ჰეროდოტე მოგვითხრობს:
„ბორისთენიტთა სავაჭრო ადგილიდან (ეს ხომ მთელი სკვითიის ზღვისპირა საშუალო ადგილია), პირველები ცხოვრობენ კალიპიდები, რომლებიც არიან ელინი სკვითები, ხოლო ამათ ზემოთ არის სხვა ტომი, რომელსაც უწოდებენ ალიძონებს. ესენიც და კალიპიდებიც სხვა ყველაფერს ისევე აკეთებენ, როგორც სკვითები, ხოლო პურს თესენ და ჭამენ კიდეც, ასევე ხახვს, ნიორს, ოსპსა და ფეტვს. ალიძონებს ზემოთ ცხოვრობენ მიწათმოქმედი სკვითები, რომლებიც საჭმელად კი არ თესენ პურს, არამედ გასაყიდად. ამათ ზემოთ ცხოვრობენ ნევრები, ხოლო ნევრებისაგან ჩრდილოეთისაკენ არის უკაცრიელი ადგილი, როგორც ჩვენ ვიცით. ეს ტომები მდინარე ჰიპანისის გასწვრივ ცხოვრობენ ბორისთენესიდან დასავლეთისაკენ.
როდესაც გადაივლით ბორისთენეს, ზღვიდან პირველი არის ჰილეე, ხოლო აქედან ზემოთ რომ წახვალთ, ცხოვრობენ მიწათმოქმედი სკვითები, რომელთაც მდინარე ჰიპანისთან მცხოვრები ელინები უწოდებენ ბორისთენიტებს, ხოლო ისინი თავისთავს - ლბიოპოლიტებს. ამ მიწათმოქმედი სკვითების საცხოვრისი აღმოსავლეთისაკენ სამი დღის სავალზე ვრცელდება და აღწევს მდინარემდის, რომელსაც ეწოდება პანტიკაპესი, ხოლო ჩრდილოეთის ქარის მიმართულებით მდინარე ბორისთენესის დინებას აღმა თუ ავყვებით, 11 დღის სავალი გზაა. ამათ ზემოთ არის უდაბნო, საკმაოდ დიდი. უდაბნოს შემდეგ ცხოვრებენ ანდროფაგები, სრულიად სხვა ტომი, რომელსაც არაფერი აქვს სკვითური, ხოლო ამათ ზემოთ არის ნამდვილი უდაბნო, რომელზედაც რამდენადაც ვიცი, ადამიანთა არც ერთი ტომი არ ცხოვრობს.
ამ მიწათმოქმედი სკვითებისაგან აღმოსავლეთით, მდინარე პანტიკაპესის გადაღმა ცხოვრობენ მომთაბარე სკვითები, რომლებიც არც თესენ რამეს და არც არაფერს ხნავენ. მთელი ეს ქვეყანა უტყეოა, გარდა ჰილეესი. ეს მომთაბარეები ცხოვრობენ ქვეყანაში, რომელიც ვრცელდება აღმოსავლეთისაკენ მდინარე გეროსამდე და ამ გზის გავლას სჭრიდება 14 დღე.
გეროსის გადაღმა არის სამეფოდ წოდებული მხარე, სადაც არიან უმამაცესი და მრავალრიცხოვანი სკვითები, რომლებიც სხვა სკვითებს თავის მონებად მიიჩნევენ. სამხრეთისაკენ ესენი აღწევენ ტავრიკემდე (ყირიმი), ხოლო აღმოსავლეთისაკენ მიწაყრილამდე, რომელიც მოთხარეს უსინათლოებმა და მაბეტისის ტბის სავაჭრო პუნქტამდე, რომელსაც ეწოდება კრემნო. მათი ადგილები ვრცელდება მდინარე ტანაისამდე (დონი). სამეფო სკვითების ზემოთ ჩრდილოეთისაკენ ცხოვრობენ მელანქლაინები. ეს სხვა ტომია, არა სკვითური. ხოლო მელანქალაინების ზემოთ არის ტბები და უკაცრიელი ადგილები, როგორც ჩვენ ვიცით. ხოლო მდინარე ტანაისს რომ გადაივლი, უკვე სკვითია კი აღარაა, არამედ აქაა პირველი სავრომატული ქვეყანა. ეს სავრომატული ქვეყნები იწყება მაბეტისის ტბის უკიდურესი წერტილიდან და ვრცელდება ჩრდილოეთის მიმართულებით 15 დღის სავალი გზის მანძილზე. მთელ ამ მხარეში ვერ ნახავთ ვერც ველურ მცენარეს და ვერც ხეხილს. ამათ ზემოთ მეორე მხარეში ბუდინები ცხოვრობენ. მათ უჭირავთ ქვეყანა, რომელიც მთლად დაფარულია სხვადასხვაგვარი ხშირი ტყით.
ბუდინების ზემოთ ჩრდილოეთისაკენ პირველია დაახლოებით 7 დღის სავალი უდაბნო. უდაბნოს შემდეგ რომ გადაუხვევ უფრო აღმოსავლეთისაკენ, არიან თისაგეტები, მრავალრიცხოვანი და თავისებური ტომი. ისინი თავს ირჩენენ მონადირეობით. მათ მახლობლად იმავე ადგილებში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც სახელად ჰქვია იირკები. ესენიც მონადირეობით ირჩენენ თავს. ისინი შემდეგნაირად ნადირობენ: მონადირე ადის ხეზე და იქ საფრდება (ძალიან ხშირი ტყეა მთელ ქვეყანაში); თითოეულს გამზადებული ჰყავს ცხენი, რომელიც მიჩვეულია მუცელზე წოლას (იმისათვის, რომ უფრო დაბალი გამოჩნდეს) და ძაღლი. როგორც კი დაინახავს მონადირე ხიდან მხეცს, მაშინვე ესვრის ისარს, მერე შეჯდება ცხენზე და გაეკიდება, ძაღლიც თან მისდევს. ამათ ზემოთ, მხოლოდ უფრო აღმოსავლეთისაკენ ცხოვრობენ სხვა სკვითები, რომლებიც სამეფო სკვითებს გამოეყვნენ და ასე მოვიდნენ ამ ადგილას.
მთელი ეს ქვეყანა, რომელზედაც ვილაპარაკეთ, ვიდრე ამ სკვითების მიწა-წყლამდე, დაბლობი და პოხიერნიადაგიანია, ხოლო აქედან არის ქვიანი და ოღრო-ჩოღრო. ამ ოღრო-ჩოღრო მხარის დიდ ნაწილს რომ გაივლი, მაღალი მთების ძირას მდებარე ადგილებში, ამბობენ, რომ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებით ყველანი მელოტები არიან, კაცებიცა და ქალებიც ერთნაირად, მათ აქვთ მიჭყლეტილი ცხვირები და დიდი ნიკაპები. ისინი საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. ტანსაცმელს კი ხმარობენ სკვითურს, ხოლო საჭმელს ხეებზე შოულობენ. ხეს, რომლისგანაც ისინი იკვებებიან, ჰქვია სახელად პონტიკონი და სიდიდით დაახლოებით ლეღვის ხის ოდენაა. ნაყოფი მოაქვს ლობიოს მსგავსი, მაგრამ კურკიანი. როდესაც ის დამწიფდება, სწურავენ ნაჭერში, აქედან გამოდის სქელი და შავი წვენი. ამ წვენს ეწოდება ასქი და ამ ასქის საფუარს აურევენ და ამას სჭამენ. საქონელი მათ ბევრი არ ჰყავთ, რადგან საძოვრები ამ მხარეში უვარგისია. თითოეული მათგანი სახლდება ხის ძირში, ზამთრობით ხეს შემოაფარებენ ხოლმე თეთრი ნაბდის საფარველს, ხოო ზაფხულობით ნაბადს ხსნიან. ადამიანთაგან არავინ ექცევა მათ უსამართლოდ (რადგან, ამბობენ, რომ ისინი წმინდანები არიან), მათ არც საომარი რამ იარაღი აქვთ. შემდეგ ესენი არიან, რომ მეზობელ ტომებში უთანხმოებას აგვარებენ. ამას გარდა, თუ ვინმე ლტოლვილმა მათ შეაფარა თავი, მას არავინ აღარაფერს დაუშავებს. მათ ჰქვიათ არგიპეები.
ამ მელოტთა საცხოვრისამდე ქვეყნის დიდი ნაწილი კარგად არის ცნობილი და აგრეთვე მათ აქეთ მცხოვრები ხალხებიც. რადგან სკვითთაგან ზოგიერთები აღწევენ მათ ქვეყნამდე და მათგან ძნელი არაა ამბის შეტყობა, აგრეთვე ელინთაგან, რომლებიც ბორისთენესის სავაჭრო ადგილიდან არიან და პონტოს სხვა სავაჭრო ადგილებიდან. სკვითთაგან მოსულთ 7 თარჯიმნითა და 7 ენაზე უხდებათ მათთან ლაპარაკი.
ამგვარად, აქამდე მდებარე ქვეყანა ცნობილია, ხოლო მელოტთა ზემოთ რაც ხდება, ამის შესახებ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის, რადგან ისინი მოჭრილი არიან გაუვალი, მაღალი მთებით, რომლებზედაც არავინ გადასულა. თვით ეს მელოტები ამბობენ (მე კი ამისი არ მჯერა), რომ მთებში ცხოვრობს თხისფეხებიანი ხალხი, ხოლო მთას რომ გადახვალ, იქ სხვა ხალხია, რომელსაც წელიწადში ექვს თვეს სძინავსო. მე ამისი სულაც არ მჯერა. ხოლო მელოტებისაგან აღმოსავლეთით, კარგად არის ცნობილი, რომ ისედონები ცხოვრობენ. არაფერია ცნობილი არც მელოტებისა და არც ისედონების ზემოთ, ჩრდილოეთით მდებარე მხარის შესახებ იმის გარდა, რასაც თვითონ არ მოგვითხრობენ.
ამბობენ, რომ ისედონებს შემდეგი ჩვეულებები აქვთ: როდესაც კაცს მოუკვდება მამა, მთელი მისი მახლობლები მორეკავენ საქონელს, შემდეგ მათ დაჰკლავენ, დასჭრიან ხორცს და ამასთან ერთად დასჭრიან მასპინძლის მშობელსაც. მთელ ამ ხორცს აურევენ და პურის ჭამას მართავენ. მიცვალებულის თავს აცლიან თმებს, შიგნიდან კარგად სწმედენ, ოქროში ჰფარავენ და შემდეგ ხმარობენ როგორც საგანგებო ნივთს, რომელითაც ყოველწლიურად დიდ მსხვერპლშეწირვას ახდენენ. ამას შვილი უკეთებს მამას ისევე, როგორც ელინები მართავენ ხოლმე ქელეხს. ამბობენ, რომ ეს ხალხი სამართლიანი არის და ქალები მამაკაცის თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.
ამგვარად ესენი ცნობილი არიან, ხოლო ამათ ზემოთ, ისევ ისედონები მოგვითხრობენ, რომ არის ცალთვალა ხალხი და ოქროსმცველი გრიფონები, ისედონებისაგან გაიგეს ეს სკვითებმა და თქვეს, ხოლო სკვითებისაგან ჩვენ შევიტყვეთ; ჩვენც მათ სკვითურად ვუწოდებთ არიმასპებს. არიმა-ს სკვითურად ნიშნავს ერთს, ხოლო სპუ-ს თვალს.
მთელ ამ ხსენებულ ქვეყანაში ძალიან მაგარი სიცივე იცის, აქ რვა თვის განმავლობაში საშინელი ყინვაა. ამ ხნის განამავლობაში წყალს რომ გადააქცევ, ტალახი არ ჩნდება, ხოლო ცეცხლს თუ დაანთებ, გაჩნდება ტალახი. ზღვა იყინება და აგრეთვე მთელი კიმერიული ბოსფორიც, ისე რომ თხრილს აქეთ მცხოვრები სკვითები ყინულზე გადიან ეტლებით გაღმა და ლაშქრობენ იქ მყოფი სინდების) წინააღმდეგ. ამგვარად, რვა თვის განმავლობაში აქ ზამთარია. ხოლო დანარჩენი ოთხი თვეც ცივია. ეს ზამთარი განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ზამთრისაგან იმით, რომ როდესაც წვიმის დროა, თითქმის სრულებით არ წვიმს, ხოლო ზაფხულში გადაუღებლივ წვიმს, როდესაც სხვაგან ჭექა-ქუხილია, აქ სრულებით არ არის, ხოლო ზაფხულში ძლიერი ჭექა-ქუხილია, ხოლო თუ ზამთარში იქნა ჭექა-ქუხილი, უკვირთ და სასწაულად მიაჩნიათ. ისევე როგორც მიწისძვრა, ზაფხულში იქნება, თუ ზამთარში, სკვითიაში სასწაულად მიაჩნიათ. ცხენები იტანენ ასეთ ზამთარს, ხოლო ჯორები და ვირები სრულებით ვერ იტანენ. სხვაგან კი პირიქითაა: ცხენები სიცივეში თუ გაჩერდნენ, იყინებიან, ვირები და ჯორები კი უძლებენ.
მე ვფიქრობ, ამიტომვეა, რომ ეგრეთ წოდებული ურქო ხარების ჯიშს აქ რქები არ ეზრდება. ამ ჩემს აზრს ადასტურებს აგრეთვე ჰომეროსის ლექსიც ოდისებაში, სადაც ნათქვამია: და ლიბია, სადაც ბატკნებს მაშინვე ამოსდით რქები. სწორედ არის ნათქვამი: თბილ ქვეყნებში სწრაფად ამოდის რქები. ხოლო ცივ ქვეყნებში სიცივისაგან საქონელს ან სულ არ ამოსდის რქები, ან თუ ამოსდის, - ძლივსძლივობით.
აქ სიცივის გამო ხდება ასე. მე მიკვირს (ჩემს მოთხრობას ხომ თავიდანვე ახასითებდა დამატებები), რომ ელიდის მთელ ქვეყანაში ჯორებს ვერ აშენებენ, ამ ადგილას არც სიცივეა და არც სხვა რამ მიზეზი ჩანს საამისოდ. თვითონ ელიდელები ამბობენ, რომ რაღაც წყევლის გამოა, რომ ჯორები არ ჰყავთ. როდესაც კი ცხენებს მაკობის დრო დაუდგებათ, მათ გარეკავენ მეზობელ ქვეყანაში და იქ მიუშვებენ მათზე ვირებს, ვიდრე ცხენები არ დამაკდებიან. შემდეგ ისევ უკან გამორეკავენ.
რაც შეეხება ბუმბულს, რომლითაც, როგორც სკვითები ამბობენ, ავსებულია ჰაერი, და რომლის მიზეზით ხმელეთზე წინ არაფერი ჩანს და გავლაც შეუძლებელია, ამის შესახებ მე ასეთი აზრი მაქვს: ამ ქვეყნის ზემოთ მდებარე მხარში გამუდმებით თოვს, ზაფხულში ნაკლებ, ვიდრე ზამთარში, როგორც ჩვეულებრივ. ვისაც კი ახლოს უანხავს, როგორ მოდის დიდი თოვლი, გაიგებს, რასაც ვამბობ: თოვლი ხომ ბუმბულს ჰგავს. აი, ამისთნა ზამთრის გამოა, რომ ამ ქვეყნის ჩრდილოეთის ნაწილები დაუსახლებელია. მე ვფიქრობ, რომ სკვითები და მათი მეზობლები ბუმბულს რომ ამბობენ, თოვლი მიაჩნიათ ბუმბულად. აქ არის გადმოცემული ის, რასაც ამბობენ ყველაზე უფრო შორეული ადგილის შესახებ.
ჰიპერბორეების შესახებ არც სკვითები ამბობენ რამეს და არც სხვა ვინმე ამ ადგილებში მცხოვრები, გარდა ისედონებისა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არც ესენი ამბობენ არაფერს, რადგან მაშინ სკვითებიც იტყოდნენ რამეს მათზე, ისევე, როგორც ცალთვალათა შესახებ ამბობენ. ჰიპერბორეების შესახებ ნათქვამია ჰესიოდესთან, არის აგრეთვე ჰომეროსთანაც ეპიგონებში, თუ კი მართლა ჰომეროსმა შეთხზა ეს პოემა.
ბევრად უფრო მეტს გადმოგვცემენ მათ შესახებ დელოსელები. ისინი ამბობენ, რომ ჰიპერბორეებისგან წმინდა შეწირულებანი პურის ნამჯაში გამოხვეული მოდის სკვითებში, ხოლო სკვითებიდან გადადის თანდათანობით ერთმანეთის მეზობელ ხალხებში, რომელთაც მიაქვთ ის დასავლეთისაკენ, ვიდრე ადრიასს არ მიაღწევენ. ხოლო აქედან სამხრეთისაკენ იგზავნება და ელინთა შორის პირველად მას დოდონელები ღებულობენ. აქედან ჩააქვთ მალიის უბეში და მიაქვთ ევბოიაზე, სადაც ერთი ქალაქი უგზავნის მას მეორე ქალაქს, ვიდრე კარისტოსამდე. ამის მერე ჩაუვლიან ანდროსს, რადგან კარისტოსელებს მოაქვთ ის ტენოსზე, ხოლო ტენოსელებს - დელოსზე. ამგვარად, აღწევენ ეს წმინდა შეწირულობები დელოსს. პირველად ჰიბერბორეებმა გამოგზავნეს ორი ასული, რომელთაც მოჰქონდათ ეს წმინდა შეწირულობა, მათ დელოსელები უწოდებენ ჰიპეროქეს და ლაოდიკეს. მათთან ერთად უშიშროების მიზნით ჰიპერბორეებმა გამცილებლად ხუთი მამაკაცი გამოაგზავნეს. მათ ახლა პერფერეები ეწოდებათ და დიდ პატივში არიან დელოსზე. რადგან ჰიპერბორეელთაგან გაგზავნილები უკან აღარ დაბრუნდნენ, მათ შეეშინდათ, ვაი თუ ყოველთვის ისე მოხდეს, რომ გაგზავნილები აღარ დაგვიბრუნდნენო, ამიტომ მას მერე თავისი ქვეყნის საზღვართან მიაქვთ ხოლმე წმინდა შეწირულებები პურის ნამჯაში და მეზობლებისაგან მოითხოვენ, რომ გადაუგზავნონ ისინი თავის ქვეყნიდან სხვა ხალხს. ამბობენ, რომ ასე გადაგზავნით აღწევს შეწირულება დელოსს. მე თვითონ ვიცი ერთი წეს-ჩვეულება, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც ამ წმინდა შეწირულების მიმართ აკეთებენ თრაკიელი და პაბონიელი ქალები, როდესაც მსხვერპლს სწირავენ არტემიდე დედოფალს, პურის ნამჯის გარეშე ვერ ახდენენ ამ ღვთისმსახურებას.
მე ვიცი, რომ ეს ქალები ასე აკეთებენ. ხოლო ჰიპერბორეებისაგან მოსული, დელოსზე გარდაცვლილი ქალების პატივისცემით, დელოსელი ასულები და ჭაბუკები თმებს იჭრიან: ასულები ქორწილის წინ დალალს იჭრიან, თითისტარზე ახვევენ და სდებენ საფლავზე (საფლავი არის შიგნით, არტემიდეს სალოცავში. შემსვლელისათვის მარცხნივ, მასზე იზრდება ზეთის ხილის ხე), ხოლო დელოსელი ჭაბუკები ნორჩ ყლორტზე ახვევენ თავის თმას და საფლავზე სდებენ. აი, ასეთ პატივში არიან დელოსის მცხოვრებთაგან ჰიპერბორეებისაგან მოსული ქალები.
თვითონ დელოსელები ამბობენ, რომ არგემ და ოპისმა, ჰიპერბორეებმა ქალწულებმა, ყველა ეს ხალხები გამოიარეს და მოვიდნენ დელოსზე, უფრო უწინ, ვიდრე ჰიპეროქე და ლაოდიკე. ესენი მოვიდნენ იმიტომ, რომ ებლებთიეს მოუტანეს შესაწირავი, რომელიც თვითონ დაიწესეს სწრაფი მშობიარობისათვის, ხოლო არგე და ოპისი, როგორც ამბობენ, მოვიდნენ თვით ღვმერთებთან ერთად და ამიტომ ათასნაირ პატივს სცემენ დელოსელები მათ. ქალები შესაწირავებს უგროვებდნენ მათ და სახელებით მიმართავდნენ ჰიმნში, რომელიც შეთხზა მათთვის ოლენ ლიკიელმა. დელოსელებისაგან ისწავლეს კუნძულების მცხოვრებლებმა და იონიელებმა სიმღერით შექება და სახელით მოხსენიება ოპისისა და არგესი და მათთვის შესაწირავების შეგროვება (ეს ოლენი ლიკიდან მოვიდა და შეთხზა ყველა ძველი ჰიმნი, რომლებსაც გალობენ დელოსზე). შესაწირავ თეძოებს როდესაც სწვევენ საკურთხეველზე, მის ფერფლს ოპისისა და არგეს საფლავზე ყრიან ხოლმე მთლიანად. მათი საფლავი არის არტემიდეს სალოცავის უკან, აღმოსავლეთისაკენ, კეოსელთა სანადიმო დარბაზის მახლობლად.
აი, ეს უნდა ითქვას ჰიპერბორეების შესახებ. აღარ გადმოვცემ აბარისის ამბავს, რომელზედაც ამბობენ, რომ ჰიპერბორეელი იყო, მთელ დედამიწაზე დადიოდა, დაატარებდა ისარს და არაფერს არ სჭამდაო. თუ არის ჰიპერბორეელი ხალხი, უნდა იყოს სხვა ხალხიც - ჰიპერნოტიებიც. მეცნიერება, როდესაც ვხედავ, რომ დედამიწის მოხაზულობის მრავალ აღმწერელთაგან ვერც ერთმა ვერ გაგვარკვია ამ საქმეში წესიერად. მათ მოხაზეს ოკეანე, რომელიც დედამიწას გარშემოედინება, დედამიწა მრგვალია, თითქოს ფარგლით არის შემოხაზული, ხოლო აზია ევროპის ოდენად არის წარმოდგენილი. მე მოკლედ ვილაპარაკებ თითოეული მათგანის სიდიდეზე და იმაზედაც, თუ როგორია თითოეულის მოხაზულობა.
ევქსინის პონტოსთან, სადაც ილაშქრა დარიოსმა, ყველა ქვეყნებზე უფრო უმეცარი ტომები ცხოვრობენ, თუ გამოვრიცხავთ სკვითებს, რადგან არც ერთი ტომი მათგან, რომელიც პონტოს აქეთ ცხოვრობს, არ არის სიბრძნით აღმატებული, არც ღირსეული კაცი ვიცი ვინმე, რომ იყოს აქედან, გარდა სკვითური ტომისა და ანაქრარსისა. სკვითური ტომი, ყველა სხვა ჩვენთვის ცნობილ ტომთა შორის, ერთ, ადამიანთათვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეშია სხვებზე ბრძენი. სხვა მხრივ კი ვერაფრით გამაოცეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ როდესაც მათ ვინმე ესხმის თავს, მტერი მათ ვერ გაექცევა, და ვერც დაიჭერს მათ, თუ თვით სკვითებმა არ მოინდომეს გამოჩენა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არც ქალაქები აქვთ აგებული და არც ზღუდეები. ყველას თან დააქვს თავისი სხელები, და ყველანი მშვილდით შეიარაღებული ცხენოსნები არიან. მიწათმოქმედებას კი არ ეწევიან, მესაქონლეობით ირჩენენ თავს; მათი საცხოვრებლები ურმებზეა. აბა, როგორ არ იქნება ასეთი ხალხი უძლეველი და მიუწვდომელი? საამისოდ მათ ხელს უწყობს თვითონ დედამიწა და ეხმარებიან მდინარეები: რადგან მათი მიწა დაბლობია, მდიდარია ბალახით და კარგად ირწყვის, ხოლო მდინარეები, რომლებიც მიედინებიან ამ მიწა-წყალზე, რიცხვით ბევრად ნაკლები არ არიან ეგვიპტის არხებზე. მათგან მე დავასახელებ მხოლოდ იმათ, რომლებიც უფრო მნიშვნელოანი და სანაოსნოები არიან ზღვიდან შემოსული ხომალდებისათვის: ხუთშესართავიანი ისტროსი, შემდეგ ტირესი, ჰიპანისი, ბორისთენესი, პანტიკაპესი, ჰიპაკირისი, გეროსი და ტანაისი. მათი დინება ასეთია:
ისტროსი არის უდიდესი მდინარე ყველა მათ შორის, რომლებიც ჩვენ გვინახავს, ის მუდამ თანაბარი სიდიდის მოედინება, ზაფხულშიც და ზამთარშიც. სკვითიის მდინარეთა შორის ის პირველია დასავლეთიდან და ამოდენა იმიტომ არის, რომ მას ბევრი სხვა მდინარე ერთვის. მდინარეები, რომლებიც მას ასე დიდს ხდიან, არიან შემდეგი: ხუთი მათგანი სკვითიის მიწა-წყალზე მიედინება, ესაა როგორც სკვითები უწოდებენ პორატა, ხოლო ელინები - პირეტოსი, შემდეგ ტიარანტოსი, არაროსი, ნაპარისი და ორდესოსი. მოხსენებულ მდინარეთა შორის პირველი დიდია, აღმოსავლეთისაკენ მიედინება და იქ უერთებს ისტროსს თავის წყლებს; მეორე ხსენებულთა შორის, ტირანტოსი უფრო დასავლეთისაკენაა და უფრო პატარაც არის, ხოლო არაროსი, ნაპარისი და ორდესოსი ამათ შორის მიედინებიან და ისე ერთვიან ისტროსს. ესაა საკუთრივ სვითიის მდინარეები, რომლებიც ავსებენ ისტროსს, ხოლო აგათირსთა მხრიდან მოედინება მდინარე მარისი, რომელიც ასევე უერთდება ისტროსს.
ჰაბმოსის მწვერვალთან სამი სხვა დიდი მდინარე მოედინება ჩრდილოეთისაკენ და უერთდება მას: ატლასი, ავრასი და ტიბისის. თრაკიასა და თრაკიელ კრობიძების მხრეზე მოედინება ათრისი, ნოესი და არტანესი, რომლებიც ერთვიან ისტროსს. პაბონთაგან და როდოპის მთიდან გამოსული მდინარე სკიოსი შუაზე ჰკვეთს ჰაბმოსს და ერთვის ისტროსს. ილირიელთაგან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება მდინარე ანგროსი, ჩადის ტრიბალიკონის დაბლობში, აქ ერთვის მდინარე ბრონგოსს, ხოლო ბრონგოსი კიდევ ისტროსს. ამგვარად, ისტროსი ღებულობს ორი დიდი მდინარის წყალს, ომბირკების ზემოთ მდებარე ქვეყნიდან მდინარე კარპისი და მეორე - ალპისი მიედინება ჩრდილოეთისაკენ და ერთვის ისტროსს. ამგვარად, ისტროსი მთელ ევროპაზე მიედინება, იწყება კი კელტებში, რომლებიც კინეტების შემდეგ ყველაზე უკიდურესი ხალხია დასავლეთით, მათ შორის, ვინც ცხოვრობს ევროპაში. მთელ ევროპას რომ გადაივლის, სკვითიის საზღვრებში შედის. რადგანაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა მდინარე ერთვის ისტროსს, ის უდიდესია მდინარეთა შორის, მაგრამ მარტო მისი წყალი რომ შევადაროთ ნილოსისას, სიუხვით ნილოსი აჯობებს, რადგან ნილოსს არც მდინარე ერთვის და არც სხვა რამე წყარო, რომ სიდიდე მოუმატოს. ისტროსი რომ ზაფხულში და ზამთარში მუდამ თანაბარია, ეს, მე ვფიქრობ, შემდეგით აიხსნება: ზამთრობით იმოდენაა, რამოდენაც არის, ან ცოტათი მეტი თავის ბუნებრივ ზომაზე, რადგან ზამთრობით ამ ქვეყანაში თითქმის არ წვიმს, ყველგან თოვლი დევს. ხოლო ზაფხულობით თოვლი, რომელიც ზამთარში ბლომად მოვიდა, დნება და ყოველი მხრიდან ჩამოდის ისტროსში. ჯერ ხომ ეს თოვლი, რომელიც მას ერთვის, ამრავლებს მის წყლებს, ამასთან ერთად კიდევ ხშირი და ძლიერი წვიმები - ზაფხულში ხომ წვიებიც იცის აქ. ისე რომ, რამდენადაც ზაფხულში მზე უფრო მეტ წყალს ისრუტავს ისტროსიდან, ვიდრე ზამთარში, იმდენად ისტროსს ზაფხულში უფრო მეტი წყლები ერთვის, ვიდრე ზამთარში. ეს რომ, საბოლოოდ წონასწორობა დაცულია და ისტროსში მუდამ თანაბარი რაოდენობის წყალი ჩანს.
სკვითიის მდინარეთა შორის, ერთია ისტროსი. მას შემდეგ არის ტირესი, რომელიც იწყება ჩრდილოეთიდან, იწყება და მიედინება დიდი ტბიდან, რომელიც საზღვრავს სკვითიისა და ნევრების მიწა-წყალს. მის შესართავთან ცხოვრობენ ელინები, რომელთაც ტირიტები ეწოდებათ.
ხოლო მესამეა მდინარე ჰიპანისი, რომელიც იწყება სკვითების ქვეყანაში, გამოდის დიდი ტბიდან, რომლის ირგვლივ ველური თეთრი ცხენების საძოვარია, ხოლო ამ ტბას, სრულიად მართებულად ჰიპანისის დედა ეწოდება. აქედან გამოსული მდინარე ჰიპანისი, მიედინება და დაახლოებით 5 დღის საცურაო მანძილზე თხელია და ტკბილი, ხოლო ამის მერე, ზღვამდე 4 დღის საცურაო მანძილზე მეტისმეტად მწარეა: მას ერთვის მწარე წყარო, ისე მწარე, რომ თუმცა უმნიშვნელო სიდიდისაა, მაგრამ ჰიპანისს რომ შეერევა (რომელსაც სიდიდით ცოტა მდინარე თუ შეედრება), ამწარებს მას. ხოლო ეს წყარო არის ამ ქვეყნის საზღვარზე, რომელიც უჭირავთ მიწათმოქმედ სკვითებსა და ალიძონებს. ამ წყაროს და აგრეთვე იმ ადგილის სახელი, საიდანაც წყარო გამოდის, სკვითურად არის ექსამპაბოსი, ხოლო ელინური ენის მიხედვით კი წმინდა გზები. ტირესი და ჰიპანისი ალიძონების ქვეყნის საზღვართან უახლოვდება ერთმანეთს. აქედან კი თითოეული მათგანი იცვლის მიმართულებას და ისე მიედინება, რომ ფართოვდება მათ შორის ადგილი.
მეოთხე მდინარეა ბორისთენესი, რომელიც ისტროსის შემდეგ უდიდესი მდინარეა ამ მხარეში და ჩვენის აზრით, ყველაზე მეტი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისათვის არა მხოლოდ სკვითიის მდინარეთა შორის, არამედ საერთოდ, ყველა სხვა მდინარეებთან შედარებით გარდა ეგვიპტის ნილოსისა. ამას ხომ ვერც სხვა მდინარე ვერ შეედრება! ხოლო ყველა დანარჩენებზე უფრო სასარგებლოა ბორისთენესი, რომელსაც ირგვლივ უმშვენიერესი და უნოყიერესი საძოვრები აქვს საქონლისათვის. თვით მდინარეში მოიპოვება საუცხოო და უამრავი თევზი, სასმელად ხომ მისი წყალი ძალიან სასიამოვნოა, მიედინება ანკარა, მღვრიე წყლების გვერდით, მის გასწვრივ საუკეთესო სახნავ-სათესი მიწებია, ხოლო სადაც მიწა არ ითესება, იქ უხშირესი ბალახი მოდის. მის შესართავთან თავისთავად ილექება უამრავი მარილი. მასში მოიპოვება უზარმაზარი უძვლო თევზები, რომელთაც ანტაკები ეწოდებათ და რომელთაც ამარილებენ, ამას გარდა ამ მდინარეს სხვა მრავალი საოცარი რამ ახასიათებს. ადგილი გეროსამდე (სადამდეც 40 დღის საცურაო მანძილია) ბორისთენესი მოედინება ჩრდილოეთიდან; იმ ადგილების შესახებ, რომლებზედაც მოედინება ბორისთენესი გეროსის ზემოთ, ადამიანთაგან არავის შეუძლია რამის თქმა. ცხადია, რომ ის მოედინება უდაბნოზე და ისე შემოდის მიწათმოქმედი სკვითების ქვეყანში. ხოლო ეს სკვითები ცხოვრობენ მის გასწვრივ ათი დღის საცურაო მანძილზე, მხოლოდ ეს მდინარეა და ნილოსი, რომელთა სათავეების დასახელება არ შემიძლია და ასე მგონია, ელინთაგან არც სხვას ვისმე შეუძლია. ბორისთენესი ზღვას რომ უახლოვდება, აქ უერთდება მას ჰიპანისი და ისიც იმავე ჭაობში ჩადის. ამ ორ მდინარეს შორის არსებული მიწის ზოლი იწოდება ჰიპოლეოსის კონცხად, მასზე დგას დემეტრეს სალოცავი. სალოცავს გადაღმა, ჰიპანისთან ცხოვრობენ ბორისთენიტები.
ესაა, რაც შეეხება ამ მდინარეებს. მათ შემდეგ მეხუთე მდინარე არის კიდევ სხვა - მას სახელად პანტიკაპესი ჰქვია, ისიც ჩრდილოეთიდან მოედინება და გამოდის ტბიდან. მასა და ბორისთენესს შორის ცხოვრობენ მიწათმოქმედი სკვითები; ის შედის ჰილაბეში, გაივლის მას და ერთვის ბორისთენესს.
მეექვსე არის მდინარე ჰიპაკირისი, რომელიც გამოდის ტბიდან, მიედინება მომთაბარე სკვითების შუაში და ერთვის ზღვას ქალაქ კარკინიტისთან; მარჯვნივ ესაზღვრება ჰილაბეს და ეგრეთ წოდებულ აქილევსის სარბიელს.
მეშვიდე არის მდინარე გეროსი, რომელიც გამოეყოფა ბორისთენეს სწორდ იმ ადგილას, სადამდეც ცნობილია ბორისთენესი. გეროსი გამოეყოფა იმ ადგილს (სახელი მასაც იგივე ჰქვია, რაც ამ ადგილს), მიედინება ზღვისკენ და საზღვრავს მომთაბარეთა ქვეყანას სამეფო სკვითების მიწა-წყლისაგან, ის ერთვის ჰიპაკირისს.
მერვე არის მდინარე ტანაისი, რომელიც მოედინება ზემოდან, დიდი ტბიდან და ერთვის კიდევ უფრო დიდ ტბას, რომელსაც ეწოდება მაბეტისი. ეს ტბა საზღვრავს სამეფო სკვითებსა და სავრომატებს. ამ ტანაისს ერთვის სხვა მდინარე, რომელსაც სახელად ჰქვია ჰირგისი.
ესენი არიან მნიშვნელოვანი მდინარეები, რომლებიც რწყავენ სკვითების ქვეყანას. სკვითიაში რომ ბალახი იზრდება, ჩვენთვის ცნობილ ყველა სხვა ბალახზე უფრო უწყობს ხელს საქონელში ნაღვლის გაზრდას. საქონელი რომ დაიკვლება, მაშინ ვრწმუნდბით იმაში, რომ ეს ასეა.
ამგვარად, სკვითებს დიდი რაოდენობით აქვთ ის, რაც ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ, ხოლო წეს-ჩვეულებებს ამისთანას მისდევენ: ღმერთთაგან მხოლოდ ამათ სცემენ პატივს: განსაკუთრებით ჰისტიეს, შემდეგ ზევსსა და გეს. (გე მიაჩნიათ ზევსის ცოლად); ამათ შემდეგ აპოლონს, აფროდიტე ურანიას, ჰერაკლეს და არესს. ამათ ყველა სკვითი სცნობს, ხოლო ეგრეთ წოდებული სამეფო სკვითები პოსეიდონსაც სწირავენ მსხვერპლს. სკვითურად ჰისტეს ეწოდება ტაბიტი, ზევსს, ჩემი აზრით, ძალიან მართებულად, ეწოდება პაპაბოსი. გეს - აპი, აპოლონს - გობტოსიროსი, აფროდიტე ურანიას - არგიმპასა, ხოლო პოსეიდონს - თაგიმასადასი. სკვითები გამოსახულებებს, საკურთხევლებსა და ტაძრებს ჩვეულებრივ არ აგებენ, თუ არ ჩავთვლით არესისას. არესისათის კი აგებენ ხოლმე.
მსხვერპლშეწირვა ყველა ღვთაების მიმართ და ყოველგვარი შესაწირავი ერთნაირი აქვთ და ეს ხდება შემდეგნაირად: სამსხვერპლო საქონელს წინაფეხებშეკრულებს აყენებენ. ის, ვინც მსხვერპლს სწირავს, საქონლის უკან დგება, ეწევა თოკის ბოლოს და ასე ანარცხებს მას. როდესაც სამსხვერპლო საქონელი ეცემა, მსხვერპლის მომტანი შეღაღადებს იმ ღმერთს, რომელსაც სწირავს, შემდეგ საქონელს ქედზე მარყუჟს მოსდებს, მასში ჯოხს გაუყრის, შემოაბრუნებს ამ ჯოხს და ასე მოახრჩობს. ისე რომ, არც ცეცხლს ანთებენ, არც მსხვერპლშეწირვის დამწყებ რაიმე რიტუალს ასრულებენ, არც რამეს ათხევენ. საქონელს რომ მოახრჩობს და გაატყავებს, მერე მის ხარშვას შეუდგება.
რადგან სკვითიის ქვეყანა სრულიად უტყეოა, ამიტომ სიკვთებმა ხორცის მოსახარშად შემდეგი რამ გამოიგონეს: მას მერე რაც გაატყავებენ სამსხვერპლო საქონელს, ხორცს ძვლებს დააცლიან. შემდეგ, თუ კი ხელთა აქვთ, ჩაჰყრიან ადგილობრივ ნაწარმ ქვებებში, რომლებიც ძალიან ჰყავს ლესბოსურ ჭურჭლებს, მხოლოდ მათზე გაცილებით უფრო დიდებია. ჩაჰყრიან ამ ქვაბებში ხორცს და ხარშავენ სამსხვერპლო საქონელის ძვლებს წაკიდებულ ცეცხლზე, ხოლო თუ ქვაბი არა აქვთ, მაშინ მთელ ხორცს ჩასდებენ სამსხვერლპლო საქონლის კუჭში, უმატებენ წყალს და ძვლებს უკიდებენ ცეცხლს. ძვლებს ძალიან კარგად უკიდია, ხოლო ძვლებისაგან გაწმენდილი ხორცი ადვილად ეტევა კუჭში. ამრიგად, ხარი თავისთავს თვითონ იხარშავს და ასე ყველა სხვა სამსხვერპლო საქონელი. როდესაც მოიხარშება ხორცი, მსხვერპლშემწირავი სწირავს ღვთაებას ხორცის ნაჭრებსა და შიგნეულს, რომელთაც თავის წინ იყრის. მსხვერპლად სწირავენ ყოველგვარ ცხოველებს და განსაკუთრებით კი ცხენებს.
ყველა სხვა ღმერთს ასე სწირავენ მსხვერპლად ამ საქონელს, ხოლო არესს შემდეგნაირად: სიკვთების ყველა სამეფოში ოლქების მიხედვით იდგმება არესის ასეთი სალოცავი: ფიჩხის კონებს ერთად ალაგებენ ისე, რომ სიგრძეცა და სიგანეც 3 სტადიონი იყოს, სიმაღლე კი ნაკლები. ამის ზემოთ კეთდება ოთხკუთხედი ბაქანი, რომელსაც სამი გვერდი ციცაბო აქვს, ხოლო ერთი - ადგილი მისასვლელი. ყოველწლიურად მოაქვთ 150 ურემი ფიჩხი, რადგან უამინდობის გამო ეს გროვა გამუდმებით დაბლა იწევს. ყოველ ამისთანა გროვაზე დევს ძველებური რკინის ცელი და ეს არის არესის კერპი. ამ ცულს ყოველწლიურად სწირავენ რქოსან საქონელს და ცხენებს და მას უფრო მეტს სწირავენ, ვიდრე სხვა ღმერთებს. ცოცხლად ხელში ჩაგდებული ყოველი ასი მტრიდან ერთს მსხვერპლად სწირავენ, მაგრამ ისე კი არა, როგორც საქონელს, არამედ სხვაგვარად: მას მერე, რაც ტყვეს ღვინოს დაათხევენ თავზე, დაჰკლავენ ჭურჭელზე, შემდეგ ჭურჭელს წაიღებენ ზემოთ ფიჩხის გროვაზე და სისხლს დაასხამენ ცულს. ზემოთ ეს მიაქვთ, ხოლო ქვემოთ, სალოცავთან შემდეგს აკეთებენ: დახოცილ ვაჟკაცებს ყველას მარჯვენა მხრეს აჭრიან ხელთან ერთად და ჰაერში ისვრიან. ხოლო სხვა სამსხვერპლო ცხოველებს რომ მოითავებენ, მერე შინ მიდიან. ხელი სადაც დავარდება იქვე დევს, გვამი კიდევ ცალკე.
ასეთი მსხვერპლშეწირვები აქვთ დაწესებული სკვითებს, ხოლო ღორებს ესენი ჩვეულებრივ არც მსხვერპლად სწირავენ და არც აშენებენ ამ ქვეყანაში.
საომარი ჩვევები მათ ასეთი აქვთ: როდესაც სკვითი მოჰკლავს პირველ ვაჟკაცს, მის სისხლს სვამს. ხოლო ბრძოლაში დახოცილების თავები მეფესთან მიაქვთ, რადგან თავს რომ მიიტანენ, ნადავლშიც წილს იღებენ, ხოლო თუ არ მიიტანეს თავი, არაფერს მიიღებენ. თავს ისინი ასე ატყავებენ: შემოსერავენ მას ირგვლივ, ყურებთან, შემდეგ იღებენ ხელში და თავს კანიდან გამობერტყავენ, მერე ხარის ნეკნით კანს ხორცს აცლიან და ხელებით ქნიან, რომ დაარბილებენ, ხელსახოცად ხმარობენ. ჩამოჰკიდებენ იმ ცხენის ლაგამზე, რომელსაც თვითონ დააჭენებენ და ამაყობენ, რადგან ყველაზე დიდ ვაჟკაცად ის ითვლება, ვისაც ყველაზე მეტი აქვს ასეთი კანის ხელსახოცი. ბევრი მათგანი იცვამს ასეთი გატყავებული კანებისაგან გაკეთებულ მოსასხამს, რაც ისევეა შეკერილი, როგორც ქურქი. ბევრი კიდევ მტრის გვამის მარჯვენა ხელს ატყავებს საკუთარი ფრჩხილებით და ამისაგან კაპრაჭის ბუდეს აკეთებს. ადამიანის კანი მართლაც სქელი და პრიალაა და თითქმის ყველა სხვა ტყავს აღემატება სითეთრით. ბევრი სკვითი მთლიანად ატყავებს მტრის გვამს, გადასჭიმავს მას ჯოხებზე და ცხენზე შემჯდარი დაატარებს თან.
აი, ასეთ ჩვევებს მისდევენ ისინი ამ საკითხში, ხოლო რაც შეეხება თავებს (ყველასას არა, მაგრამ ყველაზე მეტად საძულველი მტრებისას), მათ მიმართ შემდეგს აკეთებენ: თითოეული ახერხავს მთელი იმ ნაწილს, რაც წარბებს ქვემოთ არის და თავის ქალას კი ასუფთავებს. თუ კაცი ღარიბია, ის მხოლოდ გამოუქნელი ხარის ტყავს შემოაკრავს გარედან და ეგრე ხმარობს, ხოლო თუ მდიდარია, გარედან გამოუქნელი ხარის ტყავს აკრავს, ხოლო შიგნით მოავარაყებს და ეგრე ხმარობს სასმისად. ასევე ეპყრობიან ისინი თავის ნათესავების თავის ქალებსაც, თუ მათთან უთანხომება აქვთ და თუ მეფის თანდასწრებით ერთი დაძლევს მეორეს. როდესაც მათთან მოდიან სტუმრები, რომელთა პატივისცემაც სურთ, ამ თავებს გამოიტანენ და ამბობენ, რომ ესენი მათი ნათესავები იყვნენ, მათთან ბრძოლა გააჩაღეს და ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. ამას ისინი მოუთხრობენ, როგორც დიდ ვაჟკაცობას.
წელიწადში ერთხელ თითოეული ოლქის მმართველი სასმისში შეაზავებდა ღვინოს და ასმევდა მხოლოდ იმ სკვითებს, რომელთაც მტრები ჰყავდათ დახოცილი, ხოლო ვისაც არ ჩაედინა ეს საქმე, არც კი გაასინჯებდა ამ ღვინოს და ისინი ცალკე ისხდნენ ხოლმე შერცხვენილები: რადგან ეს მათთვის უდიდესი სირცხვილია. ხოლო ისინი, ვისაც ძალიან ბევრი ჰყავდა დახოცილი, ორ თასს ღებულობენ ერთად და ორივედან ერთბაშად სვამენ.
სკვითებს ბევრი მისანი ჰყავთ, რომლებიც შემდეგნაირად მისნობენ ძეწნის მრავალ ტოტზე; ისინი მოზიდავენ ტოტების დიდ კონებს, დააწყობენ ძირს და დაშლიან; თითოეულ ტოტს ცალკე სდებენ და წინასწარმეტყველებენ, თან ლაპარაკობენ და თან ისევ აგროვებენ ტოტებს და შემდეგ ისევ ერთიმეორეზე აწყობენ. მისნობის ეს წესი მათში მამაპაპეულია. ქალაჩუნა მამაკაცები ამბობენ, რომ აფროდიტემ ასწავლა მათ ასეთი მისნობა: ისინი ცაცხვის ქერქზე მკითხაობენ. ცაცხვის ქერქს სამად ჭრიან, მას თითებს შორის წნავენ, შემდეგ ისევ შლიან და ამასობაში წინასწარმეტყველებენ.
როდესაც სკვითების მეფე ავად ხდება, მოიწვევს მისანთა შორის სამ ყველაზე გამოჩენილ პირს და ისინი ზემოთ თქმულის მიხედვით მკითხაობენ. ამასობაში ისინი ყველაზე ხშირად იმას ამბობენ, რომ სამეფო კერის ღმერთები ტყუილად დაიფიცა ამან და ამანო და ასახელებენ ამის ჩამდენ მოქალაქეებს. სკვითებს ხომ ჩვეულება აქვთ, როდესაც განსაკუთრებული დაფიცება უნდათ, იფიცებენ სამეფო კერის ღმერთებს. შემდეგ მას, ვინც ტყუილად დაიფიცა, შეიპყრობენ და მიჰყავთ მისნებთან. როდესაც მივა, მისნები ამხელენ, რომ მისნობის ცნობით მან ტყუილად დაიფიცა სამეფო კარის ღმერთები და ამიტომაა მეფე ავადო. ის უარზეა, ამბობს არ დამიფიცნია ტყუილადო და ძალიან ჯავრობს. რაკიღა ის უარობს, მეფე გამოიძახებს სხვა მისნებს, ორჯერ უფრო მეტს, თუ ისინიც დაადანაშაულებენ მას მისნობის მიხედვით ტყუილ ფიცში, მაშინვე მოჰკვეთენ თავს და მისი ქონებას წილად ხვდება პირველად დამადანაშაულებელ მისნებს, ხოლო თუ მეორედ მოსული მისნები გაამართლებენ მას, მაშინ სხვა მისნებს მოუხმობენ, შემდეგ კიდევ სხვებს და ა. შ. თუ მისნების მეტი წილი გაამართლებს ამ კაცს, მაშინ სიკვდილს თვით პირველად გამოძახებულ მისნებს მიუსჯიან.
მათ შემდეგნაირად ხოცავენ: ურემს აავსებენ ფიჩხით და აბამენ შიგ ხარებს, მისნებს შებორკავენ, ხელებს უკან შეუკრავენ, პირში რამეს ჩასჩრიან და შეაგდებენ შუა ფიჩხში, ფიჩხს ცეცხლს წაუკიდებენ და ამით აშინებენ ხარებს, რომელთაც მიერეკებინა. ბევრი ხარი იწვის მისნებთან ერთად, ხოლო ბევრი მათგანი შეტრუსული გაიქცევა ხოლმე, როგორც კი დაიწვის მათი ხელნი. აი, ამნაირად სწვავენ მისნებს, ამისთვისაც და სხვა დანაშაულის შემთხვევაშიც და მათ ცრუ-მისნებს უწოდებენ. მეფე მათ რომ დახოცავს, არც მათ შვილებს ტოვებს ცოცხლებს, ის კი არა, მის ირგვლივ ყველაფერი მამრობითს აკვლევინებს, ხოლო მდედრობითს არ სჯის.
ფიცის დადების დროს სკვითები ასე იქცევიან: თიხის დიდ თასში ჩაასხამენ ღვინოს და ღვინოში ურევენ იმათ სისხლს, ვინც ფიცსა სდებს. ამათ სჩხვლეტენ სადგისით, ან დანით უკაწრავენ სხეულს, შემდეგ კი თასში აწობენ მახვილს, ისრებს, ცულსა და შუბს. ამასობაში ლოცულობენ და შემდეგ სვამენ ისინიც, რომლებიც ფიცს დებენ და ისინიც, ვინც მათ მიმდევართა შორის განსაკუთრებით ღირსეულია.
მეფეთა სამარხავი გერების მხარეშია, აი, აქამდეა ბორისთენესი სანაოსნო. აქ, მეფის სიკვდილისთანავე მიწაში დიდ, ოთხკუთხედ ორმოს მოთხრიან, ამას რომ გაამზადებენ, იღებენ გვამს, სხეულს ცვლით ფარავენ, ხოლო ამაზე უწინ მუცელს გაჰკვეთენ და შიგნეულობისაგან ასუფთავებენ, მას ავსებენ დანაყილი ჭილით, საკმევლით, ნიახურის თესლით და ანისით, შემდეგ ისევ, გაჰკერავენ და მიაქვთ ეტლით სხვა ტომთან. ისინი, ვინც ღებულობენ მოტანილ გვამს, იქცევიან ისევე, როგორც სამეფო სკვითები: იკვეთენ ყურის ნაწილს, თმებს ირგვლივ იკვერცხავენ, შუბლსა და ცხვირს იკაწრავენ და მარცხენა ხელს ისრებით იგმერენ. აქედან ეტლით მიაქვთ მეფის გვამი სხვა ტომთან, რომელსაც ის მართავდა. ხოლო გვამს მიჰყვებიან ისინი, რომლებთანაც უწინ მივიდნენ. როდესაც გვამს ყველა ტომს ჩამოატარებენ, მოიყვანენ გერებთან, რომლებიც მისი ქვეშევრდომი ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე სულ განაპირა არიან და იქ არის საფლავიც. შემდეგ, გვამს საფლავში ჩალაზე ასვენებენ, ჩაარჭობენ შუბებს გვამის აქეთ და იქით, შუბებზე ხეებს გასდებენ და შემდეგ ლერწმით გადახურავენ. საფლავის დარჩენილ ფართო ნაწილში მარხავენ ერთ-ერთ ხარჭთაგანს, წინასწარ დახრჩობილს, ღვინისმწდეს, მზარეულს, მეჯინიბეს, მსახრუს, ამბების მომხსენებელს, ცხენებს, ყველა სხვა ცხოველთა პირველშობილებს და ოქროს ფიალებს, რადგანაც ვერცხლისას და სპილენძისას ისინი არაფერს ხმარობენ. ამას რომ მოათავებენ, შემდეგ ყველანი ერთად დიდ მიწაყრილს აკეთებენ, ჩქარობენ და ძალიან ცდილობენ, რომ რაც შეიძლება დიდი გააკეთონ.
ხოლო წლისთავზე ასე იქცევიან: დარჩენილ მსახურთაგან გამოარჩევენ ყველაზე უფრო გამოსადეგებს (ესენი წარმოშობით სკვითები არიან, რადგან თვით მეფე ბრძანებს, რომ მას მხოლოდ ესენი უნდა ემსახურონ, ხოლო ფულით ნაყიდები მას არ ემსახურებიან). ამ მსახურთაგან 50-ს ახრჩობენ, ასევე ახრჩობენ 50 საუკეთესო ცხენს; მათ აცლიან შიგნეულობას და უწმენდენ მუცელს, რომელსაც ავსებენ ბზით და შემდეგ ისევ ჰკერავენ. ორ ხეზე აყენებენ ნახევარ ბორბალს ფერსოთი ქვემოთ, ბორბლის მეორე ნახევარს აყენებენ მეორე ორ ხეზე, ამგვარად ბევრ სხვა ბორბალს ამაგრებენ. შემდეგ ცხენებს მთელ სიგრძეზე, კისრამდე უყრიან მსხვილ კეტებს და ასე სწევენ მაღლა ბორბლებზე. წინა ბორბლებზე ცხენების მხრებია, ხოლო უკანა ბორბლები იჭერენ მუცლის ნაწილს, ისე რომ ორივე მხრივ ფეხები ჰაერშია ჩამოკიდებული. შემდეგ ლაგამსა და აღვირს ამოსდებენ ცხენებს, წინ ეწევიან და პალოებზე ამაგრებენ. ხოლო დახრჩობილ 50 ჭაბუკს სათითაოდ სხამენ ცხენებზე. მათი დასმა ასე ხდება: თითოეულ გვამს ხერხემლის გასწვრივ კისრამდე უყრიან სწორ ჯოხს, ამ ჯოხის ქვემოთა ნაწილი შედის მეორე ხის ნახვრეტში, რომელიც ცხენშია გაყრილი. ამნაირ მხედრებს საფლავის გარშემო აყენებენ და თვითონ მიდიან. ასე მარხავენ სკვითები მეფეებს.
ხოლო სხვა სკვითები, როდესაც ისინი იხოცებიან, უახლოესი ნათსავები დასდებენ ეტლებზე და მეგობრებში ჩამატარებენ. ყოველი მეგობარი მხლებლებს კარგად ღებულობს და უმასპინძლდება, ხოლო გვამს ყველაფერს ისევე უწილადებენ, როგორც სხვებს. კერძო პირებს 40 დღეს დაატარებენ ასე და შემდეგ მარხავენ. დამარხვის მერე სკვითები შემდეგნაირად იწმინდებიან: ჯერ საცხებს ისვამენ თავზე და შემდეგ იბანენ, ხოლო ტანს კი ამნაირად ისუფთავებენ: სამ ხეს დაარჭობენ ერთმანეთის მიმართ დახრილს, მათზე გადასჭიმავენ შალის ნაბადს, რაც შეიძლება მჭიდროდ მოახურავენ ყოველი მხრიდან; ხეებსა და ნაბდებს შორის, შუაში დგას ვარცლი, რომელშიც ყრიან ცეცხლისაგან გავარვარებულ ქვებს.
ამ ქვეყანაში იზრდება კანაფი, რომელიც ძალიან ჰგავს სელს, გარდა სისქისა და სიმაღლისა, ამით სელს ბევრად აღემატება კანაფი. ის თავისთავად იზრდება და დათესვითაც. მისგან თრაკიელები ტანსაცმელს იმზადებენ, რომელიც ძალიან ჰგავს სელისას. იმდენად ჰგავს, რომ გამოუცდელი კაცი ვერც კი მიხვდება ტანსაცმელი სელისა არის თუ კანაფისა, ხოლო ვისაც საერთოდ არ უნახავს კანაფის ტანსაცმელი, მას უთუოდ ეგონება, რომ ის სელისა არის.
აი, სკვითები იღებენ ამ კანაფის თესლს, შედიან ნაბდების ქვეშ და თესლს ცეცხლისაგან გავარვარებულ ქვებზე ყრიან. ამისაგან ისეთი ოხშივარი გამოდის და იმისთანა ორთქლი დგება, რომ ვერც ერთი ელინური აბანო მას ვერ აჯობებს. სკვითები აბანოში სიამოვნებისაგან პირდაპირ ღმუიან. ეს მათთვის დაბანის მაგიერია, რადგან ისინი ტანს არასოდეს არ იბანენ წყლით. ხოლო მათი ქალები წყალში ურევენ ოღროჩოღრო ქვაზე დანაყილ კვიპაროსს, კედარსა და ლიბანოსს, შემდეგ ამ დანაყილ სქელ მასას ისვამენ მთელ სხეულსა და სახეზე. ქალებს ამისგან თან კარგი სუნი სდით და თან, როდესაც მეორე დღეს მოიცილებენ ამ საგოზავს, სუფთები და გაკრიალებული არიან.
უცხო ჩვეულებებს სკვითები სასტიკად გაურბიან და ეს სხვა ტომებზე ნაკლებ არ ეხება ელინებს, კიდევაც გამოჩნდა ეს ანაქარსისისა და შემდეგ სკილესის მაგალითებზე. ჯერ ანაქარსისის შესახებ - მან მრავალი ქვეყანა დაიარა, ყველგან დიდი სიბრძნე გამოიჩინა და ბრუნდებოდა უკან სკვითების სამყოფელში. ჰელესპონტზე რომ მიცურავდა, მიადგა კიძიკოსს და ნახა, რომ კიძიკოსელები ღმერთების დედა დიდი ზეიმით უხდიდნენ დღესასწაულს. ანაქარსისმა აღუთქვა ღმერთების დედას, რომ თუ უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდება თავის სამშობლოში, ისეთსავე მსხვერპლშეწირვას მოუწყობს მას, როგორსაც კიძიკოსელები აკეთებდნენ და დააწესებს ღამისთევას. როდესაც მოვიდა სკვითების ქვეყანაში, წავიდა ეგრეთ წოდებულ ჰილაბეში (ეს ყველნაირი ხეებით სავსე ადგილი აქილევსის სარბიელთანაა), აი, აქ წავიდა ანაქარსისი და ნამდვილი დღეობა გაუმართა ღმერთქალს, ისე რომ ხელში დაირები ეჭირა, ხოლო ზედ მისი გამოსახულებები ეკიდა. ვიღაც სკვითმა შენიშნა, მას რომ აკეთებდა და ამბავი მიუტანა მეფე სავლიოსს. მეფე თვითონ მოვიდა და რომ დაინახა ანაქარსისი ამ ყოფაში, მოკლა მშვილდისრით. ახლა თუ ვინმე იკითხავს ანაქარსისს, სკვითები მას პასუხობენ, რომ ასეთს არავის იცნობენ და ეს იმიტომ ხდება, რომ მან იმოგზაურა ელადაში და უცხოურ ჩვეულებებს მისდია. როგორც მოვისმინე ტიმნესისაგან, არიაპებთესის მერუვისაგან, ანაქარსისი იყო სკვითების მეფის, იდნათრისოსის მამის ძმა, შვილი - გნუროსისა, ლიკოსის ძისა და სპარგაპებტესის შვილიშვილისა, ხოლო თუ ანაქარსისი მართლაც ამ სახლიდან იყო, მაშინ ის მოუკლავს თავის ძმას, რადგან იდანთიროსის შვილი იყო სავლიოსის, ხოლო სწორედ სავლიოსმა მოჰკლა ანაქარსისი.
მე კიდევ სხვა რაღაც ამბავი მოვისმინე, რომელსაც პელოპონესელები მოგვითხრობენ, თითქოს ანაქარსის სკვითების მეფემ გაგზავნა ელადაში სასწავლებლად. ხოლო უკან რომ დაბრუნდა, უთხრა თავის გამგზავნს, რომ ლაკედემონელთა გარდა ყველა ელინი ყოველგვარ სიბრძნეს ეწაფება, მაგრმ მხოლოდ ლაკედემონელებს შეუძლიათ ბრნძულად საუბარი და ბრძნული საუბრის მოსმენაო. მაგრამ ეს ამბავი თვით ელინთა მიერ არის შეთხზული და ის კაცი სწორედ ისე უნდა დაღუპული, როგორც უწინ ვთქვი. ასე დაიღუპა ის უცხო ჩვეულებათა მიმდევრობისა და ელინებთან ურთიერთობის გამო.
მრავალი წლის შემდეგ სკილესს, არიაპებთესის ძეს მსგავსი რამ შეემთხვა. სკვითების მეფეს, არიაპებთესის სხვა შვილებს შორის ჰყავდა ერთი. სკილეს, ის განუჩნდა მეფეს ისტრიელი ქალისაგან და არა ადგილობრივი სკვითისაგან, მას თვითონ დედამ ასწავლა ელინური ენა და წერა. ცოტა ხნის შემდეგ არიაპებთესი მოკვდა აგათირსების მეფის, სპარგაპებთესის მზაკვრობის შედეგად, ხოლო სამეფო მიიღო სკილესმა და მასთან ერთად მამის ცოლიც, რომელსაც სახელად ერქვა ოპობე. ეს ოპობე იყო ადგილობრივი მცხოვრები და მისგან არიაპებთესს ჰყავდა შვილი, ორიკოსი. სკილესი მეფობდა სკვითებზე, მაგრამ სულაც არ უყვარდა სკვითური ცხოვრება, რადგან ბევრად უფრო ერჩივნა ელინური ზნე-ჩვეულებები, რაკიღა ბავშვობიდანვე ასე იყო აღზრდილი. ამიტომაც ასე იქცეოდა: როდესაც კი წაიყვანდა სკვითების ლაშქარს ბორისთენიტების ქალაქში (ხოლო თვითონ ბორისთენიტები თავისთავს მილეტელებს უწოდებენ) და მათთან მივიდოდა, სკილესი ლაშქარს გარეუბანში დასტოვებდა, თვითონ კი შედიოდა გალავანში და აკეტინებდა კარიბჭებს, იხდიდა სკვითურსა და იცვამდა ელინურ ტანსაცმელს, ეს ეცვა, დადიოდა ბაზარზე და არც მცველები ახლდნენ თან და არც სხვა ვინმე (ხოლო კარიბჭეს იცავდნენ რომ ვინმეს სკვითს არ დაენახა ამ ტანსაცმელში). ის საერთოდ ცხოვრების ელინურ წესების მისდევდა და ღმერთებსაც მსხვერპლს ელინური ჩვეულებების მიხედვით სწირავდა. როდესაც გაატარებდა აქ თვეს ან მეტს, ისევ იცვამდა სკვითურ ტანსაცმელს და უკან მიდიოდა. ამას ის ხშირად აკეთებდა. ამას გარდა ბორისთენესში სახლი აიშენა და იქ ცოლად ადგილობრივი ქალი მოიყვანა.
ხოლო სკილესს უბედურება უნდა დამართოდა და დაემართა კიდევაც შემდეგი შემთხვევის გამო: მას ძალიან უნდოდა ზიარებოდა დიონისეს ბაკქიურ მისტერიას. როდესაც მან განიზრახა ჩაბმულიყო მისტერიაში, შემდეგი დიდი სასწაული მოხდა: ბორისთენიტების ქალაქში მას დიდი და ძვირფასი სასახლე ჰქონდა, რომელიც ცოტათი ზემოთ ვახსენე და რომლის ირგვლივაც თეთრი ქვის სფინქსები და გრიფონები იდგნენ. ამ სასახლეს სტყორცნა ღმერთმა ისარი და ის მთლიანად დაიწვა, მაგრამ სკილესს ამის გამო სულაც არ აუღია ხელი მისტერიაში მონაწილეობაზე. სკვითები ელინებს ბაკქიური დღესასწაულისათვის ძრახავდნენ; ამბობდნენ, რომ არაფერი საჭიროა ისეთი ღმერთის გამოგონება, რომელიც ადამიანებს აგიჟებსო. როდესაც სკილესი ჩაება ბაკქიურ მისტერიაში, ერთმა ბორისთენიტმა მიირბინა სკვითებთან და უთხრა: „სკვითებო, ჩვენ დაგვცინით იმისათვის, რომ ბაკქიურ დღესასწაულს ვმართავთ და ღმერთს ვყავართ შეპყრობილი. ახლა კი იმავე ღვთაებას შეუპყრია თქვენი მეფე, რომელიც ბაკქიურ დღესასწაულშიც მონაწილეობს და ღმერთს გაუგიჟებია კიდეც. თუ ჩემი არ გჯერათ, მომყევით და გიჩვენებთ“. სკვითთა მეთაურები მიჰყვნენ მას, ბორისთენიტმა ისინი წაიყვანა და ჩუმად დასხა კოშკზე. სკილესმა ჩამოიარა საზეიმო პროცესიასთან ერთად და სკვითებმა დაინახეს, თუ როგორ მონაწილეობდა ის ბაკქიურ მისტერიაში. ეს ამბავი დიდ უბედურებად მიიჩნიეს, წავიდნენ და შეატყობინეს მთელ ლაშქარს, რაც ნახეს.
ამის შემდეგ სკილესი რომ დაბრუნდა უკან, სკვითებს მისი ძმა ოქტამასადესი დაეყენებინათ მეფედ (ეს იყო ტერესის ასულის შვილი) და სკილესისაგან გამდგარიყვნენ. სკილესი თრაკიაში გაიქცა, როცა გაიგო, რა მოელოდა და მის მიმართ ასეთი ქცევის მიზეზი შეიტყო. ოქტამასადესმა რომ ეს გაიგო, თრაკიის წინააღმდეგ გაილაშქრა, ისტროსს რომ მიადგა, მის წინააღმდეგ გამოვიდნენ თრაკიელები, ის იყო ერთმანეთს უნდა შებმოდნენ, რომ სიტალკესმა კაცი გაუგზავნა ოქტამასადესს და შეუთვალა: „რად გვინდა ერთმანეთის გამოცდა? შენ ჩემი დის შვილი ხარ, ჩემი ძმა კი შენს ხელშია. მომეცი ჩემი ძმა და სამაგიეროდ სკილესს მოგცემ. ხოლო ლაშქარს არც შენ ჩააგდებ საფრთხეში და არც მე“. სიტალკესმა კაცი გაუგზავნა და ეს შეუთვალა. მართლაც და, ოქტამასადესთან იყო სიტალკესის ძმა, მისგან გაქცეული, ოქტამასადესი დაეთანხმა ამაზე, მისცა სიტალკესის თავისი საკუთარი დედისძმა და მისგან მიიღო თავისი ძმა, სკილესი. სიტალკესმა ძმა რომ ხელთ იგდო, წაიყვანა აქედან, ხოლო ოქტამასადესმა იქვე მოჰკვეთა სკილესს თავი. აი, ასე იცავენ სკვითები თავის წესებს, ხოლო ვინც უცხოელთა ჩვევებს შეითვისებს, იმათ ამნაირად სჯიან.
სკვითების რაოდენობის ზუსტად გარკვევა ვერ შევძელი; მათი სიმრავლის შესახებ სხვადასხვა აზრი მოვისმინე. ერთი აზრის მიხედვით ისინი ძალიან ბევრნი არიან, ხოლო მეორე აზრის თანახმად - მცირერიცხოვანნი. მაგრამ ჩემი თვალით მე, აი, რა ვნახე: მდინარე ბორისთენესსა და ჰიპანისს შორის არის ადგილი, რომელსაც სახელად ჰქვია ესამპაბოსი, რაც მოვიხსენე ცოტათი ზემოთ, როდესაც ვთქვი, რომ იქ მწარე წყლის წყაროა, საიდანაც გამოდენილი წყალი ჰიპანისს სასმელად უვარგისს ხდის მეთქი. ამ ადგილას დგას სპილენძის ქვაბი, პავსანიას კლეომბროტოსის ძის მიერ პონტოს სრუტესთან დადგმულ ჭურჭელზე ექვსჯერ უფრო დიდი. ვისაც ის სულ არ უნახავს, მათთვის ასე აღვწერ: სკვითების სპილენძის ჭურჭელში სულ ადვილად ჩადის 600 ამფორა, ხოლო ამ სკვითური ჭურჭლის სისქე არის 6 თითი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ისრის პირებისაგან არის გაკეთებულიო. მათმა მეფემ, რომელსაც სახელად ერქვა არიანტასი, მოინდომა შეეტყო სკივთების რაოდენობა და ბრძანა, ყველა სკვითს, თითოს თითო ისრის პირი მოეტანა. ვინც არ მოიტანდა, იმას სიკვდილით დაემუქრა. უამრავი ისრის პირი მოიტანეს და მეფემ გადაწყვიტა მათგან თავისი სახსოვარი რამე გაეკეთებინა და დაეტოვებინა. აი, აქედან გაკეთდა ეს სპილენძის ჭურჭელი და დაიდგა ექსამპაბოსში. ეს მოვისმინე სკვითების სიმრავლის შესახებ.
გარდა ძალიან დიდი და მრავალრიცხოვანი მდინარეებისა, ღირშესანიშნავი ამ ქვეყანაში არაფერია. თუმცა, მდინარეებისა და დაბლობის სიდიდის გარდა გაკვირვების ღირსია და მოსახსენებელი შემდეგი: კლდეზე, მდინარე ტირესის პირად აჩვენებენ ჰერაკლეს ნაკვალევს, რაც კაცის ნატერფალს ჰგავს, მხოლოდ სიდიდით ორი წყრთაა. ასეა ამბავი. ახლა კი დავუბრუნდები იმას, რაც თავიდან უნდა მომეთხრო.
როდესაც დარიოსი ემზადებოდა სკვითებზე გასალაშქრებლად და დაგზავნა მოციქულები, რათა მისი განკარგულებით ზოგს ქვეითი ლაშქარი მოემზადებინა, ზოგსაც ხომალდები, ხოლო დანარჩენებს ხიდი გაედოთ თრაკიულ ბოსფორზე, არტაბანოსმა, ჰისტაპესის ძემ (რომელიც დარიოსის ძმა იყო) სთხოვა მას, არავითარ შემთხვვაში არ გაელაშქრა სკვითების წინააღმდეგ და აუწერა, თუ რა სიძნელეები იყო სკვითებთან დაკავშირებული. მაგრამ დარიოსმა რომ არ შეისმინა მისი კეთილი რჩევა, იმანაც თავი დაანება. დარიოსმა ყველაფერი რომ მოამზადა, გაიყვანა ლაშქარი სუსადან.
ამ დროს ერთ-ერთმა სპარსელმა, ობობაძოსმა სთხოვა დარიოსს, სამი შვილი მყავს, სამივენი მოდიან სალაშქროდ და ერთი მაინც დამიტოვეო, დარიოსმა უპასუხა, რომ უყვარს ობობაძოსი და მისი თხოვნაც ბუნებრივად მიაჩნია, ამიტომ ყველა შვილს დაუტოვებს. ობობაძოსს ძალიან გაეხარდა და ეგონა, რომ შვილები ლაშქრობისგან გაათავისულფა; დარიოსმა კი უბრძანა ამასთან მყოფ მეთაურებს, დაეხოცათ ობობაძოსის სამივე შვილი, და ისინიც, დახოცილები მართლაც დარჩნენ იქვე.
დარიოსი სუსადან რომ გავიდა, მივიდა კალქედონიეში, რომელიც ბოსფორთანაა, სადაც ხიდი იყო გადებული. აქ ავიდა ხომალდზე და გასცურა ეგრეთ წოდებულ კიანეებისაკენ, რომლებიც, როგორც ელინები ამბობენ, უწინ მოხეტიალენი იყვნენ. დაჯდა კონცხზე და ათვალიერებდა პონტოს, რომელიც მართლაც ღირსია დათვალიერებისა; ის ყველა ზღვაზე უფრო საოცარია: სიგრძით არის 11100 სტადიონი, ხოლო მისი ყველაზე უფრო ფართო ნაწილის სიგრძე 33000 სტადიონია. ამ ზღვის სრუტე სიგანით არის ოთხი სტადიონი, ხოლო სრუტის სიგანე ანუ მისი ყელი, რომელსაც ბოსფორი ეწოდება და სადაც ხიდია გადებული, დაახლოებით 120 სტადიონია, ბოსფორი გადაჭიმულია პროპონტიდამდე. ხოლო პროპონტიდა, რომელიც სიგანით 500 სტადიონია და სიგრძით - 1400, ერთვის ჰელესპონტს, რომლის უვიწროესი ადგილი არის 7 სტადიონი, ხოლო სიგრძე - 400. ჰელესპონტი ერთვის გაშლილ ზღვას, რომელსაც ეგეოსის ზღვა ეწოდება.
ხოლო მანძილები ასეა გაზომილი: ხომალდი ჩვეულებრივ გრძელ დღეში გადის 70000 ორგიას, ხოლო ღამით 60000-ს. სრუტიდან ფასისამდე (ეს ხომ პონტოს ყველაზე გრძელი მანძილია) ცურვას უნდებიან 9 დღესა და 8 ღამეს. ეს იქნება 1110000 ორგია, ხოლო ამ ორგიებიდან გამოდის 11100 სტადიონი, ხოლო სინდიკედან თემისკირემდე, რომელიც მდებარეობს მდინარე თერმოდონტთან (პონტო აქ ყველაზე უფრო ფართოა), მანძილი სამი დღისა და ორი ღამის საცურაოა. ეს იქნება 330000 ორგია, ხოლო სტადიონობით რომ ვიანგარიშო - 33000 სტადიონი. ეს პონტოც, ბოსფორიცა და ჰელესპონტიც ასე გავზომე და ყველაფერი ისეა, როგორც ზემოთ ვთქვი. ამ პონტოს მახლობლად მდებარეობს ტბა, რომელიც უერთდება პონტოს და მასზე არც თუ ბევრად პატარაა, მას ეწოდება მაბეტისიცია და პონტოს დედაც.
დარიოსმა რომ დაათვალიერა პონტო, გასცურა უკან ხიდისაკენ, რომლის მშენებელიც იყო მანდროკლეეს სამოსელი. ბოსფორიც რომ დაათვალიერეა, მის ნაპირზე დაადგმევინა ორი სტელა, თეთრი ქვისა, ზედ ამოაკვეთინა წარწერები, ერთზე ასირულად, ხოლო მეორეზე ელინურად და ჩამოთვალა ყველა, ვინც კი თან მიჰყავდა, ხოლო თან მიჰყავდა ყველა, ვინც კი მისი ხელქვეითი იყო. მათი რიცხვი მხედრების ჩათვლით 700000 იყო, გარდა ფლოტისა, ხომალდი კი მან 600 შეაგროვა. ეს სტელები შემდეგ ბიზანტიონელებმა წაიღეს თავის ქალაქში და გამოიყენეს არტემიდე ორთოსის საკურთხევლისათვის, გარდა ერთი ქვისა, რომელზედაც ასირიული წარწერა იყო და ის დასტოვეს დიონისეს ტაძართან ბიზანტიონში. ბოსფორის ის ადგილი, სადაც ხიდი გასდო მეფე დარიოსმა, მე მგონია, ბიზანტიონსა და იმ სალოცავს შორის არის, რომელიც სრუტესთან დგას.
მას შემდეგ რაც დარიოსმა მოიწონა ხიდი, მის მაშენებელს, მანდროკლესს სამოსელს აჩუქა ყველაფერი 10-10. ამის სამაგიეროდ მანდროკლეესმა დახატა სურათზე ბოსფორის მთელი ხიდი, ტახტზე მჯდომი მეფე დარიოსი და მისი ლაშქარი, რომელიც გადადიოდა ამ ხიდზე, ეს დახატა, შესწირა ჰერას სალოცავს და ზედ წააწერა: „თევზით მდიდარ ბოსფორზე ხიდი ააგო მანდროკლეესმა და ჰერას უძღვნა ეს სურათი ხიდის მოსაგონებლად, თვითონ მან ამით გვირგვინი დაიდგა, ხოლო სამოსელებს სახელი მოუხვეჭა, რადგან მეფე დარიოსის გული მოიგო ამის გაკეთებით“.
ეს იყო ის მოსაგონარი, რაც დასტოვა ხიდის მაშენებელმა. ხოლო დარიოსი, მას მერე რაც მან მანდროკლეესი დაასაჩუქრა, გადავიდა ევროპაში, იონიელებს კი უბრძანა, გაეცურათ პონტოში მდინარე ისტროსამდე, ხოლო როდესაც მიაღწევდნენ ისტროსს, იქ დაეცადათ მისთვის და ხიდი გაედოთ მდინარეზე. ფლოტი მიჰყადათ იონიელებს, ეოლიელებს და ჰელესპონტელებს. ფლოტმა კიანეებს რომ ჩაუარა, მერე პირდაპირ ისტროსისაკენ გასცურა, მდინარეზე მან აღმა იცურა ზღვიდან ორი დღის სავალზე მდინარის იმ ადგილამდე, საიდანაც ისტროსი ორ ტოტად იყოფა და აქ გასდო ხიდი. დარიოსმა ბოსფორი რომ ხიდით გადაიარა, შემდეგ თრაკია განვლო, მივიდა მდინარე ტეაროსის სათავეებთან და აქ დაიბანაკა სამ დღეს.
როგორც ირგვლივ მაცხოვრებლები ამბობენ, ტეაროსი მდინარეთა შორის გამოირჩევა, როგორც საერთოდ სამკურნალო თვისებების მქონე და განსაკუთრებით კი იმით, რომ მუნისგან ჰკურნავს ხალხსაც და ცხენებსაც. ამ მდინარეს აქვს ორის გამოკლებით ორმოცი სათავე და ყველა ეს სათავე ერთსა და იმავე კლდეშია. ზოგიერთი სათავის წყალი ცივია, ხოლო ზოგი - თბილი. ამ წყაროებამდე თანაბარი მანძილია ქალაქ ჰერბონიდან, რომელიც პერინთოსთანაა და აპოლონიიდან, რომელიც არის ევქსინის პონტოსთან. გზას უნდება ორი დღე. ეს ტეაროსი ერთვის მდინარე კონტადესდოსს, კონტადესდოსი - აგრიანესს, აგრიანესი ჰებროსს, ეს კიდევ - ზღვას ქალაქ აბნოსთან.
ამ მდინარეს რომ მიაღწია დარიოსმა, დაიბანაკა, მოეწონა მდინარე და აღმართა იქ სტელა, რომელზედაც წააწერა შემდეგი: „მდინარე ტეაროსის წყაროების წყალი შესანიშნავია და საუკეთესო ყველა სხვა მდინარის წყალთან შედარებით. ამ წყაროებთან მოვიდა ყველა ადამიანთა შორის შესანიშნავი და საუკეთესო ვაჟკაცი, დარიოს ჰისტასპესის ძე, სპარსელების და მთელი ხმელეთის მეფე, როდესაც მას სკვითების წინააღმდეგ მიჰყავდა ლაშქარი“. აი, ეს იყო ამ სტელაზე დაწერილი.
დარიოსი აქედან წამოვიდა და მიაღწია სხვა მდინარეს, რომელსაც სახელად ჰქვია არტესკოსი და რომელიც მიედინება ოდრისებზე. ამ მდინარესთან მოსული ასე მოიქცა: უჩვენა ლაშქარს ერთი ადგილი და უბრძანა ყოველ კაცს, ამ ადგილთან რომ ჩაივლიდა, თითო ქვა დაედო. ლაშქარმა შეასრულა მისი განკარგულება და დარიოსმა ლაშქარი რომ წაიყვანა აქედან, ამ ადგილას ქვების დიდი გორები დატოვა.
ვიდრე ისტროსამდე მივიდოდა, დარიოსმა პირველად დაიპყრო გეტები, რომელთაც თავი უკვდავად მიაჩნდათ. ხოლო თრაკიელები, რომლებსაც უჭირავთ სალმიდესოსი და ისინი, რომლებიც ცხოვრობენ აპოლონიისა და ქალაქ მესამბიის ზემოთ და ეწოდებათ სკირმიადები და ნიფსეები, უბრძოლველად დანებდნენ დარიოსს. გეტები კი, რომლებიც თრაკიელთა შორის ყველაზე მამაცები და სამართლიანები არიან, მოუფიქრებლად მოიქცნენ და მაშინვე ტყვეობაში ჩაცვივდნენ.
მათ ადამიანის უკვდავება ასე ესმით: იმათ ჰგონიათ, რომ კი არ კვდებიან, როდესაც იხოცებიან, არამედ მიდიან ღვთაება სალმოქსისთან. ზოგი მათგანი ამ ღვთაებას გებელეიძისს უწოდებს. ისინი ყოველ მეხუთე წელიწადს მუდამ, კენჭისყრით თავისი წრიდან გზავნიან მოციქულს სალმოქსისთან და ავალებენ მას, რაც უფრო სჭირდებათ იმჟამად. ხოლო მოციქულის გაგზავნა ასე ხდება: ზოგიერთები დაეწყობიან და ხელში სამ-სამი შუბი უჭირავთ, სხვები კიდევ სალმოქსისთან წარგზავნილს ჩასჭირდებენ ხელს ხელებსა და ფეხებში, აისვრიან მაღლა და დააგებენ შუბებზე. თუ ეს ზედწამოგებული მოკვდა, მიიჩნევენ, რომ ღმერთი მათ მიმართ მოწყალეა, ხოლო თუ არ მოკვდა, მაშინ დაადანაშაულებენ თვით მოციქულს, იტყვიან, ცუდი კაციაო, დაადანაშაულებენ და სხვას გაგზავნიან მოციქულად. ისინი დავალებებს მაშინ აძლევენ, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის კაცი. თვითონ ეს თრაკიელები ჭექა-ქუხილის დროს ისრებს ესვრიან ცას და ემუქრებიან ღმერთს: ისინი არც ერთ სხვა ღმერთს არ ცნობენ, გარდა თავისი საკუთარი ღმერთისა
როგორც შევიტყვე ჰელესპონტთან და პონტოსთან მცხოვრებ ელინთაგან, ეს სალმოქსისი იყო სამოსზე მონობაში ნამყოფი კაცი, სახელდობრ, ის იყო მონა პითაგორეს მნესარქოსის ძისა. შემდეგ განთავისუფლდა და დიდი ქონება მოიპოვა და რომ მოიპოვა, უკან დაბრუნდა სამშობლოში. თრაკიელებს მძიმე ცხოვრება ჰქონდათ და ისედაც სულელები იყვნენ, სალმოქსისი კი გაეცნო იონიელების ცხოვრებას და უფრო განათლებულ ჩვევებს, ვიდრე თრაკიელებს ჰქონდათ, რადგან ელინებთან ჰქონდა ურთიერთობა და ელინთა შორის კიდევ პითაგორესთან, რომელიც სიბრძნის მხრივ უკანასკნელი არ ყოფილა. სალმოქესისმა გააკეთებინა დარბაზი, სადაც ღებულობდა მოქალაქეთა თავკაცებს, უმასპინძლდებოდა მათ და ასწავლიდა, რომ არ მოკვდებიან არც თვითონ, არც მისი თანამეინახენი და არც ისინი, ვინც მათგან ოდესმე გაჩნდებიან, არამედ წავლენ ისეთ ადგილას, სადაც იქნებიან მუდამ და ექნებათ ყოველივე სიკეთე. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ის ამას აკეთებდა, რაც ვთქვი და ასე ლაპარაკობდა, მან გაიკეთა მიწისქვეშა საცხოვრებელი, როდესაც საცხოვრებელი მზად იყო, სალმოქსისი გაუჩინარდა თრაკიელთათვის, ჩავიდა ქვემოთ, მიწისქვეშა საცხოვრებელში და იქ იცხოვრა სამ წელიწადს. ხოლო თრაკიელები სწუხდნენ და ისე განიცდიდნენ, თითქოს ის მკვდარი ყოფილიყოს. მეოთხე წელს ის ეჩვენა თრაკიელებს და ამით დაიჯერეს თრაკიელებმა ის, რასაც მათ სალმოქსისი ეუბნებოდა. ამბობენ, რომ ასე მოიქცაო.
მის შესახებ მოთხრობას და მიწისქვეშა საცხოვრებლის ამბავს მე არც მთლად უნდობლად ვეკიდები და არც მაინცდამაინც მჯერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სალმოქსისი პითაგორესზე მრავალი წლით ადრე ცხოვრობდა. ისე კი, სალმოქსისი კაცთაგანი იყო, თუ გეტების რომელიმე ადგილობრივი ღვთაება, კარგად იყოს! ეს ხალხი, რომელსაც ამნაირი წეს-ჩვეულებები ჰქონდათ, დაიმორჩილეს თუ არა სპარსელებმა, გაჰყვა მათ ლაშქარს.
როდესაც დარიოსი და მასთან ერთად მყოფი ქვეითი ჯარი მივიდნენ ისტროსთან და მდინარეზე გადავიდნენ, დარიოსმა უბრძანა იონიელებს, დაენგრიათ ხიდი და მას გაჰყოლოდნენ ხმელეთზე ხომალდებზე მყოფ ლაშქართან ერთად. როდესაც იონიელებმა ხიდის დანგრევა და ბრძანების აღსრულება დააპირეს, კოესმ ექსანდროსის ძემ, რომელიც მიტილენელთა მხედართმთავარი იყო, დარიოსს უთხრა (მას მერე რაც შეიტყო, ესიამოვნება თუ არა დარიოსს, მოისმინოს აზრი იმისგან, ვისაც მისი გამოთქმა სურს): „მეფეო, შენ აპირებ ასეთ ქვეყანაზე გალაშქრებას, სადაც ვერ ნახავ ვერც მოხნულ მიწას და ვერც დასახლებულ ქალაქს. დატოვე ეს ხიდი იმავე ადგილას და მცველებად დაუყენე ისინი, ვინც ეგ ააგო.
რაც გუნებაში გვაქვს, თუ ისე აგვიხდა და ვიპოვეთ სკვითები, მაშინ უკან დაბრუნებაც შეგვეძლება, ხოლო თუ ვერ შევძელით მათი პოვნა, უკან დაბრუნება მაინც საზრუნავი აღარ გვექნება. მე იმისი კი არ მეშინია, რომ სკვითები ბრძოლაში დაგვამარცხებენ, არამედ უფრო იმისი, რომ იმათ ვერ ვიპოვნით და ხეტიალში დავიტანჯებით. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მე ამას ჩემი გულისათვის ვამბობ, რომ აქ დარჩენა მინდა, მაგრამ მეფეო, ამას იმიტომ ვამბობს, რომ შენთვის მიმაჩნია ეს აზრი საუკეთესოდ. მე თვითონ, რა თქმა უნდა, შენ წამოგყვები და ნაბიჯითაც არ ჩამოგრჩები“. დარიოსს ძალიან მოეწონა ეს აზრი და შემდეგი უპასუხა: „ძვირფასო ლესბოსელო, როდესაც შინ მშვიდობით დავბრუნდები, უეჭველად მოდი ჩემთან, რათა კარგი რჩევისათვის კეთილი საქმეები მოგაგო“.
ეს რომ თქვა, 60 ნასკვი გააკეთა თასმაზე, დაუძახა მოსალაპარაკებლად იონიელთა ტირანებს და უთხრა: „იონიელო ვაჟკაცებო, შევიცვალე ის აზრი, უწინ რომ მქონდა ხიდის შესახებ, ახლა წაიღეთ ეს თასმა და ასე მოიქეცით; როგორც კი დაინახავთ, რომ წავედი სკვითების წინააღმდეგ, იმ დროიდან დაიწყეთ და ყოველდღე თითო ნასკვი გახსენით, თუ არ დავბრუნდი იმ დროისათვის ნასკვებით აღრიცხული დღეები რომ გაივლის, გასცურეთ უკან თქვენი ქვეყნისაკენ, მანამდე კი, ასე გადავწყვიტე, დაიცავით ხიდი, გულმოდგინედ იზრუნეთ მისი გადარჩენისა და დაცვისათვის. ასე თუ მოიქცევით, მე დიდად მასიამოვნებთ“. ეს თქვა დარიოსმა და წავიდა წინ.
თრაკია სკვითიის ქვეყანაზე უფრო ზღვისაკენ მდებარეობს, სადაც ამ ქვეყნის უბე იწყება, იქაა სკვითია და ისტროსიც აქ შედის სკვითიაში, აღმოსავლეთით რომ შებრუნდება ზღვის შესართავისაკენ. ისტროსიდან დავიწყებ ამ სკვითიის მხარის ზღვისაკენ მდებარე ნაწილის აღწერას, მისი გაზმოვის მიზნით. ისტროსისაგან დაწყებული ნაწილი არის ძველი სკვითია, იგი მდებარეობს სამხრეთისკენ, სამხრეთის ქარის მიმართულებით და ვრცელდება კარკინიტისად წოდებულ ქალაქამდე, შემდეგი ნაწილი ამის მერე არის იმავე ზღვასთან, ესაა მთიანი ქვეყანა, ის დასახლებულია ტავრების ტომით და ვრცელდება ნახევარკუნძულამდე, რომელსაც ეწოდება კლდოვანი. ის შედის ზღვაში აღმოსავლეთის ქარის მიმართულებით. სკვითიას ორ მხრივ საზღვრად აქვს ზღვა, სამხრეთით და აღმოსავლეთით, ისევე, როგორც ატიკის ქვეყანას. ტავრები ისევე ცხოვრობენ სკვითიაში, როგორც მაგალითად ატიკაში რომ სხვა ტომს ეცხოვრა და არა ათენელებს სუნიონის კონცხზე (მხოლოდ ისე, რომ ზღვაში უფრო მეტად ყოფილიყო კონცხი შეჭრილი), თორიკოსიდან სოფელ ანაფლისტოსამდე. ამის შესახებ მე იმდენად ვლაპარაკობ, რამდენადაც შესაძლებელია პატარა რამის შედარება დიდთან. აი, ასეთი არის ტავრიკე. ხოლო მას, ვისაც ატიკის ამ ნაწილის ირგვლივ ხომალდით არ შემოუვლია, მე სხვაგვარად ავუხსნი: წარმოიდგინოს მან, რომ იპოვა კონცხი ბრენტესიონის ნავსადგურიდან ვიდრე ტარანტამდე გამოყოფილი და დასახლებული იყოს სხვა ტომით და არა იაპიგებით. მე მხოლოდ ეს ორი დავასახელე, მაგრამ კიდევ ბევრი სხვისი დასახელება შეიძლებოდა, იმის განსამარტავად, თუ რას ჰგავს ტავრიკე.
ტავრიკის აქეთ, ტავრებს ზემოთ და აღმოსავლეთის ზღვასთან ცხოვრობენ სკვითები, რომლებსაც უჭირავთ კიმერიის ბოსფორის დასავლეთის ნაწილი და მაბეტისის ტბის მიდამოები მდინარე ტანისამდე, რომელიც ერთვის ამ ტბის ყურეს. ისტროსიდან ზემოთ მდებარე ადგილებში, რომლებსაც მივყავართ ხმელეთის შიგნით. სკვითიის მეზობლები პირველად აგათირსები არიან, შემდეგ ნევრები, მერე ანდროფაგები და ბოლოს მელანქლაინები.
სკვითია თითქოს ოთხკუთხედის ფორმისა, მისი ორივე გვერდი აღწევს ზღვამდე, ამასთანავე სრულიად ტოლებია ხმელეთის შიგნით მიმართული გვერდი და ის, რომელიც ზღვის გასწვრივ არის. ისტროსიდან ბორისთენესამდე ათი დღის გზაა, ხოლო ბორისთენესიდან მაბეტისის ტბამდე - მეორე ათი დღისა. ზღვიდან შუა ხმელეთამდე, მელანქლაინებამდე, რომლებიც ცხოვრობენ სკვითების ზემოთ, არის 20 დღის სავალი გზა, დღიურ გზად მე მიმაჩნია 200 სტადიონი. ამგვარად, სკვითიის დიაგონალი არის 4000 სტადიონი, ხოლო ის სწორი ხაზები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით მივყავართ, კვლავ ამდენსავე სტადიონს შეიცავენ. აი, ასეთია ამ ქვეყნის სიდიდე.
ხოლო სკვითებმა მოიაზრეს, რომ ისინი მარტო ვერ ძლევენ დარიოსის ლაშქარს პირისპირ ბრძოლაში და დაგზავნეს შიკრიკები მეზობლებში. ამ ხალხების ბასილევსები შეკრებილიყვნენ და თათბირობდნენ იმის შესახებ, თუ დიდ ჯარს როგორ გამკლავებოდნენ, ხოლო ეს შეკრებილი ბასილევსები იყვნენ: ტავრების, აგათირსების, ნევრების, ანდროფაგების, მელანქლაინების, გელონების, ბუდინებისა და სავრომატების ბასილევსები.
ამ ტომთა შორის ტავრები შემდეგ წესებს მისდევენ: ქალწულს მსხვერპლად სწირავენ ყველა იმ ელინს, ვისაც ხომალდი დაეღუპება, ანდა ვისაც ისინი შეიპყრობდნენ და ამას შემდეგნაირად აკეთებენ: იწყებენ მსხვერპლშეწირვას და მას თავში კომბალს ურყტამენ. ზოგიერთები ამბობენ, სხეულს კლდიდან ძირს აგდებენ (ამ კლდეზე სალოცავია აგებული), თავს კი სარზე ჩამოაგებენ; ხოლო სხვები თავის შესახებ ამ აზრისანი არიან, ხოლო სხეულზე ამბობენ, კლდიდან კი არ აგდებენ, მიწაში ფლავენო. ამ ღმერთქალის შესახებ, რომელსაც მსხვერპლს სწირავენ, თვითონ ტავრები ამბობენ, რომ იფეგენება არისო, აგამენონის ასული. ხოლო მტერს, რომელსაც კი ხელთ იგდბენ, ისინი ასე ექცევიან: ყოველ მათგანი სჭრის მტერს თავს და მიაქვს სახლში, შემდეგ ძლიან დიდ ჯოხზე დაარჭობენ თავს და დააყენებენ სახლს ზემოთ, მასზე ბევრად უფრო მაღლა, მეტ წილად საკვამურის ზემოთ. ისინი ამბობენ, რომ ესენი მთელი იმ სახლის მცველები არიან, რომლის ზემოთაც დააყენეს. ტავრები ცხოვრობენ ყაჩაღობითა და ომებით.
ხოლო აგათირსები წყნარი ხალხია და დიდი ხალისით ატარებენ ოქროს ნივთებს. ქალებთან უერთიერთობა მათ საერთო აქვთ. ეს იმისთვის, რომ ისინი ერთმანეთის ძმები იყვნენ და ყველანი ერთმანეთის ნათესავები; არც შური ჰქონდათ და არც მტრობა ერთმანეთის მიმართ. თავის სხვა წეს-ჩვეულების მიხედვით ისინი თრაკიელებს ემსგავსებიან.
ნევრები სკვითური წესებს მისდევენ. დარიოსის ლაშქრობაზე ერთი თაობით ადრე ისინი იძულებული იყვნენ მთელი თავისი ქვეყანა დაეტოვებინათ გველების გამო. ეს იმიტომ, რომ ჯერ მათ ქვეყანაში გაჩნდა ძალიან ბევრი გველი და კიდევ უფრო ბევრი ზემოდან, უდაბნოებიდან ჩამოვიდა. ისე, რომ შევიწროვებულმა ნევრებმა მიატოვეს თავიანთი ქვეყანა და დასახლდნენ ბუდინებთან ერთად. ხალხს ჰგონია, რომ ისინი გრძნეულები არიან. რადგან სკვითები და ელინები, რომლებიც სკვითიაში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ თითოეული ნევრი მგლად იქცევა რამდენიმე დღით და შემდეგ ისევ თავისსავე სახეს ღებულობს. ამას მეუბნებიან, მე კი არ მჯერა, თუმცა, ამბობენ და თანაც ფიცულობენ.
ყველა ადამიანთა შორის საგანგებოდ ველური ჩვევები აქვთ ანდროფაგებს: ისინი არც სამართალს სცნობენ და არც რაიმე კანონს მისდევენ. ისინი მომთაბარეები არიან, ტანისამოსს ატარებენ სკვითურის მსგავსს, ხოლო ენა კი საკუთარი აქვთ. ამ ხალხებიდან მხოლოდ ესენი სჭამენ ადამიანის ხორცს.
ყველა მელანქლაინები შავ ტანსაცმელს ატარებენ, ამის გამო აქვთ მათ ეს სახელიც, ხოლო ჩვეულებებს სკვითურს მისდვენ.
ხოლო ბუდინები დიდი და მრავალირცხოვანი ტომია: ისინი ლურჯთვალება და წითურთმიანები არიან. მათში არის აგებული ერთი ხის ქალაქი; ამ ქალაქის სახელია გელონოსი. გალავნის თითოეული კედლის სიგრძე არის 30 სტადიონი. ის მაღალია და მთლად ხისაა, მათი სახლებიც ხისაა და სალოცავებიც. იქ არის ელინთა ღმერთების სალოცავები, ელინური ქანდაკებებით, საკურთხევლებითა და ხის ტაძრებით, ხოლო დიონისეს ყოველ მესამე წელს უხდიან დღეობას. ეს იმიტომ, რომ გელონები თავდაპირველად ელინები იყვნენ, წამოვიდნენ ზღვისპირა ქალაქიდან და დასახლდნენ ბუდინებში. ზოგი მათგანის ენა სკვითურია, ზოგის - ელინური.
ხოლო ბუდინები იმ ენაზე არ ლაპარაკობენ, რომელზედაც გელონები, არც ცხოვრება აქვთ ისეთი, როგორიც გელონებს. ბუდინები ამ ქვეყნის მკვიდრნი არიან, მომთაბარეობენ და აქ მცხოვრებ ხალხთა შორის მხოლოდ ესენი არიან გირჩისმჭამელები. გელონები კი მიწათმოქმედნი არიან, სჭამენ პურს, აშენებენ ბაღებს და არაფრით ჰგვანან ბუდინებს, არც შესახედავად და არც ფერით. თუმცა ელინები ბუდინებსაც გელონებს უწოდებენ, მაგრამ სწორედ არ უწოდებენ. მთელი მათი ქვეყანა სხვადასხვაგვარი ტყით არის დაფარული. უდიდეს ტყეში არის დიდი ტბა, გარშემორტყმული ჭაობითა და ლერწმით. ამ ტბაში იჭერენ წავებს, თახვებსა და სხვა ოთხკუთხა დინგიან ცხოველებს, რომელთა ტყავსაც ტყაპუჭებს აკერებენ, ხოლო მათი კვერცხები ბუნდინებს საშვილოსნოს სამკურნალო საუკეთესო საშუალებად მიაჩნიათ.
სავრომატების შესახებ შემდეგს მოგვითხრობენ: როდესაც ელინები ამაძონებს ებრძოდნენ (სკვითები ამაძონებს უწოდებენ „ობორპატა“-ს, ელინურ ენაზე ეს სახელი ნიშნავს „კაცთმკვლელებს“, რადგან „ობორ“ აღნიშნავს მამაკაცს, ხოლო „პატა“ მოკვლას), მაშინ თერმოდონტთან ბრძოლაში ელინებმა გაიმარჯვეს, გამოცურეს უკან და წამოიყვანეს სამი ხომალდი ამაძონები, რომლების შეპყრობაც შეიძლეს. ამაძონები ზღვაში დაესხნენ მათ თავს და ამოხოცეს მამაკაცები. ხომალდებისა მათ არა იცოდნენ რა, არც საჭეების ხმარება იცოდნენ, არც აფრებისა და ნიჩბებისა, ისე რომ მამაკაცები რომ ამოხოცეს, ამაძონები მიენდვნენ ტალღებსა და ქარს და მიაღწიეს კრემნოს, მაბეტისის ტბაზე, ხოლო კრემნო თავისუფალი სკვითების ქვეყანაშია. აქ გადმოვიდნენ ამაძონები ხომალდებიდან და ახლა ხმელეთზე იარეს დასახლებულ ადგილამდის. შეხვდნენ თუ არა პირველსავე ცხენების ჯოგს, მოიტაცეს, ამხედრდნენ და დაიწყეს ყაჩაღობა სკვითების ქვეყანაში.
ხოლო სკვითებს არ შეეძლოთ აეხსნათ რა მოხდა, რადგან არც ენა იცოდნენ მათი, არც ტანსაცმელს სცნობდნენ და არც ტომს და გაოცებული იყვნენ, საიდან მოვიდნენ ისინი; ეგონათ, რომ ამძონები მამაკაცები იყვნენ, მხოლოდ ასაკით ნორჩნი და ბრძოლა გაუმართეს მათ. ბრძოლაში სკვითებმა გვამები ჩაიგდეს ხელში და ეგრე შეიტყვეს, რომ ისინი ქალები იყვნენ. სკვითებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ მოეკლათ ამაძონები, ის კი არა, თავისი წრიდან გაგზავნეს ამაძონებთან ყვლაზე უფრო ახალგაზრდა, იმავე რაოდენობით, რამდენნიც ამაძონები იყვნენ. ახალგაზრდები უნდა დაბანაკებულიყვნენ ამაძონების მახლობლად და გაეკეთებინათ ის, რასაც ქალები გააკეთებდნენ. ხოლო თუ ამაძონები მათ დაედევნებოდნენ, ახალგაზრდები კი არ უნდა შებრძოლებოდნენ, არამედ უნდა გაქცეულიყვნენ. ხოლო როდესაც ამაძონები შეწყვეტდნენ დევნას, ახალგაზრდები უნდა მისულიყვნენ ახლოს და დაებანაკებინათ. ასე გადაწყვიტეს სკვითებმა, რადგანაც უნოდათ, რომ ამ ქალებისაგან შვილები ჰყოლოდათ.
გაგზავნილმა ჭაბუკებმა გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ, ხოლო როდესაც შეატყვეს მათ ამაძონებმა, რომ ისინი სრულიადაც არ არიან სამტროდ მოსულნი, ხელი არ ახლეს. ყოველდღიურად მათი ბანაკი ამაძონების ბანაკთან სულ უფრო ახლოს მიდოდა. ჭაბუკებს ისევე, როგორც ამაძონებს არაფერი ჰქონდათ, გარდა იარაღისა და ცხენებისა. ამიტომ ჭაბუკებიც იმავე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რომლითაც ამაძონები, ე. ი. ნადირობდნენ და ყაჩაღობდნენ.
ამაძონები შუადღისას იფანტებოდნენ ცალ-ცალკე ან ორ-ორად და ერთმანეთისგან შორს სხდებოდნენ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სკვითებმმა ეს შეიტყვეს და დაიწყეს თვითონაც ამის კეთება. ერთი ჭაბუკი განმარტოვდა და ამაძონთაგან ერთ-ერთს მიუახლოვდა, ამაძონმა არ გააძევა და ნება დართო მასთან დაწოლილიყო. ქალს ლაპარაკი არ შეეძლო (რადგანაც არ იცოდნენ ერთმანეთის ენა), მაგრამ ხელით ანიშნა, რომ მეორე დღეს მოსულიყო ამავე ადგილას და მეორე კაციც მოეყვანა, ანიშნა, რომ ორნი იქნებიან, რომ თვითონაც მეორე ქალს მოიყვანს. ჭაბუკი წავიდა და უთხრა ყველაფერი დანარჩენებს. მეორე დღეს მოვიდა ამავე ადგილას თვითონ და მეორეც მოიყვანა, ნახა ამაძონი და მასთან ერთად მეორეც, რომელიც მათ ელოდებოდნენ, დანარჩენმა ჭაბუკებმა რომ შეიტყვეს, თვითონაც მიიჩვიეს დანარჩენი ამაძონები.
შემდეგ შეაერთეს ბანაკები და დასახლდნენ ერთად. თითოეულ ჭაბუკ ჰყავდა ის ქალი, რომელთნაც პირველად იწვა. კაცებმა ვერ შეძლეს ქალების ენის სწავლა, ქალები კი იგებდნენ კაცების ენას. როდესაც გაიგეს ერთმანეთის, შემდეგ უთხრეს ამაძონებს კაცებმა: „ჩვენ გვყვანან მშობლები, გვაქვს ჩვენი ქონებაც. ახლა მეტი აღარ შეგვიძლია ასეთი ცხოვრება, როგორიც ამდენ ხანს გვაქვს. წავიდეთ და მათთან ერთად ვიცხოვროთ. ცოლებად კი თქვენ გვეყოლებით და სხვა არავინ“. ამაძონებმა ამის საპასუხოდ უთხრეს შემდეგი: „ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება თქვენ ქალებთან ერთად, რადგანაც ჩვენ და მათ ერთი და იგივე ჩვეულებები არა გვაქვს. ჩვენ ვმშვილდოსნობთ კიდევაც, შუბსაც ვისვრით და ვჯირითობთ, ხოლო ქალური საქმეები არ გვისწავლია. თქვენმა ქალებმა კი აქედან, რაც ჩამოვთვალეთ, არაფრის კეთება არ იციან, აკეთებენ ქალურ საქმეებს და რჩებიან ურმებში. არც სანადიროდ გადიან და არც სხვაგან სადმე. ამიტომაც არ შეგვიძლია ჩვენ მათთან შეთანხმება. ხოლო თუ თქვენ გინდათ, რომ ჩვენ გყავდეთ ცოლებად და აპირებთ, რომ იყვეთ სამართლიანები, წადით მშობლებთან, მიიღეთ ქონებიდან თქვენი წილი, შემდეგ მოდით და ვიცხოვროთ ჩვენთის“.
ჭაბუკებმა დაუჯერეს და ასე მოიქცნენ. როდესაც მიიღეს თავისი კუთვნილი წილი ქონებიდან, მოვიდნენ უკან ამაძონებთან და ქალებმა უთხრეს მათ შემდეგი: „შიშსა და ძრწოლას შევუპყრივართ ჩვენ. თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ იმ ადგილას, სადაც თქვენ თქვენი მამები გაძარცვეთ. ხოლო ჩვენ ამდენი ვავნეთ თქვენს მიწა-წყალს, ხოლო თუ თქვენ ღირსად მიგაჩნივართ თქვენი ცოლობისა, მოდით, ასე ვქნათ: ავდგეთ და წავიდეთ ამ ქვეყნიდან და დავსახლდეთ მდინარე ტანაისს გადაღმა“. ჭაბუკებმა ესეც დაუჯერეს მათ.
გადავიდნენ ტანაისზე და მზის აღმოსავლისაკენ გაიარეს სამი დღის სავალი გზა ტანაისიდან. ხოლო სამი დღე იარეს მაბტესის ტბიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. მივიდნენ იმ ქვეყანაში, რომელშიც ახლაც ცხოვრობენ და იქ დასახლდნენ. სავრომატების ქალები ამ დროიდან მოკიდებული ისეთსავე ცხოვრებას ეწევიან, როგორც ძველად, სანადიროდ გადიან ცხენებზე ამხედრებულები, ქმრებთან ერთად და უქმრებოდ. მიდიან სომრად და იმავე ტანსაცმელს იცვამენ, რომელსაც მათი ქმრები ატარებენ.
სავრომატები სკვითების ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ძველთაგანვე ამახინჯებენ მას, რადგანაც ამაძონებმა ის კარგად ვერ ისწავლეს. ქორწინების საკითხები მათთან ასე წყდება. ვერც ერთი ქალწული იმაზე უწინ ვერ გათხოვდბა, ვიდრე არ მოჰკლავს მტერს - მამაკაცს. ზოგიერთი ქალი მოხუცებული, მაგრამ გაუთხოვარი კვდება, რადგან ვერ შეძლო ამ კანონის შესრულება.
როდესაც ზემოჩამოთვლილი ტომების ბასილევსები შეიკრიბნენ, მოვიდნენ მათთან სკვითების მოციქულები და შეატყობინეს, რომ სპარსელებმა მას მერე, რაც იმ მატერიკზე ყველაფერი დაიმორჩილა, ხიდი გასდო ბოსფორის ყელზე და გადავიდა მეორე მატერიკზე, გადმოვიდა და დაიმორჩილა თრაკიელები, და ხიდს სდებს მდინარე ისტროსზე, რადგან სურს მთელი ეს მხარეც თავისი ქვეშევრდომი გაიხდოს. მათ თქვეს: „არ დაგვღუპოთ და არავითარ შემთხვევაში არ გვიღალატოთ, შეთანხმებულად წინააღვუდგეთ თავდამსხმელს. თქვენ ხომ არ იზმათ ამას? თუ დაგვეტოვებთ, მაშინ იძულებული ვიქნებით ან დავტოვოთ ქვეყანა, ანდა დავრჩეთ და დავუზავდეთ მოწინააღმდეგეს. აბა, რა მოგვივა, თუ თქვენ არ მოინდომებთ ჩვენს დახმარებას? ამით არც თქვენ შეგიმსუბუქდებათ მდგომარეობა, რადგან სპარსელი ისევე წამოვა თქვენს წინააღმდეგ, როგორც წამოვიდა ჩვენზე; ის არ დასჯერდება ჩვენს დამორჩილებას და მერე თქვენ მოგადგებათ. მე ერთ სარწმუნო საბუთს მოგიტანთ ჩვენი აზრის სასარგებლოდ: თუ სპარსელემა ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ ილაშქრა, რომ სამაგიერო გადაეხადა ჩვენთვის სპარსელთა უწინდელი დამონებისათვის, მაშინ მას ყველა სხვისთვის თავი უნდა დაენებებინა და გაელაშქრა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, და ყველასათვის გამოეცხადებინა, რომ სკვითების წინააღმდეგ მიდის და არა ვისიმე წინააღმდეგ. ახლა კი ჩვენს მატერიკაზე გადმოსვლისთანავე შეუდგა ყველას დამორჩილებას, ვინც კი გზაზე გადაეყარა. აი, ასე გახდნენ მისი ქვეშევრდომები თრაკიელები და ჩვენი მეზობლები, გეტები“.
როდესაც სკვითებმა ეს გამოაცხადეს, ითათბირეს ამ ტომთა ბასილევსებმა და მათი აზრი გაიყო: გელონების, ბუდინების და სავრომატების ბასილევსები დაეთანხმნენ და შეპირდნენ შველას, ხოლო აგათირსოსების, ნევროსების, ანდროფაგოსების, მელანქლაინთა და ტავართა ბასილევსებმა სკვითებს შემდეგი მიუგეს: „თქვენ რომ პირველები არ მოქცეულიყავით უსამართლოდ სპარსელების მიმართ და არ დაგეწყოთ ომი, რასაც თქვენ ახლა თხოულობთ და ამბობთ, ის ჩვენ სწორად მოგვეჩვენებოდა, დაგიჯერებდით და თქვენსავით მოვიქცევოდით, მაგრამ თქვენ იმათ ქვეყანაში შეიჭერით უჩვენოდ და გეპყრათ სპასელები იმდენ ხანს, სანამ ღმერთმა დაგრთოთ ნება. ახლა კი, როდესაც ისინი გამოაღვიძა იმავე ღმერთმა, სამაგიეროს გიზღავენ თქვენ; ხოლო ჩვენ არც ოდესმე მოვქცევივართ ამ ხალხს უსამართლოდ, არც ახლა შევეცდებით პირველები რომ უსამართლოდ მოვექცეთ. თუ სპარსელი ჩვენს ქვეყანაში დაგვესხა თავს და დაიწყო უსამართლოდ მოქცევა, მაშინ არც ჩვენ გავჩერდებით. ჯერჯერობით კი ვუყურებთ ამას და ვართ ჩვენთვის, რადგანაც ვფიქრობთ, რომ სპარსელები ჩვენ კი არ დაგვესხმიან თავს, არამედ უსამართლობის მიზეზით“.
როდესაც ეს მოისმინეს და შეიტყვეს სკვითებმა, გადაწყვიტეს, რომ პირისპირ შებმას თავს აარიდებენ, რადგან ეს ხალხი მათ მოკავშირეებად არ უხდებიან, გაიპარებიან ჭებისაკენ და რომელსაც გვერდით ჩაუვლიან, იმასაც და წყაროებსაც მიწას მიაყრიან, ბალახს კი მიწიდან მოსთხრიან. თვითონ ამასობაში ორად გაიყვნენ. ერთ ნაწილს, რომლის მეფეც იყო სკოპასისი, შეუთერთდნენ სავრომატები. თუკი სპარსელები მათ თავს დაესმხოდა, უნდა შეეტყუებინათ ის და გაქცეულიყვნენ მაბტესის ტბის გასწვრივ, პირდაპირ მდინარე ტანაისისკენ, ხოლო თუ სპარსელი გაბრუნდებოდა, უნდა დასდევნებოდნენ. ეს იყო სამეფოს ერთი ნაწილი და მდებარეობდა იმ გზაზე, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკე. სამეფოს ორი სხვა ნაწილი, მეორე დიდი, რომელსაც მართავდა იდანთირსოსი და მესამე, რომელზედაც მეფობდა ტაქსაკისი, უნდა შეერთებოდნენ ეთსა და იმავე ადგილას გელონებსა და ბუდინებს; ესენიც ერთი დღის სავალი გზით წინ უნდა ყოფილიყვნენ სპარსელებზე, უკან უნდა დაეხიათ. მოეტყუებინათ სპარსელები და ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც გადაწყვიტეს. პირველად ისინი უნდა შეჭრილიყვნენ პირდაპირ იმ ქვეყნებში, რომლებმაც უარი თქვეს მათ მოკავშირეობაზე, რომ ჩაებათ ისინი ომში (რადგან თუ მათ თავისი ნებით არ ინდომეს სპარსელებთან ომი, უნებურად მაინც ეომათ). ამის მერე ისინი დაბრუნდებოდნენ თავის ქვეყანაში და შეესეოდნენ მტერს, თუკი გადწყვეტდნენ დათათბირებისას ამას.
სკვითებმა რომ ეს გადაწყვიტეს, გაემართნენ დარიოსის ლაშქრის შესახვედრად, მაგრამ ისე, რომ წინამორბედებად საუკეთესო მხედრები გაგზავნეს. ურმები, რომლებშიც ცხოვრობდნენ ბავშვები და ქალები, აგრეთვე მთელი საქონელი (გარდა იმისა, რაც საკმარისი იყო მათ გამოსაკვებად; ეს თავისთვის დაიტოვეს) და სხვა ყველაფერი, ურმებთან ერთად დააწინაურეს და განკარგულება მისცეს, სულ მუდამ ჩრდილოეთისაკენ ევლოთ.
ეს ყველაფერი წინ წავიდა, ხოლო სკვითების წინ წარგზავნილმა მხედრებმა სპარსელები ისტროსიდან დაახლოებით სამი დღის სავალზე აღმოაჩინეს. აღმოჩენილთ ერთი დღის სავალი გზით გადაუსწრეს და დაიბანაკეს, თანაც ისე, რომ ყველაფერი, რაც დედამიწაზე იზრდებოდა, ერთიანად გაანადგურეს. სპარსელებმა რომ დაინახეს სკვითების მხედრობა, კვალდაკვალ მიჰყვნენ, ისინი კი სულ უკან იხევდნენ. შემდეგ სპარსელები პირდაპირ ერთი ნაწილისაკენ გაემართნენ და დაედევნენ მას აღმოსავლეთისაკენ, ტანაისისკენ, როდესაც სკვითები გავიდნენ ტანაისზე, სპარსელებიც გადავიდნენ და დაედევნენ მათ, ვიდრე არ გადაიარეს სავრომატების ქვეყანა და არ მიაღწიეს ბუდინების მიწა-წყალს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც სპარსელები სკვითიისა და სავრომატების ქვეყანაზე მიდიოდნენ, ვერაფრის გაჩანაგება ვერ მოახერხეს, რადგანაც ქვეყანა უკვე გაუდაბურებული იყო, ხოლო როდესაც ბუდინების ქვეყანაში შეიჭრნენ, იქ ნახეს ხის გალავანი (რომელიც დაეტოვებინათ ბუდინებს და დაცარიელებული იყო) და გადასწვეს ის. ეს გააკეთეს და წავიდნენ წინ, მიჰყვნენ მტერს კვალდაკვალ, ვიდრე არ გადაიარეს ეს ქვეყანა და არ მიაღწიეს უდაბნოს. ამ უდაბნოში ადამიანთაგანი არავინ ცხოვრობს: ის მდებარეობს ბუდინების ქვეყნის ზემოთ და მისი გადალახვა შეიძლება 7 დღეში. უდაბნოს ზემოთ ცხოვრობენ თისაგეტები, მათი ქვეყნიდან მოედინება 4 დიდი მდინარე, რომლებიც მაბტესების ქვეყნის გავლით ერთვიან ეგრეთ წოდებულ მაბტესის ტბას. მათ ეწოდებათ შემდეგი სახელები: ლიკოსი, ოაროსი, ტანაისი, სირგისი.
როდესაც დარიოსი მივიდა უდაბნოში, შეაჩერა ლაშქრობა და ჯარი მდინარე ოაროსთან დააყენა. შემდეგ 8 დიდი კედელი ააშენა, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით, დაახლოებით ასე, 60 სტადიონით დაშორებული. ამ კედლების ნანგრევები ჩემ დრომდეც კი იყო შერმორჩენილი. სანამ დარიოსი ამით იყო გართული, მის მიერ დევნილმა სკვითებმა ზემოდან შემოუარეს და დაბრუნდნენ სკვითიაში. ასე გაუჩინარდნენ ისინი სრულიად და მეტი აღარ გამოჩენილან. მაშინ დარიოსმა მიანება თავი ნახევრადაგებულ კედლებს, ხოლო თვითონ უკან გაბრუნდა და წავიდა დასავლეთისაკენ, რადგან ფიქროდა, რომ ისინი ყველანი სკვითები არიან და გარბიან დასავლეთისაკენ.
დარიოსმა საჩქაროდ წაიყვანა ლაშქარი, ისე რომ სკვითიას მიაღწია და წააწყდა სკვითების ორ ნაწილს: რომ შეხვდა, დაედევნა, სკვითები კი ერთი დღის სავალზე უსწრებდნენ წინ.
რადგანაც დარიოსი არ ანელებდა თავდასხმას, სკვითები თავის გადაწყვეტილების მიხედვით გარბოდნენ იმ ქვეყნებში, რომელთაც უარი უთხრეს მოკავშირეობაზე, ხოლო პირველი მათ შორის იყო მელანქლაინების ქვეყანა. შეიჭრნენ ამ მხარეში და დაარბიეს მოსახლეობა, სკვითებმა და სპარსელებმაც.
შემდეგ სკვითები წავიდნენ ანდროფაგების ქვეყანაში, როდესაც ააღელვეს აქაურობაც, თავს დაესხნენ ნევრიდას; ნევრებიც რომ ააღელვეს, სკვითები აგათირსებში გაიქცნენ. აგათირსები ხედავდნენ, რომ მათი მეზობლები გააქციეს და შეაშფოთეს სკვითებმა, ისე რომ, იმაზე უწინ, ვიდრე სკვითები შეიჭრებოდნენ მათ ქვეყანაში, გაგზავნეს აგათირსებმა სკვითებთან მოსალაპარაკებლად მაცნე, რომ არ გადასულიყვნენ მათ საზღვრებს, თანაც გააფრთხილეს, რომ თუ შეეცდებოდნენ სკვითები შემოსვლას, მათ პირველად აგათირსებთან მოუხდებოდათ ბრძოლა. აგათირსებმა ეს შეუთვალეს და თან მაშველი რაზმები გაგზავნეს საზღვრებზე, რადგან გუნებაში ჰქონდათ თავდამსხმელების უკუგდება. მელანქალინებმა, ანდროფაგებმა და ნევრებმა როდესაც შეიჭრნენ მათთან სპარსელები სკვითებთან ერთად, არც კი დაიცვეს თავი. დაივიწყეს მუქარა და შეშფოთებული გაიქცნენ ჩრდილოეთისაკენ, უდაბნოში, ხოლო სკვითები აგათირსების მხრეში აღარ შესულან, რაკიღა აგათირსებმა მათ თავის სათქმელი უთხრეს და ნევრიდის ქვეყნიდან სპარსლები თავის სამფლობელოში წამოიყვანეს.
რადგან ეს ამბავი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და აღარ გათავდა, დარიოსმა გაუგზავნა მხედარი სკვითების მეფეს, იდანთირსოსს და შეუთვალა შემდეგი: „შე უბედურო, რას მირბიხარ, ხომ შეგიძლია ორში ერთი გამოარჩიო და ის გააკეთო? თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ჩემს ძლევამოსილებას წინაღუდგე, დადექი, შეწყვიტე ხეტიალი და იბრძოლე, ხოლო თუ შენ თავი უფრო სუსტად მიგაჩნია, მაშინაც უნდა შეწყვიტო სირბილი, მიართვა შენს უფალს საჩუქრად მიწა-წყალი და ეახლო მოსალაპარაკებლად“.
ამაზე სკვითების მეფემ, იდანთირსოსმა შეუთვლა: „სპარსელო, ჩემი საქმე ასეა: შეშინებული უწინ არავის გავქცევივარ და არც ახლა გაგირბი შენ. არაფერი ახალი არ გამიკეთებია ახლა იმასთან შედარებით, რასაც მშვიდობის დროს ვაკეთებ ხოლმე ჩვეულებრივ, ხოლო იმასაც აგიხსნი თუ რატომ არ გებრძვი ახლავე. ჩვენ არა გვაქვს არც ქალაქები და არც ბაღები, რომ მათი აღების ან გაჩეხვის გვეშინოდეს და ამის გამო სასწრაფოდ ომი გავაჩაღოთ თქვენთან. ხოლო თუ თქვენთვის სრულიად აუცილებელია სასწრაფოდ ომში ჩამბმა, ჩვენ გვაქვს მამაპაპათა სამარხები. მოდით, მოძებნეთ ისინი, შეეცადეთ მათ დანგრევას და მაშინ შეიტყობთ, შეგებრძოლებით ამ სამარხების გამო, თუ არ შეგებრძოლებით. ხოლო ამაზე უწინ, გონება გვიკარნახებს, რომ არ შეგებრძოლოთ თქვენ. რაც შეეხება ომს, საკმარისი ითქვა მის შესახებ, ხოლო მე ჩემს მეუფებად მიმაჩნია მხოლოდ ზევსი, ჩემი წინაპარი და ჰისტიე, სკვითების დედოფალი. შენ კი, მიწის და წყლის ნაცვლად ისეთ საჩუქრებს გამოგიგზავნით, რაც შეგფერის, ხოლო შენ თავს ჩემს მეუფეს რომ უწოდებ, ამის სანაცვლოდ მითქვამს იტირებს მეთქი“. ეს იყო სკვითების სიტყვა.
მაცნე წავიდა და მიუტანა ეს ამბავი დარიოსს, ხოლო სკვითების მეფეები სიბრაზით აღივსნენ დამონებაზე ლაპარაკი რომ მოისმინეს. ის ნაწილი, რომელშიც სკვითებთან ერთად სავრომატებიც იყვნენ და რომელსაც განგებდა სკოპასისი, გაგზავნეს იონიელებთან და უბრძანეს მოლაპარაკებოდნენ იონიელებს, რომლებიც ისტროსზე გადებულ ხიდს დარაჯობდნენ, ხოლო დარჩენილმა სკვითებმა გადაწყვიტეს, რომ სპარსელებს აღარ აუბნევდნენ გზას და გამუდმებით დაესხმოდნენ თავს, როდესაც ისინი პურის საჭმელად დასხდებოდნენ. მართლაც, როგორც კი შენიშნავდნენ, რომ დარიოსის ლაშქარი პურის საჭმელად იჯდა, იმას აკეთებდნენ, რაც გადაწყვიტეს. სკვითების მხედრობა სპარსელების მხედრობას მუდამ დაიფრენდა ხოლმე, სპარსელთა მხედრები გარბოდნენ და ქვეით ჯარს ერეოდნენ, ქვეითი კი მათ იცავდა. სკვითები გარეკავდნენ მხედრობას და მერე უკან ბრუნდებოდნენ, რადგან ქვეითი ჯარის ეშინოდათ. ამის მსგავს თავდასხმებს სკვითები ღამღამობით ახდენდნენ.
დიდად საკვირველი რამ უნდა ვთქვა, თუ რა დაეხმარა სპარსელებს და რა შეუშალა ხელი სკვითებს, როცა ისინი დარიოსის ბანაკს დაესხნენ თავს - ეს იყო ვირების ყროყინი და ჯორების შესახედაობა. რადგან, როგორც უწინ ვთქვი, სკვითების ქვეყანაში არც ვირებია და არც ჯორები. სკვითიის მთელ მხარეში ყინვების გამო სრულიად არ არის არც ვირი და არც ჯორი. ვირებმა თავისი ჩოჩქოლით შეაშფოთეს სკვითების მხედრობა. ყოველთვის, როდესაც სკვითები თავს დაესხმოდნენ სპარსელებს, გაგონებდნენ თუ არა სკვითების ცხენები ვირების ყროყინს, შეშფოთდებოდნენ და უკან იხევდნენ, ყურებს ცქვეტდნენ, რადგან უწინ არც ასეთი ხმა მოესმინათ და არც ასეთი შესახედაობის სულგდმული ენახათ. ამ გარემოებამ სპარსებს ომში ცოტა რამ შეღავათი მისცა.
როდესაც სკვითებმა დაინახეს, რომ სპარსელები შეშფოთებულები არიან, იმისათვის, რომ ისინი, რაც შეიძლება მეტხანს გაეჩერებინათ სკვითიაში და ყოველმხრივ გასაჭირში ემყოფებინათ, ასე მოიქცნენ: ისინი თავისი საკუთარი საქონლის ნაწილს მწყმსებიანად უკან იტოვებდნენ, თვითონ კი ადგილს ინაცვლებდნენ. სპარსელები შემოიჭრებოდნენ, დაიტაცებდნენ საქონელს და თავისი ქცევით ძალიან კმაყოფილი რჩებოდნენ.
ამისთანა ამბავი მრვალგზის განმეორდა და ბოლოს დარიოსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა; სკვითების მეფეებმა ეს შეიტყვეს და გაუგზავნეს დარიოსს მოციქული საჩუქრებით - ფრინველით, თაგვით, ბაყაყით და 5 ისრით. სპარსელები საჩუქრების მომტანს შეეკითხნენ საჩუქრების აზრის შესახებ, ხოლო მან თქვა, რომ სხვა არაფერი დაუვალებიათ მისთვის, გარდა იმისა, რომ მოიტანოს ეს საჩუქრები და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს უკან. ამასთანავე მან უთხრა სპარსელებს, რომ თუ ისინი ჭკვიანები არიან, თვითონ გამოიცნონ, რას მოასწავებს ეს საჩუქრები. ეს რომ მოისმინეს სპარსლებმა, დაიწყეს თათბირი.
დარიოსის აზრით, სკვითები თვითონ ბარდებოდოდნენ მას და აძლევდნენ მიწასაც და წყალსაც, ამას ასკვნიდა დარიოსი იმის საფულძველზე, რომ მისი განამარტებით თაგვი მიწაში ცხოვრობს და იკვებება იმავე ნაყოფით, რომლითაც ადამიანი, ბაყაყი წყალში ცხოვრობს, ფრინველი განსაკუთრებით წააგავს ცხენს, ხოლო ისრები სკვითების საკუთარ სიმამაცეზე მიუთითებენ. დარიოსმა რომ ეს აზრი წამოაყენა, მას გობრიესი დაუპირისპირდა, ერთი იმ შვიდ ვაჟკაცთაგანი, რომლებმაც დაამხეს მოგვი. მან ასე ახსნა საჩუქრები: „სპარსელებო, თუ თქვენ ფრინველებად არ იქცევით და ცაში არ აფრინდებით, ან თაგვებად არ იქცევით და მიწაში არ ჩაძვრებით, ან ბაყაყებად არ იქცევით და ტბებში არ ჩახტებით, ამ ისრებით ამოხოცილები უკან ვეღარ დაბრუნდებით“.
ასე ხსნიდნენ სპარსელები საჩუქრების მნიშვნელობას, ხოლო სკვითთა ერთმა ნაწილმა, რომელიც უწინ მაბტესის ტბასთან იყო მის დასაცავად დაყენებული, ხოლო ახლა ისტროსთან გაიგზავნა იონიელთა მოსალაპარაკებლად, ხიდს რომ მიაღწია, ასე თქვა: „იონიელებო, ჩვენ მოვედით და მოგიტანეთ თავისუფლება, თუკი მოინდომებთ, რომ მოგვისმინოთ. ჩვენ შევიტყვეთ, რომ დარიოსმა გიბრძანათ, მხოლოდ 60 დღეს დაიცვათ ხიდი, ხოლო თუ ამ დროისათვის არ დავბრუნდები, შეგიძლიათ თქვენს სამშობლოში წახვიდთო. თუ ახლა თქვენ ასე მოიქცევით, არც მის წინაშე იქნებით დამნაშავე და არც ჩვენს წინაშე: მოიცადეთ დათქმულ ვადამდე და ამის შემდეგ წადით“. ხოლო როდესაც იონიელებმა აღუთქვეს, რომ ასე გააკეთებენ, სკვითები სასწრაფოდ გაბრუნდნენ უკან.
დარიოსს რომ გაუგზავნეს საჩუქრები, დარჩენილი სკვითები დაეწყვნენ დარიოსთან შესაბრძოლებლად, ქვეითებიცა და მხედრებიც, ხოლო სკვითები რომ დაეწყვნენ, უცბათ მათ შორის კურდღელმა გაირბინა. ვინც კი დაიანახა, ყველა დაედევნა კურდღელს. სკვითები რომ აირდაირივნენ და ყვირილი რომ ატყდა, დარიოსმა იკითხა მოწინააღმდეგის მღელვარების მიზეზი, როდესაც შეიტყო, რომ ისინი კურდღელს დაედევნენ, უთხრა მათ, ვისაც ჩვეულებრივ ელაპარაკებოდა ხოლმე სხვა დროსაც: „ეს ხალხი ჩვენ სულ არაფრად გვაგდებს და ახლა მგონია, რომ გობრიესმა სკვითების საჩუქრების შესახებ სწორედ ილაპარაკა. ახლა მეც იმავე აზრისა ვარ, როგორისაც ის იყო და საჭიროა კარგი თათბირი იმისთვის, რომ უკან დაბრუნება უხიფათოდ შევძლოთ“. ამაზე გობრიესმა თქვა: „მეფეო, გადმოცემის მიხედვით წინათაც ვიცოდი დაახლოებით თუ რა ძნელი იყო ამ ხალხთან ურთიერთობა, ხოლო აქ რომ მოვედი, კარგად გავიგე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ გვამასხარავებენ ისინი ჩვენ. ახლა კი ასე ვფიქრობ: დაღამებისთანვე დავანთოთ ბევრი კოცონი, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებდით ხოლმე, რომ გაჭირვების ყველაზე ნაკლებად ამტანი ჯარისკაცები მოვატყუოთ, დავაბათ სახედრები და წავიდეთ აქედან მანამ, ვიდრე სკვითები ისტროსთან არ მოსულან ხიდის ასაშლელად, ანდა იონიელებს არ მოუფიქრებიათ რაიმე ჩვენს დასაღუპავად“. ეს ურჩია გობრიესმა.
ხოლო ღამე რომ დადგა, დარიოსი მართლაც შეუდგა ამ რჩევის შესრულებას: დავარდნილი ხალხი, რომლის დაღუპვასაც ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა მისთვის, და ყველა სახედარი, რომელიც შეკრა, დატოვა იქვე, ბანაკში; ხოლო სახედრები და დასუსტებული მოლაშქრეები იმისათვის დატოვა, რომ სახედრებს ყროყინი აეტეხათ, ადამიანები კი თავიანთი უძლურების გამო იყვნენ დატოვებული; ცხადია, დარიოსი იმას იმიზეზებდა, თითქოს ჯარის რჩეული ნაწილით აპირებდა სკვითებზე თავდასხმას, ხოლო ამათ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბანაკი უნდა დაეცვათ. დარიოსმა დარჩენილებს დაუბარა, რომ დაენთოთ კოცონი და თვითონ სასწრაფოდ წავიდა ისტროსისაკენ. ხოლო ჯარისაგან მიტოვებული სახედრები სულ უფრო და უფრო დიდი ხმით ყროყინებდნენ; სკვითებს რომ ესმოდათ სახედრების ყროყინი, სრულიად დაჯერებულები იყვნენ, რომ სპარსელები იმავე ადგილას დგანან.
მეორე დილას დარჩენილები მიხვდნენ, რომ დარიოსმა ისინი გაწირა, მათ გაიწვდინეს ხელები სკვითებისაკენ და უთხრეს, რაც ხდებოდა. მათ რომ ეს მოისმინეს, სასწრაფოდ შეიკრიბნენ, ორი ნაწილი სკვითებისა და კიდევ ერთი სავრომატებთან ერთად, ბუდინები და გელონები, და დაედევნენ სპარსელებს პირდაპირ ისტროსისაკენ. რადგანაც სპარსელთა ჯარი უპირატესად ქვეითებისაგან შედგებოდა, რომელმაც გზა არ იცოდა (გზები არც კი იყო გაჭრილი), სკვითების ჯარი კი ცხენოსანი იყო და მან იცოდა უმოკლესი გზები, ამიტომ ისინი აცდნენ ერთმანეთს და სკვითები ბევრად უფრო ადრე მივიდნენ ხიდთან, ვიდრე სპარესელები. როდესაც შეიტყვეს, რომ სპარსელები ჯერ არ მოსულიყვნენ, უთხრეს ხომალდებზე მყოფ იონიელებს: „იონიელებო, თქვენთვის მოცემული დღეების რიცხვი გავიდა და სწორედ არ იქცევით, რომ ჯერაც აქ ხართ. თუ უწინ შიშის გამო რჩებოდით, ახლა გახსენით გზა და სასწრაფოდ გაბრუნდით შინ, გაიხარეთ განთავისუფლებულებმა და იცოდეთ, რომ უნდა უმადლოთ ღმერთებსა და სკვითებს. თქვენს უწინდელ უფალს ჩვენ ისე მოვდრეკთ, რომ აღარასოდეს ილაშქრებს არც ერთ ხალხზე“.
ამ საკითხზე იონიელებმა ითათბირეს. მილტაიდეს ათენელის აზრით (რომელიც ჰელესპონტის ქერსონესელების მხედართმთავარი და ტირანი იყო), მათ უნდა დაეჯერებინათ სკვითებისათვის და გაეთავისუფლებინათ იონია. ჰისტიაბოს მილეტელი კი ამ აზრის წინააღმდეგი იყო; ის ამბობდა, რომ ამჟამად დარიოსის წყალობით თითოეული მათგანი განაგებს ქალაქს, ხოლო თუ დარიოსის ძალაუფლება დაემხობა, მაშინ არც თვითონ შეეძლება მილეტელთა მართვა და არც სხვას ვისმე რომელიმე სხვა ქალაქისა; რადგან ყოველ ქალაქს სახალხო მმართველობა ურჩევნია ტირანიის ხელისუფლებას. ჰისტიაბოსმა რომ თავისი აზრი გამოთქვა, ყველა ტირანი მაშინვე მის აზრს დაადგა, მაშინ, როდესაც წინ მილტიადესის აზრს იზიარებდნენ.
ამ თათბირზე ხმას აძლევდნენ შემდეგი ტირანები, რომელთაც მეფე საერთოდ ანგარიშს უწევდა: ჰელესპონტელთა ტირანები: დაფნის აბიდოსელი, ჰიპოკლოს ლამფსაკოსელი, ჰეროფანტოს პარიონელი, მეტროდოროს პროკონესოსელი, არისტაგორეს კიძიკოსელი და არისტონ ბიზანტიონელი. ესენი იყვნენ ჰელესპონტიდან. ხოლო იონიიდან იყვნენ: სტარტის ქიოსელი, აბაკეს სამოსელი, ლაოდამას ფოკეელი და ჰისტიაბოს მილეტელი, რომლის მიერ წამოყენებული აზრიც საწინააღმდეგო იყო მილეტიადესის აზრისა. ეოლიელთაგან წარჩინებული მხოლოდ არისტაგორეს კიმეელი იყო.
ამათ მიიღეს ჰისტიაბოსის აზრი და გადაწყვიტეს მისთვის კიდევ შემდეგი საქმე და სიტყვა მიეტევებინათ: მათ უნდა მოეშალათ ხიდის ის ნაწილი, რომელიც სკვითების მხარეზე იყო, უნდა მოენგრიათ იმ ზომაზე, რასაც გასროლილი ისარი მისწვდებოდა, რათა სკვითებისათვის მოეჩვენებინათ, თითქოს რაღაცას აკეთებენ, სინამდვილეში კი არაფერს გააკეთებდნენ, ეს იმიტომ, რომ სკვითებს ძალა არ ეხმარათ და არ მოენდომებინათ ისტროსზე გადასვლა ხიდით, ხოო როდესაც ხიდის იმ ნაწილის ნგრევაში იქნებოდნენ, რომელიც სკვითიისაკენ იყო, ეტყოდნენ მათ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ სკვითებს ასიამოვნონ. აი, ეს მიუმატეს მათ ჰისტიაბოსის აზრს, ხოლო შემდეგ ჰისტიაბოსმა ყველას მაგივრად სკვითებს შემდეგი მიუგო: „სკვითებო, თქვენ სწორედ დროზე მოხვედით და კარგი რჩევაც მოგვიტანეთ და რაკიღა კარგად წაგვმართეთ, ჩვენც საკმარისად მოგემსახურებით. როგორც ხედავთ, გადასასვლელს ვშლით და ყოველ ღონეს ვხმარობთ, რადგან გვინდა, რომ თავისუფლები ვიყოთ. სანამ ჩვენ ხიდს მოვშლით, თქვენ უნდა მოძებნოთ სპარსელები და რომ იპოვით, უნდა მიუზღათ სამაგიერო, ისე, როგორც მათ შეჰფერის, ჩვენ მაგივრადაც და თქვენ მაგივრადაც“.
სკვითებმა მეორედ დაუჯერეს იონიელებს. რომ ისინი მართალს ამბობდნენ, გაბრუნდნენ სპარსელების მოსაძებნად და სრულიად აცდნენ მათ გზას. ამაში დამნაშავენი თვითონ სკვითები იყვნენ, რადგან ამ ადგილებში მათ გაანადგურეს ცხენების საძოვრები და წყლებს მიწა წააყარეს. ეს რომ არ გაეკეთებინათ, თუკი მოინდომებდნენ, ადვილად იპოვიდნენ სპარსელებს. ახლა კი, როგორც ჩანს, ისინი სწორედ იმის გამო მოტყუვდნენ, რის გამოც ყველაზე უკეთ იბჭეს. საქმე ის იყო, რომ სკვითები თავისი ქვეყნის იმ ნაწილში დადიოდნენ და დაეძებდნენ მოწინააღმდეგეს, სადაც ცხენებისთვის საძოვარი იყო და წყალი მოიპოვებოდა და ეგონათ, რომ სპარსელებიც იმავე ადგილების გავლით გაექცეოდნენ მათ. სპარსელები კი იმავე ბილიკით მიდიოდნენ, რომლითაც უწინ ევლოთ და ასეც ძლივს იპოვეს გადასასვლელი. ღამით მიაღწიეს მათ გადასასვლელს და ხიდი რომ აშლილი დახვდათ, საშინელმა შიშმა მოიცვა ისინი, ხომ არ მიგვატოვეს იონიელებმაო.
დარიოსის ამალაში იყო ერთი ეგვიპტელი კაცი, რომელსაც ყველა ადამიანზე უფრო ძლიერი ხმა ჰქონდა. აი, ამ კაცს უბრძანა დარიოსმა დამდგარიყო ისტროსის ნაპირზე და დაეძახებინა ჰისტიაბოს მილეტელისათვის. მან ეს გააკეთა, ჰისტიაბოსმა გაიგონა პირველივე დაძახება, გამოიყვანა ყველა ხომალდი, რომ ლაშქარი გადაეყვანა და ისევ გადო ხიდი.
ასე გადარჩნენ სპარსელები. ხოლო სკვითები ჯერაც ეძებდნენ სპარსელებს და მეორედ აცდნენ მათ. სკვითებმა იონიელების შესახებ ასეთი აზრი გამოთქვეს: თავისუფალი იონიელები ყველა ხალხზე უფრო ბოროტი და არაადამიანური არიან, ხოლო თუ მათ მონებად მიიჩნევენ, მაშინ ისინი უფლისმოყვარული მსახურები ხდებიან და ყველაზე ნაკლებ განწყობილები საიმისოდ, რომ გაექცნენ თავის უფალს. აი, ასეთი რამ წასძახეს სკვითებმა იონიელებს.
დარიოსმა თრაკიაზე გადაიარა და მივიდა ქერსონესოსის სესტოსში. აქედან თვითონ ხომალდებით გადავიდა აზიაში, ხოლო ევროპაში მხედართმთავრად დატოვა მეგაბიძოსი, სპარსელი, რომელსაც დარიოსმა ოდესღაც საგანგებო პატივი სცა. მან სპარსელებში ყოფნისას ასეთი რამ თქვა: ერთხელ როდესაც დარიოსი ბროწეულის შეჭმას აპირედა, პირველივე ბროწეულის გახლეჩისას ჰკითხა მას მისმა. ძმამ არტაბანოსმა, რად უნდა მას იმდენი, რამდენი მარცვალიც არის ბროწეულში? დარიოსმა უპასუხა, რომ მას ურჩევნია ჰყავდეს ამდენი მეგაბიძოსი, ვიდრე დამორჩილებული ელადა. აი, ამ სიტყვებით სცა პატივი დარიოსმა მეგაბიძოსს სპარსელებში, ხოო ახლა დატოვა ის მხედართმთავრად და საკუთარი 80000-იანი ლაშქარი მიანდო.
სკვითების დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე
რამდენიმე ანტიკური ავტორის ცნობით ძვ.წ. IV საუკუნიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ არაქართველური ხალხები - გელონები და მელანქლაინები. მათ შესახებ კი ვრცლად ჰეროდოტე მოგვითხრობს და ამ მონათხრობს ქვემოთ მოვიტანთ. მანამდე კი იმ ცნობებს წარმოვადგენ, სადანაც ჩანს რომ აღნიშნული ტომები აფხაზეთში სახლობდნენ და დროთა განმავლობაში ადგილობრივებს შეერწყნენ:
ჰეკატეოს მილეტელი:
„მელანქლენელები სკვითური ტომია“.
ფსევდო სკილაქსი:
„აქაელების შემდეგ ცხოვრობენ ჰენიოხები. ჰენიოხების შემდეგ კორაქსები. კორაქსების შემდეგ მოდის ქვეყანა კოლიკა. კოლიკას შემდეგ (აღმოსავლეთით) არიან მელანქლაინები და მათთან არის მდინარეები მეტასორისი (მოქვი) და აიგიპიოსი (კოდორი?). მელანქლენების შემდეგ ცხოვრობენ გელონები. გელონების შემდეგ არის კოლხები, ქალაქი დიოსკურიდა, ბერძნული პოლისი გიენოსი (ოჩამჩირესთან), და მდინარე გიენოსი (ღალიძგა) და მდინარე ქერობიოსი (სიანისწყალი), მდინარე ქორესი (ენგური), მდინარე (ქ)არიუსი (ხობი), მდინარე ფასისი და ელინური ქალაქი ფასისი, და ამ მდინარეზე ზევით აყოლებით 180 სტადიონზე (33 კმ) არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა; იქ არის მდინარე რის (სუფსა), მდინარე ისის (ნატანები), მდინარე ლაისტონ (მეკობრეთა?), მდინარე აფსაროსი (ჭოროხი)“.
პლინიუს უფროსი:
„პონტოს აღმ. სანაპიროს დანარჩენი ნაწილი დასახლებულია ველური ხალხებით: მელანქლენებით, კორაქსებით, რომლებიც ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა); ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო“.
პომპონიუს მელა:
„დანარჩენი ნაწილი პონტოს ზღვის ამ სანაპიროს დასახლებულია ველური და გაუნათლებელი ხალხებით. ისინი ცხოვრობენ ღია ზღვასთან. ესენი არიან - მელანქლენები (კოდორსა და მოქვის შორის), სერები, სირაკები (სერები და სირაკები სკვითური ტომები იყვნენ და ნოვოროსიისკის რაიონში ცხოვრობდნენ), კოლიკები (გუმისთას აუზში), კორაქსები (ბზიფის შესართავის აუზში), ფთიროფაგები (ბზიფსა და ფსოუს შორის, ჰენიოხების სამხრეთით), ჰენიოხები (კავკასიის მთებში კელასურის სათავიდან შახეს სათავემდე), აქეელები (შახედან დასავლეთით), კერკეტები (აქეელების შემდეგ დასავლეთით სინდებამდე) და სინდები. უკანასკნელნი ცხოვრობენ პონტოსა (შავი ზღვის) და მეოტიდის (აზოვის ზღვის) საზღვარზე. ჰენიოხების მხარეში არის ქალაქი დიოსკურიადა“.
სტეფანე ბიზანტიელი:
„მელანქლაენებს ასე იმიტომ ეწოდებათ, რომ შავ კაბებს ატარებენ, ისევე როგორც „ჰიპემოლგებს“ ეძახიან, რადგან ცხენებს წველიან, და „მოსინიკებს" მათი ბინების გამო“.
Комментариев нет:
Отправить комментарий