ადრე ბრინჯაოს ხანა. მტკვარ–არაქსის კულტურა
ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში ადამიანებმა სპილენძის კალასა და დარიშხანთან შედნობით დაამზადეს გაცილებით მყარი ლითონი ბრინჯაო. ამით ისტორიაში საზოგადოების განვითარების ახალი პერიოდი – ბრინჯაოს ხანა დაიწყო, რომლის ეტაპზეც იწყება ახალი საწარმოო ძალების გამოჩენა, ვითარდება მამაკაცის შრომაზე დამყარებული მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, და რაც მთავარია, ხელოსნობა. იქმნება პირობა პატრიარქალური წყობის შემდგომი განვითარებისათვის.
ბრინჯაოს უძველესი ნაწარმი აღმ. სამხრეთ ირანში, მცირე აზიასა და შუამდინარეთში ძვ. წ. IV ათასწლეულის შუა ხანებში დაამზადეს. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოდან ბრინჯაო გავრცელდა ეგვიპტესა და კავკასიაში, ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოდან – ინდოეთში, ძვ. წ. II ათასწლეულიდან – ევროპაში, ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანიდან – ჩინეთში, ძვ. წ I ათასწლეულიდან ცენტრალურ აფრიკაში.
ბრინჯაოს ხანას მეცნიერები სამ ნაწილად ჰყოფენ: ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანებად.
ადრე ბრინჯაოს ხანა მოიცავს დაახლ. ძვ. წ. 3500–2300 წლებს. მის პირველ ეტაპზე ადამიანები ძირითადად ისევ ქვის იარაღებს იყენებენ, რომლებსაც ნელ-ნელა ანაცვლებს ბრინჯაო. სამაგიეროდ ვითარდება თიხის დამუშავება და ადამიანები უკვე ალიზით ნაგებ წრიული სახის სრულყოფილ სახლებში ცხოვრობენ.
განვითარების მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და მეთუნეობა. ხელოსნობის ცალკე დარგად ყალიბდება მეტალურგია. ამ პერიოდის ნამოსახლარებზე აღმოჩენილია თიხის ყალიბები და ქურის ნაშთები. საფუძველი ეყრება გუთნურ მიწათმოქმედებას; მიწის დასამუშავებლად უკვე გამოიყენება ხარი, მოსავლის ასაღებად კი ნამგალი. მესაქონლეობასთან ერთად ვითარდება მეცხვარეობაც. მოგვიანებით ადამიანი იშინაურებს ცხენს, რაც აადვილებს შორ მანძილზე გადაადგილებას და ხელს უწყობს კავშირურთიერთობის გაფართოებას. მეურნეობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (მიწათმოქმედების განვითარება, მეტალურგიის დაწყება) აისახება საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ნელ-ნელა ყალიბდება ტომთა კავშირები და იწყება საზოგადოების კლასებად დაყოფა, რასაც მოსდევს შუამდინარეთსა და ეგვიპტეში სახელმწიფოებრიობის გაჩენა.
ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთ კავკასიაში ყვავის „მტკვარ-არაქსის კულტურა“, რომლის განსაკუთრებით აღმავლობა ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოდან იწყება. ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ხალხები იბერიულ–კავკასიურ და ხურიტულ ენებზე მოსაუბრე ხალხები უნდა ყოფილიყვნენ.
აღნიშნულ პერიოდში ვითარდება სამოსახლოები. მართალია შენობები კვლავ წრიულია და ნაგებია ლასტით; მაგრამ მათი ფართობი გაზრდილია, სახურავი ბრტყელია და უკვე ცენტრალურ სვეტზე, ე.ი. დედაბოძზეა დამყარებული. სახლს უჩნდება სხვა ახალი ელემენტიც – დერეფანი, რომელიც ორი ტიპისაა: ერთი გარს ერტყმის ოთახს და წრიულია (სიგანე 60–80 სმ), ხოლო მეორე ოთხკუთხაა და ოთახს შესავალთან აქვს მიშენებული; ამათგან წრიული დერეფანი უფრო არქაულია და მომდევნო ხანაში უკვე აღარ ჩანს.
ადრეული ბრინჯაოს ხანის სახლებში რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოშია გამოვლენილი ცენტრალურ დედაბოძთან ერთად ჩნდება შუაკერა – თიხისაგან საგანგებოდ ნაძერწი ჭურჭელი, რომელიც იატაკის ცენტრშია ჩასმული.
მტკვარ–არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელია პატარა საგვარეულო სამოსახლოები, რომელთა შენობების დაგეგმარებაში და აღნაგობაში მთელი რიგი თავისებურებანი შეინიშნება. მაგალითად, შიდა ქართლში, ხიზანაანთგორასა და და ქვაცხელებზე მოგვიანო პერიოდის შენობებს მცირედი ტერასული მდებარეობა აქვს. ისინი მოქცეული არიან უშუალოდ ერთიმეორის გვერდით, პირისპირ და უკან. ამასთანავე, თვალსაჩინოა თაობიდან თაობაში სარლასტითა და ალიზის აგურებით აგებული შენობების თანდათანობით მატება და შემჭიდროება. საყურადღებოა, რომ აქ არ აღმოჩენილა ცალკე ან შენობაშივე მოქცეული წმინდა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი (ბოსელი, ბეღელი), საცხოვრებელი სახლი შედგება ოთახისა და სამეურნეო-საოჯახო დერეფნისაგან. ამ სამოსახლებზე აღმოჩენილი საცხოვრებელი სახლების უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს ცენტრალური კერა, დედაბოძი და მისი გარემო. აქაც, ისევე როგორც ახალციხის ამირანის გორაზე, საცხოვრებელ ოთახში განსაკუთრებული დანიშნულებისა ჩანს კერის უკან, კედლის გასწვრივ გამართული შემაღლება. ამ შემაღლების რიტუალურ თუ საკულტო დანიშნულებას ადასტურებს კედლების შემკობა-მოხატვა ფრიზებით (გუდაბერტყა, ქვაცხელები) და მასზე ყოფისათვის გამოუდეგარი – უჩვეულო ფორმის ე. წ. ნაცარგროვების „ნაძერწობების“ სხვადასხვა ჭურჭლისა და გადასატანი კერების თუ მათი იმიტაციის საგანგებოდ – ზედაშედ – დაწყობა (ახალციხის ამირანის გორა, ქვაცხელები, გუდაბერტყა).
ირკვევა, რომ თითოეული ასეთი საცხოვრებელი სახლი ამავე დროს „შინაურ“ სამლოცველოსაც წარმოადგენდა. ქვაცხელების მაგალითზე შეიძლება დავუშვათ, რომ ამ პერიოდის პატარა საგვარეულო სოფლისათვის საზოგადოების ძირითად ერთეულს წარმოადგენდა 15–20 სულისაგან შემდგარი ოჯახი, ხოლო მეურნეობის ორგანიზაციაში შემორჩენილია დიდი ოჯახის სისტემა, საერთო-სამეურნეო ნაგებობებით.
მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთ დაწინაურებულ სამოსახლოს ახალციხის ამირანის გორა წარმოადგენს. იგი უკვე ტერასებად – „უბნებად“ დანაწევრებული სახლმრავალი დასახლებაა, რომელსაც გააჩნდა გადაუხურავი, მაგრამ ქვის კედლებით შემოზღუდული ცენტრალური მოედანი (120 მ2); ცალკე მდგარი საცხოვრებელი სახლების უკან, ზედა ტერასებზე მოქცეულია სამეურნეო დანიშნულების გრძელი და ვიწრო შენობები (ბაკები – ბოსელი?). დასახლების ტერიტორიაზევეა გამართული საგვარეულო სამაროვნები. ამ სამოსახლოსაგან გამოყოფილია მთის მწვერვალზე მდებარე მსხვერპლშესაწირი ადგილი პატარ-პატარა „სენაკებით – სამლოცველოებით“.
მტკვარ-არაქსის კულტურის ხანაში სამაროვნები არის როგორც სამოსახლოს ფარგლებში მოქცეული, ისე სამოსახლოს ტერიტორიის გვერდით, ცალკე გამოყოფილი და აგრეთვე სამოსახლოსაგან საკმაოდ დაცილებული. რაც შეეხება სამარხების ტიპებს –ჩნდება როგორც ცალკეული სამარხ-აკლდამები (მაგალითად, თამარისი, რაჭისუბანი, ნაწიდრები, ტაშ-ბაში), ისე ყორღანები – ადრეული, ინდივიდუალური და კოლექტიური (ნაწიდრების ჭალა, ტყვიავი, მაშნაარი, ხირსა) და უფრო მოგვიანო ყრილიანი სამარხებიც (ტაბაწყური,მწვანე ყორღანი, საჩხერის რაიონში მოპოვებული ყორღანების დიდი უმეტესობა, ბედენის გადაჭრილი გორა, სამგორი და სხვ).
ადრეული ბრინჯაოს ხანის გვიანი პერიოდის ყორღანები (ბედენის გადაჭრილი გორა, სამგორი, მწვანე ყორღანი), რომლებიც ერთი ადამიანის დასაკრძალავად ყოფილა გამართული, მიცვალებულისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ. აქაც, მაიკოპის ადრეული ყორღანების მსგავსად, ყორღანის სიდიდე, განსხვავებული აღნაგობა და დაკრძალვის უჩვეულო წესების შესრულება მოწმობს, რომ უკვე სავსებით შემუშავებულია სრულიად თავისებური რიტუალი. ამ წესების განსახორციელებლად საგანგებოდ იგება ძელური შენობა (სამგორი), ხდება მორებით ორმოს კედლების გამაგრება (ბედენის გადაჭრილი გორა), მიცვალებულის დამწვარი ნეშტის ჩაფლვა ჭურჭელში (სამგორი) და ურმითა და თანმხლებ პირებთან ერთად მისი ჩასვენება სამარხში (ბედენის გადაჭრილი გორა). ამ სამარხთა ინვენტარი თავისი სიმდიდრით ზოგჯერ თრიალეთის შუა ბრინჯაოს ყორღანებს ბევრად არ ჩამოუვარდება.
მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელია მეორე ტიპის სამარხებიც, რომლებიც გვაროვნული საზოგადოების წიაღში ცალკეული ოჯახების დაწინაურებული პირების თანდათანობით გამოჩენას გვიდასტურებს. კიკეთის და თამარისის ქვისაგან ნაგებ აკლდამებში წარმოდგენილია მხოლოდ კოლექტიური (საოჯახო) სამარხები; აქ დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა მიცვალებულთა ჩაფლვა ან ნებისმიერად, ან კიდევ გარკვეული წესის დაცვით, რაც მიცვალებულისათვის განსაკუთრებული ინვენტარის (ძირითადად თიხის ჭურჭლის) ჩაყოლებაში გამოიხატება. იგივე წესი სრულდებოდა ქვის სამარხში ან კიდევ ყორღანულ ყრილში და ორმო-სამარხებში მიცვალებულის დაკრძალვის დროს (ახალციხის ამირანის გორა. ტაშ-ბაში, საჩხერის ჩაშვებული სამარხები და სხვ,); მამაკაცთა ინდივიდუალურ სამარხებში სამარხთა ინვენტარში იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება იარაღი, ქალთა სამარხებში კი ლითონის სამკაული, ე.ი. ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლები წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი კომპლექსებით და შეიცავენ კერამიკულ, ძვლისა და ქვის ნაწარმს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვაგვარ ნაკეთობებს, რომლებიც ჩამოსხმული ლითონითაა დამზადებული.
ხიზანაანთ გორაზე ნაპოვნია დარიშხნიანი ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული მცირე ზომის სატევრები. ასევეა დამზადებული აგრეთვე დარიშხნის დიდი რაოდენობის შემცველი ბრინჯაოს სხვადასხვა მძივი (ქვაცხელები, ახალციხის ამირანის გორა). შემკულობისა და თავსაბურებთან დაკავშირებულ ნივთთა ჯგუფშია ერთნახევრიანი ბრინჯაოს პატარა რგოლები (ტყვიავი, ახალციხის ამირანის გორა, ურბნისი), ავგაროზ-საკიდები (ურბნისი), რქებდაგრეხილი ვერძის თავის სქემატურგამოსახულებიანი საკინძები (ურბნისი, ქვაცხელები, ძაღინა), სამაჯურები (ქვაცხელები, ურბნისი) და ვერცხლისა და ტყვიის მრავალხვია საკიდები (ახალციხის ამირანის გორა, ქვაცხელები). საგანგებოდ აღსანიშნავია თხელფურცლიანი სპილენძის გახსნილი დიადემა, რომელზედაც პუნსონით ამოყვანილია ირმების, წეროებისა და ასტრალური ნიშნების გამოსახულებანი (ქვაცხელები).
ბრინჯაოს იარაღ-საჭურველი წარმოდგენილია დანებით, სატევრებით (ახალციხის ამირანის გორა, ხიზანაანთგორა, ქვაცხელები) და ჩამოსხმული ყურდაქანებული პატარა ცულით (ქულბაქევი). ჩამოთვლილთა მსგავსია აღმოსავლეთ (იალბუზი, ბარადაძორი, ყიზილ აჯლო, მეჯვრისხევი) და დასავლეთ (სვანეთი) საქართველოში შემთხვევით აღმოჩენილი იმავდროული ცულები. აქვე ჩნდება განუვითარებელი და უთუოდ არქაული ტიპის სწორღეროიანი შუბისპირები (ზღუდრისგვერდა სადახლო-მოლაზონში, ახალციხის მიდამოები), რომელთა ახალი სახეობა თავისი განვითარების შემდგომ ეტაპებზე ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბრინჯაოს სადგისისებურ ნაკეთობებს იყენებდნენ ისრისპირისათვის, რომელთა საშუალებითაც ნადირობდნენ (ქვაცხელები); ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ამ კომპლექსს ეკუთვნის ბრინჯაოს მოხრილპირიანი ნამგალი; ასეთივე უძველესი ნამგალია აღმოჩენილი აზერბაიჯანში, ქიულთეფეს მეორე ფენის ქვედა ჰორიზონტზე.
ქვის ნაწარმი წარმოდგენილია სანაყებით, ხელსაფქვავებით, სასრესი ქვებით, ლახტისთავებით და სხვა მსგავსი ნაკეთობებით, რომლებიც შემდგომ ხანებშიაც არ გამოდის ხმარებიდან. საერთოდ კი აღსანიშნავია, რომ შრომის იარაღების მთელი სერია, რომელიც ადრეულ ხანაში ჯერ კიდევ მტკიცედ უნდა ყოფილიყო ფეხმოკიდებული, ამ პერიოდის დასაწყისში უკვე აღარ მზადდება. ამ პერიოდში ძირითადად კაჟისა და ობსიდიანის ნამგლის ჩასართვები და ისრისპირებია გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ობსიდიანის ზოდები ჯერ კიდევ მოჰქონდათ შორი ადგილებიდან სამოსახლოებზე იარაღების დასამზადებლად (აბელია, დიდუბე).
შუა ბრინჯაოს ხანაში (დაახლ. ძვ. წ. 2300–1500 წლ.) კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები მანამდე ძირითადად დარიშხანიანი ბრინჯაო გამოიყენებოდა). ვითარდება ოქროსა და ვერცხლის წარმოება, რაზეც სხვა მრავალ ნივთებთან ერთად კარგად მეტყველებს კახეთში, წნორის ყორღანში აღმოჩენილი ოქროს ლომის ქანდაკება. ვითარდება მეტალურგია, ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, შემოდის დაკრძალვის ახალი, თავისებური წესი და სხვ. გვაროვნული საზოგადოების დაშლის პროცესი საკმაოდ შორსაა წასული. განსაკუთრებით დაწინაურებულან თრიალეთური კულტურის მატარებელი ტომები. ეს კულტურა პირველად გამოვლენილი იყო თრიალეთის მაღალმთიან ზოლში და თავისი სახელწოდებაც აქედან მიიღო. იგი, როგორც ჩანს, საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და მოიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს მომიჯნავე რაიონებით.
„თრიალეთის კულტურის“, შესწავლას საფუძველი ჩაუყარა დიდმა რუსმა არქეოლოგმა ბორის კუფტინმა (1892–1953).
ძვ. წ. III ათასწლეულიდან პატრიარქალურ-გვაროვნული საზოგადოება უკვე ყველა იმ ნიშნით ხასიათდება, რაც ხელს შეუწყობს დაწინაურებულ რაიონებში დიდი თუ მცირე ლოკალური კულტურის ცალკე გამოყოფას. სწორედ ამ პერიოდიდან უნდა ჩამოყალიბებულიყო ტომთა დიდი კავშირები, რომელთა განვითარების შედეგად ეთნიკურად მონათესავე ტომთა ჯგუფებს კიდევ უფრო დიდი გაერთიანებების შექმნა შეეძლებოდათ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში მიწათმოქმედი საზოგადოება გარკვეულ კრიზისს განიცდის. თანდათანობით იცვლება მეურნეობის ხასიათი. იზრდება მესაქონლეობის როლი, განსაკუთრებით მეცხვარეობისა. უფრო ინტენსიური ათვისება ხდება მთისწინა და მთის ზოლისა. ბარში მოსახლეობა თანდათანობით თხელდება. ძველი, მტკვარ-არაქსის დროინდელი ნასახლარი ადგილები მიტოვებულია.
თრიალეთური კულტურის დაწინაურებას ხელი შეუწყო იმ ეთნო-კულტურულმა ურთიერთობამ ძველაღმოსავლურ სამყაროსთან, რომელიც კარგად შეინიშნება III ათასწლეულის ბოლოდან მოკიდებული. ადგილობრივი ტრადიციების განვითარებამ და წინა აზიასთან მჭიდრო კონტაქტმა საფუძველი შეუქმნეს თრიალეთური კულტურის მქონე საზოგადოების წინსვლას.
თრიალეთის კულტურა ძირითადად სამარხებიდან მომდინარე მასალების საფუძველზეა შესწავლილი. სადღეისოდ უცნობია, თუ სად და როგორ ცხოვრობდა ის საზოგადოება, რომელმაც თრიალეთის კულტურა დაგვიტოვა. ჩვენს ხელთაა სამარხები და იქ აღმოჩენილი მასალა, თუმცა ამ მასალების საფუძველზეც კარგად ჩანს, რომ გვაროვნულ საზოგადოებას ამ პერიოდში განვითარების საკმაოდ მაღალი დონისათვის მიუღწევია.
თრიალეთის მაღალმთიან ზოლში, წალკის პლატოზე, შესწავლილი იყო შუა ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის რამდენიმე ყორღანული სამარხი. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულის ნეშტი (დამწვარი ან იშვიათად ჩვეულებრივად დაკრძალული) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკრძალულ საქონელს, ზოგჯერ მსახურს ან მონას, რაც გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესზე მიუთითებს. სამარხებში აღმოჩენილია ჭურჭელი (თიხის და ლითონის); იარაღ-საჭურველი (სპილენძის, ბრინჯაოს, ობსიდიანის), სამკაული (ოქროს, ვერცხლის, ქვის), რომელთა შორის მრავალი უტოლდება მსოფლიო ხელოვნებისა და ხელოსნობის საუკეთესო ნიმუშებს.
საქართველოში აღმოჩენილი ყორღანებიდან შიგნით აღმოჩენილი ნივთებით გამორჩეულია სოფელ ჭაბუკიანთან აღმოჩენილი ყორღანი ანანური №3, რომელშიც ორი ეტლი და ტყავის, ჭილოფისა და ქსოვილის ნივთებიც იპოვეს. აღნიშნული ყორღანი ძვ. წ. XXV–XXI საუკუნეებს განეკუთვნება.
ერთი ჯგუფი ყორღანებისა გამოვლენილია ფარავნის ტბისაკენ გადასასვლელ უღელტეხილთან, 2200 მ სიმაღლეზე. დიდი ნაწილი ამ ყორღანებისა დაზიანებულია. მხოლოდ ერთ ყორღანში ყრილის ქვეშ აღმოჩნდა ხელუხლებელი სამარხი. მასში იპოვეს სპილენძის ბრტყელი, მოკლე სატევრისპირი, სპილენძის აბჯრის ნაწილები, ობსიდიანის ისრისპირი, ოქროს ფირფიტის სამი ცილინდრული გარსაკრავი, მშვილდისა და ჰემატიტის ლახტისთავი. ამ სამახრებში თიხის ჭურჭელი არ აღმოჩენილა.
მეორე ჯგუფი ყორღანებისა შესწავლილი იყო მდ. ქციისა და მის შენაკდთა ხეობებში. ეს ყორღანები წარმოადგენს ქვამიწაყრილიან, საკმაოდ დიდი ზომის ორმოებს. ერთ–ერთი ყრილის სიმაღლე უდრის 5 მ-ს, დიამეტრი კი 45 მ-ს, სამარხის ორმო ზოგჯერ საკმაოდ ღრმაა, მრგვალია და დაახლოებით 3–4 მ. დიამეტრის მქონე. მიცვალებულის ძვლები ცუდადაა შენახული. როგორც ჩანს, ფეხებმოკეცილი გვერდზე დაუწვენიათ. სამარხეული ინვენტარი ამ ყორღანებში ღარიბულია, აქა-იქაა თითო-ოროლა თიხის ჭურჭელი. ლითონის ნივთი სულ ორგანაა ნაპოვნი: ძლიერ დაშლილი სპილენძის იარაღის პირი და ოთხწახნაგა სადგისი. ერთ-ერთი ყორღანის ყრილში აღმოჩნდა ვერცხლის მასიური ხვია.
სოფ. ხადიკთან შესწავლილ ყორღანში რამდენიმე თიხის ჭურჭელი იდო. მიცვალებულის ძვლები აქ შედარებით უკეთ იყო შემონახული. ჩანს, მიცვალებული მარჯვენა გვერდზე დაუსვენებიათ, ძლიერ მოკუნტული იწვა და თავი აღმოსავლეთისაკენ ჰქონდა მიქცეული. ჩონჩხის ძვლებზე წითელი საღებავის (მუმია) ნაშთია შერჩენილი.
შუა ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის რამდენიმე ყორღანი აღმოჩნდა ქვემო ქართლის ვაკეზე, შულავერის მიდამოებში. ეს ყორღანები შედარებით მომცრო ზომის ქვამიწაყრილიანი ორმოებია. ფეხებმოკეცილი მიცვალებული გვერდზეა დასვენებული. ინვენტარი შედგება რამდენიმე თიხის ჭურჭლისაგან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა მოკლე, ფართოპირიანი და გრძელყუნწიანი სატევარი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სამგორში გათხრილი დიდი ყორღანი „კოხრა გორა“. ზემოდან ყორღანს მიწის თხრილი ფარავდა, შიგნით კი – რიყის ქვის გუმბათისებური ყრილი. ყორღანის ცენტრულ ნაწილში ნაპოვნი იყო სწორკუთხა ფორმის ხის ძელური შენობა. შენობას ორმაგი კედლები ჰქონდა და მათ შორის სივრცე ამოვსებული იყო ღორღითა და მიწით. შენობის ერთ-ერთ უკეთ გადარჩენილ კუთხეს შემორჩენოდა მუხის მორების ხუთი რიგი, რომლებსაც ბოლოებზე ჭდეები ჰქონდა და ერთმანეთზე გადაბმული იყო ნახევარი ხით. შენობის მოტკეპნილ იატაკზე თიხის ჭურჭლის ნატეხები, სპილენძის ბრტყელპირიანი სატევარი და ცხვრის კოჭები ეყარა. მიცვალებულის ნეშტი არსად ჩანდა. იატაკის ზედაპირის აყრის შემდეგ შენობის ერთ ნაწილში აღმოჩნდა ორმო, რომელშიც ჩადგმული იყო თიხის ჭურჭელი. ჭურჭელში ფერფლის ნაშთი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მიცვალებული დაუწვავთ და მისი ფერფლი მოუთავსებიათ თიხის ჭურჭელში, რომელიც იატაკის ქვეშ ამოღებულ სამალავ ორმოში ჩაუდგამთ.
ამავე პერიოდს მიეკუთვნება შიდა ქართლში, სოფ. ხოვლეს მახლობლად შესწავლილი ყორღანი, რომელშიაც რამდენიმე თიხის ჭურჭელი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპილენძის ბრტყელი, თავისებური ფორმის იარაღი.
თრიალეთური კულტურის ადრეული ჯგუფის ყორღანებში ნაპოვნი კერამიკა ჯერ კიდევ ახლო დგას მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელ თიხის ნაწარმთან. აქაც გვხვდება უპირატესად შავპრიალა, ზოგჯერ ვარდისფერსარჩულიანი ჭურჭელი, ფართო ყელითა და ვიწრო ძირით, ხოლო გვერდებზე მიძერწილია ნახევარსფეროსებრი ყურები. მსგავსება ჩანს აგრეთვე ორნამენტშიც. ჭურჭელი ძირითადად შემკულია ამოკაწრული ორნამენტით, მაგრამ, მიუხედავად ამგვარი მსგავსებისა, თრიალეთის ყორღანული კულტურის ადრეული ჯგუფის კერამიკა ერთგვარად მაინც განსხვავებული ხასიათისაა.
თრიალეთის კულტურის ადრინდელ საფეხურზე ლითონის ნივთები შედარებით იშვიათად გვხვდება. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია ფართო და მოკლეპირიანი, გრძელყუნწიანი სატევრისპირი. ისინი მიკვლეულია თეთრიწყაროს, სამგორის, შულავერის და სხვა ყორღანებში. ერთ-ერთ ყორღანში, აბჯრის ნაწილებთან ერთად, აღმოჩნდა განსხვავებული ფორმის სატევრისპირი, მოკლე, ფართო ყუნწით და ბოლოში ნახვრეტით. აქვეა ნაპოვნი ოთხწახნაგა სადგისები, რომლებიც რამდენადმე განსხვავდება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღისაგან. ესენი უფრო მოგრძო, ბიპირამიდალური ფორმისაა. თეთრიწყაროს ყორღანში აღმოჩენილი ფართოპირიანი და ყუამილიანი ცული ძალზე ახლო დგას შიდა ქართლში, სოფ. კარალეთში ნაპოვნ ცულთან. რამდენადმე უახლოვდება იგი აგრეთვე საჩხერეში, ცარცის გორაზე აღმოჩენილ ერთ ცულს. ამ ტიპის ცული განსხვავდება ჩვენში კარგად ცნობილი ვიწროტარიანი ყუამილიანი ცულებისაგან. ამავე ყორღანში ნაპოვნი ბრტყელი ცული ფართოპირიანია, რითაც განსხვავდება საჩხერული ცულისაგან, იგი თითქოს უფრო უახლოვდება წინამორბედ კულტურაში გავრცელებულ იმ ტიპის ცულებს, რომელთა ჩამოსასხმელი ყალიბები დღესდღეობით ცნობილია. სატეხი თეთრიწყაროს ყორღანიდან თითქმის სავსებით ისეთივეა, როგორიც ზეკარში იყო აღმოჩენილი. რამდენადმე უახლოვდება მას აგრეთვე საჩხერული იარაღი. ეს სატეხები ახლო დგას ჩრდილო კავკასიაში ე. წ. „ყუბანის დიდ ყორღანებში“ გავრცელებულ ამგვარსავე იარაღთან. მსგავს სატეხებს ვხვდებით წინა აზიაში.
ამ პერიოდის სამარხებში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ძვირფასი ლითონის ნივთები. თრიალეთის ერთ ყორღანში ნაპოვნი იყო ოქროს ფირფიტის სამი გადასაკრავი, ხოლო მეორეში – ვერცხლის ხვია. ერთი ოქროს ხვია ნაპოვნია ამავე დროის საჩხერეში აღმოჩენილ ერთ-ერთ სამარხშიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარეთაც, სტეპანაკერტისა და ხაჩანაგეტის ყორღანებში, სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა აგრეთვე დაახლოებით ამავე დროის რამდენიმე ოქროს ნივთი. როგორც ჩანს, ამიერკავკასიაში და, კერძოდ საქართველოში, III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან შეინიშნება ძვირფასი ლითონების დამუშავების ტრადიცია – ოქრომჭედლობა, რომელიც მომდევნო საფეხურზე უკვე საკმაოდ მაღალ განვითარებას აღწევს.
ადრეულ ყორღანებში დიდი რაოდენობით არც ქვის იარაღები შეინიშნება. აღსანიშნავია თრიალეთში აღმოჩენილი ჰემატიტის სამი ლახტისთავი. მარმარილოსაგან(?) დამზადებული მსგავსი ლახტისთავი აღმოჩნდა აგრეთვე შულავერის ერთ-ერთ ყორღანში. ჩანს, იგი წარმოადგენდა როგორც ძალაუფლების სიმბოლოს, ისე საბრძოლო იარაღსაც. ჩვენში ამ ტიპის იარაღი უკვე წინამორბედ კულტურაში ვლინდება. ტყვიავის ყორღანში ნაპოვნია ერთი ცალი ქვის ლახტისთავი, ხოლო ჰემატიტის ლახტისთავი ცნობილია სტეპანაკერტის ყორღანიდან. მათი მსგავსი აღმოჩნდა აგრეთვე წინა აზიაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თეთრიწყაროს ყორღანში მიკვლეული ფუძეამოღარული სხვადასხვა ზომისა და ფორმის შესანიშნავად ნაკეთები კაჟისა და ობსიდიანის ისრისპირები, რომელთა მსგავსი სხვაგან ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ისინი საგრძნობლად განსხვავდება როგორც დამუშავების ტექნიკით, ისე ფორმით ჩვენში კარგად ცნობილი ფუძეამოღარული ისრისპირებისაგან. ამავე ყორღანშია ნაპოვნი წაწვეტებულთავიანი და მკვეთრად გამოსახული, ყუნწიანი ძვლის ისრის პირები, რომლებიც პირველად ჩვენში აღმოჩნდა.
მიუხედავად მასალის სიმცირისა, თრიალეთური კულტურის ადრეული ჯგუფის ყორღანების შესწავლის შედეგად შესაძლებელი ხდება ერთგვარად მაინც წარმოვიდგინოთ იმდროინდელი საზოგადოების სოციალური სტრუქტურა. წინამორბედ ეპოქაში ყორღანული ტიპის სამარხები ძირითადად კოლექტიურია (ტყვიავის ყორღანი, საჩხერის ყორღანული სამარხები და სხვ.), ხოლო თრიალეთურ კულტურაში დასაფლავების განსხვავებულ წესს ვხვდებით. აქ უკვე თითოეული ყორღანი ერთი მიცვალებულისათვის არის განკუთვნილი. როგორც ჩანს, გვაროვნული საზოგადოების შიგნით არ შეინიშნება ქონებრივი უთანასწორობა. გვარის დაწინაურებულ და რიგით წევრთა სამარხული ინვენტარი ჯერ კიდევ ღარიბულია და არ გამოირჩევა ერთიმეორისაგან, თუმცა ბელადისა თუ სხვა დაწინაურებული წევრის უფრო მოზრდილ ყორღანში დასაფლავება, რომლის აგებაშიც ალბათ მთელი გვარი მონაწილეობდა, შესაძლოა, ამ პერიოდში თანდათან დაწინაურებული საგვარეულო არისტოკრატიის გამომსახველიც იყოს. შემდეგში, შუა ბრინჯაოს ხანის განვითარებულ საფეხურზე, საგვარეულო არისტოკრატიის გაძლიერება და დაწინაურება იწვევს გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესს, რომელიც ამ პერიოდის ბოლოსათვის უკვე საკმაოდ შორსაა წასული.
ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი თრიალეთური კულტურის აყვავების ხანაა. მთელმა რიგმა ახალმა მოვლენებმა მეურნეობაში, ხელოსნობაში, მეტალურგიასა და საერთოდ ტექნიკაში ამ კულტურას თავისებური სახე მისცა. ცვლილებები ჩანს აგრეთვე საზოგადოებრივ ურთიერთობაში. ამიტომაცაა, რომ რიგმა მკვლევარებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ პერიდში ჩვენში უნდა მომხდარიყო როგორც კულტურის, ისე ეთნიკური ხასიათის ცვლილებები.
შუა ბრინჯაოს ხანის განვითარებული საფეხურის ძეგლები პირველად გამოვლენილი და შესწავლილი იყო სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ზოლში, რომელსაც ბ. კუფტინმა თრიალეთის „დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა“ უწოდა. თრიალეთის დიდი ნაწილი ზეგანს წარმოადგენს და ზღვის დონიდან 1500–2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ, მაღალმთიან პლატოს ზოლში, დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ყორღანული სამარხები. ყორღანები სხვადასხვა ზომისა და ტიპისაა. უპირატესად გვხვდება ძალიან დიდი ზომის ქვაყრილიანი ყორღანი. ზოგიერთი მათგანი ორმოიანია. აქვეა აგრეთვე უორმო ყორღანები, სპეციალური დასაკრძალავი მოედნით მიწის პირზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყორღანები „დასაკრძალავი დარბაზით“. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში ჩადგმულია უპირატესად ფილაქვით მშრალად ნაგები შენობა. ერთ-ერთ ასეთ ყორღანს თრიალეთში, ზურტაკეტის პლატოზე ერთი ჰექტარი ფართობი ეკავა. ქვაყრილის სიმაღლე 8 მეტრამდე აღწევდა. ყორღანის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა „დასაკრძალავი დარბაზი“, რომლის ფართობი 160 მ2-ს უდრიდა; დარბაზის კედლების სიმაღლე 6 მ-ს აღწევდა. ყორღანს ხის გადახურვა უნდა ჰქონოდა. „დასაკრძალავი დარბაზი“ სიგრძივ ხის სვეტებით სამად იყოფოდა, რომლებზედაც ალბათ ხის ძელები თუ იყო გადებული.
აღმოსავლეთის მხრიდან, თითქმის ყორღანის კიდიდან, იწყებოდა შესასვლელი, დრომოსი, რომლის სიგრძე 40 მ-ს უდრიდა. დრომოსის ორივე კედელი ფილაქვებით ამოუშენებიათ. ეს იყო საგანგებო გზა, საიდანაც „დასაკრძალავ დარბაზში“ შეჰქონდათ მიცვალებული და სამარხეული ინვენტარი.
თრიალეთში ამ ტიპის რამდენიმე ყორღანია მიკვლეული. თითქმის ყველა მათგანი მდიდარ სამარხულ ინვენტარს შეიცავს. დარბაზის კედლების გასწვრივ ჩამწკრივებულია დიდი ზომის თიხის ჭურჭლები. მიცვალებული მოთავსებული იყო ცენტრალურ ნაწილში. საერთოდ ეს ყორღანები გამოირჩევა სიმდიდრით.
ორმოიანი ყორღანებიც საკმაოდ მოზრდილებია. ზოგიერთი ორმო ღრმა და სწორკუთხა ფორმისაა, რომლის სიგრძე 5 მ-ს აღწევს. ამ ყორღანებსაც საგანგებო დრომოსი აქვს. მასში საკმაოდ მდიდრული ინვენტარი გვხვდება. თრიალეთის დიდ ყორღანებში მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩენილა. როგორც ჩანს, აქ წესად ყოფილა მიცვალებულის დაწვა და შემდეგ მისი ფერფლის შეტანა ყორღანში. კრემაცია თრიალეთის კულტურაში ძირითადად წარჩინებულ პირთა სამარხებში შეინიშნება. რიგით სამარხებში (ნული, ქვასათალი, შულავერი და სხვ.) ისევ ძველი წესისამებრ ასვენებდნენ გვერდზე მწოლარეს, ფეხებმოკეცილს. მიცვალებულის დაწვის წესი თრიალეთის კულტურაში ძველაღმოსავლურ სამყაროდან უნდა გავრცელებულიყო, სადაც კრემაცია საკმაოდ ადრინდელ პერიოდს განეკუთვნება. დაკრძალვის ეს წესი, როგორც ეტყობა, ძირითადად ამ კულტურის მატარებელ ტომთა მმართველ წრეებში გავრცელდა.
თრიალეთის ყორღანებში მიცვალებულს ზოგჯერ ეტლთან ერთად ასაფლდავებდნენ. ზოგ ყორღანში აღმოჩნდა ხის ოთხთვალა ურმები, ზოგან კი – ურმის ნაკვალევი. როგორც ჩანს, ეს წესი ცნობილი უნდა ყოფილიყო ადრეული ჯგუფის ყორღანებშიც. ამ დროის ზოგიერთ ყორღანში ნაპოვნი ხის ურმის ნაკვალევით უნდა ვივარაუდოთ, რომ მიცვალებულის ნეშტი ანდა ფერფლი ყორღანში ხარებით შებმული ეტლით შეჰქონდათ. შესაძლოა, ამ ხარების ნაშთია ყორღანებში აღმოჩენილი მსხვილფეხა საქონლის ძვლები, რომლებიც მიცვალებულის სამარხში შეტანის შემდეგ დაუკლავთ, ხოლო ხორცი რიტუალის დროს გამოუყენებიათ.
თრიალეთის ყორღანებში დადგენილი დამარხვის წესი უახლოვდება ძველაღმოსავლურ სამყაროში გავრცელებულ დაკრძალვის რიტუალს. იგი ხეთურ საბუთებში აღწერილ მეფეთა დაკრძალვის წესს მოგვაგონებს. მიცვალებულის ეტლთან ერთად დასაფლავებაც გავრცელებული იყო წინა აზიაში. ნიშანდობლივია, რომ ეს ეტლები კონსტრუქციულად ახლო იდგა თრიალეთურთან. როგრც ჩანს, დაკრძალვის ეს წესი წინა აზიიდან ამიერკავკასიაში საკმაოდ ადრეულ ხანაში გავრცელდა. გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეტლი და ეტლზე დასაფლავების წესი, რომელიც აგრეთვე სტეპებში მცხოვრები ტომებისათვის იყო დამახასიათებელი, თრიალეთში და საერთოდ ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთიდან უნდა შემოსულიყო. აღმ. ევროპის სტეპების ზოლში მიცვალებულის ეტლთან ერთად დასაფლავება მართლაც ადრე ჩანს. მაგრამ ეს წესი კავკასიის გზით აქ წინა აზიიდან უნდა გავრცელებულიყო. აქაური ეტლები ახლო დგას თრიალეთურ და აგრეთვე წინააზიურ ეტლებთან. ამიერკავკასიაში ეტლთან ერთად დასაფლავების წესს ვხვდებით სომხეთშიც, სევანის ტბის მიდამოებში შესწავლილ ლჩაშენის ყორღანებში, სადაც იგი საკმაოდ გვიანობამდე შემორჩა.
შუა ბრინჯაოს ხანაში ბორბლიან ტრანსპორტში გამწევ ძალად ისევ ხარია გამოყენებული. შინაური ცხენი ამ პერიოდში ამიერკავკასიაში და საერთოდ კავკასიაში ჯერ კიდევ არ ჩანს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ცხენი ამ ქვეყნებში შეიძლება II ათწლეულის პირველ ნახევარშივე იყო ცნობილი, მაგრამ რელიგიური თუ სხვა მიზეზის გამო, მისი ნაშთები სამარხებში არ გვხვდება. ცხენი, როგორც ირკვევა, ამიერკავკასიაში ძველაღმოსავლური სამყაროდან შედარებით გვიან და ფართოდ გავრცელდა II ათწლეულის პირველ ნახევარში. გვიანბრინჯაოს ხანაში ცხენი უკვე დიდ როლს ასრულებს როგორც ყოფაში, ისე სამხედრო საქმეში.
თავდაპირველად იგი აქ ძირითადად ცხენოსნობაში გამოიყენებოდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამიერკავკასიაში მხედარი უფრო ადრე იწყებს გარკვეული როლის შესრულებას სამხედრო საქმეში, ვიდრე წინა აზიაში. კავალერია ძველ აღმოსავლეთში შედარებით გვიან ჩნდება. ცხენის გამწევ ძალად გამოყენება ამიერკავკასიაში გვიან ხანაში იწყება.
ვერ მოიკიდა ფეხი ჩვენში, როგორც ჩანს, ორთვალა საბრძოლო ეტლმაც. შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ აქ გვიან გამოიყენეს სამხედრო საქმეში ცხენოსანი ჯარი, როდესაც მისი გამოყენებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.
თრიალეთის დიდი ყორღანების აგება ძალიან შრომატევადი იყო, დიდ დროს მოითხოვდა და, რა თქმა უნდა, ამგვარი სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობას იღებდა მრავალრიცხოვანი კოლექტივი. რადგან მშენებლობის წარომოება ერთი გვარის შესაძლებლობას აღემატებოდა, მასში ჩაბმული უნდა ყოფილიყო მთელი ტომი ან ტომთა კავშირი. ეს უზარმაზარი ყორღანები, ცხადია, დიდი ძალაუფლების მქონე ბელადებს ეკუთვნოდათ. უფრო მომცრო ყორღანები კი ცალკეულ ტომთა თუ გვარების ბელადების ან სხვა დაწინაურებულ წევრთა სამარხები იყო. ეს ზედა, დაწინაურებული ფენა ეკონომიურად უკვე საკმაოდ ძლიერი ჩანს. მისი უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობა ტომისა თუ გვარის შიგნით დიდად დაწინაურებულია. გაბატონებული, არისტოკრატიული ნაწილი პატივითაა მოსილი, რაზედაც ნათლად მეტყველებს სწორედ ყორღანები და აქ აღმოჩენილი სამარხეული ინვენტარი. თრიალეთური კულტურის ბოლოსათვის გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესი საკმაოდ შორს წასულა.
თრიალეთის „დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურა“ გამოირჩევა ოქრომჭედლური ტექნიკის მაღალი დონით. ყორღანებში აღმოჩენილი შესანიშნავი მხატვრული ხელოვნებით შესრულებული ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ხასიათის ნივთები, რთული და ფაქიზი ოქრომჭედლური ნაკეთობანი მაღალ ოსტატობას დაუფლებულ, დახელოვნებულ ხელოსანთა არსებობას მოწმობს. სწორედ ამ ხელოსანთა იშვიათმა გემოვნებამ და დიდმა ოსტატობამ ჩაუყარა საფუძველი ქართულ ოქრომჭედლობას, რომელმაც წინაფეოდალური ხანის მთელ მანძილზე შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებელი სახე. პროფესიონალურმა გამოცდილებამ და დახვეწილმა მხატვრულმა გემოვნებამ განაპირობა ძვირფასი ლითონების დამუშავების ტექნიკის და თავისებური მხატვრული სტილის ჩამოყალიბება. ოქროს ნივთების თვლებით შემკობა, ინკრუსტაცია, მარცვლოვანი სამკაულის, გავარსის ხშირი გამოყენება და სხვა, ის ზოგიერთი ნიშანია, რომელიც უძველეს ქართულ ოქრომჭედლობას ესოდენ თავისებურ სახეს აძლევს და, ჩანს, აქ უნდა იღებდეს თავის საწყისს ანტიკური ხანის მხატვრული მელითონეობაც.
მხატვრული ხელოსნობის მაღალი დონე შედეგი იყო იმ კულტურული, სამეურნეო და საზოგადოებრივი ცხოვრების აღმავლობისა, რომელიც შეინიშნება ჩვენში ძვ. წ. III–II ათასწლეულის მიჯნაზე. გვაროვნული საზოგადოების რღვევა და მეურნეობის სწრაფი დაწინაურება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ეკონომიურად ფეხმოდგმული წარჩინებულთა ფენის გამოყოფა, უთუოდ იწვევდა საზოგადოების გაზრდილ მოთხოვნილებას მხატვრული ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ნაწარმზე. შეიქმნა პირობები ცხოვრების კულტურული დონის საერთო ამაღლებისა. ძველი ფორმები უკვე ვეღარ დააკმაყოფილებდა საზოგადოების, უფრო კი, მისი დაწინაურებული არისტოკრატიული ნაწილის დახვეწილ გემოვნებას. ამ გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ოსტატი ეძებს ახალ პლასტიკურ ფორმებს, მაგრამ მთავარ ყურადღებას მაინც მის გარეგან შემკულობას აქცევს. იგი იმუშავებს რთულ ორნამენტულ სახეებს, ფართოდ იყენებს ფერად ინკრუსტაციას, წვრილი მარცვლებით, გავარსით შემკობის წესს, რელიეფურ სახეებს და სხვ. ამის საფუძველზე ყალიბდება ახალი, სრულიად თავისებური, ფერადოვანი, დეკორაციული მხატვრული სტილი. ოქრო-ვერცხლის ნაწარმი სხვადასხვა დანიშნულებისაა და გამოირჩევა მრავალფეროვნებით, სირთულით და სხვადასხვაგვარი დამუშავების ტექნიკით.
თრიალეთის მდიდრულ ყორღანებში ლითონის იარაღი მეტად იშვიათია. რაც აღმოჩნდა, ისიც ძირითადად საომარია. სამეურნეო ხასიათის იარაღი თითქმის არ გვხვდება. სულ ნაპოვნი იყო რამდენიმე სატევრისა და ერთი შუბის პირი. მნიშვნელოვანია ერთ-ერთ ყორღანში მიკვლეული ვერცხლის სატევრისპირი და მხოლოდ ერთი ვერცხლის ოთხწახნაგა სადგისი ზურტაკეტის ერთ-ერთი დიდი ყორღანიდან. თრიალეთური სატევრისპირები სხვადასხვა ტიპისაა: ყუნწიანები, არამკვეთრი ქედით და სხვ. ისინი უკვე საგრძნობლად განსხვავდებიან წინამორბედი პერიოდის ბრტყელი, პრიმიტიული სატევრისპირებისაგან. ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა შესანიშნავი ბრინჯაოს მასრიანი შუბისპირი. მსგავსი იარაღი ცნობილია თრიალეთური კულტურის სხვა ძეგლებში. თრიალეთის ყორღანებში ხშირად გვხვდება ობსიდიანის სამკუთხა, ფუძემოღარული ისრისპირები, რომლებიც საერთოდ კარგადაა ცნობილი თრიალეთის კულტურაში.
თრიალეთის „დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურის“ პერიოდში უპირატესად გავრცელებული იყო შავპრიალა კერამიკა, ზოგჯერ ვარდისფერსარჩულიანი, რაც ძველი ტრადიციებიდან უნდა მომდიანეობდეს, კერძოდ, შავპრიალა კერამიკის გავრცელების ხანიდან. მაგრამ ჭურჭლის ფორმა, მისი ორნამენტი უკვე საგრძნობლად განასხვავებს მას წინამორბედი კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლისაგან. სწორედ კერამიკული ნაწარმია ძირითადი, რომელიც ამ კულტურას თავისებურ სახეს აძლევს.
საერთო აღმავლობამ ტექნიკასა და ხელოსნობის სხვადასხვა დარგში სამეურნეო საქმის პროგრესიც გამოიწვია. ჩარხის უფრო სრულყოფილად გამოყენება, თიხის უკეთ დამზადება, კვალიფიციური ხელოსნების მომრავლება და სხვ. საფუძველს ქმნიდა მაღალხარისხოვანი თიხის ნაწარმის მიღებისათვის. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია სრულყოფილი, მრავალგვარი ფორმები ჭურჭლისა. თრიალეთის ყორღანებში ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ყელმაღალი და ყელდაბალი დერგები და ქილები, რომლებიც კეცის ხასიათითა და ზედაპირის დამუშავებით თითქმის არ განსხვავდებიან. ყელდაბალი ჭურჭელი ძირითადად შემკულია ამოკაწრული ორნამენტით, რომელიც უპირატესად ფაქიზადაა შესრულებული და მრავალგვარ ვარიანტში გვხვდება (ურთიერთმკვეთი ხაზები, ბადეები, რომბები, სამკუთხედები და სხვ.). იგი თავის საწყისებს, ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურაში იღებს, სადაც ამოკაწრული ორნამენტი კარგადაა ცნობილი გვიანი ხანის კერამიკისათვის. ყელმაღალი დერგები შემკულია თავისებური წერტილოვანი ორნამენტით. გვხვდება რთული გეომეტრიული სახეებიც: სვასტიკა, ჯვარი, სამკუთხედები, რომბები და მრავალი სხვა, რომლებიც წვრილი, ფაქიზად დატანილი წერტილოვანი ხაზებითაა გამოყვანილი. ეს ორნამენტი დამახასიათებელი ნიშანთაგანია თრიალეთური კულტურისა და სხვაგან თითქმის არ გვხვდება. წერტილოვანი ორნამენტით შემკული კერამიკა ცნობილია შიდა ქართლშიც. აღსანიშნავია აგრეთვე კახეთში, ილტოს ხეობაში შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი შავპრიალა კერამიკის ფრაგმენტები წერტილოვანი ორნამენტით. მსგავსი თიხის ჭურჭელი ნაპოვნი იყო ქ. ვანაძორის (სომხეთი) ყორღანსა და ყარსის მხარეში. თრიალეთური კულტურის გარეთ ძველაღმოსავლურ მასალებში მსგავსი წერტილოვანი ორნამენტი ცნობილი არ არის. მომდევნო, გვიან ბრინჯაოს ხანაში ამ ტიპის წერტილოვანი ორნამენტი აღარც ჩვენში ჩანს. თრიალეთური შავპრიალა კერამიკისათვის დამახასიათებელია პრიალა ორნამენტიც. იშვიათად, მაგრამ მაინც, გვხვდება რელიეფურიც. როგორც ცნობილია, ეს ორნამენტი, განსაკუთრებით სპირალი, დამახასიათებელია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის და, როგორც თავის დროზე აღნიშნა ბ. კუფტინმა, უნდა მიუთითებდეს ტრადიციულ კავშირზე წინამორბედ კერამიკასთან; მტკვარ-არაქსის კერამიკასთან ურთიერთობაზე მეტყველებს აგრეთვე თვით კეცის ხასიათი (შავპრიალა „ვარდისფერი სარჩულით“ და სხვ.).
თრიალეთის კულტურის შავპრიალა კერამიკის ფორმა, მართალია, საგრძნობლად განსხვავდება უფრო ადრეულისაგან, მაგრამ გარკვეული კავშირის დანახვა მაინც შეიძლება. კერძოდ, თრიალეთური ყელმაღალი დერგები მსგავსებას იჩენს წინამორბედ კერამიკასთან (მაღალი ყელი, კვერცხისებური მოყვანილობის ტანი და სხვ.). ამიტომ უმართებულოა ზოგიერთი მეცნიერის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ თრიალეთის ყორღანული კერამიკა მთლიანად წყვეტს კავშირს წინამორბედი ხანის ჭურჭელთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий