воскресенье, 25 декабря 2016 г.

სამართალწარმოება XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში (ა. თაბუაშვილი)

ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მოხელის, მდივანბეგ იესე ოსეს ძის თავგადასავალში აღნიშნულია: (1778 წლის) „აპრილს ბრძანება გამოვიდა, ყოელი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო“.1 თავდაპირველად ამ ცნობას ყურადღება მიაქცია აკად. ნ. ბერძენიშვილმა. ავტორი ეხებოდა რა ერეკლე II-ის ღონისძიებებს, მიმართულს ქვეყნის მმართველობის გადასახალისებლად, აღნიშნავდა: „ასევე ახალი იყო მსაჯულთ შეკრებულობის დაწესებულება, ერეკლემ რომ შემოიღო 1778 წელს. ამიერიდან ყოველი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო“.2
ივ. სურგულაძე აღნიშნავდა, რომ 1778წ. ქართლ-კახეთი სამეფოში მოხდა სასამართლო რეფორმა, რაც მსაჯულთ შეკრებულობის დაარსებაში გამოიხატა.3 ს. კაკაბაძის აზრით, 1778წ. რეფორმის არსი გამოიხატა იმ ფაქტით, რომ ამ აქტის შედეგად მოხდა მეფის, როგორც მოსამართლის, განტვირთვა სასამართლო საქმიანობისაგან და უკვე მსაჯულთ შეკრებულობა არჩევდა სასამართლო დავებს.4 ს. კაკაბაძის მოსაზრებას იზიარებს ამ პერიოდის სამართლის საკითხების კიდევ ერთი მკვლევარი, მ. ლეკვეიშვილი.1
აღნიშნულ საკითხს საკმაოდ დიდი ყურადღება მიაქცია ქართული სამართლის ისტორიის კიდევ ერთმა მკვლევარმა მ. კეკელიამ, რომლის ნაშრომში აღნიშნულია, რომ „ცალკეულ ფეოდალთა სასამართლო უფლებების შეზღუდვის ხარჯზე სასამართლო საქმიანობაში მეფემ ჩართო ბატონიშვილები და დედოფალი, ... მეფემ გაზარდა მდივანბეგ-მოსამართლეთა რაოდენობა“.2 მისი აზრით, 1760-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისანდე 28 მდივანბეგი მოსამართლეობდა. შემდეგ მ. კეკელია ეხება უშუალოდ 1778 წლის ბრძანებას _ „ლიტერატურაში ეს ფაქტი მცდარად არის გაგებული და მას მეფის, ერეკლეს მიერ 1778 წლის აპრილში მსაჯულთშეკრებულობის შემოღებით ხსნიან. თუ სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე გაბატონებულ ამ მოსაზრებას უშენიშვნოდ მივიღებთ, მაშინ მდივანბეგთა რაოდენობის გაზრდა 1778 წლის დამლევამდე მაინც უნდა მომხდარიყო. ე.ი. „მსაჯულთშეკრებულობის“ დაკომპლექტებამდე. ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებენ“. ჩვენს მიერ ჩამოთვლილ მდივანბეგებიდან 1778 წელს მომატებულ მხოლოდ სამ ახალ მდივანბეგს ვხვდებით. ესენი არიან: იესე ბარათაშვილი (1778 წლის იანვრიდან), მზეჭაბუკ ორბელიანი (22 თებერვლიდან) და პაატა მდივანბეგი (მაისიდან)“.3
მკვლევარი ეხება „მსაჯულთშეკრებულობას“ დაარსების დროსაც და უამრავ სასამართლო განჩინებაზე დაკვირვებით ასკვნის, რომ ეს ტერმინი გაჩნდა არაუადრეს 1780 წლისა და არა 1778 წლის აპრილში. მ. კეკელიას განმარტებით, მდივანბეგები 1778წ. აპრილამდეც და მის შემდეგაც იგივე პრინციპით არჩევდნენ სასამართლო დავებს. არზა-საჩივრები მიდიოდა კვლავ მეფესთან, დედოფალთან, ბატონიშვილებთან და მდივანბეგებთან _ ანუ მეფის განტვირთვა არ მომხდარა. 1778წ. აპრილში არც ტერმინ მსაჯულთშეკრებულობის შემოღებასთან და არც მოსამართლეთა მკვეთრ გაზრდასთან არ გვაქვს საქმე. ყოველივე აქედან გამომდინარე ავტორი შემდეგ დასკვნას გვთავაზობს: „ამრიგად ცხადია, რომ არ შეიძლება 1778წ. აპრილის ბრძანების დაკავშირება ქართლ-კახეთის სამეფოს სასამართლო ორგანიზაციაში რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის ცვლილებასთან“.1 „ჩვენი აზრით, 1778 წელს არავითარი სასამართლო რეფორმა არ მომხდარა და ამ ხანებში სასამართლო ორგანიზაციაში რაიმე რადიკალური სიახლე არ ყოფილა“.2
მ. კეკელიასეული მსჯელობა დამაჯერებელია და ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით, ეს იქნება სასამართლო არზა-განჩინებები, ნორმატიული აქტები თუ სამართალწარმოების პრაქტიკა, 1778წ. აპრილი მართლაც რაიმე რადიკალური ცვლილებებზე არ მიგვანიშნებს. ჩვენ მეცნიერის დასკვნებს უპირობოდ მივიღებდით, რომ არა ერთი ფრიად დამაფიქრებელი გარემოება.
რატომ დასჭირდა იესე ოსეს ძეს აღნიშნული ბრძანების ფიქსირება? ის არ იყო სამეფო კარის ისტორიკოსი. მან შვილებისათვის დაწერა ანდერძი, რომელიც არ იყო განკუთვნილი ფართო საზოგადოებისათვის, არამედ იყო პრივატული ჩანაწერები. ამდენად, იგი იმ ფაქტის გაყალბებით, რომელიც მის პირად ცხოვრებას არ ეხებოდა, არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. ვფიქრობთ, ნაკლებად დასაჯერებელია მას ნაყალბევი ცნობა შეეტანოს თავის ანდერძში. ყოველივე აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ანგარიშგასაწევია იესე ოსეს ძის ცნობა.
აღნიშნული წინააღმდეგობრივი კვანძის გასახსნელად საჭიროდ მოგვაჩნია, უპირველესად, თვალი გადავავლოთ გვიან შუა საუკუნეების ქართლის სამეფოში სამართალწარმოების პროცესს. XVI-XVII საუკუნეებისა და XVIII საუკუნის I ნახევარში ქართლის სამეფოში 1 ან 2 სამეფო მოსამართლე (როსტომ მეფის დროიდან მდივანბეგი) იყო.3 მოსამართლე-მდივანბეგთა ასეთი მცირე რაოდენობის არსებობა აიხსნება შემდეგი ფაქტით _ ქართლის სამეფო წარმოადგენდა სათავადოთა კრებულს. სამეფო სასამართლო ფუნქციონირებდა, მაგრამ მისი კომპეტენცია უმეტესად სწორედ ამ სათავადოთა შორის წარმოებული დავების გარჩევით იფარგლება. სათავადოთა შიგნით უპირველესი მოსამართლე თავადი იყო. ერთი სიტყვით თავადები სარგებლობდნენ სასამართლო იმუნიტეტით.
XVIII ს. II ნახევარში, როგორც აღვნიშნეთ, მდივანბეგთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შ. მესხია აღნიშნავდა, რომ მათი რიცხვი ქართლ-კახეთის სამეფოში არანაკლებ 13 იყო.1 მ. კეკელია კი 28 მდივანბეგს ასახელებს (თუმცა ის უთითებს XVIIIს. 60-იანი წლებიდან XIXს. დასაწყისამდე პერიოდზე, ამიტომ ისინი ყველა ერთად არ მოსამართლეობდნენ). როგორც ვხედავთ XVIII ს. II ნახევარში, წინა პერიოდთან შედარებით, მდივანბეგთა რიცხვი თითქმის 10-ჯერ გაიზრდა. სამეფო მოსამართლეთა ასეთი მკვეთრი მატება, რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო სათავადოთა სასამართლო იმუნიტეტის შეზღუდვა-გაუქმებასთან.
XVIII ს. II ნახევარში სათავადოებმა დეგრადაცია განიცადეს. ეს პროცესი ორი ნიშნით ხასიათდებოდა: I. „ოსმალობა“ _ „ყიზილბაშობის“ შედეგად ქართლის დიდ სათავადოებში ყმაგლეხთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. II. ეკონომიკურმა წინსვლამ, რომელიც XVIII ს. 60-იანი წლებიდან სახეზეა, სათავადოებს უბიძგა საერთო მამულის გაყოფისაკენ _ არარაციონალურად დამუშავებული საერთო მამული ვეღარ უზრუნველყოფდა თავადიშვილთა გაზრდილ მოთხოვნებს. ამის შედეგად დაიწყო მამულების გაყოფა (გაიყო სამაჩაბლო, საჯავახიშვილო, სააბაშიძეო, დავითაშვილების მამული, ხერხეულიძეთა მამული და სხვ.). ქართლის ისეთი დიდი სათავადოები, როგორიც იყო საყაფლანიშვილო, საამილახორო, სამუხრანბატონო, საციციანო, ან ოფიციალურად გაიყო (საციციანო), ანდაც ფორმალურად კი შეინარჩუნეს გაუყოფელი გვარის სტატუსი, მაგრამ ყმა-მამულების სახლისკაცებს შორის დანაწილება ამ სათავადოების შიგნითაც მიმდინარეობდა. საერთო სასახლო მამულების ხარჯზე გაიზარდა „საუფლისწულო“ მფლობელობა, რომელიც პრაქტიკულად „სათავისთაო“ მფლობელობად გადაიქცა. (მაგალითად XVIII ს. II ნახევარში საყაფლანიშვილოს ყმა-მამულები 4 სახლის ხელში იყო განაწილებული). ერთი სიტყვით სათავადოებმა ბუნებრივი დეგრადირება განიცადეს, რამაც მათი ძლიერება საგრძნობლად შეარყია. ეკონომიკური პოტენციალის გაზრდამ ერეკლე II-ს რეფორმების გატარების შესაძლებლობა მისცა _ სამხედრო რეფორმები ფეოდალური ლაშქრიდან რეგულარულ არმიაზე გადასვლას გულისხმობდა. ამიერიდან მეფის მოხელეები _ ლაშქარნივისები _ კრებდნენ ჯარს. ამით ერეკლე II-მ თავადებს თავიანთ სათავადოებში ჯარის შეკრების ერთპიროვნული უფლება ჩამოართვა. იგივე ფაქტები შეინიშნება ადმინისტრირების სხვა ასპექტებში _ გადასახადების აკრეფა ცენტრალიზებული გახდა, ისევე როგორც საპოლიციო საქმიანობა და ა.შ.
მოსამართლეთა რიცხვის ზრდა სათავადოებისათვის სასამართლო იმუნიტეტის მოსპობას გულისხმობდა. ბუნებრივად დაჩიხული სათავადოებმა სამართალწარმოების უფლება უმტკივნეულოდ დაუთმეს, იმდროისათვის საკმაოდ ავტორიტეტულ, სამეფო სასამართლოს. ი. დოლიძის გამოცემულ „ქართული სამართლის ძეგლებში“, თაყაიშვილის „საქართველოს სიძველენში“ და სხვა ლიტერატურაში გამოქვეყნებულ, ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს საისტორიო არქივში დაცული უამრავი სასამართლო არზა-განინებებით დასტურდება, რომ XVIII ს. II ნახევარში სამეფო სასამართლოს ქვეყნის შიგნით საზღვრები აღარ გააჩნდა. მდივანბეგთა სასამართლო არჩევდა საამილახოროს, სამაჩაბლოსა თუ ნებისმიერი სათავადოს შიგნით არსებულ დავებს. თავადებს აეკრძალათ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა. ერეკლე II-ის ეპოქაში სამართალწარმოება ცენტრალიზებული გახდა. ერთი სიტყვით ერეკლესეული მდივანბეგთა რიცხვის ზრდა პირდაპირექვივალენტური იყო სათავადოთა სისტემის სასამართლო იმუნიტეტის დენონსაციისა.
აღნიშნულ მოსაზრებას პირდაპირ ეხმაურება „მეუკანე“ სადროშოს სარდალის ალექსანდრე ციციშვილის 1769წ. 28 თებერვლის არზა ერეკლე II-სადმი. ტექსტში ვკითხულობთ: „...ამას მოვახსენებ ჩვენს მოწყალე ხელმწიფეს. თქვენი ოქმი და ბრძანება მოგვივიდა, რომ თუ ერთმანეთთან ან საჩივარი გქონდეთ ან სადაო, ჩვენ მოგვახსენეთო და სამართალს ჩვენ გიზამთო. ამის გულისათვის ვერავის ვაწყენინე. ახლა ამას მოგახსანებ. თქვენის თავის მზემა ერთი ტივი მინდოდა, კაცნი გავგზავნე და ვეღარ ვიშოვნე ხე რომ მამეჭრევინებინა, ასე გაუყენებიათ ჩვენი ტყე. ატენს ქვეითი კაცი სულ ჩვენს ტყეში ჭრიან, არ გვკითხავენ მოჭრასა, არც რაც ტივის სალბაშია, იმას გვაძლევენ. ეს არასდროს უქნიათ. ამას გევედრებით, ერთის ოქმის წყალობა გვიყოთ _ თავადა ჩვენს უკითხავად ჩვენს ტყეში ნუ მოჭრიან; თუ რომ მოჭრან, რაც მართებული იყოს და ვიღებდეთ ან ჩვენა და ან სხვაგან, იმას მოგვცემდნენ. ჩვენ ჩვენის მთითა და ბარითა უნდა დავრჩეთ“.1
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1769 წლის ახლო ხანებში, ერეკლე II-ს სპეციალური ბრძანებულებები გაუგზავნია თავადებისათვის, რომლის საფუძველზეც მათთვის სასამართლო-ადმინისტრაციული ფუნქციები ჩამოურთმევია. ამ სფეროებში მათი უფლებები იმდენად შეზღუდულა, რომ უმაღლესი რანგის მოხელე, დიდებულ თავადი, ალექსანდრე ციციშვილი, მეფის ოქმის გარეშე, საკუთარი ტყით სარგებლობას მოსახლეობას ვერც უკრძალავდა და ვერც გადასახადს აწესებდა. ჩანს, მეფეს თავადებისათვის საერთოდ გაუუქმებია სასამართლო-ადმინისტრაციული იმუნიტეტი.
თუ ჩვენ ერეკლესეულ სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას სწორედ ამ კუთხით განვიხილავთ, მაშინ 1778 წელი, ქვეყანაში მომხდარ შემდეგ ფაქტს ემთხვევა _ 1778წ. იანვარში ერეკლე II-მ გააუქმა ქსნის საერისთავო. საქმე ისაა, რომ სათავადოების ბუნებრივი დეგრადაცია და მათთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა შეეხო იმ სათავადოებს, რომლებიც ქვეყნის ბარის რაიონებში იყვნენ განთავსებულნი. პერიფერიებში კი განსხვავებული სურათს ვხვდებით. ჩრდილოეთის სათავადოები _ არაგვის და ქსნის საერისთაოები _ ქვეყნის მთიან ნაწილში მდებარეობდნენ. მათი საზღვრები ბუნებრივად დაცული იყო. სათავადოს შიგნით საერთო ეკონომიკური წინსვლა ნაკლებად აღწევდა. იგივე მდგომარეობა იყო სამხრეთის სახანოებში. ყაზახის და ბორჩალო-ბაიდარის სახანოები ქართლის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე პროცესში ნაკლებად იყო ინტეგრირებული, რადგან იქ სპეციფიკური მდგომარეობა სუფევდა _ მოსახლეობა, მმართველ ფენასთან ერთად მაჰმადიანური იყო. ამიტომაც ერეკლე II-ემ გააუქმა პერიფერიებში არსებული როგორც სათავადოები, ასევე სახანოები. იგივე არ გააკეთა მეფემ დიმიტრი ამილახვრისშვილის ამბოხის დროს. მეფის სახლთუხუცესი დიმიტრი, განსხვავებით თუნდაც ქსნის ერისთავ ყულარაღას გიორგისაგან, არ წარმოადგენდა მთელს საამილახვროს.
როგორც აღვნიშნეთ, ერეკლე II-ის რეფორმები სათავადოებისთვის იმუნიტეტის მოსპობას უზრუნველყოფდნენ. ჩანს, იგივეს უმტკივნეულოდ გაკეთება სამხრეთის და ჩრდილოეთის ავტონომიურ უფლებათა მქონე ერთეულების მიმართ სიძნელეს წარმოადგენდა. ამიტომ სამეფო კარმა გააუქმა არაგვის საერისთავო (1743წ.), ყაზახის (1755წ.) და ბორჩალო-ბაიდარის (1765წ.) სახანოები. ქსნის საერისთავო, როგორც ჩანს, ინარჩუნებდა გარკვეულ იმუნიტეტს და კვლავ კლასიკური სათავადოს სტატუსით არსებობდა. ამას ადასტურებს შემდები ფაქტები _ ერისთავი სხვა თავადებისაგან განსხვავებით ფლობდა ქალაქს (იგულისხმება ახალგორი); გადასახადები, ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან განსხვავებით, არა კომლობრივად, არამედ მთელ საერისთავოზე გაიწერებოდა. ქსნის ერისთავი, რომ კვლავ აწარმოებდა სამართალს საერისთავოში, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სამეფო სასამართლოში, ერისთავისა და მისი სახლის კაცის დავის გარდა, ვერ ვხვდებით მათი ხელქვეითების სარჩელებს. ერთი სიტყვით, ქსნის საერისთავო ინარჩუნებდა სახელმწიფოში ავტონომიური ერთეულის სტატუსს. 1768 წელს საერისთავო გაიყო. ამ ფაქტმა ერთიანი მონოლითური ორგანიზმი დაშალა, რაც საერისთაოს ფაქტობრივ მოშლას ნიშნავდა. ამიერიდან საერისთავოს მოსახლეობის აღწერის სრული დავთრები მეფის კანცელარიაში განთავსდა, რაც მის ცენტრიდან ადმინისტრირებას აიოლებდა. თუმცა მოგვიანებით ქსნის ერისთავთა სახლის კაცებმა კვლავ „შეყრის“ ტენდენცია გამოავლინეს. ცხადია, სამეფო ხელისუფლება 1770-იან წლებში, როდესაც ის აშკარად მოძლიერებული იყო, ვეღარ შეურიგდებოდა არსებულ რეალობას. 1778 წელს ერეკლე II-მ საერისთავო გააუქმა. საერისთავოს გაუქმების მიზეზი ბუნდოვნად აქვს გადმოცემული, როგორც დავით ბატონიშვილს, ისე სხვა იმ დროინდელ მემატიანეებს. ისინი ქსნის ერისთავის ღალატზე საუბრობენ, თუმცა ფაქტს არ აკონკრეტებენ.1 პლატონ იოსელიანი აღნიშნავდა, რომ „ესე უნებდა მას (ერეკლე II-ს _ ა.თ.) ერთობისათვის მეფობისა და სიმტკიცისათვის ერთმთავრობისა დაასუსტოს თემთა მთავარნი ანუ სრულიად აღფხვრას იგინი...“.2 ჩვენც მიგვაჩნია, რომ ქსნის საერისთავოს გაუქმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა არა კონკრეტულმა საბაბმა, არამედ სამეფო კარის სათავადოთა სისტემის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ.
1778 წელს სამეფო სასამართლოს კომპეტენციამ ქართლ-კახეთის მთელი ტერიტორია, მათ შორის ქსნის საერისთავოც მოიცვა. ამ ფაქტს ემთხვევა ლეონ და ვახტანგ ბატონიშვილთა „განჩინება ბარისა და მთიელთა ადგილთა“. როგორც მკვლევარი აპ. როგავა ვარაუდობს ეს „განჩინება“, „...არა მარტო 1743 წლამდე არსებულ არაგვის ერისთავისეულ უფლებრივ მიდრეკილებათა საწინააღმდეგო სულისკვეთებით იყო, განსაკუთრებით ლევანის მიერ დაწერილი (1778წ.), არამედ მეზობელი, ახლად დამხობილი (1777წ.) ქსნის ერისთავისეული უფლებრივი ინტერესების საპირისპიროდაც შექმნილი„.3 ბატონიშვილთა შედგენილ განჩინებაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ მისი მუხლები არ შეიცავს პრაქტიკაში არსებულ ყველა სამართლებრივ ნორმას, არამედ აღნიშნული განჩინება მკაცრად უთითებს, რომ სამართალწარმოება თვითნებურად არ უნდა ხდებოდეს და აუცილებლად სამეფო სასამართლო უნდა არჩევდეს მას (განჩინების სხვა მუხლები კი ეხება იმ სპეციფიკურ მანკიერებებს, რომლების მთიანი ზონისთვის იყო დამახასიათებელი). ხოლო, 1778 წელს 3 ახალი მდივანბეგის დანიშვნა, ჩვენი აზრით ერთიან სასამართლო სისტემის არეალის გაფართოებას უნდა გამოეწვია. მართლაც 1778 წლის შემდეგ დროინდელ განჩინებებში ჩვენ ვხვდებით ქსნის ხეობის მცხოვრებთა საქმეებსაც.
დავუბრუნდეთ 1778წ. აპრილის ბრძანებულებას. აქ მარტივად ჩანს ერეკლესეული რეფორმის ხელწერა. ამ პერიოდში, პრაქტიკაში დანერგილი მრავალი ნორმა კანონმდებლობაში ასახვას მაშინ ჰპოვებდა, როდესაც ის ქვეყნის უკლებრივ ყველა კუთხისათვის საერთო ხდებოდა. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მორიგე ჯარის შემთხვევა. როგორც აკ. კლიმიაშვილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უამრავ დოკუმენტზე დაყრნობით ამტკიცებს, ქართლ-კახეთის სამეფოში მორიგე ჯარი 1755 წლიდან არსებობდა.1 ხოლო 1774 წლიდან, როდესაც ის ყველასათვის სავალდებულო ნორმად იქცა, მისი არსებობა უკვე საკანონმდებლო აქტით გაფორმდა. ვფიქრობთ იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე სამართალწარმოების მხრივაც.
თ. ენუქიძის გამოქვეყნებული სამდივანბეგოს სასამართლოს მასალებიდან ირკვევა, რომ 1755 წლიდან მდივანბეგთა სასამართლოს საკმაოდ მოწესრიგებული კანცელარია ჰქონდა და სასამართლო დაუბრკოლებლად მუშაობდა კვირის ყოველ დღეს.2 აპ. როგავას აზრით, სასამართლო საქმიანობის შემდგომი დახვეწა მოხდა 1760 წელს _ მას შემდეგ, რაც იოანე ხუცეს მონაზონმა თარგმნა პეტრე I-ის „საცხადო განწესება“.1 ჩვენ ვიცით, რომ პარალელურად გაიზარდა მდივანბეგთა რაოდენობა. მათი რიცხვი დაახლოებით ორ ათეულს აღწევდა. 1778 წელს კი, როდესაც სამეფო სასამართლომ ქვეყნის ყველა მხარე მოიცვა, უკვე ბრძანებულებით გაფორმდა _ „ყოველი არზა და საჩივარი მდივანბეგებთან მივიდესო“. ამას მოჰყვა მსაჯულთშეკრებულების დაარსებაც.
წყაროებში მოხსენიებული არიან ქართლის და კახეთის მდივანბეგები. დავით ბატონიშვილი თავის „საქართველოს სამართლის და კანონმცოდნეობის მიმოხილვაში“ გადმოგვცემს, რომ სამდივანბეგო სასამართლოები იყო თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ყაზახში, შამშადილოსა და ბორჩალოში.2 მოსახლეობას საჩივრების წარდგენა შეეძლოთ სამდივანბეგოებში, მეფესთან, დედოფალთან და ბატონიშვილებთან. დედოფალს და ბატონიშვილებს სასამართლო საქმიანობის განსახორციელებლად მეფის განსაკუთრებული ნებართვა ეძლეოდათ.3 თუმცა მათ, როგორც მემამულეებს, სასამართლო უფლებამოსილება არ გააჩნდათ.4 ამის შემდეგ მოსამართლე-მდივანბეგები იწყებდნენ საქმის განხილვას. წინასწარი საგამოძიებო და აღმასრულებელ ფუნქციას ეშიკაღასბაშები ინაწილებდნენ, იასაულებთან ერთად. ერთი სიტყვით სამართალწარმოება და თითქმის სრული შინაგან საქმეთა უფლებები სწორედ მდივანბეგებზე და აღმასრულებელ ეშიკაღასბაშებზე მოდიოდა. მათ გარდა გლეხთა შორის არსებულ დავებს მეფის მოურავები და სარდლებიც არჩევდნენ, თუმცა როგორც მეფის მოხელენი და არა როგორც სათავადოს წარმომადგენლები, ისიც იმ შემთხვევაში თუ მათ მედიატორობას მოსარჩელე მოინდომებდა. ამავე ხანებში ამოქმედდა დიკასტერიაც, რომელიც საეკლესიო დავებს არჩევდა _ მისი ცენტრალიზებაც სწორედ ამ დროს მოხდა. იოანე ბატონიშვილის „სჯულდებაც“ კი, რომელიც მეფის აბსოლუტური უფლებების განმტკიცებისაკენ იყო მიმართული და მმართველობის თითქმის ყველა რგოლში ნოვაციების დანერგვას მოითხოვდა, იწონებდა სამდივანბეგო სასამართლოს და მის შემდგომ რეორგანიზაციას არ ითვალისწინებდა.1
საბოლოოდ ავღნიშნავთ, რომ იესე ოსეს ძის ცნობა არ შეიძლება უგულვებელვყოთ. 1778 წლის ბრძანებულება სწორედ იმ ხანგრძლივი სასამართლო რეფორმის დასრულებას წარმოადგენდა, რომელიც თავადებისათვის თავის სათავადოში სამართალწარმოების უფლების მოსპობასა და ამ ფუნქციის სამეფო სასამართლოსადმი მინიჭებაში გამოიხატებოდა.
შენიშვნები
1. იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი. ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით, ლექსიკონითა და საძიებლებით ავ. იოსელიანმა. _ მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის (შემდგომ _ მსკი), ნაკვ. 28. თბ., 1950, გვ. 86.
2. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია. საქართველოს ისტორია. I. თბ., 1946, გვ. 400.
3. ივ. სურგულაძე. საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის. თბ., 1952.
4. ს. კაკაბაძე. საქართველოს ისტორიის ახალი საუკუნეების ეპოქა. ტფ., 1913, გვ. 78.
5. მ. ლეკვეიშვილი. სასამართლო პროცესი მე-17-18 საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში. თბ., 1962.
6. მ. კეკელია. სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ. თბ., 1970, გვ. 127-128, 132.
7. მიხეილ კეკელია. სასამართლო ორგანიზაცია.., გვ. 144.
8. მ. კეკელია. სასამართლო ორგანიზაცია.., გვ. 174.
9. მ. კეკელია. სასამართლო ორგანიზაცია.., გვ. 165.
10. ვ. გაბაშვილი. დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით. _ ენიმკის მოამბე. თბ., 1942, გვ. 181.
11. მასალები ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო წყობის ისტორიისათვის. შესავალი წერილი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო შ. მესხიამ _ მსკი, Nნაკვ. I (26). თბ., 1948, გვ. 029.
12. ქართული სამართლის ძეგლები. ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ. ტ. VII. თბ., 1981, გვ. 145-146.
13. იხ. დავით ბაგრატიონი. მასალები საქართველოს ისტორიისათვის. შეკრებილი ბატონიშვილ დავითი გიორგის ძისა და მისი ძმებისა. 1744-1840, ტფ., 1905.
14. პ. იოსელიანი. ცხოვრება მეფისა გიორგი მეცამეტისა. რედ. ა. გაწერელია. თბ., 1978, გვ. 78.
15. დავით ბაგრატიონი. საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა. აპ. როგავას რედაქციითა და გამოკვლევით. თბ., 1959, გვ. 110 (გამოკვლევა).
16. ა. კლიმიაშვილი. მორიგე ლაშქრის საკითხისათვის XVIII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოში. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, ტ. V. თბ., 1963.
17. თ. ენუქიძე. მასალები ქართლის სამეფოს სამდივანბეგო სასამართლოს ისტორიისათვის (1755-1760წწ.). XIV- XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი. თბ., 1964.
18. დავით ბაგრატიონი. საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, გვ. 320.
19. დავით ბაგრატიონი. საქართველოს სამართლისა., გვ. 165.
20. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი (შემდგომ _ სცსა), ფ. 1448, #128.
21. მ. კეკელია. სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ. თბ., 1970, გვ. 125-126.
22.იოანებაგრატიონი. სჯულდება. ტექსტიგამოსაცემადმოამზადა,შესავალი,ლექსიკონიდასაძიებელიდაურთოივ. სურგულაძემ. თბ.,1957, გვ. 21

Комментариев нет:

Отправить комментарий