вторник, 13 декабря 2016 г.

საქართველო-ინგლისის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ისტორიიდან (ჯ. ანჩაბაძე)

ინგლისელებს საქართველოში კომერციული საქმიანობის მრავალწლიანი ტრადიცია ჰქონდათ. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან პირველ მსოფლიო ომამდე ინგლისის კაპიტალის ხვედრითი წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი იყო. პირველი მსოფლიო ომის წლებში ჩვენს ქვეყანაში ინგლისელთა საქმიანი წრეების მოღვაწეობა საგრძნობლად დაქვეითდა, გერმანიის სამხედრო ყოფნის პირობებში კი ფაქტობრივად შეწყდა1. 1918 წლის დეკემბერში საქართველოში ინგლისის ჯარების შემოსვლის ფონზე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ინგლისელთა სავაჭრო-ეკონომიკური მოღვაწეობა აღდგებოდა, მაგრამ ამ მხრივ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბუნებრივი რესურსებით, სტრატეგიული სახმელეთო თუ საზღვაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებით და ა.შ. საქართველო ინგლისის ეკონომიკურ ინტერესებში შედიოდა, ლოიდ ჯორჯის მთავრობამ არა თუ აწარმოა ახალგაზრდა სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, არამედ ხელი აიღო მასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე, კატეგორიულად უარყო საქართველოს მთავრობის მრავალი წინადადება2. როგორც ცნობილია, 1918 წლის ბოლოს და 1920 წლის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიაზე თავისი ჯარის ნაწილები განალაგა და ოფიციალურად გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა. ეს ნიშნავდა ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში ინგლისის აქტიური პოლიტიკის დაწყებას. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბრიტანეთმა დაკარგა ინტერესი საქართველოსადმი. ამ პერიოდში შექმნილმა ისტორიულმა პროცესებმა ბრიტანეთის მთავრობას თვალნათლივ დაანახა, რომ ამიერკავკასიაში ტერიტორიების გადანაწილება, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევდა, რომელიც შექმნილ ვითარებაში მისთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან როგორც ბოლშევიკური მთავრობა, ისე დენიკინი და მისი გარემოცვა საქართველოს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა. ინგლისის მთავრობის პოლიტიკა „რუსეთის საკითხში“ ძირითადად დენიკინზე იყო ორიენტირებული, ხოლო საქართველოსთან ურთიერთობა „რუსეთის საკითხის“ შემადგენელ ნაწილად მიაჩნდა. ამასთან ლოიდ ჯორჯის მთავრობა საქართველოში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების რეალურ საფრთხეს ხედავდა. თუ რა მოჰყვებოდა ბოლშევიკების ბატონობას მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი. მითუმეტეს ლენინის მთავრობამ უკვე გამოიჩინა თავი ცივილიზებულ საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კანონების უხეში დარღვევით. მან უარი განაცხადა უცხოეთის სახელმწიფოებისათვის მეფის რუსეთის ვალების გადახდაზე. ამის გამო ინგლისმა ხუთასი მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა3. გაურკვეველი მომავლის, ბოლშევიკური საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყანაში კაპიტალის დაბანდება ინგლისმა სარისკო საქმედ მიიჩნია. ამიტომ საქართველო-ინგლისის ფართო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები არ შედგა სამთავრობო დონეზე. ინგლის-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მოუგვარებლობის ფონზე საქართველოს ხელისუფლების ცალკეული უწყებები ახერხებდნენ ინგლისის საქმიან წრეებთან, მსხვილ ფირმებთან და საბანკო დაწესებულებებთან კონტაქტების დამყარებას. თუმცა ისინი ჩვენ ქვეყანაში მსხვილი კაპიტალის დაბანდებისაგან თავს იკავებდნენ და მხოლოდ ვიწრო სავაჭრო ურთიერთობებით იფარგლებოდნენ. ამ მხრივ საინტერესოა პარიზის საზავო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ცალკეული წევრების შეხვედრები ინგლისის ერთ-ერთ ცნობილ სააქციო საზოგადოება „კოსმოს ლიმიტედის“ მესვეურებთან4. მოლაპარაკებები შეეხებოდა ამ ფირმის მიერ საქართველოსათვის 5 მლნ გირვანქა სტერლინგის ღირებულების საქონლის მოწოდებას და აქედან ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ეკვივალენტური ღირებულების ადგილობრივი საქონლის (ძირითადად ნედლეულის) ექსპორტირებას5. ამ ფირმის მესვეურები თავად იყვნენ დაინტერესებულნი ევროპის ქვეყნებთან ომისა და რევოლუციის დროს დარღვეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით. მათი სურვილი იყო საქმიანი ურთიერთობების დამყარება რუსეთის ყოფილი იმპერიის იმ ქვეყნებთან, სადაც ბოლშევიკური მმართველობა არ იყო. საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში ნათლად ჩანდა ამ საზოგადოების საქართველოთი დაინტერესება და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის სურვილი. წერილის ავტორები საქართველოს მთავრობას ქმედით დახმარებას პირდებოდნენ მრეწველობის აღდგენა-რეკონსტრუქციასა და საჭირო მანქანა-დანადგარების მიწოდების საქმეში6. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ საზოგადოებას თავის რიგებში ჰყავდა გავლენიანი პირები, რომელთაც გააჩნდათ სოლიდური კაპიტალი, რომ ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ არა მარტო ინგლისის, არამედ ევროპისა და ამერიკის საქმიან წრეებში7. წერილის ავტორები მათ მიერ აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების გარანტიას იძლეოდნენ. ამ მიმართულებით რაიმე ნეგატიური მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ისინი საქართველოს მთავრობას სთავაზობდნენ თვითონ განეხორციელებინათ კონტროლი როგორც საზღვარგარეთ საქონლის შესყიდვის, ისე ადგილობრივი იმპორტული საქონლის რეალიზაციის პროცესზე8. წერილიდან ჩანს, რომ „კოსმოსის“ მესვეურებმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს ხელშეკრულების ძირითადი დებულების პროექტი. ქართულ მხარეს ამ პროექტისადმი თავისი დამოკიდებულება უნდა გამოეხატა. საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის დაფიქსირების შემთხვევაში ინგლისელები დაუყოვნებლივ მოავლენდნენ ჩვენთან ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ექნებოდათ სათანადო რწმუნება _ ხელი მოეწერათ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე9. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რა ბედი ეწია ამ ხელშეკრულების პროექტს. ამასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ე. გეგეჭკორის მიერ 1919 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „თჰე გეორგიან მაილ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაფიქსირებულიცაა, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ ფირმა „კოსმოსთან“. ე. გეგეჭკორი ამ ინტერვიუში აღნიშნავს: „...ჩვენ „კოსმოსის“ წარმომადგენლებთან აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იმისათვის, რათა მათ გამოგვიგზავნონ ხორბალი და გადაგვიცვალონ იგი შესაბამისი ნედლეულის მასალაზე, რაც ჩვენ მზად ვართ გადავცეთ ამ ფირმას... ფირმა „კოსმოსის“ წარმომადგენელს შესაძლებლად მიაჩნია ამ პირობებში მოგვამარაგოს ჩვენ ხორბლით“.10 ადვილი დასაშვებია ე. გეგეჭკორის მიერ დასახელებული „კოსმოსი“ იყოს ზემოხსენებული ფირმა _ „კოსმოს ლიმიტედი“. საქართველოს მთავრობის ცალკეულმა სტრუქტურებმა საქმიანი ურთიერთობა დაამყარეს ინგლისის ასევე ცნობილ სააქციო საზოგადოება „კოსმოს ტრედინგი K-O“-თან11. ქართულ მხარეს ამ საზოგადოებასთან ისეთივე ხასიათის მოლაპარაკებები ჰქონდა, როგორიც სხვა ინგლისურ ფირმებთან, კერძოდ, ქვეყნისათვის საჭირო საქონლის შემოტანისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული ნედლეულის გატანის და რეალიზაციის საკითხზე. ამ მიზნით შემუშავებულ იქნა ხელშეკრულების პროექტი. საქონლის შემოტანა-გატანის ოპერაციებს ეს ფირმა თავისი აგენტების მეშვეობით განახორციელებდა. ხელშეკრულების თანახმად, აგენტები ვალდებულებას იღებდნენ საზღვარგარეთ გასატანი საქონლის (პურის ფქვილი, ხორბალი, შაქარი, კონსერვები და სხვა) რაოდენობის, ხარისხის და შესყიდვის პირობების შესახებ ცნობების მიღების შემდეგ, თავიანთი სახსრებით უზრუნველყოფდნენ მის შემოტანას ქართული მხარის მიერ მითითებულ ნავსადგურებში12. აგენტების მიერ საქონლის შესყიდვა მოხდებოდა წინასწარ დადგენილ ფასებში, სათანადო რწმუნების მქონე წარმომადგენლების შეთანხმების საფუძველზე13. აგენტები ქართულ მხარეს წარუდგენდნენ ფაქტურას და საქონელი გადაეცემოდა მას დანიშნულების ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ხარჯების (ყველა სახეობის ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვაზე საფასური, დაზღვევა, საქონლის შენახვა, ბაჟი და სხვა) გათვალისწინებით. საქონლის შემოტანასთან დახარჯული თანხის 20%-ს მიიღებდა ინგლისის მხარე. ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ 20%-ის საკითხი გადაისინჯებოდა. აგენტების მიერ შემოტანილი საქონლის14 სანაცვლოდ ქართულ მხარეს ათი დღის განმავლობაში მათთვის უნდა ჩაებარებინა ევროპაში გასატანი საქონელი (ძირითადად ნედლეული). ადგილობრივი საქონლის ღირებულება უნდა ყოფილიყო შემოტანილი საქონლის ღირებულების ადეკვატური ან მეტი15. შემოტანილი საქონლის საფასურის გადახდა ქართულ მხარეს უცხოური ვალუტითაც შეეძლო ანგარიშსწორების მომენტში დაფიქსირებული გირვანქა სტერლინგის კურსის მიხედვით16. საქართველოს ნავსადგურებში საქონლის შემოსვლიდან ექვსი თვის განმავლობაში ქართული მხარის მხრივ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველთვიურად დაერიცხებოდა მას ჯარიმა _ გადასახადი თანხის 1%.17 შემოტანილი საქონლის ვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში ქართული მხარე ვალდებული იყო შემოსული გემები უზრუნველეყო სათანადო ტვირთით. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქართულ მხარეს უნდა გადაეხადა გასატანი ტვირთის საფასური18. ინგლისური მხარის წარმომადგენლები (აგენტები) თავიანთი სახსრებით საქართველოს მთავრობის კონტროლქვეშ აწარმოებდნენ ადგილობრივი სავალუტო საქონლის შესყიდვას. შესყიდული საქონელი სახელმწიფოს ხარჯზე იტვირთებოდა გემებზე საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ. საქონლის რეალიზაციაში ორივე მხარეს უნდა მიეღო მონაწილეობა. რეალიზებული საქონლის მოგებიდან სახელმწიფოს რჩებოდა 70%, ინგლისურ მხარეს 30%.19 საქართველოს მთავრობას ნება ეძლეოდა გამოეცა ინსტრუქცია ვალის დასაფარავად აგენტებზე გაცემული საქონლის საზღვარგარეთის ქვეყნებში რეალიზაციაზე საკომისიო ვაჭრობის ფორმით. კომისია განისაზღვრებოდა საქონლის ღირებულების 6%-ით. საქონლის რეალიზაციიდან სუფთა მოგების 90% გადაირიცხებოდა საქართველოს მთავრობის ანგარიშზე, ხოლო 10% რჩებოდა ინგლისურ მხარეს20. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მუხლების შესრულების ორგანიზაციის თვალსაზრისით ინგლისური მხარე საქართველოს ტერიტორიაზე აარსებდა განყოფილებებს და ნიშნავდა წარმომადგენლებს. ხელშეკრულება იდებოდა ხუთი წლის ვადით. მხარეებს შორის უთანხმოების შემთხვევაში მათ შეეძლოთ მიემართათ არბიტრაჟისათვის ლონდონში. თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო არბიტრაჟი არ შედგებოდა, ორივე მხარეს ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლო დაწესებულებებისათვის21. საინტერესოა ინგლისის კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება „სიბუნიონ ლიმიტედ“ წარმომადგენლის ლევ გერმანისა და საქართველოს მთავარმომარაგების სამმართველოს ხელმძღვანელის ილია ქარცივაძის მიერ 1919 წლის ოქტომბერში ლონდონში ხელმოწერილი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, მომარაგების მთავარი სამმართველო სთავაზობდა „სიბუნიონს“ ქართულ სავალუტო საქონელს, კერძოდ, თამბაქოს, შალს, ხე-ტყეს და სხვა22. „სიბუნიონი“ თავის თავზე იღებდა ზემოხსენებული საქონლის გატანასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამასთან ფრახტი, დაზღვევა, სამაკლერო ხარჯები, ბაჟი და სხვა ემატებოდა საქონლის თვითღირებულებას. ყველა ხარჯი შესაბამისი საბუთებით უნდა ყოფილიყო დადასტურებული. „სიბუნიონის“ მიერ საქართველოდან გატანილი და საზღვარგარეთ რეალიზებული საქონლის ხარჯებს ემატებოდა 5% მის სასარგებლოდ23. სარეალიზაციო საქონელს მთავარმომარაგების სამმართველო გასცემდა „სიბუნიონს“ ორივე მხარის მიერ შეთანხმებულ ფასებში. ამასთან საზღვარგარეთის ბაზრებზე საქონლის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო არანაკლებ იმ ფასებში, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე24. მომარაგების სამმართველოს მიერ „სიბუნიონზე“ გაცემული საქონლის სანაცვლოდ ეს უკანასკნელი ვალდებულებას იღებდა შეესყიდა და ჩამოეტანა ფოთის ნავსადგურამდე, ეკვივალენტური ღირებულების საქონელი, რომლის სახეობა, რაოდენობა და ხარისხი შეთანხმებული იქნებოდა მომარაგების სამმართველოსთან და ჩაბარდებოდა მას შესაბამისი ფაქტურით, სადანახარჯო საბუთებით და დახარჯული თანხის 15%-ის „სიბუნიონის“ სასარგებლოდ დარიცხვით25. რეალიზებული საქონლის სუფთა მოგების 80% ჩაირიცხებოდა საქართველოს მთავრობის ანგარიშზე, ხოლო 20% რჩებოდა „სიბუნიონს“. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების სამმართველო რაიმე მიზეზის გამო უარს იტყოდა „სიბუნიონის“ მიერ ჩამოტანილი საქონლის მიღებაზე, 10 დღის შემდეგ ის გაიყიდებოდა საქართველოს ბაზრებზე თავისუფალ ფასებში26. მთავარმომარაგების სამმმართველო უფლებას აძლევდა „სიბუნიონს“ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შეესყიდა ნებისმიერი არასავალუტო საქონელი, რომლის გატანა არ იყო აკრძალული, იმ პირობით, რომ ის შემოიტანდა ეკვივალენტური ღირებულების საზღვარგარეთულ საქონელს, საქართველოს ბაზრებზე თავისუფალ ფასებში გასაყიდად27. თუ მთავარმომარაგების სამმართველო მოისურვებდა „სიბუნიონის“ მიერ ჩამოტანილი საქონლის შეძენას, ეს უკანასკნელი გადასცემდა მას თავისუფალი ბაზრის ფასების 15% დაკლებით28. „სიბუნიონი“ აავანსებდა მთავარმომარაგებასთან ერთად სავალუტო საქონლის შესყიდვის ოპერაციას 5 მლნ ფუნტი სტერლინგის თანხას ადგილობრივი ვალუტით. თავის მხრივ, ამ შესყიდვაზე ხარჯავდა „სიბუნიონის„ სპეციფიკაციის ღირებულების 25%. მომარაგების უწყება შესყიდულ საქონელს აწვდიდა „სიბუნიონს“ პირდაპირ გემზე, საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ, რომელშიც მთავარმომარაგების წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას: სუფთა მოგებას შესყიდული საქონლის რეალიზაციიდან ქართული მხარე მიიღებდა 70%, 30% _ „სიბუნიონი“.29 ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ძირითადი ურთიერთვალდებულებების გარდა „სიბუნიონი“ ვალდებულებას იღებდა შემოეტანა ბათუმის ნავსადგურში 400 000 ფუთი პურის ფქვილი _ თვითღირებულების ფასებში, მაგრამ არა უმეტეს 7 შილინგისა ფუთზე. ტვირთის შემოსვლის სამი თვის შემდეგ „სიბუნიონს“ უფლება ეძლეოდა გაეტანა 100 000 ფუთი თამბაქოს ფოთოლი30. ანგარიშსწორება პურის ფქვილთან დაკავშირებით მოხდებოდა თბილისში ტვირთის შემოსვლისთანავე. მომარაგების უწყების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულებაზე ვალდებულებას მთავრობა აიღებდა31. ხელშეკრულება იდებოდა ერთი წლით, ხელშეკრულების ორიგინალი ინახებოდა მთავარმომარაგების სამმართველოში. ხოლო დამოწმებული ასლი გადაეცემოდა „სიბუნიონს“.32 ინგლისური ფირმების უმრავლესობა ძირითადად თამბაქოს გატანით იყო დაკავებული. სააქციო საზოგადოება „ნორტონ დე გრეგორს“ აფხაზეთში საკმაო რაოდენობის სხვადასხვა ხარისხის თამბაქო ჰქონდა შესყიდული, მაგრამ მისი გატანა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. 1919 წლის 24 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ სპეციალური დეკრეტით აკრძალა თამბაქოს გატანა ახლადშექმნილი საქონელგაცვლის კომიტეტის ნებართვის გარეშე. ასეთ ვითარებაში ინგლისური ფირმები დიდი რაოდენობით ზარალის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. საქმეში ჩაერია ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ამიერკავკასიაში ო. უორდროპი და ბრიტანეთის კონსული ბათუმში სტივენსი. მათი თხოვნით მთავრობამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ინგლისელთა ინტერესები.33 მომარაგების სამინისტროსაც ამ საკითხთან ჰქონდა შეხების წერტილი. მაგ. 1919 წელს სააქციო საზოგადოება „თჰე ღუსსიან თობაცცო ცომპანყ ლიმიტედ“-ს შესყიდული ჰქონდა 60000 ფუთი თამბაქო34. ამ საზოგადოების რწმუნებულმა ს. ბლიცმა განცხადებით მიმართა მომარაგების უწყების ხელმძღვანელობას, რათა ხსენებული რაოდენობის თამბაქოს გატანის ნებართვა მიეღო. მომარაგების სამინისტრომ თამბაქოს გატანაზე ნებართვის გაცემა აღუთქვა იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება შეასრულებდა შემდეგ პირობებს: 1. შემოიტანდა საქართველოში 130 000ტ პურის ფქვილს; 2. გადაიხდიდა 60000 ფუნტ სტერლინგს35. ბლიცმა თანხმობა განაცხადა პურის ფქვილის შემოტანაზე. ამასთან ვალდებულების დროულად შესრულების თვალსაზრისით ითხოვდა ექვს თვეს. მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში კონსტანტინეპოლიდან პურის ფქვილის გატანა დროებით აიკრძალა. ასევე ინგლისის მთავრობა ზღუდავდა კავკასიაში ტვირთის შეტანას36. რაც შეეხება მომარაგების სამინისტროს მეორე მოთხოვნას, რომელიც ამ საზოგადოების მიერ 60000 ფუნტი სტერლინგის გადახდას შეეხებოდა, ბლიცმა პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებლად მიიჩნია. მან ვალუტის გადახდის სანაცვლოდ სხვა პირობები შესთავაზა ქართულ მხარეს: 1. შემოიტანდა საქართველოს ნებისმიერ ნავსადგურში 40000 ფუთ შაქარს ხელსაყრელ ფასებში _ ფუთს 650 მანეთად, მაშინ როდესაც ბათუმში ერთი ფუთი შაქარი 1250 მან ღირდა. 2. შემოიტანდა ერთ-ერთ ნავსადგურში, ქართული მხარის სურვილის შესაბამისად, 30 მლნ მანეთის სხვადასხვა სახის საქონელს თვითღირებულების ფასებში37. ბლიცმა მომარაგების სამინისტროში ყურადღება მიაქცია იმას, რომ ხსენებული რაოდენობის თამბაქოს რეალიზაციას არ მოყვებოდა დიდი მოგება. საზოგადოებამ თამბაქო შეისყიდა იმ პერიოდში, როდესაც ერთი გირვანქა სტერლინგი ღირდა 10-დან 50 მანეთამდე. შემდეგ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა მისი დროზე გატანა, რის გამოც 10 ფუთი თამბაქო დაჯდა 4-5 გირვანქა სტერლინგი38. ბლიცმა აღნიშნა, რომ დროის გაწელვა გამოიწვევდა თამბაქოს თვითღირებულების კიდევ უფრო გაზრდას, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობას თხოვდა საჩქაროდ განეხილა ეს განცხადება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა ინგლისური მხარისათვის. დოკუმენტური მუხლებიდან ჩანს, რომ ეს საკითხი ძირითადად ბლიცის მიერ შემოთავაზებული პირობების საფუძველზე მომზადდა. საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობდა უცხოეთის ბანკებთან ურთიერთობის საკითხებს. მთავარი მიზანი კრედიტის მოზიდვა იყო. ამ საკითხებით ძირითადად დაკავებული იყო მთავრობის მიერ შექმნილი ეკონომიკური მისია. ამ მხრივ აღსანიშნავია ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ლონდონში 1920 წლის 19 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკ Lიმიტედ 48,Nბიშოპსგეტ, ლონდონის სიტისა და საქართველოს მთავრობას შორის. ინგლისის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჩარლზ ბერჩ კრიპსმა (ბანკის თავმჯდომარემ) და დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ჰეროლდ კენზი ნიუ კომბმა. საქართველოს მხრიდან _ ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა39. საქართველოსათვის ამ ხელშეკრულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ლაპარაკია მილიონ ნახევარ გირვანქა სტერლინგის სესხზე40. ეს თანხა იყოფოდა ორ ნაწილად: 1. ერთი მილიონი სტერლინგი უნდა მოხმარებოდა საქართველოსათვის უკიდურესად აუცილებელი საქონლის შეძენას, როგორიც იყო: ნავსადგურებისათვის საჭირო მოწყობილობა, თბილისის წყალსადენისათვის ტექნიკური საშუალებები, ბორჯომის ქარხნისთვის საჭირო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო იარაღები, რკინიგზის მუშაობის გაუმჯობესება და სხვა41. 2. სესხის მეორე ნაწილი _ 500000 გირვანქა სტერლინგი იყოფოდა ორად: ა) ერთი მესამედი, ანუ 160000 გირვანქა სტერლინგი განკუთვნილი იყო სახელმწიფოს აუცილებელი საჭიროებისათვის, რომელიც არ დაკონკრეტებულა. ბ) ფულის მიმოქცევის სრულყოფისათვის42. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბანკი ამ მიმართულებით საჭირო მუშაობის სწორად წარმართვას. ბანკი დაინტერესებული იყო, რომ ის ღონისძიება, რომელიც მთავრობის მიერ ამ მხრივ გატარდებოდა, მისთვისაც ყოფილიყო მისაღები. ამიტომ ხელშეკრულებაში ნათქვამია _ 340 ათასი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფოდა მაშინ, როდესაც შედგებოდა კონკრეტული გეგმა ფულადი სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით43. ქართული მხარე სესხში იხდიდა ინგლისის ბანკის პროცენტზე ორი პროცენტით მეტს და კომისიას 4%. ე.ი. მაშინ ინგლისის ბანკის დისკონტი* იყო 7%, ჩვენ ვიხდიდით ყოველწლიურად 9%, ხოლო 4% კომისიისა ნიშნავდა 96-100-ში ან წლიურად კომისიის მომატებით გამოდიოდა 9,37%. საყურადღებოა ის, რომ თუ 5 წლის განმავლობაში ინგლისის დისკონტი გაიაფდებოდა, მაშინ ჩვენ ნაკლებს გადავიხდიდით44. ვადა სესხისა იყო 5 წელიწადი45 და მას წმინდა საბანკო ხასიათი ჰქონდა, ამის შესახებ აღნიშნული იყო ხელშეკრულებაში. გრძელვადიანი სესხი საობლიგაციო სესხია, და მაშინ საობლიგაციო სესხის გამოცემა საქართველოსათვის მოუხერხებელი იყო. იყო შემთხვევა, როდესაც ახლად დამოუკიდებლობამიღებულ სახელმწიფოებს გაუჭირდათ ასეთი სესხის გამოცემა და დიდი ნაწილი გაუნაღდებელი დარჩა. თუ ქვეყანაში პირობები გაუმჯობესდებოდა, ბანკი კისრულობდა ასეთი სესხის გამოშვებას. გარდა ამისა ჩვენი ობლიგაციების კურსი, სანამ ქვეყანა იურიდიულად ცნობილი არ იყო, დაბალი იქნებოდა და მაშინ ამ კურსში ჩვენ არაფერს არ ვკარგავდით. * დისკონტი _ თამასუქის განაღდების დროს ბანკის პროცენტი, გამოიხატება თამასუქის და თანხის სხვაობით, რომელიც ბანკმა თამასუქის შესყიდვისას გადაიხადა. რაკი სესხი შედარებით შეღავათიან ფასებში გვეძლეოდა, ბანკისათვის გარანტიები უნდა მიეცა, რომ ფული დანიშნულებისამებრ დაიხარჯებოდა. უმთავრეს გარანტიად ბანკმა ჩათვალა ის, რომ საქონელი ბანკის საშუალებით უნდა შეგვეძინა, ან ინგლისში, ან სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ იმ პირობით, რომ ბანკი მოახერხებდა იმავე ფასებში, იმავე ხარისხის და პირობებით ყიდვას, როგორც ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა საშუალება მისგან დამოუკიდებლად საქონლის შეძენისა46. მთავრობამ საბანკო ჯგუფს წარუდგინა სესხის გარანტიების ნუსხა, დამამტკიცებელი იმისა, რომ მთავრობას მოეპოვება ერთგვარი არსებითი სოლიდური შემოსავალი მანგანუმზე დადებული საექსპორტო ბაჟის სახით, რომ მთავრობა უზრუნველყოფილი იყო შემოსავლით მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების „ჩემო“-ს და შავი ქვის მესაკუთრე მწარმოებელთა და მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების ძალით (შემოსავალი მანგანუმის გაყიდვისაგან და ექპორტისაგან 1919 წლის დეკემბრის პირველი დღიდან _ 1920 წლის 1 აგვისტომდე შემოსული ბაჟით). შემოსავლის ეს რაოდენობა ესადაგებოდა აღებული სესხის თანხის ოდენობას47. დასტურის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ მიავლენდნენ საქართველოში სათანადო რწმუნების მქონე პირებს, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლეოდათ ხელი მოეწერათ ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ინგლისური მხარე დაუყოვნებლივ იწყებდა მუშაობას მის შესასრულებლად. აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ 1921 წლის 15 იანვარს დასამტკიცებლად წარუდგინა დამფუძნებელ კრებას. იურიდიულმა და საბიუჯეტო კომისიებმა მოიწონეს ეს დოკუმენტი48. მაგრამ საბჭოთა რუსეთის ინტერვენციამ მისი რატიფიკაცია ჩაშალა. ამრიგად, საქართველოს მთავრობამ უმაღლეს სახელისუფლო დონეზე ინგლისთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება ვერ მოახერხა. ლოიდ ჯორჯის მთავრობას ამისი სურვილი არ აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების ცალკეულმა სტრუქტურებმა შეძლეს უაღრესად საჭირო კონტაქტები დაემყარებინათ ინგლისის საქმიან წრეებთან, მსხვილ ფირმებთან და საბანკო დაწესებულებებთან. ამ ურთიერთობებს შეეძლო გარკვეული სარგებლობა მოეტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მაგრამ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ წერტილი დაუსვა ამ პროცესს.
შენიშვნები
1. Ò. ÝÖáÉÛÅÉËÉ. ინგლის-საქართველოს ურთიერთობა 1918-1921 წლებში, თბ., 1992, გვ. 74. 2. იქვე. 3. Ò. ÝÖáÉÛÅÉËÉ. ინგლის-საქართველოს.., გვ. 74. 4. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 42. 5. იქვე. 6. იქვე. 7. იქვე. 8. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 42. 9. იქვე. 10. „თჰე Gეორგიან Mაილ“, 1919, №22, პ. 2. 11. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 59. 12. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 60. 13. იქვე. 14. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 60. 15. იქვე. 16. იქვე. 17. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 61. 18. იქვე, გვ. 62. 19. იქვე, გვ. 59. 20. იქვე, გვ. 62. 21. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 218, ფურც. 62. 22. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 305, ფურც. 1. 23. იქვე. 24. იქვე. 25. იქვე. 26. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 305, ფურც. 1. 27. იქვე. 28. იქვე, ფურც. 2. 29. იქვე. 30. იქვე. 31. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 305, ფურც. 2. 32. იქვე. 33. Ò. ÝÖáÉÛÅÉËÉ. ინგლის-საქართველოს.., გვ. 81. 34. სცსსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 75. 35. იქვე. 36. სცსსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 318, ფურც. 75. 37. იქვე. 38. იქვე. 39. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 258, ფურც. 7.Q 40. იქვე. 41. იქვე. 42. იქვე. 43. სცსსა, ფ 1891, აღწ. 1, საქ. 258, ფურც. 7. 44. სცსსა, ფ 1891, აღწ. 1, საქ. 258, ფურც. 7. 45. იქვე. 46. იქვე, ფურც. 8. 47. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 258, ფურც. 8. 48. სცსსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 1412, ფურც. 27.

Комментариев нет:

Отправить комментарий