ანრი IV-ს (1553-1610) გამორჩეული ადგილი უკავია საფრანგეთის ისტორიაში. ანრი ბურბონმა, რომელიც ნავარის მეფე იყო, მეტად რთული გზა განვლო საფრანგეთის ტახტამდე. ამ გზაზე მას სამხედრო ძალაზე არანაკლებ სჭირდებოდა დიპლომატია. ანრი IV-ს ერთი გარემოებაც უშლიდა ხელს. დედამისმა ჟანა დ’ალბრემ ის პროტესტანტად აღზარდა.
ანრის პირველი პრობლემები უკვე ბავშვობისას შეექმნა. ჰუგენოტი ანრი პრაქტიკულად დატყვევებული აღმოჩნდა საფრანგეთის სამეფო კარზე, სადაც ის მამამისმა ანტუან ბურბონმა მიიყვანა. ანტუან ბურბონსა და ჟანა დ’ალბრეს ურთიერთობები გართულებული ჰქონდათ ანტუანის მრავალრიცხოვანი საყვარლებისა და რელიგიური საკითხების გამო (მიუხედავად იმისა, რომ ანტუან ბურბონს მაინცდამაინც არ აწუხებდა რელიგიური საკითხები, ის თავს მაინც კათოლიკედ თვლიდა). ანტუან ბურბონის დაღუპვის შემდეგ (ის ერთ-ერთ ბრძოლაში მოკლეს) პატარა ანრი ფაქტობრივად მძევლად იქცა და მცირე ხანში იძულებული გახდა, კათოლიციზმი ეღიარებინა. თუმცა მალე ჟანა დ’ალბრემ მოახერხა მისი გაქცევის ორგანიზება და ანრიც ისევ პროტესტანტი გახდა.
ანრი ბურბონი საფრანგეთის ტახტის პრეტენდენტი შეძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი დინასტიის (ვალუა) სამი წარმომადგენელი: შარლ IX და მისი ორი ძმა _ ანრი და ფრანსუა უშვილძიროდ გადაეგებოდნენ (კიდევ ერთი ძმა _ ფრანსუა II უკვე გარდაცვლილი იყო). ამ პერიოდში საფრანგეთში მიმდინარეობდა პირველი ომი ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის. მიუხედავად ორი უმძიმესი მარცხისა (ჟარნაკთან და მონკონტურთან), ჰუგენოტებმა ომი მოიგეს და სენ-ჟერმენის ზავის მიხედვით (1570წ.) მიიღეს თავისი სარწმუნოების ღიად აღმსარებლობისა და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება. სულ მალე კი ახალგაზრდა ანრი დაქორწინდა მარგარიტა ვალუაზე, შარლ IX-ის დაზე, რისთვისაც რომის პაპმა სპეციალური ნებართვა გაიღო (კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ჯვრისწერა აკრძალული იყო მსგავსი ნებართვის გარეშე). ეს ქორწინება, რომელიც თითქოს ქვეყანაში ერთიანობის დამყარებას ისახავდა მიზნად, სინამდვილეში მახე აღმოჩნდა. 1572წ. 16 აგვისტოს შედგა ქორწილი, ხოლო უკვე 24 აგვისტოს კათოლიკეებმა ჰუგენოტებს ბართლომეს ღამე მოუწყვეს (ამ დღეს იხსენიებდნენ წმ. ბართლომეს, რის გამოც „ბართლომეს ღამე“ ტერმინად დამკვიდრდა). რბევის ინიციატორი იყო ეკატერინე მედიჩი (დედა-დედოფალი), ხოლო შემსრულებელი _ ანრი გიზი. ანრი ბურბონი იძულებული გახდა, ეღიარებინა კათოლიციზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, სამეფო კარზე ის პრაქტიკულად ტყვის როლში იყო და მხოლოდ შარლ IX-ის სიკვდილისა (კანონიერი შვილი შარლ IX-ს არ დარჩენია) და ტახტზე ანრი III-ის ასვლის შემდეგ შესძლო მან თავის დაღწევა პარიზიდან და ნავარაში დაბრუნება. აქ მან ისევ პროტესტანტიზმი აღიარა და ფაქტობრივად დაიწყო ბრძოლა საფრანგეთის ტახტისათვის. თავის ბრძოლაში ანრი ნავარელი საკმაოდ კარგად იყენებდა დიპლომატიურ მეთოდებსაც. მან გააბა კავშირები გერმანულ პროტესტანტულ სამთავროებთან, ინგლისთან, ვილჰელმ ორანელთან (ნიდერლანდების შტატჰალტერი). მეტად ეფექტური გამოდგა ანრის მიერ შემუშავებული ტაქტიკაც, რომელმაც ძირეულად შეცვალა ძალთა თანაფარდობა საფრანგეთში (ჰუგენოტები მათთვის საუკეთესო დროსაც კი 10%-ს არ აღემატებოდნენ საფრანგეთის მოსახლეობაში, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ისინი მეტად ძლიერნი იყვნენ). მორიგ სამოქალაქო ომში მან აკრძალა დაკავებული ქალაქების დარბევა და მოსახლეობის დაწიოკება. ასეთ ქალაქებს ის არცთუ დიდ გადასახადს უწესებდა და შერიგების აღსანიშნავად მთელ მოსახლეობასთან ერთად აწყობდა ნადიმს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ამან ანრის მოსახლეობაში დიდი პოპულარობა მოუტანა. ამასობაში კი მოკვდა ტახტის მემკვიდრე ფრანსუა ანჟუელი და საბოლოოდ გაირკვა, რომ ვალუათა დინასტია წყვეტდა არსებობას, რადგანაც ანრი III უშვილო იყო. ამიტომაც ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, მორიგებოდა თავის სიძეს, რაც მან ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია, ვიდრე ხელისუფლების სათავეში ლოთარინგიელი გიზების მოსვლა. შერიგებას კი წინ უძღოდა ანრი III-ის გაქცევა პარიზიდან, სადაც ძალაუფლება უკვე პრაქტიკულად მთლიანად ანრი გიზმა იგდო ხელთ. პარიზის მოსახლეობა ფანატიკურად უჭერდა მხარს ანრი გიზს, რომელმაც პარიზში ესპანური გარნიზონი ჩააყენა. ვითარება შეიცვალა მხოლოდ 1588წ. მიწურულს, როდესაც ანრი III-მ თავის პირად მცველებს ბლუაში მოაკვლევინა ანრი გიზი. ამას მოჰყვა აჯანყება პარიზში, რის შედეგადაც ანრი III-მ და ანრი ნავარელმა პარიზს ალყა შემოარტყეს. 1589წ. მაისში ანრი III მოკლა ფანატიკოსმა ბერმა ჟაკ კლემანმა და მეფე ანრი ნავარელი გახდა, მაგრამ ანრი IV-ს ჯერ კიდევ დიდი დრო ჰქონდა გასავლელი ქვეყნის გაერთიანებისათვის. პარიზის დაკავება მან ვერ შეძლო და იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა. მიუხედავად ამისა, მან 1590წ. დიეპთან გაანადგურა კათოლიკური ლიგის ჯარი, რომელსაც სარდლობდა შარლ მაიენი და 1593 წლისათვის პრაქტიკულად მთელი საფრანგეთი დაიმორჩილა. მან კვლავ შემოარტყა ალყა პარიზს, რომლის მოსახლეობასაც ის მეტად ლმობიერად ექცეოდა და პურსაც კი უყრიდა, რომ არ დამშეულიყვნენ. საბოლოოდ პარიზელები დათანხმდნენ ანრი IV-ის ქალაქში შეშვებაზე, ოღონდ ერთი პირობით: მას უარი უნდა ეთქვა პროტესტანტიზმზე და კვლავ კათოლიკე უნდა გამხდარიყო. შემდგარ კრებაზე ანრი IV-მ გაითვალისწინა მისი უახლოესი მეგობრის, ფანატიკოსი ჰუგენოტის დიუ პლესი დე მორნეს რჩევა („პარიზი მესად ღირს“) და კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე უკანასკნელად გამოიცვალა სარწმუნოება და დაუბრუნდა კათოლიციზმს (1593წ.). 1594წ. 22 მარტს პარიზელებმა ის შეუშვეს და შიშით დაიწყეს ლოდინი, თუ რას მოიმოქმედებდა მეფე პარიზში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტრადიციას არ გადაუხვია და არავინ არ დაუსჯია და არ დაურბევია. 1595წ. კი დაიწყო ომი ესპანეთთან, რომელშიც ფაქტობრივად მხოლოდ მცირე შეტაკებები იყო და ერთადერთი სერიოზული ბრძოლაც 1596წ. ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. 1598წ. ვერვენის ზავით ესპანეთმა საბოლოოდ თქვა უარი საფრანგეთის თავისი პოლიტიკის ფარვატერში (საზღვაო ტერმინი. ნიშნავს საუკეთესო კურსს ხომალდისათვის ყურეში ან სრუტეში) მოქცევაზე. ამავე დროს, 1598წ. ნანტის ედიქტით მან სახელმწიფო რელიგიად კათოლიციზმი დაადასტურა, თუმცა ჰუგენოტებმა დაინარჩუნეს ღიად აღმსარებლობის უფლება (პარიზის გარდა) და მიიღეს რამდენიმე ციხე-სიმაგრე, რომელთა შორის მთავარი იყო ლაროშელი და მონტობანი.
1598 წლიდან მოყოლებული ანრი IV მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას ეწეოდა, მაგრამ ამასთან თავს იკავებდა საომარი მოქმედებებისაგან. მისი მთავარი მიზანი იყო საფრანგეთის მტრების _ ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგების დასუსტება. თავის საგარეო პოლიტიკაში ის არასოდეს ხელმძღვანელობდა რელიგიური პრინციპით. ანრი IV-ის მთავარი პოსტულატი, რომლითაც ის მოქმედებდა, იყო საფრანგეთის ინტერესები. მისი მიზანი იყო საფრანგეთისათვის ბუნებრივი საზღვრების მოპოვება. ასეთ ბუნებრივ საზღვრებად ის თვლიდა პირენეის მთეებს და რაინს. მისი თქმით, ის მიწები, რომელთა მოსახლეობაც ფრანგულად ლაპარაკობდა _ ალზასი (ელზასი), ლორენი (ლოთარინგია), ფრანშ-კონტე, სავოია, არტუა, გენეგაუ, ესპანური ნიდერლანდები (ძირითადად ბელგია) _ საფრანგეთის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო. ამ მიზნებას მიღწევას კი ანრი IV-ს სწორედ ჰაბსბურგები უშლიდნენ. ამიტომ ანრი განაგრძობდა მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას ინგლისთან (ესპანეთის მთავარი მოწინააღმდეგე ზღვაზე), მხარს უჭერდა გაერთიანებულ პროვინციებს (ჰოლანდია), რომელთანაც ესპანეთს პერმანენტული ომი ჰქონდა. სწორედ მისი შემწეობით დაიდო ზავი ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის 1609წ., რითაც ესპანეთმა ფაქტობრივად სცნო ჰოლანდიის დამოუკიდებლობა) ის ყოველმხრივ ეხმარებოდა გერმანელ პროტესტანტებს, რითაც მუდმივ პრობლემებს უქმნიდა ავსტრიელ ჰაბსბურგებს. 1604წ. კი მან აღადგინა ფრანსუა I-ის მიერ თურქეთთან 1535წ. დადებული ხელშეკრულება. ამიერიდან ყველა ევროპულ სახელმწიფოს (ინგლისის გარდა) თურქეთთან ვაჭრობა ფრანგული დროშის მქონე გემებით უნდა ეწარმოებინა. თურქეთთან კავშირი საფრანგეთისთვის ყოველმხრივ მომგებიანი იყო, რადგანაც თურქეთს კონფლიქტი ჰქონდა როგორც ესპანეთთან, ისე ავსტრიასთან. ამავე დროს, ანრი IV-ს ყოველივე ეს სულაც არ უშლიდა ხელს თავის მეგობრებსა თუ მომხრეებში გაევრცელებინა ხმები, თითქოს ის აპირებდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას თურქეთის წინააღმდეგ, წმინდა მიწის დაბრუნებასა და ბიზანტიის იმპერიის აღდგენას. ის იტალიაში დამკვიდრებასაც ცდილობდა და ამიტომ დაქორწინდა ტოსკანის დიდი ჰერცოგის ფერდინანდის ნათესავ მარია მედიჩიზე (1600წ. მანამდე, 1599წ. ის, როგორც იქნა, გაეყარა მარგარიტა ვალუას, რომელთანაც შვილი არ ეყოლა). ამგვარად, ანრი IV-მ ფაქტობრივად შექმნა ანტიჰაბსბურგული კოალიცია, რასაც ხელს უწყობდა მის მიერ ფაქტობრივად ევროპის გაერთიანებული შტატების იდეის წამოყენება. ანრი IV-ის გეგმის (ამ გეგმის ნამდვილი ავტორი იყო ჰერცოგი სიული, ანრი IV-ის ყველაზე დაახლოებული პირი იმ პერიოდში) თანახმად, კოალიციას უნდა დაემცრო ჰაბსბურგების ძალაუფლება მხოლოდ პირენეის ნახევარკუნძულამდე, გაეყარა თურქები ევროპიდან და შეეცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა, სადაც უნდა შექმნილიყო 6 მემკვიდრეობითი მონარქია, 5 არჩევითი მონარქია და 5 რესპუბლიკა. კავშირს სათავეში უნდა ჰყოლოდა საბჭო, რომელიც გადაწყვეტდა ყველა სადავო საკითხს. ნომინალური უფროსი უნდა ყოფილიყო რომის პაპი.
1610 წლისთვის ანრი IV პრაქტიკულად მზად იყო ომის დასაწყებად ჰაბსბურგების წინააღმდეგ. იმპერიაში მდგომარეობა ამ დროს უკიდურესად არეული იყო და პროტესტანტები ძალიან აქტიურად იბრძოდნენ იმპერატორის ძალაუფლებისაგან გასათავისუფლებლად. თავის მხრივ, 12-წლიანმა მშვიდობამ საფრანგეთი მეტად მოაღონიერა სამეურნეო თვალსაზრისით. საჭირო იყო მხოლოდ საბაბის მოძებნა, რაც მეფეს არც გასჭირვებია. მექალთანედ ცნობილმა ანრი IV-მ გაითამაშა სიყვარული პრინც კონდეს ახალგაზრდა მეუღლისადმი, ხოლო ცოლ-ქმრის საფრანგეთიდან გაქცევის შემდეგ (მათ თავი ესპანურ ნიდერლანდებს შეაფარეს), მოითხოვა მათი დაბრუნება, ამავე დროს კი ჯარი ომისთვის გაამზადა. ჰაბსბურგები პრაქტიკულად განწირული იყვნენ, მაგრამ 1610წ. 14 მაისს, მეფის ჯარში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ანრი IV მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკემ ფრანსუა რავალიაკმა (შეთქმულების ორგანიზატორები საძებარი იყო არა მარტო მადრიდსა და ვენაში, არამედ საკუთრივ პარიზშიც, სადაც ჰაბსბურგების ერთ-ერთ მთავარ აგენტად ამ დროისთვის იქცა დედოფალი მარია მედიჩი თავის ფავორიტ კონჩინო კონჩინისთან (მომავალი მარშალი დ’ანკრი. მარშალი გახდა ისე, რომ არც ერთ ბრძოლაში არ მიუღია არანაირი მონაწილეობა). მეფის მკვლელობამ მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ვითარება ევროპაში. საფრანგეთის ტახტზე ავიდა 9 წლის ლუდოვიკო XIII, რეგენტი კი გახდა მარია მედიჩი. ფაქტობრივი ძალაუფლება ხელში სწორედ მან და კონჩინიმ იგდეს ხელთ და ძირფესვიანად შეცვალეს ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაოპოლიტიკური კურსი. მარია მედიჩის შვიდწლიანმა მმართველობა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა საფრანგეთს, რომ მისი ძველი ძლიერების აღდგენას თითქმის 20 წელი დასჭირდა. ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაციის ხელიდან გაშვებამ კი დიდი ხნით გადაავადა საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა, ზოგ შემთხვევაში კი შეუძლებელიც გახადა ეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий