воскресенье, 19 июля 2020 г.

აშშ 1969-1988 წლებში (თ. პაპასქირი)

$1. აშშ 1969-1980 წლებში.
ნიქსონის შინაპოლიტიკური კურსის შეფასებისას მკვლევართა აზრი წინააღმდეგობრივია. თავის დროზე ითვლებოდა, რომ მისი პოლიტიკა იყო კონსერვატიული, მაგრამ შემდგომ ეს თვალსაზრისი შეიცვალა და მისი პოლიტიკა ლიბერალურადაც კი ჩაითვალა. მან დააწესა კონტროლი ხელფასებსა და ფასებზე, მოსპო ოქროს სტანდარტის უკანასკნელი ნაშთები, მოახდინა სოციალური დაცვის ინდექსაცია ინფლაციის გათვალისწინებით და ა.შ. ამ ნაბიჯების ნაწილი გამოწვეული იყო მძაფრი ენერგოკრიზისით, რომელიც აშშ-ს თავს დაატყდა 1973 წლიდან, მას შემდეგ, რაც არაბულმა სამყარომ ბოიკოტი გამოაცხადა ნავთობის მიწოდებაზე აშშ-სთვის (მიზეზი გახდა ისრაელ-არაბების IV ომი, ე.წ. „იომ-ქიფურის ომი“, რომელშიც აშშ-მ მხარი დაუჭირა ისრაელს). ერთ-ერთ ნაბიჯად, რომელიც გადადგა ადმინისტრაციამ, იქცა მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის დაწესება (55 მილი საათში, დაახლოებით 90 კმ/სთ. მხოლოდ ზოგიერთ შტატში, ქალაქგარე გზებზე, იყო დასაშვები 65 მილი საათში), რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობდა ნავთობის მოხმარების შემცირებას (ლიმიტი ოფიციალურად გაუქმებული იქნა მხოლოდ 1995 წ., როდესაც შტატებს თავად მიეცა სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრის ან არგანსაზღვრის უფლება). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნიქსონის პოლიტიკას სკოლების საბოლოო დესეგრეგაციის საქმეში. ამ მიმართულებით გადადგმულმა ენერგიულმა ნაბიჯებმა ნიქსონი, ისტორიკოს დინ კოტლოვსკის თქმით, აქცია „სკოლების ყველაზე დიდ დესეგრეგატორად ამერიკის ისტორიაში“.1
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დადგა აშშ-ს ხელისუფლების წინაშე XXს. 60-იანი წლების მიწურულს, იყო ახალგაზრდების გაუცხოება. რადიკალური ტენდენციების ზრდა და ახალგაზრდული მოძრაობების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ XXს. 60-იანი წლების დასაწყისში იღებს სათავეს. ამ დროისათვის მკვეთრად გაიზარდა (პრაქტიკულად ოთხჯერ) სტუდენტთა რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დემოგრაფიული აფეთქებით, ე.წ. „ბეიბი ბუმით“. 1960 წ. მიჩიგანის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა: ტომ ჰეიდენმა და ელ ჰაბერმა _ დააფუძნა მოძრაობა „სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისათვის“ (SDS), რომელიც 1964 წლისათვის საკმაოდ პოპულარული გახდა კალიფორნიაში. მათ იდეებს გამოხატავდა ჰეიდენის მიერ 1962 წ. პორტ ჰურონში (მიჩიგანი) ჩამოყალიბებული ფორმულა: „ჩვენ ვართ ამ თაობის ადამიანები, რომლებიც გავიზარდეთ შედარებით კომფორტულად, ვართ უნივერსიტეტის სტუდენტები და არაკომფორტულად ვთვლით იმ სამყაროს, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგება“. სტუდენტების პროტესტის მთავარი მიზეზი იყო ის ზეწოლა, რომელსაც, მათი აზრით, სახელმწიფო ინსტიტუტები ახდენდნენ ინდივიდზე. ჰეიდენის პროგრამამ განსაკუთრებით დიდი ზემოქმედება მოახდინა ბერკლიში მოსწავლე კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებზე, რომლებმაც საზაფხულო არდადეგების დროს აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამხრეთის შტატებში მიმდინარე ზანგების საარჩევნო უფლებების მხარდამჭერ აქციებში. დაბრუნებულ სტუდენტებს დახვდათ ახალი ბრძანება, რომელიც კრძალავდა პოლიტიკურ დემონსტრაციებს უნივერსიტეტში. საპასუხოდ, ასობით სტუდენტმა დაიწყო მჯდომარე აქცია, რომლის მონაწილეთა რიცხვმა ძალიან მალე რამდენიმე ათასს მიაღწია. შედეგად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გააუქმა საკუთარი ბრძანება, სტუდენტებმა კი შექმნეს მოძრაობა სიტყვის თავისუფლებისათვის. იგრძნეს რა საკუთარი ძალა, ასეულობით სტუდენტმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტებში ბიუროკრატიული აპარატის გაძლიერების წინააღმდეგ მებრძოლი მარიო სავიო, დაიკავა ბერკლიში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა და დაიწყეს იქ მჯდომარე აქცია. ისინი დილით დაპატიმრებულ იქნენ (მათ დასაპატიმრებლად 600 პოლიციელი იქნა გამოყოფილი), მაგრამ ამით სათავე დაედო აქციების სერიას, რომელიც მოედო მთელს აშშ-ს. ამას ხელი შეუწყო ვიეტნამის ომის დაწყებამაც, რის შემდეგაც ახალგაზრდული მოძრაობების მთავარ ლოზუნგად სწორედ ვიეტნამში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა იქცა. ახალგაზრდები დემონსტრაციულად თავს არიდებდნენ გაწვევას, რისთვისაც მათი ნაწილი ციხეშიც კი მოხვდა. განსაკუთრებით დიდ მღელვარებებს ჰქონდა ადგილი 1968 წ., როდესაც გაზაფხულზე კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების რადიკალურად განწყობილმა ჯგუფმა, SDS-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის, მარკ რუდის ხელმძღვანელობით, დაიკავა უნივერსიტეტის პრეზიდენტის ოფისი და მძევლად აიყვანა კოლუმბიის კოლეჯის დეკანი ჰარი კოულმენი, რომელიც 24-საათის შემდეგ იქნა განთავისუფლებული.2 უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიციას მიმართა, მაგრამ ამბოხებულთა დაპატიმრებისას ზედმეტი ძალის გამოყენებამ, რასაც მოჰყვა აქციაში არმონაწილე სტუდენტების დაშავება, გამოიწვია კიდევ უფრო დიდი პროტესტი, რის შედეგადაც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა 1968 წ. საგაზაფხულო სემესტრში საბოლოოდ ჩაიშალა. უფრო მეტიც, მსგავს შეტაკებებს ადგილი ჰქონდა ჰარვარდის, კორნელისა და სან ფრანცისკოს უნივერსიტეტებშიც. მეტად მძაფრი ხასიათი მიიღო მოვლენებმა ჩიკაგოში, სადაც ეწყობოდა დემოკრატთა წინასაარჩევნო კონვენტი. აქ განსაკუთრებით აქტიურობდნენ „ახალგაზრდათა ინტერნაციონალური პარტიის“ წევრები, რომლებიც რევოლუციას გართობად აღიქვამდნენ და მოითხოვდნენ მარიხუანის ლეგალიზაციას, ფულის გაუქმებას, სტუდენტების მიერ უნივერსიტეტების მართვას და თავისუფალ სექსს. ჩიკაგოს მერის რიჩარდ დეილის ბრძანებით, პოლიცია სასტიკად გაუსწორდა დემონსტრანტებს (გამოყენებულ იქნა გაზი და ხელჯოხები). ყოველივე ეს კარგად გამოიყენა ნიქსონმა არჩევნების დროს.
ჩიკაგოში მომხდარი არეულობის შედეგად ომის საწინააღმდეგო სტუდენტური მოძრაობა დაიქსაქსა, SDS-ი დაიშალა რამდენიმე ფრაქციად და 1971 წლისათვის მისმა ყველაზე აქტიურმა ფრთამ, რომელიც თავს „ახალ მემარცხენეებს“ უწოდებდა, პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა. სტუდენტების მოთხოვნებიც სულ უფრო ნაკლებად პოლიტიკური ხდებოდა. მცირე ხანში კი სტუდენტური მოძრაობა კონტრკულტურაში გადაიზარდა. სულ უფრო პოპულარული ხდებოდა ჰიპების მოძრაობა  (ჰიპები თავის თავს „ყვავილების შვილებს“ უწოდებდნენ). მის აპოთეოზად იქცა 1969 წ. აგვისტოში გამართული ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალი (ქ. ბეთელი, ნიუ იორკის შტატი). სამი დღის განმავლობაში აქ თავი მოიყარა 500000 ადამიანმა, რომელიც, ამერიკელი ისტორიკოსების ჯ. ტინდოლისა და დ. შაის თანახმად, უსმენდა „კარგ მუსიკას, ეწეოდა იაფფასიან მარიხუანას და დაკავებული იყო თავისუფალი სექსით“. როგორც შემდგომ გაირკვა, ვუდსტოკის ფესტივალმა ერთგვარი უკურეაქცია მოხდინა ამერიკელებზე, რის შედეგადაც ჰიპების მოძრაობა შესუსტდა და თანდათანობით მინელდა. მიუხედავად ამისა, ამ მოძრაობას ჰყავდა აშკარა გამარჯვებულიც, კერძოდ, როკ-ჯგუფები, რომლებმაც „კაპიტალისტური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის“ ეგიდით მილიონობით დოლარი გააკეთეს.
საგარეო პოლიტიკაში ნიქსონმა სერიოზული ცვლილებები გაატარა. ვიეტნამის ომმა დაარწმუნა დასავლეთი ზოგიერთ შემთხვევაში „ძალის უძლურებაში“ და 1970 წ. თებერვალში, პრეზიდენტის პირველ ყოველწლიურ მოხსენებაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ნიქსონმა წამოაყენა აშშ-ს საგარეო-პოლიტიკური კურსის ახალი კონცეფცია. მან უარი თქვა აშშ-ს გლობალურ პასუხისმგებლობაზე და შემდეგი დებულებები დააყენა წინა პლანზე: 1) აშშ შეასრულებს მის მიერ აღებულ სამოკავშირეო ვალდებულებებს; 2) აშშ შეასრულებს ფარის როლს, თუ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა დაემუქრება აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოს, ან სახელმწიფოს, რომლის გადარჩენა აშშ-ს უსაფრთხოებისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი; 3) არაბირთვული აგრესიის შემთხვევაში თავის დასაცავად საჭირო კონტინგენტის გამოყვანა ევალება უშუალოდ აგრესიის მსხვერპლ სახელმწიფოს. 
ნიქსონის ეს სიტყვა მთლიანად გამომდინარეობდა ვიეტნამის ომის გაკვეთილებიდან. ფაქტობრივად, აშშ-ს პრეზიდენტის ეს კონცეფცია ნიშნავდა, რომ აშშ მომავალში განზე გადგებოდა ვიეტნამის მსგავს კონფლიქტებში მონაწილეობისაგან. თუმცა ამ დოქტრინა ერთგვარად გაუგებარი ადგილებიც იყო. გაურკვეველი რჩებოდა აშშ-ს პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა თავს დაესხმოდა აშშ-ს მოკავშირე სახელმწიფოს ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე, მაშინ როგორი იქნებოდა ამერიკელთა პოზიცია. ამასთან, თუ რომელიმე სახელმწიფო, რომლის დაცვაც აუცილებელი უნდა ყოფილიყო ამერიკელებისათვის, არ გამოიყვანდა საჭირო რაოდენობით კონტინგენტს, მაშინ როგორ მოიქცეოდა აშშ-ს ადმინისტრაცია, რა ზომებს მიიღებდა ის თავისი უშიშროების შესანარჩუნებლად? თუ სახელმწიფო ინტერესი იქნებოდა ამერიკელთა მოქმედების განმსაზღვრელი, მაშინ აშშ უბრალოდ ვალდებული იქნებოდა დაეცვა ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, თუ რა ძალებს გამოიყენებდა ის საკუთარი თავის დასაცავად, ეს კი წინააღმდეგობაში მოვიდოდა დოქტრინასთან.
კარგად არ იყო დამუშავებული აგრეთვე აშშ-ს შესაძლო მოქმედება, თუ მისი მოკავშირის მიმართ მართლაც იქნებოდა გამოყენებული ბირთვული იარაღი. დაიწყებოდა თუ არა ამ შემთხვევაში სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი, თუ იქნებოდა გამოყენებული ადგილობრივი საპასუხო დარტყმის სტრატეგია (უკანასკნელ შემთხვევაში ისევ აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის ტერიტორია დაზარალდებოდა). მოკლედ, დოქტრინა მაინც უტოვებდა აშშ-ს მმართველ წრეებს გარკვეული ლავირების საშუალებას სხვადასხვა სიტუაციებში, თუმცა ძირითადი არსი მაინც იმაში მდგომარეობდა, რომ მსგავსი კონფლიქტები შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ პერიფერიულ ზონებში (ანუ იმ ადგილებში, სადაც არ იყო გარკვეული, თუ ვისი გავლენა იყო უფრო დიდი) და ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ ვინმე მოახდენდა აგრესიას იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელთანაც აშშ-ს დადებული ექნებოდა სამოკავშირეო შეთანხმება.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ნიქსონის მიერ დაწყებული დაძაბულობის შენელების პოლიტიკა. ნიქსონმა შეძლო, მკვეთრად გაეუმჯობესებინა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. 1971 წ. თებერვალში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო შეთანხმება ბირთვული იარაღის გამოცდებისას შეზღუდვების შემოღების შესახებ. ამიერიდან იკრძალებოდა ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა იარაღების გამოცდა ზღვებსა და ოკეანეებში. 1972 წ. 22-30 მაისს ნიქსონი საბჭოთა კავშირს ეწვია და მოლაპარაკებები გამართა ლეონიდ ბრეჟნევთან. მხარეებს შორის ამ შეხვედრისას ხელმოწერილი იქნა 10 დოკუმენტი, რომელთა შორის იყო შეთანხმება „აშშ-სა და სსრკ-ს შორის ურთიერთობების საფუძვლების შესახებ“. მხარეები მორიგდნენ, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდნენ ბირთვული ომის საშიშროების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეზღუდვის შესახებ და დროებითი შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვისათვის ზოგიერთი ზომის შესახებ.
1973 წ. 18-25 ივნისს ბრეჟნევი საპასუხო ვიზიტით ეწვია ვაშინგტონს. ამჯერად, მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული ომის თავიდან აცილების შესახებ. აშშ-მ და სსრკ-მ ვალდებულება აიღეს, რომ არ გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს და არც დაემუქრებოდნენ ვინმეს მისი გამოყენებით. გარდა ამისა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რაკეტსაწინააღმდეგო სტრატეგიული შეიარაღებების შემდგომი შეზღუდვის შესახებ (SALT), რომელიც განავრცობდა ერთი წლით ადრე დადებულ შეთანხმებას.
საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან ერთად ნიქსონმა დაიწყო სსრკ-ს გარშემო რკალის შეკვრა. აშშ-ს პრეზიდენტად ნიქსონის არჩევისთანავე დაიწყო ერთგვარი დათბობის ხანა. 1971 წ. აშშ-მ სცნო ჩინეთის უფლება უშიშროების საბჭოს ადგილზე, რომელიც მანამდე ტაივანს ეკავა. 1971 წ. მაისში ჩინეთს ეწვია აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების დარგში ჰენრი კისინჯერი (აშშ-ს მომავალი სახელმწიფო მდივანი), 1972 წ. 21-28 თებერვალს კი ჩინეთში თვითონ ნიქსონიც ჩავიდა. სწორედ ამ ვიზიტმა, რომლის დროსაც ნიქსონმა პირდაპირ განაცხადა, რომ „არსებობდა მხოლოდ ერთი ჩინეთი და ტაივანი იყო მისი ნაწილი“, განაპირობა ჩინეთის თანდათანობითი შემობრუნება აშშ-საკენ. 1975 წ. პეკინს ეწვია ჯერალდ ფორდი, რომელმაც გამართა მოლაპარაკებები მაო ძედუნსა და დენ სიაოპინთან. მიუხედავად ამისა, დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-სა და ჩინეთს შორის მხოლოდ 1979 წ. 1 იანვრიდან იქნა დამყარებული. ამავე წელს ჩინეთმა გააუქმა სსრკს-თან დადებული ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ (მოქმედებდა 1950 წლიდან). სწორედ ამ პერიოდიდან მყარდება დაამყარა მეგობრული ურთიერთობები ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ვიეტნამის მიმართულებით ნიქსონის მთავარი საზრუნავი იყო სამხრეთ ვიეტნამის საჯარისო ნაწილების გაძლიერება, თუმცა ეს ნიქსონმა ნორმალურად ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამში, 1973 წ. შედგა შეთანხმება, რომლითაც აშშ-მ გამოიყვანა ჯარი ვიეტნამიდან და ორმა ვიეტნამურმა სახელმწიფომ ზავი დადო. ნიქსონმა დაიტოვა უფლება, დაებომბა ჩრდილოეთ ვიეტნამი, თუ ის დაარღვევდა ხელშეკრულებას, მაგრამ უოტერგეიტმა შეუძლებელი გახადა რაიმე ყურადღების მიქცევა ვიეტნამისათვის. შედეგად, ნიქსონის გადადგომის შემდეგ სამხრეთ ვიეტნამი პრაქტიკულად განწირული აღმოჩნდა და 1975 წ., ნიქსონის გადადგომის შემდეგ, შეთანხმება დარღვეული იქნა. ჩრდილოელებმა უპრობლემოდ დაიკავეს მთელი სამხრეთ ვიეტნამი და მთელს ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს.
ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა ეპოქალური მნიშვნელობის ფაქტი: 1969 წ. 20 ივლისს  ამერიკული მისია ასტრონავტების ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის (მესამე ასტრონავტი _ მაიკლ კოლინზი ამ დროს მთვარის ორბიტაზე იმყოფებოდა ხომალდ აპოლო-11-ში) შემადგენლობით დაეშვა მთვარეზე (ცნობილია არმსტრონგის ფრაზა, როდესაც მან გადადგა პირველი ნაბიჯი: „ეს პატარა ნაბიჯი არის კაცობრიობის უზარმაზარი ნახტომი“). ნიქსონი პირდაპირ ეთერში ესაუბრა მთვარეზე მოსიარულე ასტრონავტებს. მთლიანობაში, ნიქსონის საშინაო და საგარეო პოლიტიკა დიდი პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ში, რის შედეგადაც 1972 წ. არჩევნები მან უდიდესი უპირატესობით მოუგო დემოკრატების კანდიდატ ჯორჯ მაკგოვერნს. ნიქსონის მიერ მიღებული ხმების 60,7% რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობის უდიდესი მაჩვენებელია აშშ-ს ისტორიაში (სულ ნიქსონმა მოიგო 49 შტატი 50-დან და დათმო მხოლოდ მასაჩუსეტსი. შედეგად, მან დაკარგა ელექტორთა მხოლოდ 18 ხმა, რომელთაგანაც ერთი უბრალოდ სხვას მისცა არაკეთილსინდისიერმა ელექტორმა. ნიქსონის ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა 1984 წ. რეიგანის მიერ, როდესაც დემოკრატთა კანდიდატმა უოლტერ მონდეილმა მიიღო მხოლოდ 13 ხმა). მაგრამ ამავე დროს, სწორედ არჩევნების პერიოდში დაიწყო სკანდალი, რომელიც ნიქსონს პოსტის ფასად დაუჯდა.
1972 წ. მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადების პერიოდში, ნიქსონის ბრძანებით, სასტუმრო „უოტერგეიტში“, სადაც იკრიბებოდა დემოკრატების საარჩევნო კომიტეტი, დამონტაჟებული იქნა მოსასმენი აპარატურა, რომელიც აღმოჩენილი იქნა 1972 წ. 17 ივნისს დაცვის სამსახურის წევრის ფრენკ უილსის მიერ. თავდაპირველად, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამას შეეძლო სერიოზული ზემოქმედების მოხდენა ნიქსონის პოლიტიკურ კარიერაზე, მით უმეტეს, რომ სულ მცირე ხანში მან ძალიან იოლად მოიგო არჩევნები, მაგრამ 1973 წლის ზაფხულში გამოძიებამ ნათლად დაადგინა, რომ მოსმენა ინიცირებულ იქნა საკუთრივ თეთრი სახლის მიერ. შედეგად, ნიქსონის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 1973 წ. საერთოდ მძიმე გამოდგა რესპუბლიკელთა ადმინისტრაციისათვის. სანავთობო კრიზისს და უოტერგეიტის სკანდალს თან დაერთო ვიცე-პრეზიდენტ სპირო ეგნიუსთან (ნამდვილი სახელი სპიროს ანაგნოსტოპულოსი) დაკავშირებული კორუფციული სკანდალი. გაირკვა, რომ მერილენდის გუბერნატორობის დროს მას აღებული ჰქონდა 30000 დოლარამდე ქრთამი, რომელიც, ბუნებრივია, არ ჰქონდა დაფიქსირებული შემოსავლების დეკლარაციაში. ამის გამო, ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან და სასამართლო შეთანხმების საფუძველზე გადაეხადა 10000 დოლარი (ანუ ის თანხა, რომელიც მას უნდა გადაეხადა სახელმწიფოსათვის, თუ არ დამალავდა შემოსავალს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა დასასრული ამ პროცესისა, რადგანაც შემდგომში დადგინდა, რომ ის ქრთამს იღებდა ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდშიც და, საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა, სახელმწიფოსათვის გადაეხადა ქრთამად აღებული სრული თანხა _ თითქმის 270000 დოლარი). ეგნიუს გადადგომის შემდეგ აუცილებელი გახდა ახალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევა და ეს პოსტი დაიკავა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა ჯერალდ რუდოლფ ფორდმა (ნამდვილი სახელი ლესლი ლინჩ კინგი, რომელიც მან შეიცვალა 22 წლის ასაკში. მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მომავალი პრეზიდენტი სულ 16 დღის იყო და სამი წლის შემდეგ მისი დედა ცოლად გაჰყვა ჯერალდ რუდოლფ ფორდ უფროსს). უოტერგეიტის სკანდალი კი სულ უფრო იკრებდა ძალას და 1974 წ. აგვისტოში რ. ნიქსონი გადადგა. პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ჯერალდ ფორდმა, რომელიც ამგვარად გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელიც ხალხს არასდროს არ აურჩევია ვიცე-პრეზიდენტადაც კი (ფორდი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტიც ამ რანგში, თუმცა გაპრეზიდენტების შემდეგ მან ვიცე-პრეზიდენტად დაასახელა ნელსონ როკფელერი). ფორდის მოსვლა ქვეყნის სათავეში დაემთხვა რესპუბლიკელების პოპულარობის დაცემას. 1974 წ. ნოემბერში შემდგარ კონგრესის არჩევნებზე მათ სასტიკი მარცხი განიცადეს. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა 2-ჯერ მეტი ადგილი მიიღეს, ვიდრე რესპუბლიკელებმა (შესაბამისად 291 და 144). მნიშვნელოვანი უპირატესობა აღმოაჩნდათ დემოკრატებს სენატშიც (60 ადგილი 100-დან, რესპუბლიკელებს _ 39). 
ჯერალდ ფორდი ნიქსონის კურსის გამგრძელებელი გამოდგა. მან დატოვა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰენრი კისინჯერი. ფორდის პრეზიდენტობის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ე.წ. ჰელსინკის „დასკვნითი აქტი“, რომლითაც ისტორიაში პირველად სხვადასხვა წყობის მქონე სახელმწიფოებმა შეძლეს ურთიერთობისა და პოლიტიკური ქცევის საერთო კოდექსის შემუშავება. მიუხედავად ამისა, ეს იყო ფორდის ადმინისტრაციის ფაქტობრივად ერთადერთი მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯი საგარეოპოლიტიკურ არენაზე და მანაც დიდი პოპულარობა ვერ მოუტანა პრეზიდენტს. სამაგიეროდ ვიეტნამში განცდილმა მარცხმა, რომელსაც დაემთხვა კამბოჯაში წითელი ქჰმერების მოსვლა ხელისუფლებაში, სერიოზულად შეარყია მისი პოზიციები. განსაკუთრებით ცუდად იმოქმედა ფორდის პრესტიჟზე ამერიკული სავაჭრო ხომალდის შეპყრობამ კამბოჯელების მიერ. მართალია, კამბოჯელები დათანხმდნენ მათ გათავისუფლებაზე, მაგრამ პრეზიდენტმა მანამდე გასცა ბრძანება სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე, რის შედეგადაც 41 ამერიკელი დაიღუპა. ყოველივე ამან კიდევ უფრო დასწია რესპუბლიკლების რეიტინგი. მიუხედავად ამისა, ფორდს გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა 1976 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგანაც დემოკრატების კანდიდატი იყო სამხრეთელი ჯეიმს (ჯიმი) ერლ კარტერი. დემოკრატებს დიდად დაეხმარა ის ფაქტი, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ძალიან მცირე რაოდენობამ (ნახევარზე ოდნავ მეტმა) მიიღო მონაწილეობა. შედეგად, ჯიმი კარტერმა მოიპოვა 297 ელექტორის ხმა, ფორდმა _ 240.
პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კარტერმა ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო. მან მოახერხა კორპორაციებსა და პირად შემოსავალზე გადასახადების შემცირება, თანხების გამოყოფა სამუშაო ადგილების გაზრდისათვის, ანტიინფლაციური პროგრამის შემუშავება და ა.შ. კარტერის რეფორმატორულმა საქმიანობამ გარკვეული შედეგები გამოიღო, მაგრამ შემდეგ ვითარება გართულდა, რისი მიზეზიც გახდა ენერგეტიკული კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 1978 წ. კარტერს იმედი ჰქონდა, რომ ამ აქტით ის შეძლებდა 1973 წ. მსგავსი ენერგეტიკული კრიზისების აღმოფხვრას, მაგრამ 1979 წ. ზაფხულში ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ გართულებულ ვითარებას კვლავ სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი მოჰყვა აშშ-ში, რამაც კარტერის რეიტინგი სერიოზულად შეამცირა. მიუხედავად ამისა, საგარეოპოლიტიკური წარმატებები მას აიმედებდა, რომ 1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. ამ მხრივ კარტერს მართლაც საკმაოდ დიდი მიღწევები გააჩნდა. მან გააგრძელა ჯერ კიდევ ნიქსონისა და ფორ¬დის ადმინისტრაციების მიერ დაწყებული მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირთან, რომლებიც დასრულდა 1979 წ. ივნისში ვენაში კარტერისა და ლ. ბრეჟნევის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის მეორე ხელშეკრულების ხელმოწერით, მაგრამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოხერხდა (1986 წ. აშშ-მ საერთოდ დატოვა აღნიშნული შეთანხმება), რისი უმთავრესი მიზეზი აღმოჩნდა 1979 წ. დეკემბერში საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში ჯარების შეყვანა. 1980 წ. გამოცხადდა ე.წ. „კარტერის დოქტრინა“, რომელიც არ გამორიცხავდა „მცირემასშტაბიანი ბირთვული ომის“ წარმოების შესაძლებლობას და აკანონებდა აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფნას მსოფლიოს სხვადასხვა რაიონში, რომლებიც აღმოჩნდებოდა შეერთებული შტატების „სასიცოცხლო ინტერესების ზონაში“.
საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე კარტერის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა გაეუმჯობესებინა თავისი ურთიერთობები ზოგიერთ სოციალისტურ ქვეყანასთან, კერძოდ: ჩინეთთან, ლაოსთან და რუმინეთთან, რაც წარმატებით მოახერხა კიდეც.
კარტერის პრეზიდენტობის ხანაში მოხდა ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა: 1978 წ. სექტემბერში კემპ-დევიდში აშშ-ს, ეგვიპტესა და ისრაელს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც ბოლო მოუღო დაპირისპირებას ახლო აღმოსავლეთის ამ ორ ქვეყანას შორის (ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა და ისრაელის პრემიერ მინისტრმა მენაჰემ ბეგინმა ამისათვის ნობელის პრემია მიიღეს მშვიდობის დარგში) და მოაწესრიგა მათ შორის არსებული სადავო საკითხები.
ჯ. კარტერისათვის საბედისწერო აღმოჩნდა ირანის საკითხი, რომელმაც შეიწირა მისი პოლიტიკური კარიერა. 1979 წ. ირანში მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ, რომელმაც დაამხო შაჰის პროამერიკული მთავრობა, ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაიძაბა. 1979 წ. ნოემბერში ირანელი ფუნდამენტალისტები შეიჭრნენ აშშ-ს საელჩოში და მძევლად აიყვანეს ამერიკელი მოქალაქეები. 444 დღის განმავლობაში ისინი უარს ამბობდნენ მათ განთავისუფლებაზე.3 ჯ. კარტერი იძულებული გახდა, 1980 წ. აპრილში დათანხმებოდა სამხედრო ოპერაციის განხორციელებას მძევლების განთავისუფლების მიზნით, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამან მკვეთრად დასცა კარტერის ავტორიტეტი და მანაც გამანადგურებელი მარცხი იწვნია საპრეზიდენტო არჩევნებში (49 ელექტორი 489-ის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა 41% იყო 50,7-ის წინააღმდეგ). აშშ-ს ახალი, რიგით მე-40 პრეზიდენტი გახდა რონალდ რეიგანი. მოჰყვა კარტერის სასტიკი მარცხი 1980 წ. 4 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რის შედეგადაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი გახდა რონალდ რეიგანი. 
$2. აშშ 1981-1988 წლებში.
რეიგანმა, რომელიც იმ პერიოდში 69 წლის ხდებოდა, მოახდინა აშშ-ს ეკონომიკის რეკონსტრუქცია. მის საშინაო-პოლიტიკურ კურსს „რეიგანომიკა“ ეწოდა. მან ხელი აიღო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებაზე, რითაც განაპირობა ბაზრის ფაქტორის გაზრდა. თავის ერთ-ერთ ყველაზე გადაუდებელ ამოცანად რეიგანმა მიიჩნია საგადასახადო სისტემის რეფორმა. ამ საკითხს ყურადღება ჯერ კიდევ კარტერმა მიაქცია, მაგრამ მის მიერ 1978 წ. წარმოდგენილი კანონპროექტი კონგრესმა დაიწუნა. რეიგანმა თავისი პრეზიდენტობის წლებში ეტაპობრივად განახორციელა საგადასახადო სისტემის რეფორმირება (მისი თქმით, ეს იყო „მეორე ამერიკული რევოლუცია“) და იგი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის მისაღები გახადა. გარდა ამისა, მან საბოლოოდ აღკვეთა ინფლაცია, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა კარტერის პრეზიდენტობის პერიოდში. შედეგად, სწრაფი ტემპებით დაიწყო ზრდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებელმა, რომელმაც 1989 წ. პირველად აშშ-ს ისტორიაში 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. რეიგანმა შესძლო უმუშევართა რიცხვის მკვეთრად შემცირება. ერთადერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც მან ვერ მოახერხა, იყო ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, თუმცა ამან აშშ-ს ეკონომიკის განვითარებას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა. რეიგანის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ უმჯობესდებოდა.
საგარეო პოლიტიკაშიც რეიგანის მიერ გატარებული ნაბიჯები ასევე მეტად ეფექტური გამოდგა. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მკაცრი კურსის გატარება დაიწყო, რასაც „ძალისმიერი მშვიდობის“ პოლიტიკა ეწოდა. მან სწორად გათვალა, რომ საბჭოთა ეკონომიკა ვერ გაუძლებდა ბირთვული შეიარაღების გამალებულ ზრდას და მნიშვნელოვანწილად გააფართოვა ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნებანი შეიარაღებაზე. მან გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ვარიანტი“, რომელიც ითვალისწინებდა საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების სრულ განადგურებას, მაგრამ საბჭოთა მხარემ უარყო ის, როგორც სსრკ-ს ცალმხრივად განიარაღებისაკენ მიმართული (როგორც შემდგომში გაირკვა, საბჭოთა მხარეს ბევრად მეტი საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტა გააჩნდა და ამიტომაც იყო წინააღმდეგი მათი ლიკვიდაციისა). სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნატო-ს სესიამ გადაწყვიტა, განელაგებინა ამ ტიპის 600-მდე ამერიკული ქობინა ევროპაში. ეს იყო საპასუხო რეაქცია ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანაზე. 1983 წელს დაიწყო ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, რის შემდეგაც საბჭოთა მთავრობამ შეწყვიტა ყოველგვარი მოლაპარაკებები სტრატეგიული და საშუალო რადიუსის რაკეტების შემცირების თაობაზე, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობდა. აღნიშნული მოლაპარაკებები მხოლოდ 1985 წ. იანვარში განახლდა.
1983 წლის მარტში თეთრმა სახლმა შეიმუშავა ფართომასშტაბიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის პროგრამა, რომელმაც „სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის“ სახელწოდება მიიღო (ედვარდ კენედიმ მას „ვარსკვლავეთის ომების“ პროგრამა უწოდა). აღნიშნული პროგრამა მიმართული იყო აშშ-ს მიერ ბირთვული უპირატესობის მოპოვებისათვის, რადგანაც მისი განხორციელების შემთხვევაში აშშ-ს ექნებოდა რაკეტსაწინააღმდეგო ფარი, რომელიც საშუალებას მისცემდა, დაუსჯელად განეხორციელებინა ბირთვული დარტყმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ (კლინტონის ადმინისტრაციამ შეაჩერა ამ პროგრამის განხორციელება, თუმცა ბუშ-უმცროსის ადმინისტრაცია კვლავ ფიქრობს მის აღორძინებაზე).
1983 წ. სექტემბერში საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა სახალინთან ჩამოაგდეს სამხრეთკორეული სამგზავრო „ბოინგი“, რასაც მოჰყვა ურთიერთობების ესკალაციის ახალი ეტაპი აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ უწოდა სატელევიზიო გამოსვლაში რეიგანმა სსრკ-ს „ბოროტების იმპერია“.4 ამ ფონზე პროკომუნისტური მთავრობების წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს მთავრობა არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას მოერიდა. 1983 წ. ოქტომბერში რეიგანის ადმინისტრაციამ გადასხა თავისი შეიარაღებული ძალები კ. გრენადაზე და დაამხო კომუნისტური რეჟიმი, რომელიც აქ დამყარებული იქნა საბჭოთა კავშირისა და კუბის მეშვეობით. ოპერაცია სულ 2 საათს გაგრძელდა და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ ამერიკულმა ნაწილებმა კუნძული დატოვეს, რითაც საშუალება მისცეს ადგილობრივ მოსახლეობას, თავად აერჩია მისთვის სასურველი მთავრობა.
როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეულმა წარმატებებმა განაპირობა კიდეც რეიგანის გამარჯვება 1984 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. მან 49 შტატში აჯობა დემოკრატების კანდიდატ უოლტერ მონდეილს და მხოლოდ მოწინააღმდეგის მშობლიურ შტატ მინესოტაში დამარცხდა (მონდეილმა მოიგო კოლუმბიის ოლქიც). შედეგად მან მიიღო ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების 525 ხმა, რაც სარეკორდო მაჩვენებელი აღმოჩნდა. მონდეილმა, რომელსაც ამომრჩევლების 40%-მა დაუჭირა ხმა, კოლეგიის წევრების მხოლოდ 13 ხმა მიიღო. მიუხედავად რეიგანის ასეთი წარმატებისა, რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია. მათ მხოლოდ სენატში მოახერხეს უმრავლესობის მოპოვება (53 ადგილი 47-ის წინააღმდეგ), წარმომადგენელთა პალატაში კი დემოკრატებმა შეინარჩუნეს უპირატესობა (შესაბამისად 252 და 184 დეპუტატი). 1986 წ. ჩატარებული არჩევნების დროს კი დემოკრატებმა სენატიც დაიბრუნეს და კონგრესი მთლიანად მათ ხელში გადავიდა.
ხელახალი არჩევის შემდეგ რეიგანმა გააგრძელა დაწყებული კურსი. 1986 წ. მიღებულ იქნა ახალი საგადასახადო კანონი, რომლითაც შემცირებულ იქნება საგადასახადო განაკვეთები (მაქსიმალური 50% იქცა 28%-ად). ამავე დროს, მკვეთრად შემცირებულ იქნა გადასახადებისაგან თავის არიდების შესაძლებლობები. ამით რეიგანმა შეასრულა თავისი წინასაარჩევნო დაპირება, რომ არ გაადიდებდა გადასახადებს.
1986 წ. მიწურულს დაიწყო „ირან-კონტრასის“ სკანდალი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეარყია რესპუბლიკური ადმინისტრაციის პრესტიჟი. „ირან-კონტრასის“ საქმე აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია რეიგანის ადმინისტრაციის რეფორმირება. თავისი პოსტები დაკარგეს თავდაცვის მინისტრმა კასპარ უაინბერგერმა (ის შეცვალა ფრენკ კარლუჩიმ), თეთრი სახლის აპარატის მეთაურმა დონალდ რიგანმა (მისი ადგილი დაიკავა ჯეიმს ბეიკერმა), ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად უილიამ კეისის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა უილიამ უებსტერი. ამ გადაადგილებების შედეგად ადმინისტრაციაში მნიშვნელოვნად გამყარდა ე.წ. „ცენტრისტების“ პოზიციები, რომელთაც მეთაურობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი.
რეიგანის მეორე პრეზიდენტობის დროს მკვეთრად გაუმჯობესდა ურთიერთობები აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის. ამას წინ უძღოდა სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში მიხაილ გორბაჩოვის მოსვლა და საგარეო საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძის დანიშვნა. უდიდესი მნიშვნელობა ბირთვული დაძაბულობის შენელებაში ჰქონდა რეიგანისა და გორბაჩოვის შეხვედრას ჟენევაში 1985 წ. ამ დროიდან შეხვედრები ორი ზესახელმწიფოს ლიდერებს შორის ტრადიციული გახდა და, როგორც მინიმუმ, წელიწადში ერთხელ ეწყობოდა (1986 წ. ოქტომბერში რეიკიავიკში, 1987 წ. დეკემბერში ვაშინგტონში, 1988 წ. მაის-ივნისში მოსკოვში და ა.შ.). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვაშინგტონის შეხვედრა, რომელზეც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საშუალო და ნაკლები რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. აშშ-ს პრეზიდენტად ჯორჯ ბუშ უფროსის არჩევის შემდეგ აღნიშნული კურსი გაგრძელდა და 1989 წ. დეკემბერში მალტაში ბუშსა და გორბაჩოვს შორის შემდგარი მოლაპარაკებები მიჩნეული იქნა „ცივი ომის ეპოქის“ დასასრულად.
საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების მოწესრიგების პარალელურად რეიგანის ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა განემტკიცებინა თავისი პოზიციები მსოფლიოში. ამ მიზნით ის აქტიურად ეხმარებოდა ნიკარაგუაში პროკომუნისტური სანდინისტური ფრონტის მმართველობის წინააღმდეგ მებრძოლ „კონტრასის“ რაზმებს. საბოლოოდ, აშშ-ს ჩარევით მოხერხდა ნიკარაგუაში მეომარი მხარეების მორიგება და საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენელმა ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორომ დაამარცხა დანიელ ორტეგა და პრეზიდენტის პოსტი დაიკავა (ბედის ირონიით, 2006 წელს ორტეგამ მოახერხა დიდ პოლიტიკაში დაბრუნება და უკვე არჩევნების გზით პრეზიდენტის პოსტის დაკავება).
1988 წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის ერთი ნაწილი სავსებით სერიოზულად მოითხოვდა, რომ რეიგანს მესამედ ეყარა კენჭი, მაგრამ მან არ მოისურვა 1951 წ. მიღწეული საკონსტიტუციო შესწორების დარღვევა და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. შედეგად, რესპუბლიკელებმა თავიანთ კანდიდატად დაასახელეს ჯ. ბუში (ვიცე-პრეზიდენტად _ დენ ქუეილი). თავის მხრივ, მძაფრი შიდაპარტიული ბრძოლა გაჩაღდა დემოკრატებს შორის. თავდაპირველად აქ ლიდერი იყო სენატორი გერი ჰარტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო აშშ-ში და რომელსაც სერიოზული კონკურენციის გაწევა შეეძლო ბუშისათვის. მაგრამ შემდეგ 64 წლის გერი ჰარტი მხილებულ იქნა ცოლქმრულ ღალატში და იძულებული გახდა, დაესრულებინა თავისი პოლიტიკური კარიერა. ჰარტის ჩამოშორებამ ხელ-ფეხი გაუხსნა სენატორს მასაჩუსეტსის შტატიდან მაიკლ დუკაკისს, რომელმაც შეძლო დემოკრატების კონგრესზე ჯესი ჯეკსონის დამარცხება და პრეზიდენტობის კანდიდატიც გახდა. მიუხედავად ამისა, არჩევნებში მან ვერ გაუწია სერიოზული კონკურენცია ჯ. ბუშს და მოსახლეობის 46%-ის მხარდაჭერის მიუხედავად, საგრძნობლად ჩამორჩა რესპუბლიკელთა კანდიდატს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების ხმებით. აშშ-ს ახალი 41-ე პრეზიდენტი გახდა ჯორჯ ბუში, რომელმაც განაგრძო რეიგანისეული კურსი როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

შენიშვნები
1. არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ნიქსონს სულაც არ სურდა სკოლების დესეგრეგაცია და ეს უბრალოდ თავისთავად მოხდა.
2. აღსანიშნავია, რომ ჰარი კოულმენი არ იმყოფებოდა უნივერსიტეტის შენობაში მისი დაკავების დროს, მაგრამ როდესაც შეიტყო, რომ მარკ რუდმა გამოთქვა მისი მძევლად აყვანის სურვილი, კოულმენი შევიდა შენობაში შემდეგი სიტყვებით: „მე არ გამაჩნია არანაირი ძალაუფლება თქვენი მოთხოვნების განხორციელებაზე, მაგრამ მე არ გამაჩნია არანაირი სურვილი, დავაკმაყოფილო ისინი შექმნილ ვითარებაში“. მოგვიანებით ჰარი კოულმენი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 1972 წ. ცუდი მოსწრებისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა, თუმცა, საბედნიეროდ, ის გადარჩა.
3. არსებობს ეჭვი, რომ ამ კრიზისის შეგნებულად გაჭიანურებაში მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმაც, რომლებსაც არ აწყობდათ კარტერის ადმინისტრაციის წარმატება აღნიშნული საქმის გადაწყვეტაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო. ყოველ შემთხვევაში, რეიგანის ინაუგურაციისთანავე ირანელებმა მძევლები გაათავისუფლეს.
4. რეიგანს საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად“ ჯერ კიდევ 1983 წ. მარტში ჰყავდა გამოცხადებული, თუმცა ეს იყო გამოსვლა ფლორიდაში, ადგილობრივი ევანგელისტების საზოგადოების წინაშე.

Комментариев нет:

Отправить комментарий