понедельник, 19 декабря 2016 г.

ნიკოლო მაკიაველის საყურადღებო რჩევები

ნიკოლო მაკიაველი იტალიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოს–თეორეტიკოსი იყო. მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაურმა თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და სახელმწიფოს გასაძლიერებლად ნებისმიერი ხერხი და საშუალება უნდა გამოიყენოს: ცბიერება იქნება ეს, სიცრუე თუ ძალმომრეობა. ამის გამო ზოგი მას უპრინციპო ავაზაკს, ზოგიც კი რეალისტ მოაზროვნეს უწოდებს, რომელმაც გაბედა და ქვეყანა აღწერა ისეთად როგორიც ის არის სინამდვილეში. დღეისათვის მაკიაველის ნაწარმოებები ნებისმიერი პოლიტ–ანალიტიკოსისა და ფილოსოფოსის სამაგიდო წიგნებს წარმოადგენს.
ნიკოლო მაკიაველი (1469–1527). ფლორენციაში ღარიბი ადვოკატის ოჯახში დაიბადა. იტალიის ისტორიაში ეს იყო კულტურული აყვავებისა და პოლიტიკური ანარქიის ხანა. ხშირად ხდებოდა უცხო ქვეყნების (საფრანგეთის, ესპანეთის, საღვთო რომის იმპერიის) ინტერვენცია, რასაც დაქუცმაცებული იტალიის სახელმწიფოებში ხელისუფლებათა მუდმივი ცვლილებები მოსდევდა. ფლორენციას ამ დროს მედიჩების დინასტია მართავდა. 1492 წელს მედიჩები დაამხეს და ფლორენცია რესპუბლიკად გამოცხადდა. მაკიაველი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი და დიპლომატი გახდა. 1512 წელს მედიჩები დაბრუნდნენ და მაკიაველიც თანამდებობიდან დაითხოვეს. იგი საშ-კაშინოს მახლობლად მისსავე მამულში დაბრუნდა, სადაც ცხორობდა სიკვდილის ბოლომდე. მაკიაველის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია: „მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, „ფლორენციის ისტორია“, „მანდრაგორი“, „მთავარი“. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები „აკრძალული წიგნების სიაში“ შეიყვანა. ყველაზე დიდი აღიარება მაკიაველს წიგნმა – „მთავარი“ მოუტანა, რომელშიც იგი ნათლად წარმოაჩენს თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით ქვეყნის ხელისუფალი. მთავარში მაკიაველი სრულებით უგულებელყოფს მორალს და სახელმწიფოს მართველს მოუწოდებს იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ამ საქმისთვის ყველა საშუალება გამართლებულიაო. ასე დამკვიდრდა მაკიაველის უკვდავი ფრაზა „მიზანი ამართლებს საშუალებას“. მაკიაველი თაყვანს სცემდა გმირებს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ მათი წყალობით ხდებოდა ისტორიული მოვლენები და გარდაქმნები. მისი აზრით სახელმწიფო მართველს იმაზე მეტი საფიქრალი აქვს, ვიდრე მორალუყრ პრინციპებზე ზრუნვაა. კარგი მართვისთვის საჭიროა მთავარმა შემოიკრიბოს ნიჭიერი და ლოიალური მინისტრები, რომლებიც მას პირფრობის ნაცვლად ყოველთვის პირში სიმართლეს ეტყვიან. ახლა გაგაცნობთ მაკიაველის რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებსაც ის ქვეყნის მეთაურებს აძლევდა: 1. თუ ქვეყნის უშიშროება დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, არ არის საინტერესო ჰუმანურია თუ არა იგი, სასტიკია თუ კეთილშობილი, სამარცხვინოა თუ სამართლიანი. საჭიროა ფიქრი მხოლოდ ერთზე, გადაარჩენს თუ არა სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება. 2. სახელმწიფოს მეთაურის უნდა ეშინოდეთ და უნდა უყვარდეთ კიდეც, მაგრამ თუ ამ ორში ერთ–ერთია ამოსარჩევი ჯობია ეშინოდეთ, რადგან შიში შეიქმს სიყვარულს. 3. ადამიანები ან ალერსით უნდა მოინადირო, ანდა თავიდან მოიშორო ისინი: რადგან თუ ხალხი შურს იძიებს მცირეოდენი წყენის გამო, სამაგიეროდ მძიმე შეურაცყოფისათვის სამაგიეროს გადახდის თავი არა აქვს. 4. სახელმწიფო ისევეა, როგორც ჭლექი: თავდაპირველად მისი განკურნება ადვილია, მაგრამ დაავადების გამოცნობაა ძნელი, ხოლო თუ საკმაო დრო გავიდა და სნეულება გამოუცნობი და განუკურნავი დარჩა – მაშინ პირიქით, მისი გამოცნობა ადვილია, მაგრამ განკურნება ძნელი. 5. დრო სრულიად გულგრილია ჩვენს მიმართ და თანაბრად გვახვევს თავზე, როგორც სიკეთეს ისე ბოროტებას. 6. ომის თავიდან აცილების მიზნით, არამც და არამც არ უნდა მისცე ამა თუ იმ ბოროტებას ზრდის ნება, ვინაიდან ამ გზით ომს კი ვერ აიცილებ თავიდან, არამედ თავის საზიანოდ მხოლოდ დროებით გადაადებ მას. 7. ვინც სხვისი ძლიერების ზრდას უწყობს ხელს, თვითონვე ითხრის ორმოს, ვინაიდან ამ ძლიერებას ის ზრდის ან თავისი მოხერხების, ანდა კიდევ ძალის წყალობით: ხოლო ერთიცა და მეორეც ძალზე არასანდოა იმის თვალში, ვინც უკვე ძლიერი გახდა. 8. იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება. 9. ის ვისაც ჰყავს ძლიერი ჯარი, ადვილად იშოვის ძლიერ მოკავშირესაც. 10. გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი. 11. ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულისა თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და საუკეთესო ჯარი. 12. არ არის აუცილებელი, ხელისუფალი ყველა კეთილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ არის პირდაპირი აუცილებლობა იმისა, რომ მათ მფლობელად გამოიყურებოდეს. 13. ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი, მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება. 14. როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий