среда, 28 декабря 2016 г.

იბერია, არმენია, რომი და სასანიდები 340-იან–390-იან წლებში. „დიდი არმენიის“ აღსასრული და ბიზანტიის დაარსება

ბაკურ II-ის მეფობა
მირიანის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახზე მისი უმცროსი ძე ბაკურ II (336359) ავიდა. მან განაგრძო მამის საქმიანობა და ჯერ კიდევ წარმართი მთიელები ქრისტიანობაზე მოაქცია.
მალე ბაკურ II- ძმისწულები, თრდატის ძენი აუჯანყდნენ, რომელთაც მხარში დედის ძმა, არმენიის მეფე ხოსროვ III (330339) ამოუდგა. ბაკურ II- დაამარცხა სომეხთა შემოჭრილი ლაშქარი ჯავახეთში, რის შემდეგაც თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაკურის შთამომავლები, რომლებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონმორიგების შემდეგ ბაკურმა ძმისწულებს მისცა კუხეთის ერისთავობა, რომლის ცენტრი ქალაქი რუსთავი იყო.
ამან ბაკურ ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულა, და გაამრავლა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა ეკლესიათა მსახურებად. ბაკურმა ააშენა წილკნისა ეკლესია, რასაც 15 წელი მოანდომა. მოკვდა და დაეფლა ქვემოსა ეკლესიასა ძმასავე თვისსა თანა მოგვითხრობს მემატიანე.
ბაკურის შემდეგ გამეფდა მისი ძე მირდატ V (მერიბან 359364), რომელმაც მოღვაწეობა ქრისტიანობის გავრცელებას მიუძღვნა. მან კლარჯეთში, თუხარისის ციხეში ააგო ეკლესია და იქ დააყენა მღვდლებიმოძღვრად კლარჯთა“. აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს ერუშეთსა და წუნდაში, დაასრულა ნეკრესის ეკლესიის მშენებლობა და საფუძველი ჩაუყარა რუისის ტაძარს.
IV -ის შუა ხანებში ირანის შაჰმა შაპურ II- (309379) რომთან ომები განაახლა და გარკვეულ უპირატესობასაც მიაღწია. მოიგო სინგარის 344 . და ამიდის (დღევ. დიარბაქირი) 359 . ბრძოლები და ხელთ იგდო ამიდი და რამდენიმე ციხე-სიმაგრე. 360 წელს მათ მიაყოლა სინგარი და ბეზაბდუ. ასეთ პირობებში რომაელები დიდძალ საჩუქრებით ცდილობდნენ მოკავშირეთა შენარჩუნებას. ამიანე მარცელინე მოგვითხრობს: „ვინაიდან ეშინოდათ, რომ კარგი ამინდის დადგომისთანავე უფრო ძლიერ თავდასხმას მოაწყობდა სპარსეთის მეფე, რომელიც გაჭირვებით იქნა უკან დახევინებული ზამთრის დროის სიძნელეების გამო, ტიგრს გადაღმელ მეფეებთან და სატრაპებთან უხვი საჩუქრებითურთ ელჩები იყვნენ გაგზავნილნი, რათა ყვალასათვის მოეწოდებინათ და ჩაეგონებინათ, ჩვენთვის თანაეგრძნოთ და არაფერ მოტყუებას ანდა ღალატს ცდილიყვნენ. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად მოქრთამულ იქნენ არშაკი და მერიბანი, არმენიისა და იბერიის მეფეები, ბრწყინვალედ შემკული სამოსით და მრავალნაირი საჩუქრებით, რადგან, თუ მაშინდელ საეჭვო ვითარებაში ალბანეთის მეფესავით სპარსელებს მიემხრობოდნენ, ავნებდნენ რომის საქმეებს.
იულიანე განდგომილის ლაშქრობა სპარსეთში და ნისიბინის ზავი
361 წელს კონსტატინეპოლის ტახტზე ავიდა ენერგიული ავგუსტი იულიანე II განდგომილი (361363), რომელმაც პირდაპირ ირანის დედაქალაქ ქტესიფონზე გალაშქრება გადაწყვიტა და საამისო მზადებას უმალვე შეუდგაიულიანეს გეგმით თავისი ჯარით უნდა გამოსულიყო არმენიის მეფე არშაკ II (350367), რომელსაც უნდა შეერთებოდა რომის 30000-იანი არმია პროკოპისა და სებასტიანის მეთაურობით და მათ უნდა გაემაგრებინათ არმენია-სპარსეთის საზღვარი, რათა არ დაეშვათ სპარსელთა ჩრდილოეთის მხრიდან მოვლა და რომაელთა ალყაში მოქცევა.
363 წლის მარტში იულიანე გავიდა ანტიოქიიდან, შეიერთა სხვა დანაყოფები და უზარმაზარი არმიითა (რომელიც 15 კმ-ზე იყო გაწელილი) და ფლოტით დაუყვა ევფრატზე სამხრეთის მიმართულებითაპრილის შუა ხანებში რომაელები შევიდნენ სპარსეთის საზღვრებში და მცირე დროში მოსყიდვითა და ბრძოლით აიღეს ქალქები ანაფუ, პირისაბორი, მაიოზამალჰი, გადაწვეს და მაისის ბოლოს ქტესიფონს მიადგნენ (გზად გამუდმებით ესხმოდნენ სპარსული და არაბული კავალერიის დანაყოფები პარტიზანულად და დიდი ზანს აყენებდნენ რომაელებს).
ქალაქის კედლებთან მოხდა პირველი სერიოზული ბრძოლა, რომელიც რომაელებმა მოიგეს. სპარსელებმა დაკარგეს 2500 კაცი, ხოლო რომაელებმა 70. ამის მიუხედავად იულიანემ გამაგრებული ქალაქის ალყას არჩია სპარსეთის შუაგულში შეჭრა. ამიტომ დაწვა მთელი ფლოტი, წაიღო რასაც წაიღებდნენ სურსათი და დანარჩენის შევსებას სპარსეთის სოფლების ძარცვით აპირებდნენ.
შაპური მიუხვდა ჩანაფიქრს და სრულიად გააპარტახა და დაცალა ის სპარსული სოფლები, რომელზეც რომაელებს უნდა გაეარათ. შედეგად რომაელებს საკვები ელეოდათ. არ ჩანდა ტიგროსზე მდგარი სომხურ-რომაული არმიაც, რომელსაც სურსათი უნდა ჩამოეტანა. ასეთ მძიმე ვითარებაში, ივნისში იულიანემ გეგმა შეცვალა და ჩრდილოეთით, რომაული პროვინცია კორდუენასაკენ წავიდა, სადაც სომხურ-რომაული ძალები უნდა შეერთებინა.
რომაელების უკანდახევით გათამამებული სპარსელები მერენისა და შაჰის ორი ვაჟის სარდლობით 26 ივნისს მარანგასთან რომაელებს შეებრძოლეს. ბრძოლაში სპარსელებმა ცოტათი მეტი დანაკარგი განიცადეს, თუმცა რომაელები უმფრო მძიმე დღეში იყვნენ, რადგან ერთის მხრივ მათ შიმშილი და პარტიზანული თავდასხმები ქანცს აცლიდა, მეორეს მხრივ კი ბრძოლაში დაიღუპა თვით ავგუსტი იულიანე.
მეორე დღეს (27 ივნისს) არმიაში გაიმართა იმპერატორის არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ერთი კორპუსის მეთაურმა იოვიანე ვანონიანეს ძემ (363364). იგი უმძიმეს დღეში იყო. სამი მხრიდან სპარსელები უახლოვდებოდნენ და ალყაში აქცევდნენ, ამიტომ ერთხანს იარა მშიერი არმიით ჩრდილოეთით და 1 ივლისს . დურასთან მივიდა, მაგრამ უკვე ეს გზაც სპარსელებმა გადაუჭრეს. მაშველი ძალა და სურსათი არსაიდან ჩანდა. შაპურმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა რომაელთა ალყაში მოქცევის ოპერაციას, იცოდა რა რომაელთა გამოუვალი მდგომარეობა საქმის უსისხლოდ გათავება გადაწყვიტა და იოავიანეს ელჩობა გაუგზავნა თავისთვის სასარგებლო პირობებით, რომლის სიმძიმის მიუხედავად იოვიანე უყოყმანოთ დათანხმდა. ასე გაფორმდა ნისიბინის 363 წლის ზავი, რომლის მიხედვითაც: 1. სპარსელებს გადაეცათ 5 რომაული პროვინცია არზანენა, მოკსოენა, ზაბდიცენა, რეგიმენა და კორდუენა, ქალაქების ნისიბინისა (შაპურმა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქიდან გააძევა ადგილობრივები და მათ ადგილზე 12000 სპარსელი ჩაასახლა) და სინგარის ჩათვლით. 2. რომი უარს ამბობდა სომხეთის მფარველობაზე. ზავი გაფორმდა 30 წლის ვადით, რაც განმტკიცდა ძვირფასი მძევლების გაცვლითზავის დადების შემდეგ შიმშილით მოქანცული რომაული არმია პანიკურად გაიქცა შინისაკენ.
უკან წასულმა იოვიანემ გზაში ერთადერთი მნიშვნელოვანი დეკრეტი გამოსცა, რომლითაც აღსდგა პრო-ქრისტიანული სახელმწიფო პოლიტიკა. მეტი უბრალოდ ვეღარ მოასწრო. იგი დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდე ვერც ჩავიდა. 364 წლის 17 თებერვალს გზაში გამოასალმეს სიცოცხლეს, რის შემდეგაც იმპერატორად ვალენტინიანე I გრაციანეს (გრაციანე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არმიაში) ძე (364375) აირჩიეს, რომელიც დედაქალაქში ავგუსტადაც აკურთხეს. კონსტანტინოპოლში მისულმა ვალენტინიანემ ძმა ვალენტი (364378) თანაავგუსტად გამოაცხადა, რის შემდეგაც იმპერია ორად გაჰყო. ვალენტს დაუთმო აღმოსავლეთი და დატოვა კონსტანტინეპოლში, ხოლო თვითონ აირჩია დასავლეთი და წავიდა მედიოლანში (დღევ. მილანი).
შაჰს სურდა დაუყონებლივ ესარგებლა ნისიბინის ზავის პირობებით. უკვე მომდევნო, 364 წელს, ირანელთა ლაშქარი სომხეთში შეიჭრა. სომხეთის მეფე არშაკ II მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ბრძოლა უხდებოდა არამარტო სპარსელების წინააღმდეგ, არამედ თვით ქვეყნის შიგნით არსებულ ნახარართა ოპოზიციასთანაც. სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის ცნობით, შაბურს გაუგზავნია ერთ-ერთი სარდალი თავის მომხრე სომეხთა რაზმთან ერთად არშაკის შესაპყრობად, „მაგრამ მან თავს უშველა მათგან კავკასიის მხარეში ქართველთა დახმარებით“.
შაჰის მოსყიდულმა სომეხმა ნახარარებმა ვაჰან მამიკონიანმა და მერუჯან არწრუნმა ისარგებლეს არშაკის არყოფნით და დაანგრიეს არშაკის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი, მის მიერ დაარსებული ქალაქი არშაკავანი, მაგრამარშაკი დაბრუნდა ქართლის ჯარით, შეაგროვა აგრეთვე მცირეოდენნი თავისი ერთგულნი სპარაპეტ ვასაკ მამიკონიანის მეთაურობით და შეებრძოლა ნახარარებს თავისი ქალაქის არშაკავანის დანგრევისათვის შურის საძიებლად“. არშაკის ჯარებმა გაიმარჯვეს და მოახერხეს სპარეთისგან თავის დაღწევა.
ვესტუთების დასახლება რომის იმპერიის საზღვრებში
აღმოსავლეთის ავგუსტი ვალენტი თავის უპირველეს ამოცანად აღმოსავლეთში რომის დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ისახავდა, ამიტომ სათანადო მზადების შემდეგ 365 წლის ზაფხულის ბოლოს დატოვა კონსტანტინეპოლი და სომხეთისაკენ დაიძრა. იმპერატორის წასვლით ისარგებლა იულიანე განდგომილის ბიძაშვილმა (დედის მხრიდან) პროკოპიუსმა, 26 სექტემბერს თავი ავგუსტად გამოაცხადა და აღმოსავლური პროვინციების შემომტკიცება დაიწყო.
კაპადოკიის კესარიაში მისულმა ვალენტმა ყველაფერი შეიტყო და დასახმარებლად ძმას მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ვალენტინიანე დაკავებული იყო გერმანულ ტომ ალემანებთან ომით.
პროკოპიუსმა მოახერხა ბევრი პროვინციის და დაბალი ფენების მიმხრობა. ამასთან მისი მოკავშირე გახდა ვესტგუთების ბელადი ატანარიხი (363–381). აღმ. ნაწილში გაბატონების მიუხედავად პროკოპიუსის მდგომარეობა მაინც მძიმე იყო, რადგან მას არ ემორჩილებოდა ქვეყნის მდიდარი პროვინციები, რის გამოც ჯარისკაცებისათვის ხელფასების გაცემა უჭირდა. შედეგად დაქირავებული ბარბაროსები მას თანდათან ტოვებდნენ. მაშინ პროკოპიუსმა ქვეყნის მდიდართა ქონების ქონფისკაცია დაიწყო, რამაც აღმოსავლეთის მთელი არისტოკრატია ვალენტის მხარეს გადაიყვანა. ყველასგან მიტოვებული უზურპატორი 366 წლის 27 მაისს ვალენტმა ხელთ იგდო და სიკვდილით დასაჯა.
ამის შემდეგ აღმოსავლეთის ავგუსტი ვესტგუთებს მიუბრუნდა, რომლებიც მუდმივად არღვევდნენ 332 წლის შეთანხმებას, კვეთდნენ დუნაის და თავს ესხმოდნენ რომის პროვინციებს. 367 წ. გაზაფხულზე ვალენტიმ გადალახა დუნაი ტრანსმარისკისთან (დღევ. ქ ტუტრაკანი ჩრდ-აღმ. ბულგარეთში) და დაიწყო ომი გუთებთან, რომლებიც დნესტრამდე და პრუტამდე იყვნენ განსახლებულნი. ატანარიხმა პარტიზანულ ომს მიმართა. ომმა 2,5 წელს გასტანა და 369 წ. სექტემბერში დასრულდა ზავით, რომლის მიხედვითაც აღსდგა საზღვარი დუნაიზე და რომმა იკისრა გადასახადი მის ტერიტორიაზე დასახლებულ გერმანელების შესანახად. გოთებმა გასცეს მძევლები. ზავის დადების შემდეგ იმპერატორი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა და აღმოსავლეთის საქმეების მოსაგვარებლად იწყო მზადება.
სპარსელთა ლაშქრობა ქართლსა და სომხეთში. იბერიის ორად გაყოფა
ამიანე მარცელინე მოგვითხრობს: „სანამ რომი გერმანელებთან ომით იყო დაკავებული შაპურმა გადაწყვიტა არმენიისა და იბერიის დაპყრობა მოესწრო. შაჰმა დიპლომატიურ ხრიკებს მიმართა. შაპურ II მოუწოდებდა არშაკს წვეოდა ქტესიფონში და საზავო პირობებზე მოლაპარაკებოდა, რასაც არშაკი უარობდა, არადა სპარსელებისა და მისი მომხრე არმენიელი ნახარარებით შეწუხებული მოსახლეობა მეფისაგან ზავს ითხოვდა. 368 წლის ბოლოს არშაკი დათანხმდა წასვლაზე და შაჰის ელჩებისგან უვნებლობის ფიცის მიღების შემდეგ სპარსეთში ჩავიდა მის სპარაპეტთან და მარჯვენა ხელთან, ვასაკ მამიკონიანთან ერთად.
როგორც მოსალოდნელი იყო შაპურ II-მ ფიცი დაივიწყა, არშაკი და ვასაკი დააბრმავა და სიცოცხლის ბოლომდე აგაბანას ციხეში გამოკეტა. შემდეგ შაპურმა ჯარები გაგზავნა არმენიაში ზიკისა და კარენის სარდლობით. არმენიის მეფის მთავარი მოხელეები გხაკი (კილაკე) და არტაბანი, რომლებიც არმიას სარდლობდნენ სპარსელების მხარეს გადავიდნენ და არმენიაში სპარსული მმართველობა დამყარდა. დედოფალი პანაძემი უფლისწულ პაპთან ერთად არტაგერსის ციხესიმაგრეში შეიკეტა, რომელსაც სპარსელებმა ალყა შემოარტყეს. ალყამ დიდხანს გასტანა და სპარსელები მშვიდად ელოდნენ ციხიონის დანებებას. ამასობაში გხაკი და არტაბანი კვლავ დედოფალს მიემხრნენ, 370 წ. მოულოდნელად თავს დაესხნენ მოალყეებს, გაარღვიეს ალყა და პრინცი პაპი კონსტანტინეპოლის გზას გაუყენეს. ვალენტიმ პრინცი პატივით მიიღო და ქ. ნეოკესარიაში (დღევ. ქ. ნიკსარი, თურქეთი) დასახლება შესთავაზა.
სპარსეთთან ომებით გატანჯულ არმენიის მეფეს არაერთი დიდებული განუდგა და მეზობელი ქვეყნების მმართველებს დაემორჩილა. მათგან ყველაზე გავლენიანები იყვნენ უტიკისა და გუგარქის პიტიახშები. პირველი ალბანეთის მეფის სამსახურში გადავიდა, მეორემ კი თავისი სამფლობელო იბერიის მეფე საურმაგს დაუმორჩილა.
არმენიის დაკავების შემდეგ 369 წ. შაბურმა იბერიიდან გააძევა იბერთა მეფე საურმაგ II/სავრომაკი (364–369; 371–378), რომელიც რომაელთა შემწეობით განაგებდა ქვეყანას, მისი სამეფო გვირგვინი მირდატ/მერიბანის ძე ვარაზ-ბაკურს (369–383) გადასცა, რომელიც სპარსელთა მომხრე და ქრისტიანობის მოძულე იყო.
მალე გხაკმა და არტაბანმა ავგუსტს თხოვეს პაპი არმენიის მეფედ ეკურთხებინა და უკან გამოეგზავნა. ავგუსტი ჭკვიანურად მოიქცა; არ სურდა სპარსეთთან ზავის ამ ჯერზე დარღვევა და არმენიაში სარდალი ტერენციუსი მცირერიცხოვანი ჯარით გამოუშვა და მართალია პაპი მას სამშობლოში გამოაყოლა, თუმცა მისთვის მეფობა ან რაიმე სტატუსი არ მიუნიჭებია. ამის მიუხედავად შაბური საშინლად განრისხდა და შეუდგა არმენიის აშკარად მოოხრებას. მისი მოსვლით შეშინებულმა პაპმა, გხაკმა და არტაბანმა, რაკი ვერსაიდან ვერ ხედავდნენ შველას, სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენს მიწებს ლაზიკისაგან ჰყოფენ. იქ ხუთ თვეს იფარავდნენ თავს უღრან ტყეებსა და დაკლაკნილ სერებში და თავს აღწევდნენ შაჰის მრავალ ცდას მათი დაჭერისათვის.
როცა შაბურმა ნახა, რომ ამაოა მისი შრომა ზამთრის ამ სუსხიან დროს, გადაწვა ხეხილი, გამაგრებული ციხეები და ბანაკები, რომლებიც ძალით ან ღალატით აიღო და მთელი თავისი მთავარი ძალებით შემოერტყა გარს არტაგერს. რახან მაშველი არსაიდან ჩანდა 14 თვიანი ალყის შემდეგ სპარსელებმა აიღეს არტაგერსი და დედოფალი პანეძემი განძითურთ წაიყვანეს.
სამეფო ხელისუფლების შევიწროვებით ისარგებლეს მოღალატე ნახარარებმა მერუჯან არწრუნიმ და ვაჰან მამიკონიანმა, დაიპყრეს არმენიის დიდი ქალაქები: არტაშატი, ვაღარშაპატი, ერვანდაშატი, ზარეხავანი, ზარიშატი ვანი, გაძარცვეს და მოსახლეობა ტყვედ გაგზავნეს სპარსეთში.
ბოლოს, 371 წელს მაინც გადაწყვიტა სპარსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება ვალენტიმ და არმენიისაკენ გამოაგზავნა სარდალი ფლავიუს არინთეოსი. სანამ რომაელები მოვიდოდნენ შაბურმა ცბიერებას მიმართა და მოახერხა პაპის თავისივე დიდებულებთან დაპირისპირება. პაპმაც გხაკსა და არტაბანს თავები დაჭრა და შაჰს გაუგზავნა ერთგულების ნიშნად. შაბური არმენიაში მეორედ შეჭრას აპირებდა, მაგრამ გაიგო, რომ არინთეოსი ჩამოსულიყო და არმენების დახმარებით ბაგავანთან გაენადგურებინა სპარსული რაზმები, რის შემდეგაც თავდასხმა გადაიფიქრა. ამ ბრძოლაში არმენებს სარდლობდა ვასაკ მამიკონიანის ვაჟი სპარაპეტი მუშეღ მამიკონიანი. პაპი არმენიის ტახტზე დაჯდომას ეღირსა, ხოლო რომის გარნიზონები ჩადგა არმენიის ყველა ციხე-სიმაგრეში.
ამის შემდეგ ტერენციუსის 12 ლეგიონით ზურგგამაგრებული საურმაგი ქართლში შევიდა. როდესაც იგი მტკვარს მიუახლოვდა, ვარაზ-ბაკური შეევედრა, ქართლის სამეფო გავიყოთო, იმ მიზეზით, რომ არც გადადგომა შეეძლო, არც რომაელების მხარეზე გადასვლა, რადგან მისი ძე ულტრა(?) აქამდე მძევლის წესით სპარსელებს ჰყავდათ. საურმაგი დათანხმდა ვარაზ-ბაკურის წინადადებას. ეს რომ ავგუსტმა შეიტყო, რათა გონიერი განსჯით გაერიგებინა ამის გამო კიდევ მოსალოდნელი უთანხმოებანი, დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდინარე მტკვარი დადებულიყო და საურმაგს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე მხარე რგებოდა, ვარაზ-ბაკურს კი – ალბანიისა და სპარსელების მომიჯნავე“. ასე რომ საურმაგს გადაეცა ჯავახეთის ნაწილი, სამცხე, ერუშეთი, შავშეთი, აჭარა, და კლარჯეთი. მისი სამფლობელოს ცენტრი იყო თუხარისი.
ამაზე უნდა მოგვითხრობდეს ქართლის ცხოვრების შემდეგი ცნობა: „ამისა შემდგომად განდგნენ კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნენ რომაელთა. და დაიპყრეს რომაელთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვიდან არსიანამდე“.
ამდენი დამარცხების სპარსთა მეფე უკვე დიპლომატიური გზებით ცდილობდა იბერიასა და არმენიაში თავის პოზიციების აღდგენას, მაგრამ ვალენტი უკან დახევას არ აპირებდა.
ცოტა ხნის შემდეგ პაპის ერთგულმა სპარაპეტმა მუშეღ მამიკონიანმა ილაშქრა გამდგარი ნახარარების წინააღმდეგ, დაატყვევა და ამოხოცა გამდგარი მხარეთა მმართველნი, რის შემდეგაც უტიკა, გუგარქი და სხვა ბოლო წლებში დაკარგული პროვინციები ისევ არმენიის მეფეს დაუმორჩილა.
სომეხი ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანტი ძალიან გაზვიადებულად გადმოგვცმს ამ ამბავს: „სპარაპეტი მუშეღი წავიდა იბერიელთა მეფეზე, შეავიწროვა და გაანადგურა იგი, დაიპყრო იბერიის მთელი ქვეყანა, ხმალს მისცა ყველა აზატი და ყველა ნახარარული გვარი, რომელიც იპოვა. სპარაპეტმა მუშეღმა ბრძანა ჯვარზე გაეკრათ იბერთა ქვეყნის ფარნავაზიანები, ხოლო გუგარქის ბდეშხი (მთავარი, ერისთავი, პიტიახში), რომელიც ადრე ემსახურებოდა არმენიის მეფეს და ბოლოს აუჯანყდა, შეიპყრო, თავი მოკვეთა, გაჟლიტა მის გვარში მამაკაცები, ქალიშვილები წაიყვანა ტყვედ. და საერთოდ ყველა ნახარარს ამ მხარისა თავი მოკვეთა, მთელი გავარი კვლავ დაიპყრო და წაიყვანა ტყვეები, ხოლო დანარჩენებს დააკისრა ხარკი. და დაიკავა ტერიტორია სასაზღვრო მხარისა, რომელიც იყო არმენიასა და იბერიას შორის, ეს არის დიდ მდინარე მტკვრამდე, და დაბრუნდა იქედან“.
372 წელს რომაელთა მხარდაჭერით მუშეღ მამიკონიანმა გაილაშქრა სპარსელთა წინააღმდეგ და ატროპატენაში შაპურის ბანაკი გაანადგურა.
4 წლიანი მმართველობის შემდეგ პაპს მოსწყინდა რომაელთა „მფარველობით“ და „რჩევებით“ ქვეყნის მართვა და აჯანყება გადაწყვიტა.
ძალაუფლების განსამტკიცებლად და ფინანსური სახსრების გასაზრდელად სომხეთის მეფემ ეკლესიას შეუტია. პირველ რიგში შეუწყვიტა დაფინანსება. შემდეგ კი იწყო მისთვის მამულების ჩამორთმევა. ამის შემდეგ სპარსეთის შაჰთან საიდუმლო მოლაპარაკებები წამოიწყო. რომაელებმა ეს გაიგეს და პაპის შეპყრობა განიზრახეს. სომხეთის მეფე ვითომ მოსალაპარაკებლად მიიწვიეს კილიკიის ქ. ტარსონში და დააპატიმრეს. პაპმა მოახერხა 300 მებრძოლის თანხლებით სომხეთში გაქცევა. მაშინ მისი მოკვლა სომხეთში მდგარ რომის ჯარების სარდალს ტრაიანოსს დაავალეს. მანაც მიიწვია იგი მოსალაპარაკებლად და სიცოცხლეს გამოასალმა.
ამის შემდეგ ვალენტმა სომხეთის ტახტზე დასვა ვარაზდატი (374–378), რომელიც ზოგიერთი ცნობით პაპის ძმის ანობის ძე იყო. ვარაზდატი ფორმალური მეფე იყო, ქვეყანას კი რომთან შეთანხმებით გავლენიანი სომხეთის სპარაპეტი მუშეღ მამიკონიანი მართავდა, რომელიც ქვეყნის აღორძინებისთვის იღწვოდა.
რომაელებს არ მოსწონდათ მამიკონიანის ასეთი აღზევება, ამიტომ მათმა წარმომადგენელმა და ვარაზდატის მრჩეველმა პროკოპიუსმა დაარწმუნა სომხეთის მეფე, რომ მისი ძალაუფლებისთვის სასარგებლო იყო მუშეღის მოკვლა. მალე სპარაპეტი ღალატში დაადანაშაულეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.
ამიანე მარცელინე მოგვითხრობს: „მის მხარეზე გადასული პაპის მოკვლამ ძალიან დაამწუხრა შაჰი. მან ავგუსტს გაუგზავნა ელჩად არშაკი და ურჩევდა მუდმივი უბედურობის მიზეზი არმენია სრულიად დატოვეო; ხოლო თუ ამას არ ინდომებდა მაშინ იბერიის გაყოფის შეწყვეტას, იქედან რომაელთა წასვლას და ქვეყნის ვარაზ-ბაკურისთვის დატოვებას მოითხოვდა.
ამაზე ვალენტმა ამნაირი პასუხი გასცა: არაფრის შეცვლა არ შემიძლია იმაში, რაშიც ერთობლივად შევთანხმდით; პირიქით, იმას უფრო მეტი გულმოდგინებითაც კი დავიცავო... ზამთრის მიწურულს შაჰმა მოთხოვნა გაიმეორა და თან მოითხოვა საქმეში შუამავლებად იოვიანუსთან დადებული ხელშეკრულების მცოდნენი არ ჩაერიონო.
ამჯერად ვალენტმა ცხენოსანი ჯარის სარდალ ვიქტორსა და მესოპოტამიის სარდალ ურბიციუსს უბრძანა, სწრაფად გამგზავრებულიყვნენ სპარსეთში და მხოლოდ ერთადერთი პასუხი წაეღოთ: უპატიოსნება იყო შაჰისგან, რომელიც, როგორც ტრაბახობდა, სამართლიანი და თავისი ქონებით კმაყოფილი ბრძანდებოდა, არმენიის ხელში ჩაგდების წადილი, რომლის მცხოვრებთ მისგანვე ჰქონდათ მიცემული უფლება თავიანთ ნებაზე ეცხოვრად და რომ თუ მომავალი წლის დამდეგს (როგორც გადაწყვეტილია) სავრომაკის მცველი ჯარი დაუბრკოლებლივ არ იქნებოდა დაბრუნებული, შაბურს აიძულებდნენ უნებურად გაეკეთებინა ის, რის გაკეთებაზეც თავისი ნებით უარს ამბობდა.
ეს ელჩობა მართლაც პირდაპირი და წრფელი იყო; რომ არ გადაეხვიათ იმაში, რომ განკარგულების გარეშე მიიღეს იმავე არმენიაში მცირე ოლქები.
მათი დაბრუნების შემდგომ ჩამოვიდა სურენა, შაჰის შემდეგ ძლიერებით მეორე ხელისუფალი, და შემოსთავაზა იმპერატორს სწორედ იგივე ადგილები, რომლებიც ჩვენმა ელჩებმა წინდაუხედავად აიღეს.
იგი თავაზიანად და დიდებულად მიიღეს, მაგრამ ისე გაბრუნდა, რომ ვერ მიაღწია, რასაც ითხოვდა, და დიდი მზადება გასწიეს ომისათვის, რათა ზამთრის შესუსტებისთანავე ავგუსტი სამ რაზმათ შეჭრილიყო სპარსეთში და ამისთვის ფრიად სასწრაფოდ სკვითების დამხმარე ჯარსაც ქირაობდნენ.
ამიტომ შაბურმა ვერ მიაღწია რა იმას, რისი იმედიც ამაოდ ჰქონდა გულში, და თან უზომოდ გაჯავრებულმა, რადგან შეეტყო, რომ ჩვენი გამგებელი ლაშქრობისათვის ემზადებოდა, არად ჩააგდო ვალენტის რისხვა და განკარგულება მისცა სურენას, რომ ის, რაც სარდალ ვიქტორსა და ურბიციუსს ჰქონდათ მიცემული, იარაღით დაებრუნებინა უკანვე, თუ ვინმე წინაღუდგებოდა; აგრეთვე სავრომაკი დასაცავად გამწესებული ჯარისკაცებისათვის რაც კი შეიძლებოდა უსასტიკესად ევნო.
ეს განკარგულებანი სასწრაფოდ ასრულდა კიდეც და ვერც ვერაფერი ეშველა (ე.ი. სავრომაკი განდევნეს, ან უმეტესი მიწებიუსა მაინც წაართვეს, თუმცა კლარჯეთი მას და მის მფარველ რომს უნდა შეენარჩუნებინა) ამ საქმეს, ვერც დასჯილი იქნენ, ვინაიდან რომის სახელმწიფოს სხვა საფრთხეც დაატყდა თავს მთელი გუთიის თავხედური თავდასხმით თრაკიაზე.
ვალენტის ბრძოლა გუთებთან
ამასობაში რომის იმპერატორი ვალენტი გამალებით ემზადებოდა ირანთან ახალი ომის წამოსაწყებად, მაგრამ ამ დროს გუთების აჯანყება დაიწყო.
375 წელს ცენტრალური აზიიდან წამოსული თურქულ-მონღოლური წარმოშობის ჰუნების უზარმაზარი ურდოები შავი ზღვის ჩრდ-დასავლეთში მცხოვრებ გუთებს თავს დაესხა და აიძულა საცხოვრებელი ტერიტორია დაეთმო. ვესტგუთების ერთ-ერთმა ბელადმა ფრიტიგერნმა (370–380; თანაბელადები ატანარიხი 363–381 და ალავივი ? –376) თხოვა იმპერატორს მისი ტომისთვის მეზიაში დასახლების უფლება მიეცა და სამაგიეროდ იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაიცავდა. ვალენტი დათანხმდა და 376 წლის შემოდგომაზე 40000 ვესტგოთმა (მათ შორის 8000 მებრძოლი) ალავივისა და ფრიტიგერნის მეთაურობით ქ. დუროსტორთან (დღევ. ბულგარეთის ქ. სილისტრია) გადალახა დუნაი, მეზიაში შევიდა და ფიქრობდა, რომ სამშვიდობოს იყო გასული, თუმცა მთელი უბედურება ახლა იწყებოდა. რომაელი სარდლები ლუპიცინი (თრაკიის სარდალი) და მაქსიმუსი გუთებს არაადამიანურად ექცეოდნენ. მათ აიძულეს ეყიდათ უვარგისი საკვები პროდუქტები. რადგან ფული არ ქონდათ გუთები საკვებს საკუთარი ტანსაცმელში, იარაღში, სამკაულებში და სხვა საშუალებებში ცვლიდნენ, ხოლო როცა ესენიც გამოელიათ საკუთარ შვილებს მონებათ ჰყიდნენ და იმ ფულს აძლევდნენ რომაელებს. გუთებში მღელვარება დაიწყო, ამიტომ მათ დასაშოშმინებლად ლუციპინმა მოხსნა დუნაისპირა საზღვრიდან ლაშქრის ნაწილი და მეზიაში გაგზავნა. ამით ისარგებლეს სხვა ბარბაროსებმა, წინააღმდეგობის გარეშე გადალახეს დუნაი და შევიდნენ იმპერიის საზღვრებში. ეს იყო კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ ოსტგოთები (ისინი ორ ნაწილად იყოფოდნენ; ერთს მეთაურობდნენ ალატეი და საფაკი, რომლებიც ოსტგოთთა ამ დაჯგუფებას მართავდნენ ბელად ვიდირიხის მცირეწლოვანების გამო. მეორე ნაწილს სარდლობდა ფარნობია) გერმანული ტომი ტაიფალები, ჰუნები და ალანები. როგორც კი ბარბაროსებმა დუნაის გადალახვა დაასრულეს ალატეი და საფაკი უმალ დაუკავშირდნენ ფრიტიგერნს და მიმოწერა გააბეს.
ლუციპინი მიხვდა საფრთხეს და გუთთა ბელადები ალავივი, ფრიტიგერნი და სხვა გავლენიანი პირები სადილზე მიიწვია მაკრიანოპოლში (დღევ. ბულგარეთის ქალაქი დევნია). სადილზე სიტუაცია დაიძაბა, რადგან მხარეები ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას. ამასთან ქალაქის კარებთან ბობოქრობდა ქალაქში ვესტგუთები, რომლებიც ქალაქში შეშვებას და საკვებს მოითხოვდა. მაშინ ლუციპინმა ბრძანა ვესტგუთთა მეთაურების დახოცვა. უმრავლესობა მათგანი დახოცეს, თუმცა ფრიტიგერნმა მოახერხა გაქცევა, ვესტგუთების აჯანყება გამოაცხადა და ცეცხლითა და მახვილით მოედო მეზიისა და თრაკიის რომაულ დასახლებებს.
377 წლის დასაწყისში ლუციპინმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი არმია, მაგრამ მაკრიანოპოლიდან 9 მილზე გამართულ ბრძოლაში სასტიკი მარცხი განიცადა და გაიქცა. ამ გამარჯვების შემდეგ ფრიტიგერნს შეუერთდნენ მთის მაღაროებში მომუშავე ფრანკი მუშები, რომის სამსახურში მდგარი ვესტგუთური არმიის ნაწილები სვერიდისა და კოლიის სარდლობით (დაპირებული ხელფასის არმიცემის გამო), ბარბაროსული წარმოშობის ღატაკები და მონები და გაერთიანებული ძალებით ფრიტიგერნმა წარუმატებლად ალყა შემოარტყა ადრიანოპოლს (დღევ. თურქეთის ქ. ედირნე).
ვალენტმა მალე გააცნობიერა საფრთხის სერიოზულობა და თრაკიაში გაიწვია სომხეთიდან ძალები ქვეითების სარდალ ტრაიანესა და კავალერიის სარდალ პროფუტურის მეთაურობით. გაწვეული იქნა იბერიაში და აღმ. შავიზღვისპირეთში მდგარი ნაწილებიც, რადგან ახლა საფრთხე თავად იმპერიის გულს, კონსტანტინეპოლს ემუქრებოდა და კავკასიის პოლიტიკა აღარავის ადარდებდა. ამასთან, დახმარებისთვის მიმართა დასავლეთის ავგუსტს – მის ძმისშვილ გრაციანეს (იგი ჯერ კიდევ 367 წელს. 8 წლის ასაკში აკურთხა მამამისმა ავგუსტად. 375 წ. ვალენტინიანეს მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ გრაციანემ თანაავგუსტად 4 წლის ძმა ვალენტინიანე II გამოაცხადა, რომელიც რეალური მმართველი არასდროს ყოფილა). უკანასკნელმა ბიძას გამოუგზავნა პანონიის არმია ფრიგერიდის სარდლობით და გალიის არმია რიხომერის სარდლობით. მიუხედავად ამისა გუთების არმია რიცხოვნობით მაინც ბევრჯერ აღემატებოდა რომაელებისას. ამასთან რომაელთა სარდლობაში არ იყო თანხმობა საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.
სანამ დამხმარე ძალები მოვიდოდნენ აღმოსავლეთის ელიტურმა ნაწილებმა გუთები დობრუჯასთან ალყაში მოაქციეს და მშვიდად ელოდნენ, თუ როდის ამოწყდებოდნენ შიმშილით. რეალურად კი გუთებმა სალიციასთან გამართეს სამხედრო ბანაკი და მშვიდად ელოდნენ მოწინააღმდეგეს. დიდი ფიქრის შემდეგ, 377 წლის ზაფხულში რომაელები დაესხნენ აღნიშნულ ბანაკს, მაგრამ ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. ორივე მხარემ დიდი ზარალი განიცადა, თუმცა გუთები დარჩნენ ადგილზე, ხოლო რომაელები დაბრუდნენ მაკრიანოპოლში.
ამასობაში რიხომერი წავიდა გალიაში ახალი ძალების შესაკრებად, ხოლო ფრიგერიდი გადავიდა ილირიაში და იქ ელოდა გრაციანეს ახალ ბრძანებას. მაშინ ვალენტმა აღმოსავლეთის კავალერიის სარდლად დანიშნა სატურნინი და მას დაევალა მთების გადმოსასვლელები ჩაეკეტა, რის შემდეგაც თრაკიაში განლაგებულ ვესტგუთებს საბოლოოდ ალყაში მოაქცევდნენ.
ფრიტიგერნი მიხვდა სიტუაციას და სასწრაფოდ დაითანხმა ალატეა და საფრაკი თავიანთი ძალები დაეძრათ რომაელთა წინააღმდეგ. მათ გაანადგურეს სატურნინის არმია და შევიდნენ თრაკიაში. მაშინ გრაციანემ ფრიგერიდი ამჯერად ილირიის ჯარების სარდლად დანიშნა და კვლავ გაუგზავნა ვალენტს.
377–378 წლების ზამთარში გრაციანე თავისი არმიით დაიძრა ბიძის დასახმარებლად, მაგრამ ამ დროს (378 წ. თებერვალი) გერმანული ტომის – ალემანების ერთ-ერთი დაჯგუფება ლენტიენზები გალიაში შეიჭრნენ და გრაციანეც ზემო რეინისაკენ წავიდა. მის მისვლამდე დასავლეთის სარდლებმა ნანიენმა და მალობავდმა არგენტარიასთან გაანადგურეს გერმანელთა 35000 ლაშქარი. შემდეგ თვით გრაციანე შეიჭრა მათ მიწებზე და მძიმე ბრძოლით აიძულა ისინი რომის მსახურები გამხდარიყვენ. პრობლემის მოგვარების შემდეგ დასავლეთის ავგუსტი კვლავ თრაკიისაკენ დაიძრა, მაგრამ მთავარ ბრძოლას ვეღარ ჩაუსწრო.
ამასობაში თრაკიის ფრონტზე სარდლები შეიცვალა. მიუხედავად არაერთი წარმატებული ოპერაციისა ფრიგერიდი მისი თანაშემწით ჩაანაცვლეს. ქვეითთა უუნარო სარდალი ტრაიანი დასავლეთიდან მოსული სებასტიანით ჩაანაცვლეს.
ივლისში გრაციანე თრაკიაში შევიდა. მოახლოებული იყო რიხომერიც გალიის ლეგიონებით. წარმატებებს აღწევდა თავის ფრონტზე სებასტიანი. ვალენტს ისღა დარჩენოდა ცოტა დაეცადა და ერთიანი ძალებით ბარბაროსები მიწასთან გაესწორებინა, მაგრამ ასე აღარ ფიქრობდა აღმოსავლეთის იმპერატორი. გრაციანეს წარმატებებით შურით აღვსილმა და მალარიით დაავადებულმა აღმოსავლეთის ავგუსტმა ყოველგვარი მზადების გარეშე სასწრაფოდ დაძრა არმია ადრიანოპოლთან საკუთარ სამხედრო ბანაკში გამაგრებული გუთების გასანადგურებლად და საშინელ სიცხეში მშიერ-მწყურვალი 18 კმ ატარა. ადრიანოპოლთან მისულმა კი აღმოაჩინა, რომ მტერი ბევრად მეტი იყო ვიდრე წარმოედგინა. ამის მიუხედავად ვალენტი 378 წ. 9 აგვისტოს ბარბაროსებთან ბრძოლაში შევიდა.
ფრიტიგერნმა კარგად გამოიყენა სიტუაცია, სწრაფად მოაქცია გადაღლილი რომაელები ალყაში და სასტიკი მარცხი აიწვნია. 2/3 რომაელი დაიღუპა. დაჭრილი ვალენტი გაიქცა, მაგრამ წამოეწივნენ და ერთ სახლში შეაფარებული ცოცხლად გამოწვეს.
წარმატებამ თავბრუ დაახვია გუთებს. ისინი სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩდნენ არსებული ვითარებისათვის. მიუხედავად არაერთი შეტევისა მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი – ნიკოპოლი აიღეს, არადა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – საკვები პროდუქტები სწორედ ქალაქებში იყო შეფარებული. შედეგად გუთებში ისევ შიმშილი მეფობდა, რის გამოც დაიფანტნენ და სოფლების ძარცვა-რბევით დაკავდნენ, რითაც საშუალება მისცეს იმპერიის ხელმძღვანელობას მომზადებულიყო.
გრაციანე საგონებელში იყო ჩავარდნილი, რამეთუ მარტო ამოდენა იმპერიის მართვა არ ძალუძდა, მის მცირეწლოვან ძმას, აღმოსავლეთის მმართველობას ვერ მიანდობდა, ხოლო ყველა მისი ერთგული სარდალი წარმოშობით ბარბაროსი იყო და ავგუსტად ვერ გამოცხადდებოდა. აქედან გამომდინარე, დიდი ფიქრის შემდეგ, 379 წლის 19 იანვარს სირმიაში (დღევ. სერბეთის ქალაქი სრემსკა-მიტროვიცა, ვოივოდინას მხარეში) აღმ. ავგუსტად გამოაცხადა ძველი დიდებული რომაული გვარის წარმომადგენელი თეოდოსი (სხვათაშორის მამამისი სახელგანთქმული სარდალი იყო სახელად ასევე თეოდოსი და 376 წელს გაურკვეველი მიზეზით სიკვდილით დასაჯეს), რომელიც 374 წლიდან მეზიაში, 376 წლიდან კი ილირიაში იყო სარდლად და წარმატებით ებრძოდა სარმატებს.
თეოდოსი I-მა (379–395) სწრაფად მოახერხა არმიის ორგანიზება და რამდენიმე მარცხი აწვნია გუთებს. მის წარმატებას ხელი შეუწყო ვესტგუთთა ორივე ბელადის – ფრიტიგერნისა (379/380 წ.) და ატანარიხის (381 წ.) გარდაცვალებამ, რის შემდეგაც ვესტგუთები რამდენიმე თვე მოუნდნენ ორგანიზებას და მხოლოდ 382 წელს აირჩიეს ფრიტიგერნის უფროსი, 12 წლის ვაჟი ალარიხი მეთაურად. ამ დროს კი თეოდოსი მზად იყო შეტევისთვის. შედეგად გუთები მის შეთავაზებულ საზავო პირობებზე დათანხმდნენ და თრაკიაში დასახლდნენ რომის მოკავშირის სტატუსით.
ამის შემდეგ იმპერიაში სიმშვიდე უნდა დამყარებულიყო, თუმცა 383 წელს ბრიტანეთის ლეგიონების სარდალმა მაგნუს მაქსიმუსმა თავი ავგუსტად გამოაცხადა და გრაციანეს წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. გრაციანე გალიისკენ დაიძრა, მაგრამ დამარცხდა და დაიღუპა, რის შემდეგაც მაქსიმუსმა მთელი გალია და ესპანეთი დაიქვემდებარა. 384 წლის დასაწყისში მცირეწლოვანმა ვალენტინიანე II-მ ოფიციალურად ცნო მაქსიმუსი ბრიტანეთის, გალიისა და ესპანეთის ავგუსტად.
თეოდოს I ამ ამბით ძლიერ იყო შეშფოთებული (მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად მან ჯერ კიდევ 383 წლის იანვარში აღმოსავლეთის ავგუსტად გამოაცხადა თავისი 5 წლის ვაჟი არკადიუსი). იგი ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან ბარბაროსთა თავდასხმები განახლდებოდა და საფრთხე უშუალოდ იმპერიის არსებობას დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე კავკასია დაივიწყა და მზად იყო მაქსიმალური დათმობით, როგორმე ზავს მიეღწია სასანიდურ სპარსეთთან.
დიდი არმენიის“ სამეფოს აღსასრული
რომის ჯარის წასვლამ, კავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. სომხეთის სპარაპეტობა ხელთ იგდო სპარსეთის მომხრე მუშეღის ძმა (სხვა მონაცემით ბიძაშვილი, არტაშესის ძე) მანუელ მამიკონიანმა (სპარაპეტი 378–386 წლ.), რომელმაც 378 წელსვე ვარაზდატი რომში გააქცია (სადაც მუშეღის მკვლელობის გამო დააპატიმრეს და ბრიტანეთში გადაასახლეს) და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. მან ქვეყნის მმართველად გამოაცხადა პაპის ქვრივი დედოფალი ზარმანდუხტი, რომელიც საყვარლად დაისვა და თვითონ თავი სომხეთის რეგენტად გამოაცხადებინა. ამასთან მანუელმა თავისი ასული ვარდანდუხტი ტახტის მემკვიდრე პაპის უფროს ძე არშაკზე დააქორწინა, ხოლო პაპის მეორე ძე ვაღარში მეორე გავლენიანი ნახარარის სააკ ბაგრატუნის ასულზე დააქორწინა.
მანუელი თავიდანვე სპარსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა და მის უსაფრთხოებას იცავდა სპარსეთის მარზპანი სურენი სპარსული 10000 კაციანი კავალერიით.
379 წელს გარდაიცვალა შაპურ II და სპარსეთის ტახტზე ავიდა მისი მშვიდობისმოყვარე ძმა არდაშირ II (379–383).
ამ დროს ერთმა სომეხმა დიდებულმა მერუჟანმა აცნობა, რომ თითქოს სპარსელთა გარნიზონის კომენდანტი მის მოკვლას აპირებდა. განრისხებული მანუელი დაეცა სპარსელებს და 10000-ივე გაჟლიტა. ცოცხლად გაუშვეს მხოლოდ მარზპანი სურენი. მაშინ შაჰმა მის წინააღმდეგ გაგზავნა ლაშქარი ვარაზ-გრიგორის მეთაურობით, რომელიც მამიკონიანმა დაამარცხა.
მანუელი შიშობდა, რომ სპარსეთი ახალ ძალებს გამოაგზავნიდა, ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობა გააბა თეოდოსი I-თან, თუმცა დახმარება არ დასჭირდა, რადგან სპარსეთი ამჯერად ომს არ აპირებდა.
383 წელს შაჰმა არდაშირმა სომხეთის ტახტზე მოკლული მეფე ვარაზდატის უფროსი ვაჟი ხოსროვი წამოაყენა (რომელიც სპარსეთს იყო შეფარებული და თავის ასულზე ზაროვანდუხტზე ჰყავდა დაქორწინებული) და ამ საკითხზე თეოდოსისთან მოლაპარაკება წამოიწყო. რომს სომხეთში თავისი კაცი სურდა და ბუნებრივია მოლაპარაკება გაიწელა.
ამასობაში არდაშირი გარდაიცვალა და სპარსეთის ტახტი შაპურ II-ის ვაჟმა შაპურ III-მ (383–388) დაიკავა. ახალმა შაჰმა სომხეთის საკითხის გადაწყვეტა მანუელ მამიკონიანის გადმობირებით სცადა და მას და სომხეთის სამეფო ოჯახის წევრებს ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა, თუმცა სომეხი სპარაპეტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ორმაგ თამაშს განაგრძობდა.
384 წელს აღმ. რომის იმპერატორსა და სპარსეთს შორის წინასწარი ზავი დაიდო, რომლის მიხედვით სომხეთის ტახტზე ერთდროულად პაპის ორი ძე არშაკ III (384–390) და ვაღარშ III (384–386) დასვეს. არშაკს აღმ. სომხეთი ერგო, ხოლო ვაღარშს დასავლეთ სომხეთი. ამით მანუელ მამიკონიანის ძალაუფლებას ბოლო უნდა მოღებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სპარაპეტი არშაკის მარჯვენა ხელად რჩებოდა.
386 წელს ვაღარში გარდაიცვალა და მანუელის თანადგომით არშაკმა სომხეთის ერთიანობა აღადგინა, მაგრამ ეს უკანასკნელი წარმატება აღმოჩნდა. გავლენიანი სპარაპეტი მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგ ნახარარებმა არშაკის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. ამით ისარგებლა შაჰმა კაცმა პრინცმა ხოსროვმა და სომხეთის ტახტი დაიკავა ხოსროვ IV-ის (386–392; 414–415) სახელით. არშაკი გაიქცა დას. სომხეთში სადაც რომაული ჯარი იდგა.
სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მაგრამ ომი აღარ დაიწყო. თეოდოსი დაკავებული იყო ერთის მხრივ ბარბაროსებთან, მეორეს მხრივ კი რომის ტახტის მაძიებლებთან ომებით და სომხეთისათვის არ ეცალა. ამას კარგად ხედავდა შაჰი, რომელმაც 386 წელსვე ელჩობა აფრინა კონსტანტინეპოლში. საპასუხოდ ავგუსტმა ქტესიფონში გაგზავნა თავისი მარჯვენა ხელი, ვანდალური წარმოშობის სარდალი ფლავიუს სტილიხონი. 387 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლითაც სომხეთის 4/5 სპარსეთს (კერძოდ: აირარატი, ტაურუბერანი, არძინიკი, მოკსი, კორჩაიკი, ვასპურაკანი, პარსააიკი, სიუნიქი, პაიტაკარანი, ტაო, ძორი) ერგო 1/5 კი რომს (სოფენა და „ზემო არმენიის“ დიდი ნაწილი). სპარსეთმა თავისი წილის დიდ ნაწილში სომხეთის სამეფო არშაკიდების დინასტიით ფორმალურად შეინარჩუნა და ამ მხარეს „პერსარმენია“ უწოდა. შაჰმა დააჯილდოვა მის სამსახურში მყოფი ალბანეთისა და იბერიის მეფეები – ურნაირი (313–371) და თრდატი. ალბანეთს გადაეცა 3 სომხური პროვინცია უტიკი, არცახი და შაკაშენი (უტიკის ნაწილი). იბერიას კი დაუბრუნდა ხორძენე და გოგარენეს უდიდესი ნაწილი.


რომის იმპერიის გაყოფა ორ ნაწილად. ბიზანტიის დაარსება
სანამ რომ-სპარსეთის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა 387 წლის ზაფხულში მაქსიმუსმა გაგზავნა ლეგიონები ჩრდ. იტალიაში და ვალენტინიან II განდევნა. იგი თესალონიკში თეოდოსისთან ჩავიდა. აღმოსავლეთის ავგუსტმა სასწრაფოდ მოაგვარა სპარსეთთან ზავის საქმე და სათანადო მზადების შემდეგ იტალიისკენ დაიძრა. მაქსიმუსი დამარცხდა, ქ. აკვილეაში ტყვედ ჩავარდა და 388 წლის 28 აგვისტოს თეოდოსის ბრძანებით სიკვდილით იქნა დასჯილი.
თეოდოსიმ 3 წელი მოანდომა იტალიის საქმეებს და მხოლოდ 391 წლის ნოემბერში დაბრუნდა კონსტანტინეპოლში, რის შემდეგ აღმოსავლეთის იმპერიის გარდაქმნას შეუდგა. 391 წელს გარდაიცვალა არშაკ III, რის შემდეგაც სომხეთის რომაული ნაწილი რომის ჩვეულებრივ პროვინციად იქცა. მისი შთამომავლები მხოლოდ მამულებს ინარჩუნებდნენ.
393 წელს საბოლოოდ აიკრძალა ოლიმპიური თამაშები და სასტიკი ბრძოლა გამოცხადდა როგორც წარმართების, ისე სხვადასხვა ქრისტიანული თემების მიმართ, რომელთა მოძღვრებას მწვალებლობას უწოდებდნენ.
როგორც კი თეოდოსი იტალიიდან წავიდა ძალაუფლება ხელთ იგდო დასავლეთის ჯარების სარდალმა არბოგასტმა (წარმოშობით გერმანელი იყო ფრანკების ტომიდან), რასაც ვერ ეგუებოდა თეოდოსის მიერ ტახტზე აღდგენილი 20 წლის ავგუსტი. მაშინ 392 წ. 15 მაისს არბოგასტმა ვალენტინიანე სიცოცხლეს გამოასალმა და, რადგან თვითონ გერმანული წარმოშობის იყო და ტახტზე ვერ ავიდოდა, დასავლეთის ავგუსტად (22 აგვისტოს) გამოაცხადა თავისი მეგობარი, იმპერატორის კანცელარიის უფროსი ფლავიუს ევგენიოსი, თუმცა რეალურ მმართველად თვითონ რჩებოდა. თეოდოსმა ევგენიოსი უზურპატორად გამოაცხადა, 393 წლის იანვარში დასავლეთის ავგუსტად საკუთარი უმცროსი ვაჟი ჰონორიუსი აკურთხა და დაიწყო მზადება მედიოლანზე სალაშქროდ.
ევგენიოსმა შეწყვიტა წარმართთა დევნა და ცდილობდა ქრისტიანული და წარმართული საზოგადოების ერთმანეთთან მორიგებას. წარმართებს საშუალება მიეცათ აღედგინათ დანგრეული ტაძრები. მათ მიიღებს სახელმწიფო მმართველობის პოსტებიც კი, რის გამოც ევგენიოსს წარმართს ეძახდნენ, თუმცა ის ქრისტიანი იყო.
არბოგასტის რეინზე რამდენიმე რეიდის შემდეგ გარკვეული ხნით გერმანელები დამშვიდებულ იქნა. ამის შემდეგ ევგენიოსმა გაგზავნა ელჩობა თეოდოსთან, რათა მიეღწია მასთან ზავს, თუმცა უკანასკნელმა უზურპატორის ელჩი არ მიიღო.
394 წლის გაზაფხულზე თეოდოსი იტალიისაკენ დაიძრა. არბოგასტი და ევგენიოსი მას აღმ. ალპების მთისწინეთში, მდ. ფრიგიდთან (დღევ. სლოვენია) შეხვდნენ. 6 სექტემბერს გამართული ბრძოლა არბოგასტმა მოიგო და თეოდოსის მოწინავე ათიათასეული გაანადგურა. აღმოსავლეთის ავგუსტის სიტუაცია კრიტიკული გახდა, თუმცა ბედმა გაუღიმა. დაღამებისთანავე მას ბანაკში ესტუმრა არბოგასტის ერთ-ერთი სარდალი არბიციონი და თავისი არმიის მიმხრობის სანაცვლოდ პატივი ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. მაშინ არბიციონი თეოდოსს შეუერთდა და მოულოდნელად დაეცნენ არბოგასტის ბანაკს. ევგენიოსის არმია სრულად აირია, დამარცხდა და დაიფანტა. ევგენიოსი შეიპყრეს და თავი მოკვეთეს, არბოგასტმა კი ძლივს გაასწრო სიკვდილს, თუმცა მალე სასოწარკვეთილებამ მოიცვა და ორი დღის შემდეგ თავი მოიკლა.
ასე რომ 394 წლის სექტემბერში იმპერიის ერთიანობა თეოდოსის ხელში უკანასკნელად აღსდგა. ცოტა ხნის შემდეგ მან რომში ოფიციალურად აკურთხა ჰონორიუსი დასავლეთის ავგუსტად და დასავლეთის იმპერიის საქმეთა მოწესრიგებას შეუდგა.
395 წლის 17 იანვარს თეოდოსი მედიოლანში გარდაიცვალა და მასთან ერთად დომინატი და რომის ერთიანი იმპერიაც ისტორიას ჩაბარდა.
ამიერიდან აღმოსავლეთ რომის იმპერიის (დედაქალაქი კონსტანტინეპოლი) მართველად გამოცხადდა 18 წლის არკადიუსი (383–408), რომლის ფაქტობრივი რეგენტი იყო პრეფექტ პრეტორი რუფინუსი, ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის მმართველად გამოცხადდა 11 წლის ჰონორიუსი (393–423), რომლის რეგენტი იყო ვანდალი სარდალი სტილიხონი (395–408). ჰონორიუსის სატახტო იყო ჯერ მედიოლანი, შემდეგ კი რავენა.
აღმ. რომის იმპერიას მეორენაირად მას ბიზანტიასაც უწოდებდნენ, რადგან მისი დედაქალაქი ძველი ბერძნული ქალაქის ბიზანტიონის ადგილზე იყო გაშენებული. ქართველები კი ბიზანტიას საბერძნეთს ეძახდნენ, ხოლო მის იმპერატორებს კეისრის ტიტულით მოიხსენიებდნენ.
სასანიდთა ბატონობა ქართლში
ვარაზ-ბაკურმა ერთდროულად შეირთო 2 ცოლი და ორივე ახლო ნათესავი. პირველი იყო ასული თრდატისა, რევის ძისა, მირიან III-ის შვილთაშვილი, მეორე კი ფეროზ გარდმანელის ძის ასული. პირველთან შეეძინა 2 ვაჟი მირდატი და თრდატი, ხოლო მეორესთან ერთი ვაჟი – ფარსმანი.
ეს ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, და ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულვილისა, რამეთუ მოქცეულ იყო ქართლი და დიდსა სარწმუნოებასა შინა იყვნენ აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისა. და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა; არსად ააშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და ყოვლითა-ვე იქცეოდა უსჯულოდ.
როდესაც რომაელებს კავკასიისათვის აღარ ეცალა მოვიდა სპარსეთის მოხელე ქრამ ხუარ-ბორზარდ დიდი ლაშქრით მოაოხრა სომხეთი, შემოვიდა ქართლს და ააშენა ტფილისის ციხე, დაჯდა და მოითხოვა ვარაზ-ბაკურისგან: პირველად მომეც გარდმანი და მოვაკანი, რამეთუ საზღვართა სპარსეთისაგანთა არის, და მათი არის, და თქვენდა საკმარისი არის ქართლი. გქონდეთ ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა სპარსეთისათა.
მაშინ დიდებულებმა მიუგზავნეს ვარაზ-ბაკურისსა მოციქული და უთხრეს, რათა შეკრიბონ და მოირთონ ძალი რომაელთაგან, და გახსნან კარნი კავკასიანთანი, და გამოიყვანონ ოვსნი და ლეკნი, და წინააღუდგენ სპარსთა. არა უსმინა წარჩინებულთა თვისთა. რამეთუ იყო იგი ჩუკენი და მშიშარა: დაჯდა იგი ხევსა კახეთისასა, აღაშენა ციხე ხიდარს (მცხეთის რაიონში, სოფ. მისაქციელის ჩრდილოეთით, მდ. არაგვის ნაპირას.), და გაამაგრა ციხე-ქალაქნი კახეთისანი, და უბრძანა ყოველთა, რათა დამალნონ ჯვარნივარაზ-ბაკურმა მისცა გარდმანი და მოვაკანი, აგრეთვე დაიწესა ხარკი, ხოლო მოხელემ სპარსთამან მოსცა ციხე ტფილისისა და წავიდა. და ამიერიდან იქმნენ სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი.
ამისა შემდგომად განდგნენ კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნენ რომაელებს. და დაიპყრეს რომაელებმა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვიდან არსიანამდე. როგორც ჩანს აქ გამაგრდნენ სპარსელთა მიერ განდევნილი პრო-ბიზანტიური ძალები საურმაგის მეთაურობით.
ცოტა ხნის შემდეგ ხუარ-ბორზარდმა წაიყვანა ტყვედ შვილნი ფეროზისნი, ასულის-წულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქვეყანა მათი საზღვარი ქართლისა მოსცა ვარაზ-ბაკურსვე.
მის დროს ააშენეს აზნაურთა წმიდა იგი ეკლესია მცხეთას და მიათვალეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა.
ვარაზ-ბაკურის გარდაცვალების შემდეგ 3 მცირეწლოვანი უფლისწული დარჩა, რომელთაც გამეფება არ შეეძლოთ. ამიტომ შეიკრიბნენ ქართლის დიდებულები და მეფედ დასვეს ვარაზ-ბაკურის სიმამრი თრდატ რევის ძე (383395), რომელიც უკვე მოხუცებული იყო. მან ვარაზ-ბაკურის უმცროსი ძეები (ანუ თავისი შვილიშვილები) აღსაზრდელად აიყვანა, ხოლო უმცროსი ვაჟი ფარსმანი კი აღსაზრდელად სამშვილდის ერისთავს მისცეს.
ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდა სპარსნი, გამოაჩინნა ჯვარნი და შეკაზმნა ეკლესიანი. და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფესა. ხოლო მან გამოიღო რუსთავი და ააშენა ეკლესია; და მანვე ააშენა ეკლესია ნეკრესისა. მეფობდა უშფოთველად, და მოკვდა სარწმუნოებასა შინა დიდსა მოგვითხრობს მემატიანე.
თრდატის შემდგომად მეფობდა ბაკურ III (395–397), ძე თრდატისი და მთავარეპისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესია ბოლნისს. და იმიერ გავიდა და განაახლა არმაზი სპარსთა შიშისათვის“ – მოგვითხრობსმოქცევა ქართლისა“.
ბაკურის შესახებ მოგვითხრობს სომეხი მემატიანე კორიუნი „მესროპ მაშტოცის ისტორიაში“ და ხორენაცი, რომელსაც ცნობები კორიუნისგან აქვს აღებული.
სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი (V . ან VII . ანდა IX .) გვამცნობს: სომეხი განმანათლებელი, მისიონერი და ბიბლიის მთარგმნელი მესროპ მაშტოცი (დაახლ. 361–440) „გაემართა იბერთა ქვეყანაში, რათა მათთვის შეექნა დამწერლობა. მას თან ახლდა ბერძნულისა და სომხური ენების მცოდნე ვინმე ჯალა. ივერთა მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი ეხმარებოდნენ მესროპს. გამოართვა მათ ბავშვები, გაჰყო ორ კლასად და მასწავლებლებად მათ დაუტოვა ხორძენელი ტერა და ტარონელი მუშე და წავიდა ალბანეთში...“
მაშტოცის მოწაფე კორიუნი (დაახლ. 380–450): მოგვითხრობს:
რამდენიმე ხანის შემდეგ ღვთისმოყვარემ (მაშტოცმა) იზრუნა ბარბაროსულ ქვეყნებზეც. და ღვთის შეწევნით ივერიელებისათვის ანბანის შედგენას შეუდგა. მაშტოცმა გამოხაზა ყოველივე ასო, დაალაგა და გამართა. თავის საუკეთესო მოწაფეებთან ერთად გამოემართა იბერთა ქვეყანაში, სადაც იგი წარუდგა იბერიის მეფე ბაკურს და ეპისკოპოს მოსეს. მეფე და მისი მეომრები ყველა ოლქიდან ღვთის შეწევნით უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ მას. და მან აჩვენა მათ წინაშე თავისი ხელოვნება, ურჩევდა და არიგებდა მათ. და ყველა ისინი პირდებოდნენ მისი სურვილის შესრულებას. და როცა ნახეს ერთი თარჯიმანი იბერიული ენისა, კაცი განათლებული და მორწმუნე, სახელით ჯაგა.
შემდეგ იბერთა მეფემ ბრძანა სხვადასხვა მხარიდან და შერეულტომიანი გავარებიდან (საერისთავოებიდან) შეეკრიბათ ყმაწვილი ვაჟები და გადაეცათ ვარდაპეტისთვის (განათლებული ბერი, მასწავლებელი) სასწავლებლად. ისინი ვინც შეაგროვეს სასწავლებლად, მაშტოცმა შეკრა ერთ ხალხად, რომელნიც ადიდებდნენ ერთ ღმერთს. მათ შორის მოიპოვებოდნენ ეპისკოპოსის ჩინისთვის საკადრისნი: პირველის სახელია სამუელი; კაცი წმინდა და ღვთისმოსავი, რომელიც გახდა ეპისკოპოსად სამეფო კარზე.
იმის შემდეგ რაც იბერიის ყველა ადგილში მოაწესრიგა ღვთისმსახურების საქმე მაშტოცმა, დაემშვიდობა მათ და დაბრუნდა არმენიაში.
ასე რომ, თუ დავუჯერებთ ძველ სომხურ წყაროებს გამოვა შემდეგი: ქართული ანბანი შეიქმნა სომხური ანბანის შექმნის (405 წლის შემდეგ) შემდეგ, სომეხი განმანათლებლის მიერ და ამ დროს ქართლის მეფე იყო ბაკური.
1. როგორც უახლოესმა გამოკვლევებმა ცხადჰყო, ქართული ანბანი არსებობდა როგორც მინიმუმ ახ.. II საუკუნიდან (მაგ. ნეკრესის წარწერები).
2. ეპისკოპოსი სახელად მოსე ქართულ წყაროებში არ სჩანს.
3. არცერთი V საუკუნის სომხური წყარო, რომელიც ყვება მაშტოცის შესახებ, არ ახსენებს მის მიერ ქართული ანბანის შექმნას და საერთოდ ქართლში მოღვაწეობას. გამონაკლისია ხორენაცი, რომელსაც ეს ამბავი გადაწერილი აქვს კორიუნისგან.
მიუხედავათ აღნიშნულისა მაშტოცის საქართველოში მოღვაწეობის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორც ჩანს მას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა კავკასიაში დდა აქედან გამომდინარე ბაკურმა კარგად მიიღო და საშუალება მისცა იბერიაში საგანმანათლებლო-რელიგიური საქმიანობა ეწარმოებინა, რაც სომხურმა ისტორიოგრაფიამ გადათარგმა ისე თითქოს სწორედ მაშტოცმა მისცა ქართველებს დამწერლობა, რადგან მანამდე არ ჰქონდათო.













Комментариев нет:

Отправить комментарий