მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება მოკავშირეებს _ სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი _ შორის. ნათელი ხდებოდა, რომ აშშ და სსრკ ფიქრობდნენ მსოფლიოში ჰეგემონობის მოპოვებაზე. იწყებოდა ე.წ. „ცივი ომი“ (ეს ტერმინი შემოიტანა ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა, რომელმაც 1947 წ. გამოაქვეყნა ასეთი სახელწოდების მქონე სტატიების კრებული.).
დღესაც კი ძნელი დასადგენია ცივი ომის დაწყების ზუსტი თარიღი. საბჭოური ისტორიოგრაფია ათვლის წერტილად მიიჩნევდა უ. ჩერჩილის 1946 წ. 5 მარტის ფულტონის სიტყვას, რომელშიც მან მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, მოეწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა კომუნიზმის წინააღმდეგ. თავის მხრივ, დასავლეთში ცივი ომის დასაწყისად თვლიან სტალინის 9 თებერვლის სიტყვას, რომელშიც მან აუცილებლობად გამოაცხადა ყველა საშუალების გამოყენება მთელ მსოფლიოში კომუნიზმის დასამყარებლად. პრინციპში ზუსტ თარიღს ალბათ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, 1946 წელი კი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ცივი ომის ოფიციალურად გაფორმების წლად.
§1. გფრ-სა და გდრ-ს შექმნა.
დაპირისპირების პირველი გამოვლინება დაიწყო გერმანიის საკითხით. გერმანია ომის შემდეგ დაყოფილი ოთხ საოკუპაციო _ საბჭოთა, ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ _ ზონად, რომლებსაც განაგებდნენ მოკავშირეთა საოკუპაციო ჯარების მთავარსარდლები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ საოკუპაციო ჯარების მთავარსარდალთა საბჭოში. პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა დავალე-ბული იყო საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც პოტსდამის კონფერენციის დადგენილებით იქნა შექმნილი და რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მსოფლიოს ომისშემდგომი მოწყობა. 1946 წლის შუახანებიდან უკვე წავიდა დიდი ბრძოლა გერმანიის მომავალი მოწყობის გამო. 1946 წლის შუახანებში ამერიკული და ბრიტანული ზონები გაერთიანებული იქნა და ამ გაერთიანებას „ბიზონია“ ეწოდა. ამით სათავე დაედო გერმანიის ორ ნაწილად დაშლას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის უკვე არავის არ უნდოდა გერმანიის ორ ან მეტ ნაწილად დაშლა, უბრალოდ მხარეები (აშშ და სსრკ) ცდილობდნენ, რომ ერთიანი გერმანია მოქცეულიყო მათი გავლენის სფეროში. სწორედ ამ მიზნით მოხდა ბიზონიის შექმნა. ეს იყო პირველი ნაბიჯი დასავლური სახელმწიფოების ოკუპაციის ქვეშ მყოფი გერმანული მიწების ტერიტორიაზე ერთიანი ადმინისტრაციის შექმნისაკენ. 1948 წელს ბიზონიას შეუერთდა ფრანგული ზონაც, რის შემდეგაც ამ ტერიტორიას „ტრიზონია“ უწოდეს (ფრანგებმა ამის სანაცვლოდ მიიღეს კონტროლის უფლება საარის ოლქში და გარკვეული დივიდენდები რურის საკითხში, რომელსაც მანამდე ერთპიროვნულად განაგებდნენ ბრიტანელები. საერთოდ კი რურის ოლქი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადავიდა.).
საკითხის განსაკუთრებული გამწვავება მოხდა სწორედ 1948 წელს, როდესაც დადგა გერმანიაში ფინანსური გაჯანსაღების საკითხი, რადგანაც „მარშალის გეგმა“ დახმარების წინაპირობად ითვალისწინებდა გერმანიაში სავალუტო სისტემის სტაბილიზაციას. ამ პერიოდისათვის გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი მარკა იმდენად გაუფასურებული იყო, რომ აუცილებელი იყო მისი შეცვლა. ამ მიზნით დასავლურმა სახელმწიფოებმა 1948 წლის მარტში გაატარეს ფულადი რეფორმა: ძველი რაიხსმარკები გაიცვალა ახალ დოიჩმარკებზე (ე.წ. „მარკა ბ“) კურსით 100:6,5; ფულადი მასის 93,5% განადგურებული იქნა. რეფორმამ მკვეთრად გააუმჯობესა მოსახლეობის მდგომარეობა, რადგანაც მათი ხელფასები და პენსიები უკვე სავსებით ფარავდა საარსებო მინიმუმით გათვალისწინებულ ხარჯებს. ყოველივე ამან გამოიწვია საბჭოთა მხარის დიდი უკმაყოფილება და პროტესტები. საბჭოთა მხარე მოითხოვდა, რომ რეფორმა გატარებულიყო მთლიანად გერმანიის ტერიტორიაზე და ერთობლივი ძალებით, მაგრამ რეალურად არაფერი არ გაუკეთებია ამ მიზნით. განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა ამ საკითხმა მაშინ, როდესაც ახალი მარკის მოქმედების არეალი გავრცელდა დასავლეთ ბერლინზეც (1948 წ. 23 ივნისი). ამან უბრალოდ გააცოფა საბჭოთა მხარე, რომელმაც ბრალი დასდო დასავლეთის სახელმწიფოებს საბჭოური ზონის ეკონომიკის დეზორგანიზაციის მცდელობაში. საპასუხო ზომად საბჭოთა მხარემ გადაწყვიტა დასავლეთ ბერლინის ბლოკადაში მოქცევა. ასე დაიწყო 1948 წლის ზაფხულში ე.წ. „ბერლინის კრიზისი“.
საბჭოთა მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად შეიზღუდა (უფრო სწორად, პრაქტიკულად აიკრძალა) აღმოსავლეთ ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს შორის მიმოსვლა, გამკაცრდა კონტროლი საერთოდ ზონებს შორის ურთიერთობაზე, პრაქტიკულად არ არსებობდა სახმელეთო გზით დასავლეთ ბერლინში პროდუქტებისა და სხვა აუცილებელი ნაწარმის შეტანის შესაძლებლობა (მიუხედავად საბჭოთა მხარის დემაგოგიური განცხადებისა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა დასავლეთ ბერლინის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად და უზრუნველყოფდა მათ ყოველივე აუცილებლით). საბჭოთა მხარე ფიქრობდა, რომ ამ მეთოდებით ის შეძლებდა დასავლეთ ბერლინის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მას არაფერი არ გამოუვიდა. დასავლურმა სახელმწიფოებმა შექმნეს ე.წ. „საჰაერო ხიდი“ დასავლეთ ბერლინსა და ტრიზონიას შორის და შეძლეს ქალაქის ამ გზით მომარაგება, მიუხედავად საბჭოთა მხარის წინააღმდეგობისა (საბჭოთა მხარე რეგულარულად ცდილობდა ამ ხიდის ფუნქციონირების შეწყვეტას და ამ მიზნით არ ერიდებოდა ბინძური მეთოდების გამოყენებასაც, კერძოდ, ჰაერში უშვებდა წვრილად დაჭრილ მავთულებს, რომლებსაც შეეძლოთ თვითმფრინავების ძრავების სერიოზულად დაზიანება და თვითმფრინავების ჩამოგდებაც კი). გარდა ამისა, დასავლურმა სახელმწიფოებმა შემოიღეს შეზღუდვები აღმოსავლეთ ბერლინისა და საბჭოთა ზონის მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი რეფორმის საკითხი ამ შემთხვევაში უბრალოდ პრელუდია იყო გერმანიის ორ ნაწილად დაყოფისა. 1948 წ. პირველ ნახევარში ლონდონში მცირე შესვენებებით მიმდინარეობდა დასავლური სახელმწიფოების წარმომადგენლების შეხვედრები, რომლებზეც 1948 წ. ივნისში მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტრიზონიაში გერმანული სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელშიც კონსტიტუციასთან ერთად იმოქმედებდა საოკუპაციო სტატუტიც. ამიტომ როდესაც დღის წესრიგში დადგა ბერლინის კრიზისის მოგვარების საკითხი, საბჭოთა მხარემ დაჟინებით მოთხოვა დასავლურ სახელმწიფოებს ლონდონის გადაწყვეტილებების გაუქმება, თუნდაც მხოლოდ კონფიდენციალური წერილების სახით.
1948 წ. აგვისტოს ბოლოს თითქოს მოხერხდა კონფლიქტის მოგვარება, როდესაც მხარეები მორიგდნენ ბერლინის ტერიტორიაზე ერთადერთი ვალუტის სახით საბჭოთა ზონის გერმანული მარკის გამოყენებასა და ბერლინსა და დასავლურ ზონებს შორის მიმოსვლის შეზღუდვაზე აკრძალვების მოხსნაზე, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა, რადგანაც მთავარსარდლების შეხვედრაზე ამ გადაწყვეტილების დამტკიცება ვერ მოხერხდა. 7 სექტემბერს მათი მოლაპარაკებები შეწყდა და აღარ განახლებულა. პარალელურად 1 სექტემბერს შეიქმნა დასავლური ზონების საპარლამენტო საბჭო, რომელსაც უნდა შეექმნა კონსტიტუცია. 6 სექტემბერს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს ბერლინის რატუშა და გადავიდნენ ინგლისურ სექტორში. 13 ოქტომბერს დაიშალა ბერლინის მაგისტრატიც, ხოლო 21 დეკემბერს შეიქმნა ცალკე დასავლეთ ბერლინის კომენდატურა ამერიკულ სექტორში. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა.
საბოლოო ჯამში, ბერლინის კრიზისის დარეგულირება მოხერხდა მხოლოდ 1949 წ. მაისში, როდესაც საბჭოთა მხარემ დაიხია უკან და მოხსნა მოთხოვნა დასავლეთ ბერლინის ტერიტორიაზე საბჭოთა მარკის გავრცელების შესახებ. 4 მაისს საბჭოთა წარმომადგენელი გაეროში ი. მალიკი და აშშ-ს წარმომადგენელი ჯესაპი შეთანხმდნენ, რომ 12 მაისს მოიხსნებოდა ყველა შეზღუდვა, რომელიც დაწესებული იყო ორივე მხარის მიერ, ხოლო 23 მაისს პარიზში მოწვეული იქნებოდა საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სხდომა, რომელიც განიხილავდა გერმანიის გარშემო არსებულ ყველა საკამათო საკითხს და მათ შორის ბერლინის ვალუტის პრობლემასაც.
ამასობაში, 1949 წ. 8 მაისს დასავლური ზონების საპარლამენტო საბჭომ მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი (ტერმინები „დამფუძნებელი კრება“ და „კონსტიტუცია“ თვითონ გერმანელების მიერ იქნა უარყოფილი, როგორც „სეპარატიზმის მაგულისხმებელი“), რომელსაც დროებითი ხასიათი უნდა ჰქონოდა, თუმცა მაისის ბოლოს ფედერალური მიწების მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (ბავარიის გარდა, თუმცა მანაც დაადასტურა თავისი გფრ-ში შესვლა) მან პრაქტიკულად მუდმივი სტატუსი მიიღო. არც საბჭოთა მხარე იჯდა გულხელდაკრეფილი. 30 მაისს გერმანიის III სახალხო კონგრესმა აირჩია გერმანიის სახალხო საბჭო.
რასაკვირველია, ყოველივე ეს სულაც არ უწყობდა პარიზის სხდომების მშვიდ ატმოსფეროში ჩატარებას. მართალია, საბჭოთა მხარე უკვე შეურიგდა დასავლურ ზონებში ცალკე სახელმწიფოს ჩამოყალიბების ფაქტს, მაგრამ მას სულაც არ სურდა, რომ მის შემადგენლობაში დასავლეთ ბერლინიც შესულიყო. თავის მხრივ, დასავლურმა სახელმწიფოებმა მოინდომეს თავიანთი კონტროლის მთელ გერმანიაზე გავრცელება და გამოვიდნენ წინადადებით, რომ საბჭოთა ზონის მიწების შეერთებოდნენ ბონის კონსტიტუციას. საპასუხოდ, საბჭოთა მხარემ შესთავაზა მათ, რომ გერმანიის ტერიტორია დაეტოვებინა ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებიდან 1 წელიწადში, მაგრამ ეს წინადადება უარყოფილი იქნა დასავლური სახელმწიფოების მიერ. საბოლოო ჯამში, ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, იყო მალიკისა და ჯესაპის შეთანხმების ძალაში დატოვება. ყველა დანარჩენ საკითხზე უნდა მომხდარიყო კონსულტაციების გაგრძელება. გადაწყვეტილება საგარე საქმეთა მინისტრების საბჭოს ახალი სხდომის მოწვევის შესახებ მიღებული უნდა ყოფილიყო ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე 1949 წ. სექტემბერში.
20 სექტემბერს გაიხსნა გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, მაგრამ ამ დროისათვის გერმანიის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 14 აგვისტოს დასავლეთ გერმანიაში შედგა ბუნდესტაგის არჩევნები, რომელშიც გამარჯვებას მიაღწია ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალისტური კავშირის კოალიციამ. 15 სექტემბერს ბუნდესტაგმა ფედერალურ კანცლერად აირჩია კონრად ადენაუერი, რომელმაც პირველსავე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავრობა ვერ დაიკავებდა მეგობრულ პოზიციას სსრკ-ს მიმართ. რასაკვირველია, ეს სულაც არ მოსწონდათ მოსკოვში, სადაც გადაწყდა, რომ შეექმნათ ცალკე სახელმწიფო თავის ზონაშიც (სხვა გამოსავალი საბჭოთა მხარეს არც დარჩენოდა). 7 ოქტომბერს გერმანიის სახალხო საბჭომ თავი დროებით სახალხო პალატად გამოაცხადა და ერთხმად მიიღო კონსტიტუცია და დაამტკიცა მთავრობა. 11 ოქტომბერს კი შეიკრიბა მიწების დროებითი პალატაც და ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული იქნა ვილჰელმ პიკი. ამით ფაქტობრივად დასრულდა გერმანიის ორ ნაწილად დაყოფა. გერმანიის ტერიტორიაზე უკვე ოფიციალურად არსებობდა ორი სახელმწიფო _ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
§2. მსოფლიოს დაყოფა ორ დაპირისპირებულ ბანაკად. სოციალისტური სისტემის შექმნა.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დაწყებული დაპირისპირება მხოლოდ გერმანიის საკითხით არ შემოფარგლულა. დაპირისპირება მიმდინარეობდა პრაქტიკულად ყველაფერში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა საბჭოთა ჯარების მიერ აღმოჩნდა დაკავებული და სტალინმაც სწრაფად მოახერხა იქ თავისთვის სასურველი რეჟიმების მოყვანა ხელისუფლების სათავეში, თუმცა საბჭოთა ხელმძღვანელობის საბოლოო მიზნად კვლავინდებურად რჩებოდა მთელი მსოფლიოს გაერთიანება ერთ სოციალისტურ სახელმწიფოში (სტალინის საახალწლო მიმართვა პოლიტბიუროსადმი 1946 წ.). საპასუხოდ აშშ-ში შემუშავებული იქნა ე.წ. „შეკავების დოქტრინა“, რომლის ავტორადაც იქცა ჯორჯ კენანი _ საბჭოთა კავშირში აშშ-ს საელჩოს მრჩეველი 1945-1947 წლებში, რომელმაც 1946-1947 წლებში გამოაქვეყნა მთელი რიგი სტატიებისა საბჭოთა საფრთხის შესახებ. სწორედ კენანის იდეებს ემყარებოდა აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის 1945 წ. 12 მარტის მიმართვა კონგრესისადმი, რომელიც „ტრუმენის დოქტრინად“ იქცა. ამ მიმართვის დამტკიცების შემდეგ ამერიკული ნაწილები და შეიარაღება გაიგზავნა თურქეთსა და საბერძნეთში, რომლებსაც, ამერიკელების თვალსაზრისით, გაწითლების საფრთხე ემუქრებოდათ. სტალინს ამ დროს მართლაც განზრახული ჰქონდა თურქეთის ტერიტორიის დაკავება, შემდეგ კი ალბათ დაეხმარებოდა ბერძენ კომუნისტებსაც, მაგრამ ამერიკული ჯარების თურქეთში განლაგების შემდეგ ეს პრაქტიკულად გამოირიცხა, რადგანაც ეს აშშ-სთან ომის დაწყებას ნიშნავდა, იმ დროს კი ბირთვული იარაღი მხოლოდ აშშ-ს გააჩნდა, რაც მას გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა.
1947 წ. 5 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა კემბრიჯის კოლეჯში (ჰარვარდის უნივერსიტეტში შემავალი ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული სასწავლებელი) გამოსვლისას წამოაყენა ევროპის ეკონომიკური აღორძინების გეგმა, რომელიც ისტორიაში „მარშალის გეგმის“ სახელით შევიდა. ამ გეგმის თანახმად ამერიკული ფინანსური დახმარება (ეს არ იყო სესხი, ეს იყო უბრალოდ საჩუქარი) შეეძლო მიეღო ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის საბჭოთა კავშირსაც, და ამის სანაცვლოდ მას არანაირი ვალდებულება არ დაეკისრებოდა. უნდა შექმნილიყო ხელმძღვანელი კომიტეტი, რომელიც გაარკვევდა ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების საჭიროებებს და განსაზღვრავდა მათ წილს. სწორედ ეს პუნქტი არ მოეწონა საბჭოთა ხელმძღვანელობას და უარი განაცხადა პროგრამაში მონაწილეობაზე. საბჭოთა ხელმძღვანელობის პირდაპირი მითითებით უარი განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობაზე ე.წ. „სახალხო დემოკრატიების“ ქვეყნებმა: ალბანეთმა, ჩეხოსლოვაკიამ, პოლონეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა, იუგოსლავიამ და ბულგარეთმა. ასევე უარი თქვა ფინეთმაც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავის საგარეო პოლიტიკას თითქმის მთლიანად მოსკოვის ნება-სურვილზე აგებდა. ასე რომ, 1947 წ. 12-15 ივლისს პარიზში გამართულ კონფერენციაზე თავისი თანხმობა პროგრამაში მონაწილეობაზე გამოთქვა 16 ევროპულმა სახელმწიფომ: ინგლისმა, საფრანგეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, საბერძნეთმა, თურქეთმა, შვედეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, ბელგიამ, ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა, ავსტრიამ და შვეიცარიამ. პოლიტიკური მიზეზებით (რათა არ მიეცათ სტალინისათვის დამატებითი ბრალდებების საფუძველი) კონფერენცი¬აში მონაწილეობა არ მიუღია გერმანიის დასავლური ზონების წარმომადგენლებს. ამერიკული დახმარების კოორდინაცისათვის 1948 წ. შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობა.
უმოქმედოდ არც საბჭოთა მხარე დარჩენილა. მარშალის გეგმის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა შეიმუშავა ანალოგიური ეკონომიკური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო სოციალისტური ქვეყნებისათვის. ასე შეიქმნა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო, რომელშიც შევიდნენ სოციალისტური ქვეყნები.
ეკონომიკური აღორძინების გარდა, ამერიკელებს სჭირდებოდათ ევროპაში სამხედრო ბლოკის შექმნაც. ჯერჯერობით მათი ევროპაში ყოფნა გამოიხატებოდა საოკუპაციო სტატუსით. საჭირო იყო ქმედითი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ევროპის უსაფრთხოებას საბჭოთა შემოტევისაგან იმ ხნით მაინც, რაც დასჭირდებოდა ამერიკული ძალების გადმოსროლას ევროპაში. თავის მხრივ, საფრანგეთი დამოუკიდებლადაც ცდილობდა მსგავსი საფრთხისათვის მომზადებას. 1947 წ. 4 მაისს დიუნკერკში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავშირისა და ურთიერთდახმარების შესახებ ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 1948 წ. 17 მარტს კი ბრიუსელში შეიქმნა ე.წ. დასავლეთის კავშირი _ სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, რომელსაც ხელი მოაწერეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდმა და ლუქსემბურგმა. ხელშეკრულებით მონაწილე მხარეები ვალდებული იყვნენ, აღმოეჩინათ ერთმანეთისათვის სამხედრო დახმარება მათი ინტერესებისათვის რაიმე სახიფათო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში. ოფიციალურად კავშირი მიმართული უნდა ყოფილიყო გერმანიის მხრიდან მომავალი ხიფათის თავიდან ასაცილებლად. დასავლეთის კავშირის შექმნას ვაშინგტონში აღფრთოვანებით სრულიადაც არ შეხვედრიან, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირეს მას. სამაგიეროდ, ამ კავშირის შექმნას ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოთა მხარისაგან, რომ ნათელი იყო: დასავლეთის კავშირი საბჭოთა კავშირს ხელს უშლიდა.
