понедельник, 12 декабря 2016 г.

იტალია-საფრანგეთის წინააღმდეგობანი და „საქართველოს საკითხი“ 1919-1920 წლებში (დ. ჯოჯუა)

შემდგომი პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ლოგიკურად დაუკავშირდა გარკვეული საშინაო (1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის მიღება და რუსეთის ყოფილი იმპერიის სამართლებრივი სივრციდან გამოსვლა, სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ევროპული სოციალ-დემოკრატიის ღირებულებანი, თანაც მმართველი პარტიის იდეოლოგიის დონეზე, და სხვ.) და საგარეო (მაშინდელ ისტორიულ მომენტში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება) ფაქტორების ერთობლიობას. ყველაზე ზოგადი დეფინიციით „საქართველოს საკითხის“ საერთაშორისო განზომილება სამ ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთგანმაპირობებელ ასპექტს მოიცავდა: დამოუკიდებლობის საერთაშორისო ცნობა (დე ფაქტო, დე იურე), უცხოეთის ქვეყნებთან დიპლომატიური, პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების დამყარება-განვითარება და საქართველოს უსაფრთხოების მეტნაკლებად ოპტიმალური საერთაშორისო გარანტიების შექმნა. „საქართველოს საკითხის“ ეს უკანასკნელი მოდუსი უაღრესად რთული პარამეტრების კომპლექსს მოიცავდა, რადგანაც რეგიონალური და საერთაშორისო ვითარების საქართველოზე ზეგავლენის პროცესი მეტად დინამიკური და, უმრავლეს შემთხვევაში, საკმაოდ მადესტაბილიზებელი ხასიათის იყო. ცნობილია, რომ პირველმა მსოფლიო ომმა თვისობრივად ახალი გლობალური სიტუაცია შექმნა, რაც იურიდიულად განამტკიცა პარიზის საზავო კონფერენციამ (1919წ. იანვარი). წარსულს ჩაბარდა გეოგრაფიული სივრცის კონტროლის იმპერიული პრინციპები. თურქეთის, ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და გერმანიის (კოლონიური) იმპერიები დაიშალნენ. თუ თურქეთისა და გერმანიის (კოლონიური) იმპერიების დაშლის შედეგად, ასე ვთქვათ, გამოთავისუფლებული ტერიტორიები პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ანტანტის ბლოკის ქვეყნებმა მიითვისეს (ზოგან კოლონიური, ზოგან კი ე.წ. სამანდატო რეჟიმის დამყარების ფორმით), ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის იმპერიების დეზინტეგრაციას შედეგად მოჰყვა ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნა. მათს რიცხვში შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შექმნა ქართული დიპლომატიისა და ნ. ჟორდანიას მთავრობის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად იქცა. სდრ-ის მთავრობას ჰქონდა ქვეყნის უსაფრთხოების კონცეპტუალური გააზრების საკუთარი სქემა, რომელიც საქართველოსა და მის გარშემო არსებული ვითარების ანალიზს ემყარებოდა. ცხადია, რომ ნებისმიერი ქვეყნის უშიშროების სტრატეგია უნდა გულისხმობდეს მისი ნორმალური განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენას და მათთვის საპასუხო ქმედებების გაწევის დაგეგმვას. როგორ გამოიყურებოდა ამ თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა? უნდა ითქვას, რომ უაღრესად რთულად და, გარკვეული გაგებით, უიმედოდაც კი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძირითადი გარანტის – გერმანიის ომში დამარცხებამ, მისგან გამომდინარე სტრატეგიული შედეგებით (მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვით), უაღრესად გაამძაფრა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემატიკა. საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ერთიანობის რისკის ფაქტორები: ომი სომხეთთან 1919 წლის დასაწყისში დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის აშკარად წამგებიანი ხასიათით; პერიოდული საომარი მდგომარეობა გენ. დენიკინის „მოხალისეთა არმიასთან“ დენიკინის მთავრობის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საზღვაო და სახმელეთო ბლოკადით; ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის ექსპანსიის პოტენციური საფრთხე; სეპარატისტული ტენდენციები აფხაზეთში; ბათუმის ოლქის სტატუსის პრობლემა; გარედან ინსპირირებული სოციალური მოძრაობების პერიოდული აქტივიზაცია. ეს იყო ის ფაქტორები, რომელთა მოქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა სდრ-ის პოლიტიკურ არსებობას. ნ. ჟორდანიას მთავრობამ გააანალიზა არსებული ვითარებადა ზემოხსენებული ფაქტორების ნეიტრალიზების გზით საქართველოს უსაფრთხოების გარანტირება დაუკავშირა ანტანტის (ინგლის-საფრანგეთ-იტალიის) ბლოკთან ურთიერთობების საკითხს. პროანტანტური დიპლომატიის წარმოებისა და ინგლის-საფრანგეთ-იტალიის ალიანსთან კოალიციური ურთიერთობების დამყარების კურსი შექმნილ კონკრეტულ-ისტორიულ სიტუაციაში იყო ერთადერთი მისაღები, უალტერნატივო და, ამასთან, ოპტიმალურიც. მას ჰქონდა ტრადიციონალისტური საფუძვლებიც (გამომდინარე საქართველოს ისტორიულ-სახელმწიფოებრივი ორიენტაციის ევროპული ხასიათიდან) და კონკრეტულ-კონიუნქტურული მიზეზებიც (შექმნილ საერთაშორისო კონიუნქტურაში ანტანტის ქვეყნების ჰეგემონური სტატუსის გამო). მაშასადამე, სდრ-ის მთავრობამ აირჩია ევროპული, პროანტანტური პოლიტიკა. ბლოკური დიპლომატია ანტანტასთან გახდა მთავარი საგარეო მექანიზმი ქართული პოლიტიკის ანტიკრიზისულ სფეროში. ის ფაქტობრივად უცვლელი დარჩა 1921 წლის თებერვალ-მარტის სამხედრო და სახელმწიფოებრივ კატასტროფამდე. ანტანტის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების პრობლემატიკა საკითხთა მთელ კომპლექსს მოიცავს და, შეიძლება ითქვას, მრავალგანზომილებიან ხასიათს ატარებს. ამჯერად ჩვენ შევეხებით იტალიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობებს „საქართველოს საკითხის“ ირგვლივ 1919-1920 წლებში. საკითხის კვლევის წყაროთმცოდნეობით ბაზას ქმნის საარქივო დოკუმენტები, პერიოდიკის მასალები, მემუარები და სპეციალური სამეცნიეროლიტერატურის მონაცემები. მართალია, ანტანტის ბლოკი ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი იყო, მასში შემავალი წევრი-ქვეყნების სამოკავშირეო ურთიერთობების საკმაოდ ტრადიციული და სტაბილური ხასიათით, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს ამ ურთიერთობებში გარკვეული ზიგზაგებისა და შინაგანი დაპირისპირების არარსებობას. სტრატეგიულ-პოლიტიკური ხასიათის წინააღმდეგობებს და დიპლომატიურ კონფრონტაციას მწვავე ხასიათი მიეცა 1919-1920 წლებში, როდესაც პარიზის კონფერენციაზე თუ მოკავშირეთა სხვა კონფერენციებსა და სამიტებზე ადგილი ჰქონდა ახალი მსოფლიო ომისშედგომი წესრიგის შექმნისათვის, გავლენის სფეროებად სხვადასხვა გეოგრაფიული ზონების დანაწილებისათვის სახელშეკრულებო საფუძვლების შექმნას. საერთაშორისო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზონა იყო სამხრეთ კავკასია და, კონკრეტულად, საქართველო. ანტანტის ფარგლებში მოკავშირეთაშორისი წინააღმდეგობების ცალკე სფერო შეადგინა სწორედ საფრანგეთ-იტალიის დაპირისპირებამ. „საქართველოს საკითხის“ გარშემო ოფიციალური პარიზისა და რომის წინააღმდეგობების პროცესი, ამ წინააღმდეგობათა მაწარმოებელი შინაგანი იმპულსების არაერთგვაროვნების გამო, ვფიქრობთ, დიფერენცირებული ანალიზის საგანია და, შესაბამისად სამ უმთავრეს მომენტამდე შეიძლება იქნას დაყვანილი. განსახილველი პრობლემის ამგვარი დიფერენცირება უდავოდ პოზიტიური მეთოდოლოგიური ხერხია, რაც პრობლემის შედარებით სრულყოფილი შესწავლის საშუალებასაც მოგვცემს და „საქართველოს საკითხის“ გლობალურ ჭრილში გააზრებისათვისაც შექმნის გარკვეულ საფუძვლებს. პროცესის შინაგანი დიფერენცირება შემდეგნაირად გვესახება: 1. „საქართველოს საკითხთან“ დაკავშირებით იტალიისა და საფრანგეთის მთავრობათა განსხვავებული მიმართება. 2. იტალია-საფრანგეთის სტრატეგიული და პოლიტიკური ხასიათის წინააღმდეგობანი „საქართველოს საკითხში“. 3. იტალია-საფრანგეთის სამხედრო-ეკონომიკური ხასიათის დაპირისპირება საქართველოში. წინდაწინვე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს საკითხი“ იქცა გლობალური პოლიტიკისა და ომისშემდგომი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის გარკვეულ ფაქტორად, რომელთანაც დაკავშირდა ანტანტის ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესების მთელი სპექტრი. ამჯერად ჩვენ ამ ინტერესთა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, „გადაკვეთის წერტილებს“ შევეხებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრობლემური კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი მდგომარეობს „საქართველოს საკითხისადმი“ იტალიისა და საფრანგეთის ოფიციალური წრეების თეორიულკონცეპტუალური მიმართების განსხვავებულ ხასიათში. თავისთავად ცხადია, რომ რომისა და პარიზის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ელიტაში შემუშავებული იყო პირველი მსოფლიო ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის პროექტები. იტალიისა და საფრანგეთის მთავრობებს ჰქონდათ ახალი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ჩამოყალიბების საკუთარი მოდელები. მთელ რიგ იდენტურ ხაზებთან ერთად ამ მოდელებს შორის იყო მნიშვნელოვანი განსხვავებები. ისინი შეეხებოდა ისეთ კარდინალურ საკითხებს, როგორიცაა – გერმანიასთან და ავსტრიასთან საზავო ხელშეკრულების ტერიტორიული და სამხედრო მუხლები, ერთა ლიგის სტატუსი და სტრუქტურა, ომში დამარცხებულ ქვეყნებთან სარეპარაციო პოლიტიკის წარმოება და რეპარაციების წილობრივი დანაწილება და ა.შ. საფრანგეთის ჰეგემონისტურ გეოპოლიტიკურ მიზნებს ომისშემდგომ ევროპაში და, განსაკუთრებით, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არ შეეძლო არ გამოეწვია იტალიის მმართველი წრეების შეშფოთება. ჟორჟ კლემანსოს მთავრობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ცენტრალურ ევროპაზე საფრანგეთის განუყოფელ გაბატონებას, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში – საფრანგეთზე ორიენტირებული სახელმწიფოთა სისტემის შექმნას1, სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა იტალიის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციას არა მხოლოდ ადრიატიკაში, არამედ მთელ მედიტერანულ რეგიონში (ცხადია, ამ შემთხვევაში რომის პოლიტიკური იერარქიის შეშფოთების ხარისხს საგრძნობლად ზრდიდა ინგლისის ფლოტის ფაქტობრივი ბატონობა ხმელთაშუა ზღვაში). ახალი გეოპოლიტიკური მოდელის ზოგადი პარამეტრების დადგენაში, ბუნებრივია, წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ამ სფეროში არათუ იტალიისა და საფრანგეთის მთავრობებმა, არამედ მთელი ანტანტის ბლოკის ხელისუფლებმა გასაოცარი ერთსულოვნება გამოამჟღავნეს. ძალთა ბალანსის ძირითადი სუბიექტები ხდებოდნენ ინგლისი და საფრანგეთი (პირველი როგორც საზღვაო, ხოლო მეორე – კონტინენტური ზესახელმწიფო). მათვე უნდა დაენაწილებინათ გერმანიის კოლონიური და ოსმალეთის იმპერიების დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიები (გერმანიის ყოფილ კოლონიებზე უშუალო მეტროპოლიური უფლებების გავრცელებით, ოსმალეთის იმპერიის ყოფილ არათურქულ ტერიტორიებზე კი სამანდატო სტატუსის დაწესებით). რაც შეეხება იტალიას, ის უნდა ჩამოყალიბებულიყო როგორც რეგიონალური „დერჟავა“, რომელსაც დაეკისრებოდა ხმელთაშუა ზღვის აუზის გარკვეულ ნაწილში საზღვაო კომუნიკაციების კონტროლი და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ მხარეში ერთგვარად დომინანტური ფუნქციების შესრულება. მაშასადამე, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური სტრუქტურის ფარგლებში იმთავითვე იკვეთებოდა საფრანგეთისა და იტალიის განსაზღვრული დაპირისპირების (ბუნებრივია, არა სამხედრო კონფლიქტების) პერსპექტივები. ევროპის ახალი ომისშემდგომი მოდელის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი გახდა „რუსეთის საკითხი“. 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ, დამფუძნებელი კრების ძალისმიერმა გარეკვამ, საბჭოთა რეჟიმის მიერ ანტანტის ფარგლებში არსებული სამოკავშირეო ურთიერთობების ნიველირებამ და გერმანიის ბლოკთან სეპარატული ზავის დადებამ თავიდანვე განაპირობა რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია. რუსეთი „ამოვარდა“ ევროპის გეოპოლიტიკური წესრიგიდან. უფრო მეტიც: აშშ-ის პრეზიდენტმა ვ. ვილსონმა შეიმუშავა მისი ტერიტორიულიდანაწევრების საიდუმლო გეგმა, რომლის თანახმად ყოფილი ცარისტული იმპერიის ტერიტორია შემდეგი გავლენის ზონებად უნდა დანაწილებულიყო: კავკასია, როგორც თურქეთის იმპერიის ნაწილი ან აშშ-ის მანდატის ქვეშ; შუა აზიაზე რომელიმე ევროპული სახელმწიფოს პროტექტორატი; რუსეთის ევროპულ ნაწილსა და ციმბირში კი რამდენიმე (7 თუ 8) წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნა2.¬როგორც უახლესი გამოკვლევები ცხადყოფენ, 1918 წლის გაზაფხულზე დაწყებული 15 სახელმწიფოს ჯარების ინტერვენცია რუსეთში ამ პროექტის რეალიზაციას ისახავდა მიზნად და არა „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ შექმნას ა. კერენსკის რეჟიმის აღდგენის თუ რომელიმე თეთრგვარდიელი გენერლის დიქტატურის დამყარების გზით. „ახალი მოდელის“ სტრატეგიაში „რუსეთის საკითხის“ კიდევ ერთი სპეციფიკური მომენტი იყო იზოლირებულ რუსეთსა და გერმანიას შორის თავისებური ბარიერის, ე.წ. „სანიტარული კორდონის“ შექმნა საფრანგეთზე ორიენტირებული სახელმწიფოების მეშვეობით. ამ შემთხვევაში რუსეთი და გერმანია უშუალო მჭიდრო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას კარგავდნენ, რითაც გამოირიცხებოდა მათი დაახლოების საფუძველზე მძლავრი კონტინენტური ბლოკის შექმნის პერსპექტივა. აღსანიშნავია, რომ იმდროინდელი საერთაშორისო კონიუნქტურის პირობებში „საქართველოს საკითხი“ განიხილებოდა „რუსეთის საკითხის“ კონტექსტში, რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო პროცესების პრიზმაში. რუსეთში სიტუაციის განვითარებაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქართველოს საშინაო ვითარებაც და საერთაშორისო მდგომარეობაც, მათ შორის ანტანტის სახელმწიფოების ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, „რუსულ საკითხში“ ანტანტა ერთიანი სტრატეგიით გამოდიოდა, მაგრამ საკუთრივ რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ცვალებად სიტუაციებში ანტანტის წევრიქვეყნების მთავრობათა პოლიტიკურ პოზიციებში შეინიშნებოდა გარკვეული ზიგზაგები და განსხვავებული თვალსაზრისები. ასეთ პირობებში, „საქართველოს საკითხის“ ანტანტის სახელმწიფოთა მიერ წარმოებული „რუსული პოლიტიკის“ ფუძემდებლური პრინციპებით დეფინირების სქემა თავისთავად ქმნიდა „საქართველოს საკითხის“ ირგვლივ მათი სტრატეგიული კურსის არათანხვდენილობის წანამძღვრებს. რაში მდგომარეობდა „საქართველოს საკითხში“ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა პოზიციებს შორის განსხვავების არსებითი მხარეები? საფრანგეთის სტრატეგიული კურსი ყველაზე ანტიბოლშევიკურ ხასიათს ატარებდა. მას ახასიათებდა „რუსულ საკითხში“ მიზანმიმართული და გეგმაზომიერი რადიკალიზმი, გამორიცხავდა ყოველგვარი კომპრომისის დაშვებას საბჭოთა რეჟიმის მიმართ. ბოლშევიკური რეჟიმის დიპლომატიური იზოლაცია, რუსეთის სამოქალაქო ომში ირიბი ჩარევა (ანტისაბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური მოძრაობების ფინანსური და სტრატეგიული სტიმულირება) და გარკვეულ ეტაპზე ანტანტის ქვეყნების შეიარაღებული ძალების უშუალო ინტერვენცია ინგლის-საფრანგეთ-იტალიის ალიანსის ზოგადი სტრატეგია იყო, თუმცა ოფიციალური პარიზის პოზიციებს ამ სფეროშიც უკიდურესი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობის მაღალი ხარისხი ახასიათებდა. საფრანგეთის მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის საბჭოთა მთავრობასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების ყოველგვარ მცდელობას. გარდა ამისა, საფრანგეთის ოფიციალური წრეები გადაჭრით უარყოფდნენ რუსეთში ანტანტის ქვეყნების დროებითი მისიების გაგზავნის გეგმებსაც, რომელთა მიზანი მხოლოდ რუსეთში არსებული სიტუაციის მონიტორინგისა და ლენინის მთავრობასთან არაოფიციალური კონტაქტების დამყარებისათვის წინასწარი პირობების შემზადების ფარგლებს არ სცილდებოდა. მაგ., ჟ. კლემანსო დასაწყისში არ ეთანხმებოდა ინგლის-აშშ-ის საკმაოდ გახმაურებულ პროექტს რუსეთში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მონაწილეობით პრინცების კუნძულზე საერთორუსული კონფერენციის მოწვევის შესახებ3. მან საგრძნობი ოპოზიცია გაუწია აგრეთვე ე.წ. „ბულიტის მისიას“ 1919 წლის თებერვალ-მარტში4. პარიზის კონფერენციაზე კი აშშ-ს დელეგაციის თანამშრომელს უილიამ ბულიტს ლოიდ ჯორჯმა და ვ. ვილსონმა მხოლოდ ბოლშევიკებთან შესაძლო მოლაპარაკების წინასწარი პირობების დადგენა დააკისრეს. ჟ. კლემანსო ამგვარ მცდელობასაც დაუპირისპირდა და ნეგატიურად შეხვდა ბულიტის მისიას (მის შეხვედრებს მოსკოვში ლენინთან და ჩიჩერინთან). მაშასადამე, „რუსულ საკითხში“ ანტანტის სტრატეგიის სამი შესაძლო ვარიანტიდან _ სამხედრო ინტერვენცია, ბლოკადა და გარკვეული შეთანხმების მიღწევის მცდელობა – საფრანგეთის მთავრობა პირველ ორს უჭერდა მხარს და თანაც ორივე ვარიანტის ერთდროული პარალელური გამოყენების კუთხით. რუსეთის ბლოკირების ფრანგული მოდელის ღერძი იყო ტერიტორიულ-პოლიტიკური ბლოკადის იდეა, ანუ საბჭოთა რუსეთის სახმელეთო საზღვრის მთელ პერიმეტრზე საფრანგეთზე ორიენტირებული სახელმწიფოთა სისტემის სახით ე.წ. „სანიტარული კორდონის“, იგივე „ეკლიანი მავთულის“ შექმნა. ამ სტრატეგიული გეგმების უკან იდგნენ ჟ. კლემანსო, საგარეო საქმეთა მინისტრი ფ. პიშონი, საფრანგეთის გენერალიტეტის თავკაცი, ანტანტის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მარშალი ფერდინანდ ფოში და საფრანგეთის არმიის მთავარსარდალი, მარშალი ანრი-ფილიპ პეტენი. ეს ოთხეული მედგარ წინააღმდეგობას უწევდა „რუსულ საკითხში“ ანტანტის პოლიტიკის შერბილების თითქმის ყველა მცდელობას. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა რუსეთის მიმართ რადიკალური კურსის გატარებისა და ე.წ. „სანიტარული კორდონის“ ფრანგული სტრატეგია, ობიექტურად, გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს ინტერესების რეალიზაციას აბრკოლებდა. მაგრამ ეს მტკიცება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ბოლშევიკური მთავრობის საერთაშორისო აღიარება და მისი იზოლაციის რეჟიმის გაუქმება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. საქმე იმაშია, რომ საერთაშორისო დონეზე „საქართველოს საკითხის„ განხილვა რუსეთის ცარისტული ექსიმპერიის სივრცეში მიმდინარე პროცესების ჭრილში ხდებოდა. იქ არსებული ანტიბოლშევიკური მოძრაობანი (დენიკინის, კოლჩაკის, იუდენიჩის) „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის“ იდეებს ავითარებდნენ და უაღრესი ნეგატიურობით იყვნენ განწყობილნი ეროვნული თვითგამორკვევის გზით ჩამოყალიბებული ახალი სახელმწიფოების მიმართ. ამიტომ საბჭოთა რეჟიმის არცნობისა და ანტიბოლშევიკური დაჯგუფებების სრული მხარდაჭერის პოლიტიკა ლოგიკურად იწვევდა ამ დაჯგუფებათა მიერ დეკლარირებული „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის„ ლოზუნგის მხარდაჭერას და, როგორც შედეგი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დიპლომატიური პროცესის ბლოკირებას. რაც შეეხება იტალიის მთავრობის მიმართებას „საქართველოს საკითხისადმი“, ამ სფეროში ფრანჩესკო ნიტის კაბინეტის თეორიულ-კონცეპტუალური მოდელის ჩვენებური ინტერპრეტაცია ემყარება ისეთი მნიშვნელოვანი აქტების ანალიზს, როგორიცაა: იტალიის პარლამენტის 1919 წლის 14 ივლისისა და 19 დეკემბრის რეზოლუციები და მეფე ვიქტორ-ემანუელ III-ის 1919 წლის 1 დეკემბრის „საგვირგვინო სიტყვა“.5 ზოგადი თვალსაზრისით „რუსული საკითხის“ დარეგულირების იტალიური პროექტი ლიბერალურ ხასიათს ატარებდა და საერთაშორისო სისტემის ლიბერალიზაციის იტალიური სტრატეგიის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო. 1919 წლის 13 დეკემბრის ზემოხსენებულ რეზოლუციაში ეწერა: „იტალიის დეპუტატთა პალატა ხმას აძლევს იმას, რომ იტალიის მთავრობამ ანტანტის უმაღლეს საბჭოში შეიტანოს საკითხი რუსეთის საშინაო საქმეებში ყოველგვარი ჩარევის უარყოფის, ბლოკადის დასრულების და ცარისტული იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ყველა მთავრობასთან დიპლომატიური და კომერციული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.6 მაშასადამე, „რუსულ საკითხში“ იტალიამ თვისობრივად ახლებური, საფრანგეთისაგან განსხვავებული პროგრამა წარმოადგინა. რუსეთში ინტერვენციის დასრულება, ბლოკადის მოხსნა, ყოფილი იმპერიის დაშლის საფუძველზე შექმნილი სახელმწიფოების (მათ შორის, საკუთრივ საბჭოთა რუსეთის) აღიარება – ეს იყო ამ პროგრამის ფუძემდებლური დებულებები. პოსტიმპერიული ლეგიტიმიზმის ეს დოქტრინა დუალისტური, ორმხრივი ცნობის ტაქტიკურ კურსს ემყარებოდა: საბჭოთა რუსეთი დე ფაქტო არსებობს და მას აქვს ამის უფლება. მაგრამ, ამავე დროს, დე ფაქტო არსებობენ ეროვნული სახელმწიფოებიც და მათაც აქვთ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული არსებობის უფლება. მაშასადამე, იმპერიის რეინტეგრაცია დაუშვებელია; საბჭოთა რუსეთმა უნდა იარსებოს იმდენად, რამდენადაც უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული სახელმწიფოების პოლიტიკური არსებობა. ამდენად, რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიულ სივრცეში პოლიტიკური და სტრატეგიული ბალანსი უნდა შეიქმნას არა ერთიანი იმპერიულ-მეტროპოლიური ცენტრის აღდგენით (ფრანგულ მოდელში, როგორც ვნახეთ, ეს ფუნქცია დაეკისრა თეთრგვარდიულ მოძრაობას), არამედ ორი პოლუსის – რუსეთი + ეროვნული სახელმწიფოების – ერთდროულ არსებობას. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ იტალიური მოდელი უფრო ხელსაყრელი და ოპტიმალური იყო საქართველოსათვის, ვიდრე ფრანგული. ზემოხსენებული ბიპოლარიზმი უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, რუსეთის პოლიტიკურ-ეთნიკური ნაციონალიზმის შეკავებას და, მეორე მხრივ, ახლადჩამოყალიბებული ეროვნული სახელმწიფოების, როგორც განვითარების ახალი ცენტრების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას (რათქმაუნდა, ანტანტის მიერ ამ დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში). ამასთან, იტალიური მოდელის უპირატესობა აშკარაა გეოპოლიტიკური პერსპექტივის განზომილებითაც. საბჭოთა რუსეთის ცნობას და მასთან გარკვეული ურთიერთობის დამყარებას შესაძლოა ჩაეშალა ლენინის მთავრობის დაახლოების პროცესი თურქეთთან. სწორედ ბოლშევიკური რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის ალიანსმა იმსხვერპლა საქართველოსა და მთელი სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობა. ამრიგად, ჩვენი კვლევის პირველი საკითხის დასკვნის სახით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ „რუსული საკითხის“ დარეგულირების იტალიური პროექტი განსხვავდებოდა „სანიტარული კორდონის“ ფრანგული გეგმისაგან და მასში გაცილებით მეტი პროქართული იმპულსები იყო. რაც შეეხება საკვლევი პრობლემის მეორე მომენტს – „საქართველოს საკითხში“ იტალია-საფრანგეთის სტრატეგიულ და პოლიტიკურ წინააღმდეგობებს. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობების ეს სფერო მომდინარეობდა აღნიშნულ საკითხში ორი ქვეყნის თეორიულ-კონცეპტუალური თვალსაზრისების არაერთგვაროვნებიდან. ამასთან, დაპირისპირებათა განმაპირობებელი ძირითადი მიზეზები 1919-20 წლების საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არსებული წინააღმდეგობებიდან იღებდნენ სათავეს. ამ სფეროში კი ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესების რეალიზაციის საკითხი. საფრანგეთის სტრატეგიული დაინტერესება სამხრეთ რუსეთითა და კავკასიით საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთში მომხდარმა კონტრრევოლუციურმა ბოლშევიკურმა გადატრიალებამ და ლენინის მთავრობის მიერ გერმანიის ცენტრისტული ბლოკის ქვეყნებთან სეპარატული ზავის დადებამ რუსეთი ანტანტის კოალიციის შიგნით არსებული სამოკავშირეო ურთიერთოების ფარგლებს გარეთ დატოვა. ამას შედეგად მოჰყვა ისიც, რომ რუსეთი ფაქტობრივად „ამოვარდა“ პირველი მსოფლიო ომის დროს დადებული საიდუმლო ხელშეკრულებათა სისტემიდან. კერძოდ, გაუქმდა თურქეთის იმპერიის დანაწილების ე.წ. „საიქს-პიკოს პროექტის“ ის სექტორი, რომელიც რუსეთის მიერ გარკვეული ტერიტორიების შეერთების საკითხს შეიცავდა; ინგლისმა და საფრანგეთმა მოახდინეს ცარისტულ მთავრობასთან ჯერ კიდევ ომის დასაწყის ეტაპზე კონსტანტინეპოლზე და სრუტეებზე მიღწეული შეთანხმების ანულირება. გარდა ამისა, ანტანტის ბლოკმა დაიწყო თავისი სტრატეგიული და ეკონომიკური გავლენის დამყარებისათვის პირობების შემზადება იმ რეგიონებზე, სადაც მიმდინარეობდა ეროვნულ-პატრიოტული ძალების კონსოლიდაცია და სულ უფრო აშკარად იკვეთებოდა რუსეთიდან მათი სახელმწიფოებრივი გამოყოფის პერსპექტივა. ჯერ კიდევ 1917 წლის 22-23 დეკემბერს პარიზში გაიმართა ინგლის-საფრანგეთის კონფერენცია, რომელზედაც ხელმოწერილ იქნა საიდუმლო შეთანხმება „სამხრეთ რუსეთში მოქმედების შესახებ“. შეთანხმების თანახმად, მხარეებმა გავლენისა და სტრატეგიული მოქმედების ზონებად დაინაწილეს ცარისტული ექსიმპერიის არარუსული ტერიტორიები. ინგლისის გავლენის სფეროში შევიდა ჩრდილოეთ კავკასიის კაზაკური რეგიონები, ამიერკავკასია და ქურთისტანი, ხოლო საფრანგეთის გავლენის ზონებად გამოცხადდა ბესარაბია, უკრაინა და ყირიმი7. მოგვიანებით, 1918 წლის 30 ოქტომბრის მუდროსის დაზავებამ უშუალო პირობები შექმნა 1917 წლის 23 დეკემბრის საიდუმლო კონვენციის რეალიზაციისათვის: ამიერკავკასიაში უკვე 1918 წლის დეკემბრიდან დაიწყო ინგლისის შეიარაღებული ძალების ყოფნა, ხოლო თურქეთის მიერ თავისი ფლოტის მოქმედების შეჩერების გამო საფრანგეთს გზა გაეხსნა შავი ზღვისაკენ და ზემოხსენებული კონვენციით მისი გავლენის ზონებად გამოცხადებული რეგიონების სამხედრო „ათვისებისაკენ“. 1918-1919 წლების მიჯნაზე საფრანგეთის ჯარები შევიდნენ ბესარაბიაში, ყირიმსა და უკრაინაში. ამგვარად იქნა რეალიზებული ინგლის-საფრანგეთის საიდუმლო კონვენციის სტრატეგიული და პოლიტიკური პუნქტები. მაგრამ 1918-1919 წლების მიჯნაზე განხორციელებული ეს დაყოფა სრულებითაც არ მიუთითებდა რუსეთის ყოფილი იმპერიის სამხრეთ ნაწილში ანტანტის ბლოკის ამ ორ წამყვან სახელმწიფოს შორის გეოპოლიტიკური ბალანსის დამყარებაზე. როგორც ჩანს, საფრანგეთის ოფიციალურ წრეებში სულაც არ მიიჩნევდნენ 1917 წლის 23 დეკემბრის პარიზის კონვენციას ყოფილი რუსეთის იმპერიის სამხრეთ ნაწილში მოკავშირეთაშორისი ურთიერთობების რეგულირების ერთადერთ სახელშეკრულებო საფუძვლად. უფრო კონკრეტულად რომ აღვნიშნოთ, კლემანსოს მთავრობის „რუსული პოლიტიკის“პრიზმაში ამიერკავკასია არ განიხილებოდა ინგლისის აბსოლუტური და უპირობო გავლენის ზონად, რეგიონად, რომელშიც საფრანგეთის პოლიტიკური და ასევე სტრატეგიული დომინაციის გარკვეული ხარისხი შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, რომ საქართველოში საკმაოდ მყარი იყო ფრანგული კაპიტალის პოზიციებიც. მაშასადამე, საფრანგეთის მთავრობა არ გამორიცხავდა 1917 წლის 23 დეკემბრის კონვენციით დადგენილ ე.წ. „ბრიტანული გავლენის ზონაში“, ასე ვთქვათ, საკუთარ შეღწევას და აქ თავისი გარკვეული ინტერესების რეალიზაციას. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა 1919 წლის ადრე გაზაფხულიდან, როდესაც ინგლისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიიდან ბრიტანული შეიარაღებული ძალების ევაკუაციის შესახებ8. ლოიდ ჯორჯის კაბინეტმა რეგიონში სტრატეგიული ვაკუუმის შემვსებად ორიენტაცია იტალიაზე აიღო და 1919 წლის მარტის შუა რიცხვებში სპეციალური კონფიდენციალური მოლაპარაკება დაიწყო ვ. ორლანდოს მთავრობასთან. ჩვენი საკვლევი პრობლემის ფარგლებს სცილდება იმის ყოველმხრივი ანალიზი, თუ რატომ მაინცდამაინც იტალიაზე შეჩერდა ინგლისის სტრატეგიული არჩევანი ამიერკავკასიაში სამხედრო ოკუპაციის რეჟიმის შეცვლის საკითხში. ჩვენ გვაინტერესებს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი, მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იტალიური ფაქტორი, რადგანაც სწორედ ეს ფაქტორი გვაძლევს ობიექტურ გასაღებს იტალია-საფრანგეთის წინააღმდეგობათა ჩვენებისათვის. ინგლის-იტალიის მოლაპარაკება დასრულდა 1919 წლის აპრილის დასაწყისში და უკვე 8 აპრილს ლოიდ ჯორჯმა და ვიტორიო ორლანდომ ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას9. საქართველოსა და აზერბაიჯანში ინგლისის ჯარების იტალიის ჯარებით როტაციას უნდა მოჰყოლოდა ამ ქვეყნებზე იტალიის მანდატის დაწესებაც. ამდენად, ამიერკავკასიაში იქმნებოდა რეგიონალური პროიტალიური ბლოკი, იტალიის ჯარების სტრატეგიული მხარდაჭერითა და იტალიის პროტექტორატის პოლიტიკური სტატუსით. ამ თვალსაზრისით, იტალია რეალურად უპირისპირდებოდა საფრანგეთის რეგიონალურ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში. ანტანტის კოალიციაში ინგლისსა და საფრანგეთს შორის არსებული სამოკავშირეო-კოალიციური ურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე ლოიდ ჯორჯის კაბინეტს აღნიშნული მისია საფრანგეთისათვის უნდა დაეკისრებინა. ამასვე მოითხოვდა 1917 წლის 23 დეკემბრის კონვენციის ლოგიკაც, რადგანაც ამ კონვენციით ყოფილი რუსეთის იმპერიის სამხრეთში სტრატეგიული გავლენის რეჟიმს მხოლოდ ინგლისი და საფრანგეთი ქმნიდნენ, ერთ-ერთის წასვლის შემთხვევაში გამოთავისუფლებული სივრცე მეორეს უნდა დაეკავებინა. იტალია არ იყო ზემოხსენებული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო და, შესაბამისად, მისი „უფლება“ ამიერკავკასიაზე, ჟ. კლემანსოს მთავრობის თვალსაზრისით, ფაქტობრივად ნულამდე დადიოდა. უნდა ითქვას კიდევ ერთი, ჩვენს მიერ დასმული პრობლემის შუქზე არც თუ ისე უმნიშვნელო მომენტის შესახებაც; ამიერკავკასიის სამხედრო ოკუპაციის პირობებზე ინგლის-იტალიის მოლაპარაკებებისა და შეთანხმების დადების პერიოდში საფრანგეთმა სტრატეგიული კრახი განიცადა 1917 წლის კონვენციით მისი გავლენის სფეროდ აღიარებულ ზონაში. 1919 წლის მარტში რუსეთის ჯარების ინტერვენციამ დაამხო ვინიჩენკო-პეტლიურას დირექტორიის რეჟიმი და საფრანგეთმა დატოვა უკრაინა, აპრილის ბოლოს კი ფრანგები ევაკუირებულ იქნენ ყირიმიდან და ოდესიდან. ცხადია, რომ ყოველივე ამას საფრანგეთის მთავრობასა და გენერალიტეტში უნდა გაეძლიერებინა საკუთარ ზონაში განცდილი მარცხის გამოთავისუფლებული ინგლისური ზონით კომპენსაციის ტენდენციები. ყოველ შემთხვევაში, ამიერკავკასიაში პროიტალიური ბლოკის ჩამოყალიბების გეგმამ სტიმული მისცა იტალია-საფრანგეთის წინააღმდეგობებს და დიპლომატიურ კონფრონტაციას. ამ თვალსაზრისით „საქართველოს საკითხმა“ ერთგვარი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია შეიძინა ამ ორი ქვეყნის მმართველი წრეების დაპირისპირებათა საერთო ჯაჭვში. ფრანგულ-იტალიური მეტოქეობა განსაკუთრებით მძაფრ ხასიათს ატარებდა რეპარაციების, გერმანიის ყოფილი კოლონიების განაწილებისა და ბალკანეთის, მცირე აზიისა და ამიერკავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონებში გავლენის დამყარების საერთაშორისო საკითხებში. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ პარიზის საზავო კონფერენციის მომზადების დროს საფრანგეთის დიპლომატიამ სამი პროექტი (1918 წლის 15 ნოემბერს, 21 ნოემბერს და 29 ნოემბერს) წარუდგინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს10. ჩვენს მიერ ზემოთ დასახელებული პრობლემების ირგვლივ სამივე პროექტს აშკარად გამოხატული ანტიიტალიური ხასიათი ჰქონდა. ისინი ითვალისწინებდნენ გერმანიის კოლონიების დანაწილებას ინგლისსა და საფრანგეთს შორის (რაც, ბუნებრივია, ხელყოფდა იტალიის ინტერესებს აფრიკაში), ომში დამარცხებული ქვეყნების საკონტრიბუციო გადასახდელთა გაყოფას მხოლოდ საფრანგეთსა და ბელგიას შორის და სხვ. პროექტების წარდგენა აშშ-ის ადმინისტრაციისათვის, როგორც ჩანს, მეტყველებს იმაზე, რომ კლემანსოს მთავრობას იტალიასთან კონფრონტაციაში ინგლისის დიდი იმედები მაინცდამაინც არ ჰქონდა და აშშ-ს მთავრობის მეშვეობით აპირებდა ორლანდოსონინოს მთავრობის ტერიტორიული პრეტენზიების ბლოკირებას. კონფრონტაციამ კულმინაციას მიაღწია პარიზის კონფერენციის მიმდინარეობის იმ სტადიაზე, როდესაც ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენლები იხილავდნენ ოსმალეთის ყოფილი იმპერიის არათურქული ტერიტორიების მანდატების საკითხებს. იტალია-საფრანგეთის წინააღმდეგობათა სტიმულირება ამ სფეროში სავსებით კანონზომიერი დიპლომატიური მოვლენა გახდა, რადგანაც ორივე სახელმწიფო მონაწილეობდა „საიქს-პიკოს“ სახელშეკრულებო რეჟიმში. აღნიშნულ საკითხში საფრანგეთ-აშშ-ს ანტიიტალიური ალიანსის მიერ იტალიისათვის სანქცირებული ზონების გადაცემაზე უარის შემდეგ, ორლანდოს მთავრობამ დაიწყო სამხედრო აქციების გატარება. ცხადია, ამ აქციების მთავარი დანიშნულება მცირე აზიაში ძალთა ბალანსის შეცვლასა და ამით კონფერენციის ფაქტის წინაშე დაყენების მცდელობაში მდგომარეობდა. 1919 წლის მაისის დასაწყისში იტალიის მთავრობამ, ანტანტელ მოკავშირეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე და მათთვის გვერდის ავლით, სმირნაში, ადალიაში, აიდინსა და სხვა მცირეაზიურ ზონებში გააგზავნა შეიარაღებული ნაწილები, ძირითადად, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ქვედანაყოფები. ადალიაში იტალიის ჯარებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს მნიშვნელოვანი პუნქტი მარმარისი; კ. როდოსზე ბერძნულ-იტალიური სამხედრო კონფლიქტიც კი მოხდა11. ინგლისი და საფრანგეთი იძულებულნი გახდნენ გარკვეულ კომპრომისზე წასულიყვნენ და მცირე აზიის მანდატირების რეჟიმში იტალიაც ჩაერთოთ; 1919 წლის 14 მაისს პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭომ“ მიიღო მანდატების განაწილების ასეთი სქემა: „აშშ – მანდატი კონსტანტინეპოლსა და სომხეთზე; საფრანგეთი – ჩრდილოეთ ანატოლია; საბერძნეთი – სმირნა, აიდინი, დოდეკანეზი და იტალია – მცირე აზიის სამხრეთი (მარმარისის გამოკლებით)“.12 რაც შეეხება საქართველოზე იტალიის სამანდატო პროტექტორატის დაწესების პროექტს, ვფიქრობთ, მის არსებობას ერთგვარი კატალიზატორის როლი უნდა შეესრულებინა იტალია-საფრანგეთის ინტერესთა შეჯახების პროცესში. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ის მიზეზები, რომელთა გამოც საფრანგეთის მთავრობას შეეძლო თავისი თავის მოაზრება ამიერკავკასიაში ინგლისის სტრატეგიული მემკვიდრის თუ შემცვლელის რანგში. საფრანგეთის ანტიიტალიურ პოზიციებზე „საქართველოს საკითხში“ იტალია-ინგლისის ზემოხსენებული გარიგების ზეგავლენის ხასიათის დადგენისათვის, ვფიქრობთ, ყურადღებას იქცევს თბილისში საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაურის, პოლკოვნიკ შარდინის პროექტი ამიერკავკასიის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ. პროექტის შესახებ ერთადერთი წყაროა ცნობა, რომელიც დაფიქსირებულია თბილისში მოქმედი პროდენიკინური რუსული ეროვნული საბჭოს მიერ დენიკინის სამთავრობო ორგანოს – „განსაკუთრებული თათბირის“ – თავმჯდომარის, გენ. დრაგომიროვისადმი გაგზავნილ მოხსენებაში. როგორც ჩანს, ცნობა სადაზვერვო ხასიათისაა, ამიტომ მის სისწორეში ეჭვის შეტანა პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიერკავკასიის რუსული ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი გენ. დრაგომიროვს 1919 წლის 31 იანვრით დათარიღებულ ამ მოხსენებაში სწერდა: „საქართველოში საფრანგეთის მისიის უფროსი შარდინი ამზადებს შვეიცარიის მსგავსად ამიერკავკასიის წვრილი შტატების კავშირად გარდაქმნის საიდუმლო პროექტს, რომლის დედაქალაქი – თბილისი _ გახდება თავისუფალი ქალაქი“.13 სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა პროექტით ნავარაუდევი ამიერკავკასიის მოწყობის ტერიტორიულ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ერთნი (მაგ. გ. გალოიანი14) აღნიშნავენ, რომ შარდინს მხედველობაში ჰქონდა მთელს ამიერკავკასიაზე საფრანგეთის ერთიანი პროტექტორატის დაწესება, ხოლო მეორენი (მაგ., ა. ჩოხელი15) მიიჩნევენ, რომ ფრანგი ოფიცრის გეგმით ამიერკავასიის ცალკეულ შტატებზე უნდა დამყარებულიყო ინგლისის, აშშ-ისა და საფრანგეთის პროტექტორატები. ამ შემთხვევაში ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს შარდინის საიდუმლო პროექტის განხილვა ამ პროექტით ნავარაუდევ ტერიტორიებზე ანტანტის ქვეყნების პროტექტორატული უფლებების გავრცელების საზღვრების დადგენის თვალსაზრისით. ჩვენთვის უპირატესი მნიშვნელობა აქვს საკუთრივ პროექტის არსებობის ფაქტს და მის ინტერპრეტაციას „საქართველოს საკითხის“ განხილვაში საფრანგეთის მონაწილეობის ხარისხის ჩვენების მიზნით. პროექტი ითვალისწინებდა ამიერკავკასიაში 1918 წლის 26 მაისისა (საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი) და 28 მაისის (სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციები) აქტების საფუძველზე ჩამოყალიბებული ტერიტორიულ-პოლიტიკური სისტემის ლიკვიდაციას, რეგიონის სახელმწიფოთა სტატუსის დაყვანას შტატების დონეზე და მათი ინტეგრაციის საფუძველზე ანტანტის ქვეყნების პროტექტორატს დაქვემდებარებული კონფედერაციული გაერთიანების შექმნას. ამასთან, თბილისი უნდა დარჩენილიყო „საქართველოს შტატის“ იურისდიქციის ფარგლებს გარეთ და ე.წ. „თავისუფალი ქალაქი“ უნდა გამხდარიყო. ამდენად, შარდინის პროექტი ანტიქართული და რეაქციული ხასიათის გეგმას წარმოადგენდა. ამასთან, მას ანტიინგლისური ხასიათიც ჰქონდა, რადგანაც გულისხმობდა ძალთა გადანაწილებას სამხრეთ კავკასიაში, სადაც ინგლისის განუყოფელი სტრატეგიული ჰეგემონია იყო დამყარებული. შარდინის პროექტით საფრანგეთი მზად იყო განეხორციელებინა, ასე ვთქვათ, საკუთარ ინტერესთა ინტერვენცია 1917 წლის 23 დეკემბრის კონვენციით დადგენილ ბრიტანულ ზონაში. ამ პროცესს უდავოდ გააადვილებდა ინგლისის სტრატეგიული დომინაციის ქვეშ მყოფი ერთიანი სივრცის დაყოფა „წვრილ შტატებად“ და იქ ინგლისის ინტერესების ჩანაცვლება საფრანგეთის ინტერესებით. როგორც ვნახეთ, თბილისს უნდა მიეღო თავისუფალი ქალაქის სტატუსი. ე. ი. ის უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი ტერიტორიულ-პოლიტიკური წარმონაქმნი, ნეიტრალური და დემილიტარიზებული. ანტიქართულთან ერთად აქ აშკარაა ანტიინგლისური მოტივი. ჯერ ერთი, თბილისის დემილიტარიზაცია გულისხმობდა აქ განლაგებული (1918 წლის დეკემბრიდან) ბრიტანული საექსპედიციო კორპუსისა და ამიერკავკასიაში ინგლისის ჯარების მთავარი შტაბის გაყვანას; მეორე, როგორც წესი, თავისუფალი ქალაქის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საერთაშორისო ხელშეკრულებით და გარანტირებულია ამ ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. აქედან გამომდინარე, თბილისში თავისუფალი ქალაქის სტატუსის დადგენაში საფრანგეთიც მიიღებდა მონაწილეობას, როგორც ამ სფეროში საერთაშორისო შეთანხმების ერთ-ერთი მხარე, რაც, თავის მხრივ, კლემანსოს მთავრობას მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული სტატუსის გარანტად გამოსულიყო (შეთანხმების ხელმომწერ სხვა ანტანტელ მოკავშირეებთან ერთად ან ერთა ლიგის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის, ფარგლებში). ამდენად, ამიერკავკასიის ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის პროექტის ინიცირებით საფრანგეთის დიპლომატია საქართველოში თავისი ინტერესებისა და გავლენის სფეროს შექმნას გეგმავდა, თანაც 1918-1919 წლების მიჯნაზე, როდესაც საქართველოში ინგლისის ჯარების ყოფნის გამო აქ ბრიტანული ჰეგემონიის რეჟიმი განუყოფელ და ხელშეუხებელ სტრატეგიულ მდგომარეობად ჩანდა. ბუნებრივია, რომ 1919 წლის გაზაფხულზე ინგლისის მთავრობის მიერ რეგიონიდან საექსპედიციო კორპუსის გაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო კლემანსოს კაბინეტის ზემოხსენებული მისწრაფებების აქტივიზაციას ექნებოდა ადგილი. თუ საფრანგეთის ხელისუფლებას საქართველოში ინგლისის სტრატეგიული გავლენის შედარებითი სტაბილურობის ვითარებაში ჰქონდა აქ თავისი ინტერესების რეალიზაციის პროექტი, ცხადია, რომ ამ კურსს ის გააგრძელებდა, თანაც გაცილებით რადიკალურ ფორმებში, რეგიონიდან ბრიტანული ჯარების გაყვანისა და აქ თავისებური გეოპოლიტიკური ვაკუუმის შესაძლო შექმნის პირობებში. მაგრამ საერთაშორისო დონეზე „საქართველოს საკითხის“ დარეგულირების იმ გეგმამ, რომელიც ინგლის-იტალიის კონფიდენციალურმა შეთანხმებამ წარმოშვა, წერტილი დაუსვა საფრანგეთის სტრატეგიულ მისწრაფებებს სამხრეთ კავკასიაში. საქართველოსა და აზერბაიჯანში იტალიის 40-ათასიანი საექსპედიციო კონტინგენტის დისლოკაციისა და ამ სახელმწოფოებზე იტალიის მანდატის დაწესების პროექტი გახდა ის უმთავრესი საერთაშორისო ფაქტორი, რომელმაც მოახდინა რეგიონში საფრანგეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ბლოკირება. ამგვარად გვესახება „საქართველოს საკითხში“ იტალია-საფრანგეთის მეტოქეობის არსებითი მხარეები, უფრო ზუსტად რომ აღვნიშნოთ, ამ დაპირისპირების სტრატეგიული და პოლიტიკური ასპექტები. უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში თავისებურად არის გააზრებული „საქართველოს საკითხში“ საფრანგეთის სტრატეგიული მარცხის წანამძღვრები. მხედველობაში გვაქვს ცნობილი ისტორიკოსის ა. ჩოხელის კონცეპტუალური სქემა, რომლის თანახმად ზემოხსენებული მოვლენის მიზეზებად წარმოდგენილია იტალიის აქტიური როლი და საფრანგეთის დამარცხება უკრაინაში, რის საფუძველზეც, თითქოს ლოიდ ჯორჯმა არჩევანი იტალიაზე შეაჩერა და არა საფრანგეთზე. „...1919 წელს შექმნილმა ვითარებამ საფრანგეთს გზა გადაუჭრა საქართველოსა და აზერბაიჯანისაკენ, – წერს 1917-1921 წლებში სა292 ქართველოში საფრანგეთის პოლიტიკის თვალსაჩინო მკვლევარი. – ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა საფრანგეთის დამარცხებამ უკრაინაში და იტალიის იმპერიალიზმის ენერგიულმა დაწოლამ“. ეს მოსაზრება, კერძოდ მისი ის ნაწილი, რომელიც უკრაინასა და ყირიმში საფრანგეთის ჯარების კრახს სამხრეთ კავკასიაში საფრანგეთის ინტერესების ბლოკირების ლამის უმთავრეს მიზეზად მიიჩნევს, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად დამაჯერებელია. ჯერ ერთი, უკრაინაში ფრანგული კორპუსის მიერ განცდილი მარცხი და იტალიის მთავრობის აქტიური პოლიტიკა „საქართველოს საკითხში“ ფაქტობრივად ერთ სიბრტყეზეა განხილული, რითაც ერთგვარად ნიველირებულია ამიერკავკასიაში საფრანგეთის სტრატეგული პოლიტიკის ჩაშლის ძირითადი ფაქტორის – იტალიის ფაქტორის უპირატესი მნიშვნელობა. როგორც შედეგი, ნაკლები ყურადღება ექცევა „საქართველოს საკითხის“ საერთაშორისო განზომილების ერთ-ერთ არსებით მომენტს – იტალია-საფრანგეთის კონფრონტაციას. მეორე, ა. ჩოხელის მოსაზრება, ასე ვთქვათ, მთლიანად ჯდება საბჭოთა ისტორიოგრაფიულ სქემაში, რომლის მიხედვით რუსეთის ყოფილი იმპერიის მთელს სივრცეზე მიმდინარე პროცესები უპირატესწილად განისაზღვრებოდა ბოლშევიკური რუსეთის ქმედებათა კონტექსტში. ამ შემთხვევაში მკვლევარის ლოგიკა ძნელი მისახვედრი არ არის: უკრაინაში საფრანგეთი დამარცხდა; მან ვერ იხსნა პეტლიურას დირექტორიის რეჟიმი წითელი არმიის შემოტევისაგან და ინგლისის მთავრობის აზრით იგივე შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოსა და აზერბაიჯანშიც; ამიტომ ლოიდ ჯორჯმა უარი თქვა ინგლისის ჯარებისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის ფრანგული ჯარისათვის „გადაცემაზე“ და არჩევანი იტალიაზე შეაჩერა. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მიერ კონტროლის დაკარგვას 1917 წლის კონვენციით მისი გავლენის სფეროდ სახელდებულ უკრაინასა და ყირიმზე შეეძლო ამ ქვეყნის როლის შესუსტება ინგლისის თვალში. მაგრამ ვეჭვობთ, ეს ყოფილიყო ხსენებული მეტამორფოზის განმსაზღვრელი ფაქტორი. აღნიშნული პერიოდისათვის საფრანგეთს ჰყავდა ევროპაში უძლიერესი კონტინენტური არმია, რომლის სტრატეგიული შესაძლებლობანი საგრძნობლად აღემატებოდა იტალიის არმიის ანალოგიურ მაჩვენებლებს, მით უმეტეს ომისშემდგომი პერიოდის პარამეტრებით. იტალიის შეიარაღებულ ძალებს არც ომის პერიოდში გამოუვლენიათ თავი რაიმე სერიოზული საბრძოლო მოქმედებით. ხოლო ომისშემდგომი დემობილიზაციის გამო მომხდარი რაოდენობრივი შემცირების პირობებში, ბუნებრივია, შემცირდა მათი ისედაც შეზღუდული ბრძოლისუნარიანობა. საფრანგეთისა და იტალიის სამხედრო შესაძლებლობების თუნდაც სპონტანური შედარებაც საკმარისია იმისი მტკიცებისათვის, რომ ინგლისის მთავრობის ორიენტაცია იტალიაზე არ იყო გამოწვეული საფრანგეთის „მწირი“ სამხედრო დონით და, შესაბამისად, უკრაინიდან მისი ჯარების ევაკუაციით. ამდენად, ინგლისის ცნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილების დაყვანა უკრაინაში საფრანგეთის კრახზე არამართლზომიერია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამისი უმთავრესი მიზეზი იტალია-საფრანგეთის წინააღმდეგობებში უნდა ვეძიოთ. ამასთან დავძენთ, რომ ხსენებულ მიზეზთან ერთად გარკვეული როლი შეასრულა სწორედ რომ იტალიის სტრატეგიულმა სისუსტემ საფრანგეთთან შედარებით. იტალიას ხომ ამა თუ იმ ტერიტორიული სივრცის კონტროლის ნაკლები შესაძლებლობანი გააჩნდა საფრანგეთთან შედარებით. ლოიდ ჯორჯის არჩევანი ამასთან დაკავშირებით სავსებით ლოგიკური იყო: გარკვეული სამოკავშირეო ბერკეტების ამოქმედებით იტალიის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ კავკასიის საკუთარი გავლენის ორბიტაში შენარჩუნება ინგლისისათვის გაცილებით ადვილი და ოპტიმალური ვარიანტი იყო. გარდა ზემოთქმულისა, ამ პროცესში კარგად ჩანს „ორმაგი სტანდარტისა“ და ძალთა ბალანსის ბრიტანული პოლიტიკის ტრადიციონალისტური ხასიათიც: სამხრეთ კავკასიაში პროიტალიური ბლოკის ჩამოყალიბებით ინგლისი გარკვეულწილად აბალანსებდა საფრანგეთის სტრატეგიულ აქტიურობას მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ანატოლიაში. ჩვენთვის საინტერესო პერიოდში „საქართველოს საკითხში“ იტალია-საფრანგეთის წინააღმდეგობათა ცალკე სფერო შექმნა სამხედრო-ეკონომიკური ხასიათის დაპირისპირებამ. საქართველოს შრომითი და მატერიალური რესურსების სიმდიდრე, სტრატეგიული რესურსული პოტენციალი (მარგანეცი, ქვანახშირი, სპილენძი, თამბაქო), ერთგვარად დივერსიფიცირებული საშინაო ბაზარი – ამ ფაქტორებმა უშუალოდ დააკავშირეს როგორც იტალიის, ისე საფრანგეთის ეკონომიკური ინტერესები ჩვენს ქვეყანასთან. ამ ინტერესებს განსაკუთრებით ზრდიდა საქართველოს მდებარეობის ისეთი გეოპოლიტიკური ასპექტები, როგორიცაა: ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი და მსოფლიო მნიშვნელობის სატრანზიტო კომუნიკაციებში ჩართულობა (აქ მხედველობაშია მისაღები ევროპის დაკავშირება როგორც აღმოსავლეთთან, ისე სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანასთან). როგორც იტალია, ისევე საფრანგეთი შეძლებისდაგვარად ახდენდნენ თავიანთი ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციას საქართველოში. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ინტერესები გარკვეულწილად იმპერიალისტურ და ჰეგემონისტურ ხასიათს ატარებდნენ. იტალია-საფრანგეთის დაპირისპირება საქართველოსთან მათი სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ყველაზე რელიეფურად ავლენს ანტანტის ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგობებს. საქართველოს მთავრობა უშუალოდ იყო დაინტერესებული ევროპის ქვეყნებთან სამხედრო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების გაღრმავებით. რეგიონალურ (კონფლიქტები სომხეთთან, თურქეთთან, დენიკინთან) და სუბრეგიონალურ (ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება) დონეებზე არსებული მადესტაბილიზებელი ტენდენციების გამო ევროპაში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულების ამოცანას წარმოადგენდა. ამასთან, საქართველოს ფინანსური სიძნელეები და ქართული ვალუტის არაკონვერტირებადობა ნ. ჟორდანიას მთავრობას აიძულებდა იარაღი და ამუნიცია სტრატეგიულ ნედლეულზე გაეცვალა. ამდენად, საქართველოსთვის იარაღის და სამხედრო მასალების მიწოდება აქედან ნედლეულის „ამოქაჩვის“ საშუალება გახდა ევროპის სახელმწიფოებისათვის. ეს გარემოება კი სტიმულს აძლევდა სერიოზულ დაპირისპირებას. აღნიშნულ სფეროში იტალია-საფრანგეთის მეტოქეობის საფუძველი საქართველოს ბაზარზე მყარად დამკვიდრების მისწრაფება რომ იყო, ამას რამდენიმე მონაცემი ადასტურებს. 1919 წლის ივნისში საქართველოს სამხედრო სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა გადაწყვიტეს სამხედრო ავიაციის საჭიროებისათვის საფრანგეთში „კონდორის“ ტიპის 4 აეროპლანის შეძენა16. ის გარემოება, რომ სამხედრო ქონების გაყიდვისათვის სპეციალურად შექმნილი ფრანგული კომიტეტი გეგმავდა 18 აეროპლანის გაყიდვას და აქედან 14 სომხეთის მთავრობამ შეისყიდა, აშკარად მიუთითებს საქართველოს მთავრობასა და ფრანგულ კომიტეტს შორის დადებულ შესაბამის ხელშეკრულებაზე. მაგრამ ქართულმა მხარემ მოახდინა ამ ხელშეკრულების ანულირება და იტალიის სამხედრო მისიის მეშვეობითა და „იტალია-კავკასიის სადისკონტო ბანკის“ საკრედიტო შუამავლობით აეროპლანები იტალიაში შეისყიდა. ცხადია, რომ ქართული მხარისათვის, როგორც კონტრაგენტისათვის, პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ სად შეიძენდა სამხედრო აეროპლანებს, – რომში თუ პარიზში. იტალიაშიც, საფრანგეთშიც და მთელს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ყველა სახეობაზე სავაჭრო ოპერაციები ერთნაირ ფასებში ხორციელდებოდა. საქართველოს მთავრობის პოზიციის შეცვლა იტალიის სამხედრო მისიისა და ზემოთ დასახელებული საბანკო სტრუქტურის მოღვაწეობის შედეგია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნ. ჟორდანიას მთავრობასა და გენერალურ შტაბზე ზეწოლის ძირითად ბერკეტად გაბას მისიამ საქართველოში იტალიის ჯარების 40-ათასიანი კონტინგენტის დისლოკაციის შესახებ პარიზის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოიყენა. ყოველ შემთხვევაში, ქართული მხარისათვის იტალიური სამხედრო აეროპლანების მიყიდვა საფრანგეთთან დადებული შეთანხმების ჩაშლის საფუძველზე მოხდა და საქართველო-იტალიის სამხედრო თანამშრომლობის ამ ფაქტმა ანტიფრანგული ხასიათი მიიღო. 1920 წელს იტალიისა და საფრანგეთის ინტერესები კვლავ შეეჯახა ერთმანეთს საქართველოსთან სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში. მხედველობაში გვაქვს თბილისში რადიოსადგურის დაპროექტებისა და შექმნის საკითხი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რადიოსატელეგრაფო კომუნიკაციები შედიოდა სამხედრო სამინისტროს დაქვემდებარებაში. დამოუკიდებელი რადიოკავშირის უზრუნველყოფა ევროპასთან, განსაკუთრებით კი ანტანტის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან ნ. ჟორდანიას მთავრობის ერთ-ერთი სტრატეგიული ორიენტირი იყო. ქვეყნის სავალუტო რეზერვების სიმწირის გამო ის სახელმწიფო, რომელიც ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენდა საქართველოს ევროპასთან პირდაპირი რადიოკავშირის ორგანიზაციის საქმეში, ამავე დროს საქართველოს საინფორმაციო სივრცის კონტროლის ფაქტობრივ შესაძლებლობას ღებულობდა. ამიტომ გასაგებია იტალიის მთავრობის განსაკუთრებული აქტიურობა ამ საქმეში როგორც საქართველოში იტალიის მისიის, ასევე პარიზის კონფერენციაზე იტალიის დელეგაციის ფინანსურ-ეკონომიკური სექციის მეშვეობით. 1919 წლის ბოლოს საქართველოს სამხედრო სამინისტრომ და იტალიის რადიოსატელეგრაფო მისიამ დადეს შეთანხმება ნავთლუღში არსებული რადიოსადგურის რეკონსტრუქციის შესახებ, რომელიც იტალიელებმა განახორციელეს კიდეც. 1920 წლის მარტში იტალიის პოლიტიკურმა სააგენტომ დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი რადიოსადგურის დაპროექტებისა და ორგანიზების შესახებ. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ იტალიის რადიოსატელეგრაფო მისია და ამ დროს საქართველოში მყოფი იტალიის სამოქალაქო-ეკონომიკური მისია (ე.წ. „კონტის მისია“). მაგრამ იტალიას საგრძნობი კონკურენცია გაუწია საფრანგეთმა. 1920 წლის 11 მაისს ფრანგულმა კომპანიამ „სოსიეტე ჟენერალ დე ტელეგრაფი“ ვინმე ინჟინერ ფ. ემერის შუამავლობით პარალელური მოლაპარაკება დაიწყო ნ. ჟორდანიას მთავრობასთან და „მიმართა მას წინადადებით თანამედროვე რადიო-სატელეგრაფო გადამცემის დადგმასთან დაკავშირებით... 20 მაისს საქმეში ჩაერია ამიერკავკასიაში საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსი, პოლკოვნიკი კორბელიც“.17 მიმდინარე მოლაპარაკებების დროს საქართველოს მთავრობამ არჩევანი იტალიაზე შეაჩერა. ამის საფუძველი გახდა იტალიური პროექტის მეტი სიიაფე და სარგებლიანობა ფრანგულ პროექტთან შედარებით. საქმე იმაშია, რომ ფრანგული პროექტი ითვალისწინებდა რადიოსადგურის დადგმის ოპერაციის განხორციელებას მარტივი საქონელგაცვლის ფორმით: რადიოსადგურის საქართველოში ჩამოტანისა და ორგანიზაციის სრული თანხის დაფარვას შესაბამისი ღირებულების მარგანეცის გატანით. იტალიელებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს რიგი პირობებისა, უწინარეს ყოვლისა კი საქართველოდან სტრატეგიული ნედლეულის (ამ შემთხვევაში, მარგანეცის) ექსპორტზე სახელმწიფო მონოპოლიის არსებობა. ამიტომ მათი პროექტი გაცილებით ლიბერალური აღმოჩნდა: რადიოსადგურის ორგანიზება არა ვალუტის გადახდით ან სტრატეგიული ნედლეულის ექსპორტით, არამედ კონცესიურ საწყისებზე. ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ უპირატესობა მიანიჭა იტალიურ პროექტს და შესაბამისი ხელშეკრულება ამ მიმართებით გააფორმა. ჩვენი აზრით, იტალიური პროექტის წარმატებაში კიდევ ერთ ფაქტორს უნდა ეთამაშა არც თუ ისე უმნიშვნელო როლი: იტალიელთა პრიორიტეტს იმდროინდელ ევროპაში რადიოკავშირის ტექნოლოგიის სფეროში. დასაშვებია ვივარაუდოთ პარიზის კონფერენციაზე იტალიის დელეგაციის წევრის გულიელმო მარკონის და ქართული დიპლომატიური მისიის მოლაპარაკებაც. გ. მარკონი იყო უმავთულო ტელეგრაფის ახალი ტექნოლოგიის გამომგონებელი და იტალიელთა მიერ კონცესიურ საწყისებზე თბილისში დამონტაჟებული რადიოსადგურის პროექტი სწორედ მისმა სტრუქტურამ, „მარკონის კომისიამ“ განახორციელა. თვით რადიოსადგურსაც „მარკონი“ ეწოდა. აქვე დავძენთ, რომ საქართველოში იტალია-საფრანგეთის სამხედრო-ეკონომიკური წინააღმდეგობანი ორი ქვეყნის საერთო წინააღმდეგობათა კომპლექსის ორგანული შემადგენელი ნაწილი იყო. ასე გვესახება „საქართველოს საკითხში“ იტალიისა და საფრანგეთის დაპირისპირების განზოგადებული სურათი. ამ წინააღმდეგობათა ანალიზი, მათი შინაგანი არსის სამივე ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი ასპექტით (თეორიულ-კონცეპტუალური, სტრატეგიულ-პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური), რეალურ წარმოდგენას გვიქმნის 1919-1920 წლებში „საქართველოს საკითხის“ საერთაშორისო განზომილებაზე, კერძოდ, მის ჩართულობაზე ახალი ომისშემდგომი მსოფლიო სისტემის სტრუქტურირების პროექტებში.
შენიშვნები
1. История дипломатии, т. III, М., 1965, გვ. 137. 2. აქ ლაპარაკია არა ვილსონის ე.წ. „თოთხმეტ პუნქტზე“ (1918 წლის 8 იანვრის მიმართვა აშშ-ის კონგრესისადმი), არამედ სწორედ რომ საიდუმლო პროექტზე. იხ. Н. Нартов. Геополитика, М., 1999, გვ. 20. 3. История дипломатии, т. III, გვ. 173-174. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში იტალიაც საფრანგეთის პოზიციის მხარდაჭერით გამოვიდა. პარიზის კონფერენციის „ათთა საბჭოს“ 1919 წლის 21 იანვრის სხდომაზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. სონინომ ნავარაუდევ კონფერენციაზე მხოლოდ ანტიბოლშევიკური მთავრობების წარმომადგენელთა მოწვევის წინადადება წამოაყენა. 4. იქვე, გვ 176-178. 5. ვრცლად იხ. Ã. ãÏãÖÀ. ფრანჩესკო ნიტის „რუსული პოლიტიკა“ და საქართველო (1919წ. ივნისი – 1920წ. ივნისი), თბ., 2001, გვ. 26- 28, 83-91. 6. СССP – Италия, страницы истории. 1917-1984 (документы и материалы), М., 1985, გვ. 12. 7. История дипломатии, т. III, გვ. 72. 8. ინგლისელები მხოლოდ ბათუმში რჩებოდნენ, თანაც არა მხოლოდ სამხედრო ყოფნის, არამედ უშუალო სამხედრო მმართველობის ფორმით. 9. დაწვრილებით იხ. Ã. ãÏãÖÀ. საქართველო-იტალიის ურთიერთობა 1919-1921 წლებში, თბ., 1997, გვ. 47-70. 10. А. Чохели. Политика Франции в отношении Грузии в 1917-1921 годах, Тб., 1980, გვ. 138. 11. История Италии, т. III, М., 1970, გვ. 21. 12. А. Чохели. Политика Франции.., გვ. 143. 13. А. Чохели. Политика Франции.., გვ. 121. 14. Г. Галоян. Борьба за советскую власть в Армении, М., 1957, გვ. 130. 15. A. Чохели. Политика Франции.., გვ. 122. 16. А. Чохели. Политика Франции.., გვ. 78. 17. А. Чохели. Политика Франции.., გვ. 76-77

Комментариев нет:

Отправить комментарий