XVII ს.-ის დასაწყისიდან ევროპაში დაიწყო მზადება ახალი ომისათვის. ეს უნდა ყოფილიყო საერთო-ევროპული ომი, რომელსაც უნდა გაენადგურებინა ჰაბსბურგების იმპერია. ანტიჰაბსბურგული კოალიციის მეთაური იყო საფრანგეთის მეფე ანრი IV. ჰაბსბურგების ხსნა მხოლოდ სასწაულს შეეძლო და ეს „სასწაული“ მოხდა კიდეც. ანრი IV მოკლეს და ომის საფრთხეც გაქრა, თუმცა მხოლოდ დროებით. პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის იმდენად დიდი დაპირისპირება არსებობდა, რომ ომი გარდაუვალი იყო. 1608-1609 წლებში შეიქმნენ პროტესტანტული უნია და კათოლიკური ლიგა. გერმანელ პროტესტანტებს მხარს უჭერდნენ ინგლისი და საფრანგეთი, მაგრამ ანრი IV-ის მკვლელობის შემდეგ საფრანგეთის პოზიცია, რომელსაც ჯერ დედოფალი-დედა მარია მედიჩი, ხოლო შემდგომ ლუი XIII მართავდნენ, შეიცვალა ნეიტრალიტეტით, ინგლისს კი კონტინენტზე სამხედრო ძალის გადასხმა არ შეეძლო. შვედეთი და დანია ერთმანეთს ეომებოდნენ და სხვისი დახმარების თავი არ ჰქონდათ. ასე რომ, ომის დაწყებისათვის აშკარა უპირატესობა კათოლიკეების მხარეზე იყო, რაც აჩვენა კიდეც ომის პირველმა ეტაპმა.
30-წლიანი ომი ოთხ ეტაპად იყოფა: I. ჩეხურ-პფალცური (1618-1624წწ.); II. დანიური (1625-1629წწ.); III. შვედური (1630-1635წწ.); IV. შვედურ-ფრანგული (1635-1648წწ.). ომის დაწყების მიზეზი გახდა ჩეხეთში დაწყებული მოძრაობა პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის. 1618 წლის 23 მაისს პრაღაში მოეწყო „დეფენესტრაციის“ აქტი და ორი „ლეიტენანტი“ _ მარტინიცი და სლავატა _ გადმოყარეს სეიმის ფანჯრებიდან. ჩეხებმა იმპერატორი ფერდინანდ II ტახტიდან ჩამოგდებულად გამოაცხადეს და ჩეხეთის მეფედ აირჩიეს ფრიდრიხ პფალცელი. მაგრამ ჩეხების დამხმარე არავინ აღმოჩნდა და 1620წ. 8 ნოემბერს თეთრ მთასთან ისინი დამარცხდნენ იმპერიასთან. მთელი ჩეხეთი იმპერიას დარჩა. აქ კათოლიკურის გარდა სხვა აღმსარებლობა აკრძალული იქნა. ომის პირველი ეტაპი იმპერიის მიერ იქნა მოგებული.
ჰაბსბურგების გაძლიერებამ შეაშფოთა საფრანგეთი, რომელსაც 1624 წლიდან მართავდა კარდინალი რიშელიე, თუმცა ის ჯერ საჭიროდ არ თვლიდა ომში ჩაბმას და მხოლოდ დიპლომატიურად უზრუნველყო ანტიჰაბსბურგული კოალიციის შექმნა. კოალიციაში შევიდნენ ინგლისი, გაერთიანებულ პროვინციათა რესპუბლიკა და დანია. ინგლისი და ჰოლანდია ფულს აძლევდნენ დანიას, ამ უკანასკნელს კი უნდა ეომა იმპერიის წინააღმდეგ. დანიასთან საბრძოლველად ფერდინანდ II-ს დაეხმარა გრაფი ალბრეხტ ფონ ვალენშტაინი, რომელმაც შექმნა დიდი არმია. ამ არმიის უდიდესი „უპირატესობა“ იყო ის, რომ იგი თავის თავს არჩენდა. ვალენშტაინმა 1627-1628 წლებში რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხა დანიელები. მან სკანდინავიაშიც კი მოინდომა გადასვლა, მაგრამ იმპერატორმა არ გარისკა და 1629წ. ლიუბეკში დადო ზავი დანიასთან. ამ ზავის მიხედვით, დანიამ უარი თქვა გერმანიის საქმეებში ჩარევაზე. ფერდინანდ II-მ პლაცდარმის სახით დაიტოვა ჩრდ. გერმანია, ხოლო ვალენშტაინს მეკლენბურგის ჰერცოგის ტიტული უბოძა. 30-წლიანი ომის მეორე ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
იმპერიის გაძლიერება მეტისმეტად არ აწყობდა საფრანგეთს. რიშელიე ვერ შეურიგდებოდა საფრანგეთის ირგვლივ ჰაბსბურგების იმპერიის სამფლობელოების მხრიდან შემოჯარვას. მან სასწრაფოდ დაიწყო ახალი, უფრო ძლიერი მოკავშირის ძიება და მიაგნო კიდეც მას. ასეთ მოკავშირედ მან ჩათვალა შვედეთი, რომელსაც მართავდა ენერგიული მეფე გუსტავ-ადოლფი. შვედეთი თვითონაც დაინტერესებული იყო ომში ჩაბმით, რადგანაც სურდა გერმანიის ბალტიისპირა სანაპიროს ხელში ჩაგდება. რიშელიემ დიდძალი თანხა შესთავაზა გუსტავ-ადოლფს (1 მლნ. ლივრი ყოველწლიურად, სანამ შვედეთი იომებდა იმპერიის წინააღმდეგ). 1630წ. შვედები შეიჭრნენ პომერანიაში და სასტიკად დაამარცხეს იმპერია. ეს მრავალწილად განაპირობა იმპერატორის განაწყენებამ ვალენშტაინზე, რომელიც გადაყენებული იქნა. გუსტავ-ადოლფი კი გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა და იმპერია საშინელ დღეში ჰყავდა ჩაგდებული. ფერდინანდ II შეურიგდა ვალენშტაინს, მაგრამ არც ამან შეცვალა მდგომარეობა. შვედებმა ლიუტცენთან ვალენშტაინიც დაამარცხეს (1632წ.), მაგრამ ამ ბრძოლაში დაიღუპა გუსტავ-ადოლფი. ამან მართლაც შეცვალა ომის მსვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის კანცლერმა ოქსენშერნამ განაგრძო ომი და თვითონ ჩაუდგა სათავეში ჯარს, შვედების არმია უკვე ის არ იყო. არც მოწინააღმდეგეებს ეშინოდათ ისე მისი, რადგანაც მის სათავეში გუსტავ-ადოლფი არ იყო. შედეგად, 1634წ. იმპერიის ჯარებმა გრაფ ტილის მეთაურობით დაამარცხეს შვედები. ამის შემდეგ იმპერიის ჯარებმა გამანადგურებელი ლაშქრობა მოაწყვეს პროტესტანტულ სამთავროებზე და მათაც იმპერატორთან შერიგებაზე დაიწყეს ფიქრი. 1635წ. პრაღაში საქსონიის კურფიურსტმა ზავი დადო იმპერატორთან. ზავს სხვა პროტესტანტი მთავრებიც შეუერთდნენ. 30-წლიანი ომის მესამე ეტაპიც იმპერიის გამარჯვებით დასრულდა.
შექმნილ სიტუაციაში საფრანგეთმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა ომში უშუალოდ ჩაბმა და განაახლა კავშირი შვედეთთან. ამ კავშირს შეუერთდნენ ვენეციის რესპუბლიკა, სავოია და გაერთიანებულ პროვინციათა რესპუბლიკა (ჰო¬ლანდია). ინგლისი, სადაც მძიმე შიდაპოლიტიკური სიტუაცია იყო, არ ერეოდა ევროპულ საქმეებში. თავდაპირველად საფრანგეთს ძალიან გაუჭირდა და 1638წ.-მდე საკუთარ ტერიტორიაზე უწევდა ბრძოლა. ესპანელებმა 1636წ. კინაღამ პარიზიც კი აიღეს, მაგრამ შემდეგ ფრანგებმა ხელთ იგდეს უპირატესობა. გააქტიურდნენ შვედებიც, რომელთაც ახალი და მეტად ენერგიული მთავარსარდალი ლენარტ ტორსტენსონი ედგათ სათავეში (ყველაზე გასაოცარი იყო ის, რომ ტორსტენსონის მთავარი კოზირი იყო ჯარების უკიდურესად სწრაფი გადაადგილება და ეს იმ დროს, როდესაც ის ფეხზე პრაქტიკულად ვერ დგებოდა ნეკრესის ქარების ძალიან მძიმე ფორმით დაავადების გამო). გაგანია ომში გარდაიცვალა რიშელიე (1642წ.), მაგრამ საფრანგეთის ახალმა პირველმა მინისტრმა კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ განაგრძო მისი პოლიტიკა და იმპერიასაც მძიმე დღეები დაუდგა. 1642წ. 2 ნოემბერს ტორსტენსონმა გაანადგურა იმპერიული ჯარები ბრეიტენფელდის მეორე ბრძოლაში. 1643წ. პრინცმა კონდემ როკრუასთან დაამარცხა ესპანელები. საფრთხე უშუალოდ იმპერიის მიწებს დაემუქრა და იმპერატორმაც ზავზე დაიწყო ფიქრი.
1644წ. მიწურულიდან ვესტფალიის ორ ქალაქში: მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში _ დაიწყო საზავო მოლაპარაკებები. ისინი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა, იმის მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა იყო ფრონტებზე. მიუნსტერში იმპერიის წარმომადგენლები (გრაფი ტრაუტმანსდორფი, გრაფი ლუდოვიკო ნასაუელი და დრი ისააკ ფოლმარი) მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საფრანგეთთან და მის მოკავშირეებთან (ჰოლანდია). მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ესპანეთის ელჩი პენიარანდაც, თუმცა ის ჰოლანდიასთან ზავზე მუშაობდა ძირითადად და მოახერხა კიდეც ზავის დადება ჰოლანდიასთან (30.I.1648). საფრანგეთთან ზავი ესპანეთის ინტერესებში მაშინ არ შედიოდა და პენიარანდამაც ამის შემდეგ დატოვა საზავო მოლაპარაკებები. ოსნაბრიუკში კი იმპერიის დელეგაცია (იმავე შემადგენლობით) აწარმოებდა მოლაპარაკებებს შვედებთან (იოჰან ოქსენშერნა და იოჰან სალვიუსი) და მათ მოკავშირე პროტესტანტებთან. ზავის დადება მნიშვნელოვნად გადაავადა ბრანდენბურგის კურფიურსტის მოულოდნელმა გაჯიუტებამ და პომერანიის მოთხოვნამ. საბოლოო ჯამში, 1648წ. 24 ოქტომბერს ზავი იქნა მოწერილი მიუნსტერში და მან მიიღო ვესტფალიის ზავის სახელი. ვესტფალიის ზავის პირობების თანახმად, შვედეთმა მიიღო დასავლეთ პომერანია კ. რიუგენით, აღმოსავლეთ პომერანიაში ქ. შტეტინი და რიგი პუნქტები, კ. ვოლინი, პომერანიის ყურე და მის სანაპიროზე განლაგებული ყველა ქალაქი, ქ. ვისმარი და ბრემენისა და ვერდენის საეპისკოპოსოები. ბრანდენბურგის საკურფიურსტომ კი მიიღო აღმოსავლეთ პომერანიის დიდი ნაწილი. ვესტფალიის ზავმა ფაქტობრივად დააკანონა შვედეთის ბატონობა ბალტიის ზღვაზე. რაც შეეხება გამარჯვების მთავარ შემოქმედს _ საფრანგეთს, მაზარინიმ, რომელსაც სურდა ინგლისში მიმდინარე სამოქალაქო ომში ჩარლზ I-ის დახმარება, მინიმალური მოთხოვნები წამოაყენა. საფრანგეთმა მიიღო ელზასი (სტრასბურგის გარეშე) და დაიმტკიცა მეცის, ტულისა და ვერდენის საეპისკოპოსოები ლოთარინგიაში. ეს საკმაოდ დიდი შეცდომა აღმოჩნდა, რადგანაც ჩარლზის შველა მაზარინიმ უკვე ვერ მოასწრო, საფრანგეთს კი შეეძლო სამუდამოდ გადაეწყვიტა რაინზე საზღვრის პრობლემა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი ვესტფალიის ზავის შემდეგ იქცა ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ, ხოლო 1659 წელს დადებული პირინეის ზავით საფრანგეთმა ესპანეთიც დაამარცხა და მიიღო რუსიიონი (რუსილონი), არტუა და ლუქსემბურგის ნაწილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий