воскресенье, 19 июля 2020 г.

აშშ-ს კონსტიტუცია

პრეამბულა
ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, იმ მიზნით, რომ შევქმნათ უფრო სრულყოფილი კავშირი,1 დავამკვიდროთ მართლმსაჯულება, დავამყაროთ საშინაო მშვიდობა, უზრუნველვყოთ საერთო თავდაცვა, ხელი შევუწყოთ საყოველთაო კეთილდღეობას და შევუნარჩუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენს შთამომავლობას მადლი თავისუფლებისა, ვადგენთ და ვაფუძნებთ ამერიკის შეერთებული შტატების წინამდებარე კონსტიტუციას.
მუხლი I
ნაწილი 1. მთელი საკანონმდებლო ხელისუფლება, როგორც აქ არის დადგენილი, გადაეცემა შეერთებული შტატების კონგრესს, რომელიც შედგება სენატისა და წარმომადგენელთა პალატისაგან.2
ნაწილი 2. წარმომადგენელთა პალატა შედგება წევრებისაგან, რომელთაც ირჩევს ცალკეული შტატების მოსახლეობა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ამომრჩევლებს თითოეულ შტატში უნდა ჰქონდეთ ისეთი საარჩევნო ცენზი, როგორიც მოეთხოვებათ შტატის საკანონმდებლო დაწესებულების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოების ამომრჩევლებს. არავინ შეიძლება იყოს წარმომადგენელი, ვისაც არ მიუღწევია 25 წლის ასაკისათვის, არ ყოფილა შვიდი წლის მანძილზე შეერთებული შტატების მოქალაქე და ვინც არჩევნების დროისათვის არ იქნება იმ შტატის მკვიდრი, სადაც ის კენჭს იყრის.
/წარმომადგენლები და პირდაპირი გადასახადები უნდა განაწილდნენ ცალკეულ შტატებზე, რომლებიც შესაძლოა შევიდნენ ამ კავშირის შემადგენლობაში, მათი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, რომელიც შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს: თავისუფალ მოქალაქეთა საერთო რაოდენობას, იმ პირების ჩათვლით, რომლებიც ვალდებულნი არიან იმსახურონ გარკვეული წლების ვადით და ინდიელების, - რომლებსაც გადასახადები არ ეკისრებათ - ჩაუთვლელად უნდა დაემატოს ყველა სხვა პიროვნების რაოდენობის სამი მეხუთედი.3 / (შეიცვალა მეთოთხმეტე შესწორების მეორე ნაწილით).
მოსახლეობის აღწერა უნდა მოხდეს შეერთებული შტატების კონგრესის პირველი სხდომიდან სამი წლის განმავლობაში და შემდგომში ყოველ მომდევნო ათ წელიწადში ერთხელ იმგვარად, როგორც ეს კანონით იქნება გათვალისწინებული.
წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთს ყოველ ოცდაათ ათას კაცზე, ოღონდ თითოეულ შტატს პალატაში სულ ცოტა ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ჰყავდეს. ხოლო სანამ ასეთი აღრიცხვა მოხდებოდეს, მანამ ნიუ - ჰემპშირის შტატს უფლება აქვს აირჩიოს სამი წარმომადგენელი, მასაჩუზეტს - რვა, როდაილენდსა და პროვიდენს პლანტეიშენს - ერთი, კონეკტიკუტს - ხუთი, ნიუ-იორკს - ექვსი. ნიუ-ჯერსის - ოთხი, პენსილვენიას - რვა, დელავეარს - ერთი, მელირენდს - ექვსი, ვირჯინიას - ათი, ჩრდილოეთ კეროლაინას - ხუთი, სამხრეთ კეროლაინას - ხუთი და ჯორჯიას - სამი.4
რომელიმე შტატიდან წარმომადგენლის ადგილას გათავისუფლების შემთხვევაში, ამ შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება5 გათავისუფლებული ადგილის შესავსებად გამოსცემს ბრძანებას არჩევნების დანიშვნის შესახებ.
წარმომადგენელთა პალატა ირჩევს თავის სპიკერს6 და სხვა მოხელეებს; მხოლოდ ამ პალატას აქვს უფლება დასვას საკითხი იმპიჩმენტის7 შესახებ.
ნაწილი 3. შეერთებული შტატების სენატი შედგება ორ-ორი სენატორისაგან თითოეული შტატიდან, რომლებსაც ირჩევენ ექვსი წლის ვადით ამ შტატების საკანონმდებლო დაწესებულებები (შეიცვალა მეჩვიდმეტე შესწორებით) ყოველ სენატორს აქვს ერთი ხმა.
არჩევნების შემდგომ, შეკრებისთანავე, ისინი შეძლებისდაგვარად უნდა დაიყონ სამ თანაბარ ჯგუფად. პირველი ჯგუფის სენატორთა ადგილები უნდა გათავისუფლდეს ორი წლის შემდეგ, მეორე ჯგუფისა - ოთხი წლის შემდეგ, ხოლო მესამე ჯგუფისა - ექვსი წლის შემდეგ, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სენატის წევრთა ერთი მესამედის გადარჩევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
ხოლო თუ ადგილი გათავისუფლდება სენატორის გადადგომის შედეგად, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, რომელიმე შტატის საკანონმდებლო დაწესებულების არდადეგების დროს, ამ შტატის აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია დროებით დანიშნოს სენატორი საკანონმდებლო დაწესებულების მორიგ სხდომამდე, რომელმაც უნდა შეავსოს გათავისუფლებული ადგილები. (შეიცვალა მეჩვიდმეტე შესწორებით)
არავინ შეიძლება იყოს სენატორი, ვისაც არ მიუღწევია ოცდაათი წლის ასაკისათვის, არ ყოფილა ცხრა წლის მანძილზე შეერთებული შტატების მოქალაქე და ვინც არჩევნების დროისათვის არ იქნება იმ შტატის მკვიდრი, სადაც ის კენჭს იყრის. სენატის თავმჯდომარეა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, მაგრამ ხმის უფლება მას აქვს მხოლოდ ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში.
სენატი ირჩევს სხვა მოხელეებს, აგრეთვე თავმჯდომარეს pro tempore,8 იმ შემთხვევისათვის, როცა ვიცე პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას, ანდა ასრულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას.
მხოლოდ სენატს აქვს უფლება განიხილოს იმპიჩმენტის ყველა შემთხვევა. ამ მიზნით შეკრებისას სენატის წევრები ვალდებულნი არიან დადონ ფიცი ან საზეიმო დაპირება. თუ იმპიჩმენტი წარედგინება შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მაშინ სენატის სხდომას უნდა წარუძღვეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არავინ შეიძლება ცნობილ იქნას დამნაშავედ თუ ამას ხმა არ მისცა დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა.
იმპიჩმენტის შემთხვევაში განაჩენი უნდა შემოიფარგლოს თანამდებობიდან გადაყენებით და დისკვალიფიკაციით, ასეთ პირს უნდა ჩამოერთვას შეერთებულ შტატებში რაიმე საპატიო, საპასუხისმგებლო ან შემოსავლიანი თანამდებობის დაკავების უფლება, მაგრამ, ამის მიუხედავად, შემდგომში მას მაინც უნდა წარედგინოს ბრალდება, მისი საქმე უნდა გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი და დაეკისროს სასჯელი კანონის შესაბამისად.9
ნაწილი 4. სენატორებისა და წარმომადგენლობის არჩევნების დრო, ადგილი და ჩატარების წესი უნდა დადგინდეს თითოეულ შტატში. მისი საკანონმდებლო დაწესებულების მიერ, მაგრამ კონგრესს შეუძლია ნებისმიერ დროს კანონით დაადგინოს ან შეცვალოს ყველა ასეთი წესი, სენატორების არჩევნების ადგილის გამოკლებით.
კონგრესი უნდა შეიკრიბოს სულ მცირე ერთხელ ყოველ წელიწადში და ასეთი შეკრება უნდა შედგეს დეკემბრის პირველ ორშაბათს.(შეიცვალა მეოცე შესწორების მეორე ნაწილით) თუკი კონგრესის მიერ კანონის ძალით დანიშნული არ იქნება რომელიმე სხვა დღე.
ნაწილი 5. თითოეული პალატა თავად განსჯის არჩევნების პროცესს, აჯამებს მის შედეგებს და ადგენს თავისი წევრების კვალიფიკაციას, თითოეულ პალატაში უმრავლესობა შეადგენს ქვორუმს, რომელიც შესაძლებელს გახდის მუშაობის დაწყებას, ხოლო დამსწრეთა ნაკლებ რაოდენობას შეუძლია დღითი დღე გადაიტანოს სხდომა, რის გამოც პალატა უფლებამოსილი იქნება მიმართოს სანქციებს იმ წევრების მიმართ, რომლებიც აცდენენ სხდომებს. სასჯელის ზომას თითოეული პალატა თვითონ განსაზღვრავს.
თითოეულ პალატას შეუძლია დაადგინოს სხდომების ჩატარების წესი, დასაჯოს თავისი წევრი უმსგავსი საქციელისათვის და ორი მესამედის თანხმობის შემთხვევაში გარიცხოს ასეთი წევრი.
თითოეული პალატა უნდა აწარმოებდეს მიმდინარე სხდომების ოქმს და დრო და დრო აქვეყნებდეს მას, იმ ნაწილების გამოკლებით, რომლებიც, მათი აზრით, საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს; ორივე პალატის წევრთა ყველა „ჰო“ და „არა“ ნებისმიერ საკითხზე, დამსწრე წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით, ოქმში უნდა იყოს შეტანილი.
კონგრესის სესიის მიმდინარეობისას არც ერთ პალატას არა აქვს უფლება, მეორესთან შეუთანხმებლად, გადაიტანოს სხდომა სამ დღეზე მეტ ხანს, ანდა - სხვა რომელიმე ადგილზე იმ ადგილიდან , სადაც იმართება ხოლმე პალატების სხდომები.
ნაწილი 6. სენატორებმა და წარმომადგენლებმა თავიანთი სამსახურისათვის უნდა მიიღონ გასამრჯელო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინიდან. ყველა შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს სახელმწიფო ღალატს, მძიმე დანაშაულსა10 და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას, ისინი არ ექვემდებარებიან დაპატიმრებას თავიანთი შესაბამისი პალატის სხდომებზე დასწრების დროს, აგრეთვე პალატაში მისვლისა და იქიდან წამოსვლის დროს, და სიტყვით გამოსვლისა და აზრის გამოთქმისათვის ორივე პალატაში, მათ არ შეიძლება მოვთხოვოთ პასუხი, რომელიმე სხვა ადგილზე.
