აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ანტიკური ნაქალაქარების არქეოლოგიური შესწავლის პროცესში ყურადღებას იქცევს ისტორიული კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთი, ანუ აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილი. აქ, ანტიკური წყაროებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო დაარსებული. მათი შესწავლა უშუალოდ უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის კვლევას, როგორიცაა ბერძნული კოლონიზაციის პრობლემა; თუმც აღნიშნული რეგიონის ზოგ ნაქალაქარზე (მაგ., პიტიუნტში) მნიშვნელოვანი გათხრების მიუხედავად, ადრეული ეტაპის არქეოლოგიური ფენები ჯერ გამოვლენილი არ არის, ხოლო სოხუმ-სებასტოპოლისში რამდენადმე მნიშვნელოვან ფართობზე სათანადო კვლევების ჩატარებას ხელს უშლის თანამედროვე ქალაქის დასახლება და ნაშთების ზღვის მონაკვეთში არსებობა.
გარდა ეკონომიკური ფაქტორისა, აღნიშნული ქალაქების დაარსების დროს დიდ მნიშვნელობას იძენდა ზღვაოსნობისთვის აუცილებელი სათანადო უბეებისა და მდინარეთა შესართავების არსებობა. ერთს ასეთს, ჩანს, თანამედროვე ქალაქ ოჩამჩირეს მდ. ღალიძგასა და ოქუმის ორმდინარეთის მონაკვეთი წარმოადგენდა1.
ამ პუნქტისა და მისი შემოგარენის მნიშვნელობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იგი იდენტიფიცირებულია ანტიკური წყაროების (ფსევდოსკილაქს კარიანდელი ფრ. 81)2 ქალაქ გიენოსთან, რომლის ლოკალიზაციისთვის მნიშვნელობა აქვს იქვე ნახსენებ მდ. გვიენოსს, რომელიც მდ. მოქვისწყალთანაა იდენტიფიცირებული3.
შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენები ოჩამჩირესა და მის მიდამოებში ადრიდანვეა ცნობილი. აქ უძველესი დასახლება ჯერ კიდევ პალეოლითიდან და ნეოლითიდან არის დადასტურებული. ყურადღებას იქცევს ბრინჯაოს ხანით განსაზღვრული მასალები; კერძოდ, აღინიშნება, რომ 1956-1958წწ. და 1961წ. შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს კოლხური ცულები, სეგმენტისებური იარაღები, ნამგლები, თოხი, ბრინჯაოს ზოდები და შენადნობები მიუთითებენ, როგორც ადგილობრივ ლითონის დამუშავების ფაქტზე, ასევე მოწმობენ მიწათმოქმედების განვითარებაზე4.
როგორც აღინიშნა, ოჩამჩირე, მისი ანტიკური დასახლება IV ს. ავტორის (როგორც ვარაუდობენ ფსევდოსკილაქსის) ცნობის გვიენოსს უკავშირდება. არც ერთ სხვა ავტორთან არც ქალაქი და არც მდინარე ზუსტად ამგვარი დასახელებით არ გვხვდება5, მაგრამ ქალაქ გიენოსს, როგორც ვარაუდობენ, შეიძლება უკავშირდებოდეს ქალაქი კიკნოსი პომპონიუს მელასი6. მართლაც, პომპონიუს მელა ნაშრომში „ქვეყნის აღწერილობა“ მიუთითებს ქალაქ კიკნოსზე, რომელიც ფაზისსა და დიოსკურიას შორის მდებარეობს7. გიენოსის სახელთან ახლოს დგას კიდევ ერთი წყაროს _ კლავდიოს პტოლემაიოსის _ კვიანეოსს (Kυავეოს)8, რომელშიც მდ. მოქვი იგულისხმება, გვიანი წყაროებიდან მდ. კვიანეოსი გვხვდება სტეფანე ბიზანტიელის „ეთნიკაში“.9 არ უნდა იყოს სწორი პლინიუსის „კიგნის“ დაკავშირება გიენოსთან10. ოჩამჩირესთან, თუ მასთან ახლოს, ვარაუდობდა გიენოსს დიუბუა დე მონპერე11. დ. გულია მდ. ჯიკუმურის მარცხენა ნაპირზე (გიენოსთან დაკავშირებული ადგილობრივი ტოპონიმი დუანა მდებარეობდა მდინარის მარჯვენა ნაპირზე) მიუთითებდა რაღაც ნაგებობების შესახებ12. სხვა ავტორებიც (მაგ. ვ. ჩერნიავსკი), მიუთითებენ გიენოსის ლოკალიზაციის შესაძლებლობაზე ოჩამჩირესთან და აღნიშნავენ მსგავსი ადგილობრივი ტოპონიმის (ტგუანა, ოლა-გუანა, იგუანა) არსებობაზე13.
ოჩამჩირის, კერძოდ, მისი ნაქალაქარის არქეოლოგიური შესწავლა 1935 წლიდან დაიწყო, როცა პორტის სამშენებლო სამუშაოების დროს ანტიკური ნაქალაქარის ნაშთები გამოვლინდა. ეს სამუშაოები ძირითადად 1935-36წწ. განხორციელდა (წარიმართა იგი არქეოლოგების ლ. სოლოვიოვის, მ. ივაშჩენკოს და ბ. კუფტინის მონაწილეობით).
ოჩამჩირის პორტში 1935-36 წწ. ზამთრის თვეებში ჩატარებული ამ სამუშაოებით გაირკვა, რომ მდ. ჯიკუმურის (Чаникуара _ ჭანიყვარა /?/) მარცხენა ნაპირზე სახეზე გვაქვს ძირითადად სამი კულტურული ფენით, ანუ სამი ქრონოლოგიური პერიოდით წარმოდგენილი ძეგლი14. 1977წ. გათხრები აქ გააგრძელა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღვ. მ. ბარამიძე) რაზმმა საკავშირო არქეოლოგიის ინსტიტუტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლების მონაწილეობით15. 1981 წლიდან კი აქ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას სახ. აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ს. შამბა). ამ სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ზოგი ახალი ძეგლი და დადგინდა სტრატიგრაფია16.
ოჩამჩირის, ანუ გიენოსის ძველი ისტორია თითქმის მთლიანად არის დაკავშირებული მისი არქეოლოგიური შესწავლის მონაცემებთან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გვიანი შუა საუკუნეების ზოგიერთ ისტორიულ ნაშთს. ოჩამჩირის ანტიკური დასახლების ძირითად უბანს, როგორც აღნიშნული იყო, ჯერ კიდევ 1935წ. პორტის სამშენებლო მოედანზე ქ. ოჩამჩირიდან 5 კმ-ით ჩრდილოეთით, მდ. ჯიკუმურის ნაპირთან გამოვლენილი სამოსახლო წარმოადგენს. პროფ. ბ. კუფტინი მიუთითებდა, რომ ძეგლი სამი, ირგვლივ წრიული, ხელოვნური თხრილებით განმხოლოებული ბორცვისაგან შედგენილ კომპლექსს წარმოადგენდა; ისინი ერთმანეთთან მოკირწყლული გზებით იყო დაკავშირებული (?)17.
ზემოთ აღინიშნა ძირითადი ავტორებისა და ლიტერატურის შესახებ. იქვე განიხილება ძეგლის ტოპოგრაფიის, სტრატიგრაფიისა და თარიღების საკითხები. გარკვეული კორექტივებია შეტანილი ძეგლის შესწავლის საქმეში ბოლო გათხრების შედეგად, რაც აისახა გამთხრელის უკანასკნელი ხანის პუბლიკაციაში18.
აღნიშნულ რეგიონში დემოგრაფიული სიტუაციისა და სხვა საკითხების გარკვევის თვალსაზრისით კვლავ შევეხებით ძველი გათხრების შედეგებს და განვიხილავთ მათ ახალი გათხრების შედეგების გათვალისწინებით. ამასთან, რადგან ანტიკური (ადრეანტიკურ-ელინისტური) ხანის ძეგლები სათანადოდ და დამაკმაყოფილებლად არის წარმოდგენილი და განხილული საკმაოდ მრავალრიცხოვან ლიტერატურაში, ჩვენ ძირითადად ყურადღებას ახ.წ. პირველი საუკუნეების, უფრო კი, ახ.წ. IVს. და მომდევნო ხანის ძეგლებზე გავამახვილებთ.
ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნასახლარის ტოპოგრაფიის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გამთხრელების დაკვირვების საფუძველზე მიღებული დასკვნა, რომ ეს ბორცვები ხელოვნურად შექმნილ მიწაზვინულებს წარმოადგენდნენ19. ამ თვალსაზრისით ყურადღება გამახვილებულია დასავლეთის ბორცვზე (В), რომლის ზედა დონე ყვითელი, ხოლო ქვედა _ ლურჯი თიხებით არის წარმოდგენილი. А ბორცვის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ ქვედა დონე აქაც ლურჯი თიხებით არის მოზვინული20.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ გიენოსის პირველმოსახლენი დასავლეთის ბორცვზე დასახლდნენ. აქ ანტიკური ფენა მთელ ფართობზე, ენეოლითურისაგან 1 მ სიმძლავრის ყვითელი თიხნარით არის გამოყოფილი; ბორცვის ქვედა ნაწილში ანტიკური ფენა უშუალოდ „ენეოლითურზე“ დევს. А ბორცვის მონაკვეთში, ადგილის დაწევისა და დაჭაობების გამო, ხელახალი მოზვინვის მიზნით, ლურჯი თიხები გამოუყენებიათ. თვით ბორცვის მონაკვეთში ანტიკური ხანის რამდენიმე კულტურული ფენის არსებობა მიჩნეულია მისი რამდენიმეჯერ მოზვინვის საბუთად21. ამასთან, მიჩნეულია, რომ ყვითელი თიხნარი ჯერ არ იყო დალექილი (აქ, ვფიქრობთ, დასაზუსტებელია ყვითელი თიხნარის დალექვის გარემოება; გაჩენილია თუ არა ეს ფენა ბუნებრივი დარეცხვით, თუ ისიც საგანგებო მოზვინვის შედეგს წარმოადგენს).
ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნასახლარის თავდაპირველი შესწავლის დროსაც დაფიქსირებული იყო მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც ბორცვებზე ანტიკურის მომდევნო ხანის ცხოვრების ნაშთებზე მიუთითებდნენ. კერძოდ, მეორე (ცენტრალური) ბორცვის შესწავლის დროს, როცა მიწის სამუშაოების დიდი ტემპების პირობებში არქეოლოგიური სამუშაოები ძირითადად მეთვალყურეობით განისაზღვრებოდა, არ დაფიქსირებულა ანტიკური ხანის რაიმე ნაგებობის ნაშთები. ამავე დროს, როგორც მ. ივაშჩენკო მიუთითებს, ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აგურით თიხაზე ნაშენი, ჩანს, შუა საუკუნეების, გამოსაწვავი ქურა იყო გამოვლენილი22.
მესამე ბორცვის, რომელიც მეორე ბორცვისაგან 200-250 მ-ით იყო დაცილებული აღმოსავლეთით (იგი ძველი წარმოშობის უნდა ყოფილიყო, რადგან ასევე იყო განმხოლოებული საგანგებო თხრილით, რომელიც, ნაწილობრივ, ბორცვის მოზვინვისთვის საჭირო მიწის ამოთხრით უნდა გაჩენილიყო), თხემის კიდის ნაწილში, დაფიქსირდა შენობების რიყის ქვით, დუღაბზე ნაშენი საძირკვლების (?) ფრაგმენტები. ამ ნაშთებს მ. ივაშჩენკო ფეოდალურ ხანას მიაკუთვნებდა. ამასთან, იგი აღნიშნავდა, რომ ხსნარი, რომელიც კირხსნარისა და დანაყილი კერამიკისაგან (დასახელებულია აგური) იყო მომზადებული, უფრო ბიზანტიურ ტრადიციაზე უნდა მიუთითებდეს.
სამეცნიერო ანგარიშებში იშვიათად მიუთითებენ აღნიშნულ მეოთხე ბორცვზეც (მის არსებობაზე მიუთითებს მ. ივაშჩენკო), უფრო კი მის მიმდებარე მცირე შემაღლებებზე, ალბათ ასევე ბორცვულზე (?), იყო დადასტურებული შუა საუკუნეების ფენა. მ. ივაშჩენკოს გამოუქვეყნებელ ნაშრომში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მიწის სათხრელი მექანიზმებით მდინარეში გადაყრილი კულტურული ფენების ნაშთები მრავლად შეიცავდა აგურებს და მთელ, მოზრდილ და მომცრო ჭურჭლებს. პირველი ბორცვის ზედაპირზეც იყო დაფიქსირებული ფეოდალური და ადრეანტიკური ხანის ფენები, საერთო სისქით _ 0,6მ (მათ შორის გამიჯვნა პირობითია), აქედან ფეოდალური ფენის სისქე 0,3მ-ია.
აღნიშნული ბორცვის მონაკვეთში, სადაც მოყვითალო თიხნარის ფენა უშუალოდ გადაფარავს მონაცრისფრო თიხნარისას, ფეოდალური ხანის მასალებიც იყო გამოვლენილი. რაც შეეხება ბორცვის თხემს, აქ (თხრ. #34) სამი ძირითადი ფენა დადასტურდა: I _ ზემოდან პირველი _ სისქით _ 0,20-0,30მ, ღია ფერის ჰუმუსირებულ ფენას წარმოადგენდა, წვრილმარცვლოვანი ქვების მინარევებით. აქ დადასტურებული იყო ძირითადად წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლების ფრაგმენტები; II ფენა 0,6მ სიმძლავრის, მოშავო თიხნარის ფენაა, მოზრდილი ქვების მინარევებით და კულტურული ნაშთების შემცველობით ხასიათდება. მასალა ძირითადად ასევე კერამიკით იყო წარმოდგენილი; III მოყვითალო თიხნარის ფენაა, ჰუმუსის ჩანართებით. უფრო ღრმად დადასტურებული იყო მოყვითალო თიხნარი. აღნიშნული პირველი ორი ფენა, მ. ივაშჩენკოს განსაზღვრით, ფეოდალურ ხანას განეკუთვნებოდა, ხოლო მესამე _ ზოგადად რომაულ, თუ ადრებიზანტიურ ხანას. ბორცვის თხემზე ანტიკური ხანის ცხოვრების ნაშთები არ დადასტურებულა. მხოლოდ ბორცვის ირგვლივ არსებული თხრილის მონაკვეთში იყო დადასტურებული 1 მ-ის სისქის კულტურული ფენა. იგი მრავლად შეიცავდა კერამიკულ მასალას. ამათგან აღსანიშნავია იმპორტული (ბერძნული) ნაწარმი. გათხრებმა უჩვენა, რომ ანტიკური ხანის ეს დასახლება ხანძრით არის განადგურებული.
ცხოვრების ახალი აღმავლობა ზოგადად ახ.წ. პირველი საუკუნეებით არის განსაზღვრული. ამ ხანის მასალები, კერძოდ, წითელლაკიანი კერამიკა დადასტურებულია დასავლეთის ბორცვის (B ბორცვი) თხემზე23, მაგრამ ეს, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბორცვი მხოლოდ ამ დროს გამოიყენეს სამოსახლოდ; მიუთითებენ, რომ ბორცვის ირგვლივ არსებული ხელოვნური თხრილი, იქ ნაპოვნი მასალების მიხედვით, უკვე ადრეანტიკურსა და ელინისტურ ხანაში არსებობდა, ე. ი. ფუნქციონირებდა კიდეც.
შუა საუკუნეების ძეგლებთან დაკავშირებით კვლავ ვამახვილებთ ყურადღებას მ. ივაშჩენკოს დოკუმენტურ მონაცემებზე; იგი აღნიშნავს, რომ ფეოდალური ხანის დასახლება, მისი ნაშთები შეინიშნებოდა თითქმის მთელი კილომეტრის მანძილზე. მას უკავშირდება წრიული კედელი, რომელიც გარეშემოსაზღვრავს ბორცვს; თიხის მილებისაგან შედგენილი წყალსადენი (იგი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიემართება) და სამი გამოსაწვავი ქურა-ღუმელი ასევე უკავშირდება აღნიშნული დროის ნასახლარს. აქვე, მიწის სამუშაოების დროს, გამოვლინდა კვადრატული დიდი აგურებით ნაშენი, სპეციფიკური წყობის, გარკვეულად ქვემოთკენ მიმართული კედელი, უფრო კი, როგორც საფიქრებელია, კოლექტორი (იგი დაფიქსირებულია) მილებით. ჩანს, ამ საკმაოდ რთულ საინჟინრო მოწყობილობას კავშირი ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ ქურებთან. თვით ქურები, ორი მათგანი მაინც, ბორცვის დამრეცი ნაწილის ჩადაბლებულ (ხელოვნურად?) ნაწილში აუშენებიათ აგურებითა და თიხით. ერთი მათგანის ძირზე ნაპოვნი იყო ნახშირი და თეთრი და მწვანე ჭიქურით (?) დაფარული ქვები.
მ. ივაშჩენკოს გამოუქვეყნებელ ანგარიშს ავსებს პროფ. ბ. კუფტინის პუბლიკაცია. კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ რიყის ქვის კედელი, რომელშიც აგურის ფრაგმენტებიც შეიმჩნევა, ბორცვის თხრილის საპირისპიროდ მიემართება. იგი გვიანანტიკური ხანით უნდა თარიღდებოდეს, რადგან მისი საძირკველი ეყრდნობა ანტიკური მასალების შემცველ ფენას, რომელიც ალაგ-ალაგ ადრეშუასაუკუნეების (?) ხანის მასალებსაც შეიცავდა; თუმცა, მითითებული ავტორი, წინასწარული თარიღის დაკონკრეტებისთვის, გამოვლენილი მასალების გულდასმით შესწავლისა და ქრონოლოგიური დიფერენციაციის საჭიროებაზე მიუთითებდა24. ეს ეხება როგორც შუა საუკუნეების ხანის ნაშთებს ზოგადად, ასევე მასალებს, რომლებიც კედლის ქვემოთ მდებარე კულტურულ ფენებს უკავშირდებოდა.
ისევე როგორც სხვა შემთხვევაში, დასახელებული ბორცვის მაგალითზეც ჩანს, რომ ფეოდალური ხანის ფენა უშუალოდ ძევს ანტიკურ ფენაზე და, ხშირ შემთხვევაში, შერეულია მასში. ეს იმიტომ, რომ შუა საუკუნეების მოსახლეობა თავისი სამეურნეო საქმიანობის დროს აზიანებდა ზედაპირზევე არსებულ ანტიკური ხანის ნაშთებს25. ჩვენი აზრით, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ბორცვზე ცხოვრება მნიშვნელოვანი წყვეტილების გარეშე გრძელდებოდა და ამ გარემოების განზოგადება შეიძლება დასახლების მთელ სისტემაზე.
ინტერესს იწვევს პროფ. ბ. კუფტინის დაკვირვება წყალსადენის სისტემასა და გამოსაწვავ ქურებზე; ამ მონაცემებს პირველწყაროს მნიშვნელობა აქვს. ის მიუთითებს, რომ პორტის მშენებლობის ძირითად უბანზე გამოვლენილი ქურა თიხის ჭურჭლების გამოსაწვავს წარმოადგენდა. წყალსადენის მილების გამოვლენის მონაკვეთზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად მისი ძირითადი შტო და დამატებითი განშტოება გამოვლინდა. ეს მილები საგანგებო კირხსნარით, სილაზე, იყო შემტკიცებული. საინჟინრო თვალსაზრისით, ჩანს, იგი მაღალი დონის ნაგებობა უნდა ყოფილიყო, რადგან წყლის დინება ერთ მონაკვეთზე გათხრების პროცესშიც იყო შემჩნეული26. ჩანს, ვერ განხორციელდა გამთხრელის სურვილი, თვალყური გაედევნებინა წყალსადენის სისტემაზე სათავემდე, დაეთარიღებინა მისი აშენებისა და ფუნქციონირების დრო, განესაზღვრა მისი მომხმარებელი საზოგადოების ხასიათი.
ანგარიშებში კერამიკულ ქურებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მათ ჰქონდათ აგურის თაღოვანი ღიობი. ბ. კუფტინიც მიუთითებს ქურის ძირზე გამოვლენილ აგურებზე და მათზე დადასტურებულ ჭიქურის ნაღვენთებზე. აქ დგება საკითხი წარმოების თარიღის, მისი მასშტაბების, პროდუქციის გავრცელების გზებზე და შესაბამისად, უკვე შუა საუკუნეებში ამ დასახლებაქალაქის („посёлок-городок“) ხასიათის თაობაზე. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღემდე შეუსწავლელია.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებს უშუალოდ ეხება კიდევ ერთი, მ. ივაშჩენკოს ასევე გამოუქვეყნებელი ნაშრომი. იგი სპეციალურად მიძღვნილია ოჩამჩირის ნასახლარის შუა საუკუნეების ფენის კერამიკული მასალის შესწავლისადმი. ეს მასალა ძირითადად მოჭიქული კერამიკის ნიმუშებითაა წარმოდგენილი27, რომელიც ინტერესს იწვევს მისი ადგილობრივი ხასიათის გამო და ჩვენთვის ამჯერად სამოსახლოს ზოგადი ქრონოლოგიის შესწავლის თვალსაზრისით არის საინტერესო. მაგრამ, ამასთან, ამ მასალების ქრონოლოგიური ჩარჩო სცილდება ჩვენი საკვლევი თემის ფარგლებს.
ოჩამჩირის ნასახლარის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აქ 1977 წლიდან განახლებული სამუშაოები, რომელიც, გარკვეული ინტერვალის შემდეგ, გაგრძელდა 1981 წლიდან, როცა შესაძლებელი გახდა სამუშაოების გაფართოება და კვლევა შედარებით დიდ ფართობსა და სიღრმეზე. აღმოსავლეთის (მესამე) ბორცვზე, სიღრმე კულტურული დანაშრევებისა, ანუ მისი ინტენსივობა, ზოგადად _ 4,3მ ტოლი იყო. ზოგან ეს ფენები უფრო ღრმადაც შეისწავლებოდა28. სულ გამოვლენილი იყო 4 კულტურული ფენა. თვით ბორცვის ფარგლებში სტრატიგრაფია ძირითადად იმგვარია, როგორიც დადასტურდა 30-იანი წლების გათხრების დროს, თუმცა ხელნაწერ ანგარიშსა და გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ძირითადად, საუბარია 3 კულტურულ ფენაზე. ამასთან, პირველი (ქვემოდან) ფენის ასაკი ზოგადად ნეოლითით, უფრო კი ენეოლითური ხანით იყო განსაზღვრული29. მაგრამ ეს ფენა უფრო ბორცვის პერიფერიულ ნაწილშია დადასტურებული, ხოლო თვით ბორცვის სტრატიგრაფია, როგორც აღნიშნული იყო, ძირითადად ძველი გათხრების დროს დადასტურებულის იდენტურია. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ზედა, პირველი ფენის, ასევე სტრატიგრაფიის სხვა მონაცემები; მათ ჩვენ უპირატესად 1981 და 1984 წლების გათხრების შედეგებზე30 დაყრდნობით განვიხილავთ, აგრეთვე, გათვალისწინებულია მომდევნო ხანის გათხრების შედეგები31.
ჯერ ზოგადად ძეგლის სტრატიგრაფიაზე: უახლესი მონაცემების მიხედვით, I კულტურული ფენა თითქმის ზედაპირიდან იწყება და ალაგ-ალაგ 0,25-0,30მ სისქისაა; წარმოქმნილია ადრექრისტიანული ტაძრის ფუნქციონირების დროს; II კულტურული ფენა, სისქით _ 0,8-0,9მ, შეიცავდა ძვ.წ. V-IVსს. მასალებს. სხვა მრავალრიცხოვან, მათ შორის დამთარიღებელ მასალებს გარდა, ფენა შეიცავდა ცხენების სამარხებს სათანადო ინვენტარით (რკინის ლაგმები და სხვ.). III კულტურული ფენა, სისქით 1,3-1,4მ, შეიცავდა ძვ.წ. IV-IIIსს. მასალებს. დამათარიღებელი მასალები წარმოდგენილია იმპორტული ამფორებით, შავლაკიანი და შავფიგურული კერამიკით, ჭრაქებით; IV კულტურული ფენა ყველაზე მძლავრი და ინტენსიურია; ზოგან, ჩანართების ჩათვლით, მისი სისქე 1,7 მ-ია. საყოფაცხოვრებო მრავალრიცხოვანი მასალების გარდა ფენაში დადასტურდა ხის ნაგებობები, რომლებიც ნახევარმიწურებს წარმოადგენდნენ. ზოგადი ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, ძეგლის საერთო სტრატიგრაფიის, ისევე როგორც ტოპოგრაფიის, საკითხებს კვლავ შევეხებით, აქ კი შედარებით ვრცლად, როგორც აღნიშნული იყო, ზოგადად ახ.წ. I ათასწლეულით დათარიღებული ფენების მონაცემებს განვიხილავთ. გამთხრელის (ს. შამბა) მონაცემებით ამ ზედა, პირველი ფენის ინტენსივობა 0,6-0,3 მ-ს შორის მერყეობს. ეს ფენა თხემის არქეოლოგიური თხრილის მთელ ფართობზე (10×10მ) იყო დადასტურებული; მისი ზედა ჰორიზონტი, ფაქტიურად, დიდი მოცულობის ნაგებობის ნგრევის ფენას წარმოადგენს. ამ ნაგებობას უნდა უკავშირდებოდეს აქ ნაპოვნი სამშენებლო კერამიკა: კრამიტები და აგურები. გამთხრელის ინფორმაციით, სახურავის ნაშთები ადგილობრივ (7ც.) და იმპორტულ (5ც.) კრამიტებს შეიცავდა. აგურები დიდი რაოდენობითაა ნაპოვნი; სწორკუთხედებია, ზომებით: 32×16×5სმ; 31×20×5სმ; 30×17×5სმ; 30×25×5სმ; 40×24×5სმ; ყველა ისინი ადგილობრივი ნაწარმია. ზოგ მათგანზე ნიშნები, სხვა შემთხვევაში, დიაგონალურად გადამკვეთი ღარებია დატანილი32.
დამათარიღებელი მასალებიდან მნიშვნელოვანია წელშეზნექილი ამფორები. ისინი ადგილობრივ ნაწარმადაა მიჩნეული. დიდი რაოდენობით იყო ნაპოვნი სარკმლის მინისა და ჭრაქების ნატეხები, სანელსაცხებლების ფრაგმენტები. არქიტექტორული დეტალებიდან ყურადღებას იქცევს პროკონესული მარმარილოს დეკორატიული, უფრო კი მისი ადგილობრივი მინაბაძების, ფრაგმენტები. რკინისა და ქვის სხვადასხვა ინვენტარი დაფიქსირდა. ამ მასალას, ისევე როგორც ადრე მოპოვებულს, თავის ადგილზე განვიხილავთ საგანგებოდ.
ადრექრისტიანული ტაძარი გიენოსში. იგი ახალი ეტაპის გათხრების შედეგად არის გამოვლენილი შუა ბორცვის ცენტრალურ ნაწილში. ეკლესია მნიშვნელოვნად დაზიანებული შემორჩა ჩვენს დრომდე, მაგრამ ამჟამად გეგმა აღდგენილია და გამოცემული33. ეს არის ერთნავიანი ნაგებობა გარეთ გაწეული ნახევარწრიული აფსიდით. ძირითად სივრცეს, ანუ ნაოსს, აქვს გვიანდელი (?) მინაშენები. არაორდინალურია ნართექსიც, რომელიც მოიცავს არა მარტო დასავლეთის ნაწილს, არამედ, ნაწილობრივ, სამხრეთისას. ნაოსის განაზომების შეფარდება (დაახლ. 4:5) წარმოადგენს მას, როგორც მნიშვნელოვნად შემოკლებულ ნაწილს ეკლესიის საერთო განაზომებთან (23×19,5მ) მიმართებაში.
ტაძრის მინაშენები ღიობებით არის დაკავშირებული ნაოსთან, მხოლოდ ჩრდილოეთის მომცრო მინაშენის ღიობი არ დადასტურებულა. ტაძართან დაკავშირებულ რიგ მნიშვნელოვან საკითხს გაარკვევდა მისგან ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრივ შემჩნეული, თითქოს სინქრონული, როგორც გამთხრელები აღნიშნავენ, ნაგებობათა ნაშთები; ისინი შესწავლილი არ არის.
ტაძრის დამატებითი მინაშენები და ღიობები მიუთითებენ მისი სარიტუალო დანიშნულების მრავალფეროვნებაზე, თუმცა ყველა მათგანის დანიშნულებაში გარკვევა, გარდა სამხრეთის მინაშენისა, გართულებულია. ტაძრის ამ ნაწილში დადასტურდა იატაკის შემაღლებულ ნაწილზე გამართული სამარხი, ჩანს, საგანგებო, რადგან ძვირფას (ოქროს) ინვენტარსაც შეიცავდა. ნიშანდობლივია, რომ ამ სათავსოს დასავლეთ კედელთან, ანუ მიცვალებულის თავთან, ჩრდილოეთით, დადასტურდა ინ სიტუ ქვევრი. იგი, ასევე, ნაწილობრივ მიწის (იატაკის) დონის ზემოთ არის დაფიქსირებული. გამთხრელებისაგან განსხვავებით, ვფიქრობთ, რომ აქ საქმე სარიტუალო ღვინის ჭურჭელთან უნდა გვქონდეს. ჩრდილოეთის განყოფილებაში დადასტურებულია აგურების წყობა, რაც, შესაძლოა, საჯდომი მერხის ნაშთი იყოს; ივარაუდება, რომ ეს ოთახი ეკლესიის მსახურთათვის იყო განკუთვნილი. ცხადია, ნართექსიც მლოცველთათვის, უპირატესად ქალებისთვის, იქნებოდა განკუთვნილი.
ტაძრის ტექნიკური მონაცემები შემდეგია: კედლის სისქე აბსიდის ნაწილში 0,95 მ-ია, ნაოსში _ 0,9მ, დამატებით სათავსებში _ 0,75-0,78მ. ძირითადი ნაგებობა _ ნაოსი, ნივნივებით უნდა ყოფილიყო გადახურული; საკურთხეველში კონქი, ხოლო მინაშენებში მარტივი, ცალმხრივ დაქანებული ხის გადახურვა იგულისხმება. აფსიდასა და ნაოსში, მინაშენების დონის ზემოთ, ფანჯრები ივარაუდება, როგორც ეს საერთოდ იგულისხმება ბაზილიკურ, ხის გადახურვის მქონე ნაგებობებისთვის.
თვით ტაძარი, ნართექსის ჩაუთვლელად, აგურით ყოფილა ნაშენი. თუმცა პუბლიკაციის მიხედვით ჩანს, რომ აფსიდის მონაკვეთში, კერძოდ, მის ჩრდილო ნაწილში, 0,3 მ-ის სიმაღლეზე და ყველგან სხვაგან საძირკველში საშუალო ზომის რიყის ქვა ყოფილა გამოყენებული. მოულოდნელობას წარმოადგენს საძირკვლის ნაწილში, როგორც ავტორები აღნიშნავენ, “სინგუმ”-ის გამოყენება, როგორის ანალოგიას პირადად არსად ვიცნობთ.
ერთგვარ მოულოდნელობად ითვლება ის, რომ ძირითადი კომპლექსი აგურებით არის აშენებული. ვფიქრობთ, ნაგებობის ცუდი დაცულობა არ იძლევა საფუძველს იგი აუცილებლად მთლიანად აგურით ნაშენად ვიგულისხმოთ. ეს კარგად ჩანს ნართექსის შემთხვევაში, სადაც „ოპუს მიხტუმ“-ი, ანუ აგურისა და ქვის შერეული წყობაა დადასტურებული. ნაგებობაში გამოყენებული სამშენებლო მასალების განზომილებით მონაცემებს ასევე აქვთ გარკვეული მნიშვნელობა ძეგლის ქრონოლოგიისა და რელიგიურ-კულტურული წრისადმი კუთვნილების განსაზღვრის თვალსაზრისით. აქ ვიძლევით ძირითად ნაგებობაში გამოყენებული აგურების განაზომებს: სიგრძე _ 35, 37, 38სმ; სიგანე _ 23, 24, 25სმ (გამონაკლის შემთხვევაში _ 20, 22სმ); სისქე _ 4, 4,5სმ. რის კვადრატული აგურებიც (30×30×4სმ; 27×27×4სმ). დუღაბის სისქე აგურებს შორის 4-5 სმ-ია, იშვიათად _ 5,5სმ. აღინიშნება ნართექსის ნაწილის მოგვიანო ხანაში მშენებლობის შესახებ, მაგრამ, ძირითადად, მთელი კომპლექსი ერთ ქრონოლოგიურ მონაკვეთში თავსდება. ამაზე, სხვასთან ერთად, იატაკების მოწყობის წესის ერთგვარობაც მიუთითებს. იგი, ძირითადად, ორი შრით არის წარმოდგენილი; ზედა ფენაში (დუღაბში) დანაყილი კერამიკაა შერეული. გამთხრელთა ვარაუდით, ეკლესია შიგნიდან შებათქაშებული და მოხატული ყოფილა და საამისო ფრაგმენტებიც არის, არა ინ სიტუ, თითქოს, ნაპოვნი. ამიერკავკასიის ამდროინდელ ტაძართა კედლებზე სხვაგან, რამდენადაც ვიცით, მოხატულობა იშვიათად შეინიშნება.
არქიტექტურული დეტალებიდან აღინიშნება კანკელის ქვის ფრაგმენტების შესახებ. იგი ადგილობრივი მუქი ქვიშაქვისაგან არის გამოთლილი; ორნამენტული მოტივებით თითქოს ბაძავენ პროკონესულ ორიგინალებს, მაგრამ მათი დეკორი ძალიან გამარტივებულია; ორნამენტის კვეთა დაბალია; გავრცელებულია ამოღარული, მოდელირების გარეშე, ხაზები. უხეშად ნაკეთები კაპიტელი საერთოდ მოკლებულია ორნამენტაციას. სხვა ამგვარ მასალასთან ერთად ნაპოვნია აშკარად პროკონესული წარმომავლობის ორი არქიტექტურული დეტალი, რომლებიც ასევე უჩვეულო სიმარტივით გამოირჩევა.
ამრიგად, ტაძარი ქრისტიანული კულტის განმასახიერებელ, ევქარისტული ლიტურგიის შესასრულებელ მრავალფუნქციურ ნაგებობას წარმოადგენდა. უკვე აღნიშნული სამარხი (№7) წარჩინებული პირისა სამხრეთის მინაშენში და სხვა სამარხების გაჩენაც ტაძართან, ავტორთა აზრით, ზრდიდა მის ფუნქციონალურ (ამ შემთხვევაში მემორიალურ) დატვირთვას. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ იგივე მინაშენის სტრატიგრაფიულად ქვედა დონის სამარხი №14, თუ იგი მინაშენის დროინდელია, შეიძლება, სხვაგვარადაც განსაზღრავდეს სამხრეთის მინაშენის ხასიათს. სამარხები. ისინი გაფანტულად არის წარმოდგენილი; საერთო რაოდენობა 2 ათეულს აღემატება. აქედან 8 სამარხი აფსიდასთან გაითხარა. ყველა ისინი, თითქმის უკლებლივ, დასავლეთისკენაა ორიენტირებული. სამარხ აკლდამებში დაკრძალული 4 მიცვალებულიდან 2 შეიცავდა ინვენტარს. სამარხების (აკლდამების) ერთი ნაწილი აგურებით არის ამოშენებული. გვხვდება ქვისა და აგურის მონაცვლეობაც.
ინტერესს იწვევს სამარხი #7. იგი ქვითა და აგურითაა ნაშენი. სამარხის სიგრძე _ 2,57 მ-ია, სიგანე _ 0,86მ. სახურავად გამოყენებულია აგურები (ზომები: 34×25×3,5სმ; 33×25×3სმ; 32×25×3,5სმ; 32×25×4სმ; დუღაბის სისქე წყობებს შორის 2,5-3 სმ-ია). მიცვალებული ქალი ოქრომკერდიან სამოსში იყო დაკრძალული. სამოსელთან და სამარხის სხვა ნაწილში ოქროს ნივთები იყო გამოვლენილი (ბეჭედი, საყურეები, ოქრომკერდზე ოქროს სფერული 50 ნახევრადსფერული კილიტი და სხვ.). აღნიშნული სამარხები ტაძრის სინქრონულ ძეგლებად არის მიჩნეული. დათარიღების საკითხი ძეგლთან დაკავშირებული ორი მონაცემის განხილვას გულისხმობს: პირველი არქიტექტურული მონაცემებია, მეორე კი _ არქეოლოგიური მასალა. ჩვენ ძირითადად მეორე მონაცემზე გავამახვილებთ ყურადღებას. არქიტექტურული თვალსაზრისით ძეგლის ზუსტი დათარიღება სირთულეს წარმოადგენს. ამგვარი ერთნავიანი ნახევრადწრიული აფსიდის მქონე ნაგებობები ფართოდაა გავრცელებული ანტიკურიდან ადრე შუა საუკუნეებზე გარდამავალ ხანაში. აფხაზეთში ამგვარ პარალელად წიბილიუმის (წებელდის) ციხის #3 ეკლესიაა დასახელებული34. ძირითად ანალოგიებად კი მიუთითებენ ჩრდილო შავიზღვისპირეთის, მცირე აზიის, საქართველოს, სომხეთის და სხვა რეგიონების ძეგლებზე35. მაგრამ, ვფიქრობთ, გიენოსის ტაძარი არ უნდა განიხილებოდეს როგორც ჯვრისებური გეგმარების ძეგლი, ამიტომ ამ თემის (ჯვრისებური გეგმარების) მხოლოდ კონსტანტინეპოლთან დაკავშირება ფორმალურია.
გიენოსის ტაძრის გეგმარების ძირითად მახასიათებელს ნახევარწრიული აფსიდა წარმოადგენს. ამგვარი მარტივი, ნახევარწრიული აფსიდის გეგმარების მქონე ტაძრები გენეზისით ანტიკურ (წარმართულ) არქიტექტურულ ძეგლებს უკავშირდება. მოგვიანებით ნახევარწრიული აფსიდები წახნაგოვნით იცვლება. აღინიშნება, რომ რეგიონის მთელ რიგ VI საუკუნის შუა ან მეორე ნახევრით დათარიღებულ ძეგლებს უკვე წახნაგოვანი აფსიდები ახასიათებთ. გამთხრელები ტაძრის დათარიღების დროს იყენებენ მშენებლობის ზოგიერთ თავისებურებას, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა აგურისა და ქვის მონაცვლეობას წყობებში: კერძოდ, აგურის შემორჩენილ წყობებში (სარტყლებში?) აგურების რაოდენობისა და ფენებს შორის დუღაბის სისქის განზომილებით მონაცემებს. გამთხრელები იყენებენ ა. შნაიდერის, პ. ლემერლის და სხვათა თეორიას, აგრეთვე, სხვადასხვა ავტორთა (ი. ვენედიკოვი, ვ. ლექვინაძე, გ. ლორთქიფანიძე, ვ. ჯაფარიძე) აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძეგლების პრაქტიკული კვლევის შედეგებს და აღნიშნულ ტაძარს უშუალოდ წინა იუსტინიანემდელი ხანით ათარიღებენ.
დათარიღებისთვის გამოიყენება სამარხთა ტიპებიც, მათი ხმელთაშუაზღვისპირეთის გვიანანტიკური სამაროვნების ანალოგიები. ეს ეხება აგურებით ნაშენ სამარხებს, ანალოგიები ცნობილია ადრექრისტიანული ტაძრებიდანაც. საქართველოში ამგვარი სამარხები დადასტურებულია ქ. მცხეთასა და მის შემოგარენში და მათი თარიღი აქ ზოგადად ახ.წ. III-IV სს., ზოგ შემთხვევაში კი, III ს. ან IV ს. პირველი ნახევრით არის განსაზღვრული36. გიენოსის სამარხებში, კერძოდ, #7 სამარხში, ნაპოვნი ინვენტარი ასევე ჰპოვებს ანალოგიებს ბიზანტიურ სამყაროში, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში, ისევ მცხეთის სამაროვნების ინვენტარში.
ეკლესიასთან დაკავშირებული არქეოლოგიური მასალები ასევე ზოგადად თარიღდება ახ.წ. V-VI სს.-ით. ასეთად, პირველ რიგში, უნდა მივიჩნიოთ ე.წ. წელშეზნექილი ამფორები, რომელთა ანალოგიები მრავლად გვხვდება, როგორც საქართველოს ზღვისპირეთში, ასევე ჩრდილო და, აშკარად მცირე რაოდენობით, დასავლეთ შავიზღვისპირეთში. გიენოსის წელშეზნექილ ამფორებს ავტორები V-VIსს.-ით განსაზღვრავენ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი ამგვარი ამფორების თარიღად ახ.წ. IV საუკუნესაც უთითებენ, ხოლო პიტიუნტის გათხრების დროს გამოვლენილი ამგვარი ამფორების, ადრეული ეგზემპლარები, II-III საუკუნეებითაა დათარიღებული37. ადრეულ თარიღზე მიუთითებს გონიო-აფსაროსის გათხრების უკანასკნელი მონაცემებიც, სადაც II-III საუკუნეებით (?) დათარიღებული ამგვარი ამფორების გამოსაწვავი ქურაც დადასტურდა38.
აღნიშნული ამფორების წარმოებასა და გავრცელებაში ადრებიზანტიური ხანისთვის ახალი აღმავლობა შეინიშნება. ნაწილობრივ იგი ბიზანტიის იმპერიის ლაზიკაში ახალი ექსპანსიის დროსაც ემთხვევა. ამიტომ, თუმც ამ ამფორათა ადგილობრივი წარმოება (მაგ. წებელდაში და სხვაგანაც) ეჭვს არ იწვევს, ამავე დროს, ვვარაუდობთ მათ იმპორტირებასაც. ამის საილუსტრაციოდ შეიძლებოდა დაგვესახელებინა აღმ. შავიზღვისპირეთში ამგვარ ამფორათა ფართოდ გავრცელება სწორედ ბიზანტიური გარნიზონების დისლოკაციის პუნქტებში. გონიო-აფსაროსის გათხრების ახალი მონაცემები ნათქვამის ილუსტრაციას წარმოადგენს.
გიენოსში ნაპოვნი წელშეზნექილი ამფორებიც ამგვარ ამფორათა გავრცელების აღნიშნულ ახალ ეტაპს უნდა უკავშირდებოდეს. სამწუხაროდ, არც ერთ პუბლიკაციაში არ არის სათანადოდ ილუსტრირებული მასობრივი მონაპოვარი, მათ შორის, წელშეზნექილ ამფორათა პირ-ყელის ფრაგმენტები, რაც გააადვილებდა თარიღის საკითხზე მსჯელობას. ზოგადად კი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამოქვეყნებული მასალა39 მართლაც უნდა უკავშირდებოდეს აღმოსავლეთ და ჩრდილო შავიზღვისპირეთში დადასტურებულ ამ ტიპის მოგვიანო ამფორებს. აქ, მაგ. ქერსონესში, ისინი მრავლად არის ნაპოვნი40. როგორც ითქვა, შედარებით იშვიათად გვხვდება ამგვარი ამფორები დასავლეთ შავიზღვისპირეთში. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ქალაქ ვარნის (ბულგარეთი) მუზეუმში დაცული მთელი ეგზემპლარი41, მაგრამ იქვე, ფონდებში არ შეგვხვედრია ამგვარი მასალის სხვა ფრაგმენტები; სხვა მონაცემებზე მითითებულია სათანადო ლიტერატურაში42. ინტერესს იწვევს ევროპულ, ძირითადად კი ხმელთაშუაზღვისპირეთის მასალებზე დაყრდნობით შემუშავებული კლასიფიკაცია კ. სკორპანისა43.
ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის მონაცემებიდან ყურადღებას იქცევს დრანდის ტაძრის, ნართექსის გადახურვის ნაწილში გამოვლენილი წელშეზნექილი მთელი ამფორები; აქ ისინი, ძირითადად, ახ.წ. VI ს.-ით არის დათარიღებული44. უკანასკნელ ხანებში ამგვარი ამფორები ნაპოვნი იყო სებასტოპოლისის (სოხუმის) ახალი არქეოლოგიური გათხრების შედეგად45.
სხვა არქეოლოგიური მასალების, მაგ., მინის ჭურჭლების ფრაგმენტების, რომელთა ანალოგიებად პუბლიკაციის ავტორები აღმ. შავიზღვისპირეთის რიგი ძეგლების (ფიჭვნარი, ცანდრიპშის ბაზილიკა) მონაპოვარს ასახელებენ, თარიღი ზოგადად ახ.წ. IV-V სს.-ით არის განსაზღვრული. აქ, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება ახ.წ. VI საუკუნე და მომდევნო ხანაც (ახ.წ. VIIს.) კი. ასევე ზოგადად ახ.წ. V-VIIსს.-ით თარიღდება ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული ე.წ. დასაკრავი ჯვარი.
ყველა ზემოთ აღნიშნული მონაცემის საფუძველზე გამთხრელები გიენოსში გამოვლენილ ახალ მნიშვნელოვან ძეგლს _ ქრისტიანულ ტაძარს, იუსტინიანემდელი ხანით ათარიღებენ, რაც ზოგადად დამაჯერებელია, დაზუსტებები დეტალებში კი შესაძლებელია არქეოლოგიური მასალების შემდგომი დეტალური კვლევის შედეგად. ამასთან, თვით ტაძრის იატაკის, ისევე როგორც თავდაპირველი მშენებლობის დროინდელი, მასალების სიმცირეზე შეიძლება მიუთითებდეს ავტორთა მხრივ მათი აღუნიშვნელობა. ეს საკითხები დაზუსტდება ძეგლის სრული, დოკუმენტური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენი დაკვირვებით, არ გამოირიცხება რიგი სამარხის (მაგ. #7) ადრეულობა და მათი სატაძრო კომპლექსის წინა პერიოდით დათარიღება.
აღნიშნულს გარდა, სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია ჩვენთვის საინტერესო პერიოდის სხვა მასალებზეც46. ამ მასალების მიხედვით ჩანს, რომ ანტიკური ხანის სამოსახლოს ხანძრით განადგურების შემდეგ, უკვე ახ.წ. პირველ საუკუნეებში, იგი კვლავ ფუნქციონირებს, თუმც ამ დროის მასალები შედარებით მცირე რაოდენობით არის გამოვლენილი. ი. ვორონოვი თვლის, რომ ამ დროის ოჩამჩირის ნასახლარი კვლავ განიცდის ახალ აღმავლობას, როცა აქ შეიძლებოდა გაჩენილიყო რომაელების (?) შედარებით მცირე სანავსადგურო პუნქტი47. აქ ამ სამოსახლოს ხასიათის განსაზღვრა შენიშვნას იწვევს, მას მარტო იმპორტული მასალა არ განსაზღვრავს. როგორც თვით დასახელებული ავტორი აღნიშნავს, ამ დროის იმპორტული მასალები საკმაოდ მრავალრიცხოვნად არის წარმოდგენილი, რომელთა შორის დასახელებულია ახ.წ. II-III სს. პირისკიდედაღარული ამფორები. III-IV სს.-ით არის განსაზღვრული კონუსურძირიანი ამფორების ფრაგმენტები; ესენი შეიძლება სამოსურები (სპეციალურ ლიტერატურაში დღეს მათ წარმოებას უფრო ღაზას სექტორს უკავშირებენ) იყვნენ, მაშინ თარიღი IV ს. II ნახევრით _ V ს.-ით შეიძლება განისაზღვროს. ზოგადად ასევე უნდა თარიღდებოდეს მინის ჭურჭლების (მათ შორის ხალიანის) ფრაგმენტები, ასევე წითელლაკიანი ჯამები.
ნიშანდობლივია, რომ შედარებით მრავალრიცხოვანია ადგილობრივი მასალები. ახ.წ. I საუკუნეებისთვის ასეთად მითითებულია წელთაღრიცხვათა მიჯნის ადგილობრივი დოქი48, ვფიქრობთ, სამეცნიერო ლიტერატურაში მაინც ნაკლები ყურადღება ექცევა ახ. წელთაღრიცხვის Iს. ადგილობრივი კერამიკის ფრაგმენტირებულ მასალებს. ასეთი კი, იმპორტული და ადგილობრივი მთელი ჭურჭლების გარდა, რომ იქნებოდა, ეჭვს არ იწვევს. მთელი და ფრაგმენტული მასალებიდან უნდა აღინიშნოს ე.წ. წებელდური დოქების შესახებ. რამდენიმე მთელს გარდა, მოზრდილი ნატეხი უნდა მიუთითებდეს მათ სამარხებთან შესაძლო კავშირზე. ასევე სამარხეულად მიგვაჩნია ე.წ. მსხლისებურტანიანი დოქი და, შესაძლოა, მისი მსგავსი სხვა ფრაგმენტები, უპირატესად პირ-ყელისა49. ამ მასალის მიხედვით ახ.წ. დასაწყისის, უფრო კი IV-VI სს. გიენოსს მჭიდრო კონტაქტები აქვს, როგორც წებელდური კულტურის გავრცელების რეგიონთან, ასევე ზოგადად დასავლეთ საქართველოსთან, რადგან აღნიშნული მსხლისებურტანიანი დოქები აქ, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ფართოდ არის გავრცელებული50. ასეთი კონტაქტების გათვალისწინებით საფუძვლიანი ჩანს მოსაზრება, რომელიც ადრე გამოთქმული იყო სებასტოპოლისისა და პიტიუნტის მასალების შესწავლის საფუძველზე, კერძოდ, ზღვისპირის სამოსახლოების აღორძინება ა.წ. IV-V სს.-ში თან ხვდება ეგრისის (ლაზიკის) ახალი სამეფოს აღმავლობას51. იგი ასევე ამსახველია დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილებისა.
დასასრულს, შევეხებით ოჩამჩირე-გიენოსის და მისი რეგიონის დემოგრაფიული სიტუაციის ცვლილების საკითხს ეტაპობრივი მონაცემების მიხედვით. უკვე აღნიშნული იყო, რომ პირველი დასახლება შემოგარენში უკვე ქვის ხანიდან ივარაუდება, შემდეგ აღინიშნება ბრინჯაოს ნივთების და განძების შემთხვევითი მონაპოვრების შესახებ (იხ. შენ. 4). უშუალოდ ზღვისპირის ზემოთ განხილული დასახლების ფარგლებს უკავშირდება (დადასტურებულია თვით ბორცვების ქვედა ფენის სახით) ოჩამჩირის, ლიტერატურაში ფართოდ ცნობილი, ენეოლითური (ადრეული ნომენკლატურით, ნეოლით-ენეოლითური) ხანის ნამოსახლარი52.
ინტერესს იწვევს ქ. ოჩამჩირის და ზღვისპირეთის სხვა ძეგლები ე.წ. ქსოვილის ანაბეჭდიანი კერამიკით, რომელიც სპეციფიკურ მასალას (თიხის აბაზანისებურ ჭურჭლებს, სადგრებს, სასრეს ქვებს) შეიცავს53. ამ ნასახლარების შემდგომი განვითარების (იგულისხმება გარკვეული წყვეტილიც) შედეგს წარმოადგენს მდ. მოქვისწყლის გასწვრივ და მიმდებარე მონაკვეთზე, შედარებით ფართოდ წარმოდგენილი მომდევნო ხანის დასახლებანი, რომელთა ნაშთები ოჩამჩირეში მდ. ჯიკუმურის ნაპირთან და ზღვის გასწვრივ, ძირითადად ბორცვებზე შეისწავლებოდა არქეოლოგიურად. მკვლევართა ამგვარ მოსაზრებას ზოგადად ჩვენც ვიზიარებთ, ამასთან, ვფიქრობთ, ისტორიული ტოპოგრაფიის შესწავლის თვალსაზრისით გიენოს-ოჩამჩირეს მომავალში მნიშვნელოვანი პერსპექტივა გააჩნია. გიენოსის (ოჩამჩირის) ეს სამოსახლო, მისი ფარგლები არ განისაზღვრება სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული სამი ბორცვით. დასაზუსტებელია ამ ბორცვების ქრონოლოგიური დიფერენციაციის საკითხი. კულტურული ფენები და სამოსახლო გავრცელებულია თხრილისა და მიმდებარე ვაკე მონაკვეთში. ამასთან, ლიტერატურაში აღინიშნება სხვა ბორცვოვანი შემაღლებების თუ მე-4 ბორცვის შესახებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ოჩამჩირის ანტიკური ნასახლარის სახით საქმე შეიძლება გვქონდეს ბოლო ხანებში აფხაზეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ფიჩორის (ოჩამჩირის რ-ნი) ნასახლარზე გათხრილი ძეგლების _ ჯგუფურად განლაგებული ბორცვების ანალოგიურ დასახლებასთან. ამდენად, იგი ტიპოლოგიურად მსგავსია ისტორიულ კოლხეთში დადასტურებული ძველი ნასახლარებისა.
შესაძლოა, ცენტრალურ სამოსახლოს ძველი დროიდან (ძვ.წ. VI-V სს.) დასავლეთის ბორცვი წარმოადგენდა. ამასთან, ზოგ სხვა ბორცვზე სათანადო ეპოქის მასალების დაუდასტურებლობა შემთხვევითი გარემოებითაც შეიძლება აიხსნას, რადგან სხვა მონაცემებით თხრილების სისტემა ამ დროს უკვე ფუნქციონირებს; შესაბამისად, იგივე ხანით შეიძლება განისაზღვროს სხვა ბორცვების მოზვინვა. სამოსახლო თავისი არსებობის საწყის ეტაპზევე მჭიდრო კონტაქტშია გარესამყაროსთან. ახალი მონაცემებით, ადრეული იმპორტის თარიღი ძვ.წ. VI საუკუნის ადრეული ეტაპით არის განსაზღვრული54.
სავსებით სამართლიანად აღინიშნება სამეცნიერო ლიტერატურაში, რომ დასახლების ტიპი ოჩამჩირე-გიენოსში ტიპიურ კოლხურ სამოსახლოს წარმოადგენს55. ამასთან, მონაპოვარ მასალაში აშკარად დომინირებს კოლხური მასალები, პირველ რიგში კი _ კერამიკა56. გამახვილებულია ყურადღება სამოსახლოს მოწყობის წესის გენეტიკურ კავშირზე ოჩამჩირეშივე დადასტურებულ უფრო ძველი ნასახლარების მონაცემებთან57. შესაბამის ლიტერატურაში განხილულია ადრეანტიკურ-ელინისტური ხანის ოჩამჩირის ნასახლარის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი58, ამდენად ჩვენ მასზე აქ არ შევჩერდებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ანტიკური ხანის ნასახლარის დაქვეითება თუ განადგურება ქრონოლოგიურად მართლაც ემთხვევა მითრიდატული ომების ეპოქას; ამ დროსვე უკავშირდება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქების საერთო დაქვეითება. იგი, ცხადია, ეკონომიკური ფაქტორებითაც იყო განპირობებული.
ახ.წ. პირველი საუკუნეები აღმ. შავიზღვისპირეთში, ძირითადად, რომაელთა პოლიტიკური აქტივობის შედეგად წარმოშობილი ციხე-სიმაგრეებით (კასტელებით) არის წარმოდგენილი. აქ, ოჩამჩირეში, ბორცვებზე და მის მიმდებარე მონაკვეთში ამ დროის სამოსახლო, საფიქრებელია, შემცირებულია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ დადასტურებულია ახ.წ. პირველი საუკუნეების იმპორტული ნაწარმი, რომლის შესახებ ზემოთ უკვე იყო აღნიშნული. არც წერილობითი წყაროებით, არც არქეოლოგიური მონაცემებით გიენოსის ახ.წ. პირველი და მომდევნო (ახ.წ. IV-VII სს.) ხანის ნასახლარზე რომაულ-ბიზანტიური სასიმაგრო ნაგებობის ნაშთები დადასტურებული არ არის. მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს რომაული ხანის ადრეული იმპორტი და ადგილობრივი მასალები, რომლებიც ადრეული გათხრების დროს სათანადოდ არ იყო აღრიცხული და ფიქსირებული; ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ადგილობრივი დოქი59. ინტერესს იწვევს იმპორტი (ხალიანი მინა, სამოსური ამფორა და სხვ.), რომელიც ასევე კონკრეტულად მიუთითებს ახ.წ. IV-V საუკუნეებზე. თუ დროის აღნიშნულ მონაკვეთს დავუკავშირებთ განხილული ტაძრის ფუნქციონირების დროს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ახ.წ. IV-VIსს.-ში გიენოსი ასევე მნიშვნელოვან და, შესაძლოა, გავრცელებულ სამოსახლოს წარმოადგენდა. მასალების მიხედვით, იგი კონტაქტშია ადგილობრივ, დასავლურქართულ სამყაროსთან. სამოსახლოს მნიშვნელობაზე, გარდა ქრისტიანული ტაძრისა, რაც თავისთავად მნიშვნელოვან მრევლს გულისხმობს, სხვა გაუთხრელი, არასასიმაგრო ნაგებობებიც მიუთითებს, ხოლო კალორიფერის აგურების მიხედვით აქ აბანოს ფუნქციონირებაც შეიძლება ვივარაუდოთ.
ახ.წ. პირველი საუკუნეების და განსაკუთრებით მომდევნო ხანის გიენოსი რომ მნიშვნელოვან და შედარებით ვრცელ სამოსახლოს წარმოადგენდა, ამაზე მიუთითებს ბორცვის გარეთ არსებული რიყის ქვის კედელიც (თუ კედლის საძირკვლის ნაწილი), რომელიც წრიულად შემოსაზღვრავს მას, რატომღაც იგი გვიანი შუა საუკუნეებით არის დათარიღებული60. მაშინ როცა საამისო დამათარიღებელი მონაცემები მოტანილი არ არის. არც სინქრონულ დასახელებათა ნაშთების შესახებ აღინიშნება ბორცვების ირგვლივ არსებულ თხრილებთან მიმართებაში და მათგან გარეთ, ვაკე მონაკვეთში. ამავე დროს, ეს მონაცემი ანალოგიურია ცენტრალურ კოლხეთში, მაგ., პატრიკეთის ბორცვზე, დადასტურებული ვითარებისა. აქაც ცხოვრების ახალ ეტაპზე, ახ.წ. I ათასწლეულში, ბორცვის ირგვლივ არსებულ მიწაზვინულზე რიყის ქვის თავდაცვითი ზღუდეა აშენებული. ჩანს, კოლხეთში სამოსახლო (და სასიმაგრო) ბორცვების გამოყენების ტრადიცია ზოგან მომდევნო ხანაშიც გრძელდება.
ასევე მნიშვნელოვან და ფართო სამოსახლოს წარმოადგენს ოჩამჩირის ნამოსახლარი ზოგადად განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული მასალების მიხედვით. აქ თარიღის დაკონკრეტება შესაძლებელია შედარებით მრავალრიცხოვანი მოჭიქული კერამიკის შესწავლის საფუძველზე61. დოკუმენტური მონაცემების გათვალისწინებით, ამ დროის სამოსახლოს უკავშირდება კერამიკული ქურები62. და, შესაძლოა, წყალსადენის მილები. დაფიქსირებულია კულტურული ფენების ფართოდ (1 კმ-ის სიგრძეზე) გავრცელება, რაც ასევე მნიშვნელოვანი სამოსახლოს არსებობაზე მიუთითებს.
საქალაქო ცხოვრების ჩასახვის პრობლემასთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს ოჩამჩირის ნასახლარზე ბოლო გათხრებით გამოვლენილი ადრეული (ძვ.წ. VIს.) იმპორტის (ღია ფერის ანგობით დაფარული ქიოსური ამფორები, იონური კერამიკა) გამოვლენა63. ამასთან საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მკვლევარი მ. ინაძე ადრევე, სხვა მონაცემების საფუძველზე, აღნიშნავდა დიოსკურიისა და გიენოსის, როგორც ბერძნული ახალშენების დაარსების შესახებ უკვე ძვ.წ. VIს. შუა ხანიდან64.
ჩვენი ეს ნაკვლევი გიენოსზე ძირითადად ახ.წ. პირველი საუკუნეებისა და ადრებიზანტიური ხანის ძეგლებს შეეხო. მასალების ერთგვარი სიმცირის მიუხედავად, ეს ეპოქაც, ისევე როგორც გიენოსის ადრეული ცხოვრების ეტაპები, ახალი გათხრების საფუძველზე კვლავ იქნება შესწავლის საგანი65.
შენიშვნები
1. გავრცელებული მოსაზრებით (იხ. მაგ., ნ. მარისა და ი. ყიფშიძის ლექსიკონები), სახელის ძირი მომდინარეობს თურქულენოვანი სამყაროდან (უკავშირდება ბზას, რისი წარმოებაც ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის (აფხაზეთის) სანაპიროზე დადასტურებულია გვიანდელი წყაროებით). უფრო სწორი უნდა იყოს სახელის ახსნა ქართულ ნიადაგზე, რომლის მიხედვით იგი გაიაზრება როგორც ორი სიტყვის კომპოზიტი („ოჩე“ და „მჩირე“) და ნიშნავს დიდ ყანას. იხ.: გ. როგავა. ზოგი გეოგრაფიული სახელის (ოჩემჩირე, ტყაურუ) შედგენილობისათვის. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 93. თბ., 1960.
2. ეს ფრაგმენტი მრავალმხრივ იწვევს ინტერესს, ამიტომ მოგვყავს მისი პირველი ნაწილი: „81: კოლხები. ამათ შემდეგ არის ტომი _ კოლხები, ქალაქი დიოსკურისი, ელინური ქალაქი გვიენოსი, მდინარე გვიენოსი, მდინარე ქარობიოსი, მდინარე ქოროსოსი, მდინარე არიოსი, მდინარე ფასისი და ელინური ქალაქი ფასისი, მდინარის ზევით აყოლებით 180 სტადიონის მანძილზე არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა“. თ. ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. I. თბ., 1967, გვ. 48.
3. ო. ლორთქიფანიძე. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი. თბ., 1966, გვ. 54, შენ. 6; თ. ყაუხჩიშვილი. საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თბ., 1976, გვ. 87.
4. С. Замятнин. Очерки по палеолиту. М.-Л., 1961; ო. ლორთქიფანიძე. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი.., გვ. 55; Д. Д. Качарава. Город Гиэнос в античную эпоху. К истории городов Восточного Причерноморья. Автореферат кандидатской диссертации. Тб., 1972, გვ. 11; ჯ. აფაქიძე. აფხაზეთის გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის განძები. _ კრებ.: „აფხაზეთი“ I, არქეოლოგიური ძეგლები და პრობლემები. თბ., 2006, გვ. 73-75, ტაბ. I, 47-49.
5. Д. Качарава. Город Гиэнос в античную эпоху.., გვ. 15.
6. ო. ლორთქიფანიძე. ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი.., გვ. 55; Д. Качарава. Город Гиэнос в античную эпоху.., გვ. 15.
7. ა. გამყრელიძე. პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ. _ ქართული წყაროთმცოდნეობა, I. თბ., 1955, გვ. 29.
8. Н. Ломоури. Из исторической географии древней Колхиды. – Вестник древней истории, №4, 1957, გვ. 103.
9. შტეპჰ., Bყზ., Eტჰნ., შ. V. A, ა. _ გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. თბ., 1936, გვ. 274, იხ. აგრეთვე, შენ. 1.
10. С. М. Шамба, Гюэнос – I. Тб., 1988, გვ. 6.
11. Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа. Сухуми, 1937, გვ. 160.
12. Д. Гулиа. История Абхазии, т. I. Сухуми, 1925, გვ. 163.
13. უფრო ვრცლად ლიტერატურა ავტორებზე იხ.: С. М. Шамба. Гюэнос – I, გვ. 66-72.
14. Б. А. Куфтин. Материалы к археологии Колхиды. II. Тб., 1950, გვ. 262-264.
15. М. В. Барамидзе, Г. Г. Пхакадзе, В. В. Бжания, Г. К. Шамба, Г. Т. Квирквелия и друг. Археологические исследования в Абхазии. – Полевые археологические исследования в 1977 году (ПАИ). Тб., 1980, გვ. 116-117.
16. С. М. Шамба. Раннеантичный комплекс из Очамчира. – Археологические открытия в Абхазии. 1980 г. (АОА). Тб., 1982, გვ. 18-19; С. М. Шамба, Г. К. Шамба. Раскопки в древнем г. Очамчира. АОА 1984, Тб., 1989, გვ. 19-37; С. М. Шамба. Гюэнос-I; С. М. Шамба. Раскопки на городище Гиэнос. АОА 1986-1987, Тб., 1990, გვ. 16-30; С. М. Шамба. Политическое, социально-экономическое и культурное положение древней и средневековой Абхазии по данным археологии и нумизматики. VI в. до н.э. – XIII в. н.э. Научный доклад на сойск. уч. степ. доктора истор. наук. Ереван, 1998.
17. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 259-260.
18. С. М. Шамба. Политическое, социально-экономическое и.., გვ. 9-41.
19. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 1950; დ. კაჭარავა. ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნაქალაქარის ქრონოლოგიისა და ტოპოგრაფიის საკითხები. _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 62, #3, 1971, გვ. 753. ავტორები მიუთითებენ მ. ივაშჩენკოს გამოუქვეყნებელ ნაშრომზე: „Античное селище вблизи Очамчири“. Архив М. М. Иващенко, фонд №16 и 16а; ეს ნაშრომი-ხელნაწერი ანგარიში და მასალები, ძირითადად ავტორის მიერ შესრულებული გრაფიკული ჩანახატები, აგრეთვე ფოტოები, ორი მოზრდილი საქაღალდე, დაცულია ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. იგი შემდგომშიც საჭიროებს შესწავლასა და დამუშავებას.
20. დ. კაჭარავა. ოჩამჩირის ანტიკური ხანის.., გვ. 753-754.
21. დ. კაჭარავა. ოჩამჩირის ანტიკური ხანის.., გვ. 753-754.
22. С. М. Шамба. Гюэнос – I, გვ. 14.
23. დ. კაჭარავა. ოჩამჩირის ანტიკური ხანის.., გვ. 754.
24. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 273.
25. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 273.
26. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 273.
27. ეს ნაშრომი სათანადო საილუსტრაციო მასალით გაგვაცნო ჩვენმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა ბატონმა გ. ლომთათიძემ.
28. С. М. Шамба. Политическое, социально-экономическое и.., გვ. 11.
29. Л. Н. Соловьев. Археологические раскопки близ г. Очамчири в Абхазии. – Советская Археология, №4, 1937, გვ. 21; Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 264.
30. С. М. Шамба. Гюэнос – I, გვ. 22-40.
31. Б. С. Кобахия, Л. Г. Хрушкова, С. М. Шамба. Новая раннехристианская церковь на городище Гюэнос. – Вестник древней истории, №1, 1987, გვ. 126-146; С. М. Шамба. Политическое, социально-экономическое и культурное положение.., გვ. 11-12.
32. С. М. Шамба. Гюэнос – I, გვ. 22.
33. Б. С. Кобахия, Л. Г. Хрушкова, С. М. Шамба. Новая раннехристианская церковь на городище Гюэнос, გვ. 126-127, სურ. 1.
34. Л. Г. Хрушкова. Три церкви в горной Абхазии (раскопки 1977-1979 гг.). – Византийский временник, 1982, т. 43, სურ. 4.
35. Б. С. Кобахия, Л. Г. Хрушкова, С. М. Шамба. Новая раннехристианская церковь.., გვ. 137-138.
36. გ. მანჯგალაძე. სამთავროს სამაროვნის გვიანანტიკური ხანის სამარხები, კატალოგი. _ კრებ.: `მცხეთა~, VII. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. თბ., 1985, გვ. 105.
37. ქ. ბერძენიშვილი, რ. ფუთურიძე. ბიჭვინტაში მოპოვებული ამფორები, კატალოგი. _ დიდი პიტიუნტი, I. თბ., 1975, გვ. 272-273.
38. მ. ხალვაში. კერამიკული ტარა გონიო-აფსაროსიდან. _ გონიოაფსაროსი, II. ბათუმი, 2002, გვ. 16-17.
39. Б. С. Кобахия, Л. Г. Хрушкова, С. М. Шамба. Новая раннехристианская церковь на городище Гюэнос.., გვ. 142, სურ. 20.
40. И. Антонова, В. Даниленко, Л. Ивашова, И. Кадеев, А. Романчук. Средневековые амфоры Херсонеса. – Античная древность и средние века. VII. Свердловск, 1971, გვ. 83; А. Якобсон. Керамика и керамическое производство средневековой Таврики. Л., 1977, გვ. 12, სურ. 3,1.
41. М. Минчев. Амфори от IV-VI в. във Варненския музей. – Известия на народния музея, кн. VIII (XXIII). Варна, 1972, გვ. 273-279.
42. Г. Кузманов. Типология и хронология на ранневизантийские амфоры (IV-VI вв.). – Археология, I. София, 1973, გვ. 17.
43. ჩ. შცორპან. ჩერამიცა რომანო-ბიზანტინა დე ლა შაციდავა. Pონტიკა, VII, 1975, გვ. 268; ჩ. შცორპან. ჩონტრიბუტიონ á ლა ცონნაისსანსე დე ცერტაინს ტყპეს ცერამიქუეს რომანო-ბყზანტინს (IVე-VIIე სიèცლეს) დანს I'Eსპაცე Iსტრო-Pონტიქუე. Dაცია, Nოუვ. სერ., XXI, 1977, გვ. 279, 280, სურ. 20.
44. М. К. Хотелашвили, А. Якобсон. Византийский храм в с. Дранда (Абхазия). – Византийский временник, 1984, т. 45, გვ. 196-197.
45. ე.წ. თურქული ციხის ფარგლებში გამოვლენილი და გამოუქვეყნებელი მასალები სოხუმში გაგვაცნო ლ. ხრუშკოვამ და მ. გუნბამ. ისინი აქაც ახ.წ. V-VIსს.-ით დათარიღებულ ფენებს უკავშირდება.
46. Д. Д. Качарава. Город Гиэнос в античную эпоху.., გვ. 53-54, სურ. 6.
47. Ю. Н. Воронов. Гиенос. – Советская археология, №4, 1976, გვ. 53.
48. Ю. Н. Воронов. Гиенос, გვ. 53, სურ. 6, 19. აქ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე შემჩნეული გარემოება, რომ 30-იანი წლების გიენოსის არქეოლოგიური კამპანიის დროს მოპოვებული მასალების გადარჩევის დროს უპირატესობა ეძლეოდა იმპორტულ მასალებს. ამიტომ მასალის პროცენტულ თანაფარდობაზე მსჯელობა და მით ძეგლის ხასიათის განსაზღვრა მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია.
49. Ю. Н. Воронов. Гиенос, გვ. 53.
50. ვ. ჯაფარიძე. ვარდციხის ნაქალაქარი. ეგრისის ქალაქების არქეოლოგიური შესწავლისათვის. თბ., 1989, გვ. 75-80, ტაბ. XV, 2,3.
51. А. М. Апакидзе, О. Д. Лордкипанидзе. Новые материалы к археологии Диоскурии-Себастополиса. – Труды Абхазского института языка, литературы и истории им. Д. И. Гулия, XXXIII-XXXIV. Сухуми, 1963, გვ. 222.
52. Л. Н. Соловьев. Следы древнего солярного промысла близ г. Сухуми и г. Очамчира. Труды Абхазского Государственного музея, вып. I. Сухуми, 1947; Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 266-269.
53. Л. Н. Соловьев. Селища с текстильной керамикой на побережье Западной Грузии. – Советская археология, XIV, 1950, გვ. 266, 274 და შემდეგ; Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 274-295.
54. С. М. Шамба. Политическое, социально-экономическое и.., გვ. 17, შდრ. Д. Д. Качарава, Г. Т. Квирквелия. Города и поселения Причерноморья античной эпохи. Тб., 1991, გვ. 77.
55. О. Д. Лордкипанидзе. Древняя Колхида. Тб., 1979, გვ. 132; დ. კაჭარავა. ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნაქალაქარის.., გვ. 754.
56. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 273.
57. Г. Т. Квирквелия. Очамчире и его окружение в VIII-V вв. до н. э. – В сб.: Демографическая ситуация в Причерноморье в период Великой греческой колонизации. Материалы II Всесоюзного симпозиума по древней истории Причерноморья. Тб., 1981, გვ. 342.
58. ნ. მათიაშვილი. ძვ.წ. III-I სს. კოლხეთის ქალაქების ეკონომიკური ისტორიიდან. თბ., 1977, გვ. 79-84; Д. Д. Качарава. Город Гиэнос в античную эпоху.., გვ. 15, 24; С. М. Шамба. Гюэнос – I, გვ. 29.
59. Ю. Н. Воронов. Гиэнос.., სურ. 6. 19.
60. Ю. Н. Воронов. Гиэнос.., სურ. 1. 11.
61. უკვე აღინიშნა სათანადო ფენისა და მოჭიქული კერამიკის შესახებ არსებული მ. ივაშჩენკოს გამოუქვეყნებელი ნაშრომის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს მასალა ნაკლებ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურ კერამიკასთან და უფრო ამიერკავკასიურ (ქართულ) მასალებს ეხმაურება.
62. Б. А. Куфтин. Материалы.., გვ. 273-274.
63. С. М. Шамба. Политическое, социально-экономическое и.., გვ. 16-17.
64. მ. ინაძე. ანტიკური ხანის ჩრდილოეთ კოლხეთის ქალაქების განვითარების ხასიათის საკითხისათვის. _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXIII, #6, 1959, გვ. 769
65. რეზიუმეს სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისევე როგორც ფაზისის „ქვეყანაში“, აქაც (ოჩამჩირის „ქვეყანაში“) გვიანი ბრინჯაო _ ადრე რკინის ხანის დასახლებების კონცენტრაციას (ანუ მნიშვნელოვან დემოგრაფიულ აღმავლობას), სხვა გარემოებებთან ერთად, მნიშვნელოვნად განაპირობებდა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობა (მათ შორის ბრინჯაოს მეტალურგიის ბაზაზე განვითარებული რკინის მეტალურგია). ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობდა ოჩამჩირის რეგიონში (და სხვაგანაც) ქალაქური დასახლების წარმოქმნას. უკვე ამ ადრეული ხანიდან მასტიმულირებელ გარემოებას წარმოადგენდა ზღვა და კონტაქტები მისი მეშვეობით. ამიტომ შავიზღვისპირეთის ე.წ. ბერძნული კოლონიზაციის ეტაპი მხოლოდ ერთი დამატებითი, მასტიმულირებელი გარემოებაა კოლხეთის ზღვისპირეთის ქალაქური დასახლებების განვითარებაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий