пятница, 13 января 2017 г.

გიორგი I-ის დიპლომატიიდან (გ. ნარიმანიშვილი)

შუა საუკუნეების ქართული დიპლომატიის მაღალი დონის და ცხოველი საგარეო ურთიერთობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გიორგი I-ის მიერ წარმოებული საერთაშორისო პოლიტიკა. კონკრეტულად ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველი მეფისა და ფატიმიან ხალიფა ალ-ჰაქიმს1 შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების განხილვა.
არაბი იტორიკოსის, იაჰია ანტიოქელის ცნობით საქართველოს მეფე გიორგი I ხალიფა ალ-ჰაქიმს მართლმადიდებლურ ბიზანტიაზე თავდასხმის გეგმას სთავაზობს2. ამ ისტორიულ ფაქტზე არაერთ ქართველ, თუ უცხოელ მეცნიერს შეუჩერებია თავისი ყურადღება3.
ჩვენი მიზანია იმის გარკვევა თუ რატომ აირჩია გიორგი I-მა მოკავშირედ მაინცდამაინც ხალიფა ალ-ჰაქიმი. ასევე საინტერესოა ისიც, თუ რა საშუალებებითა და გზებით შეიძლებოდა ქართველთა მეფესა და ფატიმიან ხალიფას შორის საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება.
1014 წელს ტახტზე ადის გიორგი I4. ბაგრატ III-მ5 შვილს გაერთიანებული, ძლიერი სახელმწიფო დაუტოვა. გიორგი I-ს გამეფებისთანავე განუდგა კახეთ-ჰერეთი6, მაგრამ ქართველთა მეფეს მეამბოხეთა შემომტკიცება არ უჩქარია. მას მთელი თავისი ყურადღება სამხრეთ საქართველოსა და ბიზანტიასთან დაპირისპირებაზე ჰქონდა გადატანილი. საისტორიო წყაროების მიხედვით გამეფებისას გიორგი I 18 წლის7, ზოგიერთი მონაცემით კი 12 წლის იყო8. გიორგის გამეფება კონსტანტინოპოლში ხელსაყრელ მომენტად მიიჩნიეს, რათა ქართულ მიწებზე თავისი პრეტენზიები განეცხადებინათ. გიორგის გამეფებისთანავე, 1014 წელს ბასილ II საქართველოს ახალგაზრდა მეფესთან წერილს აგზავნის და უბრძანებს მას უმალ დატოვოს ყველა ის ტერიტორია რაც დავით კურაპალატის სამფლობელოებიდან კეისარმა მამამისს, ბაგრატ III-ს უბოძა9. გიორგის პასუხის შესახებ გვიყვება სომეხი ისტორიკოსი არისტაკესი. იგი ამბობს, რომ გიორგიმ უხეშად და მედიდურად უპასუხა იმპერატორს, რაც ერთგვარი გამოწვევაც იყო. ქართველთა მეფე სწერდა კეისარს: „რაც კი მამაჩემს ეპყრა საგამგებლოდ, მისგან ერთ სახლსაც ვერავის მივცემო“10. განრისხებულმა და ქართველი მეფის ახალგაზრდობით გათამამებულმა იმპერატორმა „კუთვნილი“ მიწების ძალით დაბრუნება განიზრახა. 1015 წელს ბასილმა ტაოს დასაკავებლად დიდძალი ლაშქარი გაგზავნა.
ცნობა ამ ლაშქრობის შესახებ ქართულ წყაროებში არ მოგვეპოვება, თუმცა არისტაკესი მოგვითხრობს, რომ ქართველთა ლაშქარი ბერძნებს ვაჟკაცურად დაუხვდა და უკუაქცია იგი11. ამის შემდეგ გიორგი მეფემ ისარგებლა იმით, რომ ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II ბულგარეთთან ომით იყო დაკავებული და ბიზანტიის მიერ 1001 წელს მიტაცებული ქართული მიწების ნაწილი დაიკავა12.
ბიზანტიის წინააღმდეგ შეტევაზე გადასასვლელად აუცილებელი იყო ძლიერი ზურგი. ტახტზე ასვლისთანავე გიორგი მეფე კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცებას შეუდგა და ცოტა ხანში საქართველო რეგიონის წამყვან სახელმწოფოდ აქცია. ჩრდილოეთში გიორგი მეფეს მტკიცე ზურგი ჰქონდა. ჩრდილოკავკასიელი ხალხები ჯერ კიდევ მამამისმა, ბაგრატ III კურაპალატმა შემოიმტკიცა „ჯიქეთიდან ვიდრე გურგენადმდე“13, ასე რომ საქართველოს ჩრდილოეთიდან საფრთხე არ ემუქრებოდა. განჯის ამირა ფადლონი საქართველოს მოხარკე იყო. აღმავლობის გზაზე დამდგარი საქართველო XI საუკუნის დასაწყისისათვის კავკასიური სამყაროს გამაერთიანებლის როლს კისრულობდა და ასრულებდა კიდეც. ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ გიორგი I-ის მხარეზე ვასპურაკანის, ანისის და სხვა სომხური სამთავროები გამოდიოდნენ14. ქართული წყაროებიდან ჩანს, რომ გიორგის მიემხრო ცოტა ხნის წინ განმდგარი კახეთ-ჰერეთის სამეფოც, რომლის ჯარიც გიორგი მეფეს 1021 წელს თრიალეთში შეუერთდა15.
კავკასიაში პოზიციების განმტკიცება დასახული მიზნისკენ გადადგმულ პირველ, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, მაგრამ ბიზანტიასთან ფარტომასშტაბიანი ომისთვის ეს არ კმაროდა. აუცილებელი იყო ძლიერი მოკავშირის მონახვა, რაც ისეთი ფართო საგარეო პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა, რომელიც გასცდებოდა ლოკალურ რეგიონს და საქართველოს დიდ პოლიტიკურ არენაზე გაიყვანდა.
გიორგი I კარგად იცნობდა იმდროინდელ მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებას და ასეთი ძალაც გამონახა. ის დაუკავშირდა ფატიმიან ხალიფა ალ-ჰაქიმს. ქართველმა მეფემ მას შესთავაზა კეისრის წინააღმდეგ სამხედრო კავშირის შეკვრა და სამოქმედო გეგმაც წარუდგინა. გეგმის მიხედვით გიორგის ჩრდილოეთიდან და ალ-ჰაქიმს სამხრეთიდან ერთდროულად უნდა დაერტყათ ბიზანტიისთვის. ორმხრივი შეტევის შედეგად იმპერატორს ძალების გაყოფა მოუწევდა და მისი დამარცხება შედარებით ადვილი იქნებოდა16 ჩვენთვის საინტერესო ისტორიული მომენტის უკეთ და შეძლებისდაგვარად სრულად წარმოსაჩენად, აუცილებლად მიგვაჩნია მოკლედ გადმოვცეთ ხალიფა ალ-ჰაქიმის პიროვნული და პოლიტიკური პორტრეტი.
ალ-ჰაქიმი დაიბადა 985 წლის 13 აგვისტოს ხუთშაბათ დღეს, საღამოს ცხრა საათზე17. მას დარწმუნებით შეიძლება ეწოდოს თავისი დროისა და ალბათ, საერთოდ ისლამის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური მმართველი. მისი თანამედროვე ისტორიკოსი, იაჰია ანტიოქელი დაწვრილებით აღწერს ხალიფას ხასიათის ყველა ასპექტს და მას ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორსაც კი ადარებს18. იაჰიას სიტყვებით ხალიფა ხშირად სეირნობდა ღამის კაიროში. მისი სეირნობის დროს სავაჭრო დახლები და ბაზრები ღია უნდა ყოფილიყო, ამიტომ ღამით კაიროში ისეთივე ხალხმრავლობა იყო, როგორც დღის საათებში19. ისტორიკოსი გვიყვება, რომ ერთხელ, როდესაც ხალიფა ღამის ქალაქში სეირნობდა, ძაღლის ყეფამ შეაწუხა, მან უმალვე ბრძანა კაიროში ყველა ძაღლის დახოცვა, მონადირე ძაღლების გარდა20. როდესაც ხალიფა შეუძლოდ იყო და ცხენზე ჯდომა უჭირდა, მას ოთხი მონა საკაცით დაატარებდა. ალ-ჰაქიმი მათ დასვენების უფლებას არც დღისით აძლევდა და არც ღამით21.
ღამის სეირნობების დროს ალ-ჰაქიმი უბრალო ხალხისგან თხოვნებს იღებდა. ეს თხოვნები წერილობითი უნდა ყოფილიყო და არა უმეტეს ერთი ხაზისა. თხოვნა იწერებოდა ფურცლის მხოლოდ ერთ მხარეზე. ხალიფა მთხოვნელს მეორე დღეს გარკვეულ ადგილას იბარებდა, სახელოდან იღებდა თავის გადაწყვეტილებას, ან საჩუქარს და საკუთარი ხელით აძლევდა მას5. ალ-ჰაქიმი მოწყალებას უხვად არიგებდა და ჩვეულებრივი ხალხისთვის კეთილი მმართველი იყო. სამაგიეროდ მაღალი თანამდებობის პირების სიცოცხლეს მუდამ საფრთხე ემუქრებოდა. ყველა შიშის ქვეშ ჰყავდა. ის ცნობილი იყო თავისი სიფიცხითა და დაუოკებელი ხასიათით. ალ-ჰაქიმს შეეძლო ნებისმიერ მომენტში სრულიად უმიზეზოდ დაესაჯა რომელიმე მოხელე. მაგალითად, ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარდა თავისი შავკანიანი საჭურისი აინი. მიუხედავად ამისა, ერთ დღეს ყოვლად უმიზეზოდ ხალიფამ ბრძანა აინისთვის მარჯვენა ხელი მოეკვეთათ, მაგრამ მეორე დღეს უხვად დაასაჩუქრა. ცოტა ხანში ალ-ჰაქიმმა ასევე უმიზეზოდ ბრძანა მისთვის ენა ამოეჭრათ და იმწამსვე საჩუქრებით აავსო22.
მეტად საყურადღებოა ალ-ჰაქიმის რელიგიური რეფორმები. მაგალითად, მან აუკრძალა ქალებს ჯერ ღამით, შემდგომ კი საერთოდ გარეთ გამოსვლა23 1009 წელს მან აკრძალა იმ დროს ხალიფასადმი გავრცელებული მიმართვა: „ჩვენო მბრძანებელო“ (24(یا مولانا . მან მოუშვა გრძელი თმა და ფრჩხილები. იცვამდა ჯერ თეთრი, ხოლო შემდეგ შავი მატყლის ტანისამოსს, თავზე კი, შავი შემოსაკრავით გაწყობილ ცისფერ ჩალმას იხურავდა25. მაშინ, როდესაც მისი მემკვიდრე სასახლიდან ცხენზე ამხედრებული გამოდიოდა, ხალიფა სახედრით მიდიოდა მის გვერდით26. 1009 წელსვე მან ყველა მონა გაათავისუფლა27. ამავე დროს ალ-ჰაქიმმა ბრძანა, ყველა თავისი მხევალი ყუთებში ჩაესვათ, დაელურსმნათ და ნილოსში დაეხრჩოთ28. მან, ასევე ჩამოართვა მთელი უძრავი ქონება თავის დას, დედას, მამიდას და მის გარშემო მყოფ სხვა ქალებს29. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ვერსიით ალ-ჰაქიმის დედა ქრისტიანი იყო, ის მაინც გამოირჩეოდა შეუწყნარებლობით ყველა რელიგიისა და კონფესიის მიმართ, ისლამის შიიტური ფრთის გარდა. ალ-ჰაქიმის დროს დაიწყო ეკლესიების მასობრივი ნგრევა და მათ ადგილზე მეჩეთების შენება30. მისი ბრძანებით დაანგრიეს მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში31 და ალ-კუსაირის მონასტერი მუკატამის მთაზე32. ეკლესიების გარე კედლებზე ჯვრების გამოსახულებები ამომტვრეულ იქნა და ეს ადგილები შეილესა. ხალიფამ აკრძალა ყველა ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნა და ზარების რეკვა. აღდგა ძველი კანონი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს მძიმე ჯვრები, ხოლო იუდეველებს კი მძიმე ბურთები უნდა ჩამოეკიდათ კისერზე. ეს ბურთები, როგორც ჩანს, აღნიშნავდნენ ხბოს თავს, რომელსაც ებრაელები მოსეს რჯულის მიღებამდე თაყვანს სცემდნენ33.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხალიფა მფარველობდა მეცნიერებას. ალ-ჰაქიმის მმართველობის ხანაში დაარსდა დარ ალ-ჰიქმა (უნივერსიტეტი), სადაც მოღვაწეობდა მრავალი მეცნიერი (კადები, ასტრონომები, ფილოლოგები და სხვა). ასევე შეიქმნა ბიბლეოთეკა - დარ ალ-ისლამი. აქ ინახებოდა ათასობით წიგნი და ხელნაწერი, რომლებიც შეგროვილი იყო, როგორც ეგვიპტიდან, ისე მთელი ისლამური სამყაროდან34.
სწორედ ამ უცნაურ და არაორდინარულ პიროვნებას დაუკავშირდა ქართველი მეფე. რატომ იყო ეს, ერთი შეხედვით თითქოს ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, ერთადერთი სწორი ნაბიჯი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.
ნუთუ არ შეეძლო გიორგი მეფეს დაკავშირებოდა რომელიმე ევროპულ ქვეყანას ან რომის პაპს? ან კიდევ ნებისმიერ სხვა ისლამურ ქვეყანას? რას ეყრდნობოდა ქართველთა მეფე თავის გადაწყვეტილებაში და რა შედეგების იმედი ჰქონდა? რათა გავერკვეთ, თუ რას ისახავდა მიზნად გიორგი I, საჭიროა დაწვრილებით დავეცნოთ იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებას.
ბულგარეთთან კავშირის შეკვრა 1014 წლის შემდეგ შეუსრულებელ ამოცანად იქცა. გიორგი მეფის ტახტზე ასვლისთვის ეს ქვეყანა თავისი არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა. გიორგი I-ის გამეფების წელს, ანუ 1014 წელს, გარდაიცვალა ბულგარეთის მეფე სამუილ I35. ბიზანტიამ ამ დროისათვის თითქმის დაასრულა ამ ქვეყნის ანექსია36. აქედან გამომდინარე ბულგარეთის სამეფო ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოკავშირედ ვერ გამოდგებოდა. ასევე უნდა გამოირიცხოს ევროპის სხვა ქვეყნები და რომის პაპი37. ბიზანტიას საკმაოდ მტკიცე პოზიციები ეკავა ევროპაში და იმპერიასთან ღია კონფრონტაციაში ჩართვას ვერც ერთი ძალა ვერ ბედავდა. ამდენად, ევროპის ქვეყნები არ გამოდგებონენ ანტიბიზანტიური კოალიციის შესაქმნელად38.
ამ დროს ახლო აღმოსავლეთში შემდეგი ვითარებაა. აბასიანთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ამ რეგიონში შეიქმნა რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო39. ამ სახელმწიფოთა შორის ყველაზე ძლიერი იყო ფატიმიანთა სახალიფო. ფატიმიანები შიიტი მმართველები იყვნენ და სუნიტ აბასიანებს პირველობას ეცილებოდნენ. აბასიანები, რომელთა ძალაუფლება მესოპოტამიას აღარ სცილდებოდა, შიდა პრობლემების გადაჭრით იყვნენ დაკავებულები. ბიზანტიასთან ომში ჩაბმა აბასიანებისათვის დაღუპვის ტოლფასი იქნებოდა. აბასიანთათვის პირველი მტერი ფატიმიანები იყვნენ, ბიზანტია კი სისხლისმღვრელ ომში იყო ჩართული ფატიმიანებთან. აბასიანებს აწყობდათ არსებული სიტუაცია, როდესაც ორი დაუძინებელი მტერი ერთმანეთს ებრძოდა. წვრილ სახელმწიფოებს კი არც ძალუძდათ და არც აწყობდათ ბიზანტიასთან ურთიერთობის გაფუჭება.
ზემოთქმულიდან ჩანს, რომ აღმოსავლეთში არსებობდა მხოლოდ ერთი რეალური ძალა, რომელიც საქართველოს ბიზანტიის წინააღმდეგ ალიანსის შეკვრისთვის გამოადგებოდა და ეს ძალა ფატიმიანთა იმპერია იყო.
აბასიანი ხალიფას წინააღმდეგ საბრძოლველად ალ-ჰაქიმმა ღაზნას სუნიტ გამგებელ მაჰმუდ ღაზნევისთან კავშირის შეკვრა სცადა, მაგრამ ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ღაზნას მბრძანებელმა უარი თქვა გამოსულიყო თავისი ერთმორწმუნე ხალიფას წინააღმდეგ40. თუმცა ბრძოლოს მთავარი ხაზი ფატიმიანთათვის ჩრდილოეთ სირიაზე გადიოდა.
ალ-ჰაქიმის ქმედებიდან ჩანს, რომ იგი ეძებდა საგარეო კავშირებს დაუძინებელი მტრების წინააღმდეგ. ასეთივე ინტერესები ამოძრავებდა გიორგი მეფეს.
ამდენად, გიორგი მეფის წინადადება იძლეოდა შესანიშნავ შანსს შეკრულიყო ანტიბიზანტიური ალიანსი საქართველოსა და ეგვიპტეს შორის. ამ კავშირის საფუძველი არა რელიგია, არამედ პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედარა იყო. ორი განსხვავებული კულტურისა და რელიგიის მქონე ქვეყნის ინტერესები, გარკვეულ დროსა და ვითარებაში, ერთმანეთს დაემთხვა, რაც საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანი ძალით გამოსვლის საშუალებას იძლეოდა. როგორც ჩანს ორივე მხარემ კარგად იცოდა პოტენციური მოკავშირის მიზნები და ინტერესები.
ჩვენი აზრით, ალ-ჰაქიმი სრულ ინფორმაციას ფლობდა საქართველოზე და მის პოლიტიკურ ამბიციებზე. ასევე გიორგი მეფეც კარგად იყო გათვითცნობიერებული იმდროინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს კავშირი სასარგებლო უნდა ყოფილიყო ორივე მხარისათვის, რამდენადაც მათი ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა. ორივე მხარეს, შორს მიმავალ გეგმებთან ერთად, კონკრეტული მიზნებიც ჰქონდა. საქართველოს ინტერესი იყო დაებრუნებინა თავისი ისტორიული მიწები იმიერ ტაოში, ხოლო ფატიმიანთა მიზანს კი ჩრდილოეთ სირიაში თავისი ძალაუფლების განვრცობა წარმოადგენდა. ამ მიზნების მისაღწევად ორივე მმართველისათვის აუცილებელი იყო ბიზანტიის დასუსტება და დამარცხება.
იაჰია ანტიოქელის მოკლე ცნობა არ იძლევა პასუხს კითხვაზე თუ ვისი მეშვეობით უნდა მომხდარიყო კავშირის დამყარება, ან როგორ ვითარდებოდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიპტეს შორის.
პროფესორ ვალერიან გაბაშვილის აზრით საქართველო-ეგვიპტის დამაკავშირებლის როლში შეიძლებოდა თბილისის საამირო გამოსულიყო41.
თბილისი მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. აქ მრავალი ადამიანი იყრიდა თავს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. თუ გავიხსენებთ ისმაილიტური „და‘ვა“-ს42 მოქმედების არეალს43, ადვილი დასაშვებია, რომ ისმაილიტებს თბილისშიც ეწარმოებინათ თავიანთი პროპაგანდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, XII საუკუნეში ისმაილიტებმა მოკლეს თბილისის კადი. ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისმაილიტური „და‘ვა“ ითვალისწინებდა არა მარტო პროპაგანდას, არამედ დაზვერვასაც და პირველ რიგში პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა44. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ, რომ მოლაპარაკება ქართველთა მეფესა და ალ-ჰაქიმს შორის ისმაილიტი „და‘ი “-ების45 საშუალებით მიმდინარეობდა46.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ ქართველი და ეგვიპტელი დიპლომატები ერთმანეთს კონსტანტინოპოლში შეხვედროდნენ და მტრის დედაქალაქში ეწარმოებინათ მოლაპარაკება. ეს ვარიანტი დასაშვებია, მაგრამ რთული შესასრულებელი. ძალზე ძნელი იყო მოლაპარაკების წარმოება კონსტანტინოპოლში ბიზანტიური მსტოვრების ზურგს უკან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანტიბიზანტიური კოალიციის ჩამოყალიბების იდეა სწორად კონსტანტინოპოლში გაჩნდა.
ბიზანტიის დედაქალაქში თავს იყრიდნენ ელჩები და დიპლომატიური მისიები მთელი მსოფლიოდან. ეს იდეალური ადგილი იყო სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებისთვის, რათა გაეცნოთ ერთმანეთი და საჭირო ინფორმაცია შეეკრიბათ მათთვის საინტერესო პიროვნებასა თუ ქვეყანაზე. ფატიმიანთა დიპლომატიური მისიები არცთუ ისე იშვიათად სტუმრობდნენ ბიზანტიის დედაქალაქს (მაგალითად: 1000 და 1013 წწ.)47. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ მისიების დროს შეხვედროდნენ ქართველები ეგვიპტელ დიპლომატებს და საფუძველი ჩაეყარათ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.
როგორც შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს ანტიბიზანტიური ალიანსი ვერ შედგა. შეთანხმების განუხორციელობლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალიფა ალ ჰაქიმის უცაბედი გაუჩინარება გახდა.
ხალიფა ალ-ჰაქიმი გაუჩინარდა 1021 წლის 13 თებერვალს, სამშაბათ დღეს, 37 წლის ასაკში, აქედან 26 წელი მან ეგვიპტის ტახტზე გაატარა48. მთელი მისი ცხოვრების მსგავსად ხალიფას სიკვდილიც იდუმალებით არის მოცული.
არსებობს უამრავი ვერსია იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა ხალიფა. დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ დღეს ჩვეულებისამებრ ალ-ჰაქიმი მარტო წავიდა ღამით მუკატამის მთაზე49 სასეირნოდ და სასახლეში აღარ დაბრუნებულა. ამის შემდეგ ის არც ცოცხალი და არც მკვდარი არავის უნახავს. გამოთქმული ვერსიებიდან ყველაზე დამაჯერებელი მაინც ის არის, რომელიც მის მკვლელობაზე მიუთითებს. წყაროების უმეტესობა ხალიფას მკვლელობის მთავარ დამკვეთად მის დას, სით მულქს ასახელებს50. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონი მუდამ ჩრდილში იმყოფებოდა მაინც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა. ის ძმას ოპოზიციაში ჩაუდგა და პრობიზანტიური პოლიტიკის გატარებას ცდილობდა.
ალ-ჰაქიმის გაუჩინარების შემდეგ, სით მულქმა ჩამოიშორა ძმის მიერ დასახელებული მემკვიდრე, დამასკოს მმართველი აბდ არ-რაჰმან იბნ ილიასი, რის შემდეგაც ფატიმიანთა ტახტზე ადის სით მულქის პროტეჟე, ალ-ჰაქიმის შვილი, აზ-ზაჰირი51.
ახალი ხალიფას მამიდა თავის საგარეო კურსს არ ღალატობს და უმალ აგზავნის სამშვიდობო დელეგაციას ბასილ II-ის კარზე და ატყობინებს იმპერატორს ყველაფერს, რაც გაკეთდა ქრისტიანთა სასარგებლოდ ალ-ჰაქიმის გარდაცვალების შემდეგ. სით მულქი მშვიდობას სთავაზობს ბასილ II-ს, რაზეც იმპერატორი უარით პასუხობს52 ზოგიერთი წყაროს არაპირდაპირი მონაცემით ძმის სიკვდილიდან ერთ წელიწადში, მან ღალატით მოაკვლევინა ალეპოს ურჩი მმართველი, აზიზ ად-დავლაც53. სით მულქი გარდაიცვალა 1023 წლის 5 თებერვალს54.
როგორც ჩანს გიორგი მეფესაც ჰყავდა საკმაოდ ძლიერი პრობიზანტიური ოპოზიცია. ჩვენი აზრით ამ ოპოზიციის მთავარ ძალას ბაღვაშთა საგვარეულო წარმოადგენდა. თრიალეთის ერისთავები უარს ამბობდნენ ბაგრატიონთა მორჩილებაზე. როგორც მემატიანე აღნიშნავს: „სახლი ბაღვივაშთა სახლი განმამწარებელთა... რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს“55. ურჩი ერისთავები ჯერ კიდევ ბაგრატ III-მ დასაჯა და თრიალეთიდან განდევნა. გიორგი I-ის დროს ეს მხარე მეფის უშუალო გამგებლობაშია. თუმცა, 1021 წლის შემდეგ ბაღვაშები ისევ თრიალეთში ჩანან.
ბიზანტიის დახმარებით თავისი მიზნების განხორციელებას მელქისედეკ კათალიკოს-პატრიარქიც ცდილობდა. ის ორჯერ ჩავიდა ბიზანტიის კარზე და კეისრის მიერ ნაბოძები სიმდიდრით დაბრუნდა საქართველოში. პირველად ეს მოხდა ბაგრატ III-ის ზეობის დროს, როდესაც მცხეთის კათალიკოსი ბასილ II-ის კარზე ჩადის და სვეტიცხოვლის აღსადგენად დიდძალ თანხას ითხოვს და იღებს კიდეც56. მეორად კი გიორგი I-ს ზეობისას, როდესაც მელქისედეკი 1025 წელს ბაგრატის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ახალგამეფებულ კონსტანტინე კეისარს57 ეახლა და მდიდრული საჩუქრებით დაბრუნდა58.
ამგვარად, ბასილ კეისარს მრავალი საინფორმაციო წყარო გააჩნდა როგორც ბაგრატიონთა, ასევე ფატიმიანთა კარზე და ის მომზადებული შეხვდა შესაძლო ანტიბიზანტიურ ალიანსს.
1020 წელს ბულგარეთიდან დაბრუნებულმა ბასილ კეისარმა შეიტყო გიორგი I და ალ-ჰაქიმის მოლაპარაკებების შესახებ და უმალ სამხრეთისკენ დაძრა ლაშქარი. ფილიმილეში დაბანაკებულ იმპერატორს უეცრად მოსდის ცნობა ალ-ჰაქიმის გაქრობის შესახებ59. შეიტყო თუ არა ბასილ II-მ ხალიფას გაქრობის ამბავი, სასწრაფოდ საქართველოსკენ გამოემართა, რათა დაესაჯა ქართველი მეფე და გიორგის მიერ დაკავებული მიწები ისევ დაეპყრო.
გიორგი მეფემ ალ-ჰაქიმის სახით ძლიერი მოკავშირე დაკარგა, ხოლო ეგვიპტის ახალ ხელისუფლებას ბიზანტიასთან ომი აღარ სურდა. ქართველთა მეფემ რამდენჯერმა სცადა მარტო გამკლავებოდა ბიზანტიას, მაგრამ მისი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ბიზანტიის კეისარმა საქართველოში 1020-1021 წწ. ილაშქრა60. პირისპირ შეხვედრა ბასიანთან მოხდა, სადაც მოწინააღმდეგენი კარგა ხანს არ იწყებენ მოქმედებას. მერე ქართველებმა უკან დაიხიეს. ბიზანტიის დადევნებულ ლაშქარსა და ქართველთა შორის დიდი ბრძოლა გაიმართა არტაანთან, რომელიც კეისრის გამარჯვებით დასრულდა. უკან დახეული გიორგი I თრიალეთში გამაგრდა, სადაც მას მაშველი ძალა მოუვიდა. ბასილ II-მ კი ჯავახეთი დაარბია და გამოსაზამთრებლად ტრაპეზუნდში დაბრუნდა. ქსიფეს და ფოკას აჯანყების ჩახშობის შემდეგ კეისარი ისევ ბასიანში მოვიდა, სადაც ქართველები დამარცხდნენ და 1023 წელს გიორგი მეფემ ბასილ იმპერატორთან ზავი დადო61, რომლის მიხედვითაც ბიზანტიას გადაეცა 12 ციხესიმაგრე და დავით კურაპალატის მიწების ნაწილი. ასევე მან კონსტანტინოპოლში, სამი წლის ვადით, მძევლად გაუშვა თავისი შვილი ბაგრატი62.
მეფე გიორგი I აღესრულა 1027 წლის 15 აგვისტოს თრიალეთში, სოფელ მყინვარში და დაიკრძალა ქუთაისში5. მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება გიორგი მეფემ ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნებას შეალია. იმპერიასთან შეუპოვარი ბრძოლის გამო „მატიანე ქართლისა“ ქართველი მეფის ზებუნებრივ სიმამაცეზე მოგვითხრობს: „რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ ვითარცა უხორცო“63. აქვე აღსანიშნავია, რომ გიორგი I იყო პიველი ქართველი მეფე, რომელიც არცერთ ბიზანტიურ ტიტულს არ ატარებდა.
მატიანე ქართლისას ავტორი გამოხატავს გულისტკივილს ახალგაზრდა მეფის გარდაცვალების გამო და ამბობს: „გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არავინ იყო გამოჩენილ მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა, ... და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკვიდრთა მამულისა და სამეფოსა მისისითა. იგლოვეს ყოველნი სიკეთისა, და სიჭაბუკისა, და ახოვნებისა მისისთვის“64.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ეგვიპტეს შორის კავშირი ვერ განხორციელდა გიორგი I-ისა და ალ-ჰაქიმის მოლაპარაკებები ქართული და აღმოსავლური დიპლომატიის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო და სამაგალითო ფურცელს წარმოადგენს.
შენიშვნები
1. الحاكم بأمر الله المنصور - ალჰაქიმ ბიამრ ალლაჰ ალ-მანსურ. 985 – 1021 წწ. მეექვსე ფატიმიანი ხალიფა, მმართველობის წლები 996 – 1021 წწ.
2. یحیى بن سعید بن یحیى الانتاكي، تاریخ الانتاكي المعروف بصلة تاریخ أوتیخا. حققھ و و .380 ،( صنع فھارسھ أستاذ دكتور عمر عبد السلام تدمري (طرابلس، 1990
3. მარიამ ლორთქიფანიძე, საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, საქართველო XI – XV საუკუნეებში, ტომის რედაქტორები: ზ. ანჩაბაძე, ვ. გოჩუა (თბილისი, 1979), 177; ვალერიან გაბაშვილი, საქართველო - ეგვიპტის ურთიერთობის
ისტორიიდან (XI - XII სს.). _ თსუ. შრომები. ტ. 125 (თბილისი, 1968), 55-81; ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ. II (თბილისი, 1983), 133-136; ცქიტიშვილი ოთარ, მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისთვის გიორგი I -ს მეფობის ხანაში. საქართველოს გასსრ მეცნიერებათა აკადემია. მაცნე. #4 . თბილისი, 1968; გოჩა ბუაჩიძე, საქართველო, ბიზანტია და ფატიმიანთა სახალიფო. _ ქართული დიპლომატიის ისტორია, წელიწდეული 4 (თბილისი, 1997), 39-57; როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II (თბილისი, 2003), 11-16; ბენიამინ სილაგაძე, არაბთა ბატონობა საქართველოში (თბილისი, 1991), 186-210; Виктор Р. Розен. Император Василий Болгаробоица. Извлечения из летописи Яхьи Антиохииского (Санкт – Петербург, 1883), 61; Warren Treadgold, A History of the Byzantine State and Society (Stanford University Press, 1997), 529.
4. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, ქართლის ცხოვრება ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), 383.
5. ბაგრატ III - ქართველთა მეფე 975-1014 წწ. ბაგრატ V ტაოს ბაგრატიონთა შორის, ბაგრატ II აფხაზთა მეფე 978 წლიდან, ბაგრატ III ქართველთა მეფე 1001 წლიდან.
6. მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), 284.
7. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, 383.
8. მატიანე ქართლისა, 284.
9. X საუკუნის მეორე ნახევარში ტაოს მმართველმა, დავით III-მ, ბიზანტიის დახმარებით თავისი სამფლობელოები საგრძნობლად გააფართოვა. 976 წელს ბიზანტიის იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. იმპერატორმა ეს აჯანყება დავითის მხედრების დახმარებით ჩაახშო, რისთვისაც მას, სიცოცხლის ბოლომდე, სამართავად გადასცა ე.წ. „ზემონი ქვეყანანი“. ვითარება იცვლება 987-989 წლებში, როდესაც იმპერატორს ბარდა ფოკა აუჯანყდა. დავით III უკვე აჯანყებულებს უჭერს მხარს და მათ დასახმარებლად ლაშქარსაც აგზავნის, მაგრამ 989 წელს ბასილმა აბიდუსთან ფოკა დაამარცხა და ქართველთა ლაშქარი იძულებულ იქნა უკან დაბრუნებულიყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ იმპერატორს საშუალება მიეცა შური ეძია ფოკას მოკავშირეებზე და შეუდგა აჯანყებაში მონაწილეთა და მათ მომხრეთა დასჯას. მას შემდეგ რაც აჯანყების მოთავეები საკადრისად დასაჯა, ჯერი ტაოს გამგებელზე, დავით III კურაპალატზე მიდგა. ბასილი მის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემზადა, მაგრამ დავითმა თავი დამნაშავედ აღიარა, იმპერატორს პატიება სთხოვა და რადგანაც მემკვიდრე არ ჰყავდა, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, ბიზანტიის იმპერატორს მთელი თავისი სამფლობელოები უანდერძა. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კურაპალატი. ბასილი ტაოსკენ გაემართა, რათა დაეკავებინა მისთვის ნაანდერძევი დავითის სამფლობელოები. ტაოში მისულ იმპერატორს გურგენი და მისი ძე ბაგრატ III შეხვდნენ. ბასილს ამ მომენტისთვის მათთან ურთიერთობის გამწვავება არ აწყობდა, რადგანაც იმ დროს მისი ძირითადი საზრუნავი ბულგარეთთან ომი იყო და მან მამა-შვილი უხვად დაასაჩუქრა. ასევე ბაგრატს კურაპალატის ტიტული მისცა, ხოლო გურგენს - მაგისტროსის. ასევე სიცოცხლის ბოლომდე სამართავად მისცა მათ დავით III - ის სამფლობელოების ნაწილი.
10. არისტაკეს ლასტივერტეცი, ქართული დიპლომატიის ისტორია , რედ., რ. მეტრეველი, (თბილისი, 2004), 109.
11. არისტაკეს ლასტივერტეცი, ქართული დიპლომატიის ისტორია ,109.
12. ბუაჩიძე, საქართველო, ბიზანტია და ფატიმიანთა სახალიფო , 54; სილაგაძე, არაბთა ბატონობა საქართველოში, 189.
13. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, 382; მატიანე ქართლისა, 281.
14. ცქიტიშვილი, მასალები, 121.
15. მატიანე ქართლისა , 285.381 ; عبد المنعم ماجد ، الحاكم بأمر الله الخلیفة – 2 یحیى الانتاكي. تاریخ الانتاكي، 380.134 ،( المفترى علیھ (القاھرة، 1982 ლორთქიფანიძე, საქართველოს შინაპოლიტიკური ვითარება , 177.;86 ،( 3 محمد عبد الله عنان ، الحاكم بأمر الله و أسرار الدعوة الفاطمیة (القاھرة، 1959حسن إبراھیم حسن. تاریخ الدولة الفاطمیة في المغرب و مصر و سوریة و بلاد العرب (القاھرة،. 163 . ماجد، ، الحاكم ¤ 24 ،(1964
16. یحیى الانتاكي. تاریخ الانتاكي، 330
17.იქვე, 250; Адам Мец , Мусульманский ренесанс (Москва, 1973), 24
18. یحیى الانتاكي. تاریخ الانتاكي، 358
19. იქვე, 329.
20. იქვე, 329.
21. იქვე, 309.
22. იქვე, 307; Мец , Мусульманский ренесанс, 291.
23. იქვე, 300; De Lacy o’Leary D.D., A Short History of Fatimid Khalifate (London 1923), 132.
24. იქვე, 330.
25. იქვე, 300.
26. იქვე, 304; Мец , Мусульманский ренесанс, 258.
27. იქვე, 304.
28. იქვე, 279.
29. იქვე, 253.
30. იქვე, 380; Farhad Daftary, The Isma‘ilis, Their History and Doctrines, second edition. (Published by Cambridge University Press, 2007),180.
31. عنان، الحاكم بأمر الله، 282
32. Мец , Мусульманский ренесанс,58.
33. Daftary, The Isma‘ilis, 181.
34.  სამუილ I – კომიტოპულთა გვარის წარმომადგენელი. ბულგარეთის მეფე 980 – 1014 წწ. სამუილმა მთელი სიცოცხლე ბიზანტიასთან ბრძოლას შეალია.
35. Treadgold, A History of the Byzantine, 527.
36. ბენედიქტე VIII რომის პაპი 1012 – 1024 წწ.
37. Jonathan Shepard, Western Approaches. - The Cambridge History of the Byzantine Empire c. 500–1492. Edited by Jonathan Shepard (Cambridge University Press, 2008),557-558; Treadgold, A History of the Byzantine, 528.
38. Мец , Мусульманский ренесанс, 14.
39. عنان، الحاكم بأمر الله، 183 . حسن، تاریخ الدولة الفاطمیة 262
40. გაბაშვილი, საქართველო - ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან, 73.
41. دعوة  – და’ვა. არაბული სიტყვაა და ნიშნავს: „მოწოდება“; „დაპატიჟება“. ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობით რამდენჯერმე არის ნახსენები ყურანსა და თაფსირებში. ამ სიტყვამ პოლიტიკური დატვირთვა აბასიანთა ეპოქაში მიიღო და აღნიშნავდა პროპაგანდას. ფართოდ იქნა მიღებული ფატიმინათა მიერ, რომლებმაც შექმნეს ვრცელი პროპაგანდისტული ქსელი და „და’ვა“-ს საშუალებით მოუწოდებდნენ ყველა მუსლიმს ეღიარებინათ ისმაილიზმი და ისმაილიტი იმამის უზენაესობა.
42. ისმაილიტი პროპაგანდიტები აქტიურად მოღვაწეობდნენ მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მათი მოქმედების არეალში შედიოდა ერაყი, ირანი, იემენი, მცირე აზია, შუა აზია, კავკასია და სხვ.
43. Paul. E. Walker, The Isma‘ili Da‘wa and Fatimid Caliphate. – The Cambridge History of Egypt. Volume I, Islamic Egypt 640–1517. Edited by Carl F. Petry (Cambridge University Press, 2006), 141-142.
44. داع  და‘ი - „ის ვინც მოუწოდებს“. მისიონერი, მქადაგებელი ისლამის სხვადასხვა მომდინარეობებიში. „და‘ი“-ები განსაკუთებულ როლს თამაშობდნენ ისმაილიზმის გავრცელებაში. ფატიმიანთა ეპოქაში „და‘ი“-ები სპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და შემდეგ სხვადასხვა რეგიონებში იგზავნებოდნენ, რათა იმაილიზმი გაევრცელებინათ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოექციათ. გარდა რელიგიური მისიებისა „და‘ი“-ები ხშირად მსტოვართა როლსაც თამაშობდნენ.
45. გაბაშვილი, საქართველო - ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან, 76.. 184 . ماجد، الحاكم ¤ 133 –
46. عنان، الحاكم بأمر الله¤ 183
47. ماجد، الحاكم ¤ 180
48. მუკატტამის მთა – მთა კაიროს მახლობლად.
49. იქვე, 169;. حسن، تاریخ الدولة الفاطمیة¤ 167
50. الظاھر لإعزاز دین الله აზ-ზაჰირ ლი-ი‘ზაზი დინ ალაჰ. 1004–1036 წწ. მეშვიდე ფატიმიანი ხალიფა. მმართველობის წლები 1021–1036 წწ. 180 - ماجد، الحاكم ¤ 179
51. ماجد، الحاكم ¤ 134
52. Suhayl Zakkar, The Emirate of Aleppo 1004-1094 (Damsacus, 1982), 51.
53. Heinz Halm., Sitt al-Mulk, The Encyclopedia of Islam. New edition. vol. IX. Prepared by a number of leading orientalists. Edited by C.E. Bosworth, E. van Dozel, W. P. Heinrichs and the late G. Lecomte. Assisted by P.J. Bearman and Mme S. Nurit. Under the patronage of the International Union of Academics (Leiden E. J. Brill, 1997), 685.
54.  ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), 325-326.
55. მატიანე ქართლისა, გვ. 282.
56. Κωνσταντίνος Η კონსტანტინე VIII (960–1028 წწ.). მაკედონელთა დინასტიის წარმომადგენელი, იმპერატორ ბასილი II-ის ძმა. ბიზანტიის იმპერატორი 1025–1028 წლებში.
57. მატიანე ქართლისა, 290.
58.  ბუაჩიძე, საქართველო, ბიზანტია და ფატიმიანთა სახალიფო, 55; სილაგაძე, არაბთა ბატონობა საქართველოში, 193.
59. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ. II, 134.
60. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ. II, 136.
61. მატიანე ქართლისა, 289; სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა , 385.
62. იქვე, 290; იქვე, 385.
63. მატიანე ქართლისა, 285.
64. მატიანე ქართლისა, 290-291.
დამოწმებანი:
არისტაკეს ლასტივერტეცი, ქართული დიპლომატიის ისტორია, რედ., რ. მეტრეველი, თბილისი 2004.
ბუაჩიძე გოჩა, საქართველო, ბიზანტია და ფატიმიანთა სახალიფო, ქართული დიპლომატიის ისტორია, წელიწდეული 4, თბილისი 1997.
გაბაშვილი ვალერიან, საქართველო - ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან (XI-XII სს.). თსუ. შრომები. ტ. 125. თბილისი, 1968.
კოპალიანი ვასილ, საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წწ ., თბილისი, 1969.
ლორთქიფანიძე მარიამ, საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, საქართველო XI–XV საუკუნეებში, ტომის რედაქტორები: ზ. ანჩაბაძე, ვ. გოჩუა, თბილისი, 1979.
მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
მეტრეველი როინ, სამუშია ჯაბა, მეფეთ მეფე გიორგი II. თბილისი, 2003.
სილაგაძე ბენიამინ, არაბთა ბატონობა საქართველოში . თბილისი, 1991.
სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, ქართლის ცხოვრება ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
ცქიტიშვილი ოთარ, მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისთვის გიორგი I -ს მეფობის ხანაში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. „მაცნე“. #4, თბილისი, 1968.
ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითის ი, ქართლის ცხოვრება ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. ტ. II . თბილისი, 1983.
Мец Адам, Мусульманский ренесанс, Москва, 1973.
Розен Виктор Р.. Император Василий Болгаробоица. Извлечения из летописи Яхьи Антиохииского. Санкт-Петербург.
Daftary Farhad, The Isma‘ilis, Their History and Doctrines, second edition. Published by Cambridge University Press, 2007.
De Lacy o’Leary D.D., A Short History of Fatimid Khalifate, London 1923.
Halm Heinz, Sitt al-Mulk, The Encyclopedia of Islam. New edition. vol. IX. Prepared by a number of leading orientalists. Edited by C.E. Bosworth, E. van Dozel, W. P.
Heinrichs and the late G. Lecomte. Assisted by P.J. Bearman and Mme S. Nurit. Under the patronage of the International Union of Academics. Leiden E. J. Brill, 1997.
Shepard Jonathan, Western Approaches. The Cambridge History of the Byzantine Empire c. 500 – 1492. Edited by Jonathan Shepard . Cambridge University Press, 2008.
Walker Paul E., The Isma‘ili Da‘wa and Fatimid Caliphate. The Cambridge History of Egypt. Volume I, Islamic Egypt 640 – 1517. Edited by Carl F. Petry. Cambridge University Press. 2006.
Treadgold Warren, A History of the Byzantine State and Society, Stanford University Press, 1997.
Zakkar Suhayl, The Emirate of Aleppo 1004 – 1094, Damsacus, 1982.حسن إبراھیم حسن. تاریخ الدولة الفاطمیة في المغرب و مصر و سوریة و . بلاد العرب. القاھرة 1964
عنان محمد عبد الله. الحاكم بأمر الله و أسرار الدعوة الفاطمیة. القاھرة، .1959
ماجد عبد المنعم. الحاكم بأمر الله الخلیفة المفترى علیھ. القاھرة 1982

.1990 یحیى بن سعید بن یحیى الانتاكي. تاریخ الانتاكي المعروف بصلة تاریخ . حققھ و و صنع فھارسھ أستاذ
دكتور عمر عبد السلام تدمري، طرابلس

Комментариев нет:

Отправить комментарий