воскресенье, 2 октября 2016 г.

კლავდიუსი (გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი)

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (75-140)
1. კლავდიუს კეისრის მამა დრუზუსი იყო, ჯერ რომ დეციმუსის სახელს ატარებდა, მერე - ნერონისა. ლივია ფეხმძიმედ გახლდათ, როცა ავგუსტუსს გაჰყვა ცოლად და სამ თვეში გააჩინა კიდეც კლავდიუსი, - ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ბავშვი ჩაისახა ლივიასა და მის მამინაცვალს შორის არსებული, გაუმართლებელი კავშირით. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მაშინვე გაჩნდა ლექსი: სამ თვეში აჩენს, ვისაც უმართლებს.
ეს დრუზუსი იყო სანეში ქვესტორის და პრეტორი, მხედართმთავარი იყო რეტიას და მერე გერმანიის ომებში; რომაელი სარდლებიდან პირველმა განახორციელა ცურვა ჩრდილოეთის ოკეანეში, და რაინს იქით ახალი არხები გაჭრა ხომალდებისთვის - უშველებელი ნაგებობა, აქამდე რომ მის სახელს ატარებს. მტერი მრავალ ბრძოლაში დაამარცხა, შორეულ და მიყრუებულ ალაგებამდე სდია და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა დევნა, როცა ბარბაროსი ქალის აჩრდილი გამოეცხადა, ჩვეულებრივ ადამიანზე ცოტა მაღალი იყო და კარგად გამართული ლათინურით აუკრძალა თავისი გამარჯვების ასე შორს წამოღება.
თავისი გმირობებისთვის დაიმსახურა ოვაცია და ტრიუმფალური რეგალიები. ხოლო პრეტურის შემდეგ მაშინვე მიიღო კონსულობა და ომიც განაახლა; მაგრამ აქ გარდაიცვლა ავადმყოფობით ზაფხულის ბანაკში, რომელსაც მას შემდეგ „წყეული“ ეწოდება. მისი გვამი რომში მოჰქონდათ მუნიციპიების და კოლონიების უცნობილეს მოქალაქეებს, მერე იმათგან გვამი მიიღეს შესახვედრად გამოსულმა მწერლებმა და დაკრძალეს მარსის მინდორზე. ჯარმა მის საპატივცემოდ ყორღანი დადგა, რომლის გარშემო ყოველ წელიწადს ჯარიკაცები აწყობდნენ დასაკრძალავ რბენებს, და რომლის წინაშეც გალების თემები აწყობდნენ სახალხო ლოცვებს; ხოლო სენატმა, სხვა მრავალ პატივთან ერთად, დაადგინა, რომ აპიანეს გზაზე აღმართულიყო მარმარილოს თაღი ტროფეებით და, თავადაც და მის შთამომავლებსაც მინიჭებოდათ სახელი „გერმანიკუსი“.
ამბობენ, რომ თანაბრად უყვარდა სამხედრო დიდებაც და სამოქალაქო თავისუფლებაც; მტერზე არაერთი გამარჯვებისას სახელოვან ალაფს მოიპოვებდა უდიდეს საფრთხეში თავის ჩაგდებით გერმანელი ბელადების დევნისას ბრძოლის ველის გადაღმა, მიყრუებულ ადგილებში, და ყოველთვის ღიად ლაპარაკობდა თავის ჩანაფიქრზე, აღედგინა წინანდელი სახელმწიფო წყობა. ამიტომ იყო, როგორც მე მგონია, და ზოგიერთიც ამას ადასტურებს, თითქოს ავგუსტუსმა ეჭვი მიიტანა და პროვინციიდან უკან დაბრუნება უბრძანა და რაკი ამას აყოვნებდა, მოწამლა.
მაგრამ ამ ჭორს მე ვახსენებ მხოლოდ იმიტომ, რომ რამე არ გამომრჩეს და არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტად და მართებულად ვთვლი; ავგუსტუსს სიცოცხლეში ისე უყვარდა დრუზუსი, რომ ყოველთვის ნიშნავდა შვილების თანამემკვიდრედ, რაზედაც ერთხელ სენატშიც განაცხადა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ხალხის წინაშე ღმერთებს ევედრებოდა, რომ ახალგაზრდა კეისრები სულ მისი მსგავსები ყოფილიყვნენ, და თავადაც ისე ღირსეულად მომკვდარიყო, როგორც დრუზუსი. და არც ამ ქებით დაკმაყოფილდა, მისი საფლავი თავისი თხზულებიდან ამორჩეული სტრიქონებით შეამკო, ხოლო მის ცხოვრებაზე პროზად დაწერა მოგონებები. ანტონია უმცროსისგან ბევრი შვილი ჰყავდა, მაგრამ მხოლოდ სამმა იცოცხლა იმაზე მეტხანს: გერმანიკუსმა, ლივილამ და კლავდიუსმა.
2. კლავდიუსი დაიბადა იულუს ანტონიუსის და ფაბიუს აფრიკანუსის კონსულობისას, აგვისტოს კალენდებში, ლუგდუნუმში, სწორედ იმ დღეს, როცა იქ ავგუსტუსის სამხსვერპლო აკურთხეს. დაარქვეს ტიბერიუს კლავდიუს დრუზუსი; მოგვიანებით, როცა მისი უფროსი ძმა იულიუსების ოჯახმა იშვილა, მიიღო მეტსახელი „გერმანიკუსი“. ყრმობისას მამა დაკარგა. პატარაობაში და ახალგაზრდობაში გრძელი და გაწელილი ავადმყოფობებით იტანჯებოდა, რომლებისგანაც ისე დასუსტდა გონებით და სხეულით, რომ სრულწლოვანობისას ვერც საზოგადოებრივი და ვერც კერძო საქმეების გამკეთებლად ჩაითვლებოდა.
იმის შემდეგაც კი, რაც მეურვეობიდან გამოვიდა, კიდევ დიდხანს რჩებოდა სხვის ძალაუფლებაში და ბიძამისის ზედამხედველობაში. და მერე ჩიოდა ერთ წიგნში, რომ ბიძის სახით საგანგებოდ მიუჩინეს ბარბაროსი, ყოფილი მეჯინიბე, რათა სასტიკად დაესაჯა ხოლმე ნებისმიერი მიზეზით. ჯანმრთელობის მიზეზითვე გლადიატორების თამაშებზე, რომელსაც ძმასთან ერთად მართავდა მამის სახსოვრად, გამრიგის ადგილას ქუდით იჯდა, რაც არასოდეს მომხდარა; ხოლო სრულწლოვანების დღეს კაპიტოლიუმზე ტახტრევანით აიყვანეს, შუაღამისას, და თანაც ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე.
3. მართალია, რომ კეთილშობილ ხელოვნებებში ახალგაზრდობიდან ამჟღავნებდა დიდ გულმოდგინებას და არაერთხელ გამოუცია თავისი ცდები ამა თუ იმ დარგში, მაგრამ ამით ვერც პატივიცემა მოიპოვა და ვერ იმედი თავის უკეთეს მომავალზე.
დედამისი ანტონია ამბობდა, რომ მახინჯია ადამიანებს შორის, ბუნებამ დაიწყო და აღარ დააბოლოვა, და ვინმეს გონებაჩლუნგობის გამოხატვა რომ უნდოდა, ამბობდა: „ჩემს კლავდიუსზე უფრო ყეყეჩია“. ბებიამისი ავგუსტა უღრმესი სიძულვილით ექცეოდა, იშვიათად ელაპარაკებოდა, შენიშვნებსაც წერილობით აძლევდა, მოკლედ და მკვეთრად, ანდა მონის პირით. მისმა დამ, ლივილამ რომ გაიგო, კლავდიუსი კეისარი უნდა გამხდარიყო, ხმამაღლა და ყველას გასაგონად წყევლიდა რომაელი ხალხის ამ ბედკრულ და საშინელ ხვედრს. ხოლო რა კარგსა თუ ცუდს პოულობდა მის ხასიათში ავგუსტუსი, მისი შვილად ამყვანი ძია, ამაზე სიცხადისათვის ნაწყვეტებს დავიმოწმებ იმისი წერილებიდან.
4. „შენი თხოვნით, ძვირფასო ლივია, მე ველაპარაკე ტიბერიუსს იმის თაობაზე, რა ვუყოთ შენს შვილიშვილ ტიბერიუსს მარსის თამაშებზე. და ორივე შევთანხმდით, რომ საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ დავადგინოთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდეს მის მიმართ. თუ ის, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი ადამიანია და ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, რატომ ნაბიჯ-ნაბიჯ არ უნდა გამოიაროს იგივე გზა, რაც მისმა ძმამ?
თუკი ჩვენ ვგრძნობთ, რომ დაშავებულია სხეულითაც და სულითაც, მაშინ არც იმაზე და არც ჩვენზე დაცინვის საბაბი არ უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები არიან ამგვარ საგნებზე ქირქილსა და დამუნათებას. ჩვენ მოგვიწევს მუდმივი თავის მტვრევა, თუკი ვიფიქრებთ მის თითოეულ ნაბიჯზე ცალ-ცალკე და წინდაწინვე არ გადავწყვეტთ, დავუშვათ თანამდებობებზე თუ არა.
მოცემულ შემთხვევაში, - შენს შეკითხვას ვპასუხობ, - მე წინააღმდეგი არა ვარ, რომ მარსის თამაშებზე ქურუმების გამასპინძლება მოაწყოს, ოღონდ, თუკი დაგვეთანხმება, ყური დაუგდოს სილვანუსის შვილს, თავის ნათესავს, რათა არაფრით მიიქციოს ყურადღება და დაცინვები არ გამოიწვიოს. მაგრამ რად უნდა დოღების ცქერა წმინდა ლოჟიდან - ყველაზე წინ რომ იჯდება, ყველას ყურადღებას მიიქცევს. არც ალბანეთის გორაკზე წასვლა არგია, და, საერთოდ, არც რომში დარჩენა ლათინურ თამაშებზე, - თუკი ძმის გაყოლა შეუძლია გორაკზე, მაშინ რომის პრეფექტიც რატომ არ უნდა იყოს?
აი, ჩემი აზრი, ძვირფასო ლივია. ჩვენ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა გამუდმებით არ ვკანკალებდეთ იმედსა და შიშს შუა. თუ გსურს, წერილის ეს ნაწილი, შეგიძლია, ჩვენს ანტონიას წაუკითხო“.
და სხვა წერილში: „ახალგაზრდა ტიბერიუსს, ვიდრე შენ არ იქნები, ყოველ დღე დავუძახებ სადილად, რათა მარტომ არ ისადილოს იმ თავის სულპიციუსთან და ათენოდორუსთან. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, უფრო მეტი სიფხიზლით და გაცილებით ნაკლები სიმსუბუქით ამოერჩია ვინმე, ვისაც მოძრაობებში, დამოკიდებულებეში და სიარულში მიბაძავდა. არ უმართლებს ამ საწყალს; სადამდეც ჭკუა გაუწვდება, მისი ხასიათის კეთილშობილება საკმაოდ ცხადია...
და მესამე წერილში: „ეშმაკმაც წამიღოს, ძვირფასო ლივია, თუ გაკვირვებული არ ვიყო, რომ შენი შვილიშვილის, ტიბერიუსის დეკლამაცია მომეწონა. ვერაფრით გამიგია, წაკითხვისას როგორ შეძლო, რომ ყველაფერი ეთქვა, რაც საჭირო იყო და ასე აზრიანად, როცა, ჩვეულებრივ, უაზროდ ლაპარაკობს ხოლმე“.
ამ ყველაფრის მერე ავგუსტუსის გადაწყვეტილებაში დაეჭვება აღარ მოგვიწევს. სწორედ მან ჩამოაშორა ყველა თანამდებობას, ავგურობის გარდა; და მემკვიდრედაც მხოლოდ მესამე რიგი დაუთმო, სულ გარეშე ხალხში, და მხოლოდ მეექვსედი ნაწილი; ხოლო ქონება, რომელიც დაუტოვა, რვაასი ათას სესტერცზე მეტი არ იყო.
5. ხოლო ტიბერიუსმა, ბიძამისმა, თანამდებობაზე მისი თხოვნის პასუხად, მხოლოდ კონსულის ღისების ნიშნები მისცა; და როცა გაჯიუტდა, ნამდვილ თანამდებობას მოითხოვდა, ტიბერიუსმა მოკლედ მისწერა, რომ სატურნალიებისთვის და სიგილარიებისთვის უკვე გაუგზავნა ორმოცი ოქრო. მხოლოდ მაშინღა დაეხსნა დაწინაურებაზე ყოველგვარ იმედს და ყველა საქმეს თავი დაანება, ხან ქალაქგარეთა სახლის ბაღებში იმალებოდა, ხანაც კამპანიის ვილაში; და ასე ცხოვრობდა ყველაზე მდაბიო ხალხის საზოგადოებაში და თავისი ყეყეჩობის სირცხვილს მოთამაშის და ლოთის სახელით უფრო აღრმავებდა თუმცა, ამის მიუხედავად, არც ადამიანები ეუბნეოდნენ უარს ყურადღების ნიშნებზე და არც სახელმწიფო - პატივისცემაზე.
6. მხედართა ფენამ ორჯერ აირჩია კონსულებთან ელჩობის მეთაურად. ერთხელ, როცა ითხოვდნენ, ავგუსტუსის ცხედარი თავიანთი მხრებით წაეღოთ რომში; და მეორედ, - სეიანუსის დამხობის მილოცვა რომ მიჰქონდათ; ხოლო როცა თეატრში შედიოდა, მხედრები ფეხზე დგებოდნენ და ქუდებს უხდიდნენ.
ხოლო სენატმა, თავის მხრივ, უანგარიშოდ მიათვალა კენჭისყრით არჩეულ ავგუსტუსის ქურუმებს, მერე კი დაადგინა, სახელმწიფოს ხარჯზე აღედგინათ ხანძრისას დამწვარი მისი სახლი; და მისცეს უფლება, კონსულარების რიცხვში მიეცა ხმა. სხვათა შორის, ტიბერიუსმა შეცვალა ბოლო დადგენილება, კლავდიუსის სისუსტის მომიზეზებით და დაპირდა, ზარალი აენაზღაურებინა საკუთარი ანგარიშიდან. და მაინც, როცა ტიბერიუსი მოკვდა, მესამე რიგის მემკვიდრედ დანიშნა და მესამედი ნაწილისა, თუმცა მემკვიდრეობად მისცა დაახლოებით ორი მილიონი სესტერცი და, ამას გარდა, თავისი ნათესავების ჩამოთვლისას, რეკომენდაცია გაუწია ჯარებთანაც, სენატთანაც და რომაელ ხალხთანაც.
7. მხოლოდ გაიუსის, მისი ნათესავის მმართველობისას, როცა ის ხელისუფლებაში მოსვლისას ყველანაირად ცდილობდა კარგი სახელი მოეპოვებინა, დაუშვეს მაღალ თანამდებობებზე და ორი თვე ინაწილებდა მასთან ერთად კონსულობას; და ისე მოხდა, რომ როცა პირველად გამოვიდა ფორუმზე კონსულის ფასკებით, მარჯვენა მხარზე მახლობლად მოტრიალე არწივი დააჯდა. მეორე კონსულობაც დაუნიშნეს, კენჭისყრით, სამი წლის შემდეგ. რამდენჯერმე შეცვალა გაიუსი, სანახაობებს განაგებდა და ხალხი ესალმებოდა შეძახილით: „გაუმარჯოს იმპერატორის ძიას!“ და „გაუმარჯოს გერმანიკუსის ძმას!“
8. მაგრამ ესეც ვერ იცავდა შეურაცხყოფისგან. თუკი დანიშნულ საათზე ვერ მივიდოდა სადილზე, ადგილს მაშინვე ვერ პოულობდა, სანამ მთელ პალატას არ მოივლიდა. ხოლო როცა უკვე ნაჭამი, თვლემას დაიწყებდა, - ეს კი ხშირად მოსდიოდა, - მაშინ ვიღაც ტაკიმასხარები ფინიკის და ზეთისხილის კურკებს ესროდნენ; სხვა დროს, ვითომდა ხუმრობით, შოლტებით ანდა წკეპლებით აღვიძებდნენ; სანამ ხვრინავდა, ხელებზე სანდლებს აცმევდნენ, რომ უცაბედად გაღვიძებულს, იმ სანდლებით გაეწმინდა სახე - ამის გაკეთებაც უყვარდათ.
9. ვერც ნამდვილ საფრთხეებს აუარა გვერდი. უპირველეს ყოვლისა, თავისი კონსულობისას კინაღამ დაკარგა თანამდებობა იმის გამო, რომ საკმაოდ სწრაფად ვერ ბრძანა, მოემზადებინათ და დაედგათ კეისრის ძმების, ნერონის და დრუზუსის ქანდაკებები. მერე მოსვენებას არ აძლევდნენ სხვადასხვა დასმენები, თან მარტო უცხოებისგან კი არა, საკუთარი მონებისგანაც. ხოლო როცა გერმანიკუსის შეთქმულების გახსნის მერე, სხვა გაგზავნილებთან ერთად გერმანიაში წავიდა, რათა იმპერატორისთვის მიელოცა, კინაღამ მოკვდა, - გაიუსი ისე ძალიან გაბრაზდა და გამძვინვარდა, სულ ცოფებს ჰყრიდა, რაკი საგანგებოდ გაუგზავნეს თავისი ბიძა, თითქოს პატარა ბიჭის სამეურვეოდ; და ზოგიერთი იმასაც აცხადებს, რომ თავისი სამგზავრო ტანსაცმლიანად კლავდიუსი მდინარეში გადააგდესო.
და მას შემდეგ სენატში ყოველთვის ბოლოს აძლევდა ხმას კონსულარებიდან, რადგან დამცირების ნიშნად ყველაზე ბოლოს ეკითხებოდნენ. ერთი ისეთი ანდერძიც მიიღეს გაყალბებაზე საჩივრით, რომელზეც მისი ხელმოწერაც იყო. ბოლოს, იძულებული გახადეს, რვა მილიონი სესტერცი გადაეხადა ქურუმის ახალ თანამდებობაში, და ამან ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ სახელმწიფო ხაზინას ვალს ვეღარ უბრუნებდა და პრეფექტების ბრძანებულებით, მისი ქონება შეთავაზებული იყო გასაყიდად, ულაპარაკოდ, თანახმად გადასახადებზე კანონისა.
10. ასეთ და მსგავს გარემოებებში გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი და უცებ, ჭეშმარიტად, გასაკვირი შემთხვევის წყალობით იმპერატორის ხელისუფლებას მიაღწია. როცა გაიუსზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ, შეთქმულებმა მას ბრბო მოსწყვიტეს, თითქოს იმპერატორს მარტო დარჩენა უნდოდა და კლავდიუსიც სხვებთან ერთად შევიდა ოთახში, რომელსაც ჰერმესისა ერქვა; იქიდან, როგორც კი მკვლელობაზე შემოესმა, დაზაფრული გამოვარდა მეზობელ მზის გალერეაში და კართან ჩამოკიდებული ფარდების მიღმა დაიმალა.
რომელიღაც ჯარისკაცმა, ახლოს რომ ჩაურბინა, მისი ფეხები დაინახა, მობრუნდა შესამოწმებლად, ვინ იმალებოდა ფარდის მიღმა, გამოათრია და იცნო კიდეც, და როცა გულგახეთქილი კლავდიუსი ფეხებში ჩაუვარდა, ჯარისკაცი მიესალმა როგორც იმპერატორს და თავის ამხანაგებთან მიიყვანა, რომლებმაც აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და უმიზნოდ შფოთავდნენ. ჯარისკაცებმა ტახტრევანზე დასვეს კლავდიუსი და რაკი მეტახტრევნეები გაიქცნენ, თავად, ერთიმეორის ჩანაცვლებით მიიყვანეს შიშისაგან აკნკალებული თავიანთ ბანაკში, ხოლო გზად შემხვედრი ბრბო იბრალებდა, თითქოს ეს უდანაშაულოდ მიჰყავდათ დასასჯელად.
ღამე ბანაკის მიწაყრილს გადაღმა გაატარა, დაცვით გარშემორტყმულმა, თავის სიცოცხლეზე დამშვიდებულმა, მაგრამ მომავლით შეწუხებულმა. კონსულებმა, სენატმა და ქალაქის კოჰორტებმა ფორუმი და კაპიტოლიუმი დაიკავეს მტკიცე გადაწყვეტილებით, გამოეცხადებინათ საყოველთაო თავისუფლება. ისიც მიიპატიჟეს სახალხო ტრიბუნების პირით კურიაში, რათა საბჭოში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ უპასუხა, რომ აკავებს ძალა და იძულება.
თუმცა მეორე დღეს, როცა უკვე უთანხმოებით გადაღლილი სენატი თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას აყოვნებდა, გარშემო კი ბრბო შეკრებილიყო და ერთ ხელისუფალს მოითხოვდა და უკვე გაიძახოდა მის სახელსაც, - მაშინ შეიარაღებულ შეკრებაზე მეომრებისგან მიიღო ფიცი და თითოეულს თხუთმეტი ათას სესტერცს დაჰპირდა - პირველი კეისრებს შორის, ვინც ჯარის ერთგულება ფულით იყიდა.
11. ძალაუფლებაში რომ განმტკიცდა, სხვა ყველაფერზე უწინ იზრუნა მეხსიერებიდან ამოეშალა ის ორი დღე, როცა სახელმწიფო მოწყობის სიმტკიცეში ეჭვი ეპარებოდათ. ამიტომ, დაადგინა, რომ ის ყველაფერი, რაც ითქვა და გაკეთდა ამ დროში, ნაპატიები და დავიწყებული ყოფილიყო; და ეს დადგენილება შეასრულა, სიკვდილით დაისაჯა რამდენიმე ტრიბუნი და ცენტურიონი გაიუსის წინააღმდეგ შეთქმულებიდან - როგორც მაგალითისათვის, ასევე იმიტომაც, რომ ისინი, როგორც გაირკვა, მის მოკვლასაც ითხოვდნენ.
შემდეგ პატივისცემის ვალი დაუბრუნა ნათესავებს. ავგუსტუსის სახელი შეიქმნა მისთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე საყვარელი დასაფიცარი. თავის ბებია ლივიას ღვთიური პატივი არგუნა და ეტლი საცირკო პროცესიაში, რომელშიც შებმული იყო ოთხი სპილო, როგორც ავგუსტისათვის. მშობლებს დაუნიშნა საყოველთაო მოსახსენიებელი მსხვერპლი და დამატებით დედისათვის - ეტლი ცირკში და სახელი ავგუსტასი, სიცოცხლისას მისგან უარყოფილი. ძმის ხსოვნას პატივს მიაგებდა ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, ხოლო ნეაპოლის შეჯიბრებებზე მის პატივსაცემად ბერძნული კომედია დადგა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავადვე დააჯილდოვა ძმის მაგივრად გვირგვინით.
მარკუს ანტონიუსსაც არ აუარა გვერდი პატივისცემის და აღიარების გარეშე; ერთხელ, ედიქტში მოიხსენია, რომ მამამის დრუზუსის დაბადების დღე კიდევ იმიტომაც უნდა აღნიშნოს ზეიმით, რომ ეს დღე პაპამის ანტონიუსის დაბადების დღეც არის. ტიბერიუსს მიუძღვნა მარმარილოს არკა პომპეუსის თეატრის მახლობლად, რომლის აგებაც ერთხელ დაადგინა სენატმა, მაგრამ არ ააშენა. და თუმცა გაიუსის ყველა დადგენილება გააუქმა, მაინც აკრძალა ზეიმად გამოეცხადებინათ კალიგულას სიკვდილის და თავისი ხელისუფლებაში მოსვლის დღე.
12. თავად ამ ზეასვლაში მოკრძალებულად ეჭირა თავი, უბრალო მოქალაქესავით. იმპერატორის სახელი უარყო, უზომო პატივისცემაზე უარი თქვა, ქალიშვილის ნიშნობა და შვილიშვილის დაბადება წესებით იზეიმა, უხმაუროდ, ოჯახურ წრეში. არც ერთი გადასახლებული არ დაუბრუნებია სენატის თანხმობის გარეშე. იმის შესახებ, რომ მისთვის სასარგებლო იყო, კურიაში შეეყვანა პრეტორიელების პრეფექტები ანდა ჯარის ტრიბუნები, და რომ დამტკიცებულიყო მისი პროკურატორების სასამართლო გადაწყვეტილება, - მოწყალებასავით ითხოვდა.
საკუთარ სამფლობელოში ბაზრის გასახსნელად ნებართვას კონსულებს სთხოვდა. თანამდებობის პირების გვერდით სასამართლოებზე უბრალო მრჩევლად იჯდა; იმათ მოწყობილ სანახაობებზე მთელ ბრბოსთან ერთად დგებოდა და ტაშის დაკვრით და შეძახილით ესალმებოდა. როცა ერთხელ სახალხო ტრიბუნები მივიდნენ მასთან, ბოდიში მოუხადა, სივიწროვის გამო რომ ვერ დასხამდა და ისე ვერ მოუსმენდა.
ამ ყველაფრით მოკლე დროში მოიპოვა ხალხის დიდი სიყვარული და ერთგულება. როცა ოსტიაში მისი მოგზაურობის დროს გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს ჩასაფრებაში მოხვდა და მოკლეს, ხალხი შეძრწუნებული იყო და საშინლად სწყევლიდა მეომრებსაც, თითქოს როგორც მოღალატეებს, და სენატორებსაც, თითქოს როგორც მამისკვლელებს; ვიდრე, ბოლოს, მაგისტრატებმა ტრიბუნაზე არ გამოიყვანეს ჯერ ერთი მაცნე, მერე - მეორე, შემდეგ - ბევრიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კლავდიუსი ცოცხალია, არაფერი მოსვლია და უკვე უახლოვდება რომს.
13. ამის მიუხედავად, თავდასხმების სრულად არიდება მაინც ვერ შეძლო. ემუქრებოდნენ ცალკეული ბოროტმოქმედებიც, შეთქმულებებიც, სამოქალაქო ომიც. ერთი კაცი პლებეებიდან მის საძინებელთან შუაღამისას დაიჭირეს ხანჯლით ხელში, ორი კიდევ მხედრების ფენიდან - ქუჩაში, ერთს ხანჯალი ჰქონდა ჯოხში, მეორეს - სანადირო დანა; პირველი თეატრის გამოსასვლელთან ელოდა, მეორეს მსხვერპლისშეწირვის დროს უნდოდა თავდასხმა მარსის ტაძრის წინ.
ორატორების - პოლიონისა და მესალას შვილიშვილებმა, აზინიუს გალუსმა და სტატილიუს კორვინუსმა იმპერატორის გააზატებულთა და მონების მეტიწილი მონაწილეობით დაგეგმეს შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. სამოქალაქო ომს იწყებდა ფურიუს კამილუს სკრიბონიანუსი, დალმატიის ლეგატი, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ ლეგიონერებმა მოკლეს, რომლებიც რაღაც სასწაულმა აიძულა, მოენანიებინათ ფიცის დარღვევა - ან შემთხვევით, ანდა ღვთაებრივი ნებით, როცა ნაბრძანები იყო, გამოსულიყვნენ ახალი იმპერატორის დასახმარებლად, ვერაფრით შეძლეს ვერც თავიანთი არწივების დაგვირგვინება, ვერც მიწიდან ამოძრობა და ვერც თავიანთი ნიშნების ადგილიდან დაძვრა.
14. თუ წინებს არ ჩავთვლით, კონსულად ოთხჯერ იყო, ჯერ ორი წელი ზედიზედ და მერე ყოველ ოთხ წელიწადში; ბოლოს - ნახევარი წლის განმავლობაში, დანარჩენში - ორ-ორი თვით, თანაც მესამედ სცვლიდა ამ თანამდებობაზე გარდაცვლილ წინამორბედს, რაც ადრე არც ერთ მმართველს არ უქნია.
სასამართლოს კონსულობისასა და კონსულობის გარეშეც დიდი გულმოდგინებით მართავდა, ოჯახური ზეიმების დღეებშიც კი, ზოგჯერ კი ძველ დღესასწაულებზეც და აკრძალულ დღეებშიც. კანონს ძირისძირობამდე არ მიჰყვებოდა ყოველთვის და ხშირად საქმიდან შთაბეჭდილების მიხედვით აწონასწორებდა იმათ სიმკაცრეს და აჩქარებულობას მოწყალედ და სამართლიანად. თუკი ვინმე სამოქალაქო სასამართლოში წააგებდა საქმეს მეტისმეტი მოთხოვნების გამო, იმათ საშუალებას აძლევდა, ხელახლა შეეტანათ საჩივარი; თუ ვინმე უმძიმეს დანაშაულში იყო გამოაშკარავებული, იმათ, - კანონიერი სასჯელის გადაჭარბებით, - გარეულ მხეცებში ჩააგდებინებდა ხოლმე.
15. როცა თავად არჩევდა და გადაწყვეტილებებს ღებულობდა საქმეებზე, საკვირველი არათანაბრობით ირჯებოდა, - ხან წინდახედულად და გონივრულად მოიქცეოდა, ხან განუსჯელად და ნაჩქარევად, ზოგჯერ კი უგუნურებამდე სულელურად. მოსამართლეების სიებს რომ ამოწმებდა, მოდავეობის მიდრეკილების გამო გაათავისუფლა კაცი, რომელსაც როგორც ოჯახის მამას, შეიძლებოდა, შვებულება მიეღო და ამაზე გაჩუმდა. სხვა მოსამართლეს, რომელიც მის წინაშე იყო ბრალდებული კერძო საქმეზე და ჩიოდა, რომ ეს საქმე საიმპერატორო კი არა, უბრალო სასამართლოს უნდა განეხილა, - უბრძანა იქვე, მის წინაშე დაეცვა თავი, რათა თავისი ქცევით საკუთარ საქმეში ეჩვენებინა, კარგად განსჯიდა თუ არა უცხო საქმეებს.
ერთი ქალი არ აღიარებდა თავის ბიჭს შვილად, მაგრამ ვერც ერთმა შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. კლავდიუსმა ქალს შესთავაზა, ცოლად გაჰყოლოდა იმ ახალგაზრდას და ამით გამოტეხა ის ქალი. როცა ერთი მხარე არ მოვიდოდა სასამართლოზე, უყოყმანოდ აცხადებდა იმათ წაგებულად, არ გაარჩევდა, არყოფნის მიზეზი საპატიო იყო თუ არა. ერთხელ ლაპარაკი იყო ანდერძის გადაკეთებაზე, ვიღაცამ იყვირა, რომ ამისათვის ხელები უნდა მოაჭრაო, იმან კიდევ მაშინვე უბრძანა, ჯალათი მოეყვანათ, ნაჯახითა და კუნძით. სხვა დროს ლაპარაკი იყო მოქალაქეობის უფლებაზე და დამცველებმა გააბეს უაზრო კამათი, მოპასუხე მანტიით უნდა გამოსულიყო თუ ტოგით; ხოლო იმან, თითქოს წახალისებულმა თავისი მიუმხრობლობით, მოპასუხეს უბრძანა, ტანსაცმელი გამოეცვალა ხოლმე იმის მიხედვით, ბრალმდებელი ლაპარაკობდა თუ დამცველი.
ამბობენ, ერთ საქმეზე გამოაცხადა, და წერილობითაც კი: „მე მხარს ვუჭერ იმათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობდა“. ამ ყველაფრით ისე წაიხდინა პატივისცემა, რომ დაუფარავი დაცინვით ექცეოდნენ. ვიღაცამ ბოდიში მოუხადა, რომ გამოძახებაზე მოწმე არ ჩამოვიდა პროვინციიდან, დიდხანს ლაპარაკობდა, რომ არაფრით შეეძლო ჩამოსვლა, მაგრამ არ ამბობდა, რატომ არ შეეძლო; და მხოლოდ გრძელი გამოკითხვის შემდეგ წარმოთქვა: „საპატიო მიზეზი აქვს, - მოკვდა“. სხვამ, დიდი მონდომებით რომ ემადლიერებოდა, რაკი მოპასუხეს საშუალება მისცა, თავი დაეცვა, დასძინა: „სხვათა შორის, სულ ასე ხდება!“ მე მოხუცებისგან მსმენია, რომ თითქოს დავის მოყვარულები ისე ბოროტად სარგებლობდნენ მისი მოთმინებით, რომ როცა მოსამართლის სკამიდან ჩამოსვლა უნდოდა, მარტო უკან დაბრუნებას კი არ მოუწოდებდნენ, არამედ ტოგის განაკიდეზე ანდა ფეხებში ჩაჭიდებულები იჭერდნენ კიდეც.
და ეს აღარც გვაოცებს, რადგან ვიღაცა ბერძენმაც კი სასამართლო პაექრობაზე დაუყვირა: „შენ კიდევ ბებერიც ხარ და სულელიც!“ ერთმა რომაელმა მხედარმა, როგორც ცნობილია, მტრების ლაპარაკზე უსაფუძვლოდ ბრალდებულმა ქალებთან შეუფერებელ მოქცევაში, დაინახა, რომ მის წინააღმდეგ მოწმეებად იძახებენ და მოჰყავთ ყველაზე ნაკლებად სასურველი, გონჯი ქალები, და კლავდიუსს თავს დაატყდა სისულელის და დაუნდობლობის გამო ლანძღვით და სახეში ისეთი ძალით ესროლა სტილოსი და დაფა, რომ ძალიან დაუშავა ლოყა.
16. იყო ცენზორიც - თანამდებობა, რომელიც არავის დაუკავებია დიდხანს, პლანკუსის და პავლუსის ცენზორობის ხანიდან. აქაც გამოამჟღავნა მერყეობა და ცვალებადობა, როგორც განზრახვებში, ასევე საქციელებში. მხედრების დათვალიერების დროს გაუკიცხავად გაუშვა ერთი ახალგაზრდა, გარეული ყველა მანკიერებაში, რაკი მამამისი არწმუნებდა, რომ შვილით მეტისმეტად კმაყოფილია; „მაგას ჰყავს თავისი ცენზორი“, - ასე თქვა. მეორე ახალგაზრდას, ჩამოყალიბებულ მაცდურსა და გარყვნილს, ურჩია, თავის ნამოქმედარში უფრო თავშეკავებული, ანდა ფრთხილი მაინც ყოფილიყო: „რაში მაინტერესებს, ვინ არის შენი საყვარელი?“ - ასე დასძინა. მეგობრების თხოვნით ვიღაცის სახელის გასწვრივ შენიშვნა რომ წაშალა, თქვა: „დაე, კვალი მაინც დარჩეს“.
გამოჩენილი მოღვაწე, პირველი მთელი საბერძნეთის პროვინციაში, მოსამართლეების სიიდან ამოშალა და რომის მოქალაქეობაც ჩამოართვა ლათინური ენის უცოდინარობისათვის, რადგან საკუთარ ცხოვრებაზე ანგარიშის ჩაბარების უფლებას მხოლოდ თავისი სიტყვების თქმით იძლეოდა, დამცველის დაუხმარებლად. გაკიცხვა ბევრს გამოუცხადა, ხანდახან მოულოდნელად და არარსებული მიზეზებით. ზოგიერთს იმაზე, რომ მისი შეტყობინების და ნებართვის გარეშე გაემგზავრნენ იტალიიდან; ერთს იმაზე, რომ მეფეს აცილებდა პროვინციაში, ამასთან ისიც მოაგონა, რომ წინაპართა ხანაში რაბირუის პოსტუმუსიც კი ბრალდებული იყო რომაელი ხალხის დიდებულების შეურაცხყოფაში იმისათვის, რომ ალექსანდრიაში მეფე პტოლემეოსს აცილებდა, რათა მისგან ვალი მიეღო.
ცდილობდა კიდევ მეტი სასჯელი დაედო, მაგრამ გამოძიების დაუდევრობით და მისდა სასირცხვილოდ თითქმის ყველა ეჭვმიტანილი უდანაშაულო აღმოჩნდა, - ვისაც უცოლობაში, უშვილობაში, სიღარიბეში სდებდა ბრალს, მათ დაამტკიცეს, რომ ცოლიანებიც არიან, მამებიც და მდიდრებიც; ხოლო იმან, ვისზეც ამბობდა, რომ მახვილით აპირებდა თავის მოკვლას, ტანსაცმელი გაიძრო და აჩვენა სხეული ჭრილობების გარეშე.
მისი ცენზორობა კიდევ იმითაც იყო შესანიშნავი, რომ მდიდრულ ნამუშევარ ვერცხლის ეტლზე, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი სიგილარიაში, ბრძანა, ეყიდათ და მის თვალწინ დაეჭრათ; იმითაც, რომ ერთსა და იმავე დღეს ოცი ედიქტი გამოსცა, მათ შორის ორი, რომელთაგან ერთით წინადადებას იძლეოდა, კუპრი უკეთესად მოევლოთ კასრებისთვის, უდანაკარგოდ რომ აეღოთ ყურძნის მოსავალი; მეორეში კი აცხადებდა, რომ გველის ნაკბენის სამკურნალოდ იმაზე უკეთესი წამალი არ არსებობს, ვიდრე ურთხელის წვენია.
17. მხოლოდ ერთხელ და ისიც უმნიშვნელოდ ილაშქრა. სენატმა აჩუქა ტრიუმფალური რეგალიები, მაგრამ ისინი თავის ღისებაზე მცირედად ჩათვალა, უღირსად იმპერატორის დიდებულებისთვის და დაიწყო ნამდვილი ტრიუმფის მიზეზის ძებნა. თავისი არჩევანი ბრიტანეთზე შეაჩერა, რომლის ხელყოფა იულიუს კეისრის შემდეგ არავის გაუბედავს და რომელიც ამ დროს ღელავდა, რაკი რომაელებიდან თავის გამომქცევებს უკან ვერ ღებულობდა.
იქითკენ ოსტიადან გაცურა, ჩრდილო-დასავლეთის გრიგალური ქარების გამო კინაღამ ორჯერ ჩაიძირა, - ერთხელ ლიგურიის ნაპირებთან, მეორედ - სტოიჰადის კუნძულების შორიახლოს. ამიტომ მასილიადან გესორიაკუმამდე ფეხით მიდიოდა. მერე კი გადასვლა განახორციელა და რამდენიმე დღეში დაიმორჩილა კუნძულის ნაწილი უომრად და უსისხლოდ, წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა რომში და დიდი ზარზეიმით გადაიხადა ტრიუმფი.
ამ სანახაობის საცქერად მარტო პროვინციების ნაცვლები კი არა, ზოგიერთი განდევნილიც მოიწვია. თავისი პალატინის სასახლის სახურავზე მტრის სხვა ალაფის გვერდით ზღვის გვირგვინიც გადმოჰკიდა, სამოქალაქოსთან ერთად - ნიშნად იმისა, რომ გადაკვეთა და თითქოს დაიმორჩილა ოკეანე. მის ეტლს მოჰყვებოდა მისი ცოლი მესალინა გადახურული ორთვალათი, მოჰყვებოდნენ ისინიც, ვინც ამ ომში მიიღო ტრიუმფალური სამკაულები, ყველა ფეხით და სენატორების ტოგები ეცვათ, მარტოდენ მარკუს კრასუს ფრუგი, რომელსაც უკვე ორჯერ მიეღო ეს ჯილდო, მოდიოდა აღკაზმული ცხენით და ისეთი ტუნიკა ემოსა, რომელზედაც პალმები გახლდათ გამოხატული.
18. ქალაქის კეთილმოწყობა და მომარაგება მისთვის ყოველთვის დიდი ზრუნვის საგანი იყო. როცა ემილიანაში დიდი ხანძარი იყო, ზედიზედ ორ ღამეს ათევდა დირიბიტორიუმში; და რაკი არც ჯარისკაცები ყოფნიდათ და არც მონები, მან მამასახლისების დახმარებით ყველა ქუჩიდან გამოიძახა ხალხი, წინ ფულით სავსე ტომრები დაიდგა და იქვე აჯილდოებდა ყველას, დამსახურების მიხედვით.
ხოლო როცა მომარაგებაში დაიწყო სირთულეები შეუწყვეტელი მოუსავლიანობის გამო, და ერთხელ თავად მას შუა ფორუმზე ბრბომ ლანძღვა დაუწყო და პურის ნარჩენები დაუშინა, - ასე რომ, ძლივს მოასწრო საიდუმლო გვირაბით სასახლემდე მიღწევა, - მას შემდეგ არაფრის წინაშე იხევდა უკან, რომ ზამთრის დროსაც კი არ შეჩერებულიყო ხორბლის შემოტანა. ვაჭრები მტკიცე მოგებით უზრუნველჰყო, დაპირდა, რომ ვინც ქარიშხლისგან იზარალებდა, იმათ ზარალს საკუთარ თავზე აიღებდა; ხოლო სავაჭრო ხომალდების აგებისათვის დიდი მოგებები დანიშნა ნებისმიერი ფენის პირებისათვის:
19. მოქალაქეებს - თავისუფლება პაპიას და პოპეას კანონიდან, ლათინებს - სამოქალქო უფლება, ქალებს - ოთხი შვილის უფლება. ეს დადგენილებები დღესაც ძალაშია.
20. მშენებლობები იმდენად ბევრი არ დაუწყია, რამდენადაც მნიშვნელოვნები და აუცილებლები. მათგან მთავარი - წყალგაყვანილობა, დაწყებული გაიუსის მიერ, მერე კი წყალსადინარი ფუციუსის ტბიდან და ნავმისადგომი ოსტიაში; თუმცა იცოდა, რომ ამ ღონისძიებებიდან პირველი უარყოფილი იქნა ავგუსტუსის მიერ მარსიანელების დაუღალავი თხოვნებით, ხოლო მეორე არაერთხელ მოუფიქრებია ღვთაებრივ იულიუსს, მაგრამ შეჩერდებოდა ხოლმე სირთულეების გამო. კლავდიუსის აკვედუკით მან ქალაქში გამოიყვანა წყალი ტევადი და ახალი წყაროებიდან - ცერულეუსისა, კურციუსისა და ალბუდიგნუსისა, ხოლო ახალ ქვის არკებზე - მდინარე ანიოდან, და გაანაწილა მრავალ ლამაზად მოორნამენტებულ წყალსაცავში.
ფუცინის ტბას ხელი მოჰკიდა არა მარტო სახელისათვის, არამედ მოგებისთვისაც, რაკიღა იყო ხალხი, ვინც ამოშრობის ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებდა, რათა მერე იმ ადგილზე დამშრალი მინდვრები მიეღოთ. ალაგ გადათხარა, ალაგ მთები გაჭრა, და თერთმეტ წელიწადში ააგო სამი მილის სიგრძის წყალსადენი, თუმცა ოცდაათი ათასი მუშა შეუსვენებლივ მუშაობდა ამ საქმეზე.
ნავმისადგომი ოსტიაში ისე ააგო, რომ ზღვაში მიწაყრილები გააკეთა მარჯვნივ და მარცხნივ, ხოლო შესასვლელში, ღრმა ადგილში ტალღათმჭრელი დააყენა, - და რომ გაემაგრებინა, ამ ადგილას ის ხომალდი ჩაძირა, რომლითაც ეგვიპტიდან უზარმაზარი ობელისკი მოიტანეს, მრავალრიცხოვანი ხიმინჯებით გაამაგრა და მათზე აღმართა მაღალი კოშკი ალექსანდრიის ფაროსივით, რათა ღამღამობით მის შუქზე დაეჭირათ ხომალდებს გეზი.
21. საჩუქრების გულუხვ დარიგებას ხშირად მოუწყობდა ხოლმე ხალხს. დიდ და მრავალრიცხოვან სანახაობებს აჩვენებდა, და მხოლოდ ჩვეულებრივებს და ჩვეულებრივ ადგილებზე კი არა, ახლებსაც იგონებდა, აღადგენდა ძველებს და წარმოადგენდა იქ, სადაც მანამდე არავინ. პომპეუსის თეატრის კურთხევაზე, რომელიც მან აღადგინა ხანძრის შემდეგ, თამაშები შუა ორქესტრაზე დადგმული ტრიბუნიდან გახსნა, სადაც ზედა ტაძარში ლოცვების შემდეგ დაეშვა უხმოდ მჯდომ მაყურებელთა რიგებს შორის.
იზეიმა ასწლიანი თამაშებიც იმ მიზეზით, რომ თითქოს ავგუსტუსს დროზე ადრე გაემართოს და დადგენილ ვადას არ დალოდებოდეს, - თუმცა თავის „ისტორიაში“ აცხადებს, რომ ავგუსტუსმა, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, დაკვირვებით გამოითვალა ჩავლილი წლები და ზუსტ დროს აღადგინა ეს ზეიმი. ამიტომ ბევრი იცინოდა იმაზე, გამომცდებელი საზეიმო ჩვეულების მიხედვით როგორ ეპატიჟებოდა ყველას დღესასწაულზე, რომელიც არავის უნახავს და ვერც ნახავს, - ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ამ ზეიმის მნახველები; და ზოგიერთი აქტიორი, რომელიც მაშინ გამოდიოდა, ამჯერადაც მონაწილეობდა სანახაობებში.
საცირკო სანახაობებს ხშირად აწყობდა ვატიკანზეც, და ხანდახან ყოველი ხუთი რბოლის შემდეგ აჩვენებდა ცხოველებთან ბრძოლას. დიდ ცირკში მარმარილოს გადაღობილები დადგა და მოოქროვილი მოსახვევი ძელები, - ადრე ერთიც და მეორეც ტუფის და ხისა იყო, - და გამოყო განსაკუთრებული ადგილი სენატორებისათვის, რომლებიც ადრე სხვებთან ერთად ისხდნენ. აქ ეტლების შეჯიბრებების გარდა, წარმოადგენდა ტროას თამაშებს და აფრიკულ ცხოველებთან ბრძოლას პრეტორიანელი მხედრების მონაწილეობით და, ტრიბუნებისა და თავად პრეფექტების მეთაურობით, ასევე გამოჰყავდა თესალიის მხედრები ველური ხარებით, რომლებსაც ისინი დასდევენ მთელ ცირკში, მერე დაღლილებს ზურგზე შემოახტებიან და რქებში ხელების ჩავლებით ძირს დასცემენ ხოლმე.
გლადიატორთა ბრძოლებს ბევრჯერ და მრავალ ადგილზე აჩვენებდა; თავისი მმართველობის ერთი წლის თავზე პრეტორიანელთა ბანაკში გამართა, მაგრამ ველური ცხოველების და მდიდრული მორთულობის გარეშე, და სეპტაში - მთლიანად და ჩვეულებრივი სახით. იქვე გაიმართა რიგგარეშე წარმოდგენა, მოკლე და ცოტამაყურებლიანი, რომელსაც მან „კალათა“ დაარქვა, რადგან იმის შესახებ პირველად რომ აცხადებდა, ასეთი ედიქტით მიიწვია ხალხი: „ეს არის, როგორც იმპროვიზირებული საჭმელი, სახელდახელოდ მომზადებული“.
ამგვარ თამაშებზე ყოველთვის უბრალოდ და თავისუფლად ეჭირა თავი. როცა გამარჯვებულებს ჩაუთვლიდნენ ოქროს მონეტებს, მარცხენა ხელს გამოსწევდა და მაყურებელთან ერთად, ხმამაღლა, თითებზე დათვლით უსწორებდა ანგარიშს. ბევრჯერ მოუწოდებდა მაყურებელს სამხიარულოდ, „მასპინძლებს“ ეძახდა და, უკბილო და გრძელ ხუმრობებს მოაყოლებდა ხოლმე. მაგალითად, როცა გლადიატორ პალუმბუსის განთავისუფლებას ითხოვდნენ, თქვა, რომ მიცემს, „თუკი ნებას მისცემენ“; სხვათა შორის, ერთხელ საკმაოდ დროულად და კარგად მოიქცა, - ერთ მრბოლელ გლადიატორს საპატიო გადადგომა უბოძა იმისი ოთხი შვილის თხოვნით და მაყურებლის ხმაურიანი მხარდაჭერით, მერე იქვე გამოჰკიდა განცხდება, სადაც ხალხს მიუთითებდა, რა კარგია შვილების ყოლა, თუკი გლადიატორიც კი, როგორც დაინახეთ, იმათში დამცველებსა და მხარდამჭერებს პოულობს.
მარსის მინდორზე სამხედრო წარმოდგენა გამართა, რომელიც გამოხატავდა ქალაქის აღებას და გაძარცვას, მერე კი ბრიტანელი მეფეების ქედის მოხრას, და თავად იქვე იჯდა მხედართმთავრის ლაბადით და ისე მეთაურობდა. სანამ ფუცინუსის ტბიდან წყალს გაუშვებდა, შიგ საზღვაო ბრძოლა მოაწყო. მაგრამ როცა მეომრებმა იყვირეს: „სალამი, იმპერატორო, სიკვდილისთვის მზადმყოფნი მოგესალმებით!“ ხოლო იმან მიუგო: „ან ჰო და ან - არა!“ და რაკი ამ სიტყვებში შეწყალება დაინახეს, ყველამ უარი თქვა ბრძოლაზე. კლავდიუსი დიდხანს ყოყმანობდა, ცეცხლით და მახვილით ხომ არ გასწორებოდა, მაგრამ მერე თავისი ტახტიდან ჩამოხტა, თავისი სასაცილოდ მოყანყალე სიარულით გაუყვა ტბის ნაპირს და ნაწილობრივ მუქარით, ნაწილობრივ დაპირებებით აიძულა, ბრძოლაში გასულიყვნენ. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა სიცილიის და როდოსის ფლოტები, თითოეულს თორმეტ-თორმეტი ტრირემი ჰქონდა, ხოლო ბრძოლის დაწყების ნიშანს აძლევდა ვერცხლის ტრიტონი, რომელიც მექანიკური მოწყობილობის მეშვეობით ამოდიოდა წყლიდან.
22. საღვთო ჩვეულებებში, სამოქალაქო და სამხედრო წესებში, ყველა ფენასთან დამოკიდებულებაში, როგორც რომში, ისე პროვინციაში, ბევრი რამ შეცვალა, აღადგინა დავიწყებული და ახალიც შემოიღო.
ქურუმების კოლეგიებში ახალი წევრების მიღებას რომ სთავაზობდა, ყველას სახელთან დაუყოვნებლივ წარმოთქვამდა ფიცს; ფხიზლად ადევნებდა თვალს, რომ ოდნავ მიწისძვრაზეც კი რომში პრეტორს კრება მოეწვია და საქმეები შეეჩერებინა, ხოლო თუკი კაპიტოლიუმის თავზე ავისმომასწავებელი ფრინველი გამოჩნდებოდა, ლოცვები ეწყობოდა, და ისიც ღმერთების მსახურებსა თუ მონებს გაუშვებდა წინასწარ და ამ ღონისძიებას თავად ხელმძღვანელობდა როსტალური ტრიბუნიდან დიადი პონტიფიკოსის უფლებით.
23. ხომალდების წარმოება, ადრე ზაფხულის და ზამთრის პერიოდებად დაყოფილი, უწყვეტი გახადა. სასიკვდილო რწმუნებების საქმეები, რომლებიც თანამდებობის პირებს ეძლეოდათ ყოველი წლისათვის და მხოლოდ რომში, მან დიდი ხნით გასცა და პროვინციის ხელისუფლებასაც. პაპიას და პოპეას კანონში გააუქმა ტიბერიუსის დამატებული სტატია იმის თაობაზე, რომ სამოცი წლის კაცს უკვე აღარ შეუძლია შთამომავლობის გაჩენა.
მან დააგინა, რომ მეურვეები ობლებს დანიშნოდათ რიგგარეშე და კონსულების მიერ; და რომ პირები, გასახლებულები პროვინციების მაგისტრატების მიერ, არ დაშვებულიყვნენ იტალიაში და რომში. ასევე შემოიღო გადასახლების ახალი სახეობა, - ზოგიერთ პირს აუკრძალა ქალაქიდან გასვლა სამ მილზე შორს.
სენატში, როცა განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე აპირებდა მოხსენებას, ორ კონსულს შორის ჯდებოდა ანდა სახალხო ტრიბუნების სკამზე. შვებულების ნებართვების გაცემა, რისთვისაც ადრე სენატს მიმართავდნენ, თავისი შეხედულებისამებრ დაიწყო.
24. კონსულის სამშვენისებს მეორე თანრიგის პროვინციის ნაცვლებსაც ანიჭებდა. იმათ, ვინც უარს იტყოდა სენატორის ღირსებაზე, ართმევდა მხედრისასაც. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პირობა დადო, რომ სენატში მხოლოდ ისინი აერჩიათ, ვისი წინაპრებიც მეხუთე მუხლამდე რომის მოქალაქეები იყვნენ, ერთხელ სენატორის ღისება მიანიჭა აზატის შვილსაც კი, - მართალია, იმ პირობით, რომ მანამდე ნაშვილები ყოფილიყო რომაელი მხედრის მიერ. საყვედურების თავიდან ასარიდებლად გამოაცხადა, რომ ცენზორი აპიუს ბრუციანი, მისი გვარის მამამთავარი ირჩევდა სენატში აზატებს, - ის ვერ ხვდებოდა, რომ აპიუსის ხანაში და მერეც აზატები ერქვათ არა იმათ, ვინც თავად მიიღებდა განთავისუფლებას, არამედ მათ შვილებს, რომლებიც უკვე თავისუფლებად იბადებოდნენ.
ქვესტორების კოლეგიას გზების მოკირწყვლის ნაცვლად გლადიატორების თამაშების მოწყობა დაავალა; და კვესტორები გაათავისუფლა თავიანთი მოვალეობებისგან გალიასა და ოსტიაში, და სატურნის ტაძრის ხაზინის ზედამხედველობა დაუბრუნა, რაც მანამდე პრეტორებს, ან როგორც ახლაა, ყოფილ პრეტორებს ეკუთვნოდათ.
სილანუსს, თავისი ქალიშვილის საქმროს ტრიუმფალური სამშვენისები ჯერ კიდევ მაშინ დაუნიშნა, როცა ის მოზარდი იყო, ხოლო მოზრდილებს ისე ფართოდ და ადვილად ურიგებდა, რომ დადიოდა წერილი ყველა ლეგიონის სახელით და თხოვნით, რომ კონსულის წოდების ლეგატებს, ჯარს რომ ჩაიბარებდნენ, მაშინვე მიეღოთ ტრიუმფალური სამშვენისები და არ ეძებნათ ნებისმიერი მიზეზი ომის წამოსაწყებად. ავლუს პლავტიუსს ოვაცია დაუნიშნა, ხოლო როცა ის რომში შემოვიდა, შესახვედრად გამოვიდა და მიაცილებდა კაპიტოლიუმზე და კაპიტოლიუმიდან, მარცხენა მხარეზე მიჰყვებოდა. ხოლო გაბინიუს სეკუნდუსს, რომელმაც გერმანული ტომი კავხები დაამარცხა, უფლება მიანიჭა მეტსახელად კავხუსი მიეღო.
25. მხედრებისთვის სამხედრო სამსახურის გავლის ასეთი რიგი დააწესა, რომ დასაწყისისთვის ჯერ კოჰორტას მიიღებდნენ, მერე ცხენოსან რაზმს და, ბოლოს, ლეგიონს; დაუნიშნა მათ ჯამაგირი და შემოიღო პირობითი სამსახური, რომელსაც ერქვა „არასაწესდებო“, რომელიც შეიძლებოდა ემსახურათ დაუსწრებლად და მხოლოდ სახელით. სენატის ბრძანებულებით, ჯარისკაცებს აუკრძალა სენატორების სახლში შესვლა მისასალმებლად. აზატებს, რომაელ მხედრებად რომ ასაღებდნენ თავს, ქონება ჩამოართვა, ხოლო ისინი, ვისზედაც პატრონები ჩიოდნენ უმადურობის გამო, ისევ მონობაში დააბრუნა, ხოლო იმათ გამომსარჩლებლებს გამოუცხადა, რომ აღარ მიეცათ თხოვნები აზატებზე.
და რაკი ზოგიერთს არ სურდა, თანხა დაეხარჯა ავადმყოფი და გამოფიტული მონების სამკურნალოდ, მათ აგდებდა ესკულაპეს კუნძულზე; ეს გადაგდებული მონები მან თავისუფლებად გამოაცხადა; თუ გამოჯანმრთელდებოდნენ, არ უნდა დაბრუნებოდნენ პატრონებს, ხოლო თუ პატრონი კუნძულზე გადაგდებას, თავისი მონის მოკვლას არჩევდა, მაშინ მკვლელობაში დაედებოდა ბრალი. მოგზაურებს ედიქტით აუკრძალა სხვანაირად გაევლოთ იტალიის ქალაქები, თუ არა ფეხით, სარწეველათი და ტახტრევნით. პუტეოლაში და ოსტიაში თითო-თითო კოჰორტა ჩააყენა ხანძრების აღსაკვეთად.
უცხოური წარმოშობის პირებს აუკრძალა მიეღოთ რომაული სახელები, - საგვარეულო მაინც. ვინც ტყუილად ასაღებდა თავს რომის მოქალაქედ, იმათ ესკვილინის მინდორზე ჰკვეთდნენ თავებს. პროვინციები აქაია და მაკედონია, რომლებიც ტიბერიუსმა თავი მმართველობაში აიღო, სენატს დაუბრუნა. ლიკიელებს დამღუპველი სამოქალაქო ომებისთვის თავისუფლება ჩამოართვა; როდოსელებს, რომლებმაც მოინანიეს ადრინდელი ცოდვები, თავისუფლება დაუბრუნა. ილიუმის მცხოვრებლები, როგორც რომაელი ხალხის წინაპრები, სამუდამოდ გაათავისუფლა ხარკისგან, გაახმაურა ბერძნულ ენაზე დაწერილი წერილი, რომელშიც სენატი და რომაელი ხალხი მეფე სელევკუსს მეგობრობას სთავაზობდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი თანატომელი ილიუმელები გაეთავისფლებინა ყოველგვარი მოსაკრებლებისგან.
იუდევლები, სულ აღელვებულნი ქრისტუმის გამო, რომიდან გარეკა. გერმანელ ელჩებს ნება დართო, მსხდარიყვნენ ორქესტრაში, რაკი იმათი უბრალოება და სიმტკიცე მოეწონა - ისინი ხალხში დასვეს, მაგრამ იმათ, რაკი შეამჩნიეს, რომ პართელები და სომხები სენატორებთან ერთად სხედან, თავისით გადასხდნენ იქ და გამოაცხადეს, რომ არაფრით ნაკლები არ არიან იმათზე, არც მდგომარეობით და არც სიმამაცით.
გალი დრუიდების მსახურება, არაადამიანურად საშინელი და რომაელ მოქალაქეთათვის აკრძალული ჯერ კიდევ ავგუსტუსის დროს, სულ გაანადგურა. და პირიქით, ელევსინის სიწმინდეების გადმოტანას ატიკიდან რომში ცდილობდა, ხოლო ვენერა ერიკინას ტაძარი სიცილიაში, სიძველისაგან დანგრეული, მისი წინადადებით, აღადგინეს რომის სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე. მეფეებთან ხეშეკრულებებს ფორუმზე დადებდა ხოლმე, მსხვერპლად ღორი მოჰყავდა და ამბობდა ფეციალების ძველ წართქმას. თუმცა ესეც, და სხვაც, და მთელი მისი მმართველობა ნაკარნახევი იყო არა იმისგან, არამედ იმისი ცოლების და აზატების მიერ; და ისიც თითქმის ყოველთვის და ყველაფერში ისე იქცეოდა, როგორც იმათთვის იქნებოდა სასურველი და სასარგებლო.
26. ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ორჯერ იყო დანიშნული, ჯერ ემილია ლეპიდასთან, ავგუსტუსის შვილთაშვილთან, მერე ლივია მედულინასთან, მაშინ რომ კამილას სახელს ატარებდა და წარმომავლობით იყო დიქტატორ კამილუსის უძველესი საგვარეულოდან. პირველი ჯერ კიდევ გოგო იყო, როცა უარყო, რაკი მისი მშობლები ავგუსტუსის მტრები იყვნენ; მეორე ავადმყოფობისგან იმ დღეს გარდაიცვალა, როცა ქორწილი იყო დანიშნული.
მერე ცოლად მოიყვანა პლავტია ურგულანილა, ტრიუმფატორის შვილი; მერე - ელია პეტინა, კონსულარის ქალიშვილი. ორივეს გაშორდა, პეტინას - წვრილმან ჩხუბზე, ხოლო ურგულანილას - სკანდალური და თავხედური ღალატისა და მკვლელობაში მონაწილეობაზე ეჭვისათვის. ამათ მერე ცოლად მოიყვანა ვალერია მესალინა, თავისი ბიძაშვილის, მესალა ბარბატუსის ქალიშვილი. მაგრამ როცა გაიგო, რომ სხვა სამარცხვინო და ბოროტი საქმეების გარდა, ეს ქალი გაიუს სილიუსს გაჰყოლია ცოლად და მოწმეების თანდასწრებით მოუწერია ხელშეკრულებისთვის ხელი, სიკვდილით დასაჯა ეს ქალი და თავის პრეტორიელ დაცვასთან დაიფიცა, რომ რაკი მისი ცოლების მოყვანა წარუმატებლად დამთავრდა, ამიერიდან ქვრივი იქნება, და თუკი თავს ვერ შეიკავებს, დაე, თავიანთი ხელით აჩეხონ.
და მაინც თავი ვერ შეიკავა ახალი ქორწინებებისგან - ხან პეტინასთან, რომელიც თავადვე გააგდო ოდესღაც, ხან ლოლია პავლინასთან, რომელის გათხოვილი იყო გაიუს კეისარზე. თუმცა, აგრიპინას ცბიერების მახეში გაბმულმა, რომელიც მისი ძმის, გერმანიკუსის ქალიშვილი იყო და, კოცნისა და ნათესაური მოფერების უფლებით სარგებლობდა, მოძებნა ადამიანები, რომლებმაც უახლოეს სხდომაზე შესთავაზეს სენატს, დაევალდებულებინა კლავდიუსი, რომ ცოლად მოეყვანა აგრიპინა, თითქოსდა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის და ამნაირი ქორწინებების უფლება ყველასთვის მიეცათ, თუმცა მანამდე სისხლის აღრევად ითვლებოდა. და ერთი დღის მერე ქორწილიც გადაიხადა; მაგრამ იმის მაგალითს არავინ მიბაძა, ერთი აზატისა და ერთი ბებერი ცენტურიონის გარდა, რომლის ქორწილსაც პატივი მიაგო თავისი და აგრიპინას დასწრებით.
27. შვილები თავისი სამი ცოლიდან ჰყავდა: ურგულანილადან - დრუზუსი და კლავდიუსი; პეტინადან - ანტონიუსი; მესალინადან - ქალიშვილი ოქტავია და ბიჭი, რომელსაც ჯერ გერმანიკუსი დაარქვეს, მერე - ბრიტანიკუსი. დრუზუსი დევნილობის ამოწურვისას გარდაეცვალა, - მსხლის მაღლა აგდებაობას თამაშობდა და პირით რომ დაიჭირა, დაიხრჩო. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, კლავდიუსი დაინიშნა სეიანუსის ქალიშვილზე და ამიტომ უცნაურად მეჩვენება, რომ ზოგიერთი განცხადების თანახმად, ეს ბავშვი ვერაგულად მოკლა სეიანუსმა. კლავდია გაჩნდა მისი აზატის, ბოტერისგან; და თუმცა ის დაიბადა გაშორებიდან ხუთი თვის შემდეგ და უკვე აჭმევდნენ კიდეც, მან ბრძანა, დედის კართან დაეტოვათ შიშველი.
ანტონია ცოლად გაატანა გნეუს პომპეუს მაგნუსს (კავშირი არ აქვს ლეგენდარაულ პომპეუს მაგნუსთან), შემდეგ ფავსტუს სულას, ორ დიდგვაროვან ახალგაზრდას; ხოლო ოქტავია - თავის ნაშვილებ ნერონს, თუმცა ის უკვე დანიშნული იყო სილანუსზე. ბრიტანიკუსი დაიბადა მისი მმართველობის მეოცე დღეს, თავის მეორე კონსულობაში. კლავდიუსმა ის არაერთხელ წარუდგინა ხალხსა და ჯარისკაცებს, შეკრებებზე ხელში აყვანილი გამოჰყავდა, სანახაობებზე მუხლებზე ეჯდა ან მაღლა აყვანილი ეჭირა და ბედნიერ მომავალს უსურვებდა მაყურებლის ტაშის გრიალში. თავისი სიძეებიდან ნერონი იშვილა, პომპეუსი და სილანუსი არა თუ მოიშორა, არამედ დასაჯა.
28. აზატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საჭურის პოსიდეს, რომელსაც ბრიტანეთის ტრიუმფისას საპატიო შუბი უწყალობა, როგორც მეომარს; არანაკლებ უყვარდა ფელიქსიც, რომელიც კოჰორტების და ცხენოსნების მეთაურად დანიშნა იუდეაში, და რომელიც გახდა სამი დედოფლის მეუღლე; და გარპოკრატე, რომელსაც მისცა უფლება რომში ტახტრევნით ევლო და სახალხო სანახაობები მოეწყო. და კიდევ უფრო მეტად - პოლიბიუსი, თავისი მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში, რომელსაც სეირნობისასაც კი ორივე მხრიდან კონსულები მიჰყვებოდნენ; მაგრამ ყველაზე წინ აყენებდა ნარცისსუსს, მრჩეველს შეწყალების საქმეებში და პალანტს, მრჩეველს ფულის საკითხებში. სენატს სიამოვნებით აძლევდა საშუალებას, რომ ესენი დაეჯილდოებინათ არა მხოლოდ დიდი ფულით, არამედ კვესტორის და პრეტორის ღირსების ნიშნებითაც, ხოლო თავად ამათი ისეთ ქურდობები და დატაცებები გამორჩებოდა ხოლმე, რომ ერთხელ, როცა ხაზინაში უფულობაზე ჩიოდა, მახვილგონივრულად უთხრეს, რომ ფული იმდენი ექნება, ვერც კი დაითვლის, მხოლოდ წილში უნდა შევიდეს თავის აზატებთან.
29. და აი, როგორც მე ვთქვი, ამ ადამიანების და თავისი ცოლების ისეთ მორჩილებაში იყო, რომ მმართველივით კი არ იქცეოდა, არამედ მსახურივით, - ამათგან ნებისმიერის სარგებლისთვის, სურვილებისთვის, ახირებებისთვის გულუხვად გასცემდა თანამდებობებს, მხედართმთავრობას, შეწყალებებს, სასჯელებს, და თავად, როგორც წესი, არაფერი უწყოდა ამაზე. საჭირო არც არის წვრილმანების ჩამოთვლა - ჯილდოების შეჩერება, შეცვლილი განაჩენები, საიდუმლოდ ჩასწორებული ანდა დაუფარავად ყალბი დანიშვნების ბრძანებები. მაგრამ თვით აპიუს სილანუსი, თავისი სიძე, ორი იულიაც კი, დრუზუსისა და გერმანიკუსის ქალიშვილები სასიკვდილოდ გაუშვა, ბრალდების დაუმტკიცებლად და თავის მართლების მოუსმენლად, ხოლო იმათ კვალს გნეუს პომპეუსი, თავისი უფროსი ქალიშვილის ქმარი და ლუციუს სილანუსი, უმცროსი ქალიშვილის საქმროც გაუყენა.
ამათგან პომპეუსი საყვარელ ბიჭთან ხვევნა-კოცნისას აჩეხეს, სილანუსი აიძულეს პრეტორის თანამდებობიდან გადამდგარიყო იანვრის კალენდებამდე ოთხი დღით ადრე და თავი მოეკლა ზუსტად ახალ წელს, როცა კლავდიუსი და აგრიპინა ქორწილს იხდიდნენ. ოცდათხუთმეტი სენატორი და სამასზე მეტი რომაელი მხედარი ამოწყვიტეს იშვიათი გულგრილობით და როცა ერთმა ცენტურიონმა, რომელიც მოახსენებდა ერთი კონსულის დასჯაზე, დასძინა, რომ ბრძანება შესრულებულია, კლავდიუსმა მოულოდნელად განაცხადა, რომ არავითარი ბრძანება არ გაუცია; თუმცა ჩადენილი გაამართლა, რადგან აზატებმა დაარწმუნეს, რომ ჯარისკაცებმა აღასრულეს თავისი ვალი, რათა შური ეძიათ იმპერატორისთვის ინსტრუქციების გარეშე.
და უკვე ყველანაირ დამაჯერებლობას სცილდება ის, რომ მესალინასა და მისი საყვარლის, სილიუსის ქორწილში თავად იყო მოწმეებში, ვინც ხელი მოაწერეს საქორწილო ხელშეკრულებას, - ის დაარწმუნეს, თითქოს ეს საგანგებოდ არის გათამაშებული, რათა მოიგერიონ და სხვაზე გადაიტანონ მოსალოდნელი ხიფათი, რომელიც რომელიღაც ნიშნებით ეცნობა.
30. მისი გარეგნობა მოკლებული არ იყო დიდებულებას და ღირსებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იდგა, იჯდა ან, განსაკუთრებით, იწვა; მაღალი იყო, სხეულით მკვრივი, სახე და ჭაღარა თმა ლამაზი, კისერი მსხვილი. მაგრამ როცა დადიოდა, სუსტი მუხლები ღალატობდა, ხოლო როცა რამეს აკეთებდა, ისვენებდა ან კითხულობდა, ბევრი რამე აგონჯებდა, - სიცილი უსიამოვნო ჰქონდა, მრისხანება - საზიზღარი, ტუჩებზე ქაფი მოადგებოდა, ცხვირიდან მოსდიოდა, ენა ებმოდა, თავი შეუჩერებლად უცახცახებდა, პატარა მოძრაობაზე - განსაკუთრებით.
31. მისი ჯანმრთელობა, თუმცა კი ოდესღაც სუსტი იყო, მმართველობის მთელი დროის განმავლობაში შესანიშნავი ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით ტკივილებს მუცელში, რომლებიც, მისი თქმით, ისეთი მტანჯველი იყო, იძულებულს ხდიდნენ, თვითმკვლელობაზე ეფიქრა.
32. მდიდრულ ქეიფებს აწყობდა და ხშირადაც. ასე რომ, ყველაზე ფართო პალატებში იშვიათი არ იყო მაგიდათან დამჯდარი ექვსასი კაცი. ქეიფობდა ფუცნის ტბის წყალსადენზეც და კინაღამ დაიხრჩო, როცა მოვარდნილი წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა. ყველა სადილზე თავის ბავშვებსაც დაპატიჟებდა ხოლმე ბიჭებით და გოგონებით დიდგვაროვანთა ოჯახებიდან, - ძველი ჩვეულებით, ისინი საკმების წინ ისხდნენ და ყველასთან ერთად ჭამდნენ. ერთხელ იეჭვა, რომ ერთმა სტუმარმა მოიპარა ოქროს კოვზი - მომდევნო დღეს ამ სტუმრის წინ თიხის ფინჯანი დადგეს. ამბობენ, რომ აპირებდა განსაკუთრებული ედიქტით დაეშვა ქეიფისას ქარების გამოშვება, რაკი შეიტყო, ვიღაც როგორ ცუდად გახდა იმის გამო, რომ რცხვენოდა და თავს იკავებდა.
33. ყოველთვის და ყველგან საჭმელად და დასალევად მიისწრაფოდა. ერთხელ, ავგუსტუსის ფორუმზე რომ თავმჯდომარეობდა სასამართლოს, მოიხიბლა იმ კერძის სურნელით, რომელიც მეზობლად, მარსის ტაძარში, სალიის ქურუმებისთვის მზადდებოდა, ჩამოვიდა მოსამართლის ტახტიდან, ავიდა ტაძარში და ქურუმებთან ერთად წამოუწვა ტრაპეზს. მაგიდიდან მანამ არ ადგებოდა, სანამ არ დამძიმდებოდა და არ გაიბერებოდა, და მაშინვე წვებოდა გულაღმა, რათა ძილამდე შეემსუბუქებინათ მუცელი ბუმბულის ჩადებით დაღებულ პირში.
ეძინა ცოტა და შუაღამემდე არ იძინებდა, სამაგიეროდ ხანდახან შუადღისას წასთვლემდა, სასამართლოზე და ორატორები, საგანგებოდ რომ იმაღლებდნენ ხმას, ძლივს აღვიძებდნენ. ქალებისკენ ლტოლვა უსაზღვრო ჰქონდა, სამაგიეროდ კაცების მიმართ საერთოდ გულგრილი იყო. კამათლის თამაშის დიდი მოყვარული იყო და ამაზე წიგნიც გამოუშვა. თამაშობდა მოგზაურობებში, დაფას ისე მოუხდენდა ეტლს, რომ კამათლებს არ ეხტუნავა.
34. მისი ბუნებრივი მძვინვარება და სისხლისმოყვარეობა ჩანდა როგორც დიდ, ასევე პატარა ამბებში. დაკითხვებზე წამებას და მამისმკვლელთა დასჯას დაუყოვნებლივ აიძულებდა თავის თვალწინ. ერთხელ, ტიბურში მოისურვა სიკვდილით დასჯა ძველი ჩვეულებით, დამნაშავეები უკვე მიბმულები იყვნენ ძელებზე, მაგრამ ჯალათი ვერ იპოვეს; მაშინ რომიდან გამოიძახა ჯალათი და მოთმინებით ელოდა საღამომდე. გლადიატორთა თამაშებზე, თავისებს თუ სხვებისას, ყოველთვის უბრძანებდა, მოეკლათ ისიც, ვინც შემთხვევით წაიქცეოდა, განსაკუთრებით რეტიარიები, თანაც ისე, რომ მომაკვდავთა სახეები დაენახა.
როცა ორმა გლადიატორმა სასიკვდილოდ დაჭრა ერთმანეთი, მაშინვე ბრძანა, ორივეს მახვილებიდან მისთვის პატარა დანები გაეკეთებინათ. ცხოველებთან ბრძოლა და შუადღის ხოცვა-ჟლეტა ისე იტაცებდა, რომ სანახაობაზე დილაადრიან მიდიოდა და მაშინაც იქ რჩებოდა, როცა სხვები სადილზე გადიოდნენ. გარდა ადრევე დანიშნული მებრძოლებისა, არენაზე აგზავნიდა ხალხს უბრალო და შემთხვევითი მიზეზებით - მაგალითად, მუშებს, მოსამსახურეებს და მათ მსგავსებს, თუკი ცუდად მუშაობდა მანქანა, ამწევი ან რამე სხვა. ერთხელ თავისი მონა-მოსახელეც კი აიძულა, ეომა როგორც იყო, ტოგაში.
35. მაგრამ ყველაზე მეტად უნდობლობა და ლაჩრობა სჭირდა. მმართველობის პირველ დღეებშიც კი, როცა ცდილობდა უბრალოდ და ყველასთვის ხელმისაწვდომად ეჩვენებინა თავი, ქეიფზე მსახურების ნაცვლად მხოლოდ შუბოსნების და კარისკაცების დაცვით გამოდიოდა, ხოლო ავადმყოფები რომ უნდა მოენახულებინა, ყოველთვის ბრძანებდა, წინდაწინ გაეჩხრიკათ საძინებელი, შეემოწმებინათ ლეიბები და ზეწრები. შემდეგში იმათაც კი, ვინც მისასალმებლად მიდიოდა, უმკაცრესად ჩხრეკდნენ.
დიდი წვალებით და მოგვიანებით დაეთანხმა, ხელების ფათურისაგან ეხსნა ქალები, ბიჭები და გოგონები; და რომ არ ჩამოერთვათ მომყოლებისათვის და მწერლებისთვის კალმები და სტილოსები, წვეტიანი რკინის ჩხირები საწერად. კამილუსმა რომ ამბოხება დაიწყო, დარწმუნებული იყო, რომ კლავდიუსს უომრადაც დააშინებდა და, შეურაცხყოფებით და მუქარით აღსავსე წერილი გაუგზავნა გადადგომისა და კერძო პირად წყნარი ცხოვრების მოთხოვნით, რაზედაც კლავდიუსმა შეკრიბა სახელმწიფოს პირველი პირნი და ეკითხებოდა, რომ, მართლაც, ხომ არ დაეჯერებინა კამილუსისთვის.
36. ხოლო ცრუ ჭორმა რაღაც შეთქმულებაზე ისე დაზაფრა, რომ ხელისუფლებიდან ჩამოშორება გადაწყვიტა. ხოლო, როგორც უკვე გიამბეთ, მსხვერპლის შეწირვის დროს მის მახლობლად რომ ხანჯლიანი კაცი შეიპყრეს, მაშინ სასწრაფოდ, გამომცხადებლების პირით, გამოიძახა სენატი, ცრემლებითა და კვნესით ჩიოდა თავის მწარე ხვედრზე, ყოველი მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე და მერე დიდხანს არ ენახვებოდა ხალხს. მესალინას დიდი სიყვარული გაუქრო არა იმდენად ცოლის საქციელით დამცირების სირცხვილმა, რამდენადაც საფრთხის წინაშე შიშმა, რაკი იფიქრა, რომ მესლინას ხელისუფლების ჩაგდება უნდა ხელში თავისი საყვარლის, სილიუსისათვის; და შესაბრალისი კანკალით გარბოდა ბანაკში და მთელი გზა იმას კითხულობდა, ხომ ისევ ძლიერი იყო მისი ხელისუფლება.
37. არ არსებობდა დასმენა, არ მოიძებნებოდა ვინმე, სულ არარაობა დამსმენი, რომ კლავდიუსს სულ მცირე ეჭვზეც კი თავდაცვაზე და შურისძიებაზე არ დაეწყო ზრუნვა. მოდავეებიდან ერთმა, მისასალმებლად რომ მივიდა, ცალკე გაიყვანა და უთხრა, რომ სიზმარი ნახა, თითქოს იმპერატორი ვიღაცამ მოკლა; და ცოტა ხნის შემდეგ, თითქოს მკვლელი იცნოო, თავის მოწინააღმდეგეზე მიუთითა, რომელსაც შუამდგომლობა მოჰქონდა. და მაშინვე, დანაშაულზე წასწრებულივით, სიკვდილით დასასჯელად წაათრიეს.
ამბობენ, რომ ამგვარი მიზეზითვე დაიღუპა აპიუს სილანუსი. მის განადგურებაზე მესალინამ და ნარცისუსმა მოილაპარაკეს და როლებიც გაიყვეს; ნარცისუსი დილაუთენია შევარდა პატრონის საძინებელში და არწმუნებდა, რომ სიზმარში ნახა, როგორ დაესხა თავს აპიუსი. მესალინამ ყალბი განცვიფრებით დაიწყო მოყოლა, რომ რამდენიმე ღამე ზედიზედ ესიზმრება იგივე სიზმარი; და როცა იქვე მოახსენეს, რომ აპიუსს სასწრაფოდ უნდა შემოსვლა, - არადა, წინა დღეს ბრძანება მიუვიდა, რომ სწორედ ამ დროს უნდა გამოცხადებულიყო იმპერატორთან, - ეს იმდენად ცხადი დადასტურება იყო იმ სიზმრებისა, რომ მაშინვე გაიცა ბრძანება, ხელი ეტაცათ და სიკვდილით დაესაჯათ. და მეორე დღეს კლავდიუსს არ მორიდებია, მოეყოლა სენატისთვის, თუ რა მოხდა, თანაც ემადლიერებოდა თავის აზატს, რომელიც სიზმარშიც კი სდარაჯობდა მის უსაფრთხოებას.
38. მრისხანებას და სიფიცხეს თავადაც აღიარებდა, მაგრამ ედიქტში ამართლებდა და ერთსაც განიხილავდა და მეორესაც; პირობას დებდა, რომ მისი გაცხარებები მოკლე და უწყინარი იქნებოდა, ხოლო მრისხანება - სამართლიანი. როცა ოსტიადან ნავები არ გამოუგზავნეს, რათა ტიბრის შესასვლელში შეხვედროდნენ, მაშინ თავს დაესხა ოსტიელებს ისეთი მრისხანებით, თითქოს იმათ, როგორც თავად ამბობდა, ჯარისკაცად ჩამოექვეითებინოთ, მერე კი, მოულოდნელად, ყველას შეუნდო და ლამის ბოდიში მოუხადა სათითაოდ.
იმათ, ვინც უდროოდ მიუახლოვდებოდა ხალხში ყოფნისას, ხელს ჰკრავდა. ერთი მწერალი ხაზინიდან, მერე კი ერთი პრეტორის წოდების სენატორი - უდანაშაულოდ, თავიც არ ამართლებინა, ორივე გადაასახლა იმიტომ, რომ პირველი მეტისმეტად თავგამოდებულად გამოდიოდა მის წინააღმდეგ სასამართლოში, როცა ჯერ კიდევ კერძო პირი იყო, მეორემ კი თავისი ედილობისას მისი მამულის მოიჯარეები დასაჯა შემწვარი საჭმლის გაყიდვისათვის და იმათ დასაცავად გამოსულ მამასახლისს სცემა. ამის გამო ედილებს დუქნების ზედამხედველობა ჩამოართვა.
არც თავის სისულელეებს მალავდა; მართალია, რამდენიმე მოკლე სიტყვაში ირწმუნებოდა, რომ საგანგებოდ იქცეოდა სულელივით გაიუსის დროს, რადგან სხვანაირად ცოცხალი ვერ გადარჩებოდა და თავის მდგომარეობას ვერ მიაღწევდა, თუმცა ამით ვერავინ დაარწმუნა, რაკი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა წიგნი, სათაურით „სულელების ამაღლება“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მოჩვენებითი სულელები არ არსებობენ.
39. ამ ყველაფრის გარდა, ადამიანებს აოცებდა მისი გულმავიწყობა და დაუფიქრებლობა, ის, რასაც ბერძნები დაბნეულობასა და დაუნახაობას ეძახიან. მაგალითად, მესალინა რომ სიკვდილით დასაჯა, სუფრასთან დაჯდომისას იკითხა, რატომ არ მოდის მაგიდასთან იმპერატრესა? და სხვა მრავალსაც, სიკვდილით დასჯილებს, მეორე დღესვე ეძახდა საბჭოზე ანდა კამათლის სათამაშოდ, ხოლო რაკი ისინი არ მოდიოდნენ, შიკრიკებით უხმობდა იმ მძინარებს.
აგრიპინას მოყვანას რომ აპირებდა ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ყველანაირ საუბარში თავის ქალიშვილს და აღსაზრდელს ეძახდა, რომელიც მის ხელში იყო დაბადებული და გაზრდილი. ხოლო ნერონის შვილად აყვანას რომ აპირებდა, - თითქოს ცოტა ამუნათებდა იმისათვის, რომ უკვე ასაკიანი შვილი ჰყავდა და კიდევ გერი უნდა გაეჩინა, - ბევრჯერ უთქვამს ყველას გასაგონად, რომ კლავდიუსების საგვარეულოში ჯერ არავინ შესულა შვილად აყვანით.
40. სიტყვებში და საქციელში ხშირად ისეთ დაუფიქრებლობას ამჟღავნებდა, რომ ეჩვენებოდათ, რომ არ იცის და არ ესმის, ვინ არის, ვისთან, სად და როდის ლაპარკობს. ერთხელ, როცა ლაპარაკი იყო ყასბებზე და ღვინის ვაჭრებზე, მან სენატში შესძახა: „აბა, კარგად ჩათუშული ხორცის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ, მე თქვენ გეკითხებით?“ და ჩამოთვლას შეუდგა, რამდენი სიკეთე იყო ძველ დროში იმ ტავერნებიდან, რომლებიდანაც თავად ოდესღაც იღებდა ღვინოს.
ერთ კანდიდატს ქვესტორის თანამდებობაზე დაუჭირა მხარი და ეს იმით დაასაბუთა, რომ ამ კაცის მამამ ერთხელ ცივი წყალი მიუტანა, როცა ის ავად იყო და იწვა. ერთ სენატში გამოძახებულ მოწმე ქალზე განაცხადა: „ეს დედაჩემის გააზატებულია, მოსამსახურეებიდან, მაგრამ მე ყოველთვის პატივს მცემდა, როგორც პატონს, - ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში სხვები პატონად არ მაღიარებენ“
და სასამართლოშიც კი, როცა ოსტიას მცხოვრებნი რაღაც წყალობას ითხოვდნენ, ამან პირდაპირ ტრიბუნიდანვე უყვირა, რომ სულ ტყუილად ელოდებიან მისგან სამსახურს და, რასაკვირველია, თავის საქციელის ჩადენისას არავისზე ნაკლებად თავისუფალი არ არის. ყოველ დღე და ლამის ყოველ წამს სულ ენაზე ადგა შესიტყვება: „შენ როგორ გგონია, ტელეგენიუსი ვარ?!“, „მაგინონ, მაგრამ თითი არ დამაკარონ!“ და მრავალი ამგვარი, უჩვეულო უბრალო ადამიანისთვისაც, მმართველზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არადა, არც სწავლა აკლდა, არც მჭევრმეტყველება და ყოველთვის გულმოდგინედ მეცადინეობდა კეთილშობილ ხელოვნებებში.
41. ისტორიის შეთხზვა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო, ტიტუს ლივიუსის რჩევით და სულპიციუს ფლავუსის დახმარებით. მაგრამ როცა პირველად გამოვიდა ამ თხზულებით დიდი შეკრებილობის წინაშე, გაჭირვებით ჩაიკითხა ბოლომდე, და თავად იყო დამნაშავე, რომ ცივად შეხვდნენ. კითხვის დასაწყისში უცებ რამდენიმე სკამი ჩაუტყდა ვიღაც სქელ კაცს, რამაც საერთო ხარხარი გამოიწვია; ხმაურის ჩაწყნარება კი მოხერხდა, მაგრამ ამის შემდეგ კლავდიუსს ეს რომ გაახსენდებოდა, თავს ვერ იკავებდა და ჩაიქირქილებდა ხოლმე.
თავისი მმართველობის ხანაში ისევ ბევრს წერდა და დაწერილს ახმოვანებდა წამკითხველის პირით. თავისი ისტორია დიქტატორი კეისრის მკვლელობით დაიწყო, მაგრამ მერე გვიანდელ დროებაზე გადავიდა და დასაწყისად აიღო სამოქალაქო მშვიდობის დამყარება. ხედავდა, რომ უფრო ადრინდელ მოვლენებზე მართალი და თავისუფალი მოყოლა უკვე შეუძლებელი იყო, რაკი სწორედ ამაზე ტუქსავდნენ დედა და ბებია; და წინა დროებაზე ორი წიგნი დატოვა, მომდევნოზე - ორმოცდაერთი.
თავის ცხოვრებაზე შეთხზა რვა წიგნი, რომლებიც იმდენად უგემოვნოდ არ არის დაწერილი, რამდენადაც უნიჭოდ; ასევე „ციცერონის დასაცავად აზინიუს გალუსის დაწერილის საწინააღმდეგოდ“, საკმაოდ წარმატებული ნაწარმოები. სამი ახალი ასოც კი მოიგონა, რაკი აუცილებლად თვლიდა, რომ ისინი ძველებისთვის დაემატებინა. კერძო კაცად ყოფნისას ამაზე წიგნი გამოსცა, ხოლო ხელისუფალი რომ გახდა, უწვალებლად მიაღწია ამ ასოების მიღებას საყოველთაოდ გამოსაყენებლად. მათი ნიშნები შემოინახა ბევრ წიგნში, ცნობებში და ნაგებობების წარწერებზე.
42. ბერძნულ სიტყვიერებას არანაკლები მონდომებით სწავლობდა, ყოველ ხელსაყრელ ვითარებაში გამოხატავდა თავის სიყვარულს და პატივისცემას ამ ენის მიმართ. ერთ ბარბაროსს, რომელიც ბერძნულადაც ლაპარაკობდა და ლათინურადაც, ასეთი სიტყვებით მიმართა: „რაკი შენ ფლობ ჩემს ორივე ენას...“ სენატორთა ყურადღებას რომ მიაპყრობდა პროვინცია აქაიასკენ, ამბობდა, რომ ეს მხარე ძვირფასია მისთვის სამეცნიერო კავშირებით. ხოლო ბერძენ ელჩებს სენატში ხშირად პასუხობდა მთელი გამოსვლებით. სასამართლოშიც კი უყვარდა ჰომეროსის ლექსების გახსენება. ხოლო როცა მტრის ან ავისმზრახველის დასჯა უწევდა, მცველების მეთაურის ჩვეულებრივ შეკითხვას ყოველთვის პასუხობდა შემდეგი პაროლით: იმ კაცს დაჰკარი, ვინც პირველი დაგესხმის თავზე.
ბერძნულადაც წერდა ისტორიებს. ეტრუსკულს - ოც წიგნად და კართაგენისას - რვად. ამ მიზეზით ალექსანდრიის ძველ მუსეუმს შეუერთა ახალიც, რომელსაც მისი სახელი ერქვა, და ბრძანა, რომ წლიდან წლამდე, დადგენილ დღეებში წამკითხვლებს ერთ შენობაში ეტრუსკების ისტორია წაეკითხათ ხმამაღლა და მორიგეობით, მეორეში - კართაგენისა: წიგნი წიგნზე, თავიდან ბოლომდე, როგორც ღია წაკითხვებზე.
43. სიცოცხლის ბოლოს დაიწყო სინანულის ცხადი ნიშნების გამოვლენა, - აგრიპინასთან ქორწინებასა და ნერონის შვილად აყვანას ნანობდა. ერთხელ, როცა აზატები ქებით იხსენებდნენ, წინა დღეს როგორ გადაუწყვიტა დასჯა მრუშობაში ბრალდებულ ქალს, შესძახა, რომ ბედისწერით მისი ყველა ცოლიც უზნეო იყო, მაგრამ დაუსჯელები არ დარჩენილან; მერე კი, ბრიტანიკუსი რომ დაინახა, გადაეხვია, გაზრდა უსურვა, რომ მამისგან პასუხი მიეღო ყველა საქმეზე, და ბერძნულად დასძინა: „დაჭრილი მორჩება!“. და ჯერაც უწვერულ, თუმცა კი უკვე მაღალ ბრიტანიკუსს სრულწლოვანის ტოგას რომ აცმევდა, თქვა: „ბოლოს და ბოლოს, რომაელ ხალხს ნამდვილი კეისარი ეყოლება!“.
44. ამის მერე მალევე შეადგინა ანდერძი და ყველა თანამდებობის პირის ბეჭდებით დაადასტურა. უფრო შორსაც წავიდოდა, მაგრამ ამით შეშფოთებულმა აგრიპინამ, რომელსაც არათუ საკუთარი სინდისი, არამედ მრავალრიცხოვანი დამსმენები ამხელდნენ მრავალ დანაშაულში, დაასწრო.
მოკვდა საწამლავისგან, როგორც ყველა აღიარებს; მაგრამ ვინ და სად მისცა საწამლავი, ამას სხვასხვანაირად ამბობენ. ერთნი აცხადებენ, რომ ეს საჭურისმა ჰალოტუსმა გააკეთა, რომელმაც კაპიტოლიუმზე მის საჭმელებს ამოწმებდა ქურუმების ტრაპეზზე; სხვები აცხადებენ, რომ თავად აგრიპინამ შინაურ სადილზე თეთრ სოკოებში გაურია შხამი, მის საყვარელ ნუგბარში. მერე რა მოხდა, იმასაც სხვადასხვანაირად ჰყვებიან.
უმეტესობა აცხადებს, რომ მოწამვლისთანავე ენა წაერთვა და მთელი ღამის ტანჯვის შემდეგ, ალიონზე გარდაიცვალა. ზოგიერთი კი გადმოგვცემს, რომ მეხსიერება დაკარგა, მერე მუცლის სისავსისგან ყველაფერი ნაჭამი წამოაზიდა და საწამლავი ხელახლა მისცეს, - შეიძლება, ფაფაში გაურიეს, იმის მომიზეზებით, რომ თითქოს შემაგრება სჭირდებოდა ღებინების მერე, ანდა გამორეცხვით შეუყვანეს, რათა ვითომდა ამით გაეთავისუფლებინათ მუცლის სიმძიმისაგან.
45. მის სიკვდილს მალავდნენ, სანამ ყველაფერი არ უზრუნველყვეს მისი მემკვიდრისათვის. აღთქმების სამსხვერპლო მიჰქონდათ მისი ჯანმრთელობისათვის, თითქოს ავად იყო; სასახლეში კომედიანტები მოჰყავდათ, თითქოს გართობა სურდა. აღესრულა მესამე დღეს ოქტომბრის კალენდებამდე, აზინიუს მარცელუსის და აცილიუს ავიოლას კონსულობისას, ცხოვრების სამოცდამეოთხე წელს და ხელისუფლების მეთოთხმეტე წელს. დაკრძალეს მეფური დიდებულებით და მიეთვალა ღმერთებს; ეს პატივი შემდეგში გააუქმა ნერონმა და მერე ისევ აღადგინა ვესპასიანემ.
46. მისი სიკვდილის წინასწარმეტყველება მნიშვნელოვანი ნიშნები იყო. ცაზე გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი, ეგრეთ წოდებული კომეტა; მეხი დაეცა მამამისის, დრუზუსის საფლავს; ბევრი თანამდებობის პირი, დიდიც და პატარაც, მოკვდა იმავე წელს. თავადაც, როგორც ჩანს, იცოდა და არც მალავდა თავისი აღსასრული მოახლოებას. ეს იქიდან ჩანს, რომ კონსულები დანიშნა მხოლოდ თავისი სიკვდილის თვემდე; სენატში საბოლოო ყოფნისას, ყველანაირად მოუწოდებდა შვილებს, ერთმანეთში თანხმობით ეცხოვრათ და სენატორებს ემუდარებოდა, ეზრუნათ მათ ახალგაზრდობაზე; ხოლო ბოლოჯერ რომ ესწრებოდა სასამართლოს, წარმოთქვა, რომ ახლოა მისი ცხოვრების აღსასრული და, მიუხედავად საერთო აღშფოთებისა, ეს გაიმეორა კიდევ და კიდევ.
მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა
კალიგულას ნათესავთაგან ერთადერთი გადარჩა მისი ბიძა გერმანიკის ძმა კლავდიუსი. იგი სასახლეში ფარდებს უკან შიშით ატანილი ელოდა სიკვდილს, როცა მასთან პრეტორიანელები შეცვივდნენ აიტაცეს, ტახტრევანზე დასვეს, რომის ქუჩები ჩამოატარეს და ქვეყანას ახალ იმპერატორად ამცნეს.
არაფერი უკითხავთ სენატისათვის, რომელიც კალიგულას მოკვლისთანავე სათათბიროდ შეკრებილიყო ახალი ხელისუფლის თაობაზე.
დიდი კეისრის ტახტზე კლავდიუსის ასვლა კვლავ ისტორიის ფარსად იქცა. იგი სულხორციანად აღიარებულ მახინჯად ითვლებოდა, მუდამ სნეული, საოცრად სუსტი ფეხებით და უზარმაზარი მუზმუზელა ტანით, მოხრილი ვიწრო მხრებითა და მოქანავე თავით სასახლის კარზე მუდმივი დაცინვისა და აბუჩად აგდების საგანი იყო. მას ჭკუანაკლულად თვლიდნენ და არასოდეს არამც თუ არავითარ პატივს არ მიაგებდნენ, არამედ სასახლის მაღალ საზოგადოებაში გამოჩენასაც კი უკრძალავდნენ. არც თვითონ აბეზრებდა თავს ვისმეს თვალში შეჩხირვით, ცხოვრობდა განმარტოებით. მისი საყვარელი საქმე საისტორიო და ფილოლოგიური მეცნიერება იყო. მას დაუწერია ეტრურიის ისტორია, რომის რესპუბლიკის ისტორია, ავტობიოგრაფია. ბევრი უმუშავია ლათინური გრამატიკის დახვეწაზე და სხვა.
იგი შემდგომში თვითონვე დასცინოდა თავის იმპერატორობას და გულგრილად ხვდებოდა იმასაც, რომ თუ როგორ დასცინოდნენ მას სხვები, როცა რომის ფორუმზე სასამართლოს ხელმძღვანელობისას არხეინად ჩაეძინებოდა ხოლმე.
სრულიად უნებისყოფო ძალიან ადვილად ექცეოდა კარიერისტი მედროვეების, საყვარლებისა და ცოლების (ხუთჯერ იყო ნაქორწინევი) გავლენის ქვეშ.
კალიგულას ბედით დაშინებულს გულწრფელად სურდა წინამორბედზე უკეთესი ღონისძიებები გაეტარებინა, მან დაიწყო პროვინციებზე შეღავათების გავრცელებით, «ცხვრის გაკრეჭისას მატყლს ტყავი როდი უნდა გააყოლოო» ამ პრინციპით ცდილობდა მცირედად მაინც შეენელებინა რომაელთაგან პროვინციების აღვირახსნილი ექსპლუატაცია.
კლავდიუსმა უფრო ფართოდ ვიდრე ავგუსტუსმა და ტიბერიუსმა გაავრცელა რომაული მოქალაქეობის უფლება პროვინციელებზე. ამ მხრივ საკმარისია ითქვას, რომ 48 წ. მან გალებს სენატში გასვლის უფლებაც კი მიანიჭა. ბევრის გაკეთებას ცდილობდა თვით ქალაქ რომისა და იტალიისათვის. დაიწყო ახალი აქვედუკის გაყვანა რომში, ფუციინოს ტბით მელიორაცია, ოსტიუმის ნავსადგურის მოწყობა და სხვა.
სახელმწიფო მართვა-გამგეობაში სხვების უფრო ნიჭიერთა და გამოცდილთა ჩარევას არ თაკილობდა, ბევრი ასეთი ადამიანი დაიახლოვა და კოლეგად გაიხადა, მათ შორის უპირველესად მოიხსენიება ლუციუს ვიტელიუსი, რომელიც კლავდიუსის თანაცენზორი შეიქმნა.
იმპერატორმა განსაკუთრებულ საყრდენად და თანამოაზრეებად გაიხადა მისგანვე გააზატებული მონადყოფილნი, რომელთაგან კლავდიუსზე ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ კალისტე, ნარცისი და პალანტუსი.
იმპერატორზე აშკარად მბრძანებლობდა მისი ცოლი ვალერია მესალინა, უკიდურესად გარყვნილი ქალი, რომლის ჟინიანი მოთხოვნებით კლავდიუსმა ბევრი რომაელი გამოასალმა წუთისოფელს. ბოლოს მესალინას თავხედობა იქამდე მივიდა, რომ იგი აშკარად დაქორწინდა ახალგაზრდა რომაელ ფრანტზე ვინმე გაიუს სილვიუსზე. ეს უკვე სახელმწიფო გადატრიალებას უდრიდა და იმპერატორის დაახლოებული მედროვენი აქტიურად ამოქმედდნენ და ახალმექორწინენი დახოცეს.
კლავდიუსის დროს საგარეო პოლიტიკიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს ლაშქრობა ბრიტანეთში. ეს მოხდა 43 წ. ჯერ გაიგზავნა არმია ავლუს პლავციუსის სარდლობით, რომელსაც ბრიტთა სამხედრო ნაწილი დამორჩილდა, მაგრამ დანარჩენები საომარ სამზადისს შეუდგნენ. ამას მოჰყვა თვითონ იმპერატორის გადასვლა ლა მანშზე. რომაელებმა გადალახეს მდ. ტემზა და გენერალურ ბრძოლაში დაამარცხეს ბრიტანელები.
კლავდიუსი რომში დაბრუნდა, ხოლო ფლავციუსი ორმოცდაშვიდ წლამდე წარმატებით განაგრძობდა შეტევას შორეული ქვეყნების მიმართულებით. დამორჩილებულნი ვალდებულნი იყვნენ ეხადათ ხარკი და გამოეყვანათ ჯარისკაცები რომაული დროშების ქვეშ. აქ დაარსდა ვეტერანთა კოლონია კამალოდუნი - კონჩესტერი რომაელთა მბრძანებლობის ერთერთი დასაყრდენი ბრიტანეთში. განსაკუთრებით ბევრი რომაელი დასახლდა ლონდინიუმში (ლონდონი), რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წ. 54 წ. აიღო ევროპელთაგან ბრიტანეთში პირველმა მოლაშქრემ იულიუს კეისარმა.
ბრიტანელები მაინც არ ურიგდებოდნენ თავისუფლების დაკარგვას და ხშირად ჯანყდებოდნენ. ერთი ასეთი აჯანყება 51 წ. ძლივს ჩააქრეს რომაელებმა, აჯანყების ბელადი მამაცი კარატაკი ტყვედ წაიყვანეს და რომში მოკლეს.
კლავდიუსი ცდილობდა შეენარჩუნებინა საზღვრები რაინზე. იგი განაგრძობდა სასაზღვრო სიმაგრეების აგებას, 50 წ. ქვემო რაინზე მან დააარსა კიოლნი, რომელსაც სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. გერმანელ ტომთა ურთიერთმტრობა რომაელებს საშუალებას აძლევდა კვლავ ებატონათ რაინზე.
ასეთივე გათიშე და იბატონეს პრინციპით ისინი განაგრძობდნენ მბრძანებლობას დუნაიზე.
აღმოსავლეთში ცენტრალურ საკითხად კვლავ პართიის საკითხი რჩებოდა. ადრე გერმანიკმა თითქოს ყველაფერი რომის სასარგებლოდ გადაჭრა, მაგრამ მდგომარეობა სულ მალე ისევ აიშალა. 34 წ. გარდაიცვალა რომის კაცი სომხეთში არტაქსია და არტაბან პართიელმა სცადა მის ნაცვლად თავისი ვაჟი არშაკი დასვა სომხეთის ტახტზე, მაგრამ იბერიელებმა მოკლეს და თავისი პრეტენდენტი მითრიდატე (მიჰრდატი) გაამეფეს. რომს თითქოს აწყობდა სომხეთის პრობლემის ასეთი გადაჭრა რადგან იბერიელები აკავებდნენ პართელთა შემოტევებს. კლავდიუსმა შეწყვიტა აღმოსავლეთის საკითხებზე ბრძოლა.
50 წ. მან მეხუთედ იქორწინა ამჯერად თავის ძმისწულზე გერმანიკის ასულ აგრიპინაზე, რომელიც ადრე ნაქორწინევი იყო გნეუს დომიციუს აჰენობაბრზე. ამნაირად ახალმა ავგუსტამ კლავდიუსს შესძინა გერი ლუციუს დომიციუსი. ეს უკანასკნელი კლავდიუსმა აგრიპინას ზეგავლენით იშვილა და ტახტის მემკვიდრედაც გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას მესალინასაგან ჰყავდა საკუთარი შვილი კლავდიუს გერმანიკი შემდგომში ბრიტანიკად წოდებული.
ამიერიდან აგრიპინას ვაჟს კლავდიუსის ნაშვილებსა და რომის მომავალ ხელმწიფეს ეწოდებოდა ლუციუს კლავდიუს ნერონი.
ბოლოს და ბოლოს 54 წ. გათამაშდა ტრაგიკომედიის კიდევ ერთი პასაჟი, აგრიპინამ მეუღლე იმპერატორს მის საყვარელ სოკოს კერძში ძლიერი საწამლავი შეურია და იმპერიის ტახტ-გვირგვინი შვილს საბოლოოდ გადაულოცა.





Комментариев нет:

Отправить комментарий