დიპლომატიური ურთიერთობები ყირიმის ომის დროს. პარიზის კონგრესი.
XIXს. 50-იანი წლების დასაწყისში კვლავ გართულდა აღმოსავლეთის საკითხი. დაპირისპირებამ, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, ინგლის-საფრანგეთს შორის კულმინაციას 1853 წლისათვის მიაღწია. ნიკოლოზ I-ს ეშინოდა, რომ თურქეთი დაიშლებოდა და მთელი ახლო აღმოსავლეთი ინგლისს დარჩებოდა. თავის მხრივ, ინგლისისა და საფრანგეთის მმართველ წრეებში გაბატონებული იყო აზრი, რომ რუსეთი უახლოეს ხანებში დაეუფლებოდა კონსტანტინეპოლს. ასეთ ვითარებაში ნიკოლოზ I-მა გადაწყვიტა, მოლაპარაკებოდა ინგლისს თურქეთის გაყოფაზე. მას იმედი ჰქონდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა და მისი პრემიერ-მინისტრი ლორდი ებერდინი მოიწონებდნენ მის გეგმას (ებერდინი ხომ კეთილგანწყობით შეხვდა თურქეთის დაყოფის ნიკოლოზისეულ გეგმას 1844 წ., როდესაც რუსეთის იმპერატორმა პირველად დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში). 1853 წ. 9 იანვარს ნიკოლოზ I-მა ინგლისის ელჩ სეიმურს შესთავაზა, შეეტყობინებინა ლონდონში, რომ ის ინგლისს უთმობდა ეგვიპტეს და კ. კრეტას (კანდიას). ამ გეგმის თანახმად, რუსეთის მფარველობის ქვეშ უნდა მოხვედრილიყო ვალახეთი, მოლდავეთი, სერბეთი და ბულგარეთი. კონსტანტინეპოლი თავისუფალ ქალაქად უნდა გამოეცხადებინათ, თუმცა ნიკოლოზ I არ გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ მას დროებით დაეკავებინა კონსტანტინეპოლი. იანვარ-თებერვალში ნიკოლოზ I-სა და სეიმურს შორის კიდევ 3 საუბარი შედგა, რომელზეც ეს საკითხი უფრო საფუძვლიანად იქნა განხილული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ინგლისის საგარეო საქმეთა მდივანმა ჯონ როსელმა უარყოფითი პასუხი გამოგზავნა ნიკოლოზ I-ის წინადადებაზე.
შექმნილ ვითარებაში ნიკოლოზ I-ს მოქმედების 2 ვარიანტი ჰქონდა: 1) გადაედო თავისი ჩანაფიქრის განხორციელება; და 2) მოეყვანა ის სისრულეში ინგლისის წინააღმდეგობის მიუხედავად. რუსეთის იმპერატორმა სწორედ ასე გადაწყვიტა მოქმედება, რადგანაც ჩათვალა, რომ საფრანგეთი ჯერ კიდევ სუსტი იყო იქ მომხდარი გადატრიალებების შემდეგ და ნაპოლეონ III არ გაბედავდა აღმოსავლეთის საკითხში ჩარევას; ავსტრიას, რომელიც ნიკოლოზმა 1849 წ. კატასტროფისაგან გადაარჩინა, ის საერთოდ არ თვლიდა დამოუკიდებელ ძალად და მიაჩნდა, რომ ფრანც-იოსები მხარს დაუჭერდა თურქეთის დაშლას; მარტოდ დარჩენილი ინგლისი კი ვერ გაბედავდა ომში ჩაბმას. მაგრამ ნიკოლოზ I შეცდა როგორც საფრანგეთის, ისე ავსტრიის პოზიციის შეფასებაში.
თურქეთზე თავდასასხმელად ნიკოლოზ I-მა საბაბად გამოიყენა ე.წ. „წმინდა მიწების“ საკითხი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავით (1774წ.) მართლმადიდებლურ ეკლესიას თურქეთის იმპერიის ტერიტორიაზე ენიჭებოდა პრიორიტეტი კათოლიკურ ეკლესიასთან შედარებით იერუსალიმსა და ბეთლემში, რაც სულაც არ მოსწონდა საფრანგეთს. 1853 წ. დასაწყისში სულთანმა აბდულ-მეჯიდმა დააკმაყოფილა ფრანგების მოთხოვნების დიდი ნაწილი და გააცოფა ნიკოლოზი. რუსეთის იმპერატორმა სასწრაფოდ გააგზავნა კონსტანტინეპოლში საზღვაო მინისტრი მენშიკოვი. მენშიკოვს უნდა მოეთხოვა სულთნისათვის რუსეთის პრივილეგიების დაკანონება წმინდა მიწაზე და რუსეთის იმპერატორისათვის სულთნის მართლმადიდებელი ქვეშევრდომების დამცველის სტატუსის მინიჭება. უარის შემთხვევაში მენშიკოვს შეეძლო ულტიმატუმის წაყენება თურქებისათვის.
კონსტანტინეპოლში ჩასვლისთანავე მენშიკოვმა მოსთხოვა აბდულ-მეჯიდს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუად-ეფენდის გადაყენება და მისი შეცვლა რიფაატ-ფაშათი. მისი ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა. სულთანი მზად იყო, დაეთმო იერუსალიმისა და ბეთლემის საკითხშიც, მაგრამ მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება მას არ შეეძლო. უცხოელმა დიპლომატებმა განუცხადეს აბდულ-მეჯიდს, რომ ეს ნიკოლოზ I-ს „თურქეთის მეორე სულთნად“ აქცევდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ომის პროვოცირებაში თურქეთში ინგლისელი დიპლომატის სტრატფორდ-კანინგის (შემდგომში ლორდი სტრატფორდ-რედკლიფი) ჩამოსვლამ. ინგლისელმა ელჩმა ურჩია სულთანს, დაეთმო წმინდა მიწასთან დაკავშირებულ საკითხში მთლიანად, ხოლო როდესაც მენშიკოვმა კვლავ მოითხოვა ხელშეკრულების დადება სულთანსა და რუსეთის იმპერატორს შორის, ლონდონში გაგზავნა ყალბი პროექტი ამ ხელშეკრულებისა, რითაც ფაქტობრივად აიძულა ებერდინი, დაეთმო რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღების მოსურნე პალმერსტონისა და ახალი საგარეო საქმეთა მდივნის კლარენდონისათვის. გარდა ამისა, მან დაარწმუნა მენშიკოვი, რომ პრორუსულად განწყობილი რიფაატ-ფაშა რუსეთის მტერი იყო, რის შემდეგაც მენშიკოვმა კვლავ შეაცვლევინა აბდულ-მეჯიდს საგარეო საქმეთა მინისტრი. ახალი მინისტრი რეშიდ-ფაშა კი აშკარად ანტირუსულად იყო განწყობილი. მენშიკოვმა რატომღაც დაიჯერა სტრატფორდის განცხადებაც, რომ ინგლისი არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერდა მხარს თურქეთს რუსეთთან ომის შემთხვევაში. ამავე დროს კი სტრატფორდმა ურჩია სულთანს, არ მიეღო რუსეთის მოთხოვნა ხელშეკრულების დადების შესახებ. მენშიკოვმა ამის შეტყობისთანავე დატოვა კონსტანტინეპოლი და განაცხადა პორტასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის შესახებ. ამის საპასუხოდ, სტრატფორდმა აბდულ-მეჯიდს მეტად ოსტატური რჩევა მისცა და გამოაცემინა ბრძანებულება, რომლითაც სულთანი გარანტიას იძლეოდა ქრისტიანული ეკლესიების, და განსაკუთრებით მართლმადიდებლური ეკლესიის, უფლებებისა და პრივილეგიების დაცვის შესახებ. საპასუხოდ ნიკოლოზ I-მა საერთოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება და გამოსცა მანიფესტი, რომ ის დაიცავდა მართლმადიდებელ ეკლესიას თურქეთში. ხოლო რათა სულთანს დაეცვა ძველი ხელშეკრულებები, რომლებსაც ის არღვევდა, ნიკოლოზმა დაიკავა ვალახეთი და მოლდავეთი, თუმცა ომი თურქეთს არ გამოუცხადა. ომი არც თურქეთს გამოუცხადებია.
ნიკოლოზ I-ის მიერ თურქეთის კუთვნილი დუნაისპირა სამთავროების დაკავებამ საფრანგეთსა და ინგლისში მკვეთრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ომი რუსეთის წინააღმდეგ უაღრესად პოპულარული იყო და თურქეთისაკენ გაგზავნილი იქნა ორივე ქვეყნის ფლოტები. ავსტრიის კანცლერი ბუოლი ორჭოფულ პოლიტიკას ეწეოდა და ცდილობდა. ერთი მხრივ, მოერიგებინა ნიკოლოზი სულთანთან, მეორე მხრივ კი _ მიეღო დივიდენდები ინგლისისა და საფრანგეთისაგან რუსეთისადმი მტრული პოლიტიკის სანაცვლოდ. პრუსიაში კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ე.წ. „რუსულ“ და „ინგლისურ“ პარტიებს შორის. ამასობაში კი ბუოლმა ბოლო ნაბიჯი გადადგა მშვიდობის შესანარჩუნებლად. მან გამოაქვეყნა ე.წ. „ვენის ნოტა“, რომელიც თურქეთს აკისრებდა ადრიანოპოლისა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავების პირობების შესრულებას. ნიკოლოზმა მოიწონა ეს ნოტა, მაგრამ თურქეთის სულთანმა არ მიიღო ის და სტრატფორდის რჩევით, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტი გაავრცელა. ორ ნოტას შორის ფაქტობრივად არანაირი სხვაობა არ იყო, მაგრამ თურქებმა თავიანთი პოზიცია გაამართლეს იმით, რომ რუსეთის კანცლერი ნესელროდე არასწორად აღიქვამდა „ვენის ნოტის“ დებულებებს. ოქტომბერში კი, სტრატფორდისავე რჩევით, თურქეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. დაიწყო ე.წ. „ყირიმის ომი“.
ყირიმის ომის დასაწყისი რუსეთისათვის წარმატებული აღმოჩნდა. 1853 წ. 18(30) ნოემბერს რუსულმა ფლოტმა ადმირალ ნახიმოვის მეთაურობით სინოპთან საზღვაო ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ორჯერ უფრო დიდი თურქული ფლოტი. ცნობამ ამ ბრძოლის რუსების მიერ მოგების შესახებ აიძულა საფრანგეთი და ინგლისი, უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ომში. 1854 წ. 4 იანვარს ინგლის-საფრანგეთის გაერთიანებული ფლოტი შევიდა შავ ზღვაში. მისმა მეთაურებმა განუცხადეს რუსეთის ხელმძღვანელებს, რომ ეს გაკეთდა თურქეთის ხომალდებსა და პორტებზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის ასაცილებლად. როდესაც რუსებმა გაიგეს, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის აკრძალვა მხოლოდ მათ გემებს ეხებოდა, მათ გაწყვიტეს ყოველგვარი დიპლომატიური კავშირი ინგლისსა და საფრანგეთთან, თუმცა აქ ერთი განსხვავებაც იყო. რუსეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები თითქოს შემთხვევით მოვლენად და გაუგებრობად თვლიდნენ ამ ომს. 1854 წ. 27-28 მარტს კი ინგლისმა და საფრანგეთმა ოფიციალურად გამოუცხადეს ომი რუსეთს. ყირიმის ომში დაიწყო რუსეთისათვის მეტად არასასურველი გარდატეხის პერიოდი.
ომში ინგლისისა და საფრანგეთის ჩართვის შემდეგ მეომარ მხარეთა ძირითადი სურვილი იყო ავსტრიის მომხრობა. ინგლისის შინაგან საქმეთა მინისტრ პალმერსტონს უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ომის ასეთი დასასრული: ალანდის კ-ბი და ფინეთი უბრუნდებოდა შვედეთს, ბალტიისპირეთი გადაეცემოდა პრუსიას, პოლონეთის სამეფო უნდა აღმდგარიყო როგორც ბუფერი რუსეთსა და გერმანიას შორის; მოლდავეთი, ვალახეთი და დუნის შესართავის მთელი მიმდებარე ტერიტორია უნდა მიეღო ავსტრიას, რის სანაცვლოდ ავსტრიას ლომბარდია და ვენეცია უნდა მიეცა სარდინიის სამეფოსათვის (პიემონტი); ყირიმი და კავკასია თურქეთს უნდა გადასცემოდა, ხოლო ჩერქეზეთი უნდა გამხდარიყო თურქეთის სულთნის ვასალური სახელმწიფო. პალმერსტონს მხარს უბამდა საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კლარენდონიც, ხოლო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ს თავდაპირველად არ გამოუმჟღავნებია არანაირი წინააღმდეგობა ამ გეგმისათვის, თუმცა მას მიაჩნდა, რომ საჭირო არ იყო რუსეთის ზედმეტად დასუსტება, ამიტომ საჭირო დროს მან პრაქტიკულად გაანადგურა ეს გეგმა. მაგრამ ომის დასაწყისში საფრანგეთმა და ინგლისმა შეძლეს რუსეთის დამარცხება დიპლომატიურ ბრძოლაში, რომელიც ვენაში გაიმართა.
ავსტრიაში ნიკოლოზ I-მა გააგზავნა გრაფი ორლოვი, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფრანციოსებმა მას ჰკითხა, აპირებდა თუ არა ნიკოლოზი თურქეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, გადავიდოდა თუ არა ის დუნაის, დიდხანს ხომ არ გააჭიანურებდა მოლდავეთისა და ვალახეთის ოკუპაციას და ხომ არ შეცვლიდა არსებულ ურთიერთობებს თურქეთის სულთანსა და მის ქვეშევრდომებს შორის. ორლოვმა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რადგანაც რუსეთის იმპერატორი მთელი თავისი მოქმედებებით ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ პუნქტების განხორციელება მას არ შეეძლო. გარდა ამისა, ფრანც-იოსებს სულაც არ ეყო ნიკოლოზის მიერ შეთავაზებული ერთობლივი მმართველობა სერბეთზე, ბულგარეთზე, მოლდავეთსა და ვალახეთზე. ორლოვი ხელცარიელი წავიდა ვენიდან, მისი გამგზავრებისთანავე კი ავსტრიის იმპერატორმა 13-ათასიანი კორპუსი გაგზავნა ტრანსილვანიაში, რითაც გარკვეულწილად დაემუქრა რუსეთის ჯარებს ოკუპირებულ დუნაისპირა სამთავროებში.
ნიკოლოზს არაფერი გამოუვიდა პრუსიაშიც, რომლისმა მეფემ ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-მ გადაწყვიტა შეერთებოდა ავსტრიის პოზიციას და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას (1854წ. 20 აპრილი), რომლითაც ავსტრიამ და პრუსიამ მოსთხოვეს რუსეთს დუნაისპირა სამთავროების დაცლა. მოსალოდნელი იყო ავსტრიის ჩაბმა ომშიც. ასე რომ, რუსეთის მდგომარეობა პრაქტიკულად განწირული აღმოჩნდა.
ყირიმში მოკავშირეთა დესანტის გადასხმის შემდეგ ნაპოლეონ III-მ გამოაქვეყნა სამშვიდობო მორიგების ახალი გეგმა _ ე.წ. „4 პუნქტი“. ამ გეგმის თანახმად, დუნაისპირა სამთავროები უნდა ყოფილიყო საფრანგეთის, ავსტრიის, ინგლისის, რუსეთისა და პრუსიის საერთო პროტექტორატის ქვეშ და დროებით ოკუპირებული უნდა ყოფილიყო ავსტრიელთა მიერ; ხუთივე ეს სახელმწიფო უნდა გამხდარიყო სულთნის ქრისტიანი მოსახლეობის ერთობლივი მფარველი; ამავე ხუთ სახელმწიფოს უნდა გაეწია კოლექტიური კონტროლი დუნაის შესართავზე; 1841წ. ხელშეკრულება ბოსფორსა და დარდანელზე გემების გასვლის შესახებ უნდა გადასინჯულიყო. ამ გეგმაზე ნიკოლოზს არანაირი პასუხი არ გაუცია.
1855 წ. იანვარში ნიკოლოზის სიკვდილის შემდეგ ერთი ხანობა ნაპოლეონი უცბად ზავის დადებას ფიქრობდა, მაგრამ აქ მან მიიღო სანდო ინფორმაცია, რომ სევასტოპოლის დაცვა რუსებს არ შეეძლოთ და დაუცადა მის აღებას. 1855 წ. სექტემბრის დასაწყისში (27 აგვისტო ძვ. სტ.) მოკავშირეებმა სევასტოპოლი აიღეს და ოქტომბერში ნაპოლეონმა მიმართა სამშვიდობო წინადადებით ალექსანდრეს. რუსეთს გაუჩნდა შანსი, დიდი დანაკარგების გარეშე გამოსულიყო ომიდან, მაგრამ რუსეთის კანცლერმა ნესელროდემ უხეში შეცდომა დაუშვა და რატომღაც აცნობა ვენას პარიზსა და პეტერბურგს შორის დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ. ამის შემდეგ ფრანც-იოსებმა სასწრაფოდ წარუყენა რუსეთს ულტიმატუმი (დეკემბრის შუა რიცხვები), რომელიც ბევრად უფრო მძიმე გამოდგა რუსეთისათვის, ვიდრე ნაპოლეონისეული „4 პუნქტი“. ულტიმატუმის მიხედვით, რუსეთის პროტექტორატი მოლდავეთსა და ვალახეთში უნდა შეცვლილიყო ყველა დიდი სახელმწიფოს პროტექტორატით; დუნაის შესართავში თავისუფალი ცურვის უფლება; შავ ზღვაში რომელიმე ქვეყნის ესკადრის შეშვების უფლების აკრძალვა და რუსეთისა და თურქეთისათვის შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლის უფლების აკრძალვა; რუსეთის მიერ თურქეთის ქრისტიანი მოსახლეობის დაცვაზე უარის თქმა; რუსეთის მიერ მოლდავეთისათვის ბესარაბიის დუნაის მიმდებარე ნაწილის გადაცემა. ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნათელი იყო, რომ ავსტრია ომში ჩაებმებოდა. ამიტომ 1856 წ. იანვარში რუსეთი დათანხმდა ყველა პუნქტს, გარდა ბესარაბიის გადაცემისა. ავსტრიის კანცლერმა ბუოლმა მოსთხოვა რუსეთს ამ პუნქტის მიღებაც, მაგრამ რუსეთმა მოახერხა ნაპოლეონ III-თან საერთო ენის გამოძებნა და 1856 წ. 25 მარტს დაწყებულ პარიზის კონგრესზე საფრანგეთმა ძალიან ბევრ საკითხში მხარი დაუჭირა რუსეთს. რუსეთის წარმომადგენელი ორლოვი ძალიან იოლად ახერხებდა ნაპოლეონის მხარდაჭერის მიღებას. მან კარგად იცოდა, რომ უნდა დაეთმო კონგრესზე იმ საკითხებში, რომელზეც ინგლისი და საფრანგეთი ერთად გამოვიდოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ოღონდ აქ ერთი ნიუანსი იყო: მოჩვენებითად საფრანგეთი ყველა საკითხში მხარს უჭერდა ინგლისს, მაგრამ სინამდვილეში ორლოვმა იცოდა, რომელი საკითხებზე აპირებდა ნაპოლეონი მართლაც ინგლისის მოკავშირედ ყოფნას. ამიტომ ის ამ საკითხებზე არ იხევდა უკან. მაგალითად, ის არ დათანხმდა რუსეთის შავიზღვისპირა სიმაგრეების მოსპობას, აზოვის ზღვის ნეიტრალიზაციას და ავსტრიის მიერ ვალახეთისა და მოლდავეთის ოკუპაციას. ყველა ამ საკითხზე გათამაშდა კომედია, როდესაც საფრანგეთის წარმომადგენელი გრაფი ვალევსკი (ნაპოლეონ ბონაპარტის ვაჟი მარია ვალევსკაიასაგან) ჯერ ვითომ რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდა, ხოლო შემდეგ, რუსეთის მტკიცე პოზიციის შემყურე, ხელებს შლიდა და თანხმდებოდა დათმობაზე. სამაგიეროდ, როდესაც ორლოვმა იცოდა, რომ ნაპოლეონი არ დაუჭერდა ამა თუ იმ საკითხში მხარს რუსეთს, ის უცბად თმობდა პოზიციებს, როგორც ეს მოხდა შავი ზღვის ნეიტრალიზაციის საკითხში.
საბოლოოდ, 1856 წ. 30 მარტს ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა დაუბრუნა თურქეთს ყარსი, დატოვა მოლდავეთი და ვალახეთი და დათანხმდა შავი ზღვის ნეიტრალიზაციაზე (ანუ რუსეთმა უარი თქვა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლაზე). ეს იყო ძირითადი დანაკარგი რუსეთისა, თუმცა ეს არ გაგრძელდა დიდხანს. 1871 წ. იანვარში ლონდონის კონფერენციაზე რუსეთმა და თურქეთმა კვლავ მიიღეს შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყო-ლის უფლება.
ბისმარკის საგარეო პოლიტიკა. ფრანკფურტის ზავი.
1862 წ. სექტემბერში პრუსიის კანცლერის პოსტი დაიკავა ოტო ედუარდ ლეოპოლდ ფონ ბისმარკმა (1815-1898). ბისმარკის მთავარი მიზანი იყო გერმანიის გაერთიანება პრუსიის ეგიდის ქვეშ და ამ მიზნის განხორციელებას ის „სისხლითა და მახვილით“ აპირებდა. ბისმარკი მეტად ნიჭიერი დიპლომატი იყო და ამ თავის ნიჭს ძალიან კარგადაც იყენებდა. 1863 წ. მან მოახერხა რუსეთისათვის ლამის მთელი ევროპის დაპირისპირება პოლონეთის საკითხის გამო, რის შემდეგაც ის რუსეთის უმთავრესი მოკავშირეც კი აღმოჩნდა. 1863 წ. მიწურულს დანიის მეფე ფრიდრიხ VII-ის სიკვდილის შემდეგ კი მან დაიწყო დიპლომატიური ბრძოლა შლეზვიგ-ჰოლშტაინისათვის. დანიის ახალი მეფის ქრისტიან IX-ის უფლებები ამ პროვინციებზე ჯერ კიდევ 1852 წლიდან ყველა დიდი სახელმწიფოს (მათ შორის, პრუსიის მიერაც) იყო გარანტირებული, მაგრამ ბისმარკი იოტის ოდენადაც არ შეუწუხებია ამას და გადაწყვიტა ამ ურთულეს საკითხში ჩარევა. შლეზვიგ-ჰოლშტაინის საკითხი იმდენად ჩახლართული იყო, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ლორდმა პალმერსტონმა ერთხელ გაიხუმრა კიდეც: „ცოტა ხნის წინ ევროპაში სულ სამი კაცი იყო, ვინც ერკვეოდა ამ საკითხში _ პრინცი ალბერტი (დედოფალ ვიქტორიას მეუღლე), ერთი მოხუცი დანიელი და მე. მაგრამ დედოფალი სამწუხაროდ ახლახან დაქვრივდა, დანიელი საგიჟეთში მოხვდა, მე კი სულ დამავიწყდა, თუ რაში მდგომარეობს იქ საქმე“.
ბისმარკს თავისი მიზნის მისაღწევად სჭირდებოდა სხვა დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერა თუ არა, ნეიტრალიტეტი მაინც. რუსეთისაგან მან მალე მიიღო ჩაურევლობის გარანტია, რადგანაც რუსეთს ჯერ კიდევ აწუხებდა ყირიმის ომის კოშმარი და ეშინოდა, რომ თუ ის დაუპირისპირდებოდა პრუსიას, მაშინ ეს უკანასკნელი შესაძლოა ანტირუსულ კოალიციას შეერთებოდა. ინგლისი ასევე ჩაურევლობის გზას დაადგა. ნაპოლეონ III-ის ნეიტრალიზებისათვის კი ბევრი არც იყო საჭირო. საფრანგეთის იმპერატორი იმდენად ჩაეფლო თავის მექსიკურ ავანტიურაში, რომ მას სურვილიც კი არ დარჩა დანიის გამო პრუსიასთან დაპირისპირების, მით უმეტეს, რომ ბისმარკმა მოახერხა ავსტრიის დაინტერესება დანიის წინააღმდეგ ომით. ბისმარკმა ავსტრიას შესთავაზა ჰოლშტაინი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დათანხმდა ერთიანი ფრონტით დანიის წინააღმდეგ გამოსვლაზე. 1863 წ. მიწურულს დაიდო საიდუმლო შეთანხმება ამის თაობაზე ბერლინსა და ვენას შორის. ბისმარკმა დაიწყო საბაბის ლოდინი და ეს არც ისე დიდხანს მოუწია. ინგლისის მხარდაჭერით დაიმედებულმა ქრისტიან IX-მ გამოსცა ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ის შლეზვიგს საბოლოოდ უერთებდა დანიას. 1864 წ. 16 იანვარს, ამ აქციის საპასუხოდ პრუსიამ და ავსტრიამ ულტიმატუმი წაუყენეს დანიის მეფეს და მოსთხოვეს კონსტიტუციის გაუქმება. ქრისტიან IX-ის იმედები ინგლისის დახმარებაზე ფუჭი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველსავე ბრძოლაში დანიელებმა მისუნდასთან სასტიკად დაამარცხეს პრუსიელები, დანია მაინც განწირული აღმოჩნდა ომში დამარცხებისათვის. 1864 წ. 12 მაისს დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლითაც დანიამ დათმო შლეზვიგი, ჰოლშტაინი და ლაუენბურგის საჰერცოგო. წინასწარი მორიგების თანახმად, პრუსიამ მიიღო შლეზვიგი, ავსტრიამ კი _ ჰოლშტაინი (ბოლო მომენტში ავსტრიელებს მოულოდნელად „გაახსენდათ“, რომ ჰოლშტაინთან მათ არანაირი მისასვლელი არ ჰქონდათ და გადაცვლა მოინდომეს ტერიტორიების, მაგრამ ბისმარკთან ვერაფერს გახდნენ.). ლაუენბურგის საჰერცოგო ბისმარკმა უბრალოდ იყიდა ავსტრიისაგან (მიუხედავად იმისა, რომ ის ავსტრიას სულაც არ ეკუთვნოდა. ამით ბისმარკს სურდა მთელი მსოფლიოსათვის იმის ჩვენება, რომ ვენა იმასაც კი ყიდის, რაზეც უფლება არა აქვს.). ამით დასრულდა პირველი ეტაპი ბისმარკის მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე.
გერმანიის გაერთიანების გზაზე ბისმარკისათვის მთავარი მოწინააღმდეგე გუშინდელი მოკავშირე ავსტრია იყო. ამიტომ ბისმარკმა დაიწყო ავსტრიის წინააღმდეგ ომის მზადება. რუსეთის ნეიტრალიტეტი ამ საკითხში პრაქტიკულად გარანტირებული იყო. პეტერბურგში კარგად ახსოვდათ, თუ როგორ უმუხთლა მათ ვენამ ყირიმის ომის დროს, ამავე დროს კი პრუსიამ პოლონეთის საკითხში სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა რუსეთს, ასე რომ ავსტრიის მომხრეთა რიცხვი პრაქტიკულად ნულამდე იყო დასული. ინგლისი ასევე არ მოიკლავდა თავს ავსტრიისათვის და ეს ბისმარკმა მშვენივრად იცოდა. ასე რომ, რჩებოდა მხოლოდ ნაპოლეონ III. 1865 წ. ბისმარკი პირადად შეხვდა ნაპოლეონს საკურორტო ქალაქ ბიარიცში (ის თვლიდა, რომ პირადი კონტაქტები ბევრად უფრო მეტ შედეგებს მოიტანს დიპლომატიაში, ვიდრე ნოტების გაცვლა) და პირდაპირ შესთავაზა მას ლუქსემბურგი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. ნაპოლეონი სულაც არ დააკმაყოფილა ლუქსემბურგმა. როგორც საუბარში გაირკვა, მას თურმე ბელგია უნდოდა. ბისმარკმა თავი შეიკავა რაიმე დაპირებისაგან და ნაპოლეონმაც მეტი არაფერი თქვა. როგორც გაირკვა, მას ეგონა, რომ ომი ავსტრიასა და პრუსიას შორის ხანგრძლივი იქნებოდა და საჭირო მომენტში ის შეძლებდა უომრადაც კი მიეღო ბელგიაც, ლუქსემბურგიცა და რაინისპირა მიწებიც. ბისმარკი მიუხვდა ნაპოლეონს თამაშს და დარწმუნდა, რომ ერთადერთი გამოსავალი იყო ავსტრიასთან ომის სწრაფად მოგება. ამ მიზნით მან გადაწყვიტა კავშირის დადება სარდინიის სამეფოსთან (პიემონტი) და აღუთქვა მას ვენეცია საერთო ზავით, იმის მიუხედავად, თუ რა სიტუაცია იქნებოდა იტალიურ ფრონტზე (ბისმარკს კარგად ესმოდა, რომ იტალიელები სწრაფად დამარცხდებოდნენ, თუმცა მასაც კი ვერ წარმოედგინა, რომ იტალიური ფრონტი სულ ერთ დღეს იარსებებდა.). ნაპოლეონს ეს სულაც არ მოეწონა. მან ჯერ შესთავაზა ფრანც-იოსებს, უომრად დაეთმო ვენეცია პიემონტისათვის და ამით აეცილებინა ორ ფრონტზე ომის საფრთხე, ხოლო ამ უკანასკნელის უარის შემდეგ კი ვიტორიო-ემანუილ II-ს (პიემონტის მეფე) აუკრძალა პრუსიასთან კავშირის დადება. ბისმარკს მთელი თავისი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდა ნაპოლეონის დასარწმუნებლად, რომ იტალიელებთან კავშირი დიდად ვერ წაადგებოდა პრუსიას და ომი მაინც დიდხანს გაგრძელდებოდა. ამის შემდეგ ნაპოლეონმა მოხსნა თავისი აკრძალვა და 1866 წ. 8 აპრილს პრუსიასა და სარდინიის სამეფოს შორის კავშირი დაიდო. ბისმარკს დარჩა მხოლოდ საბაბის მოძებნა, მაგრამ ამისათვის მას დრო არ ეყო. მან გაიგო, რომ ნაპოლეონმა კვლავ შესთავაზა ვენას ვენეციის დათმობა. ამიტომ 1866 წ. 16 ივნისს მან დაიწყო ომი ავსტრიის წინააღმდეგ.
ომი ხანგრძლივი სულაც არ გამოდგა. მართალია, ავსტრიის მხარეზე მთელი რიგი გერმანული სამთავროები გამოდიოდა (ბავარია, საქსონია, ვიურტემბერგი, ჰანოვერი, ბადენი, ჰესენი, ნასაუ, ფრანკფურტი), იტალიელები კი უკვე 24 ივნისს კუსტოცასთან მარცხის შემდეგ საერთოდ არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალას, 3 ივლისს სადოვასთან გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ პრუსიამ ომი პრაქტიკულად მოიგო. ბერლინში უკვე ვენის აღებაზე ალაპარაკდნენ, მაგრამ ბისმარკმა, რომელსაც თავში უკვე ახალი კომბინაცია უტრიალებდა, რომელშიც ავსტრია კვლავ პრუსიის მოკავშირე უნდა გამხდარიყო ამჯერად უკვე საფრანგეთის წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგ წავიდა. ამასობაში ფრანც-იოსებმა შეუთვალა ნაპოლეონს, რომ ის აძლევდა მას ვენეციას იტალიელებისათვის გადასაცემად. ამით ის ფიქრობდა, რომ სამხრეთიდან ისედაც მინიმალურ საფრთხეს საერთოდ მოიცილებდა, მაგრამ მოულოდნელად იტალიელებს მადა ჭამაში მოუვიდათ და ტრიენტი და ტრიესტი მოითხოვეს. ბისმარკს ეს ძალიან მოეწონა და ეგონა, რომ იტალიელები ზღვაზე მაინც შეუქმნიდნენ ავსტრიელებს პრობლემებს, მაგრამ შეცდა. 20 ივლისს ლისასთან საზღვაო ბრძოლაში იტალიურმა ფლოტმა არსებობა შეწყვიტა (და ეს მაშინ, როდესაც ავსტრიელთა დანაკარგები მეტად უმნიშვნელო გამოდგა). შედეგად, ბისმარკმა 26 ივლისს ნიკოლსბურგში დადო ზავი ავსტრიასთან მეტად ხელსაყრელი პირობებით ორივე მხარისათვის (ავსტრიელთათვის ხელსაყრელი იყო ეს ზავი იმით, რომ მათ ომი წააგეს და თითქმის არაფერი არ დაუკარგავთ). ზავის პირობების მიხედვით, ავსტრია უნდა გამოსულიყო გერმანული კავშირიდან, დაეთმო ჰოლშტაინი და დათანხმებულიყო ახალი ჩრდილოეთგერმანული კავშირის შექმნას პრუსიის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, რასაკვირველია, ვენეცია პიემონტს უნდა მიეღო. ვიტორიო-ემანუილ II-მ ერთი კი გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ მან ტრიესტი და ტრიენტი ვერ მიიღო, მაგრამ როდესაც ბისმარკმა მას ურჩია, მარტოს ეომა ავსტრიასთან, გაჩერება ამჯობინა და უარყო ეს „მეგობრული“ რჩევა. ასე დაასრულა ბისმარკმა თავისი მიზნის მეორე ეტაპი.
ნიკოლსბურგის საზავო ხელშეკრულება 1866 წ. 24 აგვისტოს დამტკიცებული იქნა პრაღის ზავით. ამის შემდეგ ბისმარკმა უკვე დაიწყო საფრანგეთთან ომზე ფიქრი. საერთაშორისო მდგომარეობა მეტად ხელსაყრელი იყო ამისათვის. ინგლისი, რომელსაც პრუსია თავის კონკურენტად არ მიაჩნდა, ადგა საფრანგეთის საწინააღმდეგოდ მის გამოყენების კურსს. რუსეთი მეტად ანტიფრანგულად აღმოჩნდა განწყობილი, რისი მიზეზიც იყო საფრანგეთ-რუსეთის დაპირისპირება აღმოსავლეთში. რჩებოდა ავსტრია, რომელსაც რევანში სწყუროდა, მაგრამ ავსტრიის ნეიტრალიზება მოხერხდა რუსეთის წყალობით. 1868 წ. ალექსანდრე II-მ აღუთქვა ვილჰელმს, რომ განალაგებდა დიდ არმიას ავსტრიის საზღვარზე საფრანგეთ-პრუსიის ომის შემთხვევაში. 1870 წ. ომის წინ კი რუსეთმა გამოაცხადა დეკლარაცია ნეიტრალიტეტის შესახებ და მოუწოდა ყველას, არ შეეწყოთ ხელი საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოებისათვის. ამან გააჩერა ავსტრია-უნგრეთის ხელმძღვანელობა, ასე რომ ბისმარკს ზურგი კარგად დაცული აღმოაჩნდა.
ევროპული სახელმწიფოების ჩაურევლობა მხოლოდ ერთი ნაწილი იყო ბისმარკის ამოცანისა. მას სჭირდებოდა კარგი საბაბიც. 1866 წ. აგვისტოში ნაპოლეონმა მოულოდნელად მოითხოვა საფასური პრუსია-ავსტრიის ომში ნეიტრალიტეტისათვის: ბელგია, ლუქსემბურგი და ლანდაუს ოლქი. ბისმარკმა თავიდან უარი არ თქვა (თუმცა არც თანხმობა განუცხადებია), შემდეგ კი, როდესაც დარწმუნდა, რომ საფრანგეთის ამ მოთხოვნას მხარდამჭერი ევროპაში არ ეყოლებოდა, გაითამაშა ბრწყინვალე კომბინაცია. მან მოსთხოვა ნაპოლეონს წერილობითი წინადადებები, თუ რისი მიღება სურდა მას (ყოველივე ეს მას თითქოსდა ვილჰელმ I-ის დასარწმუნებლად სჭირდებოდა) და ამ წინადადებების წერილობით გაფორმების შემდეგ შეწყვიტა მოლაპარაკებები. ამავე დროს, მან აცნობა ლონდონსა და პეტერბურგს ნაპოლეონის სურვილების შესახებ. 1867 წ., როდესაც ნაპოლეონმა თითქოს ყველაფერი შეამზადა ლუქსემბურგის დასაკავებლად (ლუქსემბურგში იმ დროს პრუსიის ჯარები იდგნენ) და მიიღო როგორც ჰოლანდიის თანხმობა, ისე ბისმარკის წინასწარი თანხმობა, ბისმარკმა მოულოდნელად მოაწყო ოპოზიციის გამოსვლები რაიხსტაგში და ამ მოტივით უარი უთხრა ნაპოლეონს ლუქსემბურგის დაცლაზე. საბოლოოდ, ლუქსემბურგის საკითხი გადაწყდა ლონდონში 1867 წ. 7-11 მაისს, როდესაც ევროპულმა სახელმწიფოებმა მოახდინეს ლუქსემბურგის ნეიტრალიტეტის გარანტირება და მოსთხოვეს პრუსიას იქიდან ჯარების გაყვანა (რასაკვირველია, ნაპოლეონისათვის ლუქსემბურგი არავის არ მიუცია.).
ლუქსემბურგის საკითხი ბისმარკისათვის ერთგვარ საცდელ ქვად იქცა. ის დარწმუნდა, რომ საფრანგეთს საჭირო მომენტში არავინ არ დაუჭერდა მხარს. 1870წ. კი შეიქმნა ხელსაყრელი მომენტი ომის დასაწყებად. ესპანეთის ვაკანტურ ტახტზე წამოყენებული იქნა გერმანელი პრინცის ლეოპოლდ ფონ ჰოჰენცოლერნ-ზიგმარინენის კანდიდატურა. ნაპოლეონი ამის სასტიკად წინააღმდეგი იყო და რეზონულადაც ასაბუთებდა, რომ საფრანგეთის უსაფრთხოებისათვის აუცილებლად სახიფათო იქნებოდა ორივე მხარეს ჰოჰენცოლერნების ყოფნა. ამიტომ მან სასწრაფოდ გააგზავნა თავისი წარმომადგენელი ბენედეტი ემსში, სადაც მკურნალობდა ვილჰელმ I. პრუსიის მეფე, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ ბისმარკს ომი უნდოდა და ელოდა, როდის გამოუცხადებდა ამ ომს მას საფრანგეთი ესპანეთში მეფედ ლეოპოლდის არჩევის გამო, პრაქტიკულად დათანხმდა დათმობაზე და სასწრაფოდ შეატყობინა ლეოპოლდს, მოეხსნა თავისი კანდიდატურა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა კიდეც. ეს ფრანგების დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო, მაგრამ ნაპოლეონი, რომელსაც თვითონაც სურდა ომი, ამით არ დაკმაყოფილდა. ჩათვალა, რომ ვილჰელმის სიბეცე იყო პრუსიის სისუსტის ნიშანი, მან სასწრაფოდ მოათხოვინა ბენედეტის, რომ ვილჰელმს აეკრძალა ლეოპოლდისათვის ესპანეთის ტახტის დაკავება, თუ ეს წინადადება ხელახლა იქნებოდა წამოყენებული. ვილჰელმი საკმაოდ გაღიზიანებული აღმოჩნდა ამ მოთხოვნით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ წავიდა შეგნებულ კონფლიქტზე (მას ომი სულაც არ უნდოდა) და უთხრა ელჩს, რომ ახალს ვერაფერს ეტყოდა და მოლაპარაკებები ამ საკითხზე ბერლინში გაგრძელდებოდა. როდესაც ამ საუბრის შესახებ დეპეშით („ემსის დეპეშა“) შეატყობინეს ბისმარკს, ის ძალიან გაოცდა და შეცბა. მაგრამ ცოტა ხანში ის გონს მოეგო და უბრალოდ დეპეშის რედაქტირება მოახდინა ისე, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს მეფემ ბენედეტის კარზე მიუთითა. ამან მისთვის სასურველი შედეგი გამოიღო. ნაპოლეონმა 19 ივლისს ომი გამოუცხადა პრუსიას. ამავე დროს მან მიიღო კიდევ ერთი სასტიკი დიპლომატიური დარტყმა: ბისმარკმა გამოაქვეყნა ნაპოლეონის წერილობითი მემორანდუმი, რომლითაც ის ითხოვდა ბელგიას. ეს იყო სრული კატასტროფა ფრანგებისათვის. მთელი მსოფლიოს თვალში ისინი აგრესორებად გამოჩნდნენ. ამიტომაც იყო, რომ ომის პირველ ეტაპზე მათ მხარდამჭერი არავინ გამოუჩნდა.
საფრანგეთ-პრუსიის ომი საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. მოიგერიეს რა ფრანგების პირველი შეტევები, აგვისტოში პრუსიელები საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სექტემბრის დასაწყისში სასტიკი მარცხი მიაყენეს ფრანგებს (სედანთან). პარიზი ალყაშემორტყმული აღმოჩნდა. ფრანგებმა ზავზე დაიწყეს ფიქრი. რევოლუციის შედეგად II იმპერია მოსპობილი იქნა და დამყარდა III რესპუბლიკა, რომლის მთავარი მიზანიც ევროპაში შუამავლის პოვნა იქცა. ამ მიზნით ევროპაში გაგზავნილი იქნა ადოლფ ტიერი, რომელმაც ლონდონს მიაშურა. იქ ის კარგად მიიღეს, მაგრამ არაფერს არ დაჰპირებიან. იგივე განმეორდა ვენაშიც. პეტერბურგში, სადაც პრუსიას კი უჭერდნენ მხარს, მაგრამ მაინც შეშფოთებული იყვნენ საფრანგეთის ასეთი სწრაფი კატასტროფით და ევროპაში ძალთა თანაფარდობის ასეთი მკვეთრი დარღვევით, მას შედარებით უკეთ შეხვდნენ და მოლაპარაკების დაწყებაშიც დახმარება აღუთქვეს. ტიერმაც მიიღო ბისმარკისაგან გარკვეული წინადადებები, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო. მთავრობა თითქოს მზად იყო ზავის დადებაზე, მაგრამ ხალხის რეაქციის შეეშინდა და უარი თქვა მათზე. ამ დროს საფრანგეთის მდგომარეობა საბოლოოდ შეასუსტა მეცის კაპიტულაციამ, რის შემდეგაც პარიზი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და 1871 წ. 28 იანვარს ხელი მოეწერა წინასწარ შეთანხმებას, 26 თებერვალს დაიდო პრელიმინარული შეთანხმებები ვერსალში, ხოლო ყოველივე ეს დასრულდა ფრანკფურტის ზავით (1871 წ. 10 მაისი). ზავის თანახმად, საფრანგეთი ახლადშექმნილ გერმანიის იმპერიას უთმობდა ელზასსა და ლოთარინგიას და პირობას იღებდა, რომ გადაიხდიდა 5 მილიარდ ფრანკ კონტრიბუციას. ამავე დროს, კონტრიბუციის გადახდამდე გერმანული ჯარები უნდა მდგარიყვნენ საფრანგეთში და თანდათანობით, ფულის გადახდის შესაბამისად, დაეტოვებინათ მისი ტერიტორია. სანაცვლოდ, ბისმარკმა მხარდაჭერა აღმოუჩინა საფრანგეთის ახალ მთავრობას პარიზის კომუნის ჩახშობაში.
საზავო ხელშეკრულებების მოწერამდეც ბისმარკის მთავარი მიზანი უკვე აღსრულებული იყო. 1871 წ. 18 იანვარს, ვერსალის სარკეებიან დარბაზში გამოცხადებული იქნა გერმანიის იმპერიის შექმნა. ამით პრუსიამ საბოლოოდ მოიპოვა ჰეგემონობა გერმანულ სამყაროში. ბისმარკმა კი უკვე ახალ მიზნებზე დაიწყო ფიქრი.
ბისმარკის პოლიტიკა საფრანგეთის მიმართ 1871-1875 წწ.
საერთაშორისო ურთიერთობებში ამ პერიოდის ევროპაში პირველი ვიოლინოს როლს ოტო ფონ ბისმარკი თამშობდა. მას შემდეგ, რაც შეიქმნა გერმანიის იმპერია და ელზასი და ლოთარინგის იქცა ამ იმპერიის შემადგენელ ნაწილად, ბუნებრივია, რომ საფრანგეთში გაჩნდა რევანშისტული მისწრაფებები. მართალია, ფრანგ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რომ ამ დროისათვის საფრანგეთს არანაირად არ შეეძლო გერმანიასთან ომზე ფიქრი, მაგრამ ბისმარკს, თავის მხრივ, ასევე შეგნებული ჰქონდა, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ამიტომ მან დაიწყო ახალი კონფლიქტის ინსპირირება, რათა სამუდამოდ გადაეწყვიტა ელზას-ლოთარინგიის პრობლემა. ის ცდილობდა ახალი ომის მოწყობას, რის შემდეგაც უკვე საფრანგეთი ვერ დაიბრუნებდა წარსულ ძლიერებას.
1872 წ. აპრილ-მაისში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ფრანგებს სურდათ დროზე ადრე გადაეხადათ კონტრიბუცია (ამ დროისათვის მათ 3 მლრდ ფრანკი ჰქონდათ გადასახდელი.), რის სანაცვლოდაც გერმანიის ჯარებს უნდა დაეტოვებინათ საფრანგეთის ტერიტორია (ფრანკფურტის ზავის პირობების მიხედვით, გერმანულ ჯარებს ხუთი წლის განმავლობაში შეეძლოთ საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ფრანგებს კი ამ 5 წელში უნდა გადაეხადათ კონტრიბუცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ოკუპაცია გაგრძელდებოდა.). პრინციპში, ყოველივე ეს ბისმარკს აწყობდა, რადგანაც ფულის სასწრაფოდ მიღება სურდა, მაგრამ მაინც გააჯანჯლა მოლაპარაკებები. უფრო მეტიც, მან შეატყობინა გერმანიის ელჩს, რომ კაიზერს საკმაოდ ჰყვდა მრჩევლები, რომლებსაც საფრანგეთთან კიდევ ერთი ომი უნდოდათ (აღსანიშნავია, რომ კაიზერის გადაწყვეტილებები ჩვეულებრივ ბისმარკის მიერ იყო მიღებული, ვილჰელმ I კი მას მხოლოდ ემორჩილებოდა, ასე რომ, ეს განცხადება გულწრფელი არ იყო.) და მოსთხოვა მოლაპარაკებებზე მკაცრი პოზიციების დაკავება, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება მაინც მიღწეული იქნა და გერმანელებს საფრანგეთის ტერიტორია 1873 წ. სექტემბრისათვის უნდა დაეტოვებინათ.
ამავდროულად ბისმარკმა დაიწყო რთული თამაშის წარმოება საფრანგეთის დიპლომატიურ იზოლაციაში მოსაქცევად. ამისათვის მან გადაწყვიტა ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის მომხრობა. მართლაც, ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 1873 წ. 23 ოქტომბერს გაფორმდა ე.წ. „სამი იმპერატორის კავშირი“, რითაც ბისმარკმა საწადელს მიაღწია. საფრანგეთი ამიერიდან სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც არც ავსტრია-უნგრეთი და არც რუსეთი მის მოკავშირედ არ მოიაზრებოდა (ინგლისი ე.წ. „ბრწყინვალე იზოლაციის“ პოლიტიკას ადგა და საფრანგეთს, რასაკვირველია, არ დაეხმარებოდა, იტალია ისედაც საფრანგეთის მოწინააღმდეგედ მოიაზრებოდა ტერიტორიალური და კოლონიური პრეტენზიების გამო, ესპანეთში კი ამ დროს გადატრიალება გადატრიალებას მოსდევდა და ევროპული საქმეებისათვის სულაც არ ცხელოდათ. გარდა ამისა, ესპანეთი ძალიან სუსტი იყო). ამიტომ ბისმარკი შეტევაზე გადავიდა.
1873 წ. სექტემბერში გერმანულმა ნაწილებმა დატოვეს საფრანგეთის ტერიტორია, რითაც დასრულდა საფრანგეთის სრული დაუცველობის ხანა. ამან ბისმარკის შიში გააღრმავა და დაიწყო საბაბის ძებნა საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო კამპანიის დასაწყებად. უნდა აღინიშნოს, რომ ამის გაკეთება მას სულაც არ გასჭირვებია. 1873 წ. აგვისტოში ქ. ნანსის ეპისკოპოსმა მოუწოდა ფრანგებს ელოცათ ალზას-ლორენის (ელზას-ლოთარინგიის ფრანგული დასახელება) დაბრუნებისათვის. ბისმარკმა სასწრაფოდ მოსთხოვა საფრანგეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰერცოგ დე ბროილს ამ ეპისკოპოსის წინააღმდეგ რეპრესიების გატარება. ბროილმა სცადა ბისმარკის დარწმუნება, რომ საფრანგეთის მთავრობა სულაც არ უჭერდა მხარს რევანშისტულ მოწოდებებს, მაგრამ ამავე დროს უარი თქვა ნანსის ეპისკოპოსის რეპრესირებაზე. ამას ბისმარკმა უპასუხა ნამდვილი ომით პრესაში და ფრანგებს ბრალი დასდო კლერიკალურ შეთქმულებაში გერმანელ კათოლიკეებთან (ამით ბისმარკი თავის შინაპოლიტიკურ მიზნებსაც აღწევდა, რადგანაც ამ დროს გაჩაღებული ჰქონდა „კულტურკამპფი“ _ ბრძოლა კათოლიციზმის წინააღმდეგ). 1874 წ. აპრილში კი რაიხსტაგმა მიიღო სამხედრო კანონი, რომლითაც სამხედრო ხარჯები გაზრდილი იყო.
ამასობაში საფრანგეთში კვლავ შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს პოსტი დაიკავა დეკაზმა, რომელმაც აქტიურად დაიწყო მანევრირება გერმანული საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მან მოახერხა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც-იოსების კათოლიციზმის გამოყენება და პეტერბურგის ერთგვარი თანაგრძნობა (ალექსანდრე II, მიუხედავად აშკარა გერმანოფილობისა, უკვე შეშფოთებული იყო გერმანიის სიძლიერით) და საქვეყნოდ განაცხადა, რომ გერმანიას სურს ომის დაწყება საფრანგეთის წინააღმდეგ. ა. გორჩაკოვმა (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და გრაფმა დიულა ანდრაშიმ (ავსტრია-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) უთხრეს საფრანგეთის ელჩს პეტერბურგში (ეს განცხადება დაემთხვა ფრანც-იოსების პეტერბურგში ვიზიტს, რაც, ალბათ, კარგად ჰქონდა გათვლილი დეკაზს), რომ მათი მთავრობები ბისმარკის მოქმედებებს უარყოფითად აფასებდნენ. თვით ინგლისმაც კი საფრანგეთის მხარე დაიკავა და დედოფალმა ვიქტორიამ მისწერა ვილჰელმ I-ს, რომ ახალი ომის დაწყებას გერმანიის მხრიდან შეიძლებოდა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა. შედეგად, ბისმარკი იძულებული გახდა, უკან დაეხია და 1874 წ. 17 თებერვალს გასცა განკარგულება, შეეწყვიტათ ვნებათაღელვა ფრანგი ეპისკოპოსის გამოსვლის გამო.
ბისმარკის უკანდახევა დროებითი გამოდგა. 1875 წელს მან კიდევ უფრო ენერგიულად დაიწყო მოქმედება ფრანგების წინააღმდეგ. მან გადაწყვიტა რუსეთის დაინტერესება ახლო აღმოსავლეთით და დაჰპირდა მას თავისი სპეციალური წარმომადგენლის რადოვიცის პირით, რომ მხარს დაუჭერდა მას ბალკანეთში, თუ ეს უკანასკნელი საფრანგეთს არ დაეხმარებოდა გერმანიის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. გორჩაკოვმა რადოვიცს არაფერი კონკრეტული არ უთხრა. მიუხედავად ამისა, ბისმარკმა მაინც დაიწყო მდგომარეობის გამწვავება და საბაბად გამოიყენა ფრანგული სამხედრო რეფორმა, რომლითაც ფრანგები ზრდიდნენ პოლკის შემადგენლობას 3-დან 4 ბატალიონამდე, რითაც მათი არმია ავტომატურად 144 ათ. ჯარისკაცით გაიზრდებოდა. ამავე დროს ბისმარკმა განაცხადა, რომ ფრანგები გამალებით ყიდულობდნენ ცხენებს გერმანიაში, რის გამოც 1875 წ. 4 მარტს იმპერატორის ბრძანებულებით აიკრძალა გერმანიიდან ცხენების ექსპორტი (ეს XIXს.-ში ომისათვის მობილიზაციას ნიშნავდა). ამავე დროს პრესით ბისმარკი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საფრანგეთი ომისათვის ემზადებოდა. მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა 1875 წლის მაისში, როდესაც გერმანიის ელჩმა პარიზში განუცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს (რასაკვირველია, ბისმარკის მითითებით), რომ გერმანიის მთავრობა არ დააკმაყოფილა ფრანგთა სამშვიდობო განცხადებებმა და რომ საფრანგეთის სამხედრო ღონისძიებები ბერლინში საფრთხედ იქნა აღქმული. გერმანიის არმია ამ დროს მართლაც მოყვანილი იქნა მზადყოფნაში. საგანგაშო ინფორმაცია მოდიოდა ბელგიიდანაც, რომლის მეფე ლეოპოლდიც შეშფოთებული იყო გერმანელთა მზადებით. ასეთ სიტუაციაში დეკაზმა მაინც შეძლო და ბისმარკს მისივე იარაღით მოუგო ბრძოლა. მან მოახერხა ინგლისისა და რუსეთის დაპირისპირება გერმანიისათვის. ინგლისელებმა აქტიური დიპლომატიური ზომები მიიღეს და სცადეს გერმანიის წინააღმდეგ ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის გამოყენებაც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ყველაფერი გადაწყვიტა ალექსანდრე I-ისა და გორჩაკოვის ვიზიტმა ბერლინში, როდესაც სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ბისმარკი დარწმუნდა, რომ რუსეთი განზე არ გადგებოდა გერმანია-საფრანგეთის ახალი ომის შემთხვევაში და მხარს საფრანგეთს დაუჭერდა. ასე რომ, მან უკან დაიხია და საფრანგეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალა, თუმცა მან არ აპატია გორჩაკოვს არც ეს დიპლომატიური მარცხი და არც ის დეპეშა, რომელიც გაავრცელა გორჩაკოვმა ევროპაში (ამ დეპეშის თანახმად, ბისმარკი შეფასებული იყო „ჩხუბისთავად“ და ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ჩარევის შედეგად მშვიდობა გარანტირებული იყო). სამაგიერო მან სულ მალე გადაუხადა რუსეთს.
სამი იმპერატორის კავშირის შექმნა.
საფრანგეთის იზოლაციის მიზნით, XIXს. 70-იან წლებში ბისმარკმა საჭიროდ ჩათვალა საღვთო კავშირის ერთგვარი ვარიანტის აღდგენა. ბისმარკს აშფოთებდა „კოალიციების კოშმარი“. 70-იანი წლების დასაწყისში სულაც არ იყო გარანტირებული, რომ ავსტრია-უნგრეთი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გაანადგურა პრუსიამ, რევანშის გზას არ დაადგებოდა და საფრანგეთთან კავშირზე არ წავიდოდა. მით უმეტეს, რომ 1871 წ. თებერვალში ავსტრიულ ნაწილში ხელისუფლებაში ანტიგერმანული პარტია მოვიდა გოგენვარტის მეთაურობით. თუმცა სულ მალე ვითარება ბისმარკისათვის საკეთილდღეოდ შეიცვალა. 1871 წ. ოქტომბერში გოგენვარტის მთავრობა დაემხო და ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა დიულა ანდრაში. ეს უკანასკნელი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა სლავებს, ხოლო მოკავშირეებად _ გერმანიასა და ინგლისს. ასე რომ, მას სურდა გერმანიასა და ინგლისთან კავშირის დადება რუსეთის წინააღმდეგ. ეს თავისი მიზანი მან გაანდო კიდეც ბისმარკს, მაგრამ ამ უკანასკნელმა აღკვეთა ამ მიმართულებით მსჯელობა. ბისმარკს უბრალოდ საფრანგეთ-რუსეთის ორმხრივი კავშირიც სახიფათოდ მიაჩნდა. ცოტა ხანში ანდრაში დარწმუნდა, რომ გლადსტონის კაბინეტი არ ჩაერეოდა ბალკანეთის საქმეებში რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ანდრაში იძულებული გახდა, დათანხმებოდა ბისმარკის იდეას, რადგანაც რუსეთთან საჭირო იყო მოლაპარაკება მთელ რიგ საკითხებზე. 1872 წ. სექტემბერში ბერლინში შედგა სამი იმპერატორის: ვილჰელმ I-ის, ფრანც-იოსებისა და ალექსანდრე II-ის _ შეხვედრა. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ ფრანც-იოსების ვიზიტი, მაგრამ როდესაც კერძო არხებით ვილჰელმმა ალექსანდრე II-ს შეატყობინა მის შესახებ, რუსეთის იმპერატორმა გერმანიის ელჩს კონფიდენციალურ საუბარში ჰკითხა, თუ შეეძლო მასაც ბერლინში იმავე დროს ჩასვლა. ბისმარკმაც ჩათვალა, რომ ეს კარგი იქნებოდა. რუსეთი ამ დროს დაინტერესებული იყო გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთთან დაახლოებით, რადგანაც საჭირო იყო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირება ინგლისთან შუა აზიის გამო კონფლიქტში გადაიზრდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ავსტრია-უნგრეთის პოზიცია იყო, რადგანაც ეს იყო ერთადერთი შესაძლო მოკავშირე ინგლისისათვის.
ბერლინის შეხვედრაზე რაიმე დოკუმენტი არ ყოფილა მიღებული. სამაგიეროდ, 1873 წლის დასაწყისში გაჩნდა რუსეთ-გერმანიის სამხედრო კონვენციის დადების იდეა, რაც განხორციელებული იქნა 1873 წ. 6 მაისს ვილჰელმ I-ის პეტერბურგში ვიზიტის პერიოდში. ამ შეთანხმების 1 მუხლის თანახმად, თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფო თავს დაესხმოდა კონვენციის მონაწილე ქვეყანაზე, მაშინ მეორეს უნდა აღმოეჩინა მისთვის 200-ათასიანი ჯარით უმოკლეს ვადაში. 1873 წ. ივნისში ალექსანდრე II ვენაში ჩავიდა და სცადა ავსტრიელების ჩართვა ამ კონვენციაში, მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. სანაცვლოდ დაიდო შეთანხმება ორ მონარქს შორის, რომელსაც საკმაოდ ბუნდოვანი ხასიათი ჰქონდა. ამ შეთანხმების თანახმად, იმპერატორები იღებდნენ ვალდებულებას, მორიგებულიყვნენ ერთმანეთთან ყველა სადავო საკითხზე, რათა სხვადასხვა თვალსაზრისს არ გამოეწვია უფრო მნიშვნელოვანი საკითხების ჩავარდნა. მესამე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში მხარეებს მოქმედების საერთო გეგმა უნდა შეემუშავებინათ და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო კონვენცია დაედოთ. სწორედ შენბრუნის შეთანხმებას (ასეთი სახელი მიიღო ალექსანდრე II-ისა და ფრანც-იოსების შეთანხმებამ) შეუერთდა ვილჰელმ I 1873წ. 23 ოქტომბერს და სწორედ მას ეწოდა სამი იმპერატორის კავშირი, თუმცა ეს უფრო იყო საკონსულტაციო პაქტი.
სამი იმპერატორის კავშირი საღვთო კავშირის პოლიტიკის გამგრძელებელი უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ ამ ამორფული კავშირიდან არაფერი გამოვიდა. პრაქტიკულად ამ კავშირს ერთიანი პოლიტიკა არ გაუტარებია არცერთ საკითხზე და ქაღალდზე არსებულ კავშირად დარჩა.
„აღმოსავლეთის საკითხის“ მორიგი გამწვავება (1875-1878 წწ.) და ევროპული სახელმწიფოების დიპლომატია. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება. ბერლინის კონგრესი.
1875 წ. მეტად გამწვავდა მახლობელი აღმოსავლეთის საკითხი. დაიწყო თურქეთის იმპერიის კრიზისის ახალი ეტაპი, რომელიც გაგრძელდა სამ წელს _ 1878 წლამდე. 1875 წ. ზაფხულში ჯერ ჰერცეგოვინასა და შემდეგ ბოსნიაში დაიწყო ქრისტიანული მოსახლეობის აჯანყება, რომელსაც თანაგრძნობით შეხვდა სერბეთისა და ჩერნოგორიის მოსახლეობა. ეს აშფოთებდა არა მარტო თურქეთს, არამედ ავსტრია-უნგრეთსაც, რომლის ტერიტორიაზეც რამდენიმე მილიონი სლავი ცხოვრობდა. ამიტომ ავსტრია-უნგრეთი დაინტერესებული იყო თურქეთის მთლიანობით, მოძრაობას მხარს უჭერდა რუსეთის იმპერია, რომელსაც სურდა, თავის ხელში ჩაეგდო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. ყოველივე ეს კი სულაც არ შედიოდა ინგლისის ინტერესებში, რომელსაც სულაც არ სურდა რუსეთის გაძლიერება და დამკვიდრება თურქეთის ტერიტორიებზე, რომლებზეც გადიოდა გზა ევროპიდან ინდოეთისაკენ. თავის მხრივ, საფრანგეთსაც გააჩნდა გარკვეული ინტერესები მახლობელ აღმოსავლეთში და არ სურდა თავისი პოზიციების დათმობა, რაც აუცილებლად მოჰყვებოდა იქ რუსეთის დამკვიდრებას. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც არანაირი უშუალო ინტერესი არ გააჩნდა ამ საკითხის გარშემო იყო გერმანია, რომლის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა გადაწყვიტა ერთგვარი მომრიგებელი მოსამართლის როლის თამაში აღმოსავლეთის საკითხის განხილვისას.
ყველაზე მეტი ცვალებადობა კრიზისის განმავლობაში განიცადა ავსტრია-უნგრეთის პოზიციამ. თუ თავდაპირველად იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიულა ანდრაშიმ განაცხადა, რომ ყოველივე ის, რაც ხდება თურქეთის ტერიტორიაზე, არის თურქეთის საშინაო საქმე, შემდგომში ის იძულებული გახდა, დაეთმო იმ ელემენტებისათვის, რომლებიც ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტას მოითხოვდნენ. მათ სურდათ ბალკანეთის ნ-კ-ის დასავლეთი ნაწილის შემოერთება და დუალისტური მონარქიის „ტრიალისტურად“ გადაქცევა. ამით, პირველ რიგში, დაინტერესებულნი იყვნენ ავსტრიელი სამხედრო, კლერიკალური და ფეოდალური წრეები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ ეს ხელს შეუწყობდა იმპერიაში მადიარების (უნგრელების) გავლენის შესუსტებას. ეს წრეები მზად იყვნენ, შეთანხმებოდნენ რუსეთს და დაეთმოთ მისთვის ბალკანეთის ნ-კ-ის აღმოსავლეთი ნაწილი. მათ მხარს უჭერდა იმპერატორი ფრანც-იოსებიც, რომელსაც სურდა კომპენსაცია მიღო იმ დანაკარგებისათვის, რომელიც მან განიცადა გერმანიასა და იტალიაში. 1875 წ. გაზაფხულზე ის ჩავიდა დალმაციაში და იქ მიიღო კათოლიკური სამღვდელო პირები ჰერცეგოვინიდან. სხვათა შორის, ამ ვიზიტმა მნიშვნელოვანწილად უბიძგა ჰერცეგოვინის მოსახლეობას აჯანყებისაკენ. ავსტრია-უნგრეთის მმართველი წრეების მიერ პოზიციის შეცვლა არ გამოჰპარვია რუსეთის კანცლერ გორჩაკოვს, რომელმაც 1875 წ. აგვისტოში მიმართა ვენას წინადადებით, ერთობლივად დაეცვათ სლავები. ვენის სამეფო კარმა მიიღო ეს წინადადება (წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰერცეგოვინის საკითხი მთლიანად რუსეთისთვის იქნებოდა გადაბარებული) და ერთობლივი მოქმედება დაიწყო იმით, რომ ავსტრია-უნგრეთმა, რუსეთმა და გერმანიამ, სამი სხვა დიდი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია) თანხმობით, შესთავაზეს თურქეთის სულთანს აჯანყებულ ოლქებში ექვსი კონსულისაგან (თითო-თითო ყოველი ქვეყნისაგან) შემდგარი კომისიის გაგზავნა მხარეების მორიგების მიზნით. მაგრამ ამ საშუამავლო მისიას არანაირი შედეგი არ მოჰყვა. თავის მხრივ, თურქეთის სულთანმა გადაწყვიტა, დაეშოშმინებინა თავის ქვეშევრდომები დიდი სახელმწიფოების ჩარევის გარეშე და ჯერ 1875 წ. 2 ოქტომბერს გამოსცა ირადე, ხოლო 12 დეკემბერს კი _ ფირმანი, რომელიც ათანაბრებდა ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს უფლებებში, ამცირებდა გადასახადებს და ა.შ., მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი, რადგანაც აჯანყებულები არ ენდობოდნენ სულთნის დაპირებებს.
1876 წ. მაისში გორჩაკოვი, ბისმარკი და ანდრაში ერთმანეთს შეხვდნენ ბერლინში (შეხვედრის ინიციატორი გორჩაკოვი იყო) და მიიღეს ე.წ. „ბერლინის მემორანდუმი“ (1876 წ. 13 მაისი), რომელშიც გაცხადებული იყო, რომ თუ დაგეგმილი ღონისძიებები არ გამოიღებდა სათანადო შედეგს, მაშინ აღნიშნული სამი სახელმწიფო მიიღებდა „ქმედით ზომებს ბოროტების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად“. საფრანგეთმა და იტალიამ მოიწონეს მემორანდუმი და მხოლო ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბენჯამენ დიზრაელი დარჩა უკმაყოფილო ამ პროგრამით. ეს კი ნიშნავდა იმას, რომ თურქეთი არ მიიღებდა ამ წინადადებას, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში სულთანმა აბდულ-აზიზმა გადააყენა დიდი ვეზირი მეჰმუდ-ნედიმ-ფაშა, როემლიც პრორუსული ორიენტაციისა იყო და ამის შემდეგ თურქეთის ხელმძღვანელობა პროინგლისურად განეწყო. ყველაფერ ამას მოჰყვა მაჰმადიანური ფანატიზმის აღტკინება თურქეთში. მხოლოდ პლოვდივის სანჯაყში ჩერქეზებმა და ბაშიბუზუკებმა (არარეგულარული თურქული კავალერია) რამდენიმე დღეში 15 ათ. ბულგარელი გაწყვიტეს, მთლიანად ბულგარეთში კი არანაკლებ 30 ათ. კაცი იქნა დახოცილი. 1876 წ. 30 მაისს კონსტანტინეპოლში გადატრიალება მოხდა. სულთანი აბდულ-აზიზი ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს, რადგანაც გაჩნდა ეჭვი, რომ ის დაუთმობდა ევროპას, ხოლო შემდეგ კი მოკლეს. ტახტზე ავიდა ახალი სულთანი მურად V. შექმნილ ვითარებაში გორჩაკოვმა გადაწყვიტა, არ გადაეცა ბერლინის მემორანდუმი თურქებისათვის, რადგანაც მისი უარყოფის შემთხვევაში რუსეთს ან უკანდახევა მოუწევდა, ანაც აქტიურად ჩაბმა ომში, რაც მას მეტად სარისკოდ ეჩვენებოდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ რუსეთმა ხელი აიღო ბალკანეთზე. რუსეთმა შემოვლითი გზით დაიწყო მოქმედება და ამისათვის გამოიყენა სერბები და ჩერნოგორიელები. 1876 წ. 30 ივნისს სერბეთის მთავარმა მილანმა ომი გამოუცხადა თურქეთს. იგივე გააკეთა ჩერნოგორიის მთავარმა ნიკოლოზმაც. რუსეთიდან სერბეთს გაემგზავრა 4ათ. მოხალისე. მრავლად იყვნენ ოფიცრებიც. ერთ-ერთი მათგანი _ გენერალი ჩერნიაევი მილანმა სერბეთის არმიის მთავარსარდლად დანიშნა.
თურქეთ-სერბეთის ომის დაწყებამ რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. შეიქმნა საფრთხე, რომ არასწორი პოლიტიკის შემთხვევაში რუსეთი კვლავ აღმოჩენილიყო ყირიმის ომის დროინდელ სიტუაციაში. ამიტომ გორჩაკოვმა ამის თავიდან ასაცილებლად ავსტრია-უნგრეთთან წინასწარ მორიგება გადაწყვიტა. ამ მიზნით 1876 წ. 8 ივლისს რაიხშტადტის სასახლეში (ჩეხეთი) ერთმანეთს შეხვდნენ ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის ლიდერები: ფრანც-იოსები და დიულა ანდრაში ავსტრია-უნგრეთის მხრიდან და ალექსანდრე II და გორჩაკოვი რუსეთისაგან. შეხვედრაზე არ მოუწერიათ ხელი რაიმე ოფიციალურ დოკუმენტზე და არც ოქმზე. ყველა შეთანხმება ჩაწერილი იქნა ორ სამახსოვრო ბარათში, რომელთაგან ერთი გორჩაკოვს დარჩა, მეორე კი ანდრაშის. ბარათების ტექსტი ზოგჯერ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. რაიხშტადტში მხარეები შეთანხმდნენ ჯერჯერობით „ჩაურევლობის პრინციპით“ ემოქმედათ, შემდგომში კი სიტუაციიდან გამომდინარე გადაეწყვიტათ ყველაფერი: თუ გაიმარჯვებდა თურქეთი, მოეთხოვათ კონსტანტინეპოლისაგან სერბეთში ომამდელი სტატუს-ქვოს აღდგენა; თუ სერბები გაიმარჯვებდნენ, მაშინ არ უნდა დაეშვათ დიდი სლავური სახელმწიფოს შექმნა, თუმცა გარკვეული ტერიტორიული ცვლილებები უნდა მომხდარიყო და სერბეთს უნდა მიეღო ძველი სერბეთისა და ბოსნიის ზოგიერთი მიწა, ხოლო ჩერნოგორიას _ ჰერცეგოვინა და პორტი ადრიატიკის ზღვაზე. ჩანაწერებში განსხვავებაც სწორედ აქ იჩენდა თავს. ანდრაშის ეწერა, რომ ჩერნოგორიას ჰერცეგოვინის მხოლოდ ნაწილი ერგებოდა, დანარჩენი ჰერცეგოვინა და ბოსნია კი ავსტრია-უნგრეთს უნდა მიეღო, გორჩაკოვის ჩანაწერით კი, ავსტრია-უნგრეთს ერგებოდა მხოლოდ მისი მოსაზღვრე ზოგიერთი მიწა და თურქული ხორვატია. თავის მხრივ, რუსეთს უნდა დაბრუნებოდა სამხრეთ-დასავლეთი ბესარაბია (1856 წ. დაკარგული) და გადაცემოდა ბათუმი. გარდა ამისა, ჩანაწერებში იყო განსხვავება იმის თაობაზეც, თუ რა უნდა მომხდარიყო თურქეთის ევროპული ნაწილის სრული დაშლის შემთხვევაში: ბულგარეთს და რუმელიას რუსული ვერსიით დამოუკიდებლობა უნდა მიეღოთ, ავსტრიულით კი _ ფორმალურად სულთნის მფარეველობაში უნდა დარჩენილიყვნენ და მათ გარდა ალბანეთსაც უნდა მიეღო ასეთი უფლებები; საბერძნეთს უნდა მიეღო ეპირი და თესალია, ავსტრიული ვერსიით კი ამას კრეტაც უნდა დამატებოდა. და ბოლოს, რაიხშტადტის შეთანხმებით, კონსტანტინეპოლი თავისუფალ ქალაქად უნდა გამოცხადებულიყო.
რაიხშტადტის შეთანხმება ძალიან არ მოეწონა ბისმარკს, რომელსაც სულ უფრო მეტად სურდა რუსეთის ჩართვა აღმოსავლეთის საქმეებში, რათა მას ევროპული საქმეებისათვის ვერ მოეცალა. ბისმარკს, რომელიც ამზადებდა ახალ ომს საფრანგეთის წინააღმდეგ, სურდა ამ უკანასკნელისაგან მისი ყველაზე საიმედო მხარდამჭერის ჩამოცილება. ამიტომ მან მიმართა ლონდონსა და პეტერბურგს თურქეთის დაყოფის გეგმით. ეს გეგმა მეტად მომგებიანი იყო ორივე მხარისათვის, მაგრამ ინგლისმაც და რუსეთმაც თავი შეიკავეს მისი შემდგომი განხილვისაგან.
ამასობაში თურქეთში მორიგი გადატრიალება მოხდა: სულთანი მურად V გამოცხადდა ჭკუაზე შემცდარად და მისი ადგილი დაიკავა მისმა ძმამ აბდულ-ჰამიდ II-მ. ახალმა სულთანმა განაცხადა თანხმობა ომის შეწყვეტაზე, ოღონდ მოითხოვა სამშვიდობო ხელშეკრულების პრელიმინარული პირობები. მაშინ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა დერბიმ წამოაყენა ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სტატუს-ქვოს აღდგენას სერბეთში (იქ სერბები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილნი) და ადგილობრივი ავტონომიის მინიჭებას ბულგარეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინისათვის. ეს პროგრამა მიღებული იქნა სხვა დიდი სახელმწიფოების მიერ, მაგრამ არც ავსტრიას და არც რუსეთს ის მაინცდამაინც არ აკმაყოფილებდა. მაშინ გორჩაკოვმა შესთავაზა მორიგების ახალი ვარიანტი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორს, რომელიც დაფუძნებული უნდა ყოფილიყო რაიხშტადტის შეთანხმებებზე. გარდა ამისა, წამოყენებული იქნა წინადადება, რომლის თანახმადაც სრუტეების უსაფრთხოება ექვსი სახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ავსტრია-უნგრეთი, იტალია და გერმანია) გაერთიანებულ ფლოტს უნდა უზრუნველეყო. მაგრამ ამ პუნქტმა გამოიწვია ლონდონის გაგულისება. ასე რომ, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსეთს ავსტრია-უნგრეთთან ომის პერსპექტივაც გამოუჩნდა, მაგრამ სათანადო დიპლომატიური ზონდაჟის შემდეგ გაირკვა, რომ ბისმარკი ამას არ დათანხმდებოდა და ალექსანდრე II-მ ფრანც-იოსებთან მორიგება ამჯობინა.
ამასობაში სერბეთის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. მაშინ რუსეთმა ულტიმატუმით მიმართა თურქეთს: 1876 წ. 31 ოქტომბერს სულთანს წარედგინა მოთხოვნა, რომ 48 საათის განმავლობაში დაზავებოდა სერბეთს 6 კვირიდან 2 თვემდე ვადით (მანამდე სულთანი 6 თვით დაზავებაზეც კი იყო თანახმა, მაგრამ რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა ასეთი დიდი ვადით დაზავება). თურქეთმა მიიღო ეს მოთხოვნა და შეწყვიტა შეტევა ბელგრადზე (როგორც შემდგომში გაირკვა, რუსეთის ულტიმატუმს ერთი დღითაც კი რომ დაეგვიანებინა, თურქები ბელგრადს აიღებდნენ.). ამის შემდგომ, დეკემბერში მოწვეული იქნა კონსტანტინეპოლის კონფერენცია. სულთანი კარგად მოემზადა ამ სამიტისათვის და კონფერენციის გახსნის პირველსავე დღეს გააოგნა დამსწრე საზოგადოება: მან ჯერ დიდ ვეზირად დანიშნა კონსტიტუციური მმართველობის მომხრე მიდჰათ-ფაშა, შემდეგ კი გამოსცა კონსტიტუცია. ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საფეტ-ფაშამ უარი განაცხადა კონფერენციის გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რადგანაც კონსტიტუციის მიღებით სულთანი უკვე აძლევდა თავის ქვეშევრდომებს ყველა საჭირო უფლებას. ამას მოჰყვა დიდი სახელმწიფოების დემარში და კონსტანტინეპოლიდან ელჩების გაწვევა, მაგრამ ეს აქტი რაიმე შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. 28 თებერვალს თურქეთსა და სერბეთს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც აღდგენილი იქნა ომამდელი სტატუს-ქვო, მაგრამ მსგავსი შეთანხმება არ დადებულა ჩერნოგორიასთან, რადგანაც ეს უკანასკნელი ტერიტორიულ მოთხოვნებს უყენებდა თურქეთს, რაზეც ის არ თანხმდებოდა.
1877 წ. დასაწყისში რუსეთმა, როგორც იქნა, გადაჭრა ვენის პრობლემა. 15 იანვარს ბუდაპეშტში ხელმოწერილი იქნა საიდუმლო კონვენცია, რომლითაც ავსტრია-უნგრეთი აღუთქვამდა რუსეთს თავის ნეიტრალიტეტს თურქეთთან ომში. ამის სანაცვლოდ ის იღებდა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ოკუპირების უფლებას. ამავე დროს, ავსტრია-უნგრეთს არ უნდა გაევრცელებინა საომარი მოქმედებები რუმინეთზე, სერბეთზე, ბულგარეთსა და ჩერნოგორიაზე. რუსეთი იღებდა ანალოგიურ ვალდებულებას ბოსნიის, ჰერცეგოვინის, სერბეთისა და ჩერნოგორიის თაობაზე. ამავე დროს, სერბეთსა და ჩერნოგორიას ეძლეოდათ რუსეთის მხარეზე გამოსვლის უფლება. 18 მარტს ხელმოწერილი იქნა დამატებითი კონვენცია (დათარიღებული ის იქნა ასევე 15 იანვრით), რომლითაც გადაწყდა ტერიტორიული საკითხები: ავსტრია-უნგრეთს უნდა გადასცემოდა ბოსნია და ჰერცეგოვინა ნოვი-პაზარის სანჯაყის გამოკლებით, ხოლო რუსეთს უნდა დაბრუნებოდა სამხრეთ-დასავლეთ ბესარაბია. გარდა ამისა, ბულგარეთი, ალბანეთი და რუმელიის დარჩენილი ნაწილი დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო, ხოლო ეპირის, თესალიისა და კრეტის, აგრეთვე კონსტანტინოპოპლის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო რაიხშტადტის შეთანხმების თანახმად. ორივე კონვენცია ხელმოწერილი იქნა ავსტრია-უნგრეთის მხრიდან დიულა ანდრაშის, ხოლო რუსეთის მხრიდან ვენაში რუსეთის ელჩის ნოვიკოვის მიერ. ამის შემდეგ რუსეთმა საბაბის ძებნა დაიწყო.
გორჩაკოვს საბაბის საფუძველი მალე მიეცა. 1877 წ. გაზაფხულზე რუსი დიპლომატი იგნატიევი გაამგზავრეს ევროპაში (ფორმალურად ის ვითომ თვალების სამკურნალოდ გაემგზავრა), სადაც ის შეუთანხმდა დიდი სახელმწიფოების ლიდერებს ერთობლივი მემორანდუმის შემუშავებაზე. მართლაც, 1877 წ. 31 მარტს გამოქვეყნებული იქნა ე.წ. ლონდონის ოქმი, რომლითაც მხარეები მოუწოდებდნენ თურქეთს, დაებრუნებინა ჯარები მშვიდობიანი დროის პოზიციებზე. ამას უნდა მოჰყოლოდა რუსული არმიის დემობილიზაციაც. მაგრამ 9 აპრილს სულთანმა უარყო ეს წინადადება და რუსეთმაც მიიღო ესოდენ საჭირო საბაბი. 16 აპრილს დადებული იქნა შეთანხმება რუმინეთთან მის ტერიტორიაზე რუსული ჯარების გავლის თაობაზე, 23 აპრილს გაწყვეტილი იქნა დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან, ხოლო 24 აპრილს ალექსანდრე II-მ კიშინიოვში ხელი მოაწერა მანიფესტს თურქეთთან ომის დაწყების შესახებ, თუმცა აქტიური მოქმედებები დაიწყო მხოლოდ ივლისში. მანამდე რუსებმა დაამშვიდეს ინგლისელები, რომ ისინი არ აპირებდნენ სრუტეებისა და კონსტანტინეპოლის დაკავებას და მით უმეტეს, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდნენ ეგვიპტესა და სუეცის არხს. ინგლისმა მაინც სცადა რუსეთის წინააღმდეგ ავსტრია-უნგრეთის გამოსვლის ორგანიზება, მაგრამ ვენამ ჩათვალა, რომ ეს მეტად დიდი რისკი იყო და უარი თქვა. რუსეთს მიეცა თურქეთის განადგურების საშუალება, რაც 1877 წ. დეკემბრისათვის მოხდა კიდეც. 1878 წ. იანვარში უკვე დაიწყო მოლაპარაკებები რუსეთსა და თურქეთს შორის ზავის პირობეის შესახებ, 31 იანვარს კი ადრიანოპოლში (დღ. ედირნე) ხელი მოეწერა დაზავებას. ამასობაში გააქტიურდა ლონდონი და 23 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება სრუტეებში ინგლისური ფლოტის გაგზავნის თაობაზე. ვენამაც მოითხოვა მოეწვიათ სპეციალური საზავო კონფერენცია, რადგანაც რუსული პირობეიბ არღვევდნენ რაიხშტადტის შეთანხმებებსა და ბუდაპეშტის კონვენციას. ამავე დროს კონსტანტინეპოლთან ინგლისი და რუსეთი ერთმანეთის წინაშე ძალის დემონსტრირებას ახდენდნენ. 15 თებერვალს ბრიტანული ფლოტი შევიდა მარმარილოს ზღვაში, რის საპასუხოდაც რუსული არმია კონსტანტინეპოლიდან სულ რაღაც 12 კილომეტრში დადგა.
3 მარტს სან-სტეფანოში ხელი მოეწერა ზავს რუსეთსა და თურქეთს შორის. ამ ხელშეკრულებით სერბეთი, ჩერნოგორია და რუმინეთი იღებდნენ სრულ დამოუკიდებლობას, ჩერნოგორია _ პორტს ადრიატიკაზე, რუსეთი იბრუნებდა სამხრეთ-დასავლეთ ბესარაბიას და იღებდა ყარსს, არდაგანს, ბაიაზეთსა და ბათუმს, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ისევე როგორც ეპირში, კრეტასა და თესალიაში უნდა მომხდარიყო ქრისტიანული მოსახლეობის ინტერესების დამცველი რეფორმების გატარება, ბულგარეთი უნდა ყოფილიყო სულთნის ნომინალური მფარველობის ქვეშ და მას უნდა გადასცემოდა ეგეოსის ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი და თურქეთს უნდა გადაეხადა რუსეთისათვის 1 მილიარდ 410 მილიონი რუბლი კონტრიბუცია (ეს თანხა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე შემცირებული იქნა და 310 მილიონით განისაზღვრა.).
სან-სტეფანოს ზავი არღვევდა რუსეთის მიერ აღებულ ყველა ვალდებულებას, ამიტომ არც იყო გასაკვირი, რომ მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ევროპული სახელმწიფოების, პირველ რიგში, ინგლისისა და ავსტრია-უნგრეთის მხრიდან. ამიტომ რუსეთმა ინგლისის დამშვიდება სცადა. 30 მაისს ხელი მოეწერა საიდუმლო შეთანხმებას, რომლითაც რუსეთი უარს ამბობდა ბაიაზეთზე და თანხმდებოდა ბულგარეთის საზღვრის ბალკანეთის ქედით შემოფარგვლაზე. სამაგიეროდ, ინგლისს პროტესტი არ უნდა გამოეთქვა ბესარაბიის, ყარსისა და ბათუმის საკითხებში. ამის შემდეგ ინგლისმა დადო შეთანხმება თურქეთთან და აიძულა ის, დაეთმო კვიპროსი: თუ რუსეთი დაიტოვებს ბათუმს, ყარსს ან არდაგანს, მაშინ ინგლისი დაეხმარება სულთანს თავისი აზიური სამფლობელოების დაცვაში, რის სანაცვლოდაც სულთანმა უნდა გადასცეს მას მმართველობაში კვიპროსი. აქვე იყო ნახსენები, რომ რუსეთის მიერ ყარსისა და სხვა სამფლობელოების დაბრუნების შემთხვევაში ინგლისი მოახდენდა კვიპროსის ევაკუაციას (ყოველივე ეს აბსურდი იყო. ინგლისმა კარგად იცოდა, რომ რუსეთი არაფრის დამბრუნებელი არ იყო, უბრალოდ ეს მუხლი მსოფლიოსათვის საჩვენებლად სჭირდებოდა. უფრო მეტიც, ინგლისელებმა ისე დაიკავეს კვიპროსი, რომ სულთნის თანხმობისათვის არც დაუცდიათ და ისიც იძულებული გახდა, პოსტფაქტუმ გაეფორმებინა ეს აქტი.).
1878 წ. 13 ივნისს ბერლინში გაიხსნა კონგრესი, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა რუსეთ-თურქეთის ომით გამოწვეული ყველა სადავო საკითხი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ: ბისმარკი (გერმანიის კანცლერი), გორჩაკოვი (რუსეთის კანცლერი), ბენჯამენ დიზრაელი (ინგლისის პრემიერ-მინისტრი), დიულა ანდრაში (ავსტრია-უნგრეთის კანცლერი), ან¬რი ვადინგტონი (საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი), კორტი (იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი) და თურქეთის დელეგაცია. კონგრესის დაწყებამდე რამოდენიმე დღით (1878 წ. 6 ივნისს) ადრე ინგლისმა და ავსტრია-უნგრეთმა დადეს შეთანხმება კონფერენციაზე საერთო ხაზის გატარების შესახებ. კონგრესის ძირითადი გადაწყვეტილებების კონტურები უკვე შემუშავებული იყო რუსეთ-ინგლისის 30 მაისის შეთანხმებით, მაგრამ იქ ბულგარეთის საზღვრები მხოლოდ ზოგადად იყო განსაზღვრული. ამიტომ ამ საკითხმა დიდი დებატები გამოიწვია. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ბულგარეთის სამხრეთ ნაწილში შეექმნათ ე.წ. აღმოსავლეთ რუმელიის სანჯაყი, რომელსაც ექნებოდა ავტონომია და რომელშიც სულთანს ექნებოდა ჯარების ყოლის უფლება. ასე რომ, ბულგარეთს არ ექნებოდა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე. სამაგიეროდ, ბულგარეთს გადაეცა ვარნა და სოფიის სანჯაყი, ხოლო რუსეთს მიეცა ბულგარეთში სამთავრობო ძალაუფლების მოწყობის ნებართვა (ოღონდ სხვა დიდი სახელმწიფოების კონსულის მონაწილეობით).
ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ავსტრიის მიერ ოკუპაციის საკითხმა კონფერენციის მონაწილეების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა არ ხვდა წილად. მხოლოდ იტალიელები ითხოვდნენ კომპენსაციას ავსტრია-უნგრეთის გაძლიერების გამო, მაგრამ ისინი გააჩერეს და კულისებს მიღმა შესთავაზეს ტუნისი (თუმცა ამავე დროს ტუნისი შესთავაზეს ფრანგებსაც და ამ უკანასკნელებმა აჯობეს კიდეც იტალიელებს, რომლებიც პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.).
დიდი პრობლემები შეექმნა რუსეთს აზიური სამფლობელოების საკითხში: ყარსი და არდაგანი მას დიდი დაპირისპირების შემდეგ გადასცეს, ბათუმი კი მხოლოდ თავისუფალი ქალაქის სტატუსით დაუთმეს; ბაიაზეთი თურქეთს დარჩა. სამაგიეროდ, უცვლელი დარჩა სან-სტეფანოს ზავის პირობები ჩერნოგორიის, სერბეთისა და რუმინეთის დამოუკიდებლობისა და ბესარაბიისა და დობრუჯის საკითხებში. ასე რომ, ბერლინის კონგრესმა ფაქტობრივად დაამტკიცა ომის წინ დადებული შეთანხმებები.
ბისმარკის საგარეო პოლიტიკა XIX ს. 80-იან წლებში.
სამთა კავშირის შექმნის შემდეგ ბისმარკის კვლავინდებურ საფიქრალად რჩებოდა საფრანგეთი. მას აშინებდა შესაძლო რევანშიზმი ამ ქვეყნიდან. სწორედ ამიტომ ის ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა გერმანიის აქტიურ ჩართვას კოლონიურ პროცესებში. მართალია, 1884 წ. მან თანხმობა მისცა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში მიწების ნაწილის ყიდვაზე, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ მიზნად ისახავდა გერმანული საზოგადოების გამთლიანებას ერთი იდეის ქვეშ. საგულისხმოა, რომ მომენტი საკმაოდ კარგად იქნა შერჩეული და ინგლისს (მთავარი კოლონიური სახელმწიფო იმ პერიოდში) უბრალოდ არ ეცალა გერმანიასთან დაპირისპირებისათვის, რადგანაც მეტად გართულებული იყო ურთიერთობები როგორც ინგლისსა და რუსეთს, ისე ინგლისსა და საფრანგეთს შორის. ამიტომ მცირე მოლაპარაკებების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა სცნო გერმანიის უფლება კოლონიების ქონაზე. შედეგად, 1884 წ. გერმანიამ დაიკავა ტოგო და კამერუნი, 1885 წ. აღმოსავლეთ აფრიკის ნაწილი და ახალი გვინეის (ოკეანეთში) ჩრდილოეთი ნაწილი. მიუხედავად ამისა, ბისმარკი ხელს უშლიდა ამ მიმართულებით უფრო აქტიურ წინსვლას. ის თვლიდა, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობა არ უწყობდა ხელს გერმანიას ფართო კოლონიური ექსპანსიის წარმოებაში. ასე, მაგალითად, 1888 წ. აფრიკის ცნობილ გერმანელ მკვლევარ ოიგენ ვოლფთან საუბარში ბისმარკმა აღნიშნა: „თქვენეული აფრიკის რუკა შესანიშნავია, მაგრამ ჩემი აფრიკის რუკა ევროპაშია. აი რუსეთი, აგერ კიდევ საფრანგეთი, ჩვენ შუაში ვართ _ ასეთი ჩემეული აფრიკის რუკა“.
XIXს. 80-იანი წლების მეორე ნახევარში ურთიერთობები საფრანგეთთან კიდევ ერთხელ დაიძაბა. პიკი 1886-1887 წლებზე მოვიდა. ამ პერიოდს „სამხედრო განგაში“ ეწოდა. პირველი ნიშნები სიტუაციის დაძაბვისა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში სამხედრო მინისტრად დაინიშნა გენ. ბულანჟე. ამ უკანასკნელს ისედაც ჰქონდა რევანშისტის რეპუტაცია, მინისტრობის დასაწყისიდანვე კი იმდენად აქტიურად მოჰკიდა ხელი რეფორმებს, რომ ბისმარკიც კი შეაშინა. ბულანჟეს დაჟინებული მოთხოვნით არმიამ შეიარაღებაზე მიიღო ლებელის გაუმჯობესებული სისტემის შაშხანა, სამხედრო სამსახურის ვადა 5 წლიდან 3 წლამდე შემცირდა, რათა რაც შეიძლება მეტ ფრანგს გაევლო სამხედრო სამსახური, დაიწყეს ჯარში მღვდელმსახურების გაწვევაც. საფრანგეთში სულ უფრო ხშირად ისმოდა მოწოდება: „ალზასი და ლორენი ჩვენ გველოდება“ (გერმანიაშიც არსებობდა ანალოგიური მოწოდება, ოღონდ ფორმით „ელზასი და ლოთარინგია“). განსაკუთრებით კი დაიძაბა საქმე 1887 წ. აპრილში, როდესაც გერმანელებმა ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე დააკავეს ფრანგი მებაჟე შნებელე (წარმოშობით ელზასიდან), რომელსაც ჯაშუშობა დააბრალეს (როგორც ჩანს, ამგვარი ეჭვი უსაფუძვლო სულაც არ იყო). ბისმარკმა ჩათვალა, რომ დადგა კარგი მომენტი საფრანგეთთან ომის დაწყებისა და მისი საბოლოო განადგურებისთვის. ავსტრია გერმანიის მოკავშირე იყო, ინგლისი იზოლაციის გზას ადგა, რუსეთი კი კანონით ბულგარული საქმეებით უნდა ყოფილიყო დაკავებული (1885 წლიდან ბულგარეთში მოულოდნელად შეირყა რუსეთის პოზიციები და ფრანგების პოზიციები გაძლიერდა. უფრო მეტიც, ბულგარეთის გამო საფრანგეთსა და რუსეთს შორის ერთი პერიოდი დიპლომატიური ურთიერთობებიც კი შეწყდა). მაგრამ ბისმარკი შეცდა. რუსებმა აგრძნობინეს გერმანიის კანცლერს, რომ ამჯერად ეს ოინი მას არ გაუვიდოდა და რუსეთის ნეიტრალიტეტის იმედი არ უნდა ჰქონოდა. შედეგად, „შნებელეს საქმე“ ჩაფარცხეს, ხოლო ურთიერთობები გერმანიასა და საფრანგეთს შორის შედარებით განელდა.
ბისმარკმა ძალიან მალე სცადა რევანშის აღება. რადგანაც 1881 წ. გერმანიას, რუსეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის დადებული შეთანხმების ვადა უკვე იწურებოდა, ბისმარკმა მისი გაგრძელება მოინდომა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ამაზე და მოიმიზეზა, რომ ავსტრია-უნგრეთი ანტირუსულ პოლიტიკას ეწეოდა ბალკანეთში. მაშინ ბისმარკმა ორმხრივი კავშირის იდეა წამოაყენა, რაც პრინციპში რუსეთისთვისაც მისაღები იყო. ასე დაიდო შეთანხმება, რომელსაც შემდგომში „გადაზღვევის შეთანხმება“ ეწოდა. ბისმარკმა სცადა, თავი დაეზღვია რუსეთის საფრანგეთთან დაახლოებისაგან და ორ ფრონტზე შესაძლო ომისაგან. მიუხედავად ამისა, რეალურად მან ვერ შეძლო თავისი მიზნების მიღწევა. მხარეებმა ვალდებულება აიღეს, რომ დაიცავდნენ კეთილადგანწყობილ ნეიტრალიტეტს რომელიმე მათგანის მესამე დიდ სახელმწიფოსთან ომის შემთხვევაში, მაგრამ აქვე მითითებული იყო გამონაკლისები: გარდა გერმანიის თავდასხმისა საფრანგეთზე და რუსეთისა ავსტრია-უნგრეთზე. ამას კი პრაქტიკულად ნოლამდე დაჰყავდა აღნიშნული პუნქტის მნიშვნელობა. ამავე დროს, ის გარკვეულწილად ატყუებდა რუსეთის ხელისუფლებასაც, რადგანაც ხელშეკრულებით სცნო რუსეთის ინტერესები ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და თურქეთის სრუტეებთან დაკავშირებით (ბოსფორი და დარდანელი), მაგრამ ამავე დროს შესთავაზა რუსეთის მხარეს, `ორმაგი ფსკერის~ ქვეშ შეენახათ ეს დოკუმენტი (აქედან წამოვიდა მეორე სახელწოდებაც ამ ხელშეკრულების: `ორმაგფსკერიანი ხელშეკრულება~). გარდა ამისა, იმავე წელს მან ინგლისთან, იტალიასა და ავსტრია-უნგრეთთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც სრულიად საპირისპიროს ქადაგებდა და რომლითაც აღნიშნული სახელმწიფოები ვალდებულებას იღებდნენ, წინ აღდგომოდნენ რუსეთის მხრიდან ბალკანეთსა და შავ ზღვაზე სტატუს-ქვოს დარღვევის მცდელობებს.
გადაზღვევის ხელშეკრულება უკანასკნელი დიდი დოკუმენტი აღმოჩნდა ბისმარკის დიპლომატიურ კარიერაში. 1888 წლიდან, როდესაც გარდაიცვალა ჯერ კაიზერი ვილჰელმ I, შემდეგ კი ახალი იმპერატორი _ ფრიდრიხ III, მისი პოზიციები მკვეთრად შეირყა, რადგანაც ტახტზე ავიდა ვილჰელმ II, რომელიც, მართალია, დიდ პატივს სცემდა ბისმარკს, მაგრამ ვერ იტანდა, როდესაც მას ვინმე ჭკუას ასწავლიდა. გარდა ამისა, ვილჰელმ II-ს ჰქონდა განდიდების მანია. მის თანამედროვეთა ხუმრობის თანახმად, კაიზერს იმდენად უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, რომ სურდა „ყოველ ნათლობაზე ნათლია ყოფილიყო, ყოველ ქორწილში _ ნეფე (ქართული შესატყვისი ალბათ მაინც უფრო პატარძალი იქნება, მაგრამ), ხოლო ყოველ დაკრძალვაზე _ მიცვალებული“. ბუნებრივია, ვილჰელმსა და ბისმარკს შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო და 1890 წ. ბისმარკმა საბედისწერო შეცდომაც დაუშვა. კაიზერთან მორიგი დავისას გამოიყენა გამოცდილი ხერხი, რომელიც ყოველთვის ამართლებდა ვილჰელმ I-თან დაპირისპირებისას: დაიმუქრა გადადგომით. ვილჰელმ II-მაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ის იღებდა ბისმარკის გადადგომას. 1890 წ. მარტში ბისმარკი გადადგა. მართალია, მან 1898 წლამდე იცოცხლა, მაგრამ მას უკვე არანაირი გავლენა არ ჰქონდა მსოფლიო პოლიტიკურ მოვლენებზე. უფრო მეტიც, სიცოცხლის ბოლო წლებში ბისმარკი გალოთდა და ნარკოტიკებსაც დაეჩვია.
Комментариев нет:
Отправить комментарий