воскресенье, 19 июля 2020 г.

საერთაშორისო ურთიერთობები XVIII საუკუნეში (თ. პაპასქირი)

უტრეხტისა და რაშტატის ზავები.
ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის (1701-1714წწ.) დასრულებაზე ლუი XIV უკვე ომის მეორე ეტაპის (1704-1709 წწ.) ბოლოსათვის დაიწყო ფიქრი და ითხოვა კიდეც ზავი, მაგრამ იმდენად დამამცირებელი პირობები მიიღო პასუხად, რომ ომის გაგრძელება გადაწყვიტა. საფრანგეთის მდგომარეობა ამ დროს მეტად მძიმე იყო, მაგრამ 1710 წლიდან მოყოლებული სიტუაცია ერთგვარად გამოსწორდა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საბოლოოდ ზავი საფრანგეთისათვის შედარებით საპატიო პირობებით დაიდო.
გარდატეხის დასაწყისი აღმოჩნდა ინგლისის ხელისუფლებაში ტორების მოსვლა (1710 წ. მიწურულს). ვიგებისაგან განსხვავებით, ტორები ომის დამთავრების მომხრენი იყვნენ, რადგანაც ომის ძირითადი ხარჯები ინგლისს აწვებოდა კისერზე. გარდა ამისა, ინგლისში მოხდა სკანდალი: ომის გმირს, ჰერცოგ მალბოროს (ჯონ ჩერჩილი, უინსტონ ჩერჩილის წინაპარი) ბრალი დასდეს ხაზინის ქურდობაში, რაც სავსებით შეესაბამებოდა სიმართლეს. 1711 წ. იანვარში ლუი XIV-მ, საიდუმლოდ შესთავაზა ინგლისელებს, გაეფორმებინათ სეპარატული ხელშეკრულება ინგლისსა და საფრანგეთს შორის. აღნიშნული წინადადებით, მოლაპარაკება იმდენად საიდუმლო უნდა ყოფილიყო, რომ მასში მონაწილეობა ნიდერლანდსაც კი არ უნდა მიეღო. ამასობაში გარდაიცვალა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი იოზეფ I (1711 წ. აპრილი) და ახალ იმპერატორად არჩეული იქნა ერცჰერცოგი კარლ ჰაბსბურგი (კარლოს VI), რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ინგლისელებში ზავის დადების სურვილი. არც ინგლისს და არც ნიდერლანდს სულაც არ სურდათ, რომ ჰაბსბურგებს კვლავ გაეერთიანებინათ იმპერია და ესპანეთი. ყოველივე ამის გამო ინგლისელებმა მიიღეს ლუი XIV-ის საიდუმლო ემისრის წინადადება და თავიანთი პროექტიც შეიმუშავეს, რომელიც თავად დედოფალ ანას (1701-1714 წწ.) შენიშვნებით საფრანგეთში ჩაიტანა პოეტმა პრაიარმა (ოფიციალური დიპლომატების გამოყენებისაგან ორივე მხარე თავს იკავებდა). 1711 წ. ოქტომბერში ლონდონში ხელი მოეწერა წინასწარ საზავო პირობებს, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა, რამაც დიდი გაოცება გამოიწვია ინგლისელების მოკავშირეებში.
1712 წ. 29 იანვარს უტრეხტში გაიხსნა კონგრესი, რომელსაც უნდა განეხილა ზავის პირობები. იმპერიის წარმომადგენლები კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებდნენ, რადგანაც კარლოს VI-ს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ის დაიკავებდა ესპანეთის ტახტს და ამიტომ უტრეხტის კონგრესის იგნორირება მოახდინა. უტრეხტის კონგრესი ერთ წელზე მეტს გაგრძელდა და საბოლოოდ, 1713 წ. 11 აპრილს ხელი მოეწერა ზავს, ერთი მხრივ, საფრანგეთსა და ესპანეთს, ხოლო, მეორე მხრივ, ინგლისს, ნიდერლანდს, ბრანდენბურგსა და სავოიას შორის. იმპერიასა და საფრანგეთს შორის ზავი დაიდო 1714 წ. 7 მარტს რაშტატში, რაც 1714 წ. 7 სექტემბერს განმტკიცებული იქნა ბადენის ზავით. ამავე დროს, კარლოს VI, პორტუგალიასთან ერთად, განაგრძობდა ბრძოლას ესპანეთის წინააღმდეგ, თუმცა 1714 წ. 11 სექტემბერს ბურბონთა არმიის მიერ აღებული იქნა ბარსელონა, რამაც პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა კარლოს VI-ის შანსები ესპანეთის ტახტზე. მიუხედავად ამისა, ომი ესპანეთსა და იმპერიას შორის კვლავინდებურად გაგრძელდა. 1718 წ. იმპერიის მხარეზე ომში ჩაებნენ საფრანგეთი, ინგლისი და ნიდერლანდი, რის შედეგადაც ესპანეთი საბოლოოდ დამარცხდა და 1720 წ. 17 თებერვალს გაფორმდა ჰააგის ზავი, რომელმაც მცირე ცვლილებები შეიტანა უტრეხტისა და რაშტატის ზავებში.
უტრეხტისა და რაშტატის ზავის პირობებით, ბურბონებს მიეცათ უფლება, ყოფილიყვნენ ესპანეთის მეფეები, ოღონდ იმ პირობით, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტი არ შეიძლებოდა გაერთიანებულიყო ერთი პიროვნების ხელში. უტრეხტის ზავის პირობებით ესპანეთმა დაკარგა: სიცილია (გადაეცა სავოიას), ესპანური ნიდერლანდები (ძირითადად, დღევანდელი ბელგია), ნეაპოლის სამეფო, სარდინია (გადაეცა იმპერიას), მილანის საჰერცოგო (მცირე ნაწილი მიიღო სავოიამ, ძირითადი კი _ იმპერიამ), გიბრალტარი და კ. მენორკა (გადაეცა დიდ ბრიტანეთს). გარდა ამისა, ბრიტანეთსავე გადაეცა „ასიენტო“ _ მონებით ვაჭრობის უფლება. მოგვიანებით, ჰააგის ზავით, სავოიის ჰერცოგმა ვიქტორ ამადეუს II-მ იმპერიას დაუთმო სიცილია, რის სანაცვლოდაც მიიღო სარდინია და სარდინიის მეფის ტიტული.
საფრანგეთი ომს შედარებით იოლად გადაურჩა. რაშტატისა და ბადენის ზავებით მან დაკარგა მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიები ნიდერლანდებში (გადაეცა იმპერიას) და სავოიასთან საზღვარზე (გადაეცა სავოიის ჰერცოგს). გარდა ამისა, იმპერატორმა კარლოს VI-მ შეინარჩუნა უფლება, რომ წოდებულიყო ესპანეთის მეფედ, თუმცა ამას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, რადგანაც ესპანეთის ტერიტორიაზე ფილიპე V-ის ხელისუფლებას ვერავინ ვერ ეცილებოდა. გაცილებით მძიმე გამოდგა საფრანგეთის დანაკარგი ჩრდილოეთ ამერიკაში. უტრეხტის ზავით, საფრანგეთმა დიდ ბრიტანეთს გადასცა ჰადსონის (ჰუძონის) ყურის მიმდებარე ტერიტორიები, ნიუფაუნდლენდი და აკადია.
ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის შედეგები ყველაზე ფატალური აღმოჩნდა ესპანეთისათვის. ქვეყანა ფაქტობრივად მეორეხარისხოვან სახელმწიფოთა რანგამდე ჩამოქვეითდა. საფრანგეთიც აშკარა დასუსტების ხანაში შევიდა. ლუი XIV-მ ქარს გაატანა პრაქტიკულად ყველა მონაპოვარი, რომელსაც მან თავისი მეფობის პირველ ნახევარში მიაღწია. ყველაზე მეტი დივიდენდი ერგო იმპერიას და ინგლისს, თუმცა თუ იმპერიის გაძლიერება დროებითი იყო, ინგლისის ძლიერების ხანა მხოლოდ ახლა დგებოდა. ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის დასრულების შემდეგ ინგლისი უკვე გახდა ზღვათა მბრძანებელი.
ომი პოლონური მემკვიდრეობისათვის (1733-1738 წწ.).
1733წ. 1 თებერვალს მოკვდა პოლონეთის მეფე და საქსონიის კურფიურსტი ავგუსტ II. პოლონეთის ტახტის მთავარ მემკვიდრედ იქცა სტანისლავ ლეშჩინსკი, რომელიც ერთხელ უკვე იყო პოლონეთის მეფე 1704-1709 წლებში, როდესაც ის შვედეთის მეფე კარლ XII-მ აარჩევინა მეფედ (მაშინ პოლტავის ბრძოლის მოგების შემდეგ პეტრე I-მა პოლონეთის მეფედ აღადგინა ავგუსტ II, რომელიც 1697-1704 წლებშიც იყო პოლონეთის მეფე). სტანისლავ ლეშჩინსკის საკუთარი სიძის, საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის (დაქორწინებული იყო მარია ლეშჩინსკაზე, სტანისლავ ლეშჩინსკის ქალიშვილზე) დახმარების დიდი იმედი ჰქონდა. თავის მხრივ, საფრანგეთისთვის პოლონეთის საკითხი ჩაითვალა მეტად ხელსაყრელ საბაბად ავსტრიის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისათვის, თანაც ისე, რომ საფრანგეთი აგრესორად არ ჩათვლილიყო. საფრანგეთის პირველი მინისტრს, კარდინალ ფლერის მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ლორენის საჰერცოგოს (ლოთარინგია) ხელში ჩაგდებაც, რაც განსაკუთრებით საჩქარო იყო, რადგანაც ლორენის ჰერცოგი ითვლებოდა ავსტრიის ტახტის მემკვიდრის, მარია-ტერეზიას საქმროდ (ამგვარი დინასტიური ქორწინება ფაქტობრივად ლორენის საჰერცოგოს ჰაბსბურგების იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩენას ნიშნავდა). ამიტომ ფრანგებმა დიდი ფინანსური დახმარება გაუწიეს სტანისლავ ლეშჩინსკის. საფრანგეთის ელჩმა ვარშავაში, მონტიმ 3 მილიონი ლივრი დახარჯა ამ მიზნით. რუსეთისა და ავსტრიის იმპერატორები (ანა იოანეს ასული და კარლოს VI) თავდაპირველად მხარს უჭერდნენ პორტუგალიელ პრინც ემანუელს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ სტანისლავ ლეშჩინსკის გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა პოლონელ შლიახტაში, შეცვალეს პოზიცია და თავიანთ ფავორიტად აქციეს ფრიდრიხ-ავგუსტ საქსონელი, ავგუსტ II-ის ვაჟი. მიუხედავად ამისა, პოლონელმა შლიახტამ, რომელთაც მეთაურობდა თეოდორ პოტოცკი, დიდი უპირატესობით აირჩიეს სტანისლავ ლეშჩინსკი მეფედ და დაიშალნენ, რადგანაც რუსეთის არმია პეტრე ლასის მეთაურობით შეიჭრა პოლონეთში და დაიკავა ვარშავა. შლიახტის მცირე ჯგუფმა, ძირითადად ლიეტუველებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა ჰერცოგი მიხაელ ვისნოვეცკი (ყოფილი ლიეტუვის დიდი კანცლერი), სასწრაფოდ აირჩია მეფედ ფრიდრიხ-ავგუსტი, რომელმაც ავგუსტ III-ის სახელი მიიღო. ლუი XV-მ სცადა რუსეთის ნეიტრალიზება და შესთავაზა შვედეთს და თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა, თუმცა უშედეგოდ. შვედეთისა და თურქეთის უარის შემდეგ ფრანგებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, რომ თავად გადაესროლათ ჯარები პოლონეთში ზღვით. ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა. დანციგთან საზღვაო ბრძოლაში რუსულმა ფლოტმა სძლია ფრანგულს, ხოლო დესანტი ტყვედ იქნა აყვანილი. შედეგად, სტანისლავ ლეშჩინსკი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დანციგი და საფრანგეთში გაქცეულიყო. მაშინ ლუი XV-მ სცადა დიპლომატიური მეთოდებით მიეღწია მიზნისათვის და პეტერბურგში საიდუმლო მისიით გააგზავნა აბატი ლანგლუა. ამ უკანასკნელმა ძლივს ჩააღწია პეტერბურგში და გადასცა იმპერატრიცა ანა ივანოვნას ლუი XV-ის წინადადება, მაგრამ, ბუნებრივია, აღნიშნული ავანტიურიდან არაფერი გამოვიდა. ლანგლუა პეტერბურგიდან გააძევეს. ომი პოლონეთში პრაქტიკულად დასრულდა და ტახტი ავგუსტ III-ს დარჩა, მაგრამ ამასობაში საფრანგეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია ავსტრიელების წინააღმდეგ ომში, პირველ რიგში, რაინლანდში, სადაც მათ აიღეს ლორენის საჰერცოგო და ფილიპსბურგი.
1734 წ. ფრანგებმა, პირველი მარცხის შემდეგ პარმასთან (სან-პიეტროს) ბრძოლაში (1734 წ. 29 ივნისი) მათ გამარჯვება მოიპოვეს ლუცარას (გუასტალას) ბრძოლაში (1734 წ. 19 სექტემბერი). მიუხედავად ამისა, მთავარი აღმოჩნდა ესპანელების წარმატებები სამხრეთში, სადაც მათ სასტიკად დაამარცხეს ავსტრიელები ბიტონტოს ბრძოლაში და 1734 წ. მაისისათვის დაიკავეს ნეაპოლი და სიცილია.
1735 წ. დაიდო წინასწარი ხელშეკრულებები, რომლებიც საბოლოოდ გაფორმებული იქნა ვენის ზავით (1738 წ. ნოემბერი). საფრანგეთმა სცნო ავგუსტ III პოლონეთის მეფედ, ხოლო სტანისლავ ლეშჩინსკიმ, კომპენსაციის სახით, მიიღო ლორენის საჰერცოგო, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ (1766 წ.) საფრანგეთის მფლობელობაში გადავიდა. თავის მხრივ, ლორენის ჰერცოგმა ფრანც სტეფანმა მიიღო ტოსკანის დიდი საჰერცოგო. დონ კარლოსმა, რომელიც იყო ტოსკანის საჰერცოგოს მემკვიდრე, დაკარგა თავისი უფლებები როგორც ტოსკანის საჰერცოგოზე, ისე პარმის საჰერცოგოზე. ყოველივე ამის სანაცვლოდ, საფრანგეთმა სცნო „პრაგმატული სანქცია“ (1713 წ. პრაგმატული სანქციის თანახმად ჰაბსბურგების ტახტის მემკვიდრედ ცხადდებოდა იმპერატორის უფროსი შვილი განურჩევლად მისი სქესისა) და აღიარა მარია-ტერეზიას უფლებები იმპერიის ტახტზე.
ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის (1740-1748 წწ.).
ევროპულ ურთიერთობებში მორიგი გამწვავება სწორედ „პრაგმატულ სანქციას“ მოჰყვა. 1740 წ. გარდაიცვალა იმპერატორი კარლოს VI და, აღნიშნული სანქციის თანახმად, ჰაბსბურგების სამფლობელოების მემკვიდრე გახდა მისი ქალიშვილი მარია-ტერეზია (კარლოს VI-ს ვაჟიშვილი არ ჰყავდა). დაგეგმილი იყო, რომ იმპერატორად უნდა არჩეულიყო მარია-ტერეზიას ქმარი ფრანც სტეფანი, ყოფილი ლორენის ჰერცოგი. კარლოს VI-ს კარგად ესმოდა, რომ ეს მთელ რიგ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული და სიცოცხლის დასკვნითი ნაწილი მიუძღვნა სწორედ მათ გადაწყვეტას. 1740 წლისათვის თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა მომხდარიყო, რადგანაც პრაქტიკულად ყველა ევროპელმა მმართველმა სცნო „პრაგმატული სანქცია“, მაგრამ კარლოს VI-ის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ პრუსიის მეფე ფრიდრიხ II სულაც არ აპირებდა თავისი დაპირების დაცვას. ამ მიზნით მან წინასწარი დიპლომატიური სამუშაოებიც ჩაატარა და, შედეგად, კარლოს VI-ის სიკვდილისთანავე შეიქმნა კოალიცია, რომელშიც შევიდნენ პრუსია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბაიერნი და სავოია. კოალიციამ იმპერატორად წარადგინა ბაიერნის კურფიურსტის კანდიდატურა. დაიწყო ომი, რომელშიც ავსტრია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი მთავარი მოკავშირე _ რუსეთი, ამ დროს შვედეთთან ომში იყო ჩაბმული და ავსტრიის დახმარებას ვერ მოახერხებდა, ინგლისი კი მხოლოდ კრედიტების მიცემით შემოიფარგლა. ამიტომ ანტიავსტრიული კოალიცია წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას და იყოფდა ჰაბსბურგების სამფლობელოებს.
ომის მთავარი გამჩაღებელი აღმოჩნდა ფრიდრიხ II, რომელმაც 1740 წ. 16 დეკემბერს, ომის გამოუცხადებლად, შეუტია სილეზიას. პრუსიის არმია მაშინ არ ითვლებოდა დიდ ძალად და ამიტომ ყველას ეგონა, რომ ავსტრიელები იოლად დაამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ 1741 წ. 10 აპრილს, მოლვიცთან პრუსიელებმა დაამარცხეს ავსტრიელები (ბრძოლის დროს თავდაპირველად ავსტრიულმა ჰუსარებმა აჯობეს პრუსიულ კავალერიას და თავად ფრიდრიხმაც დატოვა ბრძოლის ველი, რათა ტყვედ არ ჩავარდნილიყო, მაგრამ პრუსიელმა ქვეითებმა ბრძოლა მაინც მოიგეს), რის შემდეგაც სილეზიის დაბრუნება ავსტრიელებს გადაუჭრელ ამოცანად ექცათ. ომში ჩაერთო საფრანგეთიც და ამ პერიოდში იმპერატორად არჩეული იქნა ბაიერნის კურფიურსტი კარლი, რომელმაც კარლოს VII-ის სახელი მიიღო. თითქოს ავსტრია კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ ამ დროს მას მშველელად მოევლინა თავად ფრიდრიხ II. 1742 წ. 11 ივნისს დაიდო ბრესლაუს ზავი, რომლითაც თითქმის მთელი სილეზია გადაეცა პრუსიას, რის სანაცვლოდაც ფრიდრიხმა სცნო მარია ტერეზიას უფლებები ჰაბსბურგთა მემკვიდრეობაზე.
ზავი ხანმოკლე გამოდგა. 1742-1743 წლებში ავსტრიელებმა ყველა მიმართულებით იმარჯვეს და 1744 წ. ხელახლა შეუტიეს სილეზიას, თუმცა ვერც ამჯერად შეძლეს პრუსიელების იქიდან გაყრა. 1745 წ. შეიქმნა კოალიცია, რომელშიც ავსტრიასთან ერთად შევიდნენ ინგლისი, ნიდერლანდი და საქსონია და ავსტრიის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამავე დროს, გარდაიცვალა კარლოს VII და ახალ იმპერატორად მარია ტერეზიას მეუღლე, ფრანც I იქნა არჩეული. თავის მხრივ, ფრიდრიხ II-მაც ვერ შეძლო ჩეხეთში გამაგრება და გადაწყვიტა, მორიგებოდა მარია ტერეზიას. დრეზდენის ზავით (1745 წ. 25 დეკემბერი) დადასტურებული იქნა ბრესლაუს პირობები და ფრიდრიხმა სცნო ფრანც I-ის იმპერატორობა. მარია ტერეზიას შედარებითი მოლბობა განაპირობა იმან, რომ ფრანგებმა სასტიკად დაამარცხეს ავსტრიელები ფონტენუასთან (1745 წ. 10 მაისი) და მეტად შეავიწროვეს ისინი. დრეზდენის ზავმა გამოასწორა ავსტრიელთა მდგომარეობა და 1748 წ. 18 ოქტომბრის ე-ლა-შაპელის (აახენის) ზავით ავსტრიამ შეინარჩუნა პრაქტიკულად ყველა ტერიტორია და დაიბრუნა ბელგია. შედეგად, ფაქტობრივად ერთადერთ მძიმე დანაკარგად იქცა სილეზია და მარია ტერეზიამ ფიციც კი დადო, რომ დაიბრუნებდა სილეზიას, „თუნდაც ამისათვის ბოლო ქვედაკაბის გაყიდვა დასჭირვებოდა“ (მარია ტერეზიამ სილეზია ვერ დაიბრუნა), მაგრამ ფრიდრიხ II-ს მხოლოდ ეცინებოდა მის ქადილზე.
შვიდწლიანი ომი (1756-1763).
სილეზიის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგა XVIII ს. შუახანებში და სწორედ ის იქნა შვიდწლიანი ომის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად. დაპირისპირების მეორე მთავარი კერა ამ პერიოდში იყო ბრძოლა ინგლისსა და საფრანგეთს შორის კოლონიებისა და მსოფლიო ბატონობისათვის. ინგლისს მეტად აფიქრებდა ენერგიული ფრანგი კომერსანტის, ჟოზეფ ფრანსუა დიუპლეს საქმიანობა ინდოეთში, სადაც ფრანგებმა ფაქტობრივად გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვეს. არანაკლები დაპირისპირება არსებობდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც, სადაც ფრანგული კოლონიები თავისი საერთო ფართობით დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდნენ ინგლისურ კოლონიებს (თუმცა სერიოზულად ჩამორჩებოდნენ მოსახლეობის რაოდენობით). დაპირისპირება ამ თეატრზე უფრო ადრეც კი დაიწყო, ვიდრე ევროპაში და ფაქტობრივად 1754 წლიდან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა (ამიტომაც ამერიკაში ამ ომს ხშირად უწოდებენ 9-წლიან ომს).
ევროპაში საომარი მოქმედებები დაიწყო 1756 წ., თუმცა მზადება ამ მიმართულებით დიდი ხნის დაწყებული იყო. ფრიდრიხ II-მ ბრწყინვალედ იცოდა, რომ ჰაბსბურგები არ აპატიებდნენ მას სილეზიის მიტაცებას, ამიტომ გადაწყვიტა მოკავშირეების მოძებნა. პირველ რიგში, მას აწუხებდა რუსეთის პრობლემა, რომელიც ავსტრიის უკვე ტრადიციული მოკავშირე იყო. რადგანაც ფრიდრიხ II-ს რუსეთთან პირდაპირი კავშირის დამყარება არანაირად არ შეეძლო (რუსეთის იმპერატორი ელისაბედი ამას მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგებოდა), მან შემოვლითი გზა აირჩია, რომ რუსეთთან ერთად ერთ ბანაკში აღმოჩენილიყო. ფრიდრიხმა ისარგებლა იმით, რომ 1755 წ. რუსეთმა ხელშეკრულება გააფორმა ინგლისთან და აიღო ევროპაში ინგლისის მტრების წინააღმდეგ 80-ათასიანი არმიის გამოყვანის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც მას უნდა მიეღო 500 ათ. გირვანქა ერთდროულად და 100 ათ. ყოველწლიურად. რადგანაც, ამავე დროს, ინგლისი დაინტერესდა პრუსიასთან კავშირით, ფრიდრიხმაც დრო იხელთა. ინგლისელებს აწუხებდათ თავიანთი სამფლობელოს, ჰანოვერის (ინგლისს ამ პერიოდში ჰანოვერის სამეფო სახლი განაგებდა, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა თავისი კონტიტნეტური სამფლობელოს უსაფრთხოებას) დაცვა საფრანგეთისაგან. 1755 წლამდე ჰანოვერს ავსტრიელები იცავდნენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, მაგრამ 1755 წ. ინგლისელებმა შეუწყვიტეს ავსტრიელებს საფასურის გადახდა, რადგანაც დაეჭვდნენ, რომ ეს უკანასკნელები შეძლებდნენ ჰანოვერის დაცვას, თუ სილეზიისათვის ბრძოლით გაერთობოდნენ. ამიტომ მათ სიამოვნებით მიიღეს ფრიდრიხის შეთავაზება და 1756 წ. 16 იანვარს დადეს პრუსიასთან ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ინგლისი და პრუსია ერთად გაილაშქრებდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დაარღვევდა გერმანიის ტერიტორიის ერთიანობას.
ფრიდრიხ II-ს თავისი თავი უდიდეს დიპლომატად მიაჩნდა, რაკი მან მოახერხა ინგლისთან კავშირის დადებით რუსეთთან ერთ ბანაკში მოხვედრა. ამავე დროს ის ფიქრობდა შუამავლობაზე საფრანგეთ-ინგლისის დაპირისპირებაში და სურდა საფრანგეთის მხარდაჭერის მიღწევა ამ გზით. მიუხედავად ერთგვარი წარმატებისა, ფრიდრიხი შეცდა ინგლისთან კავშირის შედეგების განჭვრეტაში. პრუსიას ამ კავშირმა ზიანის მეტი არაფერი მოუტანა: რუსეთმა უმალ დაარღვია ინგლისთან დადებული ხელშეკრულება (ელისაბედმა უბრალოდ დახია აღნიშნული დოკუმენტი!), საფრანგეთმა კი, ფრიდრიხისდა გასაოცრად, მიიღო ავსტრიის წინადადება კავშირის შესახებ (სილეზიის გულისთვის, მარია ტერეზიამ გადააბიჯა თავის ამბიციებს და ქედმაღლურ დამოკიდებულებას და კავშირი სთხოვა მარკიზა დე პომპადურს, ლუი XV-ის ფავორიტს. და ეს მაშინ, როდესაც საფრანგეთისა და ჰაბსბურგების დაპირისპირება უკვე თითქმის ორი საუკუნე გრძელდებოდა). ამავე დროს დაიდო რუსეთ-ავსტრიის კავშირიც (1756 წ. 25 მარტი), რომლის თანახმადაც მხარეები ერთმანეთს აღუთქვამდნენ დახმარებას პრუსიასთან ომში. ისინი შეთანხმდნენ, რომ გამარჯვების შემდეგ ავსტრია მიიღებდა სილეზიას, ხოლო რუსეთი _ აღმოსავლეთ პრუსიას. ამით სათავე დაედო ანტიპრუსიული კოალიციის შექმნას, რომლის შემადგენლობაში სულ მალე აღმოჩნდნენ ავსტრია, რუსეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და საქსონია (საქსონიის კურფიურსტი იმავდროულად პოლონეთის მეფე იყო), შვედეთი. ფრიდრიხის მდგომარეობა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგანაც ინგლისი მას მხოლოდ ფულით თუ დაეხმარებოდა. ასე რომ, მისი ინტრიგები მისივე საწინააღმდეგო აღმოჩნდა.
ომი 1756 წ. დაიწყო და ფრიდრიხმა უმალ დაიწყო სასწაულების მოხდენა. მან რამდენიმე დღეში დაიკავა საქსონია. 1757 წ. პრუსიელებმა შეუტია პრაღას და ალყა შემოარტყეს მას, მაგრამ კოლინის ბრძოლაში დამარცხებამ აიძულა ფრიდრიხი, აქცენტი მთლიანად თავდაცვაზე გადაეტანა. დაახლოებით ამავე პერიოდში ჩაება ომში რუსეთიც, რამაც პრუსიის მდგომარეობა თითქოს სულ უიმედო გახადა (რუსეთმა შეძლო აღმოსავლეთ პრუსიის დაკავებაც). მიუხედავად ამისა, ფრიდრიხმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება და რიგ-რიგობით დაამარცხა ფრანგები და ავსტრიელები, რითაც თავიდან აიცილა კატასტროფა. ამავე დროს მან ფართო აგენტურული საქმიანობა გააჩაღა რუსეთში, სადაც მის აგენტებად იქცნენ რუსეთის კანცლერი ბესტუჟევი და ტახტის მემკვიდრე პეტრეს მეუღლე ეკატერინე (პეტრე ისედაც სულგადამკვდარი იყო ფრიდრიხზე და მის რუსებზე გამარჯვებებსაც კი ზეიმობდა), თუმცა ელისაბედის სიცოცხლეში რუსეთის საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლა ფრიდრიხმა ვერ შეძლო. შედეგად, ის რამდენიმეჯერ დამარცხდა და 1760 წ. რუსებმა, მცირე ხნით, ბერლინიც კი აიღეს. მხოლოდ ელისაბედის სიკვდილმა იხსნა ფრიდრიხი ომის წაგებისაგან. პეტრე III-მ უმალ დაუბრუნა მას ყველა წართმეული მიწა (მათ შორის, აღმოსავლეთ პრუსია, რასაც თავად ფრიდრიხიც კი არ ელოდა) და კორპუსიც კი გამოუყო გენერალ ჩერნიშოვის მეთაურობით ავსტრიასთან საომრად. შედეგად, ჰუბერტუსბურგის ზავმა აღადგინა ომამდელი სტატუს-ქვო. პრუსიამ შეინარჩუნა სილეზია და, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოახერხა სხვა თავისი ზრახვების განხორციელება, იქცა მსოფლიო დონის სახელმწიფოდ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის ამერიკასა და ინდოეთში. 1759 წ. ინგლისელებმა ფრანგებს მთელი კანადა წაართვეს, 1761 წ. კი _ პონდიშერი (ინდოეთში). ზავი გაფორმდა 1763 წ. 10 იანვარს პარიზში. აღნიშნული ზავით საფრანგეთმა ინგლისს გადასცა ახალი საფრანგეთი (ანუ კანადა), მდ. ოჰაიოს ხეობა, მდ. მისისიპის მარცხენა ნაპირი (ახალი ორლეანის გარდა). გარდა ამისა, ინგლისმა მიიღო ფლორიდა ესპანეთისაგან, რის სანაცვლოდაც, კომპენსაციის ნიშნად, საფრანგეთმა ესპანეთს დაუთმო ახალი ორლეანი და ლუიზიანა. გარდა ამისა, საფრანგეთმა გვადელუპაში, მარტინიკასა და სენტ-ლუსიაში ბრიტანეთს გაუცვალა დომინაკა, გრენადა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ტობაგო. გარდა ამისა, საფრანგეთმა ფაქტობრივად უარი თქვა ინდოსტანზეც, სადაც მხოლოდ 5 ქალაქი შეინარჩუნა (ომამდე ფრანგული ტერიტორიები 5-ჯერ მაინც აღემატებოდა ინგლისურს). მიუხედავად ამისა, ეს ზავი ფრანგებისათვის არ იყო ყველაზე უარესი ვარიანტი. პირობების შემსუბუქებას მიაღწიეს ლონდონში გაგზავნილმა ფრანგმა დიპლომატებმა ნივერნუამ და დე ეონმა, რისთვისაც მათ თითქმის მთელი ინგლისური მთავრობის მოსყიდვა მოუწიათ.
შვიდწლიანმა ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპაში ძალთა თანაფარდობა. ნათელი გახდა, რომ ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა რუსეთი, საფრანგეთი და ავსტრია დაკნინების გზას დაადგნენ, ხოლო ინგლისი ნამდვილ ზღვათა მპყრობელად იქცა.

Комментариев нет:

Отправить комментарий