воскресенье, 26 июля 2020 г.

კარლოს დიდის დიპლომატიური ურთიერთობა აღმოსავლეთთან (გ. კუტალია)

კარლოს დიდი (768-814) თავისი დროის უბადლო დიპლომატი იყო, სულ იმას ცდილობდა, რომ „თავისი სამეფო დიდება“ არამარტო ბრძოლებით, არამედ დიპლომატიის გზითაც გაეზარდა, მეგობრობასა და კავშირს ეძებდა არა მარტო ევროპის სახელმწიფოებთან, არამედ „ზღვისიქითა“ ქვეყნებთანაც, ეხმარებოდა სირიაში, ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, კართაგენში და სხვაგან მაცხოვრებელ ქრისტიანულ მოსახლეობას. კარლოსის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს მაინც იერუსალიმი და „წმინდა ადგილები“ წარმოადგენდა და ეს არ იყო შემთხვევითი. საქმე ის არის, რომ მოყოლებული კონსტანტინე დიდიდან (306-337) ყველა ბერძენი იმპერატორი რომის იმპერატორის გვირგვინთან ერთად იერუსალიმსა და მაცხოვრის საფლავზე მფარველობის პრეტენზიას აცხადებდა. მის მფარველობაზე პრეტენზია ფრანკთა მეფესაც გაუჩნდა და იწყო იერუსალიმის პატრიარქთან დიპლომატიური გზების ძებნა, უგზავნიდა მას ელჩებსა და მდიდრულ საჩუქრებს, რამაც სულ მალე გამოიღო შედეგი. 799 წელს, როგორც ერთი ფრანკი მემატიანე გადმოგვცემს, იერუსალიმის პატრიარქმა გიორგიმ ვინმე ბერის ხელით კარლოსს აახენში გამოუგზავნა „თავისი კურთხევა და რელიქვიები“.1

1. Annales Laurissenses, A. 799, A.800, A. 801, A. 802, A. 807. – Monumenta Germaniae Historica (MGH). Edidit G.H. Pertz, t. I, hannoverae, MDCCC – XXVIII, 186.
მადლიერი მეფე პატრიარქის მიერ გამოგზავნილ ბერს დიდი პატივით მოეპყრო, მისი თანდასწრებით „შობა უფლისა“ გადაიხადა და მრავალი საჩუქრით უკან გაისტუმრა, თან გააყოლა თავისი წარმომადგენელიც, ვინმე მღვდელი ზაქარია, რომელსაც დიპლომატიური მისია ეკისრებოდა. მას პატრიარქი უნდა დაერწმუნებინა, რომ კარლოსთან ურთიერთობას და მხარდაჭერას სასურველი შედეგი ექნებოდა ორივე მხარისთვის. ზაქარიას ჩაგონებამ მალე გამოიღო ნაყოფი, პატრიარქმა ზაქარიას სპეციალურად თავისი ორი ბერიც გააყოლა და ისინი ჩავიდნენ რომში 800 წელს, მას შემდეგ, რაც პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდი აკურთხა იმპერატორად. იმპერატორს მათ მიართვეს „უფლის საფლავის“ და გოლგოთის გასაღები იერუსალიმის დროშასა და გასაღებთან ერთად, რომელიც პატრიარქმა გამოუგზავნა მას. იმპერატორმა პატრიარქის ელჩები ამჯერადაც დიდი პატივით მიიღო, რამდენიმე დღე თავისთან დაიტოვა ისინი და შემდეგ დასაჩუქრებული უკან გაისტუმრა1.
კარლოსთან იმპერატორად კურთხევას პატრიარქი სხვა დროსაც გამოეხმაურა, 806 წელს, ელჩის პირით კარლოსი ასე მოიხსენია: კარლოსი, იმპერატორი და ცეზარი, ჭეშმარიტად მეფე ფრანკთა, რომის იმპერიის მმართველი, ღვთის მოშიში და კურთხეული, მძლეველი და გამარჯვებული, როგორც მუდმივი აუგუსტუსი2.

1. Annales Laurissenses, 187-189; Chronicon Moissiacense, A. 778, A. 801. –MGH, ტ. I, 305.
2. Die Geschichte des Christentums –Mittelalter, I, Freiburg – Wien, 2007, 708; ჯავახია ბ., მარადიული რომი, თბ., 2009, 47.

კარლოსისადმი თავისი დამოკიდებულება პატრიარქმა იმითაც გამოხატა, რომ მას მიანიჭა რიგი პრივილეგიები იერუსალიმსა და პალესტინაში, უპირველესად მის ხელში გადავიდა “წმ. ადგილების” მფარველობა, რომელიც ადრე ბიზანტიის იმპერატორის ხელში იყო. ბუნებრივია, ამ დროიდან იერუსალიმსა და პალესტინაში მასობრივად იწყეს ჩამოსვლა კარლოსის ქვეშემრდომებმა, როგორც პილიგრიმებმა, ისე ვაჭრებმა: პილიგრიმები მოდიოდნენ სალოცავად, ვაჭრები კი – სავაჭროდ. კარლოსი დიდ მზრუნველობას იჩენდა პილიგრიმების მიმართ, სწორედ მისი ინიციატივით აშენდა იერუსალიმში პირველი სახლები, სასტუმრო და წიგნსაცავი, რომლითაც სარგებლობდნენ აქ ჩამოსული „რომანულ“ ენაზე მოსაუბრე მლოცველები. ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა 12 სახლი, სახნავები, ბაღები და ვენახები იოსაფატის დაბლობში. სასტუმროში ჩერდებოდნენ ვაჭრებიც, რომლებიც სასტუმროს მეპატრონეს წელიწადში უხდიდნენ ორ-ორ დინარს (ოქროს ფულს). სასტუმროს გვერდით იყო სავაჭრო მოედანი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. მრავლად იყვნენ ღვთისმსახურებიც, მარტო „უფლის საფლავს“, როგორც ერთ-ერთი „ჩანაწერიდან“ (შესრულებულია უცნობი ავტორის მიერ IX ს. დასაწყისში) ვიგებთ, ემსახურებოდა 17 ქალი კარლოს დიდის იმპერიიდან, მათ შორის, ერთი იყო ესპანეთიდან. იმავე „ჩანაწერებიდან“ იმასაც ვიგებთ, რომ იქვე იყო ზეთისხილის მთა, რომელზეც აშენებული იყო ბერების რამდენიმე სენაკი, სადაც ცხოვრობდა 11 ბერძენი, 6 სირიელი, 5 ლათინი, 4 ქართველი და 2 სომეხი1.

1. Dopsch A. Die Wirtschaftsentwieklung, der Karolinger zeit. Weimar, 1921, 342; Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид. – Бартольд В.В. Coч. T. VI, M., 1966, 345.
ჩამოსულთა შორის, რომლებსაც კარლოსი აგზავნიდა აღმოსავლეთში, ბევრი იყო ებრაელი ვაჭარი, ისინი დიდ მოგებასთან ერთად მეფის მნიშვნელოვანი პრივილეგიებითაც სარგებლობდნენ. მათ საქმიანობას ენების კარგი ცოდნაც უწყობდა ხელს, ფრანკულის გარდა ისინი შესანიშნავად ფლობდნენ არაბულ, სპარსულ, ბერძნულ, ესპანურ, სლავურ ენებს. ისინი ფრანკთა სახელმწიფოდან ზღვით ჩადიოდნენ ეგვიპტეში, მექა-მედინაში, ინდოეთში, ჩინეთში და აქედან ჩამოჰყავდათ მონები (ქალები და კაცები), ჩამოჰქონდათ ფარჩა, აბრეშუმი, ბეწვეული, ძვირფასი თვლები, სანელებლები1, ნელსაცხებელი, მალამოები, ალოე, დარიჩინი, ქაფური2, საღებავები, წამლები3. იმავე გზით ბრუნდებოდნენ უკან. ვაჭრებს განსაკუთრებული გულუხვობით ფრანკთა იმპერატორის კარზე უმასპინძლებოდნენ. მათგან იძენდნენ საქონელს, როგორც რიგითი მოსამსახურეები, ისე ფრანკი ეპისკოპოსები და დიდებულები.
ამგვარად, როგორც ნათქვამიდან ჩანს, „წმ. ადგილებთან“ და, საერთოდ, აღმოსავლეთთან დაახლოება წმინდა რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა არ ყოფილა, მას მატერიალური და სულიერი სიკეთეც მოჰქონდა, ზრდიდა ევროპელთა თვალსაწიერს.
ვერ ვიტყვით იმასაც, რომ კარლოს დიდის დიპლომატიური ურთიერთობა აღმოსავლეთის ქვეყნებთან მხოლოდ „წმ. ადგილების“ მფარველობის მოპოვების სურვილით ამოიწურებოდა. მისი ლტოლვა ბევრად უფრო შორს მიდიოდა. შესაძლებელია მას კიდევაც ჰქონდა აღმოსავლეთის ქვეყნების ტერიტორიებისა და სიმდიდრის დაუფლების სურვილი, აკი, როგორც სენგალელი ბერი ამბობს, მას ჯერ კიდევ გვირგვინკურთხევამდე ბიზანტიელი ელჩებისთვის უთქვამს: „ოჰ, თუ არ იქნებოდა ზღვის ეს უფსკრული“, გამყოფი ევროპისა და აზიისა, “მაშინ ეგების ჩვენ (ე.ი. ფრანკთა სამეფო და ბიზანტია – გ.კ.) გავინაწილებდით აღმოსავლეთის სიმდიდრეს, ანდა საერთოდ თანასწორად გავიყოფდით და დავეუფლებოდით მას4. მაგრამ ეს შეიძლება მისი შორეული ოცნება უფრო იყო ან ბიზანტიელთა გულის მოსაგებად ნათქვამი სიტყვები; სხვაგვარად რითი ავხსნათ ის, რომ მოცემული დროისათვის ბიზანტიაზე არანაკლებ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა კარლოს დიდს ბაღდადის სახალიფოსთან. ეს ურთიერთობა დასაბამს იღებს VIII საუკუნის შუა ხანებიდან, იმ დროიდან, როცა ომაიდების ხელისუფლება ახალი დინასტიის, აბასიდების მმართველობით შეიცვალა. დინასტიების შეცვლას თან ახლდა სისხლიანი ანგარიშსწორება, ომაიდების წარმომადგენლები ერთიანად ამოხოცეს. ამ დინასტიიდან ერთადერთი, ვინც გადარჩა, აბდერახმანი იყო. იგი ესპანეთში გაიქცა და ადგილობრივ ემირებთან ბრძოლაში იმას მიაღწია, რომ მთელი ესპანეთი დაიპყრო და თავისი ხელისუფლება განამტკიცა.

1. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид, 346.
2. Dopsch A. Die Wirtschaftsentwieklung, der Karolinger zeit. Weimar, 116,199.
3. Monachi Sangallensis. De gestis Karoli Magni. – MGH, ტ.II, 755.
4. Monachi Sangallensis. De gestis Karoli Magni. 749.

ასეთ ვითარებაში ბაღდადის ხალიფამ ალ-მაჰდმა, რომელიც უშუალოდ ვერ ჩაერეოდა ესპანეთის საქმეებში, დახმარებისათვის მიმართა კარლოს დიდს. მართალია, ამ დროს ფრანკთა მეფე დაკავებული იყო საქსებთან ბრძოლით და თავისი სამფლობელოების გაფართოებით, მაგრამ ელჩების მიერ ჩამოტანილი თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა, ფიქრობდა რა, რომ აქედან მიეღო სარგებლობა თავისი სამეფოსთვის. 778 წლის ზაფხულში მან გადალახა პირინეის მთები თავის ჯართან ერთად და სულ რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოჩნდა სარაგოსას კედლებთან. თუ რა მოხდა აქ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ის კი არის ცნობილი, რომ როგორც კი კარლოსმა მიიღო საგანგაშო ცნობა საქსების ახალი აჯანყების შესახებ, ის თავის ჯართან ერთად სასწრაფოდ უკან გამოემართა. ფაქტიურად იგი ვერ დაეხმარა ალ მაჰდის.
ბევრად უფრო წარმატებული იყო კარლოსის ურთიერთობა მომდევნო ხალიფასთან ჰარუნ-ალ-რაშიდთან (786-809). ჭვრეტდა რა, რომ „წმ. ადგილების“ მფარველობის შენარჩუნება ადვილი არ იქნებოდა ისეთ პირობებში, როცა ქალაქ იერუსალიმს არაბები ფლობდნენ, მან იწყო საერთო ენის გამონახვა ჰარუნთან და დიდ წარმატებასაც მიაღწია. კარლოსის მეისტორიე ეინჰარდი უსაფუძვლოდ როდი ამბობს: „სპარსთა მეფე“ ჰარუნ-ალ-რაშიდი, რომელიც „ინდოეთის გამოკლებით“ მთელ აღმოსავლეთს ფლობდა, იმდენად მეგობრულად იყო განწყობილი კარლოსის მიმართ, რომ მისი სიყვარული ერჩივნა სხვა ქვეყნების მეფეებისა და მთავრების ერთგულებასა და ახლობლობას და მხოლოდ მას თვლიდა პატივისცემის ღირსად 1, როდესაც კარლოსის მიერ ძღვენით გაგზავნილი ელჩები „წმ. უფლისა და მაცხოვრის დაკრძალვისა და აღდგომის ადგილზე მივიდნენ“ და ჰარუნს „აუწყეს თავიანთი ხელმწიფის სურვილი“, ამ უკანასკნელმა „არათუ ნება დართო იმაზე, რასაც სთხოვდნენ, არამედ დაუთმო კიდეც კარლოსს ეს წმინდა ადგილი.2 ცხადია, კარლოსმა აისრულა გულის წადილი, თუმცა ჰარუნ ალ-რაშიდს ერთიანად უარი არ უთქვია იერუსალიმზე, იგი კვლავ რჩებოდა მისი გამგებლობის ქვეშ, მაგრამ, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო კარლოსისთვის, მან მიიღო თანხმობა, რომ მომლოცველები და წმ. ადგილები გადასულიყო ფრანკი მეფის მფარველობის ქვეშ3. ამით ისლამის და ქრისტიანობის მიმდევარმა მონარქებმა ერთმანეთს დაუდასტურეს თავიანთი კეთილმოსურნეობა და რელიგიური შემწყნარებლობა.

1. ეინჰარდი, კარლოს დიდის ცხოვრება. – გ. კუტალია, ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრება“, თბ., 2005, 16.
2. ეინჰარდი, კარლოს დიდის ცხოვრება, 16.
3. Флекенштейн И. Карл Великий. – Создатели империи. Ростов-на-Дону, 1998, 483.

ამრიგად, ცხადი ხდება, რომ „წმინდა ადგილების“ მფარველობის მოპოვება, რასაც კარლოსმა მიაღწია, ერთპიროვნულად იერუსალიმის პატრიარქის დამსახურება არ ყოფილა, ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჰარუნის თანხმობას, თუმცა, როგორც მართებულად შენიშნავს ბარტოლდი, ამით ის არ დასტურდება, თითქოსდა ეს თანხმობა კარლოსისადმი ჰარუნის მხოლოდ დიდი სიყვარულით აიხსნებოდეს1, რაშიც ეინჰარდი გვარწმუნებს. ჰარუნი საკმაოდ გონიერი მმართველი იყო და მარტო ემოციებით ვერ იხელმძღვანელებდა. წყალობა, რომელიც მან გაიღო, იგი უკავშირებდა შორს გამიზნულ განზრახვას. ებრძოდა რა ბიზანტიას, მას ალბათ კარლოსის თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მოპოვებაც სურდა. ბიზანტიის დასუსტება და მისი შეერთება თავის სახელმწიფოსთან (ყოველ შემთხვევაში მასზე გავლენის მოპოვება მაინც კარლოსის გეგმაში შედიოდა)2. შემთხვევითი არ იყო, რომ სასახლის გადატრიალებას, რომელიც მოხდა ბიზანტიაში 802 წელს, წინ უსწრებდა კარლოსის ელჩების ჩასვლა კონსტანტინოპოლში. მათ ალბათ გარკვეული როლი შეასრულეს ამ გადატრიალებაში, რომელმაც ქვეყანას ქაოსი და უბედურება მოუტანა. ამით ისარგებლა ჰარუნმა და ბიზანტიასთან განაახლა ომი3. კარლოსსა და ჰარუნს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ომაიდური ესპანეთისადმი მათი საერთო სიძულვილიც იყო4. ყველაფერი ეს შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვდა.

1. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид, 350.
2. Viollet P. Historie des Institutiones politiques de France, P., 1890, 265.
3. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид, 358.
4. Chronicon Moissiacense, A, 296.

ამით უნდა აიხსნას ის, რომ კარლოსი და ჰარუნი ერთმანეთს ხშირად უგზავნიდნენ ელჩებს და მათი მეშვეობით ათანხმებდნენ საერთო მოქმედების გეგმებს. ამ ელჩობებს ის მნიშვნელობაც ჰქონდა, რომ ცალკეულ შემთხვევაში მათ თან ახლდათ მოგზაურები, რომლებიც მოიპოვებდნენ მათი ქვეყნებისათვის საჭირო ინფორმაციას.
ასე, მაგალითად, ერთ არაბ მოგზაურს, რომელსაც შემოუვლია ფრანკთა სამეფო, აღნიშნული აქვს, რომ ამ ქვეყანაში 150-მდე ქალაქია, მათ შორის, მთავარია პარიზი (კარლოსის დროს იგი საგრაფოს ცენტრი იყო – გ.კ.). აქ მიწა არც თუ ისე ნოყიერია, ცოტაა დამუშავებული მიწები, ცოტა ვენახები და ხეები. მაცხოვრებელთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც არამარტო მიწათმოქმედებას მისდევს, არამედ აქვს გარკვეული ხელობაც, მისდევს ვაჭრობას1. მეტად შტამბეჭდავია ის ცნობაც, რომელიც მოგვითხრობს 801 წელს ჰარუნის ელჩების ჩამოსვლას ფრანკთა სამეფოში. ელჩებმა პიემონტში მყოფ კარლოსს ის აცნობეს, რომ აფრიკის სანაპიროდან გადმოსაყვანია თქვენს მიერ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ (797წ.) სახალიფოში გაგზავნილი ებრაელი ელჩი ისაკი, რომელსაც თან მოაქვს მრავალრიცხოვანი საჩუქრები, მათ შორისაა სპილოც (სახელად აბულ-აბასი), ჰარუნს რომ გამოუტანებია2. გემების მომზადებასა და გაგზავნას მოითხოვდნენ ისინი.
ფრანკთა მემატიანიდან ვიგებთ, რომ კარლოსს ცდა არ დაუკლია, მან სასწრაფოდ მოამზადებინა და გაგზავნა გემები აფრიკის სანაპიროზე იმ ადგილას, სადაც ფრანკთა ელჩი ისაკი თავის მრავალრიცხოვან საჩუქრებთან ერთად იდგა. იგი გემებმა ლიგურიის სანაპიროზე გადასვეს, მაგრამ ვინაიდან ზამთარი იდგა, დიდი თოვლი მოსულიყო და ალპების გადალახვა ვერ მოახერხა, ვერჩელში დაიზამთრა3. მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელა გზა, როცა თოვლი დადნა და ჩააღწია აახენში, სადაც მისი (ჰარუნის ელჩებთან ერთად) შეხვედრა მეფესთან მხოლოდ 802 წლის 13 ივლისს შედგა4.

1. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид, 355.
2. Annales Laurissenses, 189-190.
3. Annales Laurissenses, 189-190.
4. Annales Laurissenses, 189-190.

სხვათა შორის, სენგალელი ბერიც ადასტურებს, რომ ჰარუნის ელჩებმა, ისაკთან ერთად რომ მივიდნენ, კარლოსს მიუყვანეს სპილო, მიართვეს მას სანელებლები, მალამოები, საღებავები და სხვადასხვაგვარი წამლები1.
ეს ფაქტი არც კარლოსის მეისტორიეს ეინჰარდსაც დარჩა შეუმჩნეველი. ისიც წერს, რომ ელჩებმა მეფეს ჩამოუტანეს ჰარუნის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვაგვარი ტანსაცმელი, სანელებლები და ის სპილო, რომელიც თვით კარლოსმა სთხოვა მას, თუმცა იმ დროისათვის ჰარუნს მხოლოდ ერთი სპილო ჰყავდა2. სხვათა შორის, ეს სპილო დაიღუპა 810 წელს, როცა კარლოსი დანიელებზე სალაშქროდ მიემართებოდა3.
აქვე ვიტყვით, რომ ცნობა, თითქოს ჰარუნს ერთადერთი სპილო ჰყავდა და ისიც კარლოსს გამოუგზავნა, როგორც ამას ეინჰარდი გადმოგვცემს, მეტად საეჭვო ჩანს. სხვა წყაროებში ასეთი რამ არ დასტურდება. პირიქით კი არის, როგორც ამას ბარტოლდი ამტკიცებს, ჰარუნს სხვა არაერთი სპილოც ჰყავდა, რომლებსაც ბრძოლების დროს იყენებდა4. მაშინ რისი თქმა სურდა ეინჰარდს, როცა მკითხველს ასეთ ცნობას აწვდიდა? მხოლოდ იმის დამტკიცება, რომ კარლოსისადმი ჰარუნს განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდა.
როგორადაც არ უნდა ავხსნათ ეინჰარდის ეს საქციელი, ერთი რამ მაინც ცხადია: კარლოსსა და ჰარუნს შორის არასოდეს არ გამწყდარა დიპლომატიური ურთიერთობა, არასოდეს არ შეუწყვეტიათ საჩუქრების გაგზავნა. ასე იყო 807 წელსაც, როცა, როგორც ფრანკი მემატიანე მოგვითხრობს, ჰარუნის ელჩები კვლავ წარსდგნენ კარლოსის წინაშე და მას მიართვეს ხალიფას მიერ გამოგზავნილი „საკვირველი სიდიდისა და ამავე დროს მშვენიერი საჩრდილობელი და კარვები“, „ძვირფასი სირიული აბრეშუმის ლაბადები, მალამოები, სანელებლები“. საჩუქრებს შორის იყო აგრეთვე „თითბერისაგან დამზადებული მექანიკური საათი“, რომლის ციფერბლატზე ტრიალებდა ისარი 12 ბურთულასთან ერთად.

1. Monachi Sangallensis. De gestis Karoli Magni. 737.
2. ეინჰარდი, კარლოს დიდის ცხოვრება, 17.
3. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид, 349.
4. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид, 349.

ყოველი საათის შესრულების შემდეგ ეს ბურთულები სარკმლიდან ამოდიოდნენ და ზარის ხმას გამოსცემდნენ. მოწონება დაიმსახურა ორმა საკმაოდ დიდმა თითბერის შანდალმაც1, რომლებიც ელჩებმა წარმოადგინეს. ერთი სიტყვით, ჰარუნის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები ამჯერადაც მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. იმპერატორმა, რა თქმა უნდა, დიდი მადლიერებით მიიღო საჩუქრები და მათი ჩამომტანი ელჩები, რომლებიც ერთხანს თავისთან დაიტოვა და შემდეგ იტალიაში გაისტუმრა, თანაც უბრძანა, რომ დალოდებოდნენ ნაოსნობისათვის ხელსაყრელ დროს, რათა უსაფრთხოდ წასულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში2.
ელჩების მიმართ გამოჩენილი ეს ყურადღება კარლოსს წარმოაჩენს როგორც დიდ პიროვნებას, ასევე ღირსეულ პიროვნებად წარმოჩინდება ჰარუნ ალ-რაშიდიც, რომელიც ყოველთვის თვით ბიზანტიასთან ომის დროსაც კი იმის სურვილს ავლენდა, რომ კარლოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა. ჰარუნს ორი დიდი მტერი ჰყავდა: ომაიდების ესპანეთი და ბიზანტიის იმპერატორი. კარლოსსაც იგივე მტრები ჰყავდა. ამდენად, მათ შორის დაახლოება ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო.

1. Annales Laurissenses, 194.
2. Annales Laurissenses, 194.184

დამოწმებანი:
1. ეინჰარდი, კარლოს დიდის ცხოვრება. – გ. კუტალია, ეინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრება“, თბ., 2005.
2. დილი შ., ბიზანტიის იმპერიის ისტორია, თარგ. ბ. ბრეგვაძესი, თბ., 1998.
3. ჟან ბატისტ დიუროზელი, ევროპა, მისი ხალხების ისტორია, თარგ. ფრანგულიდან, თბ., 2008.
4. ჯავახია ბ., მარადიული რომი, თბ., 2009.
5. Бартольд В.В. Карл Великий и Харун ар-Рашид. –
Бартольд В.В. ჩოч. თ. VI, M., 1966.
6. Флекенштейн И. Карл Великий. – Создатели империи. Ростов-на-Дону, 1998.
7. Annales Laurissenses, A. 799, A.800, A. 801, A. 802, A. 807. – Monumenta Germaniae Historica (MGH). Edidit G.H. Pertz, t. I, hannoverae, MDCCC – XXVIII.
8. Chronicon Moissiacense, A. 778, A. 801. –MGH, t. I.
9. Monachi Sangallensis. De gestis Karoli Magni. –MGH, t.II (SemdegSi: De gestis Karoli Magni).
10. Die Geschichte des Christentums –Mittelalter, I, Freiburg – Wien, 2007.
11. Dopsch A. Die Wirtschaftsentwieklung, der Karolinger zeit. Weimar, 1921.
12. Viollet P. Historie des Institutiones politiques de France, P., 1890

Комментариев нет:

Отправить комментарий