოლა-პანსიონში გაგზავნა, სადაც კეროლმა თავი მარტოდ იგრძნო და მიხვდა, რომ მშობლებს მათთვის არ ეცალათ. მოგვიანებით კეროლი წარმატებული ჟურნალისტი გახდა, შვეიცარიაში დასახლდა და ურჩევნია, დედის შესახებ რაც შეიძლება ნაკლები გაიგოს. რამდენიმე წლის წინ კეროლი რეალურ შოუში მონაწილეობდა, სადაც გაიმარჯვა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დანარჩენი მონაწილე მასზე ორჯერ უფრო ახალგაზრდა იყო. კენჭისყრის წინ, როცა ერთ-ერთი მოთამაშე უნდა გაეგდოთ, კეროლს ჰკითხეს, ხომ არ ნერვიულობდა. „არა, რას ამბობთ, პოლიტიკურ მღელვარებას ჩემი ოჯახის სხვა წევრს დავუტოვებ“. როცა ნება დართეს, თამაშიდან ოჯახის რომელიმე წევრისათვის დაერეკა, გაირკვა, რომ კეროლმა დედამისის ტელეფონის ნომერი არ იცოდა.
         მარკ ტეტჩერმა მთელი ცხოვრება დედის დიდების ჩრდილქვეშ და მამის ფულით იცხოვრა, იყო წარუმატებელი ავტომრბოლი და სუსტი ბიზნესმენი, 1989 წ. დაქორწინდა და ტეტჩერს შვილიშვილი აჩუქა, თუმცა 52 წლის ასაკში ეკვატორულ გვინეაში პოლიტიკური გადატრიალების მცდელობისათვის ციხეში მოხვდა და 1,5 წლის სიკვდილის დასჯის საშიშროების ქვეშ გაატარა, რის შემდეგაც დედის მიერ გადახდილი 165000 ფუნტის საფასურად პირობით გაანთავისუფლეს.
       ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, მარგარეტი კონსერვატორთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამგვარად მარგარეტ რობერტსი პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მთელი ისტორიის მანძილზე ასეთი პატივი ერგო. იმ დროიდან მოყოლებული, სიტყვა „პირველი“ მისი პოლიტიკური ცხოვრების თანამდევი გახდა.
       უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მარგარეტმა მუშაობა დაიწყო ესექსის ქიმიურ ლაბორატორიაში. მართალია სამუშაო დიდად არ მოსწონდა, მაგრამ მონდომებით მუშაობდა. მას ძალიან უჭირდა საერთო ენის გამონახვა უბრალო მუშებთან, რომლებსაც აღიზიანებდათ მისი უაპელაციო, ოფიციალური ტონი. რომ არა საქმიანობა კონსერვატორულ პარტიაში, მისი ცხოვრება მეტად მოსაწყენი იქნებოდა. ენერგიული მარგარეტი კონსერვატორთა ლიდერებმა მალევე შეამჩნიეს და 1948 წ. დარტფორდის საარჩევნო ოლქში (სადაც მუდამ ლეიბორისტები იმარჯვებდნენ) მაჯორიტარად წარადგინეს 1951 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნებისათვის. ის მონდომებით შეუდგა საქმეს. მას არც მანქანა ჰყავდა და არც ფული ჰქონდა, ტაქსით რომ ესარგებლა, ამიტომ მთელი ოლქის კუთხე-კუნჭული ფეხით შემოიარა. მარგარეტი ყოველ დილით 6 სთ-ზე დგებოდა და გვიან ღამემდე მუშაობდა. ეს წესი მან მთელი ცხოვრება შეინარჩუნა. მისი შრომისუნარიანობა ყველას აოცებდა. ნახევრად მშიერი, გათოშილი, უძილო, ის არც ერთ, ყველაზე ხანმოკლე შეხვედრაზეც კი არ ამბობდა უარს. მართალია მარგარეტი დამარცხდა, მაგრამ მისი მონდომებით აღნიშნულ  ოლქში კონსერვატორებმა მოსალოდნელზე ბევრად მეტი ხმა მიიღეს, რამაც მარგარეტის ავტორიტეტი პარტიაში აამაღლა.
       ქორწინებამ მისის ტეტჩერს საშუალება მისცა დიდიდ ხნის ოცნება აესრულებინა და იურისპრუდენცია შეესწავლა. „უნდა შევისწავლო სამართალი. ეს ჩემი პოლიტიკური საქმიანობისათვის მჭირდება“, ამბობდა იგი. 1953 წ. მაისში იურისპრუდენციაში პირველი გამოცდა ჩააბარა, აგვისტოში კი 7 თვიანი ტყუპები იმშობიარა. მარგარეტმა პირდაპირ სამშობიაროში დაწერა განცხადება თხოვნით, დაეშვათ გამოსაშვებ გამოცდაზე. 1954 წ. მან ადვოკატის მოწმობა აიღო და უკვე მზად იყო კარიერის გასაგრძელებლად მაგრამ... ერთის მხრივ შვილების აღზრდა საარჩევნო კამპანიაზე რთული აღმოჩნდა, რამაც მარგარეტი გამოფიტა, მეორეს მხრივ კი პარტიამ იმის მომიზეზებით, რომ დედამ პირველ რიგში პატარა შვილებს უნდა მიხედოს, მისი კანდიდატურა ახალ არჩევნებზე აღარ წამოაყენა. მარგარეტი დანებებას არ აპირებდა და უკვე შემდგომ 1959 წ. არჩევნებში ფინჩლის ოლქში მძიმე გამარჯვება მოიპოვა და თემთა პალატის დეპუტატი გახდა.
      პარლამენტში 2 წლიანმა მუშაობამ ტეტჩერს დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი მოუტანა პოლიტიკურ წრეებში და 1961 წ. (3 წლით) მისდა მოულოდნელად მარგარეტი საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნად დანიშნეს პრემიერ მაკმილანის კაბინეტში. 2 შვილის დედა ქალაქგარეთ ცხოვრობდა, ქმარი მუდამ მივლინებაში იყო. ამიტომ ბევრს ეგონა, რომ ის ვერაფრით გაუმკლავდებოდა ახალ მოვალეობებს, თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ მარგარეტი დღეღამეში 20 საათს მუშაობდა და ყველაფერს ასწრებდა.
        1964 წლის არჩევნები კონსერვატორებმა წააგეს. 1965-1969 წლებში ტეტჩერი პარლამენტის „ჩრდილოვან კაბინეტში“ საბინაო მშენებლობის საკითხთა მინისტრი იყო. ამ პერიოდში მან ჩამოაყალიბა თავისი პოლიტ-ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც შემდეგში „ტეტჩერიზმი“ უწოდეს.
        1970-74 წლებში კონსერვატორები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ტეტჩერი ჰიტის კაბინეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დანიშნეს. ამ პოსტზე მუშაობა მან დაწყებითი კლასების მოსწავლეების რძით უფასოდ კვების გაუქმებით დაიწყო. მხოლოდ ძალზე ღარიბისათვის იყო დასაშვები გამონაკლისი. ამით 19 მილიონი ფუნტი დაზოგა. საპასუხოდ მოსახლეობის პროტესტი მიიღო. ეწყობოდა დემონსტრაციები მისი გადადგომის მოთხოვნით. პრესა მას ეძახდა დედას, რომელმაც შვილებს რძე წაართვა. ამის მიუხედავად ტეტჩერმა გააძვირა სკოლის საუზმე, რომლის ფასი დიდი ხანი არ შეცვლილიყო. გარდა ამისა მან ბრძოლა გამოუცხადა სასკოლო რეფორმას, რომელიც ლეიბორისტებმა წამოიწყეს. ამის გამო პარლამენტში უკანა სკამებზე მსხდომი ლეიბორისტები სესიების დროს გამუდმებით ლანძღავდნენ ტეტჩერს. მისდამი აგრესია მოსახლეობისა და ოპოზიციის გარდა, თვით მთავრობაშიც იზრდებოდა. მარგარეტს კოლეგა მინისტრების ცოლებიც კი ვერ იტანდნენ. ტეტჩერი ყოველგვარ შეურაცყოფას გმირულად იტანდა და ჯიუტად ატარებდა ეკონომიის პოლიტიკას.
  1975 წ. კონსერვატორები დამარცხდნენ და ხელისუფლებაში ლეიბორისტები დაბრუნდნენ. ჰიტი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. ტეტჩერმა გადაწყვიტა, რომ მისი დრო დადგა და თითქმის უიმედო ბრძოლაში ჩაება კონსერვატორული პარტიის ლიდერობისათვის. როგორც წესი ამ პოსტზე ყოფილ შინაგან, საგარეო ან ფინანსთა მინისტრს ირჩევდნენ, თან მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება და ხალხში პოპულარობა უნდა ჰქონოდა. მარგარეტს ამ ყველაფრის არქონასთან ერთად კიდევ ერთი ნაკლი ჰქონდა - ის ქალი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად უძლიერესი შიდაპარტიული საარჩევნო კაპანიით, ტეტჩერმა ყველა დაარწმუნა, რომ პირველობის ღირსი იყო და 1975 წ. იგი მსოფლიოში უძველესი კონსერვატორული პარტიის პირველ ქალ ხელმძღვანელად აირჩიეს. ამ პერიოდში მას მეტ-სახელად „რკინის ლედი“ შეარქვეს.
      მარგარეტს წარმატება არ აღუნიშნავს. პირველივე დღიდან „ჩრდილოვანი კაბინეტის“ ფორმირებასა და  ქვეყნის აღმშენებლობითი გეგმების შედგენას შეუდგა. იგი არც თვითონ ისვენებდა და არც სხვებს აძლევდა მოსვენების საშუალებას და მუდამ მუშაობისკენ მოუწოდებდა.
    1979 წ. გაზაფხულზე ლეიბორისტულ პარტიაში განხეთქილება მოხდა, რის გამოც მათ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგეს. შედეგად ერთი წლით ადრე ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, რომელშიც კონსერვატორებმა ტეტჩერის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ტეტჩერი წინასაარჩევნო სიტყვას ასე ასრულებდა: „დაე, ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს, კვლავ დაიბრუნოს ღირსება, დიდება და მშვიდობა!“...
        5 მაისს ტეტჩერი დაუნინგ სტრიტის 10 ნომერის დიასახლისი გახდა. პრემიერად ოფიციალური, სამეფო დანიშვნის ცერემონიალის შემდეგ, სიხარულისგან აღელვებულმა მარგარეტმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ყველაფერს, დიახ, ყველაფერს მამაჩემს უნდა ვუმადლოდე".
    ასე დაიწყო ევროპის პირველი და ინგლისის ერთადერთი ქალი ხელისუფალის პრემიერობა, რომელმაც 11,5 წელს გასტანა. ამდენ ხანს ამ პოსტზე მე-20 საუკენეში არავინ მჯდარა.
      ტეტჩერს სურდა ინგლისისათვის პრესტიჟი და სიძლიერე დაებრუნებინა. ამისკენ გზას კი იმაში ხედავდა, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე იძულებული გაეხადა, ეშრომა. მას სასტიკად სძულდა უსაქმურობა და სისუსტე, უარყოფდა სოციალიზმს, ყოველგვარ სუბსიდიას და დახმარებას ღარიბთათვის. ამიტომ პრემიერობის დროს, პირველ კანონით შემწეობები მინიმუმადე დაიყვანა, რითაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ინგლისის საზოგადოების მტკიცე პროტესტის მიუხედავად, ტეტჩერი ამცირებდა სახელმწიფო ხარჯებს და ზრდიდა გადასახადებს. დიდი ბრძოლით მან მიაღწია ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფისგან ეხსნა, რომელშიც ლეიბორისტთა გაუთვლელმა სოციალურმა პროექტებმა მოაქცია. სასტიკი ეკონომიკური და წარმატებული საგარეო პოლიტიკით ტეტჩერმა ბრიტანეთი საერთაშორისო ასპარეზზე დააბრუნა. ჩერჩილის შემდეგ ბრიტანეთს ამოდენა საერთაშორისო გავლენა არ ჰქონია. სწორედ ტეტჩერი ამოუდგა მხარში რეიგანს და ამ ტანდემმა საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დააჩოქება მოახერხეს.
       როდესაც ტეტჩერს კითხეს - თუ რა არის მის ჰობი?  უპასუხა - პოლიტიკა. მისთვის ცხოვრებაში არაფერი იყო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. „მე არასდროს დავიღლები პრემიერ-მინისტრობით“ ამბობდა იგი. მარგარეტი მუდამ მუშაობდა. მეგობრები ძალიან ცოტა ჰყავდა, რადგან მათთვის ვერასდროს იცლიდა. დასვენებით მხოლოდ კვირაობით ისვენედა. ზაფხულობით შვებულების აღებაზე კი მას დიდი გაჭირვებით ითანხმებდნენ.
        მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტი ამჯობინებდა მასში უფრო პოლიტიკოსი დაენახათ, ვიდრე ქალი, ის მუდამ მოხდენილად იცვამდა, რადგან კარგად ესმოდა, რომ ხელმძღვანელი ქალისათვის ტანსაცმელი მეტს ნიშნავს, ვიდრე მამაკაცისათვის. ის ფეხს უწყობდა მოდას და თმაც ყოველთვის ელეგანტურად ჰქონდა.
      1990 წ. ტეტჩერის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა, რის გამოც პარტიამ აიძულა პოსტი ჯონ მეიჯორისთვის დაეთმო. ამის მიუხედავად დედოფალმა ელისაბედმა მას 1990 წ. სახელმწიფო ორდენი გადასცა. 1992 წ. როდესაც ტეტჩერმა თემთა პალატის წევრობაზე უარი თქვა და პოლიტიკიდან წავიდა, დედოფალმა მას ბარონესას ტიტული უბოძა და ნება დართო სიკვდილამდე ლორდთა პალატის წევრი ყოფილიყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ტეტჩერმა დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“.
         ამიერიდან მარგარეტი აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდა, თუმცა შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში კიდევ დიდი ხნის მანძილზე აკეთებდა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებებს. 2002 წ. მან რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რის გამოც ექიმმა აუკრძალა საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა. 2005 წ. იგი 80 წლის გახდა. ისეთი მხნე აღარ იყო, მაგრამ შიგდაშიგ კვლავაც იქცევდა საზოგადოების ყურადღებას.
            თავისი იუბილე ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ ოტელში აღნიშნა. ბანკეტზე 670 ადამიანი იყო დაპატიჟებული, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ბიზნესმენები, ხელოვნები, შოუბუზნესის წარმომადგენლები. შვილებმა ინგლისური წესის დაცვით წყენა დროებით დაივიწყეს და ზეიმში მონაწილეობა მიიღეს. მიუხედავად ექიმის აკრძალვისა, ტეტჩერმა ტრიბუნა მოიხელთა თუ არა პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა და პრემიერი ბლერი (1997-2007), რომელიც მისი სტუმარი იყო, საჯაროდ გააკრიტიკა ერაყში ჯარების გაგზავნის გამო.
      2007 წ. მარგარეტ ტეტჩერი გახდა პირველი პრემიერი რომელსაც სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი პარლამენტში. მისი ბრონზეს ქანდაკება, მისივე კუმირის ჩერჩილის ქანდაკების პირდაპირ დგას.
          2009 წლიდან მოყოლებული ჯანმრთელობის ძლიერ გაუარესების გამო ტეტჩერი დაპატიჟების მიუხედავად აღარ მონაწილეობდა საჯარო შეკრებებში. ევროპის პირველი და ბრიტანეთის ერთადერთი ქალი პრემიერის გზა დასრულდა. 2012 წლიდან ღრმადმოხუცებული მარგარეტი სულ ავადმყოფობდა.
      2013 წლის 8 აპრილს ინსულტის შედეგად მარგარეტი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ციტატები

 ჩემს ოპონენტებს რომ დაენახათ, როგორ გავიარე ტემზაზე, ალბათ იტყოდნენ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ცურვა არ ვიცოდი.

 ბრიტანეთს რკინის ლედი სჭირდება.

 საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი.

 თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე.

 იყო ძლიერი, დაახლოებით იგივეა, რომ იყო ქალი. თუკი ხალხისთვის ამის მტკიცება გიწევს, ესე იგი არ ხარ ასეთი.

 ბრიტანელების სოციალიზმის სენისგან განკურნების მცდელობა წურბელებით ლეიკემიის მკურნალობას ჰგავდა.

 ევროპა არასდროს გახდება ამერიკა, რადგან ევროპა ისტორიის ნაყოფია, ხოლო ამერიკა - ფილოსოფიისა.

 10 წამი საკმარისია იმისათვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე. როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არასწორი.

 ამერიკა ახალი იერუსალიმი არ არის. მას ვერ შექმნიდნენ მხოლოდ წმინდანები და, რომც შეექმნათ, ნამდვილად ვერ მიაღწევდა ამგვარ წარმატებას.


































1 комментарий:

  1. დიდი მადლობა ავტორს ამხელა ინფორმაციისთვის ))

    ОтветитьУдалить