понедельник, 5 сентября 2016 г.

„ნაციონალ-უკლონისტები“ და აფხაზეთის საკითხი 1921-1922 წლებში (ნ. დარსანია)

წითელი არმიის „ტრიუმფალური“ სვლა საქართველოში დემოკრატიული მთავრობის დამხობითა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით დასრულდა.
ახალი ხელისუფლების წინაშე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების საბჭოურ ყაიდაზე გარდაქმნის ამოცანა დადგა. საბჭოთა სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიური უფლებების მინიჭებას ითვალისწინებდა. აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საბოლოოდ გარკვევის საკითხმა მწვავე ხასიათი მიიღო. აფხაზი ბოლშევიკების სეპარატისტულად განწყობილმა ნაწილმა გარეშე ძალების, სახელდობრ საბჭოთა რუსეთის იმპერიალისტ მოღვაწეთა წაქეზებით, აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოცილება განიზრახა. რასაც არანაკლებ შეუწყო ხელი ზოგიერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ ქართველ ბოლშევიკთა დაუდევარმა მოქმედებამ, რომელთათვის პროლეტარული ინტერნაციონალიზმის იდეები უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები.
ამდენად, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადება საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული იგნორირების უშუალო შედეგი იყო1. ე.წ. „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ გამოცხადებამ ქართულ საზოგადოებრიობაში აშკარა უკმაყოფილება გამოიწვია. ის ერთხმად დადგა ქართველი ერის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამის ნათელი დადასტურებაა მაშინდელ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აფხაზეთის საკითხისადმი მიძღვნილი პუბლიკაციები.
ამ საკითხში ერთსულოვნება არც საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტში იყო. ხელმძღვანელ ბირთვს, რომელშიც შედიოდნენ პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს გამოჩენილი მოღვაწეები: ბუდუ მდივანი, ფილიპე მახარაძე, სერგო ქავთარაძე, კონსტანტინე ცინცაძე, მიხეილ ოკუჯავა და ბევრი სხვა, აფხაზეთთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკა მიუღებლად მიაჩნდათ. ამიტომ აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებელი“ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადება სამართლებრივ და პოლიტიკურ ნონსენსად აღიქვეს.
„ნაციონალ-უკლონისტები“ _ ასე ეწოდა მათ. პოლიტიკური ბრალდება „ნაციონალ-უკლონიზმი“ გაჩნდა იმ დაპირისპირების პროცესში, რომელსაც ადგილი ჰქონდა რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროსა და საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს შორის საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდანვე. ეს დავა ეხებოდა იმ პერიოდის ამიერკავკასიის რესპუბლიკების ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების ბევრ პრინციპულად დიდმნიშვნელოვან ასპექტს2. ასევე „ნაციონალ-უკლონისტებს“ ბრალს სდებდნენ, თითქოს ისინი ილაშქრებდნენ ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრობის განმტკიცების წინააღმდეგ3.
ამდენად, „ნაციონალ-უკლონიზმი“ ბრალდებად საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელ მუშაკთა გარკვეულ ჯგუფს წაუყენეს არა აფხაზეთთან მიმართებაში გამოვლენილ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათ ადრეც სწამებდნენ ცილს, თითქოსდა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა მიმართ თავი ეჭირათ როგორც ნამდვილ დიდმპყრობელურ შოვინისტებს. ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეეფერებოდა. „ნაციონალ-უკლონისტების“ დამოკიდებულება აფხაზეთის სსრ-სთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალურ დადგენილებებსა თუ რეზოლუციებში არ არის დაფიქსირებული. ყველა პარტიულ დოკუმენტში „ნაციონალ-უკლონიზმი„ გაკრიტიკებულია მხოლოდ ამიერკავკასიის ფედერაციისა და სსრ კავშირის შექმნის საკითხებთან დაკავშირებით. იმ პერიოდის საბჭოთა ხელმძღვანელებისათვის, თვით რუსეთის პარტიული მესვეურებისათვის, ქვეყნის საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე, უფრო პრინციპულს და უმნიშვნელოვანესს წარმოადგენდა ამიერკავკასიის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე ის, რაც ეხებოდა ე.წ. „უკლონისტებს“ და მათ დამოკიდებულებას აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსთან. ყოველივე ამან რესპუბლიკის პარტიულ და საბჭოთა დოკუმენტებში ოფიციალური გამოხატულება ვერ ჰპოვა. თუ არმივიღებთ მხედველობაში ცალკეულ დაპირისპირებებს, პოლემიკას,კამათს, პოზიციების დაფიქსირებას პარტიული და სახელმწიფო ორგანოების სხვადასხვა რანგის ფორუმებზე. ეს კი ნათლად ჩანს პარტიულ დოკუმენტებსა და მასალებში, რომელთა შესწავლა, მეცნიერული დამუშავება და გამოქვეყნება აუცილებლობად მიგვაჩნია.
საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფიაში კრიტიკის ქარცეცხლში იყო გატარებული ე.წ. „ნაციონალ-უკლონისტების„ დამოკიდებულება საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობისადმი, კერძოდ, მათ ბრალდებოდათ ე.წ. „შემტევი ნაციონალიზმი“, თითქოს ისინი ატარებდნენ მენშევიკურ-ნაციონალისტურ პოლიტიკას არაქართული მოსახლეობის მიმართ, ყოველნაირად ხელს უშლიდნენ აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიურ უფლებათა მინიჭებას4, ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზებისა და ოსების სახელმწიფოებრივ მოწყობას5.
აფხაზი ისტორიკოსების დამოკიდებულებაზე „ნაციონალ-უკლონისტების“ შეხედულებებისადმი ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაგალითად, აფხაზი მკვლევარი ბ. საღარია წერს: „Известно, что национал-уклонисты решительно выступали против предоставления нацменшинствам Грузии автономных прав, грузинские уклонисты (Б. Мдивани, М. Окуджава и другие) пытались проводить по отношению к Абхазии и другим национальностям населяющим Грузию политику великодержавного шовинизма“.6
ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო აგრესიულ ხასიათს ატარებდა. რკპ (ბ) XII ყრილობაზე ბ. მდივანი, ეხებოდა რა ი. სტალინის მოხსენებას, აღნიშნავდა: „გვეუბნებიან, რომ ჩვენ შოვინისტები ვართ იმიტომ, რომ ვიცავთ პრივილეგიებს ჩვენთვის და თავად ვთრგუნავთ ზოგიერთ ეროვნებას _ მაგალითად, აფხაზებს, ოსებს და აჭარლებს. ვაცხადებ, რომ აფხაზეთი _ აქ არიან მისი წარმომადგენლები _ დამოუკიდებელი იყო. ორჯონიკიძე (ადგილიდან): თქვენი ნების საწინააღმდეგოდ“.7
ბ. მდივანი მაშინ თურქეთში იყო, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით იმ პერიოდში ვერავითარ საკუთარ ნებას ვერ გამოავლენდა. აქედან გამომდინარე, ს. ორჯონიკიძის რეპლიკა ბ. მდივანის მიმართ სრულიად უსაფუძვლო გახლდათ. საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბესარიონ ლომინაძე რკპ (ბ) ცკ-ს პოლიტბიუროს კომისიისადმი („საქართველოს საკითხის გამო“) 1924 წელს გაგზავნილ წერილში ბრალს სდებდა „ნაციონალ-უკლონისტებს“, რომ ისინი 1921-1922 წლებში „არსებითად აგრძელებდნენ აფხაზეთის, აჭარისა და სამხრეთ ოსეთისადმი მენშევიკურ პოლიტიკას. აჭარისტანში და აფხაზეთში მართავდნენ ქართველები და არა აჭარლები და აფხაზები. ამ ოლქებისა და რესპუბლიკების უკიდურესი „შევიწროების“ პოლიტიკას ეწეოდნენ“.8
ამ წერილში მოყვანილი სიტყვები სიმართლეს არ შეეფერება. სინამდვილეში აფხაზეთში სულ სხვა სიტუაცია იყო, რაზეც მოწმობს რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის ინსტრუქტორის ვ. ადამსკოის 1922წ. 3 აპრილის მოხსენებითი ბარათი „აფხაზეთში პარტიული მუშაობის შემოწმების შედეგების შესახებ“: „Тов. Н. Лакоба ставит во все учреждения в центре и на местах своих родственников или соратников, не считаясь с их подготовленностью, с работоспособностью, набирает сотрудников не по деловому принципу, а создает себе базу собирая удобных для себя людей“.9 აი, ვინ მართავდა აფხაზეთს. იმავე წერილში ბ. ლომინაძე აღნიშნავს, რომ „ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელ ორგანოებში მოვიზიდეთ ადგილობრივი ხალხი, სრულებით უარი ვთქვით ამ რესპუბლიკების საქმეში ჩარევაზე, იმის გამოკლებით, როდესაც ეს ჩარევა წარმოადგენდა უფრო მეტად დახმარებას“.10
აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელი სურათი წარმოგვიდგება იმისა, რომ ის უკანონობა, თავგასულობა, აღვირახსნილობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში აფხაზი ბოლშევიკების ზეობისას, ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით, გარკვეულწილად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელი მუშაკების _ ბ. ლომინაძისა და ს. ორჯონიკიძის თანამოაზრეთა მხრიდან აფხაზეთის საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკის უშუალო შედეგი ყოფილა, რაც მათ თურმე საამაყოდაც კი ჰქონიათ.
მრავალი დოკუმენტი, საარქივო მასალა და სხვა წერილობითი მონაცემები ნათლად მოწმობენ, რომ ე.წ. ნაციონალ-უკლონისტები არავითარი შოვინისტები და ნაციონალისტები არ ყოფილან. ისინი კომუნისტები იყვნენ, რომელთა მხრებზე გადაიარა რევოლუციური იდეებისა და საბჭოთა სოციალისტური წყობილებისათვის ბრძოლის მთელმა სიმძიმემ; კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს თვალსაჩინო მოღვაწეებს წარმოადგენდნენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით _ ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, უფრო სწორი თვალთახედვა ჰქონდათ, უფრო პატრიოტები იყვნენ, ვიდრე მათი ოპონენტები, ქართული საბჭოთა სახელმწიფოს ერთიანობის, მისი „დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტის შენარჩუნების“11 პრინციპებიდან გამომდინარე. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) I ყრილობაზე ბ. მდივანის შეკითხვაზე ეფრემ ეშბასადმი, რატომ იცავდნენ ისინი ასე თავგამოდებით დამოუკიდებლობას, ე. ეშბა თავის თანამოხსენებაში ყრილობაზე ამბობდა: „რაც შეეხება ბ. მდივანის შეკითხვას, რატომ ვიცავდით ასე ჩვენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მე უნდა განვაცხადო, რომ ამის არგაკეთება დასაწყისში არ შეიძლებოდა _ რადგან მასების მოთხოვნა იყო ასეთი. ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვინელებია აგიტაცია ამისთანა „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ, დავცინოდით მას და ასეთი აგიტაციის შედეგი სახეზეა“.12
ამ დოკუმენტიდან ნათლად ჩანს ე. ეშბას ლავირება და ნამდვილი ზრახვების შენიღბვა. დღეს ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალები მოწმობს იმას, თუ რა ძალები მოქმედებდნენ და ვის ინტერესებში შედიოდა აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ გამოცხადება, იმის მცდელობა, რომ აფხაზეთი საქართველოსგან ჩამოეშორებინათ.
ბ. მდივანისა და ე. ეშბას კამათი ყრილობაზე იმის დამასაბუთებელია, რომ ნაციონალ-უკლონისტები აფხაზეთისათვის ავტონომიური უფლებების მინიჭებას კი არ ებრძოდნენ, როგორც ამას საბჭოთა ისტორიოგრაფია გვასწავლიდა, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზეთისთვის ე.წ. დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, რადგან ამაში ხედავდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლო დარღვევის საფრთხეს.
შენიშვნები
1. Л. Тоидзе. К вопросу о политическом статусе Абхазии 1921-1931гг., Тб., 1996, გვ. 3.
2. Â. ÑÅÀÍÉÀ. ეგრეთ წოდებული „ნაციონალ-უკლონიზმის“ შესახებ, თბ., 1990, გვ. 6.
3. იქვე, გვ. 23.
4. Â. ÑÅÀÍÉÀ. ამიერკავკასიის კომუნისტების ბრძოლა მრავალეროვანი საბჭოთა სახელმწიფოს შექმნისათვის, თბ., 1974, გვ. 103; Â. ÓÉáÀÒÖËÉÞÄ. ვ. ი. ლენინი და ი. ბ. სტალინი ამიერკავკასიის ხალხთა მეგობრობის სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები, თბ., 1951, გვ. 96.
5. É. ÊÀàÀÒÀÅÀ. ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ფედერაციული გაერთიანება. სსრ კავშირის შექმნა. _ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ, ტ. VII, თბ., 1976, გვ. 105.
6. Б. Сагария. Национально-государственное строительство в Абхазии (1921-1931гг.), Сухуми, 1970, გვ. 34.
7. Â. ÑÅÀÍÉÀ. ეგრეთ წოდებული.., გვ. 87.
8. საქართველოს პრეზიდენტის არქივი, ფ. 14, აღწ. 1, ს. 125, ფურც. 46.
9. Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии, Тб., 1997, გვ. 486.
10.საქართველოსპრეზიდენტისარქივი, ფ. 14, აღწ. 1, ს. 195, ფურც. 47.

Комментариев нет:

Отправить комментарий