вторник, 13 декабря 2016 г.

ალექსანდრ ლუკაშენკო

    1. ლუკაშენკოს კარიერა
   ალექსანდრ გრიგორის ძე ლუკაშენკო 1954 წლის 30 აგვისტოს ორანის რაიონის უღარიბეს სოფელ კოპისში დაიბადა. იგი დედამ ეკატერინა ლუკაშენკომ მარტომ გაზარდა, რის გამოც თანასოფლელები მუდამ დასცინოდნენ.
   ადგილობრივი სკოლის დამთავრების შემდეგ ,წარმატებით დაასრულა მოგილოვის პედაგოგიური ინსტიტუტის „ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის ფაკულტეტი“. 1975-1977 და 1980-1982 წლებში მსახურობდა არმიაში და მიაღწია პოდპოლკოვნიკის წოდებას. 1982-1985 წლებში დაამთავრა ქ. გორკის სოფლის მეურნეობის აკადემია „ეკონომისტ-ორგანიზატორის“ პროფესიით.
      სხვადასხვა დროს ბაცკა  (ბელორუსულად მამიკო. ასე მას მხარდამჭერები ეძახიან) მუშაობდა სკოლასა (ისტორიის მასწავლებლად) და კოლმეურნეობებში სხვადასხვა პოსტებზე.
   პოლიტიკური კარიერა ლუკაშენკომ 1979 წელს დაიწყო, როდესაც იგი კომპარტიაში შევიდა. მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ 1990 წელს იგი ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს (პარლამენტი) დეპუტატად აირჩიეს შკლიოვის ოლქიდან.
     1990 წელს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ბელორუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის შესახებ. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა კებიჩი (პრემიერ მინისტრი) და დემენტერი (პარლამენტის თავმჯდომარე). 
    1991 წლის დასაწყისიდან ბელორუსში ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა, რამაც ფასების ზრდა და საპასუხო მოსახლეობის გამოსვლები გამოიწვია. აპრილში ლუკაშენკო პარლამენტში გამოვიდა პრემიერ კებიჩის (იგი პოსტზე 1990-1994 წლებში იმყოფებოდა) გადადგომის მოთხოვნით. 25 მაისს „ახალ გაზეთში“ ბაცკამ გამოაქვეყნა დიდი სტატია სათაურით - „დიქტატურა: ბელორუსული ვარიანტი?“.
     1991 წლის ზაფხულში ლუკაშენკოს ლიდერობით პარლამენტში ჩამოყალიბდა ფრაქცია „კომუნისტები დემოკრატიისათვის“, რომელიც სექტემბრიდან „ხალხის თანხმობის პარტიად“ გარდაიქმნა. ამ პარტიის ლიდერი იყო ლუკაშენკო 2007 წლამდე, ვიდრე მას არ ეწოდა პარტია „თეთრი რუსეთი“. აღნიშნული პარტიის პოლიტსაბჭოში შედიოდნენ ლუკაშენკოს თაობის ენერგიული პოლიტიკოსები: სონიცინი, გონჩარი, ცელპაკო, ფედუტა, საზონოვი, ტერეშენკო, ლებედენკო, შეიმანი და სხვები. როდესაც ლუკაშენკო დიქტატორობის გზას დაადგა, თანამებრძოლები თანდათან შემოეცალა და მარტო დარჩა.
    1991 წლის 19 სექტემბერს პარლამენტმა ბელორუსიის დამოუკიდებლობა აღდგენა და საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ქვეყნის პირველი პირი კი პარლამენტის ახალი თავმჯდომარე სტანისლავ შუშკევიჩი (1991-1994) გახდა, რომელსაც თავიდანვე დაუპირისპირდა ლუკაშენკო.
    პარლამენტში ბელოვეჟის ხელშეკრულების (ამ ხელშეკრულებით საბოლოოდ დაიშალა სსრკ 1991 წლის 8 დეკემბერს) რატიფიკაციის დროს ლუკაშენკო იყო ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც წინააღმდეგ მისცა ხმა და ამ მოვლენას „XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.
    1993 წლის ივნისში ლუკაშენკო სათავეში ჩაუდგა დროებით ანტიკორუფციულ კომისიას, რომელიც კომერციული სტრუქტურების საქმიანობას სწავლობდა. ლუკაშენკოს კომისიის საბრალდებო დასკვნის საფუძველზე 1994 წლის 26 იანვარს შუშკევიჩი თანამდებობიდან გადააყენეს. ძლიერ შეირყა პრემიერ კებიჩის ავტორიტეტიც.
     1994 წლის 15 მარტს მიღებული კონსტიტუციით შემოვიდა საპრეზიდენტო პოსტი და ლუკაშენკოს საარჩევნო კამპანიაში ჩაება. მან თავის მიზნად დაისახა ინფლაციისა და ფასების შემცირება და ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში გამეფებულ  უმუშევრობას, სიღარიბეს, კორუფციას, მაფიას, მძარცველურ პრივატიზაციას და ა. შ. ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის მან აუცილებლად მიიჩნია ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებთან მჭიდრო კავშირის დამყარება დასავლური ინვესტიციების შენარჩუნებით. ამავე დროს უნდა შექმნილიყო რუსულ-ბელორუსული ფული რაც 2 ქვეყნის ეკონომიკებს სწრაფად დააკავშირებდა. 16 ივნისს საარჩევნო მოგზაურობის დროს მისი მერსედესი დაცხრილეს, თუმცა ლუკა უვნებლად გადარჩა (როგორც პრესა საუბრობს, ეს აქტი ლუკას დაგეგმილი იყო). შემდეგ პარლამენტში მისულს დაცვა არ უშვებდა და როცა მაინც შეაღწია, იქ მილიციამ სცემა.
   პარლამენტის სხდომებზე ოპონენტები ლუკას მუდმივად დასცინოდნენ, ბელორუსელ ჟირინოვსკის ეძახდნენ და მიკროფონთან არ უშვებდნენ, მოსახლეობას კი მოუწოდებდნენ, რომ ხმა არ მიეცათ, რადგან ის ბელორუსს დაღუპავდა.
       ამის მიუხედავად ბაცკამ საპრეზიდენტო არჩევნები დამაჯერებლად მოიგო (პირველ ტურში 45% მიიღო, ხოლო მეორეში 80%, ხოლო მისმა ოპონენტმა პრემიერმა კებიჩმა 17%) და 1994 წლის 20 ივლისს ბელორუსის პრეზიდენტი გახდა.
      1994 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი „უმაღლესი საბჭოს შესახებ“, რომელშიც განსაზღვრული იყო პარლამენტის უფლებამოსილება. ლუკაშენკოს მასში არ მოეწონა პარლამენტის წამყვანი როლი ქვეყანაში, პარლამენტართა მაღალი ხელფასები და ხელშეუხებლობა და 3-ჯერადი გადაგზავნის მიუხედავად ხელი არ მოაწერა. პარლამენტმა იგი მაინც დაამტკიცა და მასსა და პრეზიდენტს შორის აშკარა პოლიტიკური ბრძოლა გაჩაღდა.
     1995 წელს ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ სურს რეფერენდუმის ჩატარება შემდეგ საკითხებზე: პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა (მას შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა და დეპუტატთა გარკვეული რაოდენობის დანიშვნა), სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლა ძველი კომუნისტური სიმბოლიკით, რუსეთთან ინტეგრაცია და რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მიცემა. პარლამენტი სასტიკი წინააღმდეგი წავიდა და პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტარებმა შიმშილობაც კი დაიწყეს.
        მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა ლუკაშენკომ 1995 წლის მაისში მაინც ჩაატარა რეფერენდუმი და მოსახლეობის მხარდაჭერაც მიიღო. შედეგად მცირე შესწორებით აღსდგა კომუნისტური ბელორუსის დროშა და გერბი, რუსული ენა სახელმწიფო ენა გახდა, გაიზარდა პრეზიდენტის უფლებები. ამას მალე მოჰყვა ახალი კანონები: გაუქმდა სადეპუტატო იმუნიტეტი, მოხდა სავალუტო ბირჟისა და ბანკების ნაციონალიზაცია, გამოცხადდა „საბაზრო სოციალიზმი“ და მთავრობამ ვაჭრობაზე ტოტალური კონტროლის დაწესება დაიწყო, გარეკეს ქალაქებისა და რაიონების მართველი საბჭოები, რომლებიც ლუკამ თავისი ხალხით შეცვალა, სკოლებში ისტორიისა და ლიტერატურის სწავლება 1992 წლამდე გამოშვებული კომუნისტური სახელმძღვანელოებით ხდებოდა, დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნა-შევიწროვება. ოპოზიციის ორგანიზებულ მანიფესტაციებს კი მილიცია არბევდა.
   პარალელურად მიმდინარეობდა რუსეთთან ინტეგრაცია. 1996 წლის 2 აპრილს შეიქმნა რუსეთ-ბელორუსიის თანამეგობრობა, რომელიც 1 წლის შემდეგ რუსეთ-ბელორუსიის კავშირად გადაკეთდა.
         პარალელურად ლუკა ბევრს ცდილობდა ევროპასთან დაახლოებას. იგი მონაწილეობას იღებდა ყველა ფორუმებში, კონფერენციებასა და აგრეთვე ისეთ მიღებებზე, რომლებზეც ასეთი რანგის პიროვნების გამოჩენა უცნაურად გამოიყურებოდა.
       1996 წლის ივლისში ლუკაშენკო საფრანგეთს ესტუმრა და გრძელვადიანი კრედიტის დაპირებაც მიიღო, რომლითაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გამოესწორებინა. რამდენიმე დღეში ლუკამ გამოსცა კანონი სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლის შესახებ, რის გამოც საფრანგეთმა კრედიტის ნახევარი აღარ მისცა. ამით გაბრაზებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას საარჩევნო პერიოდში და აპირებს პრეზიდენტის სკამზე 3 ვადით დარჩენას (კონსტიტუციით მას მხოლოდ 2 ვადა ჰქონდა). ამის შემდეგ ოპოზიციის 2-მა ლიდერმა პოზნიაკმა და ნაუმჩიკმა აშშ-ს პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა.
        საკონსტიტუციო სასამართლო ლუკას ყველა კანონს აუქმებდა, მაგრამ ბაცკას ეს ვერ აჩერებდა. 1996 წლის აგვისტოში ლუკამ პარლამენტს შესთავაზა რეფერენდუმის დანიშვნა 4 საკითხზე: ახალი კონსტიტუციის მიღება, ახალი დამოუკიდებლობის დღის დაწესება, მიწაზე კერძო საკუთრების შეზღუდვა-გაკონტროლება, სიკვდილის დასჯის შენარჩუნება.
       ქვეყნის 7 წამყვანი პარტიის ლიდერებმა კოლიაკინისა და ხოდიკოს მეთაურობით სახალხო მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც მოსახლეობას აცნობდნენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტ-ეკონომიკურ ვითარებას, ატყობინედბნენ ლუკაშენკოს სწრაფვაზე დიქტატორობისაკენ და მოუწოდებდნენ არ დაეჭირათ მისთვის მხარი. პარალელურად პარლამენტში შუშკევიჩმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პიოტრ კრავჩენკომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე.
      31 აგვისტოს გამოქვეყნდა კონსტიტუციის ახალი ლუკაშენკოსეული მოდელი, რომლითაც საპარლამენტო მმრთველობა იცვლებოდა სუპესაპრეზიდენტო მმართველობით. ამიერიდან უმაღლეს საბჭოს ეწოდებოდა ეროვნული კრება და გაიყოფოდა სენატისა და წარმომადგენლობით პალატებად. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება შეიძლებოდა მხოლოდ სახელმწიფო ღალატის შეთხევაში და ამისთვის საჭირო იყო სენატის წევრთა ხმათა 3/4. პრეზიდენტი ნიშნავდა საკონსტიტუციო სასამართლოს მეთაურსა და წევრთა ნახევარს, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს, ცეესკოს წევრთა ნახევარს და სენატის წევრთა მესამედს. ამას გარდა პრეზიდენტს შეეძლო ეროვნული კრების (პარლამენტის) დათხოვნა ბევრი მიზეზით, მაგ. მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების დროს. აგრეთვე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადა უნდა ათვლოდა არა 1994 წლიდან, არამედ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან (ანუ 2 წელს იმატებდა).
       1996 წლის სექტემბერში სპეციალური კანონი გამოსცა საბიუჯეტო ხარჯების შესამცირებლად. ამ კანონით პრეზიდენტის ხელფასად დანიშნა 100 დოლარი, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრისთვის 80 დოლარი, ხოლო მინისტრებისა და ოლქების მართველებისთვის 40 დოლარი.
    პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად ბევრი იბრძოლა რეფერენდუმის არჩასატარებლად, კონსტიტუციის საკუთარი ვარიანტიც შეიმუშავა და ისიც დაადგინა, რომ რეფერენდუმის შედეგების შესრულება აუცილებელი არ იქნებოდა, მაგრამ რეალურად მხოლოდ იმას მიაღწია, რომ რეფერენდუმი 2 კვირით - 7-დან 24 ნოემბრამდე გადაიტანა.
      9 ნოემბრიდან ლუკაშენკომ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო. 15 ნოემბერს ცეესკოს თავმჯდომარე ვიქტორ გონჩარმა განაცხადა, რომ დარღვევების შემთხვევაში არ დაუშვებს რეფერენდუმის შედეგების ლეგიტიმაციას. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში იგი ლუკაშეკომ გადააყენა, დააპატიმრებინა და 10 დღით გადაამალინა, რის შემდეგაც ცეესკო მთლიანად თავისი ხალხით დააკომპლექტა. საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი თავიდანვე არალეგიტიმურად ჩათვალა, რადგან ცეესკო პარლამენტს უნდა დაეკომპლექტებინა.  
    17 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტია „სახალხო ფრონტმა“ მრავალათასიანი სახალხო მანიფესტაციები წამოიწყო, რომელიც მილიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი მიხეილ ჩიგირი გადადგა. 19 ნოემბერს კი ლუკაშენკომ თავის მომხრეებს მისი მხარდამჭერი მანიფესტაციის გამართვა მოსთხოვა.
       20 ნოემბერს მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე 2 დაპირისპირებული ბანაკის მომხრეთა აქციები პარალელურად მიმდინარეობდა და მილიციის კორდონით იყო გაყოფილი.
    26 ოქტომბერს მრავალჯერადი დარღვევებითა და გაყალბებებით ლუკაშენკომ რეფერენდუმი წარმატებით ჩაატარა და მალევე ოპოზიციური პარლამენტი გარეკა. დასავლეთმა არ ცნო რეფერენდუმის შედეგები და ლუკაშენკო დიქტატურის დამყარებაში დაადანაშაულა.
     მალე ჩამოყალიბდა შედარებით მორჩილი პარლამენტი, რომელმაც დაამტკიცა ლუკაშენკოს ახალი კონსტიტუცია. ბაცკამ საპრეზიდენტო 5 წლიანი ვადის ათვლა ხელახლა დაიწყო. შემოვიდა დამოუკიდებლობის დღის ახალი თარიღი. ბელორუსის რესპუბლიკის დაარსების დღე (1918 წლის 25 მარტი) შეცვალა 3 ივლისმა (1944 წელს ნაცისტებისგან მინსკის განთავიუსუფლების დღე).
     1999 წელს ლუკაშენკომ ოპოზიციის ახალი წმენდა მოაწყო. ჯერ დააპატიმრეს პარლამენტის ვიცე სპიკერი და 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მთავარი კონკურენტი გენადი კარპენკო (ბრალდება არასანქცირებული მანიფესტაციის ორგანიზება). იგი მილიციაში მიყვანის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ცოტა ხანში „გაქრა“ შსს მინისტრი იური ზახარენკო, რომელმაც უარი თქვა პრეზიდენტის უკანონო ბრძანებების შესრულებაზე და სახალხოდ დაადანაშაულა ლუკა ხალხის დახვრეტის ბრძანების მიცემაში. მალე დააპატიმრეს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვიქტორ გონჩარი (ყოფილი ცსკოს თავმჯდომარე), რომელიც ლუკაშენკოს იმპიჩმენტისათვის მასალებს აგროვებდა. საეჭვო ბრალდებებით სხვადასხვა ვადით პატიმრობა მოახდევინეს ოპოზიციის სხვა ლიდერებს.
       ამას დაემატა ცენზურა პრესაზე და გაწმენდილ გზაზე ლუკაშენკომ 2001 წლის სექტემბრის არჩევნები ხმების 75%-ით „მოიგო“. დასავლეთმა ეს არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ლუკაშენკო მიუღებელ ლიდერთა სიაში შეიყვანა.
  პოლიტიკური ოპონენტებისა და საერთოდ დემოკრატიული ღირებულებების განადგურების პარალელურად ლუკაშენკო მუხლჩაუხრელად ზრუნავდა ბელორუსის ნახევრად-სოციალისტური ეკონომიკის ასაღორძინებლად. შედეგად მან მოახერხა კორუფციისა და მაფიის აღმოფხვრა, უმუშევრობა მინიმუმამდე შეამცირა და მოსახლეობის გული ნელ-ნელა ისევ მოიგო.
     ამით გამხნევებულმა ბაცკამ 2004 წელს წარმატებით ჩაატარა ახალი რეფერენდუმი, რომლითაც საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვა მოეხსნა. შესაბამისად ლუკაშენკომ 2006 წელს უკვე კონკურენციის გარეშე (ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა) გარეშე მოიგო არჩევნები და მესამედ გახდა ბელორუსის პრეზიდენტი.
      ამის შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მ ლუკაშენკო მიუღებელ პოლიტიკოსთა სიაში შეიყვანა და მათ ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა. შედეგად შეწყდა ეკონომიკური კავშირები ევროპასთან, დასავლელმა ინვესტორებმა დატოვეს ბელორუსი. ასეთ სიტუაციაში დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ძლიერ დააზარალა ბელორუსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი რუსეთი და მისგან დახმარებაც შეწყდა. უფრო მეტიც, 2008 წლიდან რუსულმა სახელმწიფო კომპანიებმა გაზის  ფასი გაუძვირეს ბელარუსს, პარალელურად კი შეიზღუდა ზოგიერთი ბელორუსული პროდუქტის რუსეთში შეტანა. ამ ყველაფერს შედეგად მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი ბელორუსიაში, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ისედაც ფიცხი და მძიმე ხასიათის ბაცკა, რომელმაც რუსეთთან დაპირისპირება და დასავლეთთან დაახლოების გზების ძიება დაიწყო. ასე დასრულდა ლუკასა და პუტინის მრავალწლიანი მეგობრობაც.
         ასეთ მძიმე მომენტში ლუკაშენკოს ახალი მოკავშირე გამოუჩნდა უგო ჩავესის სახით. ვენესუელის ლიდერს ნავთობის წყალობით ჰქონდა ბევრი ფული, მაგრამ არ ჰქონდა ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ქვეყნის განსავითარებლად და ამავე დროს არ ჰქონდა ფაქტიური ურთიერთობა დასავლეთთან მისი ე.წ. ანტიიმპერიალისტური პოლიტიკის გამო. ასეთ სიტუაციაში 2006 წელს ლუკაშენკომ და ჩავესმა ერთმანეთი ზუსტად ორივესთვის საჭირო მომენტში იპოვეს, ამიტომ გასაკვირი აღარ გახდა მათი სწრაფი დამეგობრება. ისინი ყოველწლიურად მინიმუმ 3-ჯერ მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს. ვენესუელას სახით ბელორუსულმა მანქანათმშენებლობის წარმოებამ დიდი ბაზარი იპოვა. ვენესუელა ყოველწლიურად ყიდულობდა ბელორუსიისგან, როგორც სატრანსპორტო (ავტობუსები, სხვადსახვა სახის სატვირთოები და სხვ), ასევე სოფლის მეურნეობისთვის (მაგ ტრაქტორებს) საჭირო ტექნიკის მსხვილ პარტიებს. ბელორუსული სახელმწიფო კომპანიებმა დაიწყეს კარაკასში ახალი კორპუსებისა და ასევე სხვადასხვა რეგიონში ნავთობის წარმოების, მანქანათმშენებლობისა და გაზის მომპოვებელი საწარმოების მშენებლობა. 2012 წლისთვის ბელორუსია-ვენესუელას სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია და ეს ციფრი ყოველ წელს იზრდებოდა. 2010 წ. უგომ ბელორუსიას გამოუყო 500 მილიონ დოლარიანი იაფი და გრძელვადიანი კრედიტი. ამას გარდა ვენესუელაში რამდენიმე საბადოზე ბელორუსი და ვენესუელა ნავთობის ერთობლივ მოპოვებას აწარმოებენ და აგრეთვე ბელორუსს ნავთობს უგო მნიშვნელოვნდ დაბალ ფასსი აწვდის. სწორედ უგოს თანადგომის წყალობით მოახერხა ლუკაშენკომ რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ ქვეყნისთვის ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. ბელორუსთან მეგობრობა განაგრძო ჩავესის მემკვიდრე ნიკოლას მადურომაც.
  ლუკაშენკომ უარი თქვა სეპარატისტული რესპუბლიკების (მაგ აფხაზეთი, ს. ოსეთი) აღიარებაზე და ამ წარმონაქმნების მოქალაქეებს მის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა. რუსეთთან დაპირისპირებით ევროპის გულიც მოალბო და 2009  წელს ლუკა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართეს და მათ ტერიტორიაზე გადაადგილების ნებაც დართეს. ამ დროიდან ლუკას ახალი მეგობარი გამოუჩნდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახით. მისი წასვლისა შემდეგ კი ლუკა საქართველოს ახალ მთავრობასთანაც ცდილობს ურთიერთობის აწყობას და მას დსთ-ში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
    რუსეთისგან ენერგოდამუკიდებლობის მოსაპოვებლად ლუკაშენკომ 2008 წელს დაიწყო ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც 2016-2018 წლებში უნდა დასრულდეს.
     2010 წლის დეკემბერში საშამ მორიგი საპრეზიდენტო არჩევები მოიგო. ამას ოპოზიციონერ კანდიდატთა დაპატიმრებები მოჰყვა. დასავლეთმა არჩევნები არადემოკრატიულად ცნო. შედეგად ევროპასთან პარტნიორობა კვლავ შეწყდა და 2011 წლის 31 იანვრიდან ლუკას ევროპასა და აშშ-ში შესვლა ისევ აუკრძალეს. ამან ბელორუსიის ეკონომიკის სერიოზული რყევა გამოიწვია და ლუკაშენკოს 6 თვიანი მძიმე ბრძოლა  დასჭირდა, რომ იგი დაეძლია და ეკონომიკური ზრდა გაგრძელებულიყო.
2. ლუკაშენკოს ბუნება
        ლუკაშენკო ისე მართავს ქვეყანას, როგორც ერთ დროს კოლმეურნეობას მართავდა. ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა დიდწილად კომუნისტურად ააგო და ძველებურად 5 წლიან ეკონომიკურ გეგმებს ადგენს. არ ერიდება მკვახე და უცენზურო გამონათქვამებს, მინისტრებს უყვირის და რაც თავში მოუვა ყველაფერს აკეთებს. არც მალავს იმას, რომ ძველი დროის ნოსტალგია აქვს. მთავარ მოედანს ლენინის სახელი დაუბრუნა და ცნობილ კომუნისტ ფელიქს ძერჟინსკის ეთაყვანება. სასტიკი ბუნება აქვს, ვერ იტანს არათუ კრიტიკას ან საწინააღმდეგო აზრს, არამედ უბრალო შელაპარაკებასაც კი. თავის თავზე უზარმაზარი წარმოდგენა აქვს და თვლის, რომ მის გარეშე ბელორუსი დაიღუპებოდა.  თავის თავს ბელორუსიელი ხალხის ნათლიმამას უწოდებს და ჰიტლერსა და სტალინს ადარებს. ერთხელ მოსახლეობასთან შეხვედრისას გაფიცხდა და წამოიყვირა: „სად წახვალთ, ვის სჭირდებით... როცა მე ვლაპარაკობ, მომისმინეთ და ნუ ხმაურობთ... თუ არ მომისმენთ, ჩავჯდები მანქანაში და წავალ ჩემს გზაზე!!!“.
      მაღალი, სპორტული აღნაგობიის ლუკაშენკოს უცნაური ქცევითა და სკანდალებით დსთ-ს სივცეში ყველა რეკორდი აქვს მოხსნილი. მაგ. კრემლში ოფიციალური მიღების დროს, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ჭიქა პარკეტს დაანარცხა. ერთხელ რუსეთის პრემიერ ვ. ჩერნომირდინს სთხოვეს მასზე აზრი გამოეთქვა. უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ბავშვობის შემდეგ ლუკაშენკოსთან შეხვედრამდე ჩემთვის ვიტია არავის დაუძახებიაო. ერთ-ერთ მიღებაზე ლუკამ იელცინს იმდენჯერ აკოცა, რომ გარშემომყოფებს სიცილი აუტყდათ.
    ერთხელ მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში განაცხადა: „გპირდებით, რომ საახალწლო სუფრაზე ყველა ბელორუსელის სუფრაზე იქნება ნორმალური, ადამიანური კვერცხი“. სხვა სხდომებზე კი განაცხადა: „აქ ავადმყოფობაზე ნუ წუწუნებთ. მთავრობაში ჩვენ ბევრი ავადმყოფი გვყავს“. „ჰუმანიტარული დახმარება - ეს უფასოა, ეს ხალხისთვისაა, მათ შორის ინტელიგენციისა და ჩინოვნიკებისათვის“.
    2010 წელს პოლონეთისა და გერმანიის შსს მინისტრების მიღების დროს ჟურნალისტებმა კომენტარი თხოვეს გერმანიის საგ საქმეთა მინისტრის გ. ვესტერველეს განცხადებაზე, რომელიც მოითხოვდა ბელორუსიის აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გარიცხვას. ლუკამ სტუმრების წინაშე განაცხადა: „არ მესმის ვესტერველეს, რადგან ვერ გამიგია თუ, როგორ უნდა იცხოვროს კაცმა კაცთან, (ვესტერველე ცნობილი გეია და ოფიციალური პარტნიორიც ჰყავს) არაფერი მაქვს ლესბოსელთა საწინააღმდეგო, მაგრამ გეებს სიამოვნებით გავასახლებდი ფერმიდან (ლუკა 7 წელი სახელმწიფო ფერმის მეთაური იყო და ჩვევად დარჩა ქვეყნისთვის ფერმის დაძახება)“. მოგვიანებით ვესტერველეს სახალხოდ მოუბოდიშა, თუმცა დაამატა, რომ მისთვის მიუღებელია არატრადიციული ორიენტაცია.
    2012 წელს ვესტერველემ კვლავ გააკრიტიკა ლუკაშენკო და ის დიქტატორად მოიხსენია. ამის პასუხად ლუკამ განაცხადა: „მირჩევნია ვიყო დიქტატორი, ვიდრე ცისფერი“.
      უცნაურობის მიუხედავად, ბევრი აღიარებს, რომ ლუკაშენკო ძლიერი პიროვნებაა, გულღიაა და პირდაპირი. ამაზე მისი გამონათქვამებიც მეტყველებს: „ბელარუსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მე არავის წინაშე არაფერში ვალდებული არ ვარ“. „მე ჩემს სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროში არ წავიყვან“. „ბავშვობაში მე გავიზარდე ცხოველებსა და მცენარეებს შორის“.
         ლუკაშენკო არასოდეს ისვენებს, თავდაუზოგავად შრომობს, სამსახურში ყოფნა უყვარს და პრეზიდენტობის მანძილზე არასოდეს აუღია შვებულება. ცოლი გალინა როდიონოვნა ამბობს, რომ ალექსანდრი ყოველთვის მოუსვენარი იყო. ერთ ადგილზე 2 წელიწადზე მეტ ხანს ვერ ჩერდებოდა. ამიტომ ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტობაც მალე მოსწყინდებოდა, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა. ლუკაშენკო 20 წელზე მეტია პრეზიდენტია და დღემდე რკინის ხელით მართავს ბელორუსს. ის აკრიტიკებს ჰიტლერს, თუმცა აქებს მის სტილს და ამბობს, რომ მან გერმანია ააშენა და ბელორუსს სწორედ ასეთი რკინის ხელი სჭირდება.
   2012 წლის ნოემბერში ევროპის ერთ-ერთ გავლენიან ჟურნალთან ინტერვიუში კითხვაზე არის ის თუ არა დიქტატორი ლუკაშენკომ უპასუხა: „მე ვეკითხები ჩემს თავს, რას ნიშნავს დიქტატორი? მე არ მესმის. ის რაღაც საშინელი, ცუდი ადამიანია. მე არც ხალხს ვაშინებ და საერთოდაც არ ვარ ცუდი ადამიანი. სხვა მხრივ როდესაც ამ ტერმინის კარგი მნიშვნელობით ვფიქრობ ჩემზე ვასკვნი, რომ მე - ევროპის ერთადერთი და უკანასკნელი დიქტატორი ვარ, და უფრო მეტიც მთელი მსოფლიოსაც. თქვენ მოდით აქ და ნახეთ ცოცხალი დიქტატორი. მე უბრალო ხალხმა ჩამსვა ამ სავარძელში. მე არასოდეს გადამიხვევია ხალხისთვის მიცემული დაპირებებისთვისო“.
      ლუკაშენკო სპორტის დიდი გულშემატკივარია. იგი ბელორუსის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელია და როცა პრეზიდენტის რანგში ევროპაში არ უშვებენ, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში მაინც ჩადის და ავსტრიის კურორტებზე სრიალებს. პრეზიდენტი დილაობით დარბის, აქტიურად თამაშობს ჩოგბურთს, ფეხბურთსა და ჰოკეის. ერთხელ მინსკში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი იყო ჩასული, მაგრამ ლუკაშენკო მას არ შეხვდა, რადგან ფეხბურთის საქველმოქმედო მატჩში უნდა მიეღო მონაწილეობა. „მე 50000 გულშემატკივარი მელოდა და მათ ვერ გავაწბილებდი“ - განუცხადა პრესას ლუკაშენკომ. ჰოკეის მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ხსნის ბელორუსში ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას და თვითონაც ხშირად თამაშობს. 2010 წლამდე 28 ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა, 24 შაიბა შეაგდო და 51 საგოლე პასი გააკეთა.
     ლუკაშენკოს მეუღლე გალინა ჟოლნეროვიჩი (დაიბადა 1955 წ. 1 იანვ) განათლებით ისტორიკოსია. მოგილიოვის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სოფელ რიშკოვიჩის სკოლაში სწავლის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე. ალექსანდრს გალინას დედა ბელორუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. შეყვარებული ლუკა სატრფოსთან 4 კილომეტრით მოშორებული ცხოვრობდა, თუმცა ამ გზას ყოველდღე, ნებისმიერ დროსა და ამინდში ფეხით გადიოდა, რათა მასთან ერთად ესეირნა. იგი ქალს ხშირად უძღვნიდა ყვავილებს და საკუთარ ლექსებსაც უკითხავდა. საშამ დიპლომის მიღებისთანავე ხელი გალინას მდინარე დნესტრზე გასეირნებისას თხოვა და თანხმობაც მიიღო. წყვილი 1975 წელი დაქორწინდა და ერთად 20 წელი ბედნიერადაც ცხოვრობდა. გალინა ერთ ხანს მუშაობდა საბავშვო ბაღის უფროსად. 1994 წელს ლუკა პრეზიდენტი გახდა და საცხოვრებლად მინსკში გადავიდა. გალინამ კი ამაზე უარი თქვა და სოფელ რიჟკოვიჩში დარჩა, რადგან ერთის მხრივ შვილებს სკოლა ჯერ არ დამეთავრებინათ და მეორეს მხრივ სოფლის მეურნეობის მიმხედი სხვა არავინ იყო. შვილებმა მალე დაამთავრეს სკოლა, მინსკის უნივერსიტეტში ჩააბარეს და გალინაც მარტო დარჩა. 1998 წლიდან იგი მეთაურობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მოგილოვის ოლქის ცენტრს. პარალელურად სოფლის მეურნეობას უვლის, საქონელს პირადად წველის და თივასაც უმზადებს. ერთადერთი რაც მასთან მისი ქმრის გაპრეზიდენტებამ შეიცვალა, მათ სახლს ტყვიაგაუმტარი მინები დაუყენეს. ალექსანდრი პერიოდულად ურეკავს და ყვავილებს უგზავნის, თუმცა ძალიან იშვიათად ნახულობს. სამაგიეროდ გალინა უფრო ხშირად ჩადის მინსკში შვილების მოსანახულებლად და აღიარებს რომ დღემდე უყვარს საშა.
    წყვილს 2 ვაჟი ჰყავთ - ვიქტორი და დმიტრი. ძმები მამასთან საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობენ. ვიქტორი (დაიბ. 1975 წ. ჰყავს 3 შვილი) უშიშროების საბჭოში მუშაობს, ხოლო დმიტრი (დაიბ. 1980 წ. ჰყავს 2 შვილი) „პრეზიდენტის სპორტული კლუბის თავმჯდომარე“ და ოლიმპიური კომიტეტის წევრია.
      2003 წელს ლუკაშენკოს თავისი ახალგაზრდა პირადი ექიმი ირინა აბელსკაია შეუყვარდა, რომელიც პრეზიდენტის მთავარი კლინიკის დირექტორად დანიშნა, მისი დედა კი ჯანდაცვის მინისტრად. მალე მათ ვაჟი ნიკოლაი შეეძინათ. მოგვიანებით ლუკაშენკოს გრძნობები გაუნელდა და ირინა და დედამისი თანამდებობებს დაემშვიდობნენ. ნიკოლაი კი რეზიდენციაში დატოვა და ლუკაშენკო ყოველ საზეიმო მსვლელობებსა და ოფიციალურ ვიზიტებში მასთან ერთად მონაწილეობს. მისი თქმით 20-25 წლის შემდეგ ბელორუსის პრეზიდენტის პოსტზე მას სწორედ ნიკოლაი შეცვლის.
         ალექსანდრ ლუკაშენკო თანამედროვეობის ყველაზე ღარიბი პრეზიდენტია. მინსკში არც ბინა აქვს და არც მიწის ნაკვეთი. მეუღლესთან ერთად თავის სოფელში კარაქის ქარხნის აქციების 56%-ს ფლობს. პრეზიდენტი ამას ძალიან განიცდის და ჩივის, ერთ დღეს, როდესაც პრეზიდენტი აღარ ვიქნები სად უნდა წავიყვანო ჩემი ვაჟებიო. ერთხელ ჰოკეის მატჩის დროს ვაჟმა მკითხა, მამა, სად ვიცხოვროთ მას შემდეგ, შენ რომ პრეზიდენტი აღარ იქნებიო?.. ამის გაგონებაზე დავდუმდი და სიმწრის ოფლმა დამასხა. იგონებდა ლუკაშენკო და თან დაამატა - მართალია ხელფასი თვეში მხოლოდ 1000 დოლარი მაქვს და ამით არ შემიძლია შვილები ბინით ვუზრუნველყო, მაგრამ სამაგიეროდ ხელები და ფეხები მაქვს, შრომისუნარიანობა და ენერგია არ მაკლია და მათთვის სახლების აშენებას მაინც შევძლებო...
   დიდი ძალაუფლების მიუხედავად ბაცკა ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ნადვილად არ ტოვებს. ერთხელ სატელევიზიო გამოსვლისას გულახდილად ისაუბრა და განაცხადა, რომ ცხოვრებამ ძალიან მძიმე ხვედრი არგუნა და რაც დრო გადის იგი სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. „ამას კიდევ ავიტანდი რომ არა მარტოობა, რომლის შეგრძნება წლებთან ერთად სულ უფრო მიძლიერდება“ - განაცხადა ერთხელ ლუკაშენკომ. მას მეგობრები თითქმის აღარ დარჩა და შურს იმ პოლიტიკოსების, ვისაც მეგობრები თავს ახვევია. „ჩემს კოლეგა პუტინს მეგობრები მრავლად ჰყავს, ჩემდა სავალალოდ, ამით ვერ დავიკვეხნი“ - ჩივის ბელორუსიის დიქტატორი.















Комментариев нет:

Отправить комментарий