1944 წლის 9 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი ჩამოვიდა მოსკოვში, სადაც გამართა მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირის ლიდერ იოსებ სტალინთან. ჩერჩილისა და სტალინის ამ კონფერენციამ მიიღო კოდური სახელწოდება „ტოლსტოი“.1 უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება მოსკოვში ჩასვლის შესახებ ჩერჩილმა მეტად მოულოდნელად მიიღო. 1944 წლის 16 სექტემბერს დამთავრებული კვებეკის II კონფერენციის შემდეგ ის 18-19 სექტემბერს ვაშინგტონში იმყოფებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტთან სტუმრად, მაგრამ არც კვებეკში და არც ვაშინგტონში მას რუზველტისათვის არ უთქვამს, რომ მოსკოვში აპირებდა წასვლას. მხოლოდ ლონდონში დაბრუნების შემდეგ შეატყობინა ბრიტანეთის პრემიერმა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ საჭირო იყო სტალინთან შეხვედრა. მიღებულ გადაწყვეტილებას ის ასაბუთებდა ორი გარემოებით: პირველ რიგში, საბჭოთა კავშირისაგან იაპონიასთან ომში ჩაბმაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობით და, მეორე რიგში, პოლონეთის საკითხის მოწესრიგების საჭიროებით2.
შეეფერებოდა თუ არა ეს სინამდვილეს? მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ. მოსკოვში სტალინისა და ჩერჩილის მიერ განხილული იქნა უამრავი საკითხი პოლონეთის პრობლემით დაწყებული და საბჭოთა კავშირის მიერ დიდი ბრიტანეთისათვის 1945-1946 წლებში მისაწოდებელი ხე-ტყის მასალის რაოდენობის განსაზღვრით დამთავრებული. ყველაზე მეტი დრო მართლაც პოლონეთის საკითხს დაეთმო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწორედ მას ეკავა უმთავრესი ადგილი მოლაპარაკებებზე. ჩერჩილის მთავარი სატკივარი ამ დროს იყო ბალკანეთი. ის მეტად შეშფოთებული იყო 1944წ. ზაფხულსა და შემოდგომაზე ამ რეგიონის მიმართულებით საბჭოთა არმიის შეტევების განვითარებით. სწორედ ამიტომ თვლიდა ის საჭიროდ „დიდი სამეულის“ ახალი შეხვედრის სასწრაფოდ მოწყობას3. ასეთი სამიტის ჩატარება 1944წ. შემოდგომაზე შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგანაც აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები კარზე იყო მომდგარი და რუზველტი ვერ დატოვებდა დიდი ხნით ქვეყანას. ბრიტანეთის პრემიერმა მაშინ განუცხადა მას, რომ „რუსული არმიები არ დაუცდიდნენ მიჩიგანიდან, სამხრეთ დაკოტასა და ორეგონიდან არჩევნების შედეგების მიღებას“. ამიტომ ჩერჩილმა უთხრა რუზველტს, რომ ის და იდენი გაემგზავრებოდნენ მოსკოვში და შეეცდებოდნენ შეთანხმების მიღწევას ბალკანეთში გავლენის სფეროების გაყოფის შესახებ4.
თავდაპირველად რუზველტმა გადაწყვიტა მიეცა ბრიტანეთის პრემიერისათვის უფლება, ეწარმოებინა ეს მოლაპარაკებები აშშ-ს სახელითაც, მაგრამ შემდეგ მისი მრჩევლისა და მეგობრის ჰარი ჰოპკინსის დაჟინებული მოთხოვნით გადაიფიქრა5 და სტალინს გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ის ამ მოლაპარაკებებს მიიჩნევდა დიდი სამეულის შეხვედრების მოსამზადებელ ეტაპად. რუზველტი ხაზს უსვამდა, რომ აშშ დაინტერესებული იყო მოსკოვში განსახილველი ნებისმიერი საკითხით და რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შეუთანხმებელ ყველა საკითხზე უნდა მიღებულიყო მხოლოდ სამი ლიდერის კონფერენციაზე. ამასთან ის სთავაზობდა სტალინს, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო აშშ-ს ელჩს საბჭოთა კავშირში ავერელ ჰარიმანს6. ეს თხოვნა საბჭოთა ლიდერმა დააკმაყოფილა კიდეც, თუმცა ჰარიმანს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა და ის არ დასწრებია ყველა მოლაპარაკებას, რომელიც შედგა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონი იდენსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის ვიაჩესლავ მოლოტოვს შორის (ძნელი სათქმელია, იყო თუ არა ის სტალინისა და ჩერჩილის ყველა შეხვედრის მონაწილეც).
უმთავრეს პრობლემას აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას წარმოადგენს წყაროების პრაქტიკული არარსებობა. შეიძლება ითქვას, რომ ძირითად დოკუმენტურ წყაროს პრობლემის ირგვლივ წარმოადგენს ჩერჩილის მემუარები7. მართალია, საბჭოთა კავშირში 1983წ. გამოიცა სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის ომისდროინდელი ურთიერთობების ამსახველი კრებული8, მაგრამ ის ძალიან არასრულია. საკმარისია ითქვას, რომ მასში არ არის სტალინისა და ჩერჩილის საუბრების ამსახველი მასალები, ხოლო მოლოტოვისა და იდენის შეხვედრებიდან მოყვანილია მხოლოდ ორი საუბრის ჩანაწერი, რომელთა გაცნობისას კაცი იფიქრებს, რომ იდენი მოსკოვში უბრალოდ „დასასვენებლად“ და „გასართობად“ ჩამოვიდა, იმდენად უმნიშვნელო საკითხების განხილვა მიმდინარეობს9. მეორე მსოფლიო ომის ოფიციალური საბჭოთა ისტორიაც მხოლოდ მწირი ცნობებით შემოიფარგლება აღნიშნული შეხვედრის შესახებ10. რაც შეეხება ბრიტანელებს, მათ ოფიციალურად არანაირი მასალები არ გამოუქვეყნებიათ. უფრო მეტიც, ოფიციალურმა ინგლისელმა ისტორიკოსებმა ჯ. ერმანმა და ლ. ვუდუორდმა რატომღაც გვერდი აუარეს ამ შეხვედრას და პრაქტიკულად არაფერი დაუწერიათ მის შესახებ11.
აქვე აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. როგორც ჩანს, რუზველტის პოზიცია ბალკანეთის საკითხის გარშემო კარდინალურად განსხვავდებოდა ჩერჩილისეულისაგან. კონფერენციის მსვლელობის პერიოდში საბჭოთა ელჩმა აშშ-ში ა. გრომიკომ შეატყობინა სსრკ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატს, რომ მას იმ დღეს სადილზე მოწვეული ჰყავდა ჰარი ჰოპკინსი, რომელმაც საუბარში გამოთქვა თავისი შეშფოთება მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებით12. გარდა ამისა, ჰოპკინსის თქმით, ძალზე სამწუხარო იქნებოდა, თუ შეთანხმება ბალკანეთის ქვეყნების შესახებ მიღწეული იქნებოდა რუზველტის მონაწილეობის გარეშე13. აქვე ის აღნიშნავდა, რომ რუზველტს სულაც არ აწუხებდა ბალკანეთი არც ტერიტორიული და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური ასპექტებით ის არ შეიძლებოდა არ დაინტერესებულიყო ამ რეგიონში შექმნილი ვითარებით. გრომიკოს გადმოცემით, ჰოპკინსი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ თუ ეს საკითხი განხილული იქნებოდა აშშ-ს პრეზიდენტის მონაწილეობით, მაშინ სტალინსა და რუზველტს შორის არ წარმოიშობოდა არანაირი დავა ტერიტორიული გადანაწილების გარშემო და რომ რუზველტი და სტალინი ძალიან იოლად შეთანხმდებოდნენ ამ საკითხზე, რომელ ქვეყანასაც არ შეხებოდა ეს ფინეთიდან შავი ზღვის ჩათვლით14.
საკუთრივ მოსკოვში შემდგარ მოლაპარაკებებზე გულითადი ატმოსფერო სუფევდა. თვითონ ჩერჩილი აღნიშნავდა, რომ მისი ურთიერთობები სტალინთან არასდროს არ იყო იმდენად კარგი, როგორც ამ ვიზიტის დროს15. ამიტომ ინგლისის პრემიერმა პირველსავე სხდომაზე – 9 ოქტომბერს – ჩამოაგდო საუბარი ბალკანეთის შესახებ. მან შესთავაზა სტალინს ამ რეგიონის გაყოფა გავლენის სფეროებად. ჩერჩილი იგონებს, რომ მან ფურცელზე ჩამოწერა ასეთი დაყოფის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა ჰქონოდა უპირატესი მდგომარეობა რუმინეთსა (90% 10 %-ის წინააღმდეგ) და ბულგარეთში (შესაბამისად 75% და 25%), დიდ ბრიტანეთს აშშ-თან ერთად კი – საბერძნეთში (90%), უნგრეთსა და იუგოსლავიაში ინგლისის პრემიერის გეგმით ორივე მხარეს თანაბარი უფლებები ეძლეოდა16. სტალინმა, ჩერჩილის გადმოცემით, დაამოწმა ეს დოკუმენტი და დაუბრუნა ის მის ავტორს17.
უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე, თუ როდის შედგა ამ საკითხის დეტალური განხილვა. უფრო მეტიც, სადავოა ისიც კი, თუ ვის შორის მოხდა შეთანხმება პროცენტების საბოლოო ვარიანტზე: საკუთრივ სტალინსა და ჩერჩილს, თუ მოლოტოვსა და იდენს შორის. რუმინელი მკვლევარის ნ. ბაჩიუს მტკიცებით, საკითხის განხილვა დაიწყო 10 ოქტომბერს იდენისა და მოლოტოვის შეხვედრისას. მოლოტოვმა მოითხოვა 75% უნგრეთში და 90% ბულგარეთში, რაზეც უარი მიიღო. შემდეგ მოლოტოვმა წამოაყენა ახალი წინადადება, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირს უნდა მიეღო 75-75% უნგრეთში, ბულგარეთსა და იუგოსლავიაში. იდენმა უარი განაცხადა ასეთ დაყოფაზე და, თავის მხრივ, შესთავაზა საბჭოთა დიპლომატს ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს გავლენის წილი უნდა ყოფილიყო: უნგრეთში – 75%-25%, ბულგარეთში – 20%-80% და იუგოსლავიაში – 50%-50%18. ბაჩიუს თქმით, შეთანხმების მიღწევა იმ დღეს ვერ მოხერხდა და ვაჭრობა მეორე დღესაც გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ საკითხი გადაწყვიტეს უშუალოდ სტალინმა და ჩერჩილმა19. მკვლევარის მტკიცებით, ეს მოხდა ჩერჩილისა და სტალინის საიდუმლო შეხვედრაზე 11 ოქტომბერს20. უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ბაჩიუს მოსაზრებებს, თუ როდის და ვის მიერ მოხდა აღნიშნული საკითხის მოგვარება, მთელი რიგი ოპონენტები გამოუჩნდა. აღნიშნულ მტკიცებებს აბსოლუტურად არ ეთანხმება რ. ნადო, რომლის თქმითაც, პირიქით, ჩერჩილმა და სტალინმა იდენსა და მოლოტოვს მიანდეს პროცენტების დაზუსტება. უფრო მეტიც, ნადო ამტკიცებს, რომ იდენი დაეთანხმა მოლოტოვის წინადადებას და მისცა სსრკ-ს უპირატესი უფლება უნგრეთზე – 80%.21 ნადოს ამ მტკიცებას ადასტურებს ლ. გარდნერიც, რომელსაც მოჰყავს მასალები ბრიტანული არქივებიდან22.
მიუხედავად ამისა, უნგრეთში საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის წილის გარშემო მაინც არ არსებობს ერთიანი აზრი. მ. კიჩენი თვლის, რომ საკითხი მაინც შემდეგნაირად გადაწყდა: ბულგარეთი და რუმინეთი – 80%-20% სსრკ-ს სასარგებლოდ, იუგოსლავია და უნგრეთი – 50%-50%.23 როგორც ჩანს, ნადოსა და გარდნერის მიერ მოყვანილი ცნობები, რომ იდენმა 80% დაუთმო უნგრეთში საბჭოთა მხარეს, მართლაც ასახავს რეალობას. ამის დასტურია ჩერჩილის მიერ თავისი მთავრობის წევრებისადმი 12 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ რადგანაც საბჭოთა ჯარები ამყარებენ სრულ კონტროლს უნგრეთზე, ამ ქვეყანაში უპირატესი უფლებები საბჭოთა კავშირს უნდა მინიჭებოდა, ოღონდ, რასაკვირველია, დიდი ბრიტანეთის და, შესაძლოა, აშშ-ს თანხმობითაც. ამასთან უნგრეთი უნდა განხილულიყო როგორც ცენტრალურევროპული, და არა ბალკანური, სახელმწიფო24.
ევროპელი და ამერიკელი მკვლევარებისაგან განსხვავებით, საბჭოთა ისტორიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ არანაირ გარიგებას მოსკოვში ადგილი არ ჰქონია. ი. ზემსკოვს მოჰყავს ნაწყვეტი საბჭოთა ჩანაწერებიდან, რომლებიც მოწმობს, რომ 9 ოქტომბრის სხდომაზე ჩერჩილმა მართლაც წარმოადგინა ასეთი გეგმა, მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, დაეთანხმა თუ არა მას სტალინი25. ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით, ი. ზემსკოვი აღნიშნავს, რომ რადგანაც საკუთრივ ტაბულა მოყვანილი არ არის საუბრის ამსახველ მასალაში, მაშასადამე, არანაირ შეთანხმებას ბალკანეთის საკითხებზე ადგილი არ ჰქონია26.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და, უფრო მეტიც, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას საკუთრივ ი. ზემსკოვის მსჯელობის საწინააღმდეგოდ: თუ საბჭოთა ჩანაწერში არ არის ასახული დოკუმენტი, რომელიც ნამდვილად არსებობდა (და ალბათ დღესაც არსებობს), რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მასში გამოტოვებულია სტალინის მიერ მისი დამოწმების ფაქტიც, მით უმეტეს, რომ საბჭოთა არქივები ძალიან კარგად არის გაფილტრული და მათში იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც ლახავდა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო იმიჯს, ძალიან გართულებულია27.
ცნობილი საბჭოთა მკვლევარი ვ. ისრაელიანი ასევე აცხადებს, რომ ასეთი გარიგება არ შემდგარა და ამის დამამტკიცებელ საბუთად მოაქვს ის, რომ ეს ფურცელი შემდგომში ჩერჩილმა აჩუქა ფ. დიკინს ამ უკანასკნელის იუგოსლავიაში მოღვაწეობის სამახსოვროდ28. ვ. ისრაელიანის აზრით, ინგლისის პრემიერი არავის არ აჩუქებდა ამ ქაღალდს, მას რომ რაიმე რეალური შეთანხმება აესახა29. გარდა ამისა, თავისი პოზიციის გასამაგრებლად ის სხვა არგუმენტებსაც იყენებდა, კერძოდ იმას, რომ საბჭოთა მთავრობა, რომელიც დიდი და პატარა ხალხების სუვერენიტეტის დაცვის პრინციპებს ქადაგებდა, არ წავიდოდა არანაირ შეთანხმებაზე, რომელშიც მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა იქნებოდა გათვალისწინებული30. დღეს, რასაკვირველია, ეს არგუმენტი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა, ხოლო შეიცავდა თუ არა ეს დოკუმენტი რაიმე რეალურ შეთანხმებას, ამაზე პასუხი შეიძლება გაგვცეს კომუნიკემ, რომელშიც აისახა მოსკოვის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
აღნიშნულ კომუნიკეში პირდაპირ იყო ნაჩვენები, რომ ჩერჩილი და სტალინი მართლაც შეთანხმდნენ, ეწარმოებინათ ერთობლივი პოლიტიკა იუგოსლავიაში31. გარდა ამისა, ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი არ აპირებდა საბერძნეთში შეჭრას. აქვე მიღწეული იქნა შეთანხმება ბულგარეთში მოკავშირეთა საკონტროლო კომისიის შექმნისა და ბულგარეთის ჯარებისა და ადმინისტრაციის საბერძნეთსა და იუგოსლავიიდან გამოყვანის შესახებ. ამ საკონტროლო კომისიაში გადამწყვეტი როლი უნდა ჰქონოდა საბჭოთა წარმომადგენელთა აზრს, რადგანაც ბულგარეთის ტერიტორიაზე სსრკ-ს ჯარები იმყოფებოდნენ32. საერთოდ, საბჭოთა მთავრობა თითქოს იმის მომხრე იყო, რომ საკონტროლო კომისიაში გადამწყვეტი ხმა ჰქონოდა იმ მხარის წარმომადგენელს, რომლის არმიაც იმყოფებოდა მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ იუგოსლავიის მიმართ რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
ყოველივე ეს, პრინციპში, ჯდებოდა ჩერჩილის გეგმაში, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, მოსკოვში მართლაც ჰქონდა ადგილი წინასწარ შეთანხმებას ბალკანეთის გავლენის სფეროებად დაყოფის შესახებ. ამის კიდევ ერთ დამადასტურებელ არგუმენტად შეიძლება იმ ფაქტის მოყვანა, რომ საბჭოთა მთავრობას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია 1944წ. დეკემბერში საბერძნეთში დაწყებულ კონფლიქტზე, რომელიც ფაქტობრივად სამოქალაქო ომს წარმოადგენდა და რომელშიც ინგლისელებიც ჩაერივნენ33. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები ფაქტობრივად კომუნისტებს დაუპირისპირდნენ საბერძნეთში, სტალინს ამის თაობაზე სიტყვაც კი არ დაუძრავს. 1945წ. მარტში თითქმის ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა რუმინეთში, ოღონდ ამჯერად უკვე საბჭოთა მხარე ჩაერია ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში და მეფე მიხაის ულტიმატუმის ფორმით შეაცვლევინა მთავრობა.
დიდი ბრიტანეთის მხრიდან ამას პროტესტი არ მოჰყოლია, რადგან, როგორც ეს შენიშნა ჩერჩილმა თავის მემუარებში, მან და იდენმა მოსკოვში მისცეს სსრკ-ს რუმინეთსა და ბულგარეთში უპირატესი მდგომარეობა და რაკი სტალინს არ მოუხდენია რეაგირება საბერძნეთში მომხდარ მოვლენებზე, ახლა უკვე არც ინგლისელებს ჰქონდათ რუმინეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა34.
სამაგიეროდ, თითქმის დეტექტური სიტუაცია შეიქმნა 1945 წლის ივნისში, როდესაც სტალინმა უკმაყოფილება გამოთქვა ფელდმარშალ ჰაროლდ ალექსანდერის არაკორექტული გამონათქვამის გამო, რომელშიც იუგოსლავიის მთავრობის მეთაური იოსიპ ბროზ ტიტო შედარებული იყო ჰიტლერსა და მუსოლინისთან და აგრეთვე ტრიესტ-ისტრიის საკითხის გარშემო შექმნილი სიტუაციის გამო35. ჩერჩილი მემუარებში აღნიშნავს, რომ მან 23 ივნისს გაგზავნა საპასუხო წერილი, სადაც განაცხადა, რომ მოსკოვში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთსა და სსრკ-ს იუგოსლავიაში თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ და რომ აღნიშნული შეთანხმება ირღვეოდა36. საინტერესოა, რომ ოფიციალურ საბჭოთა გამოცემაში, რომელიც ასახავს სტალინის მიმოწერას ჩერჩილთან, რუზველტთან, კ. ეტლისა და ჰ. ტრუმენთან, აღნიშნული წერილი არაა მოყვანილი, ხოლო 24 ივნისს ჩერჩილისაგან მიღებულ წერილში არაფერი ამის მსგავსი არ წერია37. ძნელი სათქმელია, თუ რით არის განპირობებული ასეთი შეუსაბამობა. სხვა შემთხვევებში ჩერჩილის მემუარებში მოცემული წერილების ტექსტი აბსოლუტურად ზუსტად ემთხვევა საბჭოთა გამოცემაში მოყვანილს. მართალია, ჩერჩილს შიგადაშიგ თავის მემუარებში ისეთი წერილებიც აქვს მოთავსებული, რომლებიც მას შემდეგ არ გაუგზავნია38, მაგრამ ის ყოველთვის უთითებს, რომ დაფიქრების შემდეგ მან უარი თქვა წერილის გაგზავნაზე, ამ შემთხვევაში კი ბრიტანეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ წერილი გააგზავნა და ალექსანდერიც დაიცვა39. სამწუხაროდ, დიდ ბრიტანეთში დღემდე არ არის ოფიციალურად გამოცემული ჩერჩილის ომისდროინდელი მიმოწერა სტალინთან. ასე რომ, დღესდღეობით, ჩვენ ვალდებული ვართ მაინც უფრო ვირწმუნოთ, რომ ბოლო მომენტში ჩერჩილმა წერილის გაგზავნაზე უარი თქვა და შემდეგ, მემუარების წერისას, ეს უბრალოდ დაავიწყდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: გაიგზავნა თუ არ გაიგზავნა წერილი, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ის დაიწერა, ე. ი. ჩერჩილი მასში იხსენიებს რეალურ ფაქტს, რომ გარიგება მოსკოვში 1944წ. ოქტომბერში შედგა, ხოლო თუ რა მიზეზებით არ გააგზავნა მან ეს წერილი, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
ბალკანეთის საკითხის გარდა მოსკოვში განიხილეს პოლონეთის პრობლემაც, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილების მიღწევა ვერ მოხერხდა. მოსკოვში მოწვეული იქნენ პოლონეთის მთავრობის (ემიგრაციაში) მეთაური მიკოლაიჩიკი და პროსაბჭოთა პოლონეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის (ე.წ. „ლუბლინის მთავრობა“) თავმჯდომარე ბ. ბერუტი. 13 ოქტომბერს სტალინმა და ჩერჩილმა ცალ-ცალკე მოუსმინეს ორივე პოლონური დელეგაციის წარმომადგენლებს. მიკოლაიჩიკმა წარმოადგინა მემორანდუმი, რომელშიც გვერდი აუარა მთავარ საკითხს – პოლონეთის საზღვრად ე.წ. „კერზონის ხაზის“ დაკანონებას40.
გარდა ამისა, მემორანდუმში, რასაკვირველია, ნახსენებიც კი არ იყო „ლუბლინის მთავრობა“. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია საბჭოთა მხარის გაღიზიანება41, ხოლო ჩერჩილმა მიკოლაიჩიკს ურჩია, დე-ფაქტო ეღიარებინა კერზონის ხაზი საზღვრად და დაეწყო მოლაპარაკებები ლუბლინის მთავრობასთან, რათა შექმნილიყო ერთიანი მთავრობა42. მიკოლაიჩიკმა, მიუხედავად ჩერჩილის რჩევისა, მაინც განაცხადა, რომ ის არ ეთანხმებოდა არც ინგლისელების და არც საბჭოელების თვალსაზრისს43.
მიკოლაიჩიკთან შეხვედრის შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებმა მოუსმინეს პეგკ-ს წარმომადგენლებსაც. ჩერჩილის თქმით, მათ უმალ აჩვენეს, რომ ისინი უბრალოდ პაიკები იყვნენ საბჭოთა კავშირის ხელში. ბრიტანეთის პრემიერს მოჰყავს ბერუტის სიტყვები, რომელთა თანახმადაც თურმე პოლონეთის ხალხის ნება იყო ლვოვი ყოფილიყო საბჭოთა კავშირის44 კუთვნილება და ისინიც სწორედ ამ ÌÏÈáÏÅÍÉÈ (ხაზგასმა ჩვენია – თ.პ.) ჩამოვიდნენ მოსკოვში45.
ლუბლინის მთავრობის წამყვან წევრებთან შეხვედრამ დაარწმუნა ჩერჩილი, რომ საჭირო იყო მიკოლაიჩიკზე ზეწოლის გაძლიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ სტალინი თავის პოლონელებს სულ უფრო აქტიურად გამოიყენებდა და ემიგრანტული მთავრობა საერთოდ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. მასზე დიდი გავლენა იქონია სტალინის განცხადებამაც პირად საუბარში, რომ მხოლოდ ის და მოლოტოვი იყვნენ კეთილად განწყობილნი მიკოლაიჩიკისადმი საბჭოთა მთავრობაში და ჩათვალა, რომ საბჭოთა ლიდერზე ხორციელდებოდა დიდი ზეწოლა როგორც პარტიული, ისე სამხედრო ხაზით46. ამიტომ ის კვლავ შეხვდა მიკოლაიჩიკს და მკაცრ ტონებში მოსთხოვა მას კერზონის ხაზზე დათანხმება47.
ბრიტანეთის პრემიერმა განუცხადა პოლონელებს, რომ მათ უკვე ერთხელ დაუშვეს შეცდომა, როდესაც 1944წ. დასაწყისში არ მიიღეს ეს პირობა, რამაც განაპირობა სტალინის მხრიდან საპასუხო ნაბიჯად „ლუბლინის მთავრობის“ შექმნა. ჩერჩილი დაემუქრა მიკოლაიჩიკსა და მის ხალხს, რომ თუ ამჯერადაც არ იქნებოდა მიღებული თანხმობა საბჭოთა კავშირის ამ მოთხოვნაზე, მაშინ თვითონ ჩერჩილიც სცნობდა ლუბლინის მმართველობას პოლონეთის მთავრობად48.
მიუხედავად ასეთი მკაცრი ტონისა, ჩერჩილმა მიკოლაიჩიკი იმ დღეს ვერ დაარწმუნა თავის სისწორეში, თუმცა, როგორც ჩანს, პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის ლიდერი სერიოზულად შეშფოთდა მსგავსი პერსპექტივით. 16 ოქტომბერს ის შეხვდა ბერუტს. ორი პოლონური მთავრობის მეთაურის ეს შეხვედრა ასევე საკმაოდ რთული გამოდგა. ბერუტმა თანხმობა განაცხადა მიკოლაიჩიკისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტის დათმობაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ მინისტრთა კაბინეტის 75% მისი მომხრეებით იქნებოდა დაკომპლექტებული. მიკოლაიჩიკს კი 75%-ის მიღება თავად სურდა49. როგორც ჩანს, მიკოლაიჩიკი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ბერუტი და მისი მთავრობა სულ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა, ამიტომ იმავე საღამოს სტალინთან შეხვედრისას თანხმობა განაცხადა კერზონის ხაზზე და აღუთქვა მას, რომ დაარწმუნებდა ლონდონის მთავრობის დანარჩენ წევრებსაც ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში. მიუხედავად ამისა, სტალინმა აგრძნობინა მიკოლაიჩიკს, რომ ეს დათმობა საკმარისი არ იქნებოდა და საჭირო იყო, რომ ახალ მთავრობაში უმრავლესობა ლუბლინელებს ჰქონოდათ. სამაგიეროდ, ის მზად იყო დაეთმო პრემიერის პოსტი მიკოლაიჩიკისათვის50.
როგორც ჩანს, მიკოლაიჩიკმა სასწრაფოდ აცნობა ინგლისელებს სტალინთან საუბრის შინაარსი, რადგანაც იმავე დღეს ჩერჩილმა სტალინს განუცხადა, რომ დასავლური სამყარო არ დაიჯერებდა ახალი პოლონური მთავრობის რეალურ დამოუკიდებლობას, თუ მთავრობაში მიკოლაიჩიკს ადგილების 50% მაინც არ ექნებოდა. სტალინს ეს არ მოეწონა და კვლავინდებურად უმრავლესობა მოითხოვა, რის გამოც ჩერჩილმა ამ საკითხის განხილვა მომავლისათვის გადადო. მას იმედი ჰქონდა, რომ, მას შემდეგ, რაც ლონდონში მყოფი პოლონეთის მთავრობა ოფიციალურად გამოაცხადებდა თანხმობას კერზონის ხაზზე, სტალინი დათმობდა პოლონეთის ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხში51.
მოსკოვში საუბარი ჩამოვარდა იაპონიასთან ომში საბჭოთა კავშირის ჩაბმაზეც და ჩერჩილმა სტალინისაგან მიიღო დაპირება, რომ გერმანიასთან ომის დამთავრების შემდეგ 3-4 თვეში სსრკ საომარ ოპერაციებს დაიწყებდა იაპონიის წინააღმდეგ52. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხს დიდი ყურადღება არც მიქცევია და ეს დაპირებაც მხოლოდ და მხოლოდ ზოგად ხასიათს ატარებდა. აღნიშნული საკითხების გარდა, მხარეებმა შეათანხმეს თავიანთი პოზიციები საფრანგეთის მომავალი მთავრობის შესახებ. აქაც დიდ განხილვას ადგილი არ ჰქონია და უბრალოდ პოზიციები იქნა დაფიქსირებული შარლ დე გოლის პიროვნებასთან მიმართებაში. გარკვეული საუბარი მიმდინარეობდა გერმანიის ომისშემდგომ მოწყობაზეც, თუმცა ამ საკითხის გარშემოც რაიმე დიდი დებატები არ გამართულა. და ბოლოს, მხარეებმა განსაზღვრეს 1945-1946 წლებში სსრკ-დან დიდ ბრიტანეთში გადასაზიდი ხე-ტყის მასალის რაოდენობა და სპეციალური მემორანდუმიც შეადგინეს ამ საკითხთან დაკავშირებით53.
ასეთი იყო კონფერენცია „ტოლსტოის“ ძირითადი შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც აქ იქნა მიღებული, შეეხებოდა ომისშემდგომი ევროპის მოწყობის საკითხებს. სწორედ მოსკოვში, სტალინისა და ჩერჩილის მიერ იქნა მოხაზული ის საზღვრები, რომლებზეც გაიარა შემდგომში ე.წ. „რკინის ფარდამ“. მართლაც, ომის შემდეგ რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი, რომლებიც მოსკოვში საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვდნენ, კიდეც აღმოჩნდნენ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებში; საბერძნეთში ინგლისელთა და ამერიკელთა გავლენა დამყარდა, ხოლო იუგოსლავიაში, მართალია, თითქოს პროკომუნისტური ძალები მოვიდნენ საბოლოოდ ხელისუფლებაში, მაგრამ ტიტომ 40-იანი წლების მიწურულიდან გადაუხვია სტალინის კურსს და ნორმალური ურთიერთობა დაამყარა დასავლურ სახელმწიფოებთან. ასე რომ, გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, იუგოსლავიის მთავრობა არ იქცა მარიონეტად საბჭოთა კავშირის ხელში. ყველა დანარჩენი საკითხის განხილვისას კი მოსკოვში გადაწყვეტილებები ან არ იქნა მიღებული, ან შემდგომში გადაისინჯა.
შენიშვნები
1. ჟ. Eჰრმან. Gრანდ შტრატეგყ. Vოლ. 6. Oცტობერ 1944–შეპტემბერ 1945, L., 1956, გვ. 360.
2. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ: თჰე ჩომპლეტე ჩორრესპონდენცე, ვოლ.
3. Aლლიანცე Dეცლინინგ. Fებრუარყ 1944 _ Aპრილ 1945, _ ედ. წიტჰ ცომმენტარყ ბყ ჭარრენ F. Kიმბალლ, Pრინცეტონ, Nჟ, 1984, გვ. 323.
3. ღ. შჰერწოოდ. ღოოსეველტ ანდ Hოპკინს: Aნ Iნტიმატე Hისტორყ, Nეწ Yორკ, 1948, გვ. 851.
4. ჭ. F. Kიმბალლ. ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ, ვოლ.3, გვ. 328.
5. ღ. შჰერწოოდ. ღოოსეველტ ანდ Hოპკინს, გვ. 852; ჭ. A. Hარრიმან, E. Aბელ. შპეციალ Eნვოყ ტო ჩჰურცჰილლ ანდ შტალინ, Nეწ Yორკ, 1975, გვ. 353.
6. Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг., т. II, М., 1957, გვ. 161.
7. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6. თრიუმპჰ ანდ თრაგედყ, Bოსტონ, Mასს., 1953.
8. Советско-английские отношения во время Великой Отечественной войны, 1941-1945гг. Документы и материалы, в 2-х томах, М., 1983.
9. Советско-английские отношения.., т. II, გვ. 185-189, 192-196.
10. История второй мировой войны, в 12 томах, пред. ред. ком. А. А. Гречко (тт. 1-7) и Д. Ф. Устинов (тт. 8-12), т. 9, гл. ред. М. И. Семиряга, М., 1979, გვ. 495-496.
11. ჟ. Eჰრმან. Gრანდ შტრატეგყ. Vოლ. 6; Lლ. ჭოოდწარდ. Bრიტისჰ Fორეიგნ Pოლიცყ ინ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. III, L., 1971.
12. Советско-американские отношения во время Великой Отечественной войны, 1941-1945гг. Документы и материалы, в 2-х томах, т. II, М., 1984, გვ. 233. ეს შეტყობინება მოსკოვში მიღებული იქნა 13 ოქტომბერს, სადილი კი ალბათ შედგა 12 ოქტომბერს ან უფრო ადრე – 11-ში.
13. Советско-американские отношения.., т. II, გვ. 233-234.
14. იქვე, გვ. 234.
15. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 188.
16. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 176.
17. იქვე.
18. N. Bაციუ. შელლ-Oუტ ტო შტალინ. თჰე თრაგიც Eრრორს ოფ ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ: თჰე Uნტოლდ შტორყ, Nეწ Yორკ, 1984, გვ. 169.
19. იქვე, გვ. 169-170.
20. N. Bაციუ. შელლ-Oუტ ტო შტალინ, გვ. 170. ნ. ბაჩიუ ამ შემთხვევაში ეყრდნობა ჩერჩილის პირადი ექიმის ლორდ მორანის ცნობას, რომ ჩერჩილი და სტალინი სადღაც გაქრნენ სსრკ-ში ბრიტანეთის ელჩის სერ არჩიბალდ კლარკ კერის მიერ გამართული საზეიმო სადილის შემდეგ და ბრიტანეთის პრემიერი თავის რეზიდენციაში მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა (Lორდ Mორან. თჰე შტრუგგლე ფორ შურვივალ, 1940-1965: ჩჰურცჰილლ თაკენ ფრომ ტჰე Dიარიეს ოფ Lორდ Mორან, Bოსტონ, Mასს., 1966, გვ. 211).
21. ღ. Nადეაუ. შტალინ, ჩჰურცჰილლ ანდ ღოოსეველტ Dივიდე Eუროპე, Nეწ Yორკ, 1990, გვ. 117.
22. L. Gარდნერ. შპჰერეს ოფ Iნფლუენცე: თჰე Gრეატ Pოწერს Pარტიტიონ Eუროპე, Fრომ Mუნიცჰ ტო Yალტა, ჩჰი., 1993, გვ. 201-202.
23. M. Kიტცჰენ. Bრიტისჰ Pოლიცყ თოწარდს ტჰე შოვიეტ Uნიონ Dურინგ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ, Hონგ Kონგ, 1986, გვ. 234.
24. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 180.
25. И. Земсков. О так называемом „разделе“ Югославии на „сферы влияНия“. –„Международная жизнь“, 1958, №8, გვ. 74.
26. იქვე.
27. ამ მოვლენასთან დაკავშირებით საკმარისია თუნდაც მხოლოდ საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1939 წ. 23 აგვისტოს ხელშეკრულების საიდუმლო ოქმებთან დაკავშირებული ისტორიის გახსენება, როდესაც საბჭოთა მხარე 40 წელზე მეტხანს ამტკიცებდა მათ არარსებობას, 1989 წელს კი იძულებული გახდა, ეღიარებინა სიმართლე. რუსი მკვლევარები თვითონაც არ მალავენ, რომ მთელი რიგი დოკუმენტებისა კიდევ კარგა ხანს დარჩება საიდუმლოდ, ხოლო უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის დოკუმენტები კი საერთოდ უცნობია, თუ სად არის („Красная звезда“, 27.07.1991).
28. აღსანიშნავია, რომ ნ. ბაჩიუს მტკიცებით, არავინ იცის, თუ სად წავიდა ეს დოკუმენტი (N. Bაციუ. შელლ-ოუტ ტო შტალინ, გვ. 169), თუმცა ამის საპირისპიროდ შეიძლება მოყვანილი იქნას ვ. ისრაელიანს ცნობა, რომელსაც თავად აქვს ნანახი ეს ფურცელი 1958წ. (იხ.: В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны. 1941-1945, М., 1985, გვ. 317).
29. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 317.
30. იქვე.
31. Советско-английские отношения.., т. II, გვ. 206, 209.
32. იქვე, გვ. 208.
33. 1944წ. დეკემბერში საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა სახალხო არმიამ (ბერძნული აბრევიატურით „ელას“-ი), რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს კომუნისტები შეადგენდნენ, იარაღით ხელში სცადა ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ბრიტანეთის ჯარები აქტიურად დაუდგნენ მხარში საბერძნეთის მთავრობას და რუზველტმაც მხარი დაუჭირა ჩერჩილს ბერძნულ საქმეებში (G. Kოლკო. თჰე Pოლიტიცს ოფ ჭარ: თჰე ჭორლდ ანდ ტჰე Uნიტედ შტატეს Fორეიგნ Pოლიცყ. 1943-1945, Nეწ Yორკ, 1990, გვ. 190-191), მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თავდაპირველად ძალიან უარყოფითად შეხვდა ინგლისელთა ჩარევას კონფლიქტში (ჟ. O. Iატრიდეს. ღევოლტ ინ Aტჰენს: თჰე Gრეეკ ჩომმუნისტ “შეცონდ ღოუნდ”, 1944-1946, Pრინცეტონ, Nჟ, 1972, გვ. 213-214; G. შმიტჰ. Aმერიცან Dიპლომაცყ Dურინგ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. 1941-1945, Nეწ Yორკ, 1985, გვ. 146), რომელსაც შედეგად 1946-1949წწ. სამოქალაქო ომი მოჰყვა.
34. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 260.
35. Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг., т. I, М., 1957, გვ. 375.
36. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 452.
37. Переписка.., т. I, გვ. 377.
38. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 179-180.
39. იქვე, გვ. 452.
40. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 182.
41. გაზ. „Правда“, 21.X.1944.
42. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 182-183.
43. E. ჟ. ღოზეკ. Aლლიედ ჭარტიმე Dიპლომაცყ: A Pატტერნ ინ Pოლანდ, L., 1958, გვ. 271-272.
44. ორიგინალში ჩერჩილი იყენებს სიტყვას „რუსეთი“, თუმცა ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ მთელ რიგ შემთხვევებში შევცვალოთ ის აზრობრივად ბევრად უფრო სწორი „საბჭოთა კავშირით“ _ È.Ð.
45. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 183.
46. იქვე, გვ. 184. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩერჩილს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ ძალაუფლების რა ბერკეტები გააჩნდა სტალინს. საბჭოთა ლიდერიც, როგორც ჩანს, სარგებლობდა ამით და უქმნიდა ილუზიას ბრიტანეთის პრემიერს, თითქოს ის ემორჩილებოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებს და არა პირიქით.
47. E. ჟ. ღოზეკ. Aლლიედ ჭარტიმე Dიპლომაცყ, გვ. 279.
48. იქვე, გვ. 283.
49. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 185.
50. იქვე, გვ. 185.
51. იქვე, გვ. 186.
52. ჭ. შ. ჩჰურცჰილლ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ. Vოლ. 6, გვ. 187.
53. მემორანდუმის ტექსტი იხ.: Советско-английские отношения.., т. II,გვ 216
სიამოვნებით წავიკითხე.გაიხარე.
ОтветитьУдалитьძალიან მაგარია
ОтветитьУдалить