воскресенье, 25 декабря 2016 г.

დისკუსია გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის საკითხზე (თ. პაპასქირი)

1941წ. 22 ივნისს გამთენიისას გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე სისხლისმღვრელი ეტაპი, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდი სამამულო ომი ეწოდა. საბჭოთა უმაღლესი სარდლობისა და უშუალოდ სამხედრო შენაერთებისათვის გერმანელების თავდასხმა იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ომის პირველი თვეები გერმანელთა სრული უპირატესობით წარიმართა. სულ რაღაც 4 თვეში გერმანული სამხედრო ნაწილები მოსკოვსა და ლენინგრადს მიადგნენ და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვეს. მხოლოდ ომის პირველ თვეებში 3,3 მლნ საბჭოთა ჯარისკაცი ჩავარდა ტყვედ,1 ხოლო დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დადგენა დღესაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
სსრკ-გერმანიის ომის საწყის პერიოდს უამრავი გამოკვლევა მიეძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოური თუ დასავლური ისტორიოგრაფია დიდი ორიგინალურობით მაინცდამაინც ვერ გამოირჩეოდა საბჭოთა კავშირის თავს დატეხილი კატასტროფის მიზეზების ახსნისას. მკვლევრებმა თითქმის ერთხმად ჩათვალეს, რომ გერმანელთა წარმატებები ძირითადად განაპირობა საბჭოთა არმიის სისუსტემ, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო როგორც სტალინის მიერ არმიაში 1937-1938 წლებში გატარებული რეპრესიებით, ისე სსრ კავშირის სამხედრო მრეწველობის ჩამორჩენილობით. დაიწერა უამრავი ნაშრომი იმის თაობაზე, თუ რამდენად მოძველებული იყო საბჭოთა ტანკები, თვითმფრინავები და ა.შ. ყურადღება მიექცა იმ გარემოებასაც, რომ სსრკ-გერმანიის საზღვარი პრაქტიკულად არ იყო გამაგრებული და მასზე თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობა ნორმალურად დაწყებულიც კი არ იყო.1 თამამად შეიძლება ითქვას, რომ XXს. 80-იანი წლების შუახანებში, ომის დამთავრებიდან 40 წლის თავზე, თეზისი საბჭოთა კავშირის ომისათვის მოუმზადებლობის შესახებ მთლიანად გაბატონებული იყო ისტორიოგრაფიაში და თითქოს მის პოზიციებს არავითარი რევიზია არ ემუქრებოდა, მაგრამ ვითარება სრულიად მოულოდნელად კარდინალურად შეიცვალა XX ს. 80-იანი წლების მეორე ნახევარში.
ამის მიზეზი გახდა ვიქტორ სუვოროვის2 წიგნი „ყინულმჭრელი“.3 აღნიშნულ მონოგრაფიაში ავტორმა, რომელიც პრინციპულად დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ გამოქვეყნებულ მემუარებსა და საბჭოურ გამოკვლევებს, განაცხადა, რომ 1941წ. ზაფხულში საბჭოთა კავშირი თავად ემზადებოდა გერმანიაზე თავდასასხმელად და ჰიტლერმა უბრალოდ დაასწრო სტალინს, თანაც სულ რამდენიმე დღით, კერძოდ, ორი კვირით.4 სუვოროვის ეს კონცეფცია ძალიან მალე საკმაოდ პოპულარული გახდარუსეთში, სადაც მისი წიგნები (მოკლე ხანში ავტორმა „ყინულმჭრელს“ დაამატა ახალი გამოკვლევა _ „დღე M“, რომელიც იგივე პრინციპითაა დაწერილი) უზარმაზარი ტირაჟით გამოიცა და გაიყიდა. ყოველივე ამან სათავე დაუდო დიდ დისკუსიას რუს ისტორიკოსებში, რომელიც დღემდე გრძელდება.5
უნდა აღინიშნოს, რომ სუვოროვი სულაც არ იყო პირველი, ვინც წამოაყენა ამგვარი ჰიპოთეზა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ოფიციალური ბერლინის პოზიცია 1941 წელს, როდესაც თავად ჰიტლერმა სსრკ-ზე თავდასხმის აუცილებლობა გაამართლა „სამხედრო სამზადისით, რომელსაც აწარმოებდა საბჭოთა მხარის 1941წ. და რომელიც მიმართული იყო გერმანიის წინააღმდეგ“.1 სწორედ ეს პოზიცია გააჟღერა როგორც გერმანიის ელჩმა საბჭოთა კავშირში გრაფმა ვერნერ ფონ შულენბურგმა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩესლავ მოლოტოვთან შეხვედრისას, როდესაც საბჭოთა მხარეს გადაეცა განცხადება საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ,2 ისე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა სპეციალური პრეს-კონფერენციის დროს.3 იგივეს იმეორებდნენ ნიურნბერგის პროცესზე წამყვან გერმანელ სამხედროები _ ფელდმარშალი ვილჰელმ კაიტელი და გენერალი ალფრედ იოდლი.4
ბუნებრივია, გერმანიის ნაცისტი ლიდერების ეს გამონათქვამები პრაქტიკულად არც ერთმა მკვლევარმა არ დაიჯერა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზიც ჰქონდა. ისტორიკოსებს არ გასჭირვებიათ იმის დადგენა, რომ გერმანიის უმაღლესმა სარდლობამ ჰიტლერისაგან გაცილებით უფრო ადრე მიიღო ბრძანება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გეგმის (დირექტივა #21)5 შემუშავების შესახებ, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიწყებდა დიდი რაოდენობით საჯარისო ნაწილების განლაგებას საზღვარზე. შესაბამისად, ისტორიკოსები მეტად სკეპტიკურად ეკიდებოდნენ (მათი დიდი ნაწილი დღესაც ასე ფიქრობს) მონაცემებს სტალინის მიერ გერმანიაზე თავდასხმის მზადების შესახებ. შედეგად, სუვოროვის პირველი სტატიები1 და ავსტრიელი ფილოსოფოსის ე. ტოპიჩის წიგნი2 თავდაპირველად აღქმული იქნა როგორც სენსაციების მაძიებელთა მორიგი გამოხდომა. მხოლოდ დასავლეთ გერმანიაში მიექცა გარკვეული ყურადღება სუვოროვის იდეებს და ისიც თავისებური ინტერპრეტაციით: რამდენიმე მკვლევარმა გადაწყვიტა, რომ სტალინის მზადება თავდასხმითი ომისათვის გარკვეულწილად უხსნიდა პასუხისმგებლობას ჰიტლერს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაჩაღებაში3. შედეგად, გერმანიაში ახალი ძალით დაიწყო მანამდეც მიმდინარე დისკუსია (ე.წ. „Hისტორიკერსტრეიტ“), რომელსაც პრაქტიკულად შედეგი არ მოჰყოლია, რადგანაც მხარეები კვლავ თავ-თავის აზრზე დარჩნენ. უფრო მეტიც, მათ ვერ მოახერხეს იმაზე შეთანხმებაც კი, თუ რა იყო პრევენტული ომი.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაშ, რატომ იქცა სუვოროვის დებულებები ასეთი აჟიოტაჟის საგნად რუსეთში? როგორც ჩანს, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სუვოროვმა მხოლოდ გამოთქვა ის ეჭვები, რაც გარკვეულწილად არსებობდა საზოგადოებაში.4 ფაქტია, რომ ამ თემაზე 1992 წლიდან დღემდე 4 წამყვან რუსულ საისტორიო ჟურნალში: «Вопросы истории», «Отечественная история», «Новая и новейшая история», «Военно-исторический журнал» სხვადასხვა ავტორების მიერ გამოქვეყნებული იქნა უამრავი სტატია, რასაც თან დაერთო რამდენიმე მონოგრაფიაც. ფაქტობრივად, რუსი ისტორიკოსები დაიყო სამ ნაწილად:
1. საბჭოური ისტორიოგრაფიის ძველი გვარდიის წარმომადგენლები და პროსაბჭოურად განწყობილი ახალგაზრდა ისტორიკოსები, რომელთა რაოდენობაც აშკარად აღემატება დანარჩენებს და რომლებიც, როგორც იტყვიან, თავიდანვე „ხიშტებით შეხვდნენ“ სუვოროვის იდეებს;
2. შედარებით ლიბერალი ისტორიკოსები, რომლებმაც ვერ გაბედეს სუვოროვის იდეების ბოლომდე აღიარება (უფრო მეტიც, მათი უმრავლესობა ცდილობს გაემიჯნოს ფორმალურად სუვოროვს და ამიტომ ლანძღვასაც კი არ ერიდება მისი მისამართით), მაგრამ ამავე დროს, ფაქტობრივად დაადასტურეს სტალინის მზადყოფნა 1941წ. ზაფხულში გერმანიაზე თავდასხმისათვის;
3. სუვოროვის მომხრეები, რომლებიც ბოლო დრომდე შედარებით ჩრდილში იყვნენ, რადგანაც თავად ვ. სუვოროვი თვლიდა, რომ არავისი დახმარება არ სჭირდებოდა.
განსაკუთრებული დებატები 1993-1994 წლებში გაიმართა, როდესაც ჟურნალმა „Отечественная история“ მოაწყო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ უკვე საისტორიო პროფილის სხვა ჟურნალებმაც მიბაძეს. უფრო მეტიც, რუსეთის ხელისუფლებამ ისიც კი გააკეთა, რომ ზოგიერთი დახურული არქივით სარგებლობის უფლება მიანიჭა ცნობილ „ანტისუვოროველს“, ებრაელ ისტორიკოს გაბრიელ გოროდეცკის1 (აღნიშნული არქივები არათუ უცხოელი, არამედ რუსი ისტორიკოსებისთვისაც კი დღემდე დახურულად რჩება2), რათა მას „გაეცამტვერებინა“ სუვოროვის კონცეპტუალური მიდგომა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ წამოწყებიდან დიდი არაფერი გამოვიდა. მართალია, რუსი ისტორიკოსების იმ ნაწილმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოსული საბჭოური ისტორიოგრაფიის გავლენიდან, განაცხადა, რომ გოროდეცკის მიერ 1995წ. გამოცემულ წიგნში „ყინულმჭრელის მითი“ ნათლად არის დამტკიცებული სუვოროვის დებულებების სიმცდარე,3 მაგრამ გამოჩნდნენ შედარებით უფრო კრიტიკულად განწყობილი ისტორიკოსებიც, რომლებიც სულ სხვა აზრზე აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც, ვ. ნევეჟინმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ გამოკვლევამ ვერც ერთ პრინციპულ საკითხში ვერ შეძლო სუვოროვის იდეების გაბათილება.4
ჩვენის მხრიდან დავამატებთ, რომ გოროდეცკი არ შემოფარგლულა მხოლოდ საარქივო მასალების არასწორად ციტირებითა და მათი არასწორად გაგებით, აგრეთვე რუსულ ენაში ახალი „აღმოჩენის“ შეტანით, რომ თურმე „შეტევა“ („наступление“) სინამდვილეში „თავდაცვას“ („оборона“) ნიშნავს, რაზეც მას ასევე მიუთითა ვ. ნევეჟინმა.1 მისი მსჯელობის აპოთეოზად თამამად შეიძლება ჩაითვალოს თითქმის ორგვერდიანი მიმოხილვა სტალინის 13 ივნისის შეხვედრისა ტიმოშენკოსა და ჟუკოვთან. გოროდეცკის თანახმად, ამ დღეს სამხედროებმა მოითხოვეს არმიის სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა, რადგანაც გერმანია აპირებდა თავდასხმას, ხოლო ტიმოშენკომ თითქოს ისიც კი შეახსენა საბჭოთა ლიდერს, რომ მან თავად განაცხადა გერმანიასთან ომის მოახლოების შესახებ 5 მაისს სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას. ებრაელი ისტორიკოსის მტკიცებით, ამან სასტიკად გააგულისა სტალინი, რომელმაც თურმე განაცხადა: „ტიმოშენკო დიდია და თავიც დიდი აქვს, მაგრამ მისი ტვინი, როგორც ჩანს, პატარაა... ეს მე ვთქვი ხალხისთვის, რადგანაც საჭიროა მისი სიფხიზლის ამაღლება, თქვენ კი უნდა ხვდებოდეთ, რომ გერმანია არასდროს გვეომება ჩვენ მარტო“.2
ბუნებრივია, ნებისმიერ მკითხველს დააინტერესებს, თუ საიდან მოვიდა ეს ჩანაწერი, რომელიც, ერთი შეხედვით, მართლაც ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და თითქოს ნათლად მეტყველებს სტალინის გეგმებსა და აზრებზე ომამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე. მითითებაში ვკითხულობთ, რომ თურმე ეს ამბავი თავად ტიმოშენკომ მოუყვა გენ. ნ. ლიაშჩენკოს, რომელმაც ჩაიწერა მონაყოლი, ხელი მოაწერა და გადასცა ნაწერი პროფესორ ლ. ბეზიმენსკის (მითითებიდან არ ჩანს, ლიაშჩენკომ ეს საუბარი ჩაიწერა მაშინვე, თუ შემდეგ დაწერა უკვე ბეზიმენსკისათვის გადასაცემად), რომელმაც, თავის მხრივ, ის მისცა გოროდეცკის, რისთვისაც ეს უკანასკნელი დიდ მადლობას უხდის კიდეც.1 როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც მოჰყავს ებრაელ პროფესორს თავის წიგნში, არ წარმოადგენს არათუ საარქივო მასალას (მიუხედავად იმისა, რომ მას მიუწვდებოდა ხელი მრავალ დახურულ არქივზე), არამედ მემუარსაც კი. გაუგებარია ისიც, თუ რატომ გადასცა გოროდეცკის ეს ე.წ. „ჩანაწერი“ ლ. ბეზიმენსკიმ, რომელსაც ამ თემაზე უამრავი წიგნი თუ სტატია აქვს გამოქვეყნებული2 (მათ შორის, სწორედ ამ პერიოდშიც) და რატომ არ გამოიყენა ის თვითონ.3
და მაინც, რაში მდგომარეობს სუვოროვის მტკიცებები, რომლებმაც ასეთი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს. პირობითად შეიძლება სამი ძირითადი დასკვნის გამოყოფა:
1. 1941წ. ზაფხულში საბჭოთა კავშირი თითქმის მზად იყო გერმანიაზე თავდასასხმელად და ჰიტლერმა უბრალოდ ორი კვირით დაასწრო სტალინს;
2. გერმანიასთან ომისთვის მზადება დაიწყო 1939წ. 19 აგვისტოდან, როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის დადების შესახებ;
3. სტალინი, და შესაბამისად საბჭოთა კავშირი, გერმანიაზე არანაკლებ არიან ომის გაჩაღებაში დამნაშავენი. ალბათ, უპრიანი იქნება, ნაწილ-ნაწილ განვიხილოთ აღნიშნული დასკვნები. დავიწყოთ პირველი პუნქტიდან, რომელიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
1941წ. ზაფხულში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე თავდასხმისათვის მზადყოფნის შესახებ, ერთი შეხედვით, პარადოქსული დასკვნის გამოტანისას მკვლევარი აანალიზებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოცემულ ლიტერატურაში (საუბარია მემუარებსა და გამოკვლევებზე) დაფიქსირებულ ფაქტებს. თავისი მტკიცების დასადასტურებლად მას მოჰყავს უამრავი მონაცემი, რომელთა შორის, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ა) საბჭოთა ჯარების განლაგება, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა მთელი რიგი ნაწილების უკანდახევას გზების არარსებობის გამო; ბ) ტანკების რაოდენობა და მათი ხარისხი; გ) თვითმფრინავების რაოდენობა და მათი შედარება გერმანულთან; დ) ჯარების რაოდენობა; ე) შტაბების განლაგება _ როგორც გერმანული, ისე საბჭოთა შტაბი განლაგებული იყო საზღვრის სიახლოვეს, რაც კეთდება მხოლოდ შეტევითი ოპერაციის წარმოებისას; ვ) თავდაცვითი ღონისძიებების არგატარება, კერძოდ, საზღვრის დანაღმვაზე უარის თქმა, უფრო მეტიც, საზღვრის განნაღმვა (ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.) მთელ რიგ უბნებში; ზ) საზღვარზე მავთუხლართების დაჭრა; თ) თავდაცვითი გეგმების არარსებობა; ი) რუკების საკითხი.
ეს არის არასრული ნუსხა არგუმენტებისა, რომელზეც აგებულია სუვოროვის თვალსაზრისი. მას აქვს მოტანილი კიდევ რამდენიმე დასაბუთება, რომელიც ალბათ უფრო მეორეხარისხოვან მტკიცებულებას წარმოადგენს და, შესაბამისად, მათი განხილვა აუცილებლობას არ წარმოადგენს.1 ახლა კი მივყვეთ რიგის მიხედვით და დავიწყოთ ჯარების განლაგებით. აღსანიშნავია, რომ ამ პუნქტთან დაკავშირებით სუვოროვის ოპონენტებმა ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ მოძებნეს.2 უფრო მეტიც, ამ გარემოებას მანამდეც ექცეოდა ყურადღება და იწერებოდა, რომ უზარმაზარი რაოდენობა საბჭოთა ტყვეებისა ომის საწყის პერიოდში მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ჯარების არასწორი განლაგებით, რადგანაც მოწინააღმდეგის შეტევის შემდეგისინი უმალ ალყაშემორტყმული აღმოჩნდნენ უკანდასახევი გზების არარსებობის გამო.
აქ აღსანიშნავია მხოლოდ ის, რომ გერმანული ნაწილების ბირთვი ასევე „არასწორად“ იყო განლაგებული საზღვართან და საბჭოთა შეტევის შემთხვევაში მას ზუსტად იგივე ბედი ეწეოდა, რასაც ხაზს უსვამს კიდეც სუვოროვი.1 გარდა ამისა, ის დააკვირდა იმ გარემოებასაც, რომ ამ „არასწორად“ განლაგებულ ჯარებს, რომლებსაც პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ უკანდახევისათვის, ძალიან იოლად შეეძლოთ წინსვლა პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე2.
მსგავსი ვითარება გვაქვს ტანკების რაოდენობასთან დაკავშირებითაც. ისტორიკოსებისთვის ადრეც ცნობილი იყო, რომ საბჭოთა მხარეს ბევრად მეტი ტანკი გააჩნდა (თითქმის ხუთჯერ მეტი _ 25ათ.-ზე მეტი 4750-მდე ტანკის წინააღმდეგ), მაგრამ უბრალოდ ცხადდებოდა, რომ საბჭოთა ტანკები მოძველებული იყო, ხოლო ვერმახტის _ ახალი, რაც პრობლემას ხსნიდა. სუვოროვი აღმოჩნდა პირველი, ვინც გაბედა და შეამოწმა, თუ რამდენად მოძველებული იყო საბჭოთა ტანკები და შეადარა ისინი გერმანულ ანალოგებს. გაირკვა, რომ საბჭოთა კავშირს 1941წ. 22 ივნისისათვის ჰყავდა 1400-ზე მეტი ტ-34 და 700-მდე კვ-1, ანუ უახლესი ტანკები, რომლებიც ბევრად სჯობდა ნებისმიერ გერმანულ ტანკს 1943 წლამდე, „ვეფხვებისა“ და  „პანტერების“ გამოშვებამდე.1
უფრო მეტიც, არც ძირითადი საბჭოთა ტანკი _ ბტ-7 (სსრკ-ს ამ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის 7ათ.-მდე ტანკი გააჩნდა) გამოდგა ბევრად უარესი გერმანულ ტანკებზე. აღმოჩნდა, რომ მას უარესი ქვემეხი გააჩნდა, მაგრამ სისწრაფის და გამძლეობის ხარჯზე სავსებით ანაზღაურებდა ამ ხარვეზს.2 მართალია, საბჭოური ისტორიოგრაფიის მიმდევრებმა სცადეს ერთგვარი მოდიფიცირება ძველი იდეების, თითქოს საბჭოთა ტანკების დიდი ნაწილი მწყობრში არ იყო ომის დაწყების მომენტისათვის, მაგრამ მ. მელტიუხოვმა დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ტანკების თითქმის 78% სრულ მზადყოფნაში იყო ომის დაწყების მომენტისათვის.3 შესაბამისად, სუვოროვის ვერც ამ არგუმენტის გაბათილება მოხერხდა მისი მოწინააღმდეგეების მიერ.
პრაქტიკულად ანალოგიური ვითარება შეიქმნა თვითმფრინავებთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ საბჭოთა კავშირს 25ათ.-მდე თვითმფრინავი ჰყავდა,4 გერმანიას თავის მოკავშირეებთან ერთად _ 4750-მდე,5 თუმცა ხარისხობრივი თვალსაზრისით ეს უპირატესობა არ იყო იმდენად თვალშისაცემი, როგორც ტანკებთან მიმართებაში. ახალი თვითმფრინავების რაოდენობა საბჭოთა ავიაციაში 6000 ათასს წარმოადგენდა,1 ხოლო დანარჩენი თვითმფრინავები აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო როგორც საჰაერო ბრძოლების საწარმოებლად, ისე მოწინააღმდეგის ტერიტორიის დასაბომბად, თუ ამ უკანასკნელს გამანადგურებლები დაიცავდნენ. თუმცა, ამავე დროს, არანაირი ყურადღება არ მიექცა იმ გარემოებას, რომ ამ თვითმფრინავების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა, თუ მიყენებული იქნებოდა პირველი დარტყმა და მოწინააღმდეგის ავიაცია განადგურებული იქნებოდა უშუალოდ აეროდრომებზე. არადა, სწორედ ეს წარმოადგენს სუვოროვის გამოთვლების მთავარ ნაწილს, და არა ის, თუ ზუსტად რა ტიპის თვითმფრინავებისაგან შედგებოდა საბჭოთა ესკადრილია. საკმაოდ დიდი დისკუსია გაიმართა იმის თაობაზე, თუ რამდენი საბჭოთა ჯარისკაცი იყო განლაგებული დასავლეთის საზღვარზე 1941წ. 1 ივნისისათვის. სუვოროვს მოყვანილი აქვს ციფრი 8 მლნ, რაც ძალიან გაბუქულად ჩაითვალა. შედეგად, მკვლევრებმა ბევრი დავის შემდეგ, დაადგინეს, რომ საზღვართან განლაგებული იყო დაახლოებით 4-5 მლნ საბჭოთა ჯარისკაცი.1
თითქოს მართლაც სუვოროვი შეცდომაში, და თანაც სერიოზულ შეცდომაში იქნა გამოჭერილი. ოღონდ აქ კრიტიკოსებს „დაავიწყდათ“ ერთი გარემოება: სუვოროვს ეს 8 მილიონი დაყოფილი აქვს შემდეგ კატეგორიებად: 4 მლნ უშუალოდ არმიის ჯარისკაცი, 1 მლნ _ სასაზღვრო ჯარების შემადგენლობა, 3 მლნ _ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შეიარაღებული ძალები. რატომღაც, ბოლო ორ კატეგორიაზე მკვლევრები სიტყვას არ ძრავენ, არადა, საზღვარზე მესაზღვრეებიც იქნებოდნენ და შინაგან საქმეთა შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ იქნებოდა მეორეხარისხოვანი შენაერთები დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის განსახორციელებლად.
ისევე როგორც საბჭოთა ჯარების „არასწორი“ დისპოზიცია, არც შტაბების „უცნაური“ განლაგება დარჩენილა შეუმჩნეველი მკვლევართათვის. ბუნებრივია, ისტორიკოსები შეცდომად თვლიდნენ შტაბის განლაგებას საზღვრის სიახლოვეს, რადგანაც თავდაცვისას ეს სერიოზულად უშლის ხელს სარდლობის სწორად განხორციელებას და, უფრო მეტიც, შტაბის ალყაში მოქცევის საშიშროებას ქმნის. სამაგიეროდ, ეს სწორი სვლაა თავდამსხმელი მხარისათვის, რასაც პირველმა სწორედ სუვოროვმა მიაქცია ყურადღება.2
საზღვრის განნაღმვასთან დაკავშირებით ფაქტები იმდენად მყვირალა გამოდგა, რომ სუვოროვის ოპონენტებმა უბრალოდ თავი აარიდეს ამ საკითხის განხილვას და მისი იგნორირება გადაწყვიტეს. მართლაც, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს სასაზღვრო ტერიტორიებიდან ნაღმების ამოღებას თავდაცვითი ღონისძიებების გამტარებელი მხარის მიერ? ეს ხომ უბრალოდ აბსურდია. სამაგიეროდ, როგორც კარგად დააკვირდა ვ. სუვოროვი, გერმანულმა მხარემ ასევე განნაღმა საზღვარი ივნისის პირველ ნახევარში,1 რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო შეტევისთვის მომზადების პერიოდში.
საზღვარზე მავთულხლართების დაჭრასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვან ოპონენტთა შორის სიტყვასაც კი არავინ არ ძრავს. როგორც ჩანს, მავთულხლართების დაჭრა, ისევე როგორც საკუთარ ტერიტორიაზე ნაღმების ამოღება, არანაირად არ ჯდება თავდაცვით სტრატეგიაში, შესაბამისად, უმჯობესია ფაქტის იგნორირება.
სამაგიეროდ, დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა მტკიცება თავდასხმითი გეგმის არსებობის შესახებ, თუმცა, დღესდღეობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით სუვოროვმა პირწმინდად დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგეები. როდესაც გამოვიდა „ყინულმჭრელი“, საყოველთაოდ იყო გაბატონებული აზრი, რომ საბჭოთა კავშირი ემზადებოდა თავდაცვითი ომისათვის. ამის დამადასტურებელ ყველაზე უტყუარ ფაქტად იდებოდა საბჭოთა თავდაცვითი გეგმები, რომლებიც ხან 1940 წლით თარიღდებოდა, ხანაც _ 1941წ. დასაწყისით. უკვე „ყინულმჭრელის“ გამოქვეყნების შემდეგ, 1993წ. აღმოჩენილ იქნა ახალი გეგმა, რომელშიც პირველად იყო მოცემული ე.წ. „დამსწრები დარტყმა“ („упреждающий удар“) პოლონეთის მიმართულებით.2
თავდაპირველად ეს გეგმა აღქმული იქნა, როგორც უბრალოდ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც ჩვეულებრივ მრავლად ქმნიან ხოლმე შტაბებში, მაგრამ უკანასკნელ ხანებში ნათელი გახდა, რომ ვასილევსკის, ტიმოშენკოსა და ჟუკოვის მიერ მომზადებული ეს გეგმა სწორედ რომ მოქმედი, ანუ ერთადერთი იყო.3 შესაბამისად, მისი მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა. გეგმა იმდენად ნათელს ხდის, რომ საბჭოთა მხარე აშკარად ემზადებოდა გერმანიაზე თავდასხმისათვის, რომ მისი გამომქვეყნებელი ი. გორკოვი თავად დაფრთხა და გამოაქვეყნა რევიზირებული ვარიანტი, რომელშიც მან, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანა მასალაში (თუმცა ერთ შემთხვევაში, ჩანაწერის გაურკვევლობის მომიზეზებით, დოკუმენტის ტექსტიდან ამოღებული იქნა ფრაზა: „უახლოესი ამოცანაა გერმანული არმიების განადგურება მდ. ვისლას აღმოსავლეთით და კრაკოვის მიმართულებით, მდ. ნარევსა და მდ. ვისლაზე გასვლა და კატოვიცეს რაიონის დაკავება“, რაც ნამდვილად მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა გეგმაში).1 შემდგომში ის კიდევ უფრო შორს წავიდა და ი. სიომინთან ერთად თანაავტორობით გამოსულ სტატიაში განაცხადა, რომ 1941წ. 15 მაისის გეგმაში საბჭოთა ხელმძღვანელობამ შესწორებები შეიტანა და მთლიანად ამოიღო შეტევითი დარტყმის ხსენება.2 ვინაიდან ამის შედეგად დოკუმენტი პრაქტიკულად უაზრო ქაღალდად იქცეოდა, რადგანაც მისი ¾ სწორედ რომ შეტევით ოპერაციებს ეკავა, ი. გორკოვის ეს ქმედებები შეუმჩნეველი რუსეთშიც კი არ დარჩა.3
ი. გორკოვისა და ი. სიომინის პუბლიკაციები საერთოდ ცალკე საუბრის თემაა. 1996წ. მათ «Военно-исторический журнал»-ში გამოაქვეყნეს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში 1941წ. 22 ივნისისათვის მოქმედი გეგმების მთელი სერია მყვირალა სათაურით: „გლობალური ტყუილის დასასრული“.1 პუბლიკაციების ავტორების განზრახვა იყო, მთელი მსოფლიოსათვის ეჩვენებინათ, რომ სსრკ მხოლოდ თავდაცვისათვის ემზადებოდა, თუმცა, ჩვენი აზრით (და არა მარტო ჩვენი აზრით2), აღნიშნული გეგმების გამოქვეყნებამ სწორედ საპირისპირო დაამტკიცა. ამიტომ ჩვენ მათზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით.
პირველ რიგში, რაც ყურადღებას იქცევს გეგმების გაცნობისას, არის ის, რომ ისინი, როგორც ეს თითქმის ყოველთვის ხდება 1941წ. (და პრინციპში, არა მარტო 1941წ.) საბჭოთა დოკუმენტებთან მიმართებაში, არასრულია.3 თუმცა ამან მაინც ვერ გადაარჩინა პუბლიკაციის ავტორები, რომლებსაც აშკარად გაეპარათ რამდენიმე პასაჟი (თანაც პრაქტიკულად ყველა გეგმაში), რომლებიც მთლიანად აუფასურებს მათ მსჯელობას საბჭოთა კავშირის სამხედრო გეგმების თავდაცვითი ხასიათის შესახებ და, პირიქით, ცხადყოფს გერმანიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელების შესახებ სსრკ-ს ხელმძღვანელობის მზადყოფნას.
ასე, მაგალითად, ყველა გეგმაში გვხვდება ფრაზა: „განსაზღვრულ ბაზებსა და აეროდრომებზე სამხედრო ავიაციის თანამიმდევრული დარტყმებით, აგრეთვე ჰაერში სამხედრო მოქმედებებით მოწინააღმდეგის ავიაციის განადგურება და პირველივე დღეებიდან ჰაერში ბატონობის მოპოვება“.1 ამავე დროს, აღნიშნული გეგმების თანახმად, მკაცრად იკრძალებოდა უმაღლესი მთავარსარდლობისბრძანების გარეშე საზღვრის გადალახვა.2 რასაკვირველია, ორივე ეს პუნქტი მიუთითებს მხოლოდ შეტევისთვის მზადებაზე, რადგანაც მოწინააღმდეგის თავდასხმის შემთხვევაში, ბუნებრივია, საუბარი საზღვრის გადალახვაზე ზედმეტია, ხოლო საჰაერო უპირატესობის მოპოვება, თუ მოწინააღმდეგემ დაგასწრო და პირველი დარტყმა მოგაყენა, საკმაოდ ძნელია.
და მაინც, ჩვენი აზრით, პუბლიკაციების ავტორების უმთავრესი „შეცდომა“ იყო სხვადასხვა დირექტივების სათაურების დაბეჭდვა, ვინაიდან ისინი ცხადყოფენ, რომ მოყვანილი გეგმები მოქმედებდა მხოლოდ შეზღუდული დროით, კერძოდ, შესაბამის სამხედრო ოლქებში მობილიზაციის, ჯარების თავმოყრისა და განლაგების პერიოდში.3 ბუნებრივია, თავდაცვითი ომისთვის მზადების პირობებში ამ დირექტივების შეცვლის არანაირი საფუძველი არ იქნებოდა და ისინი რომ საბოლოო გეგმის ნაწილი ყოფილიყო, მათ სულ სხვა სათაური ექნებოდათ. აღნიშნულ შემთხვევაში კი სავსებით ნათელია, რომ სსრკ-ს უმაღლესი სარდლობა ემზადება შეტევითი ოპერაციებისათვის, ახდენს სამხედრო ნაწილების მობილიზაციას, მათ თავმოყრასა და განლაგებას უშუალოდ სსრკ-გერმანიის და სსრკ-რუმინეთის საზღვარზე და ეშინია მხოლოდ, რომ მათზე თავდასხმა მოხდება სწორედ ამ პერიოდში, როდესაც დისლოკაციის შეცვლის მომენტში ჯარები დაუცველია.1
და ბოლოს, რუკების საკითხი, რომელსაც ყურადღება მანამდეც ექცეოდა და რომელიც მუდამ წარმოადგენდა აქილევსის ქუსლს საბჭოური ისტორიოგრაფიისათვის. მართლაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ საბჭოთა შენაერთებს არ გააჩნდათ არანაირი რუკები. უფრო სწორად, როგორც კარგად შენიშნა სუვოროვმა, მათ ძალიან დიდი რაოდენობით გააჩნდათ რუკები, ოღონდ ისინი მათთვის გამოუსადეგარი იყო. სუვოროვის თქმით, საბჭოთა შტაბებში იყო მხოლოდ აღმოსავლეთ პრუსიის, გერმანიის მიერ დაპყრობილი პოლონეთის და, აგრეთვე, რუმინეთის რუკები.1
ბუნებრივია, რუსი ისტორიკოსების სუვოროვისადმი კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა ამ ფაქტის სრული იგნორირება მოახდინა, მაგრამ ფაქტის მიჩქმალვა ვერ მოხერხდა. კამათში უკვე გერმანელი ისტორიკოსებიც ჩაერთნენ და ი. ჰოფმანმა მოიყვანა უამრავი მაგალითი, როდესაც გერმანულ ნაწილებს ხელში უვარდებოდათ სსრკ-ში დაბეჭდილი რუკები, რომლებზეც აღმოსავლეთპრუსიის ან პოლონეთის ტერიტორია იყო მოცემული.2 ბოლოსდაბოლოს, ამ ფაქტის აღიარება თავად რუს მკვლევრებსაც მოუწიათ. უფრო მეტიც, მათ დააზუსტეს, რომ არმიაში იყო დიდი რაოდენობით ტოპოგრაფიული რუკები შემდეგ ხაზამდე: ბერლინი _ პრაღა _ ვენა _ ბუდაპეშტი _ ბუქარესტი _ და სიამაყით აღნიშნეს, რომ ამ რუკების ხარისხი და მასშტაბი ბევრად აღემატებოდა გერმანულ ანალოგებს.3
შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, პრაქტიკულად ნათელია, რომ საბჭოთა კავშირი ნამდვილად ემზადებოდა 1941წ. ზაფხულში გერმანიაზე თავდასხმისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ რუსი ისტორიკოსების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ეს პრაქტიკულად აღიარა (ზოგმა აშკარად, ზოგმა კი _ შეფარვით), ოღონდ მათი უდიდესი უმრავლესობა აქვე აცხადებს, რომ სუვოროვის თვალსაზრისმა სრული კრახი განიცადა.4
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სუვოროვის დასკვნების სამ ნაწილად დაყოფა შეიძლება. პირველ ნაწილში, როგორც ვხედავთ, სუვოროვის იდეის გაბათილება ვერ მოხერხდა და, უფრო მეტიც, უკვე სავსებით საფუძვლიანად შეიძლება იმის მტკიცება, რომ ის პრაქტიკულად დადასტურებულია უახლესი გამოკვლევებითა და უკანასკნელ 20 წელიწადში („ყინულმჭრელის“ გამოსვლის შემდეგ) გამოქვეყნებული დოკუმენტებით. ვნახოთ, იქნებ დანარჩენი ორი დებულება არის თავიდან ბოლომდე მცდარი.
ვ. სუვოროვის მეორე დებულება, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან ომისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 1939წ. 19 აგვისტოს. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს? ვ. სუვოროვი ამტკიცებს, რომ ამ დღეს შემდგარ პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა გააცნო ყველას გადაწყვეტილება, გერმანიისათვის დახმარების შესახებ. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი საჭირო მომენტში ჩაებმებოდა ომში და „გაათავისუფლებდა ევროპას“.1 ვ. სუვოროვი ამ შემთხვევაშიც სულაც არ გვევლინება პიონერის როლში. უფრო მეტიც, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსი 1939წ. ნოემბერში გამოქვეყნებული იქნა ფრანგული სააგენტო „ჰავასის“ მიერ, რამაც გამოიწვია სტალინის დიდი განრისხება და მან გადაწყვიტა პასუხის გაცემა ამ „სიცრუეზე“, რაც დაიბეჭდა კიდეც გაზ. „პრავდაში“ 1939წ. 30 ნოემბერს.2 სხვა საქმეა, რომ ვ. სუვოროვი ნამდვილად პირველია, რომელმაც ეს მონაცემები დაუკავშირა მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც გატარდა საბჭოთა კავშირში.3 აღსანიშნავია, რომ, სტალინის მსგავსად, საბჭოთა ისტორიკოსები ბოლომდე უარყოფდნენ 1939წ. 19 აგვისტოს პოლიტბიუროს სხდომის გამართვის ფაქტსაც კი.1 უფრო მეტიც, რუსი ისტორიკოსების უმრავლესობა დღესაც აცხადებს, რომ სხდომა კი შედგა, მაგრამ უმნიშვნელო საკითხები იქნა განხილული.2
ბუნებრივია, უკვე ის ფაქტი, რომ საბჭოური ისტორიოგრაფია საერთოდ უარყოფდა სხდომის გამართვას, როდესაც თურმე ამ სხდომაზე „უმნიშვნელო საკითხები“ ყოფილა განხილული, თავისთავად ბადებს ეჭვს. ამ ეჭვებმა დამატებითი საფუძველი შეიძინა მას შემდეგ, რაც რუსმა მკვლევარმა ტ. ბუშუევამ ისტორიულ- დოკუმენტური კოლექციების შემნახველ ცენტრში (ყოფილი სსრკ-ს საგანგებო არქივი) აღმოაჩინა ახალი დოკუმენტი _ სტალინის სიტყვა 1939წ. 19 აგვისტოს სკპ(ბ) პოლიტბიუროს სხდომაზე, რომელიც შედგენილია ფრანგულ ენაზე და რომელიც, როგორც ჩანს, იყო კიდეც პირველწყარო ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „ჰავასისათვის“.3
მართალია, აღნიშნული ჩანაწერის აუთენტურობა გარკვეულ ეჭვებს იწვევს სპეციალისტებში (რუსი მკვლევრების უმრავლესობა ამ ჩანაწერს არასანდოდ მიიჩნევს და, რაიმე საარქივო მასალების მოხმობის გარეშე, ცდილობს დამტკიცებას, რომ ეს სიტყვა არ შეესაბამებოდა სტალინის ნამდვილ განზრახვებს4), მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ დოკუმენტი ნამდვილად არ არის ყალბი. საქმე იმაშია, რომ ჩანაწერში მოცემულია შემდეგი პუნქტი: „პირველი უპირატესობა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება პოლონეთის განადგურება ვარშავის მისადგომებამდე, უკრაინული გალიციის ჩათვლით“.1 შესაბამისად, აქ მოყვანილია ის საზღვარი, რომელიც ჩაიდო 1939წ. 23 აგვისტოს სსრკ-გერმანიის საიდუმლო ხელშეკრულების პუნქტებში და 28 აგვისტოს შესწორებაში და არა საბოლოო საზღვრის ვარიანტი, რომელიც გაფორმდა 1939 წლის 28 სექტემბერს და რომელიც არსებობდა „ჰავასის“ მიერ დოკუმენტის გამოქვეყნების მომენტისათვის. ის, რომ ჩანაწერში ასახულია 23-28 აგვისტოს რეალია, ჩვენი აზრით, პრაქტიკულად გამორიცხავს ევროპაში იმ მომენტისათვის შექმნილი მდგომარეობის გამოყენებას ფალსიფიკაციისათვის. შესაბამისად, არის სრული საფუძველი, რომ ვენდოთ ტ. ბუშუევას მიერ ნაპოვნ დოკუმენტს.2
აღნიშნულ დოკუმენტში სტალინი ყველანაირად უსვამს ხაზს ომის აუცილებლობას ევროპაში ბოლშევიკური ხელისუფლების დასამყარებლად და აცხადებს, რომ სსრკ-ს კავშირი საფრანგეთთან და გერმანიასთან გამოიწვევდა ამ უკანასკნელის დაფრთხობას და ომის გადადებას. აქედან გამომდინარე, ის საჭიროდ მიიჩნევდა ჰიტლერთან ხელშეკრულების გაფორმებას, რაც გარდაუვალს გახდიდა გერმანიის თავდასხმას პოლონეთზე და საფრანგეთისა და ინგლისის ომში ჩაბმას. სტალინის აზრით, ეს ყველა ვარიანტში მომგებიანი იქნებოდა, რადგანაც საფრანგეთისა და ინგლისის გამარჯვება გამოიწვევდა გერმანიის გასაბჭოებას, ხოლო პირუკუ შედეგის შემთხვევაში ოფიციალური ბერლინი იმდენად დაკავებული იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორიების ათვისებით, რომ სსრ კავშირთან დასაპირისპირებლად, როგორც მინიმუმ, 10 წელი დასჭირდებოდა. ამასობაში კი მოხერხდებოდა დამარცხებული საფრანგეთის გასაბჭოება და გერმანიის კონტროლქვეშ აღმოჩენილი ყველა სახელმწიფოს გასაბჭოება. სტალინის დასკვნით, საბჭოთა კავშირის ინტერესებში შედიოდა გერმანიასა და ინგლის-საფრანგეთს შორის სამხედრო მოქმედებების რაც შეიძლება მეტად გაჭიანურებით, რაც, მისი აზრით, მხოლოდ გერმანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იყო შესაძლებელი.1
ამავე კონტექსტში მეტად საინტერესოა კ. ნორდლინგის მიერ მიკვლეული და შვედურიდან თარგმნილი მასალა, რომელიც 1939წ. 8 სექტემბერს დაიბეჭდა ფინეთში გამომავალ შვედურ გაზეთ „სვენსკა პრესენში“. ეს დოკუმენტი, რომელიც კომუნისტ ლიდერებს (როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ) დაურიგდა 1939წ. 22 აგვისტოს, გერმანიასთან პაქტის ხელმოწერის წინა დღეს, წარმოადგენს ერთგვარ კატეხიზმოს. მასში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იმ მომენტისათვის მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მოწყობა შეუძლებელი იყო და ვერანაირი აგიტაციით მისი დაწყება ვერ დაჩქარდებოდა. დოკუმენტის თანახმად, ერთადერთი, რაც დააჩქარებდა მსოფლიო პროლეტარულ რევოლუციას, იყო ხანგრძლივი ომი, რომლის დაწყებასაც ხელს შეუწყობდა გერმანიასთან გაფორმებული პაქტი.2
ამრიგად, ახლად აღმოჩენილი მასალები სავსებით ცხადყოფს ვ. სუვოროვის პოსტულატის სიმართლეს, რომ 1939წ. 19 აგვისტოს სტალინმა ნამდვილად გადაწყვიტა პაქტის დადება გერმანიასთან შემდგომში მის წინააღმდეგ გალაშქრების მიზნით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მისი ოპონენტების კრიტიკა არც ამ შემთხვევაში არის გამართლებული და მთლიანად ობიექტური.
რჩება უკანასკნელი, მესამე დასკვნა, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს პირველი ორი დასკვნიდან: სტალინი, და შესაბამისად საბჭოთა კავშირი, გერმანიაზე არანაკლებ არიან ომის გაჩაღებაში დამნაშავენი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კიდევ ერთი პოსტულატი, რომელიც უბრალოდ აცოფებს სუვოროვის მოწინააღმდეგებს.1 შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს? ჩვენი აზრით, ამ კითხვას მხოლოდ დადებითი პასუხი გააჩნია. მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939წ. 1 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. ბრძანება პოლონეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ ჰიტლერმა გასცა 1939წ. 25 აგვისტოს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა 1939წ. 23 აგვისტოს სსრკ-გერმანიის პაქტს.2
დღეს ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებდა ჰიტლერი, თუ მას არ ეყოლებოდა მოკავშირე საბჭოთა კავშირის სახით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოლონეთის წინააღმდეგ ომის დაწყება მან არაერთხელ გადასდო, რადგანაც ვერ შეძლო ინგლისელებთან და ფრანგებთან მორიგება ამ საკითხზე.1 სავარაუდოა, რომ მას გაუჭირდებოდა სამხედროების წინააღმდეგობის დაძლევა ამ შემთხვევაში. მართალია, ჰიტლერმა საკმაოდ წარმატებით მოახერხა მანამდე ვერმახტის ოპოზიციის გადალახვა რაინის რემილიტარიზაციისა თუ სუდეტის ოლქის საკითხთან დაკავშირებით,მაგრამ მაშინ ყველასათვის ნათელი იყო, რომ საქმე ომამდე ნაკლებად მივიდოდა. სსრკ-გერმანიის პაქტით კი მოხდა პოლონეთის IV გაყოფა და ჰიტლერმა შეიძინა მოკავშირე პოლონეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირი საომარი მოქმედებების უშუალო მონაწილე გახდა პრაქტიკულად პირველი დღეებიდან. 1939წ. 17 სექტემბერს, გერმანიასთან აგვისტოში მიღწეული შეთანხმების თანახმად, წითელი არმია შეიჭრა პოლონეთის ტერიტორიაზე და დაიწყო, საბჭოური პროპაგანდის განმარტებით, „დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის მოსახლეობის დაცვა“.2
საბჭოური ისტორიოგრაფია ათწლეულების მანძილზე აცხადებდა, რომ მოსახლეობა სიხარულით ხვდებოდა „სახელოვან“ წითელ არმიას, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მართალია, პოლონეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომ არ გაეწიათ წინააღმდეგობა საბჭოთა ჯარებისათვის, ამის მიუხედავად ადგილი ჰქონდა შეტაკებებს და საბჭოთა მხარემ 1000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა მხოლოდ დაღუპულების სახით.3 არის კიდევ ერთი ნიუანსი, რომელიც საბჭოური ისტორიოგრაფიის მტკიცებას ყველანაირ საფუძველს აცლის. დავუშვათ, რომ საბჭოთა ჯარები ნამდვილად უკრაინელი და ბელორუსი მოსახლეობის დასაცავად შევიდნენ პოლონეთში, მაშინ რატომ იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული გერმანელებთან. ეს იყო არა სპონტანური მოქმედება, რომელიც მოხდა გერმანიის მიერ პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ, არამედ წინასწარ დაგეგმილი აქცია, რომელსაც უფრო შორს მიმავალი მიზნებიც ჰქონდა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში სტალინის პასუხისმგებლობის განხილვისას საბჭოური ისტორიოგრაფია ყოველთვის აცხადებდა, რომ გერმანიასთან პაქტის დადება იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგანაც ინგლისი და საფრანგეთი არ თანხმებოდნენ საბჭოთა კავშირთან ალიანსს და რომ ჩემბერლენი ყველანაირად ცდილობდა ჰიტლერი მიემართათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.1
აქვე აუცილებლად დგება მიუნხენის გარიგების საკითხიც. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ჩემბერლენისა და დალადიეს გამართლებას მიუნხენის კაპიტულაციის გამო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 1938წ. სექტემბერში შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 1939წ. ზაფხულის ვითარებიდან.
1938წ. შემოდგომაზე, სუდეტის კრიზისის დროს, ინგლისი და საფრანგეთი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. პრაქტიკულად არავის, მოსახლეობას პირველ რიგში, არც ინგლისში და არც საფრანგეთში არ სურდა ჩეხოსლოვაკიის გამო გერმანიასთან ომი. გარდა ამისა, ორივე ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში თვლიდნენ, რომ სუდეტენლანდის გადაცემა გერმანიისთვის სულაც არ იქნებოდა დიდი უსამართლობა, რადგანაც ის ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა მხოლოდ 1918წ., ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ თავად ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში მზად იყო ტერიტორიული დათმობებისათვის და თავად სთავაზობდა ჩემბერლენს სუდეტენლანდის ნაწილის გერმანიისთვის გადაცემას.1 ჰიტლერიც აცხადებდა, რომ ეს იყო უკანასკნელი რევიზია, რომელსაც ის ითხოვდა ევროპაში.2 ბუნებრივია, ამ ვითარებაში დალადიე და, განსაკუთრებით, ჩემბერლენი სულაც არ თვლიდნენ დიდ დანაშაულად სუდეტენლანდის გერმანიისათვის გადაცემას. 1939წ. ზაფხულში კი მდგომარეობა სერიოზულად შეიცვალა.
1939წ. მარტში ჰიტლერმა დაარღვია როგორც თავისი პირობა, ისე მიუნხენის შეთანხმება და მოახდინა ჩეხოსლოვაკიის სრულად ოკუპაცია. ამ აქტმა სერიოზულად შეცვალა როგორც ინგლისის, ისე საფრანგეთის საზოგადოების დამოკიდებულება გერმანიის ექსპანსიისადმი. შედეგად, ინგლისმა და საფრანგეთმა გარანტიები მისცეს პოლონეთს, რომელიც აშკარად უნდა გამხდარიყო მორიგი მსხვერპლი ჰიტლერის აგრესიისა. რასაკვირველია, ჩვენ სულაც არ ვაცხადებთ, რომ ინგლისისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებს გერმანიისა და სსრ კავშირის დაპირისპირება არ სურდათ (ასეთი მიზანი ალბათ მათ ექნებოდათ), მაგრამ ამის მიღწევა საბჭოთა კავშირთან ალიანსით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. პირიქით, ამ შემთხვევაში მათ ხელშეკრულება სწორედ ჰიტლერთან უნდა გაეფორმებინათ და არა პოლონეთთან და სსრ კავშირთან.
უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, 1939წ. ზაფხულში ინგლის-საფრანგეთ-სსრ კავშირის ალიანსის გაფორმება გერმანიას სრულ იზოლაციაში მოაქცევდა და შეუძლებელს გახდიდა მის შემდგომ ექსპანსიას, რასაც მოყვებოდა ჰიტლერის მოწინააღმდეების გააქტიურება უშუალოდ ქვეყნის შიგნით. შედეგად, მეორე მსოფლიო ომი თავიდან იქნებოდა აცილებული. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რადგანაც სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სწორედ გერმანიასთან და არა ინგლის-საფრანგეთთან გაფორმების შესახებ. ზევით უკვე დაწვრილებით ვილაპარაკეთ მის გეგმებზე და ახლა ამაზე არ შევჩერდებით, მაგრამ ერთ რამეს კი დავამატებთ: ალიანსის ჩაშლა, რაშიც საბჭოური ისტორიოგრაფია ინგლისს და საფრანგეთს ადანაშაულებდა, სწორედ სტალინის ბრალი იყო, რადგანაც სამხედრო კავშირის სანაცვლოდ მან მოითხოვა ბალტიისპირეთი, ბესარაბია, ბუკოვინა და ჯარების პოლონეთში განთავსების უფლება. როგორც იტყვიან, აქ კომენტარიც ზედმეტია.
გერმანიისაგან პოლონეთის დასაცავად ინგლისს და საფრანგეთს უნდა მიეცათ მის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების განლაგების თანხმობა და უბრალოდ დაეთმოთ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. ბუნებრივია, ამაზე ინგლისი და საფრანგეთი ვერ წავიდოდნენ და არც წავიდნენ. ამავე დროს, აშკარაა, რომ სტალინი წაუგებელ თამაშს აწარმოებდა. თუ ინგლისი და საფრანგეთი დათანხმდებოდნენ მის მოთხოვნებს, მაშინ ის ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღებდა პლაცდარმს პოლონეთის სახით, თუ არადა, მოლაპარაკებების ჩაშლას დააბრალებდა ინგლისს და საფრანგეთს და ხელშეკრულებას გააფორმებდა გერმანიასთან. მოვლენები სწორედ მეორე მიმართულებით განვითარდა.
მთავარი არგუმენტი, რომლითაც საბჭოური ისტორიოგრაფია ამართლებდა (დღეს კი უკვე რუსული ისტორიოგრაფია ამართლებს) პაქტის გაფორმებას გერმანიასთან, იყო ის, რომ სტალინმა მოიგო დრო გერმანიასთან დაპირისპირებისათვის და საზღვარი გადაწია დასავლეთისაკენ.1 უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ სტალინს გერმანიასთან ომის თავიდან აცილება სურდა, მაშინ მას ინგლისთან და საფრანგეთთან უნდა გაეფორმებინა ალიანსი და ამით პრობლემა მოგვარდებოდა. რაც შეეხება დროის მოგებას, აქ საერთოდ აბსურდულ მტკიცებასთან გვაქვს საქმე, რადგანაც 1939წ. 1 სექტემბრისათვის, ანუ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისათვის გერმანია გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე 1941წ. 22 ივნისისათვის. აქვე გასათვალისწინებელია კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება: 1939წ. 1 სექტემბრისათვის გერმანიას და საბჭოთა კავშირს არ გააჩნდათ საერთო საზღვარი, ანუ სამხედრო დაპირისპირება მათ შორის უბრალოდ შეუძლებელი იყო. თუ სტალინს ეშინოდა ჰიტლერის და დაინტერესებული იყო გერმანიას- თან ომის თავიდან აცილებით, მაშინ მას ყველა ძალა უნდა ეღონა ბუფერული ზონის შესანარჩუნებლად.
ამის ნაცვლად კი სსრ კავშირის ლიდერმა ყველაფერი გააკეთა ორ სახელმწიფოს შორის საერთო საზღვრის შესაქმნელად. უფრო მეტიც, მან იმდენად ოსტატურად მოაწყო ეს ყველაფერი, რომ ჰიტლერი ომის ერთადერთ გამჩაღებლად იქცა, ხოლო თვითონ სტალინი „დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის განმათავისუფლებელი აღმოჩნდა“. ჩვენი აზრით, და ამას ადასტურებს თუნდაც სტალინის 1939წ. 19 აგვისტოს სიტყვაც, ერთადერთი მიზანი, რომელიც მას ამოძრავებდა გერმანიასთან საერთო საზღვრის შექმნისათვის, იყო მომავალში სწორედ გერმანიაზე თავდასხმა, რისთვისაც მზადება დაწყებული იქნა სწორედ 1939წ. შემოდგომიდან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: სტალინი ისეთივე დამნაშავეა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში, როგორც ჰიტლერი. შესაბამისად, სუვოროვის სამივე ძირითადი დასკვნა აბსოლუტურად სწორია და ადრე თუ გვიან, იმედია, რუსული არქივებიც გაიხსნება და დაადასტურებენ მათ.
და ბოლოს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ კიდევ ერთ საკითხზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსული ისტორიოგრაფიის ზოგიერთი წარმომადგენელი სდებს ბრალს სუვოროვს, რომ ის ჰიტლერის მიერ წამოწყებულ ომს პრევენტულად თვლის. უნდა ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი მეორე მსოფლიო ომის ისტორიოგრაფიაში. ერთი შეხედვით, იმ პირობებში, როდესაც ნათელი ხდება, რომ სტალინი თავდასხმას აპირებდა გერმანიაზე, ჰიტლერის გადაწყვეტილება ომის დაწყების შესახებ, ძალაუნებურად, მართლაც იძენს პრევენტული დარტყმის მიყენების ელფერს. მეორე მხრივ, ჩნდება კითხვა, რა იცოდა ჰიტლერმა საბჭოთა კავშირში მიმდინარე სამხედრო მზადების შესახებ. ალბათ ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანწილად გააიოლებს აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემას.
უპირველეს ყოვლისა, ამ პრობლემაზე საუბრისას უნდა განვსაზღვროთ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს პრევენტულ დარტყმად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის საკითხი, რომელზეც ძირითადად კამათობენ კიდეც გერმანელი ისტორიკოსები. ჩვენი აზრით, პრევენტულად შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმა მოწინააღმდეგეზე, როდესაც არსებობს ყველა მონაცემი, რომ ის აქეთ აპირებს თავდასხმას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გერმანიის ხელმძღვანელობა ომის პირველსავე დღეს აღნიშნავდა, რომ ის იძულებული გახდა, თავს დასხმოდა საბჭოთა კავშირს, რათა თავიდან  აეცილებინა აგრესია მისი მხრიდან, ანუ, ერთი შეხედვით, ეს იყო პრევენტული დარტყმა.
მიუხედავად ამისა, აქ არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი: ირკვევა, რომ გერმანულ მხარეს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ძალის წინააღმდეგ უწევდა მას დაპირისპირება. როგორც ჰ. გუდერიანი მოწმობს, საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ჰიტლერი მეტად გაოცებული დარჩენილა საბჭოთა შეიარაღებისა და სამხედრო ძალის რაოდენობით და აღუნიშნავს: „მე რომ მცოდნოდა, რომ რუსებს (ასეა ტექსტში _ თ.პ.) მართლაც ამდენი ტანკი ჰყავდათ, ალბათ ამ ომს არ დავიწყებდი“.1 ჩვენი აზრით, ეს ფრაზა ცხადყოფს, რომ ჰიტლერს და, შესაბამისად, მის გარემოცვას არ გააჩნდა დადასტურებული ინფორმაცია საბჭოთა მზადების შესახებ. უფრო მეტიც, დღემდე არ არსებობს დოკუმენტური დასაბუთება იმის შესახებ, რომ გერმანიის ხელმძღვანელობას ჰქონდა სადაზვერვო მონაცემები ამის თაობაზე. ყოველივე ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ 1941წ. ივნისში, როდესაც დაიწყო „ბარბაროსას“ განხორციელება, ჰიტლერს ის არ ჰქონდა ჩაფიქრებული როგორც პრევენტული დარტყმა.
პრევენტულ დარტყმაზე საუბრისას ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ მომენტს, კერძოდ, თუ როდის დაიწყეს მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გეგმების შემუშავება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი გამოწვლილვით არის გამოკვლეული გერმანიის გეგმებთან მიმართებაში. ისტორიოგრაფიაში დადგენილია როგორც ის, თუ როდის გაიცა ბრძანება გეგმის შემუშავების შესახებ (1940წ. ივლისის ბოლო), ასევე მისი დამტკიცების თარიღი (1940წ. 18 დეკემბერი).
ამავე დროს, გაირკვა, რომ უკვე 1940წ. 28 დეკემბერს, სულ რაღაც 10 დღის შემდეგ, რაც „ბარბაროსა“ ოფიციალურად იქნა დამტკიცებული, საბჭოთა დაზვერვამ სტალინს გადასცა მისი საბოლოო ვარიანტი1. ამავე დროს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გეგმის შემუშავების ბრძანების გაცემისას ჰიტლერს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი, ეჭვი შეეტანა თავისი მოკავშირის გულწრფელობაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გეგმის შემუშავების შესახებ ბრძანება გაიცა 1940წ. ივლისში და მას წინ უძღოდა საბჭოთა კავშირის მიერ რუმინეთისათვის ულტიმატუმის წაყენება ბესარაბიისა და ბუკოვინის გადაცემის მოთხოვნით.
1939წ. 23 აგვისტოს პაქტის საიდუმლო ოქმების თანახმად, გერმანია ყაბულს იყო სსრ კავშირისათვის ბესარაბია დაეთმო, მაგრამ იქ არაფერი იყო ნათქვამი ბუკოვინაზე.2 მიუხედავად ამისა, ჰიტლერი დათანხმდა ოქმებში გარკვეული კორექტივების შეტანას და საბჭოთა კავშირისათვის ჩრდილოეთ ბუკოვინის გადაცემას, თუმცა, ამავდროულად, ის მიხვდა, თუ რაში დასჭირდა სტალინს ბუკოვინა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ბუკოვინის დაკავება ნიშნავდა, რომ სსრკ აპირებდა რუმინეთზე თავდასხმას.1 საგულისხმოა, რომ სწორედ ამ დასკვნის გაცნობის შემდეგ გასცა ჰიტლერმა ბრძანება სსრკ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გეგმის შემუშავების შესახებ. ამავდროულად, მან გარკვეული კორექტივებიც შეიტანა თავის საგარეო პოლიტიკაში. თუ 1940წ. აგვისტომდე ის ცალსახად განიხილავდა ფინეთს საბჭოთა კავშირის ინტერესების სფეროს ნაწილად, ამჯერად ის დაუკავშირდა ფინეთის პრეზიდენტ მარშალ მანერჰაიმს და შესთავაზა მას სატრანზიტო ხელშეკრულების გაფორმება გერმანიის შეიარაღებული ძალების ფინეთის ტერიტორიის გავლით ნორვეგიაში გადასროლაზე.2 ბუნებრივია, ფინეთის ხელისუფლებამ, რომელსაც სავსებით სამართლიანად ეშინოდა საბჭოთა კავშირის ხელახალი თავდასხმისა, ხელიდან არ გაუშვა ეს შანსი და 1940წ. 12 და 22 სექტემბერს ხელი მოაწერა ორ ხელშეკრულებას, რომლებიც არეგულირებდნენ ფინეთის ტერიტორიის გავლით გერმანიის ჯარების ტრანზიტის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ასპექტებს.3 ყოველივე ეს არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან 1939-1940წწ. სსრკ-ფინეთის ომმა ცხადყო ფინეთის არმიის ძალა და ის ჰიტლერმა სასურველ მოკავშირედ ჩათვალა საბჭოთა კავშირთან მომავალ შესაძლო დაპირისპირებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერმა ჯერ კიდევ 1940წ. აგვისტოში გასცა ბრძანება სსრკ-ს წინააღმდეგ სამხედრო გეგმის შემუშავებისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1940წ. ნოემბრამდე მას არ ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით.1 არსებობს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ გერმანიის რაიხსკანცლერმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვ. მოლოტოვთან 1940 წლის 12-13 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დააჩქარებინა გეგმის შემუშავება და, პირველ რიგში, ეს განპირობებულ იქნა საბჭოთა დიპლომატის მიერ დაფიქსირებული მეტად მკაცრი პოზიციით ბულგარეთის საკითხთან დაკავშირებით.2
მესამე რაიხის სამხედრო გეგმებისაგან განსხვავებით, საბჭოთა მხარის გეგმების შესახებ გაცილებით ნაკლები არის ცნობილი. ჩვენი აზრით, დღეისათვის დანამდვილებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი რამ: გერმანიაზე საბჭოთა თავდასხმის გეგმა ნამდვილად არსებობდა, როგორც მინიმუმ, 1941წ. მაისიდან.
სხვა საქმეა, რომ არსებობს მონაცემები, რომ ის უბრალოდ იყო ბოლო ვარიანტი ჯერ კიდევ 1939წ. შემოდგომაზე შემუშავებული სამხედრო გეგმებისა, რომლებიც შემდგომში არაერთხელ იქნა დახვეწილი.1 ვინაიდან აღნიშნული გეგმები რუსეთში კვლავინდებურად გასაიდუმლოებულია, საკითხის საბოლოოდ გარკვევა დღეს უბრალოდ შეუძლებელია, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი.
მართალია, თუ საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბი ნამდვილად 1939 წლიდან ამუშავებდა სამხედრო გეგმას გერმანიის წინააღმდეგ (რაც სავსებით სავარაუდო უნდა იყოს), ეს გარკვეულწილად გააძლიერებს მათ პოზიციას, ვინც ამტკიცებს, რომ ჰიტლერმა მართლაც პრევენტული დარტყმა მიაყენა სსრ კავშირს, მაგრამ აქ ალბათ მთავარი მაინც სხვა რამეა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰიტლერი, ეტყობა, სათანადოდ არ იყო ინფორმირებული ომისათვის მისკოვის სამხედრო მზადების შესახებ და, შესაბამისად, არც გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმების შესახებ იცოდა რაიმე. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებისას ის ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი ვარაუდებით და არა კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამიტომ, ჩვენი აზრით, გერმანიის თავდასხმა საბჭოთა კავშირზე არ შეიძლება ჩაითვალოს პრევენტულ დარტყმად. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე გამალებით ემზადებოდა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ ომისათვის და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ნაკლები სამხედრო ნაწილები თუ ტექნიკა ჰქონდა თავმოსაყრელი, დაასწრო მეორეს, რომელსაც, ყველაფერთან ერთად, გაცილებით უფრო დიდ ტერიტორიაზე უწევდა ჯარების გადასროლა. ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა გერმანიის თავდაპირველი წარმატება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში. საბჭოთა ნაწილები, რომლებიც ელოდებოდნენ შეტევით ომს, უბრალოდ მზად არ აღმოჩნდნენ თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად. თანაც, დამრტყმელი დაჯგუფების საუკეთესო შენაერთებისათვის უკანდახევაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მათი პოზიციების გამო, რამაც განაპირობა კიდეც საბჭოთა ტყვეების გასაოცრად დიდი რაოდენობა ომის პირველ თვეებში.1
ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვ. სუვოროვი აბსოლუტურად სწორია თავისი დასკვნების ძირითად ნაწილში და მისი კრიტიკოსები მართლები არიან მხოლოდ პრევენტული დარტყმის საკითხში, თუმცა რუსული ისტორიოგრაფია, რომლის უდიდესი ნაწილიც „წარმატებით“ მიჰყვება საბჭოური ისტორიოგრაფიის „საუკეთესო ტრადიციებს“, კვლავინდებურად იდეოლოგიურ დატვირთვას აძლევს მეორე მსოფლიო ომს და ერთგვარ სირაქლემას პოზას იკავებს პრობლემის მიმართ. იმედია, დროთა განმავლობაში ამ საკითხის გარშემო ისევე აღმოჩნდება ახალი დოკუმენტები, როგორც ეს მოხდა 1939წ. 23 აგვისტოს პაქტის საიდუმლო ოქმებთან მიმართებაში ან 1944წ. შემოდგომაზე სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ დაესმება წერტილი დისკუსიას იმის თაობაზე, თუ რა გეგმები ჰქონდა სტალინს და რამ განაპირობა ის კატასტროფა, რომელიც განიცადა საბჭოთა კავშირმა 1941წ. ზაფხულში.
შენიშვნები
1. გერდ ღ. უებერსცჰäრ. აბოუტ ტჰე Gერმან Iნვასიონ ოფ ტჰე შოვიეტ უნიონ. – თჰე ოქსფორდ ჩომპანიონ ტო ჭორლდ ჭარ II. ოქსფორდ უნივერსიტე პრესს, 1995. ელექტრონული ვერსია იხ.:
ჰტტპ://წწწ.ენგლისჰ.ილლინოის.ედუ/მაპს/წწ2/ბარბაროსსა.ჰტმ.
2. Н. И. Воронов. На службе военной. М., 1963, გვ. 172.
3. ვიქტორ სუვოროვი არის ფსევდონიმი ყოფილი საბჭოთა მზვერავის ვლადიმირ რეზუნის, რომელმაც 1978წ. დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი _ თ.პ.
4. Vიკტორ შუვოროვ. Iცებრეაკერ. ჭჰო შტარტედ ტჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ? Lონდონ, 1990; В. Суворов. Ледокол: Кто начал Вторую мировую войну. М., 1992 (ვინაიდან ამ წიგნის 1992წ. შემდგომი გამოცემები განსხვავდება თავდაპირველისაგან, მითითებები მოყვანილია ელექტრონული ვერსიიდან. იხ. ვებ-გვერდი: ჰტტპ://მილიტერა.ლიბ.რუ/რესეარცჰ/სუვოროვ1/ინდეხ.ჰტმლ).
5. В. Суворов. Ледокол, თ. 33.
6. დღეისათვის ვ. სუვოროვმა კიდევ რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ამ თემას, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბევრს არაფერს მატებს მის კონცეფციას, ზოგ შემთხვევაში კი იქ გამოთქმული რადიკალური დასკვნები, კერძოდ, თითქოს ჰიტლერის მხრიდან ომი ატარებდა პრევენტულ ხასიათს (იხ. В. Суворов. День „М“. Когда началась Вторая мировая война? М., 1993, თ. 17. მითითებები მოყვანილია ვებ-გვერდიდან: ჰტტპ://მილიტერა.ლიბ.რუ/რესეარცჰ/სუვოროვ2/ინდეხ.ჰტმლ) ასუსტებს ავტორისეულ პოზიციებს.
7. М. И. Семиряга. Тайны сталинской дипломатии. М., 1992, გვ. 283.
8. История Второй мировой войны. Т. 4. გვ. 31.
9. „თჰე თიმეს“, ჟუნე 23, 1941, გვ. 6.
10. Протокол допроса 17 июня 1945 года. – Военно-исторический журнал,
№9, 1961, გვ. 77-87; Протокол допроса 18 июля 1945 года. – Военно-ис-
торический журнал, №4, 1961, გვ. 84-91.
11. ამ გეგმამ მოგვიანებით მიიღო კოდური სახელწოდება „ბარბაროსა“.
12. ვიკტორ სუვოროვ. ჭჰო წას პლანნინგ ტო ატტაცკ წჰომ ინ ჟუნე 1941, Hიტლერ ორ შტალინ? – ჟოურნალ ოფ ტჰე ღოყალ Uნიტედ შერვიცეს Iნსტიტუტე ფორ Dეფენცე შტუდიეს, ვ. 30, ჟუნე, 1985, გვ. 50-55; Vიკტორ შუვოროვ. Yეს, შტალინ წას პლანნინგ ტო ატტაცკ Hიტლერ ინ ჟუნე 1941. – ჟოურნალ ოფ ტჰე ღოყალ Uნიტედ შერვიცეს Iნსტიტუტე ფორ Dეფენცე შტუდიეს, ვ. 31, ჟუნე, 1986, გვ. 73-74.
13. Eრნსტ თოპიტსცჰ. შტალინს Kრიეგ. Dიე სოწჯეტისცჰე Lანგზეიტსტრატეგიე გეგენ დენ ჭესტენ ალს რატიონალე Mაცჰტპოლიტიკ. Müნცჰენ, 1985.
14. Eრნსტ Nოლტე. Dერ ეუროპäისცჰე Büრგერკრიეგ 1917-1945: Nატიონალსოზიალისმუს უნდ Bოლსცჰეწისმუს. Fრანკფურტ, 1987, გვ. 460; Hეინზ Mაგენჰეიმერ. Nეუე Eრკენნტნისსე ზუმ „Uნტერნეჰმენ Bარბაროსსა“. – Öსტერრეიცჰისცჰე Mილიტäრისცჰე ძეიტსცჰრიფტ, 1991, H 5, გვ. 41-45.
15. როგორც თავად სუვოროვი აცხადებს, მან მიიღო უამრავი წერილი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომლებშიც ომის ვეტერანები ან მათი შთამომავლები მადლობას უცხადებდნენ მას სიმართლის თქმისთვის და დამატებით აწვდიდნენ მონაცემებს იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯარში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე (В. Суворов. День „М“, შესავალი). თავის მხრივ, ჩვენც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საბჭოთა არმიაში ნამდვილად ვრცელდებოდა 1941წ. ივნისში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებოდა ომი, ოღონდ არა თავდაცვითი, არამედ შეტევითი. მაგალითად, ცნობილმა სოხუმელმა მეცნიერმა-ფილოსოფოსმა, პროფ. შოთა მისაბიშვილმა ჩვენთან პირად საუბარში გაიხსენა, რომ 1941წ. ივნისის პირველ ნახევარში, როდესაც მისი ნაწილი გადაისროლეს ბელორუსიაში, იქ მაშინ მუსირებდა აზრი უახლოეს დღეებში გერმანიის წინააღმდეგ შეტევითი ოპერაციების დაწყების შესახებ.
16. ეს უკანასკნელი პირდაპირ აღნიშნავს თავის წიგნებში, რომ მათი დაწერა მხოლოდ ვ. სუვოროვის იდეების უარყოფის სურვილმა განაპირობა (იხ.: Г. Городецкий. Миф «Ледокола». М., 1995, გვ. 4; Gაბრიელ Gოროდეტსკყ. Gრანდ Dელუსიონ: შტალინ ანდ ტჰე Gერმან Iნვასიონ ოფ ღუსსია. Yალე Uნივერსიტყ Pრესს, Nეწ Hავენ, ჩთ, გვ. IX-X).
17. Дж. Г. Наджафов. Советско-германский пакт 1939 года: переосмысление подходов к его оценке. – Вопросы истории, №1, 1999, გვ. 155-156.
18. მაგ. იხ.: О. А. Зимарин. Миф "Ледокола". – Военно-исторический журнал, 1995, №4, გვ. 32-33.
19. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად ვ. ნევეჟინი მიეკუთვნება ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი დაყოფის მიხედვით რუსი ისტორიკოსების მეორე კატეგორიას (თუმცა, მისი სტატიებიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რომ ის ძირითადად იზიარებს სუვოროვის იდეებს და შეძლებისდაგვარად ერიდება ამ უკანასკნელის განქიქებას) და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის იდეის სიმცდარე, თითქოს გერმანიის მხრიდან ომი პრევენტულ ხასიათს ატარებდა, უკვე ნათლად იყო დამტკიცებული (იხ.: В. Н. Невежин. Сталинский выбор 1941 года: оборона или... «лозунг наступательной войны»? (По поводу книги Г. Городецкого «Миф „Ледокола“»). – Отечественная история, 1996, №3, გვ. 56). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვ. სუვო„როვს ნამდვილად აქვს რამდენჯერმე ნახსენები წიგნში: «День "М"» ფრაზა ჰიტლერის მხრიდან პრევენტული ომის განხორციელების შესახებ (იხ.: В. Суворов. День "М", თ. 17, 33) თუმცა ეს ნამდვილად არ არის მთავარი თეზა მის ნაშრომებში. შესაბამისად, სუვოროვის ამ ფრაზების სიმცდარის დამტკიცება არაფრით არ აძლიერებს მისი კონკურენტების პოზიციებს.
20. В. Н. Невежин. Сталинский выбор 1941 года.., გვ. 59-60. უფრო სწორად, გოროდეცკის ნახსენები აქვს შემდეგი ფრაზა: `სტალინი რამდენჯერმე იმეორებს სიტყვას „შეტევა“, რაც ნიშნავს კონტრდარტყმას, და არა „თავდასხმას“, რომელიც აღნიშნავს საკუთარი ინიციატივით დაწყებულ ომს“ („...Сталин несколько раз повторяет слово «наступление», означающее контрудар, т.е. противоположное «нападению», что означало бы войну, начинаемую по собственной инициативе“. Г. Городецкий. Миф «Ледокола», გვ. 293). ჩვენი აზრით, აქ ნებისმიერი კომენტარი ზედმეტია.
21. Г. Городецкий. Миф «Ледокола», გვ. 324-325.
22. Г. Городецкий. Миф «Ледокола», გვ. 341, მით. 53. თავის მეორე გამოკვლევაში _ „დიდი ტყუილი“ _ გ. გოროდეცკიმ დააზუსტა ეს მომენტი და მითითებაში აღნიშნა, რომ გენ. ნ. ლიაშჩენკოს ეს დოკუმენტი 1954წ. ჰქონდა დაწერილი (Gაბრიელ Gოროდეტსკყ. Gრანდ Dელუსიონ, გვ. 366, მით. 42). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამოცემაში ეს შეხვედრა სულ რაღაც სამი სტრიქონით არის გადმოცემული (იხ.: Gაბრიელ Gოროდეტსკყ. Gრანდ Dელუსიონ, გვ. 209-210).
23. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლ. ბეზიმენსკის გამოკვლევებიც ნამდვილად არ წარმოადგენს დიდ შენაძენს ისტორიული მეცნიერებისათვის, ვინაიდან მისი პოზიცია სსრკ-გერმანიის პაქტისადმი პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით იცვლებოდა. ამის გამო გერმანელმა ისტორიკოსმა, ჰიტლერის ბიოგრაფიის ავტორმა ვერნერ მაზერმა მას უბრალოდ „მანიპულატორი“ უწოდა (იხ.: ჭერნერ Mასერ. Dერ ჭორტბრუცჰ. Hიტლერ, შტალინ უნდ დერ ძწეიტე ჭელტკრიეგ. Müნცჰენ, 1994, გვ. 216).
24. ლ. ბეზიმენსკიმ ეს მონაცემი გამოიყენა მოგვიანებით, თუმცა სტალინისა და ტიმოშენკოს საუბარი მხოლოდ სქოლიოში მოიყვანა (იხ.: Л. А. Безыменский. О «Плане Жукова» от 15 мая 1941г. – Новая и новейшая история, 2000, №3, შენიშვნა 26) და არ განავრცო მსჯელობა ამ მიმართულებით. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას მაინცდამაინც არ სჯეროდა ამ დოკუმენტის და სწორედ ამიტომ ყოყმანობდა მის გამოქვეყნებაზე. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას ერთ გარემოებასაც: ლ. ბეზიმენსკი ტიმოშენკოსა და ლიაშჩენკოს საუბარს 60-იანი წლებით ათარიღებს. გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ლ. ბეზიმენსკის სტალინისა და ტიმოშენკოს საუბარი საერთოდ არა აქვს ნახსენები თავის მონოგრაფიაში (იხ.: Л. А. Безыменский. Гитлер и Сталин перед схваткой. М., 2000), რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის საუბრის აუთენტურობას.
25. მაგალითად, სადაზვერვო მონაცემები, რომ ევროპაში არ მომხდარა ფასების დაცემა ცხვრის ხორცზე, რაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ცხვრების მასობრივ დახოცვას მათი ტყავისაგან მოსასხამების დასამზადებლად. ეს ნამდვილად საჭირო იქნებოდა, თუ გერმანია საბჭოთა კავშირზე თავდასხმას აპირებდა, რადგანაც ზამთარში ომის პერსპექტივა მოითხოვდა საჭირო რაოდენობით თბილი ქურთუკების მომარაგებისათვის უკვე ზაფხულიდანვე ზრუნვას. ამავე დროს, არ მომხდარა არც ყინვაგამძლე ზეთის მომარაგება ტანკებისათვის. აღნიშნული მონაცემები ვ. სუვოროვს მოჰყავს იმის საჩვენებლად, თუ რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა სტალინს სხვა სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ გერმანია აპირებდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმას 1941წ. ივნისში (იხ.: В. Суворов. Ледокол, თ. 30). ჩვენი აზრით, ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც მნიშვნელოვანი, რადგანაც როგორც ქურთუკების მომარაგებაზე, ისე ზეთის გამოცვლაზე ზრუნვის დაწყება სექტემბერშიც იყო შესაძლებელი. თუმცა სუვოროვი, რასაკვირველია, აბსოლუტურად სწორია, როდესაც აცხადებს, რომ გერმანელები ამას საერთოდ არ აპირებდნენ იმ უბრალო მიზეზით, რომ ომის დამთავრებას დაახლოებით 3 თვეში აპირებდნენ.
26. თუ არ ჩავთვლით ებრაელ სამხედრო ისტორიკოს შიმონ ნავეს, რომელიც ამტკიცებს, რომ საბჭოთა განლაგება ნამდვილად იყო თავდაცვითი (იხ.: შჰიმონ Nავეჰ. Iნ Pურსუიტ ოფ Mილიტარყ Eხცელლენცე. Lონდონ, 1998) და მის მეგობარ გაბრიელ გოროდეცკის, თანამედროვე მკვლევართა უმრავლესობა თითქმის ერთხმად აღიარებს ამ განლაგების შეუსაბამობას თავდაცვით მიზნებთან. უფრო მეტიც, ამას ყურადღება ჯერ კიდევ 1989წ. საბჭოთა მკვლევარმა ვ. სემიდეტკომ მიაქცია (იხ.: В. И. Семидетко. Истоки поражения в Белоруссии. – Военноисторический журнал, 1989, №4, გვ. 30-31).
27. В. Суворов. Ледокол, თ. 26.
28. В. Суворов. Ледокол, თ. 26.
29. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელებმა შეძლეს ომის პერიოდში მართლაც საუცხოო ტანკების შექმნა, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირე გამოდგა, განსაკუთრებით თუ მათ შევადარებთ საბჭოთა ტ-34-ებისა და კვ-1-ების გამოშვების ტემპებს.
30. М. И. Мельтюхов. 22 июня 1941г.: цифры свидетельствуют. – История СССР, 1991, №3, გვ. 23.
31. М. И. Мельтюхов. Упущенный шанс Сталина. Советский Союз и борь-
ба за Европу: 1939-1941 (Документы, факты, суждения). М., 2000, გვ. 485.
32. М. И. Мельтюхов. Упущенный шанс Сталина, გვ. 486.
33. უნდა აღინიშნოს, რომ რუსმა ისტორიკოსებმა ვერაფრით ვერ „დათვალეს“ გერმანული თვითმფრინავებისა თუ ტანკების საერთო რაოდენობა. მათ მიერ ამ მხრივ მოყვანილი ბოლო მონაცემები როგორც მინიმუმ, 2000 ერთეულით მეტია, ვიდრე სინამდვილეში გააჩნდა ვერმახტს საერთოდ. უფრო მეტიც, მ. მელტიუხოვს მოჰყავს გერმანული ტანკების შემდეგი რაოდენობა: 6292 (იხ.: М. И. Мельтюхов. Упущенный шанс Сталина, გვ. 485). გაუგებარია, საიდან მოიტანა მან ეს ციფრი, რადგანაც დანამდვილებით ცნობილია, რომ ვერმახტის შემტევი დაჯგუფების განკარგულებაში 3800-მდე ტანკი იყო (Fერდინანდ Mარია ვონ შენგერ უნდ Eტტერლინ. Dიე დეუტსცჰენ Pანზერ, 1926-1945. Müნცჰენ, 1969, გვ. 345). როგორც ჩანს, ეს არის აბსოლუტური რაოდენობა ტანკებისა, რომელიც ჰყავდა გერმანიას ყველა თავის მოკავშირესთან ერთად, თუმცა, ჩვენი აზრით, რუსი მკვლევარი ამ შემთხვევაშიც ზედმეტ ტანკებს აწერს მოწინააღმდეგეს. თვითმფრინავებთან დაკავშირებით ეს „შეცდომა“ კიდევ უფრო თვალში საცემია, რადგანაც თურმე გერმანიას გააჩნდა 6852 თვითმფრინავი (М. И. Мельтюхов. Упущенный шанс Сталина, გვ. 486. ეტყობა, აქ უკვე სამოქალაქო თვითმფრინავებიც არის მითვლილი _ თ.პ.), რაც ალბათ დიდი აღმოჩენა იქნება გერმანელი მკვლევრებისათვის, რომლებიც მაქსიმუმ 4,5 ათას თვითმფრინავს ითვლიდნენ (უკანასკნელი მონაცემებით, რომელიც 2007წ., გერმანულ არქივებზე დაყრდნობით იქნა გამოქვეყნებული, გერმანელებს გააჩნდათ 4389 თვითმფრინავი. იხ.: ჩჰრისტერ Bერგსტრომ. Bარბაროსსა – თჰე Aირ Bატტლე: ჟულყ-Dეცემბერ 1941. Lონდონ, 2007, გვ. 130). ამასთან, აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ გერმანიას, როგორც მინიმუმ, 1000 თვითმფრინავი ყოველდღე უნდა გამოეყო დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ.
34. М. И. Мельтюхов. Упущенный шанс Сталина, გვ. 486. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საბჭოთა მფრინავების მომზადების დონე ნამდვილად ბევრად ჩამოუვარდებოდა ლიუფტვაფეს პილოტებისას.
35. ოფიციალური მონაცემები საბჭოთა ჯარების შესახებ იმდენად ურთიერთგამომრიცხავია, რომ რომელიმე მათგანის ნდობა უბრალოდ არ შეიძლება.
36. В. Суворов. Ледокол, თ. 26.
37. В. Суворов. Ледокол, თ. 26.
38. Ю. А. Горьков. Готовил ли Сталин упреждающий удар против Гитлера в 1941г. – Новая и новейшая история, 1993, №3, გვ. 29-45. ეს გეგმა პირველად ახსენა 1989წ. დ. ვოლკოგონოვმა, ოღონდ მან ჩათვალა, რომ ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი და არ მოუყვანია მისი ტექსტი (Д. А. Волкогонов. Триумф и трагедия. Кн. 2, ч. 1. М., 1989, გვ. 136).
39. Великая Отечественная война 1941-1945гг. Военно-исторические очерки: В 4 кн. Кн. 40. М., 1998, გვ. 111. ამას ადასტურებს მარშალი (იმდროს გენერალ-მაიორი) ვასილევსკიც, რომელიც თავის დროზე აცხადებდა, რომ საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ომისწინა გეგმა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 1939წ. გეგმისაგან და რომ თავად ის აქტიურად მონაწილეობდა ამ გეგმის შემუშავებაში 1941წ. მაისიდან. მისი თქმით, საბჭოთა ხელმძღვანელობა არც კი განიხილავდა გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შესაძლებლობასაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის შესაძლო ვადებზე (იხ.: Накануне 22 июня 1941г. Неопубликованное интервью маршала Советского Союза А. М. Василевского. – Новая и новейшая история, №6, 1992, გვ. 5-6). საინტერესოა, რომ ლ. ბეზიმენსკიმ გეგმას მხოლოდ ტიმოშენკოს და ჟუკოვის გეგმა უწოდა (იხ.: Л. А. Безыменский. О «Плане Жукова»...), თუმცა იქვე დასძენს, რომ დოკუმენტი ვასილევსკის ხელით არის დაწერილი (იხ.: Л. А. Безыменский. О «Плане Жукова»...).
41. Ю. А. Горьков. Кремль. Ставка. Генштаб. Тверь, 1995, გვ. 226.
42. Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. О характере военно-оперативных планов СССР накануне Великой Отечественной войны. Новые архивные документы. – Новая и новейшая история, 1997, № 6, გვ. 112.
43. ამის შესახებ ის სამართლიანად გააკრიტიკა პ. ბობილევმა (იხ.: П. Н. Бобылев. Точку в дискуссии ставить рано: К вопросу о планирова нии в Генеральном Штабе РККА возможной войны с Германией в 1940-1941 годах. – Отечественная история, 2000, №1, გვ. 56.
44. Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи. – Военно-исторический журнал, 1996, №2, გვ. 2-15; Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи: На Западном направлении. – Военно-исторический журнал, 1996, №3, გვ. 4-17; Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи: Когда Киев еще не бомбили. – Военно-исторический журнал, 1996, №4, გვ. 2-17; Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи: От Черного моря до Карпат. – Военно-исторический журнал, 1996, №5, გვ. 2-15; Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи: На советском Северо-Западе. – Военно-исторический журнал, 1996, №6, გვ. 2-7.
45. იხ.: В. Д. Данилов. Попытка возрождения глобальной лжи. – Независимое военное обозрение, 16-22 января 1998г., №2 (76), გვ. 6.
46. ავტორები თვითონვე უსვამენ ხაზს, რომ გეგმები შემოკლებით იბეჭდება.
47. «Последовательными ударами боевой авиации по установленным базам и аэродромам, а также боевыми действиями в воздухе уничтожать авиацию противника и с первых же дней завоевать господство в воздухе» (იხ.: Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи. – Военно-исторический журнал, 1996, №2, გვ. 7, 9; №3, გვ. 5, 11; №4, გვ. 3, 8; №5, გვ. 3-4, 12; №6, გვ. 4.
48. Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи. – Военно-исторический журнал, 1996, №2, გვ. 8, 13; №3, გვ. 17; №4, გვ. 3; №5, გვ. 15. აღნიშნული ფრაზა არ გვხვდება მხოლოდ ერთ, ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდლობისადმი განკუთვნილ გეგმაში, რაც, ჩვენი აზრით, არ არის გასაკვირი, რადგანაც ეს იყო ფინეთის, და არა გერმანიის, საზღვარი.
49. Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи. – Военно-исторический журнал, 1996, №2, გვ. 7; №3, გვ. 11; №4, გვ. 3; №5, გვ. 3; №6, გვ. 4.
50. ამ შემთხვევაში ყურადღებას იქცევს ოდესის სამხედრო ოლქის სარდლობისადმი სსრკ-ს თავდაცვის სახალხო კომისრის მიერ 6 მაისს გაცემული და 20 ივნისს დამტკიცებული დირექტივა («Записка по плану действий войск Одесского военного округа в прикрытии госграницы согласно директиве народного комиссара обороны № 503874 от 6 мая 1941 г. утв. 20 июня 1941г.» – Ю. А. Горьков, Ю. Н. Семин. Конец глобальной лжи. – Военно-исторический журнал, 1996, №5, გვ. 3). ჩვენი აზრით, ორივე ეს თარიღი მეტად საგულისხმოა. დირექტივა გაცემულია 6 მაისს, წინა დღით, 5 მაისს კი სტალინი სიტყვით გამოვიდა სამხედრო აკადემიის კურსანტებთან და პირდაპირ განუცხადა მათ, რომ მზადდებოდა შეტევა გერმანიის წინააღმდეგ. მართალია, სტალინის 5 მაისის სიტყვის (თუ სიტყვების, ვინაიდან არსებობს ვარაუდი, რომ მას იმ დღეს 3 სხვადასხვა გამოსვლა ჰქონდა) სრული ჩანაწერი ჯერ არ გამოქვეყნებულა (და ალბათ კიდევ დიდხანს არ იხილავს დღის სინათლეს, თუ გავითვალისწინებთ რუსეთში დღეს არსებულ დამოკიდებულებას მეორე მსოფლიო ომის ისტორიისადმი), მაგრამ ეს სულაც არ ამტკიცებს აღნიშნული მოსაზრების მხარდამჭერთა (სუვოროვი, უიკსი) სიმცდარეს. პირიქით, სტალინის სიტყვის გამოქვეყნებული ფრაგმენტები (იხ.: «Современная армия – армия наступательная». Выступления И. В. Сталина на приеме в Кремле перед выпускниками военных академий. Май 1941 г. – Исторический архив, 1995, №2, გვ. 23-31), ჩვენი აზრით, სრულად ადასტურებს მათ სისწორეს. აღნიშნული დირექტივა ასევე შეიძლება დამატებით არგუმენტად იქნას გამოყენებული ამ მიმართულებით. საყურადღებოა მეორე თარიღიც _ 20 ივნისი. როგორც ჩანს, საზღვარზე სამხედრო ნაწილების გადაჯგუფების ბოლო ფაზა სწორედ 20 ივნისიდან დაიწყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა შეტევის დაწყების თარიღი მოახლოებული იყო.
51. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ სუვოროვის ჩამონათვალი არასრულია და მას აკლია უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის რუკები.
52. И. Хоффман. Подготовка Советского Союза к наступательной войне. 1941 год. – Отечественная история, 1993, № 4, გვ. 19-31.
53. А. А. Шаравин. Советские топокарты были лучше немецких. Военно-топографическая служба Красной Армии и топогеодезическое обеспечение войск в начальный период войны. – Военно-исторический журнал, 1999, №6, გვ. 18.
54. П. Н. Бобылев. Точку в дискуссии ставить рано, გვ. 46; М. И. Мель тюхов. Упущенный шанс Сталина, გვ. 8-9.
55. В. Суворов. Ледокол, თ. 6.
56. იხ.: «Правда», 30.11.1939. ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც სტალინმა მიზანშეწონილად ჩათვალა უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხის გაცემა, რაც, ბუნებრივია, ადასტურებს ეჭვებს, რომ „ჰავასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუთენტური იყო.
57. В. Суворов. Ледокол, თ. 6.
58. История второй мировой войны. В 12 томах. Пред. ред. ком. А. А. Гречко (т. 1-7) и Д. Ф. Устинов (т. 8-12). Т. 2. Накануне войны. Гл. ред. Г. А. Деборин. М., 1974, გვ. 285.
59. ამას სათავე დაუდო დ. ვოლკოგონოვმა, რომელმაც პირველმა ნაცხადა, რომ ნახა აღნიშნული სხდომის ჩანაწერები, თუმცა იქვე მიუთითა, რომ მათში მხოლოდ მეორეხარისხოვანი საკითხები იყო განხილული (იხ.: «Известия», 16.01.1993).
60. Т. Бушуева. «...Проклиная — попробуйте понять...». – Новый Мир, 1994, №12, გვ. 232-233; В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина на заседании Политбюро ЦК ВКП(б) 19 августа 1939 года. – В сб.: Другая война 1939-1945. Под общей редакцией академика Ю. Н. Афанасьева. М., Российский Государственный Гуманитарный Университет, 1995, გვ. 73-75.
61. С. З. Случ. Речь Сталина, которой не было. – Отечественная история, 2004, №1, გვ. 113-139. იხ. აგრეთვე ელექტრონული ვერსია ვებ-გვერდზე: ჰტტპ://ვივოვოცო.რსლ.რუ/VV/ჟOUღNAL/ღUHIშთ/შთANEთ1.HთM.
62. «Первым преимуществом, которое мы извлечем, будет уничтожение Польши до самых подступов к Варшаве, включая украинскую Галицию». (В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 73).
63. აღნიშნული სიტყვის შესახებ დაწვრილებით იხ.: თ. პაპასქირი. საბჭოთა პოლიტიკა ჩეხოსლოვაკიის მიმართ 1938წ. სუდეტის კრიზისის დროს. _ საისტორიო ძიებანი, VIII-IX, 2006, გვ. 393-396.
64. В. Л. Дорощенко. Сталинская провокация второй мировой войны. Приложение. Текст речи Сталина.., გვ. 73-75. აღსანიშნავია, ტ. ბუშუევას მიერ აღმოჩენილ დოკუმენტს სულ უფრო მეტი ნდობა აქვს აკადემიურ წრეებში (იხ.: Политический архив XX века. Не миф: Речь Сталина 19 августа 1939 года. Публикацию подготовили В. Л. Дорошенко, И. В. Павлова, Р. Ч. Раак. – Вопросы истории, 2005, №8, გვ. 3-20).
65. Sვენსკა Pრესსენ, შეპტემბერ 8, 1939. დოკუმენტის ინგლისური თარგმანი ორიგინალის სკანირებული ასლითურთ იხ. კარლ ნორდლინგის ვებ-გვერდზე: ჰტტპ://წწწ.ცარლონორდლინგ.სე/წწ2/რიბბენტროპ.ჰტმლ.
66. აქ აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დასავლეთში, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უჭირთ სუვოროვის თვალსაზრისის დაჯერება, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა უკანასკნელ ხანებში ნამდვილად შეიმჩნევა (იხ.: ღიცჰარდ ჩ. ღააცკ. შტალინ'ს ღოლე ინ ტჰე ჩომინგ ოფ ჭორლდ ჭარ II. Oპენინგ ტჰე ჩლოსეტ Dოორ ონ ა Kეყ ჩჰაპტერ ოფ ღეცენტ Hისტორყ. – ჭორლდ Aფფაირ, Vოლ. 158, Nო. 4, შპრინგ 1996, გვ. 198-211; Aლბერტ L. ჭეეკს. შტალინ'ს Oტჰერ ჭარ: თჰე შოვიეტ Gრანდ შტრატეგყ, 1939-1941. Lანჰამ, MD, 2002). ამერიკელებს არ სურთ იმის აღიარება, რომ მეორე მსოფლიო ომში ისინი იყვნენ იმ კაცის მოკავშირეები, ვინც ჰიტლერზე არანაკლებ დამნაშავე იყო ომის გაჩაღებაში.
67. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ დიპლომატიური დოკუმენტის „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტად“ მოხსენიებას, რადგანაც ეს იყო არა ორ კაცის, არამედ ორი სახელმწიფოს ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, რომელსაც თან ახლდა საიდუმლო ოქმები. უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი“ გამოიყენებოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში (დღეს კი გამოიყენება მხოლოდ რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისიც არა ყველგან) და, ჩვენი აზრით, გამოგონილ იქნა იმისათვის, რომ ერთგვარად დაემცროთ მისი მნიშვნელობა. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო აგრეთვე მცდელობა, მთელი პასუხისმგებლობა ფაშისტურ გერმანიასთან შეთანხმებაზე დაეკისრებინათ ერთი კაცისთვის და აეცილებინათ ის სახელმწიფოსათვის.
68. ოქსფორდ Hისტორყ ოფ Eნგლანდ. Vოლ. XV. Aლან ჟოჰნ Pერცივალ თაყლორ. Eნგლისჰ Hისტორყ 1914-1945. Oხფორდ Uნივერსიტყ Pრესს, 1965, გვ. 326.
69. В. А. Невежин. Синдром наступательной войны. Советская пропаганда в преддверии «священных боев», 1939-1941гг. М., 1997, გვ. 71-75; М. И. Мельтюхов. Советско-польские войны. Военно-политическое противостояние 1918-1939гг. М., 2001, გვ. 292-293.
70. Россия и СССР в войнах XX века. Потери вооруженных сил: Статистическое исследование. М., 2001, გვ. 184; М. И. Мельтюхов. Советско-польские войны, გვ. 292-293.
71. СССР в борьбе за мир накануне второй мировой войны. Сентябрь 1938- 1938-август 1939. Документы и материалы. М., 1971, გვ. 584-585; А. М. Самсонов. Крах фашистской агрессии. 1939-1945. М., 1980, გვ. 41; Ф. Д. Волков. За кулисами второй мировой войны. М., 1985, გვ. 14-15 და ა.შ.
72. Dოცუმენტს ონ ტჰე Bრიტისჰ Fორეიგნ Pოლიცყ 1919-1939 (შემდგომში DBFP). Eდ. ბყ E. L. ჭოოდწარდ ანდ ღოჰან Bუტლერ, ასსისტედ ბყ Mარგარეტ Lამბერტ. თჰირდ შერიეს, ვოლ. I, 1938. Lონდონ, Hის Mაჯესტყ’ს შტატიონარყ Oფფიცე, 1949, გვ. 519.
73. DBFP, თჰირდ შერიეს, ვოლ. I, გვ. 347, 375.
74. А. М. Самсонов. Крах фашистской агрессии, გვ. 43.
75. Г. Гудериан. Воспоминания солдата. Смоленск, 1999, გვ. 257.
76. უნდა ითქვას, რომ ვ. სიპოლსი ცდილობს უარყოს ეს ფაქტი (იხ.: В. Я. Сиполс. Тайны дипломатические. Канун Великой Отечественной. 1939-1941. М., 1997, გვ. 386-400), მაგრამ, ჩვენი აზრით, ის აშკარად ცდება.
77. Год Кризиса. 1938-1939. Документы и материалы в 2-х томах. Т. 2. М., 1990, დოკუმენტი #603, 614; Nაზი-შოვიეტ ღელატიონს 1939-1941. Dოცუმენტს ფრომ ტჰე Aრცჰივეს ოფ ტჰე Gერმან Fორეიგნ Oფფიცე. Eდ. ბყ ღაყმონდ ჟამეს შონტაგ ანდ ჟამეს შტუარტ Bედდიე. ჭასჰინგტონ, 1948, გვ. 78, 105-107. სხვათა შორის, ჰიტლერმა ეს შეახსენა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვ. მოლოტოვს 1940წ. ნოემბერში ბერლინში გამართული მოლაპარაკებებისას (იხ.: Nაზი-შოვიეტ ღელატიონს, გვ. 235; Поездка Молотова в Берлин в ноябре 1940г. Предисловие академика Г. Н. Севостьянова, публикацию подготовили В. А. Лебедев и Б. Л. Хавкин. – Новая и новейшая история, №5, 1993, გვ. 80-81.
78. Генри Пикер. Застольные разговоры Гитлера. Смоленск, 1993, 27 июля 1942г. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ანალოგიურად აფასებენ ამ ფაქტს საბჭოთა მკვლევარებიც. უფრო მეტიც, ა. ორლოვმა დაამატა, რომ ბუკოვინაზე გადიოდა ევროპული ზომების რკინიგზა, რომელიც აერთიანებდა ოდესას ლვოვთან (იხ.: А. С. Орлов. СССР-Германия: военно-политические отношения накануне агрессии. – Военно-исторический журнал, 1991, №10, გვ. 17
79. დაწვრილებით ამის შესახებ იხ.: Мауно Иокипии. Финляндия на пути к войне: исследование о военном сотрудничестве Германии и Финляндии в 1940-1941гг. Петрозаводск, 1999, ნაწ. IV, $3. ელექტრონული ვერსია იხ.: ჰტტპ://წწწ.აროუნდსპბ.რუ/ფინნისჰ/წაყწარ/2.პჰპ.
80. Gერჰარდ L. ჭეინბერგ. Gერმანყ, Hიტლერ, ანდ ჭორლდ ჭარ II: Eსსაყს ინ Mოდერნ Gერმან ანდ ჭორლდ Hისტორყ. Nეწ Yორკ, 1995, გვ. 162.
81. უფრო მეტიც, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები გ. გოროდეცკი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ მან მიიღო მხოლოდ დეკემბერში, როდესაც სტალინმა ჰიტლერი პრაქტიკულად გამოუვალ სიტუაციაში მოაქცია თავისი სწრაფვით რუმინეთისაკენ. კერძოდ, ის აღწერს დუნაის შესართავთან დაკავშირებულ სიტუაციას, როდესაც სტალინმა ფაქტობრივად მოითხოვა სსრ კავშირის სრული კონტროლი დუნაის შესართავზე. გერმანიამ და იტალიამ შესთავაზეს სტალინს, რომ ისინი შეასრულებდნენ მედიატორის ფუნქციებს საბჭოთა კავშირსა და რუმინეთს შორის ამ საკითხზე, მაგრამ საბჭოეთის ლიდერმა წინადადება უხეშად უარყო. სწორედ ამის შემდეგ, მეორე დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება „ბარბაროსას“ განხორციელების შესახებ. გოროდეცკის თქმით, სტალინმა ამით ფაქტობრივად აიძულა ჰიტლერი, ხელი მოეწერა „ბარბაროსასთვის“ (იხ. Gაბრიელ Gოროდეტსკყ. თჰე Gრანდ Dელუსიონ, გვ. 85). საინტერესოა, რამდენად ეთანხმება გ. გოროდეცკის მიერ მოყვანილი ეს ინფორმაცია ამავე წიგნში სხვა ადგილას მოცემულ მისსავე დასკვნებს იმის შესახებ, რომ სტალინს ძალიან ეშინოდა ჰიტლერის და მზად იყო ყველაფრის გასაკეთებლად, რათა თავიდან აეცილებინა ომი (იხ.: Gაბრიელ Gოროდეტსკყ. თჰე Gრანდ Dელუსიონ, გვ. 321).
82. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: თ. პაპასქირი. ვ. მოლოტოვის ვიზიტი ბერლინში და ბულგარეთის საკითხი გერმანია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში 1940წ. შემოდგომაზე. _ სოხუმის უნივერსიტეტის შრომები, I, ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია. თბ., 2007, გვ. 282-289.
83. М. И. Мельтюхов. Упущенный шанс Сталина, გვ. 375.
84. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ომის პირველ თვეებში გერმანელებს ხელთ ჩაუვარდათ 3,3 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი. ეს რიცხვი თითქმის უტოლდებოდა გერმანიის მიერ „ბარბაროსას“ პირველ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად გამოყოფილ სამხედრო კონტინგენტს, რომელიც 3,9 მილიონ ჯარისკაცს შეადგენდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური საბჭოური ისტორიოგრაფიის მონაცემებით, სსრკ-ს წინააღმდეგ მობილიზებული იყო 4,6 მილიონი ჯარისკაცი (История второй мировой войны. В 12 томах. Пред. ред. ком. А. А. Гречко (т. 1-7) и Д. Ф. Устинов (т. 8-12). Т. 4. Фашистская агрессия против СССР. Крах стратегии «молниеносной войны». Гл. ред. Н. Г. Андроников. М., 1975, გვ. 21), მაგრამ აქ შეყვანილი იქნა რეზერვიც, რომელიც 1941წ. სამხედრო ოპერაციებში არ გამოუყენებიათ.

Комментариев нет:

Отправить комментарий