რუსეთის აგრესიული კურსი კავკასიის მიმართ, უპირველეს ყოვლისა, მოტივირებული იყო ამ რეგიონის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით. რუსეთის მიერ კავკასიის წინააღმდეგ წარმოებული ხანგრძლივი კოლონიალური ომი ამ მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა. ეკონომიკური თვალსაზრისით, კავკასიის დაპყრობა რუსეთის ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას, დაეკმაყოფილებინა თავადაზნაურობის, სავაჭრო-სამრეწველო წრეების, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებისა და გენერალიტეტის მოთხოვნები. მიტაცებული მიწებისა და წიაღისეული სიმდიდრეების ექსპლუატაცია მათ შემოსავალს განუზომლად ზრდიდა, ხელს უწყობდა რუსული სავაჭრო-სამრეწველო კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას. კავკასიის დაპყრობით რუსეთი დაეპატრონებოდა შავ და კასპიის ზღვაზე გამავალ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანსპორტო გზებს, რომლებსაც უდიდესი სამხედროპოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ამავე დროს, კავკასიის დაუფლებით რუსეთი აპირებდა ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას. დაპყრობილ ტერიტორიებზე რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან კაზაკების, უმიწო გლეხების ჩასახლებით, მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიწებით დასაჩუქრებით, ხელისუფლება ფიქრობდა პოლიტიკური წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების დარეგულირებას. რუსეთის ხელისუფლებას სრულებით არ აღელვებდა, რომ ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნიდა ცხოვრების უმძიმეს პირობებს.
ჩვენ რუსული კოლონიალური პოლიტიკის საბჭოურ შეფასებას არ ვიზიარებთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მოვიყვანთ ფ. ენგელსის სიტყვებს: „Чтобы ცамодержавно господствовать внутри страны, царизм должен был быть более чем непобедимым за ее пределами; ему необходимо было непрерывно одерживать победы, он должен был уметь вознаграждать безусловную покорность своих подданных шовинистическим угаром побед, всё новыми и новыми завоеваниями“.1
რუსეთი კავკასიის კოლონიზაციას ახორციელებდა „მშვიდობიანი“ და ძალისმიერი მეთოდების ერთდროული ან ცალ-ცალკე გამოყენების გზით. რუსეთის „მშვიდობიანი“ კოლონიზაციის პოლიტიკის არსი მდგომარეობდა ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ „თავისუფალ“, „აუთვისებელ“ ტერიტორიებზე რუსების, განსაკუთრებით, კაზაკების მასობრივ ჩასახლებაში. მიტაცებულ და დაპყრობილ ტერიტორიებზე იქმნებოდა გამაგრებული დასახლებები, ციხესიმაგრეები და საკორდონო ხაზები, რომლებიც წარმოადგენდნენ საიმედო პლაცდარმებს სამხედრო-საომარი ოპერაციების ჩასატარებლად.
რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაციის პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ XVI საუკუნეში. თავიდანვე კაზაკები ხელისუფლების მიერ გამოყენებულ იქნა კოლონიური პოლიტიკის განხორციელების იარაღად. პირველად კაზაკები მოხსენიებულია XIV საუკუნის პირველ ნახევარში – მიტროპოლიტების ფილარეტისა და ალექსის სიგელებში. მოსკოვის სახელმწიფოში კაზაკობა უთანაბრდებოდა „ბოიართა შვილებს“, სამხედრო მსახურთა წოდებას და ითვლებოდა ქვეყნის ცხენოსანი ჯარის შენაერთის ნაწილად. როგორც „ბოიართა შვილების“, ასევე კაზაკების მიწათმფლობელობის უფლების მოპოვება დაკავშირებული იყო სახელმწიფო სამსახურში ყოფნასთან. ივანე III კაზაკობას სახელმწიფო სამსახურისათვის მიწებს გულუხვად ურიგებდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სამსახურისთვის გამოყოფილი მიწა არ ითვლებოდა კერძო საკუთრებად. მ. პოკროვსკი აღნიშნავდა, რომ „Казачество являлось коллективным помещиком“.2
XVI საუკუნეში მოსკოვის სახელმწიფოში მიწაზე კოლექტიური საკუთრების უფლება იყო ჩვეულებრივი მოვლენა. „До чего не привычна была Московской Руси XIV веке, – აღნიშნავს მ. პოკროვსკი, – идея личной земельной собственности, показывает нам любопытный факт, когда великий князь раздавал земли в поместья за службу, то хотя сама служба была личной, ему не пришло в голову раздавать землю тоже отдельным лицам“.3
ცნობილია, რომ თერგში კაზაკები ჩასახლდნენ XVI ს. მეორე მეოთხედში. თავდაპირველად კაზაკები პოულობდნენ მცირე ყაბარდოს თავადთა მხარდაჭერას; ყაბარდო განიცდიდა ხშირ თავდასხმებს ყირიმელი თათრების მხრიდან და აქ ჩასახლებული კაზაკები იძულებული გახდნენ, ებრძოლათ მათ წინააღმდეგ. ყირიმის თათრებისა და ყუმიყების ხშირმა თავდასხმებმა აიძულა ყაბარდოს თავადები, დახმარებისთვის მოსკოვისათვის მიემართათ. ყაბარდოელების პირველი ელჩობა მოსკოვში გაიგზავნა 1552 წელს.
ყაბარდოელები იძულებული გახდნენ, დათანხმებოდნენ ივანე მრისხანის მოთხოვნას მდინარეების სუნჯისა და თერგის შესართავთან ციხესიმაგრის აშენების შესახებ, რომელიც ცნობილი იყო ტერკას სახელით. XVIIIს. 30-იან წლებში რუსეთმა ეს ციხესიმაგრე დატოვა და თერგზე მისთვის უფრო ხელსაყრელ ადგილზე დააარსა ახალი ციხე-სიმაგრე – კიზლიარი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩრდილოეთ კავკასიის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში4.
თერგის კაზაკთა ლაშქრის შექმნის თარიღად ითვლება 1577 წელი, როდესაც მათ მდ. სუნჟის შესართავთან სასტიკად დაამარცხეს ყირიმის თათრები. 1582 წელს თერგში გადმოსახლდა ყუბანის კაზაკთა ნაწილი. რუსეთის მთავრობა კაზაკებს ამარაგებდა შეიარაღებით და ტყვია-წამლით, იყენებდა მათ ყირიმისა და ნოღაელი თათრების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1685-1707 წლებში ნოღაელი და ყირიმის თათრები სისტემატიურად ამარცხებდნენ კაზაკებს, რის გამოც ეს უკანასკნელნი იძულებული გახდნენ, გადასახლებულიყვნენ თერგის ქვემო წელში5.
დონის კაზაკების ისტორია მე-15 საუკუნიდან იწყება. ამ დროისათვის რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან გამოქცეულმა ყმა-გლეხებმა აზოვისა და მდ. მედვედიცას შორის შექმნეს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი პირველი კაზაკური დასახლება. დონზე გამოქცეული ყმა-გლეხობის მოზღვავებამ გამოიწვია ახალ-ახალი კაზაკური დასახლებების წარმოშობა. XVI ს. მეორე ნახევარში მდინარე დონის დინების გასწვრივ კაზაკური დასახლებები ყალიბდება ორგანიზებული თემის სახით და შეიქმნა „დონის მთავარი ლაშქარი“. XVI ს. ბოლოსთვის კაზაკური დასახლებები აღმოცენდნენ მდ. დონისა და მისი შენაკადების (დონეცის, მედვედიცას, ხოპერის, ბუზულუკის, ჟერებეცის) 800 კმ გასწვრივ6.
როგორც ცნობილია, პარტიარქ ნიკონის რეფორმამ რუსეთში საეკლესიო განხეთქილება გამოიწვია. 1666-1667 წწ. საეკლესიო კრებამ რეფორმის მოწინააღმდეგეები დასწყევლა და მათი საქმის განხილვა გადასცა სამოქალაქო ხელისუფლებას.7 რეფორმის მოწინააღმდეგეები, რომლებსაც „სტაროაბრიადცებს“ (რასკოლნიკებს) უწოდებდნენ, განიცდიდნენ სასტიკ დევნას. რასკოლნიკები მასობრივად გარბოდნენ რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან სამხრეთის სტეპებში. 1682 წ. რასკოლნიკები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთმა კოსიუკის მეთაურობით თავი შეაფარა დონის ზედა წელს, მეორე – იგნატი ნეკრასოვის თაოსნობით, ჩაბარდა ყირიმის ხან კაპლან გირეის. შემდგომში, ნეკრასოველთა შთამომავლობის ერთი ნაწილი რუსეთში დაბრუნდა, ხოლო მეორე – ყირიმელ თათრებთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ8.
XVIII ს. ბოლოს დონზე კაზაკთა დასახლების რაოდენობა შეადგენდა 125. დონის კაზაკთა ლაშქრის მოსახლეობა XVIII საუკუნემდე ძირითადად დაკავებული იყო ნადირობითა და მეთევზეობით. დონის კაზაკები ნადავლის მოპოვების მიზნით სისტემატურად თავს ესხმოდნენ თურქეთის აზოვის, კასპიისა და შავი ზღვების სანაპიროებს. 1637 წელს დონის კაზაკებმა თურქეთს წაართვეს აზოვი, რომელსაც ფლობდნენ 1642 წლამდე9.
XVI საუკუნის ბოლოსთვის ძირითადად ჩამოყალიბდა რუსეთის საზოგადოების სპეციფიკური ნიშნები. ქვეყნის განვითარების თავისებურმა გზამ ჩამოაყალიბა დასავლეთევროპული ქვეყნებისაგან ხარისხობრივად განსხვავებული ფეოდალიზმის რუსული ტიპი. მისი დამახასიათებელი ნიშნები იყო სახელმწიფოს ჰიპერტროფიული როლი, თვითმპყრობელობა და ბატონყმობა.
გლეხობის დაყმევების პროცესის პარალელურად სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებდა ყმა-გლეხთა გაქცევა დონის, ყუბანისა და თერგის კაზაკთა ტერიტორიებზე. აქ გაქცეულ (беглых) გლეხებს „გოლიტბას“ (შიშვლებს) უწოდებდნენ, ხოლო კაზაკებს – „დომოვიტებს“.10 XVIIს. მეორე ნახევრისათვის დონზე „გოლიტბას“ რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათ სურდათ კაზაკობის უფლებების მოპოვება, რაც იწვევდა „დომოვიტების“ უკმაყოფილებას. „გოლიტბა“ იძულებული გახდა, სტეფანე რაზინის მეთაურობით დაეტოვებინა ჩერკასკი და დაეკავებინა ვოლგისა და კასპიის ზღვის სავაჭრო გზები. „დომოვიტმა“ კაზაკებმა შეიპყრეს სტეფანე რაზინი და გადასცეს ხელისუფლებას (1671)11.
რაზინის დამარცხების შემდგომ მეფე ალექსი მიხეილის ძე დაკმაყოფილდა მხოლოდ ჩერკასელი კაზაკების ერთგულების ფიცით. კაზაკები კვლავინდებურად სარგებლობდნენ ფართო ავტონომიით; დამოუკიდებლად ირჩევდნენ თავიანთ მმართველობით ორგანოებს: სამხედრო წრეს – უმაღლესი მმართველობითი ორგანოს, სასამართლოს და აღმასრულებელ ორგანოებს – ატამანს,2 ესაულსა და დიაკონს, ლაშქრობის დროს სპეციალურად ირჩევდნენ მოლაშქრე ატამანს განუსაზღვრელი უფლებებით12. გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი მ. პოკროვსკი წერდა: „...В основе Западно-русского казачества, как и восточного, лежала обязательная военная служба всего пограничного населения, нельзя даже сказать „служба“, потому что с этим словом связывается представление о некоторых принуждениях сверху, а здесь, на окраине степи, откуда ежедневно появлялись татары, человеку, естественно, нужно было быть военным... Грабежи татарских стад, „лупление“ чабанов соседних турецких городов входили в круг промыслов южно-русской степи точно так же, как грабежи туземцев в круг промыслов и южно-африканских колонистов“.13
სტეფანე რაზინის დამარცხების შემდგომაც, კაზაკების „სამფლობელოები“ ღია იყო რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან გამოქცეული ყმა-გლეხებისათვის. კაზაკები კვლავინდებურად სარგებლობდნენ თევზჭერის, ნადირობის, წიაღისეული სიმდიდრის ექსპლუატაციისა და უბაჟო ვაჭრობის უფლებებით. ფართო გაქანება მიეცა ყაჩაღურ ვაჭრობას (разбойничья торговля), ხელისუფლების ნებართვის გარეშე მიწების დატაცებასა და იქ კაზაკური ცხოვრების წესის დამკვიდრებას14.
XVII ს. ბოლო პერიოდამდე ქვეყნის კაზაკების ძირითადი ფუნქცია სამხრეთ საზღვრების დაცვა იყო. რეგულარული არმიის გაძლიერებასთან ერთად, კაზაკობაც თანდათანობით კარგავდა ამ ფუნქციას. პირველი დარტყმა კაზაკთა თავისუფლებას მიაყენა პეტრე I-მა და დაამთავრა ეკატერინე II.
ყმა-გლეხების და სხვა მუშა-ხალხის მასობრივი გაქცევა სამხრეთში იწვევდა შიდა რუსეთის მეურნეობის მოშლას. ამ პროცესის შეჩერების მიზნით პეტრე I-მა დაიწყო კაზაკობის თავისუფლებების შეზღუდვა. 1682 წელს დონის კაზაკებს აეკრძალათ გაქცეული „ბოიართა ხოლოპების“ შეფარება და დასაქმება; კაზაკთა მოსაზღვრე გუბერნიებში შეიქმნა სამხედრო პოსტები, რომელთა მთავარი დანიშნულება იყო „გაქცეულთა“ დაბრუნება მათ მემამულეებთან15, ხოლო ვოევოდას მიეცა უფლება, „пойманных вешать и бить кнутом, а подговорщиков ссылать навеки на каторжные работы“.16 ხელისუფლებამ დონიდან გამოასახლა 1695 წლის შემდგომ „გაქცეული“ 3000 ყმა გლეხი17.
1703 წელს ხელისუფლებამ აღწერა დონის კაზაკთა დასახლებები და აკრძალა თავისუფალი მიწების დაკავება. პეტრე I-ის ამ ღონისძიებებმა გამოიწვია კონდრატე ბულავინის აჯანყება (1707-1708). ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს (700 კაზაკი დაიღუპა) ბულავინმა თავი მოიკლა, დანგრეული იქნა კაზაკთა ქალაქები – მედვედიცე, ხოპრუ და ბუზლუკუ18.
1721 წელს პეტრე I აკრძალა კაზაკთა ატამანის არჩევნები. სამხედრო კოლეგიას დაევალა კაზაკთა მმართველობის, სამეურნეო და სამხედრო საქმიანობის ხელმძღვანელობა და ატამანების დანიშვნა19.
კაზაკობის ავტონომიური უფლებების ლიკვიდაციის პროცესი გაგრძელდა ანა ივანეს ასულის მეფობის დროს (1730-1740). 1732 წელს მეფის ბრძანებით კაზაკებს შეუზღუდეს დონზე და აზოვის ზღვის სანაპირო ზოლში თევზჭერის, მარილის მოპოვებისა და მისი გასაღების უფლებები20. მდინარე დონზე ციხე-სიმაგრის წმ. ანას (როსტოვი) აშენების შემდგომ კაზაკებს აეკრძალათ თურქეთთან უბაჟოდ ვაჭრობის უფლება21.
რუსეთი, რომელიც XVII საუკუნიდან ჩაერთო საერთაშორისო პურის ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში, ინტენსიურად აგრძელებდა კოლონიზაციის პროცესს. მოსკოვის რუსეთის ტერიტორია XVI ს. ბოლოდან გაიზარდა 430 ათასიდან 5,4 მილ. კვ კმ-მდე, ე. ი. 12,5-ჯერ. XVI საუკუნიდან XVIIს. ბოლომდე მისი ტერიტორია ყოველწლიურად იზრდებოდა 35 ათასი კვ კმ-ით, რომელიც თანამედროვე ჰოლანდიის ტერიტორიის ტოლია22. რუსეთის მოსახლეობა 1719 წლიდან 1796 წლამდე გაიზარდა 15,5 მილიონიდან 37,2 მილიონამდე23. XVIIს. ბოლოსთვის კოლონიზებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა შეადგენდა ქვეყნის 40%-ს.24
რაც შეეხება კაზაკებს, ამ დროისთვის მთავრდება მათი დამოუკიდებელი არსებობის პერიოდი. 1763 ეკატერინე II ბრძანებით კაზაკებს დაუწესდა სამხედრო სავალდებულო სამსახური25.
1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთმა თურქეთისაგან მიიღო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი და ყაბარდო. ხელისუფლება სამხრეთში თავისი პოზიციების გამაგრების მიზნით შექმნა ახალი საკორდონო ხაზი მოზდოკიდან აზოვამდე. პუგაჩოვის აჯანყების დროს სამთავრობო ჯარმა მთლიანად დაიკავა დონის ოლქი და 1775 წელს მეფის ბრძანებით კაზაკებმა საბოლოოდ დაკარგეს დამოუკიდებლობა, ისინი იძულებით გადაასახლეს თერგის ოლქში, ხოლო მათ ნაცვლად, გადმოასახლეს ზაპოროჟიის სეჩისა და უკრაინის კაზაკები, რომლებმაც დააარსეს ქალაქი ეკატერინოდარი (კრასნოდარი)26. 1783 წელს რუსეთ-თურქეთის ტრაქტატით რუსეთმა დაისაკუთრა ყუბანის ჩრდილოეთ ნაწილი და ყირიმის ნახევარკუნძული. ამ დროიდან იწყება ნოვოროსიის კოლონიზაცია და შემდგომი წინსვლა კავკასიისაკენ. ეკატერინე II-მ თურქეთთან ორი ომის (1768-1774, 1787-1791) შედეგად რუსეთის სამხრეთის საზღვრად ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი გახადა. გარდა ამისა, XVIIIს. 80-იან წლების დასაწყისისათვის ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში იმყოფებოდა. რუსეთის ხელისუფლებამ 1785წ., ამ უზარმაზარი ტერიტორიული შენაძენის შენარჩუნებისა და შემდგომი კოლონიზაციის მიზნით, შექმნა კავკასიის გუბერნია ორი ოლქით: კავკასიისა და ასტრახანის. თუ რამდენად დიდი იყო კავკასიის გუბერნიის ტერიტორია, ნათლად ჩანს მისი ერთი ოლქის მაგალითზე: კავკასიის ოლქი ესაზღვრებოდა კასპიის ზღვას, ირანს, საქართველოს, თურქეთსა და მის მფლობელობის ქვეშ მყოფ დასავლეთ კავკასიას, აზოვის ზღვასა და დონის კაზაკთა მიწებს. იგი დაყოფილი იქნა 6 მაზრად: კიზლიარის, მოზდოკის, ეკატერინოგრადის, გეორგიევსკის, სტავროპოლის და ალექსანდროვსკის27.
კავკასიის საგუბერნატოროს შექმნის შემდეგ მთავრობა ცდილობდა „ახალი მიწების“ ათვისებას ფეოდალური მეურნეობის დანერგვის მეშვეობით. წინა კავკასიის სტეპის ზოლში, მხოლოდ 1804 წელს რუს მემამულეებს 623 306 დეს. მიწის ნაკვეთი დაურიგდა28.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამხრეთ მიწების კოლონიზაციის პროცესში აქტიურად ჩაებნენ რუსი არისტოკრატებიც. მათ 143 წარმომადგენელს გამოეყო 752 994 დეს. მიწა, მათ შორის: თავად მენშიკოვს – 16 800, გრაფ პლატოვს – 7 200, გენ. კუტეინიკოვს – 14 000. გენ. მიტროფანოვს – 14 000, გენ. კულგაჩევს – 14 00029 და ა.შ. ამ გზით რუსეთმა ვერ შეძლო ჩრდილოეთ კავკასიის სწრაფი ეკონომიკური ათვისება. ამიტომ ხელისუფლება XVIII ს. ბოლოდან ჩრდილოეთ კავკასიის კოლონიზაციას ახორციელებს კაზაკებისა და გლეხების მასობრივად ჩასახლების მეშვეობით, რაც იწვევს მთიელების განდევნას ბარიდან მთის ზოლში და ახალი საკორდონო ხაზებისა და სტანიცების მშენებლობას.
XVIII ს. ბოლოს იზრდება გამოქცეული ყმა-გლეხების ჩასახლების პროცესი. 1891წ. დონის სამხედრო მიწების სტატისტიკურ ცნობარში ვკითხულობთ: „многочисленные толпы малороссийских казаков и крестьян оставили свои жилища, приходили в пределы войска, как и прежде, с намерением поступить в казаки, но донские чиновники под разным предлогом, самопроизвольно поселившие их на общественных войсковых землях, записали за собой и назвали их крестьянами“.30
XVIII ს. პირველ ნახევარში დაიწყო კაზაკების დაშლა ფენებად. მ. პოკროვსკი წერდა: „К середине XVIII века казацкая Украина превратилась в такую же дворянскую страну, какой было Московское государство XVIII веке“.31 1796წ. ყმა გლეხთა რაოდენობა დონზე შეადგენდა 55 000 სულს, 1817წ. – 78991, 1834წ. – 112560.32
1796 წელს პავლე I-ის ბრძანებულებით მიწას მიამაგრეს დონის გლეხობა. „Каждый из поселян должен остаться в том месте и звании, кем он нынешней ревизии записан будет“, – ვკითხულობთ ბრძანებულებაში33. 1798 წელს პავლე I-მა დონის ჩინოვნიკები თავადაზნაურთა წოდებას გაუთანაბრა. კაზაკურ ოლქებში ჩინოვნიკებად ითვლებოდა მიწის მესაკუთრე კაზაკი. ოფიციალური სტატისტიკით კაზაკური მიწები იყოფოდა სამ კატეგორიად – 1. სამხედრო თადარიგთა; 2. ოფიცრებისა და ჩინოვნიკების;3. სტანიცების. ჩრდილოეთ კავკასიაში ეს მიწები განაწილებული იყო შემდეგნაირად34:
კაზაკები სტანიცების ნადელები %-% ოფიცრებისა და ჩინოვნიკების ნადელები %-% ლაშქრის რეზერვი %-%
დონის 9304653 72,6 1264425 9,9 2251703 17,5
თერგის 5269289 74,5 505501 7,1 1025061 18,4
ყუბანის 1738310 86,6 118393 5,9 149574 7,5
XVIII ს. დასასრულიდან იწყება კაზაკური ცხოვრების ახალი პერიოდი – ირღვევა ერთიანი სამხედრო საკუთრების პრინციპი. ნიკოლოზ I-ის 1839წ. ბრძანებით კაზაკი ოფიცრები და ჩინოვნიკები განთავისუფლდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან და მათ მიეცა კაზაკობიდან გასვლის უფლება. ამ კანონს კაზაკი ოფიცრებისა და ჩინოვნიკებისათვის იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც, თავის დროზე, ეკატერინე II-ის ბოძების სიგელს თავადაზნაურობისათვის.
XVIII ს. მიწურულიდან, კაზაკობამ დაკარგა თავისი ნახევრად დამოუკიდებლობა, მაგრამ ხელისუფლებამ არ მოსპო მათი სამხედრო ორგანიზაცია იმ პირობით, რომ ის მთლიანად დაემორჩილებოდა ხელისუფლებას და იქნებოდა სახელმწიფო სამსახურში. რუსეთის რეგულარული ჯარის გაძლიერების კვალობაზე, კაზაკობა, როგორც რუსეთის სამხრეთ საზღვრების დაცვის ერთადერთი გარანტი, თანდათანობით კარგავდა თავის ფუნქციას. კავკასიის ომის დროს კაზაკები გამოყენებული იყო, როგორც რეგულარული ჯარის დამხმარე ძალა. კავკასიის ომის დამთავრების შემდგომ, როდესაც მთიელები რუსეთისთვის გარეშე მტრებიდან „შინაურ“ მტრებად გადაიქცა, კაზაკების როლმა კვლავ წამოიწია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მას დააკისრა პოლიციური ფუნქცია. 1903 წლის სტატისტიკურ ანგარიშში კაზაკური სამხედრო ლაშქრის მდგომარეობის შესახებ ვკითხულობთ:
„С конца XVIII столетия начинается новейший период жизни казачества. Организация казачества, как военной силы, не было уничтожено государством, и казацкая община до настоящего времени служит надежным оплотом окраин России, но уже при условии полного подчинения государственной власти и на постоянной службе государству. Последнее пользуется вооруженным населенном казачьих областей для расширения своего влияния на южных и восточных окраинах для задач русской колонизации“.35
ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც განსაზღვრავდა თერგის ოლქის (მთელი ჩრდ. კავკასიის) მდგომარეობას, იყო თერგის კაზაკთა ჯარი, რომელიც ხელისუფლების მიერ სარგებლობდა განსაკუთრებული პრივილეგიებით „სახელმწიფო სამსახურისათვის“. მისი მთავარი ამოცანა იყო რუსეთის ხელისუფლების კოლონიზატორული პოლიტიკის განხორციელება. კაზაკთა ცხოვრების თვითმმართველობის წესს მთავრობა მხარს უჭერდა და უნერგავდა მათ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ერებს შორის უპირატესობის, პირველობის გრძნობას, თითქოსდა ისინი „რუსეთის საუკეთესო შვილები“ იყვნენ.
შენიშვნები
1. Ф. Энгельс. Внешняя политика русского царизма. – К. Маркс, Ф. Энгельс. Сочинения. Изд. 2-е, т. 22, გვ. 40.
2. М. Н. Покровский. Русская история с древнейших времен. Т. 1. М., 1991, გვ. 42.
3. М. Н. Покровский. Русская история.., გვ. 42.
4. Столетие Военного Министерства. Главное управление казачьих войск. СПб, 1902, გვ. 9.
5. Н. Я. Янчевский. Гражданская борьба на Северном Кавказе. Т. I. Ростов-на-Дону, 1927, გვ. 4.
6. Краткое историческое и статистическое описание Войска Донского. Новочеркасск, 1887, გვ. 17.
7. История России. Т. 1. Рук. автор. колл. А. А. Данилов. М., 1995, გვ. 108.
8. Краткое историческое и статистическое описание.., გვ. 17.
9. Н. Я. Янчевский. Гражданская борьба.., გვ. 6.
10. История Отечества с древнейших времен до конца XX века. Ч. I. Авторский колл.: Р. А. Арсланов, В. В. Бабкин, В. Т. Джангирян и др. М., 2000, გვ. 127.
11. Г. Котощихин. О России в царствование Алексея Михаиловича. СПб, 1906, გვ. 187.
12. В. О. Ключевский. Русская история. Кн. 2. Ростов-на-Дону, 1998, გვ. 187.
13. М. Н. Покровский. Русская история с древнейших времен. Т. 2. М., 1993, გვ. 164-165.
14. М. Н. Покровский. Русская история.., т. 2, გვ. 164-165.
15. Известия общества любителей изучения Кубанской области. Вып. 2. Новочеркасск, 1900, გვ. 4.
16. Известия общества любителей изучения Кубанской области, გვ. 4.
17. Краткое историческое и статистическое описание.., გვ. 16.
18. История Отечества с древнейших времен до конца XX века, გვ. 160.
19. Н. А. Дьякова, М. А. Чепелкин. Границы России в XVII-XXвв. М., 1995, გვ. 43.
20. Акты относительно к истории Войска Донского, собранные генерал-майором А. А. Лишиным. Т. 1, часть 2. Новочеркаск, 1894, გვ. 175, 189.
21. Акты относительно к истории Войска Донского, გვ. 175, 189.
22. История России. Т. 1, გვ. 91.
23. История России. Т. 1, გვ. 125.
24. История России. Т. 1, გვ. 125.
25. Н. Я. Янчевский. Гражданская борьба.., გვ. 19.
26. Н. Я. Янчевский. Гражданская борьба.., გვ. 19.
27. Н. П. Гриценко. Классовая и антиколониальная борьба крестьян Чечено-ингушетии на рубеже XIX-XX веков. Грозный, 1971, გვ. 83-84.
28. Очерки истории Чечено-ингушетской АССР (1917-1970). Т. 2. Грозный,
1972, გვ. 84.
29. К. В. Марков. Крестьяне на Дону. – Сб. обл. Войска Донского, вып. 13. Екатериноград, 1915, გვ. 71.
30. Статистическое описание земли Войска Донского. Черкасск, 1891, გვ. 18.
31. К. В. Марков. Крестьяне на Дону, გვ. 73.
32. М. Н. Покровский. Русская история.., т. 2, გვ. 105.
33. Статистический обзор современного положения казачьих войск. СПб, 1903, გვ. 16.
34. Статистический обзор современного положения казачьих войск, გვ. 16.
Комментариев нет:
Отправить комментарий