გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (75-140)
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
ხელნაწერის დასაწყისი დაკარგულია, სადაც აღწერილია კეისარის წარმოშობა და დაბადება.
1. კეისარმა თექვსმეტი წლისამ მამა დაკარგა. ერთი წლის შემდეგ, უკვე იუპიტერის ქურუმად დანიშნულმა, კოსუციასთან ნიშნობა ჩაშალა, - გოგონასთან, რომელიც მხედრული, მაგრამ მდიდარი ოჯახიდან იყო და ვისზედაც ჯერ კიდევ მოზარდი დანიშნეს, - და ცოლად შეირთო კორნელია, იმ ცინას შვილი, რომელიც ოთხჯერ იყო კონსულად. კორნელიამ მალე ქალიშვილი გაუჩინა, იულია. დიქტატორმა სულამ ვერაფრით შეძლო, რომ იულიუსი გაშორებოდა კორნელიას.
ამიტომ, ქურუმის თანამდებობის, ცოლის მზითევის, საგვარეულო სიმდიდრის გარეშე დარჩენილი დიქტატორის მოწინააღმდეგეებში ითვლებოდა და იძულებულიც კი შეიქმნა, დამალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთხდღიანი მალარიის, იგივე კვარტან მალარიის შეტევები ტანჯავდა, ლამის ყოველ ღამე უნდა შეეცვალა სამალავი, ფულით უნდა მოესყიდა სულას დეტექტივები, სანამ, ბოლოსდაბოლოს, შეწყალება არ მიიღო ქალწულებრივი უწყებითა და თავისი ნათესავების - მამერკიუს ემილიუსისა და აურელიუს კოტას მეოხებით.
სულა დიდხანს ისტუმრებდა უარით თავის ერთგულ და სახელოვან მომხრეებს, რომლებიც კეისარს ჯიუტად შუამდგომლობდნენ; ბოლოს, როგორც ცნობილია, სულამ დაუთმო და ან ღვთიური შთაგონებით ან საკუთარი გამჭრიახობით შესძახა: „თქვენ გაიმარჯვეთ და წაიყვანეთ! მაგრამ იცოდეთ: კაცი, ვის გადარჩენასაც ასე ცდილობთ, ერთხელაც სასიკვდილო დარტყმას მოგვაყენებს იმ არისტოკრატიის მიზეზით, რომელსაც ჩვენ ვიცავდით; რადგან ამ ერთ კეისარში ბევრი მარიუსი იმალება!“
2. სამხედრო სამსახური აზიაში დაიწყო, იმ მხარის გუბერნატორის პრეტორ მარკუს ტერმიუსის ამალაში. ბითინიაში გაგზავნილი ფლოტის იქ მისაყვანად, დიდხანს დაყოვნდა ნიკომედესთან. მაშინვე ხმა დაირხა, რომ მეფესთან შეუფერებელი ურთიერთობა ჰქონდა; თავად კი ეს ჭორი იმით გააღრმავა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იქ კიდევ წავიდა იმ ვალის დაბრუნების მომიზეზებით, რომელიც თავის კმაყოფაზე მყოფ ერთ თავისუფალ კლიენტს მიეწერებოდა. შემდგომმა სამსახურმა მეტი დიდება მოუტანა და მითილენის აღებისას ტერმუსმა მუხის გვირგვინით დააჯილდოვა.
3. მსახურობდა კილიკიაში სერვილიუს ისავკილიუსის მეთაურობით, მაგრამ ცოტა ხანს; როცა სულას გარდაცვალების ცნობა მიუვიდა და ახალი არეულობის იმედი გაჩნდა, რომელსაც მარკუს ლეპიდუსი იწყებდა, სასწრაფოდ რომში დაბრუნდა. თუმცა ლეპიდუსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, რომელიც დიდი სარგებელს ჰპირდებოდა. იულიუსს იმედი გაუცრუა როგორც ბელადმა, ასევე წამოწყებამ, რომელიც უფრო ცუდად დატრიალდა, ვიდრე თავად წარმოედგინა.
4. როცა ამბოხება ჩაახშეს, კორნელიუს დოლაბელას, კონსულარს და ტრიუმფატორს სასამართლოში უჩივლა გამოძალვის ბრალდებით; მაგრამ სამართალში მიცემული გაამართლეს. მაშინ გადაწყვიტა, როდოსზე წასულიყო, მტრების თვალსაწიერს რომ მორიდებოდა, თან შემთხვევით ესარგებლა და იმ დროისთვის სახელგანთქმულ მჭევრმეტყველების მასწავლებელთან, აპოლონიუს მოლოსთან ემეცადინა. ამ მოგზაურობის დროს, როცა უკვე ზამთრდებოდა, კუნძულ ფარმაკუსას შორიახლოს მეკობრეებს ჩაუვარდა ხელში და თავისდა სამწუხაროდ ორმოც დღემდე მოუწია მათთან ყოფნა. მხოლოდ ექიმი და ორი მსახურიღა დარჩენოდა.
დანარჩენი თანამგზავრები და მონები გამოსასყიდის შესაგროვებლად გააგზავნა. მაგრამ როცა, ბოლოსდაბოლოს, მეკობრეებს ორმოცდაათი ტალანტი გადაუხადა და ნაპირზე გადმოსვეს, დაუყოვნებლოვ შეკრიბა ფლოტი, უკან დაედევნა, ყველა შეიპყრო და სწორედ იმ სასჯელით დასაჯა, რითაც არაერთხელ დამუქრებია ხოლმე ხუმრობით. ამ დროს განაპირა მხარეები მითრიდატემ გააუკაცურა და მოკავშირეებისადმი გულგრილობა რომ არ დაბრალებოდა, კეისარი წავიდა როდოსიდან, აზიაში გადავიდა, შეკრიბა დამხმარე რაზმი და პროვინციიდან გააძევა მეფის მხედართმთვარი, რითაც მორჩილებაში შეინარჩუნა შეყოყმანებული და მერყევი საზოგადოება.
5. რომში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი თანამდებობა ჯარის ტრიბუნობაიყო, რაც სახალხო კენჭისყრით მიენიჭა. აქ დიდი მონდომებით უჭერდა მხარს ლიდერებს, რომ ტრიბუნებს სულას დროს შემცირებული უფლებები აღდგენოდათ. ამას გარდა, ისარგებლა პლოტიუსის დადგენილებით, რომ რომში დაებრუნებინათ ლუციუს სინა, თავისი ცოლისძმა და ყველანი, ვინც ლეპიდუსის მხარეს იყო და იმისი სიკვდილის მერე სერტორიუსში გაიქცა; ამის შესახებ თავად წარმოთქვა სიტყვა.
6. ქვესტორად ყოფნისას დეიდა იულია და მეუღლე კორნელია დაასაფლავა და, ჩვეულების მიხედვით, სახოტბო სიტყვებიც წარმოთქვა ტრიბუნიდან. სხვათა შორის, იულიასადმი მიძღვნილ სიტყვაში, ასე ლაპარაკობს თავისი დედის და მამის წარმომავლობაზე: „ჩემი დეიდის გვარი დედის მხრიდან მეფეებიდან მოდის, მამის მხრიდან კი უკვდავი ღმერთებიდან: რამეთუ ანკუს მარციუსიდან (დედამისის გვარი) მომდინარეობენ მარციუს-მეფეები, ხოლო ღმერთქალ ვენერადან კი იულიუსების გვარი, რომელსაც ეკუთვნის ჩვენი ოჯახი. აი, რატომაა ჩვენი გვარეულობა მეფეებივით ხელშეუხებლობით შემოსილი, რომლებიც სიდიადით მაღლა დგანან ჩვეულებრივ მოკვდავებზე, და მოწიწებით, როგორც ღმერთები, რომლებსაც თავად მეფენიც კი ემორჩილებიან“.
კორნელიას შემდეგ პომპეა მოიყვანა ცოლად, კვინტუს პომპეუსის ქალიშვილი და ლუციუს სულას შვილიშვილი. მაგრამ მერე გაშორდა, რადგან თავის ცოლზე პუბლიუს კლოდიუსთან ცოლ-ქმრული ღალატი იეჭვა. იმის თაობაზე, რომ კლოდიუსმა საყვარელთან ქალის კაბით შეაღწია საღვთო დღესასწაულისას, ისეთი დამაჯერებლობით ლაპარაკობდნენ, რომ სენატმა სიწმინდეების შეურაცხყოფის გამო გამოძიება დანიშნა.
7. შორეულ ესპანეთში ქვესტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ერთხელ, პრეტორის დავალებით, გემთმშენებლობის საკითხებზე ქალაქებს რომ უვლიდა, ჰადესში ჩავიდა და ჰერკულესის ტაძარში ალექსანდრე დიდი იხილა. ამოიოხრა, თითქოს ზიზღი იგრძნო თავისი უმოქმედობის გამო, - ჯერ არაფერი გაეკეთებინა ღირსსახსოვარი, როცა ალექსანდრემ ამ ასაკში უკვე მსოფლიო დაიპყრო, - და მაშინვე გათავისუფლებაზე დაიწყო ზრუნვა, რომ შემდეგ დედაქალაქში პირველივე შემთხვევით ესარგებლა და უფრო დიადი საქმეები ეკეთებინა.
მომდევნო ღამეს სიზმარმა შეაცბუნა - დაესიზმრა, თითქოს საკუთარ დედას აუპატიურებდა; მაგრამ სიზმრების ამხსნელებმა უფრო გააცხოველეს მისი იმედები, რაკი გამოუცხადეს, რომ ეს სიზმარი წინასწარმეტყველებს მის ძალაუფლებას მთელ სამყაროზე, რადგან დედა, რომელსაც თავის ქვეშ ხედავდა, სხვა არაფერია, თუ არა დედამიწა, რომელიც ყველა ცოცხალი არსების დედად ითვლება.
8. ამგვარად, ვადაზე ადრე მიატოვა თავისი პროვინცია და ლათინურ კოლონიებში გამოცხადდა, რომლებიც მაშინ სამოქალაქო უფლებებს ითხოვდნენ. უეჭველად, მათ რამე უფრო თავხედურ ნაბიჯსაც გადაადგმევინებდა, რომ არა კონსულები, რომლებმაც ამის შიშით კილიკიისათვის შეგროვებული ლეგიონები დროებით შეაჩერეს.
9. ამას ხელი არ შეუშლია, რომში მალევე წამოეწყო უფრო თამამი საქმე. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ედილის მოვალეობის შესრულებას დაიწყებდა, ბრალი დასდეს შეთქმულებაში, ექს-კონსულ მარკუს კრასუსთან, პუბლიუს სულასთან და ლუციუს ოტრონიუსთან ერთად, რომლებიც კონსულები უნდა გამხარიყვნენ, მაგრამ ამომრჩეველთა მოსყიდვაში აღმოჩნდნენ ბრალდებულნი. ვარაუდობდნენ, რომ ახალი წლის დასაწყისში თავს დაესხმებოდნენ სენატს, ამოწყვეტდნენ არასასურველ პირებს, კრასუსი დიქტატორი გახდებოდა, კეისარი ცხენოსანი ჯარის მეთაურად გამოცხადდებოდა, მაშინ სახელმწიფოს თავიანთი შეხედულებით მოაწყობდნენ და, ოტრონიუსსა და სულას კონსულობას დაუბრუნებდნენ.
ამ შეთქმულებაზე წერენ ტანუსიუს გემინიუსი თავის ისტორიაში, მარკუს ბიბულუსი ედიქტებში, გაიუს კურიონ უფროსი თავის სიტყვებში. ეტყობა, ციცერონსაც იგივე აქვს მხედველობაში, როცა აქსიუსისადმი ერთ-ერთ წერილში ამბობს, კეისარი კონსული რომ გახდა, ის დესპოტიზმი დაამყარა, რომელსაც ჯერ კიდევ ედილად ყოფნისას იზრახავდაო. ტანუსიუსი დასძენს, რომ ან სინდისის ქენჯნისაგან ან შიშისაგან კრასუსი ხოცვა-ჟლეტვისთვის დანიშნულ დღეს არ გამოჩენილა, ამიტომ კეისარმაც არ მისცა წინასწარ დათქმული ნიშანი; კურიონის სიტყვით, დადგენილი იყო, რომ კეისარს ერთი მხარიდან ტოგა უნდა ჩამოეწია.
იგივე კურიონი, და მასთან ერთად მარკუს აკტორიუსი აცხადებენ, რომ კეისარმა შეთქმულება დაიწყო ასევე ახალგაზრდა გნეიუს პიზონთან, ხოლო როცა ეჭვი გაჩნდა, რომ რომში შეთქმულება მზადდებოდა, პიზონმა უთხოვნელად და ურიგოდ ესპანეთში მიიღო დანიშვნა, მაშინ მათ მოილაპარაკეს, რომ ერთდროულად დაიწყებდნენ ამბოხებას: კეისარი - რომში, პიზონი კი ესპანეთში, ამბრანების და ტრანსპადანების მხარდაჭერით. პიზონის სიკვდილმა მათი ჩანაფიქრი ჩაშალა.
10. ედილის თანამდებობაზე ყოფნისას არა მარტო კომიციუმი და ბაზილიკებანი ფორუმი შეამკო, არამედ კაპიტოლიუმზეც ააშენა დროებითი კოლონადები, რათა თავისი სიმდიდრის ნაწილი ეჩვენებინა. თამაშებს და ველურ ნადირებთან ბრძოლებს როგორც ამხანაგთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად წარმოადგენდა, ამიტომ საერთო დანახარჯსაც მხოლოდ მისთვის მოჰქონდა სახელი. მისი ამხანაგი მარკუს ბიბულუსი დაუფარავად აღიარებდა, რომ პოლუქსის ბედი ერგო: როგორც ფორუმზე მდგარ ღვთიური ტყუპების ტაძარს ეძახდნენ მარტო კასტორისას, ასევე მისი კეისართან ერთად გამოჩენილი ხელგაშლილობა მხოლოდ კეისარს მიეწერებოდა.
კეისარი დამატებით გლადიატორების ორთაბრძოლებსაც აწყობდა, მაგრამ იმაზე ნაკლები მებრძოლი გამოჰყავდა, ვიდრე აპირებდა - იმის მიერ ყოველი მხრიდან შეკრებილმა მებრძოლების ბრბომ ისე შეაშინა მოწინააღმდეგეები, რომ საგანგებო ბრძანებით ყველასთვის აიკრძალა განსაზღვრულზე მეტი გლადიატორი ჰყოლოდა რომში.
11. როდესაც ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვა, ტრიბუნების მეშვეობით შეეცადა, რომ სახალხო კრებას იგი ეგვიპტეში გაეგზავნა. ამ რიგგარეშე დანიშვნის მიზეზი ის იყო, რომ ალექსანდრიელებმა თავიანთი მეფე გააძევეს, რომელიც სენატში მოკავშირედ და რომაელი ხალხის მეგობრად იყო გამოცხადებული; ამან კი საერთო უკმაყოფილება გამოიწვია რომში. ოპტიმატების წინააღმდეგობის გამო, წარმატებას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შეეცადა მათი გავლენა ნებისმიერი საშუალებით შეესუსტებინა და გაიუს მარიუსის იუგურთებზე, კიმბრებზე და ტევტონებზე გამარჯვებების აღსანიშნავი ძეგლები აღადგინა, რომელიც თავის დროზე სულამ დაანგრია. სასამართლოს თავმჯდომარეობისას მკვლელობათა საქმეებზე, მკვლელებად გამოაცხადა ისინიც, ვინც პროსკრიპციის დროს ხაზინიდან მაინც იღებდა ფულს რომაელ მოქალაქეთა თავებისთვის, თუმცა კორნელიანეს კანონებით მათთვის გამონაკლისი იყო დაშვებული.
12. კაციც კი დაიქირავა, რომელმაც სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა გაიუს რაბირიუსი, და რომლის ძალისხმევითაც ცოტა ხნით ადრე სენატმა ტრიბუნ ლუციუს სატურნინუსის ამბოხება ჩაახშო. ხოლო როცა კენჭისყრით ამ საქმის მოსამართლედ დაინიშნა, რაბირიუსს ისეთი მონდომებით დასდო ბრალი, რომ განსასჯელს ხალხთან მიმართვისას ყველაზე მეტად მოსამართლის გადამტერებაზე მინიშნებამ უშველა.
13. როცა პროვინციის მიღების იმედს გამოეთხოვა, თავისი კანდიდატურა დიადი პონტიფიკოსის თანამდებობაზე წამოაყენა, უხვად გაიღო ქრთამები და ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ, როგორც ამბობენ, არჩევნებზე წასვლამდე, დედამისთან საკოცნელად შესულმა წარმოთქვა: „ან პონტიფიკოსად დავბრუნდები, ან, საერთოდ, არ დავბრუნდები“. და მართლაც, იმდენად სძლია თავის ორივე, უაღრესად საშიშ მოწინააღმდეგეს, რომლებიც აღემატებოდნენ როგორც ასაკით, ასევე მდგომარეობით, რომ იმათ ტრიბებში გაცილებით მეტი ხმა შეაგროვა, ვიდრე ორივემ ერთად ყველა ტრიბში.
14. პრეტორად იქნა არჩეული, როცა კატალინას შეთქმულება გაიხსნა და სენატმა შეთქმულებს ერთხმად მიუსაჯა სიკვდილი. მხოლოდ მან წამოაყენა წინადადება, მსჯავრდებულები ბადრაგის თანხლებით გაეგზავნათ მუნიციპალიებში, თითოეული ცალკეულ ქალაქში და მოეხდინათ მათი ქონების კონფისკაცია. ამასთანავე, აღწერა ის სახალხო სიძულვილი, რომელიც საუკუნოდ თავს დაატყდებოდა უფრო გადამჭრელი ღონისძიებების მომხრეებს და დამნაშავეებს. ამან ისეთი შიში აღძრა, რომ დანიშნული კონსული დეციმუს სილენუსი შეეცადა, თავდაპირველი აზრი შეერბილებინა, თანაც ამის აღიარება შერცხვა და გამოაცხადა, თითქოს ეს აზრი უფრო მკაცრად იყო განმარტებული, ვიდრე მხედველობაში ჰქონდა.
კეისარმა ბევრი მიიმხრო, მათ შორის კონსულ ციცერონის ძმა და გამარჯვებასაც მიაღწევდა, შეყოყმანებული სენატისთვის მარკუს კატონის სიტყვას სიმტკიცე რომ არ დაებრუნებინა. მაგრამ არც მაშინ შეუწყვეტია წინააღმდეგობა, სანამ შეიარაღებული რომაელი მხედრები, დაცვის მომიზეზებით გარს რომ შემორტყმოდნენ სენტს, სიკვდილით არ დაემუქრნენ ასეთი სიჯიუტისთვის. ისინი უკვე გარს ერტყმოდნენ კეისარს გაშიშვლებული ხანჯლებით, გვერდით მჯდომმა სენატორებმა თავს უშველეს და მხოლოდ რამდენიმე იცავდა, ხელებგადახვეული და ტოგებსაც აფარებდნენ. მხოლოდ მაშინ დაუფარავი შიშით დაიხია უკან და წლის ბოლომდე სენატში აღარ გამოჩენილა.
15. პრეტორად გახდომის პირველსავე დღეს მოითხოვა, რომ კვინტუს კატულუსი ხალხის წინაშე კაპიტოლიუმის აღდგენის ანგარიშით წარმდგარიყო და წინადადებაც წამოაყენა, ეს საქმე სხვისთვის გადაეცათ. მაგრამ უსუსური იყო ოპტიმატების ერთსულოვანი წინააღმდეგობის მიმართ, - რადგან ხედავდა, თუ როგორ იკრიბებოდნენ ბრბოებად, ზურგს აქცევდნენ ახლადარჩეულ კონსულებს და მზად იყვნენ მათთვის პასუხის გასაცემად, საერთოდ, უარი თქვა ამ საქმეზე.
16. თუმცა, როცა სამოქალაქო ტრიბუნი ცეცილიუს მეტელუსი მეტად მეამბოხე კანონპროექტით გამოვიდა, მიუხედავად კოლეგების მიერ დადებული ვეტოსი, კეისარი მის დასაცავად აღდგა და უჩვეულო სიკერპით იცავდა, სანამ თავისი დეკრეტით სენატმა ორივე დროებით არ ჩამოაშორა სახელმწიფოს მართვას. ამის მიუხედავად, კეისარს ეყო სიმამაცე, დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე, ემართა სასამართლო და მომხრეები შეემატებინა. ოღონდ როცა შეიტყო, - ზოგიერთი მზად არის, იარაღით შემაჩეროსო, - თავისი ლიკტორები გაუშვა, პრეტორის ტოგა გაიხადა და ჩუმად გაეშურა შინისკენ, რათა სახელმწიფო მართვას მართლა ჩამოშორებოდა დროებით.
მეორე დღეს იმის სახლთან თავისით შეკრებილმა მოსახლეობამ ერთობ მღელვარე დემონსტრაცია მოაწყო და თანამდებობაზე აღსადგენად დახმარებაც შესთავაზა, მაგრამ მათი შეჩერება შეძლო. რაკი ამას არავინ ელოდა, სენატმა, რომელიც სასწრაფოდ მოიწვიეს სწორედ ამ დემონსტრაციაზე ღონისძიებების მისაღებად, სახალხოდ გამოუცხადა მადლობა თავისი საუკეთესო წარმომადგენლების პირით, მერე კურიაში მიიწვიეს, ყველაზე სახოტბო სიტყვებით შეაქეს, თავიანთი გამოცემული დეკრეტი შეცვალეს და თანამდებობაზე დააბრუნეს
17. მაგრამ ახალი საფრთხე ემუქრებოდა: კატილინას თანამოაზრედ იყო გამოცხადებული. გამომძიებელ ნოვიუს ნიგერის წინაშე ამის შესახებ განაცხადა დამსმენმა ლუციუს ვეტიუსმა, სენატში კი კვინტუს კურიუსმა, რისთვისაც კენჭისყრით სახელმწიფო ფულადი ჯილდო დაუნიშნეს იმისთვის, რომ პირველმა გაამჟღავნა შეთქმულთა ჩანაფიქრი. კურიუსი ამტკიცებდა, ამის შესახებ თავად კატილინასგან სმენოდა, ვეტიუსი კი კეისრის ხელით დაწერილი და კატილინასადმი გაგზავნილი წერილის წარმოდგენას აპირებდა.
მაგრამ კეისარმა, რომალესაც არ სურდა ამის მოთმენა, ციცერონის მტკიცებულება წარმოადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავად მიაწოდა კონსულს ცნობები შეთქმულების გარკვეულ დეტალებზე, რითაც წინ აღუდგა იმას, რომ კურიუსს ჯილდო მიეღო. ვეტიუსი კი, დასჯილი გირაოს შეტანით და ქონების კონფისკაციით, კინაღამ ხალხისგან დაფლეთილი პირდაპირ როსტრიან ტრიბუნასთან, ციხეში ჩააგდეს გამომძიებელ ნოვიუსთან ერთად, რომელმაც საჩივარი მიიღო თანამდებობით აღმატებულზე.
18. პრეტორობის შემდეგ კენჭისყრით შორეული ესპანეთი მიიღო. კრედიტორები არ უშვებდნენ. მათ თავდებების მეშვეობით დააღწია თავი და პროვინციაში წავიდა, კანონების და ჩვეულებების საპირისპიროდ, აღარ დაელოდა ბრძანებას და საშუალებებს. ცნობილი არ არის, მოსალოდნელ პირად სარჩელს გაურბოდა თუ მახვეწარი მოკავშირეების დასახმარებლად მიისწრაფოდა.
პროვინციაში წესრიგი რომ დაამყარა, იმავე სისწრაფით, შემცვლელს აღარ დალოდებია, რომისკენ გამოეჩქარა ტრიუმფისა და კონსულობის საძებრად, მაგრამ არჩევნების თარიღი უკვე დანიშნული იყო და შეეძლო, მაძიებლად გამოსულიყო როგორ ქალაქში შესული კერძო პირი. ცდილობდა, თავისთვის კანონის გვერდის ასავლელი გზა გამოენახა, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა და იძულებული გახდა, უარი ეთქვა ტრიუმფზე, კონსულობა რომ არ დაეკარგა.
19. კონსულობის მაძიებლები კიდევ ორნი იყვნენ: ლუციუს ლუკცეუსი და მარკუს ბიბულუსი. კეისარი პირველს შეუერთდა, რაკი ნაკლებად გავლენიანი, მაგრამ ძალიან მდიდარი იყო; მათ მოილაპარაკეს, რომ ლუკცეუსი ცენტურიონებს თავის პირად ფულს დაპირდებოდა ორივეს სახელით. ეს რომ ოპტიმატებმა გაიგეს, შეეშინდათ, რომ კეისარი არაფრის წინაშე უკან არ დაიხევდა, თუკი უმაღლეს თანამდებობაზე მეგობრად მოკავშირე და თანამოაზრე ეყოლებოდა. მათ მისცეს ბიბულუსს რწმუნება იგივე გულუხვი დაპირებით და ბევრმა ფულითაც მოამარაგა. თავად კატონიც არ უარყოფდა, რომ ეს მოსყიდვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა.
ასე გახდა კონსული ბიბულუსთან ერთად. იმავე მიზეზით ოპტიმატებმა იზრუნეს, რომ მომავალ კონსულებს დანიშვნოდათ უმნიშვნელო პროვინციები - მხოლოდ ტყეები და საძოვრები. ამ წყენამ გნეუს პომპეუსთან მიიყვანა, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა სენატთან, რომელიც მეფე მითრიდატესთან გამარჯვების შემდეგ მისი მოქმედებების რატიფიკაციას აგვიანებდა. პომპეუსთან მარკუს კრასუსი კეისარმა შეარიგა, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთი ერთობლივი კონსულობიდან მტრობდნენ ერთიმეორეს და ორივეს მოკავშირე გახდა. მოილაპარაკეს, რომ ისეთი სახელმწიფოებრივი ღონისძიება არ დაეშვათ, რომელიც სამიდან რომელიმეს არ დააკმაყოფილებდა.
20. თანამდებობაზე მისვლისთანავე, პირველ რიგში ის ბრძანა, რომ შეედგინათ და გამოექვეყნებინათ ყოველდღიური ანგარიშები სენატის და ხალხის შეკრებებზე. აგრეთვე აღადგინა ძველი ჩვეულება, რომ იმ თვეებში, როცა ფასკები არ იყვნენ მასთან, წინ ყოველთვის მიდიოდა მაცნე, ხოლო ლიკტორები უკან მოსდევნენ. როცა წარადგინა კანონპროექტი მიწაზე და კოლეგამ უკეთურ ზრახვებში დაადანაშაულა, იარაღის ძალით გააგდო ფორუმიდან. მეორე დღეს ბიბულუსმა სენატში შეიტანა საჩივარი, მაგრამ არავის ეყო სიმამაცე, ამ ძალადობაზე მოხსენებით გამოსულიყო ან თუნდაც ის ღონისძიებები შეეთავაზებინა, ჩვეულებრივი მცირე უწესრიგობის დროსაც რომ იღებდნენ ხოლმე. ამან ისე გაამწარა ბიბულუსი, რომ სახლიდან აღარ გამოდიოდა თავისი კონსულობის ბოლომდე და მხოლოდ ედიქტებზე გამოხატავდა თავის პროტესტს.
ამ დროიდან კეისარი მარტო, თავის ნებაზე მართავდა ყველას მთელ სახელმწიფოში. ზოგიერთი მახვილგონიერი, ქაღალდებზე მოწმედ ხელმოწერისას, ხუმრობით კეისრისა და ბიბულუსის კონსულობას კი არ აღნიშნავდა, არამედ იულიუსისა და კეისრის კონსულობას, ერთ კაცს აღნიშნავდნენ სახელით და გვარით. მალე ხალხში ასეთი ლექსიც გავრცელდა: კეისრის კონსულობისას აქტი ფაქტადაც ყოფნიდათ.
თუმც ბიბულუსის ხანაში არც არაფერი ყოფილა. სტელას ნაკვეთი, რომელიც წინაპრების მიერ ხელშეუხებლად იყო გამოცხადებული და ხაზინის შესავსებად საიჯაროდ დატოვებული კამპანიის მინდორი კენჭისყრის გარეშე დაუნაწილა იმ ოცი ათას მოქალაქეს, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავდა. მოიჯარეებმა რომ შეღავათი სთხოვეს, გადასახადის მესამედი შეუმცირა და ყველას სთხოვა, ზომიერები ყოფილიყვნენ, როცა მოუწევდათ საიჯარო თანხის მომატება. საერთოდ, უხვად გასცემდა ყველაფერს, რაც უნდა ეთხოვათ, წინააღმდეგობას არა ხვდებოდა ანდა მუქარით ახშობდა.
ლიქტორს უბრძანა, კურიიდან გამოეთრია და ციხეში წაეყვანა მარკუს კატონი, რომელიც სენატში შეკითხვით გამოვიდა. ლუციუს ლუკულუსი, რომელიც მეტისმეტად სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, ისე დაზაფრა ყალბი ბრალდებებით, რომ ფეხებში ჩაუვარდა. ერთხელ ციცერონი სასამართლოში სახელმწიფოს მდგომარეობას დასტიროდა, კეისარმა იმავე დღეს, მეცხრე საათზე, პატრიციებიდან პლებეებში გადაიყვანა მისი მტერი პუბლიუს კლოდიუსი, რასაც თავად კლოდიუსი დიდხანს და წარუმატებლად ცდილობდა. . ბოლოს, მთელი მტრული პარტიის წინააღმდეგ დამსმენი დაიქირავა, რომელსაც უნდა გამოეცხადებინა, რომ პომპეუსის მოსაკლავად აქეზებდნენ, ტრიბუნასთან გამოსულიყო და წამქეზებლების წინასწარ დათქმული სახელები დაესახელებინა. მაგრამ რაკი ინფორმატორმა ერთი თუ ორი სახელი ალალბედზე დაასახელა, ეჭვი გაჩნდა. ასეთი ნაჩქარევი ჩანაფიქრის წარუმატებლობაზე გულაცრუებულმა, როგორც ვარაუდობენ, დამსმენი შხამით მოიცილა.
21. დაახლოებით ამავე დროს ცოლად მოიყვანა კალპურნია, ლუციუს პიზოს, კონსულის პოსტზე თავისი შემცვლელის ქალიშვილი, ხოლო სერვილიუს ცეპიოს, თავისი შვილი იულიას პირველ საქმროს, უარი უთხრა და გაათხოვა გნეუს პომპეუსზე, თუმცა სერვილიუსი მისი მთავარი დამხმარე იყო ბიბულუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. პომპეუსთან დანათესავებული, ხმის მიცემისას პირველად იმას შეეკითხებოდა ხოლმე აზრს, მანამდე კი კრასუსიდან იწყებდა, ხოლო ჩვეულება მოითხოვდა, მთელი წელიწადი გამოკითხვის ის თანმიმდევრობა დაეცვა, რაც კონსულისგან იყო მიღებული იანვრის კალენდში.
22. სიძისა და სიმამრის მხარდაჭერით ყველა პროვინციიდან გალია ამოარჩია სამართავად, რომელიც თავისი შესაძლებლობებით - სიმდიდრეს და კარგი ვითარებით - ტრიუმფებს ჰპირდებოდა. თავიდან, ვატინიუსის კანონით ციზალპური გალია მიიღო, მიმდებარე ილირიკუმით, მაგრამ მალე სენატმა დაუმატა ბანჯგვლიანი გალიაც, - სენატორები შიშობდნენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში ამ ადგილს ხალხიდან მაინც მიიღებდა.
სიხარულით ფრთაშესხმულმა, თავი ვეღარ შეიკავა, რამდენიმე დღის შემდეგ მთელი სენატის წინაშე ტრაბახისაგან, რომ თავისი სურვილების მიზანს მიაღწია, მიუხედავად მოწინააღმდეგეთა უკმაყოფილებისა და ჩივილისა, და ახლა კი ყველა სენატორს ამოსდებდა აღვირს. ვიღაცამ საწყენად შენიშნა, რომ ქალისათვის ეს ადვილი არ არის. კეისარმა კი მიუგო, თითქოსდა ხუმრობით, რომ სირიაშიც ხომ მეფობდა სემირამიდა და ძველად აზიის არცთუ პატარა ნაწილს ამაზონები ფლობდნენ.
23. მისი კონსულობის დასასრულს პრეტორებმა გაიუს მემიუსმა და ლუციუს დომიციუსმა მოითხოვეს გამოძიება გასული წლის ღონისძიებებისა. კეისარმა ეს სენატს დაავალა, მაგრამ სენატმა უარი თქვა. სამი დღე უნაყოფო კამათში გალია და მერე თავის პროვინციაში გაემგზავრა. მაშინვე, თითქოსდა კეისრის გასაფრთხილებად, სასამართლოს გადასცეს მისი კვესტორი. მალე თავად ისიც გამოიძახა საპასუხოდ სახალხო ტრიბუნმა ლუციუს ანტისტიუსმა და მხოლოდ სხვა ტრიბუნებთან თხოვნით კეისარმა იმას მიაღწია, რომ სასამართლოსთვის არ გადაეცათ, სანამ სახელმწიფო საქმეზე იყო წასული.
მომავალში რომ დარწმუნებული ყოფილიყო, ძალიან ცდილობდა ყოველ წელს მაგისტრატებს შორის ჰყოლოდა თავისგან დავალებული ხალხი და მხოლოდ იმ მაძიებლებს ეხმარებოდა ან დაუშვებდა ძალაუფლებამდე, რომლებიც ეთანხმებოდნენ, დაეცვათ მისი არყოფნისას. იქამდეც კი მიდიოდა, რომ ზოგიერთისგან ითხოვდა ფიცს და ხელწერილსაც კი.
24. მაგრამ როცა ლუიციუს დომიციუსმა, კონსულობის კანდიდატმა ღია მუქარა დაუწყო, რომ როგორც კი კონსული გახდებოდა, იმას გააკეთებდა, რაც ვერ შეძლო პრეტორობისას და ჯარს ჩამოართმევდა, მაშინ კეისარმა თავისი პროვინციის ერთ-ერთ ქალაქ ლუკაში პომპეუსი და კრასუსი გამოიძახა, და დაარწმუნა ისინი, მოეთხოვათ მეორე ვადით კონსულობა, რათა დომიციუსი დაემარცხებინათ. თავისთვის კი ამ ორივეს დახმარებით კიდევ ხუთი წლით შეინარჩუნა მეთაურობა.
ამაზე დაყრდნობით, სახელმწიფოდან მიღებული ლეგიონების დამატებად კიდევ ახლები შეკრიბა თავის ანგარიშში, მათ შორის ერთი ტრანსალპელი გალებისგან (ამ ლეგიონს გალურადვე ერქვა „ალაუდა“), რომლებიც შეაიარაღა და განსწავლა რომაულად და შემდეგში რომის მოქალაქეობაც უბოძა.
ამ ხანებიდან ომის ერთი შემთხვევაც კი არ გაუშვია ხელიდან, უსამართლოც და სახიფათოც კი, და პირველი ესხმოდა თავს როგორც მოკავშირე ტომებს, ასევე მტრულსა და ბარბაროსულს. ასე რომ, ერთხელ სენატმა დაადგინა კიდევაც, რომ გალიაში კომისია გაეგზავნათ, იქაური მდგომარეობის გამოსაძიებლად. სხვები წინადადებას აყენებდნენ, რომ მტრისთვის გადაეცათ კეისარი. მაგრამ როცა საქმეები უკეთ წაუვიდა, მის საპატივცემოდ უფრო ხშირად და დიდხანს ინიშნებოდა სამადლობელი ლოცვები, ვიდრე ვინმე სხვაზე.
25. აი, რა ჩაიდინა თავისი მეთაურობის ათ წელიწადში. მთელი გალია, რომელიც მდებარეობს პირენეის ქედის, ალპების, სევენების და მდინარეებს რონასა და რაინს შორის, სულ 3200 მილი, მთლიანად, მხოლოდ მოკავშირე და რომისთვის სამსახურის გამწევი ტომების გარდა, პროვინციად გადააქცია და ორმოცი მილიონი სესტერცი ყოველწლიური გადასახადი დააკისრა.
რომაელებიდან პირველმა მან გააკეთა ხიდი, თავს დაესხა რაინსგაღმა გერმანელებს და სასტიკად დაამარცხა. მანამდე უცნობ ბრიტანელებთანაც შეიჭრა, გატეხა ისინი და, გამოსასყიდი და მძევლები მოითხოვა. ამდენ წარმატებებში მხოლოდ სამჯერ არ გაუმართლა: ბრიტანეთში მისი ფლოტი თითქმის გაანადგურა ქარიშხალმა; გალიაში მისი ერთ-ერთი ლეგიონი დამარცხდა გერგოვიასთან; და გერმანიის საზღვართან, როცა მისი ლეგატები ტიტურიუსი და ორუნკულეიუსი საფარში შეიტყუეს და ამოხოცეს.
26. ამავე წლებში დაკარგა ჯერ დედა, მერე ქალიშვილი და მალე შვილიშვილიც. ამასობაში პუბლიუს კლოდიუსის მკვლელობამ აღაშფოთა მთელი საზოგადოება და სენატმა დაადგინა, მხოლოდ ერთი კონსული აერჩიათ და გნეუს პომპეუსი დაასახელა. სახალხო ტრიბუნებს სურდათ, რომ პომპეუსის კოლეგად გაეყვანათ, მაგრამ თავად ურჩია, ხალხისთვის ეთხოვათ, კეისარს საშუალება ჰქონოდა მივლინების ვადის ამოწურვამდე მეორე კონსულად წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა და ამისთვის რომში ისე არ გამოქცეულიყო, რომ ომი არ დაემთავრებინა.
ამას რომ მიაღწია, უფრო მეტზე დაიწყო ფიქრი და იმედების ასასრულებლად ერთი შემთხვევაც არ გაუშვია, გულუხვობა გამოეჩინა ანდა ვინმეს დახმარებოდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საქმეებში. სამხედრო ალაფის საშუალებით ფორუმის მშენებლობა დაიწყო, რომლის მხოლოდ მიწა ას მილიონ სესტერცზე მეტი ღირდა. თავისი ქალიშვილის სამახსოვროდ გლადიატორთა თამაშები და ბანკეტი გამოაცხადა, - ეს კი მანამდე არავის გაუკეთებია. ამ მოვლენების მოლოდინი რომ უფრო დიდი ყოფილიყო, ბანკეტის კერძები არა მხოლოდ დაქირავებულ მეხორცეებს, არამედ თავის სახლშიც მოამზადებინა.
სახელგანთქმულ გლადიატორებს, რომელიმე ორთაბრძოლაში რომ მაყურებელთა რისხვას დაიტეხდნენ თავს, მისი ბრძანებით, ძალით გადაარჩენდნენ ხოლმე და კეისრის ჯარისთვის ინახავდნენ. ახალგაზრდა მებრძოლებს გლადიატორების სკოლაში ანდა ლანისტებთან კი არ მიაბარებდა ხოლმე, არამედ რომაელი რაინდების კერძო სახლებში და იმ სენატორებთანაც კი, რომლებიც კარგად ფლობდნენ იარაღს. მისი წერილებიდან კარგად ჩანს, როგორი დაჟინებით სთხოვდა მათ, რომ ამ ახალგაზრდების სწავლისათვის თვალყური ედევნებინათ და პირადადაც ხელმძღვანელობდა ვარჯიშებს. ლეგიონერებს სამუდამოდ გაუორმაგა ჯამაგირი; როცა ხორბლის მოსავალი აურაცხელი იყო, კეისარი ყოველგვარი შეზღუდვისა თუ ზომის გარეშე უნაწილებდა ლეგიონერებს, ხოლო ზოგჯერ თითოს თითო მონას ჩუქნიდა ტყვეებიდან.
27. პომპეუსთან ნათესაობა და მეგობრობა რომ შეენარჩუნებინა, ცოლად ოქტავია შესთავაზა, თავისი დის შვილიშვილი, არადა ის უკვე გათხოვილი იყო გაიუს მარცელუსზე, თავად კი იმისი ქალიშვილის ხელი ითხოვა, რომელიც თავის მხრივ ფაუსტუს სულაზე იყო დანიშნული. პომპეუსის ყველა მეგობარი და სენატორთა დიდი ნაწილი თავისზე დამოკიდებული გახადა ფულის უპროცენტოდ ანდა პატარა პროცენტით სესხებით. სხვა ფენების მოქალაქეებს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ თავისით ანდა მიწვევით, გულუხვი საჩუქრებით ავსებდა, არც მათი გააზატებულები და მონები ავიწყდებოდა, თუკი ისინი თავისი პატრონის ან მფარველის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ.
ბოლოს, ის ერთადერთი იყო ვინც ეხმარებოდა ყველას იურიდიულ გართულებებში, ვალებსა თუ გაფლანგვებში იყვნენ მხილებულთ, ოღონდ იმათ გარდა, ვისი დანაშაულის, მფლანგველობისა და სიღატაკის სიმძიმე ისეთი დიდი იყო, რომ კეისარიც კი ვეღარ შველოდა. ამნაირებს პირდაპირ ეუბნეოდა, რომ იმათი გადარჩენა მხოლოდ სამოქალაქო ომს შეეძლო.
28. არანაკლებ ძალისხმევას ხარჯავდა მთელი მსოფილოს მეფეთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად; ზოგს ათასობით ტყვეს უგზავნიდა საჩუქრად, სხვებს დასახმარებლად ჯარს მიაშველებდა სადაც და როგორც უნდოდათ, თანაც სენატის და ხალხის დაუკითხავად. არა მხოლოდ იტალიის, გალიის და ესპანეთის, არამედ საბერძენეთისა და აზიის დიდ ქალაქებს დიდებული ნაგებობებით ამშვენებდა.
ბოლოს, როცა ყველა განცვიფრებული იმას მარჩიელობდა, თუ საით უმიზნებდა, კონსულმა მარკუს კლავდიუს მარცელიუსმა, ედიქტებს გამოუცხადა, რომ აქვს დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე და სენატს შესთავაზა, - კეისრის შემცვლელი ვადაზე ადრე დაენიშნათ, რადგან ომი დამთავრებული იყო, მშვიდობა დამყარდა და დრო იყო, გამარჯვებულს გაეშვა ჯარი; ხოლო არჩევნებზე კეისრის კანდიდატურა დაუსწრებლად არ უნდა მიეღოთ, რადგან პომპეუსმა ამისთვის არ ჩაწერა სათანადო პუნქტები სახალხო დადგენილებაში.
საქმე ის იყო, რომ პომპეუსმა თავის კანონში თანამდებობრივი პირების შესახებ აკრძალა თანამდებობებზე წარდგენა დაუსწრებლად და გულმავიწყობით კეისრისთვისაც არ გაუკეთებია შეღავათი და ეს შეცდომა მხოლოდ მაშინ გაასწორა, როცა კანონი უკვე ამოკვეთილი იყო სპილენძის დაფაზე და ხაზინას ჩაბარებოდა. კეისრისთვის პროვინციების და შეღავათების ჩამორთმევით არ დაკმაყოფილდა მარცელიუსი და ასევე შესთავაზა სენატს, რომ მოქალაქეობრივი უფლებები ჩამოერთმიათ იმ ახალჩამოსახლებულებისთვის, კეისარმა რომ ჩამოიყვანა ვატინიუსის კანონით ნოვუმ კომუმში, - იმის საფუძველზე, რომ იმათ მოქალაქეობა თვალთმაქცური ჩანაფიქრით ჰქონდათ ნაჩუქარი და ეს უკანონობა იყო.
29. ამან კეისარი შეაშფოთა. დარწმუნებული იყო, მისგან ხშირად ესმოდათ, რომ ახლა, როცა პირველი კაცი გახდა სახელმწიფოში, არც ისე ადვილია მისი პირველი ადგილიდან მეორეზე გადმოგდება, როგორც მერე მეორედან - სულ ბოლოზე. ამიტომ მთელი ძალებით დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, ნაწილობრივ ტრიბუნების ვეტოს მეშვეობით, ნაწილობრივ - მეორე კონსულის, სერვიუს სულპიციუსის მხარდაჭერით. მომდევნო წელს გაიუს მარცელუსმა კონსულის თანამდებობაზე შეცვალა თავისი ბიძაშვილი, მარკუსი და ისევ იგივე მოითხოვა. მაშინ კეისარმა დიდი ქრთამით უზრუნველყო მეორე კონსულის, ემილიუს პაულუსის და ტრიბუნებიდან ყველაზე მამაცის, გაიუს კურიონის მხარდაჭერა.
მაგრამ ხედავდა, რომ მის წინააღმდეგ უფრო მეტი გულმოდგინებით მოქმედებდნენ, მომდევნო წლის კონსულებსაც კი მისი გადამტერებულებიდან ირჩევდნენ და სენატს წერილით მიმართა, ითხოვდა, არ ჩამოერთმიათ მისთვის რომაელი ხალხის საჩუქარი; ანდა მაშინ სხვა მხედართმთავრებსაც გაეშვათ თავისი ჯარები. როგორც ვარაუდობენ, იმედი ჰქონდა, საჭიროებისას მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა თავისი ვეტერანების დაძახება, ვიდრე პომპეუსისთვის ახალი მეომრების შეკრება. მოწინააღმდეგეებს შესთავაზა დათანხმებულიყვნენ იმაზე, რომ რვა ლეგიონზე და ტრანსალპური გალიაზე უარის თქმის შემდეგ, კონსულად არჩევამდე შენარჩუნებინა მხოლოდ ორ ლეგიონი და ციზალპური გალია, ანდა ერთ ლეგიონი და ილირიკუმი.
30. როცა არც სენატმა ისურვა ჩარევა, არც მოწინააღმდეგეებმა - რამე შეთანხმებაზე წასვლა, ახლო გალიაში გადავიდა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარების შემდეგ, გაჩერდა რავენაში და ომით დაიმუქრა, თუკი სენატი მკაცრ ღონისძიებებს მიიღებდა მისი მხარდამჭერი ტრიბუნების მიმართ.
ეს, რასაკვირველია, მხოლოდ საბაბი იყო სამოქალაქო ომისა; მისი მიზეზები კი, როგორც ვარაუდობენ, სხვა იყო. მაგალითად, გნეუს პომპეუსი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ კეისარი იმიტომ წავიდა საერთო არეულობაზე და გადატრიალებაზე, რომ თავისი პირადი საშუალებებით აღარ შეეძლო არც იმ მშენებლობების დასრულება, რომლებიც წამოიწყო და არც იმ მოლოდინის გამართლება, რასაც მისი დაბრუნება აღძრავდა ხალხში.
სხვები ამბობენ, თითქოს შიშობდა, რომ მოუწევს პასუხის გაცემა ყველაფერზე, რაც ჩაიდინა თავის პირველ კონსულობაში ადამიანთა მფარველობის, კანონების და დადებული ვეტოების საწინააღმდეგოდ. მარკუს კატონმაც ხომ არაერთხელ დადო ფიცი, რომ, როგორც კი ჯარს გაუშვებდა, მაშინვე პასუხისგებაში მისცემდა და ხალხში ამბობდნენ, რომ თუ კერძო პირად დაბრუნდებოდა, მაშინ მილოსავით შეიარაღებული დაცვით გარშემორტყმულს მოუწევდა თავის დაცვა სასამართლოში.
ეს აზრი უფრო საწმუნოა ასინიუს პოლიოს მტკიცების ფონზე: ფარსალუსთან ბრძოლისას კეისარმა დახოცილი და გაქცეული მტერი რომ ნახა, სიტყვასიტყვით შემდეგი თქვა - „თავად მოინდომეს ეს! მე, გაიუს კეისარს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავაკეთე, დამნაშავედ გამომაცხადებდნენ, ჩემი არმია რომ არ დამეხმარებინა!“
ბოლოს, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ კეისარში ამუშავდა ძალაუფლების ჩვევა და ამიტომ, ჯერ თავისი და მტრის ძალები აწონ-დაწონა, მერე კი შემთხვევით ისარგებლა და ხელში ჩაიგდო უმაღლესი ხელისუფლება, რაზეც ახალგაზრდობიდან ოცნებობდა. როგორც ჩანს, ასევე ფიქრობდა ციცერონი, როცა „მოვალეობების შესახებ“ მესამე წიგნში წერდა, რომ კეისარს სულ პირზე ეკერა ევრიპიდეს სტრიქონები, რომლებსაც ასე თარგმნის: თუ კანონს გადააბიჯებ, - მარტოოდენ მეფობისთვის, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი პატივი უნდა სცე.
31. და აი, როცა ცნობამ მოაღწია, რომ ტრიბუნების ჩარევას წარმატება არ მოჰყოლია, და რომ თავად მოუწიათ რომიდან წასვლა, კეისარმა მაშინვე დაძრა კოჰოტები. და ეჭვი რომ არ გამოეწვია, სხვათა დასანახად სახალხო სანახაობებზე იარებოდა და განიხილავდა გლადიატორთა სკოლის გეგმას, რომლის აგებასაც აპირებდა, და ასევე, ჩვეულებისამებრ, მოაწყო დიდი ვახშამი.
მაგრამ მზე რომ ჩავიდა, მეზობლად მდებარე წისქვილიდან ნათხოვარი, ჯორებშებმული საზიდრით მალულად დაადგა გზას, მხოლოდ რამდენიმე თანამგზავრი ახლდა. მაშხალები ჩაქრა, გზაც აებნა, დიდხანს ხეტიალობდა და მხოლოდ გამთენიისას გამცილებელი იპოვა და ფეხით გაიარა ვიწრო ბილიკები და, ბოლოსდაბოლოს, სწორ გზაზე გამოვიდა. ლეგიონებს თავისი პროვინციის საზღვარზე, მდინარე რუბიკონთან წამოეწია. აქ შეყოვნდა და, იმაზე ჩაფიქრების შემდეგ, თუ რა ნაბიჯის გადადგმას ბედავდა, თანამგზავრებს მიუბრუნდა და უთხრა: „ჯერ კიდევ შეიძლება უკან დაბრუნება. მაგრამ საკმარისია, ეს ხიდი გადავიაროთ, რომ ყველაფერს იარაღი გადაწყვეტს“.
32. კიდევ ყოყმანობდა, რომ უცებ ასეთი ხილვა ჰქონდა. შორიახლოს მოულოდნელად უცნობი კაცი გამოეცხადა, უცნაური სიმაღლისა და სილამაზისა - იჯდა და სალამურზე უკრავდა. სალამურის ხმაზე მოირბინეს არა მხოლოდ მწყემსებმა, არამედ ბევრმა მეომარმა და მესაყვირეებმაც. ერთ მათგანს ამ კაცმა საყვირი გამოსტაცა, მდინარეში გადახტა და გამაყრუებელი საომარი სიგნალი დასცხო, თან მეორე ნაპირისკენ მიდიოდა. მაშინ კეისარმა შესძახა: „წინ! წინ, საითაც ღმერთების ნიშანი და ჩვენი მოწინააღმდეგის უსამართლობა გვიხმობს!.. წილი ნაყარია“.
33. ასე გადაიყვანა ჯარი. და შემდეგ, საერთო შეკრებაზე გამოიყვანა მასთან გამოქცეული, გამოძევებული სახალხო ტრიბუნები, ატირდა, ტანსაცმელი შემოიგლიჯა მკერდზე და ჯარისკაცებს ემუდარებოდა, მისი ერთგულები დარჩენილიყვნენ. იმასაც კი ამბობენ, თითქოს თითოეულ მათგანს რაინდის მდგომარეობას დაპირდა, მაგრამ ეს გაუგებრობაა. ჯარისკაცებს რომ მოუწოდებდა, ხშირად აჩვენებდა მათ მარცხენა ხელის თითს და არწმუნებდა, რომ მზად იყო, გაეცა თავისი ბეჭედიც, რათა დაეჯილდოებინა თავისი ღირსების დამცველები. ხოლო უკანა რიგებიდან, საიდანაც უფრო ხედავდნენ, ვიდრე უსმენდნენ ორატორს, უხმო ნიშნები სიტყვებად მიიღეს და აქედან წამოვიდა ხმა, თითქოს რაინდების ბეჭდებს და ოთხასი ათას სესტერცს დაჰპირდა.
34. მისი შემდგომი მოქმედებანი, მოკლედ და წყობისად, ასეთი იყო. შევიდა უმბრიაში, პიცენუმში, ეტრურიაში. მის შემცვლელად უკანონოდ დანიშნული და კორფინიუმის გარნიზონის უფროსი ლუციუს დომიციუსი აიძულა, დანებებოდა, მაგრამ ტყვედ არ დაუტოვებია, გაუშვა. მერე ადრიატიკის გაყოლებაზე ბრუნდიზიუმისკენ განაგრძო გზა, სადაც კონსულები და პომპეუსი გაქცეულიყვნენ და როგორც კი შეძლებდნენ, ზღვის გადაცურვას აპირებდნენ.
იმ წარუმატებელი ცდების შემდეგ, რომ ნებისმიერი ხერხით გაცურვის საშუალება არ მიეცა მათთვის, რომისკენ გადაუხვია. და სენატის შეკრების შემდეგ, სადაც სახელმწიფოში შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა, პომპეუსის უძლიერესი არმიის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ესპანეთში იდგა სამი ლეგატის ხელმძღვანელობით - მარკუს პეტრეიუსის, ლუციუს აფრენიუსის და მარკუს ვარონისა. გასვლის წინ მეგობრებს უთხრა: „ახლა უსარდლო ჯარის შესახვედრად მივდივარ და უჯარო სარდალს მერე დავუბრუნდები“. და თუმცა მასილიას ალყა - გზად მიმავალს რომ გადაუკეტეს კარიბჭეები და სურსათის ნაკლებობა - აყოვნებდა, მალე ყველა დაიმორჩილა.
35. ესპანეთიდან რომში დაბრუნებული, მაკედონიაში გადავიდა და იქ მთელი ოთხი თვე იჭერდა პომპეუსს მძლავრი სიმაგრეების რკალში, ბოლოს გატეხა კიდეც ფარსალის ბრძოლაში და გაქცეულს ალექსანდრიამდე სდია, სადაც უკვე მოკლული იპოვნა. რაკი ხედავდა, რომ მეფეპტოლემეუსი მის მიმართაც ავს იზრახავდა, მოუწია უჩვეულოდ რთული ომის წარმოება, არახელსაყრელ ადგილზე და ცუდ დროს, ზამთარში, მარაგის გარეშე, მოუმზადებლად, მდიდარი და ეშმაკი მტრის დედაქალაქში. გაიმარჯვა და ეგვიპტე კლეოპატრას და მის უმცროს ძმას მისცა, ვერ გაბედა მისი პროვინციად გადაქცევა, რომ რომელიმე მარჯვე ნაცვალს არ შესძლებოდა, ამხელა ქვეყანას დაყრდნობდა ახალი არეულობების წამოსაწყებად.
ალექსანდრიიდან სირიაში გაემართა და მერე პონტოში, შეშფოთებული იყო მითრიდატე დიდის შვილზე, ფარნაკეზე მოსული ცნობებით, რომელმაც ისარგებლა ომის დაწყების შესაძლებლობით და უკვე მთვრალიც გახლდათ მრავალი გამარჯვებით. თავისი იქ ჩასვლის მეხუთე დღეს, გამოჩენიდან მეოთხე საათზე, კეისარმა დაამარცხა იგი ერთადერთ ბრძოლაში. მერე ხშირად იხსენებდა, თუ როგორ გაუმართლა პომპეუსს, მხედარმთავრის დიდება მოეპოვებინა ისეთ მტერზე გამარჯვებით, რომელმაც ბრძოლა არ იცის. ამის მერე აფრიკაში სციპიონი და იუბა დაამარცხა, რომლებთანაც თავშესაფარს ეძებდნენ მოწინააღმდეგის გადარჩენილი მომხრეები; და ესპანეთში - პომპეუსის შვილები.
36. მთელ ამ სამოქალაქო ომში ერთხელაც არ დამარცხებულა. წარუმატებლობების გადატანა მხოლოდ მის ლეგატებს უხდებოდათ: გაიუს კურიო აფრიკაში მოკლეს, გაიუს ანტონიუსი ილირიკუმში მტერს ჩაუვარდა ტყვედ, პუბლიუს დოლაბელამ იმავე ილირიკუმში თავისი ფლოტი დაკარგა, ხოლო გნეუს დომიციუს კალვინუსმა პონტოში - თავისი ჯარი. თავად კეისარი შეუცვლელად იბრძოდა შესანიშნავი გამარჯვებებით, საეჭვო წარმატებები რა იყო, არ იცოდა, ორი შემთხვევის გარდა: ერთხელ დირაქიუმთან, როცა პომპეუსმა გააქცია, მაგრამ არ დასდევნებია, შესძახა, რომ პომპეუსმა არ იცის გამარჯვება; და მეორედ, ესპანეთის ბოლო ბრძოლაში, - როცა დარწმუნდა, რომ ბრძოლა წააგო, თავის მოკვლას აპირებდა.
37. ომის დამთავრება ხუთი ტრიუმფით აღნიშნა: ოთხი ერთ თვეში, მაგრამ შუალედებით, - სციპიონზე გამარჯვების შემდეგ, და მეხუთე - პომპეუსის შვილებზე გამარჯვებისას. პირველი და ყველაზე ბრწყინვალე ტრიუმფი გალიისა იყო, მერე - ალექსანდრიისა, შემდეგ - პონტოსი, კიდევ - აფრიკული და ბოლოს - ესპანური, და თითოეული გამოირჩეოდა სხვებისგან თავისი განსაკუთრებული სიუხვითა და მოწყობით.
გალური ტრიუმფის დროს ველაბრუმზე ღერძი გაუტყდა და კინაღამ გადმოვარდა ეტლიდან. კაპიტოლიუმზე ცეცხლის თანხლებით შევიდა, ორმოცი მაშხალიანი სპილო მოჰყვებოდა მარჯვნივ და მარცხნივ. პონტოს ტრიუმფში სხვა საგნებს შორის პროცესიას მოჰქონდა სამსიტყვიანი წარწერა: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“, - როგორც წესი, ამით ომის მოვლენას კი არ აღნიშნავდა, არამედ მისი დამთავრების სიჩქარეს.
38. თავის ძველ ლეგიონერებს ალაფიდან ოცდაოთხი ათასი სესტერცი დაურიგა, თუ არ ჩავთვლით ორი ათასს, გადახდილს სამოქალაქო ომის დაწყებისას. მიწებიც გამოუყო, მაგრამ არა ერთ ზოლად, თავისი ალაგებიდან რომ არ გაეყარა წინა მფლობელები. ხალხს დაურიგა ათი საწყაო მარცვლეული და ამდენივე ფუნტი ზეთი, ფულით კი სამას-სამასი სესტერცი, ადრე დაპირებული და კიდევ ას-ასიც იმისთვის, რომ ლოდინი მოუწიათ.
ისინი, ვინც რომში ცხოვრებისათვის ორი ათას სესტერცამდე იხდიდნენ და იტალიაში - ხუთასამდე, ერთი წლით გაათავისუფლა ამ გადასახადიდან. დამატებით გამართა ლხინი და ხორციც დაარიგა, ხოლო ესპანური ტრიუმფის მერე - კიდევ ორი სადილი: პირველი ღარიბული და თავისი გულუხვობისთვის არასაკადრისი მოეჩვენა, ამიტომ ოთხი დღის შემდეგ მეორე გამართა, გაუგონრად მდიდრული.
39. სანახაობებს სულ ნაირ-ნაირს აწყობდა: გლადიატორების ბრძოლასაც, თეატრალურ წარმოდგენებს ქალაქის ყველა კვარტალში და ყველა ენაზე, დოღებს - ცირკში, ათლეტების შეჯიბრსაც და საზღვაო ბრძოლასაც. საგლადიატორო შეტაკებაში ფორუმზე სასიკვდილოდ იბრძოდნენ ფურიუს ლეპტინუსი პრეტორული გვარიდან და კვინტუს კალპენუსი, ყოფილი სენატორი და სასამართლოს ორატორი. სამხედრო ცეკვას ასრულებდნენ აზიის და ბითინიის მფლობელთა შვილები.
რომაელი მხედარი დეციუს ლებერიუსი თავისი შეთხზული ფარსის დეკლამაციით გამოვიდა თეატრში, ჯილდოდ ხუთასი ათასი სესტერცი და ოქროს ბეჭედი მიიღო, და პირდაპირ სცენიდანვე გადაიარა ორქესტრა და თავისი ადგილისკენ გასწია პირველ თოთხმეტ რიგში. დოღებზე, რომლისთვისაც ცირკი ორივე მხრიდან გაფართოვდა და წყლიანი თხრილი შემოერტყა გარს, დიდგვაროვანი ოჯახის ახალგაზრდები მართავდნენ ოთხცხენიან და ორცხენიან სარბოლო ეტლებს. ორი ცხენით ერთდროულად გამოჭენებულები, ერთიდან მეორე ცხენამდე იხრებოდნენ და ხტომას აჩვენებდნენ. ტროას თამაშს ორ ჯგუფად, უფროსებად და უმცროსებად დაყოფილი ბიჭები ასრულებდნენ.
ველური ცხოველებით ბრძოლა ხუთი დღე გრძელდებოდა, ბოლოს კი ნაჩვენები იყო ორი ლეგიონის შეტაკება, ხუთას-ხუთასი ქვეითით, ოც-ოცი სპილოთი და სამას-სამასი მხედრით. საბრძოლველად რომ მეტი ფართობი ჰქონოდათ, ცირკში აიღეს მოსახვევის მოსანიშნი ბოძები და მათ ადგილზე ორი ბანაკი ააშენეს ერთიმეორის საპირისპიროდ. ათლეტები ერთმანეთს სამი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ დროებით სტადიონზე, რომელიც მარსის მინდვრის მახლობლად აიგო.
საზღვაო ბრძოლისთვის ტბის ალაგი გათხარეს პატარა კოდეტას მინდორზე. ბრძოლაში მონაწილეობდნენ ბირემები, ტირიულისა და ეგვიპტურის მსგავსი ტრიტემები, უამრავი მებრძოლით. ამ სანახაობისთვის ყოველი მხრიდან იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ ბევრი ჩამოსული ქუჩებში და ქუჩაბანდებში გამართულ კარვებში ათევდა ღამეს, ხოლო ჭყლეტა იმისთანა იყო, რომ ბევრი სასიკვდილოდ დაშავდა, მათ შორის ორი სენატორიც.
40. მერე სახელმწიფოებრივი საქმეების მოწყობას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ქურუმების დაუდევრობით არეულ-დარეული კალენდარი შეასწორა, რომლებსაც თავის ნებისაებრ შიგ ისე ჩაესვათ თვეები და დღეები, რომ მომკლეთა ზეიმი ზაფხულს ასცდენოდა, ხოლო ყურძნის მოკრეფისა - შემოდგომას. მზის მოძრაობის გამოყენებით დაადგინა წელიწადში სამას სამოცდახუთი დღე, და ჩასმული თვის ნაცვლად ერთი დამატებული დღე ყოველ ოთხ წელიწადში.
დროის სწორი ათვლა რომ დაწყებულიყო მომდევნო იანვრის კალენდებიდან, ნოემბერსა და დეკემბერს შორის ორი სხვა თვე ჩასვა. ასე რომ, წელიწადი, როცა ეს გარდაქმნები ხდებოდა, თხუთმეტთვიანი აღმოჩნდა, თუ ჩვეულებრივ, იმ წელიწადს ჩასასმელ თვესაც მივათვლიდით.
41. შეავსო სენატი, მოხუც პატრიციებს ახლები დაუმატა. გაზარდა პრეტორების, ედილების, კვესტორების რაოდენობა და უმცროსი მოხელეებისაც კი. იმათ, ვისაც ცენზორების მიერ წოდება ჰქონდა ჩამორთმეული ანდა სასამართლოს მიერ მოსყიდვისთვის იყო გასამართლებული, უფლებები აღუდგინა.
არჩევნები ხალხთან ერთად გაიყო: კონსულობის მაძიებელთა გამოკლებით, კანდიდატების ნახევარი ხალხის სურვილით აირჩეოდა, მეორე ნახევარი კი კეისრის დანიშვნით. ნიშნავდა ამნაირი მოკლე ჩანაწერებით, რომლებიც ტრიბებში იგზავნებოდა: „დიქტატორი კეისარი - რომელიმე ტრიბს. თქვენს წინაშე წარმოვადგენ ამას და ამას, რათა თქვენი არჩევანისამებრ მიიღოს თავისთვის სასურველი წოდება“. თანამდებობებზე იმათი შვილებიც დაუშვა, ვინც პროსკრიპციის დროს სიკვდილი მიუსაჯეს. სასამართლოში ორი მოსამართლის დეკურია დატოვა: სასენატორო და მხედრული; მესამე - ხაზინის (ერარული) ტრიბუნებისა კი გააუქმა.
მოქალაქეთა აღწერა ჩაატარა არა ჩვეულ ადგილას და არა ჩვეული წესით, არამედ კვარტალების მიხედვით და სახლების მფლობელთა დახმარებით, და ხაზინიდან პურის მიმღებთა რაოდენობა სამას ოცი ათასიდან ასორმოცდაათი ათასამდე შეამცირა. ხოლო სიების განახლების დროს ახალი არეულობები რომ არ მომხდარიყო, განაწესა, რომ ყოველ წელს პრეტორს კენჭისყრით ჩაენაცვლებინა გარდაცვლილი მიმღებები ახლებით, იმათი რიცხვიდან, ვინც სიებში არ იყო მოხვედრილი.
42. ამას გარდა, ოთხმოცი ათასი მოქალაქე ზღვისგაღმა კოლონიებში ჩაასახლა. ქალაქის შეთხელებული მოსახლეობის შევსების მიზნით გამოსცა კანონი, რომ არც ერთ ოცზე მეტი და ორმოცზე ნაკლები წლის მოქალაქეს, თუ არ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, უფლება არ ჰქონდა, სამ წელზე მეტი ხნით მიეტოვებინა იტალია; და სენატორების შვილებიდან არავინ წასულიყო ქვეყნიდან სხვაგვარად, თუ არა თანამდებობის პირის სამხედრო ან სამოქალაქო ამალის შემადგენლობაში ყოფნით; და ნახირის მფლობელებს თავიანთი მწყემსების არანაკლებ მესამედისა აეყვანათ მოზრდილი, თავისუფალი ადამიანებიდან. ყველას, ვინც რომში მედიცინას ემსახურებოდა, და კეთილშობილ ხელოვნებათა ყველა მასწავლებელს რომის მოქალაქეობა აჩუქა, რომ მეტი მონდომებით დასახლებულიყვნენ ქალაქში და სხვებიც მოეყვანათ.
მან ვერ გაამართლა არაერთხელ გაჩენილი იმედები სესხების ვალდებულებების შეცვლაზე, მაგრამ ბოლოს დაადგინა, რომ მევალეების გადასახადები მსესხებლებისგან განსაზღვრულიყო იმ ღირებულებით, როგორებიც ჰქონდა მათ მამულებს სამოქალაქო ომამდე, და ვალის მთლიან თანხას ჩამოეწერებოდა ყველა გადახდები ანდა გადარიცხვები პროცენტებით. ეს კი ვალს თითქმის მეოთხედით ამცირებდა.
მან დაშალა ყველა კოლეგია, ყველაზე ძველების გამოკლებით. სასჯელი მოუმატა დამნაშავეებს; რაკი მდიდარი ადამიანები იმიტომაც მიდიოდნენ უკანონობაზე, რომ მთელი თავის ქონებას განდევნილობისას ისევ დაინარჩუნებდნენ ხოლმე, - კეისარმა, ციცერონის სიტყვით, დაიწყო დასჯა მოქალქის მკვლელობისათვის ქონების ჩამორთმევით, სხვა დანაშაულების დროს კი - ნახევარი ქონებისა.
43. სასამართლოს უჩვეულოდ ფხიზლად და მკაცრად მართავდა. იმათ, ვინც გამოძალვისთვის იყო გასამართლებული, სენატორების ფენიდან აძევებდა. ერთი ყოფილი პრეტორის ქორწინება წინა დღეს ქმარგაშორებულ ქალთან გააუქმა, თუმცა ღალატზე ეჭვი არა ყოფილა. უცხოურ საქონელზე ბაჟი დააწესა. ტახტრევნები, ასევე სადაფის კაბები და მარგალიტის სამკაულები მხოლოდ განსაზღვრულ პირთა გამოსაყენებლად დატოვა, განსაზღვრულ ასაკში და განსაზღვრულ დღეებში.
განსაკუთრებით სასტიკად იცავდა ფუფუნების წინააღმდეგ კანონებს. ბაზრის გარშემო დარაჯები განალაგა, რათა ჩამოერთვათ და მისთვის წარმოედგინათ აკრძალული სანოვაგე, ხოლო თუ რამე გამოეპარებოდათ, ხანდახან გააგზავნიდა ლიკტორებს ჯარისკაცების თანხლებით, რათა აეღოთ უკვე მიტანილი კერძები პირდაპირ მაგიდებიდან.
44. დღითიდღე უფრო და უფრო დიად და მრავალრიცხოვან გეგმებს ჩაიფიქრებდა ხოლმე დედაქალაქის მოსაწყობად და დასამშვენებლად, იმპერიის გასაძლიერებლად და გასაფართოებლად: პირველ რიგში, მარსის ტაძარი ისე განაახლა, როგორიც არასოდეს ყოფილა, რომლისთვისაც ის ტბა ამოავსო და მოასწორა, სადაც საზღვაო ბრძოლებს მართავდა, ხოლო ტარპეის კლდის ფერდობზე დიდებული თეატრი მოაწყო.
სამოქალაქო სამართალი მოეყვანა სათანადო წესრიგში, რამდენიმე წიგნში შეერჩია ყველაფერი საუკეთესო და საჭირო უამარავი კანონიდან; გაეხსნა რაც შეიძლება მდიდარი ბიბლიოთეკები, ბერძნული და ლათინური, და მათი შედგენა მარკუს ვარონს მიანდო; ამოეშრო პომპტინეს ჭაობები; ფუკინუსის ტბის დონე დაეწია; გზა გაეყვანა ადრიატიკიდან აპენინის ქედის გადავლით ტიბრამდე; ისტმი გადეთხარა არხით; დაეშოშმინებინა თრაკიაში და პონტოში შემოჭრილი დაკიელები; მერე კი პართელებზე ელაშქრა მცირე არმენიის გავლით, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა იქამდე არ მიეღო, სანამ წინასწარ კარგად არ გაიცნობდა მოწინააღმდეგეს.
ამგვარ ჩანაფიქრებში და საქმეებში წამოეწია სიკვდილი. თუმცა სანამ ამაზე ვიტყოდეთ, ზედმეტი არ იქნება მოკლედ გადმოვცე ყველაფერი, რაც შეეხება მის გარეგნობას, ჩვეულებებს, სამოსს, ზნეობას, ასევე მის მოღვაწეობას საომარ და მშვიდობიანობის დროს.
45. ამბობენ, რომ მაღალი იყო, თეთრი, კარგი აგებულების, სახე ცოტა სრული, თვალები შავი და ცოცხალი. ჯანმრთელობა შესანიშნავი ჰქონდა, მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დაეწყო უცაბედი გულისწასვლები და ღამის კოშმარები, ვარჯიშისას ორჯერ ჰქონდა ბნედის შეტევები.
თავის სხეულს მეტისმეტი გულმოდგინებით უვლიდა, მარტო კი არ იკრეჭდა და იპარსავდა, იგლეჯდა კიდეც, და ამაზე ბევრი საყვედურობდა. სიმელოტეს ვერ იტანდა, რაკი ხშირად იწვევდა ავისმოსურნეთა სიცილს. ამიტომ შეთხელებულ თმას კეფიდან შუბლზე გადმოივარცხნიდა ხოლმე. დიდი სიამოვნებით მიიღო და სარგებლობდა უფლებით, მუდმივად ეტარებინა დაფნის გვირგვინი.
ის იცმევდა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებულად, - ატარებდა სენატორის ფოჩებიან და ფურფუჭელებიან ტუნიკას, თან დაუყოვნებლივ შემოირტყამდა ხოლმე სარტყელს, ოღონდ მოფომფლოვებულად. აქედან წამოვიდა სულას ნათქვამი, რომელიც ხშირად სთხოვდა ოპრიმატებს, - ეფრთხილათ ცუდად სარტყელშემოხვეულ ყმაწვილთან.
46. თავიდან სუბურაზე მოკრძალებულ სახლში ცხოვრობდა, ხოლო როცა დიდი პონტიფიკოსი გახდა, დასახლდა წმინდა გზაზე მდგარ სახელმწიფო შენობაში. ბევრი წერს, რომ ძალიან უყვარდა ელეგანტურობა და ფუფუნება. ამბობენ, რომ ტბა ნემისთან დიდ ფულად საძირკველი ჩაუყარა და ააშენა ვილა, მაგრამ მთლად არ მოეწონა და საძირკვლამდე დაანგრია, თუმცა ისევ ვალებში იყო. ლაშქრობებში თან დაჰქონდა მოზაიკური იატაკები.
47. ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში მარგალიტის მიღების იმედით შეიჭრა. და რომ მარგალიტების სიდიდის შესადარებლად, ხშირად ეწყო ისინი ხელისგულებზე. ძვირფასი ქვების, ჭედურობების, სტატუეტების და ძველი ნახატების გულმოდგინე კოლექციონერი იყო. მშვენიერ და სწავლულ მონებს ისეთ გაუგონარ ფასებად ყიდულობდა, რომ თავადვე რცხვენოდა და წიგნებში მათ შეტანას კრძალავდა.
48. პროვინციებში მუდმივად ორ მაგიდაზე აწყობდა სადილს, ერთზე სხდებოდნენ სტუმრები სამხედრო ლაბადებით ბერძენი მეგობრები, მეორეზე - სტუმრები ტოგებით და ყველაზე ცნობილი ადგილობრივი მცხოვრებნი. სახლში წესრიგს იმდენად მკაცრად იცავდა დიდსა თუ პატარა საქმეში, რომ ერთხელ მცხობელს ხუნდები დაადო იმისთვის, რომ სტუმრებს ისეთივე პური არ მიუტანა, როგორიც ბატონს. სხვა დროს სიკვდილით დასაჯა თავისი გააზატებული კაცი რომაელი მხედრის ცოლის შეცდენისათვის, თუმცა ამაზე არავინ ჩიოდა.
49. სიბრძნეში მისი ერთადერთი ლაქა იყო მეფე ნიკომედესთან თანაცხოვრება. ეს იყო მძიმე და წარმოუდგენელი სირცხვილი, თავს რომ დაიტეხა მასობრივ ჭორებად. არ ვლაპარაკობ ლიცინიუს კალვას ცნობილ სტრიქონებზე: ... და ყველა დანარჩენი, რასაც ბითინიელებიდან ფლობდა კეისრის უკანა მეგობარი.
ხმას არ ამოვიღებ დოლაბელას და კურიო უფროსის სიტყვებზე, სადაც დოლაბელა ეძახის „მეფის საგებელს“ და „დედოფლის გამშორებელს“, ხოლო კურიო - „ნიკომედის მოწყვლად ადგილს“ და „ბითინიელ მოშუშულ ხორცს“.
არ ვლაპარაკობ ბიბლუსის ედიქტებზე, რომელშიც თავის კოლეგას ბითინიელ დედოფალს ეძახის და აცხადებს, - ადრე მეფე უნდოდა, ახლა მეფობაო. იმავდროულად, მარკუს ბრუტუსის სიტყვებით, რომელიღაც ოქტავიუსმა, სუსტი ჭკუისა და ამიტომ ენააშვებულმა კაცმა, მთელ ხალხში პომპეუსს მეფე დაუძახა, ხოლო კეისარს - დედოფალი. მაგრამ გაიუს მემიუსი სიტყვას აწყვეტინებს იმით, რომ ის იდგა ნიკომედესთან ღვინისდამსხმელად სხვებთან ერთად დიდ ქეიფში, სადაც ესწრებოდა ზოგიერთი სტუმარი რომის ვაჭრებიდან, რომლებსაც სახელებით ჩამოთვლის.
ციცერონი ზოგიერთ თავის წერილში წერს, როგორ წაიყვანეს მეფის მსახურებმა კეისარი საძინებელში, როგორ დაწვა ძოწეულის სამოსელში გამოწყობილი ოქროს ტახტზე და როგორ გაიხრწნა ბითინიაში ამ ვენერას შთამომავლის სიყმაწვილის ყვავილი. უფრო მეტიც, როცა ერთხელ კეისარი ლაპარაკობდა ნისას, ნიკომედესის ქალიშვილის დასაცავად და ჩამოთვლიდა ყველა დამსახურებას, რაც მეფეს მისთვის გაუწევია, ციცერონმა გააწყვეტინა: „მოვეშვათ ამას, გთხოვ. ყველამ მშვენივრად იცის, რაც მოგცა იმან და შენ რაც მიეცი!“
და ბოლოს, გალიის ომის ტრიუმფის დროს, ეტლს ადევნებულები სხვა დამცინავ სიმღერებთან ერთად ამასაც, ძალიან გახმაურებულსაც მღეროდნენ: კეისარი გალებს იპყრობს, ნიკომედეს - კეისარს: ახლა კეისარი ზეობს გალთა მპყრობელ მეისრად, - ნიკომედეს არ ზეიმობს, მეისრად ჰყავს კეისარს.
50. სასიყვარულო შექცევისას, საერთო აზრით, ხარბი და მფლანგველი იყო. ბევრი ცნობილი ქალის საყვარელი იყო, მათ შორის პოსტუმიასი, სერვიუს სულპიციუსის ცოლისა; ლოლიასი, აულუს გაბინიუსის ცოლისა; ტერტულასი, მარკუს კრასუსის ცოლისა და თვით მუციასი, გნეუს პომპეუსის ცოლისა. მართლაც, მამა-შვილი კურიონები და სხვაც მრავალი პომპეუსს საყვედურობდნენ, რომ ხელისუფლების წყურვილის გამო ცოლად მოიყვანა იმ კაცის ქალიშვილი, ვისი გულისთვისაც გააგდო ცოლი, სამი შვილი რომ გაუჩინა, და რომელსაც ოხვრით იგონებდა, როგორც თავისი ეგისთუსს.
მაგრამ ყველაზე მეტად მარკუს ბრუტუსის დედა, სერვილია უყვარდა, ვისთვისაც თავისი პირველი კონსულობისას ექვსმილიონიანი მარგალიტი იყიდა, ხოლო სამოქალაქო ომში, სხვა საჩუქრები რომ არ ჩავთვალოთ, ლამის უფასოდ მიჰყიდა აუქციონიდან უმდიდრესი აგარაკი. როცა ბევრი გაოცებული იყო ასეთი სიიაფით, ციცერონმა მახვილგონივრულად შენიშნა: „რით არის ცუდი გარიგება, თუკი მესამედი ნაწილი გამყიდველთან რჩება?“ საქმე იმაშია, რომ სერვილიას, როგორც ამჩნევდნენ, დადიოდა კეისართან საკუთარი შვილთან იუნია ტრეციასთან ერთად.
51. პროვინციებშიც რომ არ ეხსნებოდა სხვის ცოლებს, ის ორსტროფედიც აჩვენებს, რომელსაც გალიის ტრიუმფში მღეროდნენ ჯარისკაცები: უდარაჯეთ, არ მოშორდეთ ცოლებს, ქალაქს მოდის თავმელოტი მაცდური. აქ ნასესხებ ფულის მაღალ გორებს გალიაში ფლანგვა უნდა კაცური.
52. მის საყვარლებში დედოფლებიც იყვნენ ევნოე მავრის ჩათვლით, ბოგუდესის ცოლისა და, როგორც ნაზონი წერს, ცოლსაც და ქმარსაც მრავალრიცხოვან და ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდა. მაგრამ ყველაზე მეტად კლეოპატრა უყვარდა, ვისთანაც არაერთხელ მოულხენია გათენებამდე. მზად იყო, კლეოპატრას მდიდრულ სათავსოებიანი ხომალდით გადაეცურა მთელი ეგვიპტე ეთიოპიამდე, ჯარს რომ უარი არ ეთქვა უკან მიყოლაზე. ბოლოს რომში მიიწვია და მანამდე არ გაუშვა, სანამ დიდი პატივით არ მიიღო და ძვირფასი საჩუქრები არ უძღვნა, თანაც კლეოპატრას უფლება მისცა, რომ თავისი ახლად დაბადებული შვილისთვის კეისრის სახელი დაერქმია.
ზოგიერთი ბერძენი მწერალი აცხადებს, რომ ეს შვილი კეისარს ჰგავდა სახითაც და აგებულებითაც. მარკუს ანტონიუსი უმტკიცებდა სენატს, რომ კეისარმა ბიჭი თავის შვილად აღიარა და რომ ეს ცნობილია გაიუს მათიუსისთვის, გაიუს ოპიუსისთვის და კეისრის სხვა მეგობრებისთვის. თუმცა ამ გაიუს ოპიუსმა მთელი წიგნი დაწერა იმის მტკიცებაში, რომ ბავშვი, რომელსაც კლეოპატრა კეისრის შვილად ასაღებდა, სინამდვილეში სულაც არ არის კეისრისა. სახალხო ტრიბუნი ჰელვიუს ცინა, აღიარებდა, რომ დაწერილი და მომზადებული ჰქონდა კანონპროექტი, რომლის დასამტკიცებლად გატანაც კეისარმა უბრძანა თავის არყოფნაში; ამ კანონის მიხედვით კეისარს უფლება ეძლეოდა, რამდენიც და როგორიც უნდოდა, იმდენი და ისეთი ქალი მოეყვანა ცოლად, მემკვიდრეების გაჩენის მიზნით. ბოლოს, ეჭვები რომ აღარ დარჩეს მისი უზნეობითა და გარყვნილობით შექმნილ სამარცხვინო სახელზე, მოგაგონებთ, რომ კურიო უფროსმა რომელიღაც სიტყვაში მოიხსენია ყველა ცოლის ქმრად და ყველა ქმრის ცოლად.
53. ცოტა ღვინოს რომ სვამდა, მტრებიც კი ვერ უარყოფდნენ. მარკუს კატონს ეკუთვნის სიტყვები: „ყველასგან განსხვავებით კეისარი ფხიზელი აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას“. საკვებთან დამოკიდებულებაში, როგორც გაიუს ოპიუსი გვიჩვენებს, იმდენად არაჭირვეული იყო, რომ როცა ვინმეს სადილზე ახლის მაგივრად ძველი კარაქი ჰქონდა მოტანილი და დანარჩენი სტუმრები უარს ამბობდნენ ჭამაზე, კეისარი მარტო იღებდა ჩვეულებრივზე მეტს, რათა არ ჰგონებოდათ, თითქოს გაუფრთხილებლობის ანდა თავაზიანობის გამო საყვედურობდა მასპინძელს.
54. უანგარობა არ აღმოაჩნდა არც სამხედრო, არც სამოქალაქო პოსტებზე. ზოგიერთი თანამედროვის მოგონებით, ესპანეთში პროკონსულობისას არა მარტო მდაბიოსავით სთხვოდა ფულს მოკავშირეებს თავისი ვალების გადასახდელად, არამედ თავს ესხმოდა და ლუზიტანიელებს რამდენიმე ქალაქი გაუძარცვა, როგორც ომში, თუმცა ისინი თანახმანი იყვნენ მის მოთხოვნებზე და კარიბჭეებსაც უღებდნენ.
გალიაში ტაძრების სიწმინდეებს და ღმერთების ტაძრებს ძარცვავდა და ქალაქებს აკოტრებდა უფრო ხშირად ალაფისათვის, ვიდრე დასასჯელად. ამიტომ აღმოაჩნდა იმდენი ოქრო, რომ იტალიაში ერთ ფუნტს სამი ათას სესტერცად ჰყიდდა. თავისი პირველი კონსულობისას კაპიტოლიუმის ტაძრიდან სამი ათასი ფუნტი ოქრო მოიპარა და იმის მაგივრად იმდენივე მოოქროვილი სპილენძი დადო. ვაჭრობდა კავშირებით და სამეფოებით, მხოლოდ პტოლემეოსს საკუთარი თავისა და პომპეუსის გამოსასყიდად ექვსი ათასი ტალანტი გამოსძალა. შემდეგში მხოლოდ დაუფარავმა გაძარცვებმა და მკრეხელობებმა შეაძლებინა დაეფარა სამოქალაქო ომის, ტრიუმფებისა და სანახაობების ხარჯები.
55. მჭევრმეტყველებაში და სამხედრო ხელოვნებაში არანაკლები დიდება მოიპოვა, ვიდრე ამ ხელობათა საუკეთესო მცოდნეებმა. დოლაბელას ბრალდების შემდეგ ყველამ უკამათოდ აღიარა ერთ-ერთ საუკეთესო სასამართლოს ორატორად მთელ რომში. ყოველ შემთხვევაში, ციცერონი ორატორებს რომ ჩამოთვლის თავის „ბრუტუსში“, აცხადებს, რომ არავინ უნახავს კეისარს რომ აღმატებოდა და უწოდებს მის სიტყვას დახვეწილს, ბრწყინვალეს და დიდებულსაც და კეთილშობილსაც კი.
ხოლო კორნელიუს ნეპოტუსს ასე სწერდა: „როგორ? ვის ამჯობინებ ამას იმ ორატორებიდან, რომლებმაც არაფერი იციან, თავისი ხელოვნების გარდა? ვინ უფრო მახვიგონიერია და მდიდარი აზრებით? ვინ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილია გამოთქმებით?“ როგორ ჩანს, მჭევრმეტყველების მაგალითად, უფრო ახალგაზრდობაში, მან აირჩია კეისარ სტრაბონიუსი, იმისი სარდინიელების დასაცავი სიტყვიდან რაღაც-რაღაცეები სიტყვასიტყვით გადაიტანა თავის შესავალ სიტყვაში. როგორც გადმოგვცემენ, მჟღერი ხმით ლაპარაკობდა, მგზნებარე, მაგრამ სასიამოვნო მოძრაობებით და ჟესტებით.
მან დაგვიტოვა რამდენიმე სიტყვა, თუმცა ზოგიერთი ტყუილად მიეწერება. ავგუსტუსი არცთუ უსაფუძვლოდ თვლიდა, კვინტუს მეტელიუსის დასაცავი სიტყვა თავად კეისრის მიერ არ ყოფილა გამოცემული, არამედ ჩამწერის სტენოგრაფიული ნამუშევარია, ორატორის სიტყვას რომ ვერ დასწეოდა. ზოგიერთ ჩანაწერში ვნახე სათაური „მეტელიუსის დასაცავად“ კი არა, „მეტელიუსისთვის“, თუმცა იქ კეისარი თავისი მხრიდან ლაპარაკობს, საკუთარ თავსა და მეტელიუსს იცავს მათი საერთო მაძაგებლების ბრალდებებისგან.
სწორედ ასევე ცდილობს ავგუსტუსი კეისარს მიაწეროს სიტყვა მეომრების წინაშე ესპანეთში: სხვათა შორის, ცნობილია ორი ასეთი სიტყვა, ერთი პირველი ბრძოლის წინ და მეორე - მეორე ბრძოლის დაწყებამდე, თუმცა ასპინიუს პოლიონი წერს, რომ ამ დროს მტრის მოულოდნელი თავდასხმისას დრო არა ჰქონდა ამხელა სიტყვების სათქმელად.
56. დატოვა „ჩანაწერები“ თავის მოქმედებებზე გალიის ომში და პომპეუსთან სამოქალაქო ომში. ვის ეკუთვნის ჩანაწერები ალექსანდრიის, აფრიკის და ესპანეთის ომებზე, უცნობია. ერთნი ოპიუსს ასახელებენ, სხვები ჰირციუსს, რომელმაც დაამთავრა აგრეთვე კეისრის მიერ დაუსრულებლად დატოვებული ბოლო წიგნი „გალიის ომები“. კეისრის ჩანაწერებს ასე ეხმაურებოდა ციცერონი იმავე „ბრუტუსში“: „მისი შეთხზული ჩანაწერები უმაღლეს ქებას იმსახურებს, მათში არის შიშველი უბრალოება და მომხიბვლელობა, თავისუფალი მდიდრული ორატორული სამოსელისგან. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ყველაფერი მოემზადებინა იმათთვის, ვინც ისტორიის დაწერას მოინდომებდა, მაგრამ იმ ბრიყვებს აამა, რომელთაც მოესურვებათ მისი მოთხრობის შელამაზება თავისი დახუჭუჭებითა და კაულებით, გონიერი ხალხი იმის დაწერილის მერე კალამს აღარ მოჰკიდებს ხელს“.
ხოლო გირციუსი იმავე „ჩანაწერებში“ ასე ამბობს: „ისეთი ერთსულოვანი მოწონებით შეხვდნენ, რომ, ეტყობა, იმდენს არ იძლევიან, რამდენსაც ართმევენ მასალას ისტორიკოსებს. ჩვენ უფრო მეტად, ვიდრე ვინმე სხვა აღფრთოვანებული ვართ მისით: ყველამ იცის, როგორ კარგად და ზუსტად, ჩვენ კი ისიც ვიცით, როგორ მსუბუქად და სწრაფად დაწერა იგი კეისარმა“.
ასინიუს პოლიონი აღმოაჩენს, რომ „ჩანაწერები“ დაწერილია საჭირო გულმოდგინების და ჭეშმარიტებაზე ზრუნვის გარეშე. ბევრი რამ სჯეროდა იქიდან, რასაც სხვები აკეთებდნენ და ბევრს ამახინჯებს, რასაც თავად აკეთებდა, განზრახ ანდა გულმავიწყობით. სხვათაშორის, პოლიონი ვარაუდობს, რომ კეისარი გადააკეთებდა და შეასწორებდა ამ ნაშრომს.
კიდევ დატოვა ორი წიგნი „ანალოგიებზე“, ამდენივე წიგნი „კატონის წინააღმდეგ“ და, ბოლოს, პოემა სათაურით „გზა“. ამ თხზულებებიდან პირველი ალპებზე გადასვლისას დაწერა, ჯარით რომ ბრუნდებოდა ახლოგალიიდან სასამართლო შეკრების შემდეგ. მეორე - მუნდასთან ბრძოლის დროს. საბოლოო - როცა ოცდაოთს დღეში რომიდან შორეულ ესპანეთში გადავიდა.
აგრეთვე არსებობს მისი მოხსენებები სენატში. როგორც ჩანს, კეისარმა პირვლმა მისცა მათ სამახსოვრო და ფურცლებიანი წიგნის ფორმა, როცა ადრე კონსულები და მხედართმთავრები პირდაპირ ფურცლებზე წერდნენ, ზემოდან ქვემოთ. არსებობს მისი წერილები ციცერონისადმი და წერილები ახლობლებთან შინაურ საქმეებზე, რომლებშიც თუ რამის თქმა უნდოდა დაფარულად, საიდუმლო წერის მეთოდით სარგებლობდა, ანუ ასოებს ისე ცვლიდა, რომ იმათგან არც ერთი სიტყვა აღარ გამოდიოდა. რომ გავარჩიოთ და წავიკითხოთ ისინი, მაგალითად, D ასო A-ს მაგივრად იქნება და ასე შემდეგ.
ასევე ცნობილია ზოგიერთ თხზულებაზე, ბავშვობასა და ახალგარდობაში რომ დაუწერია, - „ქება ჰერკულესს“, ტრაგედია „ოიდიპოსი“, „რჩეული თხზულებები“. მაგრამ ყველა ამ წიგნის გამოცემა ავგუსტმა აკრძალა თავის მოკლე და ნათელად დაწერილი წერილში პომპეუს მაცერუსის მიმართ, ვისაც დავალებული ჰქონდა ბიბლიოთეკების მოწყობა.
57. იარაღსა და ცხენს შესანიშნავად ფლობდა, ამტანობა ნებისმიერ წინასწართქმულს აჭარბებდა. ლაშქრობაში ჯარის წინ მიდიოდა, ჩვეულებრივ ფეხით, ხანდახნა ცხენით, უქუდოდ, მიუხედავად მზისა თუ წვიმისა. ყველაზე გრძელ გადასვლებს დაუჯერებელი სისწრაფით ასრულებდა, მსუბუქად ჩაცმული, ქვეითად თუ დაქირავებული ფორანით, რამდენიმე ასეულ მილს გადიოდა დღეში, მდინარეებს ცურვით გადალახავდა ანდა გაბერილი ტიკებით, - ასე რომ, მასზე გავრცელებულ ცნობებს ხშირად წინ უსწრებდა.
58. ძნელია თქმა, სიფრთხილე უფრო მეტი იყო მის სამხედრო წამოწყებებში თუ სიმამაცე. არასოდეს მიჰყავდა ჯარი იმ გზებით, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა ჩასაფრება, თუ წინასწარ არ დაზვერავდა ადგილმდებარეობას. ბრიტანეთში მანამდე არ გადაიყვანა ჯარი, სანამ თავად არ გამოიკვლია მისადგომები, საზღვაო გზები და კუნძულთან მისასვლელები. თავისი ბანაკების ალყაზე რომ შეიტყო გერმანიაში, გალურ სამოსში გამოწყობილმა კეისარმა გაიარა მტრის პოსტები და თავისიანებს შეუერთდა.
ბრუნდიზიუმიდან დირაქიუმში ზამთარში გაემართა, მტრის ხომალდებს შორის, თავის ჯარს ბრძანება დაუტოვა, უკან მიჰყოლოდნენ. ხოლო როცა ისინი შეყოვნდნენ და სულ ტყუილად აჩქარებდა შიკრიკების გაგზავნით, ბოლოს, თავად ღამით, საიდუმლოდ, მარტო, ლაბადაში გამოხვეული, იმათკენ გაემართა პატარა ხომალდით და იმაზე ადრე არ გამოაჩინა თავი, იმაზე ადრე არ მისცა მესაჭეს უფლება, რომ ქარიშხალს მორიდებოდა, ვიდრე ხომალდი ლამის ჩაიძირა ტალღებისგან.
59. ვერავითარი ცრურწმენა ვერ აიძულებდა თავი დაენებებინა ან გადაედო წამოწყება. არ გადაუდია გამოსვლა სციპიონისა და იუბას წინააღმდეგ იმის გამო, რომ მსხვერპლის შეწირვის დროს ცხოველი ხელიდან გაუსხლტა. როცა უკან დაიხია, გემიდან ჩამოსვლისას ეს კარგ წინასწარმეტყველებად აქცია, რაკი ასე შესძახა: „შენ ჩემს ხელში ხარ, აფრიკავ!“ იმ წინასწარმეტყველების დასაცინად, რომელიც სციპიონების სახელს ამ ქვეყნად მუდმივ ბედნიერებას და დაუმარცხებლობას მიაწერდნენ, თავის ბანაკში მიუთითებდა ერთ უბადრუკ ვინმეზე კორნელიუსების საგვარეულოდან, თავისი თავაშვებული ცხოვრების გამო სალუტიონი რომ ერქვა.
60. ბრძოლაში მარტო გათვლით კი არა, შემთხვევითაც ჩაებმებოდა ხოლმე, ხშირად ლაშქრობის დამთავრებისთანავე, ზოგჯერ ყველაზე მკაცრ უამინდობაში, როცა იმისგან ყველაზე ნაკლებად ელოდნენ ამას. მხოლოდ ცხოვრების დასასრულს გახდა ფრთხილი; ასე განსჯიდა, - რაც უფრო მეტი გამარჯვება აქვს, მით ნაკლებად უნდა დაენდოს შემთხვევას, რაკი ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოუტანს იმდენს, რამდენსაც წაართმევს ერთი დამარცხება. მტერს რომ გააქცევდა, ყოველთვის წაართმევდა ხოლმე ბანაკსაც, საშუალებას არ აძლევდა, შიშის ელდას გაევლო. თუკი გამარჯვების სასწორი ირყეოდა, ცხენებს შორს აგზავნიდა, პირველ რიგში - საკუთარს, რომ მეომრები ძალაუნებურად მტკიცედ დამდგარიყვნენ, რაკი გაქცევის საშუალება აღარ ექნებოდათ.
61. ხოლო ცხენი შესანიშნავი ჰყავდა, კაცივით ფეხებით და ჩლიქებით, რომლებიც თითებივით იყო დანაწილებული. ეს ცხენი რომ დაიბადა, მკითხავებმა მის პატრონს უწინასწარმეტყველეს ძალაუფლება მთელ მსოფლიოზე, და მაშინ კეისარმა ფრთხილად გამოიყვანა და გახედნა, სხვა მხედრებს ის ცხენი არ იკარებდა. შემდეგში ამ ცხენის ქანდაკებაც დადგეს ვენერას ტაძართან.
62. თუკი მისი ჯარი იწყებდა უკან დახევას, მარტოდმარტო ამყარებდა წერიგს. გაქცეულებს წინ გადაუდგებოდა, მარტო იჭერდა მეომრებს, ყელში სწვდებოდა და მტრისკენ შეატრიალებდა ხოლმე. ხოლო პანიკა ისეთი იყო ხოლმე, რომ ერთხელ კეისრის დაჭერილმა მედროშემ მედლის წვერით უჩხვლიტა, სხვა მედროშემ კი ტარი შეატოვა ხელში.
63. არანაკლები ჰქონდა სულიერი ძალა, რომელიც განსაცვიფრებლად იჩენდა ხოლმე თავს. ფარსალასთან ბრძოლის შემდეგ, თავისი ჯარი აზიაში რომ გააგზავნა, გადამყვანის ნავით მიცურავდა ჰელესპონტზე, რომ უცებ გადაეყარა თავის მტერ ლუციუს კასიუსს ათი საბრძოლო ხომალდის თანხლებით. მაგრამ იმის მაგიერ, რომ გაქცეულიყო, კეისარი ახლოს მივიდა მასთან და მოითხოვა, ჩაბარებოდა და ისიც, დაემორჩილა და მისკენ გადავიდა.
64. ალექსანდრიაში, ხიდთან ბრძოლის დროს, მოულოდნელად შემოჭრილმა მტერმა აიძულა ნავამდე დაეხია. მაშინ სხვებიც ბევრნი ჩასხდნენ იგივე ნავში, კეისარი წყალში გადახტა და ცურვით მიაღწია მახლობელ ხომალდამდე, ორასი ნაბიჯი აწეული ხელით გაცურა, რათა არ დაესველებინა თავისი დაფები, თან კბილებით ეჭირა ლაბადა, მტრისთვის რომ არ დაეტოვებინა.
65. მეომრებს ზნეობით, გვარიშვილობით და სიმდიდრით კი არა, მხოლოდ სიმამაცით აფასებდა. მათთან მიმართვისას ერთნაირად მკაცრი და შემწყნარებელი იყო. ყველგან და ყოველთვის კი არ ექცეოდა მკაცრად, არამედ მარტო მტრის სიახლოვეს. მაგრამ მაშინ კი მოითხოვდა მათგან უსიტყვო მორჩილებას და წესრიგს, არ აფრთხილებდა არც ლაშქრობაზე, არც შეტაკებაზე და მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, რომ სადაც საჭირო იყო, იქით გამოეყვანა. ხშირად გამოჰყავდა საჭიროების გარეშეც, განსაკუთრებით წვიმაში და ზეიმებისას. ხშირად გასცემდა ბრძანებას, არ დაეკარგათ თვალთახედვიდან და ბანაკიდან გამოსული იმალებოდა დღისით ან ღამით, შორეულ მოგზაურობას აწყობდა, რათა გადაეღალა მისგან ჩამორჩენილი ჯარისკაცები.
66. როცა გავრცელდებოდა საშიში ხმები მტერზე, ჯარისკაცების გასამხნევებლად კი არ უარყოფდა და ამცირებდა მტრის ძალებს, პირიქით, აზვიადებდა თავისი გამონაგონებითაც. მაგალითად, როცა იუბას მოახლოების დროს ყველა დაზაფრული იყო, ჯარისკაცებს დაუძახა შეკრებაზე და უთხრა: „იცოდეთ, რამდენიმე დღეში მეფე აქ იქნება, თან ახლავს ათი ლეგიონი, ოცდაათი ათასი მხედარი, მსუბუქად შეიარაღებულები ასი ათასი, სამასი სპილო. მე ეს დანამდვილებით ვიცი; ასე რომ, აქ ზოგიერთს თავის მტვრევა და მარჩიელობა აღარ სჭირდება, პირდაპირ დაიჯეროს ჩემი სიტყვა. ამისთანებს გახვრეტილ ხომალდში ჩავსხამ და ალალბედზე შევაცურებ ზღვაში“.
67. ჯარიკაცების დანაშაულს ყოველთვის არ შეიმჩნევდა და არც ყოველთვის სჯიდა, როგორც საჭირო იყო. გაქცეულებს და მეამბოხეებს მკაცრად სჯიდა, დანარჩენს თვალს არიდებდა. ხანდახან, დიდი და წარმატებული ბრძოლის მერე ყველას ათავისუფლებდა ყველა მოვალეობისგან და ნებას აძლევდა, დაესვენათ და გაენავარდათ, რაზეც ჩვეულებრივ იკვეხნიდა, რომ მის ჯარისკაცებს კეთილსურნელებაშიც დიდებულად შეუძლიათ ომი.
მაგრამ შეკრებებზე მათ მიმართავდა არა „მეომრებო!“, არამედ მოფერებით - „თანამებრძოლებო!“ ზრუნავდა მათ გარეგნობაზე, აჯილდოებდა ვერცხლითა და ოქროთი მოვარაყებული იარაღით, როგორც სილამაზის, ასევე იმისათვის, რომ მაგრად სჭეროდათ ბრძოლისას იმის შიშისგან, რომ არ დაეკარგათ ძვირფასი ნივთი. და ისე უყვარდა ჯარისკაცები, ტიტურიუსთან დამარცხების ამბავი რომ გაიგო, თმა-წვერი მოუშვა და სანამ შური არ იძია, არ შეუჭრია.
68. ამ ყველაფრით ჯარიკაცებში იშვიათ ერთგულებას და სიმამაცეს მიაღწია. სამოქალაქო ომი რომ დაიწყო, ყველა ლეგიონის ყველა ცენტურიონმა შესთავაზა, თავიანთი დანაზოგით აღეჭურვათ თითო მხედარი; ჯარიკაცები კი დაპირდნენ, ემსხურათ ნებაყოფილობით, ჯამაგირისა და ულუფის გარეშე; ვინც უფრო შეძლებული იყო, ვალდებულებას იღებდა, ეზრუნა ღარიბებზე. და ამ გრძელი ომის განმავლობაში არც ერთ ჯარისკაცს არ მიუტოვებია, ხოლო ბევრი ტყვე, რომლებსაც მტერი სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდა, თუკი კეისრის წინააღმდეგ საომრად წავიდოდნენ, უარს ამბობდა ამაზე.
შიმშილს და სხვა გაჭირვებას, დიდი მოთმინებით იტანდნენ. იქნებოდნენ ალყის შემომრტყმელები თუ ალყაში. როცა პომპეუსმა დირაქიაის სიმაგრეებში დაინახა პური ბალახისგან, რომლითაც იკვებებოდნენ, შეჰყვირა, რომ მხეცები ებრძვიან და არა ადამიანები, თან ბრძანა, რომ ეს პური წაეღოთ და არავისთვის ეჩვენებინათ, რათა მტრის მოთმინებისა და ამტანობის დანახვით იმისი ჯარიკაცები არ წამხდარიყვნენ.
თუ როგორ თავგანწირულად იბრძოდნენ, იქიდან ჩანს, რომ ერთადერთი დამარცხების შემდეგ დირაქიასთან, ჯარისკაცები თავად ითხოვდნენ სასჯელს; ასე რომ, მხედართმთავარს უფრო მათი დაწყნარება მოუწია, ვიდრე დასჯა. სხვა ბრძოლებში ისინი არერთხელ ადვილად სძლევდნენ მტრის ურიცხვ ურდოებს გაცილებით ნაკლები ძალებით. მეექვსე ლეგიონის ერთმა კოჰორტამ, სიმაგრეს რომ იცავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაუძლო პომპეუსის ოთხი ლეგიონის დაწოლას და თითქმის ყველა მებრძოლი დაეცა ისრების წვიმაში, რომლებიც კედლების შიგნით ნაპოვნი და დათვლილი შეადგენდა ასოცდაათი ათასს.
და ეს არც გვიკვირს, თუკი ცალკეული მეომრების გმირობებს გავიხსენებთ. მაგალითად, ცენტურიონ კასიუს სცევას ან რიგითი გაიუს აცილიუსს, სხვებზე რომ არა ვთქვათ რა. სცევამ, ამოთხრილი თვალით, თეძოში და მხარში დაჭრილმა, ას ოცი დარტყმით გახვრეტილი ფარით მაინც არ შეუშვა მტერი ჩაბარებულ ციხე-სიმაგრეში. აცილიუსს საზღვაო ბრძოლაში ხელი მოჰკვეთეს, როცა იმით მტრის კიჩოს ჩაეჭიდა, მაგრამ ის, ბერძნების სახელიან კინეგირუსის მსგავსად, მტრის ხომალდზე გადახტა და მხოლოდ ფარით გარეკა მოწინააღმდეგე.
69. გალიის ომის ათი წლის განმავლობაში მის ჯარში აჯანყებები ერთხელაც არ მომხდარა, სამოქალაქო ომში - მხოლოდ რამდენიმეჯერ. მაგრამ ჯარისკაცები მაშინვე უბრუნდებოდნენ წესრიგს, და არა იმდენად მხედართმთავრის გულსიხმიერების გამო, რამდენადაც მისადმი პატივისცემის ნიშნად. კეისარი არაფერს უთმობდა მეამბოხეებს, ყოველთვის მტკიცედ მიდიოდა მათ წინააღმდეგ. მეცხრე ლეგიონი პლაცენციას წინ ადგილზევე დაშალა სამარცხვინოდ, თუმცა პომპეუსს ჯერ არ დაეყარა იარაღი, და მხოლოდ გრძელი და დამამცირებელი მუდარის შემდეგ აღადგინა იგი, ოღონდ მოთავეები დასაჯა.
70. ხოლო როცა მეათე ლეგიონის ჯარისკაცებმა რომში მღელვარე მუქარით მოითხოვეს განთავისუფლება და ჯილდოები, მიუხედავად აფრიკაში მიმდინარე ომისა, თან დედაქალაქიც საფრთხეში იყო, - მაშინ კეისარმა, მეგობრების რჩევას ყური არ ათხოვა, უყოყმანოდ გამოვიდა ჯარისკაცებთან და ყველა გაათავისუფლა. მერე კი მიმართვით „მოქალაქენო!“, ჩვეულებრივი „მეომრებო!“-ს ნაცვლად, ანუ ამ ერთი სიტყვით ისე შეცვალა მათი განწყობა, რომ კვლავ თავისკენ მიიმხრო. ყველამ ერთხმად შესძახა, რომ მოქალაქენი კი არა, კეისრის მეომრები არიან და თავისი ნებით გაჰყვნენ აფრიკაში, თუმცა უარს ამბობდა მათ წაყვანაზე. მაგრამ აქაც დასაჯა ყველა მთავარი მეამბოხე, დაპირებული წილი და მიწა მესამედით შეუმცირა.
71. კეისარი ერთგულებით და კლიენტებზე ზრუნვით ახალგაზრდობიდან გამოირჩეოდა. დიდებული ახალგაზრდა მასინთასიგი ისეთი მგზნებარებით იცავდა მეფე ჰიემპსალასგან, რომ კამათის დროს მეფის შვილს იუბას წვერზე სტაცა ხელი. ხოლო როცა მასინთა მაინც გამოცხადდა მეფის მოხარკედ, კეისარმა ხელიდან გამოსტაცა მცველებს, დიდხანს მალავდა თავისთან, მერე კი, პრეტურის შემდგომ ესპანეთში მიმავალმა, თან წაიყვანა ტახტრევნით, რომელიც გარშემორტყმული იყო გამცილებელთა ბრბოთი და ლიკტორებით.
72. მეგობრებთან ყოველთვის ყურადღებიანი და კეთილი იყო. ერთხელ, როცა გაიუს ოპიუსთან ერთად უსიერ ტყეში მიდიოდა და მოულოდნელმა ავადმყოფობამ მოცელა, კეისარმა მეგობარს ერთადერთი გადასაფარებელი დაუთმო, თავად მიწაზე ეძინა, ღია ცის ქვეშ. ხოლო როცა უკვე ხელისუფლებაში მოვიდა, ზოგიერთი მეტად მდაბიო წარმომავლობის კაცი საპატიო თანამდებობებზე აღაზევა, და საყვედურებზე პასუხად დაუფარავად განაცხადა, რომ ყაჩაღებისა და კაცისმკვლელების მიერ რომ ყოფილიყო დავალებული, იმათაც ასევე გადაუხდიდა.
73. მტრობა არავისთან ჰქონდა ისეთი შეუვალი, რომ მისგან უარი არ ეთქვა პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში. გაიუს მემიუსს მძვინვარე სიტყვებს ასეთივე გესლიანად პასუხობდა, მაგრამ როცა ის მალევე გამოვიდა კონსულობის მაძიებლად, ხალისით დაუჭირა მხარი. გაიუს კალვუსს, რომელმაც უხეში ეპიგრამები დაუწერა და მერე მეგობრებს სთხოვა, კეისართან შემარიგეთო, თავად პირველმა მისწერა წერილი. პოეტმა ვალერიუს კატულუსმა, რომელმაც, თავად კეისრის აღიარებით, სამუდამოდ შეარცხვინა თავის ლექსებში მამურაზე, როცა ბოდიში მოუხადა, კეისარმა იმავე დღეს მიიწვია სადილზე, ხოლო მამამისთან აგრძელებდა მეგობრულ ურთიერთობას.
74. შურისძიებაშიც კი აღმოაჩენდა ხოლმე თავისი ბუნებით სირბილეს. მეკობრეებთან, ვისაც ტყვედ ჰყავდათ, დაიფიცა, რომ ჯვარზე გააკრავდა ყველას, მაგრამ როცა ისინი შეიპყრო, ბრძანა, ჯერ მახვილით განეგმირათ და მერე გაეკრათ ჯვრებზე. კორნელიუს ფაგიტესისთვის, რომელთანაც ის, ავადმყოფი დევნილი ოდესღაც ალყაში მოხვდა ღამით და მხოლოდ ხვეწნა-მუდარითა და დიდი ფულით დაითანხმა, რომ არ გადაეცა სულასთვის, მერე არაფერი დაუშავებია. მონა ფილემონი, თავისი მდივანი, რომელიც მტრებს დაპირდა, მოეწამლა, სიკვდილით დასაჯა, მაგრამ წამების გარეშე.
როცა ამ საქმის გამო პუბლიუს კლოდიუსი, მისი ცოლის პომპეიას შემაცდენელი, სასამართლოს წინაშე წარსდგა, როგორც სიწმინდის შემბღალავი, მაშინ მოწმედ გამოძახებულმა კეისარმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა, თუმცა დედამისმა ავრელიამ და დამ იულიამ უკვე თქვეს მთელი სიმართლე იმავე მოსამართლეების წინაშე. ხოლო შეკითხვაზე, მაშ, რატომ გასცილდა ცოლს, უპასუხა: „იმიტომ, რომ, ჩემი ახლობლები, როგორც მე მგონია, თავისუფალნი უნდა იყვნენ არა მხოლოდ დანაშაულისგან, არამედ ეჭვებისგანაც“.
75. მისი გაწონასწორებულობა და გულმოწყალება როგორც სამოქალქო ომისას, ისე გამარჯვების მერეც გასაოცარი იყო. იმ დროს, როცა პომპეუსმა თავის მტრად გამოაცხადა ყველა, ვინც რესპუბლიკის დასაცავად არ აღდგებოდა, კეისარმა ბრძანა, რომ იმათ, ვინც თავი შეიკავა და არავის მიემხრო, თავის მეგობრებად ჩათვლის. ყველას, ვისაც პომპეუსის რჩევით წოდება მიანიჭა, შესაძლებლობა მისცა პომპეუსის მხარეზე გადასულივნენ.
როცა ილერდაში მოლაპარაკებები მიდიოდა დანებებაზე და ორივე არმია იშვიათად თუღა შეეჯახებოდა ერთიმეორეს, აფრანიუსმა და პეტრეიუსმა, უცაბედად გადაიფიქრეს, შეიპყრეს და დახოცეს კეისრის ყველა ჯარისკაცი თავიანთ ბანაკში. მაგრამ კეისარმა არ მიბაძა მოწინააღმდეგის დანერგილ ამ ვერაგობას. ფესალასთან მოუწოდა თავის ჯარისკაცებს, დაენდოთ რომაელი მოქალაქეების სიცოცხლე, მერე კი თითოეულ თავისიანს საშუალება მისცა გადაერჩინა თითო მოწინააღმდეგე.
ომის გარდა, მისგან სხვაგვარად არავინ მომკვდარა, თუ არ ჩავთვლით აფრანიუსს და ფაუსტუსს და ახალგაზრდა ლუციუს კეისარს. მაგრამ ისინიც, როგორც ვარაუდობენ, მოკლეს არა კეისრის ნებით, თუმცა პირველმა ორმა, როცა ერთხელ უკვე შენდობილი ჰქონდათ, მაინც აღმართეს მის წინააღმდეგ იარაღი, ხოლო მესამე ცეცხლით და მახვილით სასტიკად გაუსწორდა კეისრის აზატებსა და მონებს, ცხოველებიც კი ამოწყვიტა, ხალხის გასართობად რომ ჰყავდათ მომზადებული.
ბოლო წლებში ყველას მისცა უფლება იტალიაში დაბრუნებულიყო, ვისაც ჯერ არ მიეღო პატიება და დაუშვა ისინი სახელმწიფო თანამდებობებზე და სამხედრო პოსტებზე. ხალხისგან დამტვრეული სულას და პომპეუსის ქანდაკებების აღდგენაც კი ბრძანა. და როცა შემდეგში მის წინააღმდეგ ითქმებოდა ან იგეგმებოდა რამე სახიფათო, ცდილობდა შეეჩერებინა, მაგრამ არ დაესაჯა.
შეთქმულებებს და ღამის თავყრილობებს რომ აღმოაჩენდა, იმით იფარგლებოდა, რომ ედიქტში აცხადებდა, რომ ეს ამბავი მისთვის ცნობილია. იმათ, ვინც მასზე ბოროტად ლაპარაკობდა, მხოლოდ ურჩევდა, ასე აღარ მოქცეულიყო. მძიმე დარტყმა, რომელიც მის კარგ სახელს მიაყენა ავლა ციცინას ჭორიკნულმა წიგნმა და პითოლაუსის პასკვილებმა, მშვიდად გადაიტანა, როგორც უბრალო მოქალაქემ.
76. თუმცა ამ ყველაფერს გადაიწონის მისი სხვა რიგის სიტყვები და საქმეები. ამიტომ ითვლება, რომ დამნაშავე იყო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და მოკლეს დამსახურებულად.
მარტო ის კი არა, რომ ყველანაირ პატივს ღებულობდა, - უცვლელ კონსულობას, დიქტატურას სიცოცხლის ბოლომდე, ზნეჩვეულებებზე ზედამხედველობას, მერე კეისრის სახელს, სამშობლოს მამის წოდებას, ქანდაკებას მეფეთა სკულპტურების გვერდით, ამაღლებულ ადგილს თეატრში, - მან დაუშვა თავის საპატივცემოდ დადგენილება, ადამიანურ ზღვარს რომ სცილდებოდა: ოქროს ტახტი სენატში და სასამართლოში, წმინდა ეტლი და ტახტრევანი საცირკო პროცესიებზე, ტაძრები, სამსხვერპლოები, ღმერთების გვერდით მოხსენიება, ქურუმის ადგილი ღმერთების გამასპინძლებისათვის, ახალი ლუპერცები, ერთ-ერთ თვეს დარქმეული მისი სახელი. და მთელ ამ პატივს ღებულობდა და არიგებდა თავის ნებაზე.
თავის მესამე და მეოთხე კონსულობისას მხოლოდ სახელით იყო კონსული, იმავდროულად მისთვის შეთავაზებული დიქტატორის ძალაუფლებით კმაყოფილდებოდა. ხოლო შემცვლელებად ორივეჯერ კონსულები დანიშნა, მაგრამ მხოლოდ ბოლო სამ თვეს, ასე რომ, შუალედში სახალხო შეკრებაც კი არ მოუწვევიათ, გარდა სახალხო ტრიბუნების და ედილების ასარჩევად, რადგან პრეტორებიც პრეფექტებით შეცვალა, რომლებიც მის არყოფნაში განაგებდნენ ქალაქის საქმეებს. როცა ერთი კონსული მოულოდნელად მოკვდა ახალი წლის დამდეგს, განთავისუფლებული ადგილი ერთ კანდიდატს მისცა რამდენიმე დარჩენილი საათით.
კანონის ასეთივე იგნორირებით დანიშნა თანამდებობის პირები რამდენიმე წლით ადრე, ათ ყოფილ პრეტორს კონსულის ნიშნები აჩუქა, სენატში შეიყვანა ხალხი, ახალი მიღებული რომ ჰქონდათ მოქალაქობა და, მათ შორის, რამდენიმე ნახევრადველური გალი. ამას გარდა, მონეტის მოჭრისა და სახელმწიფო შემოსავლების ზედამხედველად საკუთარი მონები დაადგინა, ხოლო ალექსანდრიაში დატოვებული სამი ლეგიონის მართვა და ხელმძღვანელობა თავის ფავორიტ რუფიოს გადაცა, თავისი აზატის შვილს.
77. არანაკლებ ამპარტავნული იყო მისი ღია გამონათქვამები, რომლებზეც ტიტუს ამპიუსი გვიამბობს: „რესპუბლიკა - არარაობაა, ცარიელი სახელია უსხეულო და უსახური“; „სულამ ინჩი-ბინჩი არ იცოდა, როცა ის დიქტატურას ამყარებდა“; „მასთან, კეისართან ადამიანებმა ფრთხილად უნდა ილაპარაკონ და მისი სიტყვები კანონად ჩათვალონ“. იმდენად გაყოყლოჩინდა, რომ ერთხელ, როცა მკითხავმა ცუდ მომავალზე აცნობა, რაკი დაკლული ცხოველი უგულო აღმოჩნდა, ასე განაცხადა: „ყველაფერი კარგად იქნება, თუკი მე მოვინდომებ და იმაში, რომ საქონელს არა აქვს გული, საოცარი არაფერია“
78. მაგრამ უდიდესი, სასიკვდილო სიძულვილი დაიტეხა თავს ამისთანა საქციელით: დიდად საპატიო დადგენილებებით გამოცხადებული სენატორები მთელი შემადგენლობით ვენერას ტაძრის წინ მჯდომარემ მიიღო. ზოგიერთი წერს, რომ თითქოს წამოდგომა დააპირა, მაგრამ კორნელიუს ბალბუსმა შეაჩერაო. სხვები, პირიქით, - თითქოს არათუ ცდილობდა, არამედ მკაცრად შეხედა გაუის ტრებანციუსს, როცა იმან წამოდგომა შესთავაზა.
ეს განსაკუთრებით აღმაშფოთებლად მოეჩვენათ იმის გამო, რომ თავად, ტრიუმფისას ჩავლილმა ტრიბუნების ადგილის წინ, დაინახა, რომ არ წამოდგა ერთ-ერთი ტრიბუნი, სახელად პონტიუს აქვილა და მაშინ ისე აღშფოთდა, რომ შეჰყვირა: „რესპუბლიკა ხომ არ დაგიბრუნოთ უკან, აქვილავ, სახალხო ტრიბუნო?“ და კიდევ მრავალი დღე, ვინმეს რომ რამეს ჰპირდებოდა, დაამატებდა ხოლმე: „თუკი პონტიუს აქვილას ესიამოვნება“.
79. თავისი ქედმაღლობით უსაზღვროდ გაამწარა სენატი და ამას სხვა, უფრო თავხედური საქციელიც დაურთო. ერთხელ, როცა მსხვერპლშეწირვიდან ბრუნდებოდა ლათინურ თამაშებზე, ხალხის წარმოუდგენლად მრავალი ხელის ქნევაში, ვიღაცამ ბრბოდან იმის სტატუეტს დაფნის გვირგვინი დაადგა, თეთრი ბაწრით გადახვეული, მაგრამ სახალხო ტრიბუნებმა ეპიდიუს მარულუსმა და ცესეტიუს ფლავიუსმა ბრძანეს, ჩამოეხსნათ თეთრი ბაწარი გვირგვინიდან, ის კაცი კი ციხეში ჩაეგდოთ. კეისარმა, განაწყენებულმა ან იმ მინიშნებით, რომ სამეფო ხელისუფლებისას არ ჰქონია წარმატება, ანდა იმაზე, რომ მას, თავისივე სიტყვით, წაართვეს უფლება, თავადვე უარი ეთქვა ამაზე, ტრიბუნებს მკაცრი გაფრთხილება მისცა და თანამდებობები ჩამოართვა.
მაგრამ ამ დროიდან უკვე აღარ შეეძლო ჩამოეცილებინა მეფის წოდებისკენ ლტოლვის სირცხვილი, - მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ერთ პლებეის, რომელიც როგორც მეფეს, ისე ადიდებდა, უთხრა: „მე კეისარი ვარ და არა მეფე!“. სხვა დროს, როცა ლუპერკალიებზე ტრიბუნის წინ კონსული ანტონიუსი რამდენჯერმე ცდილობდა, მისთვის დიადემა დაედგა, უარყო ეს და ის დიადემა კაპიტოლიუმზე გააგზავნა, მადლიანი და დიდებული იუპიტერის ტაძარში.
უფრო მეტიც, სულ უფრო და უფრო ხშირად დადიოდა ხმები, რომ თითქოს აპირებს ალექსანდრიაში ან ილიონში გადასახლებას, და ყველა სახელმწიფოებრივი საშუალების იქ გადატანას, რაკი იტალია სამხედრო გაწვევებით სისხლისგან დაცალა, ხოლო რომის მართვას მეგობრებს გადააბარებს, და თითქოს სენატის უახლოეს სხდომაზე კვინდეციმვირილუციუს კოტა შეიტანს წინადადებას, კეისარი მეფედ გამოაცხადონ, რაკი წისაწარმეტყველთა წიგნებში ჩაუწერიათ, რომ პართელებს მხოლოდ მეფე დაამარცხებს.
80. ამან აიძულა შეთქმულები დაეჩქარებინათ ჩაფიქრებული მოქმედებები, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ ამგვარ კენჭისყრაში. სხვადასხვა აგილებზე უკვე იკრიბებოდნენ საიდუმლოდ, სადაც ორი-სამი კაცი ხვდებოდა ერთმანეთს. ახლა ყველა გაერთიანდა. უკვე ხალხიც არ იყო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მოხარული, ჩუმად თუ ცხადლივ აღშფოთებას გამოთქვამდა დიქტატურით და განმათავისუფლებელს ეძებდა.
როცა სენატში მიიღეს უცხოელები რომში გაჩნდა წარწერები: „კარგი ამბავი! ახალ სენატორებს არ აჩვენოთ გზა სენატისკენ!“ ხალხში კი ასე მღეროდნენ: გალები კეისარმა ტრიუმფზე წაიყვანა, გალებით კეისარმა სენატში დაივანა. გალებმა შარვლები გაიხადეს, ძოწის ქობიანი ტოგები გაიმზადეს.
როცა სამი თვით კონსულად დანიშნული კვინტუს მაქსიმუსი თეატრში შედიოდა და ლიკტორმა, ჩვეულებრივ, ყველას შესთავაზა, მისალმებოდნენ, გაისმა შეძახილები: „ეს კონსული არ არის!“ ცაზეტიუსის და მარულუსის ტრიბუნების თანამდებობებიდან გადაყენების მერე, უახლოს არჩევნებზე მისცეს მრავალი ხმა, რომელიც მათ კონსულებად აცხადებდა. ლუციუს ბრუტუსის ქანდაკებაზე ვიღაცამ მიაწერა: „ო, შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი!“, ხოლო კეისრის ქანდაკებაზე კი: ბრუტუსი პირველი კონსული გახდა, მეფე გააძევა რომიდან. ეს ბოლოს ისევ მეფე გახდა, კონსულები გაყარა რომიდან.
მის წინააღმდეგ შეთქმულებაში სამოც კაცზე მეტი მონაწილეობდა. სათავეში გაიუს კასიუსი, მარკუს და დეციმიუს ბრუტუსები იდგნენ. თავიდან ყოყმანობდნენ, ხომ არ მოეკლათ მარსის მინდორზე, როცა არჩევნებზე ტრიბებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, - ორად გაყოფილებს, უნდოდათ ხიდურებიდან გადაეგდოთ, ქვემოთ კი გამოეჭირათ და მახვილი ჩაეცათ, - ან წმინდა გზაზე დასცემოდნენ, ანდა თეატრში შესვლისას. მაგრამ როცა გამოცხადდა, რომ მარტის იდებზე სენატი სხდომაზე შეიკრიბება კურიოს პომპეაში, მაშინ ყველამ არჩია სწორედ ეს ადგილი და დრო.
81. ამასობაში ძალადობრივი სიკვდილის მოახლოება უეჭველი წინასწარმეტყველებებით ეცნობა კეისარს. ამაზე რამდენიმე თვით ადრე ილუსიუსის კანონით კაპუაში გადასულმა ახალმოსახლეებმა ძველი საფლავები გადათხარეს, რათა აგარაკები მოეწყოთ; მეტისმეტად იბეჯითეს და მიწაში რამდენიმე ჭურჭელი ნახეს, სულ ძველი ნამუშევრები. და აი, იმ საფლავში, სადაც გადმოცემით დამარხული იყო კაპუას დამაარსებელი, კაპისი, იპოვეს სპილენძის დაფა ამნაირი შინაარსის ბერძნული წარწერით: ყოველთვის, როცა კაპისის ნეშტი შეწუხდება, როცა მისი შთამომავალი აღესრულება თანამოძმეთა ხელით, მასზე შურს იძიებენ მთელ იტალიაში უდიდესი სისხლისღვრით.
ეს არ უნდა ჩაითვალოს არაკად თუ გამონაგონად, როგორც აცხადებს კორნელიუს ბალბუსი, კეისრის ახლო მეგობარი. ხოლო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კეისარმა გაიგო, რომ იმ ცხენების რემა, რომელიც რუბიკონზე გადასვლისას ღმერთებს მიუძღვნა და თავისუფლად გაუშვა საძოვრებზე, დაცვის გარეშე, ჯიუტად არ ჭამენ საჭმელს და ცრემლებს ღვრიან. მერე, როცა სამსხვერპლო მიუტანა, მკითხავმა სპურინამ ურჩია, საფრთხეს მორიდებოდა, რომელიც მარტის იდებამდე ელოდა.
ამის შემდეგ, ამ დღის წინ კურია პომპეაში შეფრინდა პატარა ფრინველი, სახელად „მეფე-ჩიტი“, ნისკარტში დაფნის რტო ეჭირა, უკან კი მახლობელი ჭალიდან გამოდევნებული ჩიტების გუნდი მოსდევდა, რომლებმაც დაფლითეს კიდეც. ხოლო მკვლელობის წინა ღამეს სიზმარში მოეჩვენა, როგორ დაფრინავდა ღრუბლების ქვემოთ და მერე იუპიტერი მარჯვენას უწვდიდა. იმის ცოლს, კალპურნიას ესიზმრა, რომ მათ სახლში ჭერი ჩამოინგრა, და ქმარს, რომელიც ეხვეოდა, მახვილებით კლავდნენ. და მათი საძინებლის კარი თავისით იღებოდა ბოლომდე.
ამ ყველაფრის გამო, აგრეთვე ავადმყოფობისა, დიდხანს ყოყმანობდა, სენატის საქმეები ხომ არ გადაედო და შინ ხომ არ დარჩენილიყო. ბოლოს, დეციმუს ბრუტუსმა დაიყოლია, დასწრებოდა მრავალკაციან და დიდი ხანია მოსალოდნელ მის შეკრებას, და ისიც შინიდან გავიდა დღის მეხუთე საათზე. შემხვედრთაგან რომელიღაცამ ჩანაწერი მიაწოდა, სადაც შეთქმულებაზე ეწერა და ამან სხვა ფურცლებს მიამატა, მარცხენა ხელში რომ ეჭირა და წაკითხვას უპირებდა. მერე რამდენიმე ცხოველი შესწირა ზედიზედ, მაგრამ კეთილისმყოფელი ნიშნები მაინც არ გამოჩნდა. ყურადღება არ მიაქცია ცუდ ნიშნებს და როცა კურიაში შევიდა, სპურინას დასცინოდა იმის გამო, რომ მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, მარტის იდები დადგა და არაფერი უბედურებაც არ მოუტანია. „ჰო, მოვიდა, მაგრამ არ ჩაუვლია“ - მიუგო იმან.
82. დაჯდა და შეთქმულები გარს შემოერტყნენ, ვითომ მისასალმებლად. ამ დროს ტილიუს ციმბრი რომელიც ლიდერობდა, ახლოს მივიდა, თითქოს რაღაც უნდა ეკითხა და როცა კეისარმა ანიშნა, შეჩერებულიყო, ტოგაში წასწვდა, იდაყვებს ზემოთ. კეისარმა იყვირა, - „ეს უკვე ძალადობაა!“ - და ამ დროს უკანიდან გამოსულმა კასკასმა ყელს ქვემოთ მიაყენა ჭრილობა.
კეისარმა ხელი დაუჭირა კასკასს, სტილოსით დაჭრა, ცდილობდა გადამხტარიყოს, მაგრამ მეორე დარტყმამ შეაჩერა. როცა დაინახა, რომ ყოველი მხრიდან გაშიშვლებული ხანჯლები შემორტყმია, თავზე ტოგას გადაიფარა და მარცხენა ხელით მის ნაკეცები დაუშვა მუხლებს ქვემოთამდე, უფრო ბუნებრივად რომ დაცემულიყო ქუსლებამდე დაფარული. ოცდასამი ჭრილობა მიაყენეს, მხოლოდ პირველ დარყმაზე ამოიკვნესა, არც კი დაუყვირია, - თუმცა ზოგიერთი გადმოგვცემს, მისკენ გადამხტარ მარკუს ბრუტუსს ბერძნულად უთხრა: „შენც, შვილო ჩემო?“.
ყველა გაიქცა; ისღა დარჩა უსულოდ მწოლარე, სანამ სამმა მონამ ტახტრევანზე არ დააგდო და სახლისკენ არ გააქცია, ტახტრევნიდან გადმოკიდებული და აქანავებული ხელით. და ამდენი დარტყმებიდან, ექიმ ანტისტიუსის აზრით, მხოლოდ ერთი გამოდგა სასიკვდილო, - მეორე, მიყენებული მკერდში.
შეთქმულები მოკლულის ცხედარს ტიბრში უპირებდნენ გადაგდებას, მის ქონებას - კონფისკაციას, კანონებს - შეცვლას, მაგრამ ვერ გაბედეს კუნსულ მარკუს ანტონიუსისა და კავალერიის უფროსის, ლეპიდუსის შიშით.
83. მოკლულის სიმამრის, ლუციუს პიზოს მოთხოვნით, ანტონის სახლში გახსნეს და წაიკითხეს მისი ანდერძი, შედგენილი ლავიკუმის მამულში, გასული წლის სექტემბრის იდებში და შენახული უფროს მაცნესთან. კვინტუს ტუბერო აცხადებს, რომ კონსულობის დროიდან სამოქალაქო ომის დაწყებამდე ის ჩვეულებრივ, თავის მემკვიდრედ აცხადებდა გნეუს პომპეუსს და ამას კითხულობდა კიდეც შეკრებილი ჯარის წინაშე.
მაგრამ ბოლო ანდერძში მემკვიდრეებად დანიშნა თავისი დების სამი შვილიშვილი. გაიუს ოქტავიუსს ქონების სამი მეოთხედი დაუტოვა. ლუციუს პინარიუსს და კვინტუს პედიუსს - დანარჩენი მეოთხედი. უფრო მეტიც, ანდერძის ბოლოში იშვილა გაიუს ოქტავიუსი და თავისი სახელი გადასცა. მრავალი თავისი მკვლელი დაესახელებინა შვილის მეურვედ, თუკი გაუჩნდებოდა, ხოლო დეციმიუს ბრუტუსი - მეორე ხარისხის მემკვიდრედაც კი. ხალხს უანდერძა ბაღები ტიბრთან საზოგადოებრივ საკუთრებაში და სამას-სამასი სესტერცი თითოეულ მოქალაქეს.
84. დაკრძალვის დღე გამოცხადდა. მარსის მინდორზე, იულიას საფლავის მახლობლად გამართეს დასაკრძალი კოცონი, ხოლო ტრიბუნის წინ - მოოქროვილი და ვენერას ტაძრისმაგვარი ნაგებობა. შიგნით იდგა სპილოს ძვლის ტახტი, გაწყობილი ძოწით და ოქროთი, თავთან - სვეტი იმ ტანსაცმლით, რომელიც მკვლელობისას ეცვა. ნათელი იყო, რომ ყველას, ვინც შემოწირულობებით მოდიოდა, ერთი დღე არ ეყოფოდა პროცესიისათვის და მაშინ ნება მისცეს მარსის მოედანზე უწესრიგოდ, ნებისმიერი გზით მიეტანათ.
დამკრძალავ თამაშებზე, ხალხში წყენა და მწუხარება რომ აღეძრათ მისი სიკვდილის გამო, პაკუვიუსის „იარაღის სასამართლოდან“ ამ ლექსს მღეროდნენ -„მე ხომ არ ვიყავ ჩემთა მკვლელთა გადამრჩენელი?“ და აგრეთვე აცილიუსის „ელექტრადან“ მსგავს სტრიქონებს. სახოტბო სიტყვის ნაცვლად კონსულმა ანტონიუსმა გამომცხადებლის პირით გაახმაურა ჯერ სენატის დადგენილება, რომელშიც კეისარს ენიჭებოდა ყველა ადამიანური და ღვთიური პატივი; შემდეგ ფიცი, სადაც სენატორები პირდებოდნენ, ყველას დაეცვა მისი უსაფრთხოება, და ამას დაურთო რამდენიმე თავისი სიტყვა.
დასაკრძალი საწოლით კეისარის ცხედარი ფორუმზე მიიტანეს იმ და წინა წლის მოსამართლეებმა. ერთნი წინადადებას აყენებდნენ, დაეწვათ კუბო კაპიტოლიუმზე, იუპიტერის ტაძარში, სხვები - პომპეას კურიას ასახელებდნენ და ამ დროს მოულოდნელად გამოჩნდა ორი უცნობი, მახვილებით შეიარაღებულნი, ხელშუბებს იქნევდნენ და ცვილის მაშხალებით დაწვეს ნაგებობა. გარშემორტყმყულმა ბრბომ მაშინათვე ცეცხლში გადაყრა დაუწყო - გამომშრალ ფიჩხს, სკამებს, მოსამართლეების სავარძლებს და ყველაფერს, რაც საჩუქრად იყო მიტანილი.
მერე ფლეიტისტებმა და არტისტებმა დაიწყეს საგანგებოდ ტრიუმფისათვის ჩაცმული ტანისამოსის შემოგლეჯა და ცეცხლში გადაყრა. მოხუცი ლეგიონერები იარაღს წვავდნენ, რომლითაც დაკრძალვისთვის მორთულიყვნენ, ხოლო ბევრმა ქალმა - რაც მოსახურები ჰქონდათ, ბულები და ბავშვების კაბები. ამ უსაზღვრო და საერთო მწუხარებაში მრავალი უცხოელი, ხან აქ, ხან იქ დაიტირებდა მოკლულს თავისებურად, განსაკუთრებით იუდევლები, რომელბიც მერეც ბევრ ღამეს იკრიბებოდნენ ხოლმე ფერფლთან.
85. დაკრძალვის შემდეგ რომის თავისუფალი მოქალაქეები მაშხალებით ხელში გაიჭრნენ ბრუტუსის და კასიუსის სახლებისკენ, - დიდი გაჭირვებით შეაჩერეს ისინი. მაგრამ გზად ჰელვიუს ცინა გადაეყარათ, ხალხმა მოკლა, რაკი კორნელიუს ცინა ეგონა, რომელსაც ეძებდნენ წინა დღეს, შეკრებაზე კეისრის წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვისთვის. ცინა თავი შუბზე წამოაცვეს და ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ. შემდეგში ხალხმა ფორუმზე მთლიანი ნუმიდიური მარმარილოსგან დაახლოებით ოცი ფუტის სიმაღლის კოლონა აღმართა, წარწერით „სამშობლოს მამას“. მის ძირში კიდევ დიდხანს მიჰქონდათ შესაწირი, ფიცს აძლევდნენ და დავებსაც წყვეტდნენ კეისრის სახელის დაფიცებით.
86. ზოგიერთ მეგობარს დარჩა ეჭვი, რომ თავად კეისარს აღარ უნდოდა მეტი სიცოცხლე, ამიტომ აღარ ზრუნავდა შესუსტებულ ჯანმრთელობაზე და არ უჯერებდა წინასწარმეტყვლებებს და მეგობრების რჩევებს. სხვები ფიქრობენ, რომ ეყრდნობოდა სენატის ბოლო დადგენილებას და ფიცს, და იმის მერე უარი თქვა თავისი დაცვის, მახვილიანი ესპანელების თანხლებაზე.
სხვები, პირიქით, ვარაუდობენ, რომ ერჩია ერთხელ შეხვედროდა ყოველი მხრიდან დამუქრებულ საფრთხეს, ვიდრე მუდმივ შიშში გაქცეოდა ხოლმე. ზოგიერთი გადმოგვცემს მის ხშირად ნათქვამსაც, რომ სიცოცხლე თავად მისთვის იმდენად აღარ არის ძვირფასი, რამდენადაც სახელმწიფოსთვის - თავად ხომ დიდი ხანია მიაღწია სრულ ხელისუფლებას და დიდებას. სახელმწიფოს კი, თუკი კეისარს რამე მოუვა, მოსვენება არ ექნება, ბევრად უფრო უარეს სამოქალაქო ომში ჩაეფლობაო.
87. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ერთ რამეში კი თითქმის ყველა თანხმდება, - სწორედ ასეთი სიკვდილი იყო მისთვის სასურველი. მაგალითად, როცა კითხულობდა ქსენოფონტესთან, თუ მომაკვდავი კიროსი როგორ იძლევა თავის დაკრძალვაზე განკარგულებებს სასიკვდილო სარეცელიდან, ზიზღი გამოხატა ამისთანა ნელი-ნელ სიკვდილზე და მოულოდნელი და ჩქარი ისურვა. ხოლო სიკვდილის წინა დღეს, მარკუს ლეპიდუსთან სადილზე გამართულ მსჯელობისას, თუ როგორი სიკვდილია ყველაზე უკეთესი, მან მოულოდნელი და უცაბედი არჩია.
88. მოკვდა ცხოვრების ორმოცდამეთექვსმეტე წელს და მიეთვალა ღმერთებს, არა მარტო ბრძანებების სიტყვებით, არამედ ბრბოს რწემინთაც. ყოველ შემთხვევაში, როცა თამაშების დროს, რომელიც მისი გაღმერთების საპატივცემოდ გამართა მისმა მემკვიდრე ავგუსტუსმა, დაახლოებით თერთმეტ საათზე გამოჩნდებოდა ხოლმე და მიყოლებით შვიდი ღამე ანათებდა ცაზე კუდიანი ვარსკვლავი, ყველას სჯეროდა, რომ ეს ცად ამაღლებული კეისრის სული იყო. აი, რატომ გამოსახავენ თავთან ვარსკვლავით. კურიაში, სადაც მოკლეს, დადგენილებით ამოშენდა შესასვლელი, ხოლო მარტის იდებს დაერქვა მამისმკვლელთა დღე და ამ დღეს არასოდეს მოუწვევიათ სენატი.
89. მისი მკვლელებიდან ამის შემდეგ თითქმის არავის უცოცხლია სამ წელზე მეტი და არავინ მომკვდარა ბუნებრივი სიკვდილით. ყველა გაასამართლეს და ყველა სხვადახვანაირად აღესრულა: ვინ ხომალდის დაღუპვისას, ვინ ბრძოლაში. ზოგიერთმა კი იმავე ხანჯლით მოიკლა თავი, რითაც კეისარი განგმირა.
* * *მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
კეისარი წარმოშობით იგი იულიუსების პატრიციულ ეკუთვნოდა. დაიბადა ძვ. წ. 100 წელს. მამამისი პრეტორი იყო, მამიდამისი ცოლად ჰყავდა გაიუს მარიუს უფროსს, ხოლო გაიუს მარიუს უმცროსი მისი დეიდაშვილი იყო, ამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახური ტრადიციით იგი უფრო პოპულარების პარტიასთან იყო დაკავშირებული.
კეისარი 13 წლის იყო როცა იუპიტერის ქურუმად აირჩიეს. პირველ ცოლად ჰყავდა კორნელიუს ცინას ასული კორნელია, რისი წინააღმდეგიც სულა ყოფილა და განქორწინებაც მოუთხოვია, მაგრამ უშედეგოდ. პლუტარქეს თქმით სულას მისი მოკვლაც სდომებია და თითქოს როცა ზოგიერთებმა უთხრეს ასეთი ყმაწვილის მოკვლას არავითარი აზრი არა აქვსო სულამ მათ ასე მიუგო «თქვენ ბრიყვები ყოფილხართ თუ ვერ ხედავთ, რომ ამ ყმაწვილში მრავალი მარიუსი ზისო». სულას მუქარამ აიძულა კეისარი რომს გასცლოდა. მან რამდენიმე წელი აზიაში გაატარა და რომში მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა.
77 წელს რომში დაბრუნებისთანავე იგი არ მოერიდა სამართალში მიეცა პროვინციაში ჩადენილ გამოძალვათა გამო სულას მეგობარი კორნელიუს დოლაბელა, მის ბრალდებას საბერძნეთის მრავალმა ქალაქმა დაუჭირა მხარი, მაგრამ დოლაბელა გაამართლეს.
76 წ. კეისარი მძლავრად გამოვიდა სულანელ პუბლიუს ანტონიუსის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად სდებდნენ მექრთამეობას. თავისი ჩინებული დასაცავი სიტყვების მეოხეობით კეისარმა რომში ფრიად ბრწყინვალე სახელი მოიხვეჭა.
75 წ. მან მხარი დაუჭირა სახალხო ტრიბუნის პლავციუსის წინადადებას ლეპიდუსის აჯანყებაში მონაწილეთა ამნისტიის შესახებ და ამასთან დაკავშირებით სიტყვაც წარმოთქვა სახალხო კრებაში. შემდეგ იგი კვლავ აღმოსავლეთში წავიდა და 74 წ. დაბრუნდა უკან.
იგი ცდილობდა პომპეუსთან და კრასუსთან დაახლოებას, კატილინას შეთქმულების დამარცხების შემდეგ გამოვიდა კატილინას მომხრეთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, რადგან სიკვდილით დასჯა მისი სიტყვით რომაულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა და მხარი დაუჭერია მათი გაძევებისათვის (ზოგიერთები კეისარს შეთქმულების მონაწილედაც თვლიდნენ).
62 წ. იგი პრეტორად აირჩიეს, ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მას მწვავე კონფლიქტი ჰქონდა სენატთან. იგი მკაცრად ილაშქრებდა იმის წინააღმდეგ, რომ კატილინას მომხრეთა მიმართ ისევ გრძელდებოდა სასტიკი ზომების მიღება და მოურიდებლად ამხილებდა სახაზინო თანხების ფლანგვას ოპტიმატების მეთაურების მიერ, ამიტომ სენატმა მისი გადაყენება მოიწადინა, მაგრამ ამას ხალხი შეეწინააღმდეგა და სენატორებმა უკან დაიხიეს. პრეტორობის ვადის გასვლის შემდეგ სენატმა მას საგანმგებლოდ ესპანეთი დაუნიშნა, როგორც პროვინცია.
აქ ის ენერგიულად მოქმედებდა, მან გაიმარჯვა ლუზიტანებზე და დაიპყრო ის ტომები, რომლებიც ადრე რომს არ ემორჩილებოდნენ. ესპანეთში კეისარი გამდიდრდა და გაამდიდრა თავის ჯარისკაცებიც, რომლებმაც იგი თავის იმპერატორად აღიარეს.
60 წ. რომს მივიდა და კრასუსთან და პომპეუსთან ერთად მოახდინა შეთანხმება, რომელიც დღეს I ტრიუმვირატის სახელით არის ცნობილი. ეს შეთანხმება სენატის წინააღმდეგ იყო მიმართული და ემყარებოდა სახალხო კრებას. ტრიუმვირების შეთანხმებით კეისარი ხდებოდა კონსულად, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ სამმართველოდ იღებდა გალიას, პომპეუსს გადაეცემოდა ესპანეთი, ხოლო კრასუსს სირია.
60 წ. კეისარი კონსულად აირჩიეს და იგი შეუდგა სენატის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესრულებას. გამოსცა 2 აგრარული კანონი, რომლებიც ითვალისწინებდა ვეტერანებისა და ღარიბებისათვის მიწების დარიგებას. მიწები უნდა მიეღო სულ 20000 ადამიანს.
მისი მეორე კანონით დამტკიცდა პომპეუსის მიერ აღმოსავლეთში გატარებული ღონისძიებები, რასაც უწინ სენატი ეწინააღმდეგებოდა. მან საყურადღებო კანონი გაატარა გამოძალვათა შესახებ. ეს კანონი ისეთ ღონისძიებებს შეიცავდა, რომლებიც პროვინციელების მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობდა. მხედართა წოდების გულის მოსაგებად მან გაატარა კანონი, რომლის ძალით საიჯარო თანხა მესამედით შემცირდა და ამ კანონმა ტრიუმვირატის მხარეზე ფართოდ მიიზიდა მხედრები.
კეისრის მიერ 50 წ. გატარებული კანონმდებლობა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების სხვადასხვა მხარეს გულისხმობდა. მან გაატარა კანონი, რომელიც გალიის პროვინციას შეეხებოდა. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ შემოღებული წესი სენატისა და სახალხო კრების დადგენილებათა გამოქვეყნებისა საყოველთაო ცნობისათვის. არსებითად ეს ისტორიაში I გაზეთი იყო. ცნობებს წერდნენ დიდ თეთრ დაფებზე, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გამოკიდებდნენ, ოფიციალურ განკარგულებებს უმატებდნენ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულ მნიშვნელოვან ცნობებს.
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მას მიაკუთვნეს 5 წლით გამგებლობა ციზალპურ გალიასა და ილირიაში. იგი აღჭურვეს უდიდესი უფლებამოსილებით, რითაც შეეძლო თავისი შეხედულებით დაენიშნა ლეგატები ორმაგი რიცხვით, გაეყვანა მოქალაქეთა ახალშენები და შეედგინა არმია 2 ლეგიონისაგან. მალე ამ ამბის შემდეგ გარდაიცვალა ნარბონის გალიის მმართველი ცეცილიუს მეტელუს ცელერი და სენატმა კეისრის პროვინციებს დაუმატა ნარბონის გალია და მის არმიას კიდევ 1 ლეგიონი.
გალიაში ის პროკონსულად იყო 58-56 წლებში. გალიის ტერიტორია მოიცავდა ახლანდელი საფრანგეთისა და ბელგიის ტერიტორიებს, შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაწილებს. გალიის ძირითად მოსახლეობას კელტური ტომები წარმოადგენდნენ აქვიტანები, ბელგები, კელტები, გალები, პრენოიკები (ბრიტანეთის სანაპიროს მცხოვრებნი).
58 წ. კეისარმა ბიბრაქტესთან დაამარცხა ჰელვეტთა ტომი, შემდეგ ამავე წლის შემოდგომაზე სვებების ბელადი არიოვისტი ახლანდელ ქალაქ სტრასბურგის რაიონში.
57 წ. გაზაფხულზე მან 8 ლეგიონით გაილაშქრა ჩრდილოეთკელტური ტომების - ბელგების წინააღმდეგ და ორწლიანი ომის შემდეგ დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ იგი მთელი გალიის დაპყრობას შეუდგა. მისმა ლეგატმა პუბლიუს კრასუსმა დაიმორჩილა დასავლეთ გალიის ტომები - არმორიკები და აკვიტანები. აჯანყების მოწყობა სცადეს ჩრდილო - დასავლეთის ტომებმა, რომლებმაც ბრიტანების დახმარებით დიდი ფლოტი შექმნეს, მაგრამ ლუარის შესართავთან კეისარმა ისინი დაამარცხა და გალია რომის პროვინციად გამოაცხადა.
გალიაში კეისარი გამდიდრდა და რომში მან 55 წ. ახალი - იულიუსის ფორუმის აგება დაიწყო.
56 წ. მას გაუდიდეს პროკონსულობის ვადა გალიაში 5 წლით.
56-55 წლების ზამთარში გალიის საზღვრები გადმოლახეს გერმანული ტომების უსიტებისა და ტენქტერების ურდოებმა ახალი საცხოვრებელი ადგილების მოსაპოვებლად. კეისარმა მოტყუებით მიიხმო მათი მეთაურები მოსალაპარაკებლად და უმეტესი ნაწილი ამოჟლიტა, მხოლოდ ცხენოსნები გაიქცნენ. კეისარი კი გადავიდა რეინზე დააშინა გერმანელები და დაბრუნდა უკან. შემდეგ გადაწყვიტა ბრიტანეთში გალაშქრება. 55 წ შემოდგომაზე 2 ლეგიონით გაილაშქრა თუმც ვერ დაიპყრო და დაუზავდა.
54 წ. მან კვლავ მოაწყო ბრიტანიაზე ლაშქრობა 800 გემისგან შემდგარი ფლოტის და 5 ლეგიონის შემადგენლობით და დაიმორჩილა ისინი.
54-53 წლ. ბელგების მხარეში (გალია) აჯანყება დაიწყო, აჯანყებულთ 2 ლეგიონი გაანადგურეს, თუმც მიწყნარდნენ კეისრის გამოჩენისთანავე. აჯანყებულთ სვებები ეხმარებოდნენ, ამიტომ კეისარმა მათი დასჯა გადაწყვიტა. თუმც ისინი განერიდნენ. ახალი აჯანყება გალიაში ცენაბლუში (ორლეანი) დაიწყო, რომელსაც არვერნები მეთაურობდნენ და მათი ბელადი ვერცინჟეტორიქსი. საბოლოოდ კეისარმა გაიმარჯვა და ვერცინგეტორიქსი სიკვდილით დასაჯეს.
53 წ. პართიელებთან ბრძოლაში დაიღუპა კრასუსი, რითაც პირველი ტრიუმვირატი გაუქმდა.
49 წ. კეისარსა და პომპეუსს შორის დაიწყო სამოქალაქო ომი, კეისარმა გადმოლახა მდ რუბიკონი და რომისკენ გამოემართა, დაეუფლა ჯერ იტალიას, მერე რომს, შემდეგ ქ ილერდასთან (ესპანეთი) დაამარცხა პომპეუსელები.
49 წ. ნოემბერში იგი დიქტატორად გამოცხადდა.
48 წ. დირაქიუმთან კეისარმა პომპეუსთან მარცხი განიცადა. 48 წ. ზაფხულში სამხრეთ თესალიაში ფარსალოსთან გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა კეისარმა, პომპეუსი გაიქცა და იგი ეგვიპტეში პელუზიონთან მუხანათურად მოკლეს, ხოლო მისი მოკვეთილი თავი კეისარს მიართვეს, რომელმაც მკვლელები სასტიკად დასაჯა.
პომპეუსელები კეისარმა საბოლოოდ მუნდთან დაამარცხა.
პომპეუსის დევნისას კეისარი ეგვიპტეს მივიდა, სადაც იგი მოხიბლა მისმა დედოფალმა კლეოპატრამ, რომლისგანაც მას შეეძინა ვაჟი კესარიონი.
47 წ. ნილოსთან კეისარმა დაამარცხა პტოლემაიოსი ეგვიპტის მეფე და მის მაგივრად ტახტზე კლეოპატრა დასვა.
47 წ. ქ. ზელასთან მან დაამარცხა ფარნაკე და სენატს ამ სწრაფი გამარჯვების შემდეგ აცნობა მიველ, ვნახე, დავამარცხე (ვენი, ვიდი, ვიცი).
46 წ. ტაქსუსთან (აფრიკა) კეისარმა დაამარცხა პომპეუსელები.
45 წ. მარტში კი მუნდასთან საბოლოოდ დაამარცხა პომპეუსელები.
44 წ. კეისარს მუდმივი დიქტატორის ხელისუფლება მიეკუთვნა მასვე უწოდეს სამშობლოს მამა, სენატის დადგენილებით მონეტებზე კეისრის გამოსახულების ამოჭრა დაიწყეს სადაც იგი ხან დიქტატორად, ხან კი იმპერატორად იყო მოხსენიებული, ასევე კეისრის ბრძანებით კაპიტოლიუმზე რომის 7 მეფის ქანდაკებების გვერდით მისი ქანდაკებაც აღმართეს.
რამდენჯერმე იყო მცდელობა კეისრის მეფედ გამოცხადებისა, მაგრამ მან ეს შეთავაზება უკუაგდო.
მან 320 000-დან ასორმოცდაათიათას კაცამდე დაიყვანა იმ პლებეების რიცხვი, რომლებიც უფასო პურს ღებულობდნენ სახელმწიფოსაგან, ასევე დაშალა ყველა კოლეგია, შეიწყნარა დამარცხებული პომპეუსელები, შეირიგა ციცერონიც, გამოსცა კანონები ფუფუნების და გარყვნილების წინააღმდეგ, მოაწესრიგა პროვინციების მმართველობა და გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა. ციზალპური გალიის მოსახლეობას მიანიჭა რომის მოქალაქეობა. გააუმჯობესა საგადასახადო პოლიტიკა, ბევრი თემი ნაწილობრივ ან მთლიანად გაანთავისუფლა გადასახადებისაგან. გამოსცა მუნიციპალური კანონი, ცვლილებები შეიტანა სახელმწიფო აპარატში. სენატის წევრთა რიცხვი ცხრაასამდე გაზარდა, გაზარდა პრეტორთა, ედილთა კვესტორთა რიცხვიც, მის დროს ირჩევდნენ ორმოც კვესტორს, 8 ედილს და თექვსმეტ პრეტორს. სახალხო კრება კი მისი ნება - სურვილის შემსრულებელი იყო. დაამკვიდრა რომაული ოქროს დინარი და შეასწორა კალენდარი, რომელსაც შემდეგ იულიუსის კალენდარი ეწოდა. კეთილმოაწყო რომი, ააგო ფორუმი, საჯარო ბიბლიოთეკა, თეატრი, ტაძრები.
თუმც კეისრის ერთპიროვნული ხელისუფლებით უკმაყოფილო ელემენტებმა შეთქმულება მოაწყვეს, რომელშიც 80 კაცი მონაწილეობდა, მისი მთავარი ორგანიზატორები იყვნენ მარკუს იუნიუს ბრუტუსი, დეციმიუს იუნიუს ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინუსი.
44 წ. როცა კეისარმა მზადება დაიწყო პართიაზე გასალაშქრებლად და რომში ფართოდ გავრცელდა ხმა თითქოს პუმის წინასწარმეტყველი ქალის სიბილას წიგნების მიხედვით პართიელების დამარცხება მხოლოდ მეფეს შეუძლიაო შეთქმულებმა დააჩქარეს კეისრის მოკვლა და ამ განზრახვის შესასრულებლად აირჩიეს სენატის სხდომა თხუთმეტ მარტს, შემონახული ცნობებით ხმებმა შეთქმულების შესახებ თითქოს კეისრის ყურამდეც მიაღწია და ის თითქოს არაერთხელ გააფრთხილეს მეგობრებმა და მეუღლემ მოსალოდნელი საბედისწერო საფრთხის შესახებ, მაგრამ მან ამას ყურადღება არ მიაქცია და წავიდა სენატის სხდომაზე ე. წ. პომპეუსის კურიაში, როცა კეისარი კურიაში შევიდა მას მიაწოდეს წერილი, რომელიც აფრთხილებდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, მაგრამ მას წერილი არც კი გაუხსნია, მას სენატის სხდომაზე თავს დაესხნენ მახვილებით შეიარაღებული შეთქმულები, 23 ჭრილობა მიაყენეს და მოკლული კეისარი პომპეუსის ქანდაკების წინ დაეცა.
Комментариев нет:
Отправить комментарий