воскресенье, 2 октября 2016 г.

ნერონი (გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი)

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (75-140)
1. დომიციანების საგვარეულოდან ორი ოჯახი იყო ცნობილი: კალვინუსები და აჰენობარბუსები.
აჰენობარბუსებს თავისი წარმოშობა და მეტსახელი ლუციუს დომიციუსიდან მოუდით. გადმოცემით, ერთხელ სოფლიდან რომ მოდიოდა, მის წინაშე წარმოდგნენ ღვთიური გარეგნობის ახალგაზრდა ტყუპები და უბრძანეს, სენატისა და ხალხისათვის მოეყოლა იმ გამარჯვებაზე, რომელზეც ჯერ არაფერი იყო ცნობილი. მათ თავიანთი ღვთიური ძალის დასამტკიცებლად მის საფეთქლებს შეეხნენ და თმა შავის მაგიერ უფერული გაუხდა, ისევე, როგორც წვერი - სპილენძისფერი. ეს ნიშანი დარჩათ შთამომავლებსაც, რომელთა შორის ბევრი იყო სპილენძისფერი წვერით.
იმის შემდეგ, რაც მიიღეს შვიდი კონსულობა, ტრიუმფი, ორი ცენზორი, პატრიციებში ჩარიცხვა, ყველამ შეინარჩუნა ადრინდელი მეტსახელი. სახელებიდან ორით - გნეუსით და ლუციუსით სარგებლობდნენ, თანაც შესანიშნავი მრავალფეროვნებით, ხან რამდენიმე კაცს მიყოლებით ერქვა ერთი და იგივე სახელი, ხანაც სახელები მონაცვლეობდნენ. მაგალითად, პირველი, მეორე და მესამე აჰენობარბუსები ლუციუსები იყვნენ, მომდევნო სამი ზედიზედ - გნეუსები, ხოლო დანარჩენები რიგრიგობით, ხან ლუციუსები, ხანაც გნეუსები. ვფიქრობ, ამ ოჯახიდან ბევრის გაცნობა ღირს. მაშინ უფრო ცხადი გახდება, რომ რამდენადაც ნერონმა დაკარგა თავისი წინაპრების კარგი თვისებები, იმდენად შეინარჩუნა თითოეულის მანკიერება, როგორც საგვარეულო მემკვიდრეობა. მაშ, ასე, შორიდან გამოვყვეთ.
2. ნერონის პაპის პაპის პაპა, გნეუს დომიციუსი თავისი ტრიბუნად ყოფნისას წაეჩხუბა პონტიფიკებს, რაკიღა მამამისის ადგილზე ის კი არ აირჩიეს, არამედ ვიღაცა სხვა, და ამის გამო ქურუმთა კოლეგიებს ახალი წევრების არჩევის უფლება წაართვა და ხალხს გადასცა. ხოლო კონსულად ყოფნისას, ალობროგებზე და არვერნებზე გამარჯვების შემდეგ, პროვინციაში სპილოთი წავიდა, მეომართა დასტა მიაცილებდა, თითქოს ტრიუმფალური მსვლელობა ყოფილიყოს.
სწორედ იმაზე თქვა ორატორმა ლიცინიუს კრასუსმა, რომ არაფერია საკვირველი იმის სპილენძის წვერში, თუკი ენა რკინისა აქვს და გული კიდევ - ტყვიისა.
იმისმა შვილმა პრეტორის თანამდებობაზე ყოფნისას სენატისგან მოითხოვა გაიუს კეისრის საქციელების გამოძიება, რაკი მათ ნიშნების და კანონების საწინააღმდეგოდ თვლიდა. ხოლო შემდეგ, კონსულად ყოფნისას, ცდილობდა კეისრისთვის გალიის ჯარების მეთაურობა ჩამოერთმია და უკანონოდ დაინიშნა მის მემკვიდრედ. სამოქალაქო ომის დაწყებისას ტყვედ აიყვანეს კორფინიუმში.
გაათავისუფლეს, ალყაშემორტყმულ მასილიელებს გამოეცხადა დასახმარებლად, მერე მოულოდნელად მიატოვა ისინი და ბოლოს, ფარსალასთან დაიღუპა. იგი სუსტი ნებისყოფის კაცი იყო, მაგრამ მკაცრი ხასიათი ჰქონდა. ერთხელ, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, შიშით აღსავსემ და ხელჩაქნეულმა სიკვდილი გადაწყვიტა, მაგრამ მერე გულგახეთქილმა გადაიფიქრა, მიღებული საწამლავი ღებინებით ამოანთხია, ხოლო თავისი მკურნალი კი გაათავისუფლა, რაკი იმან, თავისი ბატონის ხასიათი რომ იცოდა, წინდახედულად მისცა სუსტი შხამი.
იმავდროულად გნეუს პომპეუსის ყველა მრჩეველიდან, მხოლოდ იმან შესთავაზა, მტრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შუაში იდგა და ერთ რომელიმე მხარეს არ ემხრობოდა.
3. მას დარჩა შვილი, რომელიც, უდაოდ, თავის გვარში ყველაზე უკეთესი იყო. სიკვდილით მსჯავრდადებული პედიას კანონით კეისრის მკვლელობაში მონაწილეობისათვის, და თუმცა უდანაშაულო გახლდათ, მაინც მიემხრო ბრუტუსს და კასიუსს, თავის უახლოეს ნათესავებს, ხოლო მათი სიკვდილის შემდეგ შეინარჩუნა მინდობილი ფლოტი, გაზარდა კიდევაც, და როცა მისი თანამოაზრეები ყველგან დამარცხდნენ, მარკუს ანტონიუსს გადასცა ხომალდები, თავისი ნებით და თითქოს დიდ სამსახურს უწევდა.
ამ კანონით განსჯილებიდან მხოლოდ ის დაბრუნდა სამშობლოში და მიაღწია ყველაზე მაღალ მდგომარეობას. მერე, როცა სამოქალაქო ომი განახლდა, ლეგატი გახდა იგივე ანტონიუსთან; და ბევრი, რაკი კლეოპატრას დაქვემდებარებისა რცხვენოდა, უმაღლეს ხელისუფლებას სთავაზობდა; მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ვერ გადაწყვიტა, მიეღო ეს შემოთავაზება თუ უარი ეთქვა, მაგრამ ავგუსტუსის მხარეს გადავიდა და რამდენიმე დღეში მოკვდა. ოღონდ არც იმას ასცდა შელახული სახელი, - ანტონიუსი ირწმუნებოდა, იმათკენ იმიტომ გადავიდა, რომ თავისი საყვარელი სერვილია ნაისი მოენატრაო.
4. მისი შვილი იყო დომიციუსი, რომელიც ავგუსტუსმა ანდერძით დანიშნა მყიდველად თავისი საშუალებებისა და ქონებისა, როგორც შემდეგში გახდა ცნობილი. სახელი მოიპოვა როგორც ახალგაზრდობისას დოღებში სიმარჯვით, ასევე მოგვიანებით ტრიუმფალური სამშვენისებით, რომლებიც გერმანიის ომში მოიპოვა. გულზვიადი, მფლანგველი და ულმობელი იყო. ედილად ყოფნისას ცენზორი ლუციუს პლანკუსი აიძულა, რომ შეხვედრისას გზა დაეთმო; პრეტორად და კონსულად ყოფნისას ფიცარნაგებზე მიმებად გამოჰყავდა რომაელი მხედრები და მატრონები; გარეულ ცხოველებთან ბრძოლას ცირკშიც აჩვენებდა და ქალაქის ყველა კვარტალშიც, ხოლო გლადიატორების ბრძოლას ისეთ სისხლიანს მართავდა, რომ ავგუსტუსი პირადი გაფრთხილებით ვერაფერს გახდა, იძულებული იყო ედიქტით შეეჩერებინა.
5. ანტონია უფროსისგან ჰყავდა შვილი, ნერონის მომავალი მამა, უსაზიზღრესი კაცი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ახალგაზრდა გაიუს კეისარს რომ მიაცილებდა აღმოსავლეთში, ერთხელ თავისი აზატი მოკლა, რაკი იმდენის დალევა არ უნდოდა, რამდენიც უბრძანეს, და ამის შემდეგ გამოაგდეს კიდეც ამალიდან. მაგრამ სიშმაგე არ მოჰკლებია, ერთ სოფელში, აპიუსის გზაზე განზრაც უცხუნა თავის ცხენს მათრახი და ბიჭი გადათელა; ხოლო რომში, შუაგულ ფორუმზე ერთ მხედარს თვალი ამოუგდო მეტისმეტად უხეში გინებისათვის.
იმდენად უსინდისო იყო, რომ არათუ მარტო მენიალებს არ უხდიდა გაყიდვისას, არამედ პრეტორის თანამდებობაზე მყოფი გამარჯვებულ მრბოლელებსაც არ აძლევდა ჯილდოებს, რაზედაც საკუთარი დაც კი დასცინოდა; მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ეტლების მფლობელებმა საჩივარი მიუტანეს, დაადგინა საჩუქრების ადგილზევე გადახდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბრალი ედებოდა დიდებულების შეურაცხყოფაშიც, გარყვნილობაშიც, სისხლის აღრევაშიც თავის დასთან, ლეპიდასთან, მაგრამ მმართვლების შეცვლამ გადაარჩინა; გარდაიცვალა პირგიში წყალმანკით.
6. ნერონი დაიბადა ანციუმში, ტიბერიუსის სიკვდილიდან ცხრა თვის შემდეგ, იანვრის კალენდებამდე თვრამეტი დღით ადრე, განთიადისას; ასე რომ, ამომავალი მზის სხივები იმას ცოტა უფრო ადრე შეეხო, ვიდრე დედამიწას. მაშინვე იმის ჰოროსკოპზე მრავალმა გამოთქვა საშინელი ვარაუდები; წინასწარმეტყველური იყო მამამისის, დომიციუსის სიტყვები, რომელმაც მეგობრების მილოცვის პასუხად წამოიყვირა, რომ მას და აგრიპინას სხვა ვინ გაუჩნდებოდათ, თუ არა საშინელება და მწუხარება საზოგადოებისათვის.
ნერონის მომავალი ბედკრულობის მომდევნო ნიშანი შეამჩნიეს მისი განწმენდის დღეს: გაიუს კეისარმა, როცა დამ სთხოვა, ბავშვისათვის სახელი დაერქმია თავისი სურვილით, შეხედა თავის ძია კლავდიუსს რომელმაც მერე, მმართველად ყოფნისას, იშვილა ნერონი და დაასახელა მისი სახელი, თავის გასართობად და აგრიპინას გასაბრაზებლად, რაკი კლავდიუსი მთელი სასახლის დაცინვის საგანი გახლდათ.
სამი თვისამ მამა დაკარგა; ანდერძით მემკვიდრეობის მესამედი მიიღო, ისიც მთლიანად არა, რადგან მთელი ქონება თანამემკვიდრემ, გაიუსმა წაიღო. მერე დედამისიც გადაასახლეს და ისიც, გაჭირვებაში და თითქმის სიღატაკეში იზრდებოდა თავის დეიდა ლეპიდას სახლში, ორი ბიძის, - მოცეკვავისა და პარიკმახერის მეურვეობით. მაგრამ როცა კლავდიუსმა მიიღო ძალაუფლება, მარტო მამის ქონება კი არ დაუბრუნდა, არამედ მამინაცვლის, პასიენუს კრისპუსის მემკვიდრეობაც დაემატა.
როცა დედამისი გამოიძახეს გადასახლებიდან და უფლებები აღუდგინეს, ისეთ მდგომარეობას მიაღწია დედამისის გავლენით, რომ ჭორიც კი დადიოდა, თითქოს მესალინამ, კლავდიუსის ცოლმა მასში ბრიტანიკუსის მეტოქე დაინახა და მკვლელები მიუგზავნა, შუადღის ძილისას რომ დაეხრჩოთ. ამ გამონაგონს ამატებდნენ, რომ თითქოს მისი ბალიშიდან მკვლელებს გველი წამოუყელყელავდა და ისინიც თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ეს გამონაგონი იმიტომ გაჩნდა, რომ მის საწოლზე, ბალიშთან გველის გახდილი ტყავი იპოვეს; ეს ტყავი, აგრიპინას სურვილით, ოქროს სამაჯურში ჩაუსვეს და დიდხანს ატარებდა მარჯვენა ხელზე, მაგრამ მერე გადააგდო, როცა დედის ხსოვნა აუტანელი გახდა მისთვის, და ამაოდ ეძებდა თავის ბოლო უბედურებების დღეებში.
7. ჯერ კიდევ ბავშვობაში, სრულწლოვანებამდე არმიღწეული, ცირკში გამოდიოდა ტროას თამაშებში და ბევრჯერ დიდი წარმატებითაც. თერთმეტი წლისა იშვილა კლავდიუსმა და აღსაზრდელად მიაბარა ანეუს სენეკას, მაშინ უკვე სენატორს. ამბობენ, რომ მომდევნო ღამით სენეკამ სიზმარში ნახა, თითქოს გაიუს კეისარის აღმზრდელი იყო; და მალე ნერონმა, პირველივე საქციელებში გამოამჟღავნა თავისი ულმობელი ბუნება, აჩვენა, რომ ის სიზმარი ნამდვილი იყო. მაგალითად, თავის ძმას, ბრიტანიკუსს უკანონოდ დაბადებულს ეძახდა კლავდიუსთან, რაც ის შვილად აყვანის მერე მაინც აჰენბარბუსად მიესლმა, ჩვეულებისამებრ. ხოლო თავისი დეიდა ლეპიდას წინააღმდეგ სასამართლოში ღიად აძლევდა ჩვენებებს დედის სასარგებლოდ, რომელიც გადამტერებული იყო თავის დაზე.
სრულწლოვანების დღეს წარუდგინეს ხალხს და პლებეებს საჩუქრების დარიგებას დაპირდა, ხოლო მეომრებს - ჯილდოს; როცა პრეტორიელებმა იარაღით დაიწყეს სირბილი, ის ფარით წინ მიუძროდათ, მერე კი სენატში წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა მამისადმი. მისსავე კონსულობაში სიტყვა თქვა ბოლონიის მცხოვრებლების მხარეს ლათინურად, ხოლო როდოსელებისა და ილიონიელებისა - ბერძნულად. როცა პირველად მართავდა სასამართლოს ქალაქის პრეფექტის თანამდებობით ლათინურ ზეიმზე, მის წინაშე საუკეთესო ორატორები კამათობდნენ არა მოჩვენებით და წვრილმან საქმეებზე, როგორც ყოველთვის, არამედ მრავალრიცხოვანზე და მნიშვნელოვანზე, თუმცა კლავდიუსმა ეს აუკრძალა. ცოტა ხნის შემდეგ ცოლად ოქტავია მოიყვანა და კლავდიუსის ჯანმრთელობისთვის საცირკო თამაშები და ცხოველებთან ბრძოლები მოაწყო.
8. მეჩვიდმეტე წელიწადში იყო, როცა კლავდიუსის აღსასრული გამოცხადდა. ის შევიდა დაცვაში დღის ექვსსა და შვიდ საათს შორის - მთელი ეს დღე ითვლებოდა უბედურად, და მხოლოდ ეს საათი იქნა მიჩნეული შესაბამისად, რომ საქმე დაეწყო. სასახლის კიბეზე მიესალმნენ, როგორც იმპერატორს, მერე ტახტრევნით წაიყვანეს ბანაკში, იქიდან, კარისკაცებთან მოკლე მიმართვის შემდეგ - სენატში; ხოლო სენატიდან საღამოს უთვალავი პატივისცემით დაბრუნდა, რომელთაგან მხოლოდ სამშობლოს მამის წოდება უარყო ახალგაზრდობის გამო.
9. იმით დაიწყო, რომ თავისი ნათესაური გრძნობების ჩვენება სცადა. კლავდიუსს პატივი მიაგო დიდებული დაკრძალვით, სახოტბო სიტყვით და გაღმერთებით. დიდი პატივისცემა მიაგო თავისი მამის, დომიციანუსის ხსოვნას. დედამისს მიანდო ყველა თავისი საზოგადოებრივი და კერძო საქმე. მმართველობის პირველსავე დღეს მცველთა ტრიბუნს პაროლად დაუთქვა „საუკეთესო დედა“, ხოლო მერე მასთან ერთად ხშირად ჩნდებოდა ქუჩებში ტახტრევნით. ანციუმში გაიყვანა ნამსახური პრეტორიელები კოლონიად, რომლებსაც შეუერთა რომიდან გადასახლებული უფროსი ცენტურიონები; იქვე ააშენა ძვირადღირებული ნავმისაგომი.
10. უფრო ნათლად რომ გამოეჩინა თავისი ზრახვები, გამოაცხადა, რომ მართავს ავგუსტუსივით, და ერთ შემთხვევასაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ წარმოეჩინა თავისი გულუხვობა, მოწყალება და სირბილე. წელშიგამწყვეტი გადასახადები ან გააუქმა ან შეამცირა. დამსმენებს პაპიუსის კანონით ჯილდოები ოთხჯერ შეუმცირა. ხალხს დაურიგა სულზე ოთხასი სესტერცი; დიდგვაროვან, მაგრამ გაღარიბებული გვარების სენატორებს ყოველწლიური დახმარება დაუნიშნა, ზოგს ხუთასათასამდე; პრეტორიელების კოჰორტები ერთი თვით გაათავისუფლა პურის გადასახადისაგან.
როცა ბრძანება მიუტანეს, რომელიღაც სისხლის სამართლის დამნაშავის სიკვდილით დასჯის თაობაზე, შესძახა: „ოჰ, ნეტავ წერა არ შემძლებოდა!“ ყველა ფენის მოქალაქეებს ესალმებოდა. როცა სენატი მადლიერებას უცხადებდა, თქვა: „ჯერ უნდა დავიმსახურო!“ ხალხს საშუალებას აძლევდა, ეყურა მისი სამხედრო ვარჯიშისთვის, ხშირად ვარჯიშობდა მჭერმეტყველებაში ყველას თანდასწრებით და ლექსებსაც ამბობდა, როგორც შინ, ასევე თეატრში; საყოველთაო სიხარული ისეთი იყო, რომ დადგინდა, სახალხო ლოცვები მოეწყოთ, ხოლო წაკითხული ლექსების სტრიქონები ოქროს ასოებით ჩაეწერათ და კაპიტოლიუმის იუპიტერისათვის მიეძღვნათ.
11. სანახაობებს მრავალრიცხოვანს და სხვადასხვანაირს აწყობდა. ახალგაზრდული თამაშები, ცირკის რბოლები, თეატრალური წარმოდგენები, გლადიატორების ბრძოლები. ახალგაზრდულ თამაშებზე მოხუცი სენატორები და ხნიერი მატრონებიც კი აიძულა გამოსასვლელად. საცირკო დოღებზე გამოყო საგანგებო ადგილები მხედრობისათვის და გამოიყვანა ეტლები, რომლებშიც ოთხ-ოთხი აქლემი იყო შებმული.
წარმოდგენებზე, რომლებიც დააწესა იმპერიის მარადიულობის სახელით და დაარქვა დიადი თამაშები, გამათულ კომედიებში გამოდიოდნენ კაცები და ქალები უმაღლესი ფენებიდან; სპილოზე მჯდომმა სახელოვანმა რომაელმა მხედარმა გაჭიმულ ბაგირზე გაიარა, ხოლო აფრანიუსის ტოგატაში „ხანძარი“ აქტიორებს უფლება ჰქონდათ აეღოთ და შინ წაეღოთ ჭურჭლეული და ავეჯეული ცეცხლმოკიდებული სახლიდან; ხოლო ხალხს ყოველ დღე უყრიდნენ ყველანაირ საჩუქრებს - ათასობით ფრინველს დღეში, ყველანაირ საჭმელს, ტესერებს ხორბალისთვის, კაბებს, ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, მარგალიტებს, სურათებს, მონებს, ძროხებს, გაწვრთნილ ნადირსაც; მერე კი ხომალდებსაც, და სახლებსაც, და მამულებსაც.
12. თამაშებს პროსცენიუმის სიმაღლიდან უყურებდა. გლადიატორთა ბრძოლისას, რომელიც ხის ამფითეატრში მოეწყო, მარსის მინდვრის მახლობლად, - მთელი წელიწადი აკეთებდნენ, - ერთი მებრძოლიც კი არ მოაკვლევინა, დამნაშავეებიდანაც კი. მან აიძულა ებრძოლათ ოთხას სენატორს და ექვსას მხედარს, ბევრს - ხელუხლებელი ქონებითა და შეუბღალავი სახელით; იმავე ფენებიდანვე აარჩია მხეცების მომკვლელებიც, და არენაზე მომსახურეებიც. აჩვენა საზღვაო ბრძოლაც ზღვის ცხოველებით მარილიან წყალში; წარმოადგინა სამხედრო ცეკვები რჩეული ეფებებისა: წარმოდგენის მერე თითოეულ მათგანს სიგელით უბოძა რომის მოქალაქეობა.
ამ ცეკვებიდან ერთში წარმოდგენილი იყო, ხარი როგორ შემოაჯდებოდა პასიფაეს, დამალულს ხის ხბოში, - ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა მაყურებელს; მეორეში - იკაროსი პირველივე გაფრენისას იმპერატორის მახლობლად ჩამოვარდა და სისხლის შხეფებით მოუსვარა ლოჟაც და თვითონ ისიც, რაკი ნერონი იშვიათად იყო წარმმართველი, ლოჟადან უყურებდა ხოლმე თამაშებს, ჯერ მომცრო ფანჯრიდან, შემდეგ ღია აივნიდან.
რომში პირველად მოაწყო ხუთწლიანი შეჯიბერები ბერძნულის მიხედვით და სამი განყოფილებისგან - მუსიკალური, გიმნასტიკური და საცხენოსნო. მათ ნერონიები დაარქვა და მათთვის აკურთხა აბანოები და გიმნასიები, სადაც ყოველი სენატორი და მხედარი უფულოდ სარგებლობდა ზეთით. შეჯიბრებების მსაჯები კენჭისყრით დანიშნა კონსულების წოდებიდან, მსაჯობდნენ პრეტორების ადგილებიდან. ლათინურ სიტყვებში და ლექსებში ეჯიბრებოდნენ ყველაზე ღირსეული მოქალაქეები, მერე კი თავად დაეშვა ორქესტრაში, სენატისკენ და მონაწილეთა ერთსულოვანი მოთხოვნით ლირაზე დაკვრისათვის მიუტანეს გვირგვინი, რომელსაც ჯერ დაუჩოქა და მერე ბრძანა, რომ ავგუსტუსის ქანდაკების ფეხებთან დაედოთ ეს გვირგვინი.
სეპტაში მოწყობილ გიმნასტიკურ შეჯიბრებზე, ღმერთებს მსხვერპლად ხარები მოუყვანა, პირველად გაიპარსა წვერი, ჩადო ოქროს ზარდახშაში, რომელიც მორთული იყო ძვირფასი მარგალიტებით და ღმერთებს მიუძღვნა კაპიტოლიუმის ტაძარში. ათლეტების შეჯიბრზე ქალწული ვესტალებიც მოიწვია, რაკი ამ სანახაობების ნახვა ოლიმპოზეც კი დაშვებულია ცერერას ქურუმი ქალებისთვის.
13. მის მოწყობილ სანახაობებს სამართლიანად შეიძლება მივაკუთვნოთ ტირიდატის ჩამოსვლა რომში. ეს იყო არმენიის მეფე (პართიის მეფის ძმა, არშაკიდული დინასტიის პირველი წარმომადგენელიი არმენიაში), რომელიც ნერონმა მიიტყუა ტყუილი დაპირებებით. ტირიდატის ჩამოსვლის დღე ხალხს ედიქტით გამოუცხდეს, მერე მოღრუბლულობის გამო მოხერხებული დროისათვის გადაიდო; ტაძრების გარშემო განლაგდნენ შეიარაღებული კოჰორტები, თავად ნერონი ტრიუმფატორის სამოსში გამოწყობილი იჯდა კონსულის სავარძელზე, როსტალურ ტრიბუნაზე, გარშემორტყმული საბრძოლო ნიშნებითა და დროშებით.
ჯერ ტირიდატი ავიდა დახრილ ფიცარნაგზე და ნერონის მუხლებთან დაემხო, ხოლო იმან მარჯვენა ხელით წამოაყენა და გადაკოცნა; მერე მოსულის ლოცვაზე თავიდან ტიარა მოხადა და დიადემა დაადგა, ამასობაში პრეტორის წოდების სენატორი მაყურებლის გასაგონად თარგმნიდა მლოცველის სიტყვას; და ბოლოს, ნერონმა სტუმარი თეატრში წაიყვანა და იქ, ახალი ლოცვის შემდეგ, ხელმარცხნივ დაისვა, თავის გვერდით. ამისთვის ის გამოცხადდა იმპერატორად; დაფნები მიიტანა კაპიტოლიუმის ტაძარში და იანუსის აღთქმული კარი დაკეტა, იმის ნიშნად, რომ ამიერიდან აღარსად წარმოებს ომი.
14. ოთხჯერ იყო კონსული. პირველად ორი თვით, მეორედ და მეოთხედ - ექვს-ექვსი თვით, მესამედ - ოთხი თვით; შუაში ორი კონსულობა ზედიზედ ჰქონდა, დანარჩენი თითო წლის შუალედებით.
15. სასამართლოს რომ მართავდა, თხოვნებს პასუხობდა მხოლოდ მეორე დღეს და წერილობით. გამოძიებას ისე აწარმოებდა, რომ ზოგადი განხილვის მაგივრად ირჩეოდა საქმის თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე, ორივე მხარის მონაწილეობით. სათათბიროდ გასული არაფერს განიხილავდა ღიად და ლაპარაკით. ყველა თავის აზრს წერილობით აწვდიდა, ის კი ჩუმად კითხულობდა, თავისთვის, და მერე აცხადებდა ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, თითქოს ეს უმრავლესობის ნება იყო.
სენატში დიდხანს არ ღებულობდა აზატების შვილებს, ხოლო მისი წინამორბედების მიღებულებს არ დაუშვებდა მაღალ თანამდებობებზე. უთანამდებოდ დარჩენილი მსურველები უარისა და დაყოვნების საკომპენსაციოდ ლეგიონების მეთაურებად დააყენა. კონსულობას ექვსი თვით იძლეოდა. როცა ერთი კონსული მოკვდა იანვრის კალენდების წინ, შემცვლელი არ დაუნიშნა, არ ისურვა კანინიუს რებილუსის ძველი შემთხვევა გაემეორებინა, ერთდღიანი კონსულისა. ტრიუმფალური რეგალიები უწყალობა კვესტორთა წოდებასა და ზოგიერთ მხედარსაც, თანაც არა მხოლოდ სამხედრო დამსახურებებისთვის. ზოგიერთ საგნებზე თავისი მოხსენებებს, კვესტორების გვერდის ავლით, კონსულებს გადასცემდა ხოლმე წასაკითხად.
16. ქალაქის შენობების აგება ახლებურად მოიფიქრა, სახლებისა და ბინების წინ მისი ხარჯით შენდებოდა პორტიკები ბრტყელი სახურავებით, საიდანაც ცეცხლის ჩაქრობა იქნებოდა შესაძლებელი. ქალაქის კედლების გაგრძელებას ოსტიამდე აპირებდა, ხოლო ზღვა არხის მეოხებით რომამდე უნდა მოეყვანა.
მრავალი სიმკაცრე და შეზღუდვა აღადგინეს მის დროს, ბევრიც პირველად შემოიღეს. ფუფუნება შეიზღუდა; საყოველთაო გამასპინძლება შეიცვალა მისატანებლის დარიგებით; დუქნებში აიკრძალა შემწვარი საჭმლის გაყიდვა, გარდა ხილისა და მწვანილისა - ადრე იქ ნებისმიერი კერძით ვაჭრობდნენ; დაისაჯნენ ქრისტიანები, ახალი და მავნე ცრურწმენის მომხრეები; აიკრძალა ეტლებით მრბოლელების გართობა, რომლებიც ძველი ჩვეულებით ყველგან დაეხეტებოდნენ და ატყუებდნენ და ძარცვავდნენ გამვლელებს; პანტომიმები და მათი მომხრეები რომიდან გაასახლეს.
17. ანდერძების გაყალბების წინააღმდეგ მაშინ პირველად გამოიგონეს, რომ გაეკეთებინათ დაფებში ნახვრეტი, სამჯერ გაეტარებინათ შიგ ძაფი და მხოლოდ ამის შემდეგ დაებეჭდათ. გათვალისწინებული იყო, რომ ანდერძის პირველ ორ დაფას მოწმეებს სუფთებს სთავაზობდნენ, მხოლოდ მოანდერძის სახელით, რათა დამწერს უცხო ანდერძზე არ მიეწერა საჩუქრები თავისთვის. დამცველებს დაუდგინდათ ზუსტი და მუდმივი ანაზღაურება კლიენტებისაგან, ხოლო ადგილებს სასამართლოს სკამებზე საზოგადოებრივი ხაზინა უფასოდ იძელოდა. ხაზინის სასამართლო საქმეები ფორმუზე გადასცეს რეკუპერატორებს, ხოლო ყველა თხოვნა სასამართლოებიდან იგზავნებოდა სენატში.
18. იმპერიის გადიდების და გაფართოების არც წადილი ჰქონდა, არც იმედი. ბრიტანეთიდანაც კი ფიქრობდა ჯარის გამოყვანას და ეს იმიტომ ვერ გააკეთა, რომ მამამისის დიდების მეშურნედ არ გამოჩენილიყო. მხოლოდ პონტოს სამეფო, პოლემონის თანხმობით, და ალპებისა, კოტიუსის სიკვდილის შემდეგ, - გადააქცია პროვინციებად.
19. ორი მოგზაურობა დაგეგმა: ალექსანდრიაში და აქაიაში. მაგრამ პირველზე წასვლის დღეს თქვა უარი, შეშინებულმა ნიშნითა და ხიფათით. როცა ტაძრები შემოიარა და ვესტას ტაძარში დაჯდა, წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ჯერ რაღაცამ დაიჭირა კალთით, მერე თვალთ ისე დაუბნელდა, რომ ვერაფერს ხედავდა.
აქაიაში შეუდგა არხის გაჭრას ისტმუსზე. შეკრიბა ყველა და პრეტორიელებს სამუშაოს დაწყებისკენ მოუწოდა, საყვირების ხმაზე პირველმა დაჰკრა მიწას ბარი და ზურგით გამოიტანა მიწით სავსე კალათა. ლაშქრობას ამზადებდა კასპიის კარიბჭისკენაც, ექვსი ფუტის სიმაღლის ახალგაზრდები შეკრიბა იტალიაში, იმათ რაზმს „ალექსანდრე დიდის ფალანგა“ დაარქვა.
მისი ეს საქციელები არ იმსახურებენ საყვედურებს, ზოგჯერ საკმაო ქების ღირსიც არის; მე ისინი ერთად შევკრიბე, რათა განმეცალკევებინა მისი მანკიერებისა და დანაშაულებისათვის, რაზედაც ქვემოთ გავაგრძელებ მოყოლას.
20. ბავშვობის წლებში სხვა მეცნიერებებთან ერთად მუსიკას სწავლობდა. იმპერატორი რომ გახდა, მაშინვე მოიწვია იმ დროისათვის ლირაზე საუკეთესო დამკვრელი, ტერპნუსი და მრავალი დღე უსმენდა სადილიდან გვიან ღამემდე, მერე კი თვითონაც თანდათან ვარჯიში დაიწყო ამ მეცნიერებაში. ერთი საშუალებაც არ გამოუტოვებია, რითაც სარგებლობენ ოსტატები ხმის შესანარჩუნებლად და გასამაგრებლად. ზურგზე წვებოდა და მკერდზე ტყვიის დაფას იდებდა, კუჭს გამორეცხვებითა და ღებინებით იწმენდდა, თავს იკავებდა ნაყოფისგან და ხმისთვის სხვა მავნე საჭმელებისგან. და თუმცა ხმა სუსტი და ჩახლეჩილი ჰქონდა, მაინც ხარობდა თავისი წარმატებით და სცენაზე გამოსვლაც ისურვა, თან მეგობრებს ბერძნულ ანდაზას უმეორებდა: „რაც არავის ესმის, იმას ვერავინ აფასებს“.
პირველად ნეაპოლში გამოვიდა; და თუმცა თეატრი შეირყა მოულოდნელი მიწისძვრისაგან, არ შეჩერებულა, სანამ დაწყებული სიმღერა არ დაამთავრა. ნეაპოლში ხშირად გამოდიოდა და რამდენიმე დღე მღეროდა. მერე საკუთარ თავს შესვენების უფლება მისცა, ხმის აღსადგენად, მაგრამ აქაც ვეღარ გაუძლო მარტოობას, აბანოდან პირდაპირ თეატრში გამოცხადდა, ქეიფი მოაწყო შუა ორქესტრაზე და ბერძნულად გამოუცხადა ხალხის ბრბოს, ყელს რომ გამოირეცხავდა, მაშინ მთელი ხმით უმღერებდათ რამეს.
მას მოეწონა ალექსანდრიელების თანაბარი ტაში, რომლებიც ბლომად მოგროვილიყვნენ ნეაპოლში იმხანად ჩამოსული ხომალდით და ალექსანდრიიდან უფრო მეტი სტუმარი გამოიძახა. არც ეს იკმარა, თავად შეარჩია მხედრების ფენიდან ახალგაზრდები და ასევე ხუთი ათასზე მეტი ყოჩაღი ყმაწვილი ყველა ფენიდან, რაზმებად დაყო და უბრძანა შეესწავლათ ალექსანდრიული აპლოდისმენტების სახეობები, რომლებსაც დაარქვეს: „ფუტკრები“, „კრამიტები“ და „აგურები“, და მერე ენერგიულად დაეკრათ ყოველთვის, როცა იმღერებდა. იმათი ცნობა შეიძლებოდა: ხშირი თმით, დიდებული ტანსაცმლით, შიშველი და უბეჭდო ხელებით; იმათ თითოეულ ლიდერს ოთხასი ათასი სესტერცი გადაუხადა.
21. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვად რომში გამოსვლა მიაჩნდა. ამიტომ ნერონის თამაშები დადგენილ ვადაზე ადრე დაიწყო. თუმცა ყველა ყვიროდა, რომ უნდათ მოისმინონ მისი ღვთიური ხმა, თავიდან უპასუხა, რომ მსურველების დაკმაყოფილებას თავის ბაღში შეეცდება; მაგრამ როცა ბრბოს თხოვნას კარისკაცებიც შეუერთდნენ, ამ დროს დაცვაში რომ იდგნენ, მაშინ განაცხადა, რომ თუნდაც ახლავე გამოვა. და იქვე უბრძანა, მისი სახელიც შეეტანათ ლირაზე დამკვრელების სიაში, ურნაში თავისი კენჭიც ჩააგდო სხვებთან ერთად, მაგრამ ვეღარ დაელოდა თავის რიგს და გამოვიდა. იმისი ლირა პრეტორიელების მეთაურებს მოჰქონდათ, მერე ჯარის ტრიბუნები მოდიოდნენ და იმათ გვერდით - უახლოესი მეგობრები.
სცენაზე რომ დადგა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა, ექს-კონსულ კლუვიუს რუფუსის პირით გამოაცხადა, რომ იმღერებს „ნიობეს“ და ამას მღეროდა ლამის მეათე საათამდე. შეჯიბრის გაგრძელება და ჯილდოების გადაცემა მომდევნო წლისთვის გადადო, რათა კიდევ რამდენჯერმე შესძლებოდა გამოსვლა; მაგრამ იქამდე ძალიან გრძელი ეჩვენებოდა დრო და თავს არ ანებებდა კიდევ და კიდევ გამოსვლას. იმასაც ფიქრობდა, პრეტორების თამაშებზე ხომ არ გამოსულიყო და მმართველების მიერ შეთავაზებულ მილიონ სესტერცად ნამდვილ აქტიორებს ხომ არ შეჯიბრებოდა.
მღეროდა ტრაგედიასაც, გმირების, ღმერთების და ქალების და ქალღმერთების ნიღბებშიც კი გამოდიოდა, ნიღბების ხაზები იმ ქალის თუ ქალების სახეებს აგონებდა, ვინც უყვარდა. ამ ტრაგედიებში იყო „კანაკეს მშობიარობა“, „ორესტე-დედისმკვლელი“, „ოიდიპოსის დაბრმავება“, „უგუნური ჰერკულესი“. ამბობენ, ერთმა ახალწვეულმა, შესასვლელს რომ დარაჯობდა, იმპერატორი ჰერკულესის როლში დაინახა, გათოკილი და ჯაჭვებშებმული და სცენაზე შევარდა მის საშველად.
22. დოღებისადმი მისი ლტოლვა პატარაობიდანვე უსაზღვრო იყო, ცხენებზე და ეტლებზე ლაპარაკით არ იღლებოდა, თუმცა კი უკრძალავდნენ ამას. ერთხელ, როცა ამხანაგებთან ერთად დასტიროდა „მწვანეთა“ მეეტლის სიკვდილს, რომელიც ცხენებმა გადმოაგდეს და არენაზე ათრიეს, მასწავლებელმა შენიშვნა მისცა, მაგრამ თავი მოიკატუნა, რომ ლაპარკი იყო ჰექტორზე. უკვე იმპერატორი რომ გახდა, მაინც აგრძელებდა თამაშს სპილოს ძვლის პატარა ეტლებით დაფაზე; და ყველა საცირკო თამაშებზე, ყველაზე უმნიშვნელოზეც კი ჩამოდიოდა თავისი ვილებიდან - ჯერ ჩუმად, მერე ღიად; ასე რომ, უკვე ყველამ იცოდა, რომ დადგენილ დღეს რომში იქნებოდა.
არ მალავდა განზრახვას, გაეზარდა ჯილდოები. ამიტომ რბოლები სულ მატულობდა, დოღები საღამომდე იწელებოდა და თავად ეტლების მფლობელები არ თანხმდებოდნენ გამოეშვათ თავისი მრბოლელები ერთ დღეზე უფრო ცოტა ხნით. მერე თავადაც მოინდომა მრბოლელად გამოსვლა და სახალხოდაც. ჯერ თავის ბაღებში წაივარჯიშა, მონებსა და შავ ხალხში, მერე სარბოლო ეტლით გამოჩნდა ცირკში და რომელიღაც მისმა აზატმა მაგისტრანტის ადგილიდან ალმის დაქნევით მისცა რბოლის დაწყების ნიშანი.
მაგრამ მისთვის ცოტა იყო თავისი ხელოვნების რომში ჩვენება, და ისიც, როგორც უკვე ითქვა, აქაიაში გაემგზავრა. და ძირითადად, აი, რამ აღძრა საამისოდ. ყველა ბერძნულმა ქალაქმა, სადაც მუსიკალური შეჯიბრებები იმართებოდა, დაადგინა, რომ მისთვის კითარის, იგივე ლირას დამკვრელების გვირგვინები გამოეგზავნათ. დიდი სიხარულით მიიღო გვირგვინები, ხოლო ჩამოსული ელჩები ყველაზე უწინ დაუშვა თავისთან და მეგობრულ სადილზეც მიიპატიჟა. სადილისას ზოგიერთმა მათგანმა დაითანხმა, რომ ემღერა და მეტად ხმაურიანი ტაშით დააჯილდოვეს. მაშინ განაცხადა, რომ მხოლოდ ბრძენებს შეუძლიათ მისი მოსმენა და მარტო ისინი არიან მისი შრომის ღირსები. დაუყოვნებლივ დაჯდა ხომალდზე, გაცურა და გზად კასიოპაში გამოვიდა იუპიტერი კასიუსის საკურთხევლის წინ, მერე კი ერთიმეორის მიყოლებით ყველა შეჯიბრი მოიარა.
23. საამისოდ ბრძანა, ერთ წელიწადში მოეთავსებინათ სულ სხვადასხვა ვადების ზეიმები, თუნდაც გამეორება გამოსვლოდათ, და ოლიმპოზეც კი, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, მოაწყო მუსიკალური თამაშები. არაფერს უნდა მოეწყვიტა ამ თამაშებიდან. როცა აზატმა ჰელიუსმა მისწერა, რომ რომაული საქმეები მის იქ ყოფნას მოითხოვენ, ასე უპასუხა: „შენ მირჩევ და გინდა, რომ მალე დავბრუნდე; არადა აჯობებდა, დაგერწმუნებინე და შემვედრებოდი, რომ ღირსეულ ნერონად დავბრუნდე“.
როცა მღეროდა, თეატრიდან გასვლის უფლება არავის ჰქონდა, აუცილებელი საჭიროებისასაც კი. ამიტომ, ამბობენ, ზოგიერთმა ქალმა თეატრში გააჩინა ბავშვი; ხოლო ბევრი, უკვე მისი მოსმენა და ქება რომ აღარ შეეძლო, კედელზე გადაძრომით იპარებოდა, რაკი კარი დაკეტილი იყო; ზოგიერთი თავს იმკვდარუნებდა, რათა ტახტრევნებით გაეტანათ. როგორ შფოთავდა და კანკალებდა გამოსვლის წინ, როგორ შურდა თავისი მეტოქეების, როგორ ზაფრავდნენ მსაჯები, - ძნელი დასაჯერებელიც კია. მეტოქეებს გარს უვლიდა, იმათ გასაგონად წუწუნებდა, ზურგსუკან ავსიტყვაობდა მათზე, ხანდახან შეხვედრისას ლანძაღავდა კიდეც, გეგონება, იმათი თანაბარი ყოფილიყოს; ზოგის მოსყიდვასაც ცდილობდა, ვინც უფრო უკეთესი იყო იმაზე.
მსაჯულებს გამოსვლის წინ უდიდესი პატივისცემით მიმართავდა, არწმუნებდა, რომ გააკეთა ყველაფერი, რაც საჭიროა, თუმცა ყველა შედეგი შემთხვევის საქმეა; და ისინიც, ბრძენი და სწავლული ხალხი, მხედველობაში არ უნდა ღებულობდნენ ამ შემთხვევითობებს. მსაჯულები სთხოვდნენ, მხნედ ყოფილიყო და ესეც უკან ბრუნდებოდა დამშვიდებული, მაგრამ მაინც დამფრთხალი, ზოგიერთი მსაჯის სიჩუმე და თავშეკავება უკმაყოფილებად და ცუდ განწყობად ეჩვენებოდა, და აცხადებდა, რომ ეს ხალხი საეჭვოა.
24. შეჯიბრებისას გულმოდგინედ იცავდა ყველა წესს; დახველებას ვერ ბედავდა, შუბლიდან ოფლს ხელით იწმენდდა, ხოლო როცა რომელიმე ტრაგედიაში ხელიდან თავის კვერთხი გაუვარდებოდა, უმალვე აიღებდა და ამაზეც შიშის კანკალი ჰქონდა, რომ ამის გამო მოხსნიდნენ შეჯიბრიდან, და მხოლოდ მაშინღა მშვიდდებოდა, როცა მეორე აქტიორი დაუფიცავდა, რომ ეს არავის შეუმჩნევია ხალხის შეძახილებში და გახურებულ ტაშში. საკუთარ თავს გამარჯვებულად თვითონვე აცხადებდა, ამიტომ ყოველთვის მონაწილეობდა მაცნეთა კონკურსში. და წინა გამარჯვებულებიდან არც კვალი, და არც ხსოვნა რომ არ დარჩენილიყო, ყველა მათ სტაუეტის და გამოსახულების გადაგდებას ბრძანებდა, - კავებით უნდა გაეთრიათ და მოფარებულში გადაეგდოთ.
ბევრჯერ გამოდიოდა მრბოლელად, ოლიმპიაზე ათცხენიანი ეტლებიც კი ატარა, თუმცა თავად ერთ ლექსში ქირდავდა მეფე მითრიდატეს. მართალია, რომ აქ ეტლიდანაც გადმოვარდა. თავიდან დასვეს, მაგრამ რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და არენიდან გავიდა; თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიიღო გვირგვინი. უკან რომ ბრუნდებოდა, მთელ პროვინციას თავისუფლება უბოძა, ხოლო მსაჯებს - რომის მოქალაქეობა და საკმაო ფულადი ჯილდო; ამ მოწყალებაზე თავისი პირით განაცხადა ისთმიის თამაშების დღეს სტადიონის შუაგულიდან.
25. საბერძნეთიდან ნეაპოლში დაბრუნდა, სადაც ოდესღაც პირველად გამოვიდა, და ქალაქში შემოვიდა თეთრი ცხენებით კედელში გამონგრეულით, თამაშებზე გამარჯვებულთა ჩვეულების მიხედვით. ასევე შევიდა ანციუმშიც, ალბანუმშიც და რომშიც. რომში იმ ეტლით შემოვიდა, რომლითაც ტრიუმფი გადაიხადა ავგუსტუსმა, ძოწისფერ ტანსაცმელში, ლაბადაზე დაკერებული ოქროს ვარსკვლავებით, თავზე ოლიმპიის გვირგვინით და პითიურით - მარჯვენა ხელში; წინ მოჰქონდათ დანარჩენი გვირგვინები წარწერებით, სად, ვისზე და რომელ ტრაგედიებში მოიპოვა გამარჯვება; უკან, როგორც ოვაციაში, მოდიოდნენ მისი მეტაშეები და ყვიროდნენ, რომ ემსახურებიან ავგუსტუსს და მეომრებად მოდიან მის ტრიუმფში.
მან გაიარა დიდი ცირკი, სადაც ამისათვის არკა მოანგრიეს; მერე ველაბრუმი, ფორუმი, პალატინი და აპოლონის ტაძარი; მთელ მის გზაზე ხალხს მსხვერპლი მოჰქონდა, გზაზე ნელსურნებელს უპკურებდნენ, ლენტებს, მგალობელ ჩიტებს და ტკბილეულს მიართმევდნენ; წმინდა გვირგვინები საძინებელში, საწოლის მახლობლად დაჰკიდა; იქვე დაიდგა თავისი ქანდაკება ლირას დამკვრელის პოზაში; ამისთანა გამოსახულებითვე მოჭრა მონეტაც.
მაგრამ არც ამის მერე მიუტოვებია თავისი შრომა და ცდები. ხმის შესანარჩუნებლად ჯარისკაცებს დაუსწრებლად ან მაცნეთი მომართავდა; საქმეებს აკეთებდა თუ ისვენებდა, გვერდით ყოველთვის ჰყავდა წარმოთქმის მასწავლებელი, რომელიც შეახსენებდა ხოლმე, რომ ყელს უნდა გაუფრთხილდეს და ცხვირსახოცით ისუნთქოს. და ბევრს აცხადებდა თავის მეგობრად ან მტრად იმის მიხედვით, თავგამეტებულად თუ ზარმაცად უკრავდნენ ტაშს მის გამოსვლებზე.
26. მისი თავხედობა, ავხორცობა, გარყვნილება, სიფიცხე, სისასტიკე თავიდან ვლინდებოდა თანდათან და შეუმჩნევლად, თითქოს ბავშვური გატაცება იყო, მაგრამ იმთავითვე უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს მანკიერებები - მისი ბუნებიდან მოდის და არა ასაკიდან. ოდნავ ირიჟრაჟებდა თუ არა, გაიკეთებდა დასადებ თმას ანდა ნაბდის ქუდს დაიხურავდა და მიდიოდა დუქნებში სახეტიალოდ ან ქუჩაბანდებში დაყიალობდა. მისი გართობა უწყინარი არ იყო. ვახშმიდან დაბრუნებულ ადამიანებს ურტყამდა, წინააღმდეგობისას დაჭრიდა და წყლის შემკრებ თხრილებში ჩააგდებდა ხოლმე. დუქნებს ტეხავდა და ძარცვავდა, ხოლო სასახლეში ბანაკის ბაზარი მოაწყო, სადაც შეპყრობილი ალაფი ნაწილ-ნაწილ იყიდებოდა ვაჭრობით, ხოლო მოგება კი ქეიფებში ისმებოდა.
ამნაირ შეტაკებებში არაერთხელ შეიძლებოდა თვალი გამოეთხარათ, ან, საერთოდ, მოეკლათ კიდეც. ერთმა სენატორმა ლამის სიკვდილამდე მიიყვანა, ისე სცემა, რაკი იმის ცოლს აეტორღიალა და ავიწროებდა. ამის შემდეგ გვიანობისას ჯარის ტრიბუნების თანხლებით გამოდიოდა, შეუმჩნევლად რომ მოყვებოდნენ უკან. ზოგჯერ ხელით სატარებელი ეტლით საიდუმლოდ მივიდოდა თეატრში და პროსცენიუმის სიმაღლიდან აქეზებდა და აკვირდებოდა დავას პანტომიმების გამო, ხოლო როცა ჩხუბი დაიწყებოდა და ქვების ზუზუნი და სკამების ნამტვრევების შხუილი ატყდებოდა, თავადაც იმას ესროდა ბრბოს, რაც ხელში მოხვდებოდა და ერთ პრეტორს თავიც კი გაუტეხა.
27. როცა ცუდი მიდრეკილებები კარგად გაუჯდა, ხუმრობას და დამალვას თავი დაანება და უარეს მანკიერებებს მისცა თავი.
ქეიფებს შუადღიდან შუაღამემდე აგრძელებდა, დროდადრო აბანოებში ფხიზლდებოდა, ზამთარში თბილში, ზაფხულში - ცივში; ხალხის თვალწინ ქეიფობდა, ხელოვნურ გუბურაზე ანდა დიდ ცირკში, სადაც მთელი რომის მეძავები და მოცეკვავეები ემსახურებოდნენ.
როცა ტიბრზე მიცურავდა ოსციუმისკენ ანდა ბაიას ყურეში, ნაპირებზე სამიკტნოები ეწყობოდა, სადაც ყველაფერი იყო ღრეობისა და გარყვნილობისთვის, და საიდანაც მიკიტნების ჩაცმული მატრონები ხელის ქნევით ეძახდნენ, რომ მათკენ გაეცურა. ქეიფებს მეგობრების ხარჯზეც აწყობდა, - ერთი მათგანი, აბრეშუმების დარიგებით, ოთხი მილიონი სესტერცი დაჯდა, ხოლო მეორე, ვარდის წყლით, კიდევ უფრო ძვირი.
28. ისიც არ იკმარა, რომ აზატ ბიჭებთან ცხოვრობდა და ქმრიან ქალებს აცდუნებდა, ვესტალი რუბრია გააუპატიურა. გააზატებული აკტე კინაღამ კანონიერ ცოლად მოიყვანა, - რამდენიმე კონსულის წოდების სენატორი მოისყიდა, რომლებიც იფიცებოდნენ, აკტე მეფის საგვარეულოდან არისო. დაასაჭურისა სპორუსი, ბიჭი და ქალად გადაკეთება მოუნდომა, იმასთან ერთად ქორწილი გამართა ყველა წესით, მზითევითა და მაშხალით, დიდი ზარ-ზეიმით შეიყვანა თავის სასახლეში და როგორც ცოლთან, ისე ცხოვრობდა იმასთან. დღესაც ახსოვთ ვიღაცის მარჯვე ხუმრობა, - ადამიანები ბედნიერები იქნებოდნენ, ნერონის მამა დომიციუსსაც რომ ამისთანა ცოლი ჰყოლოდაო.
ამ სპორუსს ისე ჩააცვა თითქოს იმპერატრიცა იყო, ტახტრევნებით დაჰყავდა თან საბერძნეთშიც შეკრებებზე და ზეიმებზე, და მერე რომშიც, სიგილარიებზე, დროდადრო ნაზად აკოცებდა ხოლმე. სასიყვარულო კავშირს ეძებდა საკუთარ დედასთანაც, და მხოლოდ მტრებმა შეაჩერეს, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ძალაუფლების მოყვარული და აულაგმავი ქალი ამით ძალიან დიდ გავლენას მოიპოვებდა. ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი, განსაკუთრებით, იმის მერე, რაც ნერონმა მხევლად ისეთი მეძავი მოიყვანა, აგრიპინასთან მსგავსებით რომ იყო სახელგანთქმული; იმასაც ირწმუნებიან, დედასთან ერთად რომ მგზავრობდა ტახტრევნით, მაშინ მასთან ერთად სისხლის აღმრევ ავხორცობას ეძლეოდა, რაზეც მოწმობდნენ ლაქები ტანსაცმელზე.
29. და საკუთარი სხეული იმდენჯერ მიუცია გარყვნილობისათვის, რომ, ალბათ, ძლივს თუ გადაურჩა სხეულის რომელიმე ასო გაუბინძურებელი. ბოლოს ახალი გასართობი მოიგონა. ნადირის ტყავში გამოწყობილი გალიიდან გამოხტებოდა, სასქესო ორგანოებზე მივარდებოდა ძელებზე მიბმულ შიშველ კაცებს და ქალებს, და ველური ავხორცობის წყურვილს რომ დაიკმაყოფილებდა, აზატ დორიფორუსს ნებდებოდა. ამ დორიფორუსს თავად გაჰყვა ცოლად, როგორც იმას - სპორუსი; და ისე გაჰკიოდა, იმუდარებოდა და კვნესოდა, როგორც გოგონა გაუპატიურებისას. ზოგიერთისგან მე გავიგე, თითქოს ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ არ არსებობს ქვეყნად ბრძენი და რამეში მაინც სუფთა ადამიანი; და რომ ადამიანები ასაიდუმლებენ და ადვილად მალავენ თავიანთ მანკიერებებს; ამიტომ იმათ, ვინც თავის გარყვნილობაში გამოუტყდებოდა, სხვა დანარჩენსაც პატიობდა ხოლმე.
30. ფულისა და სიმდიდრის ერთადერთ მოხმარებად მფლანგველობას თვლიდა; ანგარიშიან ადამიანებს ბინძურ წუწურაქებს ეძახდა, ხოლო უთავბოლოდ გამნიავებლებს - გემოვნებიან ყოჩაღებს და ცხოვრების უნარის მქონეებს. თავისი ძია გაიუსისა ყველაზე ძალიან ის მოსწონდა და იმით იყო აღფრთოვანებული, როგორ შეძლო და ისეთ მოკლე დროში როგორ გაანიავა ტიბერიუსის უზარმაზარი ქონება.
ამიტომ თავადაც არ იცოდა შეჩერება არც დანახარჯებში, არც გულუხვობაში. ტირიდატზე, თუმცა ეს დაუჯერებელი ჩანს, რვაასი ათასს ხარჯავდა დღეში, ხოლო წასვლისას ას მილიონზე მეტი აჩუქა. ლირას დამკვრელ მენეკრატესსა და გლადიატორ სპიკულუსს ტრიუმფატორების შესაბამისი ქონება და სასახლეები აჩუქა. მაიმუნის სახის მევახშე პანეროსი, რომელმაც მისგან უმდიდრესი მამულები მიიღო ქალაქში და ქალაქგარეთ, ლამის მეფესავით დამარხა.
არცეერთ კაბას მეორედ არ იცმევდა. თამაშში ფსონს ოთხასი ათასი სესტერციდან და ზემოთ ჩამოდიოდა. თევზაობდა მოოქროვილი, ძოწისფერი და წითელი თოკებით მოქსოვილი ბადით. მოგზაურობდა არანაკლებ ათასი ოთხთვალათი, ჯორებს ვერცხლის ნალები ჰქონდათ, გამრეკებს - კანუსიუმის მაუდი ეცვათ, ხოლო ირგვლივ - მალემსრბოლელები და მავრიტანელი ცხენოსნები სამაჯურებით და ბალთებით იწონებდნენ თავს.
31. მაგრამ ყველაზე მეტად მშენებლობებში იყო მფლანგველი. პალატინიდან ესკვილინამდე სასახლე გადაჭიმა, ჯერ გასავლელი დაარქვა, მერე, ხანძრისა და აღდგენის შემდეგ, - ოქროსი. მის ზომებზე და მორთულობაზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ აი, რისი ხსნება: შემოსასვლელი იმ სასახლეში იმ სიმაღლე იყო, რომ შიგ იდგა იმპერატორის კოლოსლური სტატუეტი, სიმაღლით ას ოცი ფუნტი; მოედანი ისეთი იყო, რომ სამმაგი პორტიკი გვერდებზე ერთი მილის სიგრძისა გახლდათ; შიგნით იყო გუბურა, ზღვისმაგვარი, გარშემორტყმული შენობებით, როგორც ქალაქი, მერე - მინდვრები, ნახნავებით გადაჭრელებული, საძოვრებით, ტყეებით და ვენახებით, და შიგ უამრავი შინაური საქონელი და ველური ნადირი.
დანარჩენ ოთახებში ყველაფერი ოქროთი იყო დაფარული, მორთული ძვირფასი ქვებით და მარგალიტის ნიჟარებით; სასადილო ოთახებში ჭერი ცალობრივი იყო, მოსაბრუნებელი ფილებით, რათა ფერები გაებნია; ნასვრეტებით, რათა არომატი ეფრქვია. მთავარი პალატა მრგვალი იყო და დღე და ღამე შეუჩერებლად ბრუნავდა ცის კაბადონის მსგავსად. აბანოებში მოდიოდა მზის და გოგირდის წყლები. და როცა ასეთი სასახლე დასრულდა და აკურთხეს, ნერონმა მის საქებრად ისღა თქვა, რომ ადამიანურად იცხოვრებდა, ბოლოს და ბოლოს.
ამას გარდა, მისერნუმიდან ავერნუმის ტბამდე აუზის მშენებლობა დაიწყო, გადახურულისა და გვერდებზე პორტიკებით, რომელშიც უნდა მიეყვანა მთელი ბაიის ცხელი წყაროები; დაიწყო არხიც ავერნუმიდან ოსტიუმამდე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იქ ჩასვლა ხომალდით, მაგრამ საზღვაო გზით არა; სიგრძით ას სამოცი მილი უნდა ყოფილიყო, სიგანით კი ისეთი, რომ ორ კვინკვერემას გვერდი აევლო ერთმანეთისთვის. ამ სამუშაოების საწარმოებლად იტალიიდან ყველა წასულს უკან დაბრუნება უბრძანა, და სიკვდილმისჯილ სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც აქ უნდა ემუშავათ.
ამ უგუნურ დანახარჯებისკენ უბიძგებდა არა მხოლოდ იმპერიის სიმდიდრის რწმენა, არამედ ამაო იმედი, მიწის ქვეშ მოეძებნა აურაცხელი სიმდიდრე. ერთი რომაელი მხედარი ფიცით არწმუნებდა, თითქოს აფრიკაში, უზამაზარ გამოქვაბულებში დამარხულია ძველი ხაზინა, რომელიც ტირიდან გაქცევისას თან წაიღო დედოფალმა დიდონამ, კართაგენის დამაარსებელმა, და მისი მოპოვება თითქმის უშრომლად შეიძლებოდა.
32. როცა ამ იმედმა მოატყუა, და თითქმის სიღატაკემდე გამოიფიტა და გაღარიბდა, იძულებული გახდა, ჯარისკაცებისთვის ჯამაგირი დაეგვიანებინა, ვეტერანებისთვის ჯილდოები შეეწყვიტა, - მაშინ პირდაპირ ცილისწამებებსა და გამოძალვებს მიჰყო ხელი.
პირველ რიგში, მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, იმ გარდაცვლილი აზატების მემკვიდრეობით, ვინც ცხადი მიზეზის გარეშე ნათესავი ოჯახების სახელს ატარებდა, ღებულობდა არა ნახევარ, არამედ ხუთ მეექვსედ ქონებას; შემდეგ, - რომ ანდერძებით, სადაც აღმოჩენილი იქნებოდა უმადურობა იმპერატორის მიმართ, მთელი ქონება გადადიოდა ხაზინის საკუთრებაში, ხოლო ვექილები, რომლებიც ამ ანდერძს ჩაიწერდნენ ან თავად დაწერდნენ, ისჯებოდნენ; მერე, - რომ დიდებულების შეურაცხყოფას ექვემდებარებოდა ნებისმიერი სიტყვა და საქციელი, რაზეც კი მოწმე გამოინახებოდა.
ის საჩუქრებიც კი, ქალაქებიდან მიღებული გამარჯვების გვირგვინების სანაცვლოდ რომ გასცა, უკან მოითხოვა. ერთხელ იისფერი და ძოწისფერი აკრძალა, თავად მიაგზავნა ბაზარში გამყიდველი ამ საღებავის რამდენიმე უნციით და ამის მერე ყველა ვაჭარს ფარდულები დაუბეჭდა. ამბობენ, სიმღერით გამოსვლისას, მაყურებელში ქალი დაინახა აკრძალული მეწამული კაბით და თავის მსახურებს იმისკენ ანიშნა. ის ქალი გამოათრიეს რიგებიდან, და მარტო კაბა კი არ წაართვა, მთელი ქონებაც.
დავალებებს რომ იძლეოდა, ყოველთვის დასძენდა: „და მე რაც მჭირდება, იცი“, და „ისე მოვიქცეთ, რომ არავის არაფერი დარჩეს“. ბოლოს, მრავალ ტაძარს წაართვა შეწირულობები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ქანდაკებები გადასადნობად მისცა, - მათ შორის, პენატების სტატუეტები, შემდეგში გალბამ რომ აღადგინა.
33. თავისი ბოროტმოქმედება და მკვლელობები კლავდიუსიდან დაიწყო. მისი მკვლელობის წამომწყები არა ყოფილა, მაგრამ იცოდა და არც მალავდა ამას; მაგალითად, ბერძნულად მომზადებულ თეთრ სოკოს იმ დროიდან ეძახდა „ღმერთების საჭმელს“, რაკი კლავდიუსს სწორედ თეთრი სოკოთი მიუტანეს შხამი. ყოველ შემთხვევაში, მიცვალებულს სდევნიდა სიტყვებითაც და საქციელითაც; ხან სისულელეში ადანაშაულებდა, ხანაც სისასტიკეში; მაგალითად, მისი საყვარელი ხუმრობა იყო იმის თქმა, რომ კლავდიუსი მორჩა „სულელის თამაშს“ მოკვდავთა შორის, თან სიტყვა morari-ს პირველ მარცვალს გაწელავდა ხოლმე. ბევრი მისი გადწყვეტილება და დადგენილება გააუქმა, როგორც სუსტი ჭკუის და თავგუნება კაცისა; და მისი დასაკრძალავი კოცონის ადგილსაც კი უბადრუკი და თხელი ღობე შემოავლო.
ბრიტანიკუსი, ვისიც იმდენად არ შურდა, სასიამოვნო ხმა რომ ჰქონდა, რამდენადაც ეშინოდა, რაკი შეიძლებოდა, ხალხს იმისთვის უფრო მეტი პატივი მიეგო, ვინაიდან მამამისი ახსოვდათ, - გადწყვიტა, საწამლავით ჩამოეშორებინა. ეს საწამლავი მიიღო ვიღაც ლუკუსტასგან, შხამების გამომგონებლისგან. მაგრამ შხამი სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და ბრიტანიკუსმა მხოლოდ შეუძლოდ იგრძნო თავი. მაშინ ის ქალი თავისთან დაიბარა და თავისი ხელით სცემდა, თან უყვიროდა, რომ საწამლავი კი არა, წამალი მისცა. ქალი თავს იმართლებდა, ცოტა შხამი იმიტომ ჩაედო, რომ დანაშაულის შემდეგ ხალხში გაჩენილი სიძულვილისგან გადაერჩინა. მაგრამ მან დაუყვირა: „ოჰ, მე არ მეშინია იულიუსის კანონისა!“ და აიძულა იქვე, საძინებელში, მის თვალწინ მოეხარშა ყველაზე ძლიერი და სწრაფმოქმედი შხამი.
საწამლავი თიკანზე გამოსცადეს და ცხოველი ხუთ საათში მოკვდა; რამდენჯერმე წამოადუღეს და მიღებული მიქსტურა გოჭს მიუგდეს, რომელიც ადგილზევე გახევდა; მაშინ ნერონმა ბრძანა, სუფრაზე მიეტანათ და მასთან ერთად სადილად მჯდომი ბრიტანიკუსისთვის მიერთმიათ. პირველივე ლუკმაზე ბრიტანიკუსი მკვდარი გადავარდა; ხოლო ნერონმა თანამეინახეები მოატყუა, რომ ეს ჩვეულებრივი გულღონებაა; მეორე დღესვე დამარხა, თავსხმა წვიმაში, ფაცხაფუცხით და უპატიოდ. ლუკუსტამ კი შესრულებული საქმისათვის მიიღო დაუსჯელობაც, მდიდარი მამულებიც და შეგირდებიც.
34. დედა იმიტომ არ უყვარდა, რომ თვალს ადევნებდა და მკაცრად განსჯიდა მის სიტყვას თუ საქციელს. თავიდან ცდილობდა, ასე თუ ისე გამოეწვია მისი სიძულვილი, ხელისუფლებაზე უარის თქმით და როდოსზე წასვლით იმუქრებოდა; მერე ყველა პატივი და ხელისუფლება ჩამოართვა, მეომრები და გერმანელი მცველები წაართვა, უარი უთხრა ჭერზე და სასახლიდანაც გააგდო; მაგრამ იქაც წამითაც კი არ აძლევდა მოსვენებას, მიწაზე თუ წყალზე დევნიდა, - მისი დაქირავებული ხალხი რომში სასამართლოსთვის გადაცემის მუქარით აწყენინებდა ხოლმე, ზღვაზე დასასვენებლად მყოფს - დაცინვით და გინებით.
ბოლოს, დედის მუქარებით და მოურჯულებლობით დაშინებულმა, მისი დაღუპვა გადაწყვიტა. სამჯერ სცადა მისი მოწამვლა, სანამ არ მიხვდა, რომ დედამისი წინასწარ ღებულობს შხამსაწინააღმდეგო საშუალებას. მაშინ მისი საწოლის თავზე ცალობრივი ჭერი მოაწყო, რომ მანქანით გაეთავისუფლებინა კილოებისაგან და მძინარისთვის ზედ დაეყარა, მაგრამ თანამონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ ჩანაფიქრის საიდუმლოდ შენახვა. მაშინ დასანგრევი ხომალდი გამოიგონა, რათა გემის ჩაძირვით დაეღუპა ანდა კაიუტის ჩავარდნით. მრისხანება მოჩვენებითი მოწყალებით შეცვალა, მეტად ნაზი წერილით მიიწვია ბაიაში, რათა ერთად ეზეიმათ კვინკვატრიები; აქ ქეიფით შეიქცია, ხოლო ტრიერარქებს უბრძანა, დედამისის ლიბურნის გალერა დაეზიანებინათ, თითქოსდა უნებური შეჯახებით; ხოლო როცა დედამ უკან, ბავლიში დააპირა დაბრუნება, იმ ძალით დაზიანებული გალერის ნაცვლად თავისი ხელოვნურად აგებული ხომალდი მისცა, ალერსიანად გააცილა და გამოთხოვებისას მკერდზეც აკოცა.
ღამის დარჩენილი ნაწილი თვალმოუხუჭავად გაატარა, დიდი მოთმინებით უცდიდა თავისი ჩანაფიქრის შედეგს. ხოლო როცა შეიტყო, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა, დედა რომ ცურვით დაუძვრა და როცა მისმა აზატმა ლუციუს აგერმუსმა სიხარულით მოუტანა ცნობა, რომ დედამისი ცოცხალი და ჯანმრთელია, მაშინ, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ბრძანა, აგერმუსისთვის ხანჯალი მიეგდოთ, მერე ხელი ეტაცათ და გაეთოკათ, როგორც მოგზავნილი მკვლელი, ხოლო აგრიპინა ისე მოეკლათ, რომ თითქოს დანაშაულში გამომჟღავნებულმა მოიკლა თავი.
ამას, სანდო წყაროებზე მითითებით, უფრო საზარელ წვრილმანებს ამატებენ. თითქოს თავადვე მიირბინა მოკლულის სხეულის სანახავად, მის ასოებს სინჯავდა, ზოგს აქებდა და ზოგსაც წყევლიდა; ამის გამო დალევა მოუნდა და იქვე ლოთობდა. და თუმცა მეომრებიც, სენატიც და ხალხიც ამართლებდნენ თავიანთი მილოცვებით, სინდისის ქენჯნას ვერც მაშინ გაექცა, ვერც მერე, და არაერთხელ უღიარებია, რომ სულ თან სდევს დედის აჩრდილი, მათრახიან და მაშხალებიან ფურიებთან ერთად. ამიტომ აწყობდა ჯადოქრების რიტუალებს, ცდილობდა დედის სული გამოეძახებინა და შენდობას შევედრებოდა; ამავე მიზეზით საბერძნეთშიც, ელევსინის საიდუმლოებებში, სადაც მაცნე წასვლას უბრძანებს უღირსებს და დამნაშავეებს, ვერ გაბედა განდობის მიღება.
დედის მკვლელობას დეიდისაც მოაყოლა. დეიდა მაშინ მოინახულა, როცა ის ყაბზობით იტანჯებოდა; მოხუცი ქალი, როგორც ყოველთვის, წვერზე მოეფერა და ალერსიანად უთხრა: „ნეტავი, ეს წვერი გაპარსული მაჩვენა და მერე მომკლა“; ხოლო ეს მეგობრებს მიუბრუნდა და დამცინავად თქვა, რომ ახლავე მოიპარსავს; და უბრძანა ექიმებს, რომ დიდი დოზით მიეცათ საძილე წამალი. ჯერ კიდევ სული არ ამოსვლოდა დეიდას, რომ უკვე იმის მემკვიდრეობაში ჩადგა, - ანდერძი გახსნა, რათა არაფერი გაეშვა ხელიდან.
35. ოქტავიას მერე ორჯერ მოიყვანა ცოლი - პოპეა საბინა, რომლის მამა კვესტორი იყო, ხოლო პიველი ქმარი - რომაელი მხედარი; და სტატილია მესალინა, ტავრუსის შვილთაშვილი, ორგზის კონსულისა და ტრიუმფატორისა, - ცოლად რომ მოეყვანა, მისი ქმარი, ატიკუს ვესტინუსი მოკლა, როცა ის კონსული იყო. ოქტავიასთან ცხოვრება მალე ექცა ტვირთად; მეგობრებს საყვედურებზე პასუხობდა, რომ მისგან საკმარისია მეუღლის წოდება.
მისი დახრჩობის რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ გაშორდა უნაყოფობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არ ამართლებდა ამ დაცილებას და ლანძღავდა; მერე გადაასახლა და, ბოლოს, სიკვდილით დასაჯა მრუშობაში იმდენად უაზრო და თავხედური ბრალდებისათვის, რომ ეს წამების დროსაც კი არავინ დაადასტურა; და ნერონი იძულებული იყო, ცრუმოწმედ დაექირავებინა ბიძამისი ანიკეტუსი, რომელმაც განაცხადა, რომ ეშაკობით დაეუფლა ამ ქალს.
პოპეა ცოლად მოიყვანა ოქტავიასთან გაშორების მეთორმეტე დღეს და უსაზღვროდ უყვარდა; მაგრამ ისიც მოკლა, ფეხით დაახრჩო, ავადმყოფი და ფეხმძიმე, როცა ძალიან გვიან დაბრუნდა დოღებიდან, ქალი კი საყვედურებით დახვდა. პოპეასგან ეყოლა ქალიშვილი კლავდია ავგუსტა, მაგრამ პატარაობისას გარდაიცვალა.
ჭეშმარიტად, ახლობლებიდან არავინ დაუნდია თავის დანაშაულებში. ანტონია, კლავდიუსის ქალიშვილი, რომელმაც პოპეას სიკვდილის მერე უარი თქვა მის ცოლად გაყოლაზე, შეთქმულების მომზადებაში დაადანაშაულა და სიკვდილით დასაჯა. ამას მოჰყვნენ დანარჩენი მისი ნათესავები და თავისიანები; მათ შორის იყო ახალგაზრდა ავლუს პლავტიუსი, რომელიც სიკვდილით დასჯის წინ გააუპატიურა და თქვა: „დაე, ახლა დედაჩემი მოვიდეს თავისი ნათესავის საკოცნელად!“ - რადგან, მისი სიტყვებით, აგრიპინას უყვარდა ეს ყმაწვილი და ძალაუფლების მიღების იმედს უნერგავდა.
თავის გერზე, რუფუს კრისპინუსზე, პოპეას შვილზე მონებს უბრძანა, თევზაობის დროს ზღვაში დაეხრჩოთ, რაკი მოისმინა, რომ ბიჭი თამაშისას მხედართმთავრად და იმპერატორად ასახელებდა თავს. ტუსკუსი, თავისი ძიძის შვილი იმიტომ მოწამლა, რომ ეგვიპტეში პროკურატორად ყოფნისას იმ აბანოში იბანავა, რომელიც ნერონს უნდა ეკურთხებინა. სენეკა, თავისი აღმზრდელი, აიძულა, თავი მოეკლა, თუმცა როცა მან განთავისუფლება სთხოვა და უარი თქვა მთელ თავის სიმდიდრეზე, ნერონი მრავალჯერ წმინდა ფიცით არწმუნებდა, რომ მისი ეჭვები ტყუილია და უმალ მოკვდება, ვიდრე დამრიგებელს ბოროტებას გაუკეთებს. ბურუსს, პრეტორიელების მეთაურს ყელის ტკივილის წამალს დაპირდა და შხამი გაუგზავნა. მოხუცი და მდიდარი აზატები, ვინც ოდესღაც შვილად აყვანაში და მერე იმპერატორად გახდომაში დაეხმარნენ, საწამლავით მოიშორა, - ან საჭმელში გაურია, ან სასმელში.
36. არანაკლები მძვინვარებით უსწორდებოდა უცხო და გარეშე ხალხს. კუდიანი ვარსკვლავი, სააყოველთაო რწმენით, უმაღლეს მბრძანებლებს რომ ემუქრებოდა სიკვდილით, მიყოლებით რამდენიმე ღამე იდგა ცაზე; ამით შეშფოთებულმა ასტროლოგ ბალბუსისგან შეიტყო, რომ, როგორც წესი, მეფეები თავს გამოისყიდიან ხოლმე რომელიმე ბრწყინვალე სიკვდილით დასჯით, საკუთარ თავს ქვეშევრდომისაზე სცვლიან, და ამანაც სასიკვდილოდ გაწირა სახელმწიფოს მთელი სახელიანი მოღვაწეები - მით უმეტეს, რომ ამისათვის მშვენიერი მიზეზი გაუჩნდა ორი შეთქმულების გახსნით: პირველი და მთავარი დაგეგმილი იყო პიზონის მიერ რომში, მეორე - ვინციუსის მიერ ბენევეტეში.
შეთქმულები პასუხობდნენ სამმაგი ჯაჭვების ბორკილებში, - ერთნი თავისი ნებით აღიარებდნენ დანაშაულს, მეორენი ამას დამსახურებად უთვლიდნენ საკუთარ თავს, რაკი, მათი სიტყვით, მხოლოდ სიკვდილით შეიძლებოდა დახმარებოდნენ კაცს, რომელიც ყველა მანკიერებით იყო გასვრილი. შეთქმულთა შვილები გააძევეს რომიდან და საწამლავით ანდა შიმშილით დახოცეს: ერთნი, როგორც ცნობილია, ამოწყვიტეს საერთო საუზმეზე, თავიანთი აღმზრდელებიანად და მსახურებიანად; სხვებს აკრძალაული ჰქონდათ, საჭმლის ფული გამოემუშავებინათ.
37. ამის მერე უსაზღვროდ და განურჩევლად სჯიდა, ვინც უნდოდა და რისთვისაც უნდოდა. სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, სალვიდიენუს ორფიტუსი ბრალდებული იქნა იმაში, რომ ფორუმის მახლობლად, თავის სახლში მოწყობილი სამი ფუნდუკი თავისუფალი ქალაქების ელჩებს მიაქირავა; კასიუს ლონგინუსი, უსინათლო სამართალმცოდნე - იმიტომ, რომ თავისი ძველი, საგვარეულო სურათების გვერდით გაიუსი კასიუსის სახე შეინახა, კეისრის მკვლელისა; პეტუს თრასეა - იმიტომ, რომ მისი დამრიგებელივით კუშტი და პირქუში სახე ჰქონდა ყოველთვის.
სიკვდილს რომ უბრძანებდა, მსჯავრდებულებს დათვლილ საათებს უტოვებდა; და შეფერხება რომ არ ყოფილიყო, ექიმებს მიუჩენდა ხოლმე, რომლებიც მაშინვე „მიდიოდნენ დასახმარებლად“ შეყოყმანებულებთან - ასე ეძახდა ძარღვების სასიკვდილო გახსნას. იყო ერთი სახელგანთქმული მსუნაგი, წარმოშობით ეგვიპტიდან, ვისაც შეეძლო უმი ხორცის ჭამაც, და ნებისმიერი რამისაც, - ამბობენ, რომ ნერონს უნდოდა, დასაგლეჯად და შესაჭმელად ცოცხალი ადამიანები მიეცა მისთვის.
თავისი ასეთი წარმატებებით რომ ამაყობდა და დიდგულობდა, წამოიძახებდა ხოლმე, რომ მისმა წინამორბედებმა არ იცოდნენ, როგორი ხელისუფლება იყო მათ ხელში; და, დროდადრო, ხშირ-ხშირად და დაუფარავად აცხადებდა, რომ დარჩენილ სენატორებსაც არ დაინდობს, მთელ მათ ფენას ოდესმე ამოძირკვავს სახელმწიფოდან, ხოლო ჯარებს და პროვინციებს მხედრებს და აზატებს მიანდობს. ყოველ შემთხვევაში, როცა მიდიოდა ან მოდიოდა, სენატორებს არ დაუშვებდა ხოლმე საკოცნელად და არც მათ მისალმებას პასუხობდა; ხოლო ისთმუსზე სამუშაოებს რომ იწყებდა, დიდი ბრბოს წინაშე, ყველას გასაგონად ისურვა, რომ ეს საქმე მისთვის და რომაელი ხალხისთვის ყოფილიყო სასიკეთო, სენატი არ უხსენებია.
38. არც ხალხის და არც დედაქალაქის კედლების შეწყალება არ იცოდა. ერთხელ ვიღაცამ თქვა ლაპარაკში: როცა მოვკვდები, დაე, მიწა დაიწვას ცეცხლში! „არა, - შეაწყვეტინა ნერონმა, - სანამ ცოცხალი ვარ!“ და ამას მიაღწია. თითქოს არ მოსწონდა მახინჯი, ძველი სახლები და ვიწრო, მიმოხვეული ქუჩაბანდები, მან რომი დაწვა იმდენად დაუფარავად, რომ ბევრი კონსულარი თავის ეზოებში იჭერდა მის მაშხალიან და ძენძიან მსახურებს, მაგრამ იმათი ხელის ხლებას ვერ ბედავდა; ხოლო ოქროს სასახლის მახლობლად მდგარი ბეღლები, რომლებიც, ნერონის აზრით, ძალიან დიდ ადგილს ართმევდნენ, თავიდან თითქოს სამხედრო მანქანებით დაანგრიეს, მერე კი დაწვეს, რადგან მარცვალსაცავების კედლები ქვისგან იყო აშენებული.
ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა უბედურება, ხოლო ხალხი თავშესაფარს ქვის ძეგლებში და საფლავებში ეძებდა. ურიცხვი საცხოვრებელი შენობების გარდა იწვოდა ძველი მხედართმთავრების სახლები, ჯერ კიდევ მტრისგან ნაალაფევით რომ იყო დამშვენებული; იწვოდა ღმერთების ტაძრები, აგებული და ნაკურთხი მეფეთა წლებში, მერე კი - პუნიკურ და გალიის ომებისას; იწვოდა ყველაფერი ღირსეული და სამახსოვრო, რაც ძველი დროებიდან შემონახულიყო. ამ ხანძარს მეცენატის კოშკიდან უყურებდა, ტკბებოდა, მისი სიტყვებით, დიდებული ალით; და თეატრალურ ჩაცმულობაში გამოწყობილი თავიდან ბოლომდე მღეროდა „ილიონის დაქცევას“.
მაგრამ არც აქ გაუშვია ხელიდან ალაფის მოპოვების და ხელის მოთბობის შემთხვევა. გამოაცხადა, რომ ნანგრევებს და გვამებს დაწვავდნენ სახელმწიფოს ხარჯზე და ხალხს თავისი ქონების ნარჩენებთან არ უშვებდა; შემოწირულობებს პროვინციებიდან და კერძო პირებიდან არათუ ღებულობდა, არამედ მოითხოვდა კიდეც და საბოლოოდ აღატაკებდა მათ.
39. იმ ფათერაკებსა და უბედურებებს, რომლებშიც ნერონი იყო დამნაშავე, ბედმა სხვებიც დაამატა: შავი ჭირი, რომელმაც ერთი შემოდგომის განმავლობაში ოცდაათი ათასი კაცი ჩაწერა დასაკრძალავ სიებში; დამარცხება ბრიტანეთში, სადაც ორი ქალაქი გაიძარცვა, ხოლო მოქალაქეთა და მოკავშირეთა უმეტესობა გაწყდა; სამარცხვინო დამარცხება აღმოსავლეთში, რომლის გამოც სომხეთში ლეგიონებმა უღელქვეშ გაიარეს, ხოლო სირია თითქმის დაკარგული იყო.
ამ ყველაფერში განსაკუთებით საოცარია და შესანიშნავი ის გულგრილობა, რომლითაც ხალხის საყვედურებსა და წყევლას ღებულობდა. არავისთან იყო ისე შემწყნარებელი, როგორც იმათთან, ვინც თავს ესხმოდა დაცინვებითა და ლექსებით.
მაშინ ბევრი იწერებოდა ეს ლექსები, ლათინურადაც და ბერძნულადაც, და ხელიდან ხელში გადადიოდა; მაგალითად, ასეთები: ნერონი არის, ალკმეოსი, თუა ორესტე - დედები მოკლეს სამივემ და სიკვდილს მონებენ. კენტი და ლუწი დაითვალე წერა-მწერლისა და შენც იპოვი: ნერონია მკვლელი დედისა. ენეასს მოჰგავს, თუ შეხედავ, მმართველი ჩვენი, ტროადან მამა რომ გაჰყავდა, - ეს დედას შველის. თუკი პართელი მშვილდს ამღერებს, ეს - ლირას დამღერს, თუკი ის შორით მტყორცნელია, ეს - მაღლით დაგვმზერს. რომი - სასახლედ, ჩვენ - ღატაკად გვაქცია ყველა, საით გავექცეთ, ვეიშიც კი ვერ ვპოვებთ შვებას. თუმცა არ უძებნია შემთხზველები, ხოლო როცა ზოგიერთზე დასმენა შევიდა სენატში, იმათთვის მკაცრი სასჯელი აკრძალა. ერთხელ, ქუჩაში მიმავალს ცინიკოსმა ისიდორუსმა ხმამაღლა დასცინა, რომ „ნავპლიუისის უბედურებაში“ კარგად მღერის, ხოლო საკუთარ უბედურებებს ვერ უმკლავდება. ატელანის ფარსების აქტიორმა დატუსმა ამ სიტყვებზე: მშვიდობით, მამავ! მშვიდობით, დედავ! მოძრაობებით აჩვენა, თითქოს სვამდა და მიცურავდა; ამით ფარულად მიანიშნებდა კლავდიუსის და აგრიპინას სიკვდილზე. ხოლო ბოლო სიტყვებზე - სიკვდილისაკენ თქვენი გზა მიდის! - ხელით სენატისკენ მიუთითა. მაგრამ როგორც ფილოსოფოსს, ასევე აქტიორს რომიდან და იტალიიდან გაძევება მიუსაჯა - ან თავისი წახდენილი დიდება ეზიზღებოდა, ანდა მახვილგონივრობის კიდევ უფრო გაღვივება არ სურდა წყენის დატყობით.
40. ასეთ მმართველს თითქმის თოთხმეტი წელიწადი უძლებდა მსოფლიო და, ბოლოს, დაამხო. ამას სათავე დაუდო გალიამ, იულიუს ვინდექსის მეთაურობით, რომელიც მაშინ ამ პროვინციის პროტოპრეტორი გახლდათ.
უკვე დიდი ხანი იყო, რაც ნერონს უწინასწარმეტყველეს ასტროლოგებმა, რომ ადრე თუ გვიან, ჩამოაგდებენ; მაშინ თქვა თავისი ცნობილი სიტყვები: „პურს ხელობით შევჭამ!“ - რათა ამით გაემართლებინა თავისი ვარჯიში ლირას დაკვრის ხელოვნებაში, მმართველისთვის - გასართობი, მაგრამ უბრალო კაცისთვის - აუცილებელი. სხვათა შორის, სხვები ჰპირდებოდნენ, რომ დამხობილიც კი შეინარჩუნებს ძალაუფლებას აღმოსავლეთზე, - ზოგიერთი პირდაპირ ასახელებდა იერუსალიმის სამეფოს, - ხოლო ბევრი წინანდელი მდგომარეობის აღდგენას უქადდენ. ეს იმედი უფრო სიამოვნებდა, და როცა ჯერ დაკარგა და მერე ისევ დაიბრუნა სომხეთი და ბრიტანეთი, მაშინ გადაწყვიტა, რომ საბედისწერო უბედურებები უკვე აღსრულდა მის თავს.
როცა აპოლონის დელფოსის ორაკულმა ურჩია, რომ სამოცდაცამეტი წლისა უნდა შეშინებოდა, ასე განსაჯა, რომ აი, მაშინ კი მოკვდება - გალბას ასაკზე არ უფიქრია - თავისი მარადიული და განსაკუთრებული ბედნიერების ისეთი რწმენით განიმსჭვალა, რომ ხომალდის დაღუპვის შემდეგ, სადაც მთელი მისი ძვირფასეულობა დაიღუპა, რწმენით განუცხადა მეგობრებს, რომ თევზები გამოუტანენ თავის საგანძურს.
ნეაპოლში იყო, გალიის აჯანყებაზე რომ გაიგო იმავე დღეს, როცა დედამისი მოკლა ერთი წლის წინ. ეს ცნობა მშვიდად და გულგრილად მიიღო; შეიძლებოდა, მოსჩვენებოდათ კიდეც, რომ უხაროდა მდიდარი პროვინციების გაძარცვის ხელსაყრელი შემთხვევა, რასაც ომის კანონი აძლევდა. მაშინვე გიმნასიისკენ განაგრძო გზა, სადაც ინტერესით უყურებდა მოჭიდავეების შეჯიბს; სადილზე ახალი მოხსნებები მოვიდა, კიდევ უფრო საგანგაშო, მაგრამ ცივი დარჩა და მხოლოდ დაიმუქრა, რომ მეამბოხეებს შავი დღე დაადგებათ. და მერე, მთელი რვა დღე არც წერილები გაუგზავნია, არც ბრანებები, არც მიწერილობები, ყველა საქმე დაივიწყა.
41. ბოლოს, ვინდექსის ახალ-ახალი ედიქტებით აღშფოთებულმა, სენატს წერილი გაუგზავნა, მოუწოდებდა შური ეძიათ მისთვის და სამშობლოსათვის, მაგრამ თავად არ გამოცხადებულა, ყელის ტკივილი მოიმიზეზა. ყველაზე მეტად იმან გაამწარა, რომ ვინდექსმა ლირას სულმდაბალი დამკვრელი და ნერონი კი არა, აჰენობარბუსი დაუძახა. ამაზე განაცხადა, რომ ისევ დაიბრუნებს თავის საგვარეულო სახელს, რითაც ასე საწყენად ქირდავენ, ხოლო შვილად აყვანისას მიღებულს კი უარყოფს. დანარჩენი ბრალდებები ცრუდ გამოაცხადა, უკვე იმიტომ, რომ იმ ხელოვნების უცოდინარობაში სდებენ ბრალს, რომელშიც დაუღალავი ვარჯიშით სრულყოფილებამდე მივიდა, და ყველას ჩაეკითხებოდა ხოლმე, - თავისზე უკეთესი ლირაზე დამკვრელი ეგულებათ სადმე?
ახალ-ახალი ცბობებით იძულებულმა, ბოლოს და ბოლოს, გულისფართხალით გასწია რომისკენ. გზაში ერთმა პატარა ნიშანმა გაამხნევა, ერთ ქანდაკებაზე რომაელი მხედრის გამოსახულება დაინახა, რომელიც ჩამოვარდნილ გალელ მხედარს თმით მიათრევდა, და ამის დანახვაზე სიხარულით შეხტა და ხელების ზეაპყრობით ზეცას მადლობა გადაუხადა. მაგრამ მაშინაც არ გამოსულა სიტყვით არც სენატში და არც სახალხოდ, არამედ სასახლეში დაიბარა ცნობილი მოქალაქეები, მოკლე ბჭობა გამართა და დღის დანარჩენი ნაწილი იმათ წყლის ახალ და უჩვეულო ფორმის ორგანიზმებს ათვალიერებინებდა, დაწვრილებით უხსნიდა თითოეული ამ ორგანიზმის მოწყობილობას და აგებულებას; და იმასაც კი დაჰპირდა, რომ თეატრში გამოფენდა, თუკი ვინდექსის ნებართვაც იქნება.
42. როცა შეიტყო, რომ გალბა ესპანეთიანად განუდგა, ძირს დავარდა, სულისხუთვისგან დიდხანს იწვა მკვდარივით და სიტყვას არ ამბობდა; ხოლო როცა გონს მოვიდა, კაბა შემოიხია, თავში იცემდა, ხმამაღლა ყვიროდა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. მოხუცი ძიძა ამშვიდებდა, ახსენებდა, რომ ეს სხვა მმართველებსაც მოსვლიათ; მაგრამ პასუხობდა, რომ მისი ბედი - არარსებული და არგაგონილია, სიცოცხლეშივე კარგავს იმპერატორის ძალაუფლებას.
მით უფრო, თავის ჩვეულებრივ გარყვნილობაზე და ზეიმებზე უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც, როცა პროვინციებიდან რაღაც კარგი ცნობები მოვიდა, იმან მდიდრულ ქეიფში იმღერა დაცინვით შეთხზული სიმღერები აჯანყების ბელადებზე, თან სხეულის მოძრაობასაც აყოლებდა, და ეს სიმღერები მაშინვე აიტაცეს ყველგან. ხოლო როცა ჩუმად მივიდა თეატრში, წარმოდგენაზე, სადაც დიდი წარმატება ჰქონდა ერთ აქტიორს, იმასთან კაცი გაგზავნა და დააბარა: „იმით სარგებლობ, რომ იმპერატორი დაკავებულია“.
43. ამბობენ, აჯანყების დასაწყისში ისეთ ოცნებას ეძლეოდა ყველაზე საზარელი და ობროდული ჩანაფიქრებით, სრულად რომ პასუხობდნენ მის ზნეობას. პროვინციების და ჯარების ყველა მეთაურის მოკვლა და გამოცვლა უნდოდა, როგორც შეთქმულების მონაწილეებისა და თანამოაზრეებისა; ყველა ლტოლვილი ანდა რომში მცხოვრები გალი უნდა ამოეწყვიტა - ერთნი, რათა არ მიმხრობოდნენ აჯანყებას; მეორენი - როგორც თანამზრახველები და დამხმარეები თავისი თანამემაულეებისა; გალიის პროვინციები ჯარისთვის მიეცა საჯიჯგნად; მთელი სენატი ქეიფისას მოეწამლა შხამით; დედაქალაქი დაეწვა, ხოლო ქუჩებში გამოეშვა გარეული მხეცები, რათა ძნელი ყოფილიყო ვინმეს გადარჩენა.
ამ ჩაფიქრებზე უარი თქვა, იმდენად სირცხვილისგან არა, რამდენადაც წარმატებაში დაეჭვების გამო; და დარწმუნებულმა, რომ ომი გარდაუვალია, ორივე კონსული გადააყენა და მარტომ დაიკავა მათი თანამდებობა, თან წინასწარმეტყველებაზე მიუთითებდა, რომ გალია შეიძლება დაიპყროს მხოლოდ კონსულმა. და უკვე თანამდებობაზე მყოფმა, ერთხელ, ქეიფიდან რომ მიდიოდა, მეგობრების მხარდაჭრით გათამამებულმა, გამოაცხადა, რომ როგორც კი გალიაში იქნებიან, უიარაღოდ გავა ჯარების შესახვედრად და მხოლოდ თავისი ცრემლებით დააჩოქებს მეამბოხეებს მოსანანიებლად, ხოლო მომდევნო დღეს, სხვებთან ერთად მოილხენს, გამარჯვების სიმღერასაც შემოსძახებს, რომელზეც ადრევე უნდა დაიჭიროს თადარიგი და წინასწარ შეთხზას.
44. ლაშქრობისთვის რომ ემზადებოდა, პირველ რიგში, იზრუნა ფორნების შესაკრებად, თეატრალური ავეჯეულისა და სხვა საჭიროებების გადასატანად; ხოლო გამცილებელ თავის ხარჭებს თმა მამაკაცურად შეაჭრა, ცულ-ჩუგლუგებითა და ფარებით შეაიარაღა, როგორც ამორძალები. მერე სამხედრო გაწვევა გამოაცხადა ქალაქის ტრიბებში, მაგრამ სამსახურისთვის გამოსადეგი არავინ მისულა; მაშინ მოითხოვა პატრონებისგან მონების ცნობილი რიცხვი და თითოეულის შინაყმებიდან აარჩია ყველაზე საუკეთესოები, მმართველებისა და მწერლების ჩათვლით.
ყველა ფენას უბრძანა, შეეწირათ თავისი ქონების ნაწილი, ხოლო კერძო სახლების და ოთახების მოქირავნეებს დაუყოვნებლივ შეეტანათ იმპერატორის ხაზინაში მთელი წლის გადასახადი. დიდი გარჩევადობითა და სიმკაცრით ითხოვდა, რომ მონეტები გაცვეთილი არ ყოფილიყო, ვერცხლი - გადადნობილი, ოქრო - გასინჯული; ბევრმა ღიად თქვა უარი რამის მიტანაზე, ერთხმად შესთავაზა, დამსმენებისათვის მოეტანინებინა გადაცემული ჯილდოები.
45. კიდევ უფრო საძულველი გახდა, პურის გაძვირებით რომ ცდილობდა ხელის მოთბობას; მაგალითად, იმ დროს, როცა ხალხი შიმშილით იტანჯებოდა, გამოცხადდა, რომ ალექსანდრიიდან გემი ჩამოვიდა, რომელიც დატვირთულია ქვიშით გიმნასტიკური შეჯიბრისათვის.
ამ ყველაფრით ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ შეურაცხყოფა აღარ დარჩა, მისთვის არ მიეყენებინათ. მის სტატუეტს კინკრიხოზე ქოჩორი მიამაგრეს, წარწერით: „აი, ნამდვილი შეჯიბრი! ბოლოს და ბოლოს, უნდა დანებდე!“ მეორე ქანდაკებას კისერზე ტომარა ჩამოკიდეს, ისიც წარწერით: „ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო; მაგრამ ტომარას ვერ ასცდები“. კოლონებზე წერდნენ, რომ თავისი სიმღერით გალური მამალი გააღვიძა. ღამ-ღამობით ბევრი მონებთან ატეხდა ხოლმე ჩხუბს და დაუღალავად ეძახდნენ გამომსარჩელებელს.
46. აშინებდნენ მას აგრეთვე ავი სიზმრები, მკითხაობები და ნიშნები, - როგორც ძველი, ასევე ახლები. ადრე არასოდეს უნახავს სიზმრები; ხოლო დედის მკვლელობის შემდეგ ესიზმრებოდა, რომ ხომალდს მართავს და საჭე ხელიდან უსხლტება; რომ მისი ცოლი, ოქტავია მეტისმეტად ჩაბნელებულ წკვარამში იტყუებს; რომ ხან დაფარავენ მფრინავი ჭიანჭველების გუნდები, ხან უკან დაიხევენ; რომ ავიწროებენ ხალხების ქანდაკებები, პომპეუსის თეატრში რომ აღმართულა; რომ მისი საყვარელი ესპანური მერანი უკნიდან მაიმუნს დაემგვანა, ხოლო თავი ცხენისა დარჩა და ხმამაღლა დაიჭიხვინა.
მავზოლეუმში თავისით განიხვნა კარი და მოისმა ხმა, ნერონს რომ სახელს ეძახდა. იანვრის კალენდებში ახლახანს დამშვენებული ლარების ქანდაკებები გადმოცვივდა, როცა მათთვის მსხვერპლი მზადდებოდა; მკითხაობისას სპორუსმა საჩუქრად მოუტანა ბეჭედი ამოტვიფრული ქვით, რომელიც გამოხატავდა პროსერპინას მოტაცებას. მსხვერპლის მიტანის დროს, ყველა ფენის დიდი შეკრებილობის თვალწინ დიდხანს ვერ პოულობდნენ კაპიტოლიუმის გასაღებს.
როცა სენატში კითხულობდნენ მისი სიტყვას ვინდექსის წინააღმდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და მალე მიიღებენ ღირსეულ სიკვდილს, ყოველი მხრიდან გაისმა შეძახილები: „დე, ასე იყოს, ავგუსტუს!“. ისიც შენიშნეს, რომ ბოლო ტრაგედიას, სადაც მან იმღერა მაყურებლის წინაშე, სახელად ერქვა „გაძევებული ოიდიპოსი“ და მთავრდებოდა ლექსით: ცოლი, მამა და დედა სიკვდილს მიბრძანებენ.
47. ამასობაში მოვიდა ცნობები, რომ აჯანყდა დანარჩენი ჯარებიც. ეს რომ ქეიფისას შეიტყო, მიღებული ცნობა დაფლითა, ააყირავა მაგიდა, მიწაზე დახეთქებით გატეხა თავისი ორი საყვარელი თასი, რომლებსაც „ჰომერულებს“ ეძახდა, რაკი ზედ ჰომეროსის პოემებიდან სცენები იყო დახატული; და ლუკუსტას ოქროს ზარდახშით საწამლავი გამოართვა და სერვილიუსის ბაღებში წავიდა. ყველაზე სანდო აზატები ოსტიაში გააგზავნა ხომალდების გასამზადებლად, თავად კი პრეტორიელ ტრიბუნებს და ცენტურიონებს სთხოვდა, გაეცილებინათ გაქცევისას.
მაგრამ ისინი ან თავს არიდებდნენ, ანდა პირდაპირ უარს ეუბნეოდნენ, ერთმა შეჰყვირა კიდეც: განა ასე მწარეა სიკვდილი?.. მაშინ ფიქრი დაიწყო, მახვეწრად ხომ არ წასულიყო პართელებთან ანდა გალბასთან; შავი ლაბადით ხომ არ გამოსულიყო ხალხთან, რათა როსტალური ტრიბუნიდან მწარე ცრემლებით შენდობა ეთხოვა ყველაფრისათვის, რაც იყო; ხოლო თუ თავს ვერ შეავედრებდა, მაშინ ეგვიპტის ნაცვლობა მაინც გამოეთხოვა. ამის შესახებ გამზადებული სიტყვა მერე ნახეს მის მაგიდაზე; როგორც ჩანს, იმის შიშმა შეაჩერა, რომ იმაზე ადრე დაგლეჯდნენ, ვიდრე ფორუმს მიაღწევდა.
დანარჩენი ფიქრები მომდევნო დღისთვის გადადო. მაგრამ შუაღამისას გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ მცველებმა მიატოვეს. საწოლიდან წამომხტარმა მსახურები გაგზავნა მეგობრებთან, მაგრამ რაკი არავისგან პასუხი არ მიუღია, თავად გასწია მათი საძინებლებისკენ. ყველა კარი ჩარაზული იყო, არავინ პასუხობდა; საძინებელში დაბრუნდა - იქიდან მსახურებიც გაქცეულიყვნენ, ზეწრებიც წაეღოთ და საწამლავიანი ზარდახშაც მოეპარათ. მაშინ გლადიატორ სპიკულუსს დუწყო ძახილი ანდა ნებისმიერ სხვა გამოცდილ მკვლელს, რათა მისი ხელიდან მიეღო სიკვდილი, - მაგრამ როცა არავინ გამოჩნდა, დაიყვირა: „ნუთუ არც მეგობარი მყავს და არც მტერი?“ და გარეთ გამოვარდა, თითქოს ტიბრში უნდოდა გადავარდნა.
48. მაგრამ პირველმა აღტკინებამ გაუარა და მოუნდა ეპოვა სადმე წყნარი ადგილი, რათა დამალულიყო და გონება მოეკრიფა. აზატმა ფაონმა შესთავაზა თავისი აგარაკი სალარიასა და ნომენტანას გზებს შორის, რომიდან მეოთხედ მილზე. ფეხშიშველა ნერონმა, მხოლოდ ტუნიკაში, ლაბადა გადაიცვა; თავზე პირსახოცი შემოიხვია და სახეც დაიფარა, ცხენზე შეჯდა; მასთან მხოლოდ ოთხი თანამგზავრი იყო, მათ შორის, სპორუსიც.
პირველსავე ნაბიჯებზე მიწისძვრის დარტყმამ და გაელვების ნათებამ წვიმაში გადაისროლეს. მახლობელი ბანაკიდან ჯარისკაცების შეძახილები აღწევდა, მას რომ სიკვდილს უსურვებდა და გალბას - წარმატებას. ესმოდა, შემხვედრებიდან ერთ-ერთმა როგორ უთხრა ვიღაცას: „ნერონს ეძებენ“; მეორემ ჰკითხა: „რომში რა ისმის ნერონზე?“ ცხენი გზაზე დაგდებული გვამის სუნისგან განზე გახტა, ნერონის სახე გამოჩნდა, დაცვის რომელიღაც გადამდგარმა ჯარისკაცმა იცნო და სამხედრო სალამი მისცა.
მოსახვევამდე მიჭენებულებმა ცხენები გაუშვეს; და ბუჩქებსა და კვრინჩხს შორის, ბილიკზე, რომელიც ლერწამში გაეკვალათ, ტანსაცმლის ფეხქვეშ დაგებით ნერონმა ძლივს მიაღწია ვილის უკანა კედლამდე. ისევ ფაონმა ურჩია, ცოტა ხნით ორმოში დამალულიყო, საიდანაც ქვიშას იღებდნენ ხოლმე, მაგრამ უარი თქვა ცოცხლად მიწაში წასვლაზე. იმის ლოდინში, სანამ საიდუმლო ხვრელს ამოთხრიდნენ ვილაში შესასვლელად, პეშვით დალია რომელიღაც გუბიდან წყალი და წარმოთქვა: „აი, ნერონის სასმელი!“
მისი ლაბადა კვრინჩხზე იყო დახეული, შიგ ჩარჩენილი ეკლები ამოარიდა, მერე კი ოთხზე დამდგარი ამოთხრილი ხვრელის ვიწრო გასასვლელით ვილაში შეაღწია, იქ პირველივე ოთახში შევიდა და საწოლზე დაეცა, სქელ საგებზე, ზედ რომ ძველი ლაბადა ეფარა. ჭამა მოუნდა და კიდევ დალევა. შეთავაზებული უხეში პური უარყო, მაგრამ ცოტა შემთბარი წყალი დალია.
49. ყველანი ეხვეწებოდნენ, მალე გაქცეოდა მოსალოდნელ სირცხვილს. ბრძანა, მისი სიმაღლე აეღოთ და იმის მიხედვით მის თვლაწინ საფლავი ამოეთხარათ, შეეგროვებინათ მარმარილოს ნაჭრები, რაც მოინახებოდა, წყალი და შეშა მოეტანათ, რათა გვამისთვის მიეხედათ. თითოეული ბრძანებისას სლუკუნით ატირდებოდა და იმეორებდა: „როგორი არტისტი უკვდება მსოფლიოს!“
სანამ აყოვნებდა, ფაონს მალემსრბოლელმა წერილი მოუტანა; ნერონმა ხელიდან გამოსტაცა და წაიკითხა, რომ სენატმა მტრად გამოაცხადა და ეძებენ, რათა წინაპრების ჩვეულებით დასაჯონ. იკითხა, ეს რა დასჯააო; უთხრეს, რომ დამნაშავეს მთლად აშიშვლებენ, თავზე სარტყელს უჭერენ, სხეულზე კიდევ შოლტებით სცემენ სიკვდილამდე. დაზაფრული ორ ხანჯალს მისწვდა, თან რომ წამოეღო, თითოეულის სიმახვილე გასინჯა; მერე ორივე დამალა, თან თავი იმართლა, რომ საბედისწერო საათი ჯერ არ დამდგარა.
ხან სპორუსს სთხოვდა, მოთქმა და ტირილი დაეწყო; ხან იხვეწებოდა, ვინმე მაგალითის ჩვენებით მიხმარებოდა სიკვდილთან შესახვედრად; ხანაც ყოყმანისათვის საკუთარ თავს ასეთი სიტყვებით ლანძღავდა: „სიცოცხლე სკანდალი და სირცხვილია - ეს კი არ შეშვენის ნერონს, ეს კი არ შეშვენის - ამ დროს გონიერი უნდა ვიყო - აბა, მიდი, ივაჟკაცე!“ უკვე ახლოვდებოდნენ ცხენოსნები, რომლებსაც ნაბრძანები ჰქონდათ, ცოცხლად ჩაეგდოთ ხელში. ფლოქვების ხმა რომ შემოესმა, კანკალით თქვა: „სწრაფი მერნების ფლოქვთა თქარუნი დამიხშობს სმენას“, და შეწყალებათა საკითხში თავისი მრჩევლის, ეპაფროდიტუსის დახმარებით ყელში გაიყარა მახვილი.
ჯერ კიდევ სუნთქავდა, ცენტურიონი რომ შემოვარდა და, ლაბადით დაუხშო ჭრილობა, თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისი მიხმარება უნდოდა. მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო: „გვიანია!“ - და „აი, ისიც, ერთგულება!“ - და ამ სიტყვებზე განუტევა სული. თვალები გაუშეშდა და ბუდეებიდან ამოუცვივდა, საშინელი იყო მათი შეხედვა. თავის თანამგზავრებს უპირველესად და ყველაზე მეტად ევედრებოდა, რომ მისი თავი არავის შეხვედროდა და მისი სხეული, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, მთლიანად დაეწვათ. ამის უფლება იკელუსმა მისცათ, გალბას აზატმა, შეთქმულების დასაწყისში საპატიმროში ჩაგდებულმა და ახლახანს გათავისუფლებულმა.
50. მისი დაკრძალვა ორასი ათასი სესტერცი დაჯდა. თეთრ, ოქროთი ნაქსოვ ქსოვილში იყო გახვეული, რასაც იანვრის კალენდებში იცმევდა ხოლმე. მისი ფერფლი შეაგროვეს ძიძებმა ეკლოგამ და ალექსანდრიამ, და ხარჭა აკტემ, და დომიციუსების საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც ბაღებიან გორაკზეა, მარსის მინდვრის მხრიდან. ურნა მის სარკოფაგში გაკეთდა წითელი მარმარილოსგან, ზემოთ სამსხვერპლო - ეტრუსკულისგან, გარშემო ბალუსტრადა - თასოსის ქვისგან.
51. სიმაღლით, დაახლოებით, საშუალო იყო, სხეული დალაქავებული ჰქონდა და საძაგელი სუნი უდიოდა; თმა - ქერა. სახე უფრო ლამაზი, ვიდრე სასიამოვნო; თვალები ნაცრისფერი და ცოტა ახლომხედველი; კისერი სქელი. მუცელი გადმოწეული. ფეხები - ძალიან წვრილი. ჯანმრთელობა ჩინებული ჰქონდა. უსაზღვრო ზედმეტობების მიუხედავად, თავისი მმართველობის თოთხმეტ წელიწადში მხოლოდ სამჯერ ავადმყოფობდა, თანაც არც ღვინოზე ამბობდა უარს და არც სხვა ჩვეულებებზე. შესახედაობა და ჩაცმულობა სრულიად უჩვეულო ჰქონდა. თმას რიგებად იხუჭუჭებდა, ხოლო საბერძნეთში მოგზაურობისას კეფაზეც კი გადმოუშვებდა ხოლმე. ხშირად ჩნდებოდა ხალხში სასადილო აბრეშუმის კაბით, კისერზე ცხვირსახოცს მოიხვევდა და ასე გამოდიოდა, უსარტყელოდ და ფეხშიშველი.
52. ბავშვობაში თითქმის ყველა კეთილშობილი ხელოვნება შეისწავლა. მხოლოდ ფილოსოფიას ჩამოაშორა დედამისმა, - ირწმუნებოდა, რომ მომავალი მმართველისათვის ეს ხელისშემშლელია; ხოლო ძველი ორატორების შესწავლისგან - სენეკამ, რადგან სურდა, რომ მის მოსწავლეს დიდხანს შეენარჩუნებინა აღფრთოვანება მასწავლებლით. ამიტომ მან პოეზიას მიმართა, ლექსებს მოწადინებით და იოლად თხზავდა. მართლები არ არიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ თითქოს სხვის თხზულებებს თავისად ასაღებდა. მე ხელში მეჭირა დაფები და რვეულები მისი ყველაზე ცნობილი ლექსებით, დაბეჭდილები მისი საკუთარი ხელით; და ეტყობოდა, რომ ისინი გადაწერილი არ არის წიგნიდან ანდა ხმიდან, არამედ მყისიერად იწერებოდა, როგორც კი მოიფიქრებოდა და შეითხზვებოდა, - იმდენი წანაშალია, შესწორება და ჩასმა. არანაკლები გულმოდგინებით მეცადინეობდა ფერწერაში და ქანდაკებაში.
53. მაგრამ ყველაზე მეტად იტაცებდა წარმატების წყურვილი, და ეჭვიანობდა ყველაზე, ვინც რამით იპყრობდა ბრბოს ყურადღებას. დადიოდა ხმები, რომ დადგენილი ხუთი წლის შემდეგ ოლიმპიაზე ათლეტად უნდა გამოსულიყო. მართლაც, ჭიდაობაში მუდამ ვარჯიშობდა, ხოლო საბერძნეთში, სტადიონებზე, ყველა გიმნასტიკური შეჯიბრისას, დაუყოვნებლივ იკავებდა ადგილს მიწაზე, მსაჯებს შორის, და თუ რომელიმე წყვილი შერკინებისას შორს წავიდოდა, ხელებით უბიძგებდა ხოლმე ადგილისაკენ. საერთო აღიარებით, გატოლებული აპოლონთან სიმღერაში და მზესთან სარბოლო ეტლის მართვაში, აპირებდა, რომ ჰერკულესსაც გათანაბრებოდა გმირობებში, - ამბობენ, რომ მზად იყო ლომი, რომელთან საბრძოლველადაც შიშველი უნდა გამოსულიყო ამფითეატრში მაყურებლის წინაშე და კომბლით უნდა მოეკლა, ანდა ხელებით დაეხრჩო.
54. თავის ბოლო დღეებში ღიად დაიფიცა, რომ თუ მისი ხელისუფლება გაძლებს, მაშინ გამარჯვების თამაშებზე თავად გამოვა წყლის ორგანითაც, ფლეიტითაც, სტვირებითაც; ბოლო დღეს მოცეკვავედაც და იცეკვებს ვერგილიუსის „ტურნუსს“. ზოგიერთი ირწმუნება, რომ აქტიორი პარისიც მის მიერ იქნა მოკლული, როგორც სახიფათო მეტოქე.
55. ყოველთვის ჰქონდა უკვდავებისა და მარადიული დიდების სურვილი, მაგრამ გამოხატავდა უგუნურად. მრავალ ადგილს და საგანს ჩვეულებრივის ნაცვლად ახალ სახელებს აძლევდა, თავისი სახელის მიხედვით; მაგალითად, აპრილის თვეს ნერონია დაარქვა, ხოლო ქალაქ რომისთვის ნეროპოლის დარქმევას აპირებდა.
56. ყველა სიწმინდეს აგდებით ეკიდებოდა, გარდა მხოლოდ ერთის, სირიის ღმერთქალისა, მერე იმასაც ისე იგდებდა მასხარად, რომ ზედ თავის წყალს გამოუშვებდა ხოლმე. ის მოაჯადოვა ახლმა ცრურწმენამ და მხოლოდ იმის მიმართ იცავდა ჯიუტ ერთგულებას, - ვიღაც უცნობი პლებეისგან საჩუქრად მიიღო გოგონას პატარა ფიგურა, როგორც დამცველისა ყველა მუხანათობისგან; და როცა მაშინვე გაიხსნა შეთქმულება, იმას ყველა სხვა ღმერთზე მეტად სცემდა თაყვანს; დღეში სამჯერ მიჰქონდა მისთვის მსხვერპლი და მოითხოვდა, ყველას დაეჯერებინა, რომ თითქოს გოგონას ეს ქანდაკება გაუხსნის მომავალს. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მსხვერპლის გულ-ღვიძლით მკითხაობდა, მაგრამ კეთილსაიმედო პასუხს ვერ მიაღწია.
57. აღესრულა ცხოვრების ოცდამეთორმეტე წელს, სწორედ იმ დღეს, როცა ოდესღაც ოქტავია მოკლა. ხალხში სიხარული ისეთი იყო, რომ ბრბო მთელ ქალაქში ფრიგიულ ჩაჩებით დარბოდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დიდხანს რთავდნენ იმის საფლავს გაზაფხულის და ზაფხულის ყვავილებით; და ხან იმის სტატუეტებს კონსულის ტოგით გამოფენდნენ ხოლმე როსტალურ ტრიბუნაზე, ხანაც - ედიქტებს, რომლებშიც ლაპარაკი იყო, რომ ის ცოცხალია და მალე დაბრუნდება თავის მტრების გულის გასახეთქად. პართიის მეფეც კი, ვოლოგესუსი, სენატში ელჩებს რომ აგზავნიდა კავშირის აღსადგენად, განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვდა, რომ ნერონის ხსოვნა საპატიოდ დარჩენილიყო. და ოცი წლის შემდეგაც, როცა მე მოზარდი ვიყავი, გამოჩნდა გაურკვეველი წარმოშობის კაცი, თავს რომ ნერონად ასაღებდა, - და იმის სახელს ისეთი წარმატება ჰქონდა პართელებში, რომ ძალინ უჭერდნენ მხარს და ძლივს დათანხმდნენ გადმოცემაზე.
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
ნერონი ბავშვობიდანვე ფუქსავატური, უზნეო ცხოვრებით იზრდებოდა, ამიტომ მთელი მისი სიცოცხლისა და ხელმწიფობის მანძილზე თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ადამიანური მანკიერება, რომელიც მას არ ჩაედინოს. იყო უზომოდ პატივმოყვარე, ეგოისტი, გარყვნილი, ეჭვიანი, მეშურნე და მესისხლე, აკვიატებული ჰქონდა რომ იგი იყო უდიდესი პოეტი, მსახიობი, მომღერალი, მხატვარი და მოქანდაკე.
ასეთი ახირებული წარმოდგენის შესადარისად თხზავდა ლექსებს, გამოდიოდა ცირკში, მღეროდა, ჯამბაზობდა, ხატავდა, აქანდაკებდა და სიკვდილით ემუქრებოდა ყველას ვინც მისი უდიდესი ხელოვნებით აღტაცებაში არ მოდიოდნენ, ერთი სიტყვით მსოფლიო იმპერიის ტახტზე კვლავ შეშლილი იჯდა.
პირველ ხანებში ახალი იმპერატორის პოლიტიკა თითქოს ლიბერალურ ხასიათს ატარებდ: ჯერ მან გამოაცხადა, რომ რომის მართვა-გამგეობის სადავეებს მთლიანად ანდობს სენატს და თავისთვის სამმართველოდ იტოვებს მხოლოდ პროვინციებს.
62 წლამდე ნერონი თანხმობით იყო სახელმწიფოს ფაქტიურ გამგებლებთან პრეტორიანელთა პრეფექტ აფრანიუს ბულოსთან და თავის აღმზრდელ-მასწავლებელთან სახელოვან ფილოსოფოსთან ლუციუს ანიუს სენეკასთან, რომლებიც იწონებდნენ სენატსა და პრინცეპსს შორის შეთანხმებულ ურთიერთობას.
ასეთი პოლიტიკის გატარებისათვის ნერონმა არ დაინდო არც საკუთარი დედა, რომლის წყალობითაც შეძლო მან ტახტის დაჭერა. აგრიპინა აქტიურად ერეოდა სახელმწიფოს საქმეებში და ცდილობდა კიდეც შვილის მბრძანებლობას ამოფარებული თვითონ ყოფილიყო იმპერიის ფაქტიური გამგებელი.
ნერონის რეაქციას აგრიპინას მუქარა მოჰყვა. მან შვილს მიანიშნა, რომ კლავდიუსის ვაჟი ბრიტანიკი ტახტის კანონიერი მემკვიდრე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ცოცხალი იყო აგრეთვე მეწამლე ქალი ლოკუსტა, რომლის ნახელავმა იმსხვერპლა იმპერატორი კლავდიუსი. ლოკუსტა ნერონმა მოიხმო მხსნელად და ბრიტანიკიც იმპერატორის სუფრაზე სადილობისას დაეცა მკვდარი.
აქედან კვლავ იწყება საშინელი, იდუმალი და აშკარა მკვლელობანი სასახლის კარზე. იმპერატორის ბრძანებით მოკლული იქნა დედა აგრიპინა, ცოლი ოქტავია, პრეფექტი ბულუსი, შემდგომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოეტი ლუკანუსი, ფილოსოფოსი სენეკა (ვენები გადაიჭრა), მწერალი პეტრონიუსი, რესპუბლიკელი ფლავზია პეტუსი და სხვა.
იმპერატორის სისხლიან საქმეთა სათავეში ახალი ფავორიტი იდგა - ოფონიუს ტიგელინუსი პრეტორიანული გვარდიის პრეფექტი, სადისტური სულის ჯალათი. კვლავ აღდგენილი იქნა პროცესები, უდიდებულესობის შეურაცყოფისათვის პასუხისმგებლობას და სიკვდილს ეძლეოდნენ სენატორები, წარჩინებული მოქალაქენი, ყველანი ვისაც არ შეეძლო თუნდაც უბრალოდ აღტაცება გამოეთქვა რომის ღვთაებრივი ხელოვნისა და ხელმწიფის მისამართით. რომი სისხლის აბანოდ იქცა, სულას დროინდელი პროსკრიბციების დრო დადგა, სიკვდილმისჯილთა ქონების კონსიფიკაცია წესად იქცა, ამიტომ ქონება ხშირად მის პატრონს იმპერატორისა და სახელმწიფოს მტრად აქცევდა და უეჭველ სიკვდილსაც შეამთხვევდა. განუკითხავი ფიზიკური ანგარიშსწორებისაგან გამოწვეულ შიშს თან ერთვოდა საშინელი ამორალიზმი თვით იმპერატორისა და მის მეინახეთა საოცრად რაფინირებული გარყვნილება, პირუტყვული ორგიები.
ნერონი თავის ახლოს ვერ ითმენდა მაღალი სულის ადამიანებს, ყველაზე ახლობელი მისი მეუღლე ოქტავიას შემდეგ პოპია საბინა ტაციტუსს ერთი წინადადებით ჰყავს დახასიათებული «ამ ქალს ყველაფერი ჰქონდა პატიოსანი სულის გარდა». ერთი სიტყვით მსოფლიო იმპერია უკანასკნელი ნაძირალების საკუთრებად ქცეულიყო.
64 წ. რომაელებს ახალი უბედურება დაატყდათ თავს. ქალაქში ხანძარმა იფეთქა. მსოფლიოს ცენტრი 9 დღე იყო ცეცხლში გახვეული, მის ჩაქრობას არავინ ფიქრობდა, ის კი არა და წყაროები გვარწმუნებენ, რომ ვიღაცეები ხალხს მუქარით ხანძრის ჩაქრობას უკრძალავდნენ, ხოლო თვითონ ცეცხლმოკიდებული მაშხალებით დარბოდნენ, ცეცხლის ახალ კერებს აჩაღებდნენ და თან გაიძახოდნენ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვისი ბრძანებითაც ვაჩაღებთ ხანძარსო. ქალაქის ორ მესამედზე მეტი დაიწვა. 14 უბნიდან მხოლოდ 4 გადარჩა. ხალხში დაბეჯითებით გაიძახოდნენ, რომ რომი ნერონის ბრძანებით დაიწვაო. რასაკვირველია იქ სადაც ასეთი განუკითხავი ხალხთა კვლაა არც დანაშაულის ვინმეზე დაბრალება გაუჭირდებოდათ და აი საქვეყნოდ გამოცხადდა, რომ რომი დაწვეს რომელიღაც ახალი სარწმუნოების მქადაგებლებმა და მიმდევრებმა, რომლებიც თავის რელიგიას უწოდებენ ქრისტიანობას, ხოლო თავის თავს ქრისტიანებს.
განაჩენი სასწრაფოდ გამოიტანეს და ეს პირველი ქრისტიანები რომის ცირკში რომაელი ხალხის თვალსასეიროდ ზოგი მხეცებს დააგლეჯინეს და ზოგიც ცეცხლმოკიდებულ კელაპტრებად აქციეს.
იმავე ხანებში კიდევ ახალი უბედურება გამოჩნდა რომში, რაღაც საშინელი ეპიდემია, რომელმაც 30000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთი სიტყვით ბუნებაც თითქოს თავისი მსახვრალი ხელით ნერონის შემწე შეიქმნა რომაელი ხალხის გასაჩანაგებლად და დასაშინებლად.
ნერონმა ხელი მოჰკიდა გადამწვარი რომის გენერალური რესტავრაციის და რეკონსტრუქციის საქმეს, მართლაც ქალაქი ხელახლა აშენდა და დამშვენდა, ახალ არქიტექტურულ ნაგებობათა შორის უბრწყინვალესი იყო თვითონ იმპერატორის სატახტო საცხოვრებელი უზარმაზარი ოქროს სასახლე.
65 წ. ნერონის მოსაკლავად მოეწყო შეთქმულება გაიუს კალპურნიუს პიზონის მეთაურობით, მასში მონაწილეობას ღებულობდნენ მაღალი რანგის წარჩინებულნი სენატორები, მაგრამ მათთან ერთად ბევრი კარიერისტი ვიგინდარაც, ამიტომ როგორც მოსალოდნელი იყო შეთქმულება რომელიღაცამ გათქვა და ნერონიც პოპიასა და ტიგელინუსთან ერთად ამოქმედდა, პიზონმა დაასწრო და ვენები გადაიჭრა, დანარჩენებმა საშინელი სულმოკლეობა გამოიჩინეს და ერთიმეორის დაბეზღებითა და ცრემლთა თხევით შეეცადნენ სიცოცხლის შენარჩუნებას, მათგან მხოლოდ 1 და ისიც მონადყოფილი ქალი აღმოჩნდა მტკიცე სულის ადამიანი, მას უსაშინლეს წამებაში ისე ამოხდა სული, რომ ვერც ერთი სიტყვა ვერ დააცდენინეს, დანარჩენები წამებით დახოცეს.
იმპერატორის უთავჟამო დროსტარება და ფუქსავატობა, ბრწყინვალე საცირკო სანახაობანი და მოგზაურობანი, ტრიუმფალური სვლები და სახიობა-ჯამბაზობანი, ბოლოს თვით ქალაქის გენერალური აღმშენებლობა ყველაფერი ეს დიდძალ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვდა, რაც თავის მხრივ გადასახადების ზრდასა და პროვინციების ახალ მძიმე დახარკვა-დაკაბალებას იწვევდა. ამან მრელვარებანი გამოიწვია. დიდი აჯანყება დაიწყო ბრიტანეთში 59 წ. მას სათავეში ედგა დედოფალი ბოუდიგა (ბუდუიკა), ბრიტების წინააღმდეგ სასწრაფოდ დიდი არმიით გაეშურა სარდალი გაიუს სვეტონიუს პაოლინუსი. პირველ წელს იგი ვერაფერს გახდა, აჯანყებულებმა ხელთ იგდეს კავალოდუნიც, ლონდინიუმიც და 7000 რომაელი გაჟლიტეს, ხოლო 61 წ. დიდ ძალთა მობილიზაციით მდ. ტემზის სამხრეთით გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში სვეტონიუსმა შეძლო აჯანყებულთა განადგურება. ბოუდიგამ თავი მოიკლა, ბრიტანეთი კვლავ დამორჩილდა.
ნერონის დროს ისევ მწვავედ დაისვა პართიასთან ურთიერთობის საკითხი. საქმე კვლავ სომხეთს ეხებოდა, აღმოსავლეთში გაგზავნილი იქნა დომიციუს კორპულონი, ნიჭიერი პოლიტიკოსი, დიპლომატი და სარდალი. ამ დროს პართიის მეფეს ვოლოგეზს მტკიცედ ჰქონდა სომხეთში ფეხი ჩადგმული, მის ტახტზე იჯდა მისი ძმა ტირიდატი, რომაელები შეიჭრნენ სომხეთში, აიღეს არტაქსატა და ტიგრანოკერტი განდევნეს ტირიდატი და სომხეთის ტახტზე დასვეს ტიგრან კაპადოკიელი, მაგრამ პართიელებმა მაინც არ დასთმეს, ვოლოგეზმა კვლავ შემოუტია, ტიგრანი განდევნა და კვლავ ტირიდატი გაამეფა, კორპულონი ხელახლა შევიდა სომხეთში, მოსალოდნელი იყო დიდი ომი, მაგრამ როგორც სჩანს არც პართიას და არც რომს სომხეთისათვის უკიდურესი კრიზისის გამძაფრება არ სურდა, ტირიდატი სომხეთიდან არ მიდიოდა, მაგრამ კორპულონმა მიაღწია წარმატებას, რომი თანახმა იქნებოდა ტირიდატის სომხეთში მეფობაზე იმ პირობით თუ სამეფო ინსიგნიებს იგი რომის იმპერატორის ხელით მიიღებდა. პართიამ დათმო და დათანხმდა, ტირიდატი იტალიაში ჩავიდა, ნერონის წინაშე მუხლი მოიყარა და მანაც სომხეთის გვირგვინი დაადგა თავზე. რომში ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა მისცეს, თვითონ ნერონმა ამ ამბის აღსანიშნავად კაპიტოლიუმზე დაფნის გვირგვინი დადო და იანუსის კარიც დიდი ზეიმით დახურა, ბოლოს კორპულონს ამ დიპლომატიური წარმატებისათვის იმით გადაუხადა, რომ მის ერთგულებაში შეეჭვდა და სიკვდილი ბრძანა, კორპულონმაც თავი მოიკლა.
ნერონი ალექსანდრე მაკედონელობაზე ოცნებობდა და მის მსგავსად აღმოსავლეთის ლაშქრობებით აპირებდა სახელის მოხვეჭას. მას პართიის გარდა აინტერესებდა დაელაშქრა და დაეპყრო სრულიად კავკასია და ეთიოპია, ეს ოცნებები მან თან წაიყოლა სამარეში. 66 წ იფეთქა აჯანყებამ პალესტინაში, აჯანყებულებმა რომაული გარნიზონები გაჟლიტეს.
იუდეველთა გასანადგურებლად და იერუსალიმის ასაღებად არმიით გაეშურა სირიის მაშინდელი ლეგატი გაიუს ცეპტიუს დალუსი, მაგრამ იგი დამარცხდა, ხოლო აჯანყება კიდევ უფრო გაფართოვდა და გამძვინვარდა. მაშინ ნერონმა პალესტინაში გაგზავნა ტიტე ფლავიუს ვესპასიანე, რომელმაც 67 წ. ხელთ იგდო მთელი გალილეა, ხოლო 68 წ. იუდეის უდიდესი ნაწილი და საიერიშოდ იერუსალიმს მიადგა და სწორედ ამ დროს თვითონ რომში კატასტროფული სისწრაფით დატრიალდა პოლიტიკური მოვლენები.
67 წ. ნერონმა აიკვიატა, რომ საჭირო იყო თავისი პოეტური და არტისტული ხელოვნება ეჩვენებინა ხელოვნების კლასიკური ქვეყნისათვის - საბერძნეთისათვის. მისი აზრით სწორედ ბერძნებს და არა რომაელებს შეეძლოთ სათანადოდ დაეფასებინათ მისი დიადი ხელოვნება. ამ მიზნით იგი საგასტროლოდ გაემგზავრა საბერძნეთში, მოიარა ელადის კულტურის ცენტრები, სადაც მის გამოსვლებს მისდა საამოდ ხვდებოდნენ ოვაციებით, მოლოცვებით, დაფნის გვირგვინებით. მადლიერმა იმპერატორმა ელინურ ქალაქებს თავისუფლება დაუბრუნა და დიდი ზარ-ზეიმითა და ტრიუმფით დაბრუნდა რომში. მაგრამ მოგასტროლე ხელმწიფის დღეები დათვლილი იყო. 68 წ. მარტში რომში მოვიდა ამბავი, რომ გალიის მმართველმა პროპრეტორმა გაიუს იულიუს ვინდექსმა ისარგებლა მძიმე გადასახადებით და ხარკით დაშინებული პროვინციის მღელვარებით და აჯანყება დაიწყო ნერონის წინააღმდეგ, ნერონმაც გალიაში ჯარები გაგზავნა, მაგრამ იმავე დროს მის წინააღმდეგ დაიძრა ახლა ესპანეთის ლეგატი ფულვიუს სულპიციუს გალბა. ვინდექსს შეუერთდნენ აგრეთვე ლუზიტანიისა და აფრიკის მმართველები. ნერონისაგან გაგზავნილმა ზემო რაინის ლეგიონებმა მედინიუს რუფუსის სარდლობით დაამარცხეს ვინდექსი, რომელიც 20000 მებრძოლთან ერთად დაიღუპა, მაგრამ ახლა თვით გამარჯვებული რაინის ლეგიონები გადაუდგნენ ნერონს და მის ნაცვლად იმპერატორობა თავიანთ სარდალს შესთავაზეს, რომელმაც უარი თქვა და იმპერატორის არჩევის საკითხი სენატს მიანდო,. ახალ პრინცეპსად და იმპერატორად გამოცხადებულ იქნა სერვიუს სულპიციუს გალბა, ხოლო ყველასაგან მიტოვებული ნერონი სენატმა სამშობლოს მტრად გამოაცხადა და სიკვდილი მიუსაჯა. შიშისაგან ატანილი გადაცმული ნერონი რომიდან გაიქცა და თავი რომელიღაც გააზატებული მონის სახლს შეაფარა. როცა მდევართა ცხენების ფეხის ხმა გაისმა ძრწოლამოსილმა ყელზე მახვილი მიიდო და თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვერ გაბედა და ყოყმანი დაიწყო, მაშინ იმ გააზატებულმა მახვილის ტარზე ხელი უკრა და ნერონი სულთმობრძავი დაეცა, «ოჰ, როგორი არტისტი ვიღუპები», ეს იყო ამ უცნაური მანიაკის უკანასკნელი სიტყვები, ეს ამბავი 68 წ. ზაფხულში მოხდა, ნერონი მაშინ 31 წლის იყო, მასთან ერთად დასრულდა სახელოვანი იულიუსების და კლავდიუსების საგვარეულოს მოღვაწეობა რომის მსოფლიო პოლიტიკის სარბიელზე.








Комментариев нет:

Отправить комментарий