понедельник, 26 декабря 2016 г.

დას. საქართველო ანტიოსმალურ კოალიციაში XVს. 50-იანი წლებში (ე. გვენეტაძე)

XV საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში უაღრესად რთული ვითარება შეიქმნა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, რაც ოსმალთა გაძლიერებით იყო გამოწვეული. თურქ-ოსმალთა სახელმწიფომ, რომლის დამაარსებლად მიჩნეულია ოხანი1, თავისი ზეწოლა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ჯერ კიდევ XVს. 40-იანი წლების დასაწყისიდან გააძლიერა, როდესაც მისმა მესვეურებმა სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის კონსტანტინეპოლის დაპყრობაზე. იმპერიის მესვეურები კარგად ხვდებოდნენ, რომ ოსმალები აუცილებლად შეეცდებოდნენ ქალაქის აღებას. ამიტომ დაიწყეს სათანადო ზომების მიღება. მაგრამ ამ დროისათვის ბიზანტიის იმპერია უკიდურესად დაუძლურებული იყო. მისი უკანასკნელი კეისრები მხოლოდ კონსტანტინეპოლს და მის შემოგარენს ფლობდნენ. ერთ დროს უზარმაზარი ბიზანტიის იმპერიისაგან ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ქალაქი იყო დარჩენილი2. ბიზანტიის ბოლო იმპერატორები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ კონსტანტინეპოლის გადასარჩენად. ამ მიზნით ბიზანტიის იმპერატორმა იოანე VIII-მ და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონაწილეობა მიიღეს 1438-1439 წლებში რომის პაპის ინიციატივით გამართულ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიზნად ისახავდა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების უნიას (კავშირს). საქართველოს სამეფო კარის მესვეურები, გრძნობდნენ რა ოსმალების მხრიდან მოახლოებულ საფრთხეს, ცდილობდნენ დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირების დამყარებას. კრების მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციაც. კრებაზე გამართული დიდი კამათის შემდეგ მიღებული იქნა დადგენილება, რომ შექმნილიყო უნია (კავშირი) რომის პაპის მეთაურობით. პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ამ დადგენილებაზე ხელი მოაწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა. იმპერიის ხელისუფლება ამით ცდილობდა რომის პაპის ავტორიტეტის გამოყენებას ანტიოსმალური ძალების ორგანიზების საქმეში. რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა და, მათ შორის, საქართველოს დელეგაციამ ხელი არ მოაწერეს დადგენილებას3. როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადჰყო, ქართველთა პოზიცია სწორი გამოდგა, ვინაიდან ფერარა-ფლორენციის კრების დადგენილებას არავითარი ქმედითი შედეგები არ მოჰყოლია. 1448 წ. ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა კონსტანტინე XI (1448-1453). ამ დროს უკვე კონსტანტინეპოლი მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორც ოსმალთა მოახლოებით, ისე „დიდ გაჭირვებაში იყო შემოსავალთა მხრივ“.4 კონსტანტინე XI-მ, იმისათვის, რომ გადაერჩინა დედაქალაქი, აღმოსავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოებში დაიწყო თავისი მოკავშირეების ძებნა. ამ მიზნით ის 1449 წ. ტრაპიზონის იმპერიასა და საქართველოში აგზავნის თავის მეგობარს და პროტოვესტურეს გიორგი სფრანძესს, რომელსაც ავალებდა ამ ქვეყნების მეფეთა კარზე შეერჩია მისთვის საცოლე. გიორგი სფრანძესი წერს: „წავედი დამძახლების მიზნით, თუ იმ ორ ოჯახიდან, რომელს უფრო