пятница, 23 декабря 2016 г.

ანდრია პირველწოდებული და ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში

დაახლოებით ახ.. 29 . იესო ქრისტეს საბოლოო განაჩენის გამოსატანად ებრაული რელიგიური თემების წარმომადგენლები ყველა ქვეყნიდან მიიწვიეს. მცხეთიდან ამ მისიით იერუსალიმში წავიდნენ ქართველი ებრაელებიელიოზი და ლონგინოზ კარსნელი. მათ სასამართლოს ვერ ჩაუსწრეს, თუმცა პირადად დაესწრნენ ჯვარცმას, რის შემდეგაც მაცხოვრის ერთ-ერთი კვართი წამოიღეს და საქართველოში ჩამოიტანეს.
ძველი მემატიანე გვამცნობს: „და წავიდნენ  ელიოზ მცხეთელი, კაცი მოხუცებული და ლონგინოზ კარსნელი. და იქ შეხვდნენ ჯვარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიტანეს იქიდან კვართი უფლისა“.
ქართლში ამ დროს ადერკი (მცხეთის მეფე, დაახლ. ძვ. . 24–ახ. . 33) და მირდატი (არმაზის მეფე ძვ.. 13-ახ.. 35) მეფობდნენ. „და დაჯდა ადერკი მცხეთას და მეფობდა კეთილად: ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმოც და ჩვიდმეტ წელს მეფობდა.
ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. ხოლო მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა“.
ძველი მემატიანე გვამცნობს: „ხოლო ოდესაც კვართსა ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთოთა ურიათა ჯვარ-ცმასა უფლისასა, განგებულებამან ღმრთისამან მიახვედრა მცხეთელთა ურიათა. და წამოვიდნენ იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წამოიღო კვართი იგი წმიდა. ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა მიეგებათ და ელიოზისა სიდონია გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესვარული, და მოეხვია ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო როცა იხილა უსასურველესი იგი ყოველთა სასურველთა კვართი მხსნელისა ჩვენისა, მყის წადიერებით და სიყვარულით შეიტკბო მკერდსა თვისსა, და მყისეულად სული წარხდა ნეტარსა მას დედაკაცსა.
მაშინ საკვირველი საქმე იგი დიდი გაისმა ყოველსა მას ქალაქსა მცხეთას და როცა საცნაურ იქნა, მეფესაცა და ყოველთა მთავართა, და ყოველსა ერსა და ყოველთა ერთბამად გაუკვირდა საქმე იგი საშინელი. ხოლო როცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კვართი იგი, მოეწონა სამოსელი იგი და ისურვა შეემოსა შეგინებულსა მას გვამი თვისი. მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად მისმა მსახურებმა ვერ შეძლეს ცხედრისთვის მისი ართმევა. ხოლო ელიოზმა დამარხა და იგი თვისი სანატრელითა დამარხვითა. რამეთუ ერთბამად როგორცა ქონდა მკერდსა თვისსა ზედა კვართი იგი, ეგრეთვე დამარხა“. სიდონია დამარხულ იქნა იქ სადაც დღეს სვეტიცხოვლის საკურთხეველია განთავსებული.
ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც უფლის მოწაფეები ინაწილებდნენ ქვეყნებს, სადაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა, საქართველო წილად ხვდა მარიამ ღვთისმშობელს. ამის გამო უწოდებენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, ხოლო ყოვლადწმინდა და მარადქალწულ მარიამს, საქართველოს მფარველს. მარიამი შეუძლოდ იყო, ამიტომ იერუსალიმში დარჩა, ხოლო მისია ანდრია პირველწოდებულს გადააბარა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა.
ანდრია იესოს პირველი მოწაფე იყო. იგი კაპერნაუმში ძმასთან პეტრე მოციქულთან ერთად ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. ერთხელ ტბის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა დაინახა ანდრია და მიმართა: „მოვედი და შემომიდექით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. ამის შემდეგ ის მაცხოვრის მოწაფე გახდა და მუდამ თან დაჰყვებოდა.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ჰყარეს თუ ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითია. აღნიშნულ მიწებზე ანდრია 30 წელს ქადაგებდა (თუმცა ლეგენდის მიხედვით მან თითქოს აფრიკის დიდი ნაწილი მოიარა), 4 დიდი მისიონერული მოგზაურობა მოაწყო და აქედან I და III მოგზაურობის დროს საქართველოშიც იმყოფებოდა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისსა და 13 დეკემბერს.
თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიასა და ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში. შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში (დღევ. ქ. ურფა, თურქეთი). 36 წელს ანდრია გადავიდა . ბიზანტიონში. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაქოსი (ეპისკოპოსი 38–54 წლ). შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალატიაში, პონტოში, ბოლოს კი გაემართა საქართველოში და შემდეგ სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.
II მისიონერული მოგზაურობისას მოციქული იერუსალიმიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კიპროსზე (იმ ადგილს დღეს წმ. ანდრიას კონცხი ეწოდება). როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რადგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ ანდრიამ მხურვალე ლოცვის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან წყარო გადმოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართიაში. შემდეგ ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიანში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა).
არსებობს სამი სხვადასხვა წყარო რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავლეთ ჩინეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარებს, რომლებიც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ და საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიასთან ახლოს, სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე.
როგორც ამტკიცებს VIII საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩინეთის ჩრდილოეთითაცო, სკვითებისა და მასაკების მიწაზე (ტერიტორია მონღოლეთს, ყაზახეთსა და ალტაის შორის, საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები). ასევე არსებობს გადმოცემა რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალტაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ, სადაც უქადაგა სახარება ალანებს. იქიდან გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქიდან კი დაბრუნდა იერუსალიმში.
ანდრია მოციქული თავის III მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ (გაიმართა 49 წელს). აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს ეთიოპიური კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შერწყა რა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით ანდრია მოციქულს არ უნდა ექადაგა აფრიკაში, რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. კოპტური წყაროებიც იუწყებიან რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტესიბას ოაზისში, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა ანტროპოფაგების (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში (ტანზანია, უგანდა, რუანდა, კონგო) და გაემართა ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. რთული სათქმელია იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო მიქაელ მთავარანგელოზის ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მოინათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული დაბრუნდა ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის საბოლოო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია რომ ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აჰყვა დნეპრს ვიდრე დღევ. კიევამდე, ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში. ყირიმში ქერსონესის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით, სადაც დღესდღეობით იმყოფება მოსკოვი, ნოვგოროდი, და ლადოგის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ, თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში სადაც მან დაჰყო მრავალი წელი. რუმინეთიდან კი გაემგზავრა და მოიარა ქერსონესი, სინოპი, მაკედონია, ეპირი, თესალია, ლამია, ლუტრაკიონა და კორინთე.
უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა პატრა (საბერძნეთი) იყო. წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს.
წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად დაკრძალული იყო . პატრაში. 357 წელს ავგუსტმა კონსტანციუსმა წმიდა მოციქულის ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. მოგვიანებით მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყანაში გადაასვენეს. მათგან თავის ქალა მრავალწლიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღისჯვრის გვერდით . პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში, ხოლო ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონის მთაზე იმყოფება.
ახლა რაც შეეხება ანდრიას საქართველოში მოღვაწეობას:
I მისიონერული მოგზაურობა ანდრიამ სირიის . ანტიოქიიდან დაიწყო, მოვიდა ტრაპიზონში, აქედან კი იბერიის სამეფოს საზღვრებში აჭარის გზით შემოვიდა:
ძველი მემატიანე გვამცნობს: „მოვიდა ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელიც არის სოფელი ეგრელთა, სადა დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყვებრივი მკვიდრთა შორის მის ქალაქისათა, გავიდა იქედან და შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება1, და იწყო ქადაგებად სახარებისა. კაცნი პირუტყვთა უუგუნურენ იყვნენ და არა იცნობდნენ შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდნენ, რომელიც სათქმელადაცა უჯერო არის. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინა, ვიდრემდე ყოველნივე მოაქცია და მოიყვანა სარწმუნოებად. ადგილსა, რომელზეც დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენდა წყარო ფრიად მშვენიერი და დიდი, რომელი დღემდე დაუწყვედელად ამოსდის. და შეიკრიბენ ყოველივე ყოვლით-კერძო მკვიდრნი მის ქვეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინა მღვდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა და ააშენეს ეკლესია მშვენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და როცა ენება წმიდასა მოციქულსა იქედან წასლვა, ევედრებოდენ და არა ანებებდენ წასლვად, არამედ ეტყოდენ: „თუ შენ წახვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგვისვენე, სასოდ და მცველად ჩვენდა“. ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მყისეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკლესიასა შინა თვისსა პატივით, რომელი ვიდრე დღეს-აქამომდე არის იქ. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშვიდობა და პატივისცემით მოიკითხეს, ამბორი-უყვეს და წარმოგზავნეს.
ხოლო იგი წარმოემართა და გადმოვლო მთა, რომელსაც ეწოდება რკინის-ჯვარი2, და თქმულ არის ჯვარი იგი თვით ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არის. ხოლო ვითარცა ჩავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღვართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა3. მიხედნა მოციქულმან და იხილა კაცნი მის ადგილისანი რომელნიც შესწირავდნენ კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმა წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხვნენ და შეიმუსრნენ. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყუერს4, რომელსაც პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადაც იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსაც აწ ძველ-ეკლესია ეწოდება, და მას შინა იმსახურებოდენ კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედაკაცი ვინმე ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკვდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკვირდნენ ფრიად ვინაობასა მათსა. და რა გათენდა, მსწრაფლ წარმოგზავნეს კაცნი, რათა-მცა იხილონ თუ ვინ არიან, ან რა არის. და როცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წავიდნენ და აუწყეს ქვრივსა მას დედაკაცსა: „უცხონი ვინმე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა კაცთასა მომნიჭებელად, და მკვდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი მშვენიერი და მას პატივს-სცემენ.
როცა ესმა სიტყვა ესე მკვდართა აღდომისა დედაკაცსა მას, განკვირდა და მცირედ რამე ნუგეში-ეცა გულსა მისსა, წარავლინა მონანი თვისნი მოწოდებად მოციქულისა, რომელიც როცა მივიდა, უთხრა დედაკაცმან: „ვინ ხართ, ან სადა მოხვალთ, ან რა არის უცხო ეგე მოძღვრება თქვენი, რომელსაც იტყვით, რამეთუ არა-სადა სმენილ არის ეგე-ვითარი თხრობა“. მიუგო წმიდამან მოციქულმან და უთხრა: „მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემიდან, სადაც დასდგეს ფეხნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც წამის-ყოფით აღადგენს მკვდართა, და მას ვექადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსაც ირწმუნებს ვინმე და ნათელს-იღებს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რამდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემა, და ყოველთა სენთაგან განიკურნება“.
ხოლო როცა ესმა ესე დედაკაცსა, დავარდა ქვეყანად და უთხრა ცრემლით მოციქულსა: „შეიწყალე სიქვრივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინაიდან მონა ხარ მკვდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რამდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე. უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლოდ მყავს და სხვა არა“. ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და უთხრა: „უკეთუ ირწმუნო იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც იქადაგება ჩვენ მიერ, რადენიცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემა მის მიერ. ხოლო დედაკაცსა მას როცა ესმა ესე, აივსო სიხარულითა, და ცრემლით უთხრა მოციქულსა მას: „ჰოი, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და ვაღიარებ იესო ქრისტესა, რომელსაც შენ ქადაგებ, და შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“.
ხოლო მოციქულმა გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არავინ დატოვა იქ, მხოლოდ ქვრივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიდვა ხელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადაც იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ხელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ხელი ყრმასა მას და, როგორცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და როცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკვირდენ ფრიად და თქმად რასა-მე უღონო იყვნენ.
ხოლო დედაკაცმა როცა იხილა ძე თვისი გაცოცხლებული, სიხარულით ადგა და დავარდა ფეხთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, და ნათელ-იღო დედაკაცმა ძითურთ და ყოვლით სახლეულით თვისით. და მსწრაფლ წარავლინა მონანი თვისნი, და გაგზავნა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესე. „აჰა, ქვრივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მოვიდა კაცი ერთი უცხოსა ქვეყანისაგან, რომელიც უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმაც ძე ჩემი მომკვდარი აღადგინა. აწ უკვე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რა ჯერ არის.
და როცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეიკრიბენ ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდე აივსო ველი იგი საქრისისა. და გაუკვირდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქვრივისა აღდგომილი მკვდრეთით.
ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდენ ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და როცა იხილეს საქმე ესე მღვდელთა მათ სიცრუვისათა, აივსნენ შურითა და იწყეს ცილობად და წინა-აღმდგომად მოციქულისა, ეგრეთვე ერი იგი რომელნიმე იტყოდნენ: „ჯერ არის თაყვანის-ცემად რომელმაც ესე-ვითარი სასწაული აღასრულა“, ხოლო რომელნიმე იტყოდნენ: „აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი“. და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდე ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა. და უთხრა: „გააღეთ კარი საკერპოსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩვენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქვენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთავე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინეთ, და ილოცეთ თქვენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქვენთა. ხოლო ჩვენ ვილოცოთ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღვთისა ჩვენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩვენ განთიად: უკეთუ სძლიოს ღმერთმა თქვენმა, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლიოს ღმერთმა ჩვენმა, მას თაყვანის-ვცეთ ყოველთა“.
და დაასკვნეს ესე ესეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინეს და იწყეს ლოცვად მღვდელთა მათ სიცრუვისათა. და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩვენისა. და როცა გათენდა და გააღეს კარი საკერპოსა, იხილეს ყოველნი კერპნი მათნი ქვეყანად დათხეულნი და სახედ მტვერისა შემუსრვილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინავდა, როგორც მზე, დიდებითა და პატივითა.
მაშინ მღვდელნი იგი კერპთანი აივსნენ სირცხვილითა, და უმეცრებისა მათისათვის შენდობასა ითხოვდნენ მოციქულისაგან. და ყოველმა ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქვეს: „დიდ არის ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსაც მოციქული ანდრია ქადაგებს“. და ირწმუნეს ყოველთა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდნენ ღმერთსა, რომელმაც იხსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა.
ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კვლავ წასლვა სხვათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ზოგადად ყოველი ერი ევედრებოდნენ, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავლიდეს წესსა რჯულისასა. და მოციქული-ცა დაემორჩილა მათ და ჟამ რადენმე დადგა მათ თანა, და ასწავლა მათ ყოველი წესი რჯულისა და სარწმუნოებისა და დაუდგინა ეპისკოპოსი, მღვდელნი და დიაკონნი, და კვლავ გაემზადა ქადაგებად სახარებისა.
და კვლავადცა ევედრნენ ქვრივი იგი დედაკაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და უთხრა: „სხვათაცა ქალაქთა და სოფელთა ჯერი არის ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისახოლო მათ უთხრეს: „უკეთუ წახვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგვისვენე სასოდ და მცველად ჩვენდა“ - მიუგო მოციქულმა და უთხრა: „ხატი ესე თვით ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არის“. და მიუთხრა ყოველივე შემდგომითი-შემდგომად, როგორ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქვეყანა მოსაქცეველად, და როგორ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხვდა ქვეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არის აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათვის და ჯერეთ-ცა ეგრეთ არის, რათა დაესვენოს აქა მკვიდრად უკუნისამდე ჟამთა.
და როცა ესმა ესე მოციქულისაგან ქვრივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აივსნენ, ცნეს რა წილ-ხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშობელსა მისსა, და უმეტესი სიყვარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდნენ მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლადწმიდისა აწყუერის ღვთის-მშობლისა მცირესა მას ეკვდერსა, რომელსაც აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ.
ხოლო წმიდა მოციქულმა ანდრიამ მოიკითხა ყოველნი სიმდაბლით და სიყვარულით, მისცა მშვიდობა და წარემართა სხვათა-ცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა.
ხოლო როცა ესმა მეფესა ადერკის მესხთაგან სჯულისა დატევება, გაუწყრა და წარავლინა ერისთავნი მისნი, და იძულებით კვლავადვე მიაქცია მესხნი. და დამალეს ხატნი და ჯვარნი, და შერისხა მეფე ადერკიმ ერისთავი კლარჯეთისა, რომელმაც მშვიდობით გაუშვა ანდრია მოციქული“.
20 წლის შემდეგ ანდრია III მისიონერული მოგზაურობის დროს კვლავ ეწვია საქართველოს. . ედესადან ამჯერად ანდრია სხვამოწაფეებთან სვიმონ კანანელსა5 და მატათასთან6 ერთად წამოვიდა:
ხოლო როცა აღესრულა დღესასწაული მარტვილისა, წამოვიდა იქიდან დიდებული ანდრია სხვათა მათ თანა მოციქულთა, მოდიოდნენ ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავლიდნენ ერთთა და იქმოდნენ სასწაულთა, და ესეთ მიიწიეს ქვეყანასა ქართლისასა. და მერე განვლეს ტაოს კერძი ქვეყანა და ვიდრე მდინარე აფსაროსამდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდნენ სახელსა ღვთისასა. მატათა სხვათა მათ თანა მოწაფეთა დარჩა მდინარე აფსაროსის ხეობაში, სადაც ქადაგებდა და გარდაცვალების (63 წ.) შემდეგ იქვე დაასაფლავეს.
სვიმონმა და ანდრიამ ესეთ ქადაგებითა მიიწიეს სვანეთისა ქვეყანასა. ხოლო მას ქვეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინ-მე მთავარი, რომელმაც ირწმუნა ქადაგება მოციქულთა. შემდეგ დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქვეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსაც ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადაც იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერი მოაქციეს და გაანათლეს. იქედან წავიდნენ და შევიდნენ ქვეყანასა აფხაზეთისა და სევასტო ქალაქად მივიდნენ, რომელსაც აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყვა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს.
და იქ დატოვა ნეტარმა ანდრიამ სიმონ კანანელი სხვათა თანამოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქვეყანად ავიდა. ხოლო კაცნი მის ქვეყანისანი ჯიქნი იყვნენ კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უმღებნი. რომელთაც არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენებათ მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა მათი და პირუტყვებრივი გონება, დატოვა და წავიდა. ამისთვის-ცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არის ნიკოფს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ იქ აღესრულა წმიდა სვიმონ კანანელი.
ხოლო კვლავ განამტკიცა წმიდა ანდრიამ ეგრელნი და აფხაზნი და წავიდა სკვითთა ქვეყანაში“.
გადმოცემის მიხედვით სვიმონმა რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შედეგადა დგილობრივი აფშილები და აბაზგები ადამიანის მსხვეპლშეწირვას გადააჩვია. როდესაც აფხაზეთის ციხე-სიმაგრეებში მდგარი რომაული ჯარების სარდლობამ სვიმონის საქმიანობის შესახებ შეიტყო, მოციქული შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს (დაახლ. 55 .).
   მიუხედავად დევნა-შევიწროვებისა საქართველოში ქრისტიანობა თანდათან ფეხს იკიდებდა. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი ფაქტი არის ძველი ქალაქის ნასტაკისის (მტკვისა და ქსნის შესართავთან) ნანგრევების გათხრებისას აღმოჩენილი, საცხოვრებელ კომპლექსში ჩართული მცირე ზომის რიყის ქვის საფუძველზე ალიზით ნაგები ქრისტიანული ეკლესიები, რომლებიც II–III საუკუნეებით თარიღდება. ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებას უკავშირებენ აგრეთვე იბერიის მეფე რევ I (206–223) მართალის მიერ ქართლში არმაზისადმი ბავშვების მსხვერპლად შეწირვის აკრძალვას. პირველი საეპისკოპოსო (მართალია ბერძნულ-რომაული) საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ბევრად ადრე დაარსდა პიტიუნტში, რომლის ეპისკოპოსი სტრატოფილე იმყოფებოდა ნიკეაში 325 . გამართულ მსოფლიოს პირველ საეკლესიო კრებაზე.
კიპროსის ეპისკოპოსისეპიფანე კონსტანტინეპოლელის (VIII .) ცნობები
„ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ დამოძღვრა სკვითები და სოგდიანები და გორსინები დიდს სებასტოპოლისში, სადაც არის აფსარის ციხე, ჰისსოს ნავსადგური და მდინარე ფასისი; იქ მოსახლეობენ იბერიელები, სუსები, ფუსტელები7 და ალანები.
ასე დამოძღვრა ანდრიამ მრავალი ქალაქი და სოფელი და მოაქცია ისინი ქრისტესკენ.
ამისოდან წამოსვლის შემდეგ ის მოვიდა ტრაპეზუნტში, ლაზიკის ქალაქში. იქაური მცხოვრებნი არიან სულელნი და პირუტყვისავით უგუნურნი. იქიდან ის წავიდა იბერიაში; მის შემდეგ, რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი მრავალნი გაანათლა, ის ჩავიდა იერუსალიმში.
პენტეკოსტის (.. სულიწმინდისმოფენის) შემდეგ ანდრია, სიმონ კანანელი, მათე და თადეოზი დარჩნენ იქ ავგაროსთან; დანარჩენებმა კი მოიარეს ქალაქები, იქადაგეს და სასწაულები მოახდინეს, და ჩავიდნენ იბერიაში და ფასისში, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სუ()ანიაში. ამ ტომის მამაკაცებს მბრძანებლობენ ქალები. ადვილად დამყოლია ქალის ბუნება, და ისინი მალე დამორჩილდნენ მოციქულთა მოძღვრებას. მათე მოწაფეებითურთ დარჩა იმ ქვეყნებში, ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა. ხოლო სიმონი და ანდრია წავიდნენ ალანიაში და ქალაქ ფუსტაში, იმათ მრავალი სასწაული მოახდინეს იქ, დამოძღვრეს და წავიდნენ აბაზგიაში. დიდს სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღმრთის სიტყვა. ანდრიამ დატოვა იქ სიმონი და მოწაფეებითურთ წავიდა ჯიქეთში. ჯიქები უხეში და ბარბაროსი ადამიანები არიან და დღესაც ნახევრადურწმუნონი. იმათ განიზრახეს ანდრიას მოკვლა და კიდევაც მოჰკლავდნენ, რომ არ დაენახათ სიგლახაკე, თავმდაბლობა და სწრაფვა. მათი ქვეყანა რომ დასტოვა, ჩავიდა ზემო სუგდების ქვეყანაში. აქაური მცხოვრებნი ადვილად დამყოლნი და თვინიერნი არიან და სიხარულით მიიღეს ღმრთის სიტყვა“.
შენიშვნები
1. სოფ. დიდაჭარა მდებარეობს ხულოს რაიონში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ხულოდან 7 კმ-ზე. აქ დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.
2. რკინის ჯვარი მდებარეობდა ე.. ფერსათის მთაზე. ფერსათის მთა კი ერქვა მესხეთის მთის 50 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წარმოადგენს სამცხისა და იმერეთის წყალგამყოფსა და საზღვარს და გადაჭიმულია მდინარეების ქვაბისხევისა და ოცხეს სათავეებს შორის.
3. ზადენგორა, ნასოფლარი და მრავალფენიანი ძეგლი სამცხეში, ადიგენის რაიონში, მდ. ოცხის (ოძრხის) მარცხენა ნაპირზე, სოფ. ბენარის მახლობლად. ტოპონიმი დაკავშირებულია ღვთაება ზადენთან. მემატიანის ცნობა დასტურდება არქეოლოგიური ძეგლებით. აღმოჩენილია: ბრინჯაოს ნიღბიანი ხარის ქანდაკება; კარგად გათლილ-დამუშავებული ქვის კვარცხლბეკი, ომელზეც, სავარაუდოდ ღვთაება ზადენის ქანდაკება იდგა; რიყისა და კლდის ნაფლეთი ქვებით თიხახსნარზე ნაგები დიდი შენობისა და ქვის კიბის ნაშთები, ომლებიც ძლიერი ხანძრის შედეგად განადგურებულა; ქვაყრილით დაფარული წმინდა ცეცხლის ორმო, ომელიც ნაცრითა და ნახშირით იყო სავსე. თიხით შელესილი ორმოს კედლები შემკული იყო გარკვეული ინტერვალით დაშორებული ვერტიკალური ღარებით. ქრისტიუანულ ეპოქაში ზ-გ ფუნქცია დაკარგა, თანდათან დაკნინდა და XIX -ის მიწურულამდე არსებობდა როგორც პატარა სოფელი.
4. სოფელი აწყური მდებარეობს ახალციხის რაიონში, მტკვრის ნაპირებზე, აბანოსღელის შესართავთან, ახალციხიდან 22 კმ-ზე. ანდრიას მოტანილი ხატი საუკუნეების მანძილზე ესვენა აწყურის საკათედრო ტაძარში.
5. პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში კი ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ ზეიმის შუაში დაუმთავრდათ ღვინო, იესომ შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, რომ მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგჩაესხათწყალი, სასწაულის შემდგომ სუფრის თამადამ გასინჯა რა ღვინო, პატარა ისაყვედურა, რომ სანამ მეინახეები დათვრებიან, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა რა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი, რომლითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან.
6. მატათა მოციქული წარმოშობით იუდას ტომიდან, . ბეთლემიდან იყო. მას შემდეგ რაც ქრისტემ ქადაგება და ირგვლივ მოწაფეთა შეგროვება დაიწყო, მატათამაც სხვა მოციქულებისამებრ მიატოვა ამქვეყნიური საზრუნავი და შეუდგა ღმერთს. მაშინ მატათა მოციქული ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვში აღმოჩნდა. უფლის ზეცადამაღლების შემდეგ მოციქულებმა კრება გამართეს სადაც გადაწყდა იუდა ისკარიოტელის მაგივრად აერჩიათ სხვა მეთორმეტე მოციქული. მოიწვიეს ორი სამოცდაადთაგანი მოციქული: ერთი უფლის ძმა იოსები და მეორე მატათა მოციქული. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ვის სად ექადაგა. მატათა მოციქულს ქადაგება წილად ხვდა: იუდეაში. გადმოცემის თანახმად მან სახარება ასევე იქადაგა პონტოსა და კოლხეთში, რომელიც მეორე ეთიოპიის სახელით იყო ცნობილი.
7. ფუსტელები და ქალაქი ფუსტა მისიმიელებსა და მათ ციხე-სიმაგრეს აღნიშნავს.















Комментариев нет:

Отправить комментарий