$1. ინგლისის ამერიკული კოლონიების ადმინისტრაციული მართვა შვიდწლიანი ომის დამთავრების შემდეგ.
შვიდწლიანი (ამერიკაში ცხრაწლიანი) ომის დასრულების შემდეგ ინგლისის მთავრობამ გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად მოეკიდა ხელი კოლონიების მართვისათვის. ახალმა პრემიერ მინისტრმა (1763-1765 წწ.), ჯორჯ გრენვილმა ჩათვალა, რომ ომისაგან გაჩანაგებული ხაზინის შესავსებად საჭირო იყო ახალი გადასახადების შემოღება, მათ შორის კოლონიებშიც. თავის დროზე, ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრად გახდომამდე, მან ერთხელ უკვე სცადა კოლონიების დაცვისათვის საჭირო თანხის საკუთრივ მეტროპოლიაში მოძებნა და დააწესა გადასახადი სიდრზე, რომელიც იმდენად არაპოპულარული გამოდგა, რომ მას თავისი იმდროინდელი პოსტის (ფინანსთა მინისტრის) დატოვებაც კი მოუხდა მცირე ხნით (მიუხედავად ამგვარი გამოცდილებისა, ინგლისის მთავრობის მესვეურებს დროდადრო მაინც ავიწყდებოდათ, რომ სასმელზე გადასახადების დაწესება ინგლისში სიკეთის მომტანი არ იყო და იმეორებდნენ გრენვილის შეცდომას იგივე შედეგებით). ამიტომ, პრემიერ მინისტრად გახდომის შემდეგ მან გადაწყვიტა კოლონიების დაცვის დაფინანსებისათვის (კოლონიების საზღვრებს ჯერ კიდევ ემუქრებოდა საფრთხე, ამჯერად უკვე ინდიელების მხრიდან) საჭირო თანხების საკუთრივ კოლონიებში გამოძებნა. პრობლემის გადაწყვეტა მან სცადა „ბადაგის აქტის“ (მიღებულ იქნა 1733 წ.) შეცვლით. ბადაგის აქტი, რომლითაც ნებისმიერი მოვაჭრე ვალდებული იყო ბადაგის შემოტანისას გალონზე (გალონის ზომა სტანდარტული არ იყო და არ არის და ძნელი სათქმელია, აქ რომელი გალონი იგულისხმება) ექვსი პენსი გადაეხადა, მეტად არაეფექტური გამოდგა და ერთადერთ შედეგად კონტრაბანდის აყვავება მოიტანა. ამიტომ 1764 წ. გრენვილმა პარლამენტში გაატარა ახალი აქტი, რომელსაც „შაქრის აქტი“ ეწოდა. აღნიშნული აქტით გადასახადი მცირდებოდა სამ პენსამდე ერთ გალონზე. გარდა ამისა, გრენვილმა აუკრძალა მებაჟეებს, რომლებიც ამ დროისათვის პრაქტიკულად უსაქმურებად იყვნენ ქცეულნი და ძირითადად ინგლისში იმყოფებოდნენ (ნაცვლად ამერიკისა, სადაც მათ უნდა შეესრულებინათ სამსახურებრივი მოვალეობები), მოადგილეების აყვანა, ანუ პრაქტიკულად დაავალდებულა ისინი, ჩასულიყვნენ დანიშნულების ადგილას და ეკეთებინათ თავისი საქმე. გრენვილი იმედოვნებდა, რომ ახალი კანონი ბიუჯეტს ყოველწლიურად 45000 გირვანქა სტერლინგს შემატებდა, რაც ეყოფოდა კოლონიებში ჯარების განთავსების ხარჯების ნაწილის დაფარვას.
გრენვილის მიერ გატარებული კანონები სერიოზულად ცვლიდა საქმის ვითარებას. მართალია, თითქოს „შაქრის აქტით“ კოლონისტების მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო, რადგანაც მათ გადასახდელი ექნებოდათ ბაჟის ნახევარი, მაგრამ სინამდვილეში მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა. ამას მარტივი ახსნა ჰქონდა: „ბადაგის აქტით“ დაწესებულ გადასახადს პრაქტიკულად არავინ არ იხდიდა, რადგანაც მებაჟეები არაფერს აკეთებდნენ, ახლა კი სიტუაცია სხვაგვარი იქნებოდა და 3-პენსიანი ბაჟის გადახდა პრაქტიკულად აუცილებელი გახდებოდა (იმ შემთხვევაში, თუ ბაჟი გადახდილი არ იქნებოდა და მებაჟეები დააკავებდნენ გემს, მათ ევალებოდათ მთელი ტვირთის კონფისკაცია). ამავე დროს, გრენვილმა კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა კოლონიებს: „ფულის მიმოქცევის“ 1764წ. აქტით ყველა კოლონიას აეკრძალა საკუთარი ქაღალდის ფულით (კოლონიებში არსებობდა საკუთარი ასიგნაციები, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფო ფულადი სახსრების სიმცირით) მეტროპოლიასთან ანგარიშის წარმოება (ნიუ ინგლენდში ასეთი შეზღუდვა მოქმედებდა ჯერ კიდევ 1751 წლიდან). შედეგად, კოლონიებშიც მეტად შემცირდა საკუთარი ქაღალდის ფულის გამოყენება, რამაც კოლონიების ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა.
და მაინც, ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა კოლონიებში გამოიწვია ე.წ. „საგერბო გადასახადმა“, რომელიც შემოღებული იქნა გრენვილის ინიციატივით 1765 წ. აღნიშნული კანონით, რომელიც წარმოადგენდა ფაქტობრივად პირველ პირდაპირ გადასახადს კოლონიებში, ყველა იურიდიული დოკუმენტი, ბეჭდვითი ორგანო და თვით სათამაშო ბანქოც კი ექვემდებარებოდა გერბის დარტყმას და, შესაბამისად, გადასახადის გადახდას ამ გერბის დატანებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად არავის არ წარმოედგინა, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა „საგერბო გადასახადის“ შემოღებას. ბენჯამენ ფრანკლინიც კი, რომელიც იყო კოლონიების წარმომადგენელი ლონდონში, თავიდან ფიქრობდა, რომ აქტი გაამართლებდა და ცდილობდა ერთ-ერთი თავისი მეგობარი დაენიშნა გერბის დამრტყმელის თანამდებობაზე. თუმცა იმ პროცესებმა, რომლებიც დაიწყო კოლონიებში, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კოლონისტებმა გააპროტესტეს კანონები, რომლებიც მიღებული იქნა პარლამენტში, სადაც ისინი წარმოდგენილი არ იყვნენ (ეს მოსაზრება პირველად გააჟღერა ჯეიმს ოტისმა, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ მასაჩუსეტსში). დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. სათავე წინააღმდეგობის მოძრაობას დაუდო ვირჯინიამ, სადაც 1765 წ. მაისში ადგილობრივმა ასამბლეამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, ვირჯინიელების მართვა მხოლოდ იმ კანონებით შეიძლებოდა, რომლებსაც თავად ვირჯინიელები დაეთანხმებოდნენ. ვირჯინიელებს მხარი აუბეს დანარჩენმა კოლონიებმაც (საინტერესო ის იყო, რომ გაზეთებში ვირჯინიის ასამბლეის განცხადება დაიბეჭდა იმ სახით, რომლითაც ის შეტანილი იყო განხილვაზე, და არა საბოლოო ვარიანტით, რომელიც შერბილებული იყო, რის შედეგაც ყველა დანარჩენ კოლონიაში ბევრად უფრო მკაცრი განცხადებები იქნა მიღებული). აქტი ძალაში უნდა შესულიყო 1765 წ. 1 ნოემბერს, მაგრამ უკვე აგვისტოს შუა ხანებში დაიწყო საგერბო აგენტების დევნა, მათი ოფისების დაწვა და განადგურება (პირველად ეს მოხდა ბოსტონში, საიდანაც მოედო ყველა კოლონიას). შედეგად, 1 ნოემბრისათვის აქტი უკვე ფაქტობრივად მკვდრადშობილი აღმოჩნდა. ამ დღეს გაზეთებზე პირველად უნდა განთავსებულიყო გერბი, მაგრამ გერბის ადგილზე აღმოჩნდა „მხიარული როჯერი“ (მეკობრეთა სიმბოლო _ თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით). უფრო მეტიც, კოლონისტებმა უარი განაცხადეს ინგლისიდან საქონლის იმპორტზე. ეს მეტად სერიოზული დარტყმა იყო მეტროპოლიისათვის, რომელმაც ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. ამ დროისათვის ინგლისის პრემიერ მინისტრი იყო მარკიზი როკინგჰემი (ივლისში მეფე გეორგ III-მ გადააყენა გრენვილი, თუმცა ეს არ იყო გამოწვეული კოლონიებთან დაკავშირებულ საქმეებთან). როკინგჰემმა გადაწყვიტა, შეეტანა პარლამენტში თხოვნა „საგერბო გადასახადის“ გაუქმებაზე. ოღონდ, ამავე დროს, ინგლისის მთავრობას სურდა პარლამენტის უფლებამოსილების დადასტურება. პარლამენტში გაიმართა დებატები, რომლებზეც ფრანკლინმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ამერიკელები არ გადაიხდიდნენ არანაირ „საგერბო გადასახადს“, რაც არ უნდა მცირე ყოფილიყო ის. 1766 წ. მარტში გადასახადი მართლაც გაუქმდა, მაგრამ ამავე დროს მიიღო „დეკლარაციული აქტი“, რომლითაც პარლამენტს ეძლეოდა კოლონიებთან დაკავშირებით ნებისმიერი კანონის მიღების უფლება. ამავე დროს, შემცირდა „შაქრის აქტით“ დაწესებული გადასახადიც, რომელიც ამიერიდან მხოლოდ ერთ პენსს შეადგენდა გალონზე (ამიერიდან ვაჭარს უფრო იაფი დაუჯდებოდა გადასახადის გადახდა, ვიდრე ქრთამის მიცემა). ერთადერთი აქტი, რომელიც არ გაუქმდა და პირვანდელი სახით დარჩა, თუმცა არ სრულდებოდა, იყო 1765 წ. მიღებული „აქტი ჯარების შენახვის შესახებ“, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ ნიუ იორკს ეხებოდა.
$2. ინგლისის ამერიკული კოლონიების ადმინისტრაციული მართვა 1767-1772 წლებში.
„საგერბო გადასახადით“ გამოწვეული ვნებათაღელვა ახალი ჩამცხრალი იყო, როდესაც ინგლისის მთავრობამ მორიგი შეცდომა დაუშვა. მეფემ კიდევ ერთხელ შეცვალა პრემიერ მინისტრი და ამ პოსტზე დანიშნა უილიამ პიტი (1766 წ.). პიტმა დიდხანს ვერ გაძლო პოსტზე (ის მცირე ხანში ჭკუაზე შეცდა და გადაყენებულ იქნა 1768 წ.), მაგრამ იმ პერიოდში, სანამ ის ნომინალურად ითვლებოდა მთავრობის პირველ პირად (რეალურად 1767 წ. დასაწყისიდან მოყოლებული ის მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ), ძალაუფლება ხელთ იგდო ფინანსთა მინისტრმა ჩარლზ ტაუნშენდმა. მართალია, ეს სულ მცირე ხანი გაგრძელდა, რადგანაც 1767 წ. სექტემბერში ის გარდაიცვალა, მაგრამ ტაუნშენდმა „მოასწრო“ და პარლამენტს მაისსა და ივნისში მიაღებინა ე.წ. „ტაუნშენდის აქტები“. პირველი აქტით, ნიუ იორკის ასამბლეას აეკრძალა ნებისმიერი დადგენილების გამოტანა, სანამ ის არ დაემორჩილებოდა „აქტს ჯარების შენახვის შესახებ“, რომელიც აღნიშნულმა ასამბლეამ მანამდე უარყო. ნიუ იორკელები საკმაოდ დიდხანს იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ მაინც დათმეს პოზიციები, რითაც ერთგვარად დაარწმუნეს ინგლისის მთავრობა, რომ კოლონიების დაუმორჩილებლობა მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული დაუსჯელობის სინდრომით. შემდეგ მიღებულ იქნა „სახელმწიფო შემოსავლების აქტი“, რომლითაც გადასახადი დაწესდა კოლონიების მიერ იმპორტირებულ მინის ნაწარმზე, ტყვიაზე, საღებავებზე, ქაღალდზე და ჩაიზე. ამავდროულად დაწესდა მებაჟეთა პალატა ბოსტონში, კონტრაბანდისტთა შტაბ-ბინაში. და ბოლოს, მოხდა ვიცე-საადმირალოთა სასამართლოების რეორგანიზება, რის შედეგადაც დაწესდა ოთხი ასეთი სასამართლო კონტინენტურ კოლონიებში: ჰალიფაქსში, ბოსტონში, ფილადელფიასა და ჩარლსტონში.
ტაუნშენდის აქტების ეფექტი თავდაპირველად შეუმჩნეველიც კი დარჩა კოლონიებში, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს იყო ბევრად უარესი კანონები, ვიდრე „საგერბო გადასახადი“, რადგანაც შემოსული თანხები უნდა მოხმარებოდა გუბერნატორებისა და სხვა მოხელეების ხელფასებს, რითაც ისინი განთავისუფლდებოდნენ ადგილობრივ ასამბლეებზე დამოკიდებულებისაგან. მხოლოდ 1767 წ. მიწურულისათვის დაიწყო მოძრაობა ამ აქტების წინააღმდეგ, რასაც საფუძველი ჩაუყარა ფილადელფიელმა ადვოკატმა ჯონ დიკინსონმა თავისი „პენსილვანიელი ფერმერის 12 წერილით“ (ამ წერილებში ის თავის თავს სწორედ ფერმერად მოიხსენიებდა). აღნიშნული წერილებით დიკინსონი ცნობდა პარლამენტის უფლებას, მოეგვარებინა სავაჭრო საკითხები და აეკრიფა ამ საქმესთან დაკავშირებული მცირე გადასახადები, მაგრამ სასტიკად ეწინააღმდეგებოდა პირდაპირი გადასახადების დაწესებას კოლონიებისათვის, რომლებსაც მასში წარმომადგენლები არ ჰყავდათ. დიკინსონს მალე მხარი აუბა სემიუელ ადამსმა (მომავალში ცნობილმა ლუდის მწარმოებელმა, თუმცა ამ პერიოდისთვის ამ მიმართულებით მის ერთადერთ „მიღწევას“ წარმოადგენდა მშობლების მიერ დატოვებული ლუდსახარშის გაკოტრება). ამ პერიოდისთვის ის ცნობილი გახდა, როგორც კოლონიების უფლებებისათვის მებრძოლი პირი. სემიუელ ადამსი უარს აცხადებდა პარლამენტისათვის რაიმე უფლების მინიჭებაზე კოლონიური კანონმდებლობის საკითხებში და მოახდინა ე.წ. „თავისუფლების შვილების“ ორგანიზაციის ჩამოყალიბება. 1768 წ. დასაწყისში სემ ადამსმა და ჯეიმს ოტისმა შეადგინეს კიდევ ერთი წერილი მასაჩუსეტსის ასამბლეის სახელით, რომელიც მიმართული იყო დანარჩენი კოლონიებისადმი (პირველი ასეთი წერილი „საგერბო გადასახადის“ წინააღმდეგ იყო მიმართული). წერილში კიდევ ერთხელ იყო გაცხადებული პარლამენტის მიერ კოლონიებში გადასახადის დაწესების უკანონობა და გაჟღერებული იყო მოწოდება სხვა კოლონიებისადმი მხარში ამოდგომის შესახებ. წერილმა მეტად გააბრაზა ინგლისის მთავრობის კოლონიების მინისტრი (ამ პოსტზე სულ ახალი დანიშნული იყო გრაფი (ერლი) ჰილსბორო), რომელმაც უბრძანა მასაჩუსეტსის ასამბლეას წერილზე უარის თქმა. ასამბლეამ დამორჩილებაზე უარი განაცხადა და შედეგად ის დაშალეს, რითაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
1768 წ. მაისში მოხდა კიდევ ერთი მოვლენა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მდგომარეობის დაძაბვას. მებაჟეებმა დააპატიმრეს ჯონ ჰენკოკის მცირე ზომის ხომალდი „ლიბერტი“. დაპატიმრების ოფიციალურ საბაბად იქცა გემის დატვირთვამდე საჭირო საბუთების არმიცემა მებაჟეებისათვის (ჰენკოკი თურმე ყოველთვის შემდეგ აკეთებდა ამას, რასაც მებაჟეები თანხმდებოდნენ კიდეც და სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებდნენ). მებაჟეებისადმი სიძულვილი მასაჩუსეტსში ჯერ კიდევ ედუარდ რენდოლფის ხანიდან მოდიოდა, თუმცა რენდოლფს მისი პატიოსნების გამო მაინც სცემდნენ გარკვეულწილად პატივს, მაგრამ უკანასკნელ ხანებში ეს სიძულვილი გაათმაგებული იყო, რისი ერთ-ერთი მიზეზიც იყო მექრთამეობის (ერთ-ერთი ისტორიკოსის თქმით, „საბაჟო რეკეტის“) აყვავება მებაჟეებში. ჰენკოკის დასაცავად სასწრაფოდ შეიკრიბა დიდი ბრბო, რომელსაც სემ ადამსი ჩაუდგა სათავეში. ბრბომ სცადა ხომალდის დაბრუნება, რასაც მოჰყვა ქალაქში ჯარების შემოყვანა. ბუნებრივია, ჯარისკაცებში ბოსტონში სულაც არ შემოუყვანიათ „საზღვრების დაცვის მიზნით“, რაც იყო კოლონიებში მათი ყოფნის საფუძველი, რის გამოც მასაჩუსეტსის ქალაქების დელეგატთა თავყრილობამ მოითხოვა მათი დაუყოვნებლივი გაყვანა ქალაქიდან. მოთხოვნა, ბუნებრივია, მთავრობამ არ შეასრულა. ჰენკოკი 1769 წ. გაასამართლეს, მაგრამ სასამართლომ ის გაამართლა (კოლონიებში არ არსებობდა მოსამართლე, რომელიც ჰენკოკს მართლაც დასდებდა ბრალს მის დანაშაულში) და მთავრობა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. ამავე დროს, ვირჯინიის ასამბლეამ კვლავ გამოიტანა დადგენილება, რომ ვირჯინიელებზე გადასახადის დაწესება მისი პრეროგატივა იყო. გუბერნატორმა ასამბლეა დაშალა, მაგრამ მისი წევრები დამოუკიდებლად შეიკრიბნენ და გაავრცელეს მოწოდება სხვა კოლონიებისადმი მეტროპოლიიდან იმპორტის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც სხვა კოლონიებიც აჰყვნენ.
ამ გართულებულ ვითარებაში ინგლისში შედგა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მეფე გეორგ III-მ, როგორც იქნა, შეძლო მისთვის სასურველი დეპუტატების უმრავლესობის მოპოვება. ახალი პრემიერ მინისტრი გახდა ლორდი ფრედერიკ ნორთი, რომელმაც შეცვალა პოლიტიკა კოლონიების მიმართ. მან გადაწყვიტა ტაუნშენდის მიერ დაწესებული გადასახადების ფაქტობრივი გაუქმება და ძალაში დატოვა მხოლოდ გადასახადი ჩაიზე. გადაწყვეტილება მეტად დროულად იქნა მიღებული. 1770 წ. 5 მარტს ბოსტონში პირველი ტყვია გავარდა. საბაჟოს შენობის წინ შეიკრიბა დიდი ბრბო, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ყარაულზე მდგომ ჯარისკაცებს. ამ უკანასკნელებმა ითხოვეს დახმარება. დიდხანს დაპირისპირება იარაღის გამოყენების გარეშე მიმდინარეობდა (ბრბოდან მხოლოდ თოვლის გუნდებს ესროდნენ ჯარისკაცებს, რასაც ისინი არ პასუხობდნენ), მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი ჯარისკაცი დაეცა და ფეხზე წამოდგომის შემდეგ საპასუხოდ უკვე თოფიდან გაისროლა. ატყდა სროლა, რომლის შედეგადაც ხუთი კაცი (ბოსტონელებიდან) დაიღუპა. სემიუელ ადამსმა ამ მოვლენებს „ბოსტონის სასაკლაო“ უწოდა, თუმცა სასაკლაომდე მათ ბევრი უკლდა. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევითმა დაპირისპირებამ სერიოზული გავლენა იქონია მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. გუბერნატორმა თომას ჰატჩინსონმა სასწრაფოდ დაატოვებინა ქალაქი ჯარისკაცებს შემდგომი მღელვარების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა ვითარება აპრილშიც მეტად დაძაბული იყო. სწორედ ამ დროს მოვიდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ გააუქმა ტაუნშენდის ყველა აქტი და ძალაში დატოვა მხოლოდ გადასახადი ჩაიზე (რაც მთლად სწორი არ იყო, რადგანაც რეალურად გაუქმდა მხოლოდ გადასახადები სხვა იმპორტირებულ საქონელზე, ხოლო მებაჟეთა პალატა და ვიცე-საადმირალოთა სასამართლოები კვლავინდებურად აგრძელებდნენ საქმიანობას), რის შემდეგაც მღელვარება ჩაცხრა და ორი წლით ვითარება დამშვიდდა (გადასახადი ჩაიზე კოლონისტებს მაინცდამაინც არ აღელვებდათ, რადგანაც ჩაის უდიდესი ნაწილი კოლონიებში მაინც კონტრაბანდული გზით შემოდიოდა ჰოლანდიიდან).
შემდგომი მცირე მღელვარება ბოსტონში 1772 წ. ივნისში მოხდა, როდესაც 9 ივნისს მებაჟეთა ხომალდი მოულოდნელად მეჩეჩზე დაჯდა ნაპირის მახლობლად. მსწრაფლ ხომალდის გარშემო შეიკრიბა ბრბო, რომელმაც ჩამოსვა ხომალდიდან ეკიპაჟი და დაწვა ხომალდი. ამ აქციის მონაწილეთაგან ვერავინ ვერ დააპატიმრეს, რადგანაც უბრალოდ თვითმხილველი ვერ იპოვეს. 13 ივნისს კი გუბერნატორმა თომას ჰატჩინსონმა ასამბლეას განუცხადა, რომ ამიერიდან ის და მოსამართლეები ხელფასს საბაჟო შემოსავლებიდან მიიღებდნენ, რაც სერიოზული დარტყმა იყო კოლონისტებისათვის (განსაკუთრებით მათ აფრთხობდათ მოსამართლეთა მათგან დამოუკიდებლობა). თუმცა 1772 წ. რაიმე სერიოზულ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია.
$3. „ბოსტონის ჩაის სმა“ და მდგომარეობა 1773-1776 წლებში. პირველი კონტინენტური კონგრესი.
ყველაზე დიდი კრიზისი მოხდა 1773 წ., როდესაც პრემიერ მინისტრმა ნორთმა გადაწყვიტა რამდენიმე თავისი მეგობრის დახმარება. ამ პერიოდში ოსტ-ინდოეთის კომპანია განიცდიდა საკმაოდ დიდ სირთულეებს და ვერ ახერხებდა ინგლისში საკუთარი ჩაის გასაღებას (ჩაი კი ძალიან დიდი რაოდენობით _ 17 მლნ გირვანქა _ დაგროვდა ინგლისში არსებულ საწყობებში). ნორთმა მოიფიქრა მეტად ჭკვიანური გეგმა, როგორ უნდა აეცილებინა კომპანიისათვის (და შესაბამისად თავისი მეგობრებისათვის) გაკოტრება. ამისთვის საჭირო იყო ჩაის გაყიდვა კოლონიებში. საქმე იმაში იყო, რომ ინგლისის მთავრობა უბრუნებდა ყველა ვაჭარს გირვანქაზე 12-პენსიან გადასახადს, თუ საქონელი მეტროპოლიიდან კოლონიაში იქნებოდა გადაზიდული და ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნებოდა მხოლოდ ადგილზე გირვანქაზე 3-პენსიანი ბაჟის გადახდა. გეგმის მთავარი მომენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ შემთხვევაში კომპანიის მიერ კოლონიებში შეტანილი ჩაი უფრო იაფი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ჰოლანდიიდან კონტრაბანდული გზით შეტანილი. შედეგად, ნორთმა მიანიჭა ოსტ-ინდოეთის კომპანიას მონოპოლია კოლონიების ჩაით მომარაგებაზე. ეს აღმოჩნდა ყველაზე სერიოზული შეცდომა, რაც კი აქამდე არსებობდა. როგორც ჩანს, შესაძლებელი იქნებოდა პრობ¬ლემის თავიდან აცილება, თუ არ გამოცხადდებოდა მონოპოლია და კომპანია თავის ჩაის მიჰყიდდა ე.წ. საბითუმო მოვაჭრეებს. ამის ნაცვლად ახალი სქემით ეს უკანასკნელები (და სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ყველაზე აქტიურ ფენას კოლონიებში, რადგანაც ყველაზე მდიდრები იყვნენ) თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც კომპანია პირდაპირ საკუთარი აგენტებით აპირებდა ჩაის რეალიზებას კოლონიებში. ამავე დროს, ყველა კოლონისტი დაეჭვდა, რომ ამგვარ მონოპოლიას მალე სხვა პროდუქტებზეც შემოიღებდნენ. შედეგად, დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. ნიუ იორკსა და ფილადელფიაში ჩაის შეტანა უბრალოდ ვერ მოხერხდა, რადგანაც ხალხის ზეწოლის შედეგად კომპანიის აგენტები გადადგნენ და ჩაის მიმღები უბრალოდ არავინ არ იყო (ჩაი ინგლისში დააბრუნეს), ჩარლსტონში ის გადმოტვირთეს საბითუმო მოვაჭრეთა საწყობებში (ჩაი იქ დარჩა დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყებამდე, რის შემდეგაც გაყიდული იქნა და ამოღებული თანხა მოხმარდა კოლონისტთა არმიას). მხო¬ლოდ ბოსტონში შეიქმნა დაპირისპირება, რადგანაც ჩაის აგენტთა შორის იყო გუბერნატორ ჰატჩინსონის ორი ვაჟი და მათ სულაც არ სურდათ მოგების დათმობა. ბოსტონელები ყველანაირად უშლიდნენ ხელს ჩაის გადმოტვირთვას, ხოლო 1773წ. 16 დეკემბერს მათი ნაწილი (60 კაცამდე), რომელიც მოჰაუკის ტომის ინდიელების ყაიდაზე იყო ჩაცმული, შეიჭრა სამ გემზე („დართმუთი“, „ელეანორი“ და „ბივერი“) და ზღვაში გადაყარა 342 ფუთა ჩაი (დაახლოებით 18000 გირვანქა სტერლინგის ფასის, რაც მნიშვნელოვანი თანხა იყო იმ პერიოდში). ამის მომსწრე იყო რამდენიმე ასეული კაცი, მაგრამ მოგვიანებით ვერ იქნა ნაპოვნი ვერც ერთი თვითმხილველი. როგორც ამბობენ, აქციის ორგანიზატორები იყვნენ სემ ადამსი და ჯონ ჰენკოკი, მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელი გახდა.
„ბოსტონის ჩაის სმამ“ სერიოზულად გაართულა ვითარება კოლონიებში. მთავრობამ გადაწყვიტა, სასტიკად დაესაჯა ქალაქი. 1774 წ. 31 მარტს მიღებული „ბოსტონის პორტის აქტით“, 1774 წ. 1 ივნისიდან პორტი ცხადდებოდა დახურულად განუსაზღვრელი ვადით, სანამ არ იქნებოდა გადახდილი ჩაის საფასური (უნდა ითქვას, რომ ჩაის საფასურის გადახდას მხარს უჭერდა ადგილობრივი ვაჭრების დიდი ნაწილიც, რომელსაც ეშინოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლებოდა მათ საქონელსაც გაეზიარებინა ჩაის ბედი. ბენჯამენ ფრანკლინიც მოუწოდებდა მასაჩუსეტსელებს, აენაზღაურებინათ ზარალი. მიუხედავად ამისა, ზარალი ანაზღაურებული აქ იქნა). გარდა ამისა, 1774 წ. 20 მაისს მიღებული „მასაჩუსეტსის მთავრობის აქტით“ მასაჩუსეტსის ზედა პალატა იქცა დანიშვნით ორგანოდ, ხოლო საქალაქო თავყრილობები აიკრძალა. გარდა ამისა, მასაჩუსეტსს უწყდებოდა სამეფო ქარტიის მოქმედება. ამავე დღეს მიღებული „კანონით მიუმხრობელი სამართალაღსრულების შესახებ“ საბაჟო დანაშაულში ეჭვმიტანილი ყველა პირი უნდა გადაეყვანათ ინგლისში და იქ გაესამართლებინათ. 1774 წ. 2 ივნისს შემოღებული იქნა ახალი „აქტი ჯარების შენახვის შესახებ“, რომლითაც ბოსტონში განთავსებული იქნა სამხედრო შენაერთები, ხოლო მათი შენახვის საფასური დაეკისრა თავად ბოსტონელებს. ამერიკელებმა ყველა ამ კანონს უწოდეს „აუტანელი კანონები“ ან „რეპრესიული კანონები“, თუმცა გაირკვა, რომ ინგლისის პარლამენტს თავისი მუშაობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული. დააგვირგვინა მთელი ეს კანონმდებლობითი საქმიანობა 1774 წ. 22 ივნისის „კვებეკის აქტმა“, რომლითაც კვებეკს გადაეცა ტერიტორია მდ. ოჰაიომდე (ამ ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდნენ პენსილვანია, ვირჯინია და კონექტიკუტი) და იქ გამოცხადდა რწმენის თავისუფლება კათოლიკეებისათვის. გარდა ამისა, 1774 წ. მაისში მასაჩუსეტსის გუბერნატორად დაინიშნა გენ. თომას გეიჯი და ფაქტობრივად კოლონიაში სამხედრო მმართველობა დამყარდა.
ინგლისის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი რეზონანსი ჰპოვა კოლონიებში. ყველა მხრიდან ბოსტონში იგზავნებოდა საკვები პროდუქტები და ფულადი დახმარება. ვირჯინიაში ახალგაზრდა ადვოკატმა თომას ჯეფერსონმა ადგილობრივ ასამბლეას მოუწოდა, 1 ივნისი (ბოსტონის პორტის დაკეტვის დღე) გამოეცხადებინათ მარხვისა და ლოცვის დღედ, რის საპასუხოდაც გუბერნატორმა ასამბლეა დაშლილად გამოაცხადა. მაშინ ასამბლეის წევრები გაემართნენ რელის ტავერნაში და იქ მიიღეს დადგენილება კონტინენტური კონგრესის მოწვევის შესახებ. ეს დადგენილება დაეგზავნა ყველა კოლონიას, სადაც მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილებები. ივნისში, მასაჩუსეტსის წინადადებით, გადაწყდა, რომ პირველი კონტინენტური კონგრესი მოეწვიათ ფილადელფიაში (პენსილვანია) 1774 წ. სექტემბერში.
პირველი კონტინენტური კონგრესი გაიხსნა ფილადელფიაში 1774 წ. 5 სექტემბერს. კონგრესში მონაწილეობას იღებდა 55 დელეგატი 12 კოლონიიდან (აქ არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ჯორჯია და საფრანგეთისა და ეს-პანეთისათვის წართმეული კოლონიები: კვებეკი, ნოვა სქოთია და ფლორიდა). კონგრესის პრეზიდენტად არჩეული იქნა პეიტონ რენდოლფი ვირჯინიიდან, მდივნად (მაგრამ არა წევრად) _ ჩარლზ თომსონი, „ფილადელფიის სემ ადამსი“. კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, ხმის მიცემა მომხდარიყო კოლონიების მიხედვით. მართალია, ვირჯინიელმა ადვოკატმა პატრიკ ჰენრიმ მოითხოვა, რომ ხმის მიცემა ინდივიდუალური ყოფილიყო („ჩვენ არა ვართ ვირჯინიელები ან ნიუ იორკელები, ჩვენ ვართ ამერიკელები“), მაგრამ მისი წინადადება არ გავიდა. კონგრესმა, დიდი მსჯელობის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს უნდა ჰქონოდა მხოლოდ ვაჭრობისა და მთლიანად იმპერიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების რეგულირების უფლება. სამაგიეროდ, ინგლისის პარლამენტს არ უნდა ჰქონოდა კოლონიების შიდა მმართველობაში ჩარევის უფლება და კოლონიებში ჯარების განთავსება-არგანთავსების საკითხი მთლიანად ადგილობრივი ორგანოების კომპეტენცია უნდა ყოფილიყო (ფაქტობრივად, ეს იყო პოზიცია, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონების თეორია). გარდა ამისა, კონგრესმა მოუწოდა ყველა საგრაფოს, ქალაქსა თუ სოფელს, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისური საქონლისათვის. და ბოლოს, მეორე კონტინენტური კონგრესის მოწვევის ვადად დაინიშნა 1775 წ. მაისი.
კონგრესის გადაწყვეტილებებმა მეტად გააბრაზა მეფე და პარლამენტი. მეფის თქმით, „კოლონიები აჯანყებული იყვნენ... და მხოლოდ სამხედრო ძალას შეეძლო იმის გადაწყვეტა, წარმოადგენდნენ ისინი იმპერიის ნაწილს თუ დამოუკიდებლები იყვნენ“. მსგავსი დამოკიდებულება სუფევდა პარლამენტშიც, თუმცა იქ გამონაკლისებიც გვხვდებოდა. უილიამ პიტ-უმცროსი თვლიდა, რომ საჭირო იყო კომპრომისი და ყველა გადასახადის დაწესება უნდა მომხდარიყო კონტინენტური კონგრესის თანხმობით. ამერიკელების იდეების გაზიარებას ითხოვდა ედმუნდ ბურკიც, მაგრამ უმრავლესობა სულ სხვანაირად იყო განწყობილი. მასაჩუსეტსი გამოცხადებული იქნა აჯანყებულ კოლონიად, ნიუ ინგლენდის კოლონიებს აეკრძალათ უცხო სახელმწიფოებთან ვაჭრობა და თევზობა ჩრდილოეთ ატლანტიკაში. 1775 წ. 27 თებერვალს მიღებული იქნა ე.წ. „შერიგების რეზოლუცია“, რომლის თანახმადაც პარლამენტი მომავალში მიიღებდა მხოლოდ ვაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებულ გადასახადებს, ხოლო კოლონიები მიიღებდნენ მათ ტერიტორიაზე აკრეფილ საბაჟო გადასახადებს იმ პირობით, რომ იქიდან ნებაყოფლობით გადაიხდიდნენ თანხის ნაწილს, რომელიც მოხმარდებოდა კოლონიების უსაფრთხოების დაცვას. მიუხედავად, ერთი შეხედვით, ნამდვილად მომრიგებლური ხასიათისა, ედმუნდ ბურკის მოსწრებული თქმით, „ეს იყო ფორმულა არა მშვიდობისათვის, არამედ ახალი დავებისთვის“.
$4. ომის დასაწყისი. მეორე კონტინენტური კონგრესის მოწვევა. ბანკერ ჰილის (ბრიდსჰილის) ბრძოლა. ბოსტონის ევაკუაცია ინგლისელების მიერ.
ინგლისის პარლამენტის დადგენილებამ სულაც არ დაამშვიდა კოლონიები. 1774 წ. მიწურულსა და 1775 წ. დასაწყისში კოლონისტები აშკარად ფლობდნენ ინიციატივას. 1774 წ. ოქტომბერში მასაჩუსეტსის წარმომადგენელთა პალატამ (რომელიც ოფიციალურად დაშლილი იყო გუბერნატორ გეიჯის ბრძანებით) თავი გამოაცხადა პროვინციულ კონგრესად, ჯონ ჰენკოკი დანიშნა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ და მიანიჭა მას მილიციის ჩამოყალიბების უფლება. ძირითად ნაწილად ამ მილიციაში უნდა ქცეულიყვნენ ე.წ. მინიტმენები, რომლებიც ნებისმიერი დაძახებისას ერთ წუთში უნდა ყოფილიყვნენ მზად სამხედრო ვალდებულების შესასრულებლად. მსგავსი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სხვა კოლონიებშიც. ფაქტობრივად, მასაჩუსეტსში გენ. გეიჯი აკონტროლებდა მხოლოდ ბოსტონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ინგლისელები კმაყოფილი იყვნენ შექმნილი მდგომარეობით. მაიორი ჯონ პიტკერნი კმაყოფილებით წერდა 1775 წ. მარტში, რომ „ყველაფრის მოსაწესრიგებლად საკმარისი იქნებოდა ერთი აქტიური კამპანია ორი-სამი სოფლის დაწვით“.
პიტკერნს სულ მალე მიეცა იმის საშუალება, რომ დარწმუნებულიყო, თუ რა ვითარება იყო სინამდვილეში ამერიკულ კოლონიებში. 14 აპრილს გეიჯმა მიიღო ბრძანება აჯანყების ჩახშობის შესახებ, მიუხედავად იმისა, გამოიწვევდა ეს დაპირისპირებას თუ არა. შედეგად, 18 აპრილის ღამით ვიცე-პოლკოვნიკი ფრანსის სმითი და მაიორი პიტკერნი დაიძრნენ ლექსინგტონისაკენ 700 კაცით. კოლონისტებმა როგორღაც შეიტყვეს ამ ბრძანების შესახებ და თავის მხრივ გააგზავნეს ლექსინგტონში პოლ რივერი და უილიამ დაუესი სემ ადამსისა და ჯონ ჰენკოკის გასაფრთხილებლად (ეს უკანასკნელები სწორედ ლექსინგტონში იმალებოდნენ). ადამსი, დაუესისა და სამუელ პრესკოტის თანხლებით კონკორდისაკენ გაემართა, მაგრამ გზაში სამივე დააკავა ბრიტანელთა პატრულმა, თუმცა პრესკოტმა შეძლო თავის დაღწევა და კოლონისტების გაფრთხილება მომხდარის შესახებ.
19 აპრილს დილით ინგლისელები მიადგნენ ლექსინგტონს, სადაც მათ დახვდათ კაპიტანი ჯონ პარკერი და 70 მინიტმენი. პიტკერნმა უბრძანა მინიტმენებს, დაშლილიყვნენ, მაგრამ ეს უკანასკნელები ადგილიდან არ დაიძრნენ. ხელმეორე ბრძანების შემდეგ ამერიკელებმა დაიწყეს უკანდახევა, მაგრამ ამ დროს გავარდა ტყვია და მონასტერი აირია. ინგლისელთა დანაკარგი მეტად უმნიშვნელო იყო: ერთი მსუბუქად დაჭრილი ცხენი და კიდევ უფრო მსუბუქად გაკაწრული ჯარისკაცი. ამიტომ ინგლისელებმა განაგრძეს სვლა კონკორდისაკენ, მაგრამ აქ ისინი უკვე გაცილებით სერიოზულ წინააღმდეგებას წააწყდნენ. კოლონისტებმა საფრიდან აუტეხეს სროლა ინგლისელებს და ისინიც იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ (14 კაცი დაზარალდა ამ შეტაკებისას). არავინ იცის, როგორი იქნებოდა კონკორდის ბრძოლის შედეგი, ინგლისელებს ცოტა მეტი ოფიცერი რომ ჰყოლოდათ, რადგანაც პიტკერნმა და სმითმა უბრალოდ ვერ შეაჩერეს უკანდახეული ჯარი. შედეგად, ინგლისელები ფაქტობრივად გაიქცნენ ბოსტონის მიმართულებით. ჯარებმა ძლივს გაიარეს ლექსინგტონი, სადაც უკვე ყოველი ბუჩქი და ხე წარმოადგენდა სერიოზულ საფრთხეს, რადგანაც იქიდან წარმოებდა სროლა ჯარისკაცების მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს ეპოპეა დასრულდა ინგლისელთა სრული კრახით: 250 დაღუპული და დაჭრილი, მაშინ როდესაც ამერიკელებმა დაკარგეს მხოლოდ 93 კაცი.
ლექსინგტონისა და კონკორდის შეტაკებები პრაქტიკულად ნიშნავდა ომის დაწყებას. 10 მაისს ფილადელფიაში შეიკრიბა II კონტინენტური კონგრესი. ამ დროისათვის უკვე ამერიკელ მილიციელებს ბოსტონი ალყაში ჰქონდათ მოქცეული. სწორედ 10 მაისს ჩრდილოეთით მოქმედმა ამერიკელ მოხალისეთა შენაერთმა შენაერთმა ითან ალენისა და ბენედიქტ არნოლდის მეთაურობით აიღო ფორტი ტიკონდეროგა. კონტინენტურ კონგრესს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ რევოლუციური მთავრობის როლი ეკისრა. დადგინდა, რომ ბოსტონის გარშემო შემოკრებილი მილიცია ჩაეთვალათ არმიად, რომლის მეთაურობაც 15 ივნისს დაეკისრა ჯორჯ ვაშინგტონს (ეს უკანასკნელი დათანხმდა იმ პირობით, რომ არ მიიღებდა არანაირ ჯამაგირს, მაგრამ ომის შემდეგ ანაზღაურებული იქნებოდა მის მიერ გაწეული ხარჯები). 17 ივნისს კი, პირველ დღეს, როდესაც ვაშინგტონი შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას, ბოსტონის მახლობლად მოხდა პირველი დიდი ბრძოლა (თუმცა ვაშინგტონს არანაირი მიმართება ამ ბრძოლასთან არ ჰქონია). ისტორიაში ეს შეტაკება შევიდა როგორც ბანკერ ჰილის ბრძოლა, თუმცა სინამდვილეში ის გაიმართა ბრიდსჰილთან. შეცდომის მიზეზი გახდა ის, რომ ამერიკელი ჯარისკაცებისათვის მიცემული იყო ბრძანება გაეთხარათ სანგრები გორაკზე (იგულისხმებოდა ბანკერ ჰილი), მაგრამ ეს ბრძანება არასწორად იქნა გაგებული და შედეგად მთელი ღამის მუშაობის შემდეგ ბრიდსჰილი მთლიანად დაფარული იყო სანგრებით (ამერიკელებმა გაიგეს, რომ ინგლისელთა სარდალი გენ. თომას გეიჯი აპირებდა ერთ-ერთი გორაკის დაკავებას და მათი მოქმედებაც ამით იყო გამოწვეული). ინგლისელებს ამ მომენტისათვის უკვე მნიშვნელოვანი ძალები შეემატათ, მათ შორის სამი გენერალი: სერ უილიამ ჰოუვი, სერ ჰენრი კლინტონი და ჯონ ბერგოინი (ინგლისელებისთვის ალბათ უმჯობესი იქნებოდა, არც ერთი მათგანი საერთოდ არ გაეგზავნათ ამერიკაში). 17 ივნისს დილით გაოცებულმა ინგლისელებმა აღმოაჩინეს, რომ ამერიკელებს ბრიდსჰილი ძალიან კარგად ჰქონდათ გამაგრებული. ამერიკელთა თავდაცვას ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი უილიამ პრესკოტი. მის წინააღმდეგ გეიჯმა გააგზავნა ჰოუვი 2300 ჯარისკაცის თანხლებით. ინგლისელები მწყობრად დაიძრნენ ამერიკელთა პოზიციებისაკენ, მაგრამ ეს სერიოზული შეცდომა გამოდგა. ამერიკელებმა მოუშვეს ახლოს ინგლისელები, რის შემდეგაც გაუხსნეს ზალპი. ჩვეულებრივ, ეს XVIII ს. ომებში მიღებული პრაქტიკა იყო და ინგლისელები ელოდნენ კიდეც, მაგრამ გაირკვა, რომ კოლონისტებს მომზადებული ჰქონდათ სიახლე. მათ რამდენიმე რიგად ჰყავდათ განლაგებული მსროლელები. მას შემდეგ, რაც პირველი ზალპი შესრულდა, მსროლელები დაეშვნენ მიწაზე და ახლა უკვე მეორე რიგმა გაუხსნა ცეცხლი ინგლისელებს, რასაც უკვე მესამე ზალპიც მოჰყვა. ინგლისელებმა უწესრიგოდ დაიწყეს უკანდახევა. ამერიკელებმა მეორე შემოტევაც მოიგერიეს, მაგრამ როდესაც ინგლისელებმა გამოიყენეს არტილერია და წამოიწყეს მესამე იერიში, კოლონისტებმა თავად დაიწყეს უკანდახევა ყოველგვარი წესრიგის გარეშე, რადგანაც მათ ტყვია-წამალი გაუთავდათ (ზოგიერთებმა ქვების სროლაც კი დაიწყეს და ასე სცადეს ინგლისელების შეჩერება). მსხვერპლი ორივე მხრიდან მეტად სერიოზული იყო: ინგლისელებმა დაკარგეს 1054 კაცი დაღუპულებითა და დაჭრილებით, ამერიკელებმა _ 400-დან 450-მდე (ამერიკელთა ძირითადი დანაკლისი მოდიოდა სწორედ უკანდახევის მომენტზე). მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისისა (სერ ჰენრი კლინტონმა ისიც კი აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება ინგლისელებს საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს), ინგლისელებს შეეძლოთ მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება, თუ დაამყარებდნენ კონტროლს დორჩესტერის მაღლობებზე, საიდანაც, ბანკერ ჰილისა და ბრიდსჰილის მსგავსად, შეიძლებოდა ბოსტონის დაბომბვა. ამ შემთხვევაში ისინი საბოლოოდ ააცილებდნენ ყველა საფრთხეს ბოსტონს, მაგრამ, როგორც ჩანს, ინგლისელთა ხელმძღვანელობას შეეშინდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. შედეგად, რამდენიმე დღეში ვაშინგტონმა ჩაიბარა სარდლობა ბოსტონთან და სიტუაცია პრაქტიკულად არ შეცვლილა ზამთრის განმავლობაში. მარტში კი ამერიკელებმა აიღეს დორჩესტერის მაღლობები და ბოსტონს დაბომბვის საფრთხე დაემუქრა. უილიამ ჰოუვმა (მან ბრიდსჰილის ბრძოლის შემდეგ შეცვალა გეიჯი მთავარსარდლის პოსტზე) ჩათვალა, რომ ქალაქის დაცვა შეუძლებელი იყო და ზღვით დაიხია ჰალიფაქსში (ნოვა სქოთია, იგივე ახალი შოტლანდია). 17 მარტს ბოსტონში შევიდნენ ამერიკული ნაწილები და ეს დღე შემდგომში აღინიშნებოდა, როგორც „ევაკუაციის დღე“. ამ მომენტისათვის ამერიკელებმა პრაქტიკულად მთლიანად დაამყარეს კონტროლი ყველა კოლონიაზე და ინგლისელების წინაშე უკვე მთელი კონტინენტის ხელახლა დაპყრობა იდგა ამოცანად.
$5. ომის მსვლელობა 1775წ. მეორე ნახევრიდან 1776წ. ივლისამდე. თომას პეინის „საღი აზრი“. დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება.
ბრიდსჰილის ბრძოლის შემდეგ გააქტიურდა კონტინენტური კონგრესი. კონგრესმა მიიღო ორი დეკლარაცია: 1. „ზეთისხილის რტოს“ პეტიცია (1775 წ. 5 ივლისი), რომლის ავტორი იყო ჯონ დიკინსონი და რომელიც შეიცავდა მოწოდებას მეფისადმი, არ განევრცო სამხედრო მოქმედებები; 2. მიზეზებისა და აუცილებლობის დეკლარაცია (1775 წ. 6 ივლისი _ ძირითადად დაწერილი ასევე დიკინსონის მიერ), რომელიც უარს ამბობდა დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ხაზს უსვამდა კოლონისტების მტკიცე გადაწყვეტილებას, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე გამხდარიყვნენ მონები. ამავე დროს, მოთხოვნილი იყო ინგლისელების ლექსინგტონზე თავდასხმის დაგმობა. მაგრამ მეფემ ეს დეკლარაციები, რომლებმაც ინგლისში აგვისტოს შუა რიცხვებში ჩააღწია, არც კი წაიკითხა. საპასუხოდ მან გამოსცა ორი ბრძანება: ბრძანება მოახალშენეების მტრად გამოცხადების შესახებ (1775წ. 22 აგვისტო); ბრძანება აჯანყების შესახებ (23 აგვისტო).
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა შერიგება სცადა მეფესთან, ამავდროულად წამოწყებული იქნა შეტევა კვებეკზე. მოახალშენეებმა შეტევა ორი მიმართულებიდან დაიწყეს: რიჩარდ მონტგომერის შენაერთები უტევდნენ კვებეკს შამპლენის ტბიდან, ბენედიქტ არნოლდის რაზმები კი _ მენის ტყეების გავლით. 1775წ. სექტემბრის შუა რიცხვებში ამერიკელებმა კვებეკს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ყველა შეტევა ქალაქზე უშედეგო აღმოჩნდა. ვერ მოხერხდა ვერც ფრანგული მოსახლეობის მომხრობა. შედეგად შეტევა ჩაიშალა. 1775წ. 30 დეკემბერს ამერიკელთა უკანასკნელი შეტევა სასტიკი მარცხით დასრულდა. მონტგომერი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო არნოლდი დაიჭრა. კვებეკის ალყა მოხსნილი იქნა.
მძიმე ბრძოლები გაიმართა ვირჯინიაშიც, სადაც ლოიალისტებს (ასეთი მეტსახელი შეარქვეს ინგლისელების მომხრე კოლონისტებს) დიდი დასაყრდენი გამოუჩნდა გუბერნატორ დანმორის სახით. ამ უკანასკნელმა მონებიც კი ჩართო შეიარაღებულ ნაწილებში (მონებს ის განთავისუფლებას დაჰპირდა) და სცადა ნორფოლკზე კონტროლის დამყარება, მაგრამ 1775 წ. დეკემბერში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, დანმორი უკან დაბრუნდა, 1776 წ. 1 იანვარს აიღო ნორფოლკი და გადაწვა მისი დიდი ნაწილი. ლოიალისტებმა სცადეს კონტროლის დამყარება ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაზეც, მაგრამ აქ ბევრად უფრო დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მათ თავდაპირველად ნაწილებთან შეერთება, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და შეუტიეს ჩარლსტონს. შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა. მილიციამ შეძლო კ. სალივანზე ფორტის (მოგვიანებით ეწოდა მულტრი მეთაურის სახელის მიხედვით) აგება პალმეტოებისაგან (მცირე ზომის პალმა). ინგლისელთა შეტევა ზღვიდან ამ ფორტმა მოიგერია, საპასუხო საარტილერიო ცეცხლით კი ინგლისელთა თითქმის ყველა ხომალდი დაზიანებული იქნა. ინგლისელები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. მათმა დანაკარგმა 200-მდე კაცი შეადგინა (საინტერესოა, ამ გმირობის აღსანიშნავად პალმეტო შემდგომში აღმოჩნდა სამხრეთ კაროლინის შტატის დროშაზე).
ამასობაში კონტინენტური კონგრესი დროს უქმად არ ჰკარგავდა. 1775წ. ივლისში დანიშნული იქნენ კომისიონერები, რომლებსაც სამშვიდობო ხელშეკრულებები უნდა დაედოთ ინდიელთა ტომებთან და ჩამოყალიბებული იქნა საფოსტო დეპარტამენტი, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ბენჯამენ ფრანკლინი. ოქტომბერში ჩამოყალიბებული იქნა ფლოტი, ხოლო ნოემბერში _ საზღვაო ფეხოსანთა კორპუსი. მიუხედავად ამისა, კონგრესმენები ჯერ კიდევ თავს იკავებდნენ დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადების და ხსენებისგანაც კი. მდგომარეობა ერთგვარად შეიცვალა მხოლოდ 1775 წ. მიწურულიდან, როდესაც კოლონიებში მოვიდა ცნობა, რომ მეფე და ინგლისის მთავრობა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, ქირაობდნენ ჯარისკაცებს კოლონისტების წინააღმდეგ საომრად. სულ დაქირავებული იქნა 30000 კაცი, რომელთაგან 17000 ჰესენ-კასელის სამთავროდან იყო, რის გამოც კოლონისტებმა ყველა დაქირავებულს „ჰესენელები“ შეარქვეს (სხვათა შორის, უილიამ პიტ-უმცროსი, ედმუნდ ბურკი, ჯონ უილკსი, ჩარლზ ფოქსი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსი დიდ შეცდომად თვლიდა ამას და მიიჩნევდა, რომ ზედმეტი გამწვავება სიტუაციის ამერიკაში გამოიწვევდა ახალ ომს საფრანგეთსა და ესპანეთთან). ამავე დროს, 1775 წ. დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ე.წ. „ამკრძალავი აქტი“, რომლითაც უკანონოდ გამოცხადდა ნებისმიერი ვაჭრობა კოლონიებთან. ყოველივე ამან აავსო კოლონისტების მოთმინების ფიალა და 1776 წ. იანვარში ფილადელფიაში ანონიმურად დაიბეჭდა პამფლეტი „საღი აზრი“. პამფლეტის ავტორი თომას პეინი იყო შტატგარეშე მწერალი, წარსულში არშემდგარი ბიზნესმენი, რომელსაც ზურგს „უმაგრებდა“ წარუმატებელი ქორწინება და სამუშაოების ხშირი ცვლა, მაგრამ ამჯერად მან მართლაც მიაღწია სანუკვარ მიზანს. პამფლეტში პირველად გაჟღერდა კოლონიების დამოუკიდებლობის იდეა. პეინის თქმით, მართალია „კოლონიებსა და მეტროპოლიას შორის შერიგება ერთადერთი მისაღები სურვილი იყო“, მაგრამ „კოლონიები მომწიფდნენ დამოუკიდებლობისათვის და დამოუკიდებლობა მათ სასიცოცხლო ინტერესებში შედიოდა“, „მეფეზე უარი უნდა თქმულიყო“ და ა.შ. პეინი თავის პამფლეტს ასრულებდა სიტყვებით: „დადგა გაყოფის დრო!“ „საღმა აზრმა“ უდიდესი გავლენა იქონია კოლონისტებზე. სამ თვეში უკვე ის 150000-იანი ტირაჟით გავრცელდა. პრაქტიკულად ყველა კოლონისტს პეინის სახელი და დამოუკიდებლობის მოთხოვნა ეკერა პირზე. უკვე იანვარშივე მასაჩუსეტსის ასამბლეამ მიანიჭა უფლება თავის წარმომადგენლებს კონტინენტურ კონგრესზე, რომ გადაედგათ უკანასკნელი ნაბიჯი და გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა. მარტში იგივე გააკეთა ჩრდილოეთ კაროლინამ, აპრილში _ ჯორჯიამ და სამხრეთ კაროლინა, მაისში კი _ ვირჯინიის ასამბლეამ. 1776 წ. 7 ივნისს ვირჯინიის წარმომადგენელმა რიჩარდ ჰენრი ლიმ კონგრესზე შემოიტანა დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტი, რომლითაც ცხადდებოდა, რომ „ამერიკული კოლონიები იყვნენ, და სრული უფლება ჰქონდათ ყოფილიყვნენ, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები“. რეზოლუცია მიღებულ იქნა 1776 წ. 2 ივლისს და უდიდესი აღტკინება გამოიწვია კონგრესის მონაწილეებში. თომას ჯეფერსონმა თავის ცოლს ისიც კი მისწერა, რომ 1776 წ. 2 ივლისი იქნებოდა „ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ამერიკის ისტორიაში“. მიუხედავად ამისა, ეს ასე არ მოხდა. დღესდღეობით 2 ივლისი არავის ახსოვს. ამის მიზეზი გახდა ორი დღის შემდეგ განხორციელებული აქტი. 4 ივლისს II კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო „ამერიკის შეერთებული შტატების (სახელმწიფოების) წარმომადგენელთა დეკლარაცია“, რომელიც „დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ სახელით შევიდა ისტორიაში. დეკლარაციის ავტორად ითვლება თომას ჯეფერსონი, თუმცა სინამდვილეში მან უბრალოდ ჯონ ადამსის, ბენჯამენ ფრანკლინის, როჯერ შერმანისა და რობერტ ლივინგსტონისაგან შემდგარმა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტის რედაქტირება მოახდინა (ფაქტობრივად, ტექსტის დიდი ნაწილი, ჯეფერსონის გარდა, ეკუთვნოდათ ჯონ ადამსს და ბენჯამენ ფრანკლინს). დეკლარაციაში ჩამოთვლილი იყო მეფის მიერ კოლონიების მიმართ ჩადენილი ყველა უკანონობა და გაცხადებული იყო, რომ ყოველივე ამის გამო ამერიკულ კოლონიებს ჰქონდათ დამოუკიდებლობის გამოცხადების სრული უფლება. დეკლარაციას ხელი მოაწერა 56-მა დელეგატმა, რომელთა შორის პირველი იყო ჯონ ჰენკოკი (ჰენკოკმა ლამის მთელ ფურცელზე მოაწერა ხელი და განაცხადა: „მეფე ჯორჯს საშუალება ექნება, ეს სათვალის გარეშე წაიკითხოს“). მიუხედავად ჰენკოკის განცხადებისა, 1777 წ. იანვრამდე ხელისმომწერთა გვარები გასაიდუმლოებული იყო (მათ უბრალოდ ეშინოდათ, რომ ინგლისელები ამისთვის დასჯიდნენ ომის მოგების შემთხვევაში). დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებით დასრულდა ამერიკელების ყოყმანი და ისინი უკვე ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ მათთვის მისაღები იქნებოდა მხოლოდ ერთი შედეგი: გამარჯვება დამოუკიდებლობისათვის ომში.
$6. ომის მსვლელობა 1776-1777 წლებში. სარატოგა.
1776წ. 2 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც კონგრესმა მიიღო დამოუკიდებლობის რეზოლუცია, ბრიტანელი „წითელქურთუკიანები“ (ასეთი იყო ინგლისელი ჯარისკაცების მეტსახელი მათი მუნდირის ფერის გამო) გადმოსხდნენ სტეიტენ აილენდზე (ნიუ იორკის ერთ-ერთი პატარა კუნძული). ეს იყო პირველი ნაწილი იმ დიდი შენაერთისა, რომელიც სულ მალე მთლიანად აღმოჩნდა ამერიკის ტერიტორიაზე. აგვისტოს შუა ხანებისთვის გენ. უილიამ ჰოუვის ხელქვეით 32000 ჯარისკაცი იყო. გარდა ამისა, მას ეხმარებოდა ფლოტიც, რომელსაც სარდლობდა მისი ძმა, ადმირალი რიჩარდ ჰოუვი. ეს იყო XVIII ს.-ში ინგლისელების ყველაზე დიდი სამხედრო შენაერთი (მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი XVIII ს.-ში საკმაოდ ბევრს ომობდა, ხმელეთზე ასეთი დიდი არმიის ყოლა მას არასდროს არ დასჭირვებია). ამის საწინააღმდეგოდ ვაშინგტონს მხოლოდ 19000 კაცის (როგორც კონტინენტური არმიის წევრის, ისე მილიციელის) დაპირისპირება შეეძლო. მიუხედავად ამისა, კონგრესმა ვაშინგტონს ნიუ იორკის დაცვა უბრძანა. აქ გაირკვა, რომ უილიამ ჰოუვი არც ისე კარგი სარდალი იყო. მართალია, მას დიდი უპირატესობა ჰქონდა ჯარის როგორც რაოდენობის, ისე ხარისხით, ინგლისელმა გენერალმა მაინც ვერ მოახერხა მოწინააღმდეგის სრულად განადგურება. პირველ დაპირისპირებას ლონგ აილენდზე ჰქონდა ადგილი. ამერიკელები ცდილობდნენ ბრუკლინის მაღლობების შენარჩუნებას (იქიდან შესაძლებელი იყო ქალაქის ძირითადი ნაწილის დაბომბვა), მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. აგვისტოს ბოლოს ვაშინგტონი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ლონგ აილენდი და ჯარი მანჰეტენზე გადაეყვანა. ამერიკელთა საბედნიეროდ, ლონგ აილენდის დატოვების ღამეს ისეთი ქარიშხალი და კოკისპირული წვიმა იყო, რომ ბრიტანულმა ფლოტმა ვერ მოახერხა ისტ რივერში შესვლა და ევაკუაციისთვის ხელის შეშლა. სამაგიეროდ, გაუგებარია, რისი ეშინოდა გენ. ჰოუვს და რატომ არ მიჰყვა ის უკანდახეულ ამერიკელებს. ასეთ შემთხვევაში ის უპრობლემოდ შემოარტყამდა მათ ალყას და მთლიანად გაანადგურებდა მოწინააღმდეგეს. ამერიკელ მკვლევართა აზრით, ამით ომიც პრაქტიკულად დასრულდებოდა და ამერიკელებს ვერაფერი იხსნიდა. მაგრამ უილიამ ჰოუვი იმდენად ფრთხილი სარდალი გამოდგა, რომ ვაშინგტონმა მოახერხა თავისი ძირითადი ძალების კონტინენტურ ნიუ იორკში გადაყვანა, შემდეგ კი ნიუ ჯერსის გავლით და დელავერის მდინარის გადალახვით, გადავიდა პენსილვანიაში. ჰოუვმა, როგორც ჩანს, ომი მოგებულად ჩათვალა და დარჩა ნიუ იორკში, სადაც ფუფუნებაში ფიქრობდა ზამთრის გატარებას. მან მხო¬ლოდ დააყენა ავანპოსტები ნიუ ჯერსიში და დაიკავა ნიუპორტი (როდ აილენდი). სამაგიეროდ, ვაშინგტონი სულაც არ აპირებდა ჯერ საზამთრო ბანაკში დაბინავებას. საჭირო იყო საბრძოლო სულის ამაღლება. წარუმატებლობებმა მეტად შეარყია ამერიკელთა რწმენა საბოლოო გამარჯვებაში. ერთადერთი, რამაც ერთგვარად გამოასწორა მდგომარეობა, იყო თომას პეინის ახალი პამფლეტი: „ამერიკის კრიზისი“ (პეინი თავად არმიაში იყო ამ დროს). პამფლეტში ნათქვამი იყო, რომ „ზაფხულის ჯარისკაცს და პატრიოტს შეიძლებოდა ახლა უარი ეთქვა ქვეყნის სამსახურზე, მაგრამ ის ვინც გაუძლებდა და დარჩებოდა, დაიმსახურებდა ყველას სიყვარულს“. მისი თქმით, „ტირანიის დაპყრობა ისევე ძნელი იყო, როგორც ჯოჯოხეთში, მაგრამ რაც უფრო ძნელია ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვების ტრიუმფი“. ვაშინგტონს კარგად ესმოდა, რომ საჭირო იყო თუნდაც პატარა, მაგრამ გამარჯვება. 1776წ. შობის ღამეს მან შეუტია ტრენტონს, სადაც 1500-კაციანი გარნიზონი (ჰესენელებისაგან შემდგარი) ჯერ კიდევ გაბრუებული იყო შობაზე მიღებული სასმელებისაგან. შედეგად, მხოლოდ 500 ჯარისკაცი გადაურჩა იმ ღამეს სიკვდილს ან დატყვევებას, მაშინ როდესაც ამერიკელებმა მხოლოდ 6 კაცი დაკარგეს დაჭრილებით (დაჭრილთა შორის იყო ახალგაზრდა ლეიტენანტი ჯეიმს მონროც, აშშ-ს მეხუთე პრეზიდენტი _ 1817-1825). 1777წ. 3 იანვარს კი მოხდა კიდევ ერთი შეტაკება, ამჯერად პრინსტონთან. ამერიკელებმა მოიგერიეს ბრიტანელთა სამი პოლკის შემოტევა და მნიშვნელოვნად აიმაღლეს საბრძოლო სული ამ ორი მცირე გამარჯვებით. უფრო მეტიც, ამით მათ შემოიმტკიცეს ნიუ ჯერსი. დამშვიდებული ვაშინგტონი კი დაბანაკდა მორისთაუნში, სადაც გამოიზამთრა კიდეც.
1777 წ. ომში გარდატეხის წელი გამოდგა. ინგლისელებმა ამ დროისთვის არმია სამ ნაწილად გაჰყვეს: ჩრდილოეთში იმყოფებოდა გენ. ჯონ ბერგოინი, სამხრეთში _ გენ. ჰენრი კლინტონი, ჰოუვი კი შუაში უტევდა ამერიკელებს პენსილვანიის მიმართულებით. ამ სამეულიდან 1777 წ. ჰოუვი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. 11 სექტემბერს მან შეძლო ვაშინგტონის დამარცხება ბრენდივაინ კრიკთან და 19 სექტემბერს აიღო კონგრესის ადგილსამყოფელი ფილადელფია. მიუხედავად ამისა, ეს არ გამოდგა გამარჯვების საწინდარი. ფილადელფიის აღებამ დათვური სამსახური გაუწია ჰოუვს, რადგანაც ის კვლავ გაჩერდა და გამოზამთრება გადაწყვიტა. ამასობაში ბერგოინი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა, ჰოუვი კი ძალიან შორს იყო.
ბერგოინი, თავის მხრივ, დაიძრა კანადიდან შამპლენის ტბისკენ 7000 ჯარისკაცითა და 30 ფურგონით, რომელშიც მისი ტანსაცმელი და შამპანური ელაგა. გარდა ამისა, ლაშქრობაში მას თან ახლდა თავისი საყვარელი, რომელსაც აშკარად მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე საბრძოლო მოქმედებების განვითარებას. თავდაპირველად მან გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია: დაედევნა ამერიკელების უფრო დიდ არმიას, რომელსაც სარდლობდა გენ. ფილიპ შუილერი, დაატოვებინა მას ტიკონდეროგა და აიღო იქ საკმაოდ დიდი რაოდენობით ტყვია-წამალი. ამის შემდეგ კი უკვე ბერგოინისთვის მძიმე დღეები დადგა. კონგრესმა გადააყენა შუილერი და მის ადგილას დანიშნა გენ. ჰორაციო გეიტსი. დიდი დახმარება გეიტსს გაუწია ბენედიქტ არნოლდის დაჯგუფებამაც. თავის მხრივ, ბერგოინს ჰქონდა ვიცე-პოლკოვნიკ ბარი სენტ ლეგერის იმედი, მაგრამ ეს უკანასკნელი დამარცხებული იქნა ორისკანისთან 6 აგვისტოს. 16 აგვისტოს უკვე თავად ბერგოინმა ვერ მოახერხა პოლკოვნიკ ჯონ სტარკის შენაერთის დამარცხება ბენინგტონთან და გზის გაკვლევა ფილადელფიისკენ (სტარკმა ამ დღეს განუცხადა თავის ჯარისკაცებს: „ან ჩვენ დღეს დავამარცხებთ მათ, ან მოლი სტარკი დაქვრივდება“). მომდევნო დღეებში ბერგოინს იგივე დაემართა ფრიმენს ფარმთან და ბემისის მაღლობებთან, რის შემდეგაც უკან დაიხია სარატოგასკენ. სწორედ აქ შემოარტყეს ალყა ამერიკელებმა ბერგოინს და 1777 წ. 17 ოქტომბერს ეს უკანასკნელი, 5700 ჯარისკაცთან ერთად ჩაბარდა გენ. გეიტსს იმ პირობით, რომ ყველა ჯარისკაცი დაბრუნებული იქნებოდა ინგლისში (რასაკვირველია, ამ უკანასკნელებს ომში შემდგომი მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ).
$7. ომის მსვლელობა 1777-1782 წლებში. საფრანგეთის ჩაბმა ომში. იორკთაუნი და ინგლისელების საბოლოო მარცხი. პარიზის 1783წ. ზავი.
სარატოგა პრაქტიკულად ინგლისელების მარცხს ნიშნავდა ომში, მაგრამ მეფემ არ მისცა ლორდ ნორთს არც ზავის დადების უფლება და არც გადადგომა დააკმაყოფილა. პარლამენტმა გააუქმა ტაუნშენდის ჩაის აქტი, მასაჩუსეტსის გამგებლობის აქტი და „ამკრძალავი აქტი“, თუმცა ამას ნომინალური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ინგლისელებს უკვე არ შეეძლოთ ამ აქტების შესრულება. სამაგიეროდ, სარატოგამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება კონფლიქტისადმი. პარიზში ამერიკელების გამარჯვება (ცნობამ მის შესახებ საფრანგეთში 1777 წ. დეკემბერში ჩააღწია) ისე აღიქვეს, თითქოს თავად იყვნენ გამარჯვებულები. საფრანგეთი უკვე 1776 წლიდან ეხმარებოდა ამერიკელებს, თუმცა ამას თითქოს კერძო კომპანიების მეშვეობით აკეთებდა. 1776 წ. მაისში ლუი XVI-მ მილიონი ლივრი გამოუყო პიერ-ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს („სევილიელი დალაქისა“ და „ფიგაროს ქორწინების“ ავტორი), რათა მას, სავაჭრო კომპანიის სახელით, 14 გემი გაეგზავნა სამხედრო აღჭურვილობით ამერიკაში. მცირე ხანში, ამერიკელებმა სერიოზულ დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწიეს. 1778 წ. 8 თებერვალს ამერიკასა და საფრანგეთს შორის ორი ხელშეკრულება: მეგობრობისა და ვაჭრობის და სამოკავშირეო. საფრანგეთმა სცნო ამერიკის დამოუკიდებლობა და მისცა მას სავაჭრო პრეფერენციები, თავის მხრივ, მხარეებმა ერთმანეთს აღუთქვეს, რომ სამუდამოდ დაიცავდნენ ერთმანეთის სამფლობელოებს ამერიკაში. მოგვიანებით, ფრანგებმა აღუთქვეს ამერიკელებს, რომ არ მოინდომებდნენ კანადის ან სხვა ბრიტანული სამფლობელოების დასაკუთრებას საკუთრივ ამერიკის კონტინენტზე (ფრანგებს შერჩენილი ჰქონდათ სხვადასხვა კუნძულები ატლანტის ოკეანეში). თავის მხრივ, ინგლისის პარლამენტმაც დაიწყო ფიქრი ომის დასრულებაზე და შექმნა სამშვიდობო კომისია, მაგრამ ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც კონგრესმა უკვე რატიფიკაცია მოახდინა ხელშეკრულებები საფრანგეთთან. შედეგად, 1778 წ. ივნისში ინგლისსა და საფრანგეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო, რომელსაც 1779 წ. შეუერთდა ესპანეთიც. 1780 წ. ინგლისის წინააღმდეგ ომში უკვე ნიდერლანდებიც ჩაერთო, რის შემდეგ ინგლისელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
მიუხედავად საფრანგეთის ომში ჩაბმისა, ამერიკელებს რეალურად დიდი სარგებელი აქედან არ მიუღიათ. მართალია, ლუი XVI-მ გააგზავნა ამერიკაში საექსპედიციო კორპუსი, რომელსაც სათავეში ჩაუყენა გრაფი დე როშამბო, მაგრამ ეს მოხდა 1780 წ. და მაშინაც ფრანგები მთელი წელი იდგნენ ნიუპორტში და ელოდნენ დამხმარე ფლოტის მისვლას (რომელიც ნიუპორტთან საერთოდ არ გამოჩენილა ომის მთელი მსვლელობის მანძილზე). მხოლოდ მარი-ჟოზეფ-პოლ-ივ-როშ-ჟილბერ დიუ მოტიე მარკიზი დე ლაფაიეტი იყო ეფექტური წარმომადგენელი ფრანგული დახმარებისა ლამის მთელი ომის განმავლობაში. ახალგაზრდა მარკიზმა ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში მიაშურა ამერიკას და ადიუტანტად დაუდგა ვაშინგტონს. მან სრულიად უანგაროდ ჩამოაყალიბა პოლკი ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან (აღსანიშნავია, რომ მან უარი განაცხადა ხარჯების ანაზღაურებაზეც კი ომის შემდეგ, განსხვავებით ვაშინგტონისა და სხვა ამერიკელი სარდლებისაგან), შეიარაღა ის და იბრძოდა ამ პოლკთან ერთად მთელი ომი (მცირე შესვენებით, როდესაც მან მიაშურა საფრანგეთს ჭრილობის მოსაშუშებლად 1777 წ.). ომის ბოლოსთვის ის უკვე ფაქტობრივად ვაშინგტონის მოადგილედ იქცა და მთელი არმიაც კი ებარა.
საკუთრივ ამერიკელებში გაზაფხულზე დიდი სკანდალი ატყდა, როდესაც გენ. თომას კონვეიმ სასტიკად გააკრიტიკა ჯორჯ ვაშინგტონი და გადარჩენის ერთადერთ შანსად გამოაცხადა მთავარსარდლად ჰორაციო გეიტსის დანიშვნა (მიზეზი გახდა არმიის საშინელი ყოფა ზამთრის პერიოდში ველი ფორჯში). საბოლოოდ, კონვეი იძულებული გახდა, თავად დაეტოვებინა პოსტი და ბოდიშიც კი მოუხადა ვაშინგტონს (თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ბოდიში მან მოიხადა მას შემდეგ, რაც ის დაჭრა დუელში ვაშინგტონის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა ოფიცერმა). არმიის მდგომარეობა და მომზადების დონე კი საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მის გაწვრთნას ხელი მიჰყო პრუსიელმა ოფიცერმა, ფრიდრიხ ფონ შტოიბენმა (ამერიკელებს ეგონათ, რომ ის პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის გენერალ-ლეიტენანტი, თუმცა ფონ შტოიბენმა ეს ქაღალდი უბრალოდ შეთითხნა, რადგანაც პრუსიის სამეფო კარიდან ის გამოგდებული იყო საეჭვო ყოფაქცევის გამო). ფონ შტოიბენმა ნამდვილად გაამართლა, რადგანაც მის მიერ გაწვრთნილი ჯარების მომზადების დონე აშკარად უკეთესი იყო, ვიდრე მანამდე არსებული შენაერთების, რის გამოც მისი მეთოდები გადატანილ იქნა სხვა ნაწილებშიც და შტოიბენმავე დაწერა ამერიკული ჯარების საბრძოლო წესდება (მოქმედებდა 1812 წლამდე).
1778 წ. მეტად მწირი გამოდგა სამხედრო თვალსაზრისით. ორივე მხარე ცდილობდა ძალების გადაჯგუფებას. ერთადერთ შეტევით ოპერაციას ამერიკელების მხრიდან წარმოადგენდა ჯორჯ როჯერს კლარკის ექსპედიცია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. ამ უკანასკნელმა შეძლო 4 ივლისს კასკასკიას აღება, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ადგილობრივი ფრანგები პრაქტიკულად მთლიანად ამერიკელების მხარეზე იყვნენ (ამის მიზეზი გახდა ცნობა საფრანგეთ-ამერიკის ალიანსის შესახებ) და ამ დროიდან მოყოლებული მის შენაერთებში თითქმის ნახევარს სწორედ ფრანგები შეადგენდნენ. საბოლოო ჯამში, კლარკმა შეძლო ილინოისში შეღწევა და იქ გამაგრება, მაგრამ მეტად საეჭვოა, რომ მისი მიღწევების შესახებ რაიმე იყო ცნობილი 1782 წლისთვის, როდესაც დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები.
თავის მხრივ, ინგლისელებმა მთელი ყურადღება სამხრეთისაკენ გადაიტანეს. გენ. ჰენრი კლინტონმა შეუტია ჯორჯიასა და კაროლინას. 1778 წ. ნოემბერში ვიცე-პოლკოვნიკმა არჩიბალდ კემპბელმა აიღო სავანა, რის შემდეგაც კლინტონმა შეუტია ჩარლსტონს. 1779 წ. მაისში ინგლისელები გადააწყდნენ მძიმე გამაგრებებს ჩარლსტონთან და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. უფრო მეტიც, ისინი კინაღამ გაებნენ გენ. ბენჯამენ ლინკოლნის მიერ დაგებულ ხაფანგში. მიუხედავად ამისა, ინიციატივა სამხრეთის მიმართულებით ინგლისელების ხელთ იყო. 1780 წ. დასაწყისში კლინტონმა განაახლა შეტევა ჩარლსტონზე და 12 მაისს აიღო კიდეც ქალაქი. გენ. ლინკოლნი ჩაბარდა ქალაქის დამცველ 5500 კაცთან ერთად. ამას მოჰყვა კონგრესის მიერ, ვაშინგტონის რჩევის საწინააღმდეგოდ, სამხრეთის მიმართულებაზე სარდლად ჰორაციო გეიტსის დანიშვნა და ომის გადამწყვეტ ფაზაში შესვლა. მაგრამ გეიტსის დანიშვნა წარუმატებელი ნაბიჯი აღმოჩნდა. 1780 წ. 16 აგვისტოს, კემდენთან ინგლისელთა ახალმა სარდალმა ლორდმა ჩარლზ კორნუოლისმა მძიმე მარცხი აგემა გეიტსს, რომელიც იძულებული გახდა 160 მილით დაეხია უკან. გეიტსის ნაცვლად სამხრეთში დაინიშნა ახალი სარდალი, გენ. ნათანიელ გრინი. სამხრეთში გარდატეხა დაიწყო 1780 წ. 7 ოქტომბერს, როდესაც ამერიკელებმა მოახერხეს კორნუოლისის თანაშემწის, პატრიკ ფერგიუსონის ნაწილის განადგურება კინგს მაუნთინთან. ფერგიუსონი ამ ბრძოლაში დაიღუპა. 1781 წ. 17 იანვარს გენ. დანიელ მორგანმა სასტიკი მარცხი აგემა კორნუოლისის მეორე თანაშემწეს, ბანასტრ „სისხლიან“ ტარლტონს (ინგლისელებმა დაკარგეს 100 კაცი დაღუპულებით და 700 დაჭრილებით) კოუპენსთან. 1781 წ. 15 მარტს კი შედგა გენერალური ბრძოლა გილფორდ კორტჰაუსთან. კორნუოლისმა კი მოიგო ეს ბრძოლა, რადგანაც გრინმა დატოვა ბრძოლის ველი, მაგრამ მისმა დანაკლისმა 500 კაცზე მეტი შეადგინა, დახმარების იმედი კი მას უკვე არ უნდა ჰქონოდა. 1781 წ. დასაწყისში ფრანგულმა ფლოტმა ადმირალ დე გრასის სარდლობით დაამარცხა ადმირალ სემიუელ ჰუდის ინგლისური ფლოტი ტობაგოსთან, რის შემდეგაც მიადგა ჩესაპიკის ყურეს და გადაკეტა ის. კორნუოლისი იძულებული გახდა, დაძრულიყო ვირჯინიისაკენ (მან სავსებით სწორად ჩათვალა, რომ ორივე კაროლინაზე სრული კონტროლის დასამყარებლად აუცილებელი იყო ვირჯინიის ბოლომდე აღება), სადაც მიმდინარეობდა პოზიციური ბრძოლები ინგლისელთა მხრივ გენ. ბენედიქტ არნოლდის (ეს უკანასკნელი 1780 წ. ინგლისელების მხარეს გადავიდა და კინაღამ ვაშინგტონიც მოაკვლევინა მათ. თუმცა ვაშინგტონის ბედად ინგლისელთა ჯაშუში მაიორი ჯონ ანდრე დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს) და ამერიკელთაგან ლაფაიეტისა და ფონ შტოიბენის შენაერთებს შორის. კორნუოლისი შეუერთდა არნოლდს პიტერსბურგთან და გადაწყვიტა დაემყარებინა კავშირი ნიუ იორკთან, სადაც იყო ჰენრი კლინტონის ნაწილები განლაგებული. სწორედ აქ დაუშვა კორნუოლისმა თავისი საბედისწერო შეცდომა, როდესაც ჩათვალა, რომ შეეძლო გამაგრებულიყო იორკთაუნში. აქ მას სწრაფად შემოარტყა ალყა ლაფაიეტმა, რომლის დასახმარებლადაც ჩრდილოეთიდან დაიძრნენ ვაშინგტონი და როშამბო. გადამწყვეტი როლი შეასრულა დე გრასის ფლოტმა, რომელმაც 30 აგვისტოს გადაკეტა იორკთაუნის მისასვლელები, 6 სექტემბერს კი დაამარცხა ადმირალ თომას გრეივსის ფლოტი. უფრო მეტიც, მან გაგზავნა ხომალდები და ვაშინგტონისა და როშამბოს ნაწილები საზღვაო გზით გადმოიყვანა იორკთაუნის მისადგომებთან. კორნუოლისის მდგომარეობა გამოუვალი გახდა და 1781 წ. 17 ოქტომბერს, სარატოგას ბრძოლიდან ზუსტად 4 წლის თავზე, მან დაზავება ითხოვა. 1781 წ. 19 ოქტომბერს კორნუოლისი, მთელი თავისი არმიით (თითქმის 8000 ჯარისკაცი) ჩაბარდა ტყვედ ამერიკელებს. ეს უკვე ომის პრაქტიკულად დასრულებას ნიშნავდა.
იორკთაუნის შემდეგ ბრძოლები ინერციით გაგრძელდა 1782 წ., თუმცა უკვე ნათელი იყო, რომ ამერიკელებმა ომი მოიგეს. 1782 წ. 27 თებერვალს პარლამენტმა ხმა მისცა ომის შეწყვეტას და დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. იგულისხმებოდა, რომ ფრანგები, ესპანელები და ამერიკელები ერთად აწარმოებდნენ ამ მოლაპარაკებებს, მაგრამ ამერიკელებმა, იმის შიშით, რომ ფრანგები სეპარატულად დადებდნენ ზავს ინგლისელებთან, თავად დაიწყეს ცალკე კონსულტაციები ბრიტანელ წარმომადგენლებთან. შედეგად, 1782 წ. 30 ნოემბერს დაიდო პრელიმინარული შეთანხმებები ომის შეწყვეტის შესახებ (ფრანგებს მხოლოდ წინა დღით აცნობეს ამის შესახებ). ფრანგები და ესპანელები კიდევ ცოტა ხანს ცდილობდნენ ინგლისისთვის გიბრალტარის წართმევას (ეს გამაგრებული პუნქტი ესპანეთის მიერ კუთვნილ ტერიტორიაზე ინგლისელებმა 1704 წ., ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის დროს აიღეს), მაგრამ იძულებული გახდნენ, უარი ეთქვათ ამაზე და 1783 წ. 3 სექტემბერს ხელი მოეწერა პარიზის ზავს. დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა და აღიარა მდ. მისისიპი საზღვრად დასავლეთში. ამერიკის ჩრდილოეთი საზღვარი ბოლომდე დადგენილი არ იქნა, რამაც შემდგომ პრობლემებს დაუდო საფუძველი. ინგლისელებმა ფლორიდა დაუბრუნეს ესპანეთს, რომელმაც სანაცვლოდ ლუიზიანა დაუბრუნა საფრანგეთს. ამერიკელებმა მიიღეს თავისუფლად თევზაობის უფლება ნიუფაუნდლენდსა და წმ. ლავრენტის ყურეში. თავის მხრივ, ამერიკელებმა აღუთქვეს ინგლისელებს, რომ ბრიტანელ ვაჭრებს არ მოსთხოვდნენ ვალების დაბრუნებას და რომ რეკომენდაცია მიეცემოდა შტატებს, მოეხდინათ ქონების დაბრუნება იმ ლოიალისტებისათვის, რომელთა ქონებაც კონფისკაციას დაექვემდებარა ომის პერიოდში. ეს ორი პუნქტი დიდად არაფერს არ ნიშნავდა ამერიკელებისათვის, ინგლისელებს კი ერთგვარად რენომეს აღდგენის საშუალებას აძლევდა. 1783 წ. 24 ნოემბერს ბრიტანელებმა დატოვეს ნიუ იორკი, 23 დეკემბერს ვაშინგტონი გადადგა თანამდებობიდან, 24-ში დაბრუნდა თავის ფერმაზე მაუნტ ვერნონში და იქ შეხვდა შობას. ამერიკის მიწაზე მშვიდობამ დაისადგურა.
Комментариев нет:
Отправить комментарий