понедельник, 16 января 2017 г.

რუალ ამუნდსენი - პოლუსთა ძიებაში

     ცნობილი ნორვეგიელი მოგზაურისა და პოლარული მკვლევარის რუალ ამუნდსენის დამსახურება გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორიაში განუზომლად დიდია. მან პირველად გაიარა კანადის სანაპიროსთან ჩრდილო-დასავლეთის გზით, პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს და კ. შპიცბერგენიდან ჩრდილოეთ პოლუსზე გავლით იფრინა ალასკამდე. მან მთელი სიცოცხლე მოანდომა პოლარული ქვეყნების კვლევას, რითაც ბევრჯერ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში და ბოლოს მაინც პოლარულ ყინულებში ჰპოვა სამუდამო სამყოფელი.
         რუალი დაიბადა 1872 წლის 16 ივლისს ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პატარა ქ. ბორგეში (ქ. სარპსბორგთან ახლოს), გემთსაშენის მფლობელის ოჯახში. 14 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ოჯახი საცხოვრებლად ქ. კრისტიანიაში გადავიდა (1924 წ. ქალაქს ოსლო უწოდეს). 1890-1892 წლებში ის დედის დაჟინებული მოთხოვნით სწავლობდა კრისტიანიის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ მისი გატაცება იყო შორეულ ყინულოვან მხარეებში მოგზაურობა. ამ მიზნით იგი კითხულობდა მოგზაურობაზე ლიტერატურას. რუალი ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანი იყო, ბევრს ვარჯიშობდა, განსაკუთრებით სათხილამურო სპორტში და მოქმედებდა ნორვეგიული ანდაზის მიხედვით: „ყველა დიდი საქმე ჩუმად კეთდება“.
21 წლის ასაკში მას გარდაეცვალა დედა, რის გამოც ამუნდესენმა სამედიცინოზე სწავლა მიატოვა და სამუშაოდ მოეწყო ხომალდ „მაგდანელაზე“, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკენეში დაცურავდა. შემდეგ გადავიდა „ვალბორგზე“ და იმოგზაურა კანადაში. ამ დროს ის წერდა: „მე მივატოვე სწავლა, რათა მთელი ჩემი არსება ცხოვრების ერთადერთ ოცნებას მივუძღვნა“. 
      1896 წელს ამუნდსენმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მიიღო შორეული ცურვის მეზღვაურის წოდება. 1897 წელს იგი ჩაირიცხა შტურმანად ბელგიელი მკვლევარის ადრიენ დე ჟერლაშის ექსპედიციაში გემ „ბელგიკაზე“, რომლის მიზანი იყო ანტარქტიდაში მაგნიტური მოვლენების შესწავლა. გემი ყინულების ტყვეობაში მოექცა და ექსპედიციის წევრებს მოუხდათ მოულოდნელი დაზამთრება რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. ამ ექსპედიციიდან მან დიდი ცოდნა, წრთობა და გამოცდილება მიიღო და ფიქრობდა, რომ უკვე შეეძლო დამოუკიდებელი ექსპედიციის მოწყობა. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ რუალმა ბევრი იმუშავა თეორიული ცოდნის გასაღმავებლად.
    ახალგაზრდობაში რუალი სწავლობდა პოლარულ სამყაროში გამხორციელებულ წარუმატებელ ექსპედიცებს და დაასკვნა, რომ ამის მიზეზი გემზე ორხელისუფლებიანობა იყო. ტრადიცულად ექსპედიციას მეთაურობდა მეცნიერი, ხოლო გემს ნავგაციის მცოდნე კაპიტანი. კრიტიკულ მომენტში მათ შორს იწყებოდა კამათი, რაც იწვევდა ეკიპაჟის ორ ნაწილად გახლეჩას (მეცნერები ემხრობოდნენ ექსპედიციის ხელმძღვანელს, ზღვაოსნები კაპიტანს). შედეგად ხდებოდა ქაოსი, რას იწვევდა წარუმატებლობას. ამ პრობლემის დასაძლევად ამუნდსენმა შეისწავლა ნავიგაცია და 1900 წელს აიღო კაპიტნის დიპლომი, რის შემდეგაც გადაწყვიტა გამგზავრებულიყო ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის საძებნად, რაშიც არაერთმა ექსპედიციამ მარცხი განიცადა.
     1903 წელს რუალმა შეიძინა 47 ტონიანი დიდი იალქნიანი გემი „იოა“ („Gjøa"), რომელიც აიგო 1872 წელს, ზუსტად მაშინ, როდესაც ამუნდსენი დაიბადა. ექსპედიცია არქტიკაში გაემგზავრა და მისი ხელმძღვანელი უკვე თავად რუალი იყო. გარდა ამუნდსენისა, ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ:
1. გოტფრიდ ჰანსენი (დანია) – შტურმანი, ასტრონომი, გეოლოგი და ექსპედიციის ფოტოგრაფი. აქამდე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისლანდიის და ფარერის კუნძულების ექსპედიციებში. 2. ანტონ ლუნდი – „შკიპერი“ 3. პიტერ რისტვედტი – მემანქანე და გეოლოგი 4. ჰელტერ ჰანსენი – მეორე შტურმანი 5. გუსტავ იულ ვიკი – მეორე მემანქანე, ასისტენტი მაგნიტური დაკვირვებების საკითხებში. 6. ადოლფ ჰენრიკ ლინდსტრიოტი – კოკი. სვერდრუპის ექსპედიციის მონაწილე 1898–1902 წლებში.
     ექსპედიცია დაიძრა 1903 წლის 16 ივნისს არქტიკისაკენ და გრენლანდიდან ალასკამდე 3 წელი იმოგზაურა. ამუნდსენმა გაიარა ჩრდილოეთ ატლანტიკა, ბაფინის ზღვა, ლანკასტერის, ბაროუს, პილის, ფრანკლინის და ჯეიმს როსის სრუტეები და სექტემბრის დასაწყისში მეფე უილიამის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან შეჩერდა. 1904 წლის ზაფხულში ყინული არ გალღვა, რის გამოც „იოას“ ცოტა ხნით შეჩერება მოუწია. 1905 წლის 13 აგვისტოს გემმა მსვლელობა განაგრძო და პრაქტიკულად დაასრულა ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიმავალი გზა. ალიასკისკენ გზის ბოლო მონაკვეთის გავლა ექსპედიციამ მხოლოდ ძაღლებშებმული მარხილითღა მოახერხა.
   რუალ ამუნდსენმა კანადის არქტიკულ არქიპელაგში ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე გაიარა და მან, იქ ჩაატარა გეომაგნიტური, მეტეოროლოგიური და ასტრონომიური დაკვირვებანი, განსაზღვრა ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსის მდებარეობა და რუქაზე აღნიშნა 100-ზე მეტი კუნძული. შემდეგ მან განიზრახა ჩრდილოეთ პოლუსის დაპყრობა მაგრამ ის გაწბლიდა რადგან მან შეიტყო, რომ ჩრდილოეთ პოლუსი 1909 წლის 6 აპრილს ამერიკელმა მოგზაურმა რ. პირიმ დაიპყრო. რუალი არ დაიბნა, შეცვალა გეგმა და სამხრეთ პოლუსის ექსპედიციისათვის მზადება დაიწყო.
     1910 წლისთვის ამუნდსენი გეგმავდა ტრანსპოლარულ დრეიფს არქტიკის გავლით, რომელიც უნდა დაწყებულიყო ჩუკოტკის სანაპიროებთან. იგი ფიქრობდა ჩრდილოეთ პოლუსისთვის მიეღწია რისთვისაც მუშაობა ჯერ კიდევ 1907 წელს დაიწყო. მოიპოვა დაფინანსება და მიიღო ლეგენდარული გემი „ფრამი“ (Fram, ნორვეგიულად წინსვლა; ამ გემმა სახელი გაითქვა ფრიტიოფ ნანსენის მოგზაურობებით), მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა მას შემდეგ რაც ჯერ ფრედერიკ კუკმა და მერე რობერტ პირმა განაცხადეს პოლუსის დაპყრობის შესახებ. გეგმა ჩაიშალა. თუმცა აქვე გაჩნდა იდეა სამხრეთ პოლუსის დაპყრობის შესახებ. 1909 წელს „ფრამი“ კაპიტალურად გადააკეთეს ახალი ექსპედიციისათვის. თუმცა ყველაფერი საიდუმლოდ ინახებოდა. დაფინანსება ნორვეგიული წარმოშობის მდიდარი არგენტინელის დონ პედრო კრისტოფერსონის წყალობით გაჩნდა. წასვლის წინ ამუნდსენმა წერილი მისწერა ნორვეგიის მეფეს და პოლარული სამყაროს დიდ მკვლევარს ფრიტოფ ნანსენს, სადაც აღწერილი იყო მისი გეგმა. (1905 წელს ნანსენი თავად გეგმავდა ამას, მაგრამ ცოლის ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. წერილის წაკითხვის შემდეგ კი ამუნდსენი იდეის მოპარვაში დაადანაშაულა).
     ამჯერად მისი  ექსპედიცია შემადგენლობა ორ ნაწილად: საზღვაოდ და სახმელეთოდ. სახმელეთოში შედიოდნენ: რუალ ამუნდსენი - ექსპედიციის მეთაური, მეთაური პოლუსისკენ ლაშქრობისა; ოლაფ ბოლანდი - პოლუსისკენ ლაშქრობის მონაწილე; ოსკარ ვისტინგი - პოლუსისკენ ლაშქრობის მონაწილე; იორგენ სტუბბერუდი - მონაწილე ლაშქრობისა მეფე ედუარდ VII მიწისკენ; კრისტიან პრესტრუდი - მეთაური ლაშქრობისა მეფე ედუარდ VII მიწისკენ; ფრედერიკ იამარ იოჰანსენი - ნანსენის 1893-96 წლების ექსპედიციის მონაწილე, ამუნდსენთან კონფლიქტის გამო არ შეიყვანეს პოლუსისკენ მიმავალ შემადგენლობაში. ჰელმერ ჰანსენი - პოლუსისკენ ლაშქრობის მონაწილე; სვერე ჰასელი - პოლუსისკენ ლაშქრობის მონაწილე; ადოლფ ჰენრიკ ლინდსტრიომი - კოკი; რუსი ბიოლოგი ალექსანდრ კუჩინი.
      „ფრამის“ გუნდი (საზღვაო შემადგენლობა): ტორვალდ ნილსენი - „ფრამის“ მეთაური; სტელერი (გერმანია) - მატროსი; ლუდვიგ ჰანსენი - მატროსი; ადოლფ ულსენი - მატროსი; კარენიუს ულსენი - კოკი, იუნგა (ყველაზე პატარა მონაწილე ექსპედიციაში 18 წლის); მარტინ რიჰარდ რეინე - აფრების ოსტატი; კრისტენსენი - შტურმანი; ჰალვორსენი; კნუტ სუნდბეკი (შვედეთი) - ინჟინერი, „ფრამი“ სთვის შექმნა დიზელის ძრავი; ფრედერიკ იამარ ერტსენი - მეთაურის პირველი თანაშემწე, ნორვეგიისა სამხედრო საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი, ასრულებდა გემის ექიმის მოვალეობებსაც.
     1911 წლის 13 იანვარს ამუნდსენის ექსპედიციამ ანტარქტიდაზე როსის ნაპირს მიაღწია. ამავე დროს, ანტარქტიდაზე იმყოფებოდა ინგლისელი მკვლევარის, რობერტ სკოტის ექსპედიციაც, რომელიც მაკ-მერდოს სრუტეში იყო გაჩერებული და ამუნდსენისგან 650 კილომეტრით დაშორებით.  ნორვეგიელებმა სანაპიროდან 4 კმ ში ააგეს ბაზა „ფრამჰეიმი“ ერთი ხის სახლით (32 კვ.მ) და მრავალრიცხოვანი ყინულის და თოვლის დამხმარე ნაგებობებით. პირველი მცდელობა პოლუსისკენ წასვლისა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო 1911 წელს, მაგრამ ძალიან ძლიერმა ყინვამ (-56 გრადუსი ცელსიუსით) ხელი ააღებინათ განზრახვაზე. ღამე ძაღლებიც ვერ იძინებდნენ ასეთ ყინვაში. გრაფიკი კი ნორვეგიაშივე იყო შედგენილი და მკაცრადაც იცავდნენ.
     1911 წლის 19 ოქტომბერს 5 ადამიანი ამუნდსენის ხელმძღვანელობით გაემართა სამხრეთ პოლუსისაკენ ოთხი ძაღლებშებმული მარხილით. 14 დეკემბერს მათ პოლუსს მიაღწიეს. დაფარეს რა 1500 კმ მანძილი, პოლუსზე მათ ნორვეგიის დროშა ააფრიალეს. პოლუსზე ამუნდსენმა სკოტს წერილი დაუტოვა, რომელშიც თხოვდა, თუ სამშობლოში ვერ დაბრუნდებოდა, მის შესახებ ეცნობებინა ნორვეგიაში. საბოლოო ჯამში ამ 3000 კმ ის დაფარვას (წინ და უკან), 3000 მ სიმაღლის სხვაობასა და -40 გრადუს ტემპერატურაში, ძლიერი ქარის თანხლებით 99 დღე დასჭირდა.
     1911 წლის 14 დეკემბერს ამუნდსენის ექსპედიციამ პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსამდე და დაბრუნდა უკან, ხოლო სკოტის ბრიგადამ ერთი თვით დააგვიანა და პოლუსს 1912 წლის 17 იანვარს მიაღწია, ხოლო დაბრუნებისას კი სკოტი და მისი ექპსედიცია დაიღუპა. მათი დაღუპვის მიზეზი ურთულესი ამინდი გახდა – სკოტი და მისი ბრიგადა გაიყინენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით, 1913 წლის ამუნდსენი წერდა: „ყველაფერს გავიღებდი, მათ შორის პოლუსის დპყრობის პატივსაც, რომ ისინი ახლა ცოცხლები იყვნენ. სკოტის ექსპედიციის დაღუპვამ ჩემი ტრიუმფი დაჩრდილა და უდიდესი ზიანი მომაყენა“.
      მთავარი როლი ამ მოგზაურობაში ეკავა საწყობებს რომელიც მოწყობილი იყო გრადუსების დაშორებით ერთმანეთისაგან. აქ ინახავდნენ საჭმელს ადამიანებისა და ძაღლებისათვის. ამუნდსენმა სტარტი აიღო 52 ძაღლთან ერთად. 36 მათგანი მოკლეს პოლარულ პლატოზე ასვლის წინ (მეფე ჰოკონ VII ის სახელი დაერქვა ამ ვაკეს). ძაღლების ხორცი ნაწილი შეინახეს, ნაწილი კი დანარჩენი ძაღლების საკვებად გამოიყენეს. ბაზაზე კი საბოლოოდ 12 ძაღლით დაბრუნდნენ. ამ ყველაფერს საბოლოოდ შემდგომში დიდი პროტესტი მოჰყვა მსოფლიოში.
     გუნდის ყველა წევრს ორნაირი ტანსაცმელი ჰქონდა: ერთი ესკიმოსების, ირმის ტყავით (ესეც პლატოზე ასვლის წინ დატოვეს) და მეორე სათხილამურო შეკერილი არმიის მსგავსად. დღევანდელი კვლევებით დადგინდა რომ ამუნდსენის მიერ გამოყენებული ტანსაცმელი 25 % ით უფრო მეტად იცავდა სიცივისა და ქარისაგან, ვიდრე შემდეგში სხვა ექსპედიციების მიერ გამოყენებული ტანსაცმელი.
    რუალ ამუნდსენმა და მისმა თანაგუნდელებმა უკან დაბრუნებისას აღმოაჩინეს დედოფალ მოდის ქედი და 1912 წ. 25 იანვარს საწყის ბაზაში დაბრუნდენ. ოთხი დღის შემდეგ  „ფრამით“ დატოვეს ანტარქტიდის ნაპირები და კურსი აიღეს სამოშობლოსაკენ. როდესაც ის სამშობლოში დაბრუნდა მას შეხვდნენ როგორც სახალხო გმირს.
        1918 წლის ივლისში სპეციალურად აგებული გემ „მოუდით“ («Maud») ამუნდსენი გაემართა ციმბირის შორეული სანაპიროებისაკენ. სექტემბერში შეჩერდა გამოსაზამთრებლად სადაც უამრავი ხიფათი შეხვდათ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლეს გზის გაგრძელება, თუმცა 11 დღის შემდეგ ისევ გაიჭედნენ ყინულებში და მისმა ეკიპაჟმა ამ მდგომარეობაში კიდევ 10 თვე გაატარა. დაეღუპა ეკიპაჟის ორი წევრი. 1920 წლის ზაფხულში ამუნდსენმა მოახერხა ალიასკის დასახლებაში ნომში ჩასვლა, საიდანაც სიეტლისკენ გაემართა. ხოლო ექსპედიცია, რომელიც 1925 წლამდე გაგრძელა მის გარეშე მიმდინარეობდა. ამ ექსპედიციის დროს ამუნდსენმა პირველმა იმოგზაურა დედამიწის ირგვლივ პოლარულ წყლებში.
       ამის შემდეგ ამუნდსენმა მოინდომა ფრ. ნანსენის გზა გაემეორებინა გემით ჩრდილო პოლუსისაკენ, მაგრამ ვერ შესძლო. შემდეგ იგივეს გაკეთება „დირიჟაბლით“ გადაწყვიტა და ამ მიზნისთვის ფრენა შეისწავლა.
      პირველი წარუმატებელი გაფრენიდან (1923 წ.) ორი წლის შემდეგ 1925 წლის 21 მაისს ამუნდსენი ორი ჰიდროპლანით შპიცბერგენიდან ალიასკისკენ გაემართა ჩრდილოეთ პოლუსის გავლით. ტექნიკური პრობლემების გამო მათ უკან დაბრუნება მოუწიათ პოლუსიდან 250 კმ ის მოშორებით. შეკეთების შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ შპიცბერგენზე, არადა ამ ჯგუფს უკვე დაღუპულად მიიჩნევდნენ.
      რუალს უნდოდა საჰაერო გზით ჩრდილოეთ პოლუსზე გადამფრენის საპატიო სახელი და განახორციელა კიდეც, თუმცა...
     ამერიკელი მილიონერის ლინკოლნ ელსუორის დახმარებით ამუნდსენი ამჯერად დირიჟაბლ „ნორგე“-თი (მას მართავდა მისივე კონსტრუქტორი უმბერტო ნობილე) დაიძრნენ და 1926 წ. 11-13 მაისს გადაუფრინეს კიდეც ჩრდილოეთ პოლუსს, თუმცა შინ დაბრუნებულმა შეიტყო, რომ 4 დღით ადრე, 9 მაისს ჩრდილოეთ პოლუსზე ამერიკელ პოლარულ მკვლევარ მფრინავ ადმირალ რიჩარდ ბერდ უკვე გადაეფრინა და ამუნდსენი გაწბილებული დარჩა.
      ამ ექსპედიციის შემდეგ ამუნდსენი წაეკიდა უმბერტო ნობილეს, რადგან ვერ შეთანხმდნენ თუ ვის ეკუთვნოდა უფრო მეტი პატივი და სახელი ჩრდილოეთ პოლუსის დაპყრობასთან დაკავშირებით: პილოტ და კონსტრუქტორ ნობილეს თუ ექსპედიციის ხელმძღვანელ ამუნდსენს. კონფლიქტი გააძლიერა პოლიტიკურმა საკითხმაც, რის გამოც რუალ ამუნდსენი ხშირად ლანძღავდა ნობილეს. ბენიტო მუსოლინიმ კი ნობილეს გენერლის წოდება და ფაშისტური პარტიის საპატიო წევრობა უბოძა.
    თავისი ბოლო წლები რუალ ამუნდსენმა გაატარა ბუნე-ფიორდში, საკუთარ სახლში ოსლოს მახლობლად. მან გაყიდა ყველა ორდენი საკუტარ კოლეგებსაც კი წაეჩხუბა. 1927 წელს ფრიტოფ ნანსენი მასზე სწერდა ერთ თავის მეგობარს: „მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამუნდსენმა საბოლოოდ დაკარგა სულიერი წონასწორობა და თავის საქციელზე პასუხს ვერ აგებს“.
     ამუნდსენი დამთავრებულად თვლიდა თავის კარიერას, რომ ერთმა შემთხვევამ კვლავ აიძულა იგი გამგზავრებულიყო ჩრდილოეთ პოლუსისაკენ.
    1928 წლის 23 მაისს იტალიელმა გენერალმა უმბერტო ნობილემ დირიჟაბლ „იტალიით“ ჩრდილოეთ პოლუსზე გამგზავრება გადაწყვიტა და მოქმედებაც დაიწყო. მისი ექსპედიციას შპიცბერგენიდან დაიძრა და პოლუსამდეც მიაღწია, მაგრამ უკან მოსაბრუნებელ გზაზე მათმა დირიჟაბლმა კატასტროფა განიცადა, ხოლო რადიოკავშირი დაიკარგა. ნორვეგიის სამხედრო მინისტრის თხოვნით ამუნდსენი შეუერთდა მათ სამაშველო ოპერაციას. 1928 წლის 18 ივნისს ჰიდროთვითმფრინავ „ლათამ-47“ („Latham“) - ით ფრანგულ ეკიპაჟთან ერთად მოგზაური ქ. ტრომსოდან შპიცბერგენზე მიფრინავდა, ბარენცის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ როდესაც რადისტმა გადასცა ნისლის შესახებ. ამის შემდეგ კავშირი დაიკარგა. 31 აგვისტო - 1 სექტემბრის ღამეს ტრომსოს მახლობლად იპოვეს თვითმფრინავის ნამსხვრევები, ხოლო ნორვეგიელი მოგზაურის რუალ ამუნდსენის სიკვდილის გარემოება დღემდე დაუდგენელი დარჩა. უმბერტო ნობილეს და მისი ექსპედიციის შვიდ წევრს ამუნდსენის გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ მიაგნეს. ამავე წელს ამუნდსენს მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდო - კონგრესის ოქროს მედალი. ამუნდსენის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მთასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
       ერთი იტალიელი ჟურნალისტისთვის კითხვაზე თუ რამ მოხიბლა ასე ძალიან ის პოლარულ ადგილებში მოგზაურს უპასუხია: „ეჰ, ნეტავ თქვენი თვალით განახათ ოდესმე თუ რა ზღაპრულია იქ - მხოლოდ იქ ვისურვებდი სიკვდილს“.









Комментариев нет:

Отправить комментарий