დასავლეთის კავშირის შექმნის შემდეგ ამერიკელებმა დააჩქარეს სამხედრო ბლოკის შექმნა. წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მარშალის გეგმაში მონაწილე ყველა სახელმწიფოსთან, მაგრამ რამოდენიმე ნეიტრალურმა სახელმწიფომ _ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი, ირლანდია _ უარი განაცხადეს სამხედრო ბლოკში მონაწილებაზე, საბერძნეთისა და თურქეთის მიღება კი დროებით მიზანშეუწონლად ჩაითვალა და ამიტომ 1949 წ. 4 აპრილს ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას ხელი 12 სახელმწიფომ მოაწერა (აშშ, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი). ასე შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.
ევროპაში სამხედრო ბლოკის შექმნის შემდეგ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტეს მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც შეექმნათ მსგავსი ორგანიზაციები. ამას ხელს უწყობდა 1954 წ. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივნის ჯონ ფოსტერ დალესის მიერ წამოყენებული ე.წ. „უკუგდების დოქტრინა“. გადაწყდა ბლოკების შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. 1954 წ. 6-8 სექტემბერს მანილაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც შეიქმნა „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია“. სეატო-ში შევიდნენ აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ტაილანდი და პაკისტანი. 1955 წ. კი ხელი მოეწერა „ბაღდადის პაქტს“. თავდაპირველად ეს იყო თურქეთ-ერაყის ხელშეკრულება თანამშრომლობისა და თავდაცვის შესახებ (ხელი მოეწერა 1955 წ. 24 თებერვალს), შემდეგ მას შეუერთდა დიდი ბრიტანეთი (1955 წ. 4 აპრილი), 23 სექტემბერს _ პაკისტანი, 1955წ. 3 ნოემბერს კი _ ირანი.
ახალი ბლოკების შექმნის პარალელურად გრძელდებოდა ნატოს გაძლიერება და ახალი წევრების მიღება. 1954 წ. 23 ოქტომბერს პარიზში მიღწეული იქნა შეთანხმებების მთელი წყება გფრ-სთან ურთიერთობების შესახებ: გფრ-ში საოკუპაციო რეჟიმის დასრულების შესახებ; გფრ-სა და სამ დასავლურ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შესახებ გფრ-ს ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალებისა და მათი პერსონალის ყოფნისა და უფლებების განხრით; ბრიუსელის 1948 წ. ხელშეკრულების გადასინჯვისა და გაფართოების შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ და ა.შ. პარიზში გადაწყდა, გფრ-სა და იტალიის შეყვანა დასავლეთის კავშირში. გფრ-ს ნება დაერთო, ჰყოლოდა არმია 12 სახმელეთო დივიზიის შემადგენლობით, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ფლოტები, თუმცა აეკრძალა ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა სახის იარაღების წარმოება. 1955წ. მაისს გფრ მიღებული იქნა ნატოშიც.
ბუნებრივია, საბჭოთა მხარის რეაქცია ამ გადაწყვეტილებებზე ძალიან მძაფრი იყო. 1954წ. ოქტომბრიდან 1955 წ. მაისამდე საბჭოთა კავშირი ყველანაირად ცდილობდა, გადაეთქმევინებინა დასავლური სახელმწიფოებისათვის გფრ-ს ნატოში შეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა ეს. 5 მაისის შემდეგ კი სსრკ უკვე აქტიურ დიპლომატიურ დემარშებზე გადავიდა. 1955 წ. 7 მაისს სსრკ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოახდინა 1942 წ. სსრკ-ბრიტანეთისა და 1944 წ. სსრკ-საფრანგეთის ხელშეკრულებების დენონსირება, 11-14 მაისს კი ვარშავაში გაიმართა სსრკ-ს, ალბანეთის, ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და გდრ-ს წარმომადგენლების თათბირი, რომელზეც 14 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ასე შეიქმნა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.
§3. კორეის ომი. 1950-1953 წწ.
XXს.-ის 40-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში შექმნილი მძიმე სიტუაცია სულაც არ გამორიცხავდა იმას, რომ დაწყებულიყო ომი აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის, მაგრამ 1949წ. საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული იარაღის მიღებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ამ ქვეყნებს შორის უშუალო სამხედრო კონფლიქტი, სამაგიეროდ, მათ მალე მოახერხეს ლოკალური კონფლიქტის მოწყობა. „ექსპერიმენტისათვის“ გამოყენებული იქნა კორეა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონური ოკუპაციისაგან განთავისუფლებული კორეა ფაქტობრივად ორ ნაწილად აღმოჩნდა გაყოფილი: ჩრდილოეთს აკონტროლებდნენ პროკომუნისტური ძალები კიმ ირ სენის მეთაურობით, სამხრეთში კი მთავრობაში პროდასავლური ძალები მოვიდნენ, რომელთაც ლი სინ მანი ხელმძღვანელობდა. ქვეყანა გაყოფილი იყო 38 პარალელის გასწვრივ და ორივე მხარეს, რასაკვირველია, სურდა ქვეყნის გაერთიანება, ოღონდ თავისი ხელმძღვანელობით. 1950 წ. ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ნაწილებმა გადალახეს საზღვარი და შეიჭრნენ სამხრეთ კორეაში. ამ აქციას წინ უძღოდა კიმ ირ სენის ვიზიტი მოსკოვში, სადაც მან სრული თანხმობა და მხარდაჭერა მიიღო სტალინისაგან ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩრდილოკორეელთა შეტევა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სამხრეთელებმა მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. სულ რაღაც ორ კვირაში ჩრდილოელებმა თითქმის მთელი სამხრეთ კორეა დაიკავეს საპორტო ქალაქ პუსანის გარდა. 1950 წ. 27 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო დადგენილება სამხრეთ კორეისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ, 7 ივლისს კი რეგიონში გაგზავნილ ამერიკულ ჯარებს მიენიჭათ „გაეროს ჯარების“ სტატუსი. მათ მთავარსარდლად დაინიშნა ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა წარმომადგენელი გაეროში ახდენდა უშიშროების საბჭოს სხდომების ბოიკოტირებას, რისი მიზეზიც იყო უშიშროების საბჭოში ტაივანის წარმომადგენლის ყოფნა (საბჭოთა მხარე მოითხოვდა, რომ ეს ადგილი გადასცემოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელს, აშშ კი გამოდიოდა ტაივანზე გახიზნული ჩინეთის გომინდანური მთავრობის დაცვით.).
ოპერაცია სამხრეთ კორეაში დესანტირების შესახებ ამერიკელების მიერ უმაღლეს დონეზე იქნა ჩატარებული. მათ შეძლეს მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა და 1 ოქტომბრისათვის გაათავისუფლეს სამხრეთ კორეის მთელი ტერიტორია. ამავე დღეს მათ გადალახეს 38-ე პარალელი, ხოლო 7 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მისცა მათ ჩრდილო კორეის დაკავების უფლება. ამერიკელებმა მალე აიღეს ფხენიანი და რამოდენიმე ადგილას გავიდნენ კორეა-ჩინეთის საზღვარზე. კიმ ირ სენმა თავი ტყეებს შეაფარა, მაგრამ ამ დროს მოსკოვში უკვე იპოვეს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. საბჭოთა კავშირი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ სსრკ უზრუნველყოფდა ჩინეთის არმიას აუცილებელი სახსრებით, ეს უკანასკნელი კი უშუალოდ ჩაებმებოდა ომში ამერიკელების წინააღმდეგ. მართლაც, 25 ოქტომბერს 300 ათ. ჩინელი ჯარისკაცი ჩაება ამ კონფლიქტში. ჩინელების ჩართვამ ომში შეცვალა ძალების თანაფარდობა და 1951 წ. იანვრისათვის მათ არა თუ დაატოვებინეს ამერიკელებს ჩრდილოეთ კორეა, არამედ სეულიც კი აიღეს. ამის შემდეგ ომის მსვლელობაში კიდევ რამდენიმეჯერ მოხდა ცვლილება და საბოლოო ჯამში აღსდგა ომამდელი სტატუს-ქვო და საზღვარი კვლავ 38-ე პარალელზე დაფიქსირდა. 1953 წ. 27 ივლისს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელმაც პრაქტიკულად დააკანონა არსებული ვითარება. დღესაც კი ეს კონფლიქტი არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და კორეის ნახევარკუნძული ორ ნაწილად არის დაყოფილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий