1642 წ. ინგლისში დაიწყო I სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის. ევროპა არაერთგვაროვნად შეხვდა ამ მოვლენას. ყველა ევროპული სახელმწიფო ჩაბმული იყო 30-წლიან ომში და მათ არ ეცალათ ინგლისისათვის. მხოლოდ საფრანგეთი, რომელიც დაკავშირებული იყო ინგლისთან დინასტიური ქორწინებით (ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის მეუღლე იყო ლუი XIII-ის და ჰენრიეტა-მარი), ცდილობდა ჩარლზის დახმარებას, მაგრამ ისევ და ისევ 30-წლიანი ომის გამო რეალურად ამას ვერ ახერხებდა. რამდენიმეჯერ ჯერ ლუი XIII-მ, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ (1644 წ.) კარდინალმა მაზარინიმ ფინანსური დახმარება გაუწიეს ჩარლზს, მაგრამ არაფერი ხეირი ამან ინგლისის მეფეს არ მოუტანა. უფრო მეტიც, საფრანგეთთან მიმოწერამ დათვური სამსახური გაუწია როგორც საკუთრივ ჩარლზს, ისე კარდინალ მაზარინისაც, რადგანაც ნეზბის ბრძოლის შემდეგ (1645 წ.) ჩარლზის მთელი დიპლომატიური მიმოწერა ხელში ჩაუვარდათ პარლამენტის მომხრეებს.
1646 წ. პირველი სამოქალაქო ომი ინგლისში პარლამენტის გამარჯვებით დასრულდა. არც ამას მოუხდენია რაიმე გავლენა ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკაზე. კვლავ და კვლავ მხოლოდ საფრანგეთი უყურებდა შიშით ინგლისში მიმდინარე პროცესებს. მაზარინიმ დაიწყო მზადება ჩარლზ I-ის დასახმარებლად. ამის გამო მან მიუნსტერის კონგრესზე ფრანგულ დელეგაციას უბრძანა მაქსიმალურად შეემსუბუქებინა იმპერიისათვის წაყენებული მოთხოვნები (საფრანგეთმა მოითხოვა მხოლოდ ელზასი, ისიც სტრასბურგის გარეშე, და მისი უფლებების დადასტურება მეცის, ტულის და ვერდენის საეპისკოპოსოებზე). მაგრამ მაზარინიმ ვერ მოასწრო. მიუნსტერის კონგრესზე თუ ყველაფერი სწრაფად (იმპერატორმა ფერდინანდ III-მ, რასაკვირველია, მიიღო მაზარინის პირობები, რადგანაც ის ასე იოლად გადარჩენაზე ვერც იოცნებებდა), სამაგიეროდ ოსნაბრიუკის კონგრესზე ყველაფერი ბევრად უფრო რთულად წარიმართა, რადგანაც შვედეთი სულაც არ აპირებდა გამარჯვების დათმობას. შედეგად, ვესტფალიის ზავი დაიდო მხოლოდ 1648 წ. 24 ოქტომბერს, მისი ოფიციალური გამოცხადება კი 1649 წ. იანვრამდე გადაიდო. ამასობაში კი პარლამენტმა მეორე სამოქალაქო ომიც მოუგო მეფეს, დააპატიმრა ის, გაასამართლა კიდეც და სიკვდილიც მიუსაჯა. მაზარინის კი სურდა, ეხსნა ჩარლზ I, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგანაც ინგლისშიც კარგად ესმოდათ, რომ მეფის სიკვდილით დასჯა აუცილებელი იყო მანამ, სანამ ევროპაში ომი არ დასრულდებოდა. შედეგად, 1649 წ. 30 იანვარს ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს, ვესტფალიის ზავის ოფიციალური გამოცხადება კი 29 იანვარს, ერთი დღით ადრე მოხდა.
მეფის სიკვდილით დასჯამ კიდევ უფრო გააუარესა ურთიერთობები ინგლისსა და საფრანგეთს შორის. აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ 1648 წ. დაიწყო, როდესაც მაზარინიმ აკრძალა საფრანგეთში ინგლისური მატყლის ნაწარმის შეტანა. ინგლისის პარლამენტი არ დაიბნა და, თავის მხრივ, აკრძალა ინგლისში ფრანგული ღვინის შემოტანა. მაზარინი ბევრს ეცადა მდგომარეობის შემსუბუქებას, მაგრამ ის სულ უფრო რთულდებოდა. საქმე მივიდა ერთმანეთის სავაჭრო ხომალდების აყვანასა და საომარ მოქმედებებამდეც კი, თუმცა ომი ოფიციალურად არ გამოცხადებულა. მდგომარეობას ართულებდა ინგლისში ესპანეთის ელჩის, დონ ალონსო დე კარდენიას მეტად ოსტატური მოქმედება. მან თავის მთავრობას მოსთხოვა ინგლისის რესპუბლიკის ცნობა. ის აცხადებდა, რომ ამგვარი აქტი დიდ სარგებელს მოუტანდა ესპანეთს, რადგან ვინც პირველი აღიარებდა რესპუბლიკას, დიდად დაფასდებოდა ინგლისში. ყოველივე ამას კი საფუძვლად ედო ინგლისის საფრანგეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმის სურვილი. რადგანაც ვესტფალიის ზავზე ესპანეთს ხელი არ მოუწერია, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ამ პერიოდში გრძელდებოდა საომარი მოქმედებები და ფრანგები ყველგან ამარცხებდნენ ესპანელებს, რომლებსაც სჭირდებოდათ ისეთი მოკავშირე, რომელიც 30-წლიანი ომით არ იქნებოდა დასუსტებული. ასეთი მოკავშირის რანგში მათ შეიძლებოდათ მხოლოდ ინგლისი მოვლენოდათ. ამიტომ ესპანეთის მეფე ფილიპე IV-მ მართლაც სცნო ინგლისის რესპუბლიკა (1650 წ. დეკემბერი), პარლამენტშიც დიდი პატივით მიიღეს კარდენია, საფრანგეთის ელჩი კრულე კი იმავე დღეს დააპატიმრეს და მოკლე ხანში გააძევეს.
მაზარინის ამ პერიოდში სირთულეები შეიქმნა ქვეყნის შიგნითაც, რადგანაც დაიწყო ფრონდა. ამიტომ მან ძალიან მალე დაივიწყა თავისი ინტრიგები ჩარლზის სასარგებლოდ და მიმართა კრომველს, რომელიც სულ უფრო დიდ როლს თამაშობდა ინგლისის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. კრომველმაც მაზარინის უპასუხა, რომ საფრანგეთის მხრიდან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ რესპუბლიკის ცნობა და ელჩის დანიშვნა. ოღონდ საფრანგეთის მეფეს უნდა აენაზღაურებინა ინგლისის ყველა მოქალაქისათვის ფრანგი კაპერების (მეკობრის ტიპი, ჩვეულებრივ სახელმწიფო მეკობრე) მიერ მიყენებული ზარალი. გარდა ამისა, კრომველი მაზარინის სთავაზობდა თავშესაფარს, თუ ის დამარცხდებოდა ფრონდასთან ბრძოლაში (იმ მომენტისათვის ეს მართლაც მოსალოდნელი იყო). მაზარინიმ გაგზავნა კიდეც ინგლისში არაოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა კომიტეტში, რომ ინგლისისა და საფრანგეთის მეგობრობა დამოკიდებული არ იყო მათი მმართველობის ფორმებზე. ამ განცხადებამ გამოიწვია საფრანგეთში მყოფი ჩარლზ I-ის ქვრივის _ ჰენრიეტა-მარის გაგულისება, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც მოგვიანებით, 1655 წ. მოხდა.
ინგლისს ამ პერიოდში გაურთულდა ურთიერთობები ჰოლანდიასთან. ინგლისელებმა მეტად ოსტატურად მოახდინეს ჰოლანდიასთან ომის პროვოცირება. მათ სიტყვაზე დაიჭირეს ჰოლანდიელები, როდესაც ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ სურდათ ინგლისთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. პასუხად, ინგლისელებმა ფაქტობრივად შესთავაზეს ჰოლანდიელებს ერთ სახელმწიფოში გაერთიანება, რაზეც, რასაკვირველია, ეს უკანასკნელნი არ დათანხმდნენ. მაშინ ინგლისელებმა სასწრაფოდ მოამზადეს და მიიღეს ე.წ. სანავიგაციო აქტი (1651 წ.), რომლითაც აიკრძალა ინგლისში საქონლის შეტანა უცხოური გემებით. იმ ხომალდებზე, რომლებიც ვაჭრობდნენ კოლონიებთან (ევროპული სახელმწიფოების გემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ უფლება, შეეტანათ საქონელი კოლონიებში, თუ ეს საქონელი იწარმოებოდა იმ საპორტო ქალაქში, საიდანაც გადიოდა აღნიშნული გემები, ანაც ვაჭრობა ხდებოდა ამ საქონლის გადაგზავნის ტრადიციული პორტიდან), ეკიპაჟის უმრავლესობა ინგლისელი უნდა ყოფილიყო (საკუთრივ კოლონისტები და მათი გემები, ბუნებრივია, ინგლისელების რანგში გადიოდნენ). ეს შეუძლებელს ხდიდა ჰოლანდიისათვის ინგლისთან და მის კოლონიებთან ვაჭრობას, რადგანაც ჰოლანდია ძირითადად საშუამავლო ვაჭრობას ეწეოდა (იყო ვაჭრობის კიდევ ერთი ვარიანტიც: ჰოლანდიელები იაფად ყიდულობდნენ ინგლისურ მატყლს, ამზადებდნენ მისგან მაუდს და შემდეგ ძალიან ძვირად ჰყიდდნენ მას ისევ ინგლისში). ამას მოჰყვა ინგლის-ჰოლანდიის ომი (1652-1654 წწ.), რომელშიც ინგლისმა გაიმარჯვა და აიძულა ჰოლანდია, შერიგებოდა სანავიგაციო აქტს. ორი რესპუბლიკის გაერთიანების მოთხოვნა ამ მომენტისათვის უკვე მოხსნილი იყო, რაც დაკავშირებული იყო სერიოზული ცვლილებებთან ინგლისის ხელისუფლებაში: 1653 წ. 20 აპრილს ოლივერ კრომველმა დაშალა „ნაბოლარა“ პარლამენტი და ძალაუფლება მთლიანად იგდო ხელთ (სწორედ კრომველის ინიციატივით მოიხსნა აღნიშნული მოთხოვნა). კრომველი მანამდეც ფაქტობრივად ერთპიროვნულად განაგებდა ინგლისის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ამიერიდან მოყოლებული ის უკვე ოფიციალურად იყო ინგლისის მმართველი. ფორმალურად ეს გაფორმდა 1653 წ. 16 დეკემბერს, როდესაც ის გამოაცხადეს ლორდ-პროტექტორად, თანაც სამუდამოდ არჩეულად. ფაქტობრივად, კრომველი გახდა ინგლისის მეფე, თუმცა მას მეფის სახელი არ ერქვა.
თანამდებობის ოფიციალურად დაკავებისთანავე, კრომველმა მეტად აქტიური საგარეო პოლიტიკა წამოიწყო. მან ყურადღება მიაპყრო სკანდინავიის ქვეყნებს და 1653 წ. სტოკჰოლმში გააგზავნა დიპლომატიური მისია, რომელსაც სათავეში ბულსტროუდ უაითლოკი ედგა. ამ უკანასკნელს კრომველი ეუბნებოდა, რომ შვედეთი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ინგლისს შეეძლო მეგობრული ურთიერთობების დამყარება. უაითლოკს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამ კავშირის აუცილებლობაში შვედეთის დედოფალ ქრისტინას დასარწმუნებლად, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოახერხა ეს და 1654 წ. 28 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ინგლისსა და შვედეთს შორის. ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა ინგლისისათვის ამავე წელს გაფორმებული ხელშეკრულება დანიასთან, რომლითაც ინგლისმა მიიღო ზუნდის სრუტის (დღ. ორეზუნდის სრუტე, რომელიც ჰყოფს ერთმანეთისაგან დანიის კუთვნილ კუნძულ ზელანდიას შვედური პროვინცია სკანიასაგან, რომელიც იმ პერიოდში ეკუთვნოდა დანიას) გავლის ისეთივე პირობები, როგორიც ჰქონდა ჰოლანდიას. ამავე პერიოდში დაიდო ხელშეკრულებები პორტუგალიასთან, რაც ფაქტობრივად წარმოადგენდა პირველ ნაბიჯს პორტუგალიის ინგლისისათვის ეკონომიკური დამორჩილების გზაზე. პორტუგალიელებმა ნება დართეს ინგლისელ ვაჭრებს, რომ მათ ელოცათ პროტესტანტული წესით პორტუგალიაში ყოფნის პერიოდში. მიუხედავად ამისა, დადებულ ხელშეკრულებას კრომველისათვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ დაემცირებინა პორტუგალია. მან სიკვდილით დაასჯევინა პორტუგალიის წარმომადგენლის, პანტალეონ დე სას ძმა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა მონაწილეობა მიიღო ჩხუბში ლონდონის სიტიში.
და მაინც, კრომველის ძირითადი ყურადღება მიპყრობილი იყო საფრანგეთსა და ესპანეთთან ურთიერთობებისათვის. ეს ორი ქვეყანა ჯერ კიდევ ომობდა ერთმანეთთან და ორივეს კვლავინდებურად სურდა მოკავშირის შეძენა, რომელიც ჩაებმებოდა ომში მათ მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა პირველმა სცნო ინგლისის რესპუბლიკა, ამას მისთვის დიდი დივიდენდები არ მოუტანია. მაზარინი უფრო მარჯვე აღმოჩნდა. ის მზად იყო, ეწოდებინა კრომველისათვის მეფე ლუი XIV-ის სახელით ყველაფერი, რაც კრომველს სურდა („ძმა“, „კუზენი“ და ა.შ.). მაზარინი თანხმობას ახადებდა ჩარლზ I-ის ოჯახის საფრანგეთიდან გასახლებაზე და სთავაზობდა კრომველს ფულსა და კავშირს. კრომველი ერთხანს კიდევ ყოყმანობდა, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო იმის იმედით, რომ მაზარინი კიდევ უფრო დიდ დათმობებზე წავიდოდა, რადგანაც კრომველს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა ესპანეთის წინააღდეგ ომის დაწყება. ამას, პირველ რიგში, ინგლისის სახელმწიფო ინტერესები ითხოვდა. ესპანეთი ინგლისელებს არ აძლევდა თავის კოლონიებთან ვაჭრობის უფლებას (პრინციპში, გაუგებარია, რატომ უნდა მიეცა, რადგანაც არც ინგლისი აძლევდა ესპანეთს თავის კოლონიებთან ვაჭრობის უფლებას 1651 წ. სანავიგაციო აქტით) და ინკვიზიციის სასამართლოთი ასამართლებდა ინგლისელ ვაჭრებს, როგორც ერეტიკოსებს. როდესაც კრომველმა მოითხოვა ინგლისელებისათვის ვესტ-ინდოეთში (საუბარია კარიბის ზღვის აუზზე, რომელსაც ამ პერიოდში ხშირად უწოდებდნენ ვესტ-ინდოეთს) ვაჭრობის თავისუფლება და მათი ინკვიზიციისაგან დახსნა, ესპანელებმა მას სასტიკი უარი სტკიცეს. კარდენიამ ეს მოთხოვნა შეადარა ესპანეთის მეფისაგან ორივე თვალის მოთხოვნას. ამან საბოლოოდ დაარწმუნა კრომველი ესპანეთთან ომის გარდაუვალობაში. მან გააგზავნა ესკადრა ამერიკისაკენ და მას სათავეში ჩაუყენა ადმირალი უილიამ პენი, რომელსაც დაევალა ესპანური კოლონიების დაპყრობა. პენს ხელი მოეცარა, რადგანაც მისი შეტევა სან-დომინგოზე მოგერიებული იქნა. ამ ამბის გაგებისთანავე ესპანელებმა დააპატიმრეს ესპანეთის ტერიტორიაზე მყოფი ინგლისელი ვაჭრები, მათი ხომალდები და საქონელი, ხოლო კარდენიას ებრძანა ინგლისის დატოვება. იმ დროს, როდესაც კარდენია დუვრში ჯდებოდა ხომალდში, კრომველმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას საფრანგეთთან და ომი გამოუცხადა ესპანეთს. ეს ომი ინგლისელთათვის წარმატებული აღმოჩნდა. მათ ესპანელებს წაართვეს იამაიკა. თუმცა კრომველი ვერ მოესწრო ომის დამთავრებას. ის 1658 წ. 3 სექტემბერს გარდაიცვალა.
Комментариев нет:
Отправить комментарий