ასლანი იყო პრეზიდენტი ტუჩზე ნაიარევით, ნერვიული და შეფიქრიანებული გამოხედვით, მცველებით გარშემორტყმული მოკლე ინტერვიუებს მხოლოდ ტყეში იძლეოდა, ეროვნული კრაველის ფაფახით კი საზეიმო შეხვედრებზე გამოდიოდა. ჩეჩნეთის თავისუფლებისათვის იბრძოდა და უტოპიური მოლაპარაკების გამართვის უნარიც ჰქონდა. მეგობრები ჩეჩენ მგელს ეძახდნენ, კრემლი კი მთავარ დამნაშავედ მას თვლიდა პირველ ჩეჩნურ ომში (1994-1996 წლ) რუსთა განადგურებაში. მართლაც მან გააერთიანა ჩეჩნეთის დაქსაქსული ძალები და მძიმე შეიარაღების გარეშე სასტიკად დაამარცხა რუსები.
ასლან ალის ძე მასხადოვი 1951 წლის 21 სექტემბერს ყაზახეთის სოფელ შოკაიში (ყარაგანდას რაიონი) დაიბადა, სადაც მისი ოჯახი 1944 წლიდან დეპორტაციაში იმყოფებოდა. 1957 წ. ჩრდილო კავკასიელების რეაბილიტირების შემდეგ მასხადოვების ოჯახი ჩეჩნეთში დაბრუნდა და სოფელ ზებირ-იურტში დასახლდა.
1966 წ. მასხადოვი შევიდა კომპარტიაში. 1968 წ. დაამთავრა სოფელ ნადტერეჩნოეს საშუალო სკოლა. 1969-1972 წლებში წარმატებით სწავლობდა თბილისის არტილერისტულ სასწავლებელში. 1972-1978 წლებში მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგში. 1978-1981 წლებში წარმატებით სწავლობდა ლენინგრადის სამხედრო-არტილერისტულ აკადემიაში. 1981-1986 წლებში მსახურობდა უნგრეთში მდგარ საბჭოთა არმიაში, სადაც ჯერ დივიზიის მეთაური გახდა, შემდეგ კი არტილერისტული პოლკის მეთაური.
1986 წელს მასხადოვის პოლკი ვილნიუსში გადაიყვანეს, სადაც 1991 წლის ბოლომდე იმსახურა და ჯერ სარაკეტო დანაყოფის უფროსად დანიშნეს, შემდეგ ვილნიუსის საარტილერიო დანაყოფის უფროსად, ბოლოს კი ბალტიისპირა სამხედრო ოლქის მე-7 დივიზიის უფროსის მოადგილედ. ამ დროს ლიტვაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაიწყო, რასაც საბჭოთა არმიიდან რეპრესიები მოჰყვა. მასხადოვის პოლკი არ მონაწილეობდა 1991 წლის 13 იანვრის ვილნიუსის ტელეცენტრთან მომხდარ სისხლიან მოვლენებში, რადგან 2 დღით ადრე გაგზავნეს ვილიუსიდან სხვა დავალებაზე.
მასხადოვი ერთადერთი საბჭოთა სამხედრო მეთაური იყო, რომელთანაც ლიტვის ეროვნულ ძალებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მისი პოლკი მომზადებით საუკეთესო იყო და 2 საბრძოლო ორდენიც დაიმსახურა, რაც საბჭოთა გმირობის ტოლფასი იყო.
1992 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი მასხადოვი არმიიდან წავიდა და უკვე დეკემბერში აბობოქრებულ ჩეჩნეთში დაბრუნდა. ამის რეალური მიზეზი ჩეჩნეთში შექმნილი საომარი ვითარება იყო.
1990 წლის ბოლოს საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი ჯოჰარ დუდაევი ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1991 წლის 8 ივნის ჩეჩენი ხალხის ეროვნულმა კონგრესმა დუდაევის მეთაურობით ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1 ოქტომბერს გამოცხადდა დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რუსეთის შემადგენლობაში დარჩენილი ინგუშეთისგან გაყოფა. 1991 წლის 27 ოქტომბერს დუდაევმა მიაღწია ლეგიტიმური და დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელშიც გაიმარჯვა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის იწყო მზადება. რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა პროცესების შეჩერება სცადა და 8 ნოემბერს გამოსცა ბრძანება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ, არ დაუყოვნებია შორსმჭვრეტელ დუდაევს და საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. 1991 წლის 9 ნოემბრის გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო - სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
1992 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი მასხადოვი არმიიდან წავიდა და უკვე დეკემბერში აბობოქრებულ ჩეჩნეთში დაბრუნდა. ამის რეალური მიზეზი ჩეჩნეთში შექმნილი საომარი ვითარება იყო.
1990 წლის ბოლოს საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი ჯოჰარ დუდაევი ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1991 წლის 8 ივნის ჩეჩენი ხალხის ეროვნულმა კონგრესმა დუდაევის მეთაურობით ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1 ოქტომბერს გამოცხადდა დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რუსეთის შემადგენლობაში დარჩენილი ინგუშეთისგან გაყოფა. 1991 წლის 27 ოქტომბერს დუდაევმა მიაღწია ლეგიტიმური და დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელშიც გაიმარჯვა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის იწყო მზადება. რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა პროცესების შეჩერება სცადა და 8 ნოემბერს გამოსცა ბრძანება ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. საპასუხოდ, არ დაუყოვნებია შორსმჭვრეტელ დუდაევს და საკუთარ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და გასცა ბრძანება თავდაცვის შეიარაღებული რაზმების გაშლის თაობაზე. 1991 წლის 9 ნოემბრის გამთენიისას ხანკალას აეროდრომზე დაფრინდა რუსეთის რვა სამხედრო - სატრანსპორტო თვითმფრინავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცებით, მაგრამ ეროვნული გვარდიის და მილიციის ნაწილების მიერ აეროდრომი ალყაში იქნა მოქცეული. პარალელურად, დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი დედაქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა; ათიათასობით ადამიანმა იწყო თავმოყრა გროზნოს ცენტრში, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი.
1991 წლის 9 ნოემბერს დუდაევმა საპრეზიდენტო ფიცი წარმოთქვა. იმავე დღის საღამოს, რუსეთის წარმომადგენლებთან მიღწეული იქნა მოლაპარაკება ხანკალაში ბლოკირებული რუსული ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანაზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. 10 ნოემბერს პრეზიდენტმა დუდაევმა მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნო ჩეჩენი ერის ნება შეჰქმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამასთან ერთად დასძინა, რომ რუსეთის იმპერიული ძალების აგრესიის შემთხვევაში, ისინი მედგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ მათ. ასე დაიწყო დუდაევ-ელცინის დაპირისპირება.
1992 წლის 5 თებერვალს დუდაევის რაზმი თავს დაესხა რუსეთის არმიის საწყობს და მთელი იარაღი გაიტაცა, რასაც 10 რუსი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.
1992 წლის 12 მარტს მიღებულ იქნა ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია. საპასუხოდ პრორუსულმა ძალებმა ამბოხი წამოიწყეს და ტელევიზიისა და რადიოს დაკავება სცადეს, თუმცა ჩეჩნეთის ეროვნულმა გვარდიამ გეგმა ჩაუშალათ. 31 მარტს ჩეჩნეთმა უარი უთხრა რუსეთს ფედერაციულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე. მაშინ რუსეთმა უკანდახევა და „ციხის შიგნიდან გატეხვა“ სცადა. 1992 წლის ივნისში ჩეჩნეთიდან გაყვანილი იქნა მთელი რუსული არმია, რომელმაც სამხედრო ბაზაზე დატოვა მთელი საბრძოლო ტექნიკა: ბრონიტექნიკა, საარტილერიო სისტემები, თვითმფრინავები, ტანკები, ჰაუბიცები, ტყვიაწამალი.
1992 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ინგუშ-ოსების კომფლიქტმა კვლავ დაძაბა ჩეჩენ-რუსეთის ურთიერთობა (ჩეჩნები ინგუშებს ემხრობოდნენ, რუსები კი ტრადიციულად ოსებს). სწორედ ასეთ სიტუაციაში 40 წლის სიტყვაძუნწი და მუდამ მშვიდი პოლკოვნიკი მასხადოვი სამშობლოში დაბრუნდა.
პრეზიდენტმა დუდაევმა სწორად შეაფასა მისი საჭიროება და უმალვე მასხადოვი ჩეჩნეთის სამოქალაქო თავდაცვის უფროსად დანიშნა. ასლანი თავიდანვე ხვდებოდა, რომ საბოლოო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო რუსეთის ომში დამარცხება და ამ მიზნისთვის წამოაყენა ჩეჩნეთის სრულფასოვანი არმიის შექმნის იდეა, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა კერძო საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ შემქნელს აღიარებდნენ.
1995 წლის თებერვალ-მარტში წარმატებული რეფერენდუმის შემდეგ, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ჩამოყალიბდა „ძლიერი" საპრეზიდენდტო რესპუბლიკა.
საპასუხოდ 1993 წ 5 აპრილიდან - 4 ივნისამდე გროზნოს ცენტრში რუსეთის აგენტურისა და დუდაევის ოპოზიციის ორგანიზებით მიმდინარეობდა მანიფესტაციები დუდაევისა და მთავრობის გადადგომისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. მათ მხარეს გადავიდა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა. ისინი რუსეთთან მორიგების და ფედერაციაში დარჩენის მომხრენი იყვნენ.
17 აპრილს დუდაევმა დაითხოვა პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, გროზნოს საკრებულო და შემოვიდა პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა და კომენდანტის საათი. დათხოვნილი პარლამენტისა და საკ. სასამართლოს წევრები გროზნოს საკრებულოში შეიკრიბნენ და 2 მაისს დუდაევის პრეზიდენტობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
საპასუხოდ დუდაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 4 ივნისს შამილ ბასაევის პრეზიდენტის მომხრე რაზმმა აიღო საკრებულოს შენობა. პარლამენტარები დააბრუნეს პარლამენტში და პარლამენტის ფუნქციონირება აღსდგა, თუმცა იგი დუდაევის ტყვე იყო და მის გარეშე ვერაფერს წყვეტდა.
ზაფხულში ე.წ. ოპოზიციამ ჩამოაყალიბა შეიარაღებულ მებრძოლთა რაზმები, რომლებმაც რეგიონებში სამთავრობო შენობების დაკავება დაიწყეს. მაშინ დუდაევმა მასხადოვი გენშტაბის უფროსის მოადგილედ დანიშნა და დაავალა რეგიონებში სიმშვიდის დამყარება და იქ არსებული ე.წ. ოპოზიციის მებრძოლთა ნეიტრალიზება. ივლის-აგვისტოში მასხადოვის ხელმძღვანელობით ოპოზიციის დანაყოფებისგან გაწმენდილ იქნა ჩრდილოეთ ჩეჩნეთი.
16-17 დეკემბერს ოპოზიციის ეროვნული ხსნის კომიტეტის არმიამ ი. სულეიმანოვის მეთაურობით დუდაევის რეზიდენციას ალყა შემოარტყა, თუმცა ცოტა ხანში მებრძოლები პრეზიდენტის მხარეზე გადავიდნენ. მაშინ 1994 წლის იანვარში სულეიმანოვმა გროზნოსთან მდგარი დუდაევის ძალების განადგურება სცადა, თუმცა დამარცხდა და 9 თებერვალს ტყვედ ჩავარდა.
1993 წლის დეკემბერში ე.წ. ოპოზიციამ ჩამაყალიბდა „ჩეჩნეთის დროებითი მართველი საბჭო“ უმარ ავტურხანოვის მეთაურობით და ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებაზე გადავიდა დუდაევის ძალების წინააღმდეგ.
დუდაევმა 1994 წლის მარტში მასხადოვი ჩეჩნეთის გენშტაბის უფროსად დანიშნა. ასლანიც სასწრაფოდ შეუდგა სრულფასოვანი არმიის შექმნის ორგანიზაციას. მან დაიწყო საყოველთაო გაწვევა, გაწვეულთა და რეზერვისტთა წვრთნა, დუდაევის ძალთა გაერთიანება საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ.
1994 წლის აგვისტოში რუსეთის დაფინანსებით ოპოზიციამ გროზნოს აღება წარუმატებლად სცადა. მაშინ მასხადოვმა კონტრშეტევა წამოიწყო და ჯერ ურუს-მარტანოვის რაიონში მოქმედი ოპოზიციონერთა დანაყოფი გაანადგურა, 10-17 სექტემბერს კი ნადტერეჩნოეს და შალის რაიონებში მოქმედი ოპოზიციის დანაყოფები. სექტემბრის ბოლოს ოპოზიციამ ავიაციის დახმარებით გროზნოზე ახალი შტურმი წამოიწყო და აეროდრომზე მდგარი დუდაევის ავიაცია გაანადგურა, თუმცა მეტს ვერაფერს გამორჩა. 15 ოქტომბერს ოპოზიციონერებმა ჩრდილო დასავლეთ და აღმოსავლეთ ჩეჩნეთის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს, მაგრამ მასახადოვის კონტრშეტევის დაწყებისთანავე მიატოვეს დაკავებული ადგილები და ტყეებს დაუბრუდნენ.
რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ უფრო აქტიური ქმედება იყო საჭირო და აგვისტოდან დაიწყო ოპოზიციის აქტიური დახმარება. ერთის მხრივ მათ აძლევდნენ ტანკებსა და ყველანაირ საბრძოლო მასალას, მეორეს მხრივ კი მათთან ერთად უკვე იბრძოდნენ რუსული სამხედრო დანაყოფებიც. ოქტომბერ-ნოემბერში ოპოზიციურმა ძალებმა რუსების მხარდაჭერით ორჯერ სცადეს გროზნოს აღება (რუსეთის ავიაციამ გროზნო დაბომბა), მაგრამ მასხადოვთან ვერაფერს გახდნენ. ელცინმა 29 ნოემბერს ჩეჩნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის დაყრა მოსთხოვა. დუდაევმა ულტიმატუმი არ მიიღო და ომისთვის მზადება დაიწყო. მაშინ ელცინმა 9 დეკემბერს გამოსცა ბრძანება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედი „უკანონო ფორმირებების" (ე.ი. დუდაევის არმიის) განდგურების ოპერაციის დაწყების შესახებ. ასე დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მორიგი ომი.
დუდაევი ხვდებოდა, რომ მთავარი ომი გროზნოსთვის წარიმართებოდა, ამიტომ დედაქალაქის დაცვის ორგანიზება მასხადოვს მიანდო.
ომის დაწყების მომენტში რუსები სწრაფ გამარჯვებას ელოდნენ, რადგან მათი აზრით ჩეჩნებს მხოლოდ ერთი მფრივნავი - დუდაევი და ერთი არტილერისტი - მასხადოვი ჰყავდათ. ამიტომაც იკვეხნიდა რუსი გენერალი პაველ გრაჩოვი, რომ გროზნოს რამდენიმე დღეში ავიღებო.
11 დეკემბერს რუსეთის არმიამ 3 მხრიდან დაიწყო გროზნოზე შეტევა (თუმცა ერთი მხრიდან მალე შეწყდა, რადგან გენერალმა ედუარდ ვორობიოვმა უარი თქვა ებრძოლა თანამოქალაქეების წინააღმდეგ). მიმდინარეობდა ქალაქის მასირებული დაბობვა არტილერიითა და ავიაციით. შედეგად გროზნოში 35000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსები ქალაქს 60000-იანი არმიით უტევდნენ, მასხადოვს კი 2300 გვარდიელი და რამდენიმე ათასი მოხალისე ჰყავდა. განსაკუთრებით სასტიკი გამოდგა ახალი წლის დღეები, როდესაც რუსებმა 1700 კაცამდე დაკარგეს.
მიუხედავად ჩეჩნების გმირული წინააღმდეგობისა, რუსებმა შეძლეს გროზნოს აღება და „დიდ სასაფლაოდ“ აქციეს. შეიქმნა გროზნოს რუსეთის მარიონეტული მთავრობა. 19 იანვარს დაეცა პრეზიდენტის სასახლე, ხოლო ქალაქის სამხრეთ რაიონებში ბრძოლები 6 მარტამდე გრძელდებოდა. მალე დაეცა გუდერმესიც და თითქოს ყველაფერი დამთავრდა. არადა დუდაევი და მასხადოვი ყველაფერს ახლა იწყებდნენ.
1995 წლის თებერვალში მასხადოვმა ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო და საკუთარი დანაყოფების თავმოყრა დაიწყო კონტრშეტევის მოსამზადებლად.
1995 წლის 24 მარტს რუსებმა აიღეს არღუნი და 15 აპრილს ჩეჩნეთის სამხრეთით იწყეს სვლა. 1995 წლის ივლისში შამილ ბასაევის დანაყოფმა ქ. ბუდიონოვსკში (სტავროპოლის რაიონი) 1500 ეთნიკური რუსი აიყვანა ტყვედ და ჩეჩნეთიდან რუსეთის არმიის გაყვანა მოითხოვა. რუსეთი ულტიმატუმს დათანხმდა და დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერაციები. ამით ისარგებლეს ჩეჩნებმა და სამხედრო გადაჯგუფებები მოახდინეს.
მასხადოვმა დაასრულა სამხედრო მობილიზაცია და 1995 წლის ივნისში ჩამოაყალიბა პრეზიდენტ დუდაევის სამხედრო დანაყოფი „დარგო“. ამის შემდეგ კი მთელს სამხრეთ ჩეჩნეთში ორგანიზებული პარტიზანული ომი წამოიწყო, რაც რუსეთს ძალიან ძვირი უჯდებოდა.
ჩეჩნეთის სულიერმა ლიდერმა აჰმად კადიროვმა რუსების წინააღმდეგ „ჯიჰადი“ გამოაცხადა და ჩეჩენ ხალხს მოუწოდა ჩართულიყვნენ ომში. ამას, 5000 მოხალისის ჩასვლა მოჰყვა ჩეჩნეთში. უმეტესობა კავკასიელი ხალხი: 1500 დაღესტანელი; 1000 ქართველი; 500 ინგუში; 200 აზერბაიჯანელი; 300 თურქი; 400 უკრაინელი და ბალტიის ქვეყნებიდან. ასევე 100-მდე არაბი და ირანელი.
1995 წლის ივლის-ოქტომბერში მასხადოვსა და რუს გენერალ რომანოვს შორის საკმაოდ ნაყოფიერი მოლაპარაკებები მიდინარეობდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. რუსეთში მოსახლეობის პროტესტი ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სულ უფრო ძლიერდებოდა. ელცინის ხელისუფლებას ძალიან უჭირდა მოსახლეობისათვის იმის ახსნა თუ, რატომ ღვრიდა ამდენ სისხლს ციცქნა ჩეჩნეთისათვის, როცა ცოტა ხნის წინ უზარმაზარი საბჭოთა კავშირის დაშლას მოაწერა ხელი.
1995 წლის დეკემბერში მასხადოვმა და ბასაევმა სასტიკი ბრძოლები წამოიწყეს გუდერმესისა და ურუს-მარტანისა გასათავისუფლებლად. ამის პარალელურად კი რუსეთის მთავრობამ მის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაატარა ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები, რომელშიც დოკუ ზავგაევმა გაიმარჯვა, თუმცა იგი ამ პოსტზე მხოლოდ 1 თვე დატოვეს.
1996 წლის აპრილში ჩეჩნები თავს დაესხნენ გროზნოს და რამდენიმე შეტაკების შედეგად გაანადგურეს 200 მდე რუსი სამხედრო და ხელთ იგდეს აურაცხელი საბრძოლო მასალა.
1996 წლის 21 აპრილს რუსებმა პრეზიდენტი დუდაევი მოკლეს. დროებითმა პრეზიდენტმა (მანამდე ვიცე-პრეზიდენტი) იანდარბიევმა ჩეჩნეთის ტელევიზიით (მოქმედებდა ქვეყნის სამხრეთში) გამოაცხადა უარი რუსეთთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე და აგრძელებდა ომს გამარჯვებამდე. აგრეთვე ჩეჩენ მოსახლეობას მოუწოდა გაენადგურებინათ რუსეთის პრომოსკოვური მთავრობის წევრები.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდებოდა და ელცინი ცდილობდა ეს არაპოპულარული ომი ნებისმიერ ფასად შეეჩერებინა. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის იელცინმა ზელიმხან იანდარბიევთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რუსეთი მზად იყო ჩეჩნეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღორძინებისათვის თანხები გამოეყო. ამის მიუხედავად ფრონტის ხაზზე ბრძოლები არ წყდებოდა. 6 აგვისტოს, ბორის იელცინის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე, ჩეჩნურმა შენაერთებმა გროზნოზე მოულოდნელი იერიში მიიტანეს.
6 აგვისტოს მასხადოვის შემუშავებული ოპერაცია „ჯიჰადი“ დაიწყო, რომლის მიზანს ერთდროულად ყველა დიდ ქალაქზე იერიში წარმოადგენდა. 1,500-მა ჩეჩენმა მებრძოლმა, ასლან მასხადოვის, შამილ ბასაევის და რუსლან გელაევის მეთაურობით დედაქალაქზე იერიში მიიტანა, სადაც ამ დროისთვის, 12,000 რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი. ჩეჩნების შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. მასხადოვმა მოულოდნელი თავდასხმით დაბნეული რუსები აიძულა, მეტად არამომგებიან გარემოში, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში ებრძოლათ. იქ რეგულარული არმიის უპირატესობის გამოყენება თითქმის შეუძლებელი იყო. მალე ქალაქი რუსების ცხედრებით გაივსო. პარალელურად ჩეჩნებმა აიღეს გუდერმესი და არღუნი. რუსების სარდალი კონსტანტინე პულიკოვსკი დანებებას არ აპირებდა. 19 აგვისტოს მან ქალაქში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათის განმავლობაში იარაღის დაყრა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. პულიკოვსკის განცხადების შემდეგ, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობა ცდილობდა სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი სანამ რუსეთი მის დაბომბვას დაიწყებდა. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ ლტოლვილთა კოლონების დაბომბვა დაიწყო, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ბოლოს მასხადოვის იერიშებმა აიძულა რუსები ბრძოლა შეეწვიტათ.
22 აგვისტოს სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რომლის ინიციატივაც, იელცი-ნის მრჩევლისგან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მეთაურისგან ალექსანდრ ლებედისგან იყო წამოსული. ამ უკანასკნელმა, მასხადოვს დაურეკა, საომარი მოქმედების შეწყვეტა თხოვა და პულიკოვსკის ულტიმატუმს - „ცუდი ხუმრობაც" კი უწოდა.
1996 წლის 31 აგვისტოს, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ალექსანდრ ლებედსა და ასლან მასხადოვს შორის მიმდინარეობდა, ხასავიურტის ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებით დასრულდა. შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებდა: 1. დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები; 2. ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება; 3. გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში მაროდიორობის აღსაკვეთად.; 4. რუსეთის არმიის გასვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე; 5. პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.
1996 წლის 17 ოქტომბერს იანდარბიევმა მასხადოვი დროებითი, გარდამავალი, კოალიციური მთავრობის მეთაურად და თავდაცვის მინისტრად დანიშნა. ამავე დროს იანდარბიევის ბრძანებითვე ტრადიციული სასამართლოები შეცვალა შარიათის ისლამის-ტურმა სასამართლომ.
დეკემბერში მასხადოვმა ყველა სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობა დატოვა და საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაება. 1997 წლის 27 იანვრის არჩევნებში მასხადოვმა 59,1% აიღო, შამილ ბასაევმა 23,5%, იანდარბიევმა კი 10-1%.
1997 წლის 12 მაისს მოსკოვში 2 სრულუფლებიან პრეზიდენტს ელცინსა და მასხადოვს შორის ხელი მოეწერა რუსეთ-ჩეჩნეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რაც ფაქტობრივ აღიარებას ნიშნავდა. ეს ფაქტიურად აღიარებას ნიშნავდა. ჩეჩნები დამოუკიდებლობას ზეიმობდნენ, თუმცა ყველაზე ცუდი დრო ჯერ კიდევ წინ იყო.
მასხადოვი უფრო მაგარი გენერალი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი. მას მშვიდობამ უფრო მეტი პრობლემა მოუტანა, ვიდრე ომმა. მასხადოვმა ვერ შესძლო საველე მეთაურების გაკონტროლება. მართალია შამილ ბასაევი პრემიერ მინისტრად დანიშნა (1998 წლის იანვარი), მაგრამ რესპუბლიკაში თანდათან ქაოსი დაიწყო. ჯერ კიდევ იანდარბიევმა ჩეჩნეთი ისლამურ რესპუბლიკად გამოაცხადა, რასაც შარიათის სასამართლოს ამოქმედება მოჰყვა. შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულმა „ჯიჰადმა" ქვეყანაში ათასობით რადიკალ ისლამისტი მიიზიდა, რამაც ერთის მხრივ გამოიწვია ქვეყანაში რადიკალურ-ისლამისტური სამხედრო დანაყოფების გაჩენა, რომელთაც კავშირები ჰქონდათ საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან; მეორეს მხრივ კი ჩეჩნეთი გაივსო უკანონო იარაღითა და ნარკოტიკებით. ამავე დროს რუსებთან ომმა დიდი ავტორიტეტი მოუტანა ცალკეულ საველე მეთაურებს, რომლებსაც უკვე გაწვრთნილი მებრძოლები და დიდძალი იარაღი ჰქონდთ და პრეზიდენტისა და საერთოდ სახელმწიფოს მორჩილემას არ აპირებდნენ.
ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე მასხადოვმა 3 მთავარი ამოცანა დაისახა. 1. რუსეთთან საბოლოოდ ურთიერთობის მოგვარება, რაც ქვეყნის საერთაშორისო აღიარებას შეუწყობდა ხელს;. 2. ისლამიზაციის შეჩერება; 3. საველე მეთაურთა დანაყოფების განიარაღება და ქვეყანაში მშვიდობის დამყარება.
სამივე ეს გეგმა წინააღმდეგობაში მოდიოდა საველე მეთაურებთან, რომლებსაც პირიქით, რუსეთთან ომის გაგრძელება სურდათ, მისი კავკასიდან გასაძევებლად და „კავკასიის ემირატის“ შესაქმნელად.
პრეზიდენტი აპატიმრებდა ადამიანის გამტაცებლებსა და ნარკომოვაჭრეებს, მაგრამ საქმე წინ ვერ მიდიოდა, რადგან 1998 წლისთვის ჩეჩნეთში 300-მდე უკანონო სამხედრო დაჯგუფება იყო, რომელთაგან სიძლიერით ბასაევის, რადუევისა და ხატაბის დანაყოფები გამოირჩეოდნენ.
16 მარტს მასხადოვის დანაყოფებმა რამზან ახმადოვის ურუს-მარტანოვის ჯამაათის (ვაჰაბიტები) მებრძოლთა განადგურება სცადა, თუმცა ვაჰაბიტთა ნაწილმა გაასწრო. 25 აპრილს გროზნოში გაიმართა ჩეჩენი და დაღესტანელი ხალხის კონგრესი, რომელმაც თავის მეთაურად ბასაევი აირჩია.
21 ივნისს რადუევის მოკავსირე და ე.წ. დუდაევის არმიის მეთაურმა ვაჰე ჯაფაროვმა გროზნოს ტელევიზიის შენობის აღება სცადა, თუმცა უშიშროების ძალებთან შეტაკებისას მოკლეს. დაიღუპა აგრეთვე ჩეჩნეთის ეროვნული უსაფრთხოების უფროსი ლემა ხულტიგოვი და 2 ბოევიკი.
22 ივნისს მასხადოვმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 13 ივლისს გუდერმესში გათავხედებულ შარიათის გვარდიასა (შეიქმნა რუსეთთან ომის დროს და შედგებოდა ვაჰაბიტებისგან) და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რასაც რამდენიმე ვაჰაბიტის დაღუპვა მოჰყვა. მაშინ შარიათის არმიის მეთაურმა აბდულ-მალიქ მეჯიდოვმა და განსაკუთრებული დანიშნულების ისლამური პოლკის (შეიქმნა ასევე ომის დროს) მეთაურმა არბი ბარაევმა გუდერმესში დამატებითი ძალები გაგზავნეს, მაგრამ მათ დაუპირისპირდა იამადაევის ეროვნული გვარდია (არაისლამისტური დანაყოფი, ემსახურებოდა პრეზიდენტს) მათ თავს დაესხა და უკან დაახევინა.
20 ივლისს მასხადოვმა გამოაცხადა შარიათის გვარდიისა და განსაკუთრებული დანიშნულების ისლამური პოლკის რეორგანიზაცია. 25 ივლისს კი გროზნოში მასხადოვის ინიციატივით გაიმართა ჩეჩენ, ინგუშ და დაღესტანელ მუსლიმთა შეკრება, რომელზეც დაადგინეს, რომ აუცილებელი იყო რეგიონში ვაჰაბიზმის აკრძალვა.
23 სექტემბერს რადუევმა ბასაევმა და ისრაპილოვმა მასხადოვი დაადანაშაულეს პრორუსულ ორიენტაციაში, ხელისუფლების უზურპაციაში, კონსტიტუციისა და შარიათის დარღვევაში და მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება. საპასუხოდ პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს გადააყენა ბასაევის მთავრობა და პრემიერობაც თვითონ შეითავსა. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ მასხადოვის დაქვემდებარებაში მხოლოდ გროზნოს ოლქი აღმოჩნდა, დანარჩენი კი საველე მეთაურთა ხელში აღმოჩნდა და იქ ისლამისტურ-ტერორისტული საწვრთნელი ბაზები გაიხსნა და ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობა აყვავდა.
8 ნოემბერს გროზნოში გაიმართა მასხადოვისა და ბასაევის მოლაპარაკება, რომელმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო.
დეკემბერში „ჩეჩნეთის სამხედრო მეთაურთა საბჭომ“ რადუევის, ბასაევისა და ისრაპილოვის შემადგენლობით შარიათის უმაღლეს სასამართლოს მოთხოვეს მასხადოვის თანამდებობებიდან გადაყენება. სასამართლომ მასხადოვი არ გადააყენა, მაგრამ მოთხოვა ქვეყნის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნა და რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე პირების თანამდებობებიდან გადაყენება.
დიდი ფიქრის შემდეგ, მასხადოვმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და ჯერ ოპოზიციისათვის არასასურველი პირები დაითხოვა და რუსეთთან მოლაპარაკებები შეწყვიტა, შემდეგ კი 1999 წ. თებერვალში ჩეჩნეთი ისლამისტურ რესპუბლიკად გარდაქმნა და შარიათის კანონებით შექმნილი კონსტიტუცია წარუდგინა პარლამენტს. პარლამენტი გაუქმდა და კანონებს ამიერიდან ისლამური საბჭო მიიღებდა.
ოპოზიცია ამან არ დააკმაყოფილა და მათ ბასაევის მეთაურობით ალტერნატიული ჩეჩნეთის მართველი საბჭო ჩამოაყალიბეს. საბჭომ კი მთავარ მიზნად კავკასიური ემირატისა შექმნა გამოაცხადა და ამ გეგმისთვის მზადებას შეუდგა. ბასაევი პრეზიდენტს ამჯერად ომის მონაწილეთა დევნაში ადანაშაულებდა.
4 ივნისს სატელევიზიო ეთერით მასხადოვმა ოპოზიციას მიმართა და შეხვედრა შესთავაზა, რათა თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო ომი. ოპოზიციამ „საპასუხოდ“ 1 კვირის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების შენობის იარაღით აღება სცადა, რათა იქ მყოფი დაპატიმრებული თანამებრძოლები გაეთავისუფლებინათ, მაგრამ უშედეგოთ.
ივლისის დასაწყისში რუსეთის პრემიერი სტეპაშინი შეხვდა მასხადოვს და მოსთხოვა რესპუბლიკაში კრიმინოგენული ვითარების გამოსწორება. 12 ივლისს კი რუსეთის საჰაერო ძალებმა ცეცხლი გაუხსნა ყიზლარში ბაზირებულ ჩეჩენ ბოევიკებს. საპასუხოდ მასხადოვი, ბასაევი, უდუგოვი, გელაევი და სხვა მეთაურები გაერთიანდნენ, ჩეჩნეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და ქვეყნის მეთაურად ეროვნული უსაფრთხოების სამსახური გამოაცხადეს, რომლის თავჯდომარედ მასხადოვი აირჩიეს.
1999 წ. 7 აგვისტოს ბასაევი და ხატაბი დაღესტანში შეიჭრნენ იქედან რუსული ჯარების გასადევნად. ცოტა ხანში მოსკოვში ტერაქტის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა (როგორც შემდგომ გაირკვა ეს პუტინის ბრძანებით მოხდა), რაც ჩეჩნებს დაბრალდა. მასხადოვი ტერორისტად გამოაცხადეს და რუსული არმია ჩეჩნეთში შევიდა. ასე დაიწყო „ჩეჩნეთის მეორე ომი“. (1999-2009).
2000 წ. გაზაფხულზე რუსებმა გროზნო აიღეს და ჩეჩნეთის პრეზიდენტად იჩქერიის სულიერი ლიდერი აჰმად კადიროვი (რამზან კადიროვის მამა; იგი ჩეჩენმა ტერორისტებმა 2004 წ. 9 მაისს მოკლეს სტადიონზე) დანიშნეს. მასხადოვი და ბასაევი მთებში გაიხიზნენ და პარტიზანულ ომზე გადავიდნენ.
მასხადოვი ჩეჩენთა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა ზოგიერთის თვალში ბასაევმა დაჩრდილა, რომელიც მასშტაბურ ტერაქტებს აწყობდა. მასხადოვი ტერაქტებს გმობდა. განაცხადა კიდევაც, რომ თუ კვლავ პრეზიდენტი გახდებოდა, ბესლანის სკოლაზე თავდასხმისათვის (2004 წ. 1 სექტემბერი) ბასაევს გაასამართლებდა. იგი ბოლომდე საკუთარ თავს პრეზიდენტს ეძახდა, მიუხედავად იმისა რომ მისი უფლებამსილების ვადა გასული იყო. 2005 წლის იანვარში მან თავის დაქვემდებარებულ ძალებს უბრძანა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები, რუსეთთან მოლაპარაკებების აღსადგენად. მისი დავალებით იგივე გააკეთა ბასაევმაც. 1 მარტს მასხადოვმა კრემლს ოფიციალურად შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, პუტინს ნახევარსაათიანი შეხვედრა სთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. რუსეთმა მასზე ინფორმაციისათვის ჯილდოდ 10 მლნ დოლარი დააწესა.
2005 წ. 8 მარტს რუსულმა სპეცრაზმმა გროზნოსთან ახლოს სოფელ ტოლსტოი-იურტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ასლან მასხადოვი მოკლეს.
თანამებრძოლებისგან განსხვავებით, მასხადოვი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. 1972 წ მან შეირთო კუსამა იაზედოვნა, რომელთანაც 2 შვილი ანზორი (1979 წ.) და ფატიმა (1981 წ.) შეეძინა. ოჯახი ჯერ ინგუშეთსა და მალაიზიაში ცხოვრობდა. ახლა კი ფინეთში ცხოვრობს.
„მე თუნდაც მომკლან, ჩეჩნეთის თავისუფლების წყურვილს მაინც ვერ ჩაახშობენ“ - ხშირად იმეორებდა მასხადოვი.
რუსეთთან 2 ომში ნახევარი მილიონი ჩეჩენი დაიღუპა, რაც ჩეჩნეთის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. ჩეჩენი მეთაურებიდან კი ცოცხალი მხოლოდ რადუევი დარჩა, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდის მოსკოვის ციხეში.
Комментариев нет:
Отправить комментарий