არც ერთ სენატორს ან წარმომადგენელს არა აქვს უფლება, იმ დროის განმავლობაში, რომლითაც ის არჩეულია, ყველგან, სადაც ვრცელდება შეერთებული შტატების ხელისუფლება დანიშნულ იქნას რაიმე სამოქალაქო თანამდებობაზე, რომელიც მომავალში შეიქმნება ან რომლის შემოსავალი ამ დროის მანზილზე შეიძლება გაიზარდოს, და არც ერთ პიროვნებას არა აქვს უფლება გახდეს რომელიმე პალატის წევრი, სანამ ის ყველგან, სადაც ვრცელდება შეერთებული შტატების ხელისუფლება, იმყოფება რაიმე თანამდებობაზე.
ნაწილი 7. ყველა კანონპროექტი, რომელიც წლიურ შემოსავალს შეეხება, უნდა შემუშავდეს წარმომადგენელთა პალატაში: მაგრამ სენატს ისევე, როგორც სხვა კანონპროექტების შემთხვევაში, შეუძლია მათში შესწორებები წარმოადგინოს და მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვაში.
ყოველი კანონპროექტი, მას შემდეგ რაც გაივლის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, სანამ კანონი გახდებოდეს, უნდა წარედგინოს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თუ ის მოიწონებს მას - ხელს მოაწერს, ხოლო თუ არ მოიწონებს - დააბრუნებს თავისი მოსაზრებებითურთ იმ პალატაში, სადაც ეს კანონპროექტი შემუშავდა,11 პალატამ ეს მოსაზრებები უნდა შეიტანოს თავის ოქმში და მოიწვიოს სხდომა ხელმეორედ მის განსახილველად. თუ ხელმეორედ განხილვის შემდეგ მოცემული პალატის წევრთა ორი მესამედი დათანხმდება კანონპროექტის დამტკიცებას, ის, პრეზიდენტის მოსაზრებებთან ერთად, გადაეგზავნება მეორე პალატას, სადაც ის ასევე ხელმეორედ განიხილება და თუ ამ პალატის წევრთა ორი მესამედიც მოიწონებს მას, ის დაკანონდება, ოღონდ ყველა ასეთ შემთხვევაში ზუსტად უნდა დაფიქსირდეს ორივე პალატის წევრთა „ჰო“ და „არა“ და მათი სახელები, იმის მითითებით, დაუჭირეს მათ მხარი კანონპროექტს თუ არა, უნდა შეტანილ იქნას შესაბამისი პალატის ოქმში. თუკი რომელიმე კანონპროექტი არ იქნება დაბრუნებული პრეზიდენტის მიერ ათი დღის განმავლობაში (კვირადღეების გამოკლებით), მას შემდეგ, რაც ის მას წარედგინება, კანონპროექტი ასევე დაკანონდება, ისევე როგორც იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს მოაწერდა მას, ხოლო თუ კონგრესმა სხდომების გადატანით ხელი შეუშალა კანონპროექტის დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში ის არ დაკანონდება.
ყოველი ბრძანებულება, რეზოლუცია ან გადაწყვეტილება, რომელსაც სენატის ან წარმომადგენელთა პალატის თანხმობა ესაჭიროება (სხდომის გადატანის საკითხის გამოკლებით), უნდა წარედგინოს შეერთებული შტატების პრეზიდენტს; და სანამ ისინი ძალაში შევიდოდნენ, უნდა მოწონებულ იქნას მის მიერ, ხოლო თუ არ იქნა მოწონებული, მაშინ ისინი კვლავ უნდა დამტკიცდეს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ორი მესამედის მიერ, იმავე წესებისა და შეზღუდვების მიხედვით, რომლებიც კანონპროექტის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
ნაწილი 8. კონგრესი უფლებამოსილია:
დააწესოს და აკრიფოს გადასახადები,ბაჟი, აქციზები, რათა მათი საშუალებით გადაიხადოს ვალები და იზრუნოს შეერთებული შტატების სახელმწიფო თავდაცვისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის, ამასთან ყველა ეს გადასახადი, ბაჟი და აქციზი შეერთებულ შტატებში ერთნაირი უნდა იყოს;
აიღოს შეერთებული შტატების სახელით სესხი:
არეგულიროს სავაჭრო ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან და ცალკეულ შტატებს შორის, აგრეთვე ინდიელთა ტომებთან;
დაადგინოს შეერთებული შტატების ფარგლებში ნატურალიზაციის ერთნაირი წესი და ერთნაირი კანონები გაკოტრების შესახებ;
მოჭრას ფული, არეგულიროს შეერთებული შტატებისა და უცხოური ფულის ღირებულება და დაადგინოს ფულის ზომისა და წონის ნორმები;
დაადგინოს სასჯელი შეერთებული შტატების ფულისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბებისათვის;
შექმნას საფოსტო სამსახური და საფოსტო გზები; ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრესს, დაიცვას განსაზღვრული დროით ავტორებისა და გამომგონებლობის განსაკუთრებული უფლებები მათ ნაწერებსა და გამოგონებებზე; შექმნას უზენაესი სასამართლოსადმი დაქვემდებარებული სასამართლოები;
განსაზღვროს თუ რა არის მეკობრეობა და ღია ზღვაში ჩადენილი მძიმე დანაშაული და დააწესოს სასჯელი ამგვარი ქმედებისათვის, აგრეთვე, საერთაშორისო კანონების დარღვევისათვის;
გამოაცხადოს ომი, გასცეს საკაპერო მოწმობები12 და რეპრესალიები,13 დაადგინოს სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიაზე ნადავლის მოპოვების წესები;
შექმნას და შეინახოს არმიები, ოღონდ ამ მიზნით ფულის გაცემა არ უნდა მოხდეს ორ წელზე მეტი ხნის ვადით;
შექმნას და შეინახოს სამხედრო ფლოტი; დაადგინოს სახმელეთო და საზღვაო შეიარაღებული ძალების მართვისა და რეგულირების წესები;
მიიღოს ზომები მილიციის14 შეკრებისათვის - კავშირის კანონების აღსრულების, აჯანყებების ჩახშობისა და გარედან თავდასხმების აღკვეთის მიზნით;
მიიღოს ზომები მილიციის ორგანიზებისა, შეიარაღებისა და მასში დისციპლინის განსამტკიცებლად, მისი იმ ნაწილის სამართავად, რომელიც გამოიყენება შეერთებული შტატების სამსახურისათვის, ამასთან შტატებს დაუტოვოს უფლება თვითონ დანიშნონ ოფიცრები და იზრუნონ მილიციის საწვრთნელად კონგრესის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
განახორციელოს განსაკუთრებული კანონმდებლობა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იმ ოლქში (ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ათ კვადრატულ მილს), რომელიც ცალკეული შტატის დათმობითა და კონგრესის მხარდაჭერით შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელი გახდება,15 აგრეთვე განახორციელოს ასეთივე მმართველობა ყველა იმ ადგილზე, რომელიც შესაბამისი შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებასთან შეთანხმებით შესყიდული იქნება სიმაგრეების, სამხედრო საწყობების, არსენალების, საზღვაო დოკებისა და სხვა საჭირო ნაგებობების ასაშენებლად;
შექმნას ყველა ისეთი კანონი, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებების აღსრულებისათვის, აგრეთვე - ყველა სხვა სახის უფლებამოსილებებისათვის, რომლებიც ამ კონსტიტუციის მიხედვით გადაეცემა შეერთებული შტატების მთავრობას, მის რომელიმე დეპარტამენტს, ან თანამდებობის პირს.16 
ნაწილი 9. იმ პირთა17 მიგრაცია და შემოყვანა, რომლის დაშვებას საჭიროდ მიიჩნევს ზოგიერთი ამჟამად არსებული შტატი, არ უნდა იქნეს აკრძალული კონგრესის მიერ ათას რვაას რვა წლამდე,18 მაგრამ მათ შემოყვანაზე შეიძლება დაწესდეს საბაჟო ან სხვა სახის გადასახადი, არა უმეტეს ათი დოლარის ოდენობისა თითოეულ პირზე.
არ შეიძლება შეჩერებულ იქნას პრივილეგირებული უფლება habeas corpus,19 თუკი ამას არ მოითხოვს სახელმწიფოს უსაფრთხოება ამბოხების ან გარედან თავდასხმის დროს.
არ შეიძლება მიღებულ იქნას Bill of Attainder-ი,20 ან - კანონი ex post facto.21 არ შეიძლება დაწესებულ იქნას რაიმე სულადი ან სხვა სახის პირდაპირი გადასახადი, თუ არა ზემოთ აღნიშნული მოსახლეობის აღწერით დადგენილი პროპორციების შესაბამისად. (შეიცვალა მეთექვსმეტე შესწორებით).
არ შეიძლება დაწესებულ იქნას რაიმე საბაჟო ან სხვა სახის გადასახადი რომელიმე შტატიდან გასატან საქონელზე.
არ შეიძლება რაიმე საბაჟო ან სავაჭრო წესით მიეცეს რომელიმე შტატის ნავსადგურს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით; არ შეიძლება რომელიმე შტატში მიმავალი ან იქიდან გამოსული გემი იძულებით იქნას შეყვანილი მეორე შტატის ნავსადგურში და იქ განტვირთულ იქნას ან ბაჟი დაეკისროს.
არ შეიძლება ფული სხვაგვარად გაიცეს ხაზინიდან, თუ არა კანონით დადგენილ ასიგნებათა საფუძველზე; რეგულარული ხარჯთაღრიცხვა, ცნობები შემოსავლისა და გასავლის შესახებ, აგრეთვე ანგარიში იმისა, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო თანხები, დრო და დრო უნდა ქვეყნდებოდეს.
არ შეიძლება შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ გაიცეს რაიმე არისტოკრატული ტიტული; და არც ერთმა პიროვნებამ, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება რაიმე საპასუხისმგებლო ან შემოსავლიან თანამდებობაზე, არ უნდა მიიღოს, კონგრესის თანხმობის გარეშე, რაიმე ძღვენი, გასამრჯელო, თანამდებობა ან ტიტული რომელიმე უცხო სახელმწიფოსაგან, მეფისა ან უფლისწულისაგან.
ნაწილი 10. არც ერთ შტატს არა აქვს უფლება დადოს რაიმე ხელშეკრულება, შევიდეს რაიმე ალიანსში ან კონფედერაციაში; გასცეს საკაპერო მოწმობები და რეპრესალიები; მოჭრას ფული; გასცეს აკრედიტივები; გადაიხადოს ვალები სხვაგვარად, თუ არა ოქროსა და ვერცხლის მონეტებით; მიიღოს Bill of Attainder-ი, ან - კანონი ex post facto, ან - სხვა რომელიმე კანონი, რომელიც დაარღვევს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს; ან გასცეს რაიმე არისტოკრატული ტიტული.
არც ერთ შტატს არა აქვს უფლება, კონგრესთან შეთანხმების გარეშე, დააწესოს საბაჟო ან სხვა სახის გადასახადი იმპორტზე ან ექსპორტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სრულიად აუცილებელია საინსპექციო კანონების აღსასრულებლად და რომელიმე შტატის მიერ იმპორტზე ან ექსპორტზე დაწესებული საბაჟო ან სხვა სახის გადასახადების შედეგად მიღებული წმინდა შემოსავალი უნდა გადაეცეს შეერთებული შტატების ხაზინას; გარდა ამისა, ყველა ასეთი კანონი, კონგრასის მხრიდან, კონტროლისა და გადასინჯვის საგანი უნდა გახდეს.
არც ერთ შტატს არა აქვს უფლება, კონგრესთან შეთანხმების გარეშე, დააწესოს საბაჟო გადასახადი გემების ტონაჟზე, იყოლიოს ჯარი, ან სამხედრო გემები მშვიდობის ჟამს, დადოს რაიმე შეთანხმება ან ხელშეკრულება რომელიმე სხვა შტატთან, ან უცხო სახელმწიფოსთან, გააჩაღოს ომი, სანამ ის არ გახდება თავდასხმის ობიექტი, ან არ დაემუქრება რეალური საფრთხე, რომლის დროსაც დაყოვნება არ შეიძლება.

მუხლი II
ნაწილი 1. აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მან უნდა დაიკავოს თავისი თანამდებობა ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, რომელსაც იმავე ვადით აირჩევენ, კენჭი უნდა ეყაროს შემდეგი წესით:
ყოველმა შტატმა, მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა დანიშნოს ამომრჩევლები,22 რომელთა რაოდენობა ტოლი უნდა იყოს სენატორებისა და წარმომადგენლების იმ რაოდენობისა, რომლის ყოლის უფლება აქვს მოცემულ შტატს კონგრესში: მაგრამ ამომრჩევლად არ შეიძლება დაინიშნოს სენატორი ან წარმომადგენელი, ან პირი, რომელსაც შეერთებულ შტატებში რაიმე საპასუხისმგებლო ან შემოსავლიანი თანამდებობა უკავია.
/ამომრჩევლები უნდა შეიკრიბონ თავიანთ შტატებში და კენჭი უყარონ ორ პიროვნებას, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს მათი შტატის მკვიდრი. შემდეგ მათ უნდა შეადგინონ სია ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმა მიიღო და იქვე მიუთითონ, თუ რა რაოდენობის ხმები დააგროვა თითოეულმა მათგანმა. ეს სია მათ მიერ ხელმოწერილ და დამტკიცებულ უნდა იქნას და დაბეჭდილი სახით გადაიგზავნოს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელში, სადაც ის პირადად სენატის თავმჯდომარეს უნდა ჩაბარდეს. სენატის თავმჯდომარემ, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თანდასწრებით, უნდა გახსნას ყველა წერილობითი მოწმობა, რის შემდეგ უნდა მოხდეს ხმების დათვლა. პიროვნება, რომელსაც ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას უნდა შეადგენდეს. ხოლო, თუ ასეთი უმრავლესობა აღმოჩნდება ერთზე მეტ პირს და მათ მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობა თანაბარი იქნება, ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატამ დაუყოვნებლივ კენჭი უნდა უყაროს, თუ ვინ იქნება მათ შორის პრეზიდენტი; ხოლო თუ ვერავინ ვერ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ ამავე პალატამ სიაში პირველი ხუთ პიროვნებისგან, ამავე წესით, უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. მაგრამ პრეზიდენტის არჩევისას ხმის უფლება უნდა მიენიჭოთ შტატებს, ამასთან თითოეული შტატის წარმომადგენლობას უნდა ჰქონდეს ერთი ხმის უფლება.
ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს შტატების რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება შტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, პიროვნება, რომელიც ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების რაოდენობით მეორე იქნება, გახდება ვიცე პრეზიდენტი. ხოლო თუ აღმოჩნდება ორი ან მეტი ისეთი პირი, ვისაც ხმების თანაბარი რაოდენობა ექნება, მაშინ სენატმა უნდა უყაროს მათ კენჭი იმის გამოსარკვევად, თუ ვინ გახდება ვიცე-პრეზიდენტი./ (შეიცვალა მეთორმეტე შესწორებით).
კონგრესს შეუძლია განსაზღვროს ამომჩეველთა არჩევის დრო და მათ მიერ ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დღე, ეს დღე საერთო უნდა იყოს მთელს შეერთებულ შტატებში.
არავის აქვს უფლება არჩეულ იქნას პრეზიდენტად, ვინც ამ კონსტიტუციის მიღების დროისათვის არ იქნება შეერთებულ შტატებში დაბადებული მოქალაქე, ან შეერთებული შტატების მოქალაქე,23 არც ვინმეს შეუძლია იყოს არჩეული ამ თანამდებობაზე, ვისაც არ მიუღწევია ოცდათხუთმეტი წლის ასაკისათვის და თოთხმეტი წლის მანძილზე არ უცხოვრია შეერთებულ შტატებში.
/პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, მისი სიკვდილის, გადადგომის, ან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების უუნარობის შემთხვევებში ისინი უნდა გადაეცეს ვიცე-პრეზიდენტს, ხოლო ორივე მათგანის - პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გადაყენების, სიკვდილის, გადადგომის ან უუნარობის შემთხვევებში კონგრესს შეუძლია კანონით დაადგინოს, თუ რომელი თანამდებობის პირმა უნდა შეასრულოს ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობა,24 ხოლო ამ თანამდებობის პირმა პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეასრულოს მანამდე, სანამ არ აღსდგება პრეზიდენტის ქმედითუნარიანობა, ანდა სანამ არჩეული არ იქნება ახალი პრეზიდენტი./ (შეიცვალა ოცდამეხუთე შესწორებით)
პრეზიდენტმა, განსაზღვრულ დროს, თავისი სამსახურისთვის უნდა მიიღოს გასამრჯელო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, რომლითაც ის არჩეული იქნება, არც უნდა გაიზარდოს და არც შემცირდეს, და ამ ხნის მანძილზე მან არ უნდა მიიღოს სხვა რაიმე გასამრჯელო შეერთებული შტატებისგან ან ცალკე რომელიმე მათგანისგან.
თანამდებობის დაკავების წინ მან უნდა წარმოთქვას შემდეგი ფიცი, ან საზეიმო დაპირება: მე საზეიმოდ ვფიცავ (ან პირობას ვდებ), რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას.
ნაწილი 2. პრეზიდენტი არის შეერთებული შტატების არმიისა და ფლოტის მთავარსარდალი და ისევ უხელმძღვანელებს ცალკეული შტატების მილიციას, როდესაც ის გაწვეულ იქნება შეერთებული შტატების მოქმედი სამსახურისათვის, მას შეუძლია ყოველი აღმასრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირისაგან წერილობითი სახით მოითხოვოს მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მათ თანამდებობრივად ეხებათ,25 მას, აგრეთვე აქვს განაჩენის გაუქმებისა და შეწყალების უფლება იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს შეერთებული შტატების წინააღმდეგ, იმპიჩმენტის შემთხვევის გამოკლებით.
იგი უფლებამოსილია, სენატის რჩევითა და მასთან შეთანხმებით, დადოს ხელშეკრულება, იმ პირობით, თუ ამაზე თანხმობა განაცხადა სენატის დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა; მას აქვს, აგრეთვე, უფლება დაასახელოს, ხოლო სენატთან რჩევისა და შეთანხმების შემდეგ დანიშნოს ელჩები, სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლები და კონსულები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და შეერთებული შტატების ყველა სხვა თანამდებობის პირი, რომელთა დანიშვნის წესი არ არის აქ სხვაგვარად გათვალისწინებული და დადგენილია კანონის მიერ, მაგრამ კონგრესს შეუძლია კანონის ძალით ამგვარ შედარებით დაბალ თანამდებობის პირთა დანიშვნის უფლება, თუ ის ამას საჭიროდ მიიჩნევს, მხოლოდ პრეზიდენტს, მოსამართლეებს ან დეპარტამენტების ხელმძღვანელებს გადასცეს.
პრეზიდენტი უფლებამოსილია შეავსოს ყველა გათავისუფლებული ადგილი, სენატის სესიებს შორის პერიოდში და გასცეს თანამდებობრივი უფლებამოსილებანი სენატის მორიგი სესიის დასრულებამდე.
ნაწილი 3. მან დრო და დრო კონგრესს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კავშირში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და წარუდგინოს კონგრესს განსახილველად რეკომენდაციები და ღონისძიებები, რომლებსაც ის აუცილებლად და მიზანშეწონილად ჩათვლის; მას შეუძლია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოიწვიოს ორივე პალატის, ან ერთ-ერთი მათგანის სხდომა და მათ შორის უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, სხდომების გადატანის წესის შესაბამისად, გადაიტანოს მათი სხდომები იმ ვადით, რომელსაც ის სავალდებულოდ მიიჩნევს; მან უნდა მიიღოს ელჩები და სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლები; მან უნდა იზრუნოს იმისთვის, რათა კანონები კეთილსინდისიერად იქნას აღსრულებული და დანიშნოს შეერთებული შტატების ყველა თანამდებობის პირი.
ნაწილი 4. პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ყველა სხვა სამოქალაქო თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ იქნან თანამდებობიდან იმპიჩმენტის შედეგად, თუ ისინი მხილებულნი იქნებიან ღალატში, მექრთამეობაში, ან სხვა სახის მძიმე თუ მსუბუქ დანაშაულში.26

მუხლი III
ნაწილი 1. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლება გადაეცემა უზენაეს სასამართლოს და მისდამი დაქვემდებარებულ სასამართლოებს, რომლებიც კონგრესს შეუძლია დრო და დრო დააწესოს და დააფუძნოს, როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე დაბალი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები თანამდებობებზე დარჩებიან მანამდე, სანამ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებენ27 და ამისთვის ისინი, განსაზღვრულ დროს, მიიღებენ გასამრჯელოს, რომელიც არ შეიძლება შემცირდეს მათი თანამდებობებზე ყოფნის განმავლობაში.
ნაწილი 2. სასამართლო ხელისუფლება ვრცელდება ყველა იმ საქმეზე, რომელიც კანონისა და სამართლიანობის შესაბამისად გამომდინარეობს ამ კონსტიტუციიდან, შეერთებული შტატების კანონებიდან, ხელშეკრულებებიდან, რომლებიც დადებულია ან მომავალში დაიდება შეერთებული შტატების მიერ, - ყველა იმ საქმეზე, რომელიც შეეხება ელჩების, სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლებისა და კონსულების მოღვაწეობას; - ყველა იმ საქმეზე, რომელიც შეეხება საადმირალოსა და საზღვაო კანონმდებლობას; - სადავო საკითხებზე, რომლის დროსაც შეერთებული შტატები ერთ-ერთი მხარე იქნება; - სადავო საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვება ორ ან მეტ შტატს შორის; / - ერთ შტატსა და მეორე შტატის მოქალაქის შორის/ (შეიცვალა მეთერთმეტე შესწორებით)  სხვა და სხვა შტატის მოქალაქეებს შორის; _ ერთი და იგივე შტატის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სხვა შტატის მიერ ნაბოძებ მიწაზე აცხადებენ პრეტენზიას, და /ერთის მხრივ შტატსა, ან მის მოქალაქესა და მეორეს მხრივ უცხო სახელმწიფოს, მის მოქალაქეს ან ქვეშევრდომს შორის/(შეიცვალა მეთერთმეტე შესწორებით).
ყველა იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება ელჩების, სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლებისა და კონსულების მოქმედებას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე შტატი მოდავე მხარეა, უზენაეს სასამართლოს აქვს პირველი ინსტანციის უფლება, ყველა სხვა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს აქვს სააპელაციო იურისდიქცია, როგორც კანონებთან, ისე ფაქტებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევების გამოკლებით და იმ წესების შესაბამისად, რომლებსაც კონგრესი დაადგენს.
ყველა სახის დანაშაული იმპიჩმენტის გამოკლებით, უნდა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,28 ამასთან პროცესი უნდა შედგეს იმ შტატში, სადაც ჩადენილ იქნება ამგვარი დანაშაული; ხოლო თუკი დანაშაული არ იქნება ჩადენილი რომელიმე შტატის ფარგლებში, პროცესი გაიმართება იმ ადგილზე, ან ადგილებზე, რომელიც კონგრესს შეუძლია კანონით მიუთითოს.
ნაწილი 3. შეერთებული შტატების ღალატად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მის წინააღმდეგ ომის გაჩაღება, ან მის მტრებთან თანამშრომლობა, მათთვის დახმარების გაწევა და ხელშეწყობა. არავინ შეიძლება იყოს დადანაშაულებული სახელმწიფოს ღალატში, თუ არ არსებობს ორი თვითმხილველის ჩვენება ამგვარ საქციელზე, ან ადგილი არა აქვს დანაშაულის აღიარებას ღია სასამართლო პროცესზე.
კონგრესი უფლებამოსილია განსაზღვროს სასჯელის ზომა სახელმწიფო ღალატისათვის, მაგრამ განაჩენს არ უნდა მოჰყვეს მსჯავრდებულის ნათესავების დევნა29 და ქონების კონფისკაცია მისი სიკვდილის შემდეგ, ეს შესაძლებელია მხოლოდ მის სიცოცხლეში.

მუხლი IV
ნაწილი 1. თითოეულ შტატში სრული ნდობა და პატივისცემა უნდა მიაგონ ყოველი სხვა შტატის ოფიციალურ აქტებს, დოკუმენტებსა და სასამართლოს დადგენილებებს, ხოლო კონგრესს შეუძლია ზოგადი კანონებით დაადგინოს წესი, რომლის თანახმად უნდა მოხდეს ამ აქტების, დოკუმენტებისა და დადგენილებების ნამდვილობის დადასტურება და მათთვის იურიდიული ძალის მინიჭება.
ნაწილი 2. ყოველი შტატის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ყველა პრივილეგია და ხელშეუხებლობა, რომლებიც სხვა შტატების მოქალაქეებს გააჩნიათ.30 პირი, რომელსაც რომელიმე შტატში ბრალად ედება ღალატი, ბოროტმოქმედება ან სხვა სახის მძიმე დანაშაული და ის გაექცევა მართლმსაჯულებას და ნაპოვნი იქნება სხვა შტატში, იმ შტატის აღმასრულებელი ხელისუფალის მოთხოვნით, საიდანაც ის გაიქცა, უნდა ჩაბარდეს და გადაეცეს იმ შტატს, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება ამ დანაშაულზე.
/არცერთი პიროვნება,31 რომელიც მოცემულ შტატში მსახურობს ან მუშაობს და ამ შტატის კანონმდებლობას ექვემდებარება, სხვა შტატში გაქცევის შემთხვევაში არ უნდა იქნას გათავისუფლებული ამ სამსახურისა ან სამუშაოსაგან, თანახმად იმ მეორე შტატის კანონებისა და წესებისა, არამედ ის უნდა გადაეცეს მოთხოვნისთანავე იმ მხარეს, რომელსაც ერგება და ეკუთვნის ეს სამსახური ან სამუშაო/ (შეიცვალა მეცამეტე შესწორებით)
ნაწილი 3. კონგრესს შეუძლია ამ კავშირში მიიღოს ახალი შტატები, მაგრამ არც ერთ შტატს არა აქვს უფლება ჩამოყალიბდეს და შექმნას რომელიმე სხვა შტატის იურისდიქციის ქვეშ; არც რომელიმე შტატს აქვს უფლება ჩამოყალიბდეს ორი ან მეტი შტატის, ან შტატების ნაწილების შერწყმის გზით, თუკი ამის თაობაზე არ იქნება როგორც დაინტერესებული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე კონგრესის თანხმობა.
კონგრესი უფლებამოსილია განაგოს შეერთებული შტატების კუთვნილი ტერიტორია ან სხვა სახის საკუთრება და გამოსცეს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი წესი და მითითება, და არაფერი არ უნდა იყოს ამ კონსტიტუციაში განმარტებული შეერთებული შტატებისა ან რომელიმე ცალკეული შტატის კანონიერი მოთხოვნილებების საზიანოდ.
ნაწილი 4. შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს ამ კავშირში შემავალი ყოველი შტატისათვის მმართველობის რესპუბლიკური ფორმა, უნდა დაიცვას თითოეული მათგანი გარედან თავდასხმისაგან, აგრეთვე, საკანონმდებლო დაწესებულებისა ან აღმასრულებელი ხელისუფლების (როდესაც საკანონმდებლო დაწესებულების შეკრება არ ხერხდება) თხოვნის შემთხვევაში _ შინაგანი აშლილობისგანაც.

მუხლი V
თუკი თითოეული პალატის წევრთა ორი მესამედი ამას საჭიროდ ჩათვლის, კონგრასმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად, ან მან ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების ორი მესამედის მოთხოვნით უნდა მოიწვიოს კონვენტი შესწორებათა განსალხილველად, რომლებსაც, ორივე შემთხვევაში, არსებითად ძალა ექნება და განიხილება როგორც ამ კონსტიტუციის ნაწილი, როდესაც ისინი რატიფიცირებულ იქნება ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების სამი მეოთხედის მიერ, ან კონვენტზე შეკრებილთა სამი მეოთხედის მიერ, რატიფიკაციის როგორც ერთი, ისე მეორე წესის შეთავაზება კონგრესს შეუძლია; ოღონდ იმ პირობით, რომ არცერთი შესწორება, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ათას რვაას რვა წლამდე, არ შევა ძალაში, თუ ის შეეხება პირველი მუხლის მეცხრე ნაწილის პირველ და მეოთხე აბზაცებს, აგრეთვე იმ პირობით, რომ არცერთ შტატს არ უნდა წაერთვას, მისი თანხმობის გარეშე, სენატში თანასწორი ხმის უფლება.

მუხლი VI
შეერთებული შტატების ყველა სახელმწიფო ვალი და მასზე დაკისრებული მოვალეობა, რომელიც არსებობს ამ კონსტიტუციის მიღების წინ, ისევე ძალაში იქნება ამ კონსტიტუციის მოქმედების დროს, როგორც ეს იყო კონფედერაციის პერიოდში.
ეს კონსტიტუცია, აგრეთვე შეერთებული შტატების კანონები, რომლებიც მომავალში შეიქმნება და მას მოსდევს; აგრეთვე ყველა ხელშეკრულება, რომელიც უკვე დაიდო, ან მომავალში დაიდება შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, არის ქვეყნის უზენაესი კანონი;32 და მოსამართლეები ყველა შტატში მას უნდა დაემორჩილნონ, იმ შემთხვევაშიც, თუკი იქნება წინააღმდეგობა ამ კონსტიტუციასა და რომელიმე შტატის კანონმდებლობას შორის.
ზემოთ ნახსენებმა სენატორებმა და წარმომადგენლებმა, აგრეთვე ცალკეული შტატების საკანონმდებლო დაწესებულებების წევრებმა, როგორც შეერთებული შტატების, ისე ცალკეული შტატების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირმა უნდა დადოს ფიცი ან საზეიმო დაპირება, რომ დაიცავს ამ კონსტიტუციას; ოღონდ არცერთი რელიგიისადმი ერთგულება არ შეიძლება ოდესმე იყოს განხილული როგორც პირობა შეერთებულ შტატებში რაიმე თანამდებობის დაკავებისათვის.

მუხლი VII
ამ კონსტიტუციის დასაფუძნებლად საკმარისია ის რატიფიცირებულ იქნას ცხრა შტატის კონვენტის მიერ,33 რის შედეგაც იგი ძალაში შევა იმ შტატებისთვის, რომლებიც ამ წესის შესაბამისად დაამტკიცებენ მას.
მიღებულ იქნა კონვენტზე, დამსწრე შტატების ერთსულოვანი მხარდაჭერით, ჩვიდმეტ სექტემბერს, უფლისა ჩვენისა დაბადებიდან ათას შვიდას ოთხმოცდამეშვიდე და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მეთორმეტე წელს, რასაც ჩვენ ქვემოთ ხელისმოწერით ვადასტურებთ:
ჯორჯ ვაშინგტონი,პრეზიდენტი და დეპუტატი ვირჯინიის შტატიდან.
