1921წ. 4 მარტს აფხაზეთის დროებითმა რევკომმა ი. ჟვანიას თავმჯდომარეობით სოხუმში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. რევკომის საგანგებო სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის განყოფილებებისა და სამმართველოების შექმნის შესახებ.
6 მარტს კი საგანგებოდ მოწვეულ აფხაზეთის რევკომის, აფხაზეთის პასუხისმგებელი პარტიული მუშაკების, რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროსა და მე-9 წითელი არმიის სარდლობის წარმომადგენელთა გაერთიანებულ სხდომაზე გატარდა რევკომის რეორგანიზაცია. აფხაზეთის რევკომი არჩეულ იქნა ე. ეშბას (თავმჯდომარე), ნ. ლაკობას (თავმჯდომარის მოადგილე) და ნ. აქირთავას შემადგენლობით. მდივნად დაინიშნა სვერდლოვი1.
ამავე სხდომის დადგენილებით შეიქმნა აფხაზეთის ხელმძღვანელი პარტიული ორგანო – რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიურო. რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიუროს პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა გ. კრიშტოფი. მის შემადგენლობაში რევკომიდან შეყვანილი იქნენ ე. ეშბა და ნ. ლაკობა2.
აფხაზეთის რევკომი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო და განმკარგულებელი ორგანო, დაუყოვნებლივ შეუდგა სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური აპარატისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შექმნას. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა კადრების შერჩევასა და განაწილებას, რომლის განხორციელება რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს მითითებითა და ხელმძღვანელობით ხდებოდა. საქართველოს უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო ორგანოები კი სრულიად იგნორირებულნი იყვნენ. ამიტომაა, რომ რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიურო და აფხაზეთის რევკომი უშუალოდ მიმართავენ არა საქართველოს რევკომს, არამედ რკპ(ბ) ცკ კავკასიის ბიუროს. მის დაუკითხავად და თანხმობის გარეშე არ ღებულობენ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
საბჭოთა და პარტიული საქმიანობის წარმართვისა და მოწესრიგებისათვის, რკპ(ბ) ცკ კავკასიის ბიუროს მხრიდან დახმარებაში დარწმუნებულები, პირველ რიგში, მოითხოვდნენ: „1. მუშაკებს (კადრებს), 2. სახსრებს, 3. მუდმივ კავშირს ცენტრთან“.3
ამ დროისათვის ცენტრიდან აფხაზეთში პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში სამუშაოდ გამოგზავნილი იქნენ ბოლშევიკები: პ. აღნიაშვილი, ნ. სვანიძე, ნ. მაკაროვი, გ. კრიშტოფი, ნ. ბახტაძე, ს. მეძმარიაშვილი (გუბელი), ს. კარტოზია და სხვა. ამ პერიოდის ამსახველი პარტიული და ისტორიული ლიტერატურის ცნობით, ცენტრის ამ ღონისძიების შედეგად იმ დროს აფხაზეთში შექმნილა გარკვეული ბირთვი პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო მუშაკებისა ე. ეშბას, ნ. ლაკობას, ნ. აქირთავას, ნ. სვანიძის, ნ. ბახტაძის, ს. კუხალეიშვილის, ზ. ბენიას, მ. გობეჩიას, ვ. აგრბას, ა. აგრბას, ს. ჭანბას, ი. ვარდანიას, ნ. მაკაროვის, გ. კრიშტოფისა და სხვათა სახით, რომელთა უმრავლესობა რკპ(ბ) ცკ კავკასიის ბიუროს მიერ რეკომენდირებულ კადრებს წარმოადგენდნენ.
აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი, შექმნის დღიდანვე, იღებს მთელ რიგ დეკრეტებს და განკარგულებებს, რომელთა საფუძველს წარმოადგენდნენ რსფსრ დეკრეტები, ბრძანებები და დადგენილებები. ამიტომ მოულოდნელად არ უნდა მოგვეჩვენოს ის, რომ 1921 წლის 7 მარტიდან 1921 წლის 1 ივლისამდე პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე ანგარიშს რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიურო და აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი აბარებენ რკპ(ბ) ცკ კავკასიის ბიუროს4.
რასაკვირველია, ახალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წყობილების ჩამოყალიბება, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო საბჭოთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა შექმნასთან. ამ ღონისძიების გატარების პროცესში ვ. ლენინის აზრით, „ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამიერკავკასიის კომუნისტებმა შეიგნონ თავიანთი მდგომარეობა, თავიანთი რესპუბლიკების მდგომარეობის თავისებურება, რუსეთის რესპუბლიკის მდგომარეობისა და პირობებისაგან განსხვავებით, შეიგნონ იმის აუცილებლობა, რომ ბრმად კი არ გადაიღონ ჩვენი ტაქტიკა, არამედ მოფიქრებულად შეუფარდონ იგი კონკრეტულ პირობების სხვაობას“.5 იმ პერიოდში ამიერკავკასიის რესპუბლიკების კომუნისტებმა თავიანთი საქმიანობის პროცესში მათი ბელადის მითითებები და რჩევები ნაკლებად გაითვალისწინეს.
შიდა მმართველობის და სახალხო მეურნეობის ცალკეული დარგებისადმი ხელმძღვანელობის განხორციელების, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამიმდევრული საქმიანობის წარმართვის მიზნით აფხაზეთის რევკომთან იქმნება სამმართველოები და განყოფილებები: მართვის, საგანგებო კომისიის, სასურსათო, სახალხო მეურნეობის საბჭო, კომუნალური მეურნეობის, საფინანსო, მიწათმოქმედების, რევოლუციური ტრიბუნალი, სახალხო განათლების, მუშგლეხინი, სამხედრო კომისარიატი, შრომის, სოცუზრუნველყოფის, იუსტიციის, ჯანდაცვის, სახალხო კავშირგაბმულობის და სხვა6.
აფხაზეთის რევკომის სამმართველოებისა და განყოფილებების სათავეში ის პარტიული მუშაკები დააყენეს, რომელთა უმრავლესობას გარკვეული დამსახურება მიუძღოდა აფხაზეთის ძალდატანებით გასაბჭოებაში. ასე, მაგალითად, რევკომის პირველ სხდომაზე მართვის განყოფილების გამგედ დაინიშნა მ. ცაგურია7. 1921წ. 20 მარტის სხდომაზე მიწათმოქმედების განყოფილების გამგედ დამტკიცებულ იქნა ი. ჟვანია, რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარედ – ი. მარღანია (უფრო მოგვიანებით ის მუშაობდა იუსტიციის სახალხო კომისრად, შემდეგ კი სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ), სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარედ – ნუდდე8.
24 მარტის სხდომის გადაწყვეტილებით ცენტრიდან ახლად ჩამოსული პარტიული მუშაკები დაინიშნენ შემდეგ თანამდებობებზე: პ. გეგელია – იუსტიციის განყოფილების გამგედ, ნ. მაკაროვი – შრომის განყოფილების გამგედ, გუდაუთის სამაზრო რევკომის თავმჯდომარე ზ. ბენია – სახალხო კავშირგაბმულობის განყოფილების გამგედ, ამ განყოფილების ყოფილი გამგე ფარცვანია კი სახალხო კავშირგაბმულობის განყოფილების კოლეგიის წევრად გადაიყვანეს9.
ამავე პერიოდში ჯანდაცვის განყოფილების გამგედ დაინიშნა სემერჯიევი, განათლების განყოფილების გამგედ – ს. ჭანბა, კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ _ ვ. ჩაჩბა, საფინანსო განყოფილების გამგედ – დ. ალანია, მუშგლეხინის უფროსად – ტირაკიანი, საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ – ე. დამენია, სასურსათო განყოფილებას განაგებდა ხოროშევი10. აფხაზეთის პროფესიული კავშირების საბჭოს პირველი თავმჯდომარე იყო ნ. კრემლიანსკი11.
აფხაზეთის ე.წ. საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, 1921 წლის 19 აპრილიდან რევკომის ყველა განყოფილება გარდაქმნილ იქნა სახალხო კომისარიატებად, ხოლო სამმართველოები – რესპუბლიკის უმაღლეს დაწესებულებებად. მიუხედავად ამ გარდაქმნებისა, აფხაზეთის რევკომი ისევ რჩება აფხაზეთის უმაღლეს საკანონმდებლო, განმკარგულებელ და მაკონტროლებელ ორგანოდ. ის განიხილავდა და ამტკიცებდა ცალკეული კომისარიატების მიერ წარმოდგენილი დეკრეტების პროექტებს, ასევე დამოუკიდებლად გამოსცემდა დეკრეტებს, ღებულობდა დადგენილებებს. აფხაზეთის რევკომი ზედამხედველობასა და კონტროლს უწევდა სახალხო კომისრების, მათი მოადგილეების საქმიანობას, უფლებამოსილი იყო დაენიშნა და გაეთავისუფლებინა ისინი.
სოციალისტური მეურნეობის დაგეგმარებისა და ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის გაწევის მიზნით 1917 წლის 2 დეკემბერს საბჭოთა რუსეთში შეიქმნა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო (სმური), რომელმაც თავისი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით გარკვეული როლი შეასრულა მრეწველობის ნაციონალიზაციისა და ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების ნორმალიზაციიასათვის. რუსეთის მსგავსად, 1921 წლის 11 მარტის საქართველოს რევკომის დადგენილებით სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო შეიქმნა საქართველოშიც. ამ დროისათვის აფხაზეთის რევკომთან ასევე იქმნება სახალხო მეურნეობის საბჭო, როგორც აფხაზეთის უმაღლესი ეკონომიკური ორგანო, რომელიც ასრულებდა სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ფუნქციას აფხაზეთში12.
1921 წლის ბოლოსათვის სახალხო მეურნეობის საბჭო ყველაზე მსხვილ უწყებას წარმოადგენდა დანარჩენ სახალხო კომისარიატებს შორის. მასში შედიოდა 16 განყოფილება: საანგარიშო-საფინანსო, სტატისტიკური, პოლიგრაფიული, კუსტარულ-კოოპერაციული, სამეურნეო და სხვ. 1921 წლის 20 აპრილს აფხაზეთის სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ნ. აქირთავა13. სხვადასხვა სამეურნეო საკითხების გადასაწყვეტად, აფხაზეთის რევკომისა და რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიუროს ერთობლივი სხდომის გადაწყვეტილებით, იმავე წლის ივნისის შუა რიცხვებში შეიქმნება მუდმივი საუწყებათაშორისო სათათბირო ეკონომიკური ორგანო (ЭКОСО).14 ეკოსო-ს უნდა გაეწია ყველა ეკონომიკური დარგის სახალხო კომისარიატების (სახალხო მეურნეობის საბჭო, სურსათის სახალხო კომისარიატი, მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი, ფინანსთა სახალხო კომისარიატი, კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარიატი, საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატი) საქმიანობის კოორდინირება, წარემართა მათი მუშაობა. ამ ორგანოს ხელმძღვანელი, რევკომისა და რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიუროს დადგენილებით, უნდა ყოფილიყო რევკომის რომელიმე წევრი. 1921 წლის 27 ივნისიდან მას სათავეში ჩაუდგა ნ. აქირთავა15. 1921წ. 30 აგვისტოდან, აფხაზეთის ყველა ეკონომიკური ორგანოს აფხაზეთის რევკომთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოში გაერთიანებასთან დაკავშირებით, ის გახდა ამ საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე16. დეკემბრის ბოლოს ამ უწყების თავმჯდომარე ხდება ე. ეშბა17, მოადგილე – სტოკისი, წევრი – პევცოვი18. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, საგანგებო კომისიის, სამხედრო რევოლუციური ტრიბუნალის, როგორც სახელმწიფოს ძალისმიერი ორგანოების შექმნასთან ერთად იქმნება სასამართლო ორგანოები – სახალხო სასამართლოების სახით. ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელ ორგანოს იუსტიციის სახალხო კომისარიატი წარმოადგენდა, მაგრამ აფხაზეთის რევკომი უშუალოდ ახორციელებდა სასამართლო ორგანოების ხელმძღვანელი კადრებით დაკომპლექტებას. 1921 წლის აგვისტოში დამტკიცებული იქნა „დებულება აფხაზეთის სსრ სახალხო სასამართლოს შესახებ“.19
1921წ. 8 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით მაზრების მიხედვით და ქ. სოხუმში შეიქმნა 12 სახალხო სასამართლო: ორი ქ. სოხუმში, ორ-ორი მაზრებში20. მაგალითად, აფხაზეთის რევკომის 1921 წლის 30 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით, გაგრის რაიონში სახალხო მოსამართლედ დაინიშნა რუტენი, სახალხო გამომძიებლად – ოლხოვსკი, გუდაუთის მაზრაში სახალხო მოსამართლის თანამდებობიდან გუგუნავას განთავისუფლების შემდეგ ამ თანამდებობაზე დაინიშნა მოლჩანოვი. ქ. სოხუმის I რაიონის სახალხო გამომძიებლად დაინიშნა სკლობოვსკი, ხოლო გუმისთის მაზრაში – მამულაშვილი21 და სხვ.
აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების აპარატი უმთავრესად უმაღლესი ცენტრალური ორგანოები იქმნებოდა რსფსრ-ს მაგალითზე, რის შედეგადაც ის მეტისმეტად დამამძიმებელი აღმოჩნდა. აფხაზეთის რევკომმა და რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიურომ თავის სხდომაზე ივნისის დასაწყისში აუცილებლობად სცნეს, შესდგომოდნენ შემდგომში სახელმწიფო ხელისუფლების აპარატის შეკვეცას. ასევე სხდომამ მიზანშეწონილად ცნო ყველა ეკონომიკური ორგანოს გაერთიანება ერთ მთლიან უწყებაში22.
ამის შემდეგ 1921წ. 14 ივნისს აფხაზეთის რევკომისა და რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიუროს გაერთიანებულ სხდომაზე, რუსეთის საბჭოების VIII ყრილობისა და რკპ(ბ) X ყრილობის გადაწყვეტილებების, საბჭოთა რუსეთის შრომისა და თავდაცვის საბჭოს 1921 წლის 21 მაისის დადგენილების საფუძველზე23, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ეკონომიკური პროფილის მქონე ყველა სახალხო კომისარიატის: სახალხო მეურნეობის საბჭო, კომუნალური მეურნეობის, ფინანსთა, სასურსათო, საგარეო ვაჭრობისა და შრომის კომისარიატები – ერთიან სამეურნეო ცენტრში – აფხაზეთის სახალხო მეურნეობის კომისარიატში გაერთიანების შესახებ24. შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახალხო კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატები და საგანგებო კომისია ერთიანდებოდნენ ერთ ორგანოდ – შინაგან საქმეთაა სახალხო კომისარიატად. მაგრამ იმავე ზემდგომი ორგანოების 28 ივლისის დადგენილებით, იუსტიციის სახალხო კომისარიატი და საგანგებო კომისია შენარჩუნებული იქნენ, როგორც დამოუკიდებელი ორგანოები25. ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომისარიატები გაერთიანებულ იქნა ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარიატში26.
ამის შემდეგ დამოუკიდებელ უწყებებად რჩებოდნენ განათლების, სამხედრო-საზღვაო საქმის სახალხო კომისარიატები, მუშგლეხინი და რევტრიბუნალი27. 1921წ. 14 ივნისის დადგენილებით რეორგანიზაცია შეეხო, როგორც ცენტრალურ, ისე სამაზრო რევკომებსაც. აფხაზეთის რევკომის შემადგენლობა გაიზარდა 3-დან 5 წევრამდე28. მის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ ს. კუხალეიშვილი და მ. ცაგურია29.
აფხაზეთის პარტიული ორგანიზაციების საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობდა რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიურო, რომლის პასუხიხმგებელი მდივნები, გ. კრიშტოფის შემდეგ, სხვადასხვა დროს იყვნენ პ. აღნიაშვილი, ნ. სვანიძე, ს. მეძმარიაშვილი (გუბელი). რკპ(ბ) ცკ კავკასიის ბიუროს პრეზიდიუმის დადგენილებით 1921 წლის აგვისტოს ბოლოს რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიუროს შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ ე. ეშბა, ნ. ლაკობა, ნ. აქირთავა, ს. კუხალეიშვილი და სხვ30.
სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური აპარატის შექმნასთან ერთად იწყება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ჩამოყალიბება. ამ ღონისძიებას აფხაზეთის რევკომი მთლიანად რსფსრ-ს კანონმდებლობიდან გამომდინარე ატარებდა, რომლის საფუძველზე მისი მიერ შემუშავებული იქნა პირველი „მოკლე ინსტრუქცია აფხაზეთის სათემო და სასოფლო რევკომების ორგანიზაციის“ შესახებ31. დამატებით ამ ინსტრუქციისადმი 1921წ. აპრილის დასაწყისში აფხაზეთის რევკომმა შეიმუშავა და ადგილებზე გაგზავნა ორი სხვადასხვა სახის ინსტრუქცია: ერთი ეხებოდა სასოფლო რევკომებს, მეორე კი იყო სამაზრო რევოლუციური კომიტეტების სტრუქტურისა და კომპეტენციის შესახებ. უკანასკნელი ინსტრუქციის თანახმად განისაზღვრებოდა სამაზრო რევკომების შემადგენლობა 3 კაცის (თავმჯდომარე და ორი წევრი) რაოდენობით32. სამაზრო რევკომთან იქმნებოდა შემდეგი განყოფილებები: 1. მართვის, 2. სამეურნეო, 3. სასურსათო, 4. შრომისა და სოცუზრუნველყოფის, 5. ჯანდაცვის, 6. სამიწათმოქმედო, 7. სახალხო განათლების, 8. სამხედრო33.
ამავე დროს იქმნებოდა რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიუროს ადგილობრივი ორგანიზაციები. დიდი ყურადღება ექცეოდა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების დაკომპლექტებას პარტიული კადრებით.
სამაზრო რევკომები ემორჩილებოდნენ უშუალოდ აფხაზეთის რევკომს და მისი საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებული იყვნენ მის წინაშე – თავდაპირველად მართვის განყოფილების, შემდგომში კი აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეშვეობით.
სათემო რევკომი შედგებოდა შემდეგი განყოფილებებისაგან: 1. მართვის, 2. მიწათმოქმედების, 3. სამხედრო34. თემის რევკომის წევრები – რევკომის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი – ინიშნებოდნენ სამაზრო რევკომის მიერ.
1921წ. 26 თებერვალს შეიქმნა გაგრის მაზრის რევკომი. მისი პირველი თავმჯდომარე იყო ქურიძე, მდივანი – ვარდანაშვილი35, მართვის განყოფილების გამგე – ა. სოლოვიოვი, მაისის თვიდან კი – ი. უზუნოვი36. მაგრამ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საბაბით, ქურიძე და ვარდანაშვილი განთავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან (ისინი თურმე აფხაზეთის რევკომის განკარგულების გარეშე ატარებდნენ მოსახლეობიდან მსხვილფეხა საქონლისა და უძრავი ქონების რეკვიზიციას)37. აფხაზეთის რევკომის 1921წ. 20 აპრილის სხდომის გადაწყვეტილებით, გაგრის მაზრის რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა ი. ვარდანია, ხოლო ქურიძე გამოხმობილი იქნა სოხუმში38. შემდგომში ი. ვარდანია გადაიყვანეს გუდაუთის მაზრის რევკომის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო ამ თანამდებობაზე 26 სექტემბერს დაინიშნა ვ. ჩაჩბა. რევკომის წევრები იყვნენ ა. ნეფედიევი და პ. გერასიმოვი39.
გაგრის მაზრაში შეიქმნა 5 სასოფლო რევკომი: 1. ახალი გაგრის – მ. ალშუმბას (თავმჯდომარე), ოგანიანცისა და ზელიხოვიჩის შემადგენლობით; 2. კოლხიდის – მ. კაკულიას, გ. ემუხვარისა და გ. ციკოლიას შემადგენლობით; 3. ალახაძის – მ. უსტიანის, ვ. კეკელიასა და ო. ბოგულიანის შემადგენლობით; 4. კალდახვარის – ა. სეფარიანის, ა. არუთუნიანისა და ა. ბენგლიანის შემადგენლობით; კალდახვარა აფხაზურის (ბზიფი) – შ. კონჯარიას, ნ. კეტიასა და მ. ბენიას შემადგენლობით40.
1921წ. 16 თებერვალს შეიქმნა გუდაუთის სამაზრო რევკომიც ზ. ბენიას თავმჯდომარეობით. მისი აფხაზეთის რევკომის კავშირგაბმულობის განყოფილების გამგედ გადაყვანის შემდეგ 26 მარტიდან 4 სექტემბრამდე გუდაუთის მაზრის რევკომის თავმჯდომარე იყო ვ. აგრბა, 8 სექტემბრიდან კი – ისევ ზ. ბენია41. რევკომის წევრები იყვნენ მ. ტარნავა, გავრილენკო, იურკოვი, მ. გობეჩია. 26 თებერვლიდან 3 მარტამდე განყოფილებების გამგეებად დაინიშნენ: ი. ჩამაგუა, ზვერევი, მ. გობეჩია, ა. ჩუკბარი, გავრილენკო, ლასტოჩკინი, იურკოვი, მ. ტარნავა. მ. ტარნავა იმავდროულად იყო გუდაუთის მაზრის რკპ(ბ) აფხაზეთის ბიუროს პასუხისმგებელი მდივანი42.
სექტემბრის ბოლოს გუდაუთის მაზრის რევკომის შემადგენლობაში ცვლილება მოხდა. ზ. ბენიას მოადგილედ დაინიშნა ი. ვარდანია, რევკომის წევრად – ბასიაგ აგრბა43. გუდაუთის მაზრაში სულ იყო 22 სასოფლო თემი, სადაც, შესაბამისად, შეიქმნა სათემო რევკომები. მაგალითად, სოფ. ლიხნის რევკომის თავმჯდომარე იყო დ. გაბლია, სოფ. ანუხვის რევკომის – მ. ფაჩულია, სოფ. დურიფშის რევკომის თავმჯდომარეები სხვადასხვა დროს იყვნენ ე. კონჯარია და დ. ტანია44.
რევკომების შემადგენლობის ცვლა მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა, გარდა ორი სასოფლო რევკომისა – მწარისა და მუგუძირხვის. 16 დეკემბერს მწარის რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა ს. ტეკნეჯიანი, წევრებად – ა. მინოსიანი და ა. პაპაზიანი, 30 დეკემბერს მუგურძირხვის რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა კ. გუბაზი, წევრებად – დ. ლეიბა და ნ. მატუა45.
გუმისთის (სოხუმის) სამაზრო რევკომი შეიქმნა ჯერ კიდევ აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. გუმისთის მაზრის რევკომის ახალი შემადგენლობა შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლის 6-7 მარტს. გუმისთის მაზრის რევკომის შემადგენლობა, ისევე როგორც სხვა სამაზრო და სასოფლო რევკომებისა, ხშირად იცვლებოდა. გუმისთის მაზრის რევკომის პირველი თავმჯდომარე იყო პ. რადოვიჩი, ხოლო 1921წ. 22 აპრილიდან – ს. კუხალეიშვილი. იმავე წლის სექტემბრიდან თავმჯდომარე ხდება ნ. ბახტაძე, რომელმაც 1922წ. 8 თებერვალს ჩააბარა რევკომის უფლებამოსილება გუმისთის მაზრის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების აღმასრულებელ კომიტეტს46.
გუმისთის სამაზრო რევკომის 1921წ. 25 აპრილის ბრძანებით, განყოფილებების გამგეებად დაინიშნენ: მართვის განყოფილების გამგედ – კ. თოდუა, სახალხო განათლების – მ. კვაშილავა, საფინანსოს – თოდუა, სასურსათოს – გ. რადოვიჩი, მიწათმოქმედების – პ. რადოვიჩი, ჯანდაცვის – მარგულისი, სოცუზრუნველყოფის – ნადარეიშვილი, მაზრის მილიციის უფროსად – ხვინგია47, სამხედრო კომისრად – მაჩულისი48.
გუმისთის მაზრაში შექმნილი იყო 8 სათემო რევკომი: ეშერის, გუმისთის, დმიტრიევსკის, ლინდავის, მერხეულის, აჟარაწებელდის, დრანდის, ვლადიმიროვკის და 40-ზე მეტი სასოფლო რევკომი49. 1921წ. 4 აპრილს ჩატარდა აჟარა-წებელდის სათემო რევკომის არჩევნები. არჩეული იქნა რევკომი ს. ქარდავას (თავმჯდომარე), ნ. სნეგირიოვის, ტოპჩიანის, ვ. დვალისა და ლ. დანელიანის შემადგენლობით50. ამ პერიოდში დრანდის სათემო რევკომის თავმჯდომარე იყო ნ. ნაჭყებია, ეშერის – ა. ძიაპშიპა51, აბჟაყვის – მ. კალანდია, ვოლოდაროვკის – რ. კალანდია, ბაბუშარის – ფ. თოდუა, ბირცხის – კ. ხურცილავა52, გუმისთისა – ა. სალუქვაძე53. კოდორის მაზრაში შექმნილი რევკომი ა. უბირიას ხელმძღვანელობით, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისა და განმტკიცებისათვის, გადაყენებული იქნა გამიზნულად შეთითხნილი „მენშევიკებთან სამსახურში ყოფნის“ ბრალდებით (არალეგალურად მოღვაწეობის პერიოდში).54 1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომის გადაწყვეტილებით დაინიშნა სამაზრო რევკომის ახალი შემადგენლობა: ა. აგრბა (თავმჯდომარე), წევრები – ე. ურიდია და ვ. გვარამია55. მართვის განყოფილების გამგე გახდა ს. კაპბა56, მაზრის მილიციის უფროსი – ხ. მიქანბა57.
ბრალდებების ნუსხა ქართველი ეროვნების თანამდებობის პირთა მიმართ ამით არ ამოიწურება. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა 1921წ. 30 ივნისით დათარიღებული კოდორის მაზრის რევკომის თავმჯდომარის ა. აგრბას მოხსენებითი ბარათი აფხაზეთის რევკომის სახელზე მაზრაში მუშაობის შესახებ, სადაც ის წერს, რომ „...ახლად არჩეული რევკომი შეუდგა გეგმიურ საქმიანობას, მაგრამ მაზრაში მუშაობის ფართოდ გაშლას ხელს უშლის კადრების უკმარისობა. სახელდობრ, რევკომის წევრი ვ. გვარამია ავადმყოფობის გამო განთავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადადის კავბიუროს განკარგულებაში“.58 რევკომის მეორე წევრი ე. ურიდია – საბჭოთა ხელისუფლებისათვის აქტიური მებრძოლი, რკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან59, მისი აზრით, „არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას..,გაუნათლებელია და არ გააჩნია არავითარი პარტიული მომზადება, საერთოდ არაა გარკვეული სახელმწიფო მშენებლობის საკითხებში“.60 მაზრის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩაჩიბაია, – მისი თქმით, – „მენშევიკური მთავრობის განსაკუთრებული რაზმის აგენტი იყო (დამარწმუნებელ საბუთად მას ვიღაც ჩაგვა აშხაცავას ნაამბობი მოჰყავს) და ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანოს მუშაობა შემდგომში ჩაკვდება. ასევე ქალაქის მილიციის უფროსი კორსანტია განსაკუთრებული რაზმის ყოფილი აგენტია“.61 ბოლოს ა. აგრბა მოითხოვს ზემოხსენებულ პირთა თანამდებობზე ახალი კადრების გამომგზავნას და კიდევ რამდენიმე პოლიტმუშაკს62.
კოდორის მაზრაში 20 სასოფლო თემი იყო63. ყოველ მათგანში შეიქმნა რევკომი. მაგალითად, აძიუბჟის სათემო რევკომის თავმჯდომარედ დაინიშნა დ. გაბუნია (ეროვნ. აფხაზი), ილორის – კ. ჭკადუა, ლაბრის – ა. ჭოლოკიანი. ფოქვეშის რევკომის თავმჯდომარეები სხვადასხვა დროს იყვნენ ა. ფაჩულია და ბ. ტანია64.
აფხაზეთის რევკომის 1921წ. 10 მარტის დადგენილებით დაინიშნა სამურზაყანოს მაზრის რევკომის შემადგენლობა: გვარამია (თავმჯდომარე), დათა ლაბახუა და დიმ. თორია (წევრები).65 იმავე წლის აპრილში აფხაზეთის რევკომმა და რკპ(ბ) აფხაზეთის ორგბიურომ განიხილეს საკითხი „მაზრაში მტკიცე ხელისუფლებისა და პარტიული მუშაობის ორგანიზების შესახებ“. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მაზრის რევკომის თავმჯდომარედ დამტკიცებული იქნა ნ. სვანიძე, წევრებად – დიმ. თორია და რ. გოგოხია, განყოფილებების გამგეებად – ი. ხაბურზანია, ფ. თორია და სხვ.66 ნ. სვანიძის შემდეგ რევკომის თავმჯდომარე იყო ა. უბირია67.
სამურზაყანოს მაზრის სასოფლო თემებშიც შეიქმნა რევკომები. მაგალითად, სოფ. ბარღების რევკომის თავმჯდომარე იყო ვ. გოგოხია, პირველი გალის სათემო რევკომის თავმჯდომარე – პ. ჯეჯეია, ნაბაკევისა – ი. უბილავა68. მაზრაში სულ 25-მდე სასოფლო თემი ითვლებოდა69.
აფხაზეთის რევოლუციურმა კომიტეტმა თავისი უფლებამოსილება ჩააბარა 1922 წლის 17 თებერვალს არჩეულ აფხაზეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს (АбЦИК). აფხაზეთის ცაკ-ის პირველ სხდომაზე 1922 წლის 18 თებერვალს არჩეულ იქნა პრეზიდიუმი ე. ეშბას (თავმჯდომარე), ნ. აქირთავას, ს. კუხალეიშვილის, ჟუკოვის შემადგენლობით. აფხაზეთის ცაკ-ის სხდომამ ასევე შექმნა აფხაზეთის მთავრობა – სახალხო კომისართა საბჭო. აფხაზეთის პირველი სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ლაკობა70.
ამრიგად, ამ პერიოდში აფხაზეთის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში უმრავლესობას აფხაზები და რუსები წარმოადგენდნენ. მათ ეკავათ, ძირითადად, ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი თანამდებობა. ცალკეული უწყებების მთელი შემადგენლობა მათივე კადრებით იყო დაკომპლექტებული. ასეთივე ვითარება იყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში. სამაზრო და სათემო რევკომებში (გარდა სამურზაყანოსა და ნაწილობრივ გუმისთის მაზრისა) ქართველობა თითქმის არ იყო წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ქართველი (მკვიდრი) მოსახლეობა აფხაზეთში უმრავლესობას წარმოადგენდა (იხ. ცხრილი 1).71
აფხაზეთის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა 1922წ. 1 იანვრისათვის
ეროვნება რაოდენობა % შემადგენლობა
ქართველი 71181 42,2
აფხაზი 36816 21,8
სომეხი 22503 13,3
თურქი 32 0,0
რუსი 8907 5,3
ოსი 10 0,0
ბერძენი 24709 14,6
ებრაელი 1029 0,16
დანარჩენი 3600 2,2
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის ყველა ეროვნების წარმომადგენლები აუცილებლად პროპორციულად უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი72.
ამას კი ნამდვილად ვერ ვიტყვით აფხაზეთის იმდროინდელი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებზე. კიდევ მეტი პარტიული კადრების რაოდენობითაც (რადგან თანამდებობებზე პარტიულობის მიხედვით ინიშნებოდნენ). აფხაზეთის პარტიულ ორგანიზაციაში ქართველები უმრავლესობას – 40%-ს წარმოადგენდნენ, შესაბამისად აფხაზები – 10%-ს, რუსები – 35%-ს, სომხები – 4,6%-ს და ყველა დანარჩენი – 10%-ს.73
რკპ(ბ) ცკ კავბიუროსა და აფხაზეთის რევკომის საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო ანტიქართული – რუსულ-აფხაზური ხელისუფლების შექმნა აფხაზეთში, რასაც მოჰყვა ქართველი მოსახლეობის დევნა-შევიწროება. გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი“ წერდა: „მეფურ რეჟიმის მსგავსად აკრძალულია სიტყვა „ქართული“, ქართველები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფება, სდევნიან, ავიწროებენ“.74
აფხაზ სეპარატისტთა მიერ ქართველთა წინააღმდეგ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების ნათელ სურათს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტი – წერილი, რომელიც ეკუთვნის გაგრის მკვიდრ ვ. დოლიძეს. მას ეს წერილი გადაუგზავნია ოზურგეთში თავისი ძმების – ანდრო და თევდორე დოლიძეებისათვის. ის წერს: „მე მაგზავნიდნენ მაქეთ აქაური ქართველობა, მაგრამ ვერ წამოვედი. აქ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ჩვენს სოფელში ჩამოსახლებული არიან გურულები ოცდაცამეტამდე მოსახლე. სულ არის ქართველობა – მეგრელი, გურული, იმერელი, ორასი კომლი. ჩვენი საქმე გაზეთათ გასაწერია, მარა ვინ არის პატრონი. აქაური ქართველობა შევიწროების გზას დაადგა და თუ საქართველოდან საშუალება არ გამოჩნდა, ეს ხალხი დაიკარგება. რა გზას დავადგეთ არ ვიცით. დიდი უკანონოთ ექცევა ხალხს ადგილობრივი მთავრობა. ჩვენ ან უნდა გადავსახლდეთ ისევ, ანდა ჩევითვალოთ როგორც ადამიანები, საჭიროა ჩვენი პატრონობა ცენტრიდან. გამოძიებაა საჭირო, სიტყვის ნებას არ გვაძლევენ, თუ ვთქვით სიმართლე, იჭერენ ხალხს. ესე იგი აქ რაღაც დიდი მიზეზია, ეს მიზეზი გავიგოთ უნდა თქვენი დახმარებით და როგორ მოვიქცეთ“.75
ეს დოკუმენტი პირველად გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის არქივის დირექტორმა, ბატონმა ივანე შენგელაიამ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 1993წ. 21 აგვისტოს. მისი ცნობით, ეს წერილი ა. დოლიძეს, რომელიც მაშინ ოზურგეთის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, გადაუგზავნია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის სამდივნოში და, თავის მხრივ, სათანადო წერილიც დაურთავს მისთვის 1921წ. 15 ოქტომბრის თარიღით. ის წერდა: „თუკი ყურადღებით წაიკითხავთ, აუცილებლად საჭიროდ დაინახავთ თქვენი ყურადღების მიქცევას, რასაც ჩვენც საჭიროდ ვცნობთ ამ საკითხის მოგვარებას პრეზიდიუმის საშუალებით“.76
საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს რეაგირება ამ წერილზე არ გაუკეთებია. საქართველოს ხელისუფლება იმ დროს „ავტონომიური რესპუბლიკების შინაურ საქმეებში ჩაურევლობის“ პოლიტიკით ხელმძღვანელობდა77, რამაც ფართო გასაქანი მისცა აფხაზი სეპარატისტების მხრიდან იმ თვითნებობას, აღვირახსნილობას, თავგასულობას, რასაც ისინი იჩენდნენ ქართველი მოსახლეობის მიმართ.
შენიშვნები
1. Революционные комитеты Абхазии. Сборник документов и материалов, Сухуми, 1961, გვ. 32.
2. იქვე.
3. История Абхазской АССР (1917-1937), Сухуми, 1983, გვ. 96.
4. Б. Сагария. Национально-государственное стройтельство в Абхазии
(1921-1931гг.), Сухуми, 1970, გვ. 51.
5. Å. ËÄÍÉÍÉ. თხზულებანი, ტ. 32, გვ. 397.
6. История Абхазской АССР (1917-1937), გვ. 96.
7. Борцы за Октябрь в Абхазии. Очерки, Сухуми, 1981, გვ. 101.
8. Революционные комитеты Абхазии, გვ. 43, 131, 133.
9. იქვე, გვ. 52.
10. იქვე, გვ. 75, 105, 185, 253, 255, 275.
11. Борцы за советскую власть в Абхазии, Сухуми, 1973, გვ. 165.
12. А. Куправа. Из истории советского строительства в Абхазии. – Труды Абхазского института языка, литературы и истории им. Д. Гулия, Сухуми, 1959, т. XXX, გვ. 44.
13. Г. Дзидзария. Николай Акиртава, Сухуми, 1985, გვ. 23.
14. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии в борьбе за установление и упрочение Советской власти (февраль 1921г. – февраль 1922г.), кандидатская дисертация, Сухуми, 1966, გვ. 107.
15. Революционные комитеты Абхазии, გვ. 107.
16. Г. Дзидзария. Николай Акиртава, გვ. 23.
17. А. Куправа. Из истории советского строительства в Абхазии, გვ. 44.
18. Газ. „Голос трудовой Абхазии“, 25 мая 1922г.
19. История Абхазской АССР (1917-1937), გვ. 99.
20. А. Куправа. Из истории советского строительства в Абхазии, გვ. 41.
21. Революционные комитеты Абхазии, გვ. 71, 72.
22. Б. Сагария. Национально-государственное стройтельство.., გვ. 60.
23. იქვე.
24. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 103.
25. Б. Сагария. Национально-государственное стройтельство.., გვ. 62.
26. Б. Сагария. Национально-государственное стройтельство.., გვ. 61.
27. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 104.
28. იქვე, გვ. 107.
29. Б. Сагария. Национально-государственное стройтельство.., გვ. 63.
30. იქვე, გვ. 63.
31. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 75.
32. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 70.
33. А. Куправа. Из истории советского строительства в Абхазии, გვ. 38.
34. Революционные комитеты Абхазии, გვ. 75.
35. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 66.
36. Укрепление советской власти в Абхазии. Сборник документов и материалов (1921-1925гг.), Сухуми, 1957, გვ. 20.
37. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 66.
38. Революционные комитеты Абхазии, გვ. 43.
39. იქვე, გვ. 143.
40. Укрепление советской власти в Абхазии, გვ. 20.
41. Революционные комитеты Абхазии, გვ. 52, 126, 127.
42. იქვე, გვ. 44.
43. იქვე, გვ. 161.
44. Борцы за советскую власть в Абхазии, გვ. 71, 157, 247, 229.
45. Революционные комитеты Абхазии, გვ. 162.
46. И. Ахалая. Гумистинский уездной ревком в борьбе за упрочение советской власти (1921-1922гг.). – Труды Сухумского государственного педагогического института им. А. М. Горького, т. 14, Сухуми, 1961, გვ. 13.
47. Революционные комитеты Абхазии, გვ. 68-69.
48. იქვე, გვ. 104.
49. И. Ахалая. Гумистинский уездной ревком.., გვ. 16.
50. Укрепление советской власти в Абхазии, გვ. 54.
51. იქვე, გვ. 77, 79.
52. Борцы за советскую власть в Абхазии, გვ. 119, 120, 258, 286.
53. Укрепление советской власти в Абхазии, გვ. 76.
54. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 67.
55. Революционные комитеты Абхазии, გვ. 105.
56. იქვე, გვ. 381.
57. იქვე, გვ. 105.
58. Революционные комитеты Абхазии, გვ. 107.
59. იქვე, გვ. 381.
60. იქვე, გვ. 106.
61. იქვე, გვ. 107.
62. იქვე.
63. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, ტფ., 1930, გვ. 161-164.
64. Борцы за советскую власть в Абхазии, გვ. 73, 301, 303, 228, 248.
65. Революционные комитеты Абхазии, გვ. 45.
66. История Абхазской АССР (1917-1937), გვ. 100.
67. Ф. Галустян. Революционные комитеты Абхазии.., გვ. 69.
68. Борцы за советскую власть в Абхазии, გვ. 86, 95, 265.
69. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, გვ. 153-156.
70. А. Куправа. Из истории советского строительства в Абхазии, გვ. 62.
71. საბჭოთა საქართველოს 10 წელი. 1921-1931. სტატისტიკური კრებული. ტფ., 1931, გვ. 20-23.
72. Б. Сагария. О коренизации государственного аппарата власти в Абхазии (1921-1932гг.). – XVII научная сессия Абхазского института языка, литературы и истории им. Д. Гулия Академии наук Грузинской ССР, ткзисы докладов, Сухуми, 1969, გვ. 9.
73. Компартия Грузии в цифрах. 1921-1970. Статистический сборник, Тб., 1971, გვ. 15.
74. გაზ. „სოციალისტ-ფედერალისტი“, 1921წ. 26 ივლისი.
75. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1993წ. 23 აგვისტო.
76. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1993წ. 23 აგვისტო.
77. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, საქმე 195, აღ. 1, ფურც. 47.
Комментариев нет:
Отправить комментарий