1789 წ. 4 მარტს ნიუ იორკში უნდა შეკრებილიყო ახალი კონგრესი, რომელსაც, შესაბამისად, უნდა გამოეცხადებინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მაგრამ სხდომა ვერ გაიმართა. ამის მიზეზი იყო ქვორუმის არარსებობა. ნიუ იორკში იმ დღეს იმყოფებოდა მხოლოდ 8 სენატორი და წარმომადგენელთა პალატის 13 დეპუტატი. ქვორუმის შედგენად დასჭირდა ერთი თვე, რის შემდეგაც საარჩევნო ბიულეტენები დათვალეს და ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც მიიღო 69 ხმა, ოფიციალურად გამოაცხადეს აშშ-ს პრეზიდენტად. ვიცე-პრეზიდენტი გახდა ჯონ ადამსი, რომელმაც მიიღო 34 ელექტორის ხმა (მეორე შედეგი არჩევნებში). ვაშინგტონის ინაუგურაცია შედგა 30 აპრილს ნიუ იორკში. აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის წინ ჯორჯ ვაშინგტონი აცხადებდა, თითქოს ის თავს ისე გრძნობდა, როგორც ეშაფოტზე მყოფი დამნაშავე, რომელიც სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ინაუგურაციის ცერემონიის დროს ვაშინგტონი ძლივს კითხულობდა საკუთარ სიტყვას. ყოველივე ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა _ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობდა მთავრობა: სახელმწიფო დეპარტამენტში სულ სამი მოხელე ირიცხებოდა (ჯონ ჯეი და ორი კლერკი), ფინანსთა სამინისტროს პრაქტიკულად არ გააჩნდა არანაირი ფინანსები, სამხედრო სამინისტრო აკონტროლებდა 672 ოფიცერსა და სამხედრო პირს და საერთოდ არ გააჩნდა ფლოტი. ქვეყანას არ გააჩნდა არც არანაირი შემოსავალი და არც რაიმე მექანიზმი მის მისაღებად, სამაგიეროდ ჰქონდა უზარმაზარი ვალი. მიუხედავად ამისა, კონგრესმა საჭიროდ ჩათვალა, რომ პრეზიდენტისათვის წლიურ გასამრჯელოდ გამოეყოთ 25000 დოლარი, რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ნებისმიერი დონის მოხელის ხელფასი.
კონგრესის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა მთავრობის ჩამოყალიბება, რასაც 1789 წ. ზაფხული დაეთმო. ვაშინგტონის პირველ ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტი დაიკავა პარიზიდან დაბრუნებულმა თომას ჯეფერსონმა, ფინანსთა მინისტრი გახდა ალექსანდრე ჰამილტონი (მისი პორტრეტი გამოსახულია 10-დოლარიან კუპიურაზე), ხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტზე (იუსტიციის მინისტრი აშშ-ში იმავდროულად წარმოადგენს გენერალურ პროკურორს) დაინიშნა ედმუნდ რენდოლფი (მისი ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ ის იძულებული იყო, განეგრძო კერძო პრაქტიკა). სწორედ ეს სამი პიროვნება წარმოადგენდა პრეზიდენტის კაბინეტს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობამ უკვე მაშინ მიიღო დღევანდელის მსგავსი ფუნქცია. ჯონ ადამსი თავის ცოლს, აბიგაილ ადამსს სწერდა, რომ „ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა იყო ყველაზე უმნიშვნელო თანამდებობა, რომელიც ოდესმე მოუგონია ადამიანს“. უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარედ კი ვაშინგტონმა დანიშნა ჯონ ჯეი, რომელიც 1795 წლამდე ხელმძღვანელობდა უზენაეს სასამართლოს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობდა კონგრესი პირველ წლებში, იყო „უფლებათა ბილი“ („კანონი ადამიანის უფლებათა შესახებ“). ეს სახელი ეწოდა კონსტიტუციის პირველ 10 შესწორებას, რომლებიც ძალაში შევიდა 1791 წ. 15 დეკემბერს. „უფლებათა ბილის“ მიღების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. სულ წამოყენებული იყო 210 შესწორება. პირველი რვა შესწორება ჯეიმს მედისონმა აიღო ვირჯინიელთა წინადადებებიდან, რომლებიც ეფუძნებოდა ჯორჯ მეისონის მიერ 1776 წ. შედგენილ „ვირჯინიის უფლებათა ბილს“. საბოლოო ჯამში, წარმომადგენელთა პალატამ ხმა მისცა 17 შესწორებას, რომელთაგან სენატმა მიიღო მხოლოდ 12, ხოლო, საბოლოო ჯამში, შტატებმა მოახდინეს მხოლოდ 10 მათგანის რატიფიცირება.
და მაინც, პირველ წლებში კონგრესისთვის უმთავრესი პრობლემა იყო შემოსავლების გაზრდა. ამ მიზნით დაწესებული იქნა 5%-იანი საბაჟო გადასახადი, რომელიც იზრდებოდა 7,5%-მდე ზოგიერთ პროდუქტზე. 30 სახის ნაწარმზე კი (მაგ.: ფოლადი, ლურსმნები, კანაფი, ბადაგი, ხომალდები, თამბაქო, ინდიგო, მარილი, ტანსაცმელი) დაწესდა 50%-იანი გადასახადი. გარდა ამისა, შემოღებული იქნა ე.წ. „ტონაჟის აქტი“, რომლითაც ამერიკული ხომალდები იხდიდნენ 6 ცენტს ყოველი ტონა შემოტანილი ტვირთიდან, ამერიკაში აგებული, მაგრამ უცხოელთა მფლობელობაში მყოფი ხომალდები _ 30 ცენტს ტონიდან, უცხოეთში აგებული და უცხოელთა მფლობელობაში მყოფი გემები კი _ 50 ცენტს ტონიდან. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ამ საბაჟო კანონმდებლობაში იქნა ჩადებული ნაღმი, რომელიც შემდგომში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. კერძოდ, დავა მიდიოდა იმაზე, გამოიწვევდა თუ არა საბაჟო ტარიფები ფერმერების (ძირითადად სამხრეთელების) მდგომარეობის გაუარესებას ჩრდილოელი გემთმფლობელების ინტერესების გამო.
აშშ-ს არსებობის პირველ წლებში ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა იყო ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ჰამილტონი. მისი ერთ-ერთი იდეა იყო ე.წ. საზოგადოებრივი კრედიტის დაწესება, ანუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს უფლება ჰქონდათ გადაეცვალათ ისინი ახალ, მომგებიან ფასიან ქაღალდებზე. ამ იდეამ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, რადგანაც ძალიან ბევრ მფლობელს უკვე გაყიდული ჰქონდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და ახლა მოგებას სპეკულანტები ნახავდნენ. თავის მხრივ, ჰამილტონი თვლიდა, რომ ამ უკანასკნელებმა რისკი გასწიეს და ისინი უნდა დაჯილდოებულიყვნენ (რისკი მთლად დიდიც არ იყო, რადგანაც სპეკულანტებმა ქაღალდების შესყიდვა დაიწყეს იმის შემდეგ, რაც ჰამილტონმა უკვე გააკეთა პირველი მოხსენება კონგრესში და უბრალოდ ხალხის უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას ამის შესახებ). ჯეიმს მედისონი დაუპირისპირდა მას ამ საკითხზე, მაგრამ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრისას ჰამილტონის ვარიანტი დიდი უპირატესობით გავიდა. გარდა ამისა, ჰამილტონს ჰქონდა წინადადება, რომ ფედერალურ ხელისუფლებას თავის თავზე აეღო შტატების ვალები. ამ საკითხზეც მას და მედისონს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც მედისონმა მეტ წარმატებას მიაღწია, თუმცა ამავე დროს გააღრმავა დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ვინაიდან ნიუ ინგლენდის ტერიტორიაზე მყოფი შტატები ყველაზე დიდ მოგებას ნახავდა ჰამილტონის მიერ მოფიქრებული გადაწყვეტილების შემთხვევაში (მათი ვალი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე სამხრეთ შტატების, სადაც მხოლოდ სამხრეთ კაროლინას ჰქონდა დიდი ვალი დაგროვილი), მედისონმა საბოლოოდ შეძლო კომპრომისის გატანა. აღნიშნული კომპრომისის თანახმად, შემდგომში ფედერალურ მთავრობას უნდა მიეცა პირდაპირი გრანტები მცირე ვალების მქონე შტატებისათვის. მედისონისა და ჰამილტონის ეს კომპრომისი იყო ნაწილი უფრო დიდი შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობდა ახალი დედაქალაქის დაარსებას მდ. პოტომაკის ნაპირებზე (ამ იდეას, ძირითადად, უჭერდნენ მხარს სამხრეთელები, ჩრდილოელებს კი მაინცდამაინც დიდი სურვილი არ ჰქონდათ). საბოლოოდ, ჰამილტონის გეგმა კონგრესმა დაამტკიცა 1790 წ. აგვისტოში.
ჰამილტონის და მედისონის მორიგ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა ეროვნული ბანკის საკითხის გარშემო. ჰამილტონმა მკვდრეთით აღადგინა რობერტ მორისის იდეა, თუმცა ამჯერად ბანკი ნამდვილად ეროვნული უნდა ყოფილიყო და სახელმწიფოსთვის მოეტანა სარგებელი, და არა რამდენიმე ადამიანისთვის, როგორც ეს მორისს ჰქონდა ჩაფიქრებული. ჰამილტონის იდეით, უნდა მომხდარიყო ბანკის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა 10 მილიონი დოლარის საწესდებო კაპიტალი. 2 მილიონი ამ თანხიდან სახელმწიფოს უნდა შეეტანა, დანარჩენი 8 მილიონი კი _ კერძო პირებს. ბანკს უნდა გამოეშვა ერთიანი ქაღალდის ფული შეერთებულ შტატებში, რისი გამყარებაც მას უნდა მოეხდინა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით. ბანკი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა და მისი მთავარი ორგანო უნდა გამხდარიყო 25 დირექტორისაგან შემდგარი დირექტორთა საბჭო (20 დირექტორი უნდა დაენიშნათ კერძო პირებს და 5 სახელმწიფოს). მედისონი ბანკის წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგანაც ამგვარი ბანკის არსებობა, მისი აზრით, კონსტიტუციაში არსად არ იყო გაწერილი. მედისონს მხარი დაუჭირეს ჯეფერსონმა და რენდოლფმა. თავის მხრივ, ჰამილტონმაც იპოვა მხარდამჭერი სამხედრო მინისტრი ჰენრი ნოქსის სახით. საბოლოო ჯამში, ვაშინგტონმა ჰამილტონს დაუჭირა მხარი და ხელი მოაწერა კანონპროექტს ეროვნული ბანკის შექმნის შესახებ. 1791 წ. 4 ივლისს ბანკის აქციები გამოტანილი იქნა გასაყიდად და სულ რაღაც რამდენიმე საათში გაიყიდა კიდეც, რამაც დაამტკიცა ჰამილტონის სისწორე. თავად სახელმწიფოს ბანკის შექმნა იმ პერიოდში საერთოდ არაფერი არ დაჯდომია, რადგანაც 2 მილიონი დოლარი, რომელიც სახელმწიფომ შეიტანა თავისი წილის აღსანიშნავად, ბანკმა ეგრევე დაუბრუნა ფედერალურ მთავრობას უპროცენტო 10-წლიანი სესხის სახით. შემდგომში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ, ჯონ მარშალის მეთაურობით, კონსტიტუციურადაც გაამართლა ბანკის შექმნა და პრაქტიკულად სიტყვასიტყვით გაიმეორა ჰამილტონის არგუმენტები.
1791 წ., ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის დაარსებამდე, ჰამილტონმა წარმოადგინა კიდევ ერთი იდეა, რომელიც მდგომარეობდა ერთიანი ეროვნული ვალუტის გამოშვებაში. მართალია, კონტინენტურმა კონგრესმა ჯერ კიდევ 1785წ. დაადგინა, რომ აშშ-ს ვალუტა უნდა ყოფილიყო ერთი დოლარი, რომელიც უნდა დაყოფილიყო ათობითი სისტემით, ხოლო შემდეგ წელს დამატებულ იქნა, რომ დოლარის მეასედი მიიღებდა სახელწოდებას „ცენტი“, ხოლო 10 ცენტი იქნებოდა „დაიმი“ (Dime, ფრანგულიდან მეათე), მაგრამ კონკრეტულად ვალუტის გამოშვებამდე საქმე არ მისულა. უშუალოდ ბანკნოტების გამოშვება დაიწყო ეროვნულმა ბანკმა 1791 წ., მაგრამ მონეტების მოჭრა მოხდა მხოლოდ 1792 წ. 2 აპრილს მიღებული სამონეტო აქტის შემდეგ. სამონეტო აქტმა დაადასტურა, რომ აშშ-ს ფულის ერთეული იქნებოდა დოლარი . რაც შეეხება დოლარის სიმბოლოს _ $, ის პირდაპირ აღებული იქნა პესოსგან. აღნიშნულ სიმბოლოზე გამოსახული პარალელური ხაზები სინამდვილეში გიბრალტარის სრუტის შემომსაზღვრავ ჰერკულესის კლდეებს წარმოადგენს, ხოლო მთლიანად სიმბოლო ნიშნავდა მრავლობითში ჩასმულ პესოს ($ ითარგმნებოდა როგორც „პესოები“). მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვალუტა ათობით სისტემაზე იყო დამყარებული, ზოგიერთ შტატში ამან ბოლომდე ასახვა ვერ ჰპოვა. ნიუ ჰემპშირში კონსტიტუციურად იყო დაკანონებული შილინგი (12 პენსი ძველ ბრიტანულ ფულის სისტემაში და შესაბამისად 12 ცენტი ამერიკელებისთვის) 1948 წლამდე.
ჰამილტონი თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში იყო ჭეშმარიტი ნაციონალისტი, რომელსაც სურდა ადგილობრივი მწარმოებლის წახალისება პროტექციონისტული ტარიფებით. უფრო მეტიც, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ის მხარს დაუჭერდა უფრო მკვეთრად გამოხატულ ცენტრალიზებულ მთავრობას. ამავე დროს, მისი პოლიტიკა პრაქტიკულად არ ითვალისწინებდა მდ. პოტომაკის სამხრეთით მცხოვრები ხალხის ინტერესებს. მას არ სურდა უბრალო ფერმერებისა და საზღვარზე მცხოვრები ამერიკელების პრობლემების გაგება (ამ უკანასკნელებს პრეტენზიები ჰქონდათ ჰამილტონის მიერ 1791 წ. სპირტიან სასმელებზე შემოღებული სააქციზო გადასახადის გამოც), ამიტომაც სამხრეთის შტატებში ჰამილტონს ცოტა მომხრე ჰყავდა (ისინიც, ძირითადად, სამხრეთ კაროლინაში იყვნენ თავმოყრილნი). ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ჰამილტონის პროგრამამ აშკარად დიდი სარგებელი მოუტანა შეერთებულ შტატებს _ ომის დროს დაგროვილი ვალები თანდათან გადახდილი იქნა, მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები თავის ფასში იყიდებოდა, უცხოურმა კაპიტალმა კვლავ დიდი რაოდენობით იწყო შემოსვლა შტატებში და ყოველივე ამის შედეგად, შეერთებული შტატების მოსახლეობის ცხოვრების დონე კვლავ გაიზარდა, ჰამილტონს მაინც ბრალს სდებდნენ, რომ მისი პროგრამა ხელს უწყობდა მოსახლეობის მხოლოდ მაღალი კლასების, თანაც გარკვეულ რეგიონებში (ანუ პოტომაკის ჩრდილოეთით), ინტერესებს. უფრო მეტიც, ზოგჯერ იმასაც კი ამბობდნენ, რომ მას პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ არსებობს. როგორც ჩანს, ამის მიზეზი იყო ის, რომ მსგავსი საქმიანობით დაკავებული იყო მისი თანაშემწე უილიამ დუერი, რომელიც მეგობრებს ატყობინებდა საჭირო ინფორმაციას, თუმცა დღეისათვის სავსებით ნათელია, რომ დუერი ამას ჰამილტონისგან ფარულად აკეთებდა და ამ უკანასკნელმა არაფერი იცოდა თანაშემწის საქმიანობაზე (აღსანიშნავია, რომ დუერმა თავისი კარიერა ციხეში დაასრულა). მკვლევარები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ თავის საქმიანობაში ჰამილტონი ემსახურებოდა მხოლოდ სახელმწიფოს, და არა მოსახლეობის რომელიმე ნაწილის, ინტერესებს. მიუხედავად ამისა, მიჩნეულია, რომ ჰამილტონის პროგრამამ გარკვეულწილად საფუძველი ჩაუყარა პარტიების წარმოშობას ამერიკაში. ითვლება, რომ თავად ჰამილტონი იქცა ფედერალისტების ნამდვილ სახედ, ხოლო მასთან დაპირისპირებული მედისონი და ჯეფერსონი მოგვევლინნენ ე.წ. რესპუბლიკელების (ამ შემთხვევაში სახელწოდება შერჩეული იქნა იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი გამოდიოდნენ მონარქიის წინააღმდეგ, რომლისკენაც, მათი აზრით, ისწრაფოდნენ ფედერალისტები. შემდგომში ე.წ. რესპუბლიკელები ჯერ იქცნენ დემოკრატ-რესპუბლიკელებად, შემდეგ კი უბრალოდ დემოკრატიულ პარტიად) ლიდერებად. მედისონისა და ჯეფერსონისათვის, რომლებიც წარმოშობით ვირჯინიიდან იყვნენ, შტატების თავისუფლებები გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე კ. ნევისზე დაბადებული ჰამილტონისათვის. ჯეფერსონი მხარს უჭერდა აგრარულ სექტორზე დაფუძნებულ რესპუბლიკას, მაშინ როდესაც ჰამილტონი უფრო დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე იყო. ჯეფერსონი და ჰამილტონი ერთმანეთის ნამდვილი ანტიპოდები იყვნენ პოლიტიკაში, თუმცა მათ, ჯორჯ ტინდოლისა და დევიდ შაის ხატოვანი გამოთქმის თანახმად, ერთი გამაერთიანებელი თვისება მაინც ჰქონდათ: ურთიერთსიძულვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჰამილტონმა, თავისი დაპირისპირებით, ფაქტობრივად აქცია ჯეფერსონი ოპოზიციის ლიდერად, რადგანაც მედისონი, რომელიც კონგრესის საქმეებით იყო ძირითადად დაკავებული, იმდენად ცნობილი არ იყო ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ჰამილტონთან საგაზეთო პოლემიკაში ჩართული ჯეფერსონი.
1792 წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თანდათანობით გამოიკვეთა რესპუბლიკელების ალიანსი ნიუ იორკის გუბერნატორ ჯორჯ კლინტონთან. ეს უკანასკნელი წარდგენილი იქნა არჩევნებში და არც ისე დიდი სხვაობით წააგო ვიცე-პრეზიდენტობისათვის ბრძოლა ჯონ ადამსთან (50 ელექტორის ხმა 77-ის წინააღმდეგ). პრეზიდენტად ისევ ჯორჯ ვაშინგტონი იქნა არჩეული.
თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში ჯორჯ ვაშინგტონი დიდი საგარეო პრობლემების წინაშე არ დამდგარა. სამაგიეროდ, მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს (1793-1797) მას რამდენიმე სერიოზული კრიზისის გადატანა მოუხდა. პირველი დაკავშირებული იყო საფრანგეთის რევოლუციასთან. 1793 წ. 21 იანვარს მეფე ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის შემდეგ საფრანგეთის რესპუბლიკა პრაქტიკულად მთელი ევროპის წინააღმდეგ აღმოჩნდა ომში ჩაბმული. აშშ-ს ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე დადგა: ან ის უნდა დახმარებოდა საფრანგეთს, რომელთანაც გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება მუდმივი მოკავშირეობის შესახებ და აღებული ჰქონდა ვალდებულება ვესტ-ინდოეთში საფრანგეთის სამფლობელოების დაცვის შესახებ, ან განზე გამდგარიყო. ვინაიდან პრაქტიკულად არავის აშშ-ში არ სურდა ომში ჩაბმა (ამ საკითხზე ჯეფერსონი და ჰამილტონიც კი ერთნაირად ფიქრობდნენ), ვაშინგტონმა მეორე გზა აირჩია. ამავე დროს, მან არ დაუჯერა არც ჰამილტონს, რომელსაც სურდა საფრანგეთთან კავშირის გაუქმება, ვინაიდან არ არსებობდა მთავრობა, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, და არც ჯეფერსონს, რომელიც ურჩევდა საფრანგეთთან კავშირი გამოეყენებინა დიდ ბრიტანეთთან ვაჭრობისათვის. ვაშინგტონმა ფაქტობრივად ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, ოღონდ თავად სიტყვა `ნეიტრალიტეტის~ ხსენებასაც კი მოერიდა. მისი თქმით, აშშ იყო მეგობრულად განწყობილი როგორც საფრანგეთის, ისე ბრიტანეთის მიმართ და აშშ-ს ყველა მოქალაქე სასტიკად დაისჯებოდა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისათვის. მიუხედავად ამისა, სულ მალე ვაშინგტონს სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა მოუხდა. ვინაიდან აშშ-მ სცნო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობა, ამ უკანასკნელმა გააგზავნა აშშ-ში ელჩი, ედმონ შარლ ჟენე, რომელმაც აშშ-ში ჩამოსვლისთანავე წამოიწყო აქტიური კამპანია საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად და გახსნა ჟაკობინთა (იაკობინელთა) კლუბი. აშშ-ს ხელისუფლება განსაკუთრებით შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ჟენემ დაიწყო კაპერების (კაპერი სახელმწიფოს სამსახურში მყოფი მეკობრეა) დაქირავება და ამ მიზნისთვის ინგლისელებისთვის წართმეული ხომალდების გამოყენება. ყოველივე ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ინგლისის მხრიდან ამერიკისთვის ომის გამოცხადება, რის გამოც ჟენეს მიუთითეს, რომ შეეწყვიტა თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით. ჟენე იმდენად თავხედი აღმოჩნდა, რომ დაემუქრა კონგრესს პირდაპირ ამერიკელი ხალხისათვის მიმართვით, რის შემდეგაც კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება ჟენეს ქვეყნიდან გაძევების შესახებ (1793წ. აგვისტო). მიუხედავად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში არ იქნა მოყვანილი, რადგანაც ამასობაში საფრანგეთიდან ჩამოვიდა ახალი ელჩი, ჟან ანტუან ჟოზეფ ფოშე, რომელმაც ჟენეს დაპატიმრების ორდერი ჩამოიტანა. ჟენემ სასწრაფოდ ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში, დაქორწინდა ჯორჯ კლინტონის ქალიშვილზე და დასახლდა ჰადსონში, სადაც გარდაიცვალა კიდეც როგორც ამერიკის მოქალაქე ათწლეულების შემდეგ, 1834 წელს.
ჟენეს სულელურ ქმედებებს შეიძლება ამერიკელების დიდი ნაწილი საბოლოოდ ექცია ბრიტანელების მომხრეებად (ყოველ შემთხვევაში, ფედერალისტები ახლოს იყვნენ ამ მოსაზრებასთან), რომ არა ბრიტანელების მიერ 1793 წ. ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, განუსაზღვრელი დროით დაეკავებინათ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პოსტები და დაეკავებინათ ყველა ამერიკკული ხომალდი, რომელიც აწარმოებდა ვაჭრობას ფრანგულ კუნძულებთან. ყოველივე ამან მოახდინა ამერიკული საზოგადოების პოლარიზება, რასაც ზოგჯერ კურიოზული ხასიათი ჰქონდა. მაგალითად, სამხრეთელი პლანტატორები პროტესტს გამოთქვამდნენ ნიუ ინგლენდის გემების ბრიტანელების მიერ დაკავებაზე და მხარს უჭერდნენ ჟაკობინებს, რომლებიც გილიოტინაზე თავს ჰკვეთდნენ არისტოკრატებს, მასაჩუსეტსელები კი იმდენად დიდ ხეირს ხედავდნენ ინგლისთან ვაჭრობით, რომ ხმას არ იღებდნენ და ბოსტონი, რევოლუციის აკვანი, იქცა ფედერალისტების მთავარ დასაყრდენად.
საბოლოო ჯამში, ამერიკელებმა მაინც გადაწყვიტეს ბრიტანელებთან შეთანხმების მიღწევა. 1794 წ. დასაწყისში ბრიტანეთმა გააუქმა ბრძანება ამერიკული ხომალდების დაკავების შესახებ და ვაშინგტონმა სასწრაფოდ გამოიყენა შექმნილი სიტუაცია ბრიტანელებთან მოლაპარაკებების დაწყებისათვის. 1794 წ. 16 აპრილს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ ჯეი დაინიშნა სპეციალურ წარმომადგენლად, რომელსაც დაევალა ლონდონში მოლაპარაკებების წარმოება ინგლისელებთან. ჯეის ჰქონდა ინსტრუქციები, რომელთა თანახმადაც აშშ-ს ინგლისისაგან უნდა მიეღო რეპარაციები ამერიკელი გემთფლობელებისათვის მიყენებული ზარალისათვის და კომპენსაცია 1783 წ. გაყვანილი მონებისათვის, ბრიტანეთს უნდა დაეტოვებინა პოსტები ჩრდილო-დასავლეთში და ნება მიეცა ამერიკელებისთვის, ეწარმოებინათ ვაჭრობა ბრიტანულ ვესტ-ინდოეთში. ჯეის საკმაოდ რთულ სიტუაციაში მოუწია მოლაპარაკებების წარმოება: ფილადელფიაში ჰამილტონმა ბრიტანეთის ელჩს უთხრა, რომ აშშ არ აპირებდა შეიარაღებულ ნეიტრალიტეტში მონაწილეობის მიღებას (ეს იდეა შვედეთიდან და დანიიდან მომდინარეობდა), ხოლო პარიზში აშშ-ს ელჩი ჯეიმს მონრომ თავის სიტყვაში აღფრთოვანება ვერ დამალა საფრანგეთის რევოლუციით. საბოლოო ჯამში, ჯეიმ მიაღწია თავის მიზნებს, თუმცა ამისთვის მოუწია მთელი რიგი დათმობების გაკეთება: 1. ნეიტრალიტეტის ბრიტანული გაგების გაზიარება, რაც ნიშნავდა, რომ ამერიკულ ხომალდებს არ შეეძლოთ ფრანგულ პორტებში შესვლა და ომის დროს ფრანგულ კოლონიებთან ვაჭრობის დაწყება, თუ ამგვარი ვაჭრობა არ ხორციელდებოდა მშვიდობიანობის პერიოდში; 2. ბრიტანეთმა მიიღო განსაკუთრებული კეთილგანწყობის რეჟიმი აშშ-სთან ვაჭრობაში; 3. აშშ-ს მთავრობამ აიღო პირობა, რომ არ მოახდენდა კაპერების უზრუნველყოფას ამერიკულ პორტებში; 4. აშშ-ს მთავრობა გადაიხდიდა ამერიკელთა ძველ ვალებს ბრიტანელი ვაჭრების მიმართ. ყოველივე ამის სანაცვლოდ ჯეიმ მართლაც მიიღო დაპირება ბრიტანელებისაგან, რომ ისინი დაცლიდნენ პოსტებს ჩრდილო-დასავლეთში 1796 წლისთვის, გადაიხდიდნენ საზღაურს 1793-1794 წლებში დაკავებული ან ჩაძირული ამერიკული ხომალდებისათვის და ნებას მისცემდნენ ამერიკელებს, ევაჭრათ ბრიტანულ ვესტ-ინდოეთთან, თუმცა ეს უკანასკნელი პუნქტი იმდენ შეზღუდვას შეიცავდა, რომ თავად აშშ-ს კონგრესმა ამოიღო ის ხელშეკრულებიდან და მის გარეშე მოახდინა მისი რატიფიცირება 1795წ. 24 ივნისს. ვაშინგტონი ერთი პერიოდი ფიქრობდა, რომ უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, მაგრამ ბოლოს მაინც მოაწერა მას ხელი იმის შიშით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ საფრანგეთის სატელიტად გადაიქცეოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელებმა პირწმინდად მოუგეს დიპლომატიური დუელი ამერიკელებს და მიიღეს ყველაფერი, რაც მათ სურდათ მინიმალური დანაკარგების სანაცვლოდ (თანაც, ეს დანაკარგები დაკავშირებული იყო 1793 წლამდელი სტატუს-ქვოს აღდგენასთან).
სანამ ჯეი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ლონდონში, ამერიკელებს მოუწიათ კონფლიქტი ინდიელებთან ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე. 1793 წ. შემოდგომაზე ვაშინგტონმა გაგზავნა 2600-კაციანი შენაერთი გენ. ენტონი უეინის (მეტსახელად „გიჟი ენტონი“) სარდლობით ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე. უეინმა აქ ააგო ფორტ გრინვილი, შემდეგ კი, კენტუკიდან დამატებითი ძალების მიღების შემდეგ, 1794 წ. გადავიდა შეტევაზე. 1794 წ. 4 აგვისტოს, ფოლენ ტიმბერსთან მან დაამარცხა ინდიელები, რომელთაც ეხმარებოდა კანადური მილიცია და შემდეგ ააოხრა მათი მინდვრები. საბოლოო ჯამში, ინდიელები იძულებული გახდნენ, ხელი მოეწერათ გრინვილის ხელშეკრულებისათვის (1795 წ. აგვისტო) და ყოველწლიურ 10000 დოლარის სანაცვლოდ აშშ-სათვის მიეყიდათ ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი (დღევანდელი ინდიანასა და ოჰაიოს შტატები) და ანკლავები ვენსენის, დეტროიტისა და ჩიკაგოს მიდამოებში.
ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლების პარალელურად აშშ-ს მთავრობას მოუწია სპირტიან სასმელებზე სააქციზო გადასახადის შემოღებით უკმაყოფილოთა აჯანყების ჩახშობა (ე.წ. „ვისკის აჯანყება“). 1794წ. ზაფხულში პენსილვანიის შტატის 4 საგრაფოში დაიწყო აჯანყება, რომლის ჩასახშობადაც 1794 წ. 7 აგვისტოს ბრძანებულებით მობილიზებული იქნა 12500 მილიციელი. 1794 წ. 24 სექტემბერს ვაშინგტონმა გასცა ბრძანება აჯანყების ჩახშობის შესახებ და თავად ჩაუდგა ამ არმიას სათავეში გენ. ჰენრი ლისთან და ჰამილტონთან ერთად. ოპერაცია დაიწყო 1794 წ. ოქტომბერში, თუმცა სამთავრობო არმიის მოახლოებასთან ერთად აჯანყებულები რატომღაც აორთქლდნენ. სულ მოხერხდა ოცამდე აჯანყებულის დაკავება, რომელთაგან ორს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, თუმცა ვაშინგტონმა ისინი შეიწყალა იმ მიზეზით, რომ ერთი მათგანი იყო „სულელი“, მეორე კი _ „შეურაცხადი“. მათ გარდა დაპატიმრებული იქნა კიდევ ორი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი, რომლებიც ვაშინგტონმა ასევე შეიწყალა, თუმცა ერთი მათგანი შეწყალებამდე გარდაიცვალა. მთავრობას თავისი ქმედებით სურდა ეჩვენებინა საკუთარი ძალა, თუმცა რეალურად ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მართალია, „ამბოხება“ ჩახშობილი იქნა, მაგრამ ბრძოლა სააქციზო გადასახადის ამკრეფებთან გრძელდებოდა ძალიან დიდხანს და არ შეწყვეტილა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ბრიტანეთთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ინდიელების ჩრდილო-დასავლეთში დამარცხების შემდეგ ამერიკელებმა ყურადღება მიაპყრეს ესპანეთთან საზღვარსაც. ესპანელები ამ პერიოდში აქტიურად ცდილობდნენ ამერიკელებისთვის ინდიელების დაპირისპირებას, მაგრამ ტენესიზე 1793-1794 წლებში ჩეროკის ტომის ორმა წარუმატებელმა ლაშქრობამ დააფიქრა ესპანელები, რომლებიც აპირებდნენ საფრანგეთთან ზავის დადებას. აშშ-ბრიტანეთის ხელშეკრულების შემდეგ კი ესპანელებს მოლაპარაკების სერიოზული სურვილი გაუჩნდათ და 1795 წ. 27 ოქტომბერს მადრიდში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ესპანეთსა და აშშ-ს შორის (ამერიკულ წყაროებში ამ ხელშეკრულებას ხშირად უწოდებენ „სან ლორენცოს ხელშეკრულებას“, რადგანაც ის დაიდო სამეფო სასახლე სან ლორენცო დე ელ ესკორიალში და „პინკნის ხელშეკრულებას“, რადგანაც ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ს ელჩი ესპანეთში თომას პინკნი). ესპანელები დათანხმდნენ 31-ე პარალელის აშშ-სთან საზღვრად აღიარებას, თავისუფალ ნაოსნობას მდ. მისისიპიზე, ამერიკელებისათვის ნიუ ორლეანში ვაჭრობის უფლების მინიჭებას 3 წლით შემდგომი გაგრძელების უფლებით და კომისიის შექმნას ამერიკელთა საჩივრების განსახილველად. ორივე მხარემ დადო პირობა, რომ არ გამოიყენებდა ინდიელებს ერთმანეთის წინააღმდეგ. კონგრესმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახდინა მადრიდის ხელშეკრულების რატიფიცირება.
ასე საგარეო თუ საშინაოპოლიტიკურ კრიზისებში გაილია ვაშინგტონის მეორე საპრეზიდენტო ვადა. 1796 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე მან სასტიკი უარი განაცხადა და 1796 წ. 19 სექტემბერს გამოაქვეყნა თავისი გამოსათხოვარი სიტყვა, რომელშიც ამერიკელებს მოუწოდა ახალი მთავრობის გარშემო გაერთიანებისაკენ და გამოხატა შეშფოთება იმით, რომ აშშ-ში ხდებოდა პარტიების ჩამოყალიბება გეოგრაფიული რეგიონების (ჩრდილოეთი, სამხრეთი, ატლანტიკელები, დასავლეთელები) მიხედვით. საგარეო პოლიტიკაში, მისი აზრით, ამერიკა შორს უნდა გამდგარიყო ევროპაში მიმდინარე ხშირი დაპირისპირებებისაგან და თავი შეეკავებინა მუდმივი ალიანსების გაფორმებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მთელი თავისი პრეზიდენტობის მანძილზე ცდილობდა თავი შორს დაეჭირა პარტიებისაგან, პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში რესპუბლიკელები მას ხშირად აკრიტიკებდნენ ფედერალისტებთან სიახლოვის გამო და ბრალს სდებდნენ ტირანიაში. მათი პოზიციის გაზიარება მაინც ძნელია, რადგანაც, მართალია, ვაშინგტონს ნამდვილად ჰქონდა მიდრეკილება ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისადმი, მაგრამ ის, ძირითადად, მაინც ცდილობდა დაებალანსებინა თავისი პოლიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში.
1796 წ. საპრეზიდენტო არჩევნები მეტად დაძაბული და საკმაოდ ძნელად პროგნოზირებადი გამოდგა. როგორც ფედერალისტებმა, ისევე რესპუბლიკელებმა დაუშვეს სერიოზული შეცდომები არჩევნების პერიოდში. ფედერალისტებმა პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენეს ადამსი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე _ პინკნი. რესპუბლიკელების კანდიდატები, შესაბამისად, იყვნენ ჯეფერსონი და კლინტონი, რითაც შეინარჩუნეს გეოგრაფიული ბალანსი. რესპუბლიკელებს ნამდვილად შეეძლოთ არჩევნების მოგება, მაგრამ მათ საქმე გაუფუჭა საფრანგეთის ელჩმა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა ამერიკელებს, ხმა მიეცათ ჯეფერსონისთვის, რამაც პირუკუ რეაქცია გამოიწვია ელექტორებში. თავის მხრივ, ჰამილტონმა (ჰამილტონს თავად არ შეეძლო პრეზიდენტობაზე პრეტენზიის გამოთქმა, რადგანაც 1795 წ. იძულებული გახდა კონგრესის კომისიის წინაშე ეღიარებინა საყვარლის _ მარია რეინოლდსი _ ყოლის ფაქტი, რის შესახებაც გაიგო ჯეფერსონმაც. საყვარლის ყოლის გამო, ჰამილტონი იძულებული გახდა, ფინანსთა მინისტრის პოსტიც კი დაეტოვებინა), რომელსაც დამოუკიდებლობისათვის ომიდან მოყოლებული არ ჰქონდა კარგი ურთიერთობები ადამსთან, წამოიწყო მეტად სახიფათო თამაში, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნებში პირველ ადგილზე პინკნის გაყვანას. მან სთხოვა სამხრეთ კაროლინელ ფედერალისტებს, რამდენიმე ხმა ადამსის ნაცვლად პინკნისთვის მიეცათ. სამხრეთ კაროლინელები დათანხმდნენ და გადაწყვიტეს, საერთოდ შუაზე გაეყოთ თავისი ხმები პინკნისა და ჯეფერსონს (!) შორის. ჰამილტონისდა სამწუხაროდ, ამ გეგმის შესახებ შეიტყვეს ნიუ ინგლენდელებმა და საერთოდ არ მისცეს ხმები პინკნის. შედეგად, არჩევნები მოიგო ადამსმა 71 ელექტორის ხმით, მეორეზე გავიდა ჯეფერსონი _ 68 მანდატი, პინკნი კი დარჩა მესამეზე 59 ელექტორის ხმით.
უმთავრესი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც უპირველეს ამოცანად იქცა ადამსისათვის, იყო პრობლემა საფრანგეთთან. ჯეის ხელშეკრულების შემდეგ, რომლითაც ბრიტანელებმა ფაქტობრივად აუკრძალეს საფრანგეთთან ვაჭრობა ამერიკელებს, ფრანგებმა ჩათვალეს, რომ საჭირო იყო მსგავსი ზომების მიღება ბრიტანელებთან მოვაჭრე ამერიკული გემების წინააღმდეგ. შედეგად, ფრანგებმა ბრძანება მისცეს თავიანთ კორსარებს, თავს დასხმოდნენ ამერიკულ გემებს. შედეგი ამერიკელებისათვის გაცილებით უფრო კატასტროფული აღმოჩნდა, ვიდრე ბრიტანელების მოქმედებები 1793-1794 წლებში. ადამსის ინაუგურაციის მომენტისათვის (1797 წ. 4 მარტი), ფრანგებმა გაძარცვეს 300-მდე ამერიკული ხომალდი და გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები. ადამსმა სცადა ურთიერთობების დამყარება ფრანგებთან, მაგრამ სამკაციანმა ამერიკულმა დელეგაციამ (ჩარლზ პინკნი _ თომას პინკნის ძმა, ჯონ მარშალი და ელბრიჯ ჯერი), რომელიც ჩავიდა პარიზში 1797 წ. ოქტომბერში ვერაფერს მიაღწია. მიზეზი იყო ის, რომ ფრანგულმა მხარის წარმომადგენლებმა (ჟან კონრად ოტინგერმა, პიერ ბელამიმ და ლუსიენ ოტევალმა), საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ შარლ-მორის ტალეირანის ინიციატივით, მოთხოვეს ამერიკელებს 12 მილიონი დოლარი სესხის სახით, 250000 დოლარი ქრთამის სახით დირექტორებისათვის (საფრანგეთს იმ პერიოდში მართავდა დირექტორია, რომელშიც ხუთი დირექტორი შედიოდა) და ბოდიშის მოხდა ადამსის მიერ კონგრესში გაკეთებული განცხადებებისათვის. სანაცვლოდ ფრანგები მოლაპარაკებების დაწყებას პირდებოდნენ ამერიკელებს. ფრანგების წინადადებაში არაფერი გასაკვირი არ იყო, რადგანაც ეს იყო მიღებული წესი იმ დროს დიპლომატიური ურთიერთობების წარმოებისა და არც ამერიკელებისთვის იყო ამაში არაფერი უცხო (თავად ვაშინგტონმაც კი ალჟირელ მეკობრეებს დატყვევებულ ამერიკელ მეზღვაურებში უზარმაზარი თანხა გადაუხადა _ 100000 დოლარი თითოეული მეზღვაურის სანაცვლოდ), მაგრამ ამერიკელებმა უბრალოდ მოლაპარაკებების დაწყებისათვის თანხა მეტისმეტად დიდად ჩათვალეს. შედეგად, ჩარლზ პინკნი და მარშალი უკან დაბრუნდნენ და კონგრესს მოახსენეს ამ ამბის შესახებ. სკანდალს XYძ-ის სახელი ეწოდა, რადგანაც ფრანგი წარმომადგენლები ამერიკელებმა პრესაში გვარების გარეშე, XYძ-ად მოიხსენიეს. ამერიკელებმა უმალ ლოზუნგად აქციეს რობერტ ჰარპერის მიერ ბანკეტზე წარმოთქმული სადღეგრძელო: `მილიონები თავდაცვისათვის, მაგრამ არც ერთი ცენტი ქრთამისთვის~ და დაიწყეს საფრანგეთისათვის ომის გამოცხადების მოთხოვნა, მაგრამ ადამსმა თავი შეიკავა ამისაგან, რათა ფრანგებს დაკისრებოდათ სრული პასუხისმგებლობა ომის დაწყების შემთხვევაში. ერთადერთი, რაც მოჰყვა ამას შედეგად, იყო კონგრესის მიერ 1778 წ. ხელშეკრულების გაუქმება, თუმცა ეს ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგანაც ხელშეკრულება უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო.
საფრანგეთთან დაპირისპირებამ აიძულა აშშ-ს მთავრობა, დაეჩქარებინა ფლოტის მშენებლობა. დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ ამერიკელებმა უარი თქვეს სამხედრო ფლოტზე და 1794 წლისთვის, როდესაც ალჟირელმა მეკობრეებმა ნადირობა დაიწყეს ამერიკელ ვაჭრებზე, მათ სამხედრო ხომალდები საერთოდ არ ჰყავდათ. დაიწყო სასწრაფოდ 6 ხომალდის მშენებლობა, მაგრამ 1796 წლისთვის, როდესაც ვაშინგტონმა იყიდა ზავი ალჟირელებთან, არც ერთი მათგანი არ იყო დასრულებული. 1797 წ. სამი მათგანი, როგორც იქნა, შევიდა მწყობრში და 1798 წ. ჩამოყალიბდა საზღვაო დეპარტამენტი. 1799 წლისთვის ხომალდების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, მაგრამ ამ დროისათვის უკვე დაიწყო არგამოცხადებული საზღვაო ომი საფრანგეთსა და აშშ-ს შორის. გაჩნდა შიში, რომ ფრანგები შეიჭრებოდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე და გამოაცხადეს 10000-იანი არმიის შექმნა, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ვაშინგტონი. ამ უკანასკნელმა თავის თანაშემწედ მოითხოვა ჰამილტონი, რასაც ადამსმა თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. მისი წინააღმდეგობა გასაგები იყო: ვაშინგტონი უკვე ასაკში იყო შესული და რეალური სარდალი საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ჰამილტონი იქნებოდა. ჰამილტონი უკვე გეგმებს სახავდა, თუ როგორ წაართმევდა ის ლუიზიანას ფრანგებს და ფლორიდას ესპანელებს. უფრო მეტიც, მას განზრახული ჰქონდა სამხრეთ ამერიკაში შეჭრაც, მაგრამ არმიის შეკრება გაჭიანურდა და 1799 წლისთვის ნათელი გახდა, რომ საფრთხემ გადაიარა.
ჯერ კიდევ საზღვაო ომის დაწყებამდე ზავის დადების მცდელობა ჰქონდა ამერიკელ კვაკერს, ჯორჯ ლოგანს, რომელიც საკუთარი ხარჯებით ჩავიდა პარიზში. მან მართლაც შეძლო რამდენიმე ამერიკელი მეზღვაურის განთავისუფლება და ფრანგებისაგან მიიღო დაპირებაც, რომ შეხვდებოდნენ ამერიკელთა წარმომადგენლებს მოლაპარაკებების საწარმოებლად. ლოგანის ინიციატივის ერთადერთი შედეგი იყო კონგრესის მიერ მიღებული ე.წ. „ლოგანის აქტი“, რომელიც დღესაც მოქმედებს და უკრძალავს აშშ-ს მოქალაქეებს ოფიციალური ნებართვის გარეშე მოლაპარაკებების წარმოებას უცხო ქვეყნების მთავრობებთან. 1798 წ. შემოდგომაზე კი ტალეირანმა შესთავაზა ამერიკელებს მოლაპარაკება და ადამსმაც, კონგრესთან შეთანხმების გარეშე, მიანდო კიდეც მოლაპარაკებების წარმოება აშშ-ს ელჩს ნიდერლანდებში, უილიამ მიურეის. რესპუბლიკელებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ადამსის ამ ნაბიჯს, თუმცა საბოლოო ჯამში დათანხმდნენ სამკაციანი ჯგუფის გაგზავნაზე საფრანგეთში. ამ ჯგუფის გაგზავნა იმდენად გაჭიანურდა, რომ როდესაც ისინი საფრანგეთში ჩავიდნენ, მათ უკვე მოლაპარაკებების წარმოება მოუწიათ არა დირექტორიასთან, არამედ პირველ კონსულ ნაპოლეონ ბონაპარტთან, რომელმაც მანამდე მოასწრო გადატრიალების მოწყობა და ძალაუფლების ხელში აღება. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები ფრანგებისათვის წარმატებულად დასრულდა, ვინაიდან არგამოცხადებული ომის დასრულებისა და საფრანგეთთან კავშირის გაუქმების სანაცვლოდ ამერიკელებმა უარი თქვეს დაკარგული ხომალდებისათვის კომპენსაციაზე. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მორტფონტენში, 1800 წ. 30 სექტემბერს და ის ძალაში შევიდა ორივე მხარის მიერ რატიფიკაციის შემდეგ, 1801 წ. 21 დეკემბერს.
საფრანგეთთან ომის პერიოდში კონგრესმა მიიღო რამდენიმე კანონი, რომელიც არეგულირებდა და ამკაცრებდა დამოკიდებულებას უცხოელების მიმართ. ნატურალიზაციის აქტით ხუთიდან 14 წლამდე გაიზარდა ბინადრობის პერიოდი მოქალაქეობის მიღებამდე. „უცხოელების აქტით“ პრეზიდენტს უფლება მიეცა, გაეძევებინა სახიფათო უცხოელები. „მტრული უცხოელების აქტით“ პრეზიდენტს უფლება მიეცა, თავისი შეხედულებისამებრ დაეპატიმრებინა ან გაეძევებინა უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ყოველივე ამას ემატებოდა ამბოხებისათვის მოწოდების აქტი (თჰე შედიტიონ Aცტ), რომლის თანახმადაც ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი მოწოდება და ხელისუფლების მიერ მიღებული ნებისმიერი კანონისადმი დაუმორჩილებლობა მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. ჯ. ტინდოლისა და დ. შაის მოსწრებული თქმით, აღნიშნული აქტი რომ სრული ძალით ამოქმედებულიყო 1798-1800 წლებში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცეოდნენ როგორც ფედერალისტები, ისე რესპუბლიკელები, პრაქტიკულად მთელი მთავრობა ციხეში უნდა აღმოჩენილიყო. რამდენიმე დაბალი რანგის რესპუბლიკელი მართლაც აღმოჩნდა ციხეში და დამატებით ჯარიმაც ექნა გადასახდელი, მაგრამ ჯეფერსონს და მედისონს აწყობდათ კიდეც მოვლენების ამგვარი განვითარება. მათ მოამზადეს ვირჯინიისა და კენტუკის შტატების რეზოლუციები, რომლებითაც მოითხოვეს აღნიშნული კანონების გაუქმება (ნულიფიცირება), თუმცა ესეც მათ მხოლოდ პროპაგანდისთვის სჭირდებოდათ. სინამდვილეში, ორივე რესპუბლიკელი დაინტერესებული იყო ამ აქტების არსებობით, რადგანაც ისინი არაპოპულარულს ხდიდნენ ფედერალისტებს და ზრდიდა მათ შანსებს 1800 წლის არჩევნებში. ამავე დროს, ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორ გამოიყენებდნენ შემდგომში, სხვადასხვა დროს, მათ მიერ მოგონილ ნულიფიცირების სისტემას ესა თუ ის შტატები.
მიუხედავად იმისა, რომ უცხოელთა და ამბოხებისათვის მოწოდების აქტები არაპოპულარული იყო, ისინი მაინც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ეხებოდა და მათი გავლენა არჩევნებზე გადამწყვეტი ალბათ ვერ იქნებოდა, მაგრამ ფედერალისტებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს 1798 წ., როდესაც შემოიღეს ქონების გადასახადი სახლებზე, მიწაზე და მონებზე. აღნიშნული გადასახადი შეეხო თითქმის ყველას, რამაც, ბუნებრივია, ფედერალისტების რეიტინგი მკვეთრად დასცა. პენსილვანიაში ამბოხებაც კი მოეწყო, თუმცა „ვისკის აჯანყების“ მსგავსად, ამბოხების ჩასახშობად გაგზავნილ ჯარისკაცებს არავინ დახვდათ. რადგანაც ვიღაც მაინც იყო დასაპატიმრებელი, ჯარისკაცებმა დააკავეს ვინმე ჯონ ფრისი, რომელიც ატარებდა აუქციონს კიდევ ორ პირთან ერთად. სამივე მათგანი ორჯერ გაასამართლეს, ორივეჯერ დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა პრეზიდენტმა სავსებით სამართლიანად ჩათვალა, რომ ეს ხალხი უდანაშაულო იყო და გაათავისუფლა ისინი.
ყოველივე ამან ადამსის შანსები ხელახალ არჩევაზე მკვეთრად შეამცირა, თუმცა ის ალბათ მაინც მოიგებდა არჩევნებს, რომ არა ზავის დადება საფრანგეთთან. ამ უკანასკნელმა აქტმა საომრად განწყობილი მოსახლეობის ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუკარგა ადამსს (განსაკუთრებით სამხრეთ კაროლინასა და ნიუ იორკში, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი შტატის მოგება ადამსს პრეზიდენტობას უნარჩუნებდა) და შესაბამისად არჩევნები დემოკრატმა რესპუბლიკელებმა მოიგეს, ოღონდ აქ მათ ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვეს: ვინაიდან ყოველი ელექტორი აძლევდა ხმას ორ კანდიდატს, ერთს პრეზიდენტობაზე და მეორეს ვიცე-პრეზიდენტობაზე, ერთ ელექტორს მაინც ხმა არ უნდა მიეცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ აარონ ბერისათვის და მიეცა ის ვინმე სხვისთვის. რატომღაც ამ გეგმამ არ იმუშავა და ჯეფერსონმა და ბერმა დააგროვეს 73-73 ხმა (ადამსმა 65 ხმა მიიღო, ჩარლზ პინკნიმ კი _ 64). ამის შემდეგ პრეზიდენტის არჩევის საკითხი გადავიდა წარმომადგენელთა პალატაში, რომელსაც ფედერალისტები (წარმომადგენელთა პალატა ჯერ კიდევ 1798წ. იყო არჩეული) აკონტროლებდნენ. შედეგად, ერთი კვირისა და 34 კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტი კიდევ არ იყო არჩეული, რადგანაც ფედერალისტები ხელს უწყობდნენ ბერს და არ აძლევდნენ ჯეფერსონს გამარჯვების საშუალებას. საბოლოო ჯამში, ჰამილტონმა, რომელიც ვერ იტანდა ორივე კანდიდატს, მაგრამ მიაჩნდა, რომ სჯობდა არასწორი პრინციპების მქონე ჯეფერსონი გამხდარიყო პრეზიდენტად, ვიდრე აბსოლუტურად უპრინციპო ბერი, მოახერხა რამდენიმე დეპუტატის დარწმუნება, რამაც განაპირობა კიდეც არჩევნების ბედი. 1801 წ. 17 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტად იქნა არჩეული თომას ჯეფერსონი, რომლის ინაუგურაციაც მოხდა 1801 წ. 4 მარტს.
Комментариев нет:
Отправить комментарий