ძმები კომნენოსების ბიზანტიის ტერიტორიაზე საქართველოს ჯარით შეჭრის საბაბი, ბასილი ეზოსმოძღვარის მიხედვით, გახდა კეისრის მიერ ქართველი ბერების გაძარცვა კონსტანტინოპოლში. მაგრამ თამარ მეფის კარის მიერ ბიზანტიის ტერიტორიაზე ორგანიზებული აგრესიისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებსა და ბიზანტიის საშინაო ვითარებას. ვფიქრობ, გადამწყვეტი იყო ეს უკანასკნელი მომენტი.
XII საუკუნის მეორე ნახევარი ბიზანტიის იმპერიის დაქვეითების პერიოდია. ეს პროცესი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 1185 წლიდან ანდრონიკე კომნენოსის მოკვლის შემდეგ. ხელისუფლების არამდგრადობით იყო გამოწვეული კარის გადატრიალებები. 1195 წელს ისაკ II ტახტიდან ჩამოაგდო მისივე ძმამ ალექსი მესამემ. ისააკის ვაჟის, ალექსი IV (ანგელოსის) მოკვლის შემდეგ ალექსი V მურზუფლა გააფრთებით ებრძოდა კონსტანტინეპოლის წინ მდგარ ჯვაროსნებს. მაშ ინ, როდესაც კონსტანტინეპოლის დაცე მის ბედი ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, ქართული ჯარი შეიჭრა პაფლაგონიისა და პონტოს ბიზანტიურ ტერიტორიებში და დაიკავა. კომნენოსების და საქართველოს მომხრე ძალებმა გამოაცხადეს კომნენოსების ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, რომელიც ქართველების სამხედრო ძალას ეყრდნობოდა1.
პირველმა, ვინც ჩვენს ისტორიოგრაფიაში ტრაპიზონის იმპერიის დაარსების საქმეში თამარ მეფის საქართველოს მონაწილეობის ისტორია სერიოზულად გამოიკვლია და სამეცნიერო მიმოქცევაში მნიშვნელოვანი წყაროებიც შემოიტანა, იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ზ. ავალიშვილი2. იგი ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ისტორიის შესწავლას აუცილებლად მიიჩნევდა, რადგან ეს ისტორიული ფაქტი „ცხადყოფს საქართველოს პოლიტიკას მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხანაში _ ბიზანტიის პირველი დანგრევის დროს, ლათინთაგან რომ დაინგრა _ და აგრეთვე საქმის ვითარებას საქართველოს ზემოაღწერილი პოლიტიკური ფრონტის უკიდურეს მარჯვენა ფრთაზე, ესე იგი, შავი ზღვის ნაპირზე“3.
კომნენოსების მიერ ქართულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილის (იგი ძველად ცნობილი იყო ქალდიის თემის სახელით და ეჭირა პონტოს სანაპიროს ვიწრო ზოლი) დაპყრობის შესახებ, გვაქვს ქართული და ბიზანტიური წყაროები.
ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ქართული ჯარის შეჭრის მიზეზის, მისი იქ მოქმედებისა და სამხედრო კამპანიის შედეგის შესახებ, გადმოცემული აქვს თამარ მეფის ისტორიკოსს ბასილი ეზოსმოძღვარს: „მოიწიეს ოდესმე ჩვეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათვის ამისა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კვიპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარა თამარ ჩვეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა, მერმე მისცნა ყოველთა დიადდი, და აღავსნა ყოვლითა სახმრითა, უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო, თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კონსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თვისსა ისაკს თუალნი დასწვუნა და მეფობა წარუღო... იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა. ცნა რა ესე თამარ მეფემან, ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი4, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი“5. ქართველი მემატიანის ეს ცნობა, მცირე კორექტივით, გაზიარებულია საკითხით დაინტერესებული მრავალი ისტორიკოსის მიერ. ქართველი ისტორიკოსებიდან ზ. ავალიშვილი იყო, რომელიც ბასილის ცნობას განსაკუთრებული კრიტიკით მიუდგა.
საკითხისათვის მნიშვნელოვან ფაქტებს შეიცავს ბიზანტიელი ისტორიკოსის, მიქაელ პანარეტოსის (XIV ს. მეორე ნახევარი _ XV ს. დასაწყისი) თხზულება: „მოვიდა დიდი კომნენოსი უფალი ალექსი, რომელიც წამოსული იყო დიდებულ ქალაქ კონსტანტინოპოლიდან, ხოლო გამოილაშქრა კი იბერიიდან მისი მამიდის, თამარის, გულმოდგინებითა და ღვაწლით და 22 წლისამ დაიპყრო ტრაპიზონი აპრილში, მე-7 ინდიქტიონის 6712 (1204 წელს - ე. მ.). იმეფა 18 წელიწადს, გარდაიცვალა ორმოცი წლისა, 6730 წელს (1222 წ.), 1 თებერვალს, მართლმადიდებლების დღესასწაულის კვირას“6.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, თითქოს ქართველი და ბერძენი მემატიანენი სხვადასხვა ალექსიზე გადმოგვცემენ7, რაც, ჩემი აზრით, სიმართლეს არ შეეფერება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ბასილის მიხედვით ალექსი ანდრონიკეს შვილია, პანარეტოსი კი სამართლიანად მას ანდრონიკეს შვილიშვილად ასახელებს. მაგრამ კონტექსტის მიხედვით ორივე ავტორი ერთსა და იმავე პიროვნებას, ანდრონიკეს შვილიშვილს, გულისხმობს.
ბასილი ეზოსმოძღვარი კომნენოსების ჯარში მხოლოდ ქართველი (იმერელი) მეომრების ყოფნას აღნიშნავს. იგი ჩამოთვლილი ქალაქების დაპყრობას ალექსი კომნენოსს მიაწერს, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია ქართული ჯარით. იმავე დროს იგი ერთ მთლიანობაში წარმოგვიდგენს ძმების _ ალექსი და დავითი კომნენოსების მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ბასილი ეზოსმოძღვარის თანამედროვე ნიკიტა ხონიატე კი, ლაპარაკობს ალექსი კომნენოსის მიერ უკვე დაარსებული ტრაპიზონის იმპერიის შემდგომ პერიოდზე, როდესაც იგი უკვე იმპერატორად არის გამოცხადებული. ნიკიტა ხონიატე ყურადღებას ამახვილებს დავითის მიერ პაფლაგონიასა და პონტოს ჰერაკლიაში შეგროვილ ჯარზე, რომელშიც ივერიელთა მხოლოდ დაქირავებული რაზმი იყო. მასზე დაყრდნობით დავითმა დაიპყრო საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ლიმინიდან ჰერაკლიამდე.
ამ ორი წყაროდან რომელს მივანიჭოთ უპირატესობა, რომელი უფრო სანდოა? ამის გარკვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიქაელ პანარეტოსის „ქრონიკას“, რომელშიც სრულიად გარკვევით ჩანს, რომ ალექსი კომნენოსმა „გამოილაშქრა კი იბერიიდან მისი მამიდის, თამარის გულმოდგინებითა და ღვაწლით“, ე. ი. მისი ჯარის ძირითადი კონტიგენტი შედგებოდა ქართველებისაგან, აღჭურვილი და - მომარაგებული თამარ მეფის მიერ. ეს იყო ის ძალა, რომლითაც ალექსიმ დააარსა ტრაპიზონის იმპერია8. უცხოელთაგან პირველი იყო ა. ა. კუნიკი, რომელიც პანარეტოსისა და ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობების შედარების შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ძმები კომნენოსების მიერ მოწყობილი ლაშქრობის ინიციატორი იყო თამარ მეფე, რომ მას სურდა ბოსფორსა და მცირე აზიაში შეექმნა ისეთი ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც სელჩუკების წინააღმდეგ იბრძოლებდა9. რაც შეეხება ალექსის ძმის დავითის ბრძოლებს პაფლაგო ნიასა და პონტოს ჰერაკლიაში, იგი სცილდებოდა საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს და მასში ქართველები შეიარაღებული ძალით აღარ მონაწილეობდნენ10. დავითის დასაყრდენი იყო ბერძენ ქართველი მეომრებისაგან შემდგარი ჯარი, რომელშიც ქართვ ელები დაქირავებულნი იყვნენ.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ კომნენოსების ჯარი ბიზანტიისაკენ დაიძრა ორი მიმართულებით: ტრაპიზონ-სინოპის სახმელოთო გზით და საზღვაო გზით _ პაფლაგონია-ბითვინიის მიმართულებით11. ჯარის ის ნაწილი, რომელსაც დავით კომნენოსი მეთაურობდა, საზღვაო გზით მისულა პაფლაგონიამდე. ფლოტი გავიდა იმერეთიდან და კერასუნტის, კოტირასა და ამასტრის გავლით მივიდა პაფლაგონიამდე12. ს. მარგიშვილის აზრით, რადგან საქართველოს სამეფოს სამხედრო-სატრანსპორტო ფლოტი არ გააჩნდა, „დესანტირების ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფლოტის დაქირავება გენუელებისაგან“13. გენუელებს, გარდა კომერციული ინტერესისა, ამოძრავებდათ ვენეციელებთან კონკურენციაც შავ ზღვაზე ჰეგემონობისათვის. ამის შემდეგ მკვლევარი ლაპარაკობს გენუელების შორს მიმავალ გეგმებზე, მაგრამ მისი არგუმენტები არ ასახავს ისტორიულ რეალობას. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ბიზანტიის იმპერატორები იტალიელების ხომალდებს უკრძალავდნენ შავ ზღვაში ცურვას, მანამდე ვიდრე ლათინებმა კონსტანტინოპოლი არ დაიპყრეს. ხოლო გენუა-ვენეციის დაპირისპირება შავი ზღვის სანაპიროებზე პირველობისათვის იწყება იმ დროიდან, როდესაც მონღოლების დაპყრობებმა სავაჭრო-საქარავნო გზების ჩრდილოეთით გადანაცვლება გამოიწვია და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთმა სანაპირომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში, საინტერესო პერიოდში, ზღვაოსნობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული და საკუთარი ფლოტიც გააჩნდა14. მაგრამ ეს სრულებით არ წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, რომ ჯარი მთლიანად, ან თუნდაც მისი ნაწილი, დანიშნულების ადგილამდე გემებით გადაეყვანათ. ქართველი მემატიანე (სხვა წყარო, ქართული ჯარის მიერ ბიზანტიის საზღვრის გადაკვეთის ადგილსა და მიმართულებას რომ აღნიშნავდეს, არ გაგვაჩნია) სრულიად გარკვევით ამბობს, რომ ქართულმა ჯარმა ხოფასთან გადაკვეთა ლაზიკის საზღვარი და დაიწყო მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით. ისიც საინტერესოა და უნდა აღინიშნოს, რომ თბილისიდან ტრაპიზონამდე სახმელეთო გზით მისვლას მხოლოდ რვა დღე სჭირდებოდა15.
ბასილი ეზოსმოძღვარი და მიქაელ პანარეტოსი, ხაზგასმით აღნიშნავენ თამარ მეფის დამსახურებას ალექსი კომნენოსის გამეფებასა და ბიზანტიის იმპერიის დაარსებაში. როგორც ერთ-ერთ ანონიმური ქრონიკაშია ნათქვამი, თამარის წყალობით ტრაპიზონის მფლობელმა დამოუკიდებელი სამფლობელო მიიღო და განაგებდა მტრებისაგან შეწუხების გარეშე16. თამარის ისტორიკოსი ცდილობს თავისი მეფის პოლიტიკა გაგვაცნოს, როგორც მიზეზშედეგობრივი. კარის ისტორიკოსის მიზანია, თავისი მეფე წარმოაჩინოს სამართლიანობის დამცველად. მისმა მეფემ ერთდროულად ორი კეთილშობილური საქციელი ჩაიდინა: ქართველ ბერებს იმპერატორისაგან მიყენებული ზარალი გადაჭარბებით აუნაზღაურა და საქართველოში შემოხვეწილ ალექსი კომნენოსს ნაწილობრივ (ტერიტორიული თვალსაზრისით) აღუდგინა დაკარგული ტახტი და სამფლობელოები.
ქართველი მემატიანის პოზიციაზე დგას მიქაელ პანარეტოსი. იგი ცდილობს ობიექტურად გადმოგვცეს ალექსი კომნენოსის მიერ ტრაპიზონის დაპყრობისას საქართველოს მეფის „გულმოდგინება და ღვაწლი“, თუმცა იმაზე დუმს, რამაც განაპირობა ბაგრატიონთა და კომნენოსების მიერ დაწყებული სამხედრო აქცია17.
ბუნებრივია, დგება კითხვა, შეეძლო კი იმ მცირე ჯარს („მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი“), გაეკონტროლებინა მთელი ის ტერიტორია, სადაც წარმოიშვა ტრაპიზონის იმპერია და შემდეგ დავით კომნენოსიც აწარმოებდა ბრძოლებს? ლაშქრობის მოწყობა ისეთი მცირე ძალით, რომელზეც ქართული ნარატიული წყარო გადმოგვცემს, ალ. გამყრელიძეს და ივ. ლოლაშვილს შეუძლებლად მიაჩნდათ18. ამ კითხვაზე, ჩემი აზრით, თითქმის ამომწურავი პასუხი გასცა ს. პ. კარპოვმა მ. ბროსეს ნაშრომზე დაყრდნობით19. მის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ 1203-1204 წლებში საქართველო ებრძოდა რუმის სასულთნოს, აზერბაიჯანისა და ირანის ათაბეგებს. თამარის ჯარი შეტევით ბრძოლებს აწარმოებდა არარატის დაბლობზე. საქართველომ შეძლო სელჩუკებისათვის გამანადგურებელი მარცხი მიეყენებინა ბასიანის (1202 წ.) ბრძოლაში. დასახელებული ომების წარმოება ითხოვდა სახელმწიფოს მთელი რესურსების მობილიზაციას და კომნენოსების საჭიროებისათვის დიდი არმიის გამოყოფისათვის საშუალებას არ იძლეოდა. მაგრამ იყო კი საჭირო დიდი სამხედრო ძალა? კითხულობს ს. პ. კარპოვი და თითონვე პასუხობს: ბასიანის ბრძოლის შემდეგ რუმის სასულთნო დასუსტებული იყო და იგი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა მისი სამფლობელოების ჩრდილოეთით მდებარე იმ ტერიტორიებზე, იქ, სადაც ტრაპიზონის იმპერია წარმოიშვა, ქართულ ძალაზე დაყრდნობილი კომნენოსების მოქმედებას. 1204 წლისათვის თავისი მრავალრიცხოვანი ინფორმატორების საშუალებით თამარ მეფე კარგად ერკვეოდა ბიზანტიის მდგომარეობაში ზოგადად და, კონკრეტულად, ქალდეას პროვინციაში არსებულ ვითარებაში, რომლის იმპერიისაგან მოკვეთა ჰქონდა განზრახული20.
ნიკიტა ხონიატე ქართველთა წვლილს კომნენოსების ტრაპიზონში გამეფებაში დაკნინებულად წარმოგვიდგენს. ქართველების მონაწილეობას მხოლოდ დაქირავებული რაზმის სახით განსაზღვრავს.
რადგან ტრაპიზონის იმპერიის ისტორიის მკვლევრები მის დაარსებაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობას, ძირითადად, ბასილი ეზოსმოძღვრის, ნიკიტა ხონიატეს და მიქაელ პანარეტოსის ცნობებზე დაყრდნობით განიხილავენ, ჩვენც მათ მივყვებით.
ფრიად მნიშვნელოვანია, დასახელებულ წყაროებზე დაყრდნობით ა.ა. ვასილიევის გამოთქმული მოსაზრებანი, რომლითაც კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ა.ა. კუნიკის ვარაუდები საქართველოს როლის შესახებ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებაში. ა.ა. ვასილიევმა პირველმა მოუყარა თავი მისი დროისათვის ცნობილ თითქმის ყველა მასალას21.
საქართველოს ლაშქრის მიერ ხუფათთან საზღვრის გადალახვით, რადგან ეს უკანასკნელი ქალდიის თემის შემადგენლობაში იყო და იმავე დროს ბიზანტია _ საქართველოს საზღვარს წარმოადგენდა22, ფაქტიურად, ომის გამოცხადების გარეშე დაიწყო აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ა.ა. ვასილიევი ვარაუდობდა, რომ იმერეთიდან ჯარი ტრაპიზონისაკენ უნდა წასულიყო გარინ-თეოდოსიოპოლი-არზრუმის გზით მაშინ, როდესაც არც ერთი წყარო ამგვარ მარშრუტზე არ მიუთითებს23, ქართველი მემატიანე კი ზუსტად აღნიშნავს იმ დასახლებულ პუნქტს (ხუფათი), სადაც კომნენოსები ქართული ჯარით შეიჭრნენ იმპერიის საზღვრებში.
სავარაუდოა, ლაშქრობა დაიწყო მცირე ხნით ადრე, ვიდრე ვენეციელების ფლოტი ოქროს ყურეში შევიდოდა და კონსტანტინოპოლს დაემუქრებოდა. ქართულ მხარეს ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება გათვლილი უნდა ჰქონოდა ალექსი III (1195-1203) ანგარის მთელი ყურადღების დასავლეთისკენ გადატანაზე, საიდანაც ჯვაროსნები ემუქრებოდნენ. ბიზანტიისადმი შექმნილი ხიფათის პირობებში საიმპერატორი კარი ჯეროვან ყურადღებას ვეღარ მიაქცევდა დედაქალაქიდან დიდად დაშორებულ ქალდეას თემში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. იმპერიაში არსებული ვითარება ქართული სამეფო კარისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო 1203 წლის ივლისში24, როდესაც ვენეციელებმა ოქროს ყურეში ფლოტი შეიყვანეს და დედაქალაქს დაემუქრნენ. ამ დროიდან საბოლოოდ გადაწყდებოდა და დაიწყებოდა კიდეც სამხედრო კამპანიისათვის მზადება. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე უნდა მიგვანიშნებდეს ფრიად საყურადღებო ერთი ცნობა, რომელიც ქართველმა მემატიანემ შემოგვინახა. სერიოზულ ჩაფიქრებასა და ვარაუდის გამოთქმის საშუალებას იძლევა ბასილი ეზოსმოძღვარის ის ფრაზა, რომელშიც აღნიშნულია ჯვაროსნების კონსტანტინოპოლზე პირველი შეტევის დაწყების დრო. ლათინებს (ვენეციელებს) შეტევა დაუწყიათ მას შემდეგ, როდესაც გაუგიათ, რომ იმპერიას აღმოსავლეთიდან თავს დაესხნენ და კონსტანტინოპოლი ამ მხრიდან დახმარებას ვეღარ მიიღებდა. ბასილი წერს: „ხოლო ესმა ესე (ქართველთა ჯარის შეჭრა ქალდიას თემში - ე. მ.) ფრანგთა, რამეთუ მოეღო25 ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეფო ქალაქი“26. ეს წინადადება მოსდევს იმავე მემატიანის გადმოცემას ქართული ჯარის მიერ სამხრეთ შავი ზღვისპირეთის დალაშქვრასა და ალექსი კომნენოსის ტრაპიზონში გამეფებას. მაშასადამე, ქართველი მემატიანის მიხედვით, ამ ლაშქრობას ის შედეგი გამოუღია, რომ ქართველთა ჯარის მიერ დაპყრობილი ტერიტორიიდან კონსტანტინოპოლმა დახმარება ვეღარ მიიღო და ამან მოუტანა ჯვაროსნებს წარმატება. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რადგან მისი გაზიარების შემთხვევაში, ტრაპიზონის აღების დროდ საყოველთაოდ მიღებული 1204 წლის 23 აპრილი საეჭვო ხდება. იგი გამოთვლილია თითქმის ორი საუკუნით დაშორებული ბიზანტიელი ისტორიკოსის, მიქაელ პანარეტოსის თხზულებაში მოცემული თარიღის მიხედვით, რომელსაც ზემოთ უკვე გავეცანით. საყურადღებოა, აგრეთვე, ქართველი მემატიანის ინფორმირებულობა ბიზანტიის საწინააღმდეგო კოალიციაში გაერთიანებული ძალების შესახებ. მან იცოდა ჯვაროსნულ კოალიციაში ვენეციის სახელმწიფოს წამყვანი როლის შესახებ27. ამიტომ მიაწერს მას „სამეუფო ქალაქის“ დაპყრობას. ვფიქრობ, გადასახედია ზ. ავალიშვილის მოსაზრება, რომელიც, ევროპელთა გამოკვლევების გავლენით, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქართველი მემატიანე არასწორად გადმოსცემდა მოვლენების თანმიმდევრობას, რომ „ლათინთა „გამოსვლა“ შედეგი კი არ იყო ლაზიის და სხვა ქვეყანათა ქართველთა მიერ დაჭერის, როგორც ამას თამარის პანეგირისტი მოგვითხრობს, პირიქით, იმ ადგილთა დაპყრობა „ივერთა“ დახმარებით და ტრაპზონის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება უეჭველად ერთი შედეგთაგანი იყო ლათინთა გამარჯვებისა, მათ მიერ კონსტანტინოპოლის ახალი საკეისროს დაარსებისა და ბიზანტიის იმპერიის დაშლისა“28.
რადგან ვიცით კონსტანტინოპოლისა და ტრაპიზონის აღების თარიღები (1204 წლის 12 და 23 აპრილი) და ამ ორ თარიღს შორის განსხვავება მხოლოდ 10-11 დღეა, ა. ა. ვასილიევმა გამოსთქვა ეჭვი, რომ ამ მცირე დროში კონსტანტინოპოლის დაცემის ამბავი საქართველომდე ვერ მიაღწევდა29, ვერ მოხერხდებოდა ჯარის შეკრება და ტრაპიზონამდე რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა. მაშასადამე, უფრო მისაღებია ბასიანის წარმატებული ომის შემდეგ, რომელსაც დიდი გავლენა უნდა მოეხდინა სეპარატისტულად განწყობილი ქალდეას თემის მოსახლეობის ყველა ფენაზე, დაიწყებოდა საქართველოს წარმომადგენლების დიპლომატიური ურთიერთობა მის ლიდერებთან. საქართველოს სამეფო კარისათვის სამხედრო მოქმედების დაწყებისათვის ბიძგის მიმცემი უნდა გამხდარიყო 1203 წელს ჯვაროსნების მიერ ზარას აღების შემდეგ კონსტანტინოპოლის გართულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობა. ქართულმა ლაშქარმა პირველად დაიპყრო ლაზია (ჭანეთი), შემდეგ აიღო ტრაპიზონი და ჰერაკლიამდე მიაღწია. ბასილი ეზოსმოძღვრს თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ ქართველთა ჯარს დაუპყრია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია _ ლაზია, ფაბლაღონი (პაფლაგონია) და პონტო. ამგვარად, საქართველოს სამეფოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი ტრაპიზონის იმპერიასთან, დაიდო ლაზიის აღმოსავლეთით ხუფათთან (ხოფა).
ქართული ჯარი ბრძოლის გარეშე შევიდა ტრაპიზონში (1204 წ. 23 აპრილი), ქალაქის გამგებელმა (დუკა) ნიკიფორე პალეოლოგმა, კონსტანტინოპოლის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც მოსახლეობაში ავტორიტეტით არ სარგებლობდა30, ქალაქის ციხე ალექსის უბრძოლველად ჩააბარა31. ალექსი კომნენოსი 25 აპრილს გამოცხადდა „რომეების იმპერატორად“, კონსტანტინოპოლი კი ჯვაროსნებს 12 აპრილს (ზოგი ცნობით 13 აპრილს) უკვე აღებული ჰქონდათ. ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ქართულ ჯარს უკან მოეტოვებინა ჯერ კიდევ დაუპყრობელი ტრაპიზონი და ლაშქრობა კონსტანტინოპოლის მიმართულებით გაეგრძელებინა, შემდეგ მობრუნებულიყო და ტრაპიზონი აეღო და ჩაეტარებინა ალექსის კურთხევის ცერემონიალი. ვფიქრობ, დასავლეთისაკენ შეტევის გაგრძელებისას ქართველებმა და ძმებმა კომნენოსებმა უკვე იცოდნენ რა ხდებოდა კონსტანტინოპოლში და, ნიკიტა ხონიატეს გადმოცემით, მხოლოდ დავითმა გააგრძელა წინსვლა. ამის შემდეგ (ბასილი ეზოსმოძღვრის მიხედვით) კომნენოსებმა დაიპყრეს „ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი“32.
რადგან ცნობილი წყაროები არავითარ ცნობას არ გვაწვდიან დასახელებული ქალაქების დაპყრობისათვის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ, ამდენად ქართულ წყაროს უნდა დავუჯეროთ, რომ ლაშქრობა შეწყდა ჰერაკლიას აღებით. მაგრამ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ძმების წვლილი ამ ლაშქრობაში. ნიკიტა ხონიატი ტრაპიზონის აღების შემდგომ სამხედრო წარმატებებს, სამართლიანად მიაწერს დავით კომნენოსს. უფრო მეტიც, იმავე ისტორიკოსის თქმით, დავითს ნიკომედიის დაუფლებაც სურდა, მაგრამ ნიკეის იმპერატორის თეოდორე I ლასკარისის (1204-1221) წინააღმდეგობას წააწყდა. პონტოს ჰერაკლია დროებით გადაიქცა ტრაპიზონის იმპერიის უკიდურეს დასავლეთ სამფლობელოდ.
მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ზემოთგაცნობილი წერილობით წყაროების გარდა სხვა რაიმე ცნობა, მაინც უნდა აღინიშნოს ქართული წყაროს ტენდენცია, რომელიც გამსჭვალულია ეპოქისათვის დამახასიათებელი ზნეობრივი ღირებულებების პატივისცემითა და საქართველოს მეფე თამარის სამართლიანობის დემონსტრირების დიდი სურვილით.
შენიშვნები
1. ინტერნეტში განთავსებულ სტატიაში („Трапезу́ндская (Трапезунтская) импе́рия“ _ ავტორი მითითებული არ არის), ძლიერ განსხვავებულად არის გადმოცემული ტრაპიზონის იმპერიის დაარსება. ჩანს, რომ ავტორი დგას იმ ისტორიკოსთა პოზიციაზე, რომლებიც არ იზიარებენ საქართველოს გადამწყვეტ როლს ტრაპიზონის იმპერიის დაარსებაში. პირველ რიგში შეიძლება დავასახელოთ Fallmerayer Jakob-Philip, Geschichte des Kaisertums von Trapezunt, München, 1827; Finlay G., The History of Greece from its Conquest by the Crusaders to its Conquest by the Turks and of the Empire of Trebizond 1204-1461, Edinburgh, London, 1851; Finlay G., A History of Greece from its Conquest by the Romans to the Present Time. B. C. 146-to A.D. 1864, Oxford, 1877, t. IV, 307-308; Fischer W., Trapezunt und seine Bedeutung in der Geschichte. Zeitschrift für allgemeine Geschichte.1886, Bd.. 3, 25-26; ფალმერაიერსა და ფინლეის ნაშრომების კრიტიკა გვერდების მითითების გარეშე. იხ.: ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, 63-66. არიან შემდეგი დროის მთელი რიგი ისტორიკოსები, რომლებიც ფალმერაიერისა და ფინლეის პოზიციაზე დგანან: ო. ლამსიდისი, დ. ნიკოლი, მ. კურშანსკისი, ე. ბრაიერი, ე. ჟანსანი და სხვები. ბოლოს დასახელებულ ისტორიკოსთა მოსაზრებათა შეფასება იხ. Карпов С. П., Образование Трапезундской империи (1204-1215), 9-10; Карпов С. П., История Трапезундской империи, 95. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ისტორიკოსისათვის ამოსავალი არის XII-XIII საუკუნის ორი მემატიანის ქართული და ბერძნული ცნობა.
2. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, ოთხი საისტორიო ნარკვევი, 52-94.
3. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, ოთხი საისტორიო ნარკვევი, 53-54.
4. თამარ მეფის დროს საქართველო შეტევით ბრძოლებს აწარმოებდა სხვადასხვა მიმართულებით. თავდაპირველად ლაშქრობას იწყებდა აგრესიის ობიექტის მეზობელი ქართული მხარე, რომელშიც ძირითადად ჩაბმულნი იყვნენ ადგილობრივი დიდებულები. „ყოველი საქართველოს“ ლაშქარი ომში ებმებოდა მხოლოდ აუცილებელ ეტაპზე. ტუხაშვილი ლ., ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, I, 168.
5. ალექსი III-ისათვის უცხო რომ არ იყო მგზავრების ძარცვა, ამის შესახებ საინტერესო ცნობა დაგვიტოვა ნიკიტა ხონიატემ: „მაგრამ, აი, რა საქმე ჩაიდინა თვითონ მეფემ. ექვსი ტრიერი ჩააბარა ერთ კაცს... და გაგზავნა იგი ევქსინის პონტოში თითქოს იმ მიზნით, რომ დაეძებნა ტვირთი ერთი ხომალდისა, რომელიც მოდიოდა ფაზისიდან ბიზანტიონში და კერასუნტის მახლობლად დაიმსხვრა, ნამდვილად კი უნდოდა თავს დასხმოდა სატვირთო ხომალდებს, რომლებიც ქალაქ ამინსოში მისცურავდნენ და მათი ტვირთი დაეტაცნა. მეფის განკარგულებით მან გასცურა ევქსინის პონტოში და არც ერთი ხომალდი არ დაინდო, ყველა ხომალდები გაძარცვა, რომლებიც კი ბიზანტიონში მიდიოდნენ, საქონლით დატვირთულები, და ისინიც, რომლებსაც ჩაებარებინათ თავისი საქონელი და სხვა საქონელი ჩაებარებინათ და უკან ბრუნდებოდნენ... ზოგიერთი ვაჭრები მახვილით გაასამართლა და ქვესკნელში გაისტუმრა, და მათი ქონება მიითვისა, სხვები კიდევ როდინის ქვაზე უფრო ტიტვლები გაისტუმრა“ (ნიკიტა ხონიატე, „ისტორია“, 132-133). ვერ გავიზიარებ ა. თვარაძის მტკიცებას, რომლის მიხედვითაც ხონიატეს ნაშრომიდან ციტირებული ფრაგმენტი ადასტურებს თამარის ისტორიკოსის ცნობას, იმპერატორის მიერ ქართველი ბერების გაძარცვას რომ ასახავს. თითქოს ისინი რომელიღაც გაძარცულ ხომალდზე იქნებოდნენ (თვარაძე ა., საქართველო და კავკსია ევროპულ წყაროებში. XII-XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალების საფუძველზე, 128). თამარის ისტორიკოსის მიხედვით, ქართველები კონსტანტინოპოლში გაძარცვეს, ხონიატე კი გადმოგვცემს ვაჭრების ზღვაში გაძარცვაზე, როდესაც ისინი ამინსოსკენ (სამსუნი) მიცურავდნენ. როგორც თამარის ისტორიკოსი გადმოგვცემს, ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე იმპერატორმა ალექსიმ. ბასილის პათოსი იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი ბოროტებას არავის აპატიებს (ბასილი ეზოსმოძღვარი, 142-143).
6. მიქაელ პანარეტოსი, ტრაპიზონის ქრონიკა. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი წერილით, შენიშვნებითა და საძიებლით გამოსცა ალექსანდრე გამყრელიძემ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 33, თბილისი, 1960, 165-166. შედარებისათვის მოვიყვან ა. ხახანაშვილის მიერ ბერძნულიდან რუსულად თარგმნილ ამონარდს „ტარპიზონის ქრინიკიდან“. „Царствование великого Комнена Кир-Алексея (1204 по Р. Хр). Кир-Алексей, великий Комнен, выступив из благополучного Константинополя, прибыл с иверийским войском, собранным усилиями при содействии со стороны его тетки по отцу Тамары 1, овладел Трапезундом в апреле месяце, VII инд. 6712 (1204 по Р. X.) на 22 г, своей жизни . Он царствовал 18 лет и умер в воскресенье недели православия, 1 февраля 6730 (1222), сорока лет от роду“ . Михаил Панарет, Трапезунтская хроника. Греческий текст с переводом, предисловием и коменрием, издал Александр Хаханов. Труды по востоковедению, издаваемые Лазаревским институтом восточных языков, Москва, 1905, 20. ა. ხახანაშვილის ეს ნაშრომი უარყოფითად შეაფასა კარპოვმა. Карпов С. П., История Трапезунтской Империи, 19, მაგრამ დადებითი შეფასება მისცა ს. ყაუხჩიშვილისა და ალ. გამყრელიძის თარგმანებს. ი. ფ. ფალმერაიერი პანარეტოსის მიერ დასახელებულ ალექსი კომნენოსის მამიდა თამარში კომნენოსების სხვა რომელიღაც ქართველ ნათესავს ხედავდა. Fallmerayer, Geschichte des Kaisertums von Trapezunt, 48, 59.
7. ბატიაშვილი, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, 98-99.
8. არსებობს საყურადღებო მინიშნება, რომ ლაშქრობაში იმერლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვა მხარეების რაზმებიც. ამ მხრივ საყურადღებო მაგალითია ბორჯომის რაიონის ცნობილი ტაძრის, ტიმოთესუბნის (კიმოთესუბანი, ბორჯომიდან 17 კმ) ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია XII-XIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 9, თბილისი, 1985, 719). ცნობილი ხელოვნებათმცოდნე დ. პ. გორდეევი ტაძრის დასავლეთის კედელზე მოთავსებული წმ. მეომრის ევგენი ტრაპიზონელის (ტრაპიზონის მფარველის) გამოსახულების შესწავლისას, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ წმინდანის კულტი მხოლოდ ტრაპიზონისათვის იყო მნიშვნელოვანი და იგი შესრულებული უნდა იყოს საქართველო-ტრაპიზონის ყველაზე ინტენსიური ურთიერთობის დროს, 1204-1230-იან წლებში, უფრო ზუსტად კი, თამარის მეფობის უკანასკნელ ან გიორგი-ლაშას მეფობის პირველ წლებში. წმ. ევგენი ტაძარში გამოსახეს ძმები შალვა და ივანე ახალციხელების ტრაპიზონის იმპერიის დაარსებაში მონაწილეობის აღსანიშნავად. Гордеев Д. П., Тимотесубани, საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1940, 48-49; Привалова Е. Л., Роспись Тимотесубани. Исследование по истории грузинской средневековой монументальной Живописи, Тбилиси, 1980, 121-122, 242.
9. Куник А. А., Основание Трапезундской империи в 1204, 723.
10. მ. გაბაშვილი ბასილი ეზოსმოძღვარის ნათქვამზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ „თამარ მეფემ ტრაპიზონის იმპერიის დაარსებისთანავე მიიერთა პაფლაგონია და შავი ზღვის ტერიტორიები, მათ შორის ისინიც, რასაც ქართული წყარო არ აზუსტებს და რომელსაც უკვე ბიზანტიური წყაროები აკონკრეტებენ. ბიზანტიური წყაროებივე (ნიკიტა ხონიატე, გიორგი აკროპოლიტე...) საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ პაფლაგონია და შავი ზღვის ზოგიერთი ტერიტორია თამარმა მაშინვე დაკარგა. იმავე წყაროების თანახმად, ამ ტერიტორიებისათვის უკვე დავით კომნენოსი იბრძვის“ (გაბაშვილი მ., თამარ მეფის საზღვაო პოლიტიკის ისტორიიდან, 166). არც ერთი წყარო არ აღნიშნავს თამარ მეფის მიერ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე რომელიმე ტერიტორიის დაპყრობას და საქართველოსათვის შეერთებას, თუნდაც მცირე ხნით. გიორგი აკროპოლიტეს (XIII ს. ბიზანტიელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი) ცნობას, ჩემი აზრით სწორი განმარტება დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. (გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ“, VII, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და კომენტარები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1967, 45-46, შენ. 2).
11. Шукуров Р. М., Великие Комнини и Восток (1204-1261), 77-78; მარგიშვილი ს., ლეგენდები და მითები დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 109.
12. Vasiliev Al., The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222), 20; Bryer An., David Komnenos and Saint Eleutherios. Archeion Pontou, 1988-1989, ვ. 29, 179-180; მარგიშვილი ს., ლეგენდები და მითები დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 109; ბატიაშვილი, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება, 99.
13. მარგიშვილი ს., ლეგენდები და მითები დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 279-280. დადგენილია, რომ შავი ზღვის სანაპიროს ქართული მოსახლეობა, განსაკუთრებით ლაზები, უხსოვარი დროდან ცნობილი მეზღვაურები იყვნენ. უფრო მეტიც, XI საუკუნეში შავი ზღვა „ლაზთა ზღვათაც“ კი იწოდებოდა. გაბაშვილი მ., ტრაპიზონის დაარსების წინაპირობები. დავით კურაპალატი , 122.
14. კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა), თბილისი, 1987, 231.
15. Tomaschek W., Zur historischen Topographie von Kleinasien im Mittelalter. Sitzungberichte der K. Akademie der Wissenschaften in Wien, Philos.-hist. Classe, CXXIV, 1891, 81.
16. Brosset M. F., Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIXe siècle, Saint Petersbourg, 1849, I-ère partie, 478.
17. ლ. ტუხაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია საქართველომ შავი ზღვისპერეთში მოაწყო ორი სამხედრო აქცია. პირველად თამარ მეფემ ქართველ ბერების გაძარცვისათვის დასაჯა ალექსი III ანგარი და ლაზია დაიკავა. მეორედ კი, ჯვაროსნების კონსტანტინოპოლზე დარტყმების პარალელურად სცადა დაეკავებინა მთელი მცირე აზია და შეექმნა ახალი ტიპის ბიზანტია. ტუხაშვილი ლ, ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან, 177-178. ეს ვარაუდი უკვე მტკიცებულების ფორმით გაიმეორა მ. სტეფნაძემ. მისი აზრით, თამარის ისტორიკოსი და მიქელ პანარეტოსი ორი სხვადასხვა ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობენ. პირველი მოაწყო საქართველოს სამეფომ 1202-1203 წლებში და დაპყრობილი მიწები შემოიერთა. მეორე ლაშქრობა ძმებმა კომნენოსებმა მოაწყეს ქართული ძალით და ტრაპიზონის იმპერიის გამოცხადებით დასრულდა. მ. სტეფნაძე იმავე მოსაზრებას იმეორებს შემდეგშიც, მაგრამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. სტეფნაძე მ., ტრაპიზონის იმპერიის დაარსების მიზეზებისათვის. ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 7, თბილისი, 2000, 161-162, 165.
18. ლოლაშვილი ი., შავთელი, თბილისი, 1964, 112-113; გამყრელიძე ა., ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის დაარსების ზოგიერთი საკითხი, წერილები, თბილისი, 1982, 260.
19. Brosset M. F., Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIXesiècle, 464-465.
20. Карпов Н. П., Образование Трапезундской империи (1204-1215),14.
21. Vasiliev Al., The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222), 5-29.
22. ცხორება და მოქალაქობა ღმერთ-შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისა სერაპიონისი. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I (V-X სს.), ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი, 1963, 344. როგორც ბიზანტიის კეისარი კონსტანტინე პორფიროგენეტი თავისი თხზულების დე ადმინისტრანდო იმპერიო-ს 42-ე თავში აღნიშნავს, „ეგრეთწოდებული ხალდია და მისი დედაქალაქი, რომელსაც ტრაპეზუნტი ეწოდება, ელინთა ახალშენები არიან...“ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვ. II. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი, 1952, 300). იმავე ავტორის ცნობით, „ხალდეამ თავის სახელი მიიღო სპარსთა (მიერ) მიცემული სახელწოდებისაგან და მათი პირვანდელი სამშობლოსაგან ხალდიისაგან, საიდანაც ისინი ხალდეველებად იწოდებიან“. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, IV, ნაკვ. II, 301. ქალდიის თემის შემადგენლობაში ხუფათის გარდა შედიოდა: კელძენე, აკამპსისი, ისპირი და მერღულის ტურმები. ნოდია ი., ქალდიის თემის საზღვართა დადგენისათვის, 795.
23. Vasiliev Al., The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222), 9-12, 17-18. გარინი ყარსია, ხოლო თეოდოსიოპოლისი კი, არზრუმი.
24. ქართველთა ლაშქრობის დაწყებას კონსტანტინოპოლის მიმართულებით, ასევე 1203 წლის ზაფხულში ვარაუდობდა თ. ჟორდანია (ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა ისტორიისა. შეკრებილი და ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ , I, ტფილისი, 1892, 291). ყურადღებას იპყრობს ს. მარგიშვილის, ჩემი აზრით, გაუმართლებელი კატეგორიულობა ქართველთა ლაშქრობის დაწყების დროის შესახებ. იგი წერს: „ვერც საქართველოს სამეფო კარი და ვერც ძმები კომნენოსები ვერ ისარგებლებდნენ ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე ლაშქრობის დაწყებისას მათ ეს ფაქტი არ ეცოდინებოდათ. ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს 1204 წლის 12-13 აპრილს..., ხოლო ქართულ-ბერძნულმა (გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ბერძნული ჯარი ქართული ჯარის გვერდით _ ე. მ.) არმიამ ტრაპიზონი დაიკავა იმავე წლის 23-25 აპრილს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჯვაროსნები იწყებდნენ კონსტანტინოპოლის შტურმს, ქართულ-ბერძნული არმია ალექსისა და დავითის მეთაურობით, უკვე მოძრაობდა ბიზანტიის ტერიტორიაზე“. მარგიშვილი ს., მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 274.
25. არასწორად გაიგო ბასილის ზმნა „მოეღო“ ტ. მაჭარაშვილმა და ფიქრობს, რომ მასში იგულისხმება ბიზანტიელების პოტენციური მოკავშირე აღმოსავლეთიდან _ საქართველო, საიდანაც დახმარება ვეღარ მიიღო. მაჭარაშვილი ტ., ნარკვევები საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიიდან (XI-XIV საუკუნეებში),92. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ახლოაღმოსავლური პოლიტიკას, ვეჭვობ, ბიზანტიის მთავრობას XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოდან დახმარების მიღების იმედი ჰქონებოდა. დავით კომნენოსი რომ კონსტანტინოპოლში ჯვაროსნების მოკავშირეობას ეძებდა, სავარაუდოა, ესეც საქართველოს მიერ კონსტანტინოპოლის დაცემამდე გატარებული ანტიბიზანტიური პოლიტიკის შედეგი იყო.
26. ქართლის ცხოვრება, II, 142.
27. ქართველების სამხრეთ შავი ზღვისპირეთში წარმატებული საქმიანობა რომ ხელს უწყობდა დასავლეთევროპელი ჯვაროსნების ინტერესების განხორციელებას მცირე აზიაში, თ. ჟორდანიამ შემდეგნაირად შეაფასა: „როგორც როკ-ედდინის დამარცხებით ისარგებლეს ფრანგებმა, ისრე აქაც თამარის ჯარისაგან ბერძნების დამარცხება ჩინებულად გამოიყენეს: შევიდენ კოსტანტინე-ქალაქში და დაიჭირეს 12 აპრილს იმავე 1204 წ. ამაზე თამარი შეწუხდა, მაგრამ გვიანღა იყო“ (ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა ისტორიისა. შეკრებილი და ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი და გამოცემული თ. ჟორდანიას მიერ, I, 291). როგორც ჩანს თ. ჟორდანია წყაროების უქონლობის მიუხედავად, ცდილობდა 1200-იანი წლების დასაწყისში ქართველთა წარმატებები ევროპელებისთვისაც სასიკეთო შედეგით ეჩვენებინა, მაგრამ რაც შეეხება ტრაპიზონის იმპერიის პონტოში წარმატებას, აქ კი ისეთ დასკვნებს აკეთებს, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღინიშნა, ქართულმა მხედრობამ ვრცელი მანძილი, ათას კილომეტრზე მეტი, ხოფადან ჰერაკლიამდე, ისე გაიარა, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას არსად შეხვედრია და, რა თქმა უნდა, არც ბერძნები დაუმარცხებია. მეორეც, თამარის იმ პერიოდის საგარეო პოლიტიკას თუ გადავხედავთ, დავით კომნენოსის მოქმედებით, შეიძლება მეფე მართლაც უკმაყოფილო იყო, მაგრამ ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, წყაროებში არ ჩანს.
28. ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან, ოთხი საისტორიო ნარკვევი ,59-60.
29. Vasiliev Al., The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222), .20.
30. Успенский Ф., Очерки из истории Трапезундской империи, Ленинград, 2003, 31.
31. ბატიაშვილი ზ., ტრაპიზონის იმპერიის დაარსება , 101.
32. დავით კომნენოსს პონტოში მომხრენი ეყოლებოდა, რადგან მისი პაპა ამდრონიკე კეისრის ტახტის დაკავებამდე პონტოს გამგებელი იყო. Vasiliev Al., The Foundation of the Empire of Trebizond (1204-1222), 5.
Комментариев нет:
Отправить комментарий