воскресенье, 15 января 2017 г.

ერთა ყრილობა კიევში 1917 წელს და საქართველო (ო. ჯანელიძე)

ქართული პოლიტიკური აზროვნების ფედერალისტური მიმართულება და სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მოღვაწეობა ჩვენს საისტორიო ლიტერატურაში ასე თუ ისე შესწავლილია1, მაგარამ ქართულ ენაზე არ მოგვეპოვება არანაირი პუბლიკაცია რუსეთის იმპერიაში შემავალ ერთა სოლიდარობის ან რაიმე სახის თანამშრომლობის შესახებ ფედერალისტური იდეის ირგვლივ. ხსენებული ხასიათის კვლევათა სიმრავლით ვერც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ისტორიკოსები დაიკვეხნიან.2 ამას, ალბათ, თავისი ახსნა აქვს: ჯერ ერთი, მსგავსი თანამშრომლობა მცირე ხანს გაგრძელდა და, მეორეც, ფედერალიზმის იდეა დიდად ჩამოუვარდებოდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროინდელ პოლიტიკურ ლექსიკაში ფართოდ დამკვიდრებულ ცნებებს: დემოკრატია, პროგრესი, დამფუძნებელი კრება და სხვა, რომლის შესწავლასაც შედარებით მეტი ყურადღება დაეთმო.
წინამდებარე სტატია მიზანად ისახავს, წარმოაჩინოს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის ხალხთა სოლიდარობისა და ეროვნული მოძრაობის ისეთი გამოვლინებისადმი, როგორიც იყო 1917 წლის შემოდგომაზე გამართული ერთა წარმომადგენლების ყრილობა კიევში.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მონარქია დაემხო. ეს სანიშანსვეტო მოვლენად იქცა, როგორც რუსი, ისე რუსეთის განაპირა, დაპყრობილი ხალხების და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. სათავე დაედო რომანოვთა იმპერიის რღვევას და ახალი, მძლავრი იმპულსი მიეცა ჩაგრული ერების განთავისუფლების პროცესს. რევოლუციამ ხელსაყრელი პირობები წარმოშვა უფლებააყრილ ერთა მისწრაფებების განხორციელებისათვის. თავისუფლების დროშა ერთბაშად აღმართეს ფინეთში, პოლონეთსა და უკრაინაში. ეროვნული თვითგამორკვევისათვის ბრძოლას მხარი მისცეს ბალტიისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის ხალხებმა.
ცარიზმის დამხობამ დროებით ქაოსი და ანარქია გამოიწვია. ასე იყო საქართველოშიც, მაგრამ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა ვითარების სტაბილიზება მოკლე დროში მოახერხეს. ვიდრე დროებითი მთავრობა კავკასიაში თავის რწმუნებულ სახელისუფლო სტრუქტურას შექნიდა, თბილისში დაარსდა მუშათა დეპუტატების საბჭო, რომლის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. მარტის პირველ რიცხვებში ასეთივე საბჭოები საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩამოყალიბდა. მათში უმრავლესობას ქართველი სოციალდემოკრატები (მენშევიკები) შეადგენდნენ.
საქართველოს იმ საგუბერნიო და სამაზრო ცენტრებში, სადაც რუსეთის სამხედრო ნაწილები იყვნენ დაბანაკებული, აღმოცენდა ჯარისკაცთა საბჭოები. ჯარისკაცთა არჩევით ორგანოებშიც მენშევიკები და ესერები ჭარბობდნენ. მალე თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოები გაერთიანდნენ. გაერთიანებულ საბჭოს სათავეში ნოე ჟორდანია ჩაუყენეს.3
მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებს ძალაუფლების სრული დაპატრონება არ უცდიათ, ისინი ხელისუფლებაზე რევოლუციური ზეგავლენით დაკმაყოფილდნენ და, მაშინდელი ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, „თებერვლის რევოლუციის მონაპოვართა დაცვა-განმტკიცებით“ შემოიფარგლნენ. ეს მონაპოვარი საკმაოდ სოლიდური იყო: ბოლო ეღებოდა ეროვნულ ჩაგვრას, აღიკვეთა დამსჯელი ექსპედიციები, გაუქმდა ჟანდარმერია და ოხრანკა, მოისპო ცენზურა, დემოკრატიული თავისუფლება თანდათან შლიდა ფრთებს.
საქართველოს ძირითადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალები ლოიალურად განეწყვნენ რუსეთის დროებითი მთავრობის მიმართ და მოიწონეს მისი გადაწყვეტილება _ მიენდოთ სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი დამფუძნებელი კრებისათვის, რომელიც ფართო დემოკრატიული გზით ახლო მომავალში აირჩეოდა.
ეროვნულ საკითხში ისეთი რადიკალური ძალაც კი, როგორიც ეროვნულ-დემოკრატიული მიმდინარეობა იყო, მიესალმა დროებითი მთავრობის შექმნას და მას ნდობა გამოუცხადა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხარდაჭერა არ ყოფილა უპირობო: „რუსეთის ახალმა მთავრობამ უნდა იცნოს და აღიაროს ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების უზენაესობა, აღიაროს ოფიციალურად, საქვეყნოდ... რომანოვების გვარმა ამ ასთექვსმეტი წლის წინათ საქართველოს სრულიად უსამართლოდ სახელმწიფოებრივი უფლება წაართვა. დაე, ახალმა მთავრობამ მოსპოს ეს უსამართლობა და დაგვიბრუნოს პოლიტიკური ავტონომია... ქართველი ერი ამას მოითხოვს და თუ რუსეთის ახალ მთავრობას ეს სამართალი მოაქვს ჩვენთვის, კეთილი იყოს მისი დამკვიდრება... თუ არადა ქართველობა მასთან ორგანულ სააღმშენებლო მუშაობას ვერ გასწევს და უმიზნო მსხვერპლის გაღებას უნდა ერიდოს“4 – აცხადებდნენ ეროვნულ-დემოკრატები.
ეროვნულ-დემოკრატებს არ ჰქონიათ გადაჭარბებული წარმოდგენა საქართველოს პოლიტიკურ ძალთა რეალურ შესაძლებლობაზე. „ცხრაას ხუთის შეცდომები არ გავიმეოროთ. პატარა ერი ვართ, გავუფრთხილდეთ ყოველი ქართველის სიცოცხლეს“ – აცხადებდა სპირიდონ კედია და მოუწოდებდა „გონების სიფრთხილისა და გრძნობის ზომიერებისაკენ.“5 მოსახლეობას ფრთხილ, წინდახედულ და გონიერ მოქმედებას ურჩევდა ქართული პრესაც. „ქართველებო, შეგნებულათ, შეერთებულათ, დინჯათ!“ – მოუწოდებდა გაზეთი „საქართველო“.
1917 წლის 12 მარტს ამ გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა მიხეილ ადამაშვილის (ჯავახიშვილი) წერილი „თავისუფალი საქართველო თავისუფალ რუსეთში“. პუბლიკაციის სათაური ერთხანს ეროვნულ-დემოკრატთა პოლიტიკურ დევიზადაც იქცა. იგი არსებითად საქარველოსათვის 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით მინიჭებულ უფლებათა აღდგენის მოთხოვნა იყო.
ასეთივე ლოზუნგი იმავდროულად იმპერიის სხვა ჩაგრულ ხალხებშიც გაჩნდა. ამ ხალხთა რადიკალური პარტიებიც კი რუსეთისაგან სწრაფი ჩამოშორების მოთხოვნას არ აყენებდნენ.6 აღსანიშნავია, რომ ლოდინის ტაქტიკა უფრო მეტად იყო დამახასიათებელი ქართველი სოციალ-დემოკრატი მენშევიკებისა და ფედერალისტებისათვის (ბოლშევიკების მოქმედებას აქ არ ვეხებით, რადგან ისინი არსებული წყობილების არა გარდასაქმნელად, არამედ ძალადობრივი გზით დასამხობად იბრძოდნენ).
როგორ უნდა მიეღწია ქართველ ერს თავისი ისტორიულ უფლებათა აღიარებისათვის? ვის უნდა მიეცა მისთვის ავტონომიური მართვა-გამგეობა? – ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ითხოვდა პასუხის გაცემას. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამ კითხვების გადაწყვეტის ორ შესაძლო გზა განიხილებოდა: ერთი – რუსეთის დამფუძნებელი კრება და მეორე – საერთაშორისო კონგრესი, რომელიც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა მსოფლიო ომის დამთავრებას.
ნაწილს არ სწამდა, რომ რუსეთის თუნდაც განახლებული ხელისუფლება, – „რუსის დემოკრატია“ და მისი დამფუძნებელი კრება გადაჭრიდა საქართველოს თავისუფლების პრობლემას. მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატი დავით ვაჩნაძე სკეპტიკურად უყურებდა ამ შესძლებლობას და წერდა: „ჩვენ არა გვწამს, რომ ერთს მშვენიერ დღეს ჩრდილოელი მეზობელი მოვა და კეთილი სამარიტელივით მალამოს დასდებს ყველა ჩვენს ჭრილობას.“7 „საქართველოს ტერიტორიულ ავტონომიის საკითხი არა მოწყალების საკითხია, არამედ პირდაპირი იურიდიული ხასიათის მოთხოვნაა“ – მიუთითებდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ და დასძენდა: „ამ მოთხოვნით საერთაშორისო კონგრესზე უნდა წარვსდგეთ, იქ უნდა ვიომოთ მთელის ძალღონით, ბრძოლის ფუძედ კი გვექნება 1783 წლის ხელშეკრულება.“8
რუსეთის მრავალეროვნული სახელმწიფოსათვის დიდი გამოწვევა იყო ერთაშორისი ურთიერთობების პრობლემა, რომელიც ახალ, რევოლუციურ ხელისუფლებას წინამორბედისაგან მემკვიდრეობით გადაეცა. სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმა დროებით მთავრობას არ შეუცვლია, რუსეთი კვლავ უნიტარულ სახელმწიფოდ რჩებოდა, მაგრამ აღინიშნებოდა ხელისუფლების დეკონცენტრაცია - ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციათა და კომპეტენციის ნაწილი რეგიონარულ ორგანოებს გადაეცემოდა.9
ცნობილია, რომ 1917 წლის 1 სექტემბერს დროებითმა მთავრობამ რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, იქნებოდა ეს რესპუბლიკა უნიტარული თუ ფედერაციული. მანამდე, დროებით მთავრობასთან არსებულმა განსაკუთრებულმა კომისიამ, რომელსაც მომავალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავება ევალებოდა, მოამზადა მისი მუხლების მონახაზი ავტონომიის (ფედერაციის) შესახებ. ხაზს უსვამდა რა სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და განუყოფლობის პრინციპს, პროექტი ფინეთისათვის რუსეთის შემადგენლობაში განსაკუთრეებულ სტატუსს ითვალისწინებდა, ასევე დასაშვებად მიაჩნდა საოლქო ავტონომიები, მაგრამ არაფერს ამბობდა ავტონომიის უფლებაზე ეროვნული ნიშნით, დოკუმენტში სიტყვაც არაა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის თაობაზე და უგულვებელყოფილია ერთა უფლების პრინციპი თვითგამორკვევის შესახებ.10
ეს პროექტი სრულად ასახავდა რუსეთის იმდროინდელი მთავარი პოლიტიკური ძალის, კადეტთა პარტიის მსოფლმხედველობას და პროგრამულ დებულებებს. კადეტებს შეუძლებლად მიაჩნდათ რუსეთის მოსახლეობისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება ნაციონალური ნიშნით.
დროებითი მთავრობა არ ჩქარობდა, მისი პოლიტიკა ეროვნულ საკითხში არათანმიმდევრული, წინააღმდეგობრივი და გაუბედავი იყო. რუსეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი მთავრობა კვლავინდებურად დამფუძნებელი კრების პრეროგატივად მიიჩნევდა. ამ ფონზე ნაციონალური ელიტების მოთხოვნები იზრდებოდა და ფართოვდებოდა.
არარუსი ხალხები თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის ფედერაციულ გარდაქმნას მოელოდნენ, რასაც თვალნათლივ ცხადყოფს ამ ხლხების ინტერესთა წარმომჩენი ძირითადი პოლიტიკური პარტიების პროგრამათა ანალიზი.11 საგულისხმოა ისიც, რომ ზოგიერთი ხალხი მსგავს მისწრაფებას ეროვნულ თუ რელიგიურ ფორუმებზეც გამოხატავდა. კერძოდ, 1917 წლის მაისში მოსკოვში გამართულმა სრულიად რუსეთის მუსლიმთა ყრილობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკად ჩამოყალიბებას მოითხოვდა ეროვნულ-ტერიტორიულ-ფედერაციულ საწყისებზე.12
1917 წლის ივნისში უკრაინამ ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის შექმნა გამოაცხადა. უმაღლესი ხელისუფლება კიევში ჩამოყალიბებულ ცენტრალურ რადას დაეკისრა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ, ა. კერენსკის ხელმოწერილი ოქმით, აღიარა მისი ლეგიტიმურობა.13
სამხრეთ კავკასიაშიც შეუნელებლად იზრდებოდა თვითგამორკვევისაკენ სწრაფვა. მუსლიმთა საგანგებო ყრილობამ შექმნა მუსლიმური ეროვნული კომიტეტი, რომელმაც საქართველოში თავისი ფილიალი გაიჩინა. დაშნაკთა ინიციატივით ჩამოყალიბდა სომეხთა ეროვნული კომიტეტი. საკუთარი ეროვნული საბჭოები შექმნეს საქართველოში მოსახლე რუსებმა, ასევე აფხაზებმა და ოსებმა. ქართველები ყველა მათგანს ჩამორჩნენ. ეროვნული იდენტობის ძიებისა და თვითგამორკვევის გზაზე ისინი 1917 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ იმით დაკმაყოფილდნენ, რომ ეკლესიის ავტოკეფალია აღიდგინეს და პოლიტიკურ პარტიათა გამაერთიანებელი ორგანო, „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო“, დააფუძნეს.
1917 წლის აგვისტოში, დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსკოვში მოწვეულ იქნა რუსეთის ისტორიაში უმაგალითო ხალხთა კრება, რომელსაც სახელმწიფო თათბირი უწოდეს. მის მუშაობაში მრავალრიცხოვან სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლების გარდა სხვადასხვა საზოგადოებრივი, კოოპერატიული, სავაჭრო და სამრეწველო ორგანიზაციების, სამეცნიერო და სამხედრო წრეების, ცალკეულ ეროვნებათა, მუშებისა და ჯარისკაცთა დელეგატები მონაწილეობდნენ. ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის – ოზაკომის სახელით თათბირზე სიტყვა წარმოთქვა აკაკი ჩხენკელმა. მან განაცხადა: „ამიერკავკასიის ერნი თანაზიარნი არიან არა თუ მარტო ერთმანეთს შორის, არამედ მთლიანად რუსისა და სხვა ხალხებთან, რომლებიც ცხოვრობენ დიდ სახელმწიფოში... ჩვენ აღარ გვყავს „ინოროდცები“ რუსეთში, არის მხოლოდ ერთადერთი რუსი ხალხი. ჩვენ, ბედნიერნი ვართ, რომ გვაქვს ერთი სამშობლო.“14 ეს იყო ოფიციალური პირის, ამიერკავკასიაში დროებითი მთავრობის რწმუნებულის, თვალსაზრისი და არა საქართველოს პოზიცია.
ქართველი ერის გულისთქმა უფრო მკაფიოდ გამოხატა იოსებ მაჭავარიანმა, რომელიც შეკრებაზე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით გამოვიდა. მან შემდეგი სიტყვებით მიმართა თათბირის მონაწილეებს: „თუ რუსეთის მდგომარეობით გამოწვეული შიში და თქვენი სამშობლოსადმი სიყვარული გულწრფელი არის, თუ თქვენი დაპირება, რომ ამ ომს თქვენ აწარმოებთ ჩაგრულ ერთა განთავისუფლებისათვის, არ არის აღვირახსნილი მოტყუება მთელი ქვეყნისა, მაშინ ნაციონალური პატიოსნება რუსეთის ერისა პირდაპირ გავალებთ, რომ დაუყოვნებლივ აღდგენილ იქმნენ პოლიტიკური უფლებანი საქართველოსი.“15
ქართველ დელეგატის ამ გამოსვლას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. როგორც გაზეთი „საქართველო“ შენიშნავდა: „მოსკოვის თათბირზე გაძახილი ქართველის ხმა დიდ თეატრის დარბაზის კედლებშივე ჩაკვდა: ხელმწიფების მქონე ხალხი მას არ გამოეხმაურა.“16 გაზეთის პუბლიცისტს აქ მხედველობაში ჰყავდა რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს მიმართ თავისი დამოკიდებულება მართლაც არ გამოუხატავს. მაგრამ, ზოგადად, ამ თათბირზე კერენსკიმ არათუ მხარი დაუჭირა ჩაგრულ ერთა მისწრაფებებს, არამედ თითქმის რეალობად ქცეული ფინეთისა და უკრაინის თავისუფლებაც კი გაკიცხა.
რუსეთის საზოგადოებრივ აზრს შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს მომლოდინე პოლიტიკა, რომელიც აკაკი ჩხენკელმა კიდევ ერთხელ ცხადად გამოთქვა იმავე პერიოდში პეტროგრადში მოწვეულ დემოკრატიულ თათბირზე. რუსი მწერალი და ჟრნალისტი სერგეი კონდურუშკინი (1873-1919) გაზეთ „ზემლიაში“ დაბეჭდილი წერილით საგანგებოდ გამოეხმაურა ჩხენკელის ხენებულ გამოსვლას. ავტორმა მოიწონა ა. ჩხენკელის სიტყვა და მიესალმა პოზიციას, რომ ქართველებს არ სურთ დამატებითი სიძნელე შეუქმნან რუსეთს - საერთო სამშობლოს. კონდურუშკინმა შეაქო ქართველები იმისათვის, რომ ისინი „რწმენით და მოთმინებით იცდიან,“ რომ მათ „გამოიჩინეს სახელმწიფოებრივი ნიჭი“ და სხვ. ს. კონდურუშკინის სტატია მთავრდებოდა ფრაზით: „თითქოს მზადაა ყველა პირობა, რომ „ქართული რესპუბლიკა“ გამოცხადდეს. მაგრამ ქართველებში კეთილშობილური სიდინჯე და დარბაისლობაა. ... ქართველები იცდიან.“17
ხსენებული ამბებიდან ახლო ხანებში, უკრაინის ცენტრალური რადას ინიციატივით, კიევში რუსეთის ერთა ყრილობა გაიმართა.
ამ ხალხმრავალი ფორუმის იდეა სრულიად უკრაინის ეროვნულ კონგრესს ეკუთვნოდა, რომელმაც 1917 წლის აპრილში დაავალა ცენტრალურ რადას, მოეწვია იმ ერების წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებდნენ რუსეთის ფედერაციული მოწყობის პრინციპს ან პოლიტიკური ავტონომიის მოპოებას ესწრაფვოდნენ.18 ცენტრალურმა რადამ ინფორმაცია ყრილობის თაობაზე იმპერიის ყველა კუთხეში დაგზავნა. მონაწილეობის მსურველ თითოეულ ერს შეეძლო ყრილობაზე ათკაციანი დელეგაცია გაეგზავნა. რუსეთის ჩაგრულ ერთა წარმომადგენლების შეკრებას წინ უძღოდა მრავალი ისეთი ფაქტი და მოვლენა, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა ყრილობის შემადგენლობასა და მიმდინარეობაზე. კერძოდ, ყრილობის მუშაობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ ფინელებს, ხოლო პოლონელები მხოლოდ სტუმრის (დამკვირვებლის) სტატუსითა და მოკლე მისალმებით შემოიფარგლნენ. პოლონეთისა და ფინეთის საკითხს, როგორც ადრე, ახლაც საერთაშორისო ჟღერადობა ჰქონდა,19 რის გამოც ამ ერთა მესვეურები თავისუფლებისათვის ბრძოლაში რუსეთის შიდა შესაძლებლობებს დიდ ანგარიშს აღარ უწევდნენ.
ფინეთმა ჯერ კიდევ 1917 წლის მარტში ავტონომია გამოაცხადა და დაიწყო მზადება სრული დამოუკიდებლობისათვის. დროებითმა მთავრობამ დაამტკიცა ფინეთის დიდი სამთავროს კონსტიტუცია და სათანადო მანიფესტით ქვეყანას ავტონომიურობა დაუდასტურა.20 ივლისში ფინეთის სეიმმა მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავდა პეტროგრადის კომპეტენციებს საგარეო და სამხედრო პოლიტიკის საკითხებში. საპასუხოდ დროებითმა მთავრობამ დაითხოვა სეიმი,21 რომლის შენობა რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიკავეს, მაგრამ დანიშნა ახალი არჩევნები.22 ასეთ დაძაბულ ვითარებაში, ფინეთის პოლიტიკურ ძალებს კიევში წარმომადგენლების გაგზავნაზე არც უფიქრიათ.
რაც შეეხება პოლონეთს: 1916 წლის აგვისტოში, გერმანიისა და ავსტრიის ჯარებით ოკუპირებულ ქვეყანაში პოლონეთის სამეფოს შექმნა გამოცხადდა. 1917 წლის მარტში რუსეთის დროებითმა მთავრობამ ცნო პოლონეთის უფლება დამოუკიდებლობაზე რუსეთთან „თავისუფალი სამხედრო კავშირის“ პირობით.23
კიევის ყრილობის წინ მიაჩნდათ, რომ ერთა წარმომადგენლების შეკრება იმ ძალების დიდი დემონსტრაცია იქნებოდა, რომლებიც ამა თუ იმ სახით ავტონომიის იდეას ემხრობიან და რუსეთის მომავალ დამფუძნებელ კრებაში შეძლებდნენ კოლექტიურად დაპირისპირებოდნენ ცენტრალისტურ მიდრეკილებას. სჯეროდათ, რომ ყრილობა არა მხოლოდ ფორმას გამოძებნიდა, არამედ საშუალებასაც იპოვიდა ეროვნული საკითხის გადასაჭრელად. განსაკუთრებული აღფრთოვანება ქართველ ფედერალისტთა შორის შეიმჩნეოდა. მათი პარტიული ორგანო „სახალხო საქმე” შენიშნავდა, რომ ეროვნული ბრძოლის მოედანზე ახალი ხანა იშლება; ეროვნული საკითხი თავს აღწევს თეორიის სფეროს და პრაქტიკულ საქმედ გვევლინება. „ერები გამოდიან ხელიხელჩაკიდებული, საერთო იმედითა და გეგმით გაერთიანებულნი.“24 იგივე გაზეთი ერთ-ერთ მოწინავე წერილში მიუთითებდა: „თვით სინამდვილემ დაამტკიცა ფედერალიზმის სიცოცხლე. ... ფედერალისტური აზროვნება რუსეთის სახელმწიფოებრივ აზროვნებად გადაიქცა. ... ფედერალიზმი ისეთი აზროვნებაა, რომელიც მოკლე ხანში შესაძლებელია საფუძვლად დაედოს რუსეთის სახელმწიფო წესწყობილებას.“25
ფედერალისტთა ამგვარ ოპტიმიზმი გადაჭარბებულად მიაჩნდა ეროვნულ-დემოკრატიულ პერიოდულ გამოცემას გაზეთ „საქართველოს“. 1917 წლის 14 სექტემბრის გაზეთის მოწინავეში გამოთქმული იყო აზრი, რომ „ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის იდეას დიდი შანსი არა აქვს თუ საკითხი საკანონმდებლო გზით წავიდა. ... თვით ჩაგრულ ერებშიც საკმაოდ ძლიერია ცენტრალისტური ტენდენციები. ... კულტუროსან ერთაგან პოლონეთმა დამოუკიდებლობა მიიღო, ფინლანდია სრულ გამოყოფას სცდილობს. ... ეს საგრძნობლად შეამცირებს კულტუროსანი პერიფერიების ძალას და ველიკოროსების პოლიტიკურ წონას გაადიდებს.  ამგვარად, არ შეიძლება ითქვას, რომ ჩაგრული ერების პერსპექტივები მაინცა და მაინც სახარბიელო იყოს დღესდღეობით. დღევანდელი მთავრობაცა და საკუთარი მდგომარეობაც ამ ერებს ლოდინს უკარნახებს დამფუძნებელი კრების მოწვევამდე, დამფუძნებელ კრებაში კი ადვილი მოსალოდნელია დამარცხება, ვიდრე გამარჯვება.“26
რაც შეეხება ქართველ სოციალ-დემოკრატებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ინდეფერენტულად განეწყვნენ ერთა ყრილობის მიმართ. მათ თავიანთი წარმომადგენელი არ გაუგზავნიათ კიევში და დიდი ხალისით არც ინფორმაცია გაუვრცელებით ამ მოვლენის შესახებ. მენშევიკური პარტიული „ერთობა“ მხოლოდ დეპეშების რუბრიკით გამოქვეყნებული მოკლე ცნობებით შემოიფარგლა და ისიც მხოლოდ სამი დღის განმავლობაში (16-19 სექტემბერი), მაშინ, როდესაც თათბირი ერთი კვირა გაგრძელდა.
სოციალ-დემოკრატების ამგვარი პოზიცია გააკრიტიკა ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სამსონ ფირცხალავამ. მისი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატები შედიან ეროვნულ საბჭოში, მათ მაინც დიდი შიში აქვთ ეროვნების. „მათ პრაქტიკულ მუშაობას აშკარად ემჩნევა უნდობლობა ერისა, ეროვნებისა, ეროვნული შემოქმედებისა. რუსეთის რევოლუციას თუ იხსნის რამე, - მხოლოდ ერების შემოქმედება. ...არა შიში ეროვნებისა, არამედ იმედი ეროვნებისა - აი, რა უნდა იყოს სადღეისო ლოზუნგი.“27
ცნობილია, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატი მენშევიკები ეროვნული სეპარატიზმის წინააღმდეგი იყვნენ, რაც მათი აზრით, ხელს შეუშლიდა „საერთო დემოკრატიზაციის პროცესს“. ისინი კმაყოფილდებოდნენ კულტურული ავტონომიის მოთხოვნით და უარყოფდნენ პოლიტიკური ავტონომიის იდეას. ეს თვალსაზრისი ფეხმოკიდებული იყო სოციალ-დემოკრატიის მიმდევარ მრავალრიცხოვან მასაშიც, განსაკუთრებით გლეხურ წრეებში. შემთხვევით არ წერდა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“: „ავტონომია რომ ახსენო, ამის გაგონებას [გლეხობას - ო. ჯ.] თხუთმეტი წლის კატორღა ურჩევნია, ხანჯალზე აგაგებს.“28 ამ გარემოებას ნოე ჟორდანიაც ეხებოდა და მიუთითებდა: „როგორი ხონჩითაც არ მიგერთმია ქართველი ხალხისათვის პოლიტიკური ავტონომია, ხონჩიანად უკან დაგიბრუნებდაო.“29
ფედერალისტები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ქართველი ხალხი, რომ ავტონომია ერის ყოველმხრივი განვითარებისა და დაწინაურების აუცილებელი პირობაა.30 ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის მიღწევას ეროვნულ საკითხში საქართველოს პროგრამა-მინიმუმად სახავდა ავტონომისტთა ჯგუფი, რომელშიც ივანე გომართელი, პავლე საყვარელიძე და სხვ. შედიოდნენ.31
აღსანიშნავია, რომ 1917 წლის აგვისტოში ი. გომართელმა ცალკე ბროშურად გამოსცა ნაშრომი „საქართველოს ტერიტორიალური ავტონომია ანუ ეროვნულ-ტერიტორიალური თვითმმართველობა“.
რა აზრისა იყო ქართველი საზოგადოების ნაწილი - უპარტიო ინტელიგენცია ეროვნულ საკითხში? დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქართული დემოკრატიული ინტელიგენცია იზიარებდა საქართველოს ავტონომიის იდეას და მის დროულ მიღწევას მოითხოვდა. ეს კარგად ჩანს დუტუ მეგრელის ლექსიდან „პატარა სიმღერა“, რომელიც იმხანად დაიბეჭდა. ლექსში ასეთი სტრიქონებია:
„უკრაინა და ფინეთი,
ესტონეთი და ლიტვია
ერთის გრძნობით გამსჭვალულან,
ერთ მიზნისკენ მიილტვიან:
ყველას თავისუფლება სურს,
თავგანწირვით იბრძვის მისთვის...
შენ რას უცდი საქართველოვ?!
რატომ შენი ხმა არ ისმის...
როგორც ქართველს თავი მომწონს
წერეთლით და ჩხეიძეთი,
რომ თაყვანს სცემს, ვით უკეთესს
თვის ბელადებს მთლად რუსეთი
და საწყენად მხოლოდ ის მაქვს,
ის აღმივსებს გულს სევდითა,
რომ ჩვენებურ ვინინჩენკოს32
ვერა ვხედავთ მათ გვერდითა...“
საქართველოს ავტონომიისაკენ მოუწოდებდა ჟურნალ „თატრისა და ცხოვრების“ რედაქტორ-გამომცემელი იოსებ იმედაშვილიც,33 ასეთივე აზრს ავითარებდა ჟურნალი „განათლება“ და სხვ.
ასეთი ვითარება იყო ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში, როდესაც 1917 წლის შემოდგომაზე კიევში ერთა წარმომადგენლების ყრილობა დაინიშნა.
ყრილობა 1917 წლის 8 სექტემბერს კიევის პედაგოგიური მუზეუმის დარბაზში გაიხსნა. მის მუშაობაში 93 დელეგატი მონაწილეობდა (ზოგიერთი ცნობით, დელეგატთა რიცხვი 92-ს შეადგენდა), რომლებიც ასე იყვნენ წარმოდგენილნი: ბელორუსი - 8, ლატვიელი - 10, ლიტველი - 10, ებრაელი - 10, ესტონელი - 4, მოლდოველი - 4, პოლონელი - 6, კაზაკი - 10, თათარი - 10, თურქი - 5, უკრაინელი - 9, რუსი - 3, ქართველი - 2. კიევის ერთა ყრილობას საქართველოდან ორი წარგზავნილი, ფედერალისტი იოსებ ბარათაშვილი და ეროვნულ-დემოკრატი იოსებ მაჭავარიანი ესწრებოდა.
ყრილობა გახსნა და შეკრებილთ მიესალმა ცენტრალური რადას თავმჯდომარე, ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ გრუშევსკი, რომელიც ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობის პრეზიდიუმში მის გარდა არჩეულ იქნენ უკრაინის, ლატვიის, ლიტვის, ყირიმელ თათართა და საქართველოს წარმომადგენლები. ქართველთაგან ეს პატივი წილად ხვდა იოსებ ბარათაშვილს.34
მ. გრუშევსკიმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ყრილობაზე ჩამოვიდა და დარბაზში იმყოფებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი მ. სლავინსკი. უკრაინელი პოეტი და პუბლიცისტი მ. სლავინსკი პეტროგრადში მოღვაწეობდა. დროებით მთავრობაში მას მინდობილი ჰქონდა განსაკუთრებული თათბირის ხელმძღვანელობა, რომელიც პროვინციების რეფორმის საკითხებზე მუშაობდა.35
მ. გრუშევსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ყრილობას მოჰყვება რეალური ზომები, რადგან „ყველას უნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ერების სატუსაღოს მაგიერ ერების სასახლედ გარდაიქცეს.“36 მომხსენებლის აზრით, ფედერაციას დამოუკიდებლობისაკენ კი არ მივყავართ, არამედ იგი სხვა პერსპექტივის გზაა, რომელიც კაცობრიობის მოწინავე მოაზროვნეებმა ადრევე გაკვალეს: ეს არის გზა ევროპის ფედერაციიდან მსოფლიო ფედერაციისაკენ.37
დროებითი მთავრობის სახელით სიტყვა წარმოსთქვა მ. სლავინსკიმ. მან აღნიშნა: „მინისტრთა თავმჯდომარემ დამავალა გადმოგცეთ, რომ თავისუფალი რუსეთი მხოლოდ დეცენტრალიზებული შეიძლება იყოს.“38 ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დროებითი მთავრობა დამფუძნებელ კრებამდე უფლებამოსილი არ არის, დააკანონოს ფედერაციული წყობილება, მაგრამ იგი ხელს არ შეუშლის მუშაობას ადგილებზე ავტონომიის მიმართულებით. მ. სლავინსკის სიტყვით, რუსეთის რევოლუციამ არნახული ბიძგი მისცა ეროვნულ იდეას, თუმცა ეროვნული ჩაგვრა პოლიტიკური თავისუფლების პირობებშიც შეიძლება განვითარდეს. ამიტომ ისეთი სისტემა უნდა იქნას შემოღებული, რომ ეს ჩაგვრა აღარ იყოს, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ფედერაციული მოწყობისას. მთავრობამ უკვე გამოაცხადა რესპუბლიკის შექმნა. იმედია, დამფუძნებელი კრება ნაბიჯს უკან არ გადადგამს და გზას გაუხსნის ფედერაციულ წესრიგს. რუსეთი ვებერთელა ქვეყანაა, ახალი წეს-წყობილება ერთბაშად ვერ დამკვიდრდება. ამას დიდი მოსამზადებელი მუშაობა დასჭირდება და ასეთი სამუშაო უნდა გასწიოს დღევანდელმა ყრილობამაც.39 გამოთქმულია მოსაზრება, რომ გამოსვლის ბოლო ნაწილი პირადად მ. სლავინსკის შეხედულებას გამოხატავდა და არა დროებითი მთავრობისას,40 მაგრამ ამის გარკვევას ახლა არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. ყრილობის პლენარულ სხდომებზე რამდენიმე მოხსენება მოისმინეს. მათ შორის, ი. გაევსკის (უკრაინელი სოციალისტრევოლუციონერი): „ფედერაცია სახელმწიფო სამართლის თეორიის შუქზე,“ ბ. ვოროხოვის (ებრაული სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაცია „პოალე-ციონი“): „ფედერალიზმი ეკონომიკური თვალსაზრისით,“ ნ. სირიკინის (სიონისტი): „სახელმწიფო ერი და ეროვნული სახელმწიფო“ და ა. კუშნირის (უკრაინელი სოციალ-დემოკრატი) „ფედრალური შტატები.“ შემდეგ წარიმართა სექციური მუშაობა.
საქართველოს წარგზავნილთ ტრიბუნა ყრილობის მეორე დღეს დაეთმოთ. სიტყვით პირველი იოსებ მაჭავარიანი41 გამოვიდა. იგი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით მიესალმა ტარას შევჩენკოს სამშობლოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს. შემდეგ მან მოკლედ მიმოიხილა ქართველთა და უკრაინელთა ბედის მსგავსება მეფის თვითმპყრობელობის პირობებში. ი. მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა და საქართველო რუსეთს დაუკავშირდნენ 1654 და 1783 წლების ტრაქტატების ძალით, მაგრამ რომანოვთა რუსეთმა ვერაგულად დაარღვია ეს ხელშეკრულებები და მფარველობის მოიმედე ქართველი და უკრაინელი ერები მძიმე მონობის უღელქვეშ მოაქცია.
ორატორის სიტყვით, ახლა, როდესაც ძველი რუსეთი დაიმსხვრა და „მონობის ჯაჭვი“ დაწყვეტილია, რუსეთის ხალხმა ეროვნული პატივის და სახელის ძალით დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს იმ ერთა პოლიტიკური უფლებანი, რომელნიც რუსეთის შემადგენლობაში შედიან.
ი. მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „ყოველ ხალხს, რაგინდ მცირე იყოს იგი თუ დიდი, აქვს თანასწორი უფლება დამოუკიდებელი არსებობისა. საჭიროა ძლიერი ეროვნული ორგანიზაცია და ერთსულოვანი მუშაობა რუსეთის ერთა შორის. საჭიროა ფაქტობრივი განხორციელება საკუთარი უფლებისა, რათა მივაღწიოთ ჩვენი სამშობლოს პოლიტიკურ უფლებათა აღდგენას.“ უკრაინამ დაიწყო ეს საქმე. ჩვენც ამ გზით მივდივართ – აღნიშნა ქართველმა დელეგატმა და განმარტა, რომ, თუ აქამდე საქართველო ხმას არ იღებდა, ეს მთელი კავკასიის მრავალფეროვნებით აიხსნება. დღეს ეს სიძნელე გადალახულია. „თუ ქართველი ერი საუკუნეთა სარბიელზე ატარებდა აღმართულ საღმრთო სიყვარულს პოლიტიკური თავისუფლებისადმი, თუ იგი 3 ათასი წლის განმავლობაში ეთაყვანებოდა ამ ღმერთს, დღესაც ამავე გზით მიდის თავისუფლებისაკენ მომზირალი,“ – დასძინა ი. მაჭავარიანმა და გამოსვლა ასე დაასრულა: „ყოველი ერი, ვისაც არ ჩაჰქრობია უკეთილშობილესი გრძნობა სიყვარულისა თავისუფლებისადმი, ყველა ხალხი, ვისაც შერჩენია შემოქმედებითი ძალა და ძლიერი ენერგია თავისუფლების მოსაპოვებლად, იგი ჩვენთან ერთად იქნება, ჩვენ გამოგვყვება.“42
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წარმომადგენელიმა იოსებ ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ძმური თანხმობით ცხოვრობდა ყველა ხალხთან, განსაკუთრებით კი ამიერკავკასიის მუსლიმებთან. რევოლუციურმა მთავრობამ ვერ შეძლო იმ წინააღმდეგობების დაძლევა, რომლებიც ხელს უშლიან ახალი ცხოვრების მშენებლობას. მართალია, ძველმა რეჟიმმა მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა, მაგრამ, რუსეთის ხალხებს შესწევთ მასთან გამკლავების ძალა თუ მიაღწევენ სასურველ თანხმობას. ამისათვის კი საჭიროა გართიანება თანასწორობის, ძმობისა და ურთიერთსიყვარულის ლოზუნგით.
ი. ბარათაშვილის აზრით, ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკასაც კი არ ძალუძს სრულად დააკმაყოფილოს ერების მოთხოვნები. როდესაც ცნობენ პიროვნების თავისუფლებას, უფრო მეტად უნდა ცნონ ერის, როგორც კოლექტიური პიროვნებისუფლება.
ი. ბარათაშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ უკრაინის დემოკრატიამ შეძლო თავისი მისწრაფების ხორცშესხმა და დღეს მისი ავტონომია უკვე რეალობაა. ქართველი დელეგატი არ მოერიდა რუსეთის ხელიუფლების კრიტიკას. მისი სიტყვით, ერთა ყრილობა მოიწვია რადამ და არა დროებითმა მთავრობამ, რომელიც თითქოს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული, მაგრამ არ ვიცით, რომელია ეს საკითხები. და ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი დგას დიდი საშიშროების წინაშე, როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარების მხრივ. ხსნის გზა სახელმწიფოს სრული დეცენტრალიზაციაა, რომელიც არ ნიშნავს დაშლას.43
ორატორმა მადლობა გადაუხადა უკრაინის ცენტრალურ რადას ყრილობის ორგანიზებისათვის. მან მოუწოდა რუსეთის ერებს, ძმურად გაუწოდონ ერთმანეთს ხელი და შექმნან ერთნაირი პირობა ცხოვრებისა არამპყრობელ ერებისათვისაც. გამოსვლა კი დაასრულა ფრაზით: „საქართველო ახლო ხანში იტყვის თავისუფალ სიტყვას თავის ბედის შესახებ.“44
ყრილობამ მიიღო რამდენიმე რეზოლუცია, რომლებშიც ნათქვამია: 1. რუსეთში მცხოვრებ ყოველ ერს ეროვნულ-პერსონალური ავტონომიის დამყარების უფლება აქვს; 2. ეროვნულ-ავტონომიური ინსტიტუტის კომპეტენციასა და შინაურ ორგანიზაციის ფორმას აწესებს ამა თუ იმ ერის დამფუძნებელი კრება.
ყრილობამ აგრეთვე საჭიროდ სცნო ეროვნებათა საბჭოს დაარსება, რომელსაც რუსეთში ავტონომიური და ფედერაციული წეს-წყობილების დასამკვიდრებელი ღონისძიებანი უნდა შემუშავებინა.45 ეროვნებათა საბჭომ, რომლის ადგილსამყოფლადაც ქალაქი კიევი განისაზღვრა, პრეზიდიუმის თავმჯდომარედ მ. გრუშევსკი აირჩია. პირველი რიგის ამოცანად საბჭოს დამფუძნებელი კრებისათვის წარსადგენი ფედერაციის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაეკისრა.46
კიევში გამართული ერთა ყრილობა, როგორც წარმომადგენლობითი პოლიტიკური ფორუმი, საერთო რუსეთის მასშტაბის თვალსაჩინო მოვლენა იყო. მან ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას და ფართო უფლებებით აღჭურვილი ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიების ჩამოყალიბებას.
ყრილობის დელეგატები სულდგმულობდნენ იმედით, რომ მათი შეკრება იქნებოდა პირველი ქვა ევროპის, შემდეგ კი მსოფლიო ხალხთა ფედერაციული ერთობის მშენებლობაში. მ. გრუშევევსკის მოგონებების თანახმადაც, ერთა ყრილობამ მის მონაწილეთა მაღალი ჰუმანური მიდრეკილებანი, საზეიმო განწყობა, აღმავლობა და ენთუზიაზმი გამოავლინა, მაგრამ ეს იყო და ეს. ყრილობა ისტორიაში დარჩა, როგორც „ხალხთა ოქროს სიზმარი.“47
სავსებით სწორია უკრაინელი მკვლევარი ვ. სტოიკო, როდესაც დაასკვნის: ვერ შეძლო რა ეპასუხა დროის მოთხოვნისათვის, ფედერალიზმი უნდა ჩამოსულიყო ისტორიის სცენიდან. ხოლო ხალხთა ყრილობა, რომელსაც ამ მსოფლმხედველობის დამკვიდრების გზაზე ქვაკუთხედის როლი უნდა ეთამაშა, მხოლოდ დაკარგული შესაძლებლობებისა და დამსხვრეული ილუზიების მონუმენტად დარჩა.48
ერთა ყრილობა, ცარიზმის დამხობით გამოწვეულ ახალ სინამდვილეში, რუსეთის იმპერიის ხალხებისათვის იყო თანაცხოვრების უკეთესი ფორმის ძიების მაგალითი, დემოკრატიის ზღურბლზე მდგომ, მომავლის რუსეთში ფედერალიზმის დამკვიდრების თავისებური ტესტი, რასაც ვერ მოჰყვა სასურველი შედეგი.
კიევის ყრილობამ გაფანტა ეიფორიის ბურუსი და არარუს ხალხებს რეალობაში დაბრუნებისაკენ უბიძგა. პეტროგრადის დემოკრატიულ თათბირზე, რომელიც კიევის ყრილობის დასრულებისთანავე გაიხსნა, ბელორუსიისა და უკრაინის წარმომადგენლებმა უკვე ერების შეუზღუდავი თვითგამორკვევის უფლება მოითხოვეს.49
გარკვეული ცვლილება აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სამოქმედო ტაქტიკაშიც. პოლიტიკურმა პარტიებმა ახლა კურსი ქვეყნის შიგნით ეროვნულ კონსოლიდაციზე აიღეს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გ. ვეშაპელის სიტყვით: „ვერც რუსეთის დროებითი მთავრობა, ვერც დამფუძნებელი კრება და ვერც საერთაშორისო კონგრესი საქართველოს საკითხს ვერ გადასწყვეტს სათანადოდ... ქართველი ერის ნებისყოფის კანონიერი ორგანო არის მხოლოდ საქართველოს ეროვნული კრება, რომლის მოწვევა უნდა იქცეს ინტერპარტიული საბჭოს უმთავრეს მიზნად.“50 ფედერალსტთა პარტიაც მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა საქართველოს შიდა ძალების შეკავშირება, საერთო პოლიტიკური პლატფორმის შემუშავება და ეროვნული ყრილობის მოწვევა, რომელიც „უზენაესი გამომხატველი იქნება საქართველოს ნებისყოფისა.“51
ამის პარალელურად, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები განაგრძობდნენ საქმიანობას საქართველოს ეროვნული უფლებების აღიარებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მისაღწევად. ვარლამ ჩერქეზიშვილის, მიხეილ წერეთლის, გიორგი მაჩაბლისა და სხვა ქართველ პატრიოტთა ძალისხმევით საქართველოს საკითხი თანდათან საერთაშორისო პოლიტიკის ორბიტაშიც ექცეოდა.
კიევის ყრილობის შემდგომ ქართული პოლიტიკური სპექტრის ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის გააქტიურდა და უფრო მიზანმიმართულ გახდა.
შენიშვნები
1. შველიძე დ., პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში. ფედერალისტები, თბ., 1993; დ. ონიკაძე, სოციალისტ-ფედერალისტები, თბ., 2008.
2. ისტორიოგრაფიული მიმოხილვისათვის იხ. Файзрахманов А. Ш. Проблема государственного устройства на национальных съездах западных регионов России в 1917 г. Казань, 2010.
3. ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009, 98.
4. ასათიანი ა., ძველი და ახალი მემკვიდრეობა, წგნ. 1, ვალანტინეი, 1928, 139-140.
5.  გაზ. „საქართველო“, 1917 წ., 14 მარტი.
6. ენდრიუ ეზერგაილის, თჰე Lატვიან Lიბერალს ანდ ტჰე Fედერატივე თრადიტიონ დურინგ ტჰე 1917 ღევოლუტიონ (Lიტუანუს Lიტჰუანიან Qუარტერლყ ჟურნალ ოფ Aრტს ანდ შციენცეს, Vოლუმე 17, #3 - Fალლ 1971). ასევე, Г. Рзаева, Революция в Закавказье (1917-1918 годы), Віче № 6, 2010
7. გაზ. „საქართველო”, 1917 წ., 21 სექტემბერი.
8. გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1917 წ., 30 მაისი.
9. Хованских А.Ю., Закрепление принципа федерализма в период Временного правительства, март-октябрь 1917 года.
10. Воронов С.Н., Национальный вопрос и временное правительство; ასევ, Хованских А.Ю. Закрепление принципа федерализма в период Временного правительства, март-октябрь 1917 года.
11. Анисин Ю.В., Национальные проблемы России в программах и тактике партий революционно-демократического лагеря. М., 1991; ასევე, Национальный вопрос в России в программных документах политических партий, организаций и движений России. Начало XX века: Документы и материалы. Томск, 1998.
12. Рзаева Г., Революция в Закавказье (1917-1918 годы), Віче № 6, 2010; ასევე, Исхаков С.М.,
Российские мусульмане и революция (весна 1917 г.— лето 1918 г.) М., 2004.
13. Павленко Ю., Храмов Ю., Укра'шська державнють у 1917- 1919 рр. (историко-генетичний аналь). Киев, 1995, 43.
14 გაზ. „საქართველო“, 1917 წ., 19 აგვისტო.
15. გაზ. „საქართველო“, 1917 წ., 23 აგვისტო.
16. გაზ. „საქართველო“, 1917 წ., 10 სექტემბერი.
17. გაზ. „საქართველო“, 1917 წ., 30 სექტემბერი.
18. Солдатенко В. Ф., Українська революція. Історичний нарис: Монографія. К.: Либідь, 1999, 143.
19. Файзрахманов А. Ш., Проблема государственного устройства на национальных съездах западных регионов России в 1917 г.
20. Воронов С.Н., Национальный вопрос и временное правительство 
21. Молчанов Л., О межгосударственном размежевании России и Финляндии в 1917–1920 годах. Международная жизнь. 2009. № 12, 122–134. 4 გაზ. „ერთობა“, 1917 წ., 6 სექტემბერი.
22. Сб. указов и постановлений Временного правительства. Вып.1, отд.VII, №1.
23. გაზ. „სახალხო საქმე“, 1917 წ., 8 სექტემბერი.
24. გაზ. „სახალხო საქმე“, 1917 წ., 14 სექტემბერი.
25. გაზ. „საქართველო“, 1917 წ., 14 სექტემბერი.
26. გაზ. „სახალხო საქმე“, 1917 წ., 16 სექტემბერი.
27. ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1917, #23, 3.
28. ო. ჯანელიძე, 26 მაისიდან 25 თებერვლისაკენ, თბ., 1990, 8.
29. ჟურნ. „განათლება“, 1917, #3, 200.
30. ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1917, #25, 2-3.
31. მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ვლადიმირ ვინინჩენკო იყო უკრაინის ცენტრალური რადას ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
32. ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 1917, #27, 5-6: #38, 2.
33. ცნობილი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ი. ბარათაშვილი ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1906 წელს იგი რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწვევის სათათბიროს დიდხანს მუშაობა არ დასცალდა, იმპერიის მაღალ სახელმწიფო ორგანოში მონაწილეობამ ი. ბარათაშვილს ავტორიტეტი შესძინა.
34. ჰტტპ://ესტნაუკი.რუ/ისტორიყა/8-სტატიი-პო-ისტორიი/376-უკრაინსკოენაციონალნო -ოსვობოდიტელნოე-დვიზჰენიე.ჰტმლ
35. „ერთობა“, 1917 წ., 16 სექტემბერი.
36. В. Стойко, З’იзд народიв у Києв ი 1917 року.
37. გაზ. „ერთობა“, 1917 წ., 16 სექტემბერი.
38. Iсторичнი зошити. О. П. Реєнт, Б.І.Андрусишин, З’იзд поневолених народიв,
39. ჰტტპ://ესტნაუკი.რუ/ისტორიყა/8-სტატიი-პო-ისტორიი/376-უკრაინსკოენაციონალნო-
ოსვობოდიტელნოე-დვიზჰენიე.ჰტმლ
40. იოსებ მაჭავარიანი - ქართველი მთარგმნელი და პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ცნობილი წარმომადგენელი იყო.
41. „საქართველო“, 1917 წ., 26 სექტემბერი.
42. Iсторичнი зошити. О. П. Реєнт, Б.І.Андрусишин, З’იзд поневолених народიв,
43. „სახალხო საქმე“, 1917 წ., სექტემბერი. ასევე,ჰტტპ://მირსლოვარეი.ცომ/ცონტენტ_პოლ/სეზდ-ნაროდოვ-ი-ობლასტეჯ-როსსიი-სეზდნაროდოვ-ფედერატივნყჯ-სეზდ-6755.ჰტმლ
44. გაზ. „სახალხო საქმე“, 1917 წ., 21 სექტემბერი.
45. ჰტტპ://ესტნაუკი.რუ/ისტორიყა/8-სტატიი-პო-ისტორიი/376-უკრაინსკოენაციონალნო-ოსვობოდიტელნოე-დვიზჰენიე.ჰტმლ
46. Iсторичнი зошити. О. П. Реєнт, Б.І.Андрусишин, З’იзд поневолених народიв,
47. В. Стойко, З’იзд народიв у Києв ი 1917 року.
48. Воронов С.Н. Национальный вопрос и временное правительство 
49. გაზ. „საქართველო“, 1917 წლის 13 სექტემბერი.
50. გაზ. „სახალხო საქმე“, 1917 წ., 16 სექტემბერი.

Комментариев нет:

Отправить комментарий