მდინარის სახელწოდება „ბზიფი“, რამდენადაც ჯერჯერობით ჩვენთვის არის ცნობილი, XIXს. 30-იანი წლებიდან ფიქსირდება. მანამდის მას საისტორიო წყაროებში კაპოეტის წყალი ეწოდებოდა. მდინარე ამ სახელწოდებით მოხსენიებულია, მაგალითად, ილორის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში (XVII ს. I ნახევარი), საიდანაც ვგებულობთ, რომ მის ნაპირებთან გამართულა ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II-სა და აფხაზ ფეოდალებს შორის, სადაც დადიანს დაუმარცხებია მოწინააღმდეგენი: „კაპოეტის წყალზე შემოგუებნეს ზუფუარი და სიხუარი მარშანიები და გაგვემარჯუა“.1
ვახუშტი ბატონიშვილს ეს მდინარე აფხაზეთისა და ჯიქეთის საზღვრად აქვს აღნიშნული. „ხოლო ამ აფხაზეთს იქით, კაპპეტის წყლის დასავლეთს, ბაგრატიონთ ჟამს აქეთ აქამომდე უწოდებენ ჯიქეთს“.2 ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომზე დაყრდნობით იგივე ცნობას გვაწვდის ნიკო დადიანი. „ჯიქეთის საზღვარი არს აღმოსავლით კაპპეტის წყალი, დასავლით შავი ზღვა, სამხრით იგივე ზღვა, ჩრდილოთ კავკასი“.3 ნიკო დადიანის სხვა ცნობიდან ირკვევა, რომ ეს მდინარე მას თავად აქვს ნახული _ წარვედით და კაპეტის წყალის პირსა ზედა დავებანაკეთ“,4 _ აღნიშნავს ავტორი 1821 წელს აფხაზეთის მთავრის ტახტისათვის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით.
ამ მდინარის იგივე სახელწოდება (ქართულის გავლენით) უცხოურ წყაროებშიც გვხვდება, მაგალითად, გიულდენშტედტის ცნობით, ბიჭვინთა მდებარეობს „მდინარე კაბეთის და არა კაპეტის შესართავის სამხრეთ მხარეზე და არის სასაზღვრო ადგილი ჯიქეთთან“.5 სხვაგან კი ავტორს აღნიშნული აქვს „ბიჭვინთა – კაპეტის შესართავთან“.6 კაბეტი მოხსენიებული აქვს ს. ბრონევსკისაც იმ მდინარეთა შორის, რომელთა ხეობებშიც ცხოვრობდნენ აფხაზები7. პ. ინგოროყვას თანახმად, მდინარის, კაპოეტის წყლის სახელწოდება მასში გავრცელებული თევზის, კაპოეტის სახელიდან მომდინარეობს და ისევეა ნაწარმოები, როგორც სხვა მდინარეთა სახელები: საკალმახე, ოკალმახე, კაპარჭინის წყალი და ა.შ8. მ. სალიას მიხედვით, მდინარე ბზიფის აღმნიშვნელ ვარიანტებს – კაპოეტის წყალი, კაპეტის მდინარე _ კაპეტის წყალი, კაბეტი _ კაპეტი, საფუძვლად უდევს „კაპოეტ“ სიტყვის მეგრული ვარიანტები: კაბეტი _ კაპეტი კაპოეტი დიდის, მძლავრის, დაუმორჩილებელის სემანტიკით9. ამ მოსაზრებას ის გარემოებაც უჭერს მხარს, რომ ვახუშტი ბატონიშვილს კაპპეტის წყალი აღწერილი აქვს, როგორც „დიდი და ჩქარად მდინარე“.10
ქართულ საისტორიო წყაროებში ამ მდინარის სახელწოდება ორი ნაწილისგან შედგება: კაპპეტი _ კაპეტი _ კაპოეტი და წყალი (=მდინარე). ვახუშტი ბატონიშვილს მარტო დასავლეთ საქართველოში ოცდაათზე მეტი ჰიდრონიმი აქვს დასახელებული, რომელთა მეორე ნაწილი არის „წყალი“ (გლოლის წყალი, დადის წყალი, ჩაქვის წყალი...) ან მდინარე (ხინოს მდინარე, მოქვის მდინარე, ზუფუს მდინარე...)11. ამათგან ჰიდრონიმების: ეკლარის წყალი, ჯეჯორის მდინარე, აღაცოს წყალი, მუწუს წყალი, ბახვის წყალი, კაპპეტის მდინარე _ კაპპეტის წყალი _ წარმომავლობის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი არაფერს არ უთითებს. რაც შეეხება ორ სახელწოდებას: I _ გუბისწყალი _ „ეწოდა სახელი ესე გუბედ მომდინარეობისათვის“;12 II _ ცხენისწყალი _ თავდაპირველად მას თაკუერის მდინარე ეწოდებოდა და ვახუშტი ბატონიშვილის აზრით, „ოდეს მოაშთო ცხენნი ანაკოფიიდამ უკმოქცეულის ყრუს სპათა, ამისთვის უწოდეს ცხენისწყალი“.13 სინამდვილეში კი „ცხენისწყალი“ ცანისწყლის დამახინჯებული ფორმაა. ცანა, ასე ეწოდება მთას სვანეთში, საიდანაც სათავეს იღებს ცანისწყალი, ბარში ცხენისწყლად წოდებული. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ჰიდრონომთა დიდ ნაწილს, როგორც ეს ვახუშტისავე ცნობიდან ჩანს, მომდინარეობენ ტოპონიმებიდან, ე.ი. ადგილის სახელწოდებებიდან. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ კაპპეტის წყლის სახელწოდებასაც საფუძვლად დასდებოდა ტოპონიმი კაპეტი, რომელიც მისსავე ნაპირებზე უნდა არსებულიყო. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ ის გარემოებაც მეტყველებს, რომ სამეგრელოში ბევრგან გვხვდება მიკროტოპონიმი კაპეტი _ კაბეტი14, ხოლო „კაპეტი“ _ „კაბეტი“ მეგრულში ყამირის აღსანიშნავადაც გამოიყენება15.
დიუბუა დე მონპერეს ცნობებიდან ირკვევა, რომ კაპპეტის წყალს სხვა სახელწოდებაც ჰქონია. ავტორის სიტყვებით ბიჭვინთის კონცხს ზოგიერთ რუკაზე კოტოში ეწოდება. მდინარე კოტოში ანუ ბზიფი ზღვას ერთვის ბიჭვინთის კონცხის ჩრდილო-დასავლეთით 7 ვერსის მანძილზე. ის ადლერის კონცხის მიმართულებით საკმაოდ ძლიერ დინებას ქმნის, ამასთან კინჭულის წყალი გაგრის მიმართულებით საპირისპიროდ მიედინება, რომლის შემდეგაც კოტოშის დინება კინჭულისას უკან აბრუნებს16. შემდეგ შვეიცარიელ მკვლევარს აღნიშნული აქვს, რომ პატარა ბორცვების ჯაჭვი მდინარე კოტოშის აუზს გამოჰყოფს მიჭიშაჩეს ხეობისგან. ამ ბორცვებს შორის მდებარეობს სოფელი ბზიფი, საიდანაც მიიღეს სახელწოდება არა მარტო მდინარემ, არამედ ხეობამაც და ასევე აფხაზეთის ყველაზე დასავლურმა ტომმა17. იქვე, სქოლიოში დიუბუა დე მონპერეს მინიშნებული აქვს, რომ ამ მდინარეს კოტოში ეწოდება გოტიეს რუკაზე18. სახელწოდება „კოტოში“ დაფიქსირებული აქვს ა. დიაჩკოვ-ტარასოვსაც19, თუმცა ის საკითხთან დაკავშირებით მთლიანად დიუბუა დე მონპერეს ცნობებს ეყრდნობა.
ამრიგად, მდინარის სახელწოდება ბზიფი გვიანდელია. მანამდის მას ეწოდებოდა კაპპეტის (ან კაპოეტის) წყალი და კოტოში. ვფიქრობთ, რომ პირველი დამკვიდრებული უნდა ყოფილიყო ქართულ მწერლობაში, ხოლო მეორე, კოტოში _ გავრცელებული მიმდებარე მხარის მოსახლეობაში. სახელწოდება კოტოში წარმოებულია ზანურ-სვანური გეოგრაფიული სახელებისთვის დამახასიათებელი „-ში“ სუფიქსით (შდრ.: ოდიში, ცაიში, წყოუში, ჯიხაიში, ქუთეში, ლასურიაში, ხაიში...), რომელიც ქართული „-სი“ ბოლოსართის შესაბამისია (შდრ., თბილისი, ქუთაისი, ყინწვისი...). ძირი „კოტო“ მეგრულად ქოთანს ჰქვია და ბუნებაში აღნიშნავს ჩაღრმავებულ ადგილს მიწაში ან მდინარის ფსკერზე. „კოტო“-დან მომდინარეობს სამეგრელოსა და სამურზაყანოში დღესაც გავრცელებული ტოპონიმები და ჰიდრონიმები: კოტო20, კოტორე-კოტორო21, კოტოწყარი (კოტოშწყარი) და კოტოში22.
ამრიგად, მდინარე ბზიფის ძველი ზანური სახელწოდება კოტოში ლანდშაფტურ-ჰიდროგრაფიული ტერმინია, აქაური ბუნებრივი პირობების სრული შესაბამისი.
ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, სავსებით საფუძვლიანად მიგვაჩნია სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ძველი გეოგრაფიული სახელწოდება „კოტოში“ აფხაზეთის ტერიტორიის ამ ნაწილში ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში მეგრულ ტომთა განსახლებაზე მიუთითებს23, რაც შეეხება მდინარის ამჟამინდელ სახელწოდებას „ბზიფი“. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ის დაკავშირებულია ქართულ სიტყვასთან „ბზები“.24 გამოთქმულია ასევე მოსაზრება, რომ ჰიდრონიმი მომდინარეობს უბიხური სიტყვიდან „ბზი“ _ წყალი, ხოლო „ფ“ ელემენტი აფხაზურ-ადიღურ ენებში გავრცელებული ტოპონიმური სუფიქსია25.
თუ გავითვალისწინებთ დიუბუა დე მონპერეს ცნობას, რომ მდინარემ სახელწოდება მისსავე ნაპირზე მდებარე სოფლის, ბზიფის სახელიდან მიიღო, სრულიად საფუძვლიანი ჩანს ტოპონიმის ხ. ბღაჟბასეული ეტიმოლოგია: „ბზიფ“ – მდინარის შესართავი. კერძოდ, აფხაზურ ტოპონიმიკაში წარმოდგენილი „ფ“ ელემენტი ბოლოს, შესართავის მნიშვნელობის უნდა იყოს26. ე. ი. ბზიფი ჯერ ადგილს ეწოდებოდა მდინარის შესართავთან, ხოლო შემდეგ ტოპონიმისგან ჰიდრონიმი ჩამოყალიბდა.
დიუბუა დე მონპერე მდინარე კოტოშისგან დასავლეთით აღნიშნავს მდინარე კინჭულს. ავტორის ცნობები, რომ კოტოშსა და კინჭულს საპირისპირო დინებები აქვთ27, რომ ადლერის კონცხი ერთმანეთისგან გამოყოფს კინჭულისა და კამუიშელარის (ხამიშის) ყურეებს28, მიგვანიშნებს, რომ კინჭული იგივე მდინარე ფსოუა, უფრო ზუსტად ამ მდინარის ადრინდელი სახელწოდება. ჰიდრონიმ „კინჭულის“-ს ეტიმოლოგია გაურკვეველია, თუმცა აშკარად თვალშისაცემია მისი ქართული გეოგრაფიული სახელებისთვის დამახასიათებელი „ულ“-„ურ“ სუფიქსით წარმოება. (შდრ., ტყიბული, მერხეული, მაჭარულა...). გარდა ამისა „ულ“ სუფიქსი ქართული გვარსახელების (ხოშარაული, გაფრინდაული, ბურდული...) მაწარმოებელია. სახელწოდება „კინჭულ“-თან არის დაკავშირებული ჯიქ აზნაურთა გვარსახელი კინწა, რომლებიც, ს. ზვანბას მიხედვით, მდინარე ფსოუზე მდებარე სოფელ ბაღრიფშში ცხოვრობდნენ29. თავის მხრივ, ეს ფაქტიც, რომ გვარი კინწა ფსოუს ხეობაში მოსახლეობს, დიუბუასეული მდინარე კინჭულისა და ფსოუს იგივეობაზე მიუთითებს.
ამრიგად, მდინარე ფსოუს ძველი სახელწოდება არის კინჭული, რომლის ძირიც შემორჩენილი იყო ჯიქ აზნაურთა ერთერთ გვარსახელში _ კინწა. გამოსარკვევია ასევე ამ სახელწოდებათა ნამდვილი ფორმები, ვინაიდან, სრულიად შესაძლებელია კინჭულის და კინწას ნაცვლად ყოფილიყო ყინჭული და ყინწა. (შდრ., ყინწვისი). არ არის გამორიცხული, ჯიქური გვარსახელი კინწა რომ ეტიმოლოგიურად დაკავშირებული იყოს დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ გვარ-სახელთან კინწურაშვილი. მით უფრო, რომ სვანურში კინწი კისერს, ხოლო კინწაი ერთგვარ ბალახს ნიშნავს30.
მდინარე კინჭულის ამჟამინდელი სახელწოდება ფსოუ ეთნო-ჰიდრონიმია, დაკავშირებული აწინდელი აფხაზების ენდოეთნონიმთან აფსუა31. როგორც ს. ჯანაშიას მიერ ყუბანისპირეთში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს, ჩრდილო კავკასიელი აბაზები (ან მათი ნაწილი) აფსუებს მოიხსენიებენ სახელით აფსოუ32 (შდრ. ფსოუ). შესაძლოა ეთნონიმი აფსოუ მათი ჯიქეთის ამ მდინარის (ე. ი. ფსოუს) ხეობაში მოსახლეობის გამო წარმოშობილიყო.
ჰიდრონიმ „ფსოუ“-ს ეტიმოლოგიის გარკვევა ამჯერად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს, მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ პ. ინგოროყვას მიხედვით, „ფსოუ“ ქართული „ფასი“-დან მომდინარეობს33, ხოლო ხ. ბღაჟბას თანახმად, ფსოუ ადიღურად სწრაფ, ჩქარ მდინარეს ნიშნავს, კერძოდ, ფსი _ წყალი და ადიღური „უერ“ („ოუ“) _ სწრაფი, ჩქარად მდინარე34.
ამრიგად, მდინარე ბზიფის ძველი სახელწოდება იყო კაპოეტის წყალი, აგრეთვე კოტოში, ხოლო ფსოუსი _ კინჭული. ჰიდრონიმების ამგვარი ცვლილებები ნათლად მიუთითებს ამ მხარეში მიმდინარე ეთნოლოგიურ პროცესებზე, რომ ერთი ეთნიკური ფენა _ ქართული შეიცვალა აბაზურ-ადიღური მოდგმის ჯიქებით.
შენიშვნები
1. კ. გრიგოლია. ილორის წმინდა გიორგის ხატის წარწერა. – აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, ტ. XIII. თბ., 1943, გვ. 157.
2. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება. ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973, გვ. 876.
3. ნიკო დადიანი. ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, გვ. 152.
4. ნიკო დადიანი. ქართველთ ცხოვრება.., გვ. 210.
5. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითუთრთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა. ტ. I. თბ., 1962, გვ. 325.
6. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითუთრთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გ. გელაშვილმა. ტ. II. თბ., 1964, გვ. 53.
7. С. Броневский. Новейшия географическия и историческия известия о Кавказе. Ч. I. М., 1823, გვ. 326.
8. პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე – ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. თბ., 1954, გვ. 181.
9. მ. სალია. მეთევზეობის ლექსიკა ზანურში. თბ., 2005, გვ. 84.
10. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 785.
11. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 747-792.
12. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 751.
13. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 748.
14. პ. ცხადაია. ათასი მეგრული ტოპონიმი. თბ., 2005, გვ. 32; გ. ელიავა. აბაშისა და გეგეჭკორის რაიონების ტოპონიმიკა. თბ., 1977, გვ. 19, 21, 54, 128.
15. გ. ელიავა. მეგრულ-ქართული ლექსიკონი. თბ., 1997, გვ. 191. შდრ. И. Кипшидзе. Грамматика Мингрельского (иверскаго) языка с хрестоматиею и словарьемъ. _ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი. თბ., 1994, გვ. 249.
16. Фредерик Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа. Сухуми, 1937, გვ. 100.
17. Фредерик Дюбуа де Монпере. Путешествие.., გვ. 101.
18. Фредерик Дюбуа де Монпере. Путешествие.., გვ. 100. იხ. აგრეთვე: Dუბოის დე Mონტპერეუხ. Vოყაგე აუტოურ დუ ჩაუცასე. თ. I. Pარის, 1839, გვ. 219-221.
19. ზ. პაპასქირი, ბ. ხორავა. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი და მისი ნაშრომი „გაგრა და მისი შემოგარენი“. _ წგნ. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა და მისი შემოგარენი.., გვ. 8.
20. პ. ცხადაია, ვ. ჯოჯუა. სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. თბ, 2003. გვ. 85
21. პ. ცხადაია. ათასი მეგრული ტოპონიმი.., გვ. 35.
22. პ. ცხადაია. მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია. თბ., 1985, გვ. 97, 128; გ. ელიავა. აბაშისა და გეგეჭკორის რაიონების.., გვ. 163.
23. ზ. პაპასქირი, ბ. ხორავა. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი და.., გვ. 80.
24. პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. გვ. 149; გ. ახვლედიანი. აფხაზეთის ისტორიული ტოპონიმიკის ზოგიერთი საკითხისათვის. _ მნათობი, #2, 1957, გვ. 110.
25. ქ. ლომთათიძე. აფხაზთა ვინაობისა და განლაგების ზოგიერთი საკითხის შესახებ. _ მნათობი, #12, 1956, გვ. 133.
26. Х. С. Бгажба. Некоторые вопросы абхазской топонимики. – Труды I. Сухуми, 1987, გვ. 134.
27. Фредерик Дюбуа де Монпере. Путешествие.., გვ. 100; Dუბოის დე Mონტპერეუხ. Vოყაგე.., ტ. I, გვ. 219.
28. Фредерик Дюбуа де Монпере. Путешествие.., გვ. 92.
29. С. Званба. О Гагре и Джигетах. – წგნ.: С. Званба. Абхазские этнографические этюды. Сухуми, 1982, გვ. 9.
30. ა. ლიპარტელიანი. სვანურ-ქართული ლექსიკონი. თბ., 1994, გვ. 164.
31. Ш. Инал-ипа. Вопросы этно-культурной истории Абхазов. Сухуми, 1976, გვ. 357.
32. ს. ჯანაშია. ექსპედიცია ადიღეს ავტონომიურ ოლქში. _ შრომები, IV. თბ., 1968, გვ. 101.
33. პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, გვ. 186.
34. Х. Бгажба. Некоторые вопросы абхазской топонимики.., გვ. 133.
Комментариев нет:
Отправить комментарий