понедельник, 26 декабря 2016 г.

„ქვის ხანა“ საქართველოში

პალეოლითი
საზოგადოებრივი განვითარების უძველეს საფეხურში, პირველყოფილ თემურ ფორმაციაში, გამოყოფენ: წინაგვაროვნულ საზოგადოებას და გვაროვნულ საზოგადოებას ანუ გვაროვნულ თემს. წინაგვაროვნული საზოგადოება, მიუხედავად მისი სოციალური ბუნების სიმარტივისა, წარმოების, განაწილებისა და მოხმარების კოლექტიურ პრინციპზე იყო დაფუძნებული. სწორედ წარმოება იყო ის ახალი თვისობრივი მოვლენა, რითაც ადამიანები არსებითად განსხვავდებიან ცხოველთაგან. ცხოველები უკეთეს შემთხვევაში აგროვებენ, მაშინ როდესაც ადამიანები აწარმოებენ. მაგრამ წარმოებისათვის საჭირო იყო საწარმოო საშუალებანი, რომელთა შორის პირველი ადგილი, ცხადია, შრომის იარაღებს ეჭირათ.
პირველყოფილი ადამიანი იარაღებს ქვის, ხისა და ძვლისაგან ამზადებდა. პირველ ხანებში ადამიანი ბუნებაში მზამზარეულად შეხვედრილ ჯოხს ხმარობდა, მაგრამ მალე საჭირო გახდა მისი მოჭრა და წამახვილება, რასაც ადამიანმა მიაღწია ბუნებრივად წამახვილებული ქვის გამოყენებით. ამგვარად, ქვა თავადაც იყო იარაღი და სხვა იარაღის წარმოების საშუალების როლშიც გამოდიოდა. ქვის ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო საზოგადოების განვითარების ამ უძველეს და უზარმაზარ პერიოდს მეცნიერებმა ქვის ხანა უწოდეს. იგი იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ბერძ. ძველი ქვის), მეზოლითი (ბერძ. შუა ქვის) და ნეოლითი (ბერძ. ახალი ქვის) ხანებად. (ეს დაყოფა შემოიღო ინგლისელმა ეთნოგრაფმა და არქეოლოგმა ჯონ ლებოკმა 1865 წელს).
პალეოლითი ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია და იწყება დაახლ. 2,6 მილიონი წლის წინ აღმ. აფრიკაში (კერძოდ ჩრდ. ტანზანიაში, ოლდუვაის გამოქვაბულში) პირველი ადამიანების ჩამოყალიბებით. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდებობდა დღევანდელობისგან. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული, საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი და სხვა იარაღები. ამზადებდნენ ქვისა და ძვლის იარაღებსაც.
პალეოლითი თავის მხრივ იყოფა სამ საფეხურად: ქვედა (ადრინდელ), შუა და ზედა (გვიანდელ) პალეოლითად.
საქართველოში პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად აღმოაჩინეს საკაჟიასა (მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანთან) დევისხვრელის (ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშესთან) მღვიმეებში. დღეისათვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა: 1. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი და მისი მიმდებარე მდ. ენგურის ხეობა; 2. რიონ-ყვირილას აუზი; 3. შიდა ქართლი; 4. მდ. მტკვრის დაბალმთიანეთი; 5. ჯავახეთის ზეგანი; 6. იორ-ალაზნის აუზი.
ადრე პალეოლითის (2,6 მლნ.–600000 წლ.) დროს ადამიანები (ჰომო ჰაბილისები და ერექტუსები) 30–40 კაციან ჯგუფებად ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში. მამაკაცები ნადირობენ ქვის პრიმიტიული იარაღებით, წაწვეტებული ჯოხითა და ძვლით. ქალები და ბავშვები აგროვებენ საკვებად ვარგის მცენარეთა ნაყოფსა და ფესვებს და ინახავენ ცეცხლს. აღნიშნულ პერიოდში დაახლ. 1,8 მლნ. წლის წინ დღევანდელი ქ. დმანისის მიდამოებში სახლდება უძველესი ადამიანები კავკასიის ტერიტორიაზე.
შუა პალეოლითის (600000–35000 წლ) დროს ადამიანები (განვითარებული ჰომო ჰაბილისები, საპიენსები, ნენადერტალელები) ხვეწენ ქვის იარაღებს, აპობენ ქვას, ქმნიან წვეტანებს, სწავლობენ მეთევზეობას, ამზადებენ ხის მარტივ შუბებს. ამ ეპოქის ნასახლარები მიკვლეულია ცუცხვათში, ცხინვალში, ს. წოფში (მარნეულის რაიონი). აღნიშნულ პერიოდში დაახ. 75–70000 წლის წინ ინდონეზიის კ. სუმატრაზე მომხდარმა ვულკან ტობას კატასტროფულმა ამოფრქვევამ დედამიწაზე უკანასკნელი დიდი გამყინვარება, რომელმაც 60000 წელს გასტანა.
გვიან პალეოლითის (დაიწყო 35000 წლის წინ და დასრულდა დაახლ. 12000 წლის წინ) დროს ქვის იარაღები კიდევ უფრო იხვეწება. ხდება უხეში ქვის დანების, ნაჯახებისა და საფხეკების დამზადება, ადამიანი სწავლობს მხატვრობას და მუსიკას (ძვლისგან ამზადებს პრიმიტიულ ფლეიტებს), ყალიბდება რელიგიური წარმოდგენები და ჯამში საფუძველი ეყრება გვაროვნულ საზოგადოებას.
ამ პერიოდის ნამოსახლარები საქართველოში მიკვლეულია შავიზღვისპირეთში, ცხენისწყალ-რიონ-ყვირილას აუზში, კავკასიონის მთისწინეთსა და შუამთიანეში, მტკვირს მარჯვენა ნაპირზე – ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში.









მეზოლითი
დაახლოებით 12000 (ახლო აღმოსავლეთში) – 10000 (ევროპაში) წლის წინ დასრულდა „დიდი გამყინვარება“, ჩამოყალიბდა თანამედროვე ჰავა, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო. ამით დასრულდა პალეოლითი და დაიწყო მეზოლითი, რომელმაც 3000 წელს (ჩრდ. ევროპასა და აზიაში 4–5000 წელს) გასტანა.
ამ დროში ადამიანები ადამიანები გამოდიან გამოქვაბულებიდან და აგებენ ხის ტოტებისგან მოწნულ და ტყავგადაფარებულ სახლებს. თავდაპირველად მას ველურად მოსული ხორბალის დასაბინავებლად იყენებდა, მაგრამ შემდეგ სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ბინადრულ ცხოვრებაზე გადასვლის პარალელურად ასეთი სახლები ვითარდება და წმინდა ადგილად იქცევა, რომლის იატკშიც კრძალავენ ოჯახის უფროსებს. მეზოლითის დროს თანდათან ყალიბდება 10–12 კაციანი ოჯახები.
ადამიანებმა დახვეწეს ქვისა და (დაამზადეს მიკროწვეტანები, გვერდებდაბლაგვული თავმოღარული, გვერდებმოღარული და დაკბილული ქვის იარაღები) და ძვლის იარაღები; გამოიგონეს მშვილდი, რომლის ისრებს ობსიდიანისგან (ვულკანური მინა) ამზადებდნენ; შექმნეს ნავები, აზრებს გადასცემენ მხატვრობის საშუალებით; დაიწყეს ცხოველთა მოშინაურება (პირველად 15000 წლის წინ მოიშინაურეს ძაღლი).
საქართველოში მეზოლითის ნაოსახლარები არის წალკაში, სოფელ გომარეთში (დმანისის რაიონი) საგვარჯილის მღვიმეში (თერჯოლის რაიონი), სოხუმთან, სოფელ ჯამპალში (გულრიფშის რაიონში) და სხვა ადგილებში.



ნეოლითი
ნეოლითი ევრაზიის უდიდეს ნაწილში ძვ. წ. VI–III ათასწლეულებით თარიღდება, უძველესი და უპირველესი ცივილიზაციის კერა – ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ. VIII–VII ათასწლეულებით, ხოლო კავკასიაში ძვ. წ. 6000–4000 წლებით.
ნეოლითელი ადამიანის მოსახლეობანი ფართოდ იყო გავრცელებული აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში. ახალი ქვის ხანის კულტურის ძეგლთა გავრცელების მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა აღმოსავლეთი ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის ზოლი გიბრალტარიდან მოკიდებული ინდოჩინეთამდე. იგი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, სამხრეთ ევროპას, ანატოლიას, სირია–პალესტინას, ერაყს, ირანს, ავღანეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა, ე. ი. სწორედ იმ გეოკულტურულ ზონას, სადაც ჩაისახა და განვითარდა კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციები მახლობელი, შუა და შორეული აღმოსავლეთისა. სამხრეთი ევროპა და მეტადრე კავკასია ამ გარემოში განიხილება როგორც დამაკავშირებელი რგოლი აღნიშნულ ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევრაზიას შორის. ამ თვალსაზრისით ჩვენი მხარე, როგორც არაერთგზის გვქონდა აღნიშნული, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში კულტურულად წინა აზიის არსებით ნაწილს წარმოადგენდა.
ეპოქისათვის ნიშანდობლივია, პირველ ყოვლისა, დიდი პროგრესი საწარმოო ძალთა განვითარებაში და კერძოდ, ტექნიკაში. თუმცა სამუშაო იარაღების მასალად აქაც ქვა და ძვალია გამოყენებული (ხის იარაღები გასაგები მიზეზის გამო ჩვენამდე არ მოღწეულა), მაგრამ მისი დამუშავების ტექნიკაში არსებითი ნოვატორული ცვლილებები შეინიშნება. ძველი ქვის ხანაში ადამიანის მიერ შეძენილი ხერხები: ქვის გათლა, ატკეცვა და წნევით დამუშავება ისევე როგორც მეორადი შემოკეთება – რეტუში (მაღალი, ციცაბო, დაბალი, წოლითი, გამაფხიანებელი, გამამხვილებელი, დამაჩლუნგებელი და მრ. სხვ.) ნეოლითში კიდევ უფრო განვითარებულია და წარმოების შედეგიც ხშირად ვირტუოზული ხელობის ნიმუშს წარმოადგენს. თუ ადრე საიარაღე მასალა კაჟით, ობსიდიანით, კვარცით, ბაზალტით და კიდევ რამდენიმე სხვა ქანით შემოიფარგლებოდა, ახლა ეს ასორტიმენტი გაცილებით ფართოა. მასში, აღნიშნულს გარდა, შედის უამრავი ტუფოგენური, ინტრუზიული და დანალექი ქანები, ანდეზიტი, დოლომიტი, დიორიტი, ისეთი იშვიათი, ნახევრად ძვირფასი მკვრივი ქანებიც, როგორიცაა იასპი, ნეფრიტი, ბროლი, ჟადეიტი და სხვ. ხმარებაში შემოდის და ფართოდ ვრცელდება დიდი ზომის ქვის იარაღები, ე. ი. მაკროლითები, რისთვისაც სხვადასხვა ქანის რიყის ქვები არის გამოყენებული. რიყის ქვის დამუშავების საქმეში ინერგება სრულიად ახალი, მანამდე უცნობი, სახელდობრ, ნამზადის გახეხვა-გაშანდაკება, გაპრიალება, გახვრეტა, რაც გულისხმობს საამისო ხელსაწყო-ინსტრუმენტების სახეხ-საპრიალებელთა, სალესების, სახვრეტების, პირსაწყობთა და მისთანების არსებობას. ჩნდება მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სახნისის მაგვარი იარაღები, მიწის საჩიჩქნი წალკატები, თოხისნაირნი (მათ შორის ძვლისა და რქისა), კაჟის ნამგლები, ხელსაფ-ქვავები, სასრესები, ფილთაქვები და მრ. სხვ. კიდევ უფრო მრავალრიცხოვანია ხითხუროობისათვის საჭირო იარაღები: ცულები, საჭრელ-სათლელები, შალაშინები, კვერჩაქუჩები, კაჟის ხერხები და ა. შ. სხვადასხვა სახის რეტუშორებს, ხელკვერებს, გრდემლებსა და მისთ. ხომ თვლა არა აქვს. ნეოლითურ ნამოსახლარებზე ბლომად პოულობენ აგრეთვე მეთევზეობასთან, ტყავის დამუშავებასთან, ქსოვის საქმესთან დაკავშირებულ ნივთებს, როგორიცაა ბადის საწაფები, ჰარპუნები, ანკესები, სადგისები, ნემს-მახათები, კვირისტავები და სხვ. მრ. წნევით დამუშავებული კაჟისა და სხვა ქანების ისრისპირები მოწმობს მეზოლითიდან ნაანდერძევი შუბისა და ისრისპირების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას. გეომეტრიული მოხაზულობის კაჟის პაწია ჩასართები კიდევ უფრო მომრავლებულია წინამავალ პერიოდთან შედარებით, თუმცა შეინიშნება თავისებურება მეორად დამუშავებაში: სეგმენტისებური ჩასართები პატარავდება; მათი რკალი მეტწილად დამაბლაგვებელი რეტუშით არის გაფორმებული; ტრაპეციისებურ ჩასართებს აქ უკვე სამი გვერდი აქვს დაბლაგვებული (წინააღმდეგ ორისა მეზოლითში); ჩნდება მოგრძო პროპორციების სწორკუთხა ჩასართები, რომელთაც ორთავე ზედაპირი დაბალი თანამიმდევარი წნევითი რეტუშით უნდა ჰქონდეს გათლილი. საგრძნობია სიმრავლე დაკბილული ჩასართებისა (ნამგლისათვის), რომელთა შორის ზოგიერთის სამუშაო პირზე შეინიშნება მკის შედეგად დარჩენილი დამახასიათებელი კვალი-ნაპრალები.
ამ საფეხურზე კულტურის განვითარებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თიხის ჭურჭლის დაყალიბებისა და გამოწვის უნარის შეძენას. ამ აღმოჩენამ საშუალება მისცა ადამიანს გაეუმჯობესებინა საჭმლის მომზადება და გაემდიდრებინა საკვები პროდუქტების ასორტიმენტი. თიხის ჭურჭლის დამზადება ნეოლითისათვის იმდენადვე ნიშანდობლივია, რამდენადაც ქვის გახეხვა-გაპრიალება.
ზემოთქმულის გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ ნეოლითელი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა მხარეზე. ეს არის: შემგროვებლობა, მონადირეობა, მეთევზეობა, მეთუნეობა, ხის, ქვის, ძვლის, რქისა და ტყავის დამუშავება, ქსოვის საქმე და სხვ. ყველა ამ დარგის წინსვლა-განვითარებამ, ცხადია, ბევრად უკეთესად შეაიარაღა და მოამზადა ადამიანი ბუნების ძალების დამორჩილებისათვის ბრძოლაში ვიდრე მისი პალეოლითელი წინაპარი. მაგრამ, გარდა აღნიშნული მრავალდარგოვანი სამეურნეო მოღვაწეობისა, იმდროინდელი ადამიანი დაეუფლა საარსებო საშუალებათა მოპოვების ახალ ხერხებს, რომელთაც მისი არსებობა უფრო უზრუნველყოფილი, ხოლო საერთო-საზოგადოებრივი წარმოება გაცილებით მრავალფეროვანი, წარმადი და საიმედო გახადეს. ეს იყო მცენარეთა მოშენება და ცხოველთა მოშინაურება. პირველი მალე მიწადმოქმედებად იქცა და მას სათავე შემგროვებლობამ დაუდო, ხოლო მეორე მესაქონლეობაში გადაიზარდა, რაც მონადირეობიდან მომდინარეობს. მიწადმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმატება ბუნებაში მზამზარეულად არსებულ სახეთა მარტოოდენ გამრავლებაში როდი მდგომარეობდა. ეს წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ადამიანის ქვეცნობიერმა, ხოლო შემდეგ შეგნებულმა მოქმედებამ მცენარეთა და ცხოველთა ბუნების გარდაქმნისათვის. სასარგებლო სახეთა ხელოვნური შერჩევისა და შეჯვარების გზით საბოლოდ მან სრულიად ახალი, ბუნებაში მანამდე უცნობი სახეები შექმნა და ზოგ მათგანს ისეთი ნიშან-თვისებანი გამოუმუშავა, რაც მცენარისა და ცხოველისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ადამიანისათვის კი ერთობ სასარგებლო იყო. სამეურნეო საქმიანობის ამ დარგების გავრცელებამ ძველი ქვის ხანის ნაანდერძევ მითვისებით მეურნეობას ახალი ქვის ხანაში მწარმოებლური ხასიათი მიანიჭა. ეს იყო უდიდესი გადატრიალება, რაც კი მომხდარა ქვის ხანის ადამიანის სამეურნეო-კულტურულ ცხოვრებაში და იგი იმდენად მართებული ჩანს, რომ ბევრი მკვლევარი ამ მოვლენას „ნეოლითური რევოლუციის“ სახელით მოიხსენიებს.
ზემოხსენებული იარაღ-ხელსაწყოების უმეტესობა, როგორც საგანგებო დაკვირვება ააშკარავებს, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ ცხოველთა მოშინაურების დასადასტურებლად მეცნიერებას უფრო პირდაპირი ცნობები მოეპოვება. ეს არის ოსტეოლოგიური (ძვლოვანი) მასალა, რაც უძველეს ნამოსახლარ ფენებში ჩნდება და ადამიანის მიერ პირველად მოშინაურებულ ცხოველთაგან არის დარჩენილი. საერთო აღიარებით, პირველია ძაღლი, რომელიც ჯერ კიდევ მეზოლითიდან გამხდარა ადამიანის ოთხფეხა მეგობარი, ნადირობისას პირველი შემწე და მისი ავლადიდების ერთგული დარაჯი. რაც შეეხება სხვა (მეწველ, საკვებად ვარგისი ხორცისა და გამწევი ძალის მქონე) ცხოველებს, მაგალითად, ძროხას, ხარს, თხას, ცხვარს, ღორსა და ა. შ. მათი ძვლოვანი ნაშთები უხვად მოიპოვება ძვ. წ. VII–IV ათასწლეულთა კულტურულ ფენებში როგორც აფრიკასა და აზიაში, ასევე ევროპაშიც (თუმცა ცოტა უფრო გვიან).
დღემდე დაგროვილი ფაქტების საფუძველზე საერთოდ აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ცხოველთა ყველა ძირითადი სახე მოშინაურებული იყო მახლობელი აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის მიერ ჯერ კიდევ ნეოლითის სტადიაზე. ამავე დროს ნამოსახლარებშია აღმოჩენილი ხორბლის, ქერის, ფეტვის მარცვლებიც. კიდევ მეტი. ახლო აღმოსავლეთისათვის ნეოლითში ცნობილია ინდის ხურმა, ზეთისხილი, ლეღვი, ყურძენი, ქუნჯუთი, ხახვი, ნიორი, სალათა, ნესვი, ლობიო, ოქროცერცვა და სხვ., რაც იმდროინდელი ადამიანის მენიუს მრავალფეროვნებას მოწმობს.
ამ პერიოდში ყალიბდება ტომის მმართველობის სტრუქტურა (ბელადი, უხუცესთა საბჭო), ჩნდება კერამიკის (თიხის ჭურჭელი) პირველი ნაკეთობები. ამიერიდან სახლებს ქვის ან ალიზით (გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი თიხის აგური) აგებენ.
ნეოლითური პერიოდის ნამოსახლარები გვხვდება ქობულეთის, ოზურგეთის, გალის, ზუგდიდისა და მარნეულის რაიონებში.












ენეოლითი (სპილენძ-ქვის ხანა)
ენეოლითური ხანა ადრეული სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების მოგვიანო საფეხურს ეკუთვნის და იგი გარდამავალ პერიოდს წარმოგვიდგენს ახალი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანაზე. ამ პერიოდში იარაღის დასამზადებლად ადამიანი პირველად იყენებს ლითონს – თვითნაბად სპილენძს. ეს ხანა „ბრინჯაოს ხანის“ წინარე საფეხურია, რომლის წიაღშიც იწყება ნამდვილი მეტალურგიული წარმოება. ამ დროისათვის ლითონის წარმოება ემყარება უკვე მადნისაგან ლითონის გამოწურვა–მიღებისა და მისგან ნივთების ჩამოსხმის ჩვევების თანდათანობით შემუშავებას. ასე ეყრება საფუძველი მეტალურგიას, რომლის ნაწარმი ბრინჯაოს გამოყენების პერიოდშიც კი ხმარებიდან მთლიანად ვერ დევნის ქვისა და ძვლისაგან ნაკეთებ იარაღს.
ზოგი მეცნიერი კი მას ცალკე – სპილენძის ხანად განიხილავს. ამ დროს ჩნდება თვითნაბადი სპილენძის ცივი დამუშავების გზით დამზადებული იარაღი. ადამიანი თანდათან ეუფლება სპილენძის მადნის ჩამოსხმის ხერხს, ჩნდება სპილენძის ჩამოსხმული იარაღი და სამკაული. ამის მიუხედავად წამყვანი როლი მაინც ქვის იარაღებს ენიჭება.
მაკროლითური იარაღის სერიას შეადგენს ტუფოლავის, რიყის ქვებისა თუ ფიქალისაგან დამზადებული გახეხილ-გაპრიალებული ცულები, ე.წ. სათლელები, რომლებიც თითქმის ყველა ენეოლითურ სამოსახლოზე გვხვდება. დასავლეთ საქართველოში (თეთრამიწა, საგვარჯილე) აღმოჩენილია ქვის სამაჯურები, რომელთა დამზადების ტრადიციაც ნეოლითურ ხანას მიეწერება.
ქვის სამკაულებისა და საგანგებო დანიშნულების ნივთთა ჯგუფს შეადგენს კვირისტავები, მძივ-საკიდები, დაკენჭილი ზედაპირის მქონე პატარა ამულეტი და ქანდაკება – მოწითალო ქვარგვალა, რომლის ზედაპირზე ამოკაწრულია ადამიანის სახის ნაკვთები. ამ ნაკვთების მკაფიოდ გამოჩენის მიზნით (ტატუირების მიმსგავსებით) ნაკაწრები შევსებულა წითელი საღებავით (ოქრათი).
ენეოლითურ ხანაში ირმის რქისაგან დამზადებული წერაქვისებრი იარაღების – მარგილის ტარებისა და თოხების გარდა მრავლადაა ძვლის ნაწარმიც. აღმოსავლეთ საქართველოს ნასახლარებზე და დასავლეთ საქართველოს გამოქვაბულებში შემონახულია დანისა და ნამგლის ტარები – მიკროლითური ფირფიტების ჩასამაგრებელი ბუდეები, საპრიალებელი იარაღი, რომლის დასამზადებლად გამოყენებულია ხარის ნეკნები, ცხვრის ლულოვანი ძვლებისაგან ნაკეთებია სადგისები და თავგახვრეტილი წვრილი ნემსები, ისრის წვერები, ორნამენტირებული კოვზი; აფხაზეთის სანაპიროზე ენეოლითურ ფენებში ჩნდება ხელით დამზადებული თევზის საჭერი ჰარპუნებიც.
საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ენეოლითური ხანის კერამიკა თავის ფორმებითა და დამზადების ტექნოლოგიით დიდად განსხვავებულია მომდევნო ხანის თიხის ნაწარმისაგან. ამ პერიდშიც ჭურჭლის დამზადება უმორგვოდ წარმოებდა. საჭურჭლე თიხაში შერეულია დანაყილი ობსიდიანი, დაფხვნილი ბაზალტი, ქვიშა ან ქარსი და იშვიათად ორგანული მინარევი ნამჯა, ბზე. სჭარბობს არქაული იერის მქონე თიხის ჭურჭელი, რომელსაც მარტივი, ქილისებური ფორმა აქვს. გვხვდება აგრეთვე გაპრიალებული ზედაპირის მქონე ძირგამოწეული (ქუსლივით გამოყვანილი), ოდნავ შებერილი ჭურჭელი, რომელსაც ზოგჯერ გამოყოფილი, გადაშლილი პირი გააჩნია. ასეთი ჭურჭლის დამზადებისას, ეტყობა, თიხის გუნდა იდგმებოდა ჭოლოფზე, რომლის ანაბეჭდებიც ნაძერწის გამოყვანილ ძირზეა შემორჩერილი. ჭურჭლის გამოწვას კი უთუოდ კოცონზე აწარმოებდნენ, რის შედეგად კერამიკა ხშირად სუსტად არის გამომწვარი და რუხი მოყავისფრო, მოწითალო ან მოყვითალო ფერი აქვს.
ძვ. წ. V–IV ათასწლეულებში სამხრეთ კავკასიაში მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომებს შედარებით მაღალი ადგილებიც (ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლეზე) აუთვისებიათ. იმდროინდელი ცხოვრების კვალი მხოლოდ ბინადარი მიწადმოქმედებისათვის ხელსაყრელ პირობებში – მდინარეთა შორის მოქცეულ კონცხებზე, ვაკე ადგილებში არ გვხვდება. თუ აქ უხვი მოსავლიანობა მიწების ხელოვნური მორწყვით უნდა ყოფილიყო შეპირობებული, მაღალ ადგილებში ტომთა ცხოვრებასა და განსახლებას უთუოდ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზები ექნებოდა; გარდა ახალი მიწების დასაკუთრებისა ხეობათა აყოლებით დაწყებული ტომთა განსახლება ალპურ ზოლთან მიახლოების, ობსიდიანით ან ლითონით მდიდარი ადგილების ხელში ჩაგდების მიზნითაც ხდებოდა. ამიტომაც არ არის საკვირველი, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, როგორც დაბლობში გორასამოსახლეობის გარშემო ღრმა თავდაცვითი მნიშვნელობის თხრილები ისევე მთიან მხარეშიც გვხვდება ქვის გალავნით გამაგრებული სამოსახლოებიც (ქვემო ქართლში – თეთრიწყარო), რაც ტომთა შორის მტრულ ურთიერთობას გვაგულისხმებინებს.
ბინადარი ცხოვრების მქონე ტომთა სხვა წეს–ჩვეულებათა შორის აღსანიშნავია მიცვალებულთა დაკრძალვის რიტუალიც. ასეთი რიტუალი ძირითადად საკუთრივ სამოსახლოს ტერიტორიაზე სრულდებოდა (ცხინვალის ნაცარგორაზე, წოფსა და არუხლოში). ცხინვალის ნაცარგორაზე კულტურულ ფენაში ჩაშვებული იყო 5 ორმოსამარხი. აქ მიცვალებულები მოხრილ მდგომარეობაშია ჩაფლული და ინვენტარიც აქვს ჩატანებული. წოფში ნაცროვან ფენაში ხარის თიხის პატარა ქანდაკებასთან ერთად, ხოლო არუხლოში ერთ-ერთი სახლის იატაკის ქვეშ ბავშვის თავის ქალაც იყო მოქცეული. სავარაუდებელია, რომ ამ პერიოდის დასახლების თითოეულ პუნქტში ყველა რიტუალი იქვე სრულდებოდა, რაც ნაყოფიერების ღვთაებისადმი შეწირვის ხასიათს ატარებდა.
სამხრეთ კავკასიაში წარმოდგენილი ენეოლითური კულტურა, რომელიც ერთგვაროვანი ნიშნებით განისაზღვრება, ძირითადად ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მოგვიანო ხანაში მთლიანად მოიცავს ადრეული ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურა. ენეოლითური კულტურის გავრცელების ძირითად ფარგლებში თითქოს გამოიყოფა ორი რაიონი, რომელთაგან ერთი მდ. არაქსის, ხოლო მეორე მტკვრის ხეობით იფარგლება.
ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ენეოლითი იყო ძვ. წ. IV ათასწლეულში, ევროპაში კი ძვ. წ. III ათასწლეულში. საქართველოს ტეროტორიაზე ენეოლითის ნამოსახლარები არის ახალციხის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს რაიონებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий