$1. აშშ ტრუმენის პრეზიდენტობის პერიოდში (1945-1952).
მეორე მსოფლიო ომიდან აშშ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებული გამოვიდა. აშშ-მ ომში 417000. ჯარისკაცი დაკარგა დაღუპულების სახით. მაგრამ ამავე დროს ომის დამთავრებას მოჰყვა პრობლემები. პირველ რიგში, დადგა უმუშევრობის საკითხი, რომელიც ომის განმავლობაში გადაწყვეტილი იქნა სამხედრო კომპლექსისა და ჯარში გაწვევის წყალობით. ამჯერად სამხედრო წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო დიდი ნაწილი ჯარისკაცებისა დემობილიზებული იქნა და დაბრუნდა, მაგრამ სამუშაო ადგილი სხვის მიერ დახვდა დაკავებული. ამას მოჰყვა ინფლაცია, რომლის შედეგადაც 1946-1947 წლებში ფასები 25%-ით გაიზარდა.
რასაკვირველია, ყოველივე ეს დემოკრატებს დაბრალდა (პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და კონგრესის უმრავლესობა დემოკრატები იყვნენ) და 1946 წ. კონგრესის არჩევნებში გამარჯვება რესპუბლიკელებს დარჩათ (246 ადგილი წარმომადგენელთა პალატაში 188 დემოკრატის წინააღმდეგ; 51 სენატორი 45 დემოკრატის წინააღმდეგ). პრაქტიკულად პირველი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ახალმა კონგრესმა მიიღო, იყო კონსტიტუციის 22-ე შესწორება, რომლის ძალითაც ერთი და იმავე პიროვნებას აეკრძალა პრეზიდენტის პოსტის ორ ვადაზე მეტით დაკავება (უფრო მეტიც, პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს ისეთი პიროვნებაც, ვინც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა არჩეული პრეზიდენტის გარდაცვალების ან იმპიჩმენტის შედეგად და ამ პოსტზე გაატარა ორი წელზე მეტი, შემდეგ კი იქნა არჩეული ახალი ვადით. ასეთ პიროვნებას მეორეჯერ კანდიდატურის წამოყენება უკვე ეკრძალება). აღნიშნული შესწორება ძალაში შევიდა 1951 წ. 27 თებერვალს, როდესაც მისი რატიფიცირება მოახდინა შტატების ¾-მა და ის არ ეხებოდა ტრუმენს. 1947 წ. მიღებული იქნა ტაფტ-ჰარტლის კანონი (სენატორების გვარების მიხედვით), რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა პროფკავშირების უფლებებს (ამ კანონით იქნა შეცვლილი „ვაგნერის აქტი“), 1948 წ. კი შემცირებული იქნა გადასახადები დიდ შემოსავალსა და მსხვილ კაპიტალზე.
ტრუმენმა კონგრესს დაუპირისპირა ე.წ. „სამართლიანი კურსი“. მისი პროგრამა ითვალისწინებდა: ტაფტისა და ჰარტლის კანონის გაუქმებას; სოციალური უზრუნველყოფის გაფართოებას და სამედიცინო დაზღვევის სისტემის შექმნას; შტატებისათვის ფინანსურ დახმარებას განათლების დონის ასამაღლებლად; მინიმალური ხელფასის გაზრდას; მცირეშემოსავლიანი ოჯახებისათვის იაფი ბინების მშენებლობას; მუდმივი კომისიის შექმნას რასობრივი დისკრიმინაციის აღსაკვეთად; და სუბსიდიებისა და სესხების გაცემას ფერმერებისათვის. გარდა ამისა, ტრუმენმა დაიწყო არმიის დესეგრეგაცია, დანიშნა პირველი შავკანიანი გუბერნატორი უილიამ ჰენრი ჰესტი III (1946 წ. ვირჯინიის კუნძულებზე, მოგვიანებით, 1949 წ. ის გახდა ფედერალური სასამართლოს პირველი ზანგი მოსამართლე). რადგანაც კონგრესი წინ აღუდგა ტრუმენის პროგრამას, პრეზიდენტმა მას „უსაქმური“ უწოდა. ტრუმენის შანსები 1948 წ. არჩევნების წინ მეტად პესიმისტურად ფასდებოდა. მისი აქტიურობა დესეგრეგაციის მიმართულებით მეტად სახიფათოდ ჩაითვალა, რადგანაც სამხრეთ შტატებში სასწრაფოდ შეიქმნა ახალი პარტია _ შტატების უფლებების დემოკრატიული პარტია (პარტიის წევრებს მეტსახელად „დიქსიკრატები“ უწოდეს. „დიქსის“ უწოდებენ სამხრეთ შტატებს, თუმცა ზუსტი ეტიმოლოგია სიტყვის უცნობია). თავის მხრივ, ჰენრი უოლესმა, რომელიც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო 1941-1945 წლებში) აღადგინა პროგრესული პარტია და მარცხნიდან შეუტია ტრუმენს. პრაქტიკულად ყველა დარწმუნებული იყო, რომ ტრუმენი წააგებდა არჩევნებს რესპუბლიკელთა კანდიდატ თომას დიუისთან, მაგრამ ტრუმენმა მეტად აქტიური კამპანია ჩაატარა. მან პრაქტიკულად მთელი ამერიკა მოიარა მატარებლით (საპრეზიდენტო მატარებლის სახელი იყო „ფერდინანდ მაგელანი“) და უშუალოდ ხალხთან საუბრით შეცვალა არჩევნების მიმდინარეობა (საინტერესოა, რომ ეს გამორჩა პრესას და არჩევნების წინა დღესაც კი ყველა დარწმუნებული იყო რესპუბლიკელთა გამარჯვებაში. საქმე იქამდე კი მივიდა, რომ „ჩიკაგო ტრიბიუნმა“ წინასწარ დაბეჭდა ტირაჟი, რომელიც დიუის გამარჯვებას იტყობინებოდა და მეორე დღეს მოცინარე ტრუმენმა ამ გაზეთით ხელში გადაიღო სურათი). საერთო ჯამში ტრუმენმა მიიღო 303 ელექტორის ხმა, დიუიმ _ 189, ხოლო დიქსიკრატთა კანდიდატმა ჯეიმს სტრომ თარმონდმა _ 39. უოლესმა, რომელმაც თითქმის იმდენივე ხმა მიიღო არჩევნებში, რამდენიც თარმონდმა, ვერცერთი შტატი ვერ მოიგო და, შესაბამისად, ელექტორების ხმების გარეშე დარჩა. დემოკრატებმა დაიბრუნეს კონტროლი კონგრესზეც, რის შემდეგაც მოხერხდა „სამართლიანი კურსის“ ნაწილობრივი განხორციელება: ხელფასის მინიმუმი გაიზარდა 40-დან 70 ცენტამდე საათში, დაიწყო ბინათმშენებლობის პროექტის შესრულებაც, მაგრამ ტაფტისა და ჰარტლის კანონის გაუქმება ვერ მოხერხდა, სამედიცინო დაზღვევის შემოღებას კი წინ აღუდგა სამედიცინო ასოციაცია.
ამ პერიოდში აშშ-ს მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ სატკივარს კომუნიზმის პრობლემა წარმოადგენდა. 1947 წ. მარტში პრეზიდენტის განკარგულებით ფედერალურ საგამოძიებო სამსახურს (FBI) დაევალა სახელმწიფო მოხელეთა ლოიალობის შემოწმება. 4 წელიწადში შეამოწმეს 3 მლნ მოსამსახურე, რომელთაგან 2900 გადადგა და 300 დაითხოვეს. 90 ორგანიზაცია არალოიალურად გამოცხადდა. ანტიკომუნიზმი ძალიან პოპულარული იყო და ამ ტალღაზე თავისი სახელის პოპულარიზაცია გადაწყვიტა სენატორმა (ვისკონსინის შტატიდან) ჯოზეფ მაკარტიმ. სწორედ ამიტომ უკიდურეს ანტიკომუნიზმს მაკარტიზმი ეწოდა. მაკარტიმ 1950წ. განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ჯაშუშებით იყო სავსე და დადო კომუნისტი აგენტების 205-კაციანი სია (სახელების გარეშე), მაგრამ შემდგომ ვერ შეძლო ბრალდებათა დამტკიცება (აღსანიშნავია, რომ მოკლე ხანში მისი „ჯაშუშების“ რიცხვი შემცირდა 57-მდე, შემდეგ ოდნავ გაიზარდა 81-მდე, მაგრამ მაკარტიმ მხოლოდ 10 კაცის გვარი დაასახელა და იქაც აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას არასდროს არ უმუშავია სახელმწიფო დეპარტამენტში), რის გამოც მისი მზე თანდათანობით ჩაესვენა. მაკარტიმ იგრძნო, რომ მისი პოზიციები შეირყა და უკვე არმიასაც დაესხა თავს, რამაც პირუკუ ეფექტი გამოიღო. სასიკვდილო განაჩენი მას გამოუტანა სატელევიზიო შოუმ, რომლის დროსაც მაკარტიმ „თავი გამოიჩინა“ უზნეო საქციელით. მართალია, ის დარჩა სენატორად, მაგრამ უკვე ვერ დაიბრუნა ძველი დიდება.
თავის საგარეო პოლიტიკაში ტრუმენი გამოირჩეოდა მკვეთრი ანტისაბჭოთა განწყობილებებით. 1947 წ. 12 მარტს კონგრესმა მიიღო მისი წინადადება საბერძნეთისა და თურქეთისათვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენისა და იქ ამერიკული ჯარების განთავსების შესახებ, რათა აეცილებინათ ამ ქვეყნებში პროკომუნისტური რეჟიმების დამყარება. ტრუმენის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ტრუმენის დოქტრინა ეწოდა, გახდა პრაქტიკულად თურქეთისა და საბერძნეთის გადამრჩენი, თუმცა, ამავე დროს თურქეთში ამერიკული ჯარების განთავსებამ ხელი შეუშალა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების უკან დაბრუნებაში. სტალინს ამ დროს მართლაც განზრახული ჰქონდა თურქეთის ტერიტორიის დაკავება, შემდეგ კი ალბათ დაეხმარებოდა ბერძენ კომუნისტებსაც, მაგრამ ამერიკული ჯარების თურქეთში განლაგების შემდეგ ეს პრაქტიკულად გამოირიცხა, რადგანაც ეს აშშ-სთან ომის დაწყებას ნიშნავდა, იმ დროს კი ბირთვული იარაღი მხოლოდ აშშ-ს გააჩნდა, რაც მას გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა. ტრუმენის დოქტრინა პრაქტიკულად მთლიანად დაფუძნებული იყო ჯორჯ კენანის (იმ პერიოდში აშშ-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საბჭოთა კავშირში) მიერ 1946 წ. ვაშინგტონში გაგზავნილ „გრძელ დეპეშაზე“. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს დეპეშა და კენანის მიერ 1947 წ. გამოქვეყნებული სტატია (სტატია საისტორიო წყაროებში ცნობილია როგორც „X სტატია“, რადგანაც კენანმა საკუთარი გვარის ნაცვლად მას მოაწერა მხოლოდ ასო X) გახდა საფუძველი ე.წ. „შეკავების დოქტრინისა“.
ტრუმენის დოქტრინასთან ერთად მიღებული იქნა ე.წ. „მარშალის გეგმაც“, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ევროპის ეკონომიკურ აღორძინებაში. ამერიკული დახმარების კოორდინაცისათვის 1948 წ. შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობა. თუმცა ტრუმენის ეკონომიკურმა პოლიტიკამ ევროპაში სერიოზული კრიზისიც გამოიწვია მას შემდეგ, რაც 1948 წ. ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა გაატარეს ფულადი რეფორმა ტრიზონიაში და გაავრცელეს ახალი დასავლეთგერმანული მარკა დასავლეთ ბერლინზეც. „ბერლინის კრიზისმა“ და საბჭოთა ჯარების მიერ დასავლეთ ბერლინის ბლოკირებამ ნათელი გახადა ევროპაში სამხედრო ბლოკის შექმნის აუცილებლობა. შედეგად, 1949 წ. 4 აპრილს ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას და შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო).
ტრუმენის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის როდი იყო წარმატებული. მთლიანად ჩაფლავდა ამერიკელების პოლიტიკა ჩინეთში, სადაც გომინდანის ძალებმა სასტიკი მარცხი განიცადეს კომუნისტებთან ბრძოლაში და 1949 წ. იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ კონტინენტური ჩინეთის ტერიტორია და გადასულიყვნენ კ. ტაივანზე. ერთადერთი, რაც შეძლო ამერიკულმა პოლიტიკამ, იყო ჩინეთის ახალი ხელისუფლების არცნობა და ტაივანზე გახიზნული ჩან კაიშის მთავრობის გადარჩენა. ამ მიზნით, ტრუმენმა 1950 წ. ივნისში ტაივანის ყურეში განათავსა ამერიკული ხომალდები. გარდა ამისა, ამერიკელებმა აუკრძალეს გომინდანის ძალებს კონტინენტურ ჩინეთზე შეტევის მიტანა.
XXს.-ის 40-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში შექმნილი მძიმე სიტუაცია სულაც არ გამორიცხავდა იმას, რომ დაწყებულიყო ომი აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, მაგრამ 1949 წ. საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული იარაღის მიღებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ამ ქვეყნებს შორის უშუალო სამხედრო კონფლიქტი, სამაგიეროდ, მათ მალე მოახერხეს ლოკალური კონფლიქტის მოწყობა. პირველი ასეთი ლოკალური კონფლიქტი მოეწყო კორეაში და სამწლიანი ომის შემდეგ (1950-1953 წწ.) ფაქტობრივად ყაიმით დასრულდა. საბოლოო ჯამში აღსდგა ომამდელი სტატუს-ქვო და საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის კვლავ 38-ე პარალელზე დაფიქსირდა.
1952 წ. არჩევნების წინ პრაქტიკულად ნათელი იყო, რომ გამარჯვებას რესპუბლიკელები მოიპოვებდნენ. მით უფრო ნათელი გახდა ეს მას შემდეგ, რაც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა მეორე მსოფლიო ომის გმირი დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი. დემოკრატებში წინასწარი არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო ესტეს კეფაუვერმა, მაგრამ რადგანაც შტატების დიდი რაოდენობა იმ პერიოდში ჯერ კიდევ უბრალოდ ირჩევდა სანომინაციო ყრილობის დელეგატებს, კეფაუვერი ყრილობაზე მხოლოდ მეორე ადგილზე აღმოჩნდა და დემოკრატების ნომინანტი გახდა ილინოისის შტატის გუბერნატორი ადლაი სტივენსონი, რომელმაც მანამდე რამდენიმეჯერ თქვა უარი კანდიდატად წამოყენებაზე. საბოლოო ჯამში, ეიზენჰაუერმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მან მიიღო 442 ელექტორის ხმა და ამომრჩეველთა ხმების 55%, სტივენსონმა კი _ 89 ელექტორის ხმა და 44%. გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა მოიგეს კონგრესის არჩევნებიც.
$2. აშშ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის პერიოდში (1953-1960).
ეიზენჰაუერის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას ეწოდა „ცხრა მილიონერისა და ერთი წყალსადენის ოსტატის“ მთავრობა, რადგანაც შრომის მდივნის თანამდებობა დაიკავა წყალსადენის ოსტატთა პროფკავშირის ლიდერმა, დემოკრატმა მარტინ დარკინმა, დანარჩენი მინისტრები კი ელიტას წარმოადგენდნენ. ეიზენჰაუერის საშინაო პოლიტიკა მაინცდამაინც დიდი მიღწევებით არ გამოირჩეოდა, თუმცა სოციალური ხარჯები ამ დროს 4 მლრდ დოლარით გაიზარდა. პირველი საპრეზიდენტო ვადისას ეიზენჰაუერის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიღწევად ითვლება გზების წესრიგში მოყვანა და სწრაფი გზების სისტემის შექმნა, რისი გაკეთებაც მას გერმანულმა ავტობანებმა შთააგონა.
ყველაზე სერიოზული შინაპოლიტიკური პრობლემა, რომელიც ამ დროს აწუხებდა აშშ-ს, იყო სეგრეგაციის საკითხი. 50-იან წლებში დაიწყო დიდი ბრძოლა აშშ-ს შავკანიანი მოსახლეობის თეთრებთან უფლებებში სრული გათანაბრებისათვის. 1954 წ. უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო სკოლების დესეგრეგაციის შესახებ. მართალია, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრა 100-ზე მეტმა სამხრეთელმა სენატორმა („სამხრეთული მანიფესტი“), მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 1957 წ. მოხდა პირველი სერიოზული დაპირისპირება ამ ნიადაგზე, როდესაც ლითლ-როკში (არკანზასი) სკოლისაკენ მიმავალ 9 ზანგ მოსწავლეს გზა ეროვნულმა გვადიელებმა გადაუღობეს (გუბერნატორის ბრძანებით). ფედერალურმა სასამართლომ გაიწვია გვარდიელები, მაგრამ ახლა უკვე ბრბო ჩაერია საქმეში. მაშინ პრეზიდენტმა 1000 მედესანტე გაგზავნა შტატში კანონიერების დასაცავად, მაგრამ ამით საქმე არ დამთავრდა. 1958 წ. გუბერნატორმა სკოლა დახურა.
1955 წ. 1 დეკემბერს მონტგომერიში (ალაბამა) ზანგმა მკერავმა ქალმა როზა პარქსმა ავტობუსში თეთრკანიანთათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა, რის გამოც ის დააპატიმრეს. ამას ზანგებმა უპასუხეს ავტობუსების 381-დღიანი ბოიკოტით, რომელსაც ედგარ ნიქსონმა სათავეში ჩაუყენა ახალგაზრდა პასტორი მარტინ ლუთერ კინგი. პრაქტიკულად გააკოტრა სატრანსპორტო კომპანია. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სეგრეგაცია ავტობუსებში. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებებისა, ეიზენჰაუერის დროს სრული დესეგრეგაცია ვერ მოხერხდა. ზანგების საბოლოო გათანაბრება თეთრკანიანებთან მოხდა ლინდონ ჯონსონისა და რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს.
სეგრეგაციის გარდა, ეიზენჰაუერმა ყურადღება გაამახვილა მექსიკიდან უკანონო ემიგრანტების მოზღვავებაზე. 1954 წ. 17 ივნისს დაიწყო ოპერაცია „უკანონო ემიგრანტი“, რომლის შედეგადაც 80000-მდე მექსიკელი დააბრუნეს უკან მექსიკაში (დაახლ. 3 მილიონიდან). მიუხედავად ამისა, პრობლემის გადაწყვეტა პრაქტიკულად ვერ მოხერხდა და დღეისათვის უკვე მექსიკელების პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზული გახდა.
1956 წ. ეიზენჰაუერმა ხელახლა იყარა კენჭი პრეზიდენტად (მიუხედავად იმისა, რომ თავიდან უარს ამბობდა ხელახალ ნომინაციაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო _ 1955 წ. ეიზენჰაუერმა ინფარქტი გადაიტანა) და ისევ დაამარცხა ადლაი სტივენსონი (457 ელექტორის ხმა 73-ის წინააღმდეგ). უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე პრინციპულ ცვლილებებს ქვეყნის ცხოვრებაში ამ პერიოდში ადგილი არ ჰქონია და არც ეიზენჰაუერს გამოუჩენია თავი დიდი ინიციატივებით საშინაო პოლიტიკაში. სამაგიეროდ, ის საკმაოდ აქტიურობდა საგარეოპოლიტიკურ არენაზე.
საგარეო პოლიტიკას ეიზენჰაუერი ყოველთვის საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა. ჯერ კიდევ 1952 წ. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას მან პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარდა კორეაში ომის დასასრულებლად. გაპრეზიდენტების შემდეგ მან ეს დაპირება მართლაც შეასრულა და მიაღწია საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ზავის დადებას (სხვათა შორის, ის ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი დაიმუქრა, თუ არ მოხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა). ეიზენჰაუერმა განაგრძო ბლოკების შექმნის პოლიტიკა. ამას ხელს უწყობდა 1954 წ. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივნის ჯონ ფოსტერ დალესის მიერ წამოყენებული ე.წ. „უკუგდების დოქტრინა“. გადაწყდა ბლოკების შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. 1954 წ. 6-8 სექტემბერს მანილაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია. 1955 წ. კი ხელი მოეწერა „ბაღდადის პაქტს“ (თურქეთი, ერაყი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ირანი). გარდა ამისა, ეიზენჰაუერმა ფაქტობრივად ყველანაირად შეუწყო ხელი საფრანგეთის დამარცხებას ინდოჩინეთში. თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს აშშ-ს უბრალოდ შეუძლებლად მიაჩნდა ფრანგების გამარჯვება და არ ებმებოდა წასაგებად განწირულ ომში, მაგრამ შემდეგ ამერიკელებმა სწრაფად დაიკავეს ფრანგების ადგილი სამხრეთ ვიეტნამში, რამაც ფარდა ახადა მათ ნამდვილ სურვილს: თავად გაეკონტროლებინათ რეგიონი.
ახალი ბლოკების შექმნის პარალელურად გრძელდებოდა ნატოს გაძლიერება და ახალი წევრების მიღება. 1955 წ. მაისს ნატოში მიღებული იქნა გფრ, რამაც კიდევ უფრო დაძაბა მდგომარეობა მსოფლიოში და გამოიწვია ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნა.
ღია პოლიტიკასთან ერთად ეიზენჰაუერი სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა საიდუმლო ოპერაციებს. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, რომელსაც სათავეში ედგა ალენ დალესი (ჯონ ფოსტერ დალესის ძმა), ჩაატარა რამდენიმე ოპერაცია, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო პრემიერ მინისტრ მუჰამედ მოსადიყის მთავრობის დამხობა ირანში (1953 წ. აღსანიშნავია, რომ მოსადიყის მთავრობის ჩამოგდება შეცდომად შეაფასა 2000 წ. აშშ-ს იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაითმა) და დემოკრატიის ყველა წესის დაცვით არჩეული პრეზიდენტ ხაკობო არბენც გუსმანის ჩამოგდება გვატემალაში (1954 წ. გუსმანის კავშირები სსრკ-სთან იმდენად თითიდან გამოწოვილი გამოდგა, რომ ვერ მოხერხდა ვერაფრით მათი დაკავშირება ერთმანეთთან შემდგომში. „კავშირის“ ერთადერთ „მტკიცებულებად“ იქცა ჩეკი გვატემალის კომპარტიის წევრების მიერ მოსკოვში ნაყიდ წიგნებზე, რომელთა საერთო ღირებულება 23 დოლარსაც არ შეადგენდა!).
პრინციპში, დუაიტ ეიზენჰაუერის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ არათანამიმდევრული იყო. ერთის მხრივ, მის დროს ნატო-ში მიღებული იქნა გფრ, რითაც საფუძველი დაედო სსრკ-სთან დაპირისპირების მორიგ ტალღას, მეორე მხრივ, ის ყოველნაირად ცდილობდა ჟენევის პროცესის წარმატებულ მსვლელობას და შესძლო გარკვეულად გაეუმჯობესებინა 50-იანი წლების მიწურულს ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან. სუეცის არხის პრობლემის დროს ეიზენჰაუერმა ცალსახად უარი უთხრა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს დახმარებაზე, რამაც განაპირობა კიდეც მათი მხრიდან ჯარების გამოყვანა ეგვიპტიდან. მაგრამ შემდეგ ისევ დაიძაბა ვითარება. 1957 წ. იანვარში მიღებული იქნა „ეიზენჰაუერის დოქტრინა“ (მეორე სახელწოდება: „უკუგდების დოქტრინა“), რომლის ნამდვილი ავტორი იყო ჯონ ფოსტერ დალესი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. დოქტრინის თანახმად, აშშ მზად უნდა ყოფილიყო შეიარაღებული ძალების გამოსაყენებლად საერთაშორისო კომუნიზმის კონტროლქვეშ მყოფი ნებისმიერი სახელმწიფოს აგრესიის მოსაგერიებლად. ამ დოქტრინის პირველ გამოვლინებად იქცა 1958 წ. ივლისში ლიბანში 15000-მდე ჯარისკაცის გაგზავნა ადგილობრივი, პროდასავლური მთავრობის სტაბილიზირების მიზნით (ოპერაცია „ბლიუბეტი“ წარმატებული გამოდგა და უკვე 25 ოქტომბერს ჯარისკაცებმა ლიბანი დატოვეს). და მაინც, საბოლოო ჯამში, ეიზენჰაუერმა საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დაუტოვა ჯ. კენედის, რისი მიზეზიც გახდა სადაზვერვო თვითმფრინავ „U-2“-თან დაკავშირებული ინციდენტი (1960 წ. 1 მაისს საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული იქნა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელსაც მართავდა პაუერსი. პილოტი გადარჩა და შემდეგ ის გაცვლილი იქნა ცნობილ საბჭოთა მზვერავ რუდოლფ აბელზე _ „შტირლიცზე“, თუმცა იმ პერიოდში თვითმფრინავის ჩამოგდებამ დიდი სკანდალი გამოიწვია). 1960წ. პრეზიდენტის არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული აშშ-ს ისტორიაში. პრეზიდენტობისათვის იბრძოდნენ ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელი რიჩარდ მილჰაუს ნიქსონი და დემოკრატი ჯონ ფიტცჯერალდ კენედი. პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდა ილინოისის შტატი, რომელშიც იმარჯვებდა ნიქსონი. მაგრამ საქმეში ჩაერია ჩიკაგოს მერი რიჩარდ დეილი და ქალაქის ერთ-ერთ ნაწილიდან (კუკ ქაუნთი) მოვიდა შედეგი, რომლის თანახმადაც იქ კენედიმ მოიგო 450000 ხმით, რამაც უზრუნველყო დემოკრატების კანდიდატის მინიმალური გამარჯვება (9000 ხმით) მთლიანად შტატში (უნდა აღინიშნოს, რომ ილინოისში კენედის გამარჯვებას ხელი შეუწყო ჩიკაგოს მაფიამაც, რომელსაც იმ პერიოდში სემ ჯიანკანა ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, ჯიანკანას მხარდაჭერა კენედისადმი განაპირობა მათმა საერთო საყვარელმა ჯუდით ექსნერმა). გაყალბებებს ჰქონდა ადგილი ტეხასშიც, სადაც ასევე კენედიმ იმარჯვა (ორივე ამ შტატში გამარჯვება ნიქსონს პრეზიდენტობას მოუტანდა 270 ელექტორული ხმით 252-ის (ან 267-ის, რადგანაც 15 ხმა მიიღო ჰენრი ფლუდ ბირდმა) წინააღმდეგ). შედეგად, კენედიმ დიდი უპირატესობით მოიგო პრეზიდენტის არჩევნები (303 ხმა 219-ის წინააღმდეგ). ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობით კენედიმ მცირე უპირატესობით იმარჯვა (49,7% 49,5%-ის წინააღმდეგ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პრობლემას ალაბამაში, სადაც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და აირჩიეს ელექტორები, სავარაუდოდ, სწორედ ნიქსონმა დააგროვა მეტი ხმა). მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ 1960 წ. არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებული არჩევნები აშშ-ს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ნიქსონმა უარი განაცხადა ხელახალი დათვლის მოთხოვნაზე სხვადასხვა შტატებში (ილინოისში, მისურისა და ნიუ ჯერსიში), სადაც პრაქტიკულად უპრობლემოდ მტკიცდებოდა გაყალბება, იმ მოტივით, რომ ეს საკონსტიტუციო კრიზისს გამოიწვევდა (სხვათა შორის, ნიქსონი თავის მარცხში უფრო ეიზენჰაუერს სდებდა ბრალს, რადგანაც ამ უკანასკნელმა პრაქტიკულად არანაირი მხარდაჭერა არ აღმოუჩინა და ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა დამსახურებები ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტ ნიქსონს, ისიც კი განაცხადა, რომ იფიქრებდა და ერთი კვირის შემდეგ იქნებ გაეხსენებინა რამე).
$3. აშშ XX საუკუნის 60-იან წლებში.
თეთრ სახლში მოსულმა კენედიმ მკვეთრად შეცვალა ადმინისტრაციის კურსი. უკვე ინაუგურაციის დღეს მან მეტად მნიშვნელოვანი სიტყვები წარმოთქვა: „იკითხეთ არა რისი გაკეთება შეუძლია თქვენთვის სამშობლოს, არამედ თუ თქვენ რისი გაკეთება შეგიძლიათ სამშობლოსთვის“. მის უპირველეს საზრუნავად უნდა ქცეულიყო განათლება, მოხუცებულთა სამედიცინო უზრუნველყოფა და რასობრივი დისკრიმინაციის დასრულება. თავის პროგრამას კენედიმ უწოდა „ახალი საზღვარი“. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა საგადასახადო რეფორმას, რომელიც მოიცავდა გადასახადების შემცირებას, მაგრამ ის, ისევე როგორც კენედის მიერ წარმოდგენილი პროგრამების უმრავლესობა, კონგრესმა არ დაამტკიცა (საგადასახადო რეფორმაც და პრაქტიკულად ყველა დანარჩენი პროგრამა დამტკიცებული იქნა კონგრესის მიერ მხოლოდ 1964-1965 წლებში, კენედის მკვლელობის შემდეგ).
კენედის საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა კუბის პრობლემას. 1959 წ. 1 იანვარს კუბაში ფიდელ კასტროს პროკომუნისტური რეჟიმის გაბატონების შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაცია ძალ-ღონეს არ იშურებდა მის დასამხობად და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას მორიდებია. 1961 წ. 17 აპრილს პლაია-ხირონთან _ კოჩინოსის ყურეში („ღორების“ ყურეში) გადასხმული იქნა კუბელი ემიგრანტებისაგან შემდგარი დესანტი, მაგრამ ფიდელ კასტროს ხელისუფლებამ მოახერხა დესანტის განადგურება (ბრძოლები 21 აპრილს დასრულდა) და განიმტკიცა თავისი პოზიციები ქვეყანაში. მართალია, დესანტის მომზადება და ოპერაციის დაგეგმვა ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის დროს მოხდა, მაგრამ კენედიმ მეტად სერიოზულად განიცადა ეს წარუმატებლობა. ძნელი სათქმელია, რამდენად იქონია ამ ფაქტმა გავლენა მის შემდგომ ბედ-იღბალზე, მაგრამ უშუალოდ ოპერაციის ჩავარდნის შემდეგ კენედი მეტად კრიტიკული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიმართ (ამბობენ, რომ იმ პერიოდში ის CSS-ს დაშლასაც კი აპირებდა, მაგრამ ამ მიმართულებით მას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს). კუბის საკითხი კი ამით არ დასრულებულა. დესანტის ფიასკოს მალე მოჰყვა დაპირისპირების ახალი ფაზა საბჭოთა კავშირთან, რომელიც ბუნებრივია, უდიდესი ინტერესით ადევნებდა თვალყურს კარიბეთში მიმდინარე მოვლენებს და არ აპირებდა, ხელიდან გაუშვა ამერიკელებისათვის პრობლემების შექმნის შანსი. 1962 წ. ზაფხულში სსრკ-სა და კუბას შორის მიღწეული იქნა შეთანხმება კუბის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების შესახებ. შეთანხმება ითვალისწინებდა კუბაზე საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული რაკეტების განლაგებას, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი კიდეც 1962 წ. შემოდგომაზე. თავიდანვე ამ ნაბიჯით ხრუშჩოვი ცდილობდა ამ რაკეტების არა აშშ-ზე თავდასხმის მიზნით გამოყენებას, არამედ ის განიხილავდა მათ, როგორც ერთგვარი ვაჭრობის საშუალებას ხრუშჩოვს ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ამერიკელებს განლაგებული ჰქონდათ თავისი ბირთვული ქობინები თურქეთში და განზრახული ჰქონდა, აეძულებინა ამერიკელები, გაეტანათ ისინი თურქეთიდან.
1962 წ. 14 ოქტომბერს კუბას გადაუფრინა ამერიკულმა „U2“-მა, რომელმაც მოახდინა კუნძულის აეროფოტოგადაღება. ფოტოსურათების დამუშავების შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს საბჭოთა რაკეტები და სასწრაფოდ მოახსენეს ამის შესახებ პრეზიდენტ კენედის. დაიწყო კრიზისის ე.წ. „ფარული პერიოდი“. 16 ოქტომბერს თეთრ სახლში რამდენიმე თათბირი შედგა, რომელზეც პენტაგონის წარმომადგენლები აშკარა სამხედრო აქციების დაწყებას ითხოვდნენ, მაგრამ გადაწყდა მხოლოდ გუანტანამოს სამხედრო ბაზის გაძლიერება (გუანტანამო არის ამერიკული სამხედრო ბაზა კუბაზე). საბოლოოდ, ვაშინგტონში მიიღეს გადაწყვეტილება კუბის საზღვაო ბლოკადის შესახებ. თავის მხრივ, საბჭოთა მხარემაც გადადგა საპასუხო ნაბიჯი და 18 ოქტომბერს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი გრომიკომ გააფრთხილა კენედი, რომ საბჭოთა კავშირი დამკვირვებლის როლს არ დასჯერდებოდა. მას არც კენედი ჩამორჩა და გააფრთხილა საბჭოთა მინისტრი, რომ კუბაზე საბჭოთა რაკეტების განლაგება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კუბის გარშემო უცვლელი დარჩა და 1962 წ. 22 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 19 საათზე კენედიმ ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში ოფიციალურად გამოაცხადა კუბის საზღვაო ბლოკადა. ეს იყო „კარიბის კრიზისის“ ოფიციალური დასაწყისი.
„კარანტინი“ კუბის მიმართ ამოქმედდა 24 ოქტომბრის 14 საათიდან. ამერიკელებმა კარიბის ზღვაში განალაგეს 183 საბრძოლო ხომალდი და წყალქვეშა ნავი საზღვაო ავიაციითა და საზღვაო ქვეითების შენაერთებით. გარდა ამისა, „პოლარისის“ ტიპის წყალქვეშა ნავებმა დაიკავეს ოპერატიული პოზიციები, რათა საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოეყენებინათ ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. გარდა ამისა, 23 ოქტომბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც აშშ აცხადებდა, რომ შეწყვეტდა დახმარებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიჰყიდიდნენ კუბას იარაღს და სტრატეგიული დანიშნულების საქონელს ან ჩაიტანდნენ ამ საქონელს კუბაში. სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხერხდა ვერც გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომების შემდეგ, რომლებსაც შედეგები არ მოჰყვა. აშშ-მ მხოლოდ ვალდებულება აიღო, რომ არ შეიჭრებოდა კუბაში. სამაგიეროდ, კრიზისის მოწესრიგების გარკვეული კონტურები გამოისახა 27 ოქტომბერს, როდესაც ჯონ კენედის ძმა სენატორი რობერტ კენედი შეხვდა აშშ-ში საბჭოთა ელჩს ა. დობრინინს. დობრინინმა ამ შეხვედრაზე გაუხსნა თავისი კარტები რ. კენედის და უთხრა მას, რომ კრიზისიდან გამოსვლა შეიძლებოდა, თუ აშშ გაიტანდა თავის რაკეტებს თურქეთიდან. ამის შემდეგ წავიდა დიპლომატიური კონსულტაციები მოსკოვს, ვაშინგტონსა და ჰავანას შორის. აქტიურობდა გაერო-ს გენერალური მდივანი უ ტანიც. საბოლოოდ, 20 ნოემბერს პრეზიდენტმა კენედიმ კარანტინი მოხსნა, მეორე დღეს კი საბჭოთა მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება სარაკეტო ჯარებსა და სტრატეგიულ ავიაციაში სრული საბრძოლო მზადყოფნიდან ჩვეულებრივ საბრძოლო მზადყოფნაზე გადასვლის შესახებ. ცოტა ხანში, საბჭოთა რაკეტები კუბიდან გატანილი იქნა, რაც აშშ-ში გამარჯვებად იქნა შეფასებული, თუმცა გაუგებარია, რატომ. საბჭოთა კავშირმა ხომ კუბიდან გაიტანა რაკეტები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა იქ, რათა ამერიკული ქობინები გატანილი ყოფილიყო თურქეთიდან. ამერიკელებმა კი მართლაც გაიტანეს თავისი რაკეტები თურქეთიდან, ასე რომ, შეიძლება ითქვას, ხრუშჩოვმა პირწმინდად მოიგო კარიბის კრიზისი. კენედიმ კი, კუბაში მიღებული გაკვეთილის შემდეგ ერთგვარად შეცვალა აშშ-ს პოლიტიკა ლათინურ ამერიკაში და შექმნა „ალიანსი პროგრესისათვის“, რომელსაც ევალებოდა რეგიონში ცხოვრების დონის ამაღლება და კომუნიზმის გავრცელების შეჩერება.
1963 წ. მეტად დატვირთული აღმოჩნდა კენედისათვის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ის პრეზიდენტობის მთელ პერიოდში აწყდებოდა პრობლემებს ვიეტნამში, მაგრამ 1963 წ. სიტუაცია მეტად გართულდა. სამხრეთ ვიეტნამის კათოლიკე პრეზიდენტი ნგო დინ ზიემი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა ვიეტნამში და შედეგად, კენედიმ მიიღო გადაწყვეტილება მისი მოცილების შესახებ. Css-მ მორიგი გადატრიალება მოამზადა და 1963 წ. 1 ნოემბერს სამხრეთ ვიეტნამში ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ სამხედროები გენერალ დუონგ ვან მინის მეთაურობით. ამერიკელთათვის მოულოდნელად, ახალმა მთავრობამ უმალ სიკვდილით დასაჯა ნგო დინ ზიემი და მისი ძმა ნგო დინ ნჰუ (1963 წ. 2 ნოემბერი). ძნელი სათქმელია, რას იზამდა კენედი შემდგომში, მაგრამ, სავარაუდოდ, პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ ის უბრალოდ გამოიყვანდა ჯარებს ვიეტნამიდან, რადგანაც ჯერ კიდევ 1963 წ. ოქტომბერში მან ხელი მოაწერა 1000 ამერიკელი სამხედროს გამოწვევას ვიეტნამიდან (ერთ-ერთი პირველი ბრძანება, რომელიც გააუქმა ლინდონ ჯონსონმა კენედის მკვლელობის შემდეგ, იყო სწორედ ეს ბრძანება).
1963 წ. ზაფხულში კენედის პოპულარობამ, განსაკუთრებით ევროპაში, პიკს მიაღწია. ბერლინის კრიზისის პერიოდში ის ეწვია დასავლეთ ბერლინს და იქ შეკრებილი ხალხის უზარმაზარი მასის წინ (ზოგიერთი მონაცემებით, იმ დღეს _ 1963 წ. 26 ივნისი _ კენედის შესახვედრად დასავლეთ ბერლინში გამოვიდა მოსახლეობის 5/6) წარმოთქვა ისტორიული სიტყვა, რომელშიც დაგმო ბერლინის კედლის მშენებლობა და განაცხადა, რომ ეს კედელი იყო კომუნიზმის დამარცხების ნიშანი (ეს სიტყვა გაცილებით უფრო ცნობილია კენედის მიერ წარმოთქმული ფრაზის: „მე ბერლინელი ვარ~ _ გამო). 1963 წელსვე კენედიმ ხელი მოაწერა ბირთვული გამოცდების შეზღუდვის აქტს, რომლითაც აიკრძალა ბირთვული გამოცდები ხმელეთზე, ჰაერში და წყალქვეშ (მიწისქვეშა გამოცდები არ აკრძალულა).
უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კენედიმ მსოფლიო კოსმონავტიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-მ ოდნავ დაასწრო აშშ-ს პირველი ადამიანის გაგზავნა კოსმოსში (ამერიკელი მკვლევარები ამის მიზეზად ასახელებენ ამერიკული კოსმოსური პროგრამის მეთაურის, ვერნერ ფონ ბრაუნის გადაწყვეტილებას, დაეცადა კიდევ ერთი ხელოვნური თანამგზავრის გაშვების შედეგების მიღებამდე. ამის გამო, მარტში დაგეგმილი ექსპედიცია გადაიწია მაისზე, აპრილში კი იური გაგარინი უკვე გაფრინდა კოსმოსში), კენედიმ წამოაყენა ახალი კოსმოსური პროგრამა, რომელიც უნდა დასრულებულიყო მთვარეზე გაფრენით 60-იანი წლების დასრულებამდე (ეს მართლაც მიღწეული იქნა).
1963 წ. რთული იყო კენედისთვის საშინაო მდგომარეობის თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით მწვავედ იდგა რასობრივი საკითხი. 1963 წ. 28 აგვისტოს ვაშინგტონში მოეწყო მარში, რომელშიც მონაწილეობა 200-დან 330 ათასამდე კაცმა (ძირითადად ფერადკანიანებმა) მიიღო. აღნიშნული აქცია განსაკუთრებით ცნობილი გახდა მარტინ ლუთერ კინგის საპროგრამო სიტყვის „მე მაქვს ოცნება“ გამო. ამ დროისათვის მარტინ ლუთერ კინგი შავკანიანთა მოძრაობის აღიარებულ ლიდერად იქცა, თუმცა მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა.2 მარშის მონაწილეები ითხოვდნენ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლების დაცვას პოლიციის სისასტიკისაგან, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ორი დოლარით (საათში) და თვითმმართველობას ვაშინგტონისათვის.3 კინგის სიტყვამ ნამდვილად დიდი როლი ითამაშა ზანგების უფლებების დაცვაში და მნიშვნელოვანწილად განაპირობა მოქალაქეობრივი უფლებების შესახებ კანონის მიღება 1964 წ.
1963 წ. მიწურულს კენედიმ დაიწყო მზადება ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და ამ მიზნით ჩავიდა ტეხასში, სადაც ის მიზნად ისახავდა ადგილობრივი გუბერნატორის ჯონ კონელის მორიგებას დემოკრატების სხვა დაჯგუფებასთან. სწორედ ტეხასში ყოფნისას, დალასში ის მოკლეს 1963 წ. 22 ნოემბერს. ოფიციალურად მის მკვლელად გამოცხადდა ლი ჰარვი ოსვალდი, რომელიც იმავე დღეს იქნა დაკავებული, ხოლო ორი დღის შემდეგ მოკლულ იქნა ჯეკ რუბის4 მიერ, მაგრამ დღემდე მუსირებს ხმები, რომ კენედის მკვლელობა ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყო დაგეგმილი, ვიდრე ეს გამოძიებამ აჩვენა. ასე რომ, პრეზიდენტი გახდა ლინდონ ბეინს ჯონსონი, რო¬მელსაც პრინციპში დიდი არაფერიც არ უკეთებია პრეზიდენტობის პირველ წელს, რადგანაც ეს იყო საარჩევნო კამპანიის წელი. ერთადერთი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, მან შექმნა უორენის კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა კენედის მკვლელობა (კომისიას სახელი ეწოდა მისი თავმჯდომარის, აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ერლ უორენის გვარის მიხედვით), თუმცა კომისიის დასკვნა მეტად საეჭვოდ ითვლება, რამეთუ ამ დასკვნის თანახმად, ოსვალდი მოქმედებდა დამოუკიდებლად.5
1964 წ. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლინდონ ჯონსონი და რესპუბლიკელი ბარი გოლდუოტერი. ჯონსონმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა (61,1% 38,5%-ის წინააღმდეგ) და დააგროვა 486 ელექტორის ხმა (გოლდუოტერმა მხოლოდ 52 ელექტორის ხმის მოპოვება შეძლო). ჯონსონის მთავარ საზრუნავად იქცა მოქალაქეთა უფლებების (პირველ რიგში, ზანგების) დაცვა. მან შეძლო კენედის მიერ დაწყებული პროცესის და მოქალაქეობრივი უფლებების შესახებ კანონპროექტის გატანა კონგრესში 1964 წ., 1965 წ. კი კონგრესს მიაღებინა მეორე აქტი, ე.წ. „ხმის მიცემის უფლების აქტი“, რომელმაც მილიონობით ზანგს მისცა ხმის მიცემის უფლება. ჯონსონი დაუპირისპირდა კუ-კლუქს-კლანსაც და მას „კაპიუშონიან ფანატიკოსთა საზოგადოება“ უწოდა. ამის შემდეგ მან გამოაცხადა თავისი მიზანი: მიეღწია აშშ-ში „დიდი საზოგადოების“ მიღწევისათვის. ამ პროგრამის შესრულების საქმეში ჯონსონმა ქვაკუთხედად აქცია განათლების საკითხი. მან გამოყო სპეციალური თანხები დაწყებითი და არასრული სკოლებისათვის, რითაც, მისი აზრით, გაუმჯობესდებოდა ღარიბი ბავშვების განათლება (თუმცა, მკვლევართა აზრით, დიდი შედეგი ამას არ გამოუღია, რადგანაც ღარიბი ბავშვების ცუდი სწავლის პრობლემა უფრო მათი მშობლების სიღარიბესა და ცუდ გარემოში მდგომარეობდა და არა იმ ინფორმაციის სიმწირეში, რომელსაც მოსწავლე იღებდა სკოლაში). დაფინანსდა უმაღლესი განათლებაც, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სტუდენტებისა და პროფესორების დასაწყნარებლად, რომლებიც აშკარად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ვიეტნამის ომის გამო.
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდა სამედიცინო რეფორმით, როდესაც 1965 წ. შეცვლილი იქნა სოციალური დაცვის კანონი და უფულო ამერიკელებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ ფედერალური თანხები სამედიცინო მომსახურების ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, შემოღებული იქნა ეკონომიკური შესაძლებლობის აქტი (1964 წ.), რომლის დიდი ნაწილი შემდგომში შეცვლილი ან სულაც გაუქმებული იქნა, მაგრამ მისი ის ნაწილი, რომელიც გამოყოფს სახსრებს ღარიბი ოჯახის ბავშვებზე (საუბარია ძირითადად სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე) დღემდე მოქმედებს და მეტად წარმატებულადაც. საკმაოდ წარმატებულია 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი პროგრამაც, რომელიც უფასოდ ეხმარება მათ სამუშაოს შერჩევასა და საჭირო უნარების შეძენაში.
საგარეო პოლიტიკაში ჯონსონის მთავარ საზრუნავად ვიეტნამი იქცა. „ტონკინის ინციდენტის“ (1964 წ. 2 აგვისტო) შემდეგ ჯონსონმა მკაცრი მოქმედების კურსი აიღო ჩრდილოეთ ვიეტნამთან მიმართებაში. მნიშვნელოვანწილად ეს განპირობებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებით. 1965 წ. თებერვალში კი მოხდა თავდასხმა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ქ. პლეიკუს მახლობლად (სამხრეთ ვიეტნამი), რასაც მოჰყვა ამერიკული ძალების მიერ ჩრდილოეთ ვიეტნამის ტერიტორია დაბომბვა. დაიწყო „ვიეტნამის ომი“, რომელიც საკმაოდ არაპოპულარული გამოდგა აშშ-ს მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რომლებსაც სულაც არ ეხალისებოდათ ჯარში წასვლა და ომში მონაწილეობის მიღება. დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ იმდენად ცხადყო ომის არაპოპულარობა, რომ ჯონსონი იძულებული გახდა 1968 წ. მაისში წასულიყო მოლაპარაკებებზე ჩრდილოეთ ვიეტნამელებთან, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამით ის თავის პოპულარობას ვერ აღიდგენდა. საქმე მეტად სერიოზულ გამოსვლებამდეც მივიდა. 1966 წ. 6-დღიანი გამოსვლების შედეგად გადამწვარი იქნა ნიუარკის (ნიუ ჯერსის შტატი) მნიშვნელოვანი ნაწილი და დაიღუპა 26 ადამიანი. 1967 წ. ადგილი ჰქონდა დიდ მღელვარებას დეტროიტში, სადაც მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ ჯონსონი იძულებული გახდა, ტანკებიც კი შეეყვანა ქალაქში. სამდღიანი ხანძრის შედეგად დეტროიტის შიდა ნაწილი ისე დაიწვა, რომ დღესაც კი არ არის აღდგენილი. დეტროიტში დაიღუპა 40 კაცი და 2250 დაიჭრა. და მაინც, ყველაზე დიდი მღელვარება მოჰყვა მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობას 1968 წ. 4 აპრილს (სავარაუდო მკვლელი ჯეიმს ერლ რეი დღემდე იხდის 99-წლიან პატიმრობას, რომელსაც კიდევ დაემატა რამდენიმე წელი 1970 წ. ჩიხიდან გაქცევის გამო). მღელვარებამ პრაქტიკულად ყველა დიდი ქალაქი მოიცვა, თუმცა ამჯერად რაიმე დიდ მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. ჟონსონი მიხვდა, რომ მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა და უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა, დემოკრატებს არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად შეეძლოთ, რადგანაც მათი მთავარი კანდიდატი იყო ჯონ კენედის ძმა ობერტ კენედი, რომელიც აშკარად ლიდერობდა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს. 1968 წ. ივნისში ობერტ კენედი მოკლეს (მკვლელი იყო ვინმე სირჰან სირჰანი, რომელსაც მიუსაჯეს სიკვდილი, რომელიც შემდგომ შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით) და შედეგად საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო რესპუბლიკელმა რიჩარდ მილჰაუს ნიქსონმა, რომელმაც ძირეულად შეცვალა აშშ-ს ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკური კურსი.
შენიშვნები
1. ეს არ იყო პირველი შემთხვევა მონტგომერიში. 1955 წ. მარტში ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ იქნა 15 წლის სკოლის მოსწავლე კლოდეტ კლოვინი. ფერადკანიანთა უფლებების დამცველი ასოციაციის ადგილობრივი ორგანოს ლიდერმა ედგარ ნიქსონმა თავდაპირველად მიიჩნია კიდეც, რომ ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა ავტობუსებში სეგრეგაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ბოიკოტის გამოსაცხადებლად, მაგრამ შემდეგ უარი თქვა კლოვინის საქმის გამოყენებაზე, ვინაიდან ის აღმოჩნდა ფეხმძიმედ.
2. შავკანიანთა მოძრაობა იმ დროისათვის რამდენიმე ნაწილად იყო გახლეჩილი, რისი მიზეზიც მათი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის. მარტინ ლუთერ კინგი სათავეში ედგა შედარებით ლიბერალურ ფრთას, თუმცა იყო ექსტრემისტული მოძრაობებიც. განსაკუთრებით აქტიური იმ პერიოდში იყო „ისლამის ერი“, რომელსაც ელაიჯა მუჰამედი და მალკოლმ იქსი (ნამდვილი გვარი ლითლი) ხელმძღვანელობდნენ. მალკოლმ იქსი მეტად ნეგატიურად ეპყრობოდა ამ მარშსაც და მის ორგანიზატორებსაც. გარდა იმისა, რომ „ისლამის ერი“ ცდილობდა ზანგი მოსახლეობის ისლამზე მოქცევას, რასაც ხშირად საკმაოდ წარმატებითაც ახერხებდა (ყველაზე ცნობილი ზანგი, რომელიც გამაჰმადიანდა, იყო მოკრივე კასიუს კლეი, რომელმაც მუჰამედ ალის სახელი მიიღო), მალკოლმ იქსი ქადაგებდა „შავკანიანთა უზენაესობის“ პრინციპსაც, რითაც „შავი რასიზმის“ მიმდევრების ლიდერადაც იქცა.
3. იმ დროს ვაშინგტონს კონგრესის კომიტეტი მართავდა.
4. ჯეკ რუბის (ნამდვილი გვარი რუბინშტეინი) საკმაოდ ახლო კავშირები გააჩნდა იტალიურ მაფიასთან, რომელიც, თავის მხრივ, მხარს უჭერდა კუბელ ემიგრანტებს. ამავე დროს, მას გარკვეული კონტაქტები ჰქონდა დალასის პოლიციასთანაც.
5. ძნელი წარმოსადგენია, რომ ლი ჰარვი ოსვალდს, რომელიც 1959-1962 წლებში სსრ კავშირში ცხოვრობდა და რუსი ცოლიც ჰყავდა, დამოუკიდებლად ემოქმედა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს თვალი დაეხუჭა მის აქტიურობაზე. ამასთან, კენედის მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ოსვალდმა კუბის ვიზა მიიღო, რაც საბჭოთა მხარის ჩარევის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამავე დროს, ოსვალდმა 1963 წ. განმავლობაში რამდენიმე კანონდარღვევა ჩაიდინა და დაპატიმრებულიც კი იყო. ასე რომ, ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო სპეცსამსახურების ყურადღების არეალში, თუმცა ოფიციალური გამოძიება ამას არ ადასტურებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий