среда, 28 сентября 2016 г.

სელევკიდების იმპერია

სელევკიდების სახელმწიფო დააარსა ალექსანდრე მაკედონელის სარდალმა და მეგობარმა სელევკ ნიკატორმა, რომელიც ფილიპე II-ის სარდლისა და მეგობრის ანტიოქ ორესტიელის ვაჟი.
ძვ.. 312 წელს ქალაქ ღაზასთან ბრძოლაში აზიის მპყრობელი ანტიგონე ცალთვალას ვაჟი დემეტრეს არმია განადგურებულ იქნა ეგვიპტის მპყრობელ პტოლემეს ჯარების მიერ და მთელი სირია უკანასკნელის ხელთ გადავიდა. ამის შემდეგ პტოლემემ სელევკს მისცა მცირე არმია (800 ქვეითი და 200 მხედარი), რომლითაც სელევკი დაიძრა ბაბილონისაკენ კუთვნილი სატრაპიის გამოსახსნელად. ბაბილონეთში მდებარე ციხესიმაგრეებში გარნიზონების ჩაყენების შემდეგ დამორჩილებულებმა სელევკი აღიარეს თავიანთ მმართველად. მან შტურმით აიღო ბაბილონი და დაამარცხა სატრაპი ნიკანორი, რომლის ჯარების დიდი ნაწილი სელევკს შეუერთდა. მაშინ სელევკის უზენაესობა აღიარესფარსმა, სუზიანამ, დიდმა მიდიამ და აღმოსავლეთ ირანმა.
სელევკი გამოირჩეოდა გამჭრიახობითა და საზრიანობით. მან იმპერიაში მცხოვრებ ყველა ერს შეუნარჩუნა საკუთარი რელიგია და ადათ წესები. იგი იყო ლმობიერი და სამართლიანი, რის გამოც დაპყრობილი ქვეყნების ხალხებმა სიხარულით მიიღეს და შეიყვარეს. ასე წარმოიქმნა სელევკიდების უზარმაზარი იმპერია.
სელევკის, კასანდრესა და ლისიმაქეს 301 წლის შეთანხმებით: სელევკმა დაიმტკიცა: მიდია, სუზიანა, ფარსი, ბაქტრია, სირია, ბაბილონია, შუამდინარეთი, კილიკია.
სელევკიდების იმპერია წარმოადგენდა სხვადასხვა ენის, წეს-ჩვეულებების და ეკონომიკური დონის ხალხების გაერთიანებულ კონგლომერატს. სელევკიდთა საყრდენი სოციალური ბაზა იყო ბერძნულ-მაკედონური მონათმფლობელური არისტორკრატია. იმპერია გამოირჩეოდა უდიდესი რესურსებითა და სიმდიდრით, სწორედ აქ მდებარეობდა ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე მდიდარი რეგიონები. ეკონომიკური საყრდენი იყო აგრარული მეურნეობა. ამისათვის მეფეები საგანგებოდ აგებდნენ ირიგაციის სისტემებს. ძირითადად მოჰყავდათ ხორბალი, აშენებდნენ ზეთისხილს, მისდევდნენ მევენახეობას და მებოსტნეობას. ასევე განვითარებული იყო წვრილფეხა და მხსვილფეხა პირუტყვის მოშენებაც.
სელევკიდთა ხელში იყო მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, რომლებიც მოემართებოდნენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ეს გზები ერთმანეთს აკავშირებდნენ ევროპასა და აზიას და მისი მეშვეობით მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა.
მთავარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ როლს თამაშობდნენ ქალაქები, რომელთაგან ყველაზე მეტად დაწინაურდნენსელევკია, ბაბილონი, ანტიოქია, ლაოდიკეა. ელინისტურ ქალაქებს ჰგონდათ დამოუკიდებელი კანონმდებლობა, ჰყავდათ მმართველობითი ორგანოები და ფინანსები. მათ გარშემო ჩამოყალიბებული იყო სამხედრო დასახლებებიკატეკიები, რომელთა მეშვეობით ხორციელდებოდა ძირითადი სამხედრო ძალების მობილიზაცია, იმპერიის ელინიზაცია და სელევკიდების ხელისუფლების გავრცელება-დამკვიდრება. მეფე წარმოადგენდა უზენაეს მმართველს, რომელიც ქვეყნიერების ღმერთად იყო გამოცხადებული. იგი იპერიას განაგებდა რთული ბიუროკრატიული აპარატით, რომელშიც შერწყმული იყო ელინურ-სპარსული ტრადიციები. იმპერია დაყოფილი იყო სატრაპიებად, რომელთა სათავეში იდგნენ სტრატეგოსები. ისინი განაგებდნენ ადმინისტრაციულ ოლქებს, კრებდნენ გადასახადებს და საჭიროების შემთხვევაში ევალებოდათ არმიის მობილიზაცია.
სელევკიდების არმია ბერძნულ-აღმოსავლური ტრადიციების ნაზავი იყო. მასში გაერთიანებული იყვნენ ბერძენი ჰოპლიტები, აღმოსავლური კატაფრაქტები და საომარი სპილოები, რაც მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებდა.
იმპერიის დამაარსებელი სელევკი ძლიერ სარდალთან ერთად ენერგიული სახელმწიფო მეთაურიც იყო. მან დააარსა 75-მდე ქალაქი, რომელთა შორის 16 ანტიოქია იყო (მისი მამის, ანტიოქეს სახელობის ქალაქები), ცხრა სელევკია, სამი აპამეა, ერთი სტრატონიკეა, ხუთი ლაოდიკეა და . . სამეფოს დედაქალაქი იყო ზღვის სიახლოვეს, მდინარე ორონტის ნაყოფიერ ველზე მდებარე ქალაქი ანტიოქია. იმპერია მართვის გაადვილების თვალსაზრისით დაყოფილი იყო 72 პატარა სატრაპიად, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო .. სელევკიდა. სელევკიდაში შედიოდა კილიკიის სამხრეთაღმოსავლეთი ნაწილი, კომაგენის სამხრეთ ნაწილი და ჩრდილოეთ სირია 4 პატარა ქალაქით: ანტიოქია, სელევკია, აპამეა, ლაოდიკეა.
ამ ოთხი ქალაქის გამო სელევკიდა იწოდებოდა მეორე სახელით ტეტრაპოლით (სტრაბონი), რაც სწორედოთხ ქალაქსნიშნავს. დიდი მონარქიის დანარჩენ ქალაქთაგან მეტნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ოროპი (მდინარე ორონტსა და ევფრატს შორის), ზევგმა (ევფრატზე), ბამბიკაჰიერაპოლი (ზევგმიდან სამხრეთით), ამფიპოლი, ბეროეა (ამანის ქედსა და ევფრატს შორის), ედესა (ტიგროსსა და ევფრატს შორის), სელევკია ტიგროსზე, ევროპი მიდიაში, კალიოპა და ჰეკატომპილი პართიაში. სელევკის მიერ დაარსებული ქალაქების უმრავლესობა მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთს, ორონტსა და ბაბილონს შორის. ქალაქები, ბერძნული პოლისების მსგავსად, სარგებლობდნენ თვითმმართველობის უფლებით, მაგრამ იყო ადგილები რომელთა მოსახლეობა (არაბერძნული ეთნოსის სიჭარბის გამო) ტომის ბელადებს მიაგებდნენ პატივს.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ვაჭრობა. ტიგროსზე მდებარე სელევკია იყო ხმელთაშუა ზღვისა და ინდოეთის შემაკავშირებელ გზაზე მდებარე მთავარი სავაჭრო პუნქტი. მცირე აზიის დასავლეთ ნაწილი, ბითინიის, პერგამონის და ზოგიერთი ოლქისა და ქალაქის ჩათვლით, ასევე, ეკუთვნოდა სელევკიდას. ამ ნაწილის მთავარი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნებოდა ლამპსაკი და სმირნა.
სელევკი დაქორწინებული იყო სოგდიანელი არისტორკრატის სპიტამენის ასულ აპამეაზე, რომელთანაც ორი ვაჟიანტიოქე I, აქეუსი და ორი ასულიაპამეა და ლაოდიკა შეეძინა. მმართველობის ბოლოს დინასტიური კავშირების გასამყარებლად სელევკი დაქორწინდა მაკედონიის მეფე დემეტრე I-ისა დიადოქოს ანტიპატრეს ასულ ფილას ასულ სტრატონიკაზე. დიადოქოსი ანტიპატრე თავის მხრივ არგეადების ნათესავი იყო და სელევკის ნაბიჯიც ამით იყო განპირობებული.
293 . სელევკმა უფროსი ვაჟი ანტიოქე I სოტერი (293–281–261) თანამეფედ გამოაცხადა. მამის სიკვდილის შემდეგ ანტიოქე დამოუკიდებლად შეუდგა ქვეყნის მართვას და ცოლად შეირთო დედინაცვალი სტრატონიკა, რისი წყალობითაც მისი შთამომავლები თავს არგეადების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. სხვათაშორის იგივე მიზნით ქორწინდებოდნენ სელევკიდებზე პონტოელი მითრიდატიდები.
ანტიოქე წარუმატებლად ებრძოდა მაკედონიის მეფე პტოლემე II კერავნს მცირე აზიის მიწებისათვის. 280 წელს დადო მასთან ზავი და დაუპირისპირდაჩრდილოეთის ლიგისბერძნული ქალაქების კოალიციას (ჰერაკლეა, ბიზანტიუმი, კიერი, ტეოსი), რომელთაც მეთაურობდა ბითინიის მეფე ნიკომედე I (278–255). ბითინიასა და სელევკიდებს შორის ომი ჯერ კიდევ ნიკომედეს მამის ზიპოიტის (ბითინიის სატრაპი 326–297; მეფე 297–278. მამამისი ბასი იყო ბითინიის პირველი დამოუკიდებელი მმართველი 378–328 წლებში, რომელმაც მოახერხა ალექსანდრე მაკედონელის სარდალ კალასის დამარცხება) დროს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეომებოდა ანტიგონე ცალთვალას, ლისიმაქესა და ბოლოს ანტიოქე სოტერს. ნიკომედემ გამეფებისას სიკვდილით დასაჯა ორი უმცროსი ძმა, მაგრამ მესამემ, ზიპოიტმა გაასწრო, აჯანყება მოაწყო და ანტიოქეს დახმარებით ბითინიის ნაწილი დაიკავა. ნიკომედემ კავშირი დაამყარა ჯერ ბერძნულ ქალაქებთან და შემდეგ მაკედონიის მეფე ანტიგონე II გონატთან.
ზღვაზე ანტიოქესა და ნიკომედეს ფლოტები კი შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეტევის წამოწყება ვერცერთმა გაბედა და უბრძოლველად გაეყარნენ. ამის პარალელურად სელევკიდთა არმია პატროკლეს სარდლობით ხმელეთიდან შეიჭრა ბითინიაში, მაგრამ დამარცხდა და დაიღუპა. ამასობაში ნიკომედემ კავშირი გააბა ბალკანეთში შემოჭრილ გალატებთან, რომლებიც გადმოუშვა მცირე აზიაში, სანაცვლოდ კი მტრების წინააღმდეგ დახმარებას დაპირდნენ. ანტიოქე მოერიდა მათთან ომს და ნიკომედესთან ზავი დადო, რითაც ცნო ბითინიის დამოუკიდებლობა. მაშინ ნიკომედემ ადვილად გაანადგურა ძმა ზიპოიდი და ბითინიის ერთიანობა აღადგინა.
278 წელს ნიკომედემ ბალკანეთიდან გადმოიყვანა გალატები და მცირე აზიაში დასახლების სანაცვლოდ მტრებთან ბრძოლაში დახმარება მოსთხოვა. გალატები ცეცხლითა და მახვილით ედებოდნენ ყველაფერს და აპარტახებდნენ. 275 წელს საბრძოლო სპილოების გამოყენებით ანტიოქემ მოახერხა გალატების მრავალრიცხოვანი არმიის დამარცხება, რითაც იხსნა თავისი სამფლობელოები მათი რბევისგან. ამის გამო ანტიოქესსოტერი“ („მხსნელი“) შეარქვეს.
ამის შემდეგ გალატები პერგამონსა და ფრიგიას ესხმოდნენ, ვიდრე პერგამონის მეფისგან დევნილნი ცენტრალურ მცირე აზიაში არ დასახლდნენ, რის შემდეგაც ამ მხარესგალატიაეწოდა.
გალატების დამარცხების შემდეგ ანტიოქემ სირიისათვის რამდენიმეწლიანი ომი წამოიწყო ეგვიპტესთან, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა და სირიის დიდი ნაწილი დამასკის ჩათვლით მის ხელთ აღმოჩნდა.
ანტიოქე ვერ ეგუებოდა პერგამონის დამოუკიდებლობას, მაგრამ მისი ეგვიპტესთან მოკავშირეობის გამო ერიდებოდა ორმაგ მტერთან შეტაკებას. ამიტომ როგორც კი ეგვიპტესა და მაკედონიას შორის ხრემონიდის ომი (267–261) დაიწყო, ანტიოქემაც აუტეხა ომი პერგამონს. 261 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში სარდესთან ანტიოქე დამარცხდა და მალე დაიღუპა. ამით ისარგებლეს ეგვიპტელებმა და მიიტაცეს იონიის რამდენიმე ქალაქი. სელევკიდურ ტახტზე ანტიოქე II თეოსი (261–246) ავიდა.
რამდენადაც აქტიური იყო ანტიოქე სოტერი დასავლეთის მიმართულებით იმდენად პასიურობდა აღმოსავლეთის მიმართულებით. სელევკიდები ამ დროს მშვიდად იტანდნენ ატროპატენას, ხორეზმისა და მაურიას სახელმწიფოების დამოუკიდებლობას. ერთადერთი რომელსაც ანტიოქე თავს დაესხა იყო აირარატისა და სოფენას (არმენიელთა) სამეფო. რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ არმენიელთა მეფე ერვანდმა 272 წელს აღიარა სელევკიდთა უზენაესობა, და ანტიოქე I- ხარკად 300 ტალანტი ვერცხლი და 1000 ცხენი გადაუხადა. ერთგულების დამტკიცების საპასუხოდ ერვანდმა სამფლობელოები შეინარჩუნა.
ერვანდის მკვლელობის შემდეგ აირარატსა და სოფენას მეფე გახდა მისი ნათესავი, კომაგენას სატრაპი სამესი (260–243). მან ევფრატზე ააგო ახალი დედაქალაქი სამოსატა, რომელიც კომაგენას სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა.
ანტიოქე II- მთელი თავისი მმართველობა სამხრეთ სირიის მიწებისათვის ეგვიპტესთან წარუმატებელ ომში გაატარა, რამაც დაასუსტა მისი სახელმწიფო. ამით ისარგებლეს პართიისა და ბაქტრიის სატრაპებმა არშაკ I-მა (პართიის პირველი მეფე 250–247) და დიოდოტ I-მა (ბერძნულ-ბაქტრიის მეფე 250–230) და შუა აზია ჩამოაჭრეს სელევკიდებს.
ანტიოქე თეოსმა კავშირი შეკრა მაკედონიასთან, მოახდინა დიდი ჯარების მობილიზაცია და პალესტინაში გაანახლა ომი პტოლემეების ეგვიპტის წინააღმდეგ. მან ისარგებლა ეგვიპტის ფლოტის დამარცხების კოესთან (ძვ.. 258 .) და დაეუფლა ქალაქ მილეტს. შემდეგ წინააღმდეგობის გარეშე შემოიერთა პამფილია და კილიკია და ბრძოლით დაიპყრო ფინიკია. შედეგად ეგვიპტეს დიდი საფრთხე დაემუქრა სელევკიდების მხრიდან. ამიტომაც ეგვიპტის მეფე პტოლემე II იძულებული გახდა ზავი დაედო ანტიოქე II-თან და გადაწყვიტა მშვიდობა დინასტიური ქორწინებით განემტკიცებინა. ამის გამო ანტიოქე II- გაეყარა თავის ცოლს, ლაოდიკეას და პტოლემეს ასულ ბერენიკეზე დაქორწინდა. ძვ.. 246 წელს ლაოდიკეამ თავისი ყოფილი ქმარი მოწამლა, ხოლო დედოფალი ბერენიკე და მისი მცირეწლოვანი ვაჟი მოაკვლევინა. ტახტზე სელევკ II კალინიკე (246–225) ავიდა.
მოკლული ბერენიკას ძმამ, ეგვიპტის მეფე პტოლემაოს III-ემ ომი წამოიწყო სელევკიდების წინააღმდეგ. მან დიდძალი არმია შეკრიბა, ბრძოლებით აიღო სირია და ტიგროსამდე მივიდა დაიპყრო რა პროვინცია მესოპოტამია. სელევკმა მცირე აზიის დასაცავად უმცროსი ძმა ანტიოქე ჰიერაკსი გაგზავნა. მალე ეგვიპტეში აჯანყებები დაიწყო რამაც ძლიერ დაასუსტა სამეფო, ხოლო დაპყრობილ რაიონებში შესუსტდა მისი გავლენა. პტოლემაიოსი შინ დაბრუნდა, რის შემდეგაც სელევკმა დაიბრუნა ჩრდ. სირია დამასკით, მესოპოტამია და დას. ირანი. 241 წელს ეგვიპტესა და სირიას შორის ზავი დაიდო, რომლითაც კელესირია (სამხრეთ სირია, ფინიკია, პალესტინა და მის აღმოსავლეთით მდებარე ამონტიდას დას. ნაწილი) ეგვიპტეს დარჩა. დაკარგული იქნა მილეტიც.
სამესის შემდეგ აირარატის, სოფენას და კომაგენას მეფე გახდა მისი ვაჟი არშამი (243–228), რომელმაც აღადგინა მონეტის მოჭრა, ააგო ახალი დედაქალაქი არშამაშატი (სოფენაში) და ცდილობდა მიეღწია სელევკიდებისგან დამოუკიდებლობისათვის.
არშამის შემდეგ მეფობდა მისი ვაჟი ქსერქსე (228–212), რომელიც გამეფებიდანვე ეურჩებოდა სელევკიდებს და არ იხდიდა ხარკს. დაახლ. 220 წელს ქსერქსეს აუჯანყდა მისი ძმა ერვანდ IV (220–201), რომელმაც დაამარცხა ძმა და აირარატიდან და კომაგენადან განდევნა. მაშინ ქსერქსეს მხოლოდ სოფენა დარჩა.
ამასობაში ანტიოქე ჰიერაკსმა თავი მცირე აზიიის მფლობელად გამოაცხადა, დაიქირავა გალატების რაზმები და ძმის წინააღმდეგ ომი დაიწყო. სელევკი ერთხანს ცდილობდა მის უბრძოლველად დამორჩილებას მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ე.წ. „ძმების ომი“ (239–236 წლ.) დაიწყო. 236 წელს სელევკ II ბრძოლაში დამარცდა. ანტიოქეს სამფლობელოდ გადაეცა კილიკია და მიმდებარე მხარეები.
ძალების მოკრების შემდეგ სელევკმა პართიის მეფე ტირიდატ I-ის წინააღმდეგ გაილაშქრა. წყაროების ნაწილის ცნობით სელევკი დამარცხდა და ცოტა ხნით ტყვედაც ჩავარდა, ხოლო მეორე ნაწილის ცნობით პართია დამარცხდა, რის შემდეგაც ტირიდატმა აღიარა სელევკიდთა უზენაესობა და ხარკიც იკისრა.
სელევკის მოუცლელობით ისარგებლა პერგამონის მეფე ატალოს I-მა (241–197) და მცირე აზიის მიწების მიტაცება იწყო. მის წინააღმდეგ გამოვიდა კილიკიის მმართველი ანტიოქე, რომელსაც თავის მხრივ სურდა მცირე აზიაში გაბატონება. 229 წელს გამართულ ბრძოლაში ანტიოქე ჰიერაკსი სასტიკად დამარცხდა და თრაკიაში გაიქცა. მოგვიანებით სირიაში დაბრუნდა და სცადა ძმის ჩამოგდება, თუმცა დამარცხდა და ამჯერად ფინიკიაში გაიქცა (227 წელს) სადაც დაატყვევეს. ერთი წლის შემდეგ მან მოახერხა გაქცევა, მაგრამ გალატებმა მოკლეს.
225 წელს სელევკი ცხენიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა და ტახტზე მისი უფროსი ძე ალექსანდრე ავიდა, რომელმაც სელევკ III სოტერის (225–223) სახელი მიიღო. იგი უმალ გაემგზავრა მცირე აზიაში რათა შეეჩერებინა პერგამონის მეფის წინსვლა. გზაში მეფე მისმა ოფიცრებმა მოკლეს და სელევკიდურ ტახტზე ავიდა მისი უმცროსი ძმა ანტიოქე III დიდი (223–187).
222 წელს ანტიოქეს აჯაუნყდნენ ძმები: მისიის სატრაპი მოლონი და სპარსეთის სატრაპი ალექსანდრე. მათ მხარი დაუჭირა ატროპატენას მეფე არტაბაზანმა. მოლონი შეიჭრა შუამდინარეთში და რამდენიმე თვეში დაიკავა ბაბილონი, სუზა, სელევკია და ქტესიფონი, რის შემდეგაც მთელი მესოპოტამია მის ხელთ აღმოჩნდა.
დიდი მზადების შემდეგ 220 წელს ანტიოქე დაიძრა მიდიისაკენ და ტიგროსის მარცხენა ნაპირზე შეხვდა მოლონის არმიას, რომლის ნაწილი ანტიოქეს მხარეს გადავიდა. მოლონი დამარცხდა და თავი მოიკლა. ამის გაგებისთანავე იგივე გააკეთა ალექსანდრემაც. მაშინ ანტიოქე ატროპატენასკენ დაიძრა. შეშინებულმა არტაბაზანმა უმალ აღიარა ანტიოქეს უზენაესობა.
ამასობაში ანტიოქეს აუჯანყდა აქეუს სელევკიდი (სელევკ I-ის ძის აქეუსის შვილიშვილი). აქეუსი ჯერ კიდეც 223 წელს ახლდა პერგამონის მეფის ატალოსის წინააღმდეგ ლაშქრობაში და მეფის მკვლელობის შემდეგ დასაჯა მკვლელები და წარმატებით განაგრძო მცირე აზიაში ლაშქრობა. ანტიოქემ იგი უმალ დანიშნა ტავრსიქითა მცირე აზიის მიწების მმართველად. იგი დაქორწინდა პონტოს მეფე მითრიდატე II-ის ასულ ლაოდიკეაზე და რეზიდენცია მოიწყო სარდეში, რის შემდეგაც 3 წლის მანძილზე თანდათან დაიბრუნა ატალოსის მიერ მიტაცებული მცირე აზიის ყველა სამფლობელო.
გავლენის ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი ამბიციების, რის გამოც ანტიოქეს უკვე ბიძაშვილის ერთგულებაში ეჭვი შეჰქონდა, რაც ადრე თუ გვიან მისთვის კარგად არ დასრულდებოდა, ამიტომ 220 წელს აღმ. პროვინციების ამბოხების დროს აქეუსმა ლაოდიკეაში თავი მეფედ გამოაცხადა და აპირებდა სირიაში შეჭრას, მაგრამ არმიამ ანტიოქეს ერთგულებაზე დარჩენა არჩია და იძულებული გახდა უკან მოეხვია. მან გაძარცვა პისიდია, რის შემდეგაც დიდძალი სიმდიდრით დაბრუნდა ლიდიაში.
219 წლის გაზაფხულზე ანტიოქეს კელესირიისათვის ეგვიპტესთან ომი წამოიწყო. მან საკმაოდ წარმატებულად აწარმოა საომარი მოქმედებები და დაიკავა ორი მნიშვნელვანი ქალაქი – ტიროსი და პტოლემიადა. სხვა ქალაქებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს სელევკიდებს და მათი წინსვლის შეჩერება შესძლეს. ანტიოქემ ზავი შეკრა ეგვიპტის მეფე პტოლემეოს IV ფილოფატორთან.
მალევე ძვ.წ. 218 წელს ანტიოქემ გაანახლა ომი ეგვიპტესთან. თავდაპირველად მან წარმატებებს მიაღწია, დაამარცხა ეგვიპტის ჯარი ბერიტესთან ბრძოლაში და აიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი. ეგვიპტესთან ომი გაგრძელდა. ძვ.წ. 217 წლის 22 ივნისს რაფიასთან, ქ. ღაზას ახლოს, პტოლემე IV და ანტიოქე III ერთმანეთს შეხვდნენ, ძველი მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში. სელევკიდები დამარცხდნენ, ხოლო ანტიოქე III იძულებული გახდა სამარცხვინო ზავი დაედო პტოლომეოსებთან, რომლითაც ყველა ბოლო წლებში დაპყრობილი ტერიტორია დააბრუნა.
216 წელს ანტიოქემ მცირე აზიის სატრაპის დასჯა გადაწყვიტა, პერგამონის მეფე ატალოს I-თან კავშირი დაამყარა და ლიდიაში შეიჭრა. აქეუსმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სარდეში, თავის რეზიდენციაში ჩაიკეტა. 2 წლიანი ალყის შემდეგ სარდე დაეცა. აქეუსი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.
212 წელს ანტიოქე აღმოსავლეთით დაიძრა. ჯერ სოფენასა და კომაგენას მეფე ქსერქსეს (228–212) წინააღმდეგ გაილაშქრა (არშამის ძე, იგი მუდმივად არ იხდიდა ხარკს) და მის დედაქალაქ არშამაშატს ალყა შემოარტყა. ქსერქსემ აღიარა სელევკიდთა უზენაესობა და ხარკი იკისრა. საპასუხოდ ანტიოქემ მას მიათხოვა საკუთარი და ანტიოქიადა, რომელმაც მალევე მოკლა ქმარი. მაშინ სოფენას მხარეში გამეფდა ქსერქსეს მეორე ძმა აბდისარი (212–200).
209 წელს ანტიოქე შეიჭრა პართიაში და აიღო მისი დედაქალაქი ჰეკატეკომპილი (სელევკ I-ის აგებული) და აიძულა შაჰი არტაბან I (211–191/185) ხარკი ეკისრა. შემდეგ შეიჭრა ჰირკანიაში, აიღო მისი ცენტრი სირინკის ციხე-სიმაგრე და ეს ქვეყანაც დაიქვემდებარა. აქედან შეიჭრა ბაქტრიაში, დაამარცხა მეფე ევტიდემ I-ის (235–200) და ალყა შემოარტყა მის სატახტო ქალაქ ზარიასპას (დღევ. ბალხი, ავღანეთში). ევტიდემმა ხარკი იკისრა.
შემდეგ ანტიოქე შევიდა ინდოეთში და განაახლა მეგობრობის ხელშეკრულება მეფე სოფაგასენთან. 205 წელს ანტიოქე დიდებით მოსილი დაბრუნდა სირიაში.
205–4 წლებში ანტიოქემ ილაშქრა არაბეთის ნახევარკუნძულზე და დაიპყრო სპარსეთის ყურისპირა ქალაქი გერრი.
204 წელს გარდაიცვალა პტოლემეოს IV და მცირეწლოვანი პტოლემეოს V-ის რეგენტობისათვის ეგვიპტეში სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ანტიოქემ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და სადაო ტერიტორიები წაერთმია.
ანტიოქემ დადო მოკავშირეობის ხელშეკრულება მეკედონიის მეფე ფილიპე V-სთან (221–179). შედეგად ფილიპემ დაიპყრო ეგვიპტის კუთვნილი კიკლადის კუნძულები და ფრიგიის ქალაქები, ხოლო ანტიოქემ 4 წლიანი (202–198) ომის შედეგად შემოიერთა სამხრეთ სირია, ფინიკია და იუდეა იერუსალიმით.
ძვ.წ. 201 წელს ანტიოქეს დავალებით მისი სარდალი არტაშესი შეიჭრა აირარატის მხარეში. დედაქალაქ ერვანდშატთან ახლოს, მდ. ახურიანის ხეობაში გამართულ ბრძოლაში ერვანდ IV სასტიკად დამარცხდა და ერვანდშატში შეიკეტა, რომელსაც არტაშესმა ალყა შემოარტყა. ერვანდი მოსახლეობას არ უყვარდა, ამიტომ დაცვაზე უარი თქვეს და ღამით კარი გაუღეს არტაშესს. ერვანდი ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგად აირარატის მხარე სელევკიდების სატრაპიად იქცა, და მის სატრაპად ანტიოქემ არტაშესი დანიშნა.
ძვ.წ. 200 წელს სელევკის მეორე სარდალმა ზარიადრმა (200–188) დაიპყრო სოფენა და მის სატრაპად იქნა დანიშნული. ასე შეწყდა ერვანდიდთა დინასტია. თუმცა ერთი ვერსიით ამ პერიოდში კომაგენას სატრაპად დანიშნული პტოლემეოსი (201–130) ერვანდ IV-ის ძე იყო.
197 წელს ანტიოქე ჩავიდა სარდეში და აქედან 300 ხომალდიანი ფლოტით გაილაშქრა კილიკიის ზღვისპირა ქალაქებისკენ და ყველა დაიპყრო, რის შემდეგაც გამოიზამთრა ეფესოში. 196 წელს ანტიოქემ გაგზავნა ჯარები სმირნას (დღევ. იზმირი) და ლამპაქსის (ჰელესპონტის აზიურ სანაპიროზე) ალყის შემოსარტყმელად, ხოლო თვითონ ძირითადი ძალებით შეიჭრა თრაკიაში, აიღო ჰელესპონტისპირა ქალაქები მადიტი, სესტი და დაბანაკდა დანგრეულ ქალაქ ლისიმაქიაში, რომლის აღდგენა წამოიწყო და თან ძარცვავდა მახლობელ სოფლებს.
თრაკიაში ყოფნის მას დროს ესტუმრა რომის ელჩი ლუციუს კორნელიუსი და ლეგატები კავდინი და ტერენციუსი. რომაელებმა მას მოსთხოვეს თრაკიის განთავისუფლება და ეგვიპტისათვის წართმეული ქალაქების დაბრუნება, ანტიოქემ ისინი ცივი უარით გაისტუმრა.
თრაკიის ძარცვით გულის მოჯერების შემდეგ ანტიოქე ფლოტით დაიძრა კიპროსის დასაპყრობად, მაგრამ ზღვის შტორმმა მისი ხომალდების ნაწილი გაანადგურა, რის შემდეგაც სირიაში დაბრუნდა.
შიდაპრობლემებით გატანჯულმა პტოლემეოს V-მ (204–181) 195 წელს ხელი მოაწერა ანტიოქესთან სამშვიდობო ზავზე, რომლითაც აღიარა სირიელთა მიტაცებული მიწების კანონიერება. ამასთან მან ცოლად შეირთო ანტიოქეს ასული კლეოპატრა I (ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი 181–176 წლებში ეგვიპტის რეგენტი და ფაქტიური ფარაონი იყო).
195 წელს ეფესოში მყოფ ანტიოქეს ესტუმრა კართაგენიდან დევნილი ლეგენდარული სარდალი ჰანიბალი, რიმელმაც შესთავაზა რომთან ომის დაწყება, თუმცა სელევკიდთა მეფე არ ჩქარობდა და რომისაგან რეაქციას ელოდა ელჩების უარით გასტუმრებისათვის.
193 წლიდან სირიასა და რომს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შედეგი მიღწეული არ იქნა.
192 წლის შემოდგომაზე ანტიოქე შეიჭრა თესალიაში, წინააღმდეგობის გარეშე გაირა და ეტოლიელებისა და ბეოტიელების შემოერთების შემდეგ გაანადგურა რომაელთა და აქეელთა მცირე რაზმები. შემდეგ მიადგა კ. ევბეას მთავარ ქალაქ ჰალკიდას, რომელიც უბრძოლველად დანებდა. ასევე მოიქცნენ კუნძულის სხვა ქალაქებიც.
191 წლის გაზაფხულზე რომაელებმა მაკედონელთა დახმარებით გაწმინდეს დაპყრობილი ტერიტორია და ბეოტიაში შეიჭრნენ. კონსულ მანიუს აცილიუს გლაბრიონის სარდლობით რომაელებმა თერმოპილესთან გაანადგურეს სირიელთა და ეტოლიელთა გაერთიანებული ლაშქარი (რომაელებმა 22000 მებრძოლიდან დაკარგეს 200-მდე კაცი, ხოლო მეტოქემ 10500 კაციდან 10000-მდე) და ანტიოქე იძულებული გახდა მცირე აზიაში დაბრუნებულიყო.
შემოდგომაზე რომი შეტევაზე გადავიდა. მის მხარეზე დადგნენ როდოსი, პერგამონი, ბითინია, პოლისი ბიზანტიონი, მაკედონია, ათენი, თესალია; ხოლო ანტიოქეს მიემხრო კაპადოკიის მეფე არიარათ IV (220–163), ეტოლიისა და ბეოტიის კავშირები, მესენია. კისუნტთან საზღვაო ბრძოლაში რომაელებმა და ერეთრიელებმა გაანადგურეს სირიელთა ფლოტი, რის შემდეგაც რომს დაექვემდებარა სამოსი, ქიოსი და მცირე აზიის დას. სანაპიროს რამდენიმე ქალაქი.
191–190 წლების ზამთარი ანტიოქემ გაატარა „დიდ ფრიგიაში“ და ემზადებოდა ომისთვის. მან დაიქირავა 4000 გალატიელი და სხვა მებრძოლები.
190 წლის გაზაფხულზე რომის ადმირალი ლივიუსი გაემართა ჰელესპონტის სანაპიროების დასაპყრობად. ამ დროს სირიის ფლოტი პოლიკსენიდის სარდლობით დაესხა თავს პანორმთან (სამოსის ჩრდ-აღმ-ით) როდოსის ფლოტს (სარდალი პავსისტრატე) და გაანადგურა, რის შემდეგაც სირიას მიემხრნენ ფოკეა, კიმა და რამდენიმე სხვა სანაპირო ქალაქი. მაშინ როდოსელებმა შექმნეს ახალი ფლოტი, სამოსთან შეუერთდნენ ლივიუსს, პერგამონელებს და პოლიქსენიდი ეფესოს სანაპიროებთან ბლოკადაში მოაქციეს.
მალე ლივიუსი შეცვალა ემილიუს რეგილიუსმა, რომელიც თავდასხმებს აწყობდა ლიკიასა და კარიაზე. თავის მხრივ სირიის ფლოტი თავს ესხმოდა ეგეოსის ზღვასა და საბერძნეთის სანაპიროებთან მცურავ სატრანსპორტო ხომალდებს. ამავე დროს ანტიოქეს ვაჟი სელევკი შეიჭრა პერგამონში, გაძარცვა და მეფე ევმენ II-ის (197–159) სატახტო ქალაქ პერგამონსაც კი შემოერტყა ალყა, რომელსაც უფლისწული ატალოსი იცავდა.
ზაფხულში ანტიოქემ ზღვიდან შეუტია პერგამონის ქალაქებს და ადმირალ ემილიუსს შესთავაზა საზავო მოლაპარაკება. უკანასკნელმა უარი შეუთვალა, რადგან მხოლოდ კონსულს აქვს ზავზე მოლაპარაკების უფლებაო.
ამასობაში პერგამონში შევიდა აქეელთა რაზმი დიოფანეს მეთაურობით, რომელმაც აიძულა სელევკი ქ. პერგამონისთვის ალყა მოეხსნა და ქვეყნის სანაპიროების ძარცვით დაკმაყოფილებულიყო.
ამ დროს როდოსის ფლოტმა პამფილიის სანაპიროებთან, ქ. ასპენდოსსა და ქ. სიდეს შორის (დღევ. ანატოლიის ოლქი) დაატყვევა სირიელთა მაშველი ფლოტი, რომელსაც ეფესოსთან გამომწყვდეული ფლოტი უნდა გაეთავისუფლებინა. ანტიოქე შეეცადა გარდატეხის მოხდენას ზღვაზე, მაგრამ 190 წლის შემოდგომაზე მიონესის კონცხთან რომაელებმა მისი ფლოტი სრულად გაანადგურეს (მოკავშირეებმა 83 ხომალდიდან დაკარგეს 2, ხოლო სირიელებმა 90-დან 29), რის შემდეგაც რომის არმია ორად გაიყო; ერთმა აიძულა ფოკეას დანებებულიყო, მეორე კი ჰელესპონტის გასაკონტროლებლად გაეშურა რათა დახმარებოდა სამხელეთო ძალებს აზიაში მშვიდად გადმოსვლაში.
190 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე უმნიშვნელო ბრძოლები მიმდინარეობდა. გაზაფხულზე პროკონსული აცილიუსი შეიჭრა ეტოლიაში, აიღო ქ. ლამია და ალყა შემოარტყა ამფისას. ამ დროს მოვიდა ახალი კონსული ლუციუს კორნელიუს სციპიონი, რომელსაც ახლდა ლეგატად სციპიონ აფრიკელი (ზამას ბრძოლის გმირი). მათ არ მოისურვეს ეტოლიასთან ბრძოლაში ძალების ხარჯვა, დადვეს მათთან 6 თვიანი ზავი და მთელი ძალებით აზიისაკენ გაემგზავრნენ. მაკედონიის მეფე ფილიპე V-მ მშვიდად გაატარა რომაელები მაკედონიაზე და სურსათითაც მოამარაგა.
როდესაც სელევკი ჯერ კიდევ პერგამონთან იდგა ანტიოქე თრაკიისაკენ დაიძრა და გზაში ბითინიის მეფე პრუსიუსთან მოლაპარაკება გამართა კავშირის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო. ამ დროს გაიგო მიონესის კონცხთან მისი ფლოტის განადგურების შესახებ და გადაიფიქრა ლისიმაქიისა და თრაკიის ქერსონესისადმი დახმარება. მაშინ ამ ქალაქების გარნიზონებმა ქალაქები დატოვეს თავისი სურსათიანად და მცირე აზიაში გადავიდნენ. მალე ანტიოქემ ალყა მოხსნა ბერძნულ პოლის კოლოფონს (ეფესოსთან ახლოს, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. დღესაც ეკუთვნის საბერძნეთს), სარდეში დაბრუნდა და კაპადოკიის მეფესა და სხვა მეზობლებს წერილები გაუგზავნა დამხმარე ჯარების გამოგზავნის თხოვნით.
ამასობაში რომაელებმა უბრძოლველად გაათავისუფლეს თრაკიის ზღვისპირა ქალაქები და მშვიდად გადავიდნენ ჰელესპონტზე, რომლის მეორე მხარეს პერგამონის მეფე შეუერთდათ. აქ მათთან მოვიდა სირიის ელჩი ჰერაკლიდე, რომლის პირით ანტიოქე ზავის სანაცვლოდ უარს ამბობდა ლისიმაქიაზე, სმირნაზე, ლამპსაკზე, ტროას ალექსანდრიაზე და ეოლიდისა და იონიის რომის მოკავშირე სხვა ქალაქებზე. რომმა კი მოითხოვა ტავრის მთების დასავლეთით ყველა მცირე აზიულ სამფლობელოზე უარის თქმა და რომის გაღებული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვეს, რამაც მოლაპარაკება ჩაშალა.
190 წლის დეკემბერში ლიდიის ქალაქ მაგნეზიასთან (დღევ. თურქეთის ქ. მანისა) ერთმანეთს შეხვდნენ ერთის მხრივ ანტიოქეს და მეორეს მხრივ ლ. კ. სციპიონისა და ევმენ II-ის დაახლ. 50000-იანი არმიები. სასტიკი ბრძოლა სირიელთა დამარცხებით დასრულდა. რომაელებმა დაკარგეს 5000 კაცამდე, ხოლო სირიელებმა 10000-ზე მეტი. ანტიოქე და სელევკი სწრაფად ჩავიდნენ ჯერ სარდეში, შემდეგ კი ფრიგიის აპამეაში გადავიდნენ. სციპიონს უბრძოლველად დანებდა იონიის ყველა ბერძნული ქალაქი და ბოლოს წინააღმდეგობის გარეშე შევიდა სარდეში. მალე აქვე მოვიდა ანტიოქეს ელჩი, რომელსაც სციპიონმა მოთხოვა ტავრის მთებს დასავლეთით ყველა სამფლობელოს დაცლა, 15000 ევბეური ტალანტი ვერცხლი კონტრიბუციად (აქედან 500 ერთდროულად, 2500 რატიფიკაციის დროს და დანარჩენი 12 წლის მანძილზე) რომს, აგრეთვე კონტრიბუცია უნდა მისცემოდა პერგამონს. არსებითად ანტიოქე თანახმა იყო, თუმცა ჯარების გაყვანასა და მოლაპარაკებას წელავდა.
189 წელს ახალმა კონსულმა გნეუს მანლიუს ვალსონმა ორ ბრძოლაში გაანადგურა გალატები. მეორე კონსულმა მარკუს ფულვიუს ნობილიონმა დაიპყრო ეტოლია. ამ დროს კი ანტიოქეს მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. მაგნეზიის ბრძოლიდან მალევე მორჩილებაზე უარი თქვეს ბაქტრიისა და პართიის ვასალურმა სამეფოებმა და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს „დიდი არმენიისა“ და სოფენას სატრაპიებმა. მათმა სატრაპებმა არტაშესმა და ზარიადრმა თავზე მეფის გვირგვინები დაიდგეს.
აჯანყება დაიწყო ელიმაიდასა (ძველი ელამი) და ფარსში. ასეთ სიტუაციაში მოლაპარაკების გაწელვა აღარ ღირდა, რადგან თუ მეტოქე ყველაფერს შეიტყობდა უფრო მეტს მოითხოვდა.
188 წლის გაზაფხულზე აპამეაში ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც ანტიოქემ სრულად დააკმაყოფილა რომის მოთხოვნები და ზავის პირობების უზრუნველსაყოფად თავისი უმცროსი ძე ანტიოქე (19 სხვა მძევალთან ერთად) რომს გაგზავნა მძევლად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კონტრიბუციისათვის საჭირო სახრები არ ჰყოფნიდა. როდესაც ყველა რესურსი ამოეწურა, ვალის სრულად დასაფარად საჭირო სახსრებისათვის 187 წლის დასაწყისში ანტიოქე მცირე რაზმით საიდუმლოდ, ღამით დაეცა მთავარი ღვთაების ბელას ტაძარს ელიმაიდაში და გაძარცვა. მალე ყველაფერი გაირკვა და სუზაში მშვიდად მიმავალ მეფეს განრისხებულმა ხალხმა ალყა შემოარტყა და მის რაზმიანად სიცოცხლეს გამოასალმა.
ხელშეკრულების ძალით ანტიოქეს რომაელებისათვის უნდა გადაეცა მასთან თავშეფარებული ჰანიბალი, ამიტომ რომის ეს უდიდესი მტერი იძულებული იყო კრეტაზე გაქცეულიყო და მერე ბითინიაში, სადაც რამდენიმე წელი ცხოვრობდა, მაგრამ მას აქაც არ აძლევდნენ მოსვენებას და როცა შეიტყო, რომ ის ბითინიის მეფემაც გასცა და მისი სახლი უკვე მკვლელებით იყო გარემოცული 183 წელს თავი მოიწამლა. იმავე წელს შემთხვევით გამოესალმა წუთისოფელს მისი მძლეველი სციპიონ აფრიკელიც.
ანტოქეს სიკვდილის შემდეგ სირიის ტახტზე ავიდა მისი ვაჟი სელევკ IV ფილოპატორი (187–175), რომელიც ქვეყნის მოწესრიგებას მშვიდი საგარეო პოლიტიკით ცდილობდა. 185 წელს მან აქეის კავშირთან მეგობრული კავშირი დაამყარა; შიდა ავტონომია მიანიჭა ელიმაიდასა და ფარსს; აღიარა პართიის, ბაქტრიისა და არმენიის დამოუკიდებლობა და ა. შ.
181 წლისთვის პონტოსა და პერგამონს შორის ომი მიმდინარეობდა. პონტოს მეფე ფარნაკ I-მა (190–159) დახმარება თხოვა სელევკს. მან გაუგზავნა ჯარი, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ თუ სირიის ჯარები ტავრს გადაივლიდნენ, რომი მათ ომს გამოუცხადებდა და უკანვე გამოიწვია.
მოგვიანებით სელევკმა გააფორმა მაკედონიის ანტირომაულად განწყობილ მეფე პერსევსთან (179–168) სამოკავშირეო ხელშეკრულება და თავისი ასული ლაოდიკა მიათხოვა, თუმცა, როდესაც თხოვა რომ ძმა ანტიოქე გამოეშვა მისი შვილი დემეტრეს სანაცვლოდ, რომმა ეს შეუსრულა (178 წ.).
175 წელს მინისტრმა გელიოდორმა მოკლა სელევკი და თავი მისი მცირეწლოვანი ძის ანტიოქეს რეგენტად გამოაცხადა.
სელევკი დაქორწინებული იყო თავის და ლაოდიკაზე, რომელიც მანამდე უფროს ძმა უფლისწულ ანტიოქეზე იყო დაქორწინებული (ეს დინასტიაში პირველი ინცესტური ქორწინება იყო, ამის შემდეგ კი ტრადიციად იქცა). უფლისწული ჯერ კიდევ მამის ანტიოქე III-ის სიცოცხლეში მოკვდა და ტახტის მემკვიდრედ სელევკი იქცა. უფლისწულ ანტიოქესა და ლაოდიკას დარჩათ ერთი ასული ნისა, რომელიც პონტოს მეფე ფარნაკზე დააქორწინეს.
სელევკ IV-სთან ლაოდიკას ანტიოქე, დემეტრე (მძევლად გაგზავნილი, მომავალში მეფე) და ლაოდიკა (მაკედონიის მეფის ცოლი) შეეძინა.
მაშინ სელევკის ძმა ანტიოქემ პერგამონის მეფის ჯარის დახმარებით აიღო დედაქალაქი ანტიოქია. გელიდორი მოკლეს, ხოლო მისი მოკავშირე მინისტრი აპოლონიუსი მილეტში გაიქცა.
ანტიოქემ შეირთო თავისი და ლაოდიკა და იშვილა მისი შვილები, რის შემდეგაც პატარა ანტიოქეს რეგენტად გამოაცხადა თავი. 170 წელს რეგენტ ანტიოქეს ბრძანებით მინისტრმა ანდრონიკმა მოკლა ტახტის მემკვიდრე უფლისწული ანტიოქე და ტახტზე ავიდა ანტიოქე IV ეპიფანეს (170–164) სახელით, რის შემდეგაც ყველაფერი მინისტრს გადააბრალა და სიკვდილით დასაჯა.
172 წელს სრულწლოვანი გახდა ფარაონი პტოლემეოს VI, რომელმაც მიზნად დაისახა პალესტინა-ფინიკიის მიწების დაბრუნება და მზადებას შეუდგა. ემზადებოდა ანტიოქე IV-ც, რომელმაც იცოდა ეგვიპტელთა სამზადისის შესახებ. მან დაარღვია რომთან დადებული 188 წლის აპამიის ზავის პირობა, რომლითაც სირიას ეკრძალებოდა საომარი ხომალდებისა და სპილოების ყოლა.
პერსეიმ საბერძნეთის რელიგიური ცენტრი დელფო დაიპყრო და მაკედონიიდან გაყარა ელჩები, რასაც მოჰყვა რომსა და მაკედონისა შორის მესამე ომი (171–168).
როგორც ჩანს ანტიოქემ ეს საჭირო მომენტად ჩათვალა ეგვიპტის დასაპყრობად და ლაშქრობა დაიწყო. პტოლემეოს VI პირველივე ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, რის შემდეგაც ანტიოქე უბრძოლველად შევიდა მემფისში. ამან ალექსანდრიაში ეგვიპტელთა აჯანყება გამოიწვია. აჯანყებულებმა ფარაონად ფარაონის უმცროსი ძმა გამოაცხადეს. მაშინ სირიის მეფემ პტოლემეოს VI გაათავისუფლა, მემფისში დატოვა და შინ წამოვიდა. ამით ის ფიქრობდა რომ ასე ძმები ერთმანეთთან სამოქალაქო ომს გააჩაღებდნენ და ქვეყანას უკიდურესად დაასუსტებდნენ, რის შემდეგაც ეგვიპტეს სამუდამოდ დაისაკუთრებდა. ანტიოქე შეცდა. პტოლემეოს VI ალექსანდრიაში ჩავიდა და ძმას შეუთანხმდა ერთობლივ მმართველობაზე.
მაშინ 168 წელს ანტიოქე დიდი ჯარით დაბრუნდა მემფისში სადაც რომის ელჩები გადაეყარნენ, რომლებმაც აცნობეს, რომ პერსეი გაანადგურეს და მაკედონია რომის პროვინციად აქციეს, და ახლა მოითხოვდნენ სირიელებს დაეცალათ რომის მოკავშირე ეგვიპტის ტერიტორია.
ანტიოქე ასეც მოიქცა. მართალია მან ტერიტორიულად ვერაფერი შეიმატა, თუმცა ეგვიპტის ძარცვით საკმაოდ შეივსო ხაზინა.
ამასობაში სატრაპიებში ამბოხებები დაიწყო. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო იუდეაში. იუდეა ჯერ კიდევ ანტიოქე III-მ შემოიერთა, წაართვა რა ეგვიპტეს. იგი ხვდებოდა, რომ ქვეყნის საბოლოო დასამორჩილებლად საჭირო იყო მისი მოსახლეობის ელინიზაცია, რასაც ეწინააღმდეგებოდა იუდაისტური რელიგია. ანტიოქე IV-მ ამ პრობლემის მოსაგვარებლად იერუსალიმის ტაძარი ზევსის სალოცავად გადააკეთა, რამაც ებრაელთა წინააღმდეგობა უფრო გააძლიერა და ფართომასშტაბიანი აჯანყება დაიწყო. 165 წელს ებრაელებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს რასთან დაკავშირებითაც ჩამოყალიბდა ებრაელთა რელიგიური დღესასწაული ჰანუქა, რომელიც დეკემბერში აღინიშნება. 164 წელს ამბოხებულებმა აიღეს იერუსალიმი.
165 წლის ზაფხულში ანტიოქემ თავისი ვაჟი მცირეწლოვანი ანტიოქე V ევპატორი მეფედ გამოაცხადა, რეგენტად მინისტრი ლისიუსი დაუტოვა და თვითონ აღმოსავლეთში ადრედაკარგული სატრაპიების დასაბრუნებლად გაემგზავრა. პირველად შეიჭრა დიდ არმენიაში, დაამარცხა ტიგროსთან არტაშეს I, აიღო არტაშატი და არმენიელთა მეფე ტყვედ ჩაიგდო. არტაშესმა აღიარა მისი უზენაესობა, იკისრა ხარკი, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ანტიოქემ არმენიაში დატოვა გარნიზონი ნუმენიას სარდლობით, აქედან სოფენაში შეიჭრა, დაამარცხა მისი მეფე არკათიუსი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა, აიღო სოფენას დედაქალაქი კარკათიოკერტა და უწოდა მას ეპიფანია. გარდაცვლილი მეფის უფროსი ძე მერუჟანი (მიტრობუზანი) გაიქცა კაპადოკიაში მეფე არიარათ IV-სთან, ხოლო უმცროსი დიდ არმენიაში არტაშესთან. აქედან მიდიაში გაემგზავრა და მოინახულა ეკბატანა, რომელსაც უწოდა თავისი მეორე სახელი ეპიფანე. შემდეგ კი გადავიდა ფარსში და შეუტია პერსეპოლისს, რომელიც პართიელებს დაეპყროთ. სირიელები დამარცხდნენ. ანტიოქე დაიჭრა და უკან გაბრუნდა თუმცა გზაში დაუდგენელი მიზეზით დაიღუპა. ფარსის (სპარსეთის) ავტონომიური სამეფო დარჩა პართიის სამეფოს შემადგენლობაში.
მაშინ ძალაუფლება რეგენტ ლისიუსს გადაეცა. ამან სირიაში ქაოსი გამოიწვია, რადგან სარდლების უმეტესობა არ ცნობდა რეგენტის ძალაუფლებას. ლისიუსმა შეკრიბა ერთგული რაზმები და ალყაში მოაქცია იერუსალიმი. ამ დროს მას მოუვიდა ცნობა, რომ ანტიოქიისკენ მიემართებოდა დიდგვაროვანი ფილიპე რათა თვით გამხდარიყო რეგენტი. ლისიუსმა მიატოვა იერუსალიმი, შინ გაბრუნდა და 163 წელს გაანადგურა ფილიპე. ამ დროს რომმა მას მოსთხოვა აპამეის ზავის დარღვეული პირობის შესრულება. ლისიუსი დათანხმდა, რადგან იმ პირობებში, როდესაც საშინაო სიტუაცია არ მოეგვარებინა რომის გაბრაზება არ აწყობდა, მითუმეტეს რომ რომში იმყოფებოდა ტახტის პრეტედენტი დემეტრე – სელევკ IV-ის უმცროსი ძე. შედეგად რომაელებმა დაიწყეს სირიელთა საბრძოლო გემებისა და საომარი სპილოების განადგურება, საპასუხოდ კი დემეტრეს უარი უთხრეს შინ გაშვებაზე.
სირიის მდგომარეობით სარგებლობა გადაწყვიტა პართიის მეფე მითრიდატ I-მა (171–138), რომელიც 163 წელს შეიჭრა სელევკიდთა იმპერიის აღმოსავლეთ სატრაპიებში. მაშინ ლისიუსმა იუდეველებთან ზავი დადო (მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა), რომლის მიხედვითაც შეწყდებოდა ებრაელთა რელიგიური დევნა, ებრაელებს ენიჭებოდათ რელიგიურ-კულტურული ავტონომია, სამაგიეროდ ისინი ცნობდნენ სირიის მეფის უზენაესობას. ამის შემდეგ რეგენტი აღმოსავლეთის საქმეების მოსაგვარებლად წასვლას გეგმავდა, მაგრამ აღარ დასცალდა.
სიტუაციით ისარგებლა კომაგენას სატრაპმა პტოლემეოსმა და თავი კომაგენას მეფედ გამოაცხადა. ეს მხარე სირიამ საბოლოოდ დაკარგა. ამ პატარა სამეფომ კი ახ. წ. 72 წლამდე იარსება.
163 წელს მისწერა დიდი არმენიის მეფე არტაშესმა კაპადოკიის ახალ მეფე არიარათ V-ს (163–159; 157–130) დაეხოცათ მათთან შეფარებული სოფენელი პრინცები და სოფენას სამეფო შუაზე გაეყოთ. აირარატმა ამაზე უარი უთხრა, გაათავისუფლა მერუჟანი, დაეხმარა კიდეც სოფენას ტახტზე ასვლაში.
უფლისწული დემეტრე გამოიპარა რომაელთა ტყვეობიდან, შემოვიდა ტრიპოლში, გადაიბირა ადგილობრივი მოსახლეობა და მოკლა ანტიოქე V და მისი რეგენტი, რის შემდეგაც სირიის ტახტზე დაჯდა დემეტრე I სოტერის (162–150) სახელით.
ჯერ კიდევ ანტიოქე IV-ის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ მიდიის სატრაპად დანიშნულმა ტიმარხმა თავი მიდიის მეფედ გამოაცხადა. ამ დროს დაიწყო პართიელთა შემოსევები მიდიაში, რომელსაც წარმატებით უმკლავდებოდა ტიმარხი, რის გამოც ლისიი არ ჩქარობდა მის წინააღმდეგ გალაშქრებას. 162 წელს დემეტრეს ტახტზე ასვლისთანავე ტიმარხმა გაილაშქრა ბაბილონზე და შემოიერთა მისი მხარე.
161 წელს დემეტრემ დაამარცხა ებრაელთა სულიერი ლიდერი იუდა მაკავეი და იუდეაზე სრული გავლენა აღადგინა.
160 წელს დემეტრემ აღმოსავლეთში გაილაშქრა, დაამარცხა და მოკლა ტიმარხი, რის შემდეგაც მიდია და ბაბილონია შემოიერთა, თუმცა ცოტა ხნით. ამ ომის დროს დაიღუპა ტიმარხის მოკავშირე არტაშეს I-ის, რომელიც მიდიაში იყო ჩასული თავისი ჯარით.
არტაშესის შემდეგ დიდი არმენიაში მეფობდა მისი უფროსი ვაჟი არტავაზდ I (160–115), რომლის მეფობის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ძვ. წ. 120 წელს პართიის ჯარები შეიჭრნენ დიდ არმენიაში, დაიმორჩილეს იგი, მძიმე ხარკი დააკისრეს და მძევლად ძმისწული (არტავაზდს ვაჟი არ ჰყავდა) ტიგრანი (მომავალი ტიგრან II) გამოართვეს.
ფარსში ძალაუფლების გამყარების შემდეგ პართიელებმა მიდიაზე მასობრივი თავდასხმები განაახლეს. ომი 5 წელი გაგრძელდა და დემეტრეს დამარცხებით დასრულდა. 155 წელს მიდიაც პართიას დაექვემდებარა.
152 წელს სირიაში ახალი აჯანყება დაიწყო, რომელსაც ტიმარხის ძმა ჰერკლიდი მეთაურობდა. მან ვინმე ალექსანდრე ბალასი ანტიოქე IV-ის ძედ, ხოლო დემეტრე უზურპატორად გამოაცხადა. რომმა, ეგვიპტემ და პერგამონმა ცნეს ალექსანდრეს პერეტენზიები. 2 წლიანი სამოქალაქო ომი დემეტრეს დამარცხებით და დაღუპვით დასრულდა.
ახალი მეფე ალექსანდრე I (150–145) ფარაონ პტოლემეოს VI-ის გავლენის ქვეშ მოექცა და მის ასულ კლეოპატრა ტეეზე დაქორწინდა, რომელთანაც ძე ანტიოქე შეეძინა. ალექსანდრეს ქვეყნის მართვა არ აინტერესებდა და მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა, რის გამოც პოპულარობას სწრაფად კარგავდა. კლეოპატრას მოსძულდა ქმარი, მიატოვა და ცოლად გაჰყვა ტახტის კანონიერ პრეტედენტს, დემეტრე I-ის 13 წლის ვაჟს დემეტრე ნიკატორს. მაშინ პტოლემეოს VI ახალ სიძეს მიემხრო და 147 წელს უფლისწული დემეტრე სირიაში დააბრუნა, რასაც ახალი სამოქალაქო ომი მოჰყვა.
145 წელს ეგვიპტელების დახმარებით დემეტრემ დაამარცხა ალექსანდრე და ტახტი დაიკავა დემეტრე II ნიკატორის (145–140; 129–126) სახელით. გადამწყვეტი ბრძოლის დროს დაიღუპა პტოლემეოსი, რის გამოც ბრძოლის შემდეგ ეგვიპტის ჯარი უკან გაბრუნდა. დამარცხებული ალექსანდრე ბალასი კი ნაბატეას მეფესთან გაიქცა, სადაც მოკლეს.
სირიის არმიის სარდალმა დიოდოტ ტრიფონმა არ ცნო დემეტრე II, დაიკავა ანტიოქია და მეფედ გამოაცხადა ალექსანდრეს 3 წლის ვაჟი ანტიოქე VI დიონისე ეპიფანე. მაშინ დემეტრე II სელევკიაში გაიქცა და იქედან მართავდა თავის კონტროლირებად ტერიტორიას. ამრიგად სირიის იმპერია ორად გაიყო. 142 წელს დიოდოტ ტრიფონმა ამჯერად ანტიოქე VI დაამხო და თვითონ გამოაცხადა თავი მეფედ.
სირიის ამბებით გახარებული მითრიდატე ამჯერად ბაბილონიაში შეიჭრა. დემეტრე II-მ ჯარი შეკრიბა და მის შესახვედრად გაემგზავრა. სელევკიასთან ბრძოლაში (141 წლის გაზაფხულზე) პართიელებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს, რის შემდეგაც მითრიდატე სელევკიაში შევიდა და ასირიის მხარე შეიერთა.
სირიის არეულობით ისარგებლეს ებრაელებმა და 142 წელს დამოუკიდებლობა აღიდგინეს. 141 წელს იუდეის მეფედ გამოცხადდა აჯანყების მეთაური შიმონ მატათეს ძე ჰასმონეი (141–135).
139 წელს დემეტრე II-მ ახალი ჯარები შეკრიბა და სელევკიის დასაბრუნებლად გაემართა. მითრიდატე I რამდენჯერმე იქნა დამარცხებული, თუმცა უცნობი მიზეზით პართიელებმა მოახერხეს სირიელთა მეფის დატყვევება, რის შემდეგაც პროვინცია ბაბილონია სრულად შევიდა პართიის შემადგენლობაში. დემეტრე გაგზავნეს ჰირკანიაში მითრიდატესთან. პართიის მეფე ტყვეს პატივისცემით ეპყრობოდა და საკუთარ ქალიშვილზე – როდოგუნეზე დააქორწინა.
კონკურენტის დატყვევებით ისარგებლა ტრიფონმა და მთელს სირიაში გაბატონება სცადა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოვიდა დემეტრე II-ს უმცროსი ძმა ანტიოქე, რომელმაც იუდეის მეფის დამხარებით 138 წელს დაამარცხა უზურპატორი და სირიის ტახტზე დაჯდა ანტიოქე VII სიდეტას (138–129) სახელით. ტრიფონმა თავი მოიკლა.
ანტიოქემ შეირთო თავისი ძმის ცოლი კლეოპატრა, რომელთანაც შეეძინა ძე, მომავალი ანტიოქე IX. კლეოპატრას პირველი ქმრისგან კი ჰყავდა ორი ვაჟი, მომავალი სელევკ V და ანტიოქე VIII.
სანამ სირიაში მმართველს არკვევდნენ 138 წელს პართიელებმა მიიტაცეს ელიმიადას სამეფო და სუზიანას სატრაპია.
135 წელს შიმონის გარდაცვალების შემდეგ იუდეის მეფე გახდა მისი ძე იოან ჰირკან I (135–104), რომელსაც ანტიოქე VII-მ მოთხოვა ეღიარებინა მისი უზენაესობა. იუდეის მეფემ უარი უთხრა. მაშინ 134 წელს ანტიოქე შეიჭრა იუდეაში, აიღო იერუსალიმი და ბრძანა მისი კედლების დანგრევა. მაშინ იოან ჰირკანმა აღიარა სირიელთა უზენაესობა, იკისრა ხარკი, გადაიხადა 3000 ტალანტი და დაპირდა დამხმარე ჯარს პართიაზე გალაშქრების შემთხვევაში და სანაცვლოდ ანტიოქეს აღარ დაანგრია ქალაქი.
132 წელს ოსროენას (ჩრდ მესოპოტამია, ასურეთის მხარე) სატრაპმა არიუმ (132–127) დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი დედაქალაქი გახდა ედესა, რის გამოც მას ედესას სამეფოსაც უწოდებდნენ. ოსროენას დაკარგვით სირიამ გავლენა დაკარგა სოფენას სატრაპიაზეც. 127 წელს ოსროენა არაბულმა ტომმა ორროიმ დაიპყრო, რითაც დაიწყო ამ მხარის არაბიზაცია.
ანტიოქე შეეგუა ამ მხარეების გამოყოფას, რადგან პართიაზე ლაშქრობის დროს მოკავშირეები სჭირდებოდა და მისი გეგმით გამარჯვების შემდეგ ყველა გამოყოფილი მხარე მარტივად დაუბრუნდებოდა უკან.
130 წელს ანტიოქე VII 80000-იანი ლაშქრით დაიძრა აღმოსავლეთით. მის მხარეზე გადავიდნენ შუამდინარეთის ქალაქები, მიდიის, ფარსისა და ელიმიადის მეფეები. პართიელებთან გამართული სამივე ბრძოლა სირიელთა გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც თავისი არმიით მიდიაში დაბანაკდა გამოსაზამთრებლად.
პართიის მეფე ფრაატ II-მ (138–127) დაიწყო დედაქალაქ ნისას გამაგრება, დაიქირავა საკების (სკვითების მონათესავე, ირანულენოვანი მომთაბარე ხახლი) რაზმები, საპატიო ტყვეობიდან გაათავისუფლა დემეტრე II (უკანასკნელი ფრაატსაც საპატიო მდგომარეობაში ჰყავდა. მას აქ შვილებიც შეეძინა, თუმცა მიუხედავად ამისა რამდენიმეჯერ გაიქცა სირიაში დასაბრუნებლად, თუმცა ყოველ ჯერზე აბრუნებდნენ ახალ ცოლ-შვილთან.) და ზავი შესთავაზა ანტიოქეს. საპასუხოდ სირიის მეფემ სასტიკი პირობები წაუყენა: პართია დააბრუნებდა ყველა დაპყრობილ მხარეს გარდა პართიისა, იკისრებდა ხარკს, აღიარებდა სირიის მეფის უზენაესობას, პირადად გადასცემდა უფროს ძმას.
სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობდა სირიელთა მდგომარეობა დამძიმდა. ანტიოქე სასტიკი მეთოდებით აიძულებდა მიდიელებს ერჩინათ მისი უზარმაზარი არმია, რამაც მიდიის მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია. ქალაქებში გაბნეულ სირიულ გარნიზონებს მოულოდნელად ესხმოდნენ და ანადგურებდნენ. ანტიოქე გაემართა ერთი გარნიზონის საშველად. ამ დროს მას მოულოდნელად დაეცა ფრაატი და მთელი მისი დაბნეული ლაშქარი გაანადგურა. სირიის მეფემ კლდეზე გადაჩეხვით მოიკლა თავი, რათა ტყვეობა თავიდან აეცილებინა. მასთან ერთად კლდეზე გადაიჩეხა სელევკიდური იმპერიაც.
როდესაც სირიის მეფის სიკვდილი ფრაატმა შეიტყო, ბრძანა გათავისუფლებული დემეტრე კვლავ შეეპყროთ, თუმცა ის უკვე სირიის საზღვრებში შესულიყო და ტახტზე დასაბრუნებლად მიიჩქაროდა. დემეტრე წინააღმდეგობის გარეშე დაჯდა ანტიოქიის ტახტზე და დაიბრუნა პირველი ცოლი კლეოპატრა. ამ დროს მის დაქვემდებარებაში იყო საკმაოდ მცირე ტერიტორია: სირიის, ფინიკიისა და კილიკიის მხარეები.
დემეტრე თავიდანვე არაპოპულარული იყო მოსახლეობაში, რის გამოც ძალიან უჭირდა მართვა და უკეთეს გამოსავალს ეძებდა. ამ დროს მას დაუკავშირდა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა II, რომელიც ტახტისთვის ქმრებს, ძმებს, შვილებსა და დებს ებრძოდა და შესთავაზა დახმარების შემთხვევაში ეგვიპტის ტახტზე ასვლა. დემეტრე დათანხმდა. მაშინ კლეოპატრას მთავარმა კონკურენტმა, ქმარმა და ძმამ პტოლემეოს VIII-მ მხარი დაუჭირა ალექსანდრე ზაბინას, რომელიც თავს ანტიოქე VII-ის შვილად ასაღებდა. 126 წელს ზაბინამ ედესასთან ბრძოლაში დაამარცხა სირიის მეფე და განდევნა ქვეყნიდან, რის შემდეგაც მალევე მოკლეს. ახალ მეფე ალექსანდრეს II-ს (126–123) არ დაემორჩილენ დემეტრე II-ის შვილები, რასაც ახალი მრავალწლიანი სამოქალაქო ომები მოჰყვა. ეს პატარა სამეფო ხან ორ, ხან სამ, ხანაც ოთხ ნაწილად იყო გაყოფილი და მეზობლები სულუფრო მეტ მიწებს ართმევდნენ.
84 წელს ნაბატეას არაბული სამეფოს მეფე არეტა III-მ (86–62) სირიის სამეფო დაიპყრო. ცოტა ხნის შემდეგ სირია უკვე დიდი არმენიის მეფე ტიგრან II დიდის ხელში გადავიდა. 68 წელს რომის სარდალმა ლუკულუსმა ტიგრანის დამარცხების შემდეგ ანტიოქიის ირგვლივ მდებარე მიწებზე აღადგინა სირიის სამეფო და ტახტი ანტიოქე XIII-ს მისცა. 65 წელს მას აუჯანყდა ბიძაშვილი ფილიპე II, რომელმაც ქვეყნის ერთი ნაწილი მიიტაცა და თავი მეფედ გამოაცხადა. 64 წელს სირიას შემოესივნენ არაბული ტომები. ემესასთან ბრძოლაში ანტიოქე XIII დაიღუპა. მაშინ რომის სარდალი იძულებული გახდა სირია რომის პროვინციად გამოეცხადებინა, რათა ამით არაბიზაციიდან ეხსნა. ფილიპე II-ს სამეფოდ კილიკია გამოუყვეს, სადაც იჯდა კიდეც, ვიდრე 56 წელს არ გარდაიცვალა. ამით სელევკიდების სახელმწიფოს ისტორია დასრულდა.

























Комментариев нет:

Отправить комментарий