четверг, 29 декабря 2016 г.

ბერნის ინციდენტი 1945 წელს (თ. პაპასქირი)

1945 წლის მარტ-აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ერთიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირსა და დასავლეთელ მოკავშირეთა შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. ამის მიზეზი გახდა ე.წ. „ბერნის ინციდენტი“ ანუ ჯერ კიდევ 1945 წ. თებერვალში ბერნში დაწყებული მოლაპარაკებები აშშ-ს სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს (OSS – Office of strategic services) ევროპული ბიუროს უფროსს ალენ დალესსა და იტალიაში SS-ის ჯარების სარდალს გენ. კარლ ვოლფს შორის დასავლეთ ევროპაში გერმანელების კაპიტულაციის თაობაზე. აღნიშნული საკითხის შესწავლისას, პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს მეცნიერულ გამოკვლევათა სიმცირე. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ინგლისელი თუ ამერიკელი მკვლევარები ან ყურადღებას არ აქცევდნენ ამ საკითხს, ანაც უბრალოდ მისთვის გვერდის ავლას ცდილობდნენ. ფაქტობრივად ძირითად წყაროს ამ პრობლემის გარშემო წარმოადგენს ალენ დალესის მეტად საეჭვო ღირსების მქონე მემუარები1 და კარლ ვოლფის დაკითხვის ოქმები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული. რაც შეეხება სამეცნიერო გამოკვლევებს, მონოგრაფიულად „ბერნის ინციდენტი“ შესწავლილი აქვს მხოლოდ იტალიელ ისტორიკოსს ელენა აგაროსის, რომელმაც 1979წ. ამერიკელ მკვლევარ ბრედლი სმიტთან ერთად ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომი: „ოპერაცია განთიადი“. საიდუმლო კაპიტულაცია“.2 მეორე მსოფლიო ომზე მომუშავე სხვა მკვლევარები კი ჩვეულებრივ ან საერთოდ არ ეხებიან ამ მოლაპარაკებებს ანაც ზოგადად იხსენიებენ მათ და აღნიშნავენ, რომ ბერნის შეხვედრებს პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყვა3. საბჭოთა მკვლევარები, რომლებიც ასევე ზოგადად ეხებიან ამ საკითხს, პირდაპირ ადანაშაულებენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს გერმანელებთან მორიგების მცდელობაში4 და ამის მთავარ არგუმენტად მოჰყავთ სტალინისა და მოლოტოვის მიერ 1945 წ. მარტ-აპრილში მოკავშირეთათვის წაყენებული ბრალდებები5.
„ბერნის ინციდენტის“ გაშუქებისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ ვოლფის მისია სულაც არ იყო პირველი ცდა მესამე რაიხის ხელმძღვანელობის ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან დასავლეთელ მოკავშირეებთან ლოკალურ თუ ფართომასშტაბიან კაპიტულაციაზე წასვლისა. გერმანელებმა ჯერ კიდევ 1944 წ. სექტემბრიდან დაიწყეს იმის ზონდაჟი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი კაპიტულაციის მიღწევა დასავლეთის ფრონტზე. მაშინ ბალკანეთში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი დაუკავშირდა OSS-ს და შესთავაზა მათ გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანელები დაიხევდნენ დუნაიმდე და მისცემდნენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ბალკანეთის დაკავების საშუალებას, ხოლო გამოთავისუფლებული გერმანული ნაწილები გადასროლილი იქნებოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მაშინ OSS-მა კატეგორიული უარი განაცხადა მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგანაც ეს მოკავშირეთა ერთიანობას საფრთხეში ჩააგდებდა. მთელი ეს ინფორმაცია (როგორც გერმანელთა წინადადება, ისე OSS-ის პასუხი) დაუყოვნებლივ ეცნობა საბჭოთა მთავრობას6.
    თითქმის იმავდროულად, მსგავსი წინადადებით მიმართა OSS-ის წარმომადგენლებს შვეიცარიაში გენერალმა გლაიზ ჰორსტენაუმ, ავსტრიელმა ოფიცერმა, რომელიც ანშლუსის შემდგომ გერმანელთა სამსახურში ჩადგა. მან შესთავაზა ამერიკელებს ავსტრიელი ოფიცრების დახმარებით ფრონტის მოშლა, რათა ავსტრიის ოკუპირება მოეხდინა არა საბჭოთა არმიას, არამედ ინგლისსა და აშშ-ს. ამერიკელებმა ჰორსტენაუსა და მის გუნდს უარი შეუთვალეს7.
    ამგვარ ინიციატივებს, როგორც ჩანს, საფუძვლად საკუთრივ OSS-ის მოქმედება დაედო, რომელიც, 1944 წ. შემოდგომიდან მოყოლებული, ყოველმხრივ ცდილობდა, კონტაქტი დაემყარებინა გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან ლოკალური კაპიტულაციების მისაღწევად. ამ მიზნით ისინი იყენებდნენ ტყვედ აყვანილ გერმანელ ოფიცრებს8. ყოველივე ამას პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ სავარაუდოა, რომ გარკვეულ წრეებს გერმანიაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ OSS-ის აქტიურობა. მათ ჩათვალეს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები, შესაძლოა, დაინტერესებული იყვნენ სეპარატული სამშვიდობო მოლაპარაკებებით9. ოქტომბერ-ნოემბრის განმავლობაში ვატიკანში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ალბრეხტ ფონ კესელი დაუკავშირდა ბრიტანელებს წინადადებით, რომ ის შეეცდებოდა დასავლეთის ფრონტის მოშლის თაობაზე გერმანელი სარდლების თანხმობის მიღწევას. მისი თქმით, ამაში მას დაეხმარებოდა საკუთრივ გერმანიის ელჩი ვატიკანში ბარონი ფონ ვაიცზეკერი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ეს ააცილებდა გერმანიას მიწასთან გასწორებას. კესელის წინადადება უარყოფილი იქნა, რაც მოტივირებული იქნა მისი უუნარობით, დაემყარებინა ქმედითი კონტაქტები გერმანელ გენერლებთან10.
    იმავე პერიოდში ბრიტანელებმა მიიღეს კიდევ ერთი წინადადება იტალიიდან გერმანიის ჯარების გაყვანის შესახებ. ინგლისელებს დაუკავშირდა მსხვილი იტალიელი მეწარმე ფრანკო მარინოტი, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანელები უარს იტყოდნენ ჩრდილოეთ იტალიის ინდუსტრიული პოტენციალის განადგურებაზე, თუ მათ ნებას დართავდნენ ჯარების აპენინის ნ-კ-დან გამოყვანასა და საბჭოთა ფრონტზე გადასროლაზე11. მარინოტის თქმით, მართალია, ეს წინადადება ოფიციალურად მოდიოდა იტალიაში საიდუმლო პოლიციის უფროსის, შშ-ის გრუპენფიურერ ვილჰელმ ჰარსტერისაგან, მაგრამ სინამდვილეში ამ იდეის უკან იდგნენ ჰარსტერთან ახლო ურთიერთობებში მყოფი ვალტერ შელენბერგი და თვით ჰაინრიხ ჰიმლერი. გარდა ამისა, საქმის კურსში იყვნენ SD-ს VI განყოფილების (დაზვერვა) უფროსი იტალიის რეგიონში კლაუს ჰიუგელი და გერმანიის კონსული ლუგანოში ალექსანდერ ნოირატი. მიუხედავად ამისა, ბრიტანელებმა მარინოტის უმალ მიუხურეს კარები12. ამის შემდეგ მან მიმართა OSS-ს და ალენ დალესს, რომელმაც ბევრად უფრო დიდი დაინტერესება გამოამჟღავნა ამ წინადადებისადმი, მაგრამ, ვაშინგტონიდან მოსული დირექტივის საფუძველზე, იძულებული გახდა, უარი ეთქვა კონტაქტის გაგრძელებაზე13.
    ჰარსტერ-მარინოტის მცდელობის ჩაშლისთანავე გამოჩნდა კიდევ ერთი „მშვიდობისმყოფელი“ _ მილანის არქიეპისკოპოსი, ფაშისტური რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი კარდინალი ილდებრანდო შუსტერი, რომელმაც 1944 წ. 14 სექტემბერს გააგზავნა თავისი ერთ-ერთი მდივანი ჯუზეპე ბიკიერაი SS-ის სტანდარტენფიურერ ოიგენ დოლმანთან და შესთავაზა მას დახმარება ფელდმარშალ ალბერტ კესელრინგსა და პარტიზანებს შორის შეთანხმების მიღწევაში. ამ შეთანხმების თანახმად, გერმანელები უარს იტყოდნენ იტალიური საწარმოების განადგურებაზე, პარტიზანები კი შეწყვეტდნენ საბოტაჟს და სხვა მტრულ მოქმედებებს გერმანელების მიმართ. გერმანელებს გეგმა მოეწონათ, მაგრამ ბრიტანელებმა სამართლიანად ჩათვალეს, რომ ასეთი გეგმა მათ პრობლემებს შეუქმნიდა და მტკიცე უარით გაისტუმრეს ბიკიერაი14. საინტერესოა, რომ, ბრიტანელებისაგან განსხვავებით, დალესმა დიდი დაინტერესება გამოიჩინა ამ სქემისადმი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პარტიზანების მტკიცე პოზიციას წააწყდა და გაწყვიტა კონტაქტი15.
    ბიკიერაის შემდეგ არენაზე გამოჩნდა ალექსანდერ ნოირატი, რომელმაც ამჯერად, ჰარსტერის საქმისაგან განსხვავებით, საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა. ის დაუკავშირდა დალესს16 და განუცხადა მას, რომ მზად იყო, მოეწყო გერმანელთა კაპიტულაცია დასავლეთში17. ნოირატის თქმით, კესელრინგი, კარლ ვოლფი და რუდოლფ რანი (გერმანიის ელჩი მუსოლინის ფაშისტურ რესპუბლიკაში) ფიქრობდნენ, რომ ომი წაგებული იყო და ის აპირებდა მათი ამ განწყობილებების გამოყენებას. გარდა ამისა, ის იმედოვნებდა, რომ შეძლებდა გერდ ფონ რუნდშტედტზე (გერმანიის ჯარების მთავარსარდალი დასავლეთის ფრონტზე) კესელრინგის გავლენის გამოყენებას, რათა რუნდშტედტს შეეწყვიტა წინააღმდეგობა დასავლეთის ფრონტზე და გზა გაეხსნა ინგლის-აშშ-ს ჯარებისათვის18. ორ თვეზე მეტხანს ამყარებდა დალესი იმედებს ნოირატზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერაფრით ვერ მოახერხა რანთან, ვოლფთან და კესელრინგთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება.
    თებერვლის შუა რიცხვებში კესელრინგმა ნოირატი მიიწვია შეხვედრაზე, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ გენერალი იოჰანეს ბლასკოვიცი (არმიათა ჯგუფ „H“-ის სარდალი) და გენერალი ზიგფრიდ ვესტფალი. ამ უკანასკნელებმა ცივად მიიღეს წინადადება კაპიტულაციის შესახებ და განაცხადეს, რომ არ ღირდა რისკის გაწევა ლოკალური კაპიტულაციისათვის, რადგანაც ამის გამო, შესაძლო იყო, ისინი სამხედრო დამნაშავეებად გამოეცხადებინათ. მიუხედავად ამისა, მათ კატეგორიული უარი არ უთქვამთ, რამაც დააიმედა კიდეც ნოირატი, რომელმაც მოახსენა დალესს, რომ გენერლები უახლოვდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ისინი დათანხმდებოდნენ კაპიტულირებას19. ამ გარემოებისა და აგრეთვე იმის გამო, რომ მოკავშირეები სისტემატურად იღებდნენ ინფორმაციას (ძირითადად არასწორს), თითქოს კესელრინგი მზად იყო, დანებებოდა მათ, ამერიკელებმა გააგრძელეს დიალოგი ნოირატთან20.
    ამავე პერიოდში მოკავშირეებმა მიიღეს კიდევ რამდენიმე წინადადება, ამჯერად უკვე გერმანიის მმართველი წრეების უმაღლესი ეშელონებიდან, კერძოდ, ჯერ შელენბერგისაგან, ხოლო შემდეგ კი _ ერთობლივად ჰიმლერისა და კალტენბრუნერისაგან. ისინი ითხოვდნენ უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნის შეცვლას, რის შემდეგადაც წავიდოდნენ დასავლეთელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონტაქტზე21. გარდა ამისა, შელენბერგის წინადადება შეიცავდა გარკვეულ მუქარასაც, რომ თუ უპირობო კაპიტულაციის პრინციპი ძალაში დარჩებოდა, გერმანელები შეწყვეტდნენ წინააღმდეგობას აღმოსავლეთის ფრონტზე და მთელ ცენტრალურ ევროპას საბჭოთა კავშირს დაუთმობდნენ22. ინგლისელებმა და ამერიკელებმა ეს წინადადებები უყურადღებოდ დატოვეს. ჰიმლერი და კალტენბრუნერი მეტისმეტად ოდიოზური ფიგურები იყვნენ მოლაპარაკების საწარმოებლად.
    ამის შემდგომ მოკავშირეებმა კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო წინადადება მიიღეს ზოგიერთი გერმანული ნაწილის ჩაბარების თაობაზე, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ ახდენდა საერთო სიტუაციაზე და თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო ყოველგვარი კონსულტაციები კაპიტულაციის ირგვლივ. ვითარება მოულოდნელად შეიცვალა 1945წ. თებერვალში, როდესაც ასპარეზზე გამოჩნდა ობერგრუპენფიურერი კარლ ვოლფი, რომელიც სარდლობდა იტალიაში განლაგებულ SS-ის ძალებს. ვოლფი ჰიტლერსა და ჰიმლერთან დაახლოებული პირი იყო. ის 1933 წლიდან მოყოლებული იყო რაიხსფიურერ ჰიმლერის ადიუტანტი, 1941 წლიდან _ მისი პირადი შტაბის უფროსი, ხოლო 1939 1943წწ. ამავდროულად ეკავა მეკავშირე ოფიცრის თანამდებობა ჰიტლერის შტაბში23. 1943წ. ვოლფსა და ჰიმლერს შორის უთანხმოება ჩამოვარდა24, რის შედეგადაც ვოლფმა დაკარგა თავისი თანამდებობები ჰიტლერისა და ჰიმლერის შტაბებში. ის გააგზავნეს იტალიაში, თუმცა ვოლფმა შეინარჩუნა ჰიტლერის კეთილგანწყობა და მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შესვლის უფლება. ასე რომ, მისი გამოჩენა მოკავშირეებს შეუმჩნეველი არ დარჩათ, მით უმეტეს, რომ ვოლფის სახელი უკვე ფიგურირებდა მოკავშირეებთან მოლაპარაკებისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალექსანდერ ნოირატმა ის დაასახელა კაპიტულაციის სავარაუდო მომხრეთა შორის. ნოირატი მართლაც შეხვდა ვოლფს, მაგრამ რაიმე კონკრეტული შედეგი ამ კონტაქტს არ მოჰყოლია. ყოველ შემთხვევაში, ვოლფი არაფერს არ დაჰპირებია ნოირატს. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა საკუთარი თამაშის წამოწყება, ვინაიდან ის სასწრაფოდ გაემგზავრა გერმანიაში, შეხვდა ჰიმლერს (1945წ. 4 თებერვალი) და, დარწმუნდა რა გერმანიის სრულ სამხედრო უძლურებაში, 25 6 თებერვალს შეხვდა ჰიტლერს26. ამ შეხვედრის ამსახველი ერთადერთი წყარო არის თვითონ ვოლფი და მისი დაკითხვების ტექსტი27, რომლის მთლიანად ნდობა, რასაკვირველია, არ შეიძლება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის ძირითადად სიმართლეს ამბობდა, ზოგიერთი დეტალის გამოკლებით. ჰიტლერთან საუბარში მას თითქოს განუცხადებია, რომ „არაბუნებრივ მოკავშირეებს შორის იყო გარკვეული უთანხმოებები, რომლებიც არ იქნებოდა საკმარისი ალიანსის დასაშლელად, თუ გერმანია აქტიურად არ ჩაებმებოდა ამ პროცესში“,28 რასაც ჰიტლერი ერთგვარად დასთანხმებია კიდეც, თუმცა რაიმე კონკრეტული განკარგულება ამ მიმართულებით არ გაუცია29. ამის შემდეგ ვოლფი, რომელმაც, მისი თქმით, ჰიტლერისაგან მხარდაჭერა თუ არა, ცოდვების შენდობა მაინც მიიღო30, იტალიაში დაბრუნდა.
    მიუხედავად ამისა, იტალიაში დაბრუნების შემდეგ ვოლფმა მაინც მეტად ფრთხილად დაიწყო მოქმედება, რადგანაც, როგორც თვითონ განუცხადა შემდგომში ამერიკელებს, კალტენბრუნერისა და ბორმანის შიში ჰქონდა31. აქ მას უკვე ბედნიერი შემთხვევაც დაეხმარა. იტალიელებს ხელში ჩაუვარდათ ბრიტანელი აგენტი, რომლის დაკითხვის შემდეგ მარშალმა გრაციანიმ (მუსოლინის მთავრობის თავდაცვის მინისტრი) ჩათვალა, რომ ის (აღნიშნული აგენტი მოკავშირეთა დოკუმენტებში 4 კოდური სახელით ფიგურირებს: ტაკერი, დრაკერი, უოლაბი და მოლაბი) გერმანელთა და იტალიელთა უმაღლეს სარდლობასთან კონტაქტის დასამყარებლად იყო გამოგზავნილი32. ვოლფმაც დაკითხა ტაკერ-დრაკერ-უოლაბი-მოლაბი და მანაც იგივე დასკვნა გამოიტანა, რაც გრაციანიმ. მაშინ ვოლფმა გაათავისუფლა ბრიტანელი, დაეხმარა მას შვეიცარიაში გადასვლაში და დაავალა, ეთქვა თავისი პატრონებისათვის, რომ „მისია წარმატებით დასრულდა და კონტაქტი უმაღლეს დონეზე დამყარდა“.33 ვოლფის გასაკვირად, რაიმე გაგრძელება ამ ისტორიას არ მოჰყოლია. ტაკერის მოხსენებას ბრიტანელებმა არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, რადგანაც მას სულაც არ ევალებოდა მსგავსი მისიის შესრულება.
    ბრიტანელებისაგან პასუხის ამაო ლოდინის შემდეგ ვოლფმა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა მოკავშირეებთან კონტაქტებისათვის მათივე აგენტები ან ნოირატის მსგავსად მოფიქრალი გერმანელები. მან ამ მიზნით მიმართა იტალიელ ბარონ ლუიჯი პარილის (ომამდე თანამშრომლობდა ამერიკულ ფირმა „კელვინატორთან“, ომის დროს _ გერმანელებთან). პარილი მსგავსი მისიით უკვე ერთხელ იმყოფებოდა შვეიცარიაში ჰაუპტშტურმფიურერ გვიდო ციმერისა და კლაუს ჰიუგელის დავალებით34. პარილიმ შეძლო თავისი ნაცნობის _ პროფესორ მაქს ჰუსმანის წყალობით შვეიცარიის დაზვერვის ოფიცერ მაქს ვაიბელზე გასვლა, რომელმაც, თავის მხრივ, მოუწყო იტალიელს შეხვედრა დალესის თანამშრომელ ჯერო ფონ შულცე გავერნიცთან. გავერნიცი მეტად სკეპტიკურად მოეკიდა პარილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და განუცხადა მას, რომ ღირებული იქნებოდა კონტაქტები მხოლოდ დოლმანის35, ვოლფის ან კესელრინგის დონეზე. ამით გავერნიცმა და დალესმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მხოლოდ ზოგადი ხასიათის შენიშვნა გააგზავნეს ვაშინგტონში36.
    პარილის დაბრუნებისთანავე მთელი ეს ისტორია ცნობილი გახდა ვოლფისათვის, რომელიც ამით საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ინგლისელები და ამერიკელები წავიდოდნენ სეპარატულ შეთანხმებაზე გერმანელებთან. ამიტომ მან უბრძანა დოლმანსა და ციმერს, გამგზავრებულიყვნენ შვეიცარიაში და შეხვედროდნენ დალესს. ბ. სმიტსა და ე. აგაროსის ეს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებად მიაჩნდათ, რადგან შეიძლებოდა, რომ ეს შეეტყოთ ვოლფის მტრებს37. მაგრამ არსებობს ყველა საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ობერგრუპენფიურერი იმ დროს სულაც არ აპირებდა კაპიტულაციის რეალურად გამოცხადებას და ყოველივე ამას იყენებდა შირმად თავისი ნამდვილი მიზნისათვის _ ჩამოეგდო შუღლი მოკავშირეებს შორის. საოცარია, მაგრამ გერმანელებში იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო აზრი, რომ შესაძლო იყო, ინგლისსა და აშშ-ს კავშირი შეეკრათ გერმანიასთან და დახმარებოდნენ მას საბჭოთა კავშირთან ომში. უფრო მეტიც, თვით ჰიტლერიც კი დარწმუნებული იყო, რომ ორ თვეში გერმანიის წინააღმდეგ შეკრული კოალიცია დაიშლებოდა38.
    1945წ. 3 მარტს ლუგანოში დოლმანი და ციმერი, ჰუსმანისა და პარილის მეშვეობით, შეხვდნენ OSS-ის წარმომადგენელ პოლ ბლუმს. დოლმანმა ბლუმს არ უთხრა, რომ ის იყო ვოლფის წარმომადგენელი, მაგრამ სამაგიეროდ ჰკითხა ამერიკელს, წავიდოდნენ თუ არა ინგლისი და აშშ შეთანხმებაზე ჰიმლერთან, თუ ის შესთავაზებდა მათ დაზავებას იტალიაში39. ბლუმმა უარყოფითად უპასუხა და მაშინ დოლმანმა აცნობა ამერიკელს, რომ შესაძლებელი იყო შვეიცარიაში თავად ვოლფის ჩასვლა. ბლუმმაც, გერმანელების განზრახვის სერიოზულობის შესამოწმებლად, ერთგვარი ულტიმატუმი წამოაყენა: თუ მათ სურდათ თავისი გავლენის რეალურად ჩვენება, მათ უნდა გაეთავისუფლებინათ იტალიელ პარტიზანთა ორი ლიდერი _ ფერუციო პარი და ანტონიო უსმიანი40.
    ძნელი სათქმელია, როგორ ჩაივლიდა ეს შეხვედრა, OSS-ის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ალენ დალესი რომ არ ყოფილიყო. ე. აგაროსი და ბ. სმიტი ამტკიცებენ, რომ მან, გერმანელების მსგავსად, რეალობის შეგრძნება დაკარგა და ვერ ხვდებოდა, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა41. ცოტა არ იყოს, ძნელი დასაჯერებელია მათი მოსაზრება. დალესს ხომ სულაც არ სურდა, რომ გერმანელებს კაპიტულაცია ყველა ფრონტზე ერთდროულად გამოეცხადებინათ. ყოველ შემთხვევაში, თავის მემუარებში ის არაფერს ამბობს მსგავს პერსპექტივაზე. როგორც ჩანს, დალესი უფრო იქითკენ იხრებოდა, რომ საჭირო იყო კაპიტულაციის მიღწევა დასავლეთში, რაც გზას გაუხსნიდა ამერიკელებსა და ინგლისელებს ცენტრალურ ევროპაზე კონტროლის მისაღწევად. რასაკვირველია, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ამერიკელები და ბრიტანელები რაიმე დახმარებას გაუწევდნენ გერმანელებს, უბრალოდ ამავე პერიოდში ბრძოლები აღმოსავლეთის ფრონტზე გაგრძელდებოდა და შეწყდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გერმანელებს ზურგს უკან მიადგებოდნენ დასავლეთელი მოკავშირეები, რომელთაც ისინი დანებდებოდნენ კიდეც. ერთი სიტყვით, დალესი, როგორც ჩანს, ხვდებოდა რომ ომის დამთავრების შემდეგ ადგილი ექნებოდა დაპირისპირებას საბჭოთა კავშირთან, დაიწყებოდა „ცივი ომი“ და ჩამოეშვებოდა ე.წ. „რკინის ფარდა“, რომელიც, სასურველი იყო, რაც შეიძლება აღმოსავლეთით გადაეწიათ. ამიტომ ის ეიფორიაში ჩავარდა, როდესაც გაიგო, რომ პარი და უსმიანი გაათავისუფლეს, ხოლო ვოლფი, დოლმანი და პარილი შვეიცარიისაკენ გაემგზავრნენ.
    ეტყობა დალესმა ან არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ ვოლფისათვის უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ბერლინისაგან შეუმჩნევლად პარისა და უსმიანის განთავისუფლება, ხოლო შემდეგ თავის მოადგილესთან ერთად შვეიცარიაში გამგზავრება, ან თავისი ინტერპრეტაცია მისცა მას და ჩათვალა, რომ ბერლინი მზად იყო კაპიტულაციაზე. მთელი მისი შემდგომი მოქმედება ადასტურებს, რომ მას წამითაც კი არ დაუშვია იმის შესაძლებლობა, რომ ბერლინი სულ სხვა მიზნებს ისახავდა. არადა, როგორც ჩანს, პარი და უსმიანი ბერლინში პაიკებად ჩათვალეს დიდ თამაშში და მათ „გაქცევაზე“ თვალი დახუჭეს, ხოლო დალესი კი ამ მომენტიდან უბრალოდ სათამაშოდ იქცა ვოლფის ხელში.
    1945წ. 8 მარტს ციურიხში დალესი შეხვდა ვოლფს და მის თანამოაზრეებს. შეხვედრაზე ვოლფმა განაცხადა, რომ „ჩვეულებრივი სამხედრო კაპიტულაციის“ მოწყობა ძნელი იყო და ის შეეცდებოდა, მოკავშირეებისათვის ჩრდილოეთ იტალია ჩაებარებინა კესელრინგის დარწმუნების გზით. მისი თქმით, თუ კესელრინგი ამ იდეას გაიზიარებდა, მაშინ გერმანელი სარდლები უბრალოდ გაამზადებდნენ დეკლარაციას და გამოუცხადებდნენ ჯარებს, რომ შემდგომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, რასაც მოჰყვებოდა „მიმართვა გერმანელი ხალხისადმი“ იგივე პუნქტებითა და ჰიტლერ-ჰიმლერის მმართველობისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებით42.
    დალესმა ენთუზიაზმით აღიქვა როგორც ეს წინადადება, ისე ვოლფის დაპირება, რომ შეწყდებოდა საომარი მოქმედებები პარტიზანების წინააღმდეგ და სასწრაფოდ აფრინა მოხსენებები ლონდონში, ვაშინგტონსა და კაზერტაში _ ფელდმარშალ ალექსანდერის შტაბში. ამ მოხსენებაში მას უხეში შეცდომა გაეპარა: მან ახსენა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ოფიცერმა კესელრინგის შტაბიდან43. დალესი მალე გაერკვა ამ შეცდომაში და შემდგომ ორ მოხსენებაში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა გერმანელი SS-ის წევრი იყო, მან მაინც არ ჩათვალა საჭიროდ იმის განცხადება, რომ პირველ მოხსენებაში შეცდომა დაუშვა. არადა, ამ ფრაზამ ძირეულად შეცვალა ალექსანდერისა და მისი შტაბის დამოკიდებულება მოლაპარაკებებისადმი. თუ მათ არანაირად არ აინტერესებდათ SS-თან რაიმე სახის შეთანხმების მიღწევა, კესელრინგის მიერ იტალიაში კაპიტულაციის გამოცხადება სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამიტომ ალექსანდერმა ითხოვა ინსტრუქციები ლონდონიდან და ვაშინგტონიდან შვეიცარიაში თავისი წარმომადგენლების გაგზავნის თაობაზე. ჩერჩილმა მოუწონა ალექსანდერს ეს იდეა, ოღონდ აუკრძალა წარმომადგენლების გაგზავნა მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის თანხმობის გარეშე და, აგრეთვე, საჭიროდ ჩათვალა მსგავსი შეხვედრის მოწყობამდე საბჭოთა მხარის ინფორმირება44. გაერთიანებული შტაბიდანაც მოვიდა თანხმობა როგორც წარმომადგენლების გაგზავნაზე, ისე სტალინისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე45.
    ჩერჩილმაც, სსრკ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის ა. კერის მეშვეობით, აცნობა საბჭოთა ლიდერს, რომ შესაძლებელი იყო ბერნში მოლაპარაკებების დაწყება იტალიაში კაპიტულაციის მოწყობის შესახებ და აღნიშნა, რომ არანაირი შემდგომი კონტაქტი არ მოხდებოდა პასუხის მიღებამდე46. ჩერჩილის ამ ნაბიჯმა ძალიან გააბრაზა ამერიკელები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრს ჯერ მათთან უნდა შეეთანხმებინა ეს საკითხი და მხოლოდ შემდეგ მოეხდინა სტალინის ინფორმირება. აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჰ. სტიმსონმა ჩერჩილის ამ ნაბიჯს „სასიკვდილო შეცდომაც“ კი უწოდა47. გაირკვა, რომ ამერიკელებს სულაც არ სურდათ ბერნში საბჭოთა წარმომადგენლების მიწვევა. მათ, თავის მხრივ, აცნობეს სტალინს, რომ საბჭოთა წარმომადგენლებს მოიწვევდნენ კაზერტაში48. უფრო მეტიც, სტიმსონმა რატომღაც საჭიროდჩათვალა საბჭოთა მხარის საერთოდ მოტყუება და განუცხადა მათ, რომ ბერნში არანაირ მოლაპარაკებას არ ექნებოდა ადგილი49. სტალინმა ეს საკმაოდ უცნაურად ჩათვალა და 16 მარტს მოლოტოვს გააკეთებინა განცხადება, რომელშიც მოსთხოვა მოკავშირეებს ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებების შეწყვეტა50.
    ამერიკელების, და საერთოდ დასავლეთელი მოკავშირეების, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მომდევნო დღეს _ 17 მარტს, როდესაც ალექსანდერმა, რომელმაც არაფერი იცოდა სტიმსონის შეტყობინებისა და მოლოტოვის მიმართვის შესახებ, საბჭოთა შტაბს გაუგზავნა წერილი და განაცხადა, რომ ბერნის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის მოხარული იქნებოდა, მიეღო საბჭოთა წარმომადგენლები კაზერტაში51. ბუნებრივია, ამ წერილის მიღებამ კიდევ უფრო დააეჭვა სტალინი, რომელმაც ალექსანდერის წერილი უფრო სარწმუნოდ მიიჩნია და სავსებით სწორიც აღმოჩნდა.
    19 მარტს ვოლფსა და ალექსანდერის წარმომადგენლებს _ გენ. ეირისა და გენ. ლემნიტცერს შორის მოეწყო ახალი შეხვედრა, რომელზეც გერმანელმა გენერალმა გააცნო მოკავშირეებს გერმანული ჯარების იტალიაში კაპიტულაციის პირობები. ვოლფს ამ შეხვედრაზე ფაქტობრივად არანაირი რეალური წინადადება არ შემოუტანია და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა. როგორც ჩანს, მას უბრალოდ დრო გაჰყავდა. ძნელი სათქმელია, იცოდნენ თუ არა გერმანელებმა მოკავშირეებს შორის უკვე დაწყებულ უთანხმოებაზე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მათ შეიტყვეს ამის შესახებ და ცდილობდნენ, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი მისი გაღრმავებისათვის. ვოლფმა მოკავშირეებს განუცხადა, რომ ფელდმარშალ კესელრინგის დასავლეთის ფრონტზე გადაყვანის გამო საჭირო იქნებოდა იტალიაში გერმანული ნაწილების ახალი მთავარსარდლის გენ. ჰაინრიხ ფონ ფიტინგოფ შეელის თანხმობა კაპიტულაციაზე. ვოლფმა აღუთქვა მოკავშირეებს, რომ ის ამას მიაღწევდა კესელრინგის დახმარებით, მაგრამ ამ უკანასკნელთან შესახვედრად მას სჭირდებოდა გერმანიაში გამგზავრება. ამიტომ ვოლფმა ითხოვა ტაიმ-აუტი, რომელიც მას მიეცა კიდეც52. როგორც შემდეგ გაირკვა, ბერლინში ის გაემგზავრა არა კესელრინგთან შესახვედრად, არამედ ჰიმლერისა და ჰიტლერისათვის ანგარიშის ჩასაბარებლად.
    ჰიტლერი სავსებით დააკმაყოფილა ვოლფის მიერ გაკეთებულმა მოხსენებამ და ის არ შეწინაღმდეგებია კონტაქტების გაგრძელებას53, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დაინტერესებას ამ მოლაპარაკებით. ამასობაში სტალინმაც მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ბერნში კვლავ გრძელდებოდა54 და 22 მარტს მოლოტოვს გააკეთებინა კიდევ ერთი საპროტესტო განცხადება ა. ჰარიმანისადმი55 (აშშ-ს ელჩი საბჭოთა კავშირში). ამის შემდეგ ამ საკითხის განხილვა უკვე უმაღლეს დონეზე დაიწყო. 25 მარტს სტალინმა რუზველტისაგან მიიღო წერილი56, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი საბჭოთა ლიდერს უხსნიდა მიზეზებს, თუ რატომ არ იქნენ მიწვეული საბჭოთა წარმომადგენლები ბერნში. რუზველტმა აღნიშნა, რომ შვეიცარიაში მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკებები იმართებოდა და მათ დასკვნით ეტაპზე კაზერტაში უკვე საბჭოთა დელეგაციაც მიიღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მოკავშირეებს უარი არ უნდა ეთქვათ მოწინააღმდეგის წინადადებაზე კაპიტულაციის შესახებ, რადგანაც ეს ზედმეტ მსხვერპლს აარიდებდა მათ. რუზველტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მას არ ექნებოდა არანაირი პრეტენზიები, თუ საბჭოთა მხარე ზუსტად ასევე მოიქცეოდა დანციგთან ან კენიგსბერგთან გერმანელებისაგან დანებების სურვილის გამოჩენის შემთხვევაში. ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები იტალიაში გერმანიის ჯარების კაპიტულაციის შესახებ არ შეწყდებოდა მიუხედავად, მისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, საბჭოთა მხარის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა57.
    სტალინზე რუზველტის არგუმენტებმა არანაირი გავლენა არ მოახდინა და საპასუხო წერილში მან ბრალი დასდო მოკავშირეებს, კერძოდ კი ფელდმარშალ ალექსანდერს, ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებების დარღვევაში. მან აღნიშნა, რომ ალექსანდერი აძლევდა მოწინააღმდეგეს აღმოსავლეთისაკენ ძალების გადასროლის საშუალებას და რომ მოლაპარაკებების პერიოდში გერმანელებმა უკვე სამი დივიზია გადმოიყვანეს იტალიიდან საბჭოთა ფრონტზე58. გარდა ამისა, სტალინმა სულაც არ ჩათვალა სწორად იტალიაში განლაგებული ვერმახტის ჯარების მდგომარეობის შედარება იმ ვითარებასთან, რომელიც შეიქმნა დანციგსა და კენიგსბერგთან. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ შემთხვევაში გერმანელები ალყაში იყვნენ მოქცეულნი და მათი დანებება დიდ გავლენას არ იქონიებდა აღმოსავლეთის ფრონტზე, მაშინ როდესაც იტალიაში კაპიტულაციით ისინი გზას უხსნიდნენ ინგლისელებსა და ამერიკელებს. საბჭოთა ლიდერს ეეჭვებოდა, რომ გერმანელებს რაღაც სხვა მიზეზი ამოძრავებდათ, როდესაც მათ მოლაპარაკებაზე გადაწყვიტეს წასვლა, რადგანაც იტალიაში ისინი ალყაში არ იყვნენ მოქცეული და უკანდასახევი გზა ჰქონდათ. ის შიშობდა, რომ გერმანელები იტალიაში განლაგებულ ძალებს გადაისროდნენ აღმოსავლეთში და მოლაპარაკებებსაც სწორედ საბჭოთა ფრონტზე წინააღმდეგობის გაძლიერების მიზნით აწარმოებდნენ59. წერილის ბოლოს კი სტალინი ნიშნის მოგებით აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე ანალოგიური ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ სთხოვდა ინგლის-აშშ-ს ჯარების მთავარსარდლობას თავისი წარმომადგენლების გამოგზავნას, რადგანაც, მისი აზრით, მოკავშირეებს ასეთ სიტუაციაში ერთმანეთისაგან საიდუმლოებები არ უნდა ჰქონოდათ60.
    საბჭოთა მხარის განუწყვეტელი პროტესტების მიუხედავად კონსულტაციები ბერნში მაინც გრძელდებოდა. 30 მარტს ამერიკელებმა მიიღეს ახალი ცნობა ვოლფისაგან, რომელშიც ის აუწყებდა მათ, რომ კესელრინგი დათანხმდა, ეცნო კაპიტულაცია იტალიაში გერმანელთათვის საუკეთესო გამოსავლად და გაეცნო თავისი აზრი ფიტინგოფისათვის61.
    წერილში ვოლფი იტყობინებოდა იმასაც, რომ მალე ჩამოვიდოდა შვეიცარიაში და განაგრძობდა მოლაპარაკებებს, თუმცა ეს მან ვერ (ან არ) მოახერხა. ამიტომ 2 აპრილს ასკონაში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ პარილი გამოცხადდა. ამ უკანასკნელმა ამცნო მოკავშირეებს, რომ ვოლფი შეხვდა ფიტინგოფს და მიიღო მისგან თანხმობა მოლაპარაკებების წარმოებაზე62. ამის შემდეგ პარილიმ განაცხადა, რომ გერმანელები შეთანხმების უმთავრეს პირობად თვლიდნენ მათი ჯარების გერმანიაში დაბრუნების უზრუნველყოფას63. როგორც ვხედავთ, სტალინმა სწორად შეაფასა გერმანელების ნამდვილი მიზნები. სხვა საქმეა, რომ მოკავშირეთა წარმომადგენლებმა არ მიიღეს გერმანელთა წინადადებები, თუმცა მათ არც მოლაპარაკებები შეუწყვეტიათ, როგორც ეს აცნობა რუზველტმა სტალინს 1 აპრილს64.
    აშშ-ს პრეზიდენტის ეს წერილი მიზნად ისახავდა დაძაბულობის მოხსნას. რუზველტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ შვეიცარიაში მიმდინარეობდა მხოლოდ მოსამზადებელი კონსულტაციები, ხოლო ძირითადი მოლაპარაკებები გაიმართებოდა კაზერტაში და იქ მხოლოდ უპირობო კაპიტულაციაზე იქნებოდა საუბარი65. ეს იყო აშკარა ტყუილი, თუმცა რუზველტს უკვე სხვა გამოსავალი არ დარჩენოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ალექსანდერი ვერანაირად ვერ შეუშლიდა ხელს გერმანელების მიერ 3 დივიზიის აღმოსავლეთში გადასროლას, რადგანაც ეს დივიზიები გაყვანილი იქნენ იტალიიდან 1945 წლის იანვარ-თებერვალში, ე. ი. მანამდე, სანამ გერმანელებმა საუბარი დაიწყეს კაპიტულაციაზე66. ამასთან, ამავე პერიოდში თვითონ მოკავშირეებმაც გადაისროლეს თავისი ნაწილები იტალიიდან დასავლეთის ფრონტზე, სადაც ისინი რაინის ფორსირებისათვის ემზადებოდნენ. გარდა ამისა, რუზველტმა ამცნო სტალინს, რომ მზადდებოდა შეტევა იტალიაში, რომელიც, მართალია, არ იქნებოდა ფართო მასშტაბის, რადგანაც მოკავშირეებს აქ მხოლოდ 17 დივიზია ჰყავდათ 24-ის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მაინც შეუშლიდა ხელს მომავალში გერმანელთა ჯარების გადაყვანას აპენინის ნ-კ-დან რომელიმე სხვა ფრონტზე67. თავისი წერილის ბოლო ნაწილში კი აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელი ეს საკონფლიქტო სიტუაცია წარმოიშვა ერთი გერმანელი ოფიცრის ინიციატივის შედეგად, რომელსაც მთავარ მიზნად დასახული ჰქონდა მოკავშირეებს შორის უნდობლობის ჩამოგდება და გამოთქვა იმედი, რომ ეს წერილი სტალინს ყოველგვარ ეჭვებს გაუფანტავდა68.
    აშკარაა, რომ რუზველტი, როგორც იქნა, მიხვდა ვოლფის მოქმედების ნამდვილ მიზანს, მაგრამ გასაოცარია, რომ მან არც ამის შემდეგ გასცა ბრძანება ბერნის მოლაპარაკებების საბოლოო შეწყვეტის შესახებ. კონტაქტები დალესსა და პარილის შორის გრძელდებოდა და დალესიც ღებულობდა ვოლფის წერილებს, რომლებიც ფაქტობრივად არანაირ ფასეულ ინფორმაციას არ შეიცავდა. მხოლოდ 21 აპრილს, იტალიაში მოკავშირეთა შეტევის დაწყებამდე 2 დღით ადრე69, მიიღო დალესმა ბრძანება გაერთიანებული შტაბიდან ვოლფთან ყველანაირი კონტაქტების გაწყვეტის თაობაზე70.
    მიუხედავად ამისა, დალესი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა და როდესაც მიიღო ცნობა პარილისაგან ვოლფისა და გერმანიის არმიის წარმომადგენლის საზღვართან მოსვლის შესახებ, თავის ხელმძღვანელობას მოსთხოვა ახალი ბრძანება კონტაქტების აღდგენის შესახებ. მართლაც, დალესმა ასეთი ბრძანება მიიღო 25 აპრილს, მაშინ როდესაც მოკავშირეთა შეტევა უკვე ორი დღის დაწყებული იყო და მათ მოახერხეს მდ. პოს ხეობაში გერმანელთა თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა, რაც გადამწყვეტ წარმატებას ნიშნავდა. უფრო მეტიც, 25 აპრილს ჩრდილოეთ იტალიაში დაიწყო აჯანყება, რის შედეგადაც ტურინი, გენუა და მილანი პარტიზანების ხელში გადავიდა. ვოლფი თვითონაც ალყაში მოექცა ერთ-ერთ სოფელში, საიდანაც დალესის ხალხმა ის ძლივს გამოიყვანა71. 27 აპრილს დალესმა მიიღო ბრძანება, რომ გადაეგზავნა ვოლფი კაზერტაში, ხოლო თვითონ თავი შეეკავებინა რაიმე მოლაპარაკებებისაგან შვეიცარიაში.
    ამ დროისათვის გერმანული შენაერთები იტალიაში რაიმე სერიოზულ ძალას არ წარმოადგენდნენ და მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ალბათ უვოლფოდაც დანებდებოდნენ მოკავშირეებს, მაგრამ მაინც გადაწყდა, რომ კაპიტულაცია უფრო სწრაფად სწორედ ვოლფის დახმარებით მოხდებოდა72. არ არის გამორიცხული, რომ მოკავშირეებს ასეთი გადაწყვეტილება განაპირობა ტრიესტში ტიტოს ძალებზე უფრო ადრე შესვლის სურვილმა. თუმცა მათ აქაც კაზუსი შეემთხვათ. კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე ტრიესტი იტალიაში განლაგებული ჯარების იურისდიქციიდან გადაეცა არმიათა ჯგუფ „H“-ის სარდლობას. ასე რომ, კაპიტულაციისას მოკავშირეებმა ტრიესტის ავტომატურად დაკავების უფლება ვერ მიიღეს.
    29 აპრილს კაზერტაში მოეწერა ხელი იტალიაში განლაგებული (უფრო სწორად, ტრიესტის მახლობლად გამომწყვდეული) გერმანული ნაწილების უპირობო კაპიტულაციას73. ბუნებრივია, რომ ამ ფაქტმა დიდი ზეგავლენა ვერ მოახდინა სხვა ფრონტებზე არსებულ მდგომარეობაზე, რადგანაც 10 დღეში იქაც ყველაფერი მოთავდა. ასე რომ,ვოლფმა თავის მთავარ მიზანს _ მოკავშირეთა შორის განხეთქილების ჩამოგდება _ ვერ მიაღწია, თუმცა, სამაგიეროდ, საჭირო დროს მართლაც შეძლო კაპიტულაციის მოწყობაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი თავის გადარჩენა.
    და მაინც, ვოლფი თავის საბოლოო მიზანთან საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა 1945 წ. აპრილის დასაწყისში. სტალინმა რუზველტის 1 აპრილის წერილი დამაკმაყოფილებლად სულაც არ ჩათვალა. 3 აპრილს მან აშშ-ს პრეზიდენტს, და საერთოდ დასავლეთელ მოკავშირეებს, სერიოზული ბრალდება წარუყენა. სტალინმა განცხადა, რომ საბჭოთა ინფორმატორების ცნობებით, ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომლის თანახმადაც კესელრინგი დათანხმდა ინგლისელებსა და ამერიკელებს დასავლეთის ფრონტის მოხსნას დაზავების პირობების შემსუბუქების სანაცვლოდ. მისი აზრით, ყოველივე ეს ძალიან წააგავდა სიმართლეს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა წარმომადგენლებს მიიწვევდნენ შვეიცარიაში74. სტალინის თქმით, მას კარგად ესმოდა, თუ რა დივიდენდებს მიიღებდნენ ინგლის-აშშ-ს ჯარები ამ სეპარატული მოლაპარაკებების შედეგად, მაგრამ ეს, მისი აზრით, მაინც არ იქნებოდა გამართლებული, რადგანაც მოკავშირეთა შორის ნდობის შენარჩუნება-განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გერმანიის სიღრმეში პრაქტიკულად უბრძოლველად წინსვლა. საბჭოთა ლიდერის განცხადებით, ის არასდროს არ გადადგამდა მსგავს ნაბიჯს75.
    სტალინის ასე მკვეთრად გამოხატულ უკმაყოფილებას და მოკავშირეების პირდაპირ დადანაშაულებას კესელრინგთან ხელშეკრულების დადებასა და ამის სანაცვლოდ სამხედრო წარმატებების მოპოვებაში, საკმაოდ სერიოზული მიზეზები ჰქონდა. მას კარგად ესმოდა, რომ ომის შემდგომ პოლიტიკურად გაცილებით უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ის მხარე, რომლის ჯარებიც დაიკავებდნენ ბერლინს.
    სტალინს ეშინოდა, რომ ამერიკელები და ინგლისელები მართლაც წავიდოდნენ გერმანელებთან შეთანხმებაზე, რათა პირველებს მიეღწიათ გერმანიის დედაქალაქისათვის. ერთი შეხედვით, მას თითქოს არ უნდა ჰქონოდა ასეთი შიშის საფუძველი, რადგანაც 1945 წ. 28 მარტს დუაიტ ეიზენჰაუერმა (მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი დასავლეთ ევროპაში) საბჭოთა ლიდერს აცნობა, რომ მისი ძალების მთავარი დარტყმის მიმართულება ბერლინის სამხრეთით _ ერფურტის, ლაიფციგისა და დრეზდენისაკენ იქნებოდა გამიზნული76. ამ ინფორმაციას სტალინი უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ მან ან რაღაც იცოდა, ანაც უბრალოდ ხვდებოდა, რომ ბერლინის საკითხზე მოკავშირეებს შორის თანხმობა არ არსებობდა. მართლაც, დასავლეთელ მოკავშირეებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ჰქონდა ადგილი ბერლინის ასაღებად ოპერაციის განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. ამ დისპუტმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი სწორედ ეიზენჰაუერის აღნიშნული წერილის შემდეგ მიიღო. ჩერჩილმა ჩათვალა, რომ მოკავშირეთა ჯარების მთავარსარდალმა გადაამეტა თავის უფლებებს, როდესაც აცნობა სტალინს თავისი გეგმის შესახებ. მართალია, 1945წ. იანვარში ეიზენჰაუერს მიეცა უფლება, სამხედრო საკითხების თაობაზე პირდაპირ დაკავშირებოდა მოსკოვს, მაგრამ, ბრიტანეთის პრემიერის აზრით, ეს პრობლემა სცილდებოდა მხოლოდ სამხედრო ჩარჩოებს და მას პოლიტიკური ასპექტებიც ჰქონდა. ჩერჩილი საჭიროდ თვლიდა ბ. მონტგომერის ძალებისათვის ყველა შესაძლო ნაწილის დამატებას და ამ შენაერთის გაგზავნას ბერლინის მიმართულებით77. აღნიშნული წინადადებით მან მიმართა კიდეც გაერთიანებულ შტაბს. საბოლოო ჯამში, ამერიკელებმა მაინც ძალაში დატოვეს ეიზენჰაუერის გეგმა, რაც რეალობის საღ შეფასებას ნიშნავდა. ეიზენჰაუერის თქმით, ბერლინის აღება მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარები გერმანიის დედაქალაქიდან დაახლოებით 50-55კმ-ზე იმყოფებოდნენ, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ უზარმაზარი მსხვერპლის _ 100 ათ. ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად და ისიც არაგარანტირებულად78. გარდა ამისა, რუზველტი ითვალისწინებდა იმ გარემოებასაც, რომ იალტაში ის და ჩერჩილი დათანხმდნენ ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში მოქცევას, რაც იძულებულს გახდიდა მათ, გერმანიის დედაქალაქის აღების შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მაინც გადაეცათ ქალაქი საბჭოთა მხარისათვის.
    სტალინის ბრალდებები, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა უპასუხოდ დარჩენილიყო და 1945წ. 5 აპრილს საბჭოთა ლიდერმა მიიღო მორიგი წერილი რუზველტისაგან. აღნიშნულ წერილში აშშ-ს პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი გაოცება სტალინის ბრალდების გამო, თითქოს ბერნში დაიდო შეთანხმება კესელრინგთან, რისი შედეგიც იყო აშშ-ინგლისის ჯარების ელვისებური წინსვლა დასავლეთის ფრონტზე. ეს, რუზველტის თქმით, ინგლისელთა და ამერიკელთა სამხედრო წარმატებების შედეგი იყო და რომ ეიზენჰაუერი მოწინააღმდეგე მხარესთან დადებდა მხოლოდ ერთ შეთანხმებას, კერძოდ: მიიღებდა უპირობო კაპიტულაციას79.
    გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბერნში მიმდინარე შეხვედრები ატარებდა საკონსულტაციო ხასიათს, რის გამოც მათ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური კონტექსტი და არავითარი მოლაპარაკებები კაპიტულაციის გარშემო იქ არ წარმოებულა. ამასთან, რუზველტმა აღუთქვა სტალინს, რომ საბჭოთა წარმომადგენლებს მიიწვევდნენ იტალიაში მყოფი გერმანიის ჯარების უპირობო კაპიტულაციის პრინციპზე დაფუძნებული დანებების პროცედურაზე დასასწრებად80. წერილის დასკვნით ნაწილში რუზველტმა გამოხატა თავისი უკიდურესი უკმაყოფილება იმ პირებით, რომლებმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საბჭოთა ლიდერს ბერნის შეხვედრების შესახებ და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ცნობები მიღებული იყო გერმანული წყაროებიდან81. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვოლფმა ეტყობა ნაწილობრივ მიაღწია კიდეც თავის მიზანს და შეძლო მოკავშირეთა შორის გარკვეული განხეთქილების შეტანა, რის დასტურადაც გამოდგებოდა სტალინის 3 აპრილის წერილი82.
    რუზველტს ამჯერად მხარი აუბა ჩერჩილმაც, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სტალინთან მიმოწერაში ფაქტობრივად არ შეხებია „ბერნის ინციდენტს“. როგორც ჩანს, მისი გააქტიურება გამოიწვია სტალინის ზემოხსენებული 3 აპრილის წერილის ერთმა ნაწილმა, რომელშიც საბჭოთა ლიდერმა მთელი პასუხისმგებლობა ბერნში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ინგლისელებს გადააბრალა და ამერიკელები მათი ინტრიგების მსხვერპლად გამოიყვანა. ჩერჩილმა სტალინს აუწყა, რომ ინგლისელები უკიდურესად გაოცებული და შეურაცხყოფილი დარჩნენ ამგვარი ბრალდებით83. ინგლისის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ შვეიცარიაში გერმანელთა იტალიაში კაპიტულაციის შესახებაც კი არ ყოფილა არავითარი მოლაპარაკებები და, მით უმეტეს, ამ შეხვედრებზე არ დადებულა ასეთი სამარცხვინო სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმება. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ბერნის კონსულტაციების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო საბჭოთა წარმომადგენლების მიწვევა ალექსანდერის შტაბში საბოლოო მოლაპარაკებებზე, თუმცა კონტაქტების ჩაშლის გამო ამ იდეიდან არაფერი გამოვიდა. წერილის ბოლოს ინგლისის პრემიერმა გაიზიარა რუზველტის აღშფოთება საბჭოთა ინფორმატორებით მათ მიერ სტალინისათვის არასწორი ცნობების მიწოდების გამო84.
    წააწყდა რა რუზველტისა და ჩერჩილის მხრიდან ასეთ მწვავე რეაქციას, სტალინი იძულებული გახდა, საპასუხო წერილში, რომელიც მან აშშ-ს პრეზიდენტს 1945წ. 7 აპრილს გაუგზავნა, ოდნავ შეერბილებინა ტონი და უარი ეთქვა გერმანელებთან შეთანხმებაში თავისი მოკავშირეების პირდაპირ დადანაშაულებაზე. საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ მას არ ეპარებოდა ეჭვი რუზველტისა და ჩერჩილის პატიოსნებასა და საიმედოობაში85. მან აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ იმას, თუ როგორ აფასებდნენ მხარეები თავიანთ მოკავშირულ ვალდებულებებს. სტალინის თქმით, ამ საკითხისადმი ინგლისსა და აშშ-ს სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა კავშირს, თუმცა, მისი აზრით, სწორედ საბჭოთა მიდგომა იყო სწორი, რადგანაც ის გამორიცხავდა ყოველგვარ ეჭვებს მოკავშირეთა ურთიერთობებში და არ მისცემდა მოწინააღმდეგეს მათ შორის უნდობლობის ჩამოგდების საშუალებას86. საბჭოთა ლიდერი არ დაეთანხმა რუზველტს არც იმაში, რომ დასავლეთის ფრონტზე ინგლისელებისა და ამერიკელების წარმატებები გამოწვეული იყო მხოლოდ გერმანელების მიერ იქ განცდილი სამხედრო კრახით. მან განაცხადა, რომ გერმანელებს თავისუფლად შეეძლოთ დასავლეთში 15-20 დივიზიის გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტიდან, სადაც მათ 147 დივიზია ჰყავდათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სტალინს ძალიან უცნაურად მიაჩნდა, რომ მოწინააღმდეგე გააფთრებით ებრძოდა საბჭოთა ჯარებს ჩეხოსლოვაკიაში რომელიღაც ნაკლებად ცნობილ სადგურ ზემლიანიცასათვის, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა გერმანიისათვის, მაშინ როდესაც ინგლისელები და ამერიკელები ფაქტობრივად უბრძოლველად იღებდნენ ოსნაბრიუკს, მანჰაიმსა და კასელს _ საკვანძო პუნქტებს გერმანიის ცენტრში87.
    უნდა ითქვას, რომ, ჩვენი აზრით, სტალინის ამ განცხადებას გულწრფელობა აკლდა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ გერმანელებს ერჩივნათ კაპიტულაციის გამოცხადება სწორედ დასავლეთელი მოკავშირეების და არა საბჭოთა კავშირის წინაშე. ასე რომ, მისთვის სრულიადაც არ უნდა ყოფილიყო გაუგებარი მოწინააღმდეგის ამგვარი მოქმედება. შესაძლოა, სტალინის ეს განცხადება სხვა არაფერი იყო, თუ არა ინგლისელებისა და ამერიკელების კიდევ ერთხელ დადანაშაულება გერმანელებთან შეთანხმებაში, ოღონდ ამჯერად ყოველივე ეს ბევრად უფრო დიპლომატიურად იყო გამოთქმული. ამას ადასტურებს ისიც, რომ წერილის ბოლოს სტალინმა დაიცვა თავისი ინფორმატორები, რომლებიც, მისი თქმით, არაერთხელ იყვნენ საქმით შემოწმებულნი. გარდა ამისა, მან ეჭვი შეიტანა მოკავშირეთა მიერ მოწოდებული ცნობების სისწორეში, რის დასტურადაც მოიყვანა ჯ. მარშალის მონაცემები, რომლებიც 1945წ. თებერვალში გადაეცა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. სტალინის განცხადებით, ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, გერმანელები აპირებდნენ მარტში ორი მძლავრი კონტრშეტევის მოწყობას აღმოსავლეთის ფრონტზე, რომელთაგან ერთი მიმართული იქნებოდა პომერანიიდან ტორნზე, ხოლო მეორე _ მორავსკა ოსტრავადან ლოძზე. მარშალის ეს მონაცემები თავიდან ბოლომდე მცდარი აღმოჩნდა. სტალინი ერთგვარი ნიშნის მოგებით უცხადებდა რუზველტს, რომ 1945წ. მარტში გერმანელებმა მართლაც მოაწყვეს კონტრშეტევა, ოღონდ ბუდაპეშტის მიდამოებში, კერძოდ, ბალატონის ტბის რაიონში და მარშალმა ტოლბუხინმა, საბჭოთა ლიდერის თქმით, კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ საბჭოთა ინფორმატორების წყალობით მოახერხა, რომელთაც, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაიგეს გერმანელების ნამდვილი გეგმები და აცნობეს მათ შესახებ მთავარსარდლობას88. ასე რომ, სტალინმა ფაქტობრივად არ დაიხია უკან თავისი პოზიციებიდან, თუმცა ამჯერად უფრო დიპლომატიური ტონით ამჯობინა ფონს გასვლა. მან აღნიშნული წერილი ჩერჩილსაც გადაუგზავნა პატარა წამძღვარებით, რომელშიც ინგლისის პრემიერს აცნობა, რომ თუ მისი ყველა გულწრფელი განცხადება შეურაცხყოფად იქნებოდა მიღებული, ეს ძალიან გაართულებდა მიმოწერას89.
    სტალინის 7 აპრილის წერილით „ბერნის ინციდენტი“ ფაქტობრივად ისტორიას ჩაბარდა. ჩერჩილი მეტი არც შეხებია ამ თემას, ხოლო რუზველტმა 12 აპრილს (თავის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე) სტალინს გამოუგზავნა პატარა ბარათი, რომელშიც მადლობა გადაუხადა მას თავისი თვალსაზრისის გულწრფელად გაზიარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები არ განმეორდებოდა90. როგორც ჩანს, მას მეტი არც სურდა ამ საკითხზე შეჩერება, მით უმეტეს, რომ 1945წ. 5 აპრილს სტალინმა ინგლისსა და აშშ-ს მოკავშირული ვალდებულებების დაცვის მაგალითი უჩვენა, როდესაც მოახდინა 1941წ. 13 აპრილს იაპონიასთან დადებული პაქტის დენონსირება91. ასე და ამგვარად, ვოლფის მიერ 1945წ. თებერვალში დაწყებულმა პროვოკაციამ, საბოლოო ჯამში, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მოკავშირეებს შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობა ჩამოაგდო.
შენიშვნები
1. ა. დალლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, Nიუ იორკ, 1956. არსებობს მოლაპარაკებათა კიდევ ერთი მონაწილის, შვეიცარიელი დაზვერვის ოფიცრის მაქს ვაიბელის მემუარებიც (იხ.: M. ჭაიბელ. Kაპიტულატიონ ინ Nორდიტალიენ, Bასელ, 1981), თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები მის გარეშე წყდებოდა.
2. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი (ჟოინტ Aუტჰორ). Oპერატიონ „შუნრისე“. თჰე შეცრეტ შურრენდერ, Nეწ Yორკ, 1979.
3. Lლ. ჭოოდწარდ. Bრიტისჰ Fორეიგნ Pოლიცყ ინ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ, ვოლ. III, L., 1971; ღ. შჰერწოოდ. ღოოსეველტ ანდ Hოპკინს. Aნ Iნტიმატე Hისტორყ, Nეწ Yორკ, 1948; Gრანდ შტრატეგყ. Vოლ. VI. Oცტობერ 1944 – Aუგუსტ 1945, ბყ ჟ. Eჰრმან, L., 1956, გვ. 125; ღ. Dალლეკ. Fრანკლინ ღოოსეველტ ანდ ჭორლდ ჭარ II, Nეწ Yორკ, 1978, გვ. 295; H. Mიცჰელ. თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ, Nეწ Yორკ, 1975, გვ. 756; H. Fეის. ჩჰურცჰილლ, ღოოსეველტ ანდ შტალინ. თჰე ჭარ თჰეყ ჭაგედ ანდ ტჰე Pეაცე თჰეყ შოუგჰტ, Pრინცეტონ, Nჟ, 1957, გვ. 592; B. H. Lიდდელლ Hარტ. თჰე Hისტორყ ოფ ჭორლდ ჭარ II, Nეწ Yორკ, 1971, გვ. 674; ჩჰ. ჭილმოტ. თჰე შტრუგგლე ფორ Eუროპე, L., 1974, გვ. 548 და ა.შ.
4. История второй мировой войны, в 12 томах, пред. ред. ком. А. А. Гречко (тт. 1-7) и Д. Ф. Устинова (тт. 8-12), т. 10, гл. ред. Н. И. Шеховцев, М., 1979, გვ. 357-358; История дипломатии, в 6-и томах, под ред. В. А. Зорина (т. I) и А. А. Громыко (тт. II-VI), т. IV, М., 1975, გვ. 623-625; В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, М., 1985, გვ. 367-375; Н. Иноземцев. Внешняя политика США в эпоху империализма, М., 1960, გვ. 420-421; В. М. Кулиш. История второго фронта, М., 1971, გვ. 587 და ა.შ.
5. Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг., в 2-х томах, М., 1957, т. I, გვ. 320-323, 402-403; т. II, გვ. 198-199, 204-205, 206-208, 291-292.
6. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 55.
7. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 56.
8. იქვე.
9. იქვე.
10. იქვე.
11. იქვე, გვ. 56-57.
12. იქვე, გვ. 57.
13. A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 44-45.
14. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ `შუნრისე~, გვ. 57-58. საინტერესოა, რომ პარტიზანებმა მხოლოდ ბრიტანელებისა და ამერიკელებისაგან შეიტყვეს ასეთი გეგმის არსებობის შესახებ.
15. A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 48-49.
16. როგორც ჩანს, აქ გარკვეული გავლენა იქონია ბრიტანელთა აშკარად ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მსგავსი წინადადებებისადმი და დალესის საკმაო დაინტერესებამ ამგვარი იდეებით.
17. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 58-60.
18. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 59.
19. იქვე.
20. იქვე, გვ. 60. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები იმდენად გავრცელდა 1945წ. თებერვლის ბოლოსათვის, რომ ერთ-ერთმა ბრიტანელმა კორესპონდენტმაც კი შეიტყო მათ შესახებ და გაზეთშიც კი გამოაქვეყნა.
21. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 61-62.
22. იქვე.
23. ვორლდ ვარ ინ Eუროპე, – ან Eნცყცლოპედია, ედ. ბყ D. ძაბეცკი, Nეწ Yორკ, 1999, ვოლ. I, გვ. 556.
24. განხეთქილების მიზეზი იყო ის, რომ რაიხსფიურერი ვოლფის განქორწინების წინააღმდეგ წავიდა, რის შემდეგაც ვოლფი პირდაპირ ჰიტლერთან შევიდა და მისგან მიიღო თანხმობა, რაც ჰიმლერმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. იხ.: A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 60.
25. იტალიის ფრონტიდან, სადაც 1944 წლის ზაფხულის შემდეგ ცვლილებები პრაქტიკულად არ იყო, საკმაოდ ცუდად აღიქმებოდა სიტუაცია სხვა ფრონტებზე. საქმე ისეთ კურიოზამდეც კი მივიდა, რომ 1945წ. აპრილში (!) კაპიტულაციის ერთ-ერთმა მომხრემ კესელრინგს ურჩია „სამი დღით შვეიცარიაში წასვლა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში“. იხ.: B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 60.
26. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 371.
27. ვოლფი უნდა გაესამართლებინათ ნიურნბერგში, მაგრამ ამერიკელებმა იმდენად გააჭიანურეს მისი გადაცემა, რომ ვერ მოესწრო პროცესში მისი ჩართვა და ის მხოლოდ მეორე ეშელონში მოხვდა. შესაძლოა, ამან ვოლფი სიკვდილს გადაარჩინა, რადგანაც საბჭოთა მხარე ნიურნბერგში ასეთი მაღალი ჩინის შშ-ის ოფიცრის გამართლებას უბრალოდ არ დაუშვებდა, თუმცა ალბათ ეს ამერიკელებს მხოლოდ ვოლფის სიცოცხლეზე ზრუნვის გამო არ ჩაუდენიათ. შესაძლოა, მათ არ ჰქონდათ ვოლფთან დაკავშირებული საკმაოდ საჩოთირო საკითხების განხილვის სურვილი. შედეგად კი მეორე პროცესი ნიურბერგში არც შედგა და ვოლფი გადაეცა ბრიტანელებს, რომლებმაც ის გაასამართლეს 1949წ. და გაამართლეს კიდეც. მოგვიანებით, 1964წ. ვოლფი უკვე გფრ-ს მთავრობამ გაასამართლა და მიუსაჯა მას 15 წელი. ვოლფს ამ პროცესზე დაუმტკიცდა ტრებლინკაში ებრაელების გადასაყვანად მანქანების გადაგზავნის ფაქტი, თუმცა ის კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ არც იცოდა, თუ რა ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში საერთოდ და ტრებლინკაში კერძოდ. მაგრამ ამით „ვოლფის საქმე“ არ დასრულებულა. 1971წ. ვოლფი გაათავისუფლეს და ამის შემდეგ ის ერთი პერიოდი ლამის ტელევარსკვლავადაც კი იქცა. იხ.: ჭორლდ ჭარ ინ Eუროპე, ვოლ. I, გვ. 556; A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 253; B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 191.
28. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 67.
29. არ არის გამორიცხული, რომ ჰიტლერმა ვოლფს პირდაპირი ბრძანებაც მისცა, მაგრამ თუ ეს არ მომხდარა, არც ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგანაც ჰიტლერი ხშირად აძლევდა თავის ხელქვეითებს დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას, რაც ვოლფმაც კარგად იცოდა.
30. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 67.
31. იქვე, გვ. 68. არც აქ არის გამორიცხული, რომ ვოლფი უბრალოდ ატყუებდა ამერიკელებს მითიური საფრთხით, რათა ამით აეხსნა კაპიტულაციის მოწყობის გადავადება, თუმცა, შესაძლოა, კალტენბრუნერს მართლაც შეეშალა ვოლფისათვის ხელი, რადგანაც მას თავად სურდა კაპიტულაციის სხვებზე ადრე გამოცხადების ორგანიზება.
32. სინამდვილეში ტაკერ-უოლაბი პარტიზანების დასახმარებლად გადადიოდა იტალიაში და ეს მისი პირველი მისიაც არ იყო. უბრალოდ ორ იტალიელ პარტიზანთან ერთად ტყვედ ჩავარდნის შემდეგ მან თავისი სიცოცხლის გადასარჩენად შეთხზა ეს ამბავი. მონაყოლი მას იმდენად ეფექტური გამოუვიდა, რომ მან მართლაც მოახერხა „კონტაქტის დამყარება“ გერმანელთა და იტალიელთა უმაღლეს სარდლობასთან. იხ.: B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 68.
33. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 68.
34. ციმერი და ჰიუგელი თავდაპირველად მოქმედებდნენ ვალტერ შელენბერგის ინსტრუქციების მიხედვით და პარილის შვეიცარიაში გაგზავნის ბრძანებაც სწორედ მას უნდა გაეცა, მაგრამ შელენბერგმა დააგვიანა ამის გაკეთება. საბოლოოდ ჰიუგელმა თავისით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ციმერის მეშვეობით გადააგზავნა პარილი საზღვარს იქით. იხ.: B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 68.
35. როგორც ჩანს, პარილიმ ახსენა, რომ მისი მისიის შესახებ დოლმანიც იყო კურსში, რაც, შესაძლოა, სიმართლეს შეესაბამებოდა კიდეც, რადგანაც ის თანაუგრძნობდა ჰიუგელსა და ციმერს. იხ.: B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 68.
36. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 68.
37. იქვე, გვ. 71.
38. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 371.
39. A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 76.
40. იქვე, გვ. 76-77.
41. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 71.
42. A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 105-106.
43. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 84. როგორც ჩანს, ასეთ ოფიცრად მან მიიჩნია ვოლფის ადიუტანტი ოიგენ ვენერი.
44. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 85.
45. იქვე, გვ. 85-86.
46. იქვე, გვ. 86. გაუგებარი მიზეზების გამო, დიდ ბრიტანეთისა და სსრკ-ს ურთიერთობების დიდი სამამულო ომის დროინდელ ოფიციალურ კრებულში სრული სახით ამ წერილმა ასახვა არ ჰპოვა. იქ მოყვანილია მხოლოდ პატარა ციტატა ალექსანდერის მოხსენებიდან, რომ ბერნში დაიწყო მოლაპარაკებები ვოლფთან და კომენტარში რატომღაც მითითებულია, რომამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ინგლის-ამერიკის ჯარების სტრატეგიული სამსახურების სამმართველო“ (Советско-английские отношения во время Великой Отечественной войны, 1941-1945. Документы и материалы, в 2-х томах, М., 1983, т. II, გვ. 455-456, შენ. 75.). ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვოლფთან კონტაქტი ჰქონდა აშშ-ს (და არა ინგლის-ამერიკის ჯარების) სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს ბერნის განყოფილებას.
47. Dიარყ ოფ H. L. შტიმსონ, Yალე Uნივერსიტყ, 12 მარცჰ, 1945.
48. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 87. კაზერტაში უნდა მომხდარიყო საბოლოო შეთანხმება და კაპიტულაციის გამოცხადება.
49. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 91.
50. Советско-английские отношения.., т. II, გვ. 455-456, შენ. 75.
51. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 90.
52. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 370.
53. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 94.
54. არა არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გაჟონვას, შესაძლოა ბერლინის მიერ დაგეგმილს.
55. Советско-американские отношения во время Великой Отечественной войны,
1941-1945. Документы и материалы, в 2-х томах, М., 1984, т. II, გვ. 338-339.
56. აღსანიშნავია, რომ ბერნის ინციდენტთან დაკავშირებით რუზველტის მიერ სტალინისათვის გამოგზავნილი ყველა წერილი არის ადმირალ ლეჰის დაწერილი და სტიმსონისა და მარშალის მიერ რედაქტირებული. რუზველტი მხოლოდ ათვალიერებდა ხოლმე ამ წერილებს და ისე აწერდა ხელს. სმიტი და აგაროსი ამას რუზველტის ავადმყოფობით ხსნიან (B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 108.), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი იმ დროს არც თუ ცუდად გრძნობდა თავს. შესაძლოა, მას უბრალოდ სინდისის ქენჯნა აწუხებდა და არ სურდა სტალინისათვის ტყუილების საკუთარი ხელით მიწერა.
57. Переписка.., т. II, გვ. 196-197.
58. იქვე, გვ. 199.
59. იქვე. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელები აღმოსავლეთის ფრონტზე ჯარების გადასროლას ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშეც ახერხებდნენ და მხოლოდ ამ მიზნით ბერნში შეხვედრების მოწყობა არ სჭირდებოდათ. მათ აშკარად უფრო დიდი მიზნები ჰქონდათ დასახული.
60. Переписка.., т. II, გვ. 199. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფრაზის დაწერა სტალინს პრაქტიკულად არანაირ ვალდებულებას არ აკისრებდა. აღმოსავლეთის ფრონტზე მსგავსი სიტუაციის შექმნა უბრალოდ არარეალური იყო და ეს სტალინსაც კარგად ესმოდა.
61. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 113.
62. ეს სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეეფერებოდა. ფიტინგოფმა მართლაც მოუწონა ვოლფს ამერიკელებთან ურთიერთობების დამყარება, მაგრამ ნებისმიერი დახმარებისაგან იმ ეტაპზე თავი შეიკავა. იხ.: B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 113-114.
63. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 113-114.
64. Переписка.., т. II, გვ. 203.
65. იქვე.
66. იქვე.
67. იქვე.
68 .იქვე.
69. სხვა ფრონტებზე მდგომარეობა უკვე გარკვეული იყო: აღმოსავლეთში საბჭოთა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ბერლინს, დასავლეთში კი _ გერმანული ნაწილები, ყოველგვარი ვოლფების გარეშე, თითქმის მასობრივად ნებდებოდნენ ამერიკელებსა და ბრიტანელებს.
70. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 154.
71. A. Dულლეს. თჰე შეცრეტ შურრენდერ, გვ. 185. როგორც ჩანს, დალესი და მისი ხალხი იმდენად შეიპყრო გამარჯვების უომრად მიღწევის იდეამ, რომ მან ასეთ სიტუაციაშიც კი არ დაიშურა ძალ-ღონე კაპიტულაციის მოსაწყობად, რაც ალბათ, პირველ რიგში, უკვე საკუთარი დამსახურებისა და როლის წარმოჩენის სურვილით იყო განპირობებული.
72. B. შმიტჰ, E. Aგაროსსი. Oპერატიონ „შუნრისე“, გვ. 158.
73. ამ კაპიტულაციას დაესწრო გენ. ა. კისლენკო, საბჭოთა წარმომადგენელი იტალიის საქმეების საკონსულტაციო საბჭოში.
74. Переписка.., т. II, გვ. 204.
75. იქვე, გვ. 204-205.
76. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, Nეწ Yორკ, 1948, გვ. 523.
77. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, Nეწ Yორკ, 1948, გვ. 515.
78. იქვე, გვ. 575. აღსანიშნავია, რომ თუ ამერიკელმა მთავარსარდლებმა 100 ათ. კაცი უზარმაზარ მსხვერპლად ჩათვალეს, საბჭოთა მხარე ასე სულაც არ ფიქრობდა. გ. ჟუკოვმა 100 ათ. კაცი მხოლოდ ზეელის სიმაღლეების შტურმის დროს 2 დღეში შეაწყვიტა გერმანელებს ბერლინის რაც შეიძლება სწრაფად ასაღებად.
79. Переписка.., т. II, გვ. 205-206.
80. იქვე, გვ. 205.
81. იქვე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მართლაც ძალზე სავარაუდო უნდა იყოს.
82. Переписка.., т. II, გვ. 206.
83. Переписка.., т. I, გვ. 316. როგორც ჩანს, სტალინის ამგვარ ბრალდებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ მოკავშირეთა ჯარებს იტალიაში სარდლობდა ბრიტანელი ფელდმარშალი ალექსანდერი. არადა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელებს აშკარად ძალზედ მცირე წვლილი მიუძღოდათ „ბერნის ინციდენტში“. მთელი ამ ავანტიურის მთავარ სულისჩამდგმელად თამამად შეიძლება ჩაითვალოს ალენ დალესი, რომელმაც ვოლფის მიერ მომზადებული სატყუარა მთლიანად ჩაყლაპა.
84. Переписка.., т. I, გვ. 317.
85. Переписка.., т. II, გვ. 206-208.
86. იქვე, გვ. 206-207.
87. იქვე, გვ. 207.
88. Переписка.., т. II, გვ. 207-208.
89. Переписка.., т. I, გვ. 321.
90. Переписка.., т. II, გვ. 211-212.
91. История дипломатии, т. IV, გვ. 696-697.

Комментариев нет:

Отправить комментарий