вторник, 20 декабря 2016 г.

ჯონ როკფელერი – ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი

ჯონ დევისონ როკფელერ უფროსს (1839–1937) ასაკში შესვლასთან ერთად გაცვივდა თმა, წარბები, წამწამები და ულვაშები. მოტიტვლებული, გაჩხიკული თავით, ძაფივით თხელი ტუჩებითა და პატარა, დაკვირვებული თვალებით – იგი საშინელი სანახავი იყო. ამიტომ მას ეშმაკი შეარქვეს. მისი თანამშრომლების ცოლები პატარა ბავშვებს აშინებდნენ: „ნუ ტირი თორემ როკფელერი მოვა და წაგიყვანსო“.
ჯონ როკფელერი 1839 წლის 8 ივლისს დაიბადა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ რიჩფორდში. ის მეორე შვილი იყო გერმანელი პროტესტანტის, უილიამ ევერი როკფელერის (1810–1906) ოჯახში. მისი წინაპრები ფრანგი ჰუგენოტი როკფაილები იყვნენ, რომლებიც XVII საუკუნეში ინკვიზიციას, დარბევებსა და მეფის დრაგუნებს გერმანიაში გაექცნენ და გვარიც გერმანულ ყაიდაზე გადაიკეთეს. მათი პროტესტანტული რწმენა მკაცრი იყო, ის შინაგან დისციპლინას, მძიმე შრომას, მომჭირნეობას, ხორციელი სიამოვნებების დათმობას მოითხოვდა. ამასთან, პროტესტანტები თავს რჩეულ ხალხად მიიჩნევდნენ და სხვები არ აინტერესებდათ...
რიჩმონდიდან როკფელერები 1853 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში.
მორწმუნე ბაპტისტი დედის მიერ, მკაცრი წესებით აღზრდილი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, საკუთარი მკაცრი მორალით ამაყობდა და ამ წესებს მთელი ცხოვრება ზედმიწევნით იცავდა.
უილიამ როკფელერი, ნიჭიერი ვაჭარი და მაქინატორი, თუმცა ზედმეტად რისკიანი, ცოტა უიღბლო და გამოუსწორებელი მექალთანე იყო.
მამისგან ჯონმა ბიზნესის ანაბანა და ფულის სიყვარული შეისწავლა. სწორედ მამა უყვებოდა საკუთარ წამოწყებებზე, უხსნიდა საქმის წარმართვის პრინციპებს. პატარა ჯონს მამა ხშირად ევაჭრებოდა და მისგან სხვადასხვა მომსახურებას იძენდა – ასე ასწავლიდა ყიდვასა და გაყიდვას. მოგვიანებით მაგნატი გაიხსენებს, რომ მამა მას, შეიძლება ითქვას, გასამდიდრებლად წვრთნიდა. ამავე დროს ჭაბუკმა ჯონმა საკუთარ თავს შეჰფიცა, რომ არასდროს იცხოვრებდა მამამისივით ეგოისტურად.
დედისგან, მკაცრი და შრომისმოყვარე დიასახლის ელიზა დევისონისგან (1813-1889) კი შრომა, მოვალეობის გრძნობა, რკინისებრი ნებისყოფა, თავისიანების მიმართ ერთგულება და სხვების მიმართ გულგრილობა შეითვისა. „მე აღმზარდეს პრინციპით: იმუშავე და დაზოგე“,– იხსენებდა როკფელერი.
პატარა ჯონს ძალიან უყვარდა კითხვა, მუსიკა და საეკლესიო მსახურება. ის წყნარი ბავშვი იყო, რომელიც მახვილი მეხსიერებით, ათვისების მძაფრი უნარითა და საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა. შაშის თამაშისას პარტნიორები მწყობრიდან გამოჰყავდა – თითო სვლაზე ნახევარ საათს ფიქრობდა და არასოდეს აგებდა. მისი ცივი სახის გამომეტყველება და ბავშვურ მზერას მოკლებული თვალები გარშემო მყოფებს შიშს ჰგვრიდა. ცხოვრებით ტკბობა კი ჯონმა არასოდეს იცოდა.
სამაგიეროდ იმდენად პრაქტიკული და ცივსისხლიანი იყო, რომ ნათესავების სუსტ მხარეებსაც კი, მის სასარგებლოდ იყენებდა. „კეთილშობილება და ლაყბობა უიღბლო ადამიანისათვისაა დამახასიათებელი“ – მუდამ იმეორებდა ჯონი.
როკფელერმა „ბიზნესის კეთება“ პატარაობიდანვე დაიწყო. დიდ კანფეტებს ყიდულობდა, პატარა ნაწილებად ყოფდა, ეტიკეტს და ფასს აკრავდა და საკუთარ დებზე ასაღებდა. 7 წლიდან გარეულ იხვებს იჭერდა, ზრდიდა და ყიდდა. ანაზღაურების სანაცვლოდ მეზობლებისთვის კარტოფილს თხრიდა. კომერციული საქმიანობის ყველა შედეგი რვეულში გადაჰქონდა, მოგებულ ფულს კი ყულაბაში აგროვებდა. 13 წლის ასაკში ნაცნობ ფერმერს $50 ასესხა წლიურ 7,5%-ად.
მისი პიროვნების სხვა მხარეების შესახებ, ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ადამიანებისათვის დამახასიათებელი თვისებები ჯონმა ძალიან შორს გადამალა და ჩაკეტა. თუმცა ის უგრძნობი ადამიანი სულაც არ იყო. როდესაც მისი და გარდაიცვალა, სახლიდან გაიქცა და მთელი დღე მუხლებზე დამხობილმა ტირილში გაატარა. ასეთი გამონათებები მას უფროს ასაკშიც ჰქონდა და იგი სულაც არ იყო ისეთი ურჩხული, როგორადაც ახასიათებდნენ. ერთხელ, ერთ-ერთი თანაკლასელის ამბავი იკითხა, რომელიც ბავშვობაში მოსწონდა. როდესაც შეიტყო, რომ იგი დაქვრივებულა და გასაჭირში იყო, სტანდარდ ოილის პრეზიდენტმა მას პენსია დაუნიშნა.
მან პატარაობიდანვე ცხოვრებაში ორი მთავარი მიზანი დაისახა: ეშოვა 100000 დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. მან გადაწყვიტა, რომ გამდიდრებულიყო და თავისი თავი იდეალურ ბიზნესმანქანად აქცია, რომელიც მუდამ საქმიან იდეებს ახორციელებდა, მუშებს ექსპლუატაციას უწევდა და კონკურენტებს ამარცხებდა. მისი გენიალური ინტუიციისა და ზებუნებრივი საქმიანი თვისებების დამსახურებით, იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად იქცა.
13 წლის წავიდა რიჩმონდის სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა და ჩაირიცხა კლივლენდის კოლეჯში, სადაც ასწავლიდნენ ბუღალტერიასა და კომერციის საფუძვლებს, თუმცა, მალევე დარწმუნდა, რომ 3 ბუღალტრული კურსებითა და რეალური საქმიანობით უფრო მეტს მოიგებდა, ვიდრე ბუაღალტერიის მრავაწლიანი სწავლებით, რის შემდეგაც 16 წლის ჯონმა მიატოვა სწავლა, ბუღალტრის 3 თვიანი კურსები გაიარა და 6 კვირიანი სამუშაოს ძიების შემდეგ ქ. კლივლენდში ფირმა „ჰიუიტ ენდ ტატლში“ (Hewitt and Tuttle) მუშაობა დაიწყო ბუღალტრის თანაშემწედ. პირველ სამ თვეს ჯონი უფრო სწავლობდა, ვიდრე მუშაობდა, მას ფულს არ უხდიდნენ. თუმცა სწავლა ბიჭს ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებდა. დილის 7-ის ნახევრიდან ღამის 10 საათამდე მუშაობდა და კომპანიისათვის დიდი მოგება მოჰქონდა. ამის გამო, როგორც კი კომპანიის მმართველმა პოსტი დატოვა, 20 წლის ჯონს კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი შესთავაზეს, ოღონდაც 3-ჯერ ნაკლები ხელფასით, ვიდრე წინა ხელმძღვანელს ჰქონდა ($600 დაუნიშნეს, როცა მისი წინამორბედი $2000-ს იღებდა.). ჯონმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და კომპანია დატოვა. ამიერიდან, მას სხვაზე აღარ უმუშავია და საკუთარ კომპანიებს აშენებდა.
სამი წლის მუშაობით განსაზღვრულ 800$-ს მოუყარა თავი. გარდა ამისა, მამისგანაც ისესხა 1200$ წლიურ 10%-ად. ყოველივე ეს საკმარისი აღმოჩნდა მცირე ბიზნესის წამოსაწყებად და 1857 წლის 27 აპრილს მან ინგლისელ ჯონ მორის კლარკთან ერთად (უმცროს პარტნიორად) დააარსა სავაჭრო სახლი „კლარკი და როჩესტერი“, რომელიც ფქვილით, ხორბლით, ღორის ხორცითა და სხვა პროდუქტებით ვაჭრობდა. მალე როკფელერი გამდიდრდა, თავს დაოჯახების უფლება მისცა და ნავთობის ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა.
სამოქალაქო ომის დროს ფედერალური ხელისუფლებისგან არმიის სურსათით მომარაგებისათვის როკფელერის კომპანიამ დიდი კონტრაქტები მიიღო, რამაც ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცია.
1865 წელს როკფელერმა გაიცნო ერთი ქიმიკოსი ენდრიუსი, რომელმაც მას ნავთობის შესახებ მოუთხრო. მათ კლარკთან ერთად დააარსეს ნავთობგადამამუშავებელი კომპანია „ენდრიუსი და კლარკი“ და კლივლენდში გახსნენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ფლეტსი“.
1870 წლის 10 იანვარს კომპანია „როკფელერი, ენდრიუსი და ფლარგერი-ს“ ბაზაზე დაარსდა ნავთობკოპმპანია „სტანდარდ ოილი“ (Standard Oil) 1 მილიონი დოლარის საწყისი კაპიტალით და ნავთობის ძიება იწყო. საქმიანობის დაწყებისას მან შენიშნა, რომ მთელ სანავთობო ბიზნესში ერთგვარი დომხალი იყო. ნავთობზე ხალხი ფულს ადვილად შოულობდა, ეს კი ადამიანებში არა მარტო კარგ, არამედ ცუდ თვისებებსაც ამძაფრებდა. ჯონს ესმოდა, რომ კომერციულ წარმატებაზე ფიქრი მხოლოდ საქმეში წესრიგის დამყარების შემდეგ შეიძლებოდა. ამ საკითხს მან პარტნიორთან ერთად მიხედა. დასაწყისისთვის ფირმის წესდება შეიქმნა. თანამშრომლები რომ მეტად დაეინტერესებინა, როკფელერმა თავდაპირველად მათ ხელფასი არ დაუნიშნა და აქციებს ურიგებდა. ჯონს მიაჩნდა, რომ ადამიანი უფრო გულმოდგინედ იმუშავებდა, თუ საკუთარ თავს კომპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოო შემოსავალიც ბიზნესის წარმატებულობაზე იქნებოდა დამოკიდებული.
საქმემ თანდათან დაიწყო შემოსავლის მოტანა და როკფელერმაც ნელ-ნელა სხვა ნავთობკომპანიების შესყიდვას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ის სათითაოდ იძენდა მცირე საწარმოებს, რომლებიც ძალიან ძვირი არ ღირდა. ასეთი სტრატეგია ბევრ ამერიკელს არ მოსწონდა. პრესაში როკფელერს მეკობრედ და ურჩხულადაც კი მოიხსენიებდნენ. აღსანიშნავია, რომ ყიდვისას ის სამართლიან კომერციულ ფასს იხდიდა. წარმატების გზაზე ჯონს არა მხოლოდ პრესა ესხმოდა თავს, ხალხში ათასგვარ ხმას ავრცელებდნენ მასზე. ჯონი არასოდეს პასუხობდა გამოხტომებს, თუნდაც აშკარა ცილისწამება ყოფილიყო. დუმილს კი ადამიანები ბრალის აღიარებად მიიჩნევდნენ... სწორედ იმ ხანად ყალიბდებოდა კარტელები ხორცის, სასოფლო-სამეურნეო, ფოლადის მრეწველობასა თუ სატრანსპორტო ინდუსტრიაში. გამონაკლისი არც ნავთობბიზნესი ყოფილა.
ასე იყო თუ ისე, 1880 წლისთვის, მრავალრიცხოვანი წვრილი თუ საშუალო ფირმების შერწყმის შემდეგ, როკფელერის ხელში აშშ-ის მთელი ნავთობბიზნესის 80%-ზე მეტი აღმოჩნდა (მისი ქონება ამ დროს 18 მილიონ დოლარი იყო, დღევანდელი ექვივალენტით 250 მილიარდი დოლარი), „სტანდარდ ოილი“ კი იმდროინდელი მსოფლიოს უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კომპანიად გადაიქცა და მისი ინტერესები მთელ დედამიწაზე გავრცელდა. მის მონოპოლიას „ყველაზე ბრძნულსა და უსამართლოს“ უწოდებენ ისტორიაში. ათი წლის შემდეგ ძალაში შევიდა ცნობილი შერმანის კანონი მონოპოლიების წინააღმდეგ. როკფელერმა ახალი რეგულირების საპასუხოდ „სტანდარდ ოილი“ 34 მცირე კომპანიად დაყო (ყველა მათგანის საკონტროლო პაკეტს თვითონ ფლობდა), მაგრამ ჯამურად მისი ქონება მხოლოდ გაიზარდა. სხვათა შორის, თითქმის ყველა დღევანდელი მსხვილი ნავთობკომპანია სწორედ „სტანდარდ ოილიდან“ წამოვიდა. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი გიგანტების დასახელება, როგორებიცაა Mobile, Exxon-ი, Chevron-ი და სხვ.
ჯონი კარგად სარგებლობდა სხვა კომპანიებში არსებული შიდა პრობლემებით და საკუთარი ფირმისთვის გამორჩენის ძიებისას მოხერხებულად აჯახებდა სხვებს ერთმანეთს. მაგალითად, მან შეძლო ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა რამდენიმე სარკინიგზო კომპანია და წყლის ტრანსპორტის წარმომადგენლები. საბოლოოდ „სტანდარდ ოილმა“ მეტად ხელსაყრელი სატრანსპორტო გარიგება დადო და 1 ბარელი ნავთობის გადაზიდვა, კონკურენტებთან შედარებით, 1,5-ჯერ იაფად შეეძლო.
როკფელერი რამდენად აქტიური იყო ბიზნესასპარეზზე, იმდენად პასიური იყო პირად ცხოვრებაში. გოგონები ჯონს პაემანს უნიშნავდნენ, მაგრამ ის მათ მხოლოდ ეკლესიაში უთქვამდა შეხვედრებს. გრძნობდა, რომ ღვთის რჩეული იყო და სხვა არავითარი გატაცებები არ იზიდავდა. მისი პარტნიორი მორის კლარკი ჯონზე ამბობდა: „მას მხოლოდ 2 რამის სწამს – ბაპტისტების და ნავთობის“.
როდესაც ჯონმა პირველი საკუთარი კომპანია დააარსა და დიდი ფული იშოვა, გადაწყვიტა, რომ დაქორწინების დრო დადგა და არჩევანი შეაჩერა სკოლის დროინდელ მეგობარზე და მდიდარი ოჯახის შვილზე – ლაურა სპელმენზე, რომელსაც ჯონი მრავალი წლის განმავლობაში უყვარდა. ჯონი ლაურას ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გამოუტყდა სიყვარულში. ქალმა კი ულტიმატუმი წაუყენა – ჯონს ჯერ ცხოვრებაში რამისთვის უნდა მიეღწია და შეძლებული გამხდარიყო. ასეც მოხდა და ისინი დაქორწინდნენ. ლაურასთვის განკუთვნილ ბეჭედში როკფელერმა 118 დოლარი გადაიხადა .
მასწავლებელი ლორა სპელმანი ცხოვრების ღირსეული მეგზური აღმოჩნდა. მეუღლის შეფასებით მას, სხვა სიკეთეებთან ერთად პრაქტიკული ჭკუაც ჰქონდა. მოგვიანებით მაგნატი აღნიშნავდა, – „რომ არა ლორა, შესაძლოა, მდიდარი არც არასოდეს გავმხდარიყავიო“.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონი კლივლენდის უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი იყო, მისი ქორწილი (1864 წ.) ძალიან უბრალო იყო. მან მცირე საზოგადოება შეკრიბა, უბრალო ბინა დაიქირავა და იქ უხმოდ აღნიშნა თავისი ქორწილი. ამის შესახებ არცერთ გაზეთში არ დაწერილა, რადგან ჯონს არ უყვარდა, მასზე რომ ლაპარაკობდნენ. კონკურენტებსა და მსახურებს მისი ეშინოდათ, ხოლო ცოლი უკეთილშობილეს ადამიანად მიიჩნევდა.
როკფელერი არასდროს უწევდა ხმას, არასოდეს ნერვიულობდა და არ იცვლიდა სახის გამომეტყველებას. მისი წყობიდან გამოყვანა შეუძლებელი იყო. ერთხელ მის კაბინეტში გაშმაგებული თანამშრომელი შევარდა და ნახევარი საათის მანძილზე გაუჩერებლად ყვიროდა და ილანძღებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში როკფელერი მაგიდასთან თავჩარგული იჯდა და საქმით იყო გართული. როდესაც გაწითლებულმა და განადგურებულმა თანამშრომელმა ყვირილი დაამთავრა, ჯონმა მშვიდად ასწია თავი და უთხრა: „მაპატიეთ, ვერ გავერკვიე რაზე საუბრობდით. თუ შეიძლება, გაიმეორეთ“. თანამშრომელი ოთახიდან გაფითრებული გავიდა.
იგი მუდამ ერთსა და იმავე დროს იკვებებოდა, რის შემდეგაც თავისი სამფლობელოს დასათვალიერებლად მიდიოდა. ჩუმი ნაბიჯებით, უხმაუროდ დადიოდა. მუშების მაგიდებთან ეშმაკივით მოულოდნელად აღმოჩნდებოდა, გაუღიმებდა და სამუშაოს ამბებს ეკითხებოდა. როკფელერი კარგი მეპატრონე იყო. სხვა ფირმებთან შედარებით, ყველაზე მაღალ ხელფასებს არიგებდა, თანამშრომლებს აძლევდა ფასიან ბიულეტენებს, პენსიებს და ა.შ. მაგრამ თუ ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, უმოწყალოდ უსწორდებოდა. მომსახურე პერსონალს მუდამ თბილად მიმართავდა, მაგრამ მაინც სიკვდილივით ეშინოდათ მისი. ეს შიში გარკვეულ მისტიკურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, მისი მდივანი ამტკიცებდა, რომ არასოდეს უნახავს, როგორ შედიოდა ან გამოდიოდა როკფელერი კაბინეტიდან – როგორც ჩანს, საიდუმლო კარით სარგებლობდა. ასეთივე შიშს იწვევდა მნახველთათვის მისი სპარტანულად მოწყობილი სახლიც. იქ ბავშვებიც კი არ არღვევდნენ მყუდროებას. მხოლოდ თვითონ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, როგორი მეგობრული და თბილი დამოკიდებულება იყო ამ სახლში სინამდვილეში.
ჯონი თანდათან ბერდებოდა, თუმცა, მის გონებრივ შესაძლებლობებს ასაკმა ვერაფერი დააკლო. თავის იმპერიას რკინის ხელით უძღვებოდა: მარტო სტანდარდ ოილისგან მას ყოველწლიურად 3 მილიონი შესდიოდა, ასევე მას ეკუთვნოდა 16 სარკინიგზო, 9 უძრავი ქონებით მოვაჭრე, 6 სანაოსნო მიმოსვლის და 6 სხვადსხვა სახის კომპანიები, 9 ბანკი და 3 ფორთოხლის პლანტაცია.
ასაკში შესვლასთან ერთად ჯონი თანდათან იმპერიის სადავეებს თავის შვილებს გადასცემდა და თვითონ ძირითადად ქველმოქმედებით იყო დაკავებული. 1892 წელს მან დააარსა ჩიკაგოს უნივერსიტეტი; 1901 წელს როკფელერის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, 1902 წელს საყოველთაო საგანმანათლებლო საბჭო, 1913 წელს როკფელერის საქველმოქმედო ფონდი, სპელმანის კოლეჯი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სამედიცინო კვლევების როკფელერის ინსტიტუტი.
სოცოცხლის ბოლოს მისი ქონება, ჟურნალ „ფორბსის“ 2007 წლის დოლარის კურსით დოლარის კურსით, 318 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა. 1917 წლისთვის მისი ქონება აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2,5%-ს შეადგენდა. როკფელერს ადვილად შეეძლო მთელი სახელმწიფოს დაფინანსება, თანაც ისე, რომ გაკოტრების საფრთხე არ დამუქრებოდა. შედარებისთვის, 1917 წლისთვის აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტი $715 მილიონს შეადგენდა, როკფელერის ქონება კი იმავე წელს, სხვადასხვა შეფასებით, $900 მილიონიდან $1 მილიარდამდე იყო.
სიკვდილის წინა წლებში, როკფელერმა 460 მილიონი უფროს ვაჟს – ჯონი უმცროსს დაუტოვა; ნახევარი მილიარდი საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხა; რამდენიმე მილიონი ნიუიორკის როკფელერის ცენტრს. დიდი თანხები გადაურიცხა აგრეთვე, ბაპტისტურ ეკლესიას.
სწორედ, როკფელერი აფინასებდა ამერიკელთა სამეცნიერო ექსპედიციას ანტარქტიდაზე 1934 წელს, რის საპასუხოდაც შესწავლილ ტერიტორიას „როკფელერის პლატო“ უწოდეს.
მსოფლიოს ყველა დროის უმდიდრესი ადამიანი, 1937 წლის 23 მაისს, გულის შეტევით გარდაიცვალა და უკანასკნელი ოცნება, 100 წელი ეცოცხლა, აუხდენელი დარჩა. მას ამ მიზნამდე 2 წელი და 2 თვე დააკლდა. ამ დროისთვის მისი ქონება 1,4 მილიარდი დოლარი იყო, რაც აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1,54% უდრიდა.
ჯონ როკფელერ-უმცროსმაც ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარამდე გაიღო ქველმოქმედებისთვის, თავის ექვს შვილს კი $240-240 მილიონი დაუტოვა. სწორედ ჯონ როკფელერ-უმცროსის დაფინანსებით აშენდა ნიუ-იორკში როკფელერ-ცენტრი, რომელიც 19 კომერციული შენობისგან შედგება. ამას გარდა, მან $9 მილიონი შესწირა გაეროს სწორედ მისი წყალობით აიგო გაერო-ს შტაბ-ბინა ნიუ-იორკში და არა სხვაგან. ჯონ როკფელერ-უმცროსმა ააშენა განთქმული „ემპაიერ სტეიტ ბილდინგიც“... დღეს დიდი როკფელერის 200-მდე შთამომავლის ჯამური ქონება, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით $6 მილიარდია.

ჯონ როკფელერ უფროსის რჩევები სიმდიდრის დასაგროვებლად:
1. ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი.
2. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაშია.
3. თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. თუ საერთოდ არა გაქვთ ფული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.
4. უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავლის ბევრი წყარო და დატკბით ცხოვრებით.
5. მოიფიქრეთ, როგორ იშოვოთ 50 ათასი დოლარი თვეში, ნაკლები – არა. მეტი – შეიძლება. (ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდებული – საქმე ის არის, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 ათას დოლარს ხარჯავენ).
6. მეტი ურთიერთობა – ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.
7. ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისკენ გიბიძგებთ. ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი ჰყავს ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, მალე გამოგიცარიელებენ ჯიბეებს, მიზნებსა და ოცნებებს. თუ ჯერ კიდევ ღარიბი ხართ, თქვენს გარემოცვაში, ალბათ, არ უყვართ მდიდრები, ალბათ, ეზიზღებათ კიდეც. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ გამარჯვებულებსა და ოპტიმისტებთან.
8. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი თავის გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამ წუთას მიზნისკენ სვლა.
9. საუკეთესოებისგან ისწავლეთ. გაეცანით მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქცევებს, აზროვნებას.
10. ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.
11. დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ.
12. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე)! სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ.















Комментариев нет:

Отправить комментарий