§1. საფრანგეთის საერთაშორისო მდგომარეობა დიდი ბურჟუაზიული რევოლუციის წინ.
XVIIIს. 80-იანი წლებისათვის ფრანგული დიპლომატიის საბაზისო დასაყრდენს წარმოადგენდა კავშირი ავსტრიასთან, რომელიც დაიდო 1756 წ. შვიდწლიანი ომის წინ. ის განმტკიცებული იქნა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის ლუის (შემდგომში მეფე ლუი XVI) დაქორწინებით ავსტრიელ პრინცესა მარია-ანტუანეტაზე (1770 წ.). ეს კავშირი მიმართული იყო პრუსიისა და ინგლისის წინააღმდეგ. 80-იანი წლებისათვის კავშირი ავსტრიასთან საფრანგეთისათვის უკვე არანაირად არ იყო მომგებიანი, რადგანაც ის ეწინააღმდეგებოდა ფრანგული ბურჟუაზიის ინტერესებს, რომელსაც ავსტრიული ნიდერლანდების დაკავება სურდა. ამავე დროს საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის მეორე ძირითადი მიმართულება იყო კავშირი ესპანეთთან. ეს კავშირი სათავეს ლუი XIV-ის დროიდან იღებდა და XVIIს. დასაწყისში ძალიან ძვირადაც დაუჯდა საფრანგეთს ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში დამარცხების გამო. ამ დროისათვის კავშირი საკმაოდ პოპულარული იყო, რადგანაც ესპანეთი და საფრანგეთი გაერთიანებული ძალებით ებრძოდნენ ინგლისს კოლონიებში.
საფრანგეთის მთავარი და ძლევამოსილი მოწინააღმდეგე იყო ინგლისი. შვიდწლიან ომში ინგლისმა სასტიკი მარცხი აგემა საფრანგეთს კოლონიებში, რის შემდეგაც ფრანგებმა გარკვეული რევანში აიღეს 1783 წ., როდესაც ინგლისი იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობა და დაეთმო გარკვეული ტერიტორიები საფრანგეთისა და ესპანეთისთვისაც. მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც უპირატესობას ფლობდა და 1786 წ. დადებული სავაჭრო ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად იქნა შერყეული ფრანგული ბურჟუაზიის მდგომარეობა, რადგანაც ინგლისურმა მანუფაქტურებმა მიიღეს შემსუბუქებული პირობებით თავიანთი ნაწარმის შეტანის უფლება საფრანგეთში.
ინგლისთან დამოუკიდებელი ბრძოლა საფრანგეთისათვის უკვე ძნელი ხდებოდა და საფრანგეთმა გეზი აიღო რუსეთთან დაახლოებაზე. ფრანგებამ უარი თქვეს თურქეთის მხარდაჭერაზე რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთთან 1787 წ. დადებული სავაჭრო ხელშეკრულებით მიიღეს დიდი დივიდენდები რუსეთის შავიზღვისპირა პორტებთან ვაჭრობის სახით. ამავე დროს ფრანგებმა მიიღეს თურქებისაგან წითელ ზღვაზე გასვლის უფლება და შეინარჩუნეს თავიანთი სავაჭრო ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში.
1787-1788 წლებში საფრანგეთის პრესტიჟმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო: მან ვერ შეძლო შეესრულებინა თავისი მოკავშირული ვალდებულებები ჰოლანდიის მთავრობის წინაშე. 1785 წ. დადებული იქნა კავშირი ნიდერლანდსა და საფრანგეთს შორის ინგლისისა და პრუსიის წინააღმდეგ. ეს შესაძლებელი გახდა ჰოლანდიაში ე.წ. „პატრიოტების“ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაგრამ როდესაც 1787 წ. ინგლისის პრემიერ-მინისტრის უილიამ პიტ-უმცროსის წაქეზებით პრუსიული ჯარები შეიჭრნენ ნიდერლანდში და აღადგინეს ძველი მთავრობა, საფრანგეთმა უარი თქვა ნიდერლანდისთვის დახმარების აღმოჩენაზე, რითაც თავისი უძლურება გამოავლინა. შედეგად, 1788 წ. ინგლისმა, ნიდერლანდმა და პრუსიამ დადეს კავშირი _ სამთა ლიგა _ საფრანგეთის, ავსტრიისა და რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად, 1789 წლისათვის ეს ლიგა წარმოადგენდა უძლიერეს დაჯგუფებას ევროპაში, რომელსაც არ უპირისპირდებოდა რაიმე ერთიანი ბლოკი. არსებობდა მხოლოდ რუსეთ-ავსტრიისა სამხედრო კავშირი და საფრანგეთის კავშირები ავსტრიასა და ესპანეთთან.
§2. საფრანგეთის რევოლუცია და ევროპული დიპლომატია დამფუძნებელი და საკანონმდებლო კრებების პერიოდში (1789-1792წწ.).
ბასტილიის აღების (1789 წ. 14 ივლისი) შემდეგ საფრანგეთში შექმნილ სიტუაციას თავიდან მაინცდამაინც არ შეუშფოთებია ევროპული სახელმწიფოები. ფორმალურად ქვეყნის მეთაურად რჩებოდა ლუდოვიკო XVI და მიუხედავად მისი ძმების ემიგრაციაში წასვლისა და მთელ ევროპაზე ფრანგი ემიგრანტების ტალღის მოდებისა, აშკარა აქციებისაგან ევროპელი ლიდერები თავს იკავებდნენ. ამასთან, ყველა მათგანს თავისი საკუთარი პრობლემებიც აწუხებდა (რუსეთს ომი ჰქონდა თურქეთთან, ავსტრიას ასევე სურდა თურქეთის ხარჯზე ტერიტორიის შემატება, რაც სულაც არ მოსწონდა ინგლისს, რომელიც პრუსიის წყალობით ცდილობდა რუსეთისა და ავსტრიის ნეიტრალიზებას.), ასე რომ, მათ საფრანგეთის ამბებისათვის მაინცდამაინც არ სცხელოდათ. მდგომარეობა შეიცვალა მხოლოდ პარიზიდან მეფის გაქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ (1791 წ. ივნისი). როდესაც მეფე უკან დააბრუნეს, ევროპელი მონარქები მიხვდნენ, რომ ლუი XVI-მ საბოლოოდ დაკარგა კონტროლი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ ამის შემდეგ დაიწყო საფრანგეთის საქმეების ჩარევისათვის მზადება. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი და ევროპულ სახელმწიფოებსაც ხელ-ფეხი გაეხსნათ. ავსტრიის იმპერატორ ლეოპოლდ II-ს ამ დროს გაუჩნდა იდეა, მოეწვია კონგრესი აახენში ან სპაში და მოეხდინათ საერთოევროპული კავშირის შექმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესების დროზე ჩასახშობად. ლეოპოლდის იდეიდან არაფერი გამოვიდა, რადგანაც ინგლისსა და რუსეთს არ გამოუმჟღავნებიათ დაინტერესება ამ გეგმით. ინგლისის პრემიერ-მინისტრმა უილიამ პიტ-უმცროსმა მოცდა ამჯობინა, რუსეთის ყურადღება კი მიიპყრო მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანმა პოლონეთის საკითხმა, თუმცა ეკატერინე II-ს, მიუხედავად ამისა, ნამდვილად სურდა ანტიფრანგული კოალიციის შექმნა და ამ მიზნით აქეზებდა კიდეც შვედეთის მეფე გუსტავ III-ს საფრანგეთის წინააღმდეგ გამოსასვლელად, მაგრამ ეკატერინეს გეგმებს აღსრულება არ ეწერა, რადგანაც გუსტავ III ვაზა მალე მოკლული იქნა მეჯლისის დროს და შვედეთში ანტირუსული პარტია მოვიდა სათავეში. დარჩნენ მხოლოდ ავსტრია და პრუსია, რომლებიც მალე მორიგდნენ კიდეც. 1791 წ. აგვისტოში პილნიცში (საქსონია) ერთმანეთს შეხვდნენ ლეოპოლდ II და პრუსიის მეფე ფრიდრიჰ-ვილჰელმ II, რომლებმაც ხელი მოაწერეს ე.წ. პილნიცის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც მხარეები აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ საფრანგეთში ლუდოვიკო XVI-ის ხელისუფლების აღსადგენად ერთობლივი მოქმედებების გატარებისათვის. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 1792 წ. 7 თებერვალს დაიდო ავსტრიასა და პრუსიას შორის სამხედრო კავშირი, რომლის თანახმადაც ორივე მხარეს 20-20 ათასი კაცი უნდა გამოეყვანა საფრანგეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მხარეებმა ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფაც დაიწყეს და შეთანხმდნენ, რომ პრუსია ომის შემდეგ მიიღებდა ელზასს, ავსტრია კი ან გააფართოვებდა თავის სამფლობელოებს ბელგიაში, ან გაცვლიდა ბელგიას ბაიერნზე.
თავის მხრივ, ფრანგებმა პილნიცის დეკლარაცია და ავსტრია-პრუსიის კავშირი სავსებით სამართლიანად აღიქვეს საფრანგეთის საშინაო საქმეებში ჩარევად და დაიწყეს მზადება ომისათვის. ჟირონდისტულმა მთავრობამ მოსთხოვა ავსტრიის ახალ იმპერატორს ფრანც I-ს (ლეოპოლდ II 1792წ. მარტში მოულოდნელად მოკვდა) პრუსიასთან კავშირის გაწყვეტა, მაგრამ უარს წააწყდა და 20 აპრილს საფრანგეთმა იქით გამოუცხადა ომი ავსტრიასა და პრუსიას. დაიწყო რევოლუციური ომების პერიოდი. სულ მალე ბრაუნშვაიგის ჰერცოგმა, რომელიც სარდლობდა პრუსია-ავსტრიის გაერთიანებულ ჯარებს, ულტიმატუმი წარუყენა ფრანგებს და დაემუქრა მათ პარიზის აღებით, თუ ისინი არ აღადგენდნენ მეფის ხელისუფლებას. პასუხად პარიზში მეფე საერთოდ დაპატიმრებული იქნა და რესპუბლიკა გამოცხადდა (1792 წ. 10 აგვისტო), ხოლო ვალმის ბრძოლაში პრუსიელები და ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ და უკვე 1793 წ. დასაწყისისათვის ფრანგებმა ხელთ მნიშვნელოვანი ტერიტორიები იგდეს: სავოია, ნიცა, ბელგია, რაინის მარცხენა ნაპირი.
§3. საფრანგეთის რესპუბლიკის დიპლომატია და საერთაშორისო მდგომარეობა კონვენტისა და იაკობინელების დიქტატურის პერიოდში (1792-1794წწ.).
1793 წლის დასაწყისისათვის მიღწეული დიდი წარმატებების პერიოდში საფრანგეთს უკვე კონვენტი მართავდა, რომელშიც უმრავლესობა ჟირონდისტებს გააჩნდათ. სწორედ კონვენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც მკვეთრად შეცვალა ომის შემდგომი მსვლელობა და მნიშვნელოვნად გაართულა საფრანგეთის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა. ამის მიზეზი გახდა ლუი XVI-ის (ანუ როგორც მას რესპუბლიკის დროს უწოდებდნენ _ კაპეტის) სიკვდილით დასჯამ (1793 წ. 10 იანვარი). ამიერიდან უკვე მთელი ევროპა საბოლოოდ დაირაზმა საფრანგეთის წინააღმდეგ. ხოლო მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კონვენტმა ომი გამოუცხადა ინგლისს (1793 წ. 1 თებერვალი), ანტიფრანგული კოალიცია ოფიციალურად გაფორმებული იქნა. მასში შევიდნენ ინგლისი, ავსტრია, პრუსია, რუსეთი, ესპანეთი, ნიდერლანდი, სარდინია პიემონტითა და ნეაპოლით და რამდენიმე გერმანული სამთავრო. კოალიციის წევრებმა წინასწარ დაინაწილეს მომავალი ტერიტორიები, რომლებიც მათ უნდა დარჩენოდათ საფრანგეთზე გამარჯვების შემდეგ: პრუსიას უკვე ელზასის გარდა ლოთარინგიაც უნდა რგებოდა, ავსტრიას კი ძველ მოთხოვნებზე დამატებით ფრანგული ფლანდრია, არტუა და პიკარდია მდ. სომამდე სურდა, ინგლისს დიუნკერკზე ჰქონდა თვალი, ხოლო ესპანეთსა და სარდინიას ასევე ჰქონდათ გარკვეული იმედები, რომ საფრანგეთზე გამარჯვება მათ ტერიტორიულ გაფართოებას მოუტანდა. მიუხედავად ამისა, კოალიციის ზოგიერთ წევრს დამატებითი პრეტენზიები გააჩნდა უკვე საკუთარი მოკავშირეების წინააღმდეგაც. ავსტრიას სურდა ხელთ ეგდო ბავარია, მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო პრუსია. ავსტრიელებმა მაშინ გადაწყვიტეს პოლონეთის ხარჯზე დაეკმაყოფილებინათ პრუსია, რათა მას წინააღმდეგობა არ გაეწია ბავარიის საკითხში. 1793 წ. იანვარში პოლონეთი მეორეჯერ იქნა დაყოფილი და რუსეთმა და პრუსიამ მნიშვნელოვანი დივიდენდები მიიღეს. შედეგად ანტიფრანგული კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგანაც მოიხსნა შინაგანი წინააღმდეგობები.
კოალიციამ თავდაპირველად მიაღწია კიდეც წარმატებას. 1793 წ. მარტში ავსტრიელებმა კვლავ დაიკავეს ბელგია, პრუსიელებმა ხელთ იგდეს რაინის მარცხენა სანაპირო და უცხოური არმიები კვლავ შემოვიდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე. საფრანგეთს მოუწია რამდენიმე ფრონტზე ერთად ბრძოლა, თუმცა ამას არ შეურყევია ფრანგების რწმენა საბოლოო გამარჯვებაში (ცნობილია ფაქტი, რომ როდესაც კონვენტში მოვიდა ცნობა ესპანეთის მიერ საფრანგეთისათვის ომის გამოცხადების შესახებ, დეპუტატმა ბარერმა განაცხადა: კიდევ ერთი მტერი, კიდევ ერთი მიზეზი გამარჯვებისათვის). შექმნილ მძიმე მდგომარეობაში გამოსავლად იქნა ჩათვლილი ეროვნული ხსნის კომიტეტის დაფუძნება (1793 წ. 6 აპრილი). ამ კომიტეტში საგარეო საქმეებს განაგებდნენ დანტონი და ბარერი. მაგრამ მალე პარიზში მოხდა გადატრიალება, რომლის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ იაკობინელები (1793 წ. 2 ივნისი). მართალია, დანტონი ინარჩუნებდა თავის პოზიციებს, მაგრამ ცოტა ხანში რობესპიერს და მას შორის უთანხმოებები დაიწყო. დანტონი ცდილობდა როგორმე დიპლომატიური გზით დაეშალა ანტიფრანგული კოალიცია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
1793 წ. მეორე ნახევარში საფრანგეთის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამის მიზეზი გახდა ინგლისელების მიერ ინსპირირებული აჯანყება ვანდეაში, რასაც დაერთო ინგლისელთა ინტერვენცია და ტულონის აღება. მაგრამ 1793 წ. მიწურულს ფრანგებმა კვლავ ხელთ იგდეს ინიციატივა და ყველა მტერი განდევნეს საფრანგეთის ტერიტორიიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ტულონის აღება, რომლის დროსაც თავი გამოიჩინა ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტმა, რისთვისაც გენერლის ჩინი მიიღო. 1794 წ. ზაფხულში კი ფრანგებმა ფლერიუსთან სასტიკად დაამარცხეს მოწინააღმდეგე და ბელგია დაიბრუნეს. ომში ახალი ეტაპი დადგა, თუმცა ამასობაში პარიზში ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეიცვალა. რობესპიერის რეჟიმი დამხობილი იქნა და მას თავი მოჰკვეთეს. ძალაუფლებაში მოვიდნენ ე.წ. თერმიდორიანელები.
§4. საფრანგეთის დიპლომატია თერმიდორიანელებისა და დირექტორიის მმართველობის პერიოდში (1794-1799 წწ.).
1794 წ. ფრანგებმა იმდენად დიდი წარმატებები მოიპოვეს, რომ კოალიციამ დაშლა დაიწყო. 1794 წ. ნოემბრიდან დაიწყო მოლაპარაკებები პრუსიასთან და 1795 წ. 2 აპრილს ბაზელში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით პრუსია გამოვიდა ომიდან, ხოლო საფრანგეთმა მიიღო რაინის მარცხენა ნაპირი. ჩრდილოეთ გერმანია ნეიტრალურად გამოცხადდა. მაისში დაიდო ზავი ჰოლანდიასთან, რომელიც იქცა საფრანგეთზე დამოკიდებულ ბატავიის რესპუბლიკად. 22 ივლისს ბაზელში დაიდო ზავი ესპანეთთანაც, რომელმაც დაკარგა ტერიტორიის ნაწილი პირენეებში და იკისრა კონტრიბუცია. ყოველივე ამან აიძულა რუსეთის, ინგლისისა და ავსტრიის ხელმძღვანელობა, დაედოთ ახალი კავშირი 1795 წ. რუსეთმა 60-ათასიანი კორპუსის გამოყვანა ითავა, მაგრამ ეკატერინე II-ის სიკვდილმა 1796 წ. ჩაშალა რუსეთის ომში პირდაპირ ჩაბმა.
1795 წ. საფრანგეთში დამყარებული იქნა დირექტორიის რეჟიმი, რომელმაც განახორციელა ცვლილებები საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. დირექტორიამ აღადგინა საგარეო საქმეთა სამინისტრო (თავის დროზე ის გააუქმა კონვენტმა), თუმცა ეს ნაწილობრივი აქტი აღმოჩნდა. მინისტრს არანირი პოლიტიკური გავლენა თავდაპირველად არ გააჩნდა და ყველაფერს გენერლები წყვეტდნენ. ისინი დირექტორიასთან შეთანხმების გარეშე აწერდნენ ხელს საზავო ხელშეკრულებებს და თითქმის ყველა დიპლომატიურ აქტს. ერთადერთი დიპლომატიური გამარჯვება, რომელსაც მიაღწია საკუთრივ დირექტორიამ, იყო კავშირის დადება ესპანეთთან 1796 წ.
ამასობაში ინგლისიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ომი ქვეყანაში უკვე არაპოპულარულად ითვლებოდა, მაგრამ პიტი მაინც საჭიროდ თვლიდა მის გაგრძელებას. იმისათვის, რომ ამას არ ემოქმედა მის იმიჯზე და არ შეეშალა ხელი არჩევნებში გამარჯვებისათვის, 1796წ. შემოდგომაზე მან პარიზში გააგზავნა ლორდი მალმსბერი საზავო მოლაპარაკებების საწარმოებლად, თუმცა სინამდვილეში არც ინგლისისა და არც საფრანგეთის მთავრობებს ზავის დადება არ სურდათ, ამიტომ ყველანაირად ცდილობდნენ მოლაპარაკებების გაჯანჯლებას, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. 1796 წლის დეკემბერში მოლაპარაკებები შეწყდა და მალმსბერი ლონდონში დაბრუნდა.
1797 წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა უნიჭიერესი დიპლომატი და უდიდესი თაღლითი შარლ-მორის ტალეირანი. ტალეირანის დროს თითქმის ყველა საქმე წყდებოდა ძალიან იოლად _ ფულის დახმარებით. ამავე დროს ის ნათლად ხვდებოდა, რომ დირექტორიის რეჟიმი დიდხანს არ გასტანდა. ის თვლიდა, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა სამხედრო პირი და დროულად დაიწყო კონტაქტების გაბმა ნაპოლეონთან, რომლის ვარსკვლავი ამ დროს ხელახლა ამობრწყინდა იტალიური ლაშქრობის შედეგად.
§5. ნაპოლეონ ბონაპარტის დიპლომატია იტალიაში 1796-1797 წლების ლაშქრობის დროს. კამპო-ფორმიოს ზავი.
1796-1797 წლებში ანტიფრანგულ კოალიციას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელმაც თავისი იტალიური ლაშქრობისას (1796-1797 წწ.) ავსტრიელთა ყველა არმია გაანადგურა, რომელიც კი მის წინააღმდეგ გამოგზავნეს. სამხედრო ნიჭის გარდა, მან დიპლომატიური უნარიც გამოამჟღავნა. ლაშქრობის პერიოდში მან განსაზღვრა, რომ საჭირო იყო მოწინააღმდეგი ძალების დაქუცმაცება და 1796 წ. აპრილშივე აიძულა პიემონტის სამეფო, სეპარატული ზავი დაედო მასთან (28 აპრილი. საბოლოო ზავი დაიდო პარიზში 1796 წ. 15 მაისს). ამ ზავის თანახმად, პიემონტის მეფე ვიქტორ-ამადეი იძულებული გახდა, დაეთმო საფრანგეთისათვის ნიცა, სავოია, ორი საუკეთესო ციხე-სიმაგრე, გარკვეული შესწორებები მიეღო საზღვარზე (რასაკვირველია, საფრანგეთის სასარგებლოდ), აეღო ვალდებულება საფრანგეთის არმიის პროვიანტით მომარაგებაზე და თავის ტერიტორიაზე მხოლოდ ფრანგული ჯარების გატარებაზე. ეს ნაპოლეონის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იყო.
1796-97 წლებში ნაპოლეონმა იმდენი მარცხი აგემა ავსტრიელებს, რომ მათ, ბოლოსდაბოლოს, ჯარებიც კი არ დარჩათ მის წინააღმდეგ გამოსაგზავნად. მაშინ მათ მოლაპარაკებებზე წასვლა გადაწყვიტეს. 1797 წ. აპრილში დაიდო ლეობენის დაზავება, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავდა. შემდგომში ზავის პირობების დასადგენად ნაპოლეონთა მოსალაპარაკებლად გამოგზავნილი იქნა იმპერიის საუკეთესო დიპლომატი გრაფი კობენცლი. სწორედ აქ გამომჟღავნდა ნაპოლეონის დიდი დიპლომატიური ნიჭი. კობენცლი წერდა იმპერატორ ფრანც I-ს, რომ მას არასდროს შეხვედრია ასეთი მეწვრილმანე და უსინდისო ადამიანი. საქმე იმაში იყო, რომ ნაპოლეონი თავისთვის მნიშვნელოვან პუნქტებში არანაირ დათმობებზე არ მიდიოდა. მოლაპარაკებები გაჭიანურდა. ავსტრიელები არ თმობდნენ პოზიციებს და მაშინ ნაპოლეონმა ბრწყინვალე დიპლომატიური ნაბიჯით მიაღწია წარმატებას. მან მოულოდნელად გაითამაშა გაცოფების სცენა და დაამსხვრია ძვირფასი სერვიზი, რომელიც კობენცლისათვის ეკატერინე II-ს ჰქონდა ნაჩუქარი და დაემუქრა, რომ უმალ დასძრავდა არმიას ვენისაკენ, რომელიც ფაქტობრივად დაუცველი იყო. კობენცლს იმდენად შეეშინდა, რომ მეორე დღეს სასწრაფოდ დათანხმდა ნაპოლეონის ყველა მოთხოვნას და დაიდო ზავი (1797 წ. 17 ოქტომბერი), რომელმაც კამპო-ფორმიოს ზავის სახელწოდება მიიღო (მიუხედავად ამგვარი სახელწოდებისა, ზავი სინამდვილეში გაფორმდა პასარიანოში, ნაპოლეონის შტაბ-ბინაში. გარდა პასარიანოსი, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე უდინეში, სადაც კობენცლი იყო დაბინავებული. კამპო-ფორმიო იყო პასარიანოსა და უდინეს შორის, ამიტომაც ის იქნა შერჩეული ზავის გასაფორმებლად, მაგრამ რადგანაც კობენცლს ძალიან ეჩქარებოდა და კამპო-ფორმიოში არც ერთი ნორმალური შენობა არ იდგა, ცერემონია პასარიანოშივე შედგა). ამ ზავის თანახმად ავსტრიამ ბელგიის სანაცვლოდ მიიღო ვენეცია, ისტრია და დალმაცია, ხოლო საფრანგეთმა მიიღო პიემონტი, სადაც დამხობილი იქნა სავოელთა დინასტია, იონიის კ-ბი და ბელგია. გარდა ამისა, ნაპოლეონის მოთხოვნით ლომბარდია იქცა ცისალპურ რესპუბლიკად, გენუა _ ლიგურიის რესპუბლიკად, ხოლო ნეაპოლსა და რომში ფრანგული ჯარები დადგნენ. ფაქტობრივად მთელი ეს ტერიტორია საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა. საგანგებო მუხლით ავსტრიელებმა გაათავისუფლეს მარკიზი დე ლაფაიეტი, რომელიც 1792 წლიდან პატიმრობაში ჰყავდათ.
§6. ნაპოლეონის დიპლომატია ეგვიპტესა და სირიაში ლაშქრობის დროს.
ბუნებრივია, საფრანგეთის ეს წარმატებები მის წინააღმდეგ ახალი ქვეყნების გამოსვლას უწყობდა ხელს. 1798 წ. მიწურულსა და 1799 წ. დასაწყისში გაფორმდა მეორე ანტიფრანგული კოალიცია, რომელშიც შევიდნენ ინგლისი, ავსტრია, რუსეთი, თურქეთი და ნეაპოლის სამეფო. თურქეთის ჩაბმა ანტიფრანგულ კოალიციაში გამოწვეული იყო ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობით. რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს სურდა მალტის მიღება, ავსტრიას კი _ თავისი ძველი პოზიციების აღდგენა. თურქეთთან კავშირის წყალობით, 1799 წ. რუსული ფლოტი ადმირალ უშაკოვის ხელმძღვანელობით გავიდა შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში და რუსულ არმიასთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა სუვოროვი და რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა იტალიაში, მოახერხა საკმაოდ დიდი პრობლემების შექმნა ფრანგებისათვის. მაგრამ შემდეგ ავსტრიელებსა და რუსებს შორის ჩამოვარდა უთანხმოება და სუვოროვი იძულებული გახდა შვეიცარიაში გადასულიყო, რომლის დატოვებაც მას უკვე ფრანგების შეტევების შედეგად მოუხდა.
მთელი ეს პერიოდი ნაპოლეონი იმყოფებოდა ეგვიპტესა და სირიაში. მას ინგლისისათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენება ინდოეთში სურდა და სწორედ ინდოეთზე აპირებდა გალაშქრებას. პირამიდებთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ (1798 წ. 20 ივლისი) მან ეგვიპტე მართლაც იგდო ხელთ და გაილაშქრა სირიაზე. მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, რადგანაც 1798 წ. 1 აგვისტოს აბუკირთან ადმირალმა ნელსონმა მთლიანად გაანადგურა მისი ფლოტი და ნაპოლეონს უკვე არ შეეძლო კავშირის დამყარება საფრანგეთთან. შედეგად, მან ვერ აიღო სენ-ჟან დ’აკრი (აკრა) და უკან ექნა მოსაბრუნებელი ეგვიპტეში. მართალია, მალე მან გაიმარჯვა თურქებზე, მაგრამ შემდეგ მას ხელში ჩაუვარდა გაზეთი, საიდანაც შეიტყო სუვოროვის წარმატებების შესახებ და სასწრაფოდ დაბრუნდა საფრანგეთში (მისი ოდისეა 49 დღეს გაგრძელდა, მაშინ როდესაც ამ გზის დაფარვა ხომალდს სამ დღეშიც შეეძლო. ამის მიზეზი ნელსონი იყო, რომელმაც შეიტყო ნაპოლეონის გამოსვლის ამბავი და ნადირობა გამოაცხადა მასზე). ნაპოლეონის დაბრუნებამ საფრანგეთის მდგომარეობა ფრანგებისათვის მეტად ხელსაყრელად შეცვალა. სულ მალე მან ხელთ იგდო ძალაუფლება, რის შემდეგაც შეუტია ავსტრიელებს იტალიაში.
ეგვიპტეში ყოფნისას ნაპოლეონი მრავალმხრივ მეთოდებს იყენებდა, რათა ქვეყანა მორჩილებაში ჰყოლოდა. ის ახამებდა უკიდურეს სისასტიკეს (მოწინააღმდეგეების გაჟლეტა) დაჯილდოების პოლიტიკასთან. მან სცადა ფელაჰების (არაბი გლეხები) მომხრობა მათთვის მიწის გადაცემით, მაგრამ ფელაჰები ფრანგი გლეხებისაგან გასხვავდებოდნენ და ვერაფერი გაიგეს ამ წყალობის. ამავე დროს მოსახლეობის დამშვიდების მიზნით მან დაიწყო დეკლარაციის გავრცელება, რომელშიც ის აცხადებდა, რომ ისლამის მომხრე იყო (ამის გამო შემდგომში რუსეთის სინოდმა ის ანტიქრისტედ შერაცხა). მიუხედავად ამისა, ნაპოლეონის მმართველობა ეგვიპტეში მხოლოდ მანამ იყო მყარი, სანამ ის იმყოფებოდა. მისი წასვლისა და შემცვლელად დატოვებული გენერალ კლებერის სიკვდილის შემდეგ კი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და ფრანგები უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. მხოლოდ ამიენის ზავით შეძლო ნაპოლეონმა ეხსნა გადარჩენილი ნაწილები და გადმოაყვანინა ისინი საფრანგეთში ინგლისელებს.
§7. ნაპოლეონი და II კოალიცია. ლიუნევილისა და ამიენის ზავები.
ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ნაპოლეონმა კვლავ შეუტია ავსტრიელებს იტალიაში და სასტიკად დაამარცხა ისინი მარენგოსთან (1800 წ. 14 ივნისი), ხოლო მოროს მიერ იმავე წლის დეკემბერში გოგენლინდენთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ აიძულა ავსტრია ხელი მოეწერა ლუნევილის ზავისათვის (1801წ. 9 თებერვალი). ამ ზავით საფრანგეთმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ბელგია და რაინის მარცხენა ნაპირი, ცისალპური რესპუბლიკა კი იქცა იტალიურ რესპუბლიკად. ავსტრიამ დაკარგა თავისი სამფლობელოები ტოსკანაში (ნეაპოლელ ბურბონებთან იმავე წელს დაიდო ზავი ფლორენციაში და ტოსკანის დიდი საჰერცოგო საფრანგეთისათვის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო თავად ჰერცოგმა კომპენსაცია გერმანიაში მიიღო). ავსტრიამ სცნო იტალიური (ცისალპური), ლიგურიის, ბატავიის და ჰელვეციის რესპუბლიკები, თავად კი მიიღო ტრენტოსა და ბრესანონეს (ბრიქსენის) საეპისკოპოსოები.
ავსტრიასთან ზავის დადების მომანტისათვის ნაპოლეონს პრაქტიკულად ჩამოცილებული ჰყავდა კოალიციისათვის რუსეთი. ნაპოლეონმა უაღრესად დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და 1800 წ. პავლე I-ს გაუგზავნა წერილი და განუცხადა, რომ დაუბრუნებდა მას რუს ტყვეებს, რომლებიც 1799 წ. კამპანიის დროს _ კორსაკოვის კორპუსის განადგურების შემდეგ აღმოჩნდნენ ფრანგების ხელში. პავლემ პარიზში გააგზავნა გენერალი სპრენგპორტენი. სპრენგპორტენის პარიზში ჩასვლისას (1800 წ. დეკემბერი) გაირკვა, რომ ნაპოლეონი არათუ უბრალოდ აბრუნებდა ტყვეებს (6ათ. ჯარისკაცი), არამედ მათთვის ახალი მუნდირებიც კი მიუცია და იარაღი დაუბრუნებია. პავლე I იმდენად აღფრთოვანებული დარჩა ნაპოლეონის საქციელით და აგრეთვე ამ უკანასკნელის შეთავაზებით მოეწყოთ ლაშქრობა ინდოეთისაკენ, რომ პრაქტიკულად გაწყვიტა ყველა კავშირი ინგლისთან და საფრანგეთთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირზე აიღო გეზი. ამან აიძულა ინგლისი, მიემართა მკვეთრი ზომებისათვის და მოეწყო შეთქმულებები ნაპოლეონისა და პავლეს წინააღმდეგ. ნაპოლეონის მოკვლა ვერ მოხერხდა, პავლეს კი იმდენად გადამტერებული ჰყავდა ყველა საკუთარ სამეფო კარზე, რომ მისი შვილი ალექსანდრეც კი ჩაება შეთქმულებაში და 1801 წ. მარტში რუსეთის იმპერატორი საკუთარ სასახლეში მოკლეს (ნაპოლეონმა ამ ამბის გაგონებისას თქვა: ინგლისელებმა მე სენ-ნიკეზის ქუჩაზე ამაცილეს, მაგრამ პეტერბურგში მომარტყესო). მიუხედავად ამისა, ალექსანდრე I-მა მაინც გააფორმა ზავიც და საიდუმლო კონვენციაც საფრანგეთთან. ნაპოლეონმა აღუთქვა რუსეთს, რომ ხელს არ ახლებდა მომავალში ნეაპოლელ ბურბონებს, ცნობდა უშაკოვის მიერ შექმნილ „7 კუნძულის რესპუბლიკას“ იონიის კ-ბზე და აპირებდა რუსეთთან ერთად ზღვების თავისუფლების უზრუნველყოფას. მცირე ხანში ნაპოლეონმა ზავი გააფორმა თურქეთთან და დაუბრუნა მას ეგვიპტე, ხოლო 1802 წ. 27 მარტს ხელი მოაწერა სზავო ხელშეკრულებას ინგლისთან (ამიენის ზავი). ზავის დადება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პიტი გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, ახალი პრემიერი ადინგტონი კი კარგად გრძნობდა ზავის დადების აუცილებლობას. ამიენის ზავის თანახმად, ინგლისმა პრაქტიკულად სცნო საფრანგეთის კუთვნილებად 1792წ. შემდეგ მოპოვებული ყველა ტერიტორიული შენაძენი _ ბელგია და რაინის მარცხენა ნაპირი, ბატავიისა და იტალიური რესპუბლიკები (ყოველივე ეს არ იყო ჩაწერილი ტექსტში, მაგრამ იგულისხმებოდა ხელშეკრულების დადებით). გარდა ამისა, ინგლისმა საფრანგეთსა და მის მოკავშირეებს _ ესპანეთი და ბატავიის რესპუბლიკა _ დაუბრუნა ომის დროს დაკავებული ყველა კოლონია ტრინიდადის, ტობაგოს და ცეილონის გარდა, სცნო „7 კუნძულის რესპუბლიკა“ და აიღო ვალდებულება მალტის დაცლისა და ფრანგი ჯარისკაცების ეგვიპტიდან საფრანგეთში გადაყვანის შესახებ. თავის მხრივ, ნაპოლეონმა განაცხადა თანხმობა ნეაპოლიდან, რომიდან და კ. ელბადან ჯარების გამოყვანის შესახებ.
ამიენის ზავი თითქოს წარმოადგენდა ნაპოლეონის უდიდეს წარმატებას. მთავარმა მოწინააღმდეგემ სცნო საფრანგეთის ახალი მთავრობა და თითქოს ევროპაშიც ხანგრძლივი ზავი უნდა დამყარებულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამის მიზეზი ისევ და ისევ ინგლისელები აღმოჩნდნენ.
§8. მე-3 ანტიფრანგული კოალიციის შექმნა და მისი განადგურება ნაპოლეონის მიერ. პრესბურგის ზავი.
როგორც ცოტა ხანში გაირკვა, ინგლისელები სულაც არ აპირებდნენ ამიენის ზავის პირობების შესრულებას. ისინი აჯანჯლებდნენ მალტის დაცლას, რის სანაცვლოდაც 1802წ. აგვისტოში ნაპოლეონმა საფრანგეთს შეუერთა კ. ელბა, ხოლო შემოდგომაზე _ პიემონტი და პარმა. 1802წ. ოქტომბერში ფრანგულმა ნაწილებმა მოახდინეს შვეიცარიის ოკუპაცია და აქციეს ის ჰელვეციის რესპუბლიკად. ამავე დროს იზრდებოდა ფრანგების გავლენა სამხრეთგერმანნულ სახელმწიფოებზე, რის შედეგადაც ბაიერნი, ვიურტემბერგი, ბადენი და ჰესენი გადაიქცნენ საფრანგეთის ვასალებად. ნაპოლეონი ეუბნებოდა ინგლისელებს, რომ მალტის დაცლის შემდეგ ის დაიცავდა ამიენის ზავის პირობებს, მაგრამ ინგლისელებს მალტა არ ეთმობოდათ და 1803 წ. 22 მაისს ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის განახლდა. ინგლისელებმა დაიწყეს ფრანგული პორტების ბლოკდა და ფრანგული და ჰოლანდიური გემების ხელში ჩაგდება. ინგლისმა ახალი კოალიციის მზადება დაიწყო და რუსეთთან ურთიერთობები განამტკიცა. ალექსანდრე ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ 1804 წ. მარტში ბურბონების გვერდით შტოს წარმომადგენლის ენგიენის ჰერცოგის დახვრეტისა და ტალეირანის (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) მეტად უხეში წერილის შემდეგ (ტალეირანმა ალექსანდრეს მისწერა, რომ ფრანგებმა უბრალოდ დაიჭირეს ნაპოლეონის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე და სიკვდილით დასაჯეს და ჰკითხა ალექსანდრეს, როგორ მოიქცეოდა ის ანალოგიურ სიტუაციაში, ანუ რომ სცოდნოდა პავლე I-ის შესაძლო მკვლელების რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ ერთ ლიეში ყოფნის შესახებ). ალექსანდრემ ეს წერილი სამუდამოდ დაუმახსოვრა ნაპოლეონს, რომელმაც ამ წერილის ვიზირება მოახდინა და 1805 წ. 11 აპრილს ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას ინგლისთან. კავშირი მიზნად ისახავდა საფრანგეთის ძველ საზღვრებში მოქცევას და ფრანგული ჯარებისაგან იტალიის, ჰანოვერის (ინგლისის მეფეების ეს სამფლობელო ნა¬პო¬ლეონმა ინგლისთან ომის განახლების შემდეგ დაიკავა.), ჩრდილოეთ გერმანიის, ჰოლანდიისა და შვეიცარიის დაცლას. ამასობაში კი ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა (1804 წ. 18 მაისი) და მოკლე ხანში იტალიის მეფის ტიტულიც მიიღო (1805 წ. 18 მარტი), რის შემდეგაც საფრანგეთს მიუერთა გენუა და ლუკა (საყურადღებოა ის გარემოება, თუ როგორ მიიღო მან იმპერატორის ტიტული. პაპმა პიუს VII-მ სცადა დაეხურა გვირგვინი ნაპოლეონისათვის, მაგრამ ნაპოლეონმა მას ხელიდან წაგლიჯა გვირგვინი და თავად დაიხურა თავზე. როგორც ჩანს, ნაპოლეონმა კარგად იცოდა კარლოს დიდის იმპერატორად კურთხევის ამბავი და თავიდან აირიდა შემდგომში პაპობის პრეტენზიების გაჩენის შესაძლებლობა.). ამის შემდეგ ინგლის-რუსეთის კავშირს უკვე ავსტრიაც შეუერთდა (1805 წ. აგვისტო). კოალიციას ოფიციალურად არ შეერთებიან შვედეთი, დანია და ორივე სიცილიის სამეფო, მაგრამ ისინი აშკარად თანაუგრძნობდნენ მას. კოალიციას შეუერთდა თურქეთი, რომელმაც სპეციალური ხელშეკრულებით (1805 წ. 23 სექტემბერი) რუსეთს მისცა ბოსფორსა და დარ-დანელის სრუტეებში სამხედრო გემების თავისუფლად გაყვანის უფლება. ნაპოლეონის წინააღმდეგ ფაქტობრივად მთელი ევროპა შეიყარა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მას, რომ მესამე კოალიცია პირწმინდად გაენადგურებინა. აუსტერლიცის ბრძოლის (1805 წ. 2 დეკემბერი) მოგებით მან ფაქტობრივად გამოთიშა ომიდან ავსტრია, რომლის იმპერატორმა ფრანც I-მა 26 დეკემბერს პრესბურგში (ბრატისლავა) ხელი მოაწერა ზავს. პრესბურგის ზავით ავსტრიამ სცნო ფრანგების ყველა ტერიტორიული შენაძენი დასავლეთ ევროპაში, გადასცა ნაპოლეონს (როგორც იტალიის მეფეს) ვენეციის ავსტრიული ნაწილი, ისტრია და დალმაცია, ნაპოლეონის გერმანელ მოკავშირეებს დაუთმო ტიროლი და მთელი რიგი სხვა ოლქები, ნეაპოლის ტახტი მიიღო ჟოზეფ ბონაპარტმა (ნაპოლეონის უფროსი ძმა) და აიღო ვალდებულება 40 მილიონიანი კონტრიბუციის გადახდაზე. მცირე ხანში ფრანც I-მა გამოაცხადა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის არსებობის შეწყვეტა (1806 წ. 6 აგვისტო). ამას წინ უძღოდა ნაპოლეონის მიერ 18 გერმანული სამთავროსაგან „რაინის კავშირის“ შექმნა (1806 წ. 12 ივლისი), რომლის სათავეშიც თავად იმპერატორი ჩადგა.
§9. ნაპოლეონი და მე-4 კოალიცია. პრუსიის განადგურება. დეკრეტი კონტინენტალური ბლოკადის შესახებ.
მე-3 კოალიციის განადგურებით ბრძოლა ევროპაში არ შეწყვეტილა. მალე შეიქმნა მე-4 კოალიცია, რომელშიც შევიდნენ ინგლისი, პრუსია, რუსეთი და შვედეთი. თურქეთი უკვე არ იყო კოალიციის წევრი, რადგანაც 1806 წ. საფრანგეთმა შეძლო თურქეთთან ურთიერთობების მოგვარება. მე-4 კოალიციის ძირითადი მონაწილეები ფაქტობრივად რუსეთი და პრუსია იყვნენ. თუ რუსეთის ეს პოზიცია გასაკვირი არც იყო, პრუსიის მდგომარეობა ოდნავ სხვანაირი გახლდათ. პრუსია მანამდე თავს იკავებდა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისაგან. მართალია, 1805 წ. ოქტომბერში პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III, მისი მეუღლე დედოფალი ლუიზა და რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ერთად ჩავიდნენ პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის აკლდამაში და ერთმანეთს შეჰფიცეს სამუდამო მეგობრობა, მაგრამ პრუსიამ სულაც არ ჩათვალა საჭიროდ ომში ჩაბმა. უფრო მეტიც, პრუსიის წარგზავნილმა ჰაუგვიცმა სპეციალურად დაიგვიანა და მხოლოდ აუსტერლიცის ბრძოლის დამთავრების შემდეგ მივიდა ნაპოლეონთან და მიულოცა გამარჯვება. ნაპოლეონი სულაც არ მოტყუებულა პრუსიელი დიპლომატის ამ სიტყვებით და შენიშნა: „ფორტუნა შეცვალა თქვენი მილოცვების ადრესატი“. მან აღუთქვა შენდობა პრუსიელებს, ოღონდ იმ პირობით რომ პრუსია გააფორმებდა კავშირს საფრანგეთთან. ამ ხელშეკრულების თანახმად პრუსიას ბაიერნისთვის უნდა გადაეცა ანშპახი, ხოლო საფრანგეთისათვის _ ნევშატელი და კლევე, სამაგიეროდ კი საფრანგეთს უნდა გადაეცა პრუსიისათვის ჰანოვერი. 1805 წ. 15 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საფრანგეთსა და პრუსიას შორის, მაგრამ ეს კავშირი უდღეური გამოდგა, თუმცა ნაპოლეონს არც მისი დადების მომენტში გააჩნდა ილუზიები.
1806 წ. ზაფხულში პრუსიის მეფემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან კავშირის დადებაზე, რასაც მას უბიძგა ცნობებმა პარიზიდან, სადაც ამ დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ინგლისსა და საფრანგეთს შორის. ფრიდრიხ-ვილჰელმმა მიიღო ცნობა, რომ ფრანგები ინგლისისათვის ჰანოვერის დაბრუნებას აპირებდნენ. შედეგად 1 ივლისს ხელი მოეწერა საიდუმლო დეკლარაციას, რომლითაც ფრიდრიხ-ვილჰელმი პირობას დებდა, რომ არასდროს შეუერთდებოდა საფრანგეთს. 1806 წ. 1 ოქტომბერს პრუსიის მეფემ ულტიმატუმი წაუყენა საფრანგეთს და მოსთხოვა ნაპოლეონს 10-დღიან ვადაში გაეყვანა ფრანგული ჯარები რაინს მიღმა. ამას პასუხად მოყვა ნაპოლეონის მხრიდან ჩრდილოეთ ბავარიიდან ტიურინგიაში შეჭრა. ნაპოლეონმა პრუსია 2 კვირაში გაანადგურა (გადამწყვეტი ბრძოლები ერთი და იმავე დღეს _ 1806 წ. 14 ოქტომბერს შედგა იენასა და აუერშტედტთან.), რის შემდეგაც 1806 წ. 21 ნოემბერს ნაპოლეონმა ბერლინში ხელი მოაწერა დეკრეტს კონტინენტური ბლოკადის შესახებ. ამ დოკუმენტით ის უკრძალავდა მის მფლობელობაში ან მფარველობაში მყოფ ქვეყნებს ინგლისთან რაიმე სავაჭრო ურთიერთობების ქონას. თვით ნეიტრალური სახელმწიფოების გემებს ეკრძალებოდათ ინგლისის პორტებში შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ უნდა შეეშვათ კონტინენტურ პორტებში. ამავე დროს უნდა მომხდარიყო ინგლისური საქონლის კონფისკაცია და ინგლისელი მოქალაქეების დაპატიმრება. ამით ნაპოლეონი ფაქტობრივად მთელ ევროპაში უკეტავდა გზას ინგლისს. დარჩენილი იყო მხოლოდ რუსეთი, მაგრამ 1807 წ. ნაპოლეონმა დაამარცხა რუსული არმია ფრიდლანდთან (14 ივნისი) და აიძულა ალექსანდრე I ტილზიტში შეხვედროდა მას და დაედო ზავი.
§10. ნაპოლეონი და რუსეთი. ტილზიტის ზავი.
ტილზიტის შეხვედრა ფორმალურად თანასწორუფლებიან პარტნიორთა შეხვედრა იყო. მხარეები ერთმანეთს სასაზღვრო მდინარის შუაგულში ტივზე ეთათბირებოდნენ. შეხვედრა დაიწყო 1807წ. 25 ივნისს. ნაპოლეონი ძალიან კარგად შეხვდა ალექსანდრეს და მიმართა მას სიტყვებით: „რის გამო ვომობთ ჩვენ?“ ამის პასუხად ალექსანდრემ განაცხადა, რომ ის ისეთივე მოწინააღმდეგე იყო ინგლისის, როგორც ნაპოლეონი. ნაპოლეონის პასუხმაც არ დააყოვნა: „მაშინ ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს და ზავი დაიდოს“. მხარეები მდივნების გარეშე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რაც ნაპოლეონის იდეა იყო (მან შესთავაზა ალექსანდრეს ერთმანეთისათვის მდივნობა თავად გაეწიათ.). ტილზიტში იმყოფებოდა ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ც, მაგრამ ის ნაპოლეონმა ახლოსაც არ გაიკარა პირველ დღეს. მეორე დღეს, ალექსანდრეს თხოვნით, პრუსიის მეფე დაუშვეს შეხვედრაზე, მაგრამ ნაპოლეონი მას ზედაც არ უყურებდა და სადილზე არ მიიწვია. საერთოდ, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა პრუსიის პრობლემა. ნაპოლეონი მოითხოვდა პრუსიის უბრალოდ გაყოფას: ტერიტორიას მდ. ვისლას აღმოსავლეთით წაიღებდა რუსეთი, დასავლეთით კი _ საფრანგეთი. ნაპოლეონს სურდა ჰოჰენცოლერნთა დინასტიის პირისაგან მიწისა აღგვა, მაგრამ ალექსანდრე ამას წინ აღუდგა (როგორც ჩანს, მან კარგად იგრძნო, რომ მალე შეიძლებოდა დღის წესრიგში უკვე რომანოვების დინასტიის საკითხი დამდგარიყო.). შედეგად, ტილზიტში საფრანგეთმა და რუსეთმა გაიყვეს პრუსიის მიწები, ხოლო ფრიდრიხ-ვილჰელმ III-ს ქვეყნის ძველი ტერიტორიის ნახევარი დაუტოვეს. ამავდროულად პრუსიას ჩამოაცილეს პოლონური მიწები და შეიქმნა ვარშავის საჰერცოგო, რომელიც გადავიდა საფრანგეთის მფლობელობაში, ხოლო რუსეთმა დაამრგვალა თავისი ოლქი ბელოსტოკის ოლქით (თავდაპირველად ნაპოლეონს მიწების ვისლაზე გაყოფა სურდა, მაგრამ ალექსანდრემ საჭიროდ არ ჩათვალა თავისთვის ამდენი ტერიტორიის მიღება, რაც ძლიერ გაანაწყენებდა მომავალში პრუსიას და უარი თქვა ამ ვარიანტზე.). ყოველივე ეს აისახა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტში (4, 5, და 9 მუხლები). რუსეთმა დაუთმო ნაპოლეონს იონიის კ-ბი და კატაროს ყურე (ხელშეკრულების 1 და 2 ცალკე და საიდუმლო მუხლები) და დათანხმდა კონ-ტინენტურ ბლოკადაში მონაწილეობაზე. შეხვედრის ბოლოს ტილზიტში ხელმოწერილი იქნა საფრანგეთ-პრუსიის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც პრუსიამ სცნო ტილზიტში მიღებული გადაწყვეტილებები და, გარდა ამისა, იკისრა უზარმაზარი კონტრიბუცია. აქვე ნაპოლეონმა აღუთქვა ალექსანდრე I-ს, რომ არ მოითხოვდა მოლდავეთსა და ვალახეთიდან რუსული ნაწილების გაყვანას. ეს ნიშნავდა რუსეთის მხარდაჭერას თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა ნაპოლეონს სულაც არ სურდა რუსეთის ბალკანეთში გაძლიერება. საბოლოო დოკუმენტში მაინც დაფიქსირდა, რომ რუსეთს უნდა გამოეყვანა ჯარები მოლდავეთსა და ვალახეთიდან.
რუსეთ-საფრანგეთის ზავის ხელმოწერის შემდეგ დაიდო ზავი საფრანგეთსა და პრუსიას შორის (9 ივლისი). ტილზიტის ზავით პრუსიამ დაკარგა ელბისმიღმა, დასავლეთი და პოლონური სამფლობელოები, რის შედეგადაც მისი ტერიტორია და მოსახლეობა პრაქტიკულად განახევრდა. გარდა ამისა, პრუსიას დაევალა კონტინენტურ ბლოკადაში მონაწილეობა და უზარმაზარი კონტრიბუციის გადახდა.
§11. საერთაშორისო ურთიერთობები 1807-1809 წლებში. ნაპოლეონის მიერ მე-5 კოალიციის განადგურება. შენბრუნის ზავი.
ტილზიტის შეხვედრამ ვერ მოაგვარა საფრანგეთსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები. ამას ვერ უშველა ვერც 1808 წ. ერფურტის შეხვედრამ, რომელზეც ალექსანდრემ გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნაპოლეონს და პრაქტიკულად არც ერთ საკითხში არ დაუთმო მას. არადა, ნაპოლეონს ძალიან სჭირდებოდა რუსეთის მხარდაჭერა, რადგანაც ის ამ დროს ღრმად ჩაეფლო ესპანეთში. ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთ-რუსეთის კავშირის გაგრძელებას, მაგრამ მხოლოდ რუსეთის უფლებების ცნობით მოლდავეთსა და ვალახეთზე, აგრეთვე ფინეთზე, რომელიც მაშინ შვედეთს ეკუთვნოდა. სამაგიეროდ ალექსანდრე I-მა არაფრით არ აღუთქვა ნაპოლეონს დახმარება ავსტრიის წინააღმდეგ შესაძლო ომში. უფრო მეტიც, ის დაპირდა ფრანც I-ის წარმომადგენელ ბარონ ვინცენტს სრულ დახამარებას, თუ ავსტრიას ვინმე დაესხმოდა თავს. რუსეთის იმპერატორის ამგვარი მტკიცე პოზიცია მთლიანად გამოწვეული იყო სრული ინფორმაციით, რომელსაც ის ფლობდა ნაპოლეონის გეგმებზე და მის შესაძლო მოქმედებებზე. ეს მას კარგად შეატყობინა აგენტმა „ანა ივანოვნამ“, როგორც უწოდებდნენ რუსეთის სამეფო კარზე შარლ-მორის ტალეირანს. ასე რომ, ალექსანდრე I-მა კარგად იცოდა ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც იდგა ნაპოლეონის წინაშე.
ამასობაში ინგლისმა ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი საფრანგეთისათვის ძველი მტრის _ ავსტრიის დასაპირისპირებლად. ფრანც I ასევე იმ აზრზე იდგა, რომ ახლა შეიძლებოდა საფრანგეთთან რევანშის აღება და 1809წ. შეიქმნა მე-5 კოალიცია (ინგლისი, ავსტრია). ყოველივე ეს განპირობებული იყო იმ ბრძოლით, რომელიც დაიწყო საფრანგეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ესპანეთში. სახალხო ომმა („გერილია“) ფრანგები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ნაპოლეონი იძულებული გახდა 200 ათასამდე ჯარისკაცი განეთავსებინა ესპანეთში.
ამასობაში ავსტრიელებმა დაიწყეს ახალი ომი (1809 წ. აპრილი). ნაპოლეონს ამჯერად ბევრად უფრო გაუჭირდა ბრძოლების მოგება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომი სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ავსტრიის მარცხით დამთავრდა. შენბრუნში დადებული ზავი (1809 წ. 14 ოქტომბერი) ავსტრიისათვის უბრალოდ უმძიმესი აღმოჩნდა. ნაპოლეონმა სასტიკად დასაჯა ფრანც I. საფრანგეთმა შეიერთა დასავლეთ გალიცია (ფორმალურად მიერთებული იქნა ვარშავის საჰერცოგოსათვის), ზალცბურგი, ზემო ავსტრიისა და კრაინის ნაწილი, კარინტია, ხორვატია. ავსტრიამ დაკარგა ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი, სადაც სანაპიროზე შეიქმნა საფრანგეთის იმპერიის ილირიული დეპარტამენტები. ავსტრიის ტერიტორიის ნაწილი ერგო რუსეთსაც, რომელმაც მიიღო ტარნოპოლის ოლქი დასავლეთ გალიციაში. შენბრუნის ზავი ნაპოლეონის დიდების ზენიტად იქცა.
§12. საერთაშორისო ურთიერთობები საფრანგეთ-რუსეთის ომის წინ.
შენბრუნის ზავის შემდეგ ნაპოლეონმა თავისი მდგომარეობის ერთგვარად ლეგიტიმირება სცადა ევროპელ მონარქთა თვალში და გადაწყვიტა დაქორწინებულიყო რომელიმე პრინცესაზე. მას თავდაპირველად რუსეთის მეფის დის მოყვანა უნდოდა ცოლად, მაგრამ ალექსანდრემ მოიმიზეზა, რომ მისი და მცირეწლოვანი იყო (თუმცა დის მცირეწლოვნებას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ რამდენიმე თვეში ის გაეთხოვებინა ერთ-ერთ გერმანელ პრინცზე.) და ნაპოლეონიც დაქორწინდა ავსტრიის იმპერატორ ფრანც I-ის ქალიშვილ მარია-ლუიზაზე. მიუხედავად ამისა, მან დაუმახსოვრა უარი რუსეთის იმპერატორს. ამავე დროს ჩაიშალა მოლაპარაკებები პოლონეთის საკითხზეც. ნაპოლეონმა უარი თქვა რუმიანცევისა და კოლენკურის მიერ ხელმოწერილი კონვენციის რატიფიცირებაზე, რომელშიც ეწერა, რომ პოლონეთის სამეფო არასდროს არ უნდა აღდგენილიყო. ამავე დროს გართულდა ურთიერთობები თურქეთის საკითხის გამოც. რუმიანცევი და კოლენკური ეწეოდნენ მოლაპარაკებებს თურქეთის გაყოფის შესახებ, მაგრამ ისინი ჩიხში შევიდა. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რუსეთი ფაქტობრივად არ იცავს კონტინენტურ ბლოკადას. სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ნაპოლეონმა დაიწყო მზადება რუსეთთან ომისათვის. მას სურდა ანტირუსული კოალიციის შეკვრა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. 1811წ. თებერვალში ის ემუქრებოდა რუსეთის ელჩს საფრანგეთში კურაკინს, რომ რუსეთი მოკავშირეების გარეშე დარჩებოდა, რადგანაც ავსტრია არ აპატიებდა მას გალიციის ნაწილის მითვისებას, პრუსია _ ბელოსტოკის ოლქს, ხოლო შვედეთი კი _ ფინეთის წართმევას, რაც მოხდა 1808-1810 წლის რუსეთ-შვედეთის ომის შედეგად. თუმცა, როგორც გაირკვა, ნაპოლეონმა ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასა სიტუაცია. მართალია, პრუსიამ 1812 წ. 24 თებერვალს, ხოლო ავსტრიამ _ 1812 წ. 14 მარტს ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საფრანგეთთან და აღუთქვეს მას დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში (პრუსია 20-ათასიანი, ხოლო ავსტრიამ _ 30-ათასიანი შენაერთებით), მაგრამ ეს ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი დაპირდა მოკავშირეებს ტერიტორიულ დაკმაყოფილებას (პრუსიას შესთავაზა ბალტიისპირეთი ომის მოგების შემდეგ, ხოლო ავსტრიას _ ვოლინი). ამავე დროს, პრუსიის მთავრობამ ჩუმად აღუთქვა რუსეთის იმპერატორს, რომ ომის შემთხვვევაში მისი მონაწილეობა ომში განპირობებული იქნებოდა მხოლოდ იძულებით, ხოლო ავსტრიის ხელმძღვანელობა დაპირდა ალექსანდრე I-ს, რომ ავსტრიული ნაწილები მხოლოდ ბუკოვინაში იმოქმედებდნენ. შვედეთმა სულაც გაუცრუა იმედები ნაპოლეონს. 1810 წ. დასასრულიდან შვედეთის მეფე იყო ყოფილი ფრანგი მარშალი ბერნადოტი, რომელსაც ყოველთვის მძიმე ურთიერთობები გააჩნდა ნაპოლეონთან (ის თვლიდა, რომ არაფრით არ იყო მასზე ნიჭიერი მთავარსარდალი და მიაჩნდა, რომ ბედმა დაჩაგრა, როდესაც ნაპოლეონის ხელქვეითი გახადა. არ არის გამორიცხული, რომ აქ სხვა მიზეზიც ყოფილიყო: ბერნადოტი დაქორწინდა ვინმე დეზირე კლერიზე _ ნაპოლეონის ძმის _ ჟოზეფის ცოლის დაზე, რომელიც მანამდე 2 წელი ითვლებოდა ნაპოლეონის საცოლედ.). ასე რომ, ბერნადოტმა ყველაფერი გააკეთა ნაპოლეონის გეგმების ჩასაფუშად და შუამავლობაც კი გასწია ინგლისსა და რუსეთს შორის. სწორედ ამის წყალობით დაიდო კიდეც შეთანხმება ინგლისსა და რუსეთს შორის 1812წ. 18 ივლისს, თუმცა ამ დროს უკვე ნაპოლეონს დაწყებული ჰქონდა რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობა. არ გაუმართლა ნაპოლეონს იმედები თურქეთმაც, რომელმაც სწორედ საფრანგეთ-რუსეთის ომის დაწყების წინ დადო ზავი რუსეთთან ბუქარესტში, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონი ყოველმხრივ ახდენდა ზემოქმედებას თურქეთის სულთანზე, რათა მას უარი ეთქვა ზავზე, მაგრამ კუტუზოვმა მოახერხა თურქების დარწმუნება და მთელი რიგი დათმობების შედეგად (დათმობილ იქნა ვალახეთი და მოლდავეთი ბესარაბიის გარდა, ანაპა და ნაწილობრივ ოლქები, რომლებიც დაპყრობილი იქნა ამიერკავკასიაში) მიაღწია ზავს, რითაც აიცილა ომი ორ ფრონტზე. ასე რომ, ნაპოლეონი ფაქტობრივად მარტო აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ. ამას ერთვოდა ისიც, რომ მას 200 ათ. ჯარისკაცი ჰყავდა ესპანეთში.
§13. ნაპოლეონის თავდასხმა რუსეთზე. მე-6 კოალიციის შექმნა. ნაპოლეონის მარცხი და გადადგომა.
1812 წ. 24 ივნისს ნაპოლეონი თავს დაესხა რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად მოკავშირეები არ გააჩნდა, მისი უპირატესობა მაინც დიდი აღმოჩნდა. მას გააჩნდა უპირატესობა ცოცხალ ძალაში. უკვე 4 დღეში მან დაიკავა ვილნო, სადაც რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა რუსეთის იმპერატორის შტაბი. აქ მან მიიღო ალექსანდრე I-ის წარგზავნილი ბალაშოვი (საინტერესოა, რომ ბალაშოვი იყო სწორედ ვილნოდან გაგზავნილი ნაპოლეონთან მისი რუსეთში შემოჭრის შემდეგ). ნაპოლეონმა არ მიიღო ალექსანდრე I-ის თხოვნა რუსეთის ტერიტორიის დატოვებაზე და, ორგოორც ბალაშოვი იხსენებს, ჰკითხა მას, თუ რომელი გზა იყო ყველაზე მოკლე მოსკოვამდე. ბალაშოვის გადმოცემით, მან უპასუხა, რომ რუსეთში ყველა გზა მოსკოვისაკენ მიდიოდა, კარლოს XII-მ კი აირჩია პოლტავაზე გავლა (სავარაუდოა, რომ მსგავს საუბარს ადგილი არ ჰქონია და ის ბალაშოვის გამოგონილია). მიუხედავად ამისა, ნაპოლეონს სულაც არ ეხალისებოდა ომის წარმოება. ის მზად იყო, დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია, თუ ეს უკანასკნელი დათანხმდებოდა კონტინენტური ბლოკადის პირობების განუხრელად შესრულებას. მცირე ხანში ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო, რის შემდეგაც შეცდომა დაუშვა და ჩათვალა, რომ ალექსანდრე ზავზე წავიდოდა და არ დაიძრა პეტერბურგისაკენ. მან რამდენიმეჯერ შესთავაზა დაზავება ალექსანდრეს. აღსანიშნავია, რომ ის კვლავ არ ითხოვდა რაიმე ტერიტორიულ დათმობებს, არამედ მხოლოდ სურდა, რომ რუსეთს შეესრულებინა კონტინენტური ბლოკადის პირობები. მაგრამ ალექსანდრემ უპასუხოდ დატოვა ეს წინადადებები, ნაპოლეონმა ძვირფასი დრო დაკარგა, მას მოუსწრო ნაადრევად დამდგარმა ზამთარმაც და მისი დიდი არმიიდან ფაქტობრივად არაფერი დარჩა. უფრო მეტიც, ის კინაღამ ტყვედ ჩავარდა მდ. ბერეზინას გადალახვის დროს. 1812 წ. ლაშქრობის კრახით დასრულებამ ააღორძინა ანტიფრანგული კოალიცია. 1813 წ. შეიქმნა მე-6 კოალიცია, რომელშიც ინგლისისა და რუსეთის გარდა შევიდნენ პრუსია, შვედეთი, პორტუგალია და ესპანეთი. მოგვიანებით კოალიციას შეუერთდა ავსტრიაც. ნაპოლეონის მიერ ლაიფციგთან „ხალხთა ომის“ წაგების შემდეგ (1813 წ. 16-19 ოქტომბერი) ომმა საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. 1814 წ. 1 მარტს კოალიცია კიდევ უფრო განმტკიცებული იქნა შომონში დადებული ხელშეკრულებით, რომლითაც ინგლისმა, რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ აიღეს ვალდებულება არ დაედოთ სეპარატული ხელშეკრულება საფრანგეთთან. 1814 წ. 6 აპრილს კი ნაპოლეონი გადადგა თავისი მცირეწლოვანი ვაჟის სასარგებლოდ, მაგრამ ის მა¬ლე გადაასახლეს კ. ელბაზე, ხოლო საფრანგეთში დააბრუნეს ბურბონები. საფრანგეთის მეფე გახდა ლუი XVIII. ევროპაში შექმნილი სიტუაციის საბოლოოდ მოსაწესრიგებლად კი მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ვენაში მოეწვიათ კონგრესი, რომელმაც მუშაობა დაიწყო 1814 წ. 1 ოქტომბერს.
Комментариев нет:
Отправить комментарий