ნიუ - ჰემპშირი: ჯონ ლენგდონი, ნიკოლას გილმენი
მასაჩუზეტსი: ნათენიელ გორემი, რუფუს კინგი
კონექტიკუტი: უილიამ სემუელ ჯონსონი, როჯერ შერმანი
ნიუ-იორკი: ალექსანდერ ჰემილტონი
ნიუ-ჯერსი: უილიამ ლივინგსტონი, დეივიდ ბრერლი, უილიამ პეტერსონი, ჯონათან დეიტონი,
პენსილვენია: ბენჯამინ ფრანკლინი, თომას მიფლინი, რობერტ მორისი, ჯორჯ კლაიმერი, თომას ფიტსიმონსი, ჯერედ ინგერსოლი, ჯეიმს უილსონი, გუვერნერ მორისი
დელავეარი: ჯორჯ რიდი, განინგ ბედფორდ უმცროსი, ჯონ დიკინსონი, რიჩარდ ბესეტი, ჯეკობ ბრუმი
მერილენდი: ჯეიმს მაკჰენრი, დენიელ სტ. თ. ჯენიფერი, დენიელ კეროლი
ვირჯონია: ჯონ ბლეირი, ჯეიმს მედისონ უმცროსი
ჩრდილოეთ კაროლინა: უილიამ ბლაუნტი, რიჩარდ დობს სპეიტი, ჰიუ უილიამსონი
სამხრეთ კაროლინა: ჯონ რუტლიჯი, ჩარლზ კოუტსვორთ პინკნი, ჩარლზ პინკნი, პირს ბატლერი
ჯორჯია: უილიამ ფიუ, ებრეჰემ ბოლდუინი
ვადასტურებ: უილიამ ჯეკსონი, მდივანი

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესწორებები და დამატებები
1787 წლიდან დღემდე კონსტიტუციის თავდაპირველი ტექსტის მეხუთე თავის შესაბამისად კონგრესის მიერ წარმოდგენილ იქნა და ცალკეული შტატების მიერ რატიფიცირებულ იქნა ოცდაშვიდი შესწორება.
I შესწორება34
კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არცერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას,35 ან ხელს შეუშლის მის თავისუფალ აღმსარებლობას, რომელიც აღკვეთს სიტყვისა ან პრესის თავისუფლებას; ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
II შესწორება
რადგან თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია კარგად გაწვრთნილი მილიცია, არ უნდა შეიზღუდოს ხალხის უფლება, შეინახოს და ატაროს იარაღი. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
III შესწორება
არცერთ ჯარისკაცს არა აქვს უფლება, მშვიდობიანობის პერიოდში, დამკვიდრდეს რომელიმე სახლში მისი პატრონის თანხმობის გარეშე,36 იგივე ეხება ომიანიბის პერიოდს, თუ ეს არ მოხდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
IV შესწორება
არ უნდა შეილახოს უმიზეზო ჩხრეკვითა და დაპატიმრებით ადამიანის უფლება მისი პიროვნების, საცხოვრებლის, ქაღალდებისა და ქონების ხელშეუხებლობაზე და არცერთი ორდერი არ შეიძლება გაიცეს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს ფიცით ან საზეიმო დაპირებით, აგრეთვე ამას თან უნდა ახლდეს იმ ადგილების, პიროვნებებისა და საგნების დეტალური აღწერილობა, რომლებიც ჩხრეკასა და დაპატიმრებას ექვემდებარებიან. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
V შესწორება
არავის მოეთხოვება პასუხი მძიმე ან სხვა სახის სამარცხვინო დანაშაულისათვის, სანამ მას არ წარუდგენს ბრალდებას და არ გამოიტანს
საბრალდებო დასკვნას ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა საქმე შეეხება ომიანობის პერიოდში, ან სახელმწიფოსათვის საშიშ სხვა ვითარებაში, სახმელეთო ან საზღვაო შეიარაღებულ ძალებში ან მილიციაში მოქმედ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს; არც ვინმემ შეიძლება აგოს პასუხი, სიცოცხლისა და სხეულის ცალკეული ნაწილის დაკარგვით, ორგზის ერთი და იგივე დანაშაულისათვის; არც არავინაა მოვალე რაიმე კრიმინალურ შემთხვევაში თავის თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, არც ვინმეს შეიძლება წაერთვას სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე,37 არც არავის შეიძლება ჩამოერთვას სახელმწიფოებრივი სარგებლობისთვის კერძო საკუთრება, სათანადო კომპენსაციის გარეშე. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
VI შესწორება
სისხლის სამართლის წესით დევნისას, ყველა კრიმინალურ შემთხვევაში, ბრალდებულს შეუძლია ისარგებლოს უფლებით, რათა მის საქმესთან დაკავშირებით შედგეს სასწრაფო და საჯარო პროცესი, მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. პროცესი უნდა შედგეს იმ შტატსა და ოლქში, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაული, ოლქს წინასწარ კანონი დაადგენს, გარდა ამისა, ბრალდებული ინფორმირებული უნდა იყოს ბრალდების ხასიათისა და მოტივების შესახებ; მას აქვს უფლება მოითხოვოს იმ მოწმეებთან დაპირისპირება, რომლებიც მის საწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან, აგრეთვე მოითხოვოს პროცესზე იმ მოწმეების იძულებით გამოძახება, რომლებიც მის სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებებს და აიყვანოს ადვოკატი თავის დასაცავად. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
VII შესწორება
საერთო სამართლის ფარგლებში დაცულია ადამიანის უფლება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, თუკი სადავო საკითხის ღირებულება აღემატება ოც დოლარს და არც ერთი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, არ შეიძლება სხვაგვარად იყოს გადასინჯული შეერთებული შტატების რომელიმე სასამართლოში, თუ არა საერთო სამართლის ნორმების შესაბამისად. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
VIII შესწორება
არ შეიძლება მეტისმეტად დიდი გირაოს და ჯარიმის დაწესება, აგრეთვე, სასტიკი და უჩვეულო სასჯელის დადება. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
IX შესწორება
კონსტიტუციაში განსაზღვრულ უფლებათა ჩამოთვლა არ უნდა განიმარტებოდეს, როგორც უარყოფა და უგულებელყოფა სხვა უფლებებისა, რომლებიც ხალხს გააჩნია. (რატიფიცირებულია 1791წ. დეკემბერში)
X შესწორება
უფლებამოსილებანი, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით არ გადაეცემა შეერთებულ შტატებს და არც შტატებს ეკრძალებათ, ენიჭებათ შტატებს ცალ-ცალკე ან მათ მოსახლეობას. (რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)
XI შესწორება
არ უნდა იქნას განმარტებული ისე, რომ შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლება იმ საქმეებზე, რომლებიც, კანონის ან სამართლიანობის შესაბამისად აღძრულ იქნება ერთ-ერთი შტატის მიმართ მეორე შტატის მოქალაქის მიერ, ან რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ქვეშევრდომის მიერ. (რატიფიცირებულია 1795 წლის თებერვალში)
XII შესწორება
ამომრჩევლები უნდა შეიკრიბონ თავიანთ შტატებში და კენჭი უყარონ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს მათი შტატის მკვიდრი; მათ უნდა დაასახელონ თავიანთ ბიულეტენებში პიროვნება, რომელსაც ხმა მისცეს როგორც პრეზიდენტს, ხოლო - ცალკე ბიულეტენებში პიროვნება, რომელსაც ხმა მისცეს როგორც ვიცე-პრეზიდენტს, შემდეგ მათ უნდა შეადგინონ ცალ-ცალკე სიები ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმები მიიღო როგორც პრეზიდენტმა და ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმები მიიღო როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, და იქვე მოუთითონ, თუ რა რაოდენობის ხმები დააგროვა თითოეულმა მათგანმა. ეს სიები მათ მიერ ხელმოწერილ და დამტკიცებულ უნდა იქნას და გადაიგზავნოს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელში, სადაც ისინი პირადად სენატის თავმჯდომარეს უნდა ჩაბარდეს - სენატის თავმჯდომარემ, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თანდასწრებით, უნდა გახსნას ყველა წერილობითი მოწმობა, რის შემდეგ უნდა მოხდეს ხმების დათვლა; - პიროვნება, რომელსაც როგორც პრეზიდენტს ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება პრეზიდენტი, თუ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა უმრავლესობას შეადგენს; ხოლო, თუ ვერავინ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ წარმომადგენელთა პალატამ იმ პიროვნებათაგან, რომლებმაც საპრეზიდენტო სიაში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვეს, ამ პიროვნებათა რიცხვი სამს არ უნდა აღემატებოდეს, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიოს, კენჭისყრის გზით, პრეზიდენტი. მაგრამ პრეზიდენტის არჩევისას ხმის უფლება უნდა მიეკუთვნოთ შტატებს, ამასთან თითოეული შტატის წარმომადგენლობას უნდა ჰქონდეს ერთი ხმა, ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს შტატების რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება შტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა
/ხოლო თუ წარმომადგენელთა პალატა არ აირჩევს პრეზიდენტს, როდესაც არჩევის უფლება მას ექნება გადაბარებული, მაშინ მომდევნო მარტის თვის მეოთხე დღემდე პრეზიდენტის მოვალეობას ისევე, როგორც პრეზიდენტის სიკვდილის ან მისი სხვა კონსტიტუციური უუნარობის შემთხვევებში, შეასრულებს ვიცეპრეზიდენტი./ (შეიცვალა მეოცე შესწორების მესამე ნაწილით) პიროვნება, რომელსაც,როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება ვიცე-პრეზიდენტი, თუ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას შეადგენს, ხოლო თუ ვერავინ ვერ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ სენატმა სიაში ხმების რაოდენობით პირველი ორი პიროვნებისგან უნდა აირჩიოს ვიცე-პრეზიდენტი; ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს სენატორთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება სენატორთა საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მაგრამ არავინ შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ვინც კონსტიტუციურად შეუფერებელია პრეზიდენტის თანამდებობისათვის (რატიფიცირებულია 1804 წლის ივნისში)
XIII შესწორება38
ნაწილი 1. შეერთებული შტატების ფარგლებში, ან სხვა ასეთ ადგილას, სადაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, არ უნდა არსებობდეს არც მონობა და არც იძულებითი შრომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება სასჯელს ჩადენილი დანაშაულისათვის, რომელიც დამსახურებისამებრ უნდა მიეზღოს დამნაშავეს.
ნაწილი 2. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი. (რატიფიცირებულია 1865 წლის დეკემბერში)
XIV შესწორება
ნაწილი 1. ყველა პიროვნება, რომელიც დაბადებულია ან ნატურალიზებულია შეერთებულ შტატებში და იყოფება მისი იურისდიქციის ქვეშ, არის მოქალაქე შეერთებული შტატებისა და იმ შტატისა, რომელშიც ის ცხოვრობს, არც ერთ შტატს არ შეუძლია მიიღოს ან ცხოვრებაში გაატაროს ისეთი კანონი, რომელიც შელახავს შეერთებული შტატების მოქალაქეების პრივილეგირებულ უფლებებსა და ხელშეუხებლობას; არც რომელიმე შტატს აქვს უფლება წაართვას ვინმეს სიცოცხლე, თავისუფლება ან საკუთრება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე, არც ვინმეს შეიძლება ეთქვას უარი, მისი იურისდიქციის ფარგლებში, იყოს კანონის მიერ თანაბრად დაცული.
ნაწილი 2. წარმომადგენლები უნდა განაწილდნენ ცალკეულ შტატებზე, მათი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, იგულისხმება თითოეულ შტატში მცხოვრებ ადამიანთა საერთო რაოდენობა, ინდიელთა ჩაუთვლელად, რომლებსაც გადასახადები არ ეკისრებათ. მაგრამ თუკი რომელიმე შტატში რომელიმე არჩევნებზე, იქნება ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის ამომრჩევლების, წარმომადგენლებისა კონგრესში, შტატის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების, ან მისი საკანონმდებლო დაწესებულების წევრების არჩევნები, მამრობითი სქესის მცხოვრებლებს წაერთმევათ ხმის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოცდაერთი წლისანი და შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, ან რაიმე გზით შეეზღუდებათ ეს უფლება, გამონაკლისს წარმოადგენს აჯანყებაში მონაწილეობა ან სხვა სახის დანაშაული, ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობის ნორმა უნდა შემცირდეს პროპორციამდე, რომელიც არსებობს ასეთი მამრობითი სქესის მოქალაქეების რიცხვსა და მოცემული შტატის ოცდაერთ წელს მიღწეული მამრობითი სქესის მოქალაქეთა საერთო რაოდენობას შორის.
ნაწილი 3. არავინ შეიძლება იყოს სენატორი ან წარმომადგენელი, ან პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ამომრჩეველი, ან ეკავოს შეერთებულ შტატებში ან რომელიმე შტატში რაიმე სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობა, ვინც დადებს წინასწარ ფიცს, როგორც კონგრესის წევრი, ან როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო თანამდებობის პირი, ან როგორც რომელიმე შტატის საკანონმდებლო დაწესებულების წევრი, ან როგორც რომელიმე შტატის აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ დაიცავს შეერთებული შტატების კონსტიტუციას, და შემდგომში მონაწილეობას მიიღებს აჯანყებაში ან ამბოხში შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ან დახმარებას აღმოუჩენს ან შეიფარებს მის მტრებს, ხოლო კონგრესს შეუძლია თითოეული პალატის წევრთა ხმების ორი მესამედის უპირატესობით გააუქმოს ეს აკრძალვა.
ნაწილი 4. არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს შეერთებული შტატების კანონით ნებადართული სახელმწიფო ვალების უტყუარობა, იმ ვალების ჩათვლით, რომლებიც აღებულია პენსიებისა და პრემიების გადახდის მიზნით - აჯანყებისა და ამბოხების ჩაქრობის საქმეში სამსახურის საფასურად. მაგრამ არც შეერთებულმა შტატებმა და არც რომელიმე შტატმა არ უნდა აიღოს ან გადაიხადოს რაიმე ვალი შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისა თუ ამბოხების ხელშეწყობის საფასურად, ან რაიმე მოთხოვნის - მონის დაკარგვისა ან გათავისუფლების გამო - საპასუხოდ; არამედ ყველა ასეთი ვალი თუ მოთხოვნა უნდა გამოცხადდეს უკანონოდ და ბათილად.
ნაწილი 5. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები. (რატიფიცირებულია 1868 წლის ივლისში)
XV შესწორება
ნაწილი 1. არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს ხმის მიცემის უფლება მისი რასის, კანის ფერის ან ადრე მონურ მდგომარეობაში ყოფნის გამო.
ნაწილი 2. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი. (რატიფიცირებულია 1870 წლის თებერვალში)
XVI შესწორება
კონგრსი უფლებამოსილია, ცალკეულ შტატებზე გაუნაწილებლად და ყოველგვარი აღწერის გარეშე დაიწესოს და აკრიფოს გადასახადები ნებისმიერ შემოსავალზე, რა წყაროებითაც არ უნდა იყოს ის მოპოვებული. (რატიფიცირებულია 1913 წლის თებერვალში)
XVII შესწორება
შეერთებული შტატების სენატი შედგება ორ-ორი სენატორისაგან თითოეული შტატიდან, რომლებსაც ირჩევს ექვსი წლის ვადით ამ შტატების მოსახლეობა, ყოველ სენატორს აქვს ერთი ხმა. ამომრჩევლებს თითოეულ შტატში უნდა ჰქონდეთ ისეთი საარჩევნო ცენზი, როგორიც მოეთხოვებათ შტატის საკანონმდებლო დაწესებულების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოების ამომრჩევლებს. რომელიმე შტატიდან სენატორის ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში, ამ შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება, გათავისუფლებული ადგილის შესავსებად, გამოსცემს ბრძანებას არჩევნების დანიშვნის შესახებ, იმ პირობით, რომ მოცემული შტატის საკანონმდებლო დაწესებულება ნებას დართავს მის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მან განახორციელოს დროებითი დანიშვნები მანამდე, სანამ საკანონმდებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის თანახმად ხალხი თვითონ არ შეავსებს გათავისუფლებულ ადგილებს.
ეს შესწორება არ უნდა იქნას განმარტებული ისე, რომ ის შეეხება რომელიმე სენატორის არჩევას ან მისი უფლებამოსილების ვადას, სანამ ის გახდებოდეს კონსტიტუციის სრულუფლებიანი ნაწილი. (რატიფიცირებულია 1913 წლის აპრილში)
XVIII შესწორება39
ნაწილი 1. წინამდებარე მუხლის რატიფიცირებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ შესწორებით შეერთებულ შტატებში და ყველა ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, იკრძალება ალკოჰოლური სასმელების წარმოება, გასაღება და გადაზიდვა, აგრეთვე მათი იმპორტირება ან ექსპორტირება.
ნაწილი 2. კონგრესს და ცალკეულ შტატებს აქვთ თანაბარი უფლებამოსილება, რათა მათ სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატარონ ეს მუხლი.
ნაწილი 3. ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ როგორც კონსტიტუციის შესწორება, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, შვიდი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც კონგრესი წარუდგენს მას განსახილველად შტატებს (გაუქმებულია ოცდამეერთე შესწორებით) (რატიფიცირებულია 1919 წლის იანვარში)
XIX შესწორება
არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეზღუდოს ხმის მიცემის უფლება მისი სქესის გამო.
კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი. (რატიფიცირებულია 1920 წლის აგვისტოში)
XX შესწორება
ნაწილი 1. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა უნდა გასრულდეს იანვრის მე-20 დღეს, შუადღისას, ხოლო სენატორებისა და წარმომადგენლების უფლებამოსილებების ვადა - იანვრის მე-3 დღეს, შუადღისას, წლები უნდა განისაზღვროს იმის შესაბამისად, თუ როდის გავიდოდა მათი უფლებამოსილებების ვადა, იმ შემთხვევაში თუ ეს მუხლი არ იქნება რატიფიცირებული; ხოლო ამის შემდეგ უნდა ძალაში შევიდეს მათი მემკვიდრეების უფლებამოსილების ვადები.
ნაწილი 2. კონგრესი უნდა შეიკრიბოს სულ მცირე ერთხელ ყოველ წელიწადში და ასეთი შეკრება უნდა დაიწყოს იანვრის მესამე დღეს, შუადღისას, თუკი კონგრესის მიერ, კანონის ძალით, დანიშნული არ იქნება რომელიმე სხვა დღე.
ნაწილი 3. თუ დანიშნული დღისათვის, როდესაც უნდა დაიწყოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, არჩეული პრეზიდენტი მოკვდება, მაშინ პრეზიდენტი უნდა გახდეს არჩეული ვიცე-პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი არ იქნება არჩეული დანიშნული დროისათვის, როდესაც უნდა დაიწყოს მისი უფლებამოსილების ვადა, ან თუ არჩეული პრეზიდენტი ვერ ასრულებს საკვალიფიკაციო პირობების შესრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერც არჩეული პრეზიდენტი და ვერც არჩეული ვიცეპრეზიდენტი ვერ ასრულებენ საკვალიფიკაციო პირობებს, მაშინ კონგრესს შეუძლია კანონის საშუალებით მიიღოს ზომები, კერძოდ, გამოაცხადოს, თუ ვინ უნდა შეასრულოს ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობა, ან დაადგინოს, თუ როგორი წესით უნდა იქნას არჩეული ასეთი პირი, ხოლო მან ეს მოვალეობა უნდა შეასრულოს შესაბამისად პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ საკვალიფიკაციო პირობების შესრულებამდე.
ნაწილი 4. კონგრესს შეუძლია კანონის საშუალებით მიიღოს ზომები იმ შემთხვევებში, თუ რომელიმე იმ პირთაგან, რომლებისგანაც წარმომადგენელთა პალატამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, მოკვდება (იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა არჩევის უფლება), აგრეთვე - თუ რომელიმე იმ პირთაგან, რომლებისგანაც სენატში უნდა აირჩიოს ვიცე-პრეზიდენტი, მოკვდება (იმ შემთხვევაში, როდესაც სენატს გადაეცემა არჩევის უფლება).
ნაწილი 5. 1-ლი და მე-2 ნაწილები ძალაში უნდა შევიდეს მათი რატიფიკაციის შემდგომ, ოქტომბრის თვის 15 რიცხვში.
ნაწილი 6. ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, სამი მეოთხედის უმრავლესობით, როგორც კონსტიტუციის შესწორება, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ მისი წარდგენის დღიდან შვიდი წლის განმავლობაში. (რატიფიცირებულია 1933 წლის იანვარში).
XXI შესწორება
ნაწილი 1. ამ შესწორებით უქმდება შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესწორებათა მეთვრამეტე მუხლი.
ნაწილი 2. ამ შესწორებით იკრძალება რომელიმე შტატში, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ან მის სამფლობელოებში სპირტიანი სასმელების გადაზიდვა ან შემოტანა, მათი მოხმარების მიზნით, თუ ასეთი ქმედება არღვევს ადგილობრივ კანონებს.
ნაწილი 3. ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების კონვენტების მიერ როგორც კონსტიტუციის შესწორება,  როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ შვიდი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც კონგრესი წარუდგენს მას განსახილველად შტატებს, (რატიფიცირებულია 1933 წლის დეკემბერში)
XXII შესწორება
ნაწილი 1. არავინ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე ორზე მეტჯერ, და არვინ შეიძლება იყოს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთზე მეტჯერ, ვისაც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა, ან ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას სხვა პრეზიდენტად არჩეული პიროვნების უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ ეს მუხლი არ შეეხება რომელიმე პიროვნებას, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობა უკავია კონგრესის მიერ მისი წარდგინების დროს და იმ დროის განმავლობაში, სანამ ეს მუხლი ძალაში შევიდოდეს, ის ხელს არ შეუშლის რომელიმე პიროვნებას, რომელსაც შეუძლია დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა, ან შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა ვადის გასრულებამდე დარჩენილი დროის განმავლობაში.
ნაწილი 2. ეს მუხლი ძალაში არ შევა მანამდე, ვიდრე ის არ იქნება რატიფიცირებული ცალკეული შტატების საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, სამი მეოთხედის უმრავლესობით, როგორც კონსტიტუციის შესწორება, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ შვიდი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც კონგრესი წარუდგენს მას განსახილველად შტატებს. (რატიფიცირებულია 1951 წლის თებერვალში)
XXIII შესწორება
ნაწილი 1. ოლქმა, რომელიც წარმოადგენს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელს, იმ წესით, რომელსაც კონგრესი მიუთითებს, უნდა დანიშნოს: პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის ამომრჩევლები, რომელთა რაოდენობა უნდა უდრიდეს კონგრესში სენატორთა და წარმომადგენელთა საერთო რაოდენობას, რომლის ყოლის უფლება ექნებოდა ოლქს ის რომ შტატი ყოფილიყო, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლითაც იქნება წარმოდგენილი მოსახლეობით ყველაზე მცირერიცხოვანი შტატი; ისინი დაემატებიან დანარჩენ ამომრჩევლებს, რომლებსაც შტატები დანიშნავენ, მაგრამ ისინიც, პრეზიდენტისა და ვიცე პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე უნდა განიხილებოდნენ როგორც შტატის მიერ დანიშნული ამომრჩევლები; ხოლო ისინი უნდა შეიკრიბონ თავიანთ ოლქში და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ისევე, როგორც ამას შესწორებათა მეთორმეტე მუხლი ითვალისწინებს.
ნაწილი 2. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი. (რატიფიცირებულია 1961 წლის მარტში)
XXIV შესწორება
ნაწილი 1. არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს ხმის მიცემის უფლება, რომელიმე პირველად ან სხვა სახის არჩევნებში, - იქნება ეს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ამომრჩევლების, თუ კონგრესში სენატორების ან წარმომადგენლების არჩევნები - მის მიერ საარჩევნო გადასახადის ან სხვა რომელიმე გადასახადის შეუძლებლობის გამო.
ნაწილი 2. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი. (რატიფიცირებულია 1964 წლის იანვარში)
XXV შესწორება
ნაწილი 1. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, მისი სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში პრეზიდენტის თანამდებობა უნდა დაიკავოს ვიცეპრეზიდენტმა.
ნაწილი 2. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გათავისუფლების შემთხვევაში, პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ახალი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც თავის თანამდებობას დაიკავებს კონგრესის ორივე პალატის წევრების ხმათა უმრავლესობით დამტკიცების შემდეგ.
ნაწილი 3. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გაუგზავნის თავის წერილობით დეკლარაციას, რითაც ის ამცნობს მათ, რომ არ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებები და მოვალეობები, და მანამდე, ვიდრე ის არ გაუგზავნის მათ წერილობით დეკლარაციას, რითაც ის ამცნობს საწინააღმდეგოს, ეს უფლებები და მოვალეობები უნდა გადაეცეს ვიცე-პრეზიდენტს, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.
ნაწილი 4. იმ შემთხვევაში, თუკი ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დეპარტამენტებისა და კონგრესის მიერ კანონით გათვალისწინებული სხვა ამგვარი სტრუქტურების ხელმძღვანელების უმრავლესობა გაუგზავნიან სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს თავიანთ წერილობით დეკლარაციას, რითაც ისინი ამცნობენ მათ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს მისი უფლებები და მოვალეობები, ვიცე-პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა ჩაიბაროს ეს უფლებები და მოვალეობები, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
ხოლო შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს გაუგზავნის თავის წერილობით დეკლარაციას, რითაც ის ამცნობს მათ, რომ მას შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებები და მოვალეობები, იგი დაუბრუნდება თავის თანამდებობას, თუ ვიცე-პრეზიდენტმა და აღმასრულებელი დეპარტამენტებისა და კონგრესის მიერ კანონით გათვალისწინებული სხვა ამგვარი სტრუქტურების ხელმძღვანელების უმრავლესობამ ოთხი დღის განმავლობაში არ გაუგზავნეს სენატის თავმჯდომარეს pro tempore და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს თავიანთი წერილობითი დეკლარაცია, რითაც ისინი ამცნობენ მათ, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, თუ ეს მოხდა, მაშინ საკითხი კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, იგი უნდა შეიკრიბოს იმ მიზნისათვის ორმოცდარვა საათის განმავლობაში, თუ ეს სესიის მსვლელობის დროს არ მოხდა, თუ კონგრესი წერილობითი დეკლარაციის მიღებიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში, ან იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ მართავს თავის სესიას და ოცდაერთი დღის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მას სთხოვეს შეკრებილიყო, განსაზღვრავს ორივე პალატის წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლებები და მოვალეობები, მათი აღსრულება უნდა გააგრძელოს ვიცე-პრეზიდენტმა, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა; ყველა სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი დაიბრუნებს თავის უფლებებს და მოვალეობებს. (რატიფიცირებულია 1967 წლის თებერვალში)
XXVI შესწორება
ნაწილი 1. არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა თვრამეტი წელი, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს ხმის მიცემის უფლება მისი ასაკის გამო.
ნაწილი 2. კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი. (რატიფიცირებულია 1971 წლის ივლისში)
XXVII შესწორება
არცერთი კანინი, რომელიც შეცვლის სენატორთა და წარმომადგენელთა გასამრჯელოს, განკუთვნილს მათი სამსახურისათვის, არ შევა ძალაში, ვიდრე არ შედგება წარმომადგენელთა არჩევნები (რატიფიცირებულია 1992 წლის მაისში).

კომენტარები
1. „უფრო სრულყოფილი კავშირი...“ - ანუ, სრულყოფილი იმ კავშირთან შედარებით, რომელიც „კონფედერაციის მუხლების“ ქვეშ არსებიბდა. საქმე ის არის, რომ ეს კონსტიტუცია არ წარმოადგენს შეერთებული შტატების პირველ კონსტიტუციას. ასეთი იყო ზემოთ ნახსენები „კონფედერაციის მუხლები“, რომელიც შეიქმნა 1778 წ. შეერთებული შტატები იმ პირველი კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენდა კონფედერაციას, ერთობ სუსტი ცენტრალური ხელისუფლებით, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა ცალკეულ შტატებს როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხების გადაწყვეტაში. სწორედ ამ პრობლემებმა მიიყვანა შტატები ფილადელფიის კონვენტამდე და ახალ კონსტიტუციამდე.
2. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ორი პალატისაგან შედგება, არის შედეგი ე. წ. „დიდი კომპრომისისა“, რომელიც მიღწეულ იქნა ფილადელფიის კონვენტზე. საქმე ის არის, რომ შტატებს, რომლებშიც მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობდა, სურდათ, რომ კონგრესში წარმომადგენლობა ყოფილიყო პროპორციული პრინციპით, ანუ მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად რაც ეწინააღმდეგებოდა იმ შტატების ინტერესებს, რომლებშიც მოსახლეობის შედარებით მცირე რაოდენობა იყო. ამ უკანასკნელთ ეშინოდათ, რომ დიდი შტატები ხმათა უმრავლესობის მეშვეობით შელახავდნენ მათ უფლებებს, ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ, რომ წარმომადგენლობა ყოფილიყო თანასწორობის პრინციპით, ანუ თითოეულ შტატს კონგრესში, განურჩევლად მისი მოსახლეობის რაოდენობისა, თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები ჰყოლოდა, კომპრომისის შედეგად გადაწყდა, რომ წარმომადგენელთა პალატა დაკომპლექტებულიყო პროპორციული პრინციპით (დიდი შტატების ინტერესების შესაბამისად), ხოლო სენატი - თანასწორობის პრინციპით (მცირე შტატების ინტერესების შესაბამისად).
3. აქ იგულისხმებიან მონები, რომლებიც განიხილებოდნენ, როგორც თავისუფალი პიროვნების სამი მეხუთედი ნაწილი. ეს პუნქტი წარმოადგენს ე. წ. „სამი მეხუთედის კომპრომისს“. სამხრეთი შტატები მოითხოვდნენ, რომ მონები მოქცეულიყვნენ მოსახლეობის იმ რაოდენობაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრთა რიცხვის დასადგენად უნდა განსაზღვრულიყო. ჩრდილოეთი შტატები ამის წინააღმდეგნი იყვნენ, დებატების შედეგად მიღწეულ იქნა სწორედ ასეთი კომპრომისი.
4. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში 435 წევრია.
5. იქ და ყველგან, სადაც შეგხვდებათ ტერმინი „აღმასრულებელი ხელისუფლება“ იგულისხმება შტატის გუბერნატორი.
6. სპიკერი (ინგ. Speaker) - სიტყვასიტყვით - „მოლაპარაკე“, „ორატორი“. უნდა ითარგმნოს როგორც - „თავმჯდომარე“, ნასესხებია ინგლისური ტრადიციებიდან: თემთა პალატის სპიკერი.
7. იმპიჩმენტი - (ინგ. impeachment) - ბრალდება, მომდინარეობს ზმნიდან to impeach - ბრალდების წაყენება.
8. pro tempore (ლათ.) დროებითი.
9. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ორჯერ დაფიქსირდა იმპიჩმენტის შემთხვევა: 1868 წ. სენატმა განიხილა იმპიჩმენტი პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის მიმართ, თუმცა ის გამართლებულ იქნა 1974 წ. იმპიჩმენტის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, მაგრამ ის გადადგა, რის გამოც იმპიჩმენტი არ შედგა.
10. მძიმე დანაშაული (ინგ. felony) - სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წელზე მეტი ხნის ვადით.
11. ამას ეწოდება პრეზიდენტის ვეტო (ლათ. veto - ვკრძალავ).
12. საკაპერო მოწმობა - ლიცენზია, რომელსაც გასცემს მთავრობა ომის დროს კერძო გემების მფლობელებს, რათა მათ დააკავონ მოწინააღმდეგე მხარის გემები.
13. რეპრესალიები - საერთაშორისო სამართლის მიხედვით სანქციები, რომლებსაც მიმართავს ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს მიმართ, ამ უკანასკნელის არამართლზომიერი მოქმედების საპასუხოდ.
14. მილიცია (ლათ. milicia) - სახალხო ლაშქარი, ეროვნული გვარდია.
15. შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელია ქალაქი ვაშინგტონი, რომელიც მდებარეობს კოლუმბიის ოლქის (District of Columbia) ტერიტორიაზე.
16. ამ პუნქტს უწოდებენ „ელასტიკურ პუნქტს“. ერთი შეხედვით ისე ჩანს,
თითქოს ის საშუალებას აძლევს კონგრესს გადაამეტოს თავისი ძალაუფლება, დაარღვიოს მკაცრი რეგლამენტაციის პრინციპი და გაცდეს იმ ჩარჩოებს, რომლებიც ზემოთ, ე. წ. „უფლებამოსილებათა ნუსხით“ არის დადგენილი. მაგრამ რეალურად ეს ასე არ ხდება: ყოველივე ამას ხელს უშლის პრეზიდენტის ვეტოს უფლება და უზენაესი სასამართლოს უფლება, შეასრულოს კონსტიტუციური ზედამხედველობის ფუნქცია.
17. იგულისხმებიან მონები.
18. მითითებული ვადაც კიდევ ერთი კომპრომისის შედეგად იქნა დადგენილი.
19. habeas corpus (ლათ.) - სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შენ გაქვს სხეული“. ამ სიტყვებით იწყება კანონი პიროვნების ხელშეუხებლობის შესახებ, რომელიც მიიღო ინგლისის პარლამენტმა 1679 წელს. ამ კანონის თანახმად დაპატიმრებული პირი, განსაზღვრული დროის ფარგლებში, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და თუ მას არ წაეყენება ბრალდება, ის დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ უნდა იქნას პატიმრობიდან.
20. Bill of Attainder (ინგ.) - კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის დამნაშავის დასჯას სასამართლოს გარეშე.
21. ex post facto (ლათ.) - სიტყვასიტყვით ნიშნავს: „მომხდარი ფაქტიდან
გამომდინარე“, კანონი, რომელიც დანაშაულად აცხადებს ქმედებას, რომელიც იმ დროისათვის, როდესაც ის შესრულებულ იქნა არ წარმოადგენდა დანაშაულს. სხვაგვარად - კანონი, რომელსაც უკუქმედების ძალა აქვს.
22. ამომრჩეველი (ორიგინალში elector) - ინგლისურში, ისევე როგორც ქართულში, არ არის განსხვავება ტერმინებს „выборщик“ და „избирателъ“-ს შორის, ამ შემთხვევაში კი უნდა ვიგულისხმოთ „выборщик“ -ი.
23. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით აქვს მოპოვებული.
24. კანონის მიხედვით, რიგით მომდევნო თანამდებობის პირი არის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მის შემდეგ - სენატის თავმჯდომარე pro tempore, ხოლო შე მდეგ - პრეზიდენტის კაბინეტის წევრები, მათი დეპარტამენტის დაარსების ქრონოლოგიის მიხედვით.
25. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის კაბინეტს და მის მრჩეველთა ინსტიტუტს, მაგრამ ამ დებულებაზეა დაფუძნებული პრეზიდენტის კაბინეტის იდეა, ამჟამად კაბინეტი შედგება თოთხმეტი წევრისაგან, რომელთაც მდივნები (secretary) ეწოდებათ, ხოლო ჩვენი გაგებით ისინი მინისტრები არიან:
1. სახელმწიფო მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი)
2. ხაზინის მდივანი (ფინანსთა მინისტრი)
3. თავდაცვის მდივანი
4. გენერალური პროკურორი (იმავე დროს იუსტიციის მინისტრი)
5. შინაგან საქმეთა მდივანი
6. სოფლის მეურნეობის მდივანი
7. სავაჭრო საქმეთა მდივანი
8. შრომის მდივანი
9. ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების მდივანი
10. მშენებლობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარების საქმეთა მდივანი
11. ტრანსპორტის მდივანი
12. ენერგეტიკის მდივანი
13. განათლების მდივანი
14. ვეტერანთა საქმეების მდივანი
26.მსუბუქი დანაშაული (ინგ. misdemeanor) - დანაშაული რომლის ჩადენისთვისაც კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
27. წინადადება: „...მოს ამართლეები თანამდებობებზე დარჩებიან მანამ, სანამ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებენ...” (ორიგინალში - during good behaviour) - ნიშნავს, რომ ისინი უვადოდ არიან დანიშნულნი - ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე, თუ რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა შეუწყობს მათ ხელს, ხოლო თუ ისინი თავის მოვალეობას „არაკეთილსინდისიერად“ შეასრულებენ, მაშინ მათ წინააღმდეგ ამუშავდება იმპიჩმენტის მექანიზმი. უზენაესი სასამართლო შედგება ცხრა წევრისაგან - მისი თავმჯდომარისა და რვა ასოცირებული წევრისაგან. მათ ნიშნავს პრეზიდენტი, სენატთან შეთანხმებით. საინტერესოა, თუ რატომ ინიშნებიან და არა ირჩევიან, მოსამართლეები. ერთი შეხედვით ეს უკიდურესად არადემოკრატიულად მოჩანს, მაგრამ კონსტიტუციის ავტორებს ამასთან დაკავშირებით პრინციპული და საკმაოდ არგუმენტირებული მოსაზრებები ჰქონდათ: ინიშნებიან იმიტომ, რომ ამით ისინი თავისუფლდებიან ყოველგვარი საარჩევნო კამპანიებისაგან, რომელიმე პარტიისადმი ერთგულებისგან და, მაშასადამე საერთოდ - პოლიტიკისაგან.
28. ნაფიცი მსაჯულები - ჩვეულებრივ 12 ან 23 კაცი, რომელთაც გარკვეული ვადით ირჩევს მოსახლეობა, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან მოსამართლისაგან თავიანთ გადაწყვეტილებაში - ცნონ ან არ ცნონ დამნაშავედ ესა თუ ის ბრალდებული.
29. ორიგინალში corruption of blood - შეხედულება, რომლის თანახმად დამნაშავის „ცუდი სისხლი“ ჩქეფს მისი ოჯახისა და შთამომავლობის ძარღვებში, ანუ ამ შეხედულების თანახმად, დამნაშავედ უნდა ჩაითვალოს კონკრეტული დამნაშავის მთელი საგვარეულო. სწორედ ამას კრძალავს კონსტიტუცია მოცემული მუხლით, რითაც იცავს დამნაშავის ოჯახს პასუხისმგებლობისაგან.
30. გამონაკლისს, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ხმის მიცემის უფლება, საამისოდ აუცილებელია, რომ ესა თუ ის პირი გახდეს მოცემული შტატის მოქალაქე, რასაც თავის მხრივ, გარკვეული რეგლამენტაცია ესაჭიროება.
31. იგულისხმებიან მონები.
32. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე შტატის კონსტიტუცია ან კანონი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების კონსტიტუციას, კანონებს და მის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს, ისინი არ შეიძლება ცხოვრებაში დამკვიდრდნენ. უზენაესი კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, იქნება კანონთა შემდეგი იერარქიული სისტემა:
1. შეერთებული შტატების კონსტიტუცია
2. შეერთებული შტატების კანონები და მის მიერ დადებული ხელშეკულებები
3. ცალკეული შტატების კონსტიტუციები
4. ცალკეული შტატების კანონები
33.მეცხრე შტატის მიერ კონსტიტუციის რატიფიცირება მოხდა 1788 წ. 21
ივნისს, თუმცა საბოლოოდ იგი ძალაში შევიდა 1789 წ. 4 მარტს.
34. კონსტიტუციის პირველი ათი შესწორება ცნობილია უფლებათა ბილის
სახელწოდებით. უფლებათა ბილი იმიტომ დაემატა კონსტიტუციას, რომ მის გარეშე ბევრი შტატი უარს აცხადებდა კონსტიტუციის რატიფიცირებაზე.
35. იგულისხმება რომელიმე რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
36. ინგლისური მმართვე ლობის ჟამს მოსახლეობა ხშირად იძულებული ხდებოდა გადაეტანა ეგზეკუციის სიმძიმეები, ამიტომ მათ სურდათ, რომ საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოში დაცულნი ყოფილიყვნენ სამხედრო მოსამსახურეთა თვითნებობისაგან.
37. ინგლისურად - due process of law - ეს არის უძველესი ინგლისური
სამართლებრივი ნორმა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ Magna Carta-დან იღებს. მისი იდეა ის არის, რომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება უსამართლოდ დასაჯოს ვინმე ან მიმართოს ვინმეს მიმართ უკანონო სანქციებს. არსებითად ეს იდეა საკუთრივ კონსტიტუციაშიც არის ჩადებული (თუმცა ამ ტერმინს იქ არ ვხვდებით). კერძოდ იმ პუნქტებში, სადაც ხელისუფლებას, როგორც ფედერალურს, ისე შტატებისას, ეკრძალება ისეთი კანონების მიღება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ვინმეს დასჯა სასამართლოს გარეშე, აგრეთვე ex post facto კანონის მიღება, გარდა ამისა, კონსტიტუციითვე ხელისუფლებას მოეთხოვება habeas corpus ნორმის შესრულება და ა. შ.
38. მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე შესწორებები კონსტიტუციაში შეტანილ იქნა სამოქალაქო ომის (1861-65წწ.) შედეგად, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალა მონობა შეერთებულ შტატებში, ამიტომ ამ შესწორებებს „სამოქალაქო ომის შესწორებები“ ეწოდება.
39. ამ შესწორებამ დააწესა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1919-1933 წწ. ე.წ. „მშრალი კანონი“.


Комментариев нет:

Отправить комментарий