დასავლეთ საქართველოში
გვიან ბრინჯაოს (ანუ ადრე რკინის) ხანა დაიწყო ძვ. წ. XV საუკუნეში და დამთავრდა ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს. აქედან 2–3 საუკუნე წმინდა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაზე უნდა მოდიოდეს, ხუთი საუკუნის განმავლობაში ბრინჯაო და რკინა თანაარსებობდა, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან დადგა არსებითად წმინდა რკინის ხანა, როცა ბრინჯაოს იარაღ-საჭურველი იშვიათად კეთდებოდა და ისიც სპილენძის მადნებით ძლიერ მდიდარ მხარეებში.
ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე და I ათასწლეულის პირველ ნახევარში, რომელსაც ჩვეულებრივ გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას უწოდებენ, საქართველო და თითქმის მთელი კავკასია განვითარების ტემპებისა და დონის მხრივ ერთ მთლიან ერთეულად ყალიბდება, თუმცა ყოველ მხარეს ან ხეობას, სხვა მხარესთან საერთო კულტურის ელემენტებთან ერთად, თავისი დამახასიათებელი მოვლენებიც აქვს. ამ დროის უმთავრეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს დასახლება საცხოვრებლად ვარგის მთელ ფართობზე როგორც სამიწათმოქმედო ბარში, ისე მთაში. მართლაც, არქეოლოგიური გათხრები თუ შემთხვევითი ნაპოვნები მიუთითებს საქართველო-კავკასიის მჭიდრო დასახლებას საკვლევ ეპოქაში. ხშირი ნამოსახლარები, ვრცელი სამაროვნები ან სხვა რიგის ძეგლები მაუწყებელია მოსახლეობის რიცხვის სწრაფი ზრდისა, რაც შეიძლება მეურნეობაში მომხდარი ძვრებისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესების შედეგი იყოს. მართალია ამ დროს აღარა ჩანს ფუფუნების ისეთი ბრწყინვალე საგნები, როგორიც თრიალეთის გორასამარხების გათხრამ მოგვცა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხშირად გვხვდება ფრიად გაუმჯობესებული სამეურნეო და საბრძოლო იარაღ-საჭურველი, რომელიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ეპოქის შეფასება-დახასიათებისათვის.
გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის პირველი მონაკვეთი საქართველო–კავკასიის მოსახლეობაში კალიანი ბრინჯაოს სხმულების საყოველთაო გავრცელებით აღინიშნა. იმ აზრით, რომ კლასიკური ბრინჯაო კალანარევ სპილენძის შენადნობს წარმოადგენს, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი ბრინჯაოს ხანა სწორედ ძვ. წ. II ათსწლეულის შუა ხანების შემდეგ დადგა. ამ შენადნობს ადამიანის ცხოვრებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კულტურის უფრო ადრინდელ საფეხურზე კავკასიის მოსახლეობა უმთავრესად იყენებდა დარიშხნიან შენადნობებს, რომლებიც ზოგიერთი თვისებით უტოლდება ანდა კიდევაც სჯობნის კალიანი სპილენძის სხმულს. მაგრამ ამ ახალი შენადნობის დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ დნობის პროცესში არ გამოიყოფა სიცოცხლისათვის სახიფათო, მომწამვლელი აირები, რომლებიც ასე დამახასიათებელია დარიშხნიანი ბრინჯაოს მეტალურგიული პროცესისათვის. რადგან ეს თვისება ძლიერ ხიფათს აშორებდა მელითონე ტომებს, ამიტომ ის დამაჯერებელი რეკომენდაცია იყო ყოფა-ცხოვრებაში კალიანი ბრინჯაოს მტკიცედ და ფართოდ დასანერგად.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული სამეთუნეო მორგვის ძლიერ ფართოდ გავრცელება. აღმოსავლეთის ცივილიზაციის კერები მას უკვე ძვ. წ. IV–III ათასწლეულების მიჯნაზე იცნობდა და ფართოდ იყენებდა მარტივი თუ მოხატული კერამიკის დასამზადებლად. თრიალეთის მასალები ეჭვს არ ტოვებს, რომ იმ დროს სამეურნეო მორგვი უკვე არსებობდა. მაგრამ, ვინაიდან იმდროინდელ საქართველოს და კავკასიის სხვა რაიონების თიხის ჭურჭელს არ ემჩნევა მორგვის კვალი, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ მანქანას მხოლოდ ახლად დაუწყია ფეხის მოკიდება.
სულ სხვა სურათია ცოტა უფრო გვიან, დაახლ. ძვ. წ. XV–XIV საუკუნეებიდან დაწყებული. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ბარის ნაწილში იმ ხანაში უკვე იშვიათად ვხვდებით ხელით ნაძერწ თიხის ჭურჭელს. ეს ტექნიკური გაუმჯობესება სულ მალე მთაშიც აღწევს.
აქედან ცხადია, რომ კერამიკული წარმოება უმეტესად „სამანქანო“ საფუძველზე გადავიდა და დიდად აამაღლა შრომის ნაყოფიერება, რადგან სხვა საქმისათვის უამრავი მუშახელი გაათავისუფლა. ამდენად, შეცდომად არ ჩაითვლება თუ ვიტყვით, რომ სამეთუნეო მორგვი ჩვენში პრაქტიკულად გვიანდელი ხანის დიდი მონაპოვარია.
ამ დროის კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს მოშინაურებული ცხენის, როგორც გადასაყვან-საზიდარი ცხოველის, გამოჩენა კავკასიურ სამყაროში. ამ სიახლეს მეტად დაგვიანებით გაეცნენ აქაური მცხოვრებლები. ძველი აღმოსავლეთი ცხენით სარგებლობდა ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის დამდეგიდან, ხოლო შუა და ჩრდილო ევროპაში მოშინაურებულ ცხენს გვიანდელი ნეოლითის ზონარორნამენტიანი კერამიკის კულტურის მატარებელ ტომებს მიაწერენ.
რაც შეეხება მოშინაურებულ ცხენს, არქეოლოგიური მასალები გარკვეულად მოწმობს, რომ ცხენი ამიერკავკასიაში მხოლოდ გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის მოვლენაა. სწორედ ამ დროიდან იწყებს გამოჩენას ცხენის აკაზმულობის ნაწილები, ლაგმები, საყბეურები და სათასმე ბალთები, აგრეთვე ამ ცხოველის ძვლები და ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ქანდაკება. ამ რიგის ყველაზე უძველეს მონაპოვრად დღესდღეობით შეიძლება ჩაითვალოს სევანის ტბის ნაპირზე გათხრილი გორასამარხებიდან მომდინარე მასალები, რომლებიც სწორედ გვიანდელი ბრინჯაოს ხანისაა. საქართველოში აღმოჩენილი სათანადო მასალები ადრინდელი რკინის ხანის უწინარესი არაა.
ცხენმა დიდი როლი შეასრულა საზოგადოების შემდგომ განვითარებაში, რადგან, ერთი მხრივ, თითქოს შეამოკლა მანძილი სხვადასხვა ტერიტორიაზე დასახლებულ ტომთა შორის, უკეთ რომ ვთქვათ, წინამავალ პერიოდთან შედარებით ახლა უფრო გაცხოველდა ურთიერთობა შორეულ მხარეთა შორის, ფართო ასპარეზი წარმოიშვა კულტურულ მოღვაწეთა გაცვლა-გაზიარებისათვის, რამაც ხელი შეუწყო საერთო პროგრესს და ტომთა გაერთიანებას. ცხენის მნიშვნელობა იმდროინდელი ვაჭრობის განვითარებაში უეჭველად თვალსაჩინო იყო, მაგრამ მას არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მხედრობაში. ამიერიდან წარმოიშვა საომარი იარაღის სულ ახალი ტიპი – საჩეხ-საკვეთი მახვილები, რომლებიც მარჯვე მოსახმარი იყო ამხედრებული მეომრისათვის. ცხენოსანთა თავდასხმები ხელს უწყობდა ცალკეული ტომების გამდიდრებას ტყვედ ჩაგდებული საქონლითა და სხვა ქონებით. მოხვეჭილი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი თანდათანობით მიითვისეს თავდასხმათა ორგანიზატორებმა, რომელთა ავტორიტეტი ამის გამო სწრაფად იზრდებოდა. კიდევ უფრო გაფართოვდა პირველყოფილ-თემურ წყობილებაში ადრევე გაჩენილი ბზარი და დაჩქარდა მოსახლეობის ქონებრივი და სოციალური დანაწილების პროცესი. ამის არქეოლოგიურ საბუთს წარმოადგენს მცხეთასთან სამთავროს სამაროვანზე მიკვლეული მდიდრული სამარხები, რომელთა ინვენტარში ნაპოვნია მეტად ეფექტური მახვილები, ასეთივე სურათია აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზეც. მეორე მხრივ, ცხენი დიდ როლს ასრულებდა აგრეთვე მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების დაწინაურებაში. მან გააადვილა საიალაღო მესაქონლეობა და, შესაძლოა, ვითარცა გამწევმა ძალამ მიწათმოქმედებასაც თავისი კვალი დაამჩნია. ყოველ შემთხვევაში, კავკასიაში აღმოჩენილია მასალები, რომლებზეც გამოსახულია არა მარტო საომარ ეტლში შებმული, არამედ უღელდადგმული ცხენებიც.
ის საკითხი, თუ როდის დადგა ჩვენს ქვეყანაში რკინის ხანა, ჯერ კიდევ სადისკუსიოა. გამორიცხული არ არის შესაძლებლობა, რომ ქვემო ქართლში არსებობდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რკინის წარმოების კერა, რასაც ადასტურებს აქ აღმოჩენილი უამრავი ძველი სამთო გამონამუშევარი და საწური ქურების ნანგრევები. ერთ ქურასთან ნაპოვნი შავპრიალა კერამიკის ნატეხების მიხედვით ი. გძელიშვილი ვარაუდობს, რომ ეს საწარმო ძვ. წ. XIV ს-ში მოქმედებდა. ნაწრთობი რკინის შემუშავების ძლიერ მაღალ თარიღს – ძვ. წ. XV–XIV საუკუნეებს – გვთავაზობს რ. აბრამიშვილი, ყოველ შემთხვევაში, თრიალეთისათვის, რომელიც ახლო იყო რკინის საბადოების რაიონთან. ჩვენი აზრით, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე რკინის წარმოშობის საკითხს საკმაოდ დამაჯერებლად ხსნიდა ბ. კუფტინი, რომელიც ფიქრობდა, რომ ამ კულტურამ აქ ფეხი მოიკიდა სამხრეთით მდებარე საწარმოო ცენტრების გავლენით დაახლოებით ძვ. წ. XII საუკუნის ახლო დროში. მართლაც, კავკასიის სამარხებში რკინის უძველეს საგნებს ახლავს სხვა მასალის ინვენტარი, რომელიც არ შეიძლება უფრო ადრინდელ დროს მივაკუთნოთ. ასეთებია, ბრინჯაოს ფურცლის სარტყლები, სატევრები და მახვილები, რომელთა პირი და ტარი ერთადაა ჩამოსხმული, გვიანდელი მიკენური ტიპის მშვილდისრები საკინძები (ფიბულები) და სხვ.
ასე თუ ისე, ძვ. წ. XII–XI საუკუნეების სამარხებში უკვე გვხვდება რკინის იარაღი და საჭურველი, პირველ რიგში, დანა და სატევარი. ზოგჯერ ასეთ ნივთებს პირი რკინისა აქვთ, ტარი – ბრინჯაოსი; ეს კი ნიშნავს იმ დროს ორივე ლითონის თანაარსებობას, რაც დამახასიათებელია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მაშინ ლითონის სამკაული უმეტესად ბრინჯაოსაგან მზადდებოდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, უკვე ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი მეოთხედის ბოლოს, ყოველგვარი იარაღი და საჭურველი მხოლოდ რკინისაა, მათ შორის ცულიც და თოხიც. ამასთან, რკინის ნამზადთა ხარისხმა მანამდე არნახულ დონეს მიაღწია სიმაგრით, სისალით და პირისმკვეთელობით. ზედმეტია სიტყვის გაგრძელება ასეთ ნამზადთა მნიშვნელობაზე მეურნეობისა და სოციალური ცხოვრების განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ რკინის იარაღმა საქართველოში არაჩვეულებრივად წინ წასწია შრომის ნაყოფიერება, გაზარდა მოსავლიანობა, ძირითადად დაამთავრა გვაროვნული საზოგადოების შლის პროცესი და ქართველი ტომები სახელმწიფოებრივი ცხოვრების გზაზე გაიყვანა.
გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამოსახლოები მთელ კოლხეთში, ხელოვნურად, ან ბუნებრივად გამაგრებული საცხოვრებელი კომპლექსების სახით გვევლინება. ბარში განუყოფლად ბატონობდა ხის სახლები, მთაში, როგორც ჩანს, მათთან ერთად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქვის ნაგებობანიც.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მთელ დასავლეთ საქართველოში სამარხები ცოტაა აღმოჩენილი და მეცნიერულად შესწავლილი. ჩვენი ცოდნა ამ მხრივ ამოიწურება მხოლოდ რამდენიმე ძეგლით, რომლებიც გათხრილია ზემო რაჭაში და აფხაზეთში.
თუ თავს მოვუყრით დასმულ საკითხთან დაკავშირებულ მწირ ცნობებს, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში ოთხი ტიპის სამარხები სცოდნიათ, სახელდობრ, ორმოსამარხები, ქვის სამარხები, საკრემაციო მოედნები და ქვევრსამარხები. გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის დასავლეთ საქართველოს კულტურის მატარებელთ წესად ჰქონიათ: 1. მიცვალებულის დაკრძალვა ორმოსამარხებში გაშოტილ ან მოკეცილ მდგომარეობაში, თანაც გვამის დამხრობა ნებისმიერი მიმართულებით; 2. ქვის სამარხებში, მოკეცილ ან ზოგჯერ მჯდომარე მდგომარეობაში; 3. მეორედ დამარხვა ჭურებში და 4. გვამის დაწვა ინვენტართან ერთად საგანგებო მოედანზე, რომელიც ამავე დროს კრემაციის ნაშთთა საუკუნო განსასვენებელიც იყო. დაკრძალვის რიტუალში შედიოდა უამრავი „საიმქვეყნო“ საჩუქრების და, როგორც ერთი მაგალითი მოწმობს, ყვითელი საღებავის ჩატანება.
დასავლეთ საქართველოს ბევრი რაიონი მდიდარია ძველი მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვანაირი მადნეულის საბადოებითა და ხე-ტყით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ რაჭა, სვანეთი და აფხაზეთი.
რიონის ზემო წელი, უმთავრესად ღებისა და ურავის სანახები, ბრინჯაოს ხანაში სამთამადნო წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კერა იყო. სადღეისოდ იქ აღრიცხულია ასეულამდე ძველი მაღარო ანუ მღვიმე, რომლებშიაც ითხრებოდა სპილენძის, ანთიმონის და დარიშხნის მადნეული, შესაძლოა აგრეთვე ღებულობდნენ ცოტაოდენ კალას, ოქროსა და ვერცხლს, ე. ი. იმ ლოთონებს, რომლებიც მცირე ოდენობით შედის პოლიმეტალურ მადნებში. ზოგიერთი მინერალი საკუთრივ მეტალურგიულ წარმოებას ხმარდებოდა, ხოლო ანთიმონის მადანს საღებავის დასამზადებლადაც იყენებდნენ.
ღების მიდამოებში მიკვლეული მღვიმეების ერთი ნაწილი საძიებო-სადაზვერვო ხასიათისაა, სხვები კი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, საექსპლოატაციო მაღაროებია, თანაც მეტად რთული პროფილისა, ზოგჯერ ორ-სამიარუსიანი გვერდითი დერეფნებით, შტრეკებით, გეზენკებით და საჰაერო-სავენტილაციო ხვრელებით. მათი გამოკვლევის შედეგები მოწმობს, რომ სამთამადნო ძიება და საბადოთა დამუშავების საქმე თავისი დროის კვალობაზე ფრიად დაწინაურებული უნდა ყოფილიყო.
მაღაროებში და მათ მახლობლად აღმოჩენილია მემთამადნეთა უამრავი იარაღი და სხვა მასალა, რომლებიც მადნის თხრისა და დამუშავებისათვის სჭირდებოდათ. ესენია მაგარი ქვის მძიმე უროები, როდინები, სახეხები, ხის ბიჯგები, გობები, როპები კვარის ნაპობები, ნახშირი, შეშის ნარჩენები და სხვ. მისთ., ზოგიერთი მაღაროს შედარებით რბილ კედელზე შემორჩენილია ლითონის სამუშაო იარაღის პირის კვალი. ყველაფერი ეს უძვირფასესი მასალაა იქაური სამთამადნო წარმოების მასშტაბისა და, უპირველეს ყოვლისა, ტექნიკის დონის გათვალისწინებით.
მადნის სათხრელად მაგარ ქანში ცეცხლს, წყალს, ქვის უროებს და ხის კეტებსაც ხმარობდნენ, ხოლო რბილ ქანებში – ლითონის წაკატს ანდა წერაქვს. ცეცხლით გახურებულ ქანებს წყლის მიშვებით შლიდნენ და ამის შემდეგ ანგრევდნენ უროებით. წვრილ ნაფხვენებს ხის ხოპებით აგროვებდნენ და დიდ ლოდებთან ერთად ორსახელურიანი გობებით გამოჰქონდათ გარეთ, სადაც ქვის იარაღებითვე წარმოებდა მადნის პირველადი გამდიდრება ანუ ფუჭი ქანებისაგან სასარგებლო მინერალთა განთავისუფლება. მაღაროების განათებისათვის კვარს ხმარობდნენ, თუმცა სავარაუდოა, რომ იმავე მოვალეობას ასრულებდა ქონიანი ჭრაქი და არყის ხის ქერქი, რომელსაც ახლო წარსულამდე ნავთსა სცვლიდა ღებში. შრომის უსაფრთხობა ღრმა მაღაროში უზრუნველყოფილი იყო, ერთი მხრივ, გასანიავებელი ხვრელების არსებობით, მეორე მხრივ, სუსტი კედლებისა და ჭერის საიმედო გამაგრებით, რისთვისაც იყენებდნენ ქვის ყორეებს, თხრის დროს კლდეში შეგნებულად დატოვებულ მელანებს ანუ სვეტებს და აგრეთვე ხის შვეულ და ჰორიზონტალურ ბიჯგებს, რომლებმაც მუდმივგამდინარე წყალში ყოფნის მეოხებით, ზოგჯერ დაუზიანებლად მოაღწია დღემდე.
მაღაროებიდან არცთუ ძლიერ მოშორებით გამოკვლეულია მადნის შემდგომი დამუშავების პროცესში წარმოქმნილი მძლავრი ნაყარები, რომლებშიც ფუჭი ქანების ნატეხებთან ერთად აღმოჩენილია ხალასი ანუ თვითნაბადი სპილენძის ნაჭრები, დაზიანებული ქვის იარაღები, მადნის სანაყი როდინები და სახეხები. ერთი ასეთი ნაყარის ახლოს იყო სადნობ ღუმელთა ნაშთები, რომელიღაც იარაღის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი და ალბათ ასეთივე ყალიბის დასამზადებლად მოტანილი ქვიშაქვის ფილები. ნაყარის ღრმა ფენაში აღმოჩენილია თითქოს საგანგებოდ ჩაგდებული (რათა ჩვენი დროის არქეოლოგებმა შეცდომა არ დაუშვან დათარიღებაში) ბრინჯაოს მშვენიერი სატევარი, რომელიც აღნიშნული ყრილის წარმოშობის დროს ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულით განსაზღვრავს.
მაკასპილენძის მადნის დამუშავებისა და დაწურვის კვალი დამოწმებულია ბევრგან. საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ჩხალთის (აფხაზეთი) პარტიიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტში შემოსულია ღებური ტიპის ქვის იარაღები და აგრეთვე მადნის ნიმუშები, რომლებიც აღმოჩენილია ძველ მაღაროებში, ამის გარდა, წარმოების ნაშთებს აღნიშნავენ ქვემო რაჭაში, ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, გურიაში და ბევრ სხვაგან. გამოთქმულია ფრიად სარწმუნო მოსაზრება, რომ დასავლეთ საქართველოს კულტურის ერთ-ერთ ძირითად სამთამადნო-მეტალურგიულ ცენტრს წარმოადგენდა ჭოროხის აუზი, რომელიც მადნეულითაც მდიდარია. მის ქვემო წელზე და საერთოდ აჭარაში აღმოჩენილია აღნიშნული კულტურის უამრავი ძეგლი. ე. წ. „მდნობელთა განძების“ დიდი რიცხვის არსებობა და მათში შემავალი სპილენძის ზოდები, რომელთა საერთო წონა ხშირად 80–100 კილოგრამამდე აღწევს, რაც მეტალურგიისა და ლითონდამუშავების დაწინაურებასა და დიდ მასშტაბს მოწმობს.
დასახელებული ფაქტების ანალიზი მიუთითებს რომ მეტალოგენური რაიონების მოსახლეობა ამზადებდა იმაზე მეტ ლითონს, ვიდრე ეს საჭირო იყო საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის. ჭარბი ნაწარმი გადიოდა სამიწათმოქმედო ბარსა და უმადნო მთის ხეობებში ზოდებისა და მზა საგნების ანდა ჯართის სახით. შეტანილი ლითონის ბაზაზე იქმნებოდა ადგილობრივი სამსხმელო და ლითონდამმუშავებელი კერები, სახელოსნოები, სადაც მზადდებოდა ნაირ-ნაირი იარაღი, საჭურველი, სამკაული, საწესო და საყოფაცხოვრებო ინვენტარი.
აღმოსავლეთ საქართველოში
აღმოსავლეთ საქართველოში საგანგებო არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოკვლეულია ჩვენთვის საინტერესო გაცილებით უფრო მეტი ძეგლი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ესენია სამაროვნები და აგრეთვე სამოსახლო და საკულტო კომპლექსები.
აღმოსავლეთ საქართველოშიც სამოსახლოები ბორცვებთანაა დაკავშირებული. ამგვარი ადგილების შერჩევისას (როგორც კოლხეთშიც) მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის ინტერესი გაუთვალისწინებია. ბორცვები ანუ გორაკები უხვადაა თითქმის ყველა რაიონში. ისინი არსებითად ბუნებრივი წარმოშობისაა, მაგრამ ადამიანის ხელით შესწორებული და თავის დროის კვალობაზე საიმედო ციხე-სიმაგრეებად ქცეული. ბევრი ასეთი ბუნებრივი ბორცვი იმთავითვე განმარტოებით ყოფილა დაცემულ ვაკეზე ანდა რომელიმე ფლატის პირას აზიდული, მაგრამ, სადაც ასეთი არ იყო, ის ხელოვნურად შეუქმნიათ ხევისა და მდინარის კალაპოტების შესაყართან გაჩენილი კონცხის გადაყელვით, ღრმა და ფართო თხრილით, რაც თავდაცვის გასაადვილებლად კეთდებოდა; ირგვლივი თხრილები აქვს შემორტყმული ცალკე აზიდულ ბორცვებსაც. სამოსახლოებთან დაკავშირებული ყველა ბორცვი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე მათი გამოყენების პირველ პერიოდში, ვინაიდან სხვადასხვა დროის ნაგვისა და შენობათა ნანგრევების ხარჯზე მათ ზედაპირზე გაჩენილა მეტ-ნაკლებად სქელი კულტურული ფენა. ზოგიერთ გორაზე დამოწმებულია გვიანდელი ბრინჯაოს უწინარესი დროის კულტურის ნაშთებიც, რომლებსაც სტრატიგრაფიულ ჭრილში ქვედა დონეები უკავიათ.
აღმოსავლეთ საქართველოს გორაკები კოლხეთის დაბლობის ბორცვებისაგან იმით განსხვავდება, რომ ესენი თითქმის მთლად ხელოვნური მიწაყრილებია, მაშინ, როცა პირველი, საფუძველში ბუნებრივ წარმონაქმნებად ჩაითვლება. ადამიანის დასახლება ასეთ ბორცვებზე ან მათ ახლო მიუთითებს საქართველოს ორივე ნაწილში ერთნაირი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების არსებობას, სახელდობრ, სატომთაშორისო ურთიერთობის გამწვავებას, რაც იმის მიხედვითაც ჩანს, რომ სწორედ ამ დროს, შიშიანობის გამო, დაუფლავთ ლითონის უამრავი განძი; ამასთანავე, სათანადო კულტურული ფენის მოგვიანო შრეში შენახულა მოსახლეობის ტრაგიკული დასასრულის მაუწყებელი ნიშნები – გადამწვარი შენობების, ნახშირისა და ნაცრის სახით; ეგებ ამასვე მიუთითებს ჩვენს ენაში შემონახული ტერმინი „ნაცარგორა“, სახელწოდება, რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია არაერთი ბორცვი.
აქაური ბორცვებიდან შედარებით სრულად გამოკვლეულია შიდა ქართლის სამი გორა – ცხინვალის ნაცარგორა, ხოვლეგორა კასპის რაიონში და ყათლანისხევის გორა უფლისციხის ნაქალაქართან გორის რაიონში. სადაზვერვო თხრილია გავლებული ნაცარგორას მიმდგომ ველზე და ხოვლეგორას ძირში. ზედაპირული მასალაა შეკრებილი ხაშურის რაიონის ბევრ გორაზე და მათ მიმდგომ ვაკეებზე. ასეთივე მასალებია გამოგზავნილი ალაზნისპირა ბორცვებიდან და სხვ.
გათხრების შედეგედ ბორცვებზე აღმოჩნდა სასიმაგრო ძეგლები სამლოცველო სენაკები და ზოგან პატარა საწყობ-ბეღლები. ამით მტკიცდება, რომ ასეთ ბორვებზე მოსახლეობა მუდმივად არ ცხოვრობდა და მათ მხოლოდ შიშიანობის ანდა რელიგიური რიტუალების შესასრულებლად იყენებდა. აღმოჩენილი საწყობ-ბეღლებიც სწორედ სატაძრო ქონების დასაცავად შენდებოდა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ დედაციხეზე შეენახათ გვაროვნული თემის საზოგადო საკუთრებაც.
სამივე გორაში და ხოვლეგორას ნასოფლარის გათხრამ მნიშვნელოვანი მასალები მოგვცა საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობის მშენებლობის წესის გასარკვევად. აღსანიშნავია, რომ ხოვლეს ნასოფლარზე აღმოჩენილი ზოგიერთი შენობა ერთი და იმავე დროს განკუთვნილი იყო პირუტყვის სადგომად და ადამიანების საცხოვრებლად, ასეთ სადგომს ახლო წარსულამდე ხშირად შევხვდებოდით ქართლშიაც და სვანეთშიაც. პირუტყვის სადგომი ბოსლების იატაკი მოფილაქნებულია და წუნწუხის სადინარის ზღვე გასდევს. საცხოვრებელ სახლებში რთული აღნაგობის თიხის ღუმელები დგას. შენობები ამოყვანილია ქვის საძირკველზე და ზოგჯერ ხის კედლებიანია. შენობებში ნაპოვნია უამრავი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის კერამიკა, კევრის მოსაჭედი ქვები და სხვა ინვენტარი.
ნაცარგორას საკულტო სენაკების საძირკველიც რიყის ქვებისაა. თიხით შელესილი კედლები ჰორიზონტალურად დაწყობილი ხის ძელებისაა. ყათლანისხევის სამლოცველოებში ჰორიზონტული წყობის ნაცვლად გვხვდება თიხის ბათქაშით შელესილი სვეტისებური კედლები. სამივე გორაზე შენობების იატაკი მოტკეპნილი თიხისაა. სახურავი ეყრდნობოდა ხის სვეტებს. საფიქრებელია, რომ დღის სინათლე სენაკებში ჩადიოდა ღია სარკმელიდან. სარკმელი შეიძლება მოთავსებული ყოფილიყო აგრეთვე ჭერშიც, რომელსაც სხვა დანიშნულებაც ექნებოდა, კერძოდ, კვამლის ასასვლელად და საჰაეროდ გამოიყენებოდა. სამლოცველო სენაკების კუთხეებში ქვებით, კერამიკული ნატეხებითა და მოზელილი თიხით ამოყვანილი სამსხვერპლო, საკურთხეველი და ღუმელი. ნაცარგორას ერთ-ერთი სამლოცველო სამსხვერპლოს ბაგისებური მოყვანილობა აქვს. მასზე აღუმართავთ გამომწვარი თიხის ცულის პატარა მოდელი, რომელიც თავის დროზე ორპირიანი უნდა ყოფილიყო. ჩანს, რომ ამ ადგილას კლავდნენ სამსხვერპლო ცხოველს, რომლის სისხლი ბაგისებურ სათავსოში ჩადიოდა. საკურთხეველს, როგორც წესი, ზურგიანი სკამის მოყვანილობა აქვს. ერთ-ერთი მათგანის ზურგზე გამოყვანილია ხარის თავის და რთულმკლავებიანი სვასტიკის ჰორელიეფური გამოსახულება. ეს მოტივი ხშირად არის ამოკვეთილი დასავლურქართულ ბრინჯაოს ცულებზეც. საკურთხევლის ძირის ზედაპირზე ანდა მის წინ გამოძერწილია ნალისებური მოყვანილობის თიხის მცირე კერა, რომლის ერთი მხარე ზოგჯერ გაფორმებულია ხარის რქების მსგავსად. კერა განკუთვნილი იყო წმინდა ცეცხლის ასაგიზგიზებლად. იქვე ახლოს გამოყვანილია საკმევლისა და სურნელოვანი ზეთის პატრუქისათვის განკუთვნილი ფოსოები და გადმოღვრილი ზეთის სადინარი ღარი. საკურთხევლებთანვე მდგარა თიხის ნაძერწი ხარებისა და ვერძების დიდი ქანდაკებები. ნაცარგორას ერთ-ერთი სამლოცველო სენაკშიაც ღუმელის წინ და „მარცვლეულის კამერაშიც“, რომელიც ყათლანისხევის ზოგიერთი ძეგლის მსგავსია, სატაძრო ბეღელი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია გამომცხვარი პურის კვერის რამდენიმე მინაბაძი თიხის მოზრდილი დისკოების სახით. ხშირად გვხვდება კერამიკული ნატეხებისაგან გამოჭრილი სულ პატარა დისკოებიც, აგრეთვე ცხოველთა და ანთროპომორფულ არსებათა ქანდაკებები და სხვა მასალა, რომელშიაც შედის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ინვენტარი, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქტები. ასეთია მაგალითად, ნაირ-ნაირი თიხის ჭურჭელი, მათი გასაპრიალებელი ქვის დანები, ბაზალტის ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლები, ხორბლისა და ფეტვის მარცვლეული, ღორისა და რქოსანი პირუტყვის ძვლები, ძვლისგანვე ნაკეთები საფეიქრო სახვეწელა, ყავარჯნის თავი, ლახტისთავი, სადგისები, რამდენიმე სამკაული, ქვის ლახტები, ლითონის საგნები, მათი ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვ.
ზოგადისტორიულ-არქეოლოგიური და ქართული ეთნოგრაფიული მასალების ფონზე განხილული ყველა ეს მონაპოვარი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ქართლის მოსახლეობის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე. ირკვევა, რომ დაწინაურებული მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მატარებელი საზოგადოების რელიგიურ შეხედულებებში სათანადო პანთეონს საპატიო ადგილი დაუმკვიდრებია. ხარისა და ვერძის ქანდაკებანი და ჰორელიეფები ნაყოფიერების, გამრავლებისა და ძლიერების სიმბოლოების ნიშნად კეთდებოდა. ე. წ. სვასტიკა ანუ მალტის ჯვარი ასტრალური კულტის მანიშნებელია და განხილული უნდა იქნეს მიწათმოქმედებაზე დაყრდნობილი საზოგადოების მფარველი მზის სიმბოლოდ. გამომცხვარი პურის თიხის იმიტაციები ძალიან მოგვაგონებს სეზონური სამუშაოების დაწყებისას და დღესასწაულზე ნამცხვარ განატეხებს, რომლებსაც კერის წინაც მიირთმევდნენ და ბეღელშიც ინახავდნენ.
გორაკებზე აღმოჩენილი მასალების გარკვეული ნაწილი ალბათ მფარველი ღვთაებებისადმი შეწირული ზედაშეა, რომელიც ასეთ შემთხვევაში სატაძრო მეურნეობის საკუთრებად იქცეოდა; მაგრამ ზოგი რამ ალბათ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო მოსახლეობის კუთვნილებაც, რომელიც დაცული იქნებოდა საიმედოდ გამაგრებულ ბორცვზე. ასეთი უნდა იყოს, მაგალითად, მეტალურგიულ სახელოსნოსთან დაკავშირებული ნაცარგორას ყალიბები და საქშენი, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ხელოსნობის მფარველი ღმერთისათვის იყოს განკუთვნილი.
ალ. კალანდაძისა და კ. ფიცხელაურის განათხარი მასალები კახეთში სოფ. მელაანში და კ. ფიცხელაურისა მისგან ცოტა მოშორებით, მელიღელეში, უეჭველად მოწმობს, რომ ტაძრებისათვის დიდი რაოდენობით შეუწირავთ ლითონის ნაწარმიცა და კერამიკაც. შიდა ქართლის გორებისაგან განსხვავებით აქაური წარმართული ტაძრები განლაგებულია ვაკე ადგილებზე. მელიღელის ტაძრის შავი მიწის იატაკზე ამოკვეთილი ვიწრო თხრილები შევსებულია სუფთა ნაცრით და ისინი სხვადასხვანაირ მითოლოგიურ და რელიგიურ სცენებს გამოსახავს. შეწირულებათა შორის არის უამრავი კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის სხვადასხვანაირი საჭურველი. იქვეა აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული რამდენიმე ანთროპომორფული ქანდაკება, რომელთაგან ერთი შეიძლება ნაყოფიერების ღმერთი იყოს, ხოლო მეორეს რქებიანი ნიღაბი აქვს და, ჩანს, მესაქონლეობის ღვთაებას განასახიერებს. მელაანში ნაპოვნი დიდძალი მახვილები, სატევრები, შუბისა და ისრისწვერები კ. ფიცხელაურს საბუთს აძლევს ეს ძეგლი ომის ღვთაების ტაძრად მიიჩნიოს.
* * *
აღმოსავლეთ საქართველოში გაცილებით უფრო ბევრი ძველი სასაფლაოა გათხრილი, ვიდრე დასავლეთში. სამთავრო, ნარეკვავი, ფლავისმანი, დვანი შიდა ქართლში, დმანისი, მადნიჭალა ქვემო ქართლში, ბეშთაშენი, წინწყარო, ღუნიაყალა, სანთა თრიალეთში, გულგულა, თეთრიწყლები და სხვ. კახეთის ტერიტორიაზე, აი არასრული სია აქ გათხრილი ამ ტიპის ძეგლებისა, რომელთაგან თავისი მნიშვნელობით სამთავროს სამაროვანს პირველი ადგილი უკავია.
სამთავროს სამაროვანი მდებარეობს მცხეთის ჩრდილო გარეუბანში, ვრცელ მინდორზე, მთავარი გზის გასწვრივ. სასაფლაო მოქმედებდა მეტად ხანგრძლივად, ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან დაწყებული. გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის სამარხები სწორკუთხედ ორმოებს წარმოადგენს და ყორღანების მსგავსად ქვის ფიცრებით, ანდა ალბათ ხის ძელებითა და ზედ დაყრილი ქვითაა დახურული. საკუთრივ რკინის ხანაში ქვის ფიცრებისაგან შეკრული საფლავებიც მრავლად გვხვდება და, როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცებისათვის არის განკუთვნილი. გვამები დაკრძალულია ოდნავ მოხრილ-მოკეცილ მდგომარეობაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთ-ერთ გვერდზე – ქალები მარცხენაზე, მამაკაცები კი მარჯვენაზე. მართალია, თავით აღმოსავლეთისაკენ დამხრობილი გვამების რაოდენობა სჭარბობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის ბევრი სხვა რაიონის მსგავსად აქაც მიცვალებული მიქცეულია სულ სხვადასხვა მხრისაკენ. სამარხებში აღმოჩენილია უამრავი მასალა, შინაურ და გარეულ ცხოველთა ძვლები, საუცხოო კერამიკა, ბრინჯაოს, რკინის, ქვისა და ძვლის ნივთები, ე.ი. ყველაფერი, რაც გადარჩენილა „საიქიო“ საგზლისა და „საიმქვეყნო“ უხვი საჩუქრებისაგან.
სამთავროს ამ სამარხების ფრიად ახლო, პარალელურ ძეგლებს ვხედავთ ალგეთის ნაპირზე, მადნიჭალის სამაროვანზე. აქაც ორმოსამარხები და ქვის სამარხებია დადასტურებული, ოღონდ ისინი მოქცეულია უფრო კარგად გამოხატული ყორღანული ყრილების ქვეშ, ვიდრე ეს სამთავროშია.
ქვის სამარხებით და ორმოსამარხებითაა წარმოდგენილი აგრეთვე კიდევ ორი სხვა სამაროვანი ქვემო ქართლსა და თრიალეთში. ერთი მათგანი დმანისის რაიონში ყოფილ „შუშის ქარხანასთანაა“, მეორე კი ბეშთაშენში. დმანისის სამარხებში, როგორც გ. ნიორაძე წერდა, ზოგიერთი მიცვალებული მჯდომარე მდგომარეობაში დაუკრძალავთ, მაგრამ გვხვდება ჩვეულებრივ კიდურებმოკეცილ მდგომარეობაში დაკრძალულ გვამთა ნაშთებიც. დამოწმებულია მიცვალებულისათვის ძაღლისა და ცხენის ჩატანების ფაქტიც.
თრიალეთის სხვა სამაროვნებზე აღმოჩენილია უმთავრესად ქვის სამარხები და მათი ნანგრევები ადამიანის ძვლების ისეთნაირი განლაგებით, რომლებმაც შეიძლება გვავარაუდებინოს როგორც მოხრილ-მოკეცილ მდგომარეობაში დაკრძალული გვამები, ისე მეორადი ანდა დანაწევრებული დაკრძალვა. კ. ფიცხელაურს მიაჩნია, რომ კახეთში თეთრიწყლების სამაროვანზე მიცვალებულთა გვამები დაკრძალული უნდა იყოს მჯდომარე მდგომარეობაში. ასეთივე სურათი ჩანს ზემო ავჭალის სამარეშიც.
ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნულ ხანაში სამარხთა ძირითად ტიპებს წარმოადგენს ყორღანული ყრილის ქვეშ მდებარე ორმოსამარხები და ქვის ფიცრების სამარხები. მიცვალებულები დაკრძალულია მოხრილ-მოკეცილად ერთ-ერთ გვერდზე ანდა მჯდომარე მდგომარეობაში; გამორიცხული არ არის მეორედ დამარხვის ანდა დანაწევრებული დაკრძალვის წესის არსებობა (თრიალეთი). სამარხის იგივე ტიპები და დაკრძალვის ეს წესები გავრცელებული იყო იმ დროს მთელი ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და ნაწილობრივ დასავლეთ საქართველოს კულტურის გავრცელების რაიონშიც. საყურადღებო ისაა, რომ დამარხვის სხვადასხვა წესი ხშირად გვხვდება ერთი და იმავე სამაროვანზე ან ვიწროდ შემოფარგლულ ტერიტორიაზე. ეს მდგომარეობა ალბათ იმას მიუთითებს, რომ არც დაკრძალვის წესს და არც სამარხეული ნაგებობის ტიპს ეთნიკური კუთვნილების განსაზღვრისათვის ყოველთვის არა აქვს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია.
* * *
დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლების მსგავსად, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ძირითად საარსებო წყაროსაც მიწათმოქმედება და მესაქონლეობა წარმოადგენდა.
მიწათმოქმედებაზე მსჯელობისათვის საჭირო მასალები, მართალია, შედარებით იშვიათადაა სამარხებში, მაგრამ ამ დანაკლისს მნიშვნელოვნად ავსებს განძები, სამოსახლოები და საკულტო ადგილები, სადაც უხვადაა თავმოყრილი სულ სხვადასხვა დანიშნულების საგნები. ვერსად, ვერც სამარხებში და ვერც სხვაგან, ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს თუნდაც პრიმიტიულ კვალს ან სახვნელს, ურომლისოდაც, საეჭვოა, შესაძლებელი ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს მძიმე მიწის დამუშავება პურეული მცენარეების დასათესად. მაგრამ, როგორც დასავლეთ საქართველოს კულტურის განხილვის დროს აღვნიშნეთ, სახვნელი იარაღის არსებობა ამიერკავკასიაში ივარაუდება. მიწის გასაპოხიერებელ-გასაფხვიერებელ იარაღად შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში უხმარიათ დასავლეთ საქართველოს კულტურაში კარგად ცნობილი ტიპის ბრინჯაოსა და რკინის თოხი, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, ამ იარაღმა შეაღწია თუ არა კახეთის მიწა-წყალზე. ცხინვალის განძშია ბრინჯაოს, გვერდზე პირმოტეხილი ცულ-ნამგალა, ე. ი. ისეთივე სამიწათმოქმედო იარაღი (ცულსაკაფი), როგორც ლეჩხუმის ცნობილ განძში შედის. ძალიან ხშირად გვხვდება მოსავლის ასაღები იარაღები, უპირველეს ყოვლისა, ნამგლის კაჟის ჩასართები და აგრეთვე ბრინჯაო ნამგლები, რომლებიც ძალიან ჰგავს დასავლეთ საქართველოსას. აღებული მოსავლის გასალეწად უხმარიათ ისეთივე კოხებით მოჭედილი კევრი, როგორსაც დღესაც კი შევხვდებით ჩვენში. კევრის ნაშთები აღმოჩენილია ხოვლეს ნასოფლარზე. საყურადღებოა, რომ სახელმოხვეჭილი მიწის მუშაკები სამთავროშიც და ამიერკავკასიის ზოგიერთ სხვა სამაროვანზეც კევრზე არიან დაკრძალული. გალეწილი მარცვლეული, სახელდობრ ხორბალი, ქერი და ფეტვი (თუ ღომი) დიდი რაოდენობით იყო შენახული ცხინვალის ნაცარგორას ერთ-ერთ ბეღელში (კამერაში) და აგრეთვე სხვა სამლოცველოებში. მარცვლეულის დასაფქვავად უხმარიათ ბაზალტისაგან დამზადებული უამრავი ხელსაფქვავი, რომლებიც ამ დროსაც არსებითად ისეთივე მოყვანილობისა ყოფილა, როგორიც ლითონის ხანის დასაწყისში; როგორც ჩანს, ეს პრიმიტიული იარაღი გვაროვნული საზოგადოების მოკრძალებულ მოთხოვნილებებს დიდხანს აკმაყოფილებდა. საკმაოდ რთული აღნაგობის პურის საცხობი ღუმელებია აღმოჩენილი ხოვლეგორასა და ზოგიერთ სხვა ნასოფლარზე. ნაცარგორას სამლოცველო სენაკსა და ბეღელში ნაპოვნი გამომცხვარი პურის თიხის იმიტაციებს ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ სოფლის პურს.
განვითარებული უნდა ყოფილიყო აგრეთვე მევენახეობაც. ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რომ ნაცარგორას ზოგიერთ ნაგებობას ვაზის ლერწისაგან დაწნული და თიხით შელესილი კარი ან კედელი ჰქონია; ბათქაშის ნატეხებზე კარგად გაირჩევა ვაზის ლერწისა და მისთვის დამახასიათებელი კვირტების ანაბეჭდი. შეიძლებოდა საამისოდ მოეტანათ გარეული ვაზიც, მაგრამ, რადგან იმ დროს საღვინე ჭურჭელიც ბლომად ჩნდება და ა. აფაქიძემაც ბაკურციხეში საგანგებო სასხლავი დანები დაამოწმა, ამიტომ შეცდომას არ დავუშვებთ, თუ მევენახეობას მაშინდელი მიწათმოქმედების ერთ-ერთ განუყოფელ დარგად წარმოვიდგენთ.
აღნიშნულ ხანაში მეცხოველეობის განვითარების დონის განსაზღვრისათვის ძალიან ბევრი მასალაა შენახული. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს სხვადასხვა პირუტყვის აურაცხელი ქანდაკება, რომლებიც გამოძერწილია თიხით ან ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. ზოგიერთი მათგანი მეტად სქემატური ან სტილიზებულია და საშუალებას არ იძლევა გამოვიცნოთ რისი გამოსახვა სურდა მხატვარს, მაგრამ სხვები ხშირად რეალისტური ხელოვნების ნაყოფია და მათში ადვილად ამოვიცნობთ მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაურ საქონელს. კიდევ უფრო დიდ სამსახურს გვიწევს სამსხვერპლო ადგილებსა და სამარხებში უხვად დარჩენილი ცხოველების ძვლები. მაგალითად, ნაცარგორას სამლოცველოებთან შენახულა რქოსანი საქონლისა და ღორის უთვალავი ძვალი. ასეთივე მასალაა აღმოჩენილი სამაროვნებზე და სხვა სამოსახლო-საკულტო ადგილებზეც. ნიშანდობლივია, რომ მელაანის და მელიღელის წარმართულ ტაძრებში სხვა შეწირულებთან ერთად ვპოულობთ ცხოველების ძვლებსაც. ეს მასალა ცხადად მოწმობს საქონლის სულადობის დიდ სიმრავლეს, ამასთან, გვაროვნული საზოგადოების საჭმელ პროდუქტებში ხორცისა და წველის მნიშვნელობას. ხოვლეში აღმოჩენილი ბოსელი, რომელიც ყურადღებას იპყრობს საუცხოოდ გამართული დეტალებით, მესაქონლეობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს; დასტურდება აგრეთვე მწყემსური მესაქონლეობა.
* * *
მესაქონლეობისა და, უფრო მეტად, მიწათმოქმედების აღმავლობა ბევრად იყო დამოკიდებული მეტალურგიაზე, რომლის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არაერთი აღმოჩენა. ჯერ ერთი, აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი ლითონის ნივთთა ტიპები ყურადღებას იქცევს ჩამოსხმის რთულ ტექნიკითა და ბევრ შემთხვევაში ფორმათა დახვეწილობით; მეორეც, ამ მხარეში ბევრგანაა აღმოჩენილი ლითონის ადგილობრივი წარმოების ნაშთები. აქედან ერთობ მნიშვნელოვანია მადნის საწური მძლავრი წარმოების ნანგრევები წითელწყაროს რაიონში, ქვემო ქედთან, რომელიც კ. ფიცხელაურმა გამოიკვლია. ქვემო ქართლში ბოლნისის რაიონის სოფ. განთიადთან დიდ სამაროვანზე 1965 წ. შემთხვევით წააწყდნენ მელითონე ხელოსნის საფლავს, რომელშიაც ცულების, ეჩოებისა და სატეხების სასხმელი ქვის ყალიბები იყო. წაღვერთან ვ. გოროდცოვს 1911 წ. აღმოუჩენია ლითონსასხმელი სახელოსნოს ნანგრევები ძეგლისათვის დამახასიათებელი წიდებით, საბერვლის საშენი თიხის მილებით და სხვა მასალით. ბორჯომ-ახალციხის რაიონებიდანვეა ცნობილი დასავლეთ საქართველოს კულტურისთვის ტიპიური ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბები. ცხინვალის ნაცარგორაზე 1946 და 1947 წლებში აღმოჩენილია აღმოსავლურ-ამიერკავკასიური (აღმოსავლურქართული) ტიპის ცულების, სატევრებისა და სატეხების ჩამოსასხმელი ქვიშაქვის ყალიბები; ამასთან როგორც განთიადის მონაპოვრის შემთხვევაში ერთდროულად სხვადასხვა იარაღის დასაყალიბებლად ნაცარგორას ზოგიერთი ქვიშაქვის ფილაზე ამოკვეთილია ორი ფორმა. სოფ. ლისას (დე-იურე ქარელის რ-ნი, თერეგვანის თემი. დე-ფაქტო ზნაურის რაიონში, მდ. ლისის ნაპირებზე) ტერიტორიაზე შემთხვევით ნაპოვნია ტალკის ქვის ნატეხი, რომელზედაც ამოკვეთილია ირმის რქისებური გამოსახულება.
ეს ფაქტები მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული მეტალურგიული წარმოება. ამასთან, სათანადო საწარმოები და სახელოსნოები ზოგჯერ სამთამადნო საბადოებიდან საკმაოდ მოშორებით მუშაობდა. ასეთებად ჩაითვლება, მაგალითად, ქვემო ქედი და ცხინვალის ნაცარგორა. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს სატრანსპორტო საშუალებათა განვითარების დონე ისეთ სიმაღლეზე იყო, რომ დიდი დაბრკოლება არ ხვდებოდა არა მარტო ლითონის ზოდების, არამედ სათანადო მადნის გადაზიდვას დიდ მანძილზე.
საჭიროა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ სქარველოში ჯერჯერობით არსად არის მიკვლეული გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანით დათარიღებული სამთამადნო წარმოების ნაშთები წოლხვრელების ანუ მღვიმეების სახით. ეს გარემოება მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ამ მხრივ სათანადო ძიება მეტად მოისუსტებს. ერთობ საფიქრებელია, რომ მცირე კავკასიონის მადნეულით ფრიად მდიდარ კალთებს, რომლებზედაც დამოწმებულია დაუთარიღებელი გამონამუშევრები, ბრინჯაოსა და რკინის ხანის მეტალურგიის განვითარებაში გაცილებით უფრო დიდი როლი უნდა შეესრულებინა, ვიდრე რაჭას, აფხაზეთსა და სვანეთს.
* * *
საქართველოს ორთავ ნაწილში ასეთ მაღალგანვითარებულ მეტალურგიულ წარმოებას ხელოსნობის არაჩვეულებრივი დაწინაურება მოჰყვა. აღმავლობის მწვერვალს მაღწია ბრინჯაოს დამუშავებამ და მეთუნეობამ. მათ მხარდამხარ მიჰყვებოდა ხელოსნობის სხვა დარგებიც. საუკუნეთა სიგრძეზე ამზადებდნენ ხელოსნები ერთხელვე მარჯვედ მიგნებული სახეობის ნივთებს, მაგრამ ამასთან ერთად შეიძლება თვალი გავადევნოთ ფორმების თანდათანობითი დახვეწა-გაუმჯობესებისაკენ მისწრაფების ამსახველ კვალს. ეს კვალი ახლა გაცილებით უფრო ადვილად შეიმჩნევა აღმოსავლეთ საქართველოს მასალებზე, ვინაიდან სამთავროსა და თრიალეთის მონაპოვართა საფუძველზე უკვე შექმნილია აქაურ ძეგლთა პერიოდიზაციის საიმედო სქემა, მაშინ, როცა დას. საქართველოს მიმართ ასეთი სამუშაო ჯერ კიდევ წინაა.
გვიან ბრინჯაოს მთელი გრძელი პერიოდი არსებითი ცვლილებების გარეშე გაიარა აღმ. ამიერკავკასიური (ანუ, როგორც ზოგჯერ უწოდებენ, აღმ. ქართული) ტიპის ცულმა, რომელზედაც უცვლელად დარჩა ნაკლული მთვარის მოყვანილობის გორდა, ორფრთიანი პირი და ჩაზნექილი შუა ნაწილიდან შვეულად აღმართული ყელი ოვალური სატარე ნახვრეტითა და დაბალი ყუით. იცვლებოდა მხოლოდ აქეთ-იქით შვერილი სიმების მოყვანილობა და ზომა, რაც ცულის საერთო განვითარებაზე შესამჩნევ გავლენას არ ახდენდა. ამ ცულს, ჩვეულებრივ, „საომარ ცულს“ ანდა „ჩუგლუგს“ უწოდებენ, მაგრამ ის აგრეთვე გამოყენებული უნდა ყოფილიყო სამეურნეო საჭიროებისათვის, ვინაიდან იმ პერიოდის აღმოსავლეთ ამიერკავკასიას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის დასავლეთ რაიონებს, სადაც დასავლურქართული ცულიც ადვილად აღწევდა, სხვა ტიპის სამუშაო ცული არ გააჩნდა. აღნიშნული იარაღ-საჭურველი ძვ. წ. VIII საუკუნის გასულამდე შემორჩა რის შემდეგაც კავკასიაში მთლიანად გაბატონდა რკინის ცული. რადგან იგი მოყვანილობის მიხედვით ხშირად მოგვაგონებს დასავლეთ საქართველოს ცულებს, ამიტომ მართებულად ფიქრობდნენ, რომ ისინი ერთიმეორის მინაბაძს წარმოადგენს. მაგრამ ზოგიერთი მკვლევარის მსგავსად მხოლოდ ამ აქტის მიხედვით ვერ დავასკვნით საქართველოში რკინის წარმოების წარმოშობის მეტისმეტად მაღალ თარიღს, ვინაიდან მიბაძვის აქტი შეიძლება მომხდარიყო ძვ. წ. VII–VI საუკუნეებში, რა დრომდესაც მასიურად კეთდებოდა ბრინჯაოს ცულები. მართლაც, მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე ჯერ არავის უპოვია ამაზე უფრო ადრინდელი რკინის ცული.
გარკვეული ცვლილება განიცადა შუბისა და ისრის წვერმა. ადრე პერიოდის ბრინჯაოს შუბისწვერი მასრაგახსნლი და წვრილწვეტიანია. ცვლილებები იგრძნობა პირის გაფართოებისა და წვეტის მომრგვალების მიმართულებით. ეპოქის დასასრულს მასრაც შეიკვრება. ამავე დროს ხმარებაში შედის რკინის შუბისწვერი, რომელიც ზოგჯერ კონუსურ მუჯირას მოგვაგონებს.
უძველესი ისრისწვერი სამთავროს სამარხებში ნესტრის მოყვანილობისაა. ქვემო ქართლში და მთელ სამხრეთ კავკასიის მიწა-წყალზე, მტკვრის ხელმარჯვნივ ხმარებაში იყო გრძელყუნწიანი და ორი ხიწვით აღჭურვილი ისრისწვერი, რომელმაც სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისწვერთა შემოსვლამდე იბატონა. განვითარების საყურადღებო გზა გაუვლია სატევარს და მახვილს. უძველეს ორმოსამარხებში ჩაუწყვიათ ბრინჯაოს მოკლე, ფოთლისებური სატევრები, რომელთაც ალბათ ხის ან ძვლის ტარი ჰქონდა დაგებული. რკინის ხანის დამდეგიდან, რაც დაახლოებით ძვ. წ. XII ს. ახლო დროში უნდა მომხდარიყო, სატევრის პირს და ზოგჯერ ტარსაც ჩამოსხმის გზით ერთ ყალიბში ამზადებდნენ. კეთდებოდა აგრეთვე ბიმეტალური სატევრები რკინისპირითა და ბრინჯაოს ახოვანი ანდა სადა ტარით. დაახლოებით ამავე პერიოდის მოვლენაა ბრინჯაოს საჩეხი მახვილები, რომელთაგან ზოგს მომრგვალებული, ზოგსაც თითქოს სწორად წაკვეთილი წვერი შეიძლება ჰქონდეს. საჭიროა აღინიშნოს, რომ მთლიანად სხმული სატევრებიდან ყველაზე უძველესის პირის ფორმა ძალიან ჰგავს ფოთლისებური სატევრების პირებს, ტარქუდი სწორი ძელაკისებური, ხოლო ტარი და ვადა ხშირად ჩამოსხმის დროს ორნამენტითაა შემკობილი. სისხლსადენი ღარები და საჭრელით დატანილი სახეები პირის ფუძესთან ახლო ან რელიეფური ორნამენტი ტარზე ხშირად ამკობს შედარებით მოგვიანო სატევრებს და მახვილებსაც, რომლებიც აგრეთვე გამოირჩევიან სხივანა ვარსკვლავის მინაბაძი ჭვირული ტარქუდით. ამ ტიპის ბოლოკვეთილი მახვილები ბრინჯაოს საჭურვლის უკანასკნელი აკორდია აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე, უმთავრესად მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ, არაგვიდან ალაზნამდე. მათ პარალელურად ძვ. წ. X–VII საუკუნეებში მზადდებოდა რკინის სატევრები, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნიდან დაწყებული მთელ კავკასიაში გაბატონდა რკინის მოკლე მახვილები, რომლებსაც აკინაკებს უწოდებენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий