დამოუკიდებლობისათვის ომის დასრულების შემდეგ ახლადწარმოქმნილი სახელმწიფო საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს იყო ქვეყნის მოწყობის საკითხი. ფაქტობრივად, ომის დასრულების მომენტისათვის კონფედერაციას არ ჰყავდა არანაირი ერთიანი მთავრობა. კონტინენტურ კონგრესს გააჩნდა ოდნავ მეტი (თუ საერთოდ ამას მეტი ეთქმის) ძალაუფლება, ვიდრე დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ფაქტობრივად მას შეეძლო მხოლოდ რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა, და არა ბრძანებების გაცემა. მთელი ომის განმავლობაში კონგრესი თავს იკავებდა აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნისაგან და ყველა საკითხი გადასაწყვეტად კომიტეტებში გადადიოდა. ბუნებრივია, შედეგად კონგრესის რამდენიმე წევრი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც ისინი იძულებული იყვნენ, უამრავი კომიტეტის მუშაობაში მიეღოთ მონაწილეობა. მაგალითად, ჯონ ადამსი საერთო ჯამში 80-მდე კომიტეტის წევრი აღმოჩნდა. მხოლოდ 1781 წ. დაიწყო საგარეო საქმეთა, ფინანსთა და სამხედრო დეპარტამენტების ფორმირება, რომლებიც დაემატნენ ჯერ კიდევ 1775 წ. შექმნილ საფოსტო დეპარტამენტს. მიუხედავად ამისა, ეს ქმედებები ბოლომდე სისტემაში მოყვანილი არ იყო, რადგანაც საგარეო საქმეთა პირველმა მდივანმა რობერტ ლივინგსტონმა თავისი პოსტი დატოვა 1783 წ. მაისში, მისი შემცვლელი დაინიშნა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1784 წ. ზაფხულში. ამავე დროს, არ არსებობდა ერთიანი მთავრობა, რომელსაც ეყოლებოდა თავისი მეთაური _ პრემიერ მინისტრი ან პრეზიდენტი. იყო მხოლოდ კონგრესის თავმჯდომარე და მისი აღმასრულებელი მდივანი. ეს უკანასკნელი პოსტი 1774 წლიდან 1789 წლამდე უცვლელად ეკავა ჩარლზ თომსონს. უფრო მეტიც, ომის ბოლო წლებში რობერტ მორისმა, ფინანსების სუპერინტენდანტმა (დღევანდელი ფინანსთა მინისტრის შესატყვისი თანამდებობა), სცადა ფაქტობრივად ხელისუფლების მთავარი პირის სტატუსის მიღება. 1781 წ. მან კონგრესს მიაღებინა დადგენილება ჩრდილოეთ ამერიკის ბანკის შექმნის შესახებ. თითქოს ეს უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკი და სახელმწიფოს საკუთრება, მაგრამ სინამდვილეში ის ნაწილობრივ იყო კერძო ბანკი, რომელსაც აკონტროლებდნენ მორისი და მისი მეგობრები, რომლებსაც სურდათ დიდი მოგების მიღება. ამისათვის საჭირო იყო სტაბილური შემოსავალი მთავრობისათვის. ეს კი ვერ მოხერხდა როდ აილენდის წინააღმდეგობის გამო (მორისს სურდა 5%-იანი საიმპორტო გადასახადის დაწესება, რაც კონგრესშიც კი გაიტანა, მაგრამ როდ აილენდმა გადაწყვეტილება არ დაამტკიცა). მაშინ მორისმა გაცილებით უფრო სახიფათო თამაში წამოიწყო და სამხედრო გადატრიალების მოწყობაც კი სცადა. ამისათვის უნდა გამოყენებულიყო ვაშინგტონის არმიის უკმაყოფილება ხელფასების დაგვიანებითა და ცუდი პირობებით. თავის მხრივ, ოფიცრებს მართლაც ეშინოდათ, რომ ომის დამთავრების შემდეგ მათი სამსახური უკვე არავის არ დასჭირდებოდა და ვალების გასტუმრებას არავინ იფიქრებდა. შედეგად, მათ დაებადათ აზრი სახელმწიფო გადატრიალებისა, რის შედეგადაც კონგრესს გაცილებით მეტი უფლებები მიენიჭებოდა და შტატების ხელში არ იქნებოდა რეალური ძალაუფლება. ამ ყველაფერს სათავეში უნდა ჩასდგომოდა ალექსანდრე ჰამილტონი, ვაშინგტონის ადიუტანტი და მარჯვენა ხელი. თავად ჯორჯ ვაშინგტონს საკმაოდ მოსწონდა კონგრესის უფლებამოსილების გაზრდის იდეა, მაგრამ როდესაც მან შეიტყო, თუ რა გზით აპირებდნენ ამის გაკეთებას მისი მომხრეები, უარი განაცხადა გადატრიალების სათავეში ჩადგომას. შედეგად, შეთქმულება უცბად დასრულდა.
ოფიცრების შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. ომის დასრულების შემდეგ არმია ჩუმად დაშალეს, რასაც მოჰყვა დიდი წინააღმდეგობა რეკრუტების მხრიდან. დაახლოებით 80-მა მილიციელმა პროტესტი გამოთქვა, მოაწყო მარში ფილადელფიაზე, სადაც მათ შეუერთდნენ სხვა პოლკების წევრებიც. შედეგად, დამოუკიდებლობის დარბაზთან მოეწყო დემონსტრაცია, რომელმაც მეტად დააფრთხო კონგრესი. მილიციის გაგზავნა დემონსტრაციის დასაშლელად ვერ მოხერხდა, რადგანაც არსებობდა ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ისინი შეუერთდებოდნენ დემონსტრანტებს. სამი დღის შემდეგ კონგრესი უბრალოდ გაიქცა ფილადელფიიდან პრინსტონში, იქიდან ანაპოლისში, შემდეგ ტრენტონში და საბოლოოდ 1785 წ. დაბინავდა ნიუ იორკში. ამ ხნის განმავლობაში კონგრესს ხშირად უჭირდა არათუ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება, არამედ ქვორუმის შეგროვებაც კი. მორისი 1784 წ. გადადგა თავისი თანამდებობიდან და ფინანსების განკარგვა კვლავ კომიტეტების ხელში გადავიდა, თუმცა სიტყვა „განკარგვა“ აქ მეტად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. კონგრესმა ვერაფრით ვერ დაადგა ფინანსებს თავი. ერთიანი კონტინენტური ვალუტა იქცა იმდენად გაუფასურებული იყო, რომ უვარგისობის სიმბოლოდ იქცა და ვერასდროს ვერ აღიდგინა თავისი პრესტიჟი. 11 მილიონიდან 28 მილიონამდე გაიზარდა შიდა ვალიც და კონგრესს საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებელი თანხებიც კი არ გააჩნდა ხშირად.
ფინანსებისაგან განსხვავებით, უფრო შედეგიანი აღმოჩნდა კონგრესის მოქმედება დასავლეთის მიწების განაწილების საკითხში. მდ. ოჰაიოს დასავლეთით მდებარე მიწები დიდი ხნის განმავლობაში იყო სხვადასხვა შტატების წინააღმდეგობის მიზეზი. 1786 წლისათვის კონგრესმა აიძულა ყველა შტატი, დაეთმო ეს ტერიტორიები. მხოლოდ კონექტიკუტი ინარჩუნებდა თავის ე.წ. „დასავლეთის რეზერვს“, სანამ არ გადაწყდებოდა პენსილვანიაში მდებარე ვაიომინგის ველის საკითხი. გარდა ამისა, 1784 წ. კონგრესმა დაადგინა, რომ ეს მიწები იქცეოდნენ შტატებად იმ დროიდან, როდესაც მათი მოსახლეობა მიაღწევდა ყველაზე მცირედ დასახლებული შტატის მოსახლეობის რაოდენობას (ამ იდეის ავტორი ჯეფერსონი იყო). სამაგიეროდ, ამ ტერიტორიების დასახლების საკითხი საკმაოდ ბევრი კურიოზის თანხლებით მიდიოდა და ბევრი სპეკულანტი ახერხებდა ხელის მოთბობას მიწების გადაყიდვით.
ერთგვარად განსხვავებული იყო ვითარება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით (დღეს ამ ტერიტორიას „ძველ ჩრდილო-დასავლეთს“ უწოდებენ), სადაც არ იყო ბევრი მოსახლე. 1784 წ. ფორტ სტენვიქსის ხელშეკრულებით იროკეზებმა უარი თქვეს თავის ტერიტორიებზე, ხოლო 1785 წ. ჰოუპველის ხელშეკრულებით იგივე გააკეთეს ჩეროკის ტომის ინდიელებმაც. კრიკის ტომის ინდიელებმა უარი თქვეს მოლაპარაკებებზე და 1786 წ. ზაფხულში, ესპანეთის დახმარებით, წამოიწყეს ომი. საომარი მოქმედებები რამდენიმე ხანს გაგრძელდა, თუმცა 1791 წ., ესპანეთიდან დახმარების შეწყვეტის შემდეგ, კრიკის ტომის ბელადი ჩავიდა ნიუ იორკში და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც კრიკის ტომმა მიიღო უპირატესი სავაჭრო მდგომარეობა, მაგრამ დაკარგა მიწები. ამასობაში კი, 1787 წ. ჩრდილო-დასავლეთის დადგენილებით, კონგრესმა გადაწყვიტა, რომ ჩრდილო-დასავლეთზე უნდა დაწესებულიყო კოლონიური მმართველობა და შტატად გარდაქმნა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მოსახლეობა მიაღწევდა 60ათ. კაცს. გარდა ამისა, ამ ტერიტორიებზე გავრცელდა ადამიანის უფლებათა აქტი და გაუქმდა მონობა. შესაბამისად, ხაზი მონობის მქონე ტერიტორიებსა და მონობისაგან თავისუფალ ტერიტორიებს შორის გავიდა მდ. ოჰაიოზე, მართალია, მხოლოდ ახალ ტერიტორიებზე. ძველ შტატებში მონობა მხოლოდ თანდათან გაუქმდა, ისიც მეისონ-დიქსონის ხაზის ჩრდილოეთით.
ეკონომიკური თვალსაზრისით, კონფედერაციას თავდაპირველად საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნა. გარდა ფინანსურისა, იყო სერიოზული გართულებები სასოფლო-სამეურნეო სექტორში, სადაც ომით გამოწვეულმა დეპრესიამ ფასების ზრდა განაპირობა. სამხრეთ შტატებში შეინიშნებოდა სამუშაო ძალის სიმცირე, რაც განაპირობა მონების რიცხვის შემცირებამ. დიდი პრობლემები იყო ვაჭრობაში, რადგანაც ამერიკელთა ძირითადი პარტნიორი ომამდე იყო ინგლისი, რომელთანაც კავშირები მხოლოდ ომის შემდეგ აღდგა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ვაჭრობის აყვავება, რაც გამოწვეული იყო კოლონიური შეზღუდვების მოხსნით. ამიერიდან ამერიკელებს შეეძლოთ ვაჭრობა ნებისმიერ ქვეყანასთან. სწორედ ამის წყალობით 1790 წლისათვის ამერიკის სავაჭრო პოტენციალმა ბევრად გადააჭარბა ომამდელს, ხოლო ექსპორტის რაოდენობა _ გაორმაგდა.
კონფედერაციის საგარეო ურთიერთობებში ცენტრალური ადგილი ეკავა ბრიტანეთთან ურთიერთობას. ინგლისელები, მიუხედავად პარიზის ზავის დადგენილებებისა, ინარჩუნებდნენ ფორტებს კანადის საზღვართან და ხსნიდნენ ამას იმით, რომ ამერიკელებს არ ჰქონდათ დაბრუნებული ვალები (სინამდვილეში, საზავო ხელშეკრულებაში ეს პუნქტი უბრალოდ ფორმალურად იყო ჩაწერილი) და არ აძლევდნენ ლოიალისტებს ქონებას, რომელიც კონფისკაციას დაექვემდებარა ომის პერიოდში და შემდეგ. აქ კონგრესმა ნამდვილად აიძულა შტატები, რომ დაებრუნებინათ ქონება იმ ლოიალისტებისათვის, რომლებიც 12 თვის განმავლობაში ჩამოვიდოდნენ უკან. 1787 წლისათვის ყველა შტატს ჰქონდა მიღებული კანონი, რომლითაც ლოიალისტებს შეეძლოთ ქონების დაბრუნება. მიუხედავად ამისა, ინგლისი საკმაო ხანს არ გზავნიდა ელჩს აშშ-ში და მხოლოდ 1791 წ. დანიშნა ის. თავის მხრივ, ამერიკელებმა 1785 წ. დანიშნეს ელჩად ჯონ ადამსი, ერთ-ერთი მთავარი მეამბოხე. ადამსი საკმაოდ კარგად მიიღო თავად მეფე გეორგ (ჯორჯ) III-მ. ის მთელი სამი წელი ცდილობდა ფორტებისა თუ ბრიტანულ ვესტ-ინდოეთთან ვაჭრობის საკითხები გადაეწყვიტა, მაგრამ ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა. ადამსის ზურგსუკან ბრიტანელებმა წამოიწყეს მოლაპარაკებები ვერმონტთან და ცდილობდნენ მის შემოერთებას ძმებთან ითან და ლევი ალენებთან მოლაპარაკებების მეშვეობით. ამერიკელთა საბედნიეროდ, ინგლისელებს არაფერი გამოუვიდათ ამ იდეიდან და 1791 წ. ვერმონტი ოფიციალურად შეუერთდა აშშ-ს და იქცა მე-14 შტატად.
ესპანეთთან ურთიერთობისას მთავარი პრობლემა იყო სამხრეთის საზღვრის საკითხი. 1783 წ. პარიზის ზავის თანახმად, ამერიკელებმა მიიღეს მდ. მისისიპიზე ნაოსნობის უფლება. მიუხედავად ამისა, 1784 წ. ლუიზიანას ესპანელმა გუბერნატორმა, დახურა მდინარე ამერიკელებისათვის და დაიწყო ინტრიგების ხლართვა ინდიელების სხვადასხვა ტომებთან, რათა გადაემტერებინა ისინი მოსაზღვრე ტერიტორიებზე მოსახლე ამერიკელებისათვის. ამავე დროს, მან სცადა ამ უკანასკნელთა დაპირისპირება აშშ-ს ხელისუფლებასთან. ესპანელებმა რამდენიმე პირის მომხრობა შეძლეს კიდეც, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო გენერალი ჯეიმს უილკინსონი, რომელიც დიდი რაოდენობით ოქროს სანაცვლოდ აპირებდა დასავლეთის მიწების გამოყოფას კონფედერაციიდან და თითქოს თანხმდებოდა მათ ესპანეთთან შეერთებაზეც კი. სინამდვილეში უილკინსონის ერთადერთი საზრუნავი ყოველთვის იყო მხოლოდ მისი ქისა, ამიტომ ის საკმაოდ არასანდო პარტნიორი გამოდგა ესპანელებისათვის. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენდა თავად არსებული საზღვრის საკითხი. ამერიკელები ითხოვდნენ საზღვარს 31 პარალელზე, ესპანელები კი ტრადიციულ საზღვრად თვლიდნენ მდ. იაზუს, რომელიც ჩრდილოეთის განედის 32º და 18' მდებარეობდა. 1785 წ. ესპანელებმა გამოაგზავნეს ელჩი დონ დიეგო დე გარდოქი, რომელმაც საკმაოდ რთული მოლაპარაკებები აწარმოა აშშ-ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ჯონ ჯეისთან. საბოლოო ჯამში მან თითქმის შეძლო საკითხის მოგება. ჯეი დათანხმდა მისისიპიზე ნაოსნობაზე უარის თქმას სავაჭრო პრეფერენციების სანაცვლოდ, მაგრამ კონგრესზე ეს წინადადება მხოლოდ მინიმალური უპირატესობით (7 - 5-ის წინააღმდეგ) გავიდა. რადგანაც ასეთ შემთხვევაში შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო იყო შტატების ორი მესამედის მიერ მისი რატიფიკაცია, საკითხი ბოლომდე ვერ მოგვარდა და გადაიდო მთელი ათწლეულით.
ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ამ პერიოდის შეერთებულ შტატებში წარმოადგენდა ფინანსური საკითხი. რადგანაც შეერთებულ შტატებში იგრძნობოდა ნაღდი ვალუტის დიდი დეფიციტი, 1785-1786 წლებში შვიდ შტატში _ პენსილვანია, ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, როდ აილენდი, სამხრეთ კაროლინა, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია _ შემოღებული იქნა ქაღალდის ფული, რომელიც ასრულებდა საკრედიტო ფუნქციას სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე შეჭირვებული ფერმერებისათვის. გარდა ამისა, ის გამოიყენებოდა შტატების ვალის გადასახდელად და ომის ვეტერანების დასაკმაყოფილებლად. ძირითადად, ქაღალდის ფულმა გაამართლა და მთელ რიგ შტატებში (პენსილვანია, სამხრეთ ნიუ იორკი, კაროლინა) არც კი გაუფასურებულა, მაგრამ როდ აილენდში, სადაც შტატის მთავრობამ ის დაბეჭდა უზარმაზარი რაოდენობით, ის ყველა ვალის გადასახდელ კანონიერ საშუალებად გამოაცხადეს. ამან გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება და გამოსვლები, რაც, საბოლოო ჯამში, შტატის კანონის გაუქმებით დასრულდა 1787 წ.
როდ აილენდის მოვლენები ჯერ არც იყო მიჩუმებული, როდესაც მასაჩუსეტსში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანა ანარქიის პირას იყო. განსახვავებით როდ აილენდისაგან, მასაჩუსეტსში ქაღალდის ფულის ნაკლებობა იგრძნობოდა, სამაგიეროდ გადასახადები იყო საკმოდ მაღალი, რითაც ძალიან შეჭირვებული იყვნენ ფერმერები. როდესაც 1785 წ. საკანონმდებლო ორგანომ ისე შეწყვიტა თავისი საქმიანობა, რომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ამ ორ საკითხზე, მასაჩუსეტსი შეაზანზარა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დანიელ შეისი. ამბოხი დაიწყო 1786 წ. 29 აგვისტოს. 1787 წ. იანვარში შეისმა, 1200 კაცის თანხლებით, შეუტია არსენალს სპრინგფილდში. ადგილობრივმა მილიციამ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და ოთხი კაციც მოკლა ამბოხებულთაგან, რის შემდეგაც მოაღწია დახმარებამ ბოსტონიდან გენ. ბენჯამენ ლინკოლნის მეთაურობით. შედეგად, ამბოხებულები დამარცხდნენ, მაგრამ ერთგვარი გამარჯვებაც მოიპოვეს, რადგანაც შემცირდა გადასახადები, ნაწილი კი საერთოდ გააუქმეს კიდეც. გარდა ამისა, შეის ამბოხი მომგებიანი გამოდგა სხვა მხრივაც. ყველასათვის ნათელი გახდა, რომ საჭირო იყო უფრო ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, რასაც უკვე სულ უფრო ბევრი პოლიტიკოსი მოითხოვდა, პირველ რიგში კი, ჯორჯ ვაშინგტონი. ყოველივე ამან მკვეთრად დააჩქარა კონსტიტუციის შემუშავება.
Комментариев нет:
Отправить комментарий