მოვიწონებდი“.5 უეჭველია, იმპერატორის მეგობრის ეს მოგზაურობა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა და აქ უფრო დიპლომატიურ მისიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე საცოლის შერჩევის მიზნით მოგზაურობასთან. სავსებით საფუძვლიანად აღნიშნავდა თ. უსპენსკი: „კონსტანტინეპოლს სჭირდებოდა ფიციც და პოლიტიკური კავშირებიც“.6 განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის, რომ გიორგი სფრანძესი თავის მხლებლებთან ერთად პირველად საქართველოში ჩამოვიდა. მისი მონათხრობიდან აშკარად ჩანს, რომ იმ წლებში (1449-1451) დასავლეთ საქართველოში მყარად ვრცელდებოდა გიორგი VIII-ის ხელისუფლება, ვინაიდან „მცირე ქრონიკაში“ არსად არ გვხვდება გიორგი VIII-ის გარდა სხვა რომელიმე მეფეზე საუბარი. ეტყობა, გიორგი VIII (1446-1466) კარგად ერკვეოდა შექმნილ რთულ საგარეო-პოლიტიკურ სიტუაციაში და თავის მხრივ ეძებდა მოკავშირეებს. ამის დასტურია მისი საუბარი გიორგი სფრანძესთან, როდესაც ქართველთა მეფემ კონსტანტინე XI-საგან მზითევი მოითხოვა. გაირკვა, რომ ასეთი წესი ბიზანტიაში არ არსებულა. უფრო მეტიც: სასიძოსაგან მზითევის მიცემა გიორგი სფრანძესს არგაგონილად მოეჩვენა7 და ამ პირობაზე მეფეს უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამეფო კარი მაინც დასთანხმდა დინასტიურ ქორწინებას და თანხმობა განაცხადა მზითევის მიცემაზეც, რაც იმის მაჩვენებელია, რომ შექმნილ ვითარებაში გიორგი VIII-ს კარგად ესმოდა ბიზანტიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საჭიროება და ამის გამო ქორწინების რამდენადმე დამამცირებელ პირობებზე მიდიოდა. „ამას ვაკეთებთ ჩვენ, _ განუმარტავდა საქართველოს მეფე იმპერატორის დესპანს. _ როგორც სამარცხვინოს და ჩვენებთან შეუთანხმებლად. და ვაძლევ ჩემს ასულს, გარდა ტანსაცმლისა და ჭურჭლისა მისი საჭიროებისათვის, 36 ათას ფლურს და ექნება კიდევ ყოველწლიურად სამი ათასი“.8 აქვე გიორგი VIII ჰპირდებოდა კონსტანტინე XI-ის პროტოვესტარიუსს, პირადად „ოთხ საპალნე აბრეშუმს“, საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში. გიორგი სფრანძესი საქართველოდან წავიდა ტრაპიზონის იმპერიაში, რომ ენახა იმპერატორის ქალიშვილი კატარინა (თეოდორა), რომელიც სილამაზით განთქმული იყო. თავად იმპერატორი იოანე IV მჭიდრო ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა საქართველოს სამეფო კართან. იგი გიორგი VIII-ის დის ქმარი იყო9. ამდენად, ბიზანტიის იმპერატორის საცოლეებად შერჩეული ტრაპიზონისა და საქართველოს მეფეთა ასულნი ნათესავები (ბიძაშვილ-მამიდაშვილი) იყვნენ. სწორედ ტრაპიზონში გაიგო სფრანძესმა ოსმალეთის სულთან მურად II-ის გარდაცვალების ამბავი, რამაც იგი ძალიან დაამწუხრა, ვინაიდან ახალი სულთანი მეჰმედ II „ახალგაზრდაა და ბავშვობიდანვე მტერია ქრისტიანობის“. 10 მისი ეს შეშფოთება, როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, საფუძვლიანი გამოდგა. სამშობლოში დაბრუნებულმა სფრანძესმა კონსტანტინე XI-ს ურჩია, რომ დაქორწინებულიყო საქართველოს მეფის ასულზე. „უკვე განვამტკიცე იბერიის ქორწინების საქმე, რადგან ვიცოდი, რომ ტრაპიზონის ქორწინება ბევრად უფრო მდარე იქნებოდა იბერიისაზე“.11 აშკარაა ბიზანტიელი ელჩის დაინტერესება საქართველოთი. ცხადია, რომ ქვეყნის ეკონომიკაც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ტრაპეზუნტის იმპერიისა. „და შედგა ოქრობეჭედი და ხელი იქნა მოწერილი, რომ იმის ასული (ე.ი. იბერიის მეფის) ყოფილიყო მისი ცოლი და კონსტანტინეპოლის დედოფალი“.12 მაგრამ ეს ქორწინება 1453წ. 29 მაისს კონსტანტინეპოლის დაცემის გამო არ შედგა. ქალაქი დაიპყრეს ოსმალებმა და თვით იმპერატორიც ბრძოლაში დაიღუპა13. ამით არსებობა შეწყვიტა მსოფლიოს კულტურული ცივილიზაციის ერთერთმა ცენტრმა _ ბიზანტიის იმპერიამ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1453წ. 29 მაისი არის არა ბიზანტიის არარსებული იმპერიის აღსასრულის თარიღი, არამედ იმპერიის დედაქალაქის _ კონსტანტინეპოლის. ძნელი არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, თუ რა შეშფოთება უნდა გამოეწვია კონსტანტინეპოლის დაცემას საქართველოს სამეფო კარზე. თუმცა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გიორგი VIII-ის ანტიოსმალური მოქმედების შესახებ წყაროებში არ მოგვეპოვება. არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს იმ გარემოებას, რომ ამ დროს გიორგი VIII-ს პრობლემები შეუქმნა იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა, რომელმაც დაამარცხა კიდეც მეფე14 და რეალურად ქუთაისის მხარის „პროვინციის მეფე“ გახდა15. იმავდროულად ვითარება რთულდება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთითაც, ირანში. აქ გაძლიერდა ყარა-ოსმანის შვილი უზუნ-ჰასანი, რომელმაც 1449 წლისთვის თავისი მეტომენი შეაერთა და ირანის უდიდესი ნაწილი თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია16. კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მეჰმედ II-ის (1451-1481) წინაშე დადგა შავიზღვისპირეთის ქვეყნების საკითხი. ამ ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდათ გენუელებს, რომელთაც XIII ს. უკანასკნელ მეოთხედში სოხუმში (სებასტოპოლისი), სავაჭრო ფაქტორია დააარსეს და აქტიური სავაჭრო ურთიერთობა გააბეს ქართველებთან17. მეჰმედ II ცდილობდა, რომ შავი ზღვა გადაექცია „ოსმალეთის ტბად“. ამიტომ იყო, რომ მას სურდა ხელში ჩაეგდო კაფა, რომელიც გენუელთა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. აქ ოსმალეთის სულთნისა და ყირიმის ხანის ჰაჯი გირეის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. როგორც მ. სვანიძე ვარაუდობს, სწორედ ამ მიზნით მოხდა ოსმალთა პირველი თავდასხმა საქართველოს შავიზღვისპირეთზე 1454 წელს18. ამ თავდასხმაზე მოგვითხრობს ვახუშტი: „გამოვიდნენ ორმოცდაათნი კატარღანი სავსენი სპითა სულტან მურადისა, მაჰმადის ძისა და აღაოცრნეს და მოსწყვიდნეს ცხომი და აფხაზეთი და ზღვის პირნი უკუიქცნენ და წარვიდნენ“,19 ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოს „შედარებით მყარად“ ფლობს გიორგი VIII და არ ჩანს ბაგრატ „მეფე“, ვინაიდან „ამისი მცნობელი მეფე გიორგი წარვიდა მოსწრაფედ, არამედ ვერა რასღა ეწია, გარნა მკვიდრნივე დასხნა და უქმნა სიმაგრენი და განაგნა მუნებურნი და მოვიდა გეგუთს“.20 მაშასადამე, ვხედავთ, რომ რომ ოსმალთა პირველი შემოსევისაგან აოხრებულ საქართველოს შავიზღვისპირეთს ისევ გიორგი VIII ფლობს. უეჭველია, ბაგრატი „პროვინციის მეფობას“ არ არის გაცდენილი, რისი დამადასტურებელია ის, რომ გეგუთი გიორგი VIII-ის ხელშია. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან ოსმალების გამოჩენას არ შეიძლება არ დაეფიქრებინა საქართველოს პოლიტიკური წრეები. სწორედ ამით უნდა იქნას ახსნილი მათი მცდელობა, დაკავშირებოდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და ეძებნათ იქ მოკავშირეები. თავად დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და განსაკუთრებით რომის პაპი შეწუხებულნი იყვნენ ოსმალთა მზარდი გაძლიერებით, რის გამოხატულებას წარმოადგენდა 1455 წლისათვის კაფასთვის ოსმალთა მიერ ხარკის შეწერა21. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა ოსმალთა გაბატონებას შავ ზღვაზე, თუმცა ვაჭრობა სახმელეთო გზით მაინც გრძელდებოდა 1475 წლამდე22. რა თქმა უნდა, ეს არახელსაყრელი იყო დასავლეთისათვის და, პირველ რიგში, გენუისა და ვენეციისათვის. 1455წ. გარდაიცვალა რომის პაპი ნიკოლოზ V და ტახტზე ავიდა კალიქსტ III23 (1455-1458), რომელმაც ენერგიული ბრძოლა დაიწყო ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად. მან 1456წ. აღმოსავლეთის ქვეყნებში გამოაგზავნა მარონიტების წესის ფრანცისკელი ბერი ლუდოვიკო ბოლონიელი, რათა მოეხდინა იქაური ქვეყნების ორგანიზება ოსმალების წინააღმდეგ და თან გამოატანა მას წერილები. ლუდოვიკო ბოლონიელი ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა მეფე-მთავრებს და გადასცა მათ პაპის წერილები, რომლებიც სამწუხაროდ დაკარგულია24. უეჭველია, რომ პაპის დესპანს ჰქონია მოლაპარაკება სამცხის მთავარ ყვარყვარე ათაბაგთან. ეს ჩანს 1457წ. 22 დეკემბრის წერილის შინაარსიდან, რომელიც გამოუგზავნა პაპმა ყვარყვარე ათაბაგს25. აშკარაა, რომ საქართველოში შინააშლილობაა _ „ჩვენმა ნუნციომ ისიც მოგვახსენა, თუ რაოდენი მორჩილებით შეხვდი შენ ჩვენს მითითებებსა და შეგონებებს ქრისტეს მიერ ჩვენს უძვირფასეს შვილთან, საქართველოს მეფესთანა და იმ ადგილების სხვა მმართველებსა და ქრისტიან ერებთან მშვიდობის შესახებ“.26 ეს ცნობა იმითაცაა საინტერესო, რომ ადასტურებს საქართველოში ერთმეფობას. წერილში მოხსენიებული მეფე გიორგი VIII-ა, რომელსაც ნომინალურად მაინც ემორჩილებიან სხვა მთავრები. ამავე 1456-1457 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა გამწვავდა სამხრეთ-აღმოსავლეთითაც. საომარი მოქმედება დაუწყია უზუნ-ჰასანს, რომელმაც „დიდძალი სპით ლაშქრობის დროშა საქართველოს მხრისაკენ ააფრიალა“.27 ამრიგად, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მეტად რთული იყო. ასეთ ვითარებაში რომის პაპის დესპანის საქართველოში ჩამოსვლას უდავოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წერილებიდან ირკვევა, ლუდოვიკო ბოლონიელმა მოსინჯა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში სუფევდა და დიდად დაიმედებული გაემგზავრა იტალიაში იმ აზრით, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები ჩაებმებოდნენ ანტიოსმალურ კოალიციაში. 1458 წელს გარდაიცვალა პაპი კალიქსტ III და ტახტზე ავიდა ენეა სილვიო პიკოლომინი28 (პიუს II). იგი უფრო მეტი ენერგიით შეუდგა ანტიოსმალური კოალიციისათვის მზადებას, რომელიც საბოლოოდ უნდა დამთავრებულიყო მანტუას კონგრესით. ამიტომ მან აღმოსავლეთის ქვეყნებში კიდევ ერთხელ გამოაგზავნა ლუდოვიკო ბოლონიელი, რათა მას მანტუას კრებაზე ამ ქვეყანათა ელჩები ჩაეყვანა29. საქართველოში ჩამოსულმა პაპის დესპანმა, როგორც ჩვენს ისტორიოგრაფიაშია მიღებული, შეძლო ქართველ მეფე-მთავართა მორიგება. ჩვენი აზრით, მეფე-მთავართა შორის დროებითი ზავი განპირობებული იყო შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით, კერძოდ, იმ დიდი საფრთხის გაცნობიერებით, რომლის წინაშეც დააყენა თითოეული მათგანი ოსმალეთმა. ამას ზედ დაემატა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, კერძოდ ის, რომ უზუნ-ჰასანმა გადაწყვიტა ანტიოსმალურ მოძრაობას შეერთებოდა, ვინაიდან მეჰმედ II მკვეთრად უპირისპირდებოდა მის ინტერესებს. ქართველ მეფე-მთავართა ერთსულოვნება ოსმალეთის საკითხში იძულებით ხასიათს ატარებდა და საგარეო-პოლიტიკური საფრთხით იყო გამოწვეული. ამაზე პირდაპირ მიუთითებს გიორგი VIII თავის წერილში რომის პაპისადმი (1459წ.): „ამ მორიგებამ ზოგიერთ საქმეში მაზარალა“.30 ხომ არ იგულისხმება აქ ის დაპირისპირება, რაც მეფე გიორგი VIII-სა და „პროვინციის მეფე“ ბაგრატს შორის არსებობდა? ლუდოვიკო ბოლონიელი მეორედ საქართველოში 1459 წ. ჩამოვიდა, ხოლო უკან გაბრუნდა 1460 წლის დამდეგს და თან წაიყვანა საქართველოს მეფის, ათაბაგის, ტრაპიზონის კეისრის, უზუნ-ჰასანის და კილიკიის სომხეთის ხელმწიფის ელჩები31. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა პოზიცია ეკავა ანტიოსმალური კოალიციის მომზადების საქმეში დასავლეთ საქართველოს ლიდერებს? ცნობილია, რომ XVს. 50-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში მეტად რთული პოლიტიკური მდგომარეობა იყო. ბაგრატ „ქუთათისის მეფეს“, ყვარყვარე ათაბაგს, სამეგრელოს მთავარს ბედიანს, მეფე გიორგი VIII-ს ერთმანეთთან შინა ბრძოლები ჰქონდათ32. ჩვენი დაკვირვებით, ყვარყვარე ათაბაგის ვენეციის დოჟისადმი მიწერილი წერილიდან აშკარად ჩანს, რომ არსებობდა გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური კავშირები საქართველოს ცალკეულ მეფე-მთავრებს შორის, კერძოდ: სამეგრელოს მთავრისა _ „ქუთათისის მეფესთან“, მეფე გიორგი VIII-ისა _ „გურულებთან და აფხაზებთან“.33 აქვე მნიშვნელოვანია ერთი მეტად საინტერესო ფრაზა აღნიშნული წერილიდან: „ბედიანი სამეგრელოს ბატონი, ქუთაისის მეფე ბაგრატთან ერთად პირობას დებენ გამოიყვანონ იმდენივე ჯარისკაცი, როგორც მეფე გიორგი, ძე ალექსანდრესი“.34 აქ, როგორც ჩანს, ერთგვარ პარიტეტზეა საუბარი. ეტყობა, ორივე მხარე ფრთხილობდა და არ ენდობოდა ერთმანეთს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 50-იანი წლების მიწურულისათვის ბაგრატი მხოლოდ და მხოლოდ „ქუთაისის მეფობამდეა“ განდიდებული და მას რაიმე რეალური ძალაუფლება დასავლეთ საქართველოში არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთ ევროპაში გამგზავრებულ ელჩობაში, მისი წარმომადგენელიც იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, არც სამეგრელო, არც აფხაზეთი და გურია არ არის ბაგრატის მფლობელობის ქვეშ35. ამდენად, ამ დროისათვის მისი „მეფის“ სახელით მოხსენიება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ანტიოსმალური კოალიციის შექმნაში განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ტრაპიზონის საიმპერატორო კარი, რომელსაც უშუალოდ შეექმნა საფრთხე ოსმალთა მხრიდან. ამიტომ ტრაპიზონელმა პოლიტიკოსებმა გამოიყენეს ეს წინააღმდეგობა, რაც არსებობდა მეჰმედ II-სა და უზუნ-ჰასანს შორის. ამ უკანასკნელს შეურთავს ტრაპიზონის იმპერატორის ძმისშვილი, აწ უკვე გარდაცვლილი იოანე II-ის ქალიშვილი თეოდორა36. ჩვენ აქ არ შევუდგებით იმის აღწერას, თუ როგორი წარმატებით დამთავრდა ევროპაში აღნიშნული ელჩობა. ეს საკითხი კარგად არის გაშუქებული ისტორიოგრაფიაში37. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს, რომ კოალიციის დახმარების გადაჭარბებული იმედისა და ტრაპიზონის კეისრის მოუფიქრებელი პოლიტიკის შედეგად 1461 წლის 15 აგვისტოს ტრაპიზონის იმპერია ოსმალებმა აიღეს. ამის შედეგად ოსმალეთი საქართველოს უშუალოდ გაუმეზობლდა სამხრეთ-დასავლეთით. ქართველ პოლიტიკოსებს არც ამ შემთხვევაში გაუწევიათ რაიმე დახმარება ტრაპიზონისათვის. ეს, ჩვენი აზრით, გამოწვეული იყო ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. ის შეთანხმება, რომელიც ქართველ მეფე-მთავრებს შორის მოხდა 1457-1461 წლებში, მეტად მყიფე აღმოჩნდა და ძირითადად ემყარებოდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედს. რაკი კოალიცია ვერ შედგა და ეს უპირველესად მოხდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გამოისობით, საქართველოში კვლავ იჩინა თავი შინაურმა დაპირისპირებამ. საბოლოოდ ჩაიშალა რა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ცდა, ცალკეულმა მთავრებმა დაიწყეს უცხო ძალის გამოყენება თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველი ამ მხრივ კვლავ ყვარყვარე ათაბაგი აღმოჩნდა, რომელმაც მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში მოიწვია უზუნ-ჰასანი. იგი ეტყობა ჯერ კიდევ 1461 წელს დაკავშირებია სამცხის მთავარს და მისულა კიდევაც სამცხეში38. 1462წ. ერანის მბრძანებელი მიშველებია ათაბაგს მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში39. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რეალურად გვეჩვენება უზუნ-ჰასანის შემოსვლა სამხრეთ საქართველოში 1461 წლისათვის, ვინაიდან ტრაპიზონი უკვე ოსმალეთის ხელში იყო. ამდენად უზუნ-ჰასანი ეცდებოდა თავისი პოზიციები გაემყარებინა სამხრეთ-დასავლეთით. უნდა ვიფიქროთ, რომ ოსმალთა მოახლოებით შეშფოთებული იქნებოდა სამცხის ათაბაგი. იგი XVს. 50-იანი წლების მეორე ნახევარში ფაქტობრივად დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა და მიისწრაფოდა სეპარატიზმისაკენ. ამიტომ სავსებით რეალურად გვეჩვენება ყვარყვარე ათაბაგის მიერ დამხმარე ძალად უზუნ-ჰასანის მოწვევა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წყაროები გვაწვდიან ცნობებს, რომლის მიხედვითაც 1474 წლისათვის ლორეს ციხეში იმყოფებოდა უზუნ-ჰასანის მეციხოვნე ჯარი40. ეს აფიქრებინებს ი. ჯავახიშვილს, რომ ირანის მბრძანებელი სამხრეთ საქართველოში იმყოფებოდა XVს. 60-იანი წლებიდან41. 1462 წლისათვის უკვე მეფე გიორგი VIII-სა და ყვარყვარე ათაბაგს შორის დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, რასაც მოჰყვა ომი, რომელშიც ათაბაგმა უზუნ-ჰასანის დახმარებით გაიმარჯვა42. ამას მოჰყვა სიტუაციის განსაკუთრებით გამწვავება დასავლეთ საქართველოში: „მეფეთ ყმობისაგან განთავისუფლდნენ მთავარნი: დადიანი, ათაბაგი, გურიელი და შარვაშიძე“.43 საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია კარგად გამოიყენა „ქუთათისის მეფე“ ბაგრატმა და დაიწყო ბრძოლა იმისათვის, რომ თავად გამხდარიყო „მპყრობელი ლიხთ-ამერისა და ლიხთ-იმერისა“.44 ამრიგად, XVს. 50-იან წლებში საქართველოში მეტად რთული პოლიტიკური მდგომარეობა სუფევდა. ქვეყანაში მართალია მძიმე ფეოდალური შინაომები მიმდინარეობდა, მაგრამ თბილისის ტახტი შეძლებისდაგვარად მაინც აკონტროლებდა დასავლეთ საქართველოს. ყოველ შემთხვევაში XVს. 50-იანი წლების მთელ მანძილზე ბაგრატი რჩებოდა მხოლოდ და მხოლოდ „ქუთაისის მხარის“ მეფედ და, ამდენად, ნომინალურად მაინც ემორჩილებოდა გიორგი VIII-ს.
შენიშვნები
1. Ì. ÓÅÀÍÉÞÄ. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (XIVXVIIIსს.), თბ., 1990, გვ. 15. 2. С. Рансимен. Падение Константинеполя в 1453г., М., 1983, გვ. 13. 3. Ï. ÑÖÑÖÍÀÞÄ. XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, _ „ØÀÒÈÖËÉ ÓÀÌÄ×Ï ÓÀÌÈÀÅÒÏÄÁÉÓ ÓÀÂÀÒÄÏ ÐÏËÉÔÉÊÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÃÀÍ“, ტ. I, თბ., 1970, გვ. 5-77; É. ÔÀÁÀÙÖÀ. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, ტ. I, თბ., 1974, გვ. 101-102; Ф. И. Успенский. История Византийской империи, т. III, М.-Л., 1948, გვ. 770-777. 4. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, _ გეორგიკა, ტ. VIII, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÌÀ, თბ., 1970, გვ. 74. 5. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, გვ. 74. 6. Ф. И. Успенский. История Византийской империи, т. III, გვ. 772. 7. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, გვ. 63-64. 8. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, გვ. 80. 9. Ф. И. Успенский. Очерки из истории Трапезундской империи, М., 1929, გვ. 121. 10. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, გვ. 77. 11. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, გვ. 77. 12. ÂÉÏÒÂÉ Ó×ÒÀÍÞÄÓÉ. მცირე ქრონიკა, გვ. 84. 13. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1967, გვ. 48 14. Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ. ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში. _ საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ. 128. 15. Ã. ÍÉÍÉÞÄ. `პროვინციის მეფეები~ XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995, გვ. 174-175. 16. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, გვ. 60. 17. È. ÁÄÒÀÞÄ. ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბ., 1981; È. ÁÄÒÀÞÄ. საქართველოს საზღვაო ვაჭრობის ისტორიიდან. _ „მაცნე“, ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის სერია, 1983, #2, გვ. 22-25; Т. Берадзе. Мореплавание и морская торговля в средневековой Грузии, Тб., 1989. 18. М. Х. Сванидзе. Из хронологии Вахушти Багратиони (Первое вторжение турок на Черноморское побережье Грузии) – „Источниковедческие разыскания“, Тб., 1985, გვ. 110. 19. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 284. 20. იქვე. 21. Ì. ÓÅÀÍÉÞÄ. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის.., გვ. 114. 22. Т. Берадзе. Мореплавание.., გვ. 52. 23. С. Рансимен. Падение.., გვ. 149. 24. Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902, გვ. 51. 25. Ã. ÐÀÉàÀÞÄ. ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო, თბ., 1989, გვ. 84. 26. იქვე. 27. Ê. ÊÖÝÉÀ. აჰსან ათ-თავარიხის ცნობები XV საუკუნის საქართველოს შესახებ, _ საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, II, თბ., 1979, გვ. 80. 28. С. Рансимен. Падение.., გვ. 149. 29. Ã. ÐÀÉàÀÞÄ. ევროპის ქვეყნების.., გვ. 88. 30. იქვე. 31. Ã. ÐÀÉàÀÞÄ. ევროპის ქვეყნების.., გვ. 89. 32. იქვე, გვ. 94. 33. იქვე. 34. იქვე. 35. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები დაურთო Ä. ÌÀÌÉÓÈÅÀËÉÛÅÉËÌÀ, თბ., 1981, გვ. 45. 36. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები.., გვ. 45. 37. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, გვ. 72-74; Ì. ÈÀÌÀÒÀÛÅÉËÉ. ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 61-64; Ã. ÐÀÉàÀÞÄ. ევროპის ქვეყნების.., გვ. 76-125; Ì. ÓÅÀÍÉÞÄ. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის.., გვ. 116-138; Ã. ÍÉÍÉÞÄ. ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ცდები და საქართველო, _ „ØÀÒÈÖËÉ ÃÉÐËÏÌÀÔÉÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, II, თბ., 1998, გვ. 46-58. 38. ØÒÏÍÉÊÄÁÉ და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი È. ÑÏÒÃÀÍÉÀÓ მიერ, წ. II, ტფ., 1897, გვ. 280. 39. იქვე, გვ. 281; მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები), ტექსტები გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ã. ÏÃÉÛÄËÌÀ, თბ., 1968, გვ. 27. 40. იტალიელი მოგზაურები საქართველოში, _ „ÌÏÀÌÁÄ“, 1894, XI, გვ. 55. 41. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, გვ. 84. 42. Á. ËÏÌÉÍÀÞÄ. ერთიანი სამეფოს დაშლა, _ „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ“, ტ. III, თბ., 1979, გვ. 739; ცხოვრება საქართველოÁსა („პარიზის ქრონიკა“), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო Â. ÀËÀÓÀÍÉÀÌ თბ., 1980, გვ. 39; ÌÝÉÒÄ ØÒÏÍÉÊÄÁÉ, გვ. 57. 43. ØÒÏÍÉÊÄÁÉ.., II, გვ. 281. 44. საქართველოს სიძველენი, Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉÓ რედაქციით, ტ. I, ტფ., 1920, გვ. 88.

Комментариев нет:

Отправить